1779 წ. 12.02. - ანდერძის წიგნი მდივანბეგ იოანე ორბელიანისა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: Hd-14311. დედანი. ქაღალდი. 35x21 სმ. მხედრული.

საბუთის შინაარსი[edit]

ვინათგან ყოველი კაცი მოკვდავნი ვართ და მიწად მივიქცევით, ვალი არის რომ კაცმა თავის სიცოცხლეში თავისი ანდერძი დაწეროს, და გაარიგოს.

მეც იოვანე მდივანბეგი ლუარსაბ სარდლის შვილი ვწერ ამ ანდერძსა.

ქაიხოსრო სარდალი დავით სარდლის პაპა თავის მამის სიკვდილის დროსა ოთხის თვისა თავის დედას მუცელში დარჩომილიყო. რადგან რომ მამიჩემის ძმისწული იყო და დედაც მოჰკდომოდა და ობლათ დარჩომილიყო, მერმე მამაჩემმა ქაიხოსრო სარდალი, დიაღ, დიდის ჭირნახულით და რომელიც მართებული იყო, ისე გაზარდა დაქორწილებითა, შენახვითა მართებულათ შე[ი]ნახა.

მეც ამიტომ ეს ანდერძი დავწერე. რაც რომ ჩემი ნასყიდი იყოს და უსყიდი – მამული, სახლი, გლეხი – ესე[ე]ბი დავით სარდალ–სახლთუხუცეს[ს] და ნიკოლოზს უანდერძე და დაუგდევი.

მერმე რადგან ბატონიშვილი თამარი მეფის ერეკლეს ასული იყო, ამის გულისათვისაც მართებული იყო ასე მექმნა.

ამას გარდა, ბიძის ჩემის ოთარის, მანუჩარისა და რევაზისა ნასყიდი და უსყიდი, ამათი ნასყიდი და უსყიდი, ნახევარი ჩემი იქმნებოდა და ნახევარი დავით სარდლისა იქმნებოდა. ეს ჩემი წილიც ამათთვის მიანდერძებია ამ პირობითა ღმრთის წინაშე და ყოვლად წმიდის წინაშე, რომ სანამდის ცოცხალი ვიყო, ჩემი ყმა მემსახუროს; ამ ჩემს სიცოცხლეშია ნუგეში და შეწევნა არ დამაკლოს.

ჩემი სიკვდილის სამარხი, რომელიც დავით სარდლის საკადრი იყოს და მე მეკადრებოდეს, ის ჩემს მოძღვარს მისცენ და ისე დამ[მ]არხონ. ჩემი ვალიც გარდაიხადონ, რომ ჩემის სულის მოვალე არ დარჩნენ.

მერმე ჩემი მეუღლე, კახთ სალთხუცესის ასული ანახანუმ, სანამდის ცოცხალი იყოს, შეინახონ. ორი კომლი კაცი, რომელიც მოინდომოს ჩემი ნასყიდი, თავის სიცოცხლეში მისცენ. სანამდის ცოცხალი იყოს, ცოცხალი შეინახონ, მკვდარი დამარხონ და სიკვდილს უკან სარდალს დარჩნენ. კიდემ ამის სამარხიც ჩემს მოძღვარს მიეცეს. ამ ჩემის მეუღლისა დიდი ვალი მძევს მე, ამიტომ რომ ამის ზითევი სულ ჩემს სახლში არის დახარჯული. ერთი ქალი მყავს და თუ იმასაც მისცემ რასმე კარგი იქნება და და–ძმურათ გამოგადგება.

ტანძი[ი]ს ბოლოს რომ თოფრაყალა არის, იმის ძირში ერთი სოფელი არის რომ ძეძვნარიანი ჰქვიან, ჩემის მარგალიტის საყელოთი ნასყიდი არის, მამისჩემისაგან ისი ფიტარეთის ეკლესი[ი]ს შეწირული არის, ის არ მოუშალო რომ ღმრთისმშობლის შეწირული არის.

იოსებ კორკოტაშვილი მანგლელი რომ იყო, იმისი ვალი დაგვრჩომია ოთხი–ხუთი თუმანი; ისი, თუ ახლო ნათესავი იყოს ვინმე, იმას მიეცეს, თუ არადა იმის სულისათვის უნდა გაიცეს.

რაც ჩემის კაცებისათვის მამული მიმიცია თუ სახელო, დიდათ გევედრებით, რომ არ მოუშალოთ".

პუბლიკაცია[edit]

1985 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი VIII – № 929[edit]