1616 წ. 11.08. - წყალობის წიგნი ბაგრატ მეფისა სომხითის მელიქ ათაბაგისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

‎‎

1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)[edit]

ბ(რ)ძ(ანე)ბ(ი)თა ღ(მრ)თ(ისაჲთ)ა და წყალობითა შაჰ(ა)ბასი[სი]თა

ქ. მეფემან, პატრონმან ბაგრატ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა ყმასა, სომხითის მელიქს ათაბაგს , თქუენსა ძმასა ზაქარიას და ძმათა და მამავალთა სახლისა თქუენისათა.

მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და მამულისა წყალობასა დაგუეაჯენით, ბატონს ლუარსაბს ქარატაკი და გელაქთაგი თქუენთუის ებოძებინა, ის გამოგართუით და ბადიზამანასშვილთა და ბატონ{ი}სშვილთ [ვ]უბოძეთ. და იმისად სანაცლოდ გიბოძეთ ქუემო წერაქუი მისის სამართლიანის სამძღურითა და საქმითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა, ვენაჴითა, საჴნავ-სათიბრითა, შესავლითა და გამოსავლითა. ყოვლითურ თქუენთუის გუიბოძებია, გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თმან ჩუენსა ერდგულად სამს{ა}ხურსა შიგა.

კარისა ჩუენისა ვაქილ-ვაზირნო და მდივან{ნ}ო, თქუენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ბრძანებულს სიგელში ეწეროს.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა ტდ, გიორგობისთუეს .

ხელრთვა: ბაგრატ.


საბუთის დათარიღება[edit]

 თ ა რ ი ღ ი : ქორონიკონი ტდ (304) გიორგობისთვის ჱ (8), ანუ 1616 წლის 8 ნოემბერი.

კომენტარები[edit]

2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.130
1. სომხითის მელიქი - 1604 წ. შაჰ აბასმა ქართლის სამეფოს ჩამოაჭრა ლორეს მხარე, სადაც შექმნა ლორეს სახანო, რომელიც სპარსულ წესზე მოწყობილი პოლიტიკური ერთეული იყო, ამასთან შაჰის დასაყრდენი ქართლის მეფეების წინააღმდეგ საბრძოლველად. შაჰმა ლორეს მხარე სამართავად გადასცა გამუსლიმებულ აზნაურ მირიმანს, რომელიც თბილისის მელიქი უნდა ყოფილიყო. მირიმანის შთამომავლები - მირიმანიძეები მელიქის სახელოს მემკვიდრეობით ფლობდნენ. მათი საგვარეულო ორ შტოდ გაიყო და ჩამოყალიბდა: ლორის მელიქი, რომელიც ლორეს ციხეში იჯდა და სომხითის მელიქი, რომელიც ახტალაში იყო. შესაბამისად, ჩამოყალიბდა მელიქიშვილთა და ლორის მელიქიშვილთა საგვარეულოები (ბოშიშვილი 2013: გვ. 56). ქვემო ქართლზე შაჰის პოლიტიკური გავლენის შესუსტებისთანავე სომხითის მელიქი მართლმადიდებელი გახდა. მისი საგანმგებლო სათავადოდ იქცა.
2. ათაბეგ მელიქი - ათაბეგ მირიმანიძე, სომხითის მელიქი 1619-1659 წწ. შაჰ აბასის ერთგული მოხელე. 1616 წ. სპარსელების მიერ აღმოსავლეთ საქართველოს დალაშქვრის შემდეგ აბასს თბილისში ბაგრატ VII დახვდა, შემდეგ კი გაემართა სომხითისკენ. "რამდენიმე დღე ილხენდა მელიქ მირიმან სომხითარის შვილიშვილის, ათაბეგის, სამყოფელს, რომელიც [ირანის შაჰის] წმინდა გვარეულობის ერთგულთა რიცხვს ეკუთვნოდა" (ისქანდერ მუნში, 1969: გვ. 111). მისი ოჯახი, მართლაც, გამოირჩეოდა შაჰის ერთგულებით. ათაბეგის ძმა სეფიყული-ხანი სპარსეთის სახელმწიფო მოხელე იყო. იგი ყილმაარის და ალაშქერის ბეგლაბეგი იყო, ჯულფის ტარუღა, შემდეგ ჰამადანის და ერაყის მმართველი (გაბაშვილი 1958: გვ. 194; მაედა 2008: გვ. 102-104; ბოშიშვილი, 2013: გვ. 64). 1625 წ. მარტყოფის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ გიორგი სააკაძემ პროსპარსული დაჯგუფების თავადებს შეუტია, მათ შორის ათაბეგისა და მის ძმა ზაქუმს: "მიუჴდა ამათ მოურავი, ხოლო იგინი ივლტოდნენ და წაგუარნა დედაწულნი და ქონებანი" (ვახუშტი ბატონიშვილი, 1993: გვ. 434). ათაბეგი ძმებთან ერთად სპარსეთში გაიქცა და როსტომ-ხანის ქართლში მეფედ დამტკიცების შემდეგ დაუბრუნდა სამკვიდრო მამულს. შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის წყალობით კვლავ აღიდგინა პრივილეგიები (ბოშიშვილი, 2013: გვ. 66).
3. ზაქარია - ათაბეგ მელიქის ძმა. წყაროებში სხვადასხვა ფორმით იხსენება: ზაქუმი/ზაქუმბეგი/ზაქუ. მან საფუძველი დაუდო ზაქუმიშვილების საგვარეულოს. ზაქუმს სამი ვაჟი ჰყავდა: თამაზი, ბეჟანი და ალიყული. ამ უკანასკნელის შთამომავლები იწოდებიან ზაქუმიშვილებად. მათი სამამულე მფლობელობა ბოლნისზე ვრცელდებოდა (ბოშიშვილი, 2013: გვ. 65).

პუბლიკაცია[edit]