1521 წ. - ბაიბურდის ბეგის ფაიქის არზა სულთნის კარზე - თოფქაფის არქივი - E 6678

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები


თურქული დოკუმენტური წყაროები



წიგნი:

1983 - აბულაძე ცისანა - თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის

სრული დასახელება:

თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის - თურქული დოკუმენტები ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და შენიშვნებით გამოსცა ცისანა აბულაძემ - თბილისი - 1983

რესურსები ინტერნეტში:

წინასიტყვაობა[edit]

ბაიბურდის ბეგის ფაიქის მოხსენებითი ბარათი სულთნის კარზე[edit]

მაღალ სამეფო ზღურბლისა და უმაღლესი სასახლისადმი, ნურასოდეს შეწყდება მათი უზენაესობა, და იყოს იგი თავისუფალი ჟამთა სიავისაგან, უღირსი მონის მოსახსენებელი ის არის, რომ გარეწარი ყიზილბაშები არდებილიდან წავიდნენ და უჯანის ველზე მივიდნენ. ხორასნიდან ქორემირმა რამდენჯერმე გაუგზავნა შიკრიკი - ჩაღათაელები დიდი ჯარით დაგვესხნენ თავს და საზღვარი ხორასნამდე მოვიდაო. ამ ცნობამ მათ შორის განხეთქილება ჩამოაგდო. ვიდრე მეამბოხე ჯანბერდის სიკვდილის ამბავს შეიტყობდა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი რუმისაკენ მიეპყრო ყურადღება, მაგრამ სამწუხარო ცნობამ თავგზა აუბნია და განზრახვა ჩაიშალა. ჩემმა მსტოვრებმა შეგვატყობინეს, რომ ხსენებული ქორემირის აღნიშნული გეგმა სულ ჩაიფუშა. თავრიზში დივ ალი დატოვა მკაცრი ზომების მისაღებად, მაგრამ უფრო შესაძლებელია, რომ დივ ალიდ წოდებული უსჯულო მოწვეული იყოს ჩაღათაელთა ასაკლებად. ბაღდადის ბეგი, შაჰ ალიდ წოდებული მწვალებელი, გარდაიცვალა. მისი სიკვდილის ამბავმა შაჰზე დიდად იმოქმედა და დაამწუხრა. მწერალიც ვერ შესძლებს სპარსეთის ქვეყნის უკიდურესი მდგომარეობის აღწერას. საქმე იქამდე მივიდა, რომ სეიდ ჩუქურის რეაიას უმრავლესობამ თავისი ოჯახის გამოსაკვებად ლუკმა-პურისათვის საქართველოს მიაშურა, სიფაჰიები კი თავრიზში წავიდნენ. მოენის შესაპყრობად სეიდ ჩუქურში რამდენჯერმე წავიდა ჩემი ხალხი, მაგრამ ღატაკებს გარდა ვერავინ გადმოიბირეს. სიფაჰიები ვერ ჩაიგდეს ხელში, რომ ხელმწიფის კარზე მოენე გაგზავნილიყო. ჯაშუშები თავრიზში კვლავ ქურთების მხრიდან გაიგზავნა, ხოლო სეიდ ჩუქურში მოენის შესაპყრობად არზრუმზე გავლით გაიგზავნა კაცები. მაღალი ალაჰის წყალობით, თუ რაიმე ამბავს შევიტყობთ და მოენეს მოიყვანენ, სამართლიანობის თავშესაფრის ზღურბლზე გამოიგზავნება. რისი ძალ-ღონე შეგვწევს ეს არის - ხონთქრის კარს მოენედ გამოსადეგი პირი ეყოლება.

ამასწინათ არზა წარმოადგინეს ბედნიერების კარის ზღურბლზე გამოსაგზავნად. მოვიდა ყვარყვარეს ღატაკი მონა. ამ კეთილად მოქმედმა კაცმა მოითხოვა და ჩემი ერთგული პირებიდან წერილის დამტარებელი მეჰმედი, ხოლო საქართველოს წესისა და ვითარების მცოდნე სიფაჰთაგან აჰმედი გაიგზავნა. ისინი ახლახან დაბრუნდნენ და ის პასუხი მოიტანეს, რომ ყვარყვარე სრულად შემობრუნდა ჩვენსკენ. შეცოდებისათვის პატიებას გევედრება და ხონთქარს თხოვს, რომ იგი თავის გულწრფელ მონად მიიჩნიოს და დანაშაულის შენდობა სურს. მთელი არსებით შეიძულა ყიზილბაშები. ამის დასადასტურებლად, თავისი გულწრფელობისა და ერთგულების მაუწყებლად უნდა რომ ავნიქის ციხე [ოსმალებმა] ჩაიგდონ ხელთ. ამასთანავე მისი სურვილი ის არის, რომ იყოს იგი შეწყნარებული და შენდობილი, ხოლო მოწინააღმდეგე აზნაურები დამორჩილებული და დაქვემდებარებული. აზნაურების კუთვნილი ციხეები და მამულები დაიპყრონ, რათა ყველაფერი ხონთქრის საგამგებლო გახდეს. თუ ციხეების გარდა, მათი სამფლობელოებიც გადაეცემა, დაე ასე იყოს, ისიც ხონთქარმა დაიცვას და მართოს! ყვარყვარეს ერთადერთი სურვილია, რომ მისი მტრები იყვნენ დამარცხებული, თვითონ კი ითხოვს საქმისათვის გამოსადეგი ერთი აზნაურის გაგზავნას სულთნის კარზე, ოღონდ, აწ გარდაცვლილი ხონთქრის დროს ბედნიერების კარზე მყოფ ერთ-ორ აზნაურს გაძლიერებულ მეთვალყურეობას უწევდნენ და ამიტომაც არც ერთმა აზნაურმა არ მოინდომა წასვლა. თუ აღნიშნულ მკაცრად ნათვალყურევ პირებს წყალობის წერილს უბოძებთ და ჩვენსკენ გამოაგზავნით, აზნაურების გულს მოიგებთ და ამის შემდეგ სანდო ხალხი არასოდეს მოაკლდება სულთნის კარს. შესაძლოა თვითონ ყვარყვარეც ეახლოს სამეფო კარს. ერთი სიტყვით, როცა ყვარყვარეს დაიქვემდებარებთ, მთელი საქართველო იქნება დაპყრობილი, რადგან მისი ბეგების შთამომავალია. როცა დამორჩილდება, წინააღმდეგობის გაწევას ვერავინ გაბედავს. ქვეყნის შემამკობელი ნათელი აზრი ის არის, რომ მხოლოდ მისი დაქვემდებარება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე 100 აზნაურის დამორჩილება.

თუ ხსენებული ყვარყვარეს დამორჩილების სურვილი გაჩნდება, მის მოსამხრობად უნდა გაიგზავნოს უავგუსტოესი ბრძანება. ბრძანება, რასაც არ უნდა ეხებოდეს, ყველა შემთხვევაში გამოცდა იქნება და [შემდეგ] იმის მიხედვით იმოქმედებთ მის ერთგულებაში დარწმუნდებით თუ ორპირობაში.

დანარჩენი, ბრძანება დიდებული ციური სამეფო კარისაა, დაე მისი ჩრდილი, მსგავსი ბედნიერების მაუწყებელი ფენიქსისა, მუდამ ეფაროს ხალხის თავებს აღდგომის დღემდე!

მონათაგან ყველაზე უღირსი

გლახაკი ფაიქი.