1516 წ. - რუმის ბეგლარბეგ შადი-ფაშას არზა სულთნის კარზე - თოფქაფის არქივი - E 6478/1

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები


თურქული დოკუმენტური წყაროები



წიგნი:

1983 - აბულაძე ცისანა - თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის

სრული დასახელება:

თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის - თურქული დოკუმენტები ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და შენიშვნებით გამოსცა ცისანა აბულაძემ - თბილისი - 1983

რესურსები ინტერნეტში:

წინასიტყვაობა[edit]

თოფქაფის სასახლის არქივის თოფქაფის არქივი - E 6478/1 წარმოადგენს რუმის ბეგლარბეგის შადი ფაშას არზას გაგზავნილს სულთნის უმაღლეს კარზე. Verso-ზე ახლავს მრავალკუთხა ბეჭედი და დოკუმენტისაგან განსხვავებული ხელით შესრულებული მინაწერი: "რუმის ბეგლარბეგის წერილია".

არზის დიდი ნაწილი ეხება ოსმალებისა და ყიზილბაშების ბრძოლას ვანისა და ვასთანის რაიონში; ყიზილბაშთაგან მოსალოდნელი შურისძიების გამო ბაიბურდის ციხის გამაგრებაზე ზრუნვას; მოცემულია ყიზილბაში სარდლებისათვის შაჰ-ისმაილის მიერ ნაბრძანები სამოქმედო გეგმა, მითითებულია მათი საზამთრო ადგილ-სამყოფელი.

შედარებით მცირე, მაგრამ გასათვალისწინებელი ცნობებია საქართველოს შესახებ. სულთან სელიმ იავუზი მამია დადიანისა და მამია გურიელისაგან მოითხოვს ხარკს ორ წელიწადში ერთხელ. ათაბაგი ყვარყვარე III და ათაბაგობის პრეტენდენტი მანუჩარი სამცხეში არიან და ერთმანეთთან გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებიან.

E 6478/1 დოკუმენტს ხელს აწერს რუმის ბეგლარბეგი შადი ფაშა. იგი ანატოლიის ბეგლარბეგად მეორედ დაინიშნა ჰიჯრით 928 წელს (1517 წელს), მაგრამ დოკუმენტში იხსენიება ბაიბურდის გამგებელი მეჰმედიც, იგივე ყიზილ აჰმედ მირზა მეჰმედ ბეგი, რომელსაც ბაიბურდის ბეგობა ებოძა 1515 წლის ნოემბერში და ყვარყვარესთან ბრძოლაში დაიღუპა 1517 წლის ზაფხულში. დოკუმენტი შედგენილია 1517 წელს მანუჩარსა და ყვარყვარეს შორის დიდ არტაანში მომხდარ ბრძოლამდე. მანუჩარი სელიმ-ხანს შეხვდა დამასკოში 1516 წლის ნოემბერში. შემდეგ კი სამცხეში დაბრუნდა მირზა მეჰმედ ბეგის დახმარების იმედით. ოსმალები ყველა ღონეს მიმართავენ, რომ ბაიბურდის ციხის შეკეთება ზამთრამდე არ გაგრძელდეს. ჩამოთვლილი ფაქტების გათვალისწინებით დოკუმენტი E 6478/1 თარიღდება 1516 წლის შემოდგომით.

საბუთის ტექსტი[edit]

რუმის ბეგლარბეგ შადი-ფაშას მოხსენებითი ბარათი სულთნის კარზე[edit]

მაღალი ზღურბლისა და უზენაესი სამეფო კარის წინაშე, ნურასოდეს შეწყდება მისი სიდიადე, უღირსი მონის მოსახსენებელი ის არის, რომ ღვთივკურთხეული შაბანის პირველ რიცხვებში[1] ვანისა[2] და ვასთანის[3] რაიონებში მომხდარი ამბების გამო ბაიბურდისა და ერზინჯანის ვილაიეთები დაფრთხნენ და ძალიან შეშინდნენ. რადგან ბაიბურდის ციხის შეკეთება დამთავრებული არ იყო, სასაზღვრო რაიონების ბეგები ფრთხილად მოქმედებდნენ და ჩვენსკენ წერილებს აგზავნიდნენ. ამ დროს კი ბითლისის ბეგმა შერეფ ბეგმა რამდენიმე კაცი შეარჩია და ისინი ბაიბურდამდე მივიდნენ, ალაშკერტის ნაჰიეს დარბევის გამო მოულოდნელად რაიმე არ მოხდესო. იმ ადგილებში, რომელთა დაცვა საჭირო და აუცილებელი იყო, ყარაულები გაიგზავნა. წყეული ყიზილბაშების ქვეყანაში ნამდვილი ამბების შესატყობად გაგზავნილ იქნენ ჯაშუშები. იმისათვის, რომ ციხის შეკეთება ზამთრამდე არ გაგრძელებულიყო, მშენებლობისა და ფორტიფიკაციის მიზნით მოსახლეობიდან საკმაოდ ბევრი შეგროვდა. მათ მეთვალყურეებად დაინიშნენ ბაიბურდის ბეგის მეჰმედ ბეგის ხელქვეითნი. ვიდრე აქა-იქ გზა და ზოგი მთა იყო ჩაკეტილი, სიფრთხილე გამოვიჩინეთ და ქელქედისა და შირინის მხარეში შევყოვნდით.

თუ უბედური შაჰის ამბავს იკითხავთ, ვანისა და ვასთანის აოხრების შემდეგ ადილ-ჯევაზის ბეგმა ჰალიდ ოღლიმ, ერჯიშის ბეგმა ქურდ-ბეგმა და ვანის ბეგმა თექელუ სენანმა საგანგებო მაცნეები გაუგზავნეს - "ქვეყანა ჩვენი გაძარცვეს, ცოლ-შვილი დაგვიტყვევეს. ვიმედოვნებთ, რომ შაჰი ჩვენზე მოწყალებას მოიღებს და დახმარებას გაგვიწევს. ჩვენი მხრიდან, როგორც კი შურს ვიძიებთ, ვიდრე ძალ-ღონე გვეყოფა მათ საზღვრებს გავანადგურებთ".

ურწმუნო შაჰი საშინლად აფორიაქდა. ყორჩი გაგზავნა უჯანში, კარავი ააშლევინა ურწმუნო ჯაიანს და ასე უბრძანა: "შენს განკარგულებაში მყოფი ასქერებით წახვალ და ალადაღს მიხვალ. წყეული დივ ალიც თავისი ასქერებით შემოგიერთდება. ნურც ერთ დღეს, ნურც ერთ საათს ნუ შეისვენებთ, იარეთ და ის საზღვრები დაანგრიეთ, დაწვით და იავარჰყავით". ჯაიანი აიყარა და ვიდრე ხოიდან ყარანუდერეს პირს მიაღწევდა, ისევ მოვიდა ყორჩი და წინა გეგმაზე ააღებინეს ხელი: "თქვენ-თქვენ ადგილებზე დარჩით, თუ ალაჰი ინებებს, მეც თავრიზისკენ ვიზამ პირს. ამიტომ ჩემთვის ზამთრის სადგომის მომზადებაზე იზრუნეთ". ბრძანების შესაბამისად თვალყურს ადევნებდნენ საზამთრო სადგომის მომზადებას როგორც თავრიზში, ისე ისფაჰანსა და ყუმში. მაგრამ შაჰი თავრიზში არ ჩამოსულა, იგი ყუმის ახლოს, ბეშფარმაკის სახელით ცნობილ იალაღზე იმყოფება. ჯაიანი კი თავრიზშია. დივ ალი აღმიღანის სახელით ცნობილ რაიონშია. ჰალიდ ოღლუ, ქურდ-ბეგი, თექელუ სენან-ბეგი და მსგავსი უსჯულონი თუჯი ბაზარში დაბანაკდნენ. ხოლო ალფაღუდ ჰალილ ოღლუ და კარაჯა ილიასის ძენი 200-მდე კაცით კაღიზმანის მხარეში არიან. უსჯულო ისჰაკ ოღლის მხრიდან გაგზავნილიფირი სათილმიშ ოღლუ 15 კაცით ავნიქში იმყოფება.

ავნიქში მყოფი სომხები დაიფანტნენ და საქართველოსკენ წავიდნენ. ორი ოჯახი კი ბაიბურდში მოვიდა. ამჟამად წყეული ჯამაათი დამშვიდებულია და თავის საზღვრებს იცავს.

თუ საქართველოს ამბავს გამოიკითხავენ, გასულ წელს მისი უზენაესობის, ღვთის ჩრდილის და ქვეყნის საფარველის ფადიშაჰის მიერ ტრაპიზონიდან გაიგზავნა ზიმი აღაჯუკის ძე იაკუბ-შაჰი დადიანთან და გურიელთან ხარაჯის მოსათხოვნად. ახლა დაბრუნდა უკან და მისი ელჩი დადიანისაგან ხარაჯით დატვირთული მიდის მაღალ სამეფო კარზე.

თუ ყვარყვარეს ამბავს იკითხავენ, მანუჩართან ბრძოლაშია. საქართველოში ზოგიერთი, მაგალითად მეფე დავითი მანუჩარის მხარეზეა, ზოგიერთი კი - იმერეთის მეფითურთ ყვარყვარეს მხარეზეა. ერთმანეთთან ბრძოლაში და ერთიმეორის ხოცვა-ჟლეტაში არიან გამუდმებით. ამჯერად ერთსაც მტკიცედ შეკავშირებული ჯამაათი ჰყავს და მეორესაც. თითოეული თადარიგს იჯერს უახლოესი ბრძოლისათვის.

რაც შეეხება უბედურ შაჰს, ამბობენ რომ იგი შეიძლება გამოსაზამთრებლად იყოს ყუმში. იმის ზუსტად გასაგებად თუ სად აპირებს ზამთრის გატარებას და რა გეგმები აქვს, რამდენჯერმე გაიგზავნა გამოცდილი პირებიდან ერთგული კაცები. აგერ 5-6 თვეა მის ბანაკში არიან წასული ჩვენი ხალხიც. თუ მოწყალე ალაჰმა ინება, იმედი გვაქვს ღვთის შეწევნითა და ფადიშაჰის მზრუნველობის ძალით მოიპოვებენ ზედმიწევნით სრულ ცნობებს და მოახსენებენ სვებედნიერ მაღალ ზღურბლს.

აქამდე მომხდარი ამბები ეს არის რაც მოგახსენეთ. რაც შეეხება დანარჩენს, ბრძანება ეკუთვნის მაღალ სამეფო კარს.

ღატაკი მონა-მორჩილი

შადი.

მინაწერი: რუმის ბეგლარბეგის წერილი არის.


  1. აგვისტოს ბოლო დეკადა
  2. ვანი - ოლქი და საოლქო ცენტრი ვანის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე. თურქებმა დაიპყრეს 1548 წელს
  3. ვასთანი - ქალაქი ვანის ტბის სამხრეთით. ახლანდელი გევაში. შედის ვანის ოლქში.