1530-იანი წწ. - რელაცია საქართველოს მდგომარეობის შესახებ - F134

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები


თურქული დოკუმენტური წყაროები



წიგნი:

1983 - აბულაძე ცისანა - თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის

სრული დასახელება:

თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის - თურქული დოკუმენტები ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და შენიშვნებით გამოსცა ცისანა აბულაძემ - თბილისი - 1983

რესურსები ინტერნეტში:

წინასიტყვაობა[edit]

რელაცია საქართველოს მდგომარეობის შესახებ[edit]

ღვთივდაცული გზა კარაამიდიდან და ჩაფაკჩურიდან მუშაბადის მარცხენა მხარეს ბინგიოლის სახელით ცნობილ იალაღამდე აღწევს. მათ შორის მანძილი ძლევამოსილი ჯარის სვლით მხოლოდ 15 ფუნდიკის გავლით დაიფარება. გზა საქართველოს ქვეყნისაკენ ბინგიოლის სახელით ცნობილი იალაღიდან გადის ბასიანის დაბლობზე, ავნიქის ციხის მარცხნივ, ჩობანის ხიდის ახლოს, შეიძლება თვითონ ჩობანის ხიდზე გავლითაც. როგორც კი საქართველოს ტერიტორიაზე ფეხს დაადგამ, მარჯვენა მხარეს საზღვარი გასდევს უსჯულო ყვარყვარეს აზნაურთაგან ყანდურალად წოდებულის მამულს. ის ადგილები მისი მამულია. 200 სოფელია ქუფის ციხიდან ვიდრე საფნიკის სახელით ცნობილი ადგილის გასწვრივ მიაღწევდე. ის ქუფი პატარა ციხეა. აქვს რამდენიმე ციცაბო ადგილი, მაგრამ ძლიერი დარტყმის გადამტანი კი არ არის. აქ მდებარე სოფლების უმრავლესობა ზემოაღნიშნულ ყანდურალს ეკუთვნის. მცირე ნაწილი კი აზონის შვილებად ცნობილი აზნაურებისაა. ზოგიერთი კი ყვარყვარეს სახასოა. ყანდურალიც მხოლოდშობილი როდია. მას რამდენიმე ძმა უნდა ჰყავდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ხსენებული ბასიანის ოლქში შესვლისას მარჯვნინ დაბლობი დაგხვდება. მის მარჯვნივ კი ყიზილბაშთა ქვეყანაა. იგი კაღიზმანად წოდებული ადგილის პირისპირაა. თავისუფალი ტერიტორია მარცხენა მხარეზეა. თუ მიზნად დაისახავ იქიდან შესვლას, ტაოს ქვეყნის სახელით ცნობილი ოლქის ბოლო უნდა გაიარო. ტაოს ოლქი მჭიდროდ დასახლებული ვრცელი ქვეყანაა. ტაოს ქვეყანაში პირველად შეგხვდება შექერლიდ წოდებული ადგილი. იგი მამირვანის ციხის მიდამოებშია. იქ ბევრი ბალახია და წყალი. იალაღები ულამაზესი, სანადირო ადგილები უამრავი. საერთოდ ძალიან კარგი მხარეა. ეს ხსენებული მამირვანის ციხე პატარა ციხეა. მთის კალთიდან მწვერვალამდე ციხის სანახებია. შექერლის ნაჰიიედან გამოსული მდინარე მასთან ახლოს უხვევს და მოედინება. აღნიშნული მამირვანის ციხე ყვარყვარე ათაბაგის სახასოა, მაგრამ დროებით ჩაბარებული აქვს მის მოურავს, ნარიმანად სახელდებულ აზნაურს. მარჯვენა მხრიდან მისი მომიჯნავე ჰიმაღარის რაიონიცა და ციხეც იმ ნარიმანის ქვეყანაა. ხსენებული ნარიმანის ოლქი შეიცავს 40-45 სოფელს. ამგვარად ზემო მხარეში ყვარყვარეს საგამგებლო საქართველოს ქვეყნები ესენია, რომლებიც ხსენებულ იქნა.

აღნიშნული სანახების მარჯვნივ, ერთი ფუნდუკის დაშორებით თორთუმის ციხეა, ამ მხარეს ხახოს ხეობას უწოდებენ. ძალიან კარგი რაიონია. გარდა ამისა რამდენიმე პატარა ციხეც არის, ერთს აღჯაყალას უწოდებენ. თორთუმის ციხე თავდაპირველად ყვარყვარესი იყო. მაგრამ დროებით ქურცინას ხელში გადავიდა: ქურცინას ძველი მთავარი ციხე კი აღჯაყალა იყო. ხსენებული ციხეები ამჯერად დროებით ხელთა აქვს ერთ უსჯულო აზნაურს, სახელად როსტომს. ხახოს მხარე იშხანის სახელითაც არის ცნობილი. აქ დაახლოებით 100 სოფელია. მათ შორის 20-30 დამოუკიდებელი წვრილი აზნაური ცხოვრობს. აქ ჩამოთვლილ ნაჰიიეებში შესასვლელი ადგილებია ოვაჯიკის, ისპირისა და ვესრიქის მხარეები. დასაწყისიდან აქამდე ხსენებული მიწები საქართველოს საზღვრებია და იმ შემთხვევაში, როცა ლაშქარი საქართველოში შეჭრას გადაწყვეტს, ხსენებული მიდამოებიდან თუ შევა. ეს აქ დამთავრდა.

ცოტა ზემოთ ნახსენები მამირვანის ციხის ძირიდან ერთი მდინარე გამოდის და მიემართება ციხისაკენ, რომელსაც ოლთისი ჰქვია. იმ ციხეს რომ მიაღწევ, ჩამოხტები. მამირვანის ციხესა და ოლთისის ციხეს შორის ჯარისათვის ერთი დღის სავალ გზაზე სადგომია. ოლთისის ციხეცა და მამირვანის ციხეც ყვარყვარეს სახასოებია. ხსენებული ოლთისის ციხე ძველითაგანვე ტაოს ქალაქი იყო. ოლთისის ციხე ტაოში მდებარეობს. ტაოში დაახლოებით 200 სოფელია მჭიდროდ დასახლებული და ჩინებულად მონაშენები. სწორი, ვაკე და დაბლობი ადგილებია. ამ მხარის მთები და ველები უაღრესად კეთილნაშენია.

ამის შემდეგ საქართველოში ახალციხის მიმართულებით არის ადგილი, რომელსაც ფანაკი ჰქვია. აქედან ფანაკამდე ორი ფუნდუკის გავლით მიაღწევ. ფანაკად წოდებულ სოფელში ეკლესიაა ყელის ფორმისა. ესეც ტაოს ეკუთვნის. მასა და იქეთა მხარეში მდებარე არტაანის ქვეყანას შორის ერთი მოზრდილი გორაა. ბეჯითად მავალი ერთ დღეში გადაივლის მას. კარგი გასაჩერებელი ადგილია. ამას რომ გადაივლი , არტაანის სახელით ცნობილ მხარეში ჩახვალ. ის არტაანის დაბლობი უმშვენიერესი ადგილია საქართველოში. თმოგვის ციხემდე არის 300 სოფელი, შესანიშნავი განაშენები და დასახლებული; მინდვრები ბალახიანი, წყლიანი და სათიბი ვაკე ადგილებია.

არტაანის მარცხნივ მდებარეობს შავშეთი და არტანუჯი. არტანუჯის ციხე პატარა ციხეა; სულ ცოტა ხნის წინ ყვარყვარემ იგი თავის ბიძაშვილს, ივანეს წაართვა. ამის იქით მდინარე ჭოროხის ქვემო წელის ორსავე ნაპირზე აჭარის და მურღულის რაიონებია. იმ ქვემო მხარეს მიაღწევ და გზაც დასრულდება.

უკან და ცოტა ზემოთ არტაანია, რომელიც უკვე მოხსენიებულ იქნა. მასზე ერთი გზა კიდევ გადის. ადრე, იაკუბ ფადიშაჰის დროს, ახალციხის წინააღმდეგ საღვთო ომი ამ გზის გავლით წარუმართავთ. ამ გზით შეხვალ და გამოხვალ. ის გზა კუმლუჯად წოდებული ცნობილი გზაა. გარდა ამისა, არტაანის დაბლობზე კიდევ გადის ერთი გზა, რომელიც თმოგვის ციხემდე აღწევს. თმოგვის ციხე კი საკმაოდ ცნობილი და მიუვალი ციხეა საქართველოსი. მის ზემო მხარეს, თმოგვის წყალზე განიერი სიმაგრეა. წინათ, სულთან სელიმ-ხანის დროს, როცა ყიზილ აჰმედ ოღლი მირზა ბეგმა საქართველო დალაშქრა, ყვარყვარეს სიმამრი, უსჯულო, სახელად სურხანი, თავისი ხალხითა და ოჯახით იმ გამოქვაბულში იყო. ქურცინას ხალხი და ოჯახის წევრებიც მასთან იყვნენ. მირზა ბეგმა რამდენიმე აზნაური შეიპყრო. ისინი იქიდან გამოიყვანა. ქურცინას მაღალი სამეფო კარზე წასვლის ძირითადი მიზეზი იმ გამოქვაბულიდან მისი ხალხისა და ოჯახის წევრების გამოყვანა და მისთვის შეუტყობინებლად მათი მაღალ სამეფო კარზე გაგზავნა იყო. მოგვიანებით თავადაც წავიდა თავის შვილებთან ერთად.

იმ თმოგვის წყლის ზემო წელში მგელციხედ წოდებული ერთი მტკიცე ციხეა. ისიც თმოგვის ნაჰიიეს ექვემდებარება. თმოგვის ციხის პატრონს ელიზბარს უწოდებენ. იგი ყვარყვარეს სიმამრის სურხანის ძმისშვილია და იმ უსჯულო ყვარყვარეს ერთ-ერთი მეტად სახელოვანი აზნაურია.

თმოგვის ნაჰიიეს უკან ჯავახეთის სახელით ცნობილი ერთი ოლქია, რომელიც ეშვება ყიზილბაშთა ქვეყნისაკენ. უამრავი ვაკე ადგილი აქვს და მინდორი. სოფლები მჭიდროდ დასახლებული. არტაანის მხარე გამორჩეული ადგილია საქართველოსი. იგი მასთან ერთად ერთ ქვეყანას წარმოადგენს. სოფლებს მოიცავს, იქ აწყურის დიდი ეკლესია არის. ვიდრე მას მიაღწევდე, დაახლოებით 200 სოფელია. აწყურის ეკლესიასთან რომ მიედინება და ეშვება, იმ მდინარის ზემო წელში მდებარეობს საქართველოს მთავარი ქალაქი სახელად ახალციხე. მის გარშემო 200 სოფელია. საქართველოს ცნობილი და მრავალრიცხოვანი მხარეები თუ ქვეყნები აქ დასახელებული ადგილებია. ამათ გარდა კიდევ ბევრია სხვა რაიონი, დიდი თუ მცირე ადგილი, მაგრამ აქ არ მოიხსენიება.

ყვარყვარედ წოდებული უსჯულოს ნათესავი და მასზე დამოკიდებული ერთ-ერთი პირია მისი ბიძა მანუჩარი. იგი ეკლესიაშია განდგომილი. ბიძაშვილს ივანე ჰქვია. ივანე ბეგს ერთი ძმა ჰყავს, მას ქაიხოსრო ჰქვია. პატარა ბეგების სახელები ესენია აქ რომ იქნა ჩამოთვლილი. ყვარყვარეს ცოლის ძმები არიან სურხანის შვილები - ხუთნი ძმანი. ამ ხუთიდან უფროსის სახელია ქუცნა, ერთ ბიძაშვილს ელიზბარი ჰქვია. ელიზბარს ძმა ჰყავს სახელად იოთამი. მათ თავიანთი ნამდვილი მსახურების გარდა, 40-40, 50-50 მათზე დამორჩილებული აზნაური ჰყავთ. სურხანს ერთი ძმაცა ჰყავს, სახელად ბოქნუქს (ბოქა) ეძახიან. მასაც რამდენიმე ვაჟი ჰყავს. გარდა ამისა ერთი უსახელო უსჯულო კიდევ არის, მას სახელად ასღრადუზს ეძახიან. ის აქ ხსენებულების მოწინააღმდეგე პირია. ყველა მათი ძმები და შვილები, აქ დასახელებულები და შესაძლოა უფრო მეტნიც, ერთად არიან. ერთი აზნაურიცაა სახელად ანდრომანი, მისი ტერიტორიაა უდეს რაიონი. ისიც ამათთან ერთად არის. აზნაური სახელად ყანდურალი თავისი ძმებითურთ და ამილახორი ცნობილი გვარიდან არიან. მას (ამილახორს) სახელად ქოჰიარს უწოდებენ. ბევრი ძმა ჰყავს. ესეც მრავალრიცხოვანი ჯამაათია. მათ შორის ის ცნობილი პიროვნება არის. მისი ტერიტორია მიმოფანტულია, როგორცაქ აღნიშნული ვილაიეთის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.

ერთი კიდევ არის შე[რ]მაზანოღლუ. თავისი ნათესავებითა და ხელქვეითი პირებით ესეც მათი ტოლი და სწორია. მისი სამფლობელო ჯავახეთად წოდებული ადგილია. ძირითადად ყვარყვარეს ექვემდებარებიან აქ ჩამოთვლილი პირები.

იქითკენ, აწყურად წოდებული ეკლესიის წინ ჩამდინარე წყალი საქართველოს (=ქართლის) საზღვარია, რომელიც ვახტანგ მეფის ქვეყანა არის. იგი მირზა ჭაბუკის დისშვილი იყო და გარდაიცვალა. მას შვილები დარჩა, რომლებმაც თავიანთი მამის მიწები დაინაწილეს. იმის იქით თბილისის ქვეყანაა, რომლის იქით შაქის ბეგი - ლევან ბეგი არის.

აქედან ქვეით ხეობაში ქუთაისის ქვეყანაა, ეს ის ადგილებია, სადაც სულთან სელიმ-ხანი მივიდა და საღვთო ომი გადაიხადა. ესენი უსჯულო ყვარყვარეს ხანები არიან. უფრო ქვევით არის გურია, რომელიც ტრაპიზონს ესაზღვრება. იმის იქით სოხუმამდე დადიანის ქვეყანაა. იგი (სოხუმი) ძველ დროში ნავსადგური ყოფილა. მასთან ეშვება იალბუზის მთის კალთა. იმის იქით კი არის აფხაზეთის ქვეყნები. მთების უკან მდებარეობს ჩერქეზეთის ქვეყანა და ლეკისტანი დარუბანდამდე, რომლის სამხრეთით შირვანის ქვეყანაა.

დასრულდა.