1645 წ. - შეწირულების წიგნი როსტომ მეფისა სვეტიცხოველისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი 1448-1035

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 75


ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა ჩუენ, მეფეთ-მეფემან, ხელმწიფემან პატრონმან როსტომ და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან მარიამ და ძეთა ჩუენთა პატრონმან ლუარსაბ ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ, გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, ცათა მობაძავსა საყდარსა სუეტსა ცხოველსა, კუართსა საუფლოსა, მირონსა ღმერთ-მყოფელსა:

მას ჟამსა, ოდეს ჟამთა ვითარებისაგან სამცხიდამე აწყუერისა ღმრთისმშობლის საყმო აზნაურშვილი და გლეხი ჩუენს საბატონოში ჩამოსულიყუნეს და ღოღეთს დაესახლებინათ და, რაც ხატი და ჯვარი ყოფილიყო, თქუენს ტაძარში დაესვენებინათ, და სამაწყუერლოს კაცს თქუენთუის ემსახურათ და სხუას კაცს, არც ამირეჯიბის ნათესავსა და არც აგრე რიგს ვისმე, ღალის მეტს საქმეზედ ღოღეთს ხელი ჰქონოდეს და ამ წესით ემსახუროს.

ვინ იცის, და სოფლის საქმე ასრე მოხდეს, რომე საათაბაგიშვილოს ქრისტიანე მეპატრონე გაუჩნდეს, და აწყურისა ღმრთისმშობლის ჯუარი და ხატი თავის სამკვიდროზედ მიასვენონ და მათი ყმა ასაყრელად მოინდომონ, ვერავინ დაუჭიროს; თუ არადა სხუას კაცს ხელი არა ჰქონდეს. რუსიშვილი რუსი, სხუანი აზნაურიშვილნი და გლეხნი თქუენთუის სასამსახუროდ მოგუიხსენებია.

ამის გარდაისად, რაც აგრე რიგი საყდრის ყმას გარეთ ანუ აზნაურიშვილი და გლეხი ესახლოს, ისინიც ისრევ მოუშლელად იყუნენ და ნურცა სად დაიფანტვიან. ვითაც თქუენთვის ბეითალმნად დადებული იყო და სხუას ერისკაცს არას ეხელყოდა, ისრევ თქუენ გკადრეთ და მოგახსენეთ მოუშლელად.

ვინცა და რამანცა კაცმან, ანუ დიდმა და ანუ მცირედმან, თუ არ ჩუენის ნებამყოფლობითა მათსავ სამკვიდროზედ გაუშოთ, მასდა გარეთ ვინც ეს სიგელი მოშალოს, მასცა რისხავს დაუსაბამო ღმერთი და ყოველნი მისნი წმიდანი ზეცისა და ქვეყნისანი, ხორციელნი და უხორცონი.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქორონიკონსა ტლგ (1645), ხელითა კარისა ჩუენისა მდივანმწიგნობრის თუმანიშვილის ბირთუელისათა.

პუბლიკაცია და ლიტერატურა[edit]