1723 წ. 3-12. VIII. - აჰმედ III-ის ფირმანი ბაქარ ბატონიშვილს

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები


თურქული დოკუმენტური წყაროები



სტატია:

სერგი ჯიქია - სულთან აჰმედ III-ის ფირმანი ბაქარ ბაგრატიონს

კრებული:

ქართული წყაროთმცოდნეობა - ტომი III - თბილისი - 1971

რესურსები ინტერნეტში:

წინასიტყვაობა[edit]

სერგი ჯიქიას მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი დაცულია ლენინგრადის სალტიკოვ-შჩედრინის სახ. ბიბლიოთეკაში. მასში ასახულია ის მომენტი, როდესაც 1723 წლის ივნისში ოსმალებმა უომრად დაიპყრეს ქართლი და თავდაპირველად, ფეხის მოკიდების მიზნით, ქართლის გამგებლობა ბაქარ ბატონიშვილს დააკისრეს.

ტექსტი[edit]

აჰმედ ხან მეჰმედის ძე, მარადის გამარჯვებული[1][edit]

დიდებულთა და წარჩინებულთა ბელადო, თბილისის ამასწინანდელი მეფის ვახტანგ ხანის ძევ, იბრაჰიმ[2] - იმძლავროს მისმა დიდებამ - ეს მაღალი სამეფო სიგელი [შენთან] რომ მოაღწევს, იცოდე: პატივცემულმა დესთურმა, დიდებულმა მუშირმა, ქვეყნის მომწესრიგებელმა, არზრუმის ვილაიეთის მფლობელმა და თბილისი მხარეში ამასწინათ გაგზავნილი ისლამის ჯარის სარდალმა, ვეზირმა ჩემმა იბრაჰიმ ფაშამ[3] - მაღალმა ალლაჰმა ხანგრძლივჰყოს დიდებულება მისი - ჩემს ბედნიერ სამეფო კარს წერილი გამოუგზავნა და მოგვახსენა: თბილისის ვილაიეთი, ამასწინათ რომ კეთილადდაცული ისლამის სახელმწიფოს სამფლობელო იყო, ზოგ რთულ ვითარებათა გამო ირანის შაჰების ხელში ჩავარდა; ამიტომ ჩვენ, დიდი ალლაჰის წყალობით, მის აღებასა და დაპყრობას მტკიცედ და წარმატებით მივაღწიეთ. ვინაიდან ამჟამად შენც ახლოს დგახარ ღვთიურ შეწყალებასა და შეწევნასთან, შენი მართალ გზაზე დგომისაკენ ღვთიური მისწრაფებით და ისლამის პატივის მიღებით გაპატიოსნდი და გაკეთილშობილდი, ამიტომ იბრაჰიმ ფაშამ წყალობა გვთხოვა, რათა თბილისის ვილაიეთი და მისი ბეგლარბეგობა იურთლუკისა და ოჯაკლიკის წესით[4] გებოძოს შენ.

[გარდა ამისა], პატივმოსილმა დესთურმა, დიდებულმა მუშირმა, ქვეყნის მომწესრიგებელმა, დიარბექირის ვილაიეთის მფლობელმა ვეზირმა ჩემმა აჰმედ ფაშამაც[5] - მაღალმა ალლაჰმა ხანგრძლივჰყოს დიდებულება მისი - წერილით იშუამდგომლა და აგრეთვე მაგ მხარეში წარგზავნილმა ბეგლარბეგებმა და ჯარის სხვა მეთაურებმაც ერთობლივი არზა წარმოადგინეს [ზემოხსენებული თანამდებობისა და მამულის შენთვის ბოძების შესახებ].

ამიტომ ამჟამად თქვენდამი გამოვიჩინეთ მომეტებული, უზენაესი მეფური წყალობა და უმაღლესი სამეფო სათნო ღირსება და გამოვეცი დიდებამოსილი, უზენაესი სამეფო სიგელი, რათა ამა 1135 წლის ზილ-კადას მესამე დღიდან (1723 წლის 5 აგვისტო) მოკიდებული დაეუფლო თბილისის საბეგლარბეგოს იურთლუკისა და ოჯაკლიკის წესით, რომელიც გებოძა და გრწყალობა შენ. ამ გადაწყვეტილების თქვენთვის მოსახსენებლად დაინიშნა... ვბრძანებ, ჩემს მიერ გაცემული დიდებამოსილი და მაღალღირსეული უზენაესი სამეფო სიგელის თანახმად დაეუფლო შენ თბილისის საბეგლარბეგოს იურთლუკისა და ოჯაკლიკის წესით.

ქვეყანაში წესრიგის დამყარების, ქვეშევრდომთა დაცვისა და მოვლა-პატრონობის საქმეში და სხვა ჩემს მიერ ნაბრძანები ჩემდამი მაღალი სამსახურის შესრულებასა, წარმართვადა და სრულყოფაში გამოიყენე მთელი შენი ძალ-ღონე და გამოიჩინე დიდი გულმოდგინება. ამიერიდან მკაცრად განერიდე და თავი შეიკავე ღარიბთა, ქვეშევრდომთა და ვილაიეთის სხვა მოსახლეობისა და ქვეყნის მოწინავეთა ყოველგვარი ჩაგვრის, ძალმომრეობისა და დაბეჩავებისაგან.

დაიწერა 1135 წლის ზილ-კადას პირველ ათეულში (1723 წლის 3-12 აგვისტო) კეთილადდაცულ კონსტანტინიპოლს.


  1. ოსმალეთის სულთანი აჰმედ III (1703-1730)
  2. იბრაჰიმი - ვახტანგ VI-ის ვაჟის ბაქარ ბატონიშვილის სახელი ოსმალობაში
  3. იბრაჰიმ ფაშა - თავდაპირველად სამეფო კარის მწერალი იყო. 1116 წელს (1704/1705) შეჰრიზორის ვალის თანამდებობაზე დაინიშნა; 1117 წელს (1705/1706) ალეპოს ვალია; 1119 წელს (1707/1708) არზრუმის ვალია. 1121 წელს (1709-1710) მეორედ დაინიშნა შეჰრიზორის ვალიდ. 1122 წელს (1710/1711) კვლავ ალეპოს ვალია. 1123 წელს (1711/1712) და 1125 წელს (1713) მოსულისა და დიარბექირის ვალია. 1134 წელს (1721/1722) მეორედ ინიშნება არზრუმის ვალისა და ამ მხარის სერასქერის თანამდებობაზე. 1135 წელს (1723) განჯისა და ერევნის კომენდანტია. გარდაიცვალა 1136 წელს (1723). დაკრძალულია არზრუმში.
  4. მამულის გადაცემა მუდმივ და სამემკვიდრეო მფლობელობაში
  5. აჰმედ ფაშა - 1115 წელს (1703/1704) ჩავუშბაშია. 1130 წელს (1718) ვეზირის წოდებით დაინიშნა კონიის ვილაიეთის ლაშქარში. შემდეგ დიარბექირის ვილაიეთის და ერევნის სერასქერია. 1137 წელს (1724/1725) ერევნის ვალია.