1612 წ. 10.20. - წყალობის წიგნი ლუარსაბ მეფისა ფარემუზისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)[edit]

ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, ღ(მრ)თივ-გუირგუინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან ლუარსაბ და დედამან ჩუენმან დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან თამარ, ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა ყმასა, ფარემუზს და თქუენთა შვილთა და მამავალთა სახლისა თქუენისათა, მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და ღუიმის საყდარსა და საწინამძღუროსა დაგუეაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ საყდარი ღუიმე მისის საწინამძღროთა, მისის შესავლითა და გასავლითა და სამართლიანის სამძღურითა და საქმითა. რარიგადაც ღუიმის მონასტერი სხუათ თქუენთ ნათესავთ ჰქონებოდეს, იმავე რიგითა და წესითა თქუენთუის და თქუენთ შვილთათუის გუიბოძებია. და სოფელიზემო სობისი მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა, ვენაჴითა, საჴნავ-სათიბრითა, შესავლითა და გამოსავლითა, მისის სამართლიანის სამძღურითა და საქმითა, რისაც მამულის მქონებელი ზემო სობისი ყოფილა, ყოვლითურ{თ} თქუენთუის გუიბოძებია.

[გ]ქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგა.

აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვაქილ-ვაზირნო, მდივანნო და სხუანო მოსაქმენო, ვინგინდა-ვინ იყუნეთ და ანუ ვინგინდა-ვინ იქნებოდეთ, მერმე თქუენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადცა ამა ჩუენგან ნაწყალობევს სიგელში ეწეროს, ნურცა-რას თქუენ შეუშლით და შეეცილებით, თუინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ქ(ორონი)კ(ონ)სა , თუესა ღუინობისასა ოცსა, ჴელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრისა, თუმანიშვილის ნასრისითა.

ხელრთვა ხვეულად: ლუარსაბ


გვიანდელი მინაწერები:

1. ლუარსაბ მეფის მოცემული ღვიმისა სასაფლაოსი და ზემო სობისისა წყალობა;

2. ქ. სიგელი მღვიმის სასაფლაოსი და ზემო სობისის, 1612 წ.

საბუთის დათარიღება[edit]

 თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი ტ (300), ღუინობისთვის ოცი, რაც გვაძლევს 1612 წლის 20 ოქტომბერს.

შენიშვნები[edit]

2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.107
1. ღუიმის საყდარი - შიომღვიმის მონასტერია, რომელიც საბუთებში მღვიმის მონასტრად იწოდება. იგი გიორგი V ბრწყინვალემ გადასცა ზევდგინიძე-ამილახვარებს და მათ საძვალედ ითვლებოდა XIX საუკუნემდე.
2. ფარემუზი - ამილახვართა საგვარეულოს წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. XVII საუკუნეში ამილახვრისშვილებს შორის ფარემუზი გავრცელებული სახელია (სურგულაძე, 1991: გვ. 123,124). იხ. აქვე კომენტარი 1609 წლის საბუთთან – Ad-1208.
3. საწინამძღვრო შემწირველის საფლავზე დაფუძნებული სამლოცველოა, სადაც შემწირველის (საწინამძღვროს პატრონის) სულისთვის ტარდება სხვადასხვა სახის მსახურება (წირვა-ლოცვა, აღაპი). არქიტექტურულადაც საწინამძღვრო მთავარი ეკლესიის მინაშენს ან იშვიათად, დამოუკიდებელ შენობას წამოადგენს. მას საკუთარი შემოსავალი გააჩნია (მთავარი ეკლესიისგან დამოუკიდებლად) ყმა-მამულის სახით. საწინამძღვროს წინამორბედია სამწირველო (ლომინაძე, 2010: გვ. 44). მოცემულ შემთხვევაში ფარემუზი იღებს შიომღვიმის საყდარს და მის საწინამძღვროს სამართავად, ანუ მთავარი წინამძღვარი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ შიომღვიმეში საწინამძღვროს ჩამოყალიბების შემდეგ ერთმანეთს გაემიჯნა მთავარი ეკლესია და საწინამძღვრო და მათ შორის მხოლოდ ფორმალური კავშირი არსებობდა, საბუთიდან ირკვევა, რომ მთავარი წინამძღვრის მორჩილებაში იყო მღვიმის მონასტერში არსებული საწინამძღვროც. მას ერთი საგვარეულო ფლობს. ამ შემთხვევაშიც ფარემუზის ნათესავებს ჰქონიათ წინამძღვრობა და ფარემუზიც ამიტომ ითხოვს ამ სახელოს. ვინაიდან ბერებს პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავდათ, ამიტომ ეს სახელო გადადიოდა არა მამიდან შვილზე, არამედ ნათესავზე (ლომინაძე, 2010: გვ. 32-33). ჩანს, ვისი კუთვნილებაც იყო მონასტერი, იმავე საგვარეულოდან ინიშნებოდა წინამძღვარიც. ასევე იყო სამწირველოს შემთხევვაშიც. კახა თორელი რკონში სამწირველოს გაჩენისას პირდაპირ მიუთითებს "თუ ვინ მათი გვარის კარგი იყოს, იგი მოიყვანებოდეს და თუ არა, თქუენ კრებული კარგსა მწირველსა დამისუმიდით" (შოშიაშვილი (რედ.) 1984: გვ.151).
4. თუმანიშვილი ნასრი - სამეფო კარის მდივან-მწიგნობარი. თუმანიშვილების საგვარეულო მდივნის სახელოს ფლობდა XV ს-ის შუა წლებიდან XVII საუკუნის ბოლომდე. ნასრ თუმანიშვილი მდივან-მწიგნობრად ჩანს 1606-1624 წწ. მეფეების: ლუარსაბ II-ის, ბაგრატ VII-ის და სვიმონ II-ის კარზე (ბაქრაძე, 1963: გვ. 163-178).

პუბლიკაცია[edit]