Jump to content

1634 წ. 10.22. - წყალობის წიგნი როსტომ მეფისა იოთამ და ბეჟან ამილახვრებისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:



საბუთის ტექსტი

[edit]


ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, მეფეთ-მეფემან, პატრონმან როსტომ, და თანამეცხედარემან ჩუენმან, დედოფალთა დედოფალმან, პატრონმან მარიამ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და ნამსახურსა ყმასა, ამილახორს იოთამს და ბეჟანს , და შუილთა თქუენთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა, ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და მამულის წყალობას დაგუიაჯენით, ჩუენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ ბიძის ჩუენის, ბატონისშუილის ვახტანგის ნაყმევი და კერძი აზნაურიშუილი უგანაძე პაატა და მის შუილები, რისაც სამკუიდროს მამულის მქონებელი, სადაც უგანაძე იყოს, ყოვლის მათის მამულითა და სამართლიანითა.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულათ სამსახურსა შიგან.

აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვეზირ-ვექილნო და მდივანნო და სხუანო მოსაქმენო, მერმე ესე ჩუენგან ნაწყალობევი მამულის წიგნი თქუენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარვანაში ეწეროს და ნუოდეს ნუ შეუშლით და შეეცილებით თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტკბ, ჴელითა მწიგნობრისა ყორღანაშუილის მერაბისათა. ესე ასრე გაუთავდეს.

როსტომ მეფის მსხლისებრი ფორმის ბეჭედი: ქ. ყაენის ფეჴთა მტუერი როსტომ მეფე ვამტკიცებ.



სპარსული ტექსტის ქართული თარგმანი

[edit]


1634 წ. 22 ოქტომბერი - 20 დეკემბერი

ის (ღმერთი)

გამოვიდა მაღალი ბრძანება მასზე, რომ სიმაღლისა და აღმატებულების საფარველის იოთამ-ბეგ და ბეჟან-ბეგ ამილახორის მიმართ მაღალი ყურადღების გამო, ჩვენ ვუწყალობეთ მათ აზნაური ბადადა უგანაძე, რომელიც წინათ ჩვენი ბიძის – ვახტანგ მირზას ყმა (მოლაზემი) იყო. ხსენებულმა პაატამ უნდა გამოიჩინოს მორჩილება და გულმოდგინება და სამსახურში შეცდომა არ ჩაიდინოს. ამის შესახებ [გამოცემული] ბრძანება იცოდეს და თავის ვალდებულებად აღიაროს [მისი შესრულება].

დაიწერა 1044 წლის ჯომადი ას-სანის (ჯომადი II) თვეში.

როსტომის ოთხკუთხა, მცირე ზომის ბეჭედი სპარსული ლეგენდით: ქვეყნისა და დროის ხელმწიფემ, დიდსულოვანმა შაჰ სეფიმ წყალობა მოიღო მის მონაზე და ხოსრო-როსტომი მიწოდა.

ორი, მცირე ზომის სპარსული ბეჭედი დასმულია ქართულ ტექსტზე: 1. ოთხკუთხა: ალის ფეხთა მტვერი მანუჩარი; 2. ოვალური, წარწერით: ო, უძლურთა შემწევ.

დაიწერა 1044 წლის მოჰარამის თვეში.

საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთს უზის თარიღი ქორონიკონი ტკბ, რაც უდრის 1634 წელს. სპარსულ ტექსტში თარიღი უფრო დაკონკრეტებულია 1044 წლის ჯომადი ას-სანის თვით, რაც შეესაბამება 1634 წლის 22 ოქტომბრიდან - 20 დეკემბერის პერიოდს. რადგან ჩვეულებრივ ქართული ტექსტის შედგენა წინ უსწრებს სპარსული ტექსტის შედგენის თარიღს, ჩვენ თარიღად მივიღეთ 1634 წლის 22 ოქტომბერს.

კომენტარები

[edit]

იოთამ ამილახვარი _ ქართლში როსტომის გამეფებამდე იოთამი, შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხან თეიმურაზ I-ს უჭერდა მხარს და ხან სვიმონ-ხანს. 1633 წელს, როდესაც თეიმურაზმა როსტომის წინააღმდეგ შებრძოლება გადაწყვიტა, მაშინ მასთან მხოლოდ იოთამ ამილახვარი მივიდა დასახმარებლად (ფარსადან გორგიჯანიძე, 1925: 240). შებრძოლებას აზრი აღარ ჰქონდა და თეიმურაზი ქართლს გაეცალა. როსტომის ირანიდან ჩამოყოლილ ქართველი წარჩინებულთა შორის იყო იოთამის ძმა ბეჟანი. როსტომმა იგი დაადგინა ზემო ქართლის სადროშოს მეთაურად და ამილახორადაც (Hd-2123, Hd-2125, Hd-2126). ცხადია, ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან თანამდებობებს, როგორიც იყო ზემო ქართლის სადროშოს ხელმძღვანელობა და გორის მოურავობა, მეფე თავის ერთგულ პირს ჩააბარებდა. ნიშანდობლივია, რომ როსტომმა გამეფებისთანავე დაიწყო გორის ციხის გამაგრება და შიგ ყიზილბაშთა ჯარი ჩააყენა. მიუხედავად იმისა, რომ 1633 წელს როსტომმა ბეჟანი დააყენა ამილახვრად, ერთი წლის შემდეგ, 1634 წელს სათავადოს მმართველად იოთამი დაუნიშნავს (ტექსტშიც ჯერ იოთამი იხსენიება, შემდეგ ბეჟანი. უფროს-უმცროსობის წესს დოკუმენტებში ზედმიწევნით იცავდნენ). ეს ნიშნავს, რომ იოთამი შერიგებია როსტომს მისი დედის, თამარის შუამდგომლობით (კარბელაშვილი, 1913: 131). როსტომმა იოთამს საფიცრის წიგნი მისცა და დაუბრუნდა ამილახორობა. ჩანს, იოთამს ფარული კავშირი მაინც ჰქონია თეიმურაზთან. ფარსადან გორგიჯაძე წერს, რომ კახეთს მიმავალმა თეიმურაზმა ქართლი გაიარა და გზად იოთამ ამილახვარსა და ბახუტა მუხრანბატონს შეხვდაო (ფარსადან გორგიჯანიძე, 1925: 243). არცევის ბრძოლის დროსაც იოთამი მეფე თეიმურაზის მხარეს იყო, თუმცა გამარჯვება როსტომს დარჩა (ფარსადან გორგიჯანიძე, 1925: 244). იოთამი მონაწილეობდა ნოდარ ციციშვილის მიერ მოწყობილ აჯანყებაშიც. `იოთამ ამილახორი იასეს ერისთავს მიუდგა. ქსნის ერისთავი და ამილახორი ლაშკრით მოვიდნეს და გორს ზეით, ჭალაში დადგნენ, და გორს ქვეით, მტკვრის პირს, ნოდარი იდგა~ (ფარსადან გორგიჯანიძე, 1925: 245). როსტომ მეფემ იოთამის და იესეს ოჯახები გორის ციხეში შეგზავნა, მათ კი შეპყრობა დაუპირა, თუმცა ვერ მოახერხა. ფარსადანის გადმოცემით, ამ დროს ჩამოართვა იოთამს ამილახორობა და მის ძმას ბეჟანს მისცა (ფარსადან გორგიჯანიძე, 1925: 245), თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ბეჟანს ქართლში ჩამოსვლისთანავე უბოძა ამილახორობა და შემდეგ დაუბრუნა იოთამს. მაგრამ გამორიცხული არაა, რომ იოთამის განდგომისას ხელმეორედ ჩამოართვა მას სათავადო და ბეჟანს გადასცა. იოთამი და იასე კახეთში გაიხიზნენ, როსტომმა კი იოთამის რეზიდენცია _ სხვილოს ციხე დააქცია. იოთამმა როსტომს მოსალაპარაკებლად დედამისი _ ბატონიშვილი თამარი მიუგზავნა, რომელიც როსტომის ბიძის _ ვახტანგის ასული იყო. მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო და იოთამს ამილახორობაც დაუბრუნეს, თუმცა აჯანყების მსვლელობისას იოთამს კვლავ თეიმურაზის გვერდით ვხედავთ. როსტომი იოთამს და მასთან ერთად ქსნისა და არაგვის ერისთავებს ახალგორში, შობა დღეს დაესხა თავს და დაამარცხა. იოთამის აჯანყებაში მონაწილეობაზე მოგვითხრობენ ბერი ეგნატაშვილი და ვახუშტი ბატონიშვილი. ბერი ეგნატაშვილის ცნობით, იოთამს და ზაალ არაგვის ერისთავს შეწყალება უთხოვიათ (ბერი ეგნატაშვილი, გვ. 423). ამ მიზეზით, მას შედარებით მსუბუქად გაუსწორდა როსტომი. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი გვამცნობს: `ჰგუემა იგი და განუტევა ფიცით, და შემუსრა ციხე ცხვილოსი~ (ვახუშტი ბატონიშვილი, 1973: 442). მემატიანეები იოთამს ორმაგი პოლიტიკის გატარებაში სდებენ ბრალს: `არამედ იოთამ ჟამთა მჭურეტი, ჟამ იყვის ბატონის თეიმურაზის თანა, ჟამ როსტომის წინაშე~ (ვახუშტი, გვ. 442), `იოთამ ამილახორი ხან მოუდგებოდა როსტომ მეფესა და ხან ბატონ თეიმურაზს და, სითკენაც დრო დააჴელის, იქითკენ იყვის~ (ბერი ეგნატაშვილი, გვ. 423). ფარსადან გორგიჯანიძე, ზოგადად, თავადებს ადანაშაულებს იოთამთან ერთად. ზაალ არაგვის ერისთავის შესახებ ამბობს, რომ `ვინც იმათ შემოსწყრებოდეს, ამათ მოუვიდის. ვინც ამათ შემოსწყრის, იმათ მოუვიდის და ამათის საქმით ქართლი და კახეთი მოუსვენებელი იყო და არეულ აოხრებული იყო~ (ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 249). 86

პუბლიკაცია და ლიტერატურა

[edit]