1446-1465 წწ. - გიორგი მეფის სასისხლო სიგელი გუგუნბერიძეებს

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

გუგუნბერიძეთა სასისხლო სიგელი

  • 1448-5035 - საბუთის დედანი 1927 წელს ცენტრარქივს შეუძენია სოფ. ქვიტირში მცხოვრებ ს. გოგიბერიძისაგან.

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 1927 - იასე ცინცაძე - გუგუნბერიძეთა სასისხლო სიგელი - გვ.16-19


სახელითა ღთისათა, ჩვენ ღთგვირგვინოსანთა მეფეთ მეფემან პატრონმან როსტომ

გიორგისაგან' იესიან, დავითიან, სოლომონიან ბაგრატისაგან და თანა მემცხედრისა ჩვენისა ბატონის დედოფალთ დედოფლისა ნესტანდარეჯანისაგან და ძისა ჩვენისა ყოვლადვე სასურველ საწადელისა საყუარელისა ალექსანდრესისაგან ნებითა ღთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა მეფისა შარვანშე და ყოვლისა საქრისტიანოსა აღმოსავლეთირ დასავლეთამდის ჩრდილოვეთისა აფხაზეთის, ლიხთიმერთისა და ლიხთ ამიერისა ორისავე ტახტისა და სახელმწიფოსა თვით მფლობით ხელმწიფედ მტკიცედ მპყრობელისა.

მოვიდეს წინაშე ჩვენსა ჩვენი დაიდად ერდგული და ნამსახური და მოსამსახურენი გუგუნბერიძენი ზარდიაი და იმარიდო შიოშეი მათთა შვილებითა და მომავალთა ყოველთავე. მას ჟამსა ოდეს დაგვეაჯენით და ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და გიბოძეთ სიგელი ესე სასისხლო. მოკითხული ვქენით და ძველადაც გქონებოდა ჩვენთა ...თაგანა, მაგრამ სოფლისა ვითარობისა და ჟამისა აშლილობისა დაწვა აოხრებასა საქმეშიდა წაგხდომოდა. აწ, ჩვენ ამა სიგლითა გაგიახლეთ და გიბოძეთ:

ნუმცა იკადრებს უბრალოსა კაცისა სიკვდილი და სისხლისა ღვრასა, თუ ეშმაკის მანქანებით შენის გვარის კაცი ვისმე შემოაკვდეს, ასოცი ათასი ძველი კირმანეული თეთრი დაგიუროს, ამას გარეთ ათიათასი ძველი თეთრი სანახშირედ დაგიუროს.

ვინცა ცოლი მოგიტ..ნას ანუ წაგიღოს, ნახევარი სისხლი დაგიუროს.

ვინცა გრძინულობა შემოგწამოს და მართალი გამოხვიდე, ნახევარი სისხლი დაგეუროს.

ვინცა ექუსთა ასოთაგან დაგიშაოს, მექუსედი სისხლი დაგიუროს.

ვინცა შენი გვარის ქალი უმიზეზოდ დაგიგდოს, ნახევარი სისხლი დაგიუროს.

ვინცა დარბაზს ბატონსა შეგაბეზღოს, მესამედი სისხლი დაგეუროს.

ვინცა უომარი ...ი გიცეს, ათასი თეთრი დაგიუროს.

ვინცა სასაფლაო გაგიტეხოს, ხუთასი თეთრი დაგიუროს.

ვინცა ... ანუ სეფექალი გიცეს, ათასი თეთრი დაგიუროს, თუ მოგიკლას - მისი გვარის სეფექალი მოიკითხე, ისრე სისხლი დაგიუროს..

ვინცა ცეცხლი შემოგიდვას, რვა ათასი თეთრი დაგიუროს.

ვინცა დაღი დაგსვას საჩინოსა ალაგსა, ათასი თეთრი დაგიუროს.

ვინცა გერში გადინოს, ხუთასისი თეთრი დაგიუროს.

ვინცა მწყესი გიცეს და საჯოგე გაგიტეხოს, ათასი თეთრი დაგიუროს.

სხვა უპატიობა რაგინდარა უკადრისობა საქმე დაგემართოს, ეს ჩვენგან განაჩენი სიგელი დაიდევით წინა, იმრიგად ანგარიში ჰქენით, იმრიგად დაგეურებოდეს.

და სხვანო ჩვენო ჩამომავალო მყოფნო და დედოფალო, თქვენცა აგრე დაუმტკიცეთ და გაუთავეთ.

სხვანო ჩვენისა ერისთავთ ერისთაო და კარისა ჩვენისა თავადთა და დარბაისელ-დიდებულთა, აზნაურის შვილთა, დიდთა და მცირეთა ყოველთა, ამა წესითა დაუმტკიცეთ და ნუვინ რას დააკლებთ თვინიერ თანადგომისა და შემატებისა.

ვინმე თქუენ, (ქ)რისტეს ღთის მიერ კურთხეულმან ქართლისა და აფხაზეთისა კ(ათალიკ)ოზნო, ეფისკოპოზმან და ღდელთ მოძღვარო, თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ. ოდიშისა ბედიელ, დრანდელ, მოქუელო, ჩაიშელო, ჭელენჯიხელ, ჭყოინდელო; ქუთათისისა ქუთათელო; გურიას გურიელო და მისნო ეფისკობოზებო და საპატიო თავადებო, თქუენცა ასრე დაუმტკიცეთ.

და სხვანო ჩვენისა კარისა კაცნო, დიდო და მცირე, მოხელენო. მეკულუხენო, მესტუმრენო და მზარეულნო, ამ ჩვენს ერდგულსა და კარგვარად ნამსახურს გუგუბერიძესა და მათ გვარის კაცსა და მათ შვილთა და მომავალთა უბრალოთ არა სთხოთრა, არცა გამოართვათ უსამართლდაწყენიოთ ესე ყოველი სამართლიანის საქმით დაუმტკიცეთ.

და სხვანო ... ნნო ბოქაულო და ბოქაულთ უხუცესო; მეჯინიბევ და მეჯინიბეთ უხუცესო, ბაზიარო და ბაზიერთუხუცესო, მემწყერენო და ... უფალო თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ ეს ჩვენი სიგელი.

ვინცა ..ნცა კაცმან ხელყოს ამის დაშლად და ... მამა, ძე და სულიწმიდა ნესტორესა და აგროსინეს თანამ... წყეული შეჩვენებულ აქა. დამამტკიცებელ...

როსტომ (საბუთის უკანა მხარეს)



გამოკვლევა საბუთის შესახებ[edit]

2017 - გონელი არახამია - სასისხლო სიგელთა შესწავლისათვის - გვ.90-92

გუგუნბერიძეთა სასისხლო სიგელი

გასული საუკუნის 20-იან წლებში საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივს იმერეთის სოფ. ქვიტირის მკვიდრმა ს. გოგიბერიძის ოჯახმა გადასცა მათი საგვარეულო სიგელი (სეა 1448-5035). ესაა გუგუნბერიძეთა სასისხლო საბუთი, დაწერილი ქაღალდზე მხედრული ანბანით. გამოაქვეყნა ი. ცინცაძემ175.

საბუთის ადრესატები არიან ზარდია, იმარიდო და შიოშ გუგუნბერიძეები.

საბუთის გამცემად დასახელებულია მეფე გიორგი, მისი თანამეცხედრე დედოფალი ნესტანდარეჯანი და ძე მათი ალექსანდრე176.

საბუთის თავი მოხატულია წითელი და შავი მელნით, შუაში ჯვარია გამოსახული, რომლის გარშემო მთავრულად წერია: "ჯი, ქი, ძა, მა". ჯვრის ქვემოთ ორნამენტებით შემკული ოთხკუთხედის ფორმის არშიაა დახატული, რომელშიც წითელი მელნით ჩაწერილია: "სახელით ღ(მრ)თისათა ჩვენ ღ(მრ)თ(ივ)გვირგვინოსანთა მეფთ-მეფემან პატრონმან როსტომ"177.

საბუთს ბოლო სტრიქონები აკლია. ზურგზე მოთავსებულია ხვეული ხელრთვა და იკითხება "როსტომ"178.

გუგუნბერიძეებისათვის სასისხლო სიგელის მბოძებელი მეფე თანამეცხედრისა და შვილის სახელის მიხედვით არის მეფე გიორგი VIII (1446-1465)179.

სიგელი განახლებულია იმერეთის მეფის, როსტომის მიერ (1593-1604), როდესაც გიორგი VIII-ის მიერ გაცემული საბუთის ტექსტი თავიდან გადაიწერა, თავში გაუკეთდა მინაწერი როსტომ მეფის მოხსენიებით და ბოლოს დაერთო მისი ხელრთვა. საბუთის ტექსტი თხელ ქაღალდზეა დაწერილი, რომელიც მოგვიანებით სქელ ქაღალდზე დაუწებებიათ. საბუთის ზურგზე მოთავსებული როსტომ მეფის ხელრთვა რომ ამ სქელ ქაღალდს არ დაეფარა, ეს უკანასკნელი ხელრთვის პირდაპირ ოთხკუთხედად ამოუჭრიათ. ასე რომ, საბუთი გაცემულია გიორგი VIII-ის მიერ 1446-1465 წლებს შორის. მოგვიანებით, 1593-1604 წლებს შორის სიგელი განაახლა როსტომ იმერთა მეფემ.


175 ცინცაძე 1927: 16-19.
176 ცინცაძე 1927: 16-17.
177 ცინცაძე 1927:17
178 ცინცაძე 1927: 18
179 ჯავახიშვილი 1982: 272,320; ცინცაძე 1927:17


პუბლიკაცია[edit]