Jump to content

1678-1679 წწ. - შეწირულების წიგნი კათალიკოს დავით ნემსაძისა ხოფის ღვთისმშობლისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






შესავალი

[edit]

წინამდებარე საბუთი წარმოადგენს ლევან II დადიანის მიერ ხოფის ტაძრისათვის მიცემული იადგარის მინაწერ საბუთს.

საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები :

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 68


ქ. ჩუენ, ქრისტეს მიერ კურთხევით კურთხეულმან, ჩრდილოსა და აფხაზეთისა კათალიკოზმან, პატრონმან დავით, შემოგწირეთ თქვენ, ცათა მობაძავსა ბიჭვინტისა ღმრთისმშობელსა და ხოფის ღმრთისმშობელს ლიფონავა ისუფი და მისი ძმა იანვარაი მათის ცოლშვილითა, სახლ-კარითა, ჭურ-მარნითა, მისის ეკლესიის კარითა, მისის მამულითა, საყანითა, ტყითა, ველითა, გასავლითა და გამოსავლითა, დღეს რისიც მქონებელი იყოს მისის ყოვლისფერით, სამართლიანის საქმითა, ასრე არის ამისის... რომე გულერის კარს ბიჭვინტისა ღმრთისმშობლის მეთევზე გლეხი ძუელი შენაწირი ესახლა და ასპანა ფაღავამ გაიქურდა და სახლის კარობით დაგვიკარგა და მერმე მის გარდასახადად ბატონმან დადიანმან ლეონ ხორგას ეს ლიფონავა გვიბოძა და ჩვენ ბატონის დადიანისა და დედოფლის ბატონის თამარის ბრძანებით ბიჭვინტისა და ხოფისა ღმრთისმშობელისათვის შეგვიწირავს.

აწე, ვინცა და რამანცა ძემან კაცისამან, ანუ დადიანმან, ანუ დიდმან და ან მცირემან, ეს ამ ჩვენს შენაწირს განაჩენს შლად, დაქცევად ხელყოს, ისიმც შეიცულების რჯურისა ქრისტიანობისაგან, ნუცა იხსნების წირვითა და ლოცვითა, ნუცა გლახაკთ მიცემითა, ნუცა იერუსალიმს წასულითა. მასამც რისხავს დაუსაბამო, დაუსრულებელი ღმერთი ... სული ....ლი და შეჩვენებულმც არის მისი სული და ხორცი ამა და მას საუკუნოს, აწდა უკუნისამდე, ამინ.

არიან ამისნი შუამავალნი: ლიპარტიანი ბატონი გიორგი, ჩიჩუა ხახუ, დეისმა ჯაიანი, და მოწამე სრული საკათალიკოზო და სახოფოს აზნაურის შვილები.

ხელრთვა: კათალიკოზი, მაკურთხეველი მარჯვენითა და ჯვრით ხელში, ლევან, თამარ.

ახლავს სპარსული ტექსტი. (ერთი სტრიქონი)

საბუთის დათარიღება

[edit]
თ. ქართველიშვილი: საბუთი უ თ ა რ ი ღ ო ა : ასლებში ხეც, Sd-2921-დ და ხეც, Ad-2251-ლა (34/2), მითითებულია, რომ დოკუმენტი "არის ურიცხვო და უთვო". საბუთის დასათარიღებლად მნიშვნელოვანია სიგელში ლევან III დადიანის მეუღლის თამარის მოხსენიება. თამარი ვახტანგ V შაჰნავაზის ძმისშვილი იყო. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, 1661 წელს შაჰნავაზმა ლევან III დასვა დადიანად და თამარი შერთო ცოლად. 1663 წელს ლევანი იმერთა მეფე ბაგრატს შეებრძოლა და დამარცხდა. ბაგრატმა ლევანს თამარი წაართვა და თვითონ მოიყვანა ცოლად, ხოლო ლევანს თავისი და მიათხოვა. 1678 წლის სექტემბერში მეფე არჩილმა ლევან დადიანის დახმარებით დაამარცხა ბაგრატ მეფე და თამარი ისევ ლევანმა დაიბრუნა, თუმცა 1679 წელს ბაგრატი კვლავ შეება დადიანს და თამარი წაართვა. თავად ლევანი 1680 წელს გარდაიცვალა. ლევანს თამარი ცოლად ჰყავდა 1662-1663 წწ, ხოლო მეორედ 1678-1679 წწ. საბუთი 1662-1663 წწ. გაცემული ვერ იქნება, რადგან შეწირულება გაიღო კათალიკოსმა დავით ნემსაძემ, რომელიც ზეობდა 1673-1696 წწ. გამოდის რომ საბუთი 1678-1679 წწ. უნდა იყოს შედგენილი. პირთა ანოტირებულ ლექსიკონში საბუთი დათარიღებულია 1673-1680 წწ. ქვედა ზღვარი აღებულია დავითის გაკათალიკოსების წელი, ხოლო ზედა, ლევან III დადიანის მმართველობის ბოლო წელი. თუმცა ტექსტში თამარის მოხსენიებამ საბუთის ქრონოლოგიური ჩარჩო უფრო დაავიწროვა.

პუბლიკაცია

[edit]