1511 წ. 09.15 - ბაგრატ მეფის წყალობის წიგნი ზაქარია ფანასკერტელს

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

საბუთი:

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ნებითა და შეწევნითა ღვთისათა, ჩუენ, ღთივ გვირგვინოსანის მეფეთ-მეფის ბაგრატისგან, ძმათა ჩუენთა პატრონის ვახტანგისგან და პატრონის გიორგისგან, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შანშე და შარვანშე და ყოვლისა აღმოსავლეთის ვიდრე დასავლეთამდის, ლიხთ-იმერის და ლიხთ-ამერის, ორისვე სამეფოს ტახტის თვით მტკიცედ ფლობით მპყრობელმან

მოვიდა ჩუენი და ჩუენზედან დიდად ვალდებული, თავადთა შიგან საჩინო ფანასკერტელი ზაქარია, ციცი, თაყა და მათნი ძმანი და დაგვეაჯნეს.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება მათი და როგორც მათს ვალდებულობას ვემართლებოდით და ჩუენზედან ობლობას და მათგან ნამსახურს და გვერც მოდგომას და მიუბოძეთ რუვის თვალიაშვილი მისით მამულით მომატებულით და მკვიდრითა, გივიაშვილები სრულიად მისით მამულით, სამივე განაყოფით, ზვრის ბოლოს ნაზვრევი ხუთის დღის მიწა და წინუბანს ოთხმოცდათხუთმეტის დღის მიწა, სხვა სახასოსგან ტინის ხიდი თავქალაშვილის სეული ბახჩიაშვილი და მისნი განაყოფნი, მკერვლისშვილნი მისით მამულით, წყლით და წისქვილით, ველით და ვენახითა, ჭალითა და სათიბითა, შესავლით და გამოსავლითა, ყოვლითურთ მისით სამართლიანითა უნაკლულოდ და სრულიად მოგვიცემია

და ვერვინ იყოს მოცილე თქვენი, ვერა ნეფენი და ვერა დედოფალნი, ვერა უზედაესნი და ვერა უქვედაესნი, მტკიცე და შეუცვალებელი სიგელი ესე ოდენ არის. ვისაც სხვას ამისი ოდენ სიგელი ქონდეს, ყველა ამით გაგვიცუდებია, ამად რომე ობლობაშიგან დიდი ვალი დაგვდევით და მოგვეხმარენით. აწე თქვენის ვალის და სამსახურის სამუქფოდა ესე ოდენ მამული მოგახსენეთ, ასრე რომე სამეფო ხელი ერთის მალის მელის მეტი არა შევიდეს-რა და ვერცვინ მიუდგეს კარზედან. რომე ბაზიერს ქორი უკვდებოდეს შიმშილითა, არა ძალქონდეს თხოვად და კარზედან მიდგომად მათად. ასრე ამომიკვეთია სამეფო ხელი, არასთანა არა ეთხოვებოდეს.

დაიწერა სიგელი ესე ინდიკტიონს მეფობისა ჩუენისასა ქორონიკონს რპთი, თვეს სეკდენბერს ათხუთმეტს.

საბუთის დათარიღება[edit]

ს. კაკაბაძე: "ეს წყალობის წიგნი მიცემული უნდა იყოს ბაგრატ იმერეთის მეფის მიერ 1511 წ. (ქორონიკონი რპთი ალბათ ნამდვილად უნდა იკითხებოდეს რპით (199)). ბაგრატი მისი მამის, ალექსანდრე იმერთა მეფის სიკვდილის შემდეგ 1510 წ. დარჩა 15 წლის, ასე რომ ის ამ დროს თავის ძმებთან ერთად მართლაც "ობლობას" განიცდიდა".
პირთა ანოტირებულ ლექსიკონშიც საბუთი 1511 წლის 15 სექტემბრითაა დათარიღებული.

შენიშვნა[edit]

პირთა ანოტირებულ ლექსიკონის მიხედვით Hd-2118 საბუთში ბაგრატის ძმებში ვახტანგისა და გიორგისან ერთად დასახელებულია დიმიტრიც, რომელიც კაკაბაძის მიერ გამოცემულ ტექსტში არ გვხვდება.

პუბლიკაცია[edit]