1517 წ. - ანატოლიის ბეგლარბეგ შადი-ფაშას არზა სულთნის კარზე - თოფქაფის არქივი - E 7296

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები


თურქული დოკუმენტური წყაროები



წიგნი:

1983 - აბულაძე ცისანა - თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის

სრული დასახელება:

თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის - თურქული დოკუმენტები ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და შენიშვნებით გამოსცა ცისანა აბულაძემ - თბილისი - 1983

რესურსები ინტერნეტში:

წინასიტყვაობა[edit]

ანატოლიის ბეგლარბეგ შადი-ფაშას მოხსენებითი ბარათი სულთნის კარზე[edit]

მაღალი სამეფო ზღურბლისა და უმაღლესი სამეფო სასახხლისადმი, ნურასოდეს შეწყდება უზენაესობა მისი, უღირსი მონის არზა ის არის, რომ ამასწინათ ბედნიერების მფარველი ზღურბლიდან წმინდა ბრძანება მოვიდა, რომელსაც მთელი მსოფლიო ემორჩილება. მისი კეთილი შინაარსი ასეთია: ქურცინას შვილმა იბაშერმა ზაქარიას შვილი ხახულარი დაიჭირა და მის 5 აზნაურთან ერთად ციხეში ჩასვა, დაჭერის ამბავი თავის მამას, ქურცინას შეატყობინა ამირად წოდებული თავისი კაცის საშუალებით. ქურცინამ კი არზა წარმოუდგინა ჩემს ბედნიერების მფარველ ზღურბლს და ამგვარად გამოცემულ იქნა სვებედნიერი დიდებული ბრძანება: როცა ხსენებული ჩემი უავგუსტოესი ბრძანებით შენამდე მოაღწევენ და მოვლენ, შენ შესაფერისი პირი გააყოლე თან და წარგზავნე ბაიბურთის სანჯაყბეგთან, ხოლო იგი ისპირის სუბაშისთან მივიდეს, ისპირის სუბაშიმ კი თავისი კაცი გააყოლოს და გაგზავნოს საქართველოში. ზემოხსენებულ ქურცინას შვილს იბაშერს მოთხოვოს ზაქარიას დაჭერილი ვაჟი თავისი ხუთი აზნაურით და საქართველოდან წამოიყვანოს. მერე კი შესაბამისი დაცვით საქმისათვის გამოსადეგი პირები ჩემს მაღალ კარზე გამოგზავნე. რადგან ასეთი ბრძანება იყო, მაღალღირსეული ბრძანების თანახმად ხსენებულ ამირს კაცი აახლეს და ქურცინას შვილთან გადმობირების წერილი დაიწერა. მაღალი სამეფო კარიდან წარმოგზავნილი კაცი ბაიბურდის ბეგ მეჰმედ ბეგთან მივიდა. ჩვენს კაცებს მან კიდევ თავისი კაცი აახლა და ისპირში გაგზავნა. იქიდან კი ჩვენი კაცი და მეჰმედ ბეგის კაცი ისპირის სუბაშის კაცის თანხლებით საქართველოში ჩავიდნენ და მივიდნენ ქურცინას ძესთან, იბაშერთან და როცა ქვეყნისმფარველი ფადიშაჰის პატიოსანი ბრძანება წარუდგინეს, მან რამდენიმე დღე გააჩერა ჩვენი ხალხი თავისთან და ყვარყვარესთან კაცი გაგზავნა მოსათათბირებლად. მან შემოუთვალა, ზაქარიას შვილი გადაეცი, იმ ხუთ აზნაურს კი ნუ მისცემო. ზაქარიას შვილი ჩააბარა, 5 აზნაური კი არა. ზაქარიას შვილი ჩვენმა ხალხმა დაუყოვნებლივ წამოიყვანა, იგი ბედნიერების კარზე გაიგზავნა. მაგრამ ქურცინას შვილმა იბაშერმა ქვეყნის მფარველი ფადიშაჰის წმინდა ფირმანი რიმ იხილა, მაღალი ზღურბლიდან დაბრუნებული ქაფირის შესახებ თქვა, მე ეს არ გამიგზავნია, მაგრამ ვითარებას კი მოვახსენებო. ეს ამბავი როგორც კი მოხდა, ამასწინათ ნაღალ ტახტს მოახსენა თქვენმა მონა-მორჩილმა.

როცა ქურცინამ გაიგო, ის კაცი მოისყიდა, შვილის სახელით წერილი დააწერინა და ათქმევინა - რა შედეგიც მოჰყვება - ომი იქნება, თუ მშვიდობა, თუ ზავი, ქვეყნის შესახებ რასაც კი გაიგონებს, რაღაცას მოიმიზეზებს და შემთხვევას არ გაუშვებს, რომ ვინმეს პირით დაუყოვნებლივ არ შეატყობინოს სულთნის უზენაეს კარს.

არც საქართველოა ამბების გარეშე დარჩენილი და თუ საქართველოს მდგომარეობას იკითხავთ, ასეთია: ყვარყვარეს ხელქვეითი აზნაურებიდან რამდენიმე მანუჩარის მხარეზე გადავიდა და ყვარყვარეს უღალატა. ჩვენი დესპანი დივ ალი ერევნიდან აიყარა და დღეს ან ხვალ საქართველოში შემოიჭრება 3000 ყიზილბაშითო - ყვარყვარემ ხალხში ხმა გაავრცელა. სახელმწიფოს შაჰის ლაშქრისათვის საური სჭირდებაო, ცხვარსა და საქონელს, თაფლსა და ერბოს გადასახადი დაადო და შეგროვებას შეუდგა. ის აზნაურები შეშინდნენ და კვლავ ყვარყვარესთან დაბრუნდნენ. როცა ერთ ადგილზე მოიყარეს თავი, ლოცვა აღავლინეს და ოლთისის ციხეზე წამოვიდნენ. მანუჩარმა კი უყურადღებობა გამოიჩინა. ციხეში მხოლოდ ერთი აზნაური დატოვა. თვითონ ხუთი აზნაურის თანხლებით გაიქცა და ივანესთან წავიდა. ყვარყვარემ შეიტყო თუ არა მანუჩარის ციხიდან წასვლის ამბავი, ციხეს მოუბრუნდა, გარს შემოადგა და ბრძოლა გამართა. ციხის კარზე კი ქართველთაგან იმ ციხის მცველი აზნაურის ნათესავი გაგზავნა და გადმოიბირა. მათაც ციხე ჩააბარეს. ახლა შიგ თავისი აზნაურები ჩააყენა და დაიკავა.

თუ გარეწარი ყიზილბაშების ამბავს იკითხავთ, უსჯულო შაჰი ამჯერად ყუმში იმყოფება. დივ ალი კი სეიდ ჩუქურში - ერევნად სახელდებულ მხარეშია, ურწმუნო ჯაიანი თავრიზში არის. სხვა უსჯულო ემირები თავთავიანთ ადგილ-სამყოფელში ცხოვრობენ.

ხოლო ბაღდადში მყოფ უსჯულოთა ბანდამ გზადაკარგულ შაჰს ასეთი ამბავი აცნობა - დიარბექირის მხარეში გავრცელებული ჭორი თუ მართალი ის არის, რომ გაზაფხულზე ანატოლიის, ყარამანიისა და დიარბექირის ლაშქარი გაერთიანდება და თუ ბაღდადზე გამოილაშქრებენ, ამის გამო საჭირო გახდება შაჰის ბრძანების მიხედვით მოქმედება. შაჰმა კი სამ ბეგს უბრძანა გზების გახსნისთანავე ბაღდადში ჩახვალთ და თუ ნათქვამი გამართლდება, სასწრაფოდ შეგვატყობინეთ, თუ არ ახდება, ნუ აირევ-დაირევით. ამ მხარის მიმართ ყურადღებით იყავით-ო, ახლანდელი ვითარება ასეთია.

მაღალი ალაჰის წყალობით, კვლავ რასაც კი შევიტყობთ მაღალ სამეფო ტახტს ეცნობება. თუღმერთმა ინება, დანარჩენი ბრძანება ქვეყნის მფარველი კარისაა.

ღატაკი მონა

გლახაკი შადი.