1680-1702 წწ. - შეწირულების წიგნი წინამძღვარ ზებედესი ხოფის ღმრთისმშობლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






შესავალი[edit]

წინამდებარე საბუთი წარმოადგენს ლევან II დადიანის მიერ ხოფის ტაძრისათვის მიცემული იადგარის მინაწერ საბუთს.

საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები :

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 68


ქ. ეჰა, შენ, ცათა უმაღლესო, სერაბინთა უზეშთაესო და ქერაბინთა უწმიდესო, რომელმან შევ ერთი სამებისაგანი და შობითა მისითა განხეთქე ცოდვათა ჩვენთა ჴელითწერილი. შენ ყოვლად კურთხეულო, ცათა მობაძავო ხობისა ღმრთისმშობელო, ჩვენ ცვა ფარვათა შენთა მინდობილმან და მსასოებელმან სიწმინდისა შენისამან, და საკუთრებით მოურნემან სამსახურისამან კნინმან მადლთამან... ფრიადმან ცოდვითა წინამძღვარმან ზებედე შემოგწირე მცირე ესე შესაწირავი, ასრე და ამა პირსა ზედან, რომე ამას წინათ ხობს ვიდექით ჩვენ და ღოღაბერიძის კაცს ამ ხობისა ღმრთისმშობლის ფიცის ტეხა დაედვა და ბატონმან კათალიკოზმან დავით თავს შეიდვა და მერმე ზაალ ღოღაბერიძემ გასტეხა და ... აღარ გაეწყობოდა და ის კუამლი კაცი ხობს შემოსწირა, და ჩვენც მოგვაბარა ეცადია გეგენავა და ... ოთია ჩვენ გვსახურებდა. მერმე ლიპარტიანი ქვემოთ წაბრძანდა აფხაზეთს ლაშკრად და ჩვენ ზუგდიდამდი ვიახელით, და ცოტა უძლებად ვიყავით და დავბრუნდით, და აქ ხობს მოვედით. აწე, ეს გეგენავები პირველად ამ ხატის ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ... და ცოდვათა ჩვენთა შესანდობელად ხელმეორედ ორივე ძმანები შემოგვიწირავს. შეიწირე კნინი ესე შესაწირავი ხობისა ღმრთისმშობელო ...


საბუთის დათარიღება[edit]

თ. ქართველიშვილი: ს ა ბ უ თ ი უ თ ა რ ი ღ ო ა : დათარიღება შესაძლებელია საბუთში მოთხრობილი ერთ-ერთ ფაქტის ლიპარტიანის აფხაზეთში ლაშქრობის მიხედვით. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, 1701 წელს, ოდიშის მმართველმა გიორგი ლიპარტიანმა აფხაზების წინააღმდეგ შემწეობა სთხოვა იმერეთში გამეფებულ გიორგი აბაშიძეს. მათ ერთობლივად მოაწყეს ლაშქრობა და აფხაზეთი დაარბიეს. აბაშიძემ დააზავა ლიპარტიანი და შარვაშიძე და უკან გამობრუნდნენ. თ. ბერაძე ამ ლაშქრობას 1702 წლით ათარიღებს. 1702 წლითვე ათარიღებს აღნიშნულ ლაშქრობას ო. ოკუჯავა. ოდიშის მმართველმა დაიბრუნა ტერიტორიები მდინარე ენგურიდან ღალიძგამდე. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხის გამგებლები შარვაშიძეთა გვერდითი შტოს წარმომადგენლები რჩებოდნენ, ისინი მორჩილებას უცხადებდნენ დადიანს. საბუთი არ აკონკრეტებს, რომელმა ლიპარტიანმა დალაშქრა აფხაზეთი. თუ ტექსტში, მართლაც, 1701, ან 1702 წლის ლაშქრობა იხსენიება, მაშინ ექ. თაყაიშვილის მიერ კათალიკოსის სახელად დავითის აღდგენა შეცდომად უნდა ჩაითვალოს, რადგან ამ დროს აფხაზთა კათალიკოსი გრიგოლ ლორთქიფანიძეა (1696-1742). საბუთში მოხსენიებული წინამძღვარი ზებედე და ზაალ ღოღობერიძე XVII-ის 80-იანი წლების მოღვაწენი არიან, ამიტომ გადაჭრით გვიჭირს საბუთის დათარიღება. მისი გაცემის დრო XVII-XVIII სს. მიჯნას უნდა დავუკავშიროთ.

პუბლიკაცია[edit]