Jump to content

1570-1580 წწ. - წყალობის წიგნი დედოფალ ნესტან-დარეჯანისა ჟეშთელ სააკაძისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირი

საბუთის ტექსტი

[edit]

ქ. ნებითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ დედოფალმან ნესტან-დარეჯან და ძეთა ჩუენთა: პატრონმან გიორგი, ლუარსაბ და ალექსანდრე, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერთგულსა ყმასა და თავდადებით ნამსახურსა სააკაძესა გიორგის შვილსა ჟეშთელს და ძმათა შენთა.

მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და გ ო რ ს ერთს კვამლს ვაჭარსა გუეაჯენით, ვისმინეთ აჯა და მოჴსენება თქუენი, წიგნითა ამითა დაგიმკვიდრეთ და მოგიბოძეთ გ ო რ ს ნირნიკასშვილი, თოხარიკი აბოვაი და მისი შვილი და მომავალი სახლისა მისისა ყოველივე, მისითა სახლ-კარითა, ჭურ-მარნითა და ყოვლითურთ მისითა სამართლიანითა.

შენ, სააკაძეს ჟეშთელს, და ძმათა შენთა და მომავალთა ყოველთავე, ასრე და ამა პირსა ზედან, რომე, თუ ჟამმან მისი წესი არ დაიშალოს და საქმე სხუა რიგად გამოიცუალოს და ეს გამოგერთუას, ამისად სანაცულოდ სხუა ასეთი მოგცეთ, რომე ამისი მუქაფა იყოს.

ამისად გათავებისად თავდებად ღ(მერ)თი და ყოველნი წმიდანი მოგუიცემია.

ხელრთვა ხვეულად: ნესტან-დარეჯან, ლუარსაბ.


გვიანდელი მინაწერები verso-ზე:

  • 1. ჩაიწერა კ;
  • 2. სხვა ხელით, პირშექცევით: გორელის ვაჭრის არის.

საბუთის დათარიღება და კომენტარი

[edit]
2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.43-44

საბუთი უთარიღოა. ს. კაკაბაძე მას ათარიღებს 1570-1575 წლებით, როგორც ჩანს, სვიმონ მეფის ირანული ტყვეობის პერიოდით – ამ დროს დედოფალი ნესტან-დარეჯანი, მართალია, გასცემდა წყალობის საბუთებს, მაგრამ სვიმონ მეფის სახელით. ნესტან-დარეჯანი სააკაძეებს წყალობის საბუთს აძლევს დამოუკიდებლადაც სვიმონის საქართველოში დაბრუნების შემდეგ (შდრ. კორპუსი, IV, გვ. 429), რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ დროს სააკაძეთა ერთი შტო საკუთრივ დედოფლის სამსახურში იყო. საბუთის ადრესატი ჟეშთელ სააკაძე გარდაცვლილადაა მოხსენიებული 1580 წელს იესე-ხანის მიერ სიაუშ სააკაძისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში (ხეც, Hd-14441).
ჟეშთელ სააკაძე - გიორგი (I) სააკაძის ვაჟი. ძმა სიაუშ, ზურაბ და ივანე სააკაძეებისა, "დიდი მოურავის" ბიძა. ჟეშთელ (იგივე ზესთელ) და სიაუშ სააკაძეებმა დიდი სამსახური გაუწიეს იესე-ხანს (კახთა მეფის ლევანის ძე), როგორც ჩანს, სვიმონ მეფის დავალებით. იესე და სვიმონ I ალამუთის ციხეში ერთდროულად იყვნენ დატყვევებულები, სადაც ისინი ერთმანეთს დაუახლოვდნენ (ისქანდერ მუნში, 1969: გვ. 28). 1578 წელს, როდესაც კახეთის მეფე ალექსანდრე II და ქართლის მეფე დაუთ-ხანი (დავით XI) დაუზავდნენ ოსმალებს, სპარსელებმა ციხიდან გაათავისუფლეს სვიმონიც და იესეც, რათა ადგილებზე სათავეში ჩადგომოდნენ ანტიოსმალურ მოძრაობას. 1579 წელს სვიმონმა ქართლი დაიბრუნა, ხოლო იესეს შაქი უბოძეს. ჩანს, იესეს კახეთზე ეჭირა თვალი და, როგორც კანონიერ მემკვიდრეს, (იგი იყო ალექსანდრე II-ის უფროსი ძმა) კახეთში გამეფება სურდა. გ. ჯამბურია ვარაუდობს, რომ იესე კახეთში გასამეფებლად მხოლოდ პირადი სურვილით არ მოქმედებდა და სპარსეთის დავალებას ასრულებდა (ჯამბურია: 1964, გვ. 24), მაგრამ ისკანდერ მუნშისთან ამის შესახებ არაფერია თქმული. სიაუშ და ჟეშთელ სააკაძეები სვიმონ მეფის უახლოეს გარემოცვას ეკუთვნოდნენ და მათი იესესადმი მრავალგზის გაწეული სამსახური (Hd-14441) მოწმობს, რომ სვიმონი და იესე-ხანი მოკავშირეები ყოფილან და ერთიანი გეგმით მოქმედებდნენ. 1580 წელს გაცემულ იესე-ხანის წყალობის საბუთში სიაუშ სააკაძისადმი (Hd-14441) აღნიშნულია, რომ იესემ მას კახეთში “ჯილდოდ” გადასცა 40 კომლი. ამ დროს ჟეშთელი გარდაცვლილი ყოფილა. იმჟამად იესემ კახეთში გამეფება ვერ მოახერხა, თუმცა, მოგვიანებით, ამ დოკუმენტის საფუძველზე, მოურავ გიორგი სააკაძის შვილმა როსტომ მეფისაგან ხელახლა მიიღო აღნიშნული წყალობა - დასახელებული 40 კომლი გლეხი (ჯამბურია, 1964: გვ. 23-24, ოდიშელი, 1964: გვ. 104).

პუბლიკაცია

[edit]