1635 წ. 06.17 - 1635 წ. 07.16. - შაჰ-სეფის ფირმანი (ბარათაშვილ) ქაიხოსრო ბეგისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: Pd-2

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 1961 - ფუთურიძე ვლადიმერ - № 14

საბუთის ტექსტი: 2018 - გოგოლაძე თამაზ - № 22


მეუფება ღვთისა!

გამოქვეყნდა უავგუსტოესი ფირმანი მასზე, რომ სიდიადისა და აღმატებულების საფარველმა, მომწესრიგებელმა ქაიხოსრო-ბეგმა, ხელმწიფური წყალობით გაამაყებულმა და განდიდებულმა, უწყოდეს, რომ მმართველობის, ხელმწიფობის და ბრწყინვალების საფარველმა, სიდიადისა და ძლიერების ძალამ, მაღალადგილოვანმა, დიდებული ხელმწიფეების შთამომავალმა, ქველმა ხელმწიფემ, დიდებულმა და ბედნიერმა ჩემმა ძმამ როსტომ-ხანმა, საქართველოს ვალიმ, მოგვახსენა იმ სიდიადის საფარველის ვაჟკაცობის, თავდადებისა და ერთგულების შესახებ. ამჟამად, როცა თეიმურაზი დამარცხებული იქნა სურამის სანახებში და გაიქცა. ეს იყო მიზეზი იმ სიდიადის საფარველის მიმართ ხელმწიფისაგან წყალობის მომატებისა.

იმ სიდიადის საფარველისა და საქართველოს მთელი ხალხისათვის ცხადია, რომ ხსენებული თეიმურაზი იყო და არის საქართველოს აოხრების მიზეზი და მისი მავნებლობის უკუგდება საქართველოს მთელი ხალხისათვის არის საჭირო. საჭიროა, რომ წინანდელზე უფრო მეტად იღვაწონ ერთგულად და გულწრფელად ხსენებული მაღალადგილოვანის, მმართველობისა და ხელმწიფობის საფარველობის სამსახურში [და] თუ [თეიმურაზმა] ამის შემდეგ [კიდევ] განიზრახა საქართველოში მოსვლა, [მაშინ] ქართლის აზნაურებთან და მთელ ხალხთან ერთად, ერთგულად და ერთსულოვნად მოინდომებენ რა მის უკუგდებასა და მოსპობას, მოიქცევიან ისე, რომ საქართველოს ხალხმა მოისვენოს მისი ჯანყის ბოროტებისაგან. და თუ ვინმე აღმოჩნდება ჩვენთვის არაკეთილისმსურველი, ამის შესახებ ჭეშმარიტება აცნობონ ხსენებულ მმართველობისა და ხელმწიფობის საფარველს, რათა როგორც სასარგებლოდ დაინახავს დღითიდღე მზარდი [ჩვენი] სახელმწიფოსათვის, ისე გადაწყვიტოს მოქმედება. ის, რაც საჭირო იქნება სიმამაცისა და თავდადებისათვის, შესრულებული უნდა იქნეს, რომ თითოეულის მამაცობისა და თავდადების ჭეშმარიტება ხსენებულმა ხელმწიფობის საფარველმა მომახსენოს, [და] მას გავხდით უსაზვრო ხელმწიფური წყალობის საგნად. ამის შესახებ გამოცემული ბრძანება იცოდნენ [და] თავის მოვალეობად აღიარონ [მისი შესრულება]. დაიწერა 1045 წლის კურთხეული მოჰარემის თვეს.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს აქვს თარიღი: ჰიჯრის 1045 წლის მოჰარემი, ანუ 1635 წლის 17 ივნისიდან - 16 ივლისამდე

საბუთის შინაარსი და პერსონალია[edit]

1635 წ. 17 ივნისი - 16 ინლისი - შაჰ-სეფი I-ის ფირმანი

საბუთის გამცემი: შაჰ-სეფი I და ვეზირი მოჰამედ თაყი (ბეჭდების წარწერა)

საბუთის მიღები: ქაიხოსრო-ბეგი.

საბუთის რაობა: შაჰ-სეფი სწერს ქაიხოსრო ბარათაშვილს, რომ როსტომ მეფემ აუწყა მას სურამის სანახებში თეიმურაზის დამარცხებისა და გაქცევის ამბავი და ქაიხოსროს ერთგულება და ვაჟკაცობა. ამის გამო შაჰი ქაიხოსროს მრავალ წყალობას ჰპირდება და მოუწოდებს, რომ ქართლის სხვა თავად-აზნაურობასთან ერთად წინ აღუდგნენ თეიმურაზის განზრახვას კვლავ ქართლში შემოსვლის შესახებ.

პუბლიკაცია[edit]