Jump to content

ჯუანშერი - "ცხორებაჲ ვახტანგ გორგასლისა" (2008)

From Wikisource




ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







ჯუანშერი - "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა"




პუბლიკაციები

[edit]

2008 - "ქართლის ცხოვრება" - რ. მეტრეველის რედაქციით


ტექსტი

[edit]
ჯუანშერი
"ცხორებაჲ ვახტანგ გორგასლისა"


ცხორებაჲ ვახტანგ გორგასლისა
მშობელთაჲ და თჳთ მის დიდისა და ღმრთისმსახურისა მეფისაჲ,
რომელი უმეტესად სხუათა განთქუმულად გამოჩნდა
ყოველთა მეფეთა ქართლისათა


ვითარ-იგი შეიპყრეს ქართველთა მეფე მირდატ სპარსთა წყობასა შინა, წარიყვანეს ბაღდადს და მუნ მოკუდა. დაიპყრეს ქართლი სპარსთა და განრყუნეს ეკლესიანი. და დამალეს ჯუარები ქართველთა, და ყოველთა შინა ეკლესიათა ქართლისათა ცეცხლისმსახურთა სპარსთა აღაგზნეს ცეცხლი.

ხოლო ნათესავნი ქართლისა მეფეთანი დარჩეს ჴევსა კახეთისასა. და შემდგომად სამისა წლისა უცალო იქმნნეს სპარსნი, რამეთუ აღდგეს მტერნი აღმოსავალით. მაშინ შეითქუნეს აზნაურნი ქართლისანი, მოიყვანეს და დასუეს მეფედ მცხეთას ძე თრდატისი, ძმისწული მირდატ მეფისა წარტყუენულისაჲ, სახელით არჩილ.

ამან არჩილ მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, ნათესავი ივბიმიანოს მეფისაჲ, სახელით მარიამ, და განაცხადა მტერობაჲ სპარსთაჲ, გამოაჩინნა ჯუარნი და შეკაზმნა ეკლესიანი, მოსრნა და განასხნა ცეცხლისმსახურნი საზღვართაგან ქართლისათა, მოირთო ძალი საბერძნეთით, და წარძღუანებითა ჯუარისაჲთა იწყო ბრძოლად სპარსთა.

მაშინ ერისთავი სპარსთა მეფისაჲ, რომელი ერისთვობდა რანს და მოვაკანს, ვიდრე არჩილის მეფობადმდე მისივე განსაგებელი იყო ქართლი. ამან შეკრიბა სპაჲ მოვაკნისა, რანისა და ადარბადაგნისაჲ, და მიჰმართა არჩილს. ხოლო არჩილ სასოებითა და მინდობითა ღმრთისაჲთა მიეგება საზღვართა ზედა ქართლისა და რანისათა, ეწყო მუნ მდინარესა ზედა ბერდუჯისასა, და ძალითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა მოსრნა და ტყუე-ყვნა, შევიდა რანს და მოტყუენა და მოვიდა შინა განმარჯუებული, განავლინა ქადაგი ყოველსა ქართლსა შინა და ჰრქუა ყოველთა: „არა ძალითა ჩუენითა, არცა სიმჴნითა, არცა სიბრძნითა, არცა სიმრავლითა სპათაჲთა ვსძლეთ მტერთა, არამედ ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს, ძისა ღმრთისაჲთა, რომელმან მოგუცა წინამძღურად და საჭურველად ჯუარი მისი პატიოსანი. აწ ყოველთა ქართველთა ადიდეთ სამებაჲ ერთარსებაჲ, ღმერთი დაუსაბამოჲ, დამბადებელი ყოვლისაჲ, შეწირეთ მადლობაჲ, და მტკიცემცა არიან გულნი თქუენნი სარწმუნოებასა ზედა სამებისა წმიდისასა.“

და ყოველთა ქართველთა შეწირეს მადლობაჲ ღმრთისა მიმართ და განაახლნეს ეკლესიანი. მაშინ არჩილ მეფემან აღაშენა ეკლესიაჲ სტეფანწმიდისაჲ მცხეთას, კართა ზედა არაგჳსათა, სადა იყვნეს კოშკნი მტკიცენი საბრძოლნი, რომელნი მასვე აღეშენნეს.

ესუა ძე არჩილს, და უწოდა სახელი მირდატ, აღიზარდა და დადგა ჰასაკსა მამაკაცობისასა, იყო მორწმუნე და ღმრთისმსახური, ვითარცა მამაჲ მისი. და იყო იგი ქველი და შემმართებელი. ამან უმეტესად იწყო ბრძოლად სპარსთა, შესლვად და ტყუენვად რანსა და მოვაკანსა, რამეთუ მას ჟამსა შინა უცალო იყო მეფე სპარსთაჲ, ჰბრძოდა იგი ჰინდოთა და სინდთა და აბაშთა, და ვერ შემძლებელ იყო სპასა დიდსა გამოგზავნასა. სპათა რანისა და მოვაკნისა და ადარბადაგნისათა ემძლავრებოდეს ქართველნი. წინამძღუარ ექმნის მირდატ სპათა მამისა მათისათა, და მარადის ტყუენვიდეს რანსა და მოვაკანსა.

მას ჟამსა შინა იყო რანს ერისთავად ბარზაბოდ, და ვეროდეს წინააღუდგებოდა იგი, არამედ განამაგრნის ციხენი და ქალაქნი, შესავალნი ქართლისანი. რანს, სადაცა ეწყვნიან სპარსნი ნაწყუედითა ლაშქრითა მტყუენველთა ქართველთა, მარადის სპარსნი იძლეოდიან.

ხოლო ბარზაბოდს, ერისთავსა რანისასა, ესუა ასული ქმნულკეთილი, შუენიერი, რომელსა ერქუა საგდუხტ. უთხრეს მირდატს, ძესა არჩილისსა, სიშუენიერე მისი და სმენითა სიშუენიერისა მისისაჲთა ტრფიალ იქმნა მირდატ მის ზედა, მოაჴსენა მამასა თჳსსა: „ვევედრები მეფობასა შენსა, მომგუარე ცოლად ჩემდა საგდუხტ, ასული ბარზაბოდისი, და შევქმნათ ჩუენ შორის მშჳდობაჲ. დაღათუ ძალითა ქრისტესითა ჩუენ ვართ მძლენი, არამედ ვერ წარვიხუამთ ჩუენ ციხეთა და ქალაქთა რანისათა, ნუუკუე იცალოს მეფემან სპარსთამან და იძიოს ჩუენ ზედა შური, და მოაოჴრნეს ეკლესიანი და საზღვარნი ჩუენნი. აწ ამით განქარდეს მტერობაჲ ჩუენ შორის, და, ჩუენთჳს რაჲცა მოაჴსენოს მეფესა სპარსთასა, უსმენს იგი. და ამით მტკიცედ და შეურყევლად ვიპყრნეთ საზღვარნი ქართლისანი, და განმტკიცნეს სჯული ქრისტესი ქართლს. და არღარა შეექმნას გულსა ქართველთასა იჭჳ და გმობაჲ სჯულისა ქრისტესისაჲ მძლავრებისათჳს სპარსთაჲსა.“

ესე ყოველი მირდატ სიყუარულისათჳს მის ქალისა თქუა. მაშინ არჩილ მეფემან აღასრულა ყოველი თხოვაჲ მისი, წარგზავნა მოციქული ბარზაბოდისა, და ითხოვა ასული მისი ცოლად ძისა თჳსისა. ხოლო ბარზაბოდ განიხარა სიხარულითა დიდითა, რამეთუ მოოჴრებულ იყო ქუეყანაჲ მისი და შესჭირვებოდა, ითხოვა ფიცი და აღთქუმაჲ მშჳდობისათჳს, და მისცეს ფიცი.

და მოსცა მან ასული თჳსი ზითვითა დიდითა, მოიყვანეს მცხეთას, და ქმნეს ქორწილი, შუებაჲ და განცხრომაჲ დღეთა მრავალთა. და მისცა მეფემან სამშჳლდე ძესა თჳსსა საერისთვოჲთა მისითა, და მუნ დასხდეს მირდატ და საგდუხტ.

ხოლო ამან საგდუხტ დედოფალმან გამოიკითხა სჯული ქრისტესი. რამეთუ ქმარმან მისმან მოჰგუარნა კაცნი სჯულისმეცნიერნი, და უთარგმანეს სახარებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და ამხილეს ყოველი, რამეთუ ჭეშმარიტი ღმერთი ქრისტე არს, რომელი განკაცნა ჴსნისათჳს ჩუენისა.

მაშინ საგდუხტ გულისჴმა-ყო და ცნა სჯული ჭეშმარიტი, და დაუტევა ცეცხლისმსახურებაჲ, ნათელ-იღო და იქმნა მორწმუნე. და ამან აღაშენა სამშჳლდისა სიონი.

ამის არჩილის ზე გარდაიცვალნეს სამნი ეპისკოპოსნი: იოვანე, გრიგოლი და ბასილი. და ბასილისვე შემდგომად ამანვე არჩილ დასუა ეპისკოპოსი, რომელსა ერქუა მობიდან. ესე იყო ნათესავად სპარსი და აჩუენებდა იგი მართლმადიდებლობასა, ხოლო იყო ვინმე მოგჳ უსჯულოჲ და შემშლელი წესთაჲ, და ვერ აგრძნეს არჩილ მეფემან და ძემან მისმან უსჯულოებაჲ მობიდანისი, არამედ ჰგონებდეს სარწმუნოდ, და ვერცა განაცხადებდა ქადაგებასა სჯულისა მისისასა შიშისაგან მეფისა და ერისა[ჲსა], არამედ ფარულად წერდა წიგნებსა ყოვლისა საცთურებისასა, რომლისა შემდგომად დაწუა ყოველი წერილი მისი ჭეშმარიტმან ეპისკოპოსმან მიქაელ, რომელი განიკუეთა კადრებისათჳს ვახტანგ მეფისა.

ხოლო ამან არჩილ მეფემან ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი აღასრულნა სარწმუნოებასა შინა სამებისა წმიდისასა [და] ეკლესიათა შენებასა. და ყოველსა ქართლსა შინა განამრავლნა მღდელნი და დიაკონნი და მსახურნი ეკლესიათანი, და მოკუდა. და მეფე იქმნა მის წილ ძე მისი, მირდატ.

და მეფობდა იგი, ვითარცა მამაჲ მისი, დიდსა სარწმუნოებასა შინა. მიუდგა დედოფალი საგდუხტ და შვა ასული და უწოდა სახელი მისი ხუარანძე. კუალად ევედრებოდეს ღმერთსა მირდატ მეფე და დედოფალი საგდუხტ, რაჲთა მისცეს ძე. და შემდგომად ოთხისა წლისა მიუდგა საგდუხტ და შვა ძე და უწოდა სახელი მისი სპარსულად ვარანხუასრო-თანგ, ხოლო ქართულად ეწოდა ვახტანგ. აღივსნეს სიხარულითა მშობელნი მისნი შობასა მის ყრმისა ვახტანგისსა, და განავლინეს მახარობელი ყოველთა თანა ერისთავთა, და გამოიღეს ხუასტაგი დიდძალი, ურიცხჳ ოქროჲ და ვეცხლი, და განუყვეს გლახაკთა და შეწირეს მადლობაჲ ღმრთისა მიმართ ლოცვითა და ვედრებითა და ღამის-თევითა დღეთა მრავალთა.

და ამისა შემდგომად მოხადნა მეფემან ყოველთა წარჩინებულთა ქალაქად, და დღეთა მრავალთა ყო პურობაჲ და განცხრომაჲ. და ევედრებოდეს ყოველნი ღმერთსა აღზრდისათჳს ვახტანგისისა. მოითხოვა მეფისაგან საზრდოდ საურმაგ სპასპეტმან ვახტანგ დიდითა ვედრებითა, ხოლო მიანიჭა მეფემან და მისცა ძე მისი ვახტანგ საურმაგს სპასპეტსა საზრდოდ, რამეთუ წესი იყო, რომელ შვილნი მთავართანი წარჩინებულთა სახლსა აღიზარდნიან. შემდგომად ამისა, მეექუსესა წელსა, შვა საგდუხტ ასული სხუაჲ და უწოდა სახელი მისი მირანდუხტ. და მოითხოვა იგი საზრდელად სპასალარმან კასპისამან, და მისცა იგი მეფემან და წარიყვანა იგი ქალაქსა კასპისასა, და იზარდებოდა მუნ. შემდგომად ამისა, წელსა მეორესა, მოკუდა მეფე მირდატ და დარჩა ვახტანგ შჳდისა წლისა ყრმაჲ.

მაშინ საგდუხტ დედოფალი შეწუხდა მამისა მისისა ბარზაბოდისგან: „ნუუკუე შურ-იგოს მამამან ჩემმან ნაქმნარისაგან მამამთილისა და ქმრისა ჩემისა, რომელ ეგეოდენნი ბოროტნი მოიწივნეს მის ზედა, და ნუუკუე შურ-იგოს ჩემ ზედა დატევებისათჳს სჯულისა და წარწყმიდოს შვილი ჩემი, და განრყუნას ქართლი და სჯული ქრისტესი წარწყმიდოს.“ ესე ყოველი მოიგონა და შთავარდა მწუხარებასა შინა დიდსა, ევედრებოდა ღმერთსა და განიზრახა წარსლვაჲ წინაშე მამისა მისისა და შევრდომაჲ მისი. მოიყვანნა ყოველნი ერისთავნი სპასპეტისა თანა და ცრემლითა სიმწარისაჲთა შეჰვედრა ძე მისი სპასპეტსა და ყოველთა ერისთავთა. და წარვიდა ბარდავს მამისა თჳსისა თანა, განიღო თავი და აღმოყარნა ძუძუნი მისნი და დავარდა პირსა ზედა, და დასდვა პირი ფერჴთა მისთა ზედა, დაავლტობდა ფერჴთა მამისა თჳსისათა ცრემლითა და ითხოვდა მისგან შეწყალებასა და არაჴსენებასა ნაქმართა მამამთილისა და ქმრისა მისისათა და შენდობასა დატევებისათჳს სჯულისა და ევედრებოდა, რაჲთა არა აღიძულოს დატევებაჲ ქრისტეს სჯულისაჲ, რამეთუ იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი. და ევედრებოდა, რაჲთა იპყრას შვილი მისი მამულსა შინა მისსა, და მოურავ ექმნეს იგი სპარსთა მეფისა წინაშე.

მაშინ ბარზაბოდ, განმზადებულმან ბოროტის-ყოფად ქართველთა ზედა, შეიწყალა ასული თჳსი, არა აიძულა დატევებაჲ სჯულისაჲ, და აღასრულა ყოველი თხოვაჲ მისი სჯულისათჳს. ესრეთ ჰრქუა: „იძულებით არცა სხუასა ვის ქართველსა დავატევებიებ სჯულსა ქრისტესსა, არამედ მივგზავნნე ცეცხლისმსახურნი ქალაქსა თქუენსა და იყვნენ მუნ მათ ზედა ეპისკოპოსნი სჯულისა ჩუენისანი, და ვინცა ქართველი ნებითა თჳსითა აღირჩევდეს სჯულსა ჩუენსა, ნუ აყენებთ.“ მაშინ საგდუხტ ერჩდა მამასა თჳსსა შიშისაგან დიდისა და აღუთქუა მინდობითა ღმრთისაჲთა, და წარმოვიდა ქართლად.

მაშინ ბარზაბოდ წარმოგზავნნა ცეცხლისმსახურნი მცხეთას და მათ ზედა ეპისკოპოსად ბინქარან, და დასხდეს მოგუთას.

და საგდუხტ დედოფალი განაგებდა მეფობასა ძალითა და შეწევნითა მამისა თჳსისაჲთა. და მოკუდა ბარზაბოდ, მამაჲ საგდუხტისი, და მის წილ დაადგინა სპარსთა მეფემან ადგილსა მისსა ძევე მისი ვარაზ-ბაკურ, ძმაჲ საგდუხტ დედოფლისაჲ. და მოკუდა საურმაგ სპასპეტი, მამამძუძე ვახტანგისი. მაშინ მეფემან დაადგინა სხუაჲ სპასპეტი, რომელსა ერქუა ჯუანშერ. ხოლო ბინქარან, ეპისკოპოსი მცხეთელთაჲ, რომელი იყო სპარსი ცეცხლისმსახური, ასწავებდა ქართველთა სჯულსა თჳსსა, არამედ არა ვინ ერჩდა წარჩინებულთაგანი, გარნა წულილისა ერისაგანი მოაქცია ცეცხლისმსახურებასა, და შეერია ქართლსა შინა ერსა წულილსა ცეცხლისმსახურებაჲ. ამისთჳს დიდად მწუხარე იყო საგდუხტ დედოფალი, არამედ მძლავრებისაგან სპარსთაჲსა ვერას ვინ იკადრებდა.

მაშინ მოიყვანა მღდელი ჭეშმარიტი საბერძნეთით, სახელით მიქაელ, და დაადგინა იგი ეპისკოპოსად ზემოსა ეკლესიასა, რამეთუ მობიდან ეპისკოპოსი გარდაცვალებულ იყო, და ესე მიქაელ ეპისკოპოსი წინააღუდგა ბინქარანს მაცთურსა, რამეთუ ასწავებდა ყოველთა ქართველთა სჯულსა ჭეშმარიტსა. ამან იპყრნა სარწმუნოებასა ზედა ყოველნი წარჩინებულნი ქართლისანი და ერიცა უმრავლესი, არამედ მცირედნი ვინმე წულილისა ერისაგანნი მიიქცეს ცეცხლისმსახურებასა.

მაშინ ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა ათისა, გარდამოვიდეს ოვსნი, სპანი ურიცხუნი, და მოტყუენეს ქართლი თავითგან მტკურისაჲთ ვიდრე ხუნანამდე და მოაოჴრნეს ველნი, არამედ ციხე-ქალაქნი დარჩეს თჳნიერ კასპისა, ხოლო კასპი ქალაქი შემუსრეს, ტყუე-ყვეს, და წარიყვანეს ვახტანგის დაჲ მირანდუხტ, სამისა წლისა ქალი. რომელ დაურჩეს წარუტყუენელად ჴევნი ქართლისანი, კახეთი და კლარჯეთი და ეგრისი, წარჰვლეს რანსა და მოვაკანსა, წარტყუენნეს იგინიცა, და განვლეს კარი დარუბანდისაჲ, რამეთუ თჳთ გზა-სცეს დარუბანდელთა, და შევიდეს ოვსეთს გამარჯუებულნი.

მასვე ჟამსა გამოვიდეს ბერძენნი აფხაზეთით, რამეთუ ბერძენთა ჰქონდა ეგრისწყლისა ქუემოჲთკერძოჲ, და ყოველი დაიპყრეს ეგრისწყლითგან ვიდრე ციხე-გოჯამდე. მაშინ იქმნა გლოვაჲ და მწუხარებაჲ ყოველთა ზედა ქართველთა და იტყოდეს: „განვამრავლეთ ცოდვაჲ წინაშე ღმრთისა და არა კეთილად ვიპყართ სჯული და წესი ქრისტესი. სამართლად მოაწია ღმერთმან ჩუენ ზედა რისხვაჲ ესე, რამეთუ მიგუცნა ჩუენ წარტყუენვად უცხოთა ნათესავთა, მიგჳღო ჩუენ საზღვარი ბერძენთაგან, ვითარცა მიეღო ვარაზ-ბაქარ მეფესა ბერძენთაგან კლარჯეთი, და იგი ცოდვითა ვარაზ-ბაქარისითა მოიწია, რამეთუ ვერ კეთილად ეპყრა სჯული ქრისტესი. ხოლო ესე არა მეფეთა ბერძენთაგან იქმნა, არამედ ჩუენ[ისა] ერისა ცოდვათაგან. აწ მეფე ჩუენი ყრმა არს და არა გჳვის ჩუენ წინამძღუარი, რომელიმცა სასოებითა ქრისტესითა და წინამძღურებითა ჯუარისაჲთა წარგჳძღუა ჩუენ და ვიძიეთ ჩუენ შური პირველ ოვსთა ზედა და შემდგომადმცა ვძებნეთ საზღვარი ქართლისაჲ ბერძენთაგან.“ ამას იტყოდეს ყოველნი ქართველნი და იყვნეს მწუხარებასა შინა დიდსა.

მაშინ ვახტანგ მეფე იზარდებოდა და ისწავლიდა მიქაელ ეპისკოპოსისაგან ყოველსა მცნებასა უფლისასა, და სიყრმისავე დღეთა შეიყუარა სჯული ქრისტესი უფროჲს ყოველთა მეფეთა ქართლისათა. და მწუხარე იყო იგი ამისთჳს, რამეთუ შემოჰრეოდა ქართლსა ცეცხლისმსახურებაჲ ტყუეობისა და საზღვართა მიხუმისაგან, და უმეტეს იურვოდა სჯულისათჳს გონებასა შინა, არამედ მძლავრებისაგან სპარსთაჲსა ვერ იკადრებდა გამოცხადებად.

მაშინ ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა ათხუთმეტისა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ქართლისათა და შემოკრიბნა ყოველნი ქალაქად, და განმზადა მეფემან სახლი ერთი და დაჯდა საყდართა ზედა მაღალთა, ხოლო ჯუანშერ სპასპეტი და ეპისკოპოსნი დასხდეს საყდართავე, და სხუანი ყოველნი ერისთავნი დასხდეს სელებითა, და ათასისთავნი და ასისთავნი და ყოველი ერი წარმოდგეს ზე. მაშინ მეფემან, ვითარცა მოხუცებულმან და ბრძენმან და ვითარცა აღზრდილმან ფილოსოფოსთა თანა, იწყო ზრახვად ჴმითა მაღლითა და თქუა: „მეფეთა და ერსა ზედა მოიწევის განსაცდელი და ჭირი ღმრთისა მიერ ცოდვათა მათთაგან, ოდეს მორწმუნეთა აკლნ მსახურებაჲ ღმრთისაჲ, და გარდაჰჴდენ მცნებასა, მოაწევს ჭირთა ესევითართა [მათ] ზედა, რომელ აწ მოიწია ჩუენ ზედა. ვითარცა-რაჲ მამაჲ კეთილი წურთინ შვილსა კეთილად კეთილთა ზედა საქმეთა, და უკუეთუ არაკეთილად აღასრულებდის სწავლასა მამისა თჳსისასა, გუემის მამამან იგი გუემითა და სწავლითა, რაჲთა ისწავოს ყოველი კეთილი და იქმნეს საჴმარ კეთილ, ეგრეთვე გუწუართნა ჩუენ ღმერთმან, დამბადებელმან ცისა და ქუეყანისამან. ამისთჳს გჳჴმს ჩუენ, რაჲთა ვჰმადლობდეთ მოწყალებათა მისთა.“ მაშინ ამათ ყოველთა მისცეს მადლობა ღმერთსა ტირილითა. კუალად იწყო ზრახვად მეფემან ვახტანგ და თქუა: „ყოველთა წარჩინებულთა ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ, დაღაცათუ ყრმაჲ ვარ და არა გინახავს ჩემგან კეთილი, მამათა კულა ჩემთაგან გინახვან დიდნი კეთილნი და დიდებანი თქუენ, რომელნი დადგინებულ ხართ მთავრობასა ზედა. აწ უკუეთუ გუაცოცხლებს ღმერთი, მოგხუდენ ჩემგან კეთილნი და დიდებანი, რომელნი არა გეხილნენ მამათა ჩემთაგან. აწ რომელსა გეტყჳ თქუენ, დაღაცათუ თქუენ ზედა და ჩემ ზედა სწორად მოწევნულ არს განსაცდელი ესე, ესრეთ იპყართ, ვითარმცა არა მოწევნულ არს თქუენ ზედა, არამედ ჩემ ზედა ოდენ, და არა იყოს გულსა ჩემსა სიტყუაჲ, თუ: „რომელ მოიწივნეს მათ ზედა განსაცდელნი, თჳსისა შურის-გებისათჳს ჰყოფენ ამას,“ არამედ ყოველი ჩემდა სამსახურებელად დავითუალო ყოვლისათჳს კეთილი მოგაგო. და არა დავითმინო კიცხევაჲ ოვსთაჲ, არამედ სასოებითა და მინდობითა სამებისა ერთარსებისა, დამბადებელისა ღმრთისა დაუსაბამოჲსაჲთა და წარძღუანებითა ჯუარისა მისისა პატიოსნისაჲთა, რომელი მოცემულ არს წინამძღურად და საჭურველად გულითა მოსავთა მისთადა, ვიძიო შური მათ ზედა. უკუეთუმცა წარგუკიდებოდა ესე სპარსთა მეფეთაგან, ანუ ბერძენთა მეფისაგან, მო-მცა-ვითმინეთ, არამედ რაჲ მოწევნულ არს ჩუენ ზედა ოვსთა კიცხულთაგან, არა ჴამს დათმენაჲ, სიკუდილი უმჯობეს არს თავთა ჩუენთათჳს.“ მაშინ აღდგა ჯუანშერ სპასპეტი და თქუა: „ცხოვნდი, მეფე, უკუნისამდე დიდებითა და მტერთა შენთა ზედა ნება აღსრულებით! ჭეშმარიტად ბრძანე: ცოდვათა ჩუენთაგან მოიწია განსაცდელი ესე ჩუენ ზედა და სამართლად გუსაჯნა ღმერთმან, რამეთუ განვამრავლეთ ცოდვაჲ მის წინაშე და გჳღირს მადლობაჲ ღმრთისა [მიმართ], რამეთუ დიდსა პატიჟსა ღირს ვიყვენით და არა ესეზომსა, რომელ მოიწია ჩუენ ზედა. არამედ მრავალმოწყალემან ღმერთმან არა შეცოდებათა ჩუენთა ოდენი პატიჟი მოგუაგო, და ამით კნინითა პატიჟითა გუწუართნა ჩუენ. მკჳდრთა ქართლისათა ამისთჳს დიდი მადლობაჲ გჳღირს ღმრთისა მიმართ, რამეთუ შენ, უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა და მამათა შენთა ნაშობთა უფროჲს ყოვლითავე სრული, მსგავსი ნებროთ გმირისაჲ, გამოგაჩინა წინამძღურად ჩუენდა, და მოცემულ ხარ ჩუენდა ღმრთისა მიერ განმაქარვებელად ჭირთა ჩუენთა, ძუელთა და ახალთა. და უკუეთუ ცოდვანი ჩუენნი არა დასძლევენ, შენ მიერ მოველით განქარვებასა ყოველთა ჭირთა ჩუენთასა და უმეტეს წარმატებასა საზღვართა ჩუენთასა, რამეთუ არავინ ყოფილ არს მამათა ჩუენთაგანი მსგავს შენდა. ცხოვნდი, მეფე, უკუნისამდე! რაჲთგან მოწევნულ არს ოვსთაგან, ხუთსა ამას წელსა შინა ყოფილ ვართ ჩუენ მწუხარებასა შინა დიდსა ამისთჳს, რამეთუ ყრმაჲ იყავ და არა ძალ-გედვა მჴედრობაჲ და წყობათა წინამძღურობაჲ და არცა შინა მყოფსა განგებაჲ მეფობისაჲ. აწ, მეფეო, დაღაცათუ სრულ ხარ სიბრძნითა, ძალითა და სიმჴნითა და [ჰ]ასაკითა, არამედ გაკლს სისრულე დღეთაჲ მჴედრობისათჳს. ხოლო ვხედავ სიბ-რძნესა შენსა, დაღაცათუ ყრმაჲ ხარ, არამედ ძალ-გიც განგებაჲ მეფობისაჲ, არამედ მჴედრობისა და წყობათა წინაგანწყობისა შენისა არა არს ჟამი. ესე არს განზრახვაჲ ჩემი, რაჲთა სიბრძნითა შენითა და კითხვითა დედისა შენისაჲთა გამოარჩიე ერისთავი ჩუენგან წინამძღურად სპისა შენისა და მიგუცენ ჩუენ, ყოველნი, მას და ვიყვნეთ მორჩილ, ვითარცა მამისა შენისა; და ძალითა სამებისა[ჲთა], ღმრთისა ერთარსებისაჲთა, წარვიდეთ და ვიძიოთ შური. ხოლო შენ იყავ შინა და განაგებდი მეფობასა. უკუეთუ ცოდვათა ჩუენთაგან ვიძლინეთ ოვსთაგან, შენი მეფობაჲ უვნებელად დარჩეს, უკუეთუ კუალად თავითა შენითა ცოდვათა ჩუენთაგან იძლიო, სრულიად წარწყმდეს ქუეყანაჲ ჩუენი, რამეთუ ნაცვალი შენი არა არს ქუეყანასა ზედა. ესე თქუა ჯუანშერ სპასპეტმან და ემოწმნეს ყოველნი წარჩინებულნი [და] ერისთავნი ზრახვასა მისსა. მაშინ თქუა მეფემან: „ვითარ ჰხუდების სრულსა სიბრძნესა და ერთგულობასა შენსა, ეგრეთ წარმოსთქუ ყოველი, ჯუანშერ, ხოლო მე არა ვარ მორჩილ ზრახვისა მაგის შენისა, რამეთუ, რაჲთგან მოწევნულ არს განსაცდელი იგი ჩუენ ზედა, ყოველნი დღენი ჩემნი მწუხარებასა შინა დამიყოფიან, ვითარცა მყოფსა ბნელსა. და სიყუარული დისა ჩემისაჲ განლევს გულსა ჩემსა, ვითარცა მახჳლი ცეცხლისაჲ, და სიკუდილი მირჩევნია თავისა ჩემისა ვიდრეღა სირცხჳლი, არამედ მინდობითა ღმრთისაჲთა და წინამძღურობითა ჯუარისა მისისა პატიოსნისაჲთა თავითა ჩემითა წარვალ, და ვესავ მრავალმოწყალებათა მისთა, არა გამწიროს და მომცეს ძლევაჲ.“

მაშინ ვითარ ვერღარა დაუშლიდეს, მიემოწმნეს ყოველნი წარჩინებულნი და თქუეს: „ცხოვნდი, მეფე, უკუნისამდე! იქმნეს განზრახვაჲ შენი. ღმერთმან დამბადებელმან მოავლინენ[ინ] ანგელოზნი და დასცენ[ინ] ყოველნი მტერნი შენნი.“ და დაამტკიცეს ლაშქრობაჲ ოვსეთისაჲ და განიყარნეს ყოველნი სახლად თჳსად [კოზმად].

და ვახტანგ მეფემან წარავლინა მოციქული წინაშე დედისძმისა მისისა ვარაზ-ბაკურ ერისთვისა და აუწყა ლაშქრობაჲ ოვსეთისაჲ და ითხოვა მისგან შეწევნაჲ, ხოლო მან სიხარულით აღუთქუა, რამეთუ ქუეყანაჲ მისიცა ტყუექმნულ იყო ოვსთაგან. მაშინ ვახტანგ მოუწოდა ყოველთა სპათა ქართლისათა და შემოკრბეს ყოველნი, და დაიბანაკეს მუხნარს და ხერკს, იმიერ და ამიერ არაგუსა. და იყო ასი ათასი მჴედარი და სამეოცი ათასი ქუეითი. და წარემართა ვახტანგ მეფე, განვიდა ქალაქით მცხეთით, და განახნა სპანი მისნი და მოეწონნეს სიმრავლითა და ცხენკეთილობითა და მოკაზმულობითა, და იხილნა ყოველნი იგი მხიარულებითა და აძრვითა, რამეთუ სავსე იყვნეს შურითა ოვსთაჲთა, აღივსო სიხარულითა და ჰმადლობდა ღმერთსა. შემოვიდა ქალაქად და აღასრულა შჳდეული ერთი ლოცვითა და მარხვითა და ღამის-თევითა, და განუყო ხუასტაგი დიდძალი გლახაკთა და დაუტევნა განმგებელად სამეფოჲსა მისისა[ჲსა] დედაჲ მისი საგდუხტ და დაჲ მისიცა ხუარანძე, და დაწერა ანდერძი ესრეთ: „უკუეთუ არღარა შემოვიქცე ცოცხალი, დაჲ ჩემი ხუარანძე შეირთოს მირიან, - რომელი ეყვოდა ვახტანგს მამისძმისწულად, ნათესავისაგან რევისასა, მირიანის ძისა[ჲსა], რომელი სიძე იყო თრდატ სომეხთა მეფისა, - მან შეირთოს დაჲ ჩემი და მან იპყრას მეფობაჲ.“ და ესე დაწერილი დედასა მისსა მისცა და სხუასა არავის აუწყა, და იგი მირიან, მამისძმისწული მისი, დაუტევა მცხეთას.

წარვიდა ვახტანგ და დადგა თიანეთს და მუნ მიერთნეს ყოველნი მეფენი კავკასიანნი. ორ-მეოცდაათითა ათასითა მჴედრითა წარემართა სახელსა ზედა ღმრთისასა, განვლო კარი დარიალანისაჲ. და შესლვასა მისსა ოვსეთად იყო ვახტანგ წლისა ათექუსმეტისა. მაშინ მეფეთა ოვსეთისათა შეკრიბნეს სპანი მათნი, მოირთეს ძალი ხაზარეთით და მოეგებნეს მდინარესა ზედა, რომელი განვალს დარიალანს და ჩავლას ველსა ოვსეთისასა, და მასცა მდინარესა არაგჳ ჰრქჳან, რამეთუ ერთისა მთისაგან გამოვალს თავი ორთაჲვე: ქართლისა არაგჳსაჲ და ოვსეთისა არაგჳსაჲ.

და დაიბანაკეს ორთავე სპათა იმიერ და ამიერ, რამეთუ მდინარისა მის პირსა ორგნითვე ქარაფნი იყვნეს კლდისანი, ჭალაკნი და ველოვანნი პირსა მდინარისასა, და განეკრძალნეს ერთმანერთისაგან. და დაცვნეს გზანი ქარაფთანი და დადგეს ეგრეთ შჳდ დღე. ამას შჳდსა დღესა ბრძოლაჲ იყო ბუმბერაზთაჲ მდინარესა მას ზედა. მაშინ ოვსთა რომელ ჰყვეს ნიჯადნი ხაზართანი, მათ თანაერთო კაცი ერთი გოლიათი, სახელით თარჴან. გამოვიდა ესე თარჴან ხაზარი და ჴმა-უყო ჴმით მაღლითა და თქუა: „გეტყჳ თქუენ, ყოველთა სპათა ვახტანგისთა, ვინცა არს თქუენ შორის უძლიერესი, გამოვიდეს ჩემ ზედა.“ ხოლო ვახტანგ მეფესა რომელ ჰყვეს სპანი სპარსთანი, მათ თანაერთო კაცი ერთი, რომელსა ერქუა ფარსმან ფარუხ. ამისდა ვერვის დაედგნეს ბრძოლასა შინა, რამეთუ მრავალი ლომი ჴელითა შეეპყრა. ესე განვიდა ბრძოლად თარჴანისა, და აღიზახნეს ორთავე და მიეტევნეს ურთიერთას. და პირველსავე შეკრებასა უხეთქნა ჴრმალი ფარსმან ფარუხს ზედა და განუპო თავი ვიდრე ბეჭთამდე. მაშინ დაჭმუნდა ვახტანგ და ყრმანი მისნი, რამეთუ არავინ დარჩა მათ შორის მსგავსი ფარსმან ფარუხისი. შეძრწუნდეს ყოველნი იგი სპანი და აღივსნეს მწუხარებითა. და დაღამდა დღე იგი, და ვახტანგ შევიდა კარვად თჳსად და დადგა იგი ლოცვად, და ცრემლითა ევედრებოდა ღმერთსა, ვიდრე განთენებადმდე არა დაჯდა ქუე ლოცვისაგან, ითხოვდა ღმრთისაგან შეწევნასა და მინდობითა ღმრთისაჲთა ეგულებოდა თჳთბრძოლაჲ თარჴანისი, რამეთუ უშიშ იყო იგი, ვითარცა უჴორცოჲ, და იმედი ჰქონდა ღმრთისაგან და ძალისა თჳსისაგან. ვითარ განთენა, კუალად შთამოვიდა თარჴან კიდესა მდინარისასა, აყუედრებდა და კუალად ითხოვდა მუქარასა, და არა ვინ იპოვა სპათა შორის ვახტანგისთა მბრძოლი მისი.

მაშინ ვახტანგ ჰრქუა სპათა მისთა: „არა მინდობილ ვარ მე ძალსა ჩემსა და სიმჴნესა ჩემსა, არამედ მინდობითა ღმრთისა დაუსაბამოჲსაჲთა, სამებისა ერთარსებისა, ყოვლისა დამბადებელისაჲთა განვალ თჳთბრძოლად თარჴანისა.“ მაშინ განკჳრდეს წარჩინებულნი იგი, აყენებდეს ვახტანგს და მრავალღონედ ზრახვიდეს, რაჲთამცა აყენებდეს ბრძოლისაგან, რამეთუ ყრმაჲ იყო ვახტანგ, და არა იცოდეს გამოცდილებაჲ მისი. არა ერჩდა ვახტანგ, არამედ დაამტკიცა ბრძოლაჲ მისი. გარდაჴდა ცხენისაგან და დავარდა ქუეყანასა ზედა, თაყუანის-სცა ღმერთსა, აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და თქუა: „ჰე, უფალო, დამბადებელო ყოვლისაო და შემმატებელო კეთილთაო, აღმამაღლებელო მოსავთა შენთაო, შენ იყავ შემწე ჩემდა, მოავლინე ანგელოზი შენი ძალად ჩემდა და დაეც უსჯულოჲ ესე და არცხჳნე მგმობართა შენთა, რამეთუ არა ძალსა ჩემსა მინდობილ ვარ, არამედ მოწყალებასა შენსა.“ მოიქცა და აღჯდა ტაიჭსა თჳსსა და ჰრქუა სპათა მისთა: „ევედრებოდეთ ღმერთსა და ნუ შესძრწუნდებით.“ წარვიდა ვახტანგ და უდგეს სპანი მისნი ზურგით მისა შეძრწუნებულნი და სავსენი მწუხარებითა თჳს-თჳსსა სჯულსა ზედა ევედრებოდეს ღმერთსა ცრემლითა.

მაშინ ვახტანგ ჩავლო გუერდი და შთადგა მდინარისპირსა. აქუნდეს ჴელთა [ჰ]ოროლნი. მოხედნა თარჴან და ჰრქუა: „მე გოლიათთა და გმირთა გამოცდილთა მბრძოლი ვარ [და] არა ყმაწულილთა, გარნა შენ ზედაცა დავიმდაბლო თავი ჩემი.“ აღიზახნეს და მიეტევნეს ურთიერთას. და პირველსავე შეკრებასა სცნა [ჰ]ოროლნი ვახტანგ სარტყელსა ზედა და ვერ უფარა სიმაგრემან საჭურველისამან, და განავლო ზურგით და მოკლა. ხოლო ქართველთა, ნუგეშინისცემულთა და სავსეთა სიხარულითა, აღიზახნეს ჴმითა საშინელითა და შეწირეს მადლობაჲ ღმრთისა მიმართ. ხოლო ვახტანგ მასვე ადგილსა გარდაჴდა ცხენისაგან, და დავარდა მიწასა ზედა, თაყუანის-სცა და თქუა: „კურთხეულ ხარ, შენ, უფალო, რომელმან მოავ-ლინე ანგელოზი შენი და დაეც მტერი ჩემი. შენ ხარ აღმამაღლებელი მოსავთა შენთაჲ, შენ ხარ, რომელმან აღადგინი ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლი დავრდომილი.“ მოჰკუეთა თავი თარჴანს, აღჯდა და წარვიდა ლაშქართა თჳსთა თანა და ყოველთა მათ სპათა ჴმითა აღწევნულითა შეასხეს ქებაჲ ვახტანგს და ჰმადლობდეს ღმერთსა.

და მეორესა დღესა სხუაჲ გამოვიდა ბუმბერაზი ოვსთაგან, რომელსა ერქუა ბაყათარ. იგი იყო გოლიათ, და რაჲთგან დაეწყო მჴედრობად, ვერვის დაედგნეს მისდა და მოესრა ყოველი მბრძოლი მისი. და იყო სიგრძე მშჳლდისა მისისაჲ ათორმეტი მტკაველი და ისარი მისი - ექუსი მტკაველი. მოდგა ესე ბაყათარ პირსა მდინარისასა და ჴმა-უყო ჴმითა მაღლითა და თქუა: „ვახტანგ მეფეო, ნუ განჰლაღნები შენ მოკლვისათჳს თარჴანისა, არა ერთო იგი გოლიათთა და ამისთჳს მოიკლა იგი ყმაწულილისა მიერ. აწ უკუეთუ შენვე გამოხჳდე მბრძოლად ჩემდა, მოგხუდენ ჩემგან ბრძოლანი ფიცხელნი, რომელთა ვერღარა განერე, თუ არა, ვინცა სპათა შენთაგანი გამოვიდეს, მისთჳსცა მზა ვარ.“ მაშინ პასუხ-უგო ბაყათარს ვახტანგ და ჰრქუა: „არა ძალითა ჩემითა ვსძლე თარჴანს, არამედ ძალითა დამბადებელისა ჩემისაჲთა, არა მეშინის შენგან, ვითარცა ძაღლისა ერთისაგან, რამეთუ ძალი ქრისტესი ჩემ თანა და ჯუარი მისი პატიოსანი - საჭურველ ჩემდა.“

და განაწესნა ვახტანგ სპანი და დაადგინნა განმზადებულად, და აღჯდა ტაიჭსა, შეჭურვილსა ჯავშნითა, და აღიღო ფარი მისი ვიგრის ტყავისაჲ, რომელსა ვერ ჰკუეთდა მახჳლი, და ჩავლო გუერდი და მიდგა მახლობლად მდინარისა, ჴმა-უყო ბაყათარს და ჰრქუა: „არა გამოვალ მე მდინარესა, რამეთუ მეფე ვარ. არა მივეახლები სპათა ოვსეთისათა, რამეთუ წარწყმედითა ჩემითა წარწყმდების ყოველი ჩემი სპაჲ, ხოლო შენ მონაჲ ხარ და წარწყმედითა შენითა არაჲ ევნების სპასა ოვსეთისასა, ვითარცა წარწყმედითა ძაღლისა ერთისაჲთა, გამოვედ მდინარესა ჩემ კერძო!“ მაშინ ბაყათარ აღასრულა სიტყუაჲ მისი და თქუა: „მე, მომკლველმან შენმან, გამოვლო მდინარე, არამედ პირისაგან მდინარისა უკუდეგსამ უტევან!“ მაშინ ვახტანგ უკუჰრიდა. გამოვლო მდინარე ბაყათარ და უწყო სროლად ისრითა. მაშინ ვახტანგ სიფიცხლითა თუალთა თჳსთაჲთა, და სიმახჳლითა გონებისა მისისაჲთა ჰრიდებდა ისარსა, რამეთუ შორსვე იხილის ისარი მომავალი და უხლდებოდა და სიმარჯჳთ მიეახლებოდა. ამიერ და იმიერ სპათაგან იყო ცემაჲ ბუკებისაჲ და დაბდაბთაჲ, და იზახდეს ჴმითა აღწევნულითა სპანი ორნივე, - ქართველთანი და ოვსთანი, - რომლითა იძრვოდეს მთანი და ბორცუნი. და ვერ შეჰკრა ისარი ორისა ისრისაგან მეტი ბაყათარ ფარსა ვახტანგისსა, და ვერ უკუეთა ყოვლად. და კუალად ჰკრა სხუაჲ ისარი ცხენსა ვახტანგისსა და განაგდო შიგა, და ვიდრე დაეცემოდა ცხენი ვახტანგისი, მიუჴდა ზედა და უხეთქნა ჴრმალი მჴარსა ბაყათარისსა, და ჩაჰკუეთა ვიდრე გულამდე. მაშინღა დაეცა ცხენი ვახტანგისი, სწრაფით მიჰყო ჴელი და შეიპყრა ცხენი ბაყათარისი. და პირველ დავარდა ქუეყანასა ზედა და თაყუანი-სცა ღმერთსა და შეწირა მადლობაჲ უმეტეს პირველისა, აღჯდა ცხენსა ბაყათარისსა და მოდგა მახლობელად სპათა თჳსთა და ჰრქუა ჴმითა მაღლითა: „მჴნე იყვენით და განძლიერდით, რამეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს.“ ხოლო სპანი იგი წარემართნეს განმზადებულნი, ცხენ-თორნოსანნი და ჯაჭუ-ჩაბალახოსანნი წინაჲთკერძო, და მათ უკუანა ქუეითნი და ქუეითთა უკუანაჲთ სიმრავლე მჴედართაჲ, და ესრეთ მიჰმართეს. ხოლო ოვსნი წარმოდგეს ქარაფსა ზედა და დაასხეს ისარი, ვითარცა წჳმაჲ მძაფრი. მაშინ მეფე ვახტანგ მოქცეულ იყო სპისა მისისა ზურგით რჩეულითა მჴედრობითა, უზახებდა და განაძლიერებდა და ნუგეშინის-სცემდა სპათა მისთა. მაშინ წინათა ცხენ-თორნოსანთა აღვლეს გზასა ქარაფსა, აღჴდეს ვაკესა და აღუდგეს უკუანა[ჲთ] ქუეითნი და შემდგომად - სიმრავლე მჴედართაჲ, და იქმნა ბრძოლაჲ ძლიერი მათ შორის. ხოლო ვახტანგ უკუეთუ მარჯუენით კერძო იბრძოდის, მარცხენითკერძონი ძრწოდიან, და, უკუეთუ მარცხენით კერძო იბრძოდის, მარჯუენითკერძონი ძრწოდიან. და ეგოდენსა მას სიმრავლესა ჴმათა სპათათასა იცნობებოდა ჴმაჲ ვახტანგისი, ვითარცა ჴმაჲ ლომისაჲ, და თანაჰყვებოდეს მას ორნი მჴედარნი: არტავაზ, ძუძუჲსმტე [მისი], ძე საურმაგ სპასპეტისაჲ, და ბივრიტიან სეფეწული; და იგინიცა იბრძოდეს მჴნედ.

მაშინ იძლივნეს ოვსნი და ივლტოდა ბანაკი მათი, მოისრნეს და ტყუე იქმნნეს, ხოლო უმრავლესი მეოტი ოვსთაჲ ცოცხალი შეიპყრეს უკუმოჴსნისათჳს ტყუეთაჲსა, რომელნი წარტყუენულ იყვნეს პირველ ოვსთაგან ქართველნი. ვითარ უკუმოიქცეს დევნისაგან და დაიბანაკეს ბანაკსავე თჳსსა, სამ დღე განისუენეს და შეწირეს მადლობაჲ ღმრთისა მიმართ, და მერმე განიბნინეს ტყუენვად ოვსეთისა: შემუსრნეს ქალაქნი მათნი და აღიღეს ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ. და განვიდეს პაჭანიგეთსა, რამეთუ მაშინ მუნ იყო პაჭანიგეთი, მოსაზღვრედ ოვსეთისა, მდინარესა მას ოვსეთისასა წიაღ, და ჯიქეთი მუნვე იყო. შემდგომად ჟამთა მრავალთა იოტნეს პაჭანიგნი და ჯიქნი თურქთაგან, და წარვიდეს პაჭანიგნი იგი დასავალით კერძო, ხოლო ჯიქნი დაემკჳდრნეს ბოლოსა აფხაზეთისასა.

და მოტყუენა ვახტანგ პაჭანიგეთი და ჯიქეთი, და შემოიქცა და მოადგა ოვსეთსავე, და მეფენი ოვსთანი შევლტოლვილ იყვნეს სიმაგრეთა კავკასიისათა. აღდგეს მათ შორის მოციქულნი და დაიზავეს და ითხოვეს ვახტანგისგან ოვსთა ნაცვალად დისა მისისაჲსა ოცდაათი ათასი ტყუე ოვსეთისაჲ, ყოველი უკეთესი, რომელი სახელ-დებით თქუეს ოვსთა. და მისცა ვახტანგ ოცდაათი ათასი ტყუე დისა მისისათჳს და მოიყვანა დაჲ მისი. ხოლო ტყუენი ქართველთანი, რომელნი ჰყვეს ოვსთა ექუსსა მას წელიწადსა, იგი ყოველნი უკუმოიჴსნნა თჳთოჲ თჳთოჲსათჳს, - და აღიღო მძევალი ოვსთაგან და მძევლისათჳს მისცა სხუაჲ ტყუე ოცდაათრვამეტი, რომელნი უკუმოიჴსნნა ტყუე ქართლისა, რიცხჳთ სამას ორმეოცდაათრვამეტი, და რომელ დარჩა ტყუე ოვსი ამათ განტეობილთაგან კიდე - ექუსი ათას ორმეოცდაათრვამეტი თჳნიერ პაჭანიგთა და ჯიქთაჲსა. და ესე ყოველი აღასრულა ოთხ თთუე.

მაშინ მეფემან განუტევნა ნიჯადნი იგი სპარსთანი და მეფენი კავკასიანთანი ნიჭითა დიდითა. და წარმოგზავნნა მირანდუხტ და ტყუე იგი ყოველი გზასა დარიალანისასა, და თჳთ სპითა დიდითა ქართლისაჲთა წარვიდა გზასა აფხაზეთისასა, სულგრძელად და უშიშად იწყო ბრძოლად ციხეთა აფხაზეთისათა, რამეთუ მეფე ბერძენთაჲ ლეონ დიდი უცალო იყო ბრძოლისაგან სპარსთაჲსა და ვერ შემძლებელ იყო სპათა გამოგზავნად აფხაზეთს. და სამ წელ წარტყუენნა ყოველნი ციხენი აფხაზეთისანი ვიდრე ციხე-გოჯადმდე და მოვიდა სახლსა მისსა, ქალაქსა სამეუფოსა მცხეთას. განეგება წინა დედაჲ მისი და დანი მისნი, და სიმრავლე მის ქალაქისა მამათა და დედათაჲ, მიუფენდეს საჴელთა და სამოსელთა მათთა ფერჴთა ქუეშე მისთა, და აყრიდეს თავსა დრამასა და დრაჰკანსა, და აღწევნულითა ჴმითა შეასხმიდეს ქებასა, რამეთუ არა რომელსა მეფესა ექმნა ეგევითარი წყობაჲ.

მაშინ ვახტანგ მეფემან შეწირა მადლობაჲ ღმრთისა მიმართ მრავლითა ლოცვითა და ღამის-თევითა, და გლახაკთა მიცემითა და განსცა ნიჭი ერსა თჳსსა და წარჩინებულ-ქმნნა მჴედარნი მსახურნი, გამოცდილნი წყობასა მას შინა ოვსთასა. და წარსცა ძღუენი ნატყუენავისა მისგან დედისძმისა მისისა თანა ვარაზ-ბაკურისა: მონაჲ - ათასი, ცხენი საჴედარი - ათასი, ჴდალი ცხენი - ათასი. და კუალად წარსცა წინაშე სპარსთა მეფისა მონაჲ ათი ათასი, ცხენი საჴედარი - ათი ათასი, ცხენი ჴდალი - ათი ათასი. ესე ყოველი მიუძღუანა სპარსთა მეფესა ჴელითა ბინქარან ეპისკოპოსისაჲთა და ითხოვა სპარსთა მეფისაგან ასული ცოლად, რომელსა ერქუა ბალენდუხტ. და მოსცა სომხითი და ყოველნი მეფენი კავკასიანნი ზითვად, და მისწერა მის თანა წიგნი, რომელსა წერილ იყო ესრეთ: „ორმისდისაგან, ყოველთა მეფეთა მეფისა, ვახტანგის მიმართ, ვარანხუასრო-თანგისა, ათთა მეფეთა მეფისა ახოვანისა,“ და მოუწერა მან ბრძოლაჲ კეისრისაჲ, რამეთუ კეისარი განსრულ იყო ბრძოლად სპარსთა.

მაშინ ვახტანგ აწჳა ყოველთა სპათა მისთა და ყოველთა მეფეთა კავკასიანთა, შემოკრბეს და დადგეს მტკუარსა იმიერ და ამიერ, ორასდარვა ათასი და მოერთო ვარაზ-ბაკურ, დედისძმაჲ მისი, ერისთავი რანისაჲ, ბრძანებითა სპარსთა მეფისაჲთა სპითა ადარბადაგანისაჲთა, რანისა და მოვაკნისაჲთა, ვითარ ორასითა ათასითა მჴედრითა. მას ჟამსა იყო ვახტანგ წლისა ოცდაორისა. იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა და უშუენიერეს სხუათა და ძლიერი ძალითა, რომელ ჭურვილი ქუეითი ირემსა მიეწიის, უპყრის რქაჲ და დაიმჭირის, და ცხენი ჭურვილი აღიღის მჴართა ზედა და მცხეთით აღვიდის ციხესა არმაზისასა. და მარტო იყო იგი ძე მამისა მისისაჲ და ერთი დაჲ მისი ხუარანძეცა იყო ძლიერი და შუენიერი. ნათესავისაგან მირიან მეფისა მორწმუნისა ვახტანგ და დანი მისნი დარჩომილ იყვნეს. იგინი იყვნეს ნათესავნი ბაქარ მირიანის ძისა, ხოლო მირიან და გრიგოლ იყვნეს ნათესავისაგან რევის, მირიანისვე ძისა, და აქუნდა მათ კუხეთი და ცხონდებოდეს რუსთავსა ქალაქსა, ციხესა, რამეთუ შემცირებულ იყვნეს ურთიერთას კლვითა. მირიან მეფისითგან ვიდრე ვახტანგისამდე გარდაცვალებულ იყო ნათესავი რვაჲ, მეფენი - ათნი და წელიწადნი - ას ორმეოცდააჩჳდმეტი, ხოლო ეპისკოპოსნი წესსა ზედა ჭეშმარიტსა გარდაცვალებულნი - რვანი, ხოლო სხუანი - შემშლელნი წესისანი.

წარემართა ვახტანგ შესლვად საბერძნეთად და მიიწინეს სომხითს და მიერთნეს პერჟოკაფსა, სადა-იგი ციხე აღეგო პირველჴსენებულსა ფეროზს, ერისთავნი სომხითისანი: სივნელი არევ, ასფურაგნელი ჯუანშერ, ტაროვნელი ამაზასპ, გრიგოლის შენებულისა ქალაქისაგან, თრდატ, ნათესავისაგან დიდისა თრდატისა, და მოადგეს ქალაქსა, რომელსა ერქუა კარახპოლა, და აწ ეწოდების კარნუ ქალაქი, და ჰბრძოდეს მას და ვერ შეუძლეს დაპყრობად, რამეთუ იყო იგი ზღუდითა მაღლითა. და დაუტევნა ორნი ერისთავნი მჴედრითა ათორმეტითა ათასითა ბრძოლად ქალაქისა მის.

წარვიდა ვახტანგ პონტოს და მოაოჴრნა გზასა ქალაქნი სამნი: ანძორეთი, ეკლეცი და სტერი. და მოადგეს ლაშქარნი პონტოს, ქალაქსა დიდსა, ზღჳსკიდესა და ჰბრძოდეს სამ თთუე, და მიუწია ლაშქარმან ვიდრე ქალაქისა მის კოსტანტინისა. ხოლო სპარსნი, რომელთა ჰპოვებდეს ეკლესიისა მსახურთა, დაჰკლვიდეს. არამედ ვახტანგ მეფემან ამცნო სპათა სომხითისათა და ყოველთა სპარსთა, რაჲთა არავის კლვიდენ მოწესეთაგანსა, არამედ ტყუე-ჰყოფდენ, და ჰრქუა მათ: „მამისმამაჲ ჩემი მირიან ოდეს შემოჰყვა მეფესა სპარსთასა, ძმისწულსა თჳსსა, ბრძოლად ბერძენთა ზედა, ესევითარსა უყოფდეს მოწესეთა და ეკლესიისა მსახურთა, და იძლინეს ძლევითა ბოროტითა ურიცხუნი სპანი მცირეთა ლაშქართაგან. მიერითგან მიიღეს საზღვარი იგი ბერძენთა ჩუენ ქართველთაგან აღმოსავალით ზღჳსა ამის. ხოლო წყობაჲ პირველთა მეფეთაჲ იყო ანძიანძორს, სადა უკუე აწ არს საფლავი დიდისა მოძღურისა გრიგოლის, და მუნით იოტნეს მეფენი ჩუენნი. ხოლო ჩუენ ათისა დღისა სავალი ჩამოგჳვლია ჩრდილოჲთ, მოქცეულ ვართ და ჩუენცა ვართ სჯულსა ზედა ბერძენთასა აღმსაარებელნი ქრისტესნი, რომელ არს ღმერთი ჭეშმარიტი ყოველთა, ანუ არა გას-მიანა სასწაულნი, რომელ ქმნნეს კოსტანტინეს ზე მეფეთა წარძღუანებითა ჯუარისაჲთაჲ, ანუ რომელნი ქუეყანასა შინა სპარსთასა იქმნნეს სასწაულნი ივლიანეს ზე, მეფისა მეკერპისა, ვითარ იგი ისარმან ზეცისამან მოკლა, და შეკრბეს სპანი ბერძენთანი და ივბიმიანოს მორწმუნე აჩინეს მეფედ, ხოლო მან არა თავს-იდვა, ვიდრემდის არა დამუსრნეს კერპნი და აღმართნეს ჯუარნი, და მას ზედა დაარქუეს გჳრგჳნი მეფისაჲ. ხოლო ანგელოზმან უფლისამან აღიღო გჳრგჳნი და დაადგა თავსა ივბიმიანოსისსა, ჭეშმარიტისა მეფისასა? და ჴმა იყო ზეცით, რომელი ეტყოდა სპარსთა მეფესა ხუასრო-თანგს: „დაეცადენით ბრძოლისაგან ივბიმიანოსისა, რამეთუ ძალი ჯუარისაჲ უძლეველ არს.“ და მიერითგან იქმნნეს მეგობარ მეფე და ხუასრო, ვიდრემდის ორნივე იგი მიიცვალნეს. ანუ თქუენ, მკჳდრთა მაგათ სომხითისათა არშაკუნიანთა, პატიახშთა, ბივრიტიანთა, არა გაჴსოვან საქმენი გრიგოლი პართელისანი და წინააღმდგომისა მისისა თრდატ მეფისა არშაკუნიანისანი, ვითარ დასცა ზუაობისაგან და იქმნა იგი ეშუად? არამედ გრიგოლი მოაქცია იგი, და მიერითგან იქმნა იგი მუშაკ ეკლესიათა. და ეკლესიაჲ აღაშენა თრდატ ზურგითა თჳსითა, რამეთუ იყო იგი გმირი. ხოლო თქუენ, მკჳდრნო ქართლისანო, ნათესავნო მეფეთა ქართველთანო, რომელნი დღეს მთავრობასა ზედა დადგინებულ ხართ ჩუენ მეფეთაგან, რომელნი ვართ ნათესავნი ნებროთ გმირისანი, რომელი უწინარეს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა გამოჩნდა ქუეყანასა ზედა, რომელი ლომსა ძალითა, ვითარცა თიკანსა, მოიყვანებდა, კანჯართა და ქურციკთა ქუეითი იპყრობდა. რამეთუ ეზომ განდიდნა ძალი მისი, რომელ დაემორჩილნეს ყოველნი ნათესავნი ნოესნი, ვიდრემდის შეუძლო ქალაქი ქმნად, რომლისა ქვად შექმნა ოქროჲ და ხარისხად ვეცხლი, და გარემოჲ მისა მოიქმოდა აგურითა და კირითა, ხოლო ქუდნი კართა და სარკუმელთანი იაკინთისა და ზურმუხტისანი შექმნნა, რამეთუ მათისა ნათლისაგან ვერ შეუძლებდა ღამე დაბნელებად. და ქმნა მას შინა ტაძრები და კოშკები, რომელი ვერ შესაძლებელ არს გაგონებად თქუენდა. მოუგონებულ არს თჳთეულსა სიბრძნე მისი, რომელი მიეცა მას, ვიდრემდის აღმართა სამისა დღისა სავალსა, რომელი ექმნა აღსავალად ხარისხად ზღუდეთა ზედა და ენება, რაჲთა აღვიდეს ცად და იხილნეს მყოფნი ცისანი. ხოლო ვითარცა განვლო საზღვარი ჰაერისაჲ და შევიდა საზღვარსა ვარსკულავთასა, ვერღარა უძლებდეს საქმედ მოქმედნი, რამეთუ დადნებოდა ოქროჲ და ვეცხლი, რამეთუ მუნითგან ვინაჲმე არს ჴელმწიფებაჲ ცეცხლისა ეთერისაჲ მის, რომელი ეგზების მძაფრიად სამყაროჲსა ქცევისაგან. და ესმა მუნით საზრახავი შჳდთა გუნდთა ზეცისათაჲ, რომლისაგან შესულბეს ადამიანნი, და იქმნა ყოველი კაცი - თჳთოჲ ნათესავი - მეტყუელ თჳთოსა ენასა და არღარა ერჩდეს ურთიერთას, პირსა მოყუსისა თჳსისასა, და წარვიდეს. ხოლო ნებროთს ენითა სპარსულითა ჰრქუა: „მე ვარ მიქაელ ანგელოზი, რომელი დადგინებულ ვარ ღმრთისა მიერ მთავრობასა ზედა აღმოსავალისასა. განვედ ქალაქით მაგით, რამეთუ ღმერთი დაჰფარავს მაგას ვიდრე გამოჩინებადმდე სამოთხისა, რომელი, ესერა, დგას მახლობელად ნაშენებსა მაგას შენსა, რომელსა შორის არს მთაჲ ესე, რომლისაგან აღმოვალს მზე და გამოვლენ ორნი მდინარენი: ნილოსი და გეონი; რამეთუ გეონს გამოაქუს სამოთხით ხე სულნელი და თივაჲ, რომელი შეეზავების მუშკსა. აწ წარვედ შენ და დაჯედ ორთავე მდინარეთა შორის ევფრატსა და ჯილასა, და განუტევენ ნათესავნი ესე, ვითარცა ვინ ინებოს, რამეთუ წარუვლინებიან უფალსა, ხოლო მეფობაჲ შენი მეფობდეს ყოველთა ზედა მეფეთა. არამედ ჟამთა უკუანაჲსკნელთა მოვიდეს მეუფე ცისაჲ, რომლისაჲ შენ გნებავს ხილვაჲ მისი, ერსა შორის შეურაცხსა. შიშმან მისმან განაქარვნეს გემონი სოფლისანი: მეფენი დაუტეობდენ მეფობასა და ეძიებდენ სიგლახაკესა. მაშინ გიხილოს შენ ჭირსა შინა და გიჴსნეს.“ და დაუტევეს ყოველთა ქალაქი და წარვიდეს ჰინდოურად მზრახვალნი ჰინდოეთს, სინდნი - სინდეთს, ჰრომნი - ჰრომს, ბერძენნი - საბერძნეთს, [გოგ] და მაგუგ - მაგუგეთს, სპარსნი - სპარსეთს. ხოლო პირველი ენაჲ ასურებრი იყო. და ესე არიან შჳდნი ენანი, რომელ ნებროთისამდე ზრახვიდეს. ამისთჳს მოგითხარ, რომელ მამათა ჩუენთა ფარულად ეპყრა წიგნი ესე, ხოლო მე შურმან საღმრთომან მაიძულა თქუმად ამისა. და ამის მიერ შეიწყნარა მირიან, მამამან ჩემმან, სახარებაჲ ნინოჲს მიერ. ანუ არა ქრისტეს მოსლვადმდე მოიღებდეს მამანი ჩუენნი ხარკსა? და მუნითგან მოუძლურდით, და ესე ბერძენნი მოღმართ გუბრძვანან. და მან იხილა ნებროთ ჯოჯოხეთს შინა და იჴსნა. იგი არს პირველი ყოველთა მეფეთაჲ და დანიელცა ეწამების, ვითარმედ მიქაელ დადგინებულ არს ძალად სპარსთა, და თქუენ, ყოველთა ქართველთა, იხილენით სასწაულნი ესე, რომელ ქმნნა ნინო. ანუ ჰგონებთ, ვითარმედ ბერძენნი განწირნა ღმერთმან არა, უმეტესნი ქუეყანანი სპარსთანი მათ შემუსრნეს და შემოურთვან. და დღეს მეექუსე თთუე არს, რაჲთგან ისმა ჴმაჲ ლაშქრობისა ჩუენისაჲ. ქცეულ არს კეისარი, რამეთუ ასმიეს შემოსლვაჲ ჩუენი, და აწ მოახლებულ არს ბრძოლად ჩუენდა. აწ უკუე ყოველნი ნათესავნი უფალსა ღმერთსა ჰმსახურებდით და დასცხერით ვნებათაგან ეკლესიისათა.

და ვითარცა ესე ყოველი წარმოთქუა, განავლინა ქადაგი, რაჲთა ყოველნი მოწესენი გამოვიდენ სამალავთაგან მათთა და ტყუენი განუტევნენ და სადაცა უნდეს, წარვიდენ. და მოვიდა სიმრავლე მღდელთა და დიაკონთა და მოწესეთა მონაზონთა და ენკრატისთაჲ ქუაბთა და მთათაგან და უმრავლესნი პონტოჲთ ქალაქით, რამეთუ შეიწრებულ იყო ოთხ თთუე ოდენ ქალაქი იგი, და მათ თანა იყვნეს ორნი კაცნი: პეტრე მღდელი, მოწაფეთაგან გრიგოლი ღმრთისმეტყუელისათა, რამეთუ საფლავსა მისსა ზედა მღდელობდა, და სამოელ მონაზონი. წარდგეს წინაშე ვახტანგისა მადლისა მიცემად განტევებისათჳს ტყუეთაჲსა და განთავისუფლებისათჳს ეკლესიათა და მღდელთაჲსა. და ვითარ წარმოთქუეს ლოცვაჲ, სთნდა მეფესა და მიიახლნა იგინი, და უბრძანა შემოსად ყოველთა ტყუეთა და მოწესეთა, განტევებულთა მისგან, უძლურთა, რამეთუ ყოველნი უძლურნი ქალაქით შემოსრულ იყვნეს. უძლურთა მისცა საჴედრები და ჭაბუკთა - სამ-სამი დრაჰკანი, და განუტევნა, ხოლო პეტრე მღდელი და სამოელ მონაზონი დააყენნა.

და ვითარ წარვიდეს სპანი იგი კარვად თჳსად და მეფე შევიდა სერობად, ჰრქუა მეფემან პეტრეს: „სთნდამცა ღმერთსა საქმე ესე ჩემი, რამეთუ დავიცვენ ეკლესიანი და განუტევენ ტყუენი?“ ჰრქუა პეტრე: „იტყოდის მონაჲ შენი წინაშე შენსა კადნიერად, ანუ მიგცემდეს ქებასა სიცრუისასა?“ ჰრქუა: „იტყოდე, არას ვეძიებ, გარნა მხილებასა, რამეთუ განვერნეთ სიცრუჲსაგან.“ ჰრქუა პეტრე: „ეკლესიანი ჴორცთანი უფროჲს არიან წინაშე ღმრთისა, ვიდრე ეკლესიანი ქვათანი. ეკლესიაჲ ქვათაჲ ოდესმე დაირღჳს და აღაშენიან მითვე ქვითა, ხოლო ეკლესიაჲ ჴორცთაჲ ოდეს დაირღჳს, ვერვინ შემძლებელ არს განკურნებად, ვერცაღამკურნალი და ვერცა[ღა] მეფე. აწ რაოდენნი გუამნი კაცთა მართალთანი დაგიცემიან? რომელსა იტყჳს სისხლისათჳს აბელისსა: „ყოველი სისხლი ნოეს ზე წყლითრღუნითა განიწმიდა“ და სისხლისათჳს ზაქარიაჲსა, ბარუქის ძისა: „მიუგო ყოველი შეურაცხებაჲ ჰურიათა“. ვითარცა იტყჳს ესაია: „აღიღე და წარწყმიდე ყოველი წული მათი“ ტიტოჲს და სპასიანოჲს მიერ. ანუ არა აღმოგიკითხავსა წიგნთაგან მოსესთა, რაჟამს ისრაიტელმან ისიძვა უცხოთესლსა თანა, რაოდენი სული მოკუდა ერთისა მის სიძვისათჳს? აწ უკუე სპათა შენთაგან რაოდენნი ქალწულნი განხრწნილ არიან, ტაძარნი ღმრთისანი?“ და ჰრქუა მეფემან: „არა ჰხედავ, ვითარ-იგი ივბიმიანოს დაცვისათჳს ეკლესიათაჲსა იყო ივლიანეს თანა უკეთურისა? და თუ დაბრკოლდეს კაცი, უმჯობეს არს დაცემაჲ სრულიად.“ ჰრქუა პეტრე: „არა დაბრკოლებულსა დაგცემ, არამედ დაცემულსა აღგადგინებ,“ ვითარცა დავითს საცთურისაგან ჰურიაჲსა. და არა მნებავს შენი, რაჲთა იყო, ვითარცა კაცი, რომელი მარჯუენით იქმნ და მარცხენით არღუევნ, და არცა, რომელნი „პირითა მათითა აკურთხევედ და გულითა მათითა წყევედ“ და აგინებედ, არამედ ვითარცა მეფენი კეთილჴსენებულნი, რომელთა დაიპყრეს სოფელი ესე და სასუფეველსა არა განეშორნეს: დავით, სოლომონ, კოსტანტინე, ივბიმიანოს და ყოველნი მსგავსნი მათნი. ხოლო რაჲ არს მსგავსებაჲ შენი ივბიმიანოსისი და ვინ არს შენ ზედა უფალ, რომელმცა ჴრმალი მისი იყო კისერსა შენსა ზედა, ვითარცა-იგი ივბიმიანოსისსა ივლიანესი, ანუ სადა გევნო შენ, ვითარცა ივბიმიანოსს ივლიანესგან? ანუ ვის ხედავს ღმერთი, რომელი შენ ზედა უფალ იყო და ჰქონდამცა პასუხი შენსა სიმართლესა წინაშე ღმრთისა? არა შენ უფალ-გყო ამათ ყოველთა ზედა და შენ შეგიდგინნა ყოველნი? ამიერითგან ითხოვოს ღმერთმან ყოველი ჴელთაგან შენთა საქმე ბოროტისაჲ და შენ მიგაგოს, არა თუ შეინანო.“ ჰრქუა მეფემან: „მნებავს განმართლებაჲ თავისა ჩემისაჲ, ხოლო სიმართლით შენ დამსაჯე უმსჯავროებასა ჩემსა.“ ჰრქუა პეტრე: „ვინაჲთგან გზა-ეც შეწამებად, ცოდვაჲ შენი განგეშორა შენგან. ხოლო აწ გითხრა გულისსიტყუაჲ შენი, არა უმეცრებამან აღგძრა ბრძოლად ძეთა ზედა ღმრთისათა, არამედ შუელისათჳს ნათესავისა შენისა სპარსთაჲსა. და არა უწყია, რამეთუ ბერძენნი ნათესავნი ღმრთისანი არიან აღთქუმისა მისთჳს, რაჟამს უწოდა მათ შვილად ღმრთისა და მოსცა მათ ბეჭედი, რომლითა შეიმუსრა ჯოჯოხეთი და არს იგი ჯუარი?“ ჰრქუა მეფემან: „აწ რაჲ გნებავს შენ?“ ჰრქუა მას პეტრე: „მნებავს, რაჲთა შენ მიერ აღგზებული ესე ცეცხლი შენვე დაშრიტო და მეგობარი იყო კეისრისაჲ, ვითარცა დღესამომდე იყავ სპარსთაჲ.“ მიუგო მეფემან: „ესე მნებავს, რაჲთა მიჩუენოთ ლოცვითა თქუენითა ამას ღამესა კეისარი და მე შეკრებულნი, და რომელი ზრახვად არს ჩუენ შორის სიყუარულისა-ყოფად, და ვცნა მე ესე, ვითარმედ სთნავს ქრისტეს ზრახვაჲ ესე შენი ჩემდა მომართ.“ ჰრქუა პეტრე: „დამიმძიმდა თხოვაჲ ესე შენი ჩემ ზედა, რამეთუ ესე არს კაცთა რჩეულთაჲ, რომელნი არიან, ვითარცა ანგელოზნი, სრულითა საქმითა და არიან ამათ კლდეთა შორის, და ესევითარი მათგან ეგების საქმედ, რომელსა შენ ითხოვ. მეც მე დრო, რაჲთა წარვიდე და ვევედრო მათ და უთხრა ბრძანებაჲ შენი, და ლოცვითა მათითა აღესრულოს განზრახვაჲ შენი, არამედ შეურაცხ-გჳჩნს თავი ჩუენი, რამეთუ კაცნი ვართ ცოდვილნი, ნუუკუე სილაღედ იხილოს ღმერთმან.“

შეჰრისხნა მას სამოელ მონაზონმან და ჰრქუა: „მღდელო, საქმესა ღმრთისასა, ვითარცა საქმესა კაცთასა, ჰზრახავ! ანუ არა აღმოგიკითხავსა, ვითარ ეტყჳს ღმერთი პალეკარპოსს: „უკუეთუმცა არა დაბრკოლდებოდეს ანგელოზნი კაცთა სათნოებისათჳს, ყოველთამცა ქალაქთა შინა ჯუარს-ვეცუ, რაჲთა ყოველნი ვაცხოვნნე?“ ანუმე უფროჲს არს აქაბ, მეფე ისრაელისაჲ, მეფესა ქრისტიანეთასა, რომელსა ეტყჳს ესაია: „ითხოვე სასწაული სიმაღლედ, ანუ სიღრმედ,“ და მისთჳს თქუა: „მიუდგეს ქალწული?“ ანუ ვინ ჰრქუა ისრაიტელსა: „რაჲცა ითხოვო სახელითა ჩემითა, მოგეცეს?“ ისო ჰრქუა სამყაროსა ცისასა: „მოიქეც!“ და სამსა ჭდესა მოიქცა იგი. აწ სიტყუაჲ სიმდაბლისა შენისაჲ კეთილ არს, პეტრე, არამედ საბრკოლებელ არს მცირედმორწმუნეთა კაცთა. ხოლო შენ, მეფეო, მცირედ შეგუეწიე ჩუენ სარწმუნოებითა, რამეთუ ლოცვამან ჭირვეულისა ამის ქალაქისამან ყოს ნებაჲ შენი.”

და წარვიდეს წმიდანი იგი სადგურად თჳსა, ხოლო მეფემან მყოვარ ჟამ ილოცა და დაწვა. და მირულებასა შინა მისსა, აჰა, მოვიდა დედაკაცი იგი, რომელი იყო წმიდაჲ ნინო, და ჰრქუა: „აღდეგ, მეფეო, და განკრძალულად მიეგებვოდე, რამეთუ ორნი მეფენი, ზეცისა და ქუეყანისანი, მოვლენ შენდა.“ და რეცა მიხედნა და იხილა პირველ სახე ქალაქისაჲ, ვითარმედ არს კოსტანტინესი. და მიიწია იგი სწრაფით და იხილნა ორნი საყდარნი: ერთსა ზედა მჯდომარე ჭაბუკი საჭურველითა, გჳრგჳნოსანი, და მეორე[ს]ა საყდარ[ს]ა იხილა მჯდომარე მოხუცებული ზეწრითა სპეტაკითა და თავსა მისსა გჳრგჳნი ნათლისაჲ, არა ოქროჲსაჲ. და ფერჴთა მისთა ჯდა ნინო და ჴელი ვახტანგისი მარჯუენაჲ ეპყრა პეტრეს მღდელსა და მარცხენაჲ - სამოელს მონაზონსა. და ჰრქუა სამოელ: „შეუვრდი პირველად დიდს ამას მთავარსა ზეცისასა გრიგოლის!“ მივიდა და თაყუანი-სცა, და ჰრქუა გრიგოლი: „რაჲ ესე ჰყავ ბოროტი, კაცო, რამეთუ მოაოჴრე ბანაკი ჩემი და მჴეცთა შეაჭამენ საცხოვარნი ჩემნი, უკუეთუმცა ორნი ეგე არა, რომელნი გუერდით გიდგან და დედაკაცისა ამისთჳს სათნოჲსა, რომელი დაუცხრომელად იღუწის მარიამის თანა თქუენთჳს, შურ-ვიგემცა შენგან, ვითარცა მამათა შენთაგან, რომელნი ესვიდეს ცეცხლსა შემწუელსა და არა ბრწყინვალებასა, განმანათლებელსა ყოველთასა“. და მისცა ჴელი და ამბორს-უყო რეცა, და მიყო ჴელი გჳრგჳნსა ნათლისასა, რეცა ეგევითარი გჳრგჳნი მისცა ვახტანგს და ჰრქუა: „დაარქუ ეგე პეტრეს.“ და აღიღო პეტრე მისვე გჳრგჳნისაგან რეცა უდარესი და დაარქუა სამოელ მონაზონსა. და ჰრქუა ნინო ვახტანგს: „აწ უკუე მივედ მეფისა და მიიღე ნიჭი შენი.“ მივიდა მეფისა და ამბორს-უყვეს ურთიერთას, და ადგილ-სცა საყდართა თჳსთა, დაისუა იგი თანა და მისცა ბეჭედი ჴელისა მისისაგან, რომელსა იყო თუალი ფრიად ნათელი, და ჰრქუა კეისარმან: „უკუეთუ გნებავს, რაჲთა მოგცე გჳრგჳნი, აღუთქუ ვინ-იგი დგას ჩუენ ზედა, რაჲთა ჰბრძოდი მტერთა მისთა, მიიღე მისგან გჳრგჳნი.“ მიიხილა ვახტანგ და იხილა ჯუარი, რომელსა ფრთეთა მისთა ზედა აქუნდა გჳრგჳნი, და უმეტესად ხილვამან ჯუარისამან დასცა შეძრწუნებაჲ, რამეთუ უსაშინელეს იყო ზარი მისი, და დადუმნა, ხოლო აღადგინა ნინო და მიხედნა პეტრეს კერძო და სამოელის კერძო, და ერთითა პირითა თქუეს: „ჩუენ ვართ თავსმდებნი, ვითარმედ უმეტეს ყოველთასა წარემართოს, ჵ, ჯუარო უძლეველო.“ და მიყო ჴელი კეისარმან და მოიღო გჳრგჳნი ჯუარისაგან და დაარქუა თავსა ვახტანგისსა. და იწყეს გამოსლვად რეცა, ჴმა-ყო ეპისკოპოსმან სამგზის და ჰრქუა: „ვახტანგ, უმეტეს მორწმუნე იყო შენ ყოველთა შორის ნათესავთა სპარსთასა;“ მეორედ: „შენგან აღეშენნენ ეკლესიანი და განეწესნენ ეპისკოპოსნი და ეპისკოპოსთა მთავარი;“ მესამედ: „გჳრგჳნი წამებისაჲ მიიღო.“

და გამოვიდა რეცა, მოუწოდა ძილსავე შინა პეტრეს და სამოელს, და უთხრობდა ძილსავე შინა ჩუენებასა, და იგინი აღუჴსნიდეს: „რომელი-იგი იხილე საყდართა ზედა გჳრგჳნოსანი ნათლითა დიდითა, იგი არს გრიგოლი მოძღუარი, და მან რომელი მომცა გჳრგჳნისა მისგან, მომცა ეპისკოპოსთა მთავრობაჲ, და მე რომელ მივეც გჳრგჳნისა ჩემისაგან მოყუასსა ჩემსა, ჩემ მიერ ყოფად არს ეპისკოპოსად, და რომელ ჰნახე გჳრგჳნითა ოქროჲსაჲთა ჭურვილი, იგი არს კეისარი, და რომელ მოგცა შენ ბეჭედი, მოგცეს შენ ასული ცოლად და ყოველი საზღვარი ქართლისაჲ, მისგან უკუმოღებული, მოგცეს, ხოლო გჳრგჳნი ჯუარისაგან, რომელი მოგცა, ვრცელნი ღუაწლნი გარდაიჴადნე შეწევნითა ჯუარისაჲთა, და მოძღუარმან ჩუენმან, რომელ სამგზის გიჴმო, სამნი ნიჭნი გითხოვნა ღმრთისაგან, რაჲთა შენ მიერ ჭეშმარიტებაჲ დაემტკიცოს ქართლისა კათალიკოზთაგან და ეპისკოპოსთა და სძლევდე მტერთა ვიდრე დღედმდე აღსრულებისა შენისა, ხოლო აღსრულებასა შენსა გჳრგჳნი წამებისაჲ მოიღო ბრძოლასა შინა და ჴელთა მტერთასა არა შეჰვარდე. ესე ყოველი აღესრულოს ვიდრე მოუძლურებადმდე შენდა და სიბერედმდე.“

და განიღჳძა მეფემან, ჰმადლობდა ღმერთსა, რომელმან ყოველივე გამოუცხადა, და მოუწოდა მსწრაფლ პეტრეს და სამოელს და ჰრქუა: „რაჲ იხილეთ?“ ხოლო მათ ჰრქუეს: „მეფე, ერთი მარჯუენით და ერთი მარცხენით ვდეგით, რაჟამს შენ საყდართა მსხდომარეთა წინაშე კეისრისა და ღმრთივგამომეტყუელისა დიდისა გრიგოლისა სდეგ, და კუალად დედოფალი ჩუენი დაამშჳდებდა მოძღუარსა მას განრისხებულსა შენ ზედა, და მიგცემდა შენ ჴელთა მისთა.“ და ჰრქუა მათ მეფემან: „დუმენით, წმიდანო, რამეთუ ყოველი ჩემ თანა გიხილავს. აწ ვითარ გნებავს თქუენ საქმე ქალაქისაჲ ამის, რომელი შემუსრვად მიწევნულ არს? ანუ რაჲ ვყოთ ტყუეთა ამათთჳს, რომელ უმეტეს არიან ბევრ ათასსა, რომელ არიან ჴელთა ჩუენთა? ნუუკუე მსწრაფლ განვიდეს აქაჲთ ქადაგი, ვითარმედ სპარსთა მეფე წარმომართებულ არს ქუეყანად ჯაზირეთად და გამოვლეს ფილისტიმე კუალსა მეფისა კეისრისასა, რომელმან მოაოჴრა ქუეყანაჲ სპარსთა მეფისაჲ, და სპარსთა მეფემან ვერ უძლო ბრძოლად. და კეისარმან ვითარცა ცნა, ვითარმედ ჩუენ მოვედით ქუეყანასა მათსა, მოისწრაფის ბრძოლად ჩუენდა, და რეცა სპარსთა მეფე მოვალს ძალად ჩუენდა, და ვხედავთ, ვითარმედ სპანი სპარსთანი სომხითისა და ქართლისა სპათა უმრავლეს არიან და არავინ არს ჩუენ შორის ჭეშმარიტი მორწმუნე, რომელნი დაჰნერგნა მამამან ჩუენმან მირიან, გინა თრდატ, დედით ნათესავმან ჩუენმან. ამათ ყოველთა სარწმუნოებაჲ ვიცით, რამეთუ სავსე არს საცთურითა, ნუ-უკუე გამოცხადებასა საქმისა ჩემისასა განწყრეს დედისძმაჲ ჩემი და ვეწყვნეთ ურთიერთას და ვიქმნნეთ საცინელ ყოველთა მტერთა ჩუენთა. არამედ ესრეთ ვყო ესე: რეცა მოვიდენ სპანი ჩუენნი და მაუწყონ მოსლვაჲ კეისრისაჲ, მას ზედა უკუვჰრიდოთ ჩუენ, პირველვე საქმე ესე ვაუწყოთ, ოდეს მოვიდეს და მოგუეახლოს ჩუენ კეისარი. მაშინ, ვითარცა იზრახოს სიწმიდემან თქუენმან, ეგრეთ ვყოთ, და არცა ერთი ტყუეთა მათგანი დააკლდეს.“

და წარვიდა პეტრე კეისრისა, ხოლო სამოელ დადგა წინაშე მეფისა. ხოლო ხვალისა დღე მოვიდა რეცა დიასპანი და უქადაგა მეფესა, ვითარმედ სპანი ბერძენთანი შემოვიდეს კოსტანტინეპოლედ. და მოუწოდა მეფემან ვახტანგ დედისძმასა მისსა და ყოველთა მეფეთა და ჰრქუა: „რასა იტყჳთ, რამეთუ უწყით სიმრავლე სპათა ბერძენთაჲ და ვერაგობაჲ წყობისა მათისაჲ და სიმარჯუე ზღუათა შინა ნავებისაჲ. ესერა, შევიდეს იგინი სპარსთა ქუეყანასა, გმირთა და გოლიათთასა, და ვერ უძლეს წყობად. აწ უკუე მეშინის, ნუუკუე სპანი ნავებითა მოვიდენ, შეიპყრან გზაჲ ჩუენი და მოგუწყჳდნენ ჩუენ, ვითარცა ბაკსა შინა. არამედ აღვდგეთ აქაჲთ და დავიბანაკოთ ზღუასა სამხრით კერძო, რაჲთა გუაქუნდეს გზაჲ ჭირსა და ლხინსა.

აღიყარა ლაშქარი იგი გარემოჲს ქალაქისა და ვლეს ხუთისა დღისა სავალი სამხრით კერძო და დადგეს სპერით კერძო. და განვიდეს მყოფნი ქალაქისანი, მიწევნულნი სიკუდი ლად, და მისცეს მადლი ვახტანგს, და მისცეს ძღუენი - ათასი ლიტრაჲ ოქროჲ და ხუთასი თავი სტავრაჲ. და განვიდა ერი იგი მშჳდობით სავაჭროჲსათჳს და საჴმრისა.

ხოლო ვითარცა მივიდა პეტრე წინაშე მეფისა და უთხრა ყოველი კეისარსა, კეისარმან განიხარა ფრიად და ყოველი, რომელი ეხილვა ჩუენებასა შინა, მისცა მას ზედა ნებაჲ ვახტანგს, და წარმოავლინა პეტრე მღდელი და მოუმცნო აღთქუმითა და ფიცითა ძლიერითა, რაჲთა სწორ-ყოს მეფობასა მისსა, არამედ ორთავე სპათა დასცნენ სპარსნი, რომელნი-იგი არიან ვახტანგის თანა. არა აღვიდენ საბრძანებელთა მათთაგან, ოდეს შეკრბენ ვახტანგ და იგი.

ხოლო ვიდრე პეტრე და მოციქულნი მოვიდოდეს ვახტანგისა, კეისარი შემოვიდა კოსტანტინედ და წარმოავლინა ხუთასი დრომონი, რომელსა შინა იყო ხუთას-ხუთასი კაცი. და უბრძანა, რაჲთა მიეახლნენ ვახტანგს და დადგენ თჳნიერ ბრძოლისა. და წარემართა კეისარი გზასა პონტოჲსასა რვაასითა ათასითა კაცითა. ვითარ მოეახლნეს სპანი იგი ზღჳთ, უნდა სპარსთა წყობაჲ მათი, ხოლო მეფე აყენებდა და არა მიუშუებდა ბრძოლად. ხოლო ვითარცა შეართუეს ძღუენი მოციქულმან კეისრისამან და პეტრე, ჰქონდა სიტყუაჲ საიდუმლოჲ და კუალად ჰქონდა სიტყუაჲ საეროჲ, და თქუა ცხადად: „ნუ ივლტი, დადეგ ვიდრე ჩემად მოსლვადმდე, რაჲთა რომელნი-ეგე შენ თანა არიან სპარსნი, რომელნი დაგჳრჩეს შესლვასა ამას ჩუენსა სპარსეთს მოუწყუედელად, მოვწყჳდნეთ ეგენიცა.“ ხოლო საიდუმლოდ მოართუეს მას ჯუარი და გჳრგჳნი შუამდგომელად და შესამოსელი ტანისა მისისაჲ, და თქუეს: „რაჲ შევკრბეთ ერთად, მიგცე ციხე თუხარისისაჲ და საზღვარნი ქართლისანი.“ ხოლო მისცა მეფემან პასუხი საეროდ, ვითარმედ: „არა რომლისა მიზეზისათჳს მოვედით აქა, გარნა წყო-ბისა შენისათჳს. აწ მოვედ აქა და, თუ არა, ჩუენ მოვიდეთ კოსტანტინეპოლედ,“ და ფარულად ამცნო და ჰრქუა: „რომელი არა ჰშუენის შენსა ღმრთისმოყუარებასა, რომელი შენ არა ჰყო, სხუასა ნუ აწუევ, რამეთუ ღადრობაჲ არა ჴელი არს კაცთა პატიოსანთაჲ. დაღათუ აწ შენ მიგცნე სპარსნი, არა უკუნისამდე განცრუვნესა სახელი ჩემი? და უმეტეს ჩუენსა აქუს მრავალთა მათგანთა სიყუარული ქრისტესი, არამედ შიშისაგან მათისა ვერ გამოაცხადებენ. აწ ბრძანე, რაჲთა საქმე ესე ჩუენი მშჳდობით ვყოთ, ვითარცა ივბიმიანოს და ყოველთა სპარსთა, ხოლო შემდგომად ამისა, რაჟამს გარდაწყდეს საქმე ჩუენი, უმარჯუესადრე შევყარნე იგინი ჴელსა შენსა, და ნუმცა რაჲ იქმნების საქმე უშუერი და ნუცა საქმე შფოთისაჲ თქუენ მიერ, რაჲთა არა დაეცნენ პირითა მახჳლისაჲთა ერნი თქუენნი, ხოლო ერნი თქუენნი განლაღებულ არიან ჯობნასა ზედა სპარსთასა, ხოლო სპარსნი არავე შეშინებულ არიან, არამედ შურითა თქუენითა წადიერ არიან წყობასა, ანუმცა მოკუდეს, ანუმცა იძიეს შური სისხლთა მათთაჲ. ხოლო სპანი ესე შენნი თუ მოღმართ მბრძოდიან, მემცა უბრალო ვარ.“

და წარვიდა მის წინაშე მოციქულად ვარაზ-მიჰრ, მამამძუძისა მისისა ძმაჲ, და სამოელ მონაზონი, ხოლო კეისარი მოწევნულ იყო პონტოდ ქალაქად. და პონტოელნი გამოსრულ იყვნეს მიგებებად და შეასხმიდეს ქებასა და ვახტანგ მეფისა მადლობასა, რამეთუ უკუჰრიდა მათ და არა მისცნა იგინი სიკუდილსა. ვითარცა მიიწინეს მოციქულნი ვახტანგ მეფისანი ქალაქად, მოართუეს ძღუენი - ათასი მუთაკალი მუშკი, ხუთასი - ამბრი და ათასი ლიტრაჲ ალვაჲ.

და განსრულ იყო გუნდი ვახტანგისი ალაფობად და მიეტევნეს მათ მკჳრცხლნი ბერძენთანი, და მათ თანა შეკრებულნი ჴევთა და ქალაქთა მჴედარნი ვითარ სამასი ათასი. ხოლო მეფე ვახტანგ აყენებდა მიიძულებად სპათა მათ მეალაფეთა, ვიდრე არა მოვიდა დედისძმაჲ მისი, ერისთავი სპარსთაჲ, და რისხვით ჰრქუა ვახტანგს: „ჵ, გუელო და ნათესავო ასპიტისაო, არა უწყია, რამეთუ დედაჲ მამისა შენისაჲ ბერძენი იყო, ნათესავი ივბიმიანოსისი? და გძლო შენ ბუნებამან მამისდედისა შენისამან და სიყუარული ჯუარცუმულისა მის კაცისა მომკუდარისაჲ გიპყრიეს და გნებავს განყენებაჲ ჩუენი ჴელსა ბერძენთასა.“ მაშინ ვახტანგ ჰრქუა: „აჰა, შენ და ბერძენნი! და იხილო ძალი მომკუდარისა მის კაცისაჲ და ცეცხლისა მის, სასოჲსა შენისაჲ.“ და სცეს საყჳრსა და განვიდეს ყოველი სომხითი, სპარსნი და მეფე დარუბანდისაჲ, ხოლო მეფე ვახტანგ და ქართველნი განვიდეს ხედვად და დადგეს. და აღჯდა მეფე პილოსა ზედა თეთრსა და ეწყვნეს იგინი ზღჳსკიდესა მას, რომელ არს ჭალაკი, რიყესა ხერთვისისასა. მისლვამდე სპარსთა ლაშქრისა მოეკლა ბერძენთა ერისა მისგან ოცდაშჳდი ათასი. და განძლიერდა ბრძოლაჲ და მოკლეს დედისძმაჲ ვახტანგისი, ერისთავი სპარსთაჲ, და მოკლეს იპაჯაჯ, მეფე ლეკთაჲ, და მრავალნი ერისთავნი, და იძლია ბანაკი აღმოსავალისაჲ. იყო ბერძენთა სპასალარი პალეკარპოს ლოღოთელი, დისწული მეფისაჲ, და იყო იგი ძლიერი, და მას მოეკლნეს ძლიერად მბრძოლნი სპარსთანი, და ესეცა ერისთავი მანვე მოკლა. მაშინ გარდამოჴდა მეფე ვახტანგ ეტლთაგან და თქუა: „არა რომელი ჩუენ გჳნდა, გარნა რომელი ღმერთსა სთნდა, რამეთუ ჩუენ ვივლტოდით მშჳდობასა, არამედ სილაღემან სპარსთამან აგინა ღმერთსა და ღმერთმან შურ-იგო და მოკლეს ერისთავი რანისაჲ, რომლისათჳსცა ყოველი სპარსეთი, ვითარცა მოოჴრებასა სპარსეთისასა, იგლოვს. აწ დამდაბლდა სილაღე სპარსთაჲ, და მოიყვანეთ ჯუარი და წარვიძღუანოთ, რაჲთა რომლითა გუძლევდენ, იძლინენ იგინი მითვე. და იქმნენით ძედ ძლიერებისა და ნუ ვინ ჰბრძავთ ურთიერთას სხჳსა მიერ და ნუ ეძიებთ ძლევასა მტერთასა. არამედ იყვნენ ჴელნი თქუენნი, ვითარცა ჴელნი ჩემნი, რაჲთა არა ვიძლინეთ სრულიად. არა ხოლო თუ აქაჲთ ვიდევნნეთ, არამედ ვიდრე ადარბადაგანამდე, ვითარცა იდევნნიან ყორანნი მართუეთაგან თჳსთა.“

და მოიყვანა პეტრე მღდელმან ჯუარი და ჰრქუა მეფემან: „დადეგ წინაშე პირსა მტერისასა და ერისა ჩემისასა და არქუ: „ყოველთა თაყუანის-ეცით ჯუარსა და ვსძლოთ.“ და უბრძანა დემეტრეს, ერისთავსა თჳსსა, და ჯუანშერს, სპასპეტსა თჳსსა, რაჲთა მიჰყვნენ ჯუარსა თანა, და, რომელმან არა თაყუანი-სცეს, მოკლან. და ქადაგი ჴმობდა ძლიერად: „რომელმან არა თაყუანი-სცეს ჯუარსა, მოკუედინ!“ და მოვიდოდეს ყოველნი ერნი და თაყუანის-სცემდეს ჯუარსა და დაადგებოდეს წინაშე ჯუარსა. ხოლო ბორზო, მოვაკნელმან მეფემან, თქუა: „არა დაუტეობ ნათელსა შემწუელსა და არა თაყუანის-ვსცემ ძელსა, რომელი განშუენებულ არს ოქროჲთა და ანთრაკითა.“ და სცა მას ლახუარი ჯუანშერ სპასპეტმან და დაეცა მძორი მისი. მიერითგან არღარავინ იკადრა გმობად ჯუარისა და აღთქუმით ეტყოდა ერი იგი მეფესა ვახტანგს: „უკუეთუ შემეწიოს ჩუენ ჯუარი, არღარა იყოს ჩუენდა სხუაჲ ღმერთი, გარნა ჯუარცუმული.“

და გარდაჴდა მეფე და თაყუანი-სცა მას, და ყოველი ერი მის თანა. და თქუა მეფემან: „აჩუენე ძალი შენი ერსა ამას შენსა ურწმუნოსა, რაჲთა მოიყვანნე სარწმუნოებად, უფალო ღმერთო, რამეთუ მორწმუნენი შენნი, დაღაცათუ მოკუდენ, ცოცხალ არიან, და ცხოველნი შენ ცხოველისაგან ძლიერ არიან.“

და სპანი იგი ბერძენთანი ვითარცა გამოვიდეს ველად, ხოლო პალეკარპოს, ვითარცა მგელი, სისხლითა აღმოსუარული, და ვითარცა ლომი განძჳნებული, მოიზახდა და შეურაცხ-ჰყოფდა სპათა მათ. ხოლო მეფემან ჰრქუა: „ვინ არს თქუენ შორის კაცი, რომელი ეწყოს იმას და სწორ იყოს მეფობისა ჩემისა?“ წარვლო ქადაგმან ორგზის და ვერვინ იკადრა ყოვლად სიტყუად.

მაშინ თქუა ვახტანგ: „არა ძალითა განძლიერდების კაცი, არამედ ღმერთმან მოსცეს ძალი, და მე ვესავ ძალსა შენსა და, ვითარცა დავით, განვალ ნიშითა ჯუარისაჲთა. მომეც მე ძალი ვითარცა დავითს გოლიათსა ზედა, რამეთუ ესეცა მაყუედრებელად და შეურაცხებით მოუჴდა ჯუარსა შენსა. რაჟამს იხილა ჯუარი აღმართებული ძალად ჩუენდა, არა ივლტოდა მისგან. არამედ სასოებითა ძალისა მისისაჲთა განვიდე ბრძოლად.“ და განემზადა ვახტანგ ბრძოლად და თქუა: „იხილი, ღმერთო, ამპარტავანი და დაამდაბლი, კუალად იხილი ჭირვეული და იჴსნი. ხოლო ესე შეურაცხად მიჩნს და არა მეშინის, რამეთუ ძალი, შენ მიერ მოცემული, დიდ არს, რომლითა ვსძლო. არამედ მეშინის მე შენგან, რამეთუ მდაბალთა ჴმანი ისმინნი, და შენ გხადი შემწედ ჩემდა.“ აღმოიჴადა მახჳლი, და შეამთხჳა ჯუარსა და განვიდა შორის განწყობილთა მათ და თქუა: „არა ჰბრძავნ ლომი ჴარსა, რამეთუ მე მეფე ვარ და შენ - მონაჲ. არამედ დავდვა თავი ჩემი ერისა ამისთჳს, რაჲთა ჰრწმენეს ძალი ჯუარისაჲ.“

და მოეტევა პალეკარპოს, ხოლო ვახტანგ მას საომრად მიეახლებოდა. და აღიზახნეს ორთავე მათ განწყობილთა ჴმითა საშინელითა. და იყო ჴმაჲ იგი, ვითარცა ჴმაჲ ქუხილისაჲ, რომლითა შეიძრვოდა ქუეყანაჲ. და დასცა ლახუარი პალეკარპოს ფარსა ვახტანგისსა, რომელი ედვა ვიგრის ტყავისაჲ, და განავლო ფარსა, ვითარ წყრთა ერთი, რამეთუ იყო სისხოჲ ლახურისაჲ, ვითარ მტკაველი კაცისაჲ. და მისცა ფარი იგი მეფემან ლახუარსა მისსა, და მიეტევა პირისპირ, და სცა ჴრმალი ჩაბალახსა ზედა და განუპო თავი მისი ვიდრე ბეჭთამდე და მიყო ჴელი და უპყრა თავისა მისისა ნახევარი და მოიღო წინაშე ჯუარსა და თქუა: „ყოვლისა განდგომილისა შენისა ესე იყავნ ნაწილი!“

და მიეტევნეს სპანი ვახტანგისნი სპათა ბერძენთასა და აოტნეს იგინი, და აღიჭურნეს გუნდ-გუნდად და მიაწყუდინეს ზღჳსპირსა, და არავინ განერა მათგანი, გარნა რომელი შეესწრა ზღუად და ივლტოდეს ნავითა. მას დღესა შინა მოწყდა სპათაგან ვახტანგისთა ორმეოცდაათერთმეტი ათასი, ხოლო სპათაგან ბერძენთასა - სამეოცდაათორმეტი ათასი, და შეიპყრეს ტყუედ მათგან ას ოცდახუთი ათასი.

და ვითარ მოიქცეს სპანი იგი გუამსა ზედა ვარაზ-ბაკურისსა, ვახტანგის დედისძმისასა, იგლოვდეს და შემურეს იგი საბრითა და მურითა, და წარსცეს ბარდავად, ხოლო ვახტანგ მოუწოდა ყოველთა სპათა და უბრძანა ყოველთა ტყუეთა მოყვანებაჲ. და მოიყვანეს დაუკლებელად და იყო ერთრიცხუად ყოველი - მამაკაცი და დედაკაცი - შჳდას ოთხმეოცი ათასი, და წარსცა იგი ყოველი წინაშე კეისრისა ჴელითა ნასრესითა და ადარნასესითა, ერისთავთა მისთაჲთა, და მიუწერა წიგნი, ვითარმედ: „სიბრძნე ღმრთისაჲ მიუწდომელ არს, და სიბრძნესა კაცთასა და ნებასა სძლევს ნებაჲ ღმრთისაჲ. მე უწყი, რამეთუ არა არს ნებაჲ შენი საქმესა ამას, რომელი-ესე იქმნა პალეკარპოსისგან, არცა თუ იყო ნებაჲ ჩემი, რომელი-ესე ქმნა დედისძმამან ჩემმან, და ორნივე ესე ძჳრისმოქმედნი ძჳრმან მოინადირნა. ამისთჳს ყო ესე ღმერთმან, რაჲთა ახალნერგნი ესე მოიყვანნეს სარწმუნოებად შიშისა მისისაგან, ვითარცა-იგი უძღებისათჳს შვილისა ყო საქმე განსაცხრომელი. ხოლო თქუენ პირმშონი შვილნი ხართ ღმრთისანი და მარადის მისნი ხართ. აწ მწუხარებაჲ ესე დედისძმისა ჩემისაჲ დისწულისა თქუენისა მიერ ნუგეშინის-ვეც, რაჟამს ვიძიე შური მკლველთა მისთაჲ. ხოლო თქუენ ნუგეშინის-გეცით ერისა ამისთჳს, რომელი იჴსნა ღმერთმან შჳდას ოთხმეოცი ათასი, და უკუეთუ ბრძანებდე შემთხუევად ჩემდა, გამოისწრაფე, უკუეთუ არა, მოციქულითა განაგე საქმე ჩუენი, რამეთუ დამიმძიმდა დგომაჲ ჩუენი ქუეყანისა ამისთჳს მოოჴრებულისა.“

ხოლო ვიდრე მისლვამდე მოციქულთა ფრიად მწუხარე იყო კეისარი, არამედ რაჟამს უთხრეს, ვითარმედ ტყუე პირველ შეპყრობილი და ტყუე ერისაგან მეოტისა, - ყოველი დაუკლებელად განუტევებია, მაშინ განიხარა ფრიად და ყოველთა დაუტევეს მწუხარებაჲ. და შეჯდა მეფე ნავსა და განვიდა, სამასითა დრომონითა სუბუქად ზღჳსკიდესა და მოუწოდა ვახტანგს, და ყვეს ურთიერთას აღთქუმაჲ და ფიცი, და განაგეს საქმე წინდობისაჲ. და უკუმოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისაჲ - ციხე თუხარისი და კლარჯეთი, ზღჳთგან ვიდრე არსიანთამდის და ჴევნი, რომელნი მოსდგმენ ღადოთა და გამოიკითხა კეისარმან საზღვარი საბერძნეთისაჲ - ქუეყანაჲ ზღჳსპირისაჲ, რომელ არს აფხაზეთი, და ჰრქუა: „ეგრისწყლითგან ვიდრე მდინარედმდე მცირისა ხაზარეთისა ესე საზღვარი არს საბერძნეთისაჲ ალექსანდრობითგან, რომელი-ესე აწ შენ მიგიღია მკლავითა ჩუენგან, აწ იგი უკუმოგუეც და, ოდეს წარიყვანებდე ცოლსა შენსა, ასულსა ჩემსა, მაშინ მოგცე ქუეყანაჲ მისგან.“ და დაუწერა ქუეყანაჲ ეგრისწყალსა და კლისურასა შუა ზითვად. და სხუაჲ აფხაზეთი უკუსცა ვახტანგ ბერძენთა.

და წარმოვიდა ვახტანგ გზასა კლარჯეთისასა და სპანი მისნი განუტევნა გზასა სომხითისასა. და ვითარ მოიწია თუხარისად, მიხედნა და შეუყუარდა ციხე და თქუა: „ჭეშმარიტად თუ ხარ შენ ციხე!“ და ვითარცა წარმოვიდა შუა კლარჯეთს, იხილა კლდე, რომელსა სოფელსა ერქუა არტანუჯი, და მოუწოდა არტავაზს, ძუძუჲსმტესა მისსა, და დაადგინა იგი ერისთვად და უბრძანა, რაჲთა აღაგოს ციხე არტანუჯისაჲ, და უბრძანა, რაჲთა გამონახოს ჴევსა მას შინა სამონასტრე და აღაშენოს ეკლესიაჲ და ქმნეს მონასტრად, ვითარცა ეხილვნეს მონასტერნი საბერძნეთისანი, და ჰრქუა არტავაზს: „უკუეთუ განძლიერდენ სპარსნი ჩუენ ზედა, საყუდელი ჩუენი აქა ყოფად არს.“

ხოლო არტავაზ აღაშენა არტანუჯისა მონასტერი და სამნი მონასტერნი ბაბამერისა, ბიდონიისა და აქიზისა, და განაახლა ციხე აქიზისაჲ და ქმნა იგი ქუაბად.

და ვითარ წარმოვიდა ვახტანგ ქალაქად თჳსად მცხეთად, იყო სიხარული დიდი და მადლისა მიცემაჲ ღმრთისა, რამეთუ შეიქცა იგი მშჳდობით, და მისცა ნიჭი ერსა თჳსსა.

ხოლო მეფემან სპარსთამან ვითარცა ცნა, ვითარმედ მიიქცა ვახტანგ ბერძენთა კერძო, შეიქცა სპარსეთად და მოკუდა და დაჯდა მეფედ ძე მისი. და ვიდრე მოიწიფებოდა იგი, წარჴდა მას შინა სამი წელიწადი.

ხოლო ვახტანგ მეფესა უშვნა ცოლმან ძე და ასული მარჩბივად, და მოკუდა შობასა შინა ბალენდუხტ დედოფალი, ასული სპარსთა მეფისაჲ, ხოლო ვახტანგ უწოდა სახელი ძესა თჳსსა სპარსულად დარჩილ და ქართულად - დაჩი.

მაშინ ვახტანგ მეფემან ვერ მოიყვანა ცოლი, ბერძენთა მეფისა ასული, და ვერცა კათალიკოზი და ეპისკოპოსნი, რამეთუ მოელოდა იგი მოსლვასა სპარსთა მეფისასა, ამაგ-რებდა ციხეთა და ქალაქთა და ჰკაზმვიდა მჴედართა და განამზადებდა ბრძოლად სპარსთა. მაშინ შეაგდო საპყრობილესა შინა ბინქარან მაცთური, ეპისკოპოსი ცეცხლისმსახურთაჲ, და მოსრნა და განასხნა ყოველნი ცეცხლისმსახურნი საზღვართაგან ქართლისათა.

ხოლო სპარსთა მეფე შემდგომად სამისა წლისა წარმოემართა ბრძოლად ვახტანგისა, მოიწია ინდაბრიანთა და დაიბანაკა. ხოლო ვახტანგ წარავლინა და მიუმცნო ბერძენთა, ვითარმედ: „აჰა, დღე იგი, რომელ აღმითქუამს, ვითარმედ სპარსნი შემოვაწყუდინე ჴელსა შენსა. აჰა, ესერა, იგინი მომიყვანებიან შუა საზღვართა ქართლისათა, და ყოველი კაცი მათთანაჲ, ვითარ სამასი ათასი. რამეთუ ჰგონებდა იგი განმრავლებასა სპათა მისთასა სომხითით და მეფეთაგან კავკასიანთა. ხოლო მათ ვერ იკადრეს განრთვად მისა, რამეთუ რომელთამე მათგანთა აქუნდა სასოებაჲ ჯუარცუმულისაჲ, ხოლო რომელნი იძლინეს ეშმაკისაგან, მეფენი დარუბანდისანი, განერთნეს. აწ მე აღმისრულებიეს აღთქუმაჲ ჩემი, რომელი აღმითქუამს. სადაცა მიპოვნიეს სახლი ცეცხლისაჲ, დამივსიეს ფსლითა და მოგუნი და მზირნი მიმიცემიან სატანჯველსა ბოროტსა. და მაცთური ბინქარან მივეც საპყრობილესა და სიკუდილისაგან გარდაიხუეწა, მან უკუე მოიყვანნა სპარსნი ქართლად. და დავსუ ეპისკოპოსად მიქაელ, კაცი სარწმუნოჲ. ხოლო ბინქარან, ვითარცა მოიწია საზღვართა ქართლისათა, მოკუდა. აწ სწრაფით წარმოემართნენ სპანი შენნი, რომელ აქა შინა დაეცნენ ყოველნი მტერნი ჯუარისანი და მოიცალო შენ ყოველთა მტერთა შენთაგან, ხოლო თუ ჩუენ გუძლევდეს, განძლიერდეს და შემოვიდეს იგი საზღვართა შენთა გზასა შიმშატისასა.“

ხოლო ვიდრე მიიწეოდეს მოციქულნი ვახტანგ მეფისანი, წარსრულ იყო კეისარი ქუეყანით ხაზარეთით კერძო, რომლისაგან ვერ მოიცალებდა მოსლვად ქართლად. ხოლო ვახტანგ განაძლიერნა ციხენი და ქალაქნი და ურჩეულესი მბრძოლი ერისა მისისაჲ, ვითარ ასი ათასი მჴედარი და ასი ათასი ქუეითი, იპყრა მის თანა და დაუბანაკა მათ დიღმით ვიდრე ქართლისა კართამდე. და სპარსთა დაიბანაკეს ცხენისტერფითგან ჩაღმართ.

ხოლო ვახტანგ განაფართა ჴიდი მოგუეთისაჲ ვიდრე სამეოც მჴარ ქცევისათჳს მასზედა სპათაჲსა. ხოლო მეფე და ჯუანშერ სპასპეტი დადგეს მცხეთას, ხოლო ნასრა და მირდატ დაუტევნა სპათა ზედა სომხითისა და ქართლისათა, რომელნი დგეს არმაზით კერძო, და მცხეთით განვიდიან. და რაჲ განვიდის ლაშქარი იგი იმიერ კერძო მცხეთით, ეწყვნიან არაგუსა ზედა, და ოდესმე განვლიან ფონი მტკურისაჲ და შეიბნიან მტკუარსა ზედა, და რომელსამე დღესა მათ სძლიან და რომელსამე - ამათ.

ხოლო ვახტანგ მეფესა შეექმნა ჩაბალახი ოქროჲსაჲ და გამოესუა წინაჲთ მგელი და უკუანით - ლომი, და რომელსა კერძოსა იძლეოდიან ქართველნი, მუნითცა მიჰმართის და მოსრის სპისა მისგან სპარსთაჲსა, ვითარცა ლომმან კანჯარნი. მიერითგან ვერღარა შეუძლებდეს სპარსნი წყობად მისა, არამედ დაისწავლეს იგი, რომელსა ეწერა მგელი და ლომი, და ვითარცა იხილიან ვახტანგ, თქჳან: „დურაზ გორგასალ,“ რომელ არს ესე: „მოჰრიდეთ თავსა მგლისასა,“ და მის მიერ სახელ-ედვა ვახტანგ მეფესა გ ო რ გ ა ს ა ლ.

განძლიერდა მათ შორის ბრძოლაჲ ოთხ თთუე ოდენ. და მოვიდა მოციქული კეისრისაგან და მოართუა ძღუენი ვახტანგს, და მოჰგუარა სპათაგან ბერძენთაჲსა ოთხმეოცი ათასი მჴედარი და მოუწერა ვახტანგს, ვითარმედ: „შევექეც წყობასა ხაკანისასა, და მომივლენია შენდა ოთხმეოცი ათასი მჴედარი და მომიწერია ლეონისად, უკუეთუ გიჴმდეს შენ ლაშქარი, წინაშე შენსა არს მელიტითგან ვიდრე ლამედმდე და მოღმართ ვიდრე კარნუ ქალაქამდე, და მიბრძანებია ლეონისა შენ წინაშე ყოფაჲ.“

და მოწევნულ იყო ლაშქარი ბერძენთაჲ ჯავახეთს, ხოლო ვითარცა ცნა სპარსთამეფემან ბერძენთა მოსლვაჲ შუელად მათდა, იწყო ზრახვად ვახტანგისა, მიუმცნო მოციქულსა მისსა და ჰრქუა: „რაჲსათჳს მოვწყდებით ურთიერთას ძმანი კაცნი და შვილნი ნებროთისნი? უკუეთუ ცეცხლი ღმერთი არს, შე-უკუე-ეწიენ მათ იგი, ხოლო ჩუენ დავადგრეთ სიყუარულსა ზედა მამათა ჩუენთასა, ხოლო თჳთოეული ჩუენგანი სათნოსა სულისასა ჰმსახურებდეს.“

ვითარცა მოვიდა მოციქული და უთხრა [ესე], სთნდა ვახტანგს და ყოველსა ერსა მისსა. და მისცა ნიჭი ვახტანგ მეფემან და მოუვლინა მოციქული მისი და ჰრქუა: „გიხილავს ძალი ჯუარისაჲ. და ყოველთა მეფეთა მოგაქუნდა ხარკი ვიდრე გამოჩინებადმდე ჯუარცუმულისა; რაჟამს გამოჩნდა იგი, მძლე გექმნა იგი და ყოველნი თაყუანისმცემელნი მისნი და მოხარკენი შენნი ბერძენნი მოღმართ გბრძვანან, და მოაოჴრნეს სამსახურებელნი ცეცხლისანი. აწ უკუეთუ გუბრძოდი ჩუენ დატევებისათჳს სჯულისა, მოვკუდეთ ჩუენ მისთჳს, ვითარცა იგი ჩუენთჳს მოკუდა, და მან აღმადგინნეს ჩუენ. ხოლო უკუეთუ აღასრულო სიტყუაჲ შენი და იყოს ცეცხლი ღმერთად შენდა, და იყოს ღმერთად ჩუენდა ქრისტე, მამად და უფლად გხადო შენ, დაღაცათუ ჩუენ პირმშონი ვართ, არამედ თქუენ სხდეთ საყდართა ზედა მამისა ჩუენისათა.“

და ვითარცა უთხრეს სიტყუაჲ ვახტანგისი, შეიწყნარა და წარსცა ძღუენი გორგასლისა ძლიერად და მის თანა გჳრგჳნი ანთრაკოვანი, და ჟამი დადვეს შეკრებისაჲ.

აღიყარა მეფე სპარსთაჲ და უკუდგა რუსთავად. და გამოვიდეს იგინი განთიად და დადგეს ველსა კალისასა, ხოლო ტფილისი სოფელი და კალაჲ მოოჴრებულ იყო მაშინ.ხოლო მეფე ვახტანგ დადგა ჯაჭუს. და შეკრბეს მას ველსა ორნივე მეფენი და მოიკითხეს ურთიერთას, და ყვეს აღთქუმაჲ თჳს-თჳსსა სჯულსა ზედა გარდაუვალი. და მოეახლა სპარსთა მეფე გორგასალსა ლაშქრით თჳსით ტფილისად და უძღუნა გორგასალმან მჴევალი ათასი, მონაჲ - ხუთასი, სტავრაჲ სკარამანგი - ხუთასი, ბიზიონი ზუზმა - ხუთასი, ჴდალი ცხენი - ათი ათასი, ზროხაჲ - ოთხი ათასი, ცხოვარი - ათი ათასი. და დღესა მესამესა მივიდა გორგასალი მის თანა და თანაწარიტანა ლეონ, ანთიპატი კეისრისაჲ. და ყვეს განზრახვაჲ და აზრახა ანთიპატმან გორგასალსა, რაჲთა ყოს მშჳდობაჲ შორის კეისრისა და ხუასროჲსა, რამეთუ ეშინოდა ბერძენთა, ნუუკუე შევიდენ საბერძნეთად სპარსნი და მოაოჴრონ იგი, რამეთუ სპანი საბერძნეთისანი ყოველნი იყვნეს ხაზარეთს. და ჰრქუა ხუასრო გორგასალსა: „ითხოვე ჩემგან, რაჲცა გნებავს თავისა შენისათჳს და სხჳსა, ვისთჳსცა გნებავს.“ ხოლო გორგასალმან ჰრქუა: „მნებავს, რაჲთა იყოს მშჳდობაჲ შენ შორის და კეისრისა.“ ჰრქუა ხუასრო: „დამიმძიმდა თხოვაჲ შენი ჩემ ზედა, რამეთუ ბერძენთა რაჟამს პოვიან ჟამი, ჩუენ ზედა არა ყვიან წყალობაჲ, და მე ამით ვყავ სიყუარული შენ ზედა, რაჲთა შევიდე საბერძნეთად და შური ვიძიო მათგან. და აჰა, მოციქული ხაზართა მეფისაჲ, მეათე დღე არს, რაჲთგან მოსრულ არს, და შენ არა უწყი მიზეზი მტერობისა ჩუენისაჲ. ხოლო აწ მიგითხრა სილაღე მათი ჩუენ ზედა და მერმე ვყო ნებაჲ შენი, ვინაჲთგან აღგითქუ ფიცითა ძლიერითა, და არა ვყო უნებელი შენი, - და თქუა, - უწყი, ვითარმედ ზღუასა მოღმართ ჩუენი არს საზღვარი, ანყოფილი ნოვესითგან, და აწ იგი მბრძავს ჩუენ ჯაზირსა და შამსა, და მოოჴრებულ არიან ქალაქნი, ხოლო შამი სამეუფოჲ ჩუენი არს, არამედ ჯაზირისა ნახევარი, განჩინებული მამათა ჩუენთაჲ, შენი არს ხუედრი, და მიუღებიეს იგი ბერძენთა. და მე, ესერა, შევიდოდე უკუმოღებად მისა. აწ რომელი ნაწილი მამათა შენთაჲ არს, შენ განუყავ, შენ იცი და ბერძენთა, ხოლო სხუაჲ ჯაზირისაჲ მიმიცემია ბერძენთა მეფისა, და რომელი ვითხოვეთ ჩუენ შენგან, ყავ.“

ხოლო ვითარცა ესმა ესე ლეონ ანთიპატსა, განიხარა ფრიად და თაყუანი-სცა ორთავე მეფეთა, და თქუა: „ხუთნი ქალაქნი ჯაზირისანი შენდავე იყვნენ, შენნი კერძნი, რამეთუ ნახევარი სიკილიისაჲ, რომელი მოგუეღო შენგან, უკუგცეთ და დღეთა ჩუენთა იყავნ მშჳდობაჲ შენ შორის და მისა.“ და თქუა მეფემან: „ვინ უწყის, თუ დასჯერდეს ბერძენთა მეფე ქმნულსა ჩუენსა?“ და თქუა ლეონ: „რაჟამს წარმომავლინა მე ძალად ამის მეფისა, ჰრქუა მეფესა ჩუენსა მონაზონმან ვინმე ღმრთისმეცნიერმან, ვითარმედ: „სთნავს ღმერთსა მშჳდობაჲ სამთავე ამათ მეფეთაჲ,“ და იქმნამცა ეგრე. ხოლო კეისარმან უბრძანა მწიგნობარსა და დაწერა წიგნი ზავისაჲ და აქა არს აღწერილი წიგნი მისი.“

ვითარცა ესე თქუა, წარიკითხეს წიგნი მისი და წერილ იყო ფიცით: „თჳნიერ მისა, რომელი მოსცა სპარსთა მეფემან ივბიმიანოსს, არა ვძებნო თქუენ ზედა.“ და მოუწოდა სპარსთა მეფემან ხაზართა მეფისა მოციქულსა და უთხრა მან აღზრზენაჲ სპარსთაჲ ბერძენთა ზედა. მაშინ მოიღო სპარსთა მეფემან ქარტაჲ და დაწერა თჳსითა ჴელითა წიგნი ბერძენთა მეფისა სიყუარულისაჲ და ჩინებაჲ საზღვართაჲ, და სიკილიისა უკუცემისათჳს მისცა ფილისტიმი საზღვრითა იერუსალჱმისითა და თქუა, ვითარმედ: „ქალაქი სჯულისა თქუენისაჲ არს იერუსალჱმი.“ და მისცა გორგასალსა ნიჭი: ალვაჲ - ლიტრაჲ სამი ათასი, ამბარი - ლიტრაჲ ხუთასი, მუშკი - ლიტრაჲ ხუთასი, ტაიჭი ცხენი - სამი ათასი, სამოსელი ხუასროვანი - ათასი, ხაზიდი - სამი ათასი, და წარმოვიდა ვახტანგ შინა. ხვალისა დღე წარმოავლინა ვახტანგსა ბარზაბან, საკუთარი, და მობიდან და ჰრქუა ესრეთ გორგასალსა: „რომელი გინდა ჩემგან, მე ვქმნე აწ. განაგე საბრძანებელი შენი, ვითარცა გნებავს, მიავლინენ დასტურნი და მიითუალენ ქალაქნი, რომელნი მიგცენ შენ და კეისარსა, ხოლო ბარზაბანისად მიბრძანებიეს მისლვად კეისრისა და მითუალვად ქუეყანათა და ქალაქთა თქუენთა. ხოლო შენ უწყოდი, საქმესა ამას ჩუენსა ზედა განრისხნენ სპარსნი მოხუცებულნი, რამეთუ მათ ეგონა ჩემ მიერ შემუსრვაჲ საბერძნეთისაჲ, ხოლო მე დღეს საზღვართა ჩემთაგან ორი სამეფოჲ მივანიჭე. აწ ესე არს სათხოველი ჩემი, რაჲთა დაჲ შენი მომცე ცოლად და შენ წარმოხჳდე ჩემ თანა ქუეყანასა და მამულსა ჩემსა, რაჲთა ჰნახნე ნათესავნი შენნი და შენ შემწე მეყო თავითა შენითა მტერთა ჩემთა ზედა: აბაშთა და ელამთა და ჰინდოთა და სინდთა, და უძჳრესი ბოროტი და დამდაბლებაჲ მეფობისა ჩემისაჲ მათ ყვეს. აწ ოდეს მოხჳდე ჩემ თანა, ესრეთ ვჰრქუა მოხუცებულთა და მარზაპანთა ჩემთა: „სიყუარული ვყავ ჩემი და მოყუარეთა ჩემთაჲ, რამეთუ ესრეთ ინება ძმამან ჩემმან ვახტანგ მეფემან, რომელნი ქუეყანანი მივსცენით, მათითავე შემწეობითა მოხარკე-ვყვნეთ მტერნი ჩუენნი.“ და ამით დავაცხროთ გულისწყრომაჲ მათი ბერძენთა ზედა. ხოლო შენ თავითა შენითა მნებავ ძალად ჩემდა, არამედ სპანი შენ-ნი ადგილსავე იყვნენ.“

მაშინ ვახტანგ მოუწოდა ყოველთა მზრახვალთა თჳსთა, და ეზრახა ლეონ ანთიპატი ესრეთ, ვითარმედ: „დიდ არს კეთილი შენი ბერძენთა ზედა უფროჲს მეფეთა მათ, რომელნი სხენან საყდართა ზედა მათთა, რამეთუ შენ დასცევ ქალაქი პონტოჲსაჲ შემუსრვისაგან და შენ მიანიჭე შჳდას ოთხმეოცი ათასი სული, და დღეს შენ მიერ მიეცემის ჯაზირი და ფილისტიმი, რომელი მშჳდობით არა რომელსა მეფესა ბერძენთასა შეუპყრიეს. და მართალ არს ხუასრო, უკუეთუ არა ჰყო მის თანა სათნოებაჲ, უჴმრად შეჰრაცხოს იგი ერმან მისმან. და თუმცა მან არა გითხრა, მიღმართ ვაძლევდეთ, რამეთუ ესე არს სრული სიყუარული. მიგცე ლაშქრისა ჩემისაგან ათი ათასი ჭურვილი და მე წარვჰყვე მოციქულთა შენთა თანა წინაშე კეისრისა, და მუნით გამოგერთო ჯაზირას სპითა ძლიერითა.“

ესე განაზრახა ლეონ ანთიპატმან, და სთნდა მეფესა ვახტანგს და ყოველთა წარჩინებულთა მისთა განზრახვაჲ მისი. და მისცა სპარსთა მეფესა დაჲ მისი ვახტანგ ცოლად, რომელსა ერქუა მირანდუხტ, რომელი წარტყუენულ იყო ოვსთაგან და გამოეჴსნა ვახტანგს. ხუარანძე ამისთჳს არა მისცა, რამეთუ წინდებულ იყო სომეხთა პატიახშისა.

და მოიყვანა ვახტანგ ძე მისი, რომელსა ერქუა სპარსულად დარჩილ და ქართულად დაჩი, იყო ხუთისა წლისა, და დაადგა გჳრგჳნი და დაუტევა მეფედ, და დაუტევნა მის თანა შჳდნი წარჩინებულნი მისნი: პირველად, ჯუანშერ სპასპეტი, მპყრობელი ქართლისაჲ და მფლობელი ყოველთა ერისთავთა, და დემეტრე, ერისთავი კახეთისაჲ და კუხეთისაჲ, და გრიგოლ, ერისთავი ჰერეთისაჲ, და ნესრან, ერისთავი ხუნანისაჲ, და ადარნასე, ერისთავი სამშჳლდისაჲ, და სამნაღირ, ერისთავი შიდაეგრისისა და სუანეთისაჲ, და ბაკურ, ერისთავი მარგჳსა და თაკუერისაჲ, და ამათ შეჰვედრა ძე თჳსი, დაჩი, და უბრძანა აღშენებაჲ უჯარმისაჲ და მუნ შინა ზრდაჲ დაჩისი, ძისა მეფისაჲ, რამეთუ სიმარჯუედ გამონახა იგი ნადირთა და ცხოვართათჳს. და წარიტანნა თანა ოთხნი წარჩინებულნი მისნი: არტავაზ, ერისთავი კლარჯეთისაჲ, და ნასრა, ერისთავი წუნდისაჲ, და ბივრიტიან, ერისთავი ოძრჴისაჲ, და საურმაგ, ეჯიბი მისი დიდი, და მათ თანა ათი ათასი მჴედარი ლაშქრისა მისისაჲ დარჩეული.

და ლეონ ანთიპატმან დაუტევა ლაშქრისა მისგან ათი ათასი ბერძენი და თჳთ წარვიდა წინაშე კეისრისა. და ვახტანგ მეფემან წარატანა თანა მოციქულად არტავაზ, კლარჯეთისა ერისთავი, და წარსცა ყოველი ნიჭი კეისრისა წინაშე, რომელი მიენიჭა მეფესა ხუასროს, გარნა სტავრები და ტაიჭები დაიმჭირა თავისათჳს, და სხუაჲ ყოველი წარსცა და უბრძანა არტავაზს, რაჲთა ჯაზირას მოერთოს ლეონ ანთიპატისა თანა.

ხოლო ვახტანგს ევედრნეს დედაჲ და დაჲ მისი, ხუარანძე, რაჲთა წარიტანნეს თანა და ილოცონ იერუსალჱმს. წარიტანნა და წარვიდეს ვახტანგ მეფე და ხუასრო გზასა ადარბადაგანისასა, და მუნით წარვიდეს ვახტანგ და დედაჲ მისი და დაჲ იერუსალჱმს, და ხუასრო ელოდა ანტიოქიას. შევიდეს და ილოცეს წმიდასა აღდგომასა, და მოილოცნეს ყოველნი წმიდანი ადგილნი და შეევედრნეს წმიდასა აღდგომასა, შეწირეს შესაწირავი დიდი და წარმოვიდეს ანტიოქიას.

ხოლო ლეონ, ანთიპატოსი კეისრისაჲ, და არტავაზ, ერისთავი ვახტანგისი, მოვიდეს ოცითა ათასითა მჴედრითა რჩეულითა და მოართუეს ხუასროს კეისრისაგან ძღუენი მიუწუდომელი და ვახტანგს - ნიჭი მიუწუდომელი. და მოემცნო კეისარსა მოციქულთა სიხარული და მადლისა-მიცემაჲ ღმრთისა, ვახტანგის ქებაჲ და მადლი მიუწდომელი, და მოემცნო ვახტანგისა: „მიბრძანებიეს ლეონისა ესრეთ, რაჲთა იყოს შიშსა და ბრძანებასა შენსა ქუეშე, ვითარცა ჩემსა.“

და შეკრბა ვახტანგის საბრძანებელი ბერძენი და ქართველი და სომეხი ორმეოცდაათი ათასი მჴედარი რჩეული. მაშინ უბრძანა სპარსთა მეფემან ვახტანგს: „ვინაჲთგან დედაჲ და დაჲ შენი აქამდის დამაშურალ არიან, მოვიდენ იგინი სამეფოდ ჩემდა, რაჲთა ერთობით აღვასრულოთ სიხარული ჩუენი და მერმე, თუ ინებონ წარსლვაჲ ქართლს, წარვიდენ იგინი გზასა რანისასა, ხოლო თუ ინებონ ლოდინებაჲ შენი, გელოდიან ურჰას ქალაქსა შინა.“ სთნდა უკუე ვახტანგს ბრძანებაჲ ხუასროჲსი, და წარიტანნეს თანა და წარემართნეს, და წარგზავნა სპარსთა მეფემან მოციქული წინაშე ყოველთა წარჩინებულთა სპარსეთისათა და მიუთხრა ესე ყოველი. ხოლო მათ განიხარეს სიხარულითა დიდითა, რამეთუ ცეცხლებრ ეგზებოდეს ბრძოლისათჳს ჰინდოთა, სინდელთა და აბაშთა და ჯორჯანელთა. და მივიდეს ბაღდადს და მიეგებნეს ყოველნი წარჩინებულნი სპარსთანი სიხარულითა დიდითა და აღასრულეს ქორწილი სამეუფოჲ ექუს თთუე განსუენებითა და განცხრომითა მიუთხრობელითა. და შემდგომად ქორწილისა მისცა ნიჭი დიდძალი დედასა და დასა ვახტანგისსა, და წარვიდეს ურჰას. პატივს-სცემდა ვახტანგს ერი სპარსეთისაჲ, ვითარცა ხუასროს, მეფესა მათსა, და მერმე წარემართნეს მტერთა ზედა.

პირველად მივიდეს ჯორჯანეთს, და წარმოტყუენეს ჯორჯანეთი და ყოვლად უმკჳდრო-ყვეს და დასხნეს ადგილსა მათსა ნათესავნი სპარსთანი. და მიერითაგან ქმნნეს ჯორჯანელნი გლეხად, რომელნი აწ არიან მებეგრენი სპარსთანი.

და მუნით შევიდეს ჰინდოეთად და მუნ იქმნნეს წყობანი ძლიერნი ერთმან და ერთმან. და იყო მუნ წესად: რომელმანცა მათგანმან სძლის, ივლტინ მის წინაშე ბანაკი. ხოლო ვახტანგ მეფემან მოკლა ბუმბერაზი ათხუთმეტი მუნ შინა, რომელთა დაეცნეს გოლიათნი მრავალნი სპარსთანი. და დაყვეს ბრძოლასა შინა ჰინდოეთისასა სამი წელი და წარტყუენნეს უმრავლესნი ქალაქნი ჰინდოეთისანი, არამედ მტკიცენი ციხე-ქალაქნი ვერ განტეხნეს, რამეთუ ზღუდეთა შინა იყვნეს. და წარმოიღეს ხარკი ჰინდოთა მეფისაგან: მუშკი - ლიტრაჲ ათასი, ამბარი - ეგზომივე, ალვაჲ - ნავი ათი, თუალები - იაკინთი და ზურმუხტი - ნავი ერთი, მის თანა საფირონი თჳთოსახე, ოქროჲ - აქლემი ასი, ვეცხლი - აქლემი ხუთასი, და მუნით შევიდეს სინდეთს.

მაშინ სინდთა მეფემან განყო ერი თჳსი ციხეთა და ქალაქთა შინა, და რომელსაცა კერძოსა განვიდიან სპარსნი მტყუენავნი, გამოუჴდიან სინდნი ციხეთა და ქალაქთაგან და დასდვიან ვნებაჲ დიდი სპარსთა ზედა. და მოწყდა ურიცხჳ ერი სპარსთაგან, ხოლო ძალითა ქრისტესითა არასადა იძლინეს ვახტანგის სპანი. და ყოვლადვე მძლედ გამოჩნდეს ოთხნი იგი წარჩინებულნი ვახტანგისნი და ლეონ ბერძენი, რამეთუ მათ დასცნეს მრავალნი მბრძოლნი ბუმბერაზნი სინდთანი.

ხოლო სინდთა მეფე იყო ქალაქსა შინა სინდსა. მაშინ ყოვლითა ძალითა მათითა მივიდეს სინდს და მუნ მიჰხუდეს ბრძოლანი ძლიერნი; და დღეთა ყოველთა გამოვიდის თჳთ სინდთა მეფე, რამეთუ იყო იგი მჴნე, გოლიათი და შემმართებელი და გამოიტანნის მჴედარნი სინდეთისანი, და იყვის ბრძოლაჲ ბუმბერაზთაჲ: რომელსამე დღესა მათ სძლიან და რომელსამე - მათ. და სინდთა მეფემან სძლო თავისთავითა ყოველთა ბუმბერაზთა, მბრძოლთა მისთა, და არა მიჰხუდეს იგი და ვახტანგ ბრძოლასა შინა დღეთა მრავალთა.

მაშინ სინდთა მეფემან ველსა მას ზედა, კართა ქალაქისათა, ღამე თხარა მთხრებლი დიდი, დასამალავი შიგან მჴედართაჲ, და სიმარჯჳთა დაუტევნა გზანი გამოსავალნი, და შთაადგინნა მუნ შინა მჴედარნი ათნი რჩეულნი, და დილას, ადრე, გამოგზავნა ბუმბერაზი ერთი. და მას დღესა ხუედრი იყო ვახტანგისი კართა ცვისათჳს. და მოდგა ესე ბუმბერაზი და სთხოვა ბრძოლაჲ ვახტანგს თავისთავ, რაჲთამცა წარიტყუვა და შთაჴადა მათ მჴედართა ზედა. მაშინ საურმაგ, ეჯიბი ვახტანგისი, განვიდა და ჰრქუა: „არა ხარ შენ კადნიერ ბრძოლად მეფისა, არამედ მე გბრძო, მონამან - მონასა,“ და მიეტევა, ხოლო სინდელი იგი გაიქცა, მისდევდა საურმაგსა ჩუეულებისაებრ, რამეთუ მრავალგზის ბრძოლილ იყო ველსა მას ზედა, და ვითარ წარჰჴდა დამალულთა მათ მჴედართა, გამოუჴდეს ზურგით მისა, სადა-იგი მეოტი შეიქცა. ხოლო საურმაგ სცა ჰოროლი წინასა მას და მოკლა, ხოლო ათთა მათ მოკლეს საურმაგ. მაშინ მიეტევა თჳთ ვახტანგ მეფე და მის თანა სამნი იგი წარჩინებულნი მისნი: არტავაზ და ბივრიტიანი და ნასრა, და მათ თანა ლეონ ბერძენი, ხოლო სინდელნი იგი ივლტოდეს და მისდევდა ვახტანგ მოყუსითურთ ვიდრე კართამდის ქალაქისათა, და შეივლტოდეს ქალაქად.

მაშინ ვახტანგ, მწუხარებითა სავსე, შემოიქცა და იგლოვდა გუამსა ზედა საურმაგისსა, ვითარცა ძმისა საყუარელისასა, რამეთუ თანააღზრდილი იყო მისი და ძმისწული მამამძუძისა მისისა არტავაზის მამისაჲ, ერთგული, მისანდობელი და ქველი.

მაშინ სინდთა მეფე გამოდგა კართა ქალაქისათა და ჴმა-უყო ჴმითა მაღლითა და ჰრქუა: „ვახტანგ მეფეო, მსგავს ხარ შენ ყუავისა მის უგუნურისა, რომელმან პოვა ქორი მოწყლული და განგლეჯილი არწივისაგან, რომელსა ვერ ეძლო აღფრინვებად და მიახლებულ იყო სიკუდილსა. და არა ქმნა ყუავმან მან, ვითარცა წესი არს ყუავისაჲ, რამეთუ სხუამან ყუავმან ოდეს იხილის ქორი, იწყის ჴმამაღლად ყივილი და ისმინიან სხუათაცა, და დაესხის სიმრავლე ყუავთაჲ ქორსა, რაჲთამცა განიოტეს საყოფელთაგან მათთა და უშიშრად დაყვნესმცა დღენი მათნი, რამეთუ პირუტყუთაცა იციან სარგებელი თავისაჲ. არა ქმნა ყუავმან ესევითარი, არამედ შეიწყალა ქორი იგი, ვითარცა კეთილისმყოფელი მისი, დაუტევა ზრდად მართუეთა თჳსთა და მარადის უკრებნ მკალსა და გუელსა, რამეთუ სხჳსა შეპყრობაჲ არა ძალ-უც ყუავსა, და მით ზრდიდის. და ქორსა ვითარცა მოესხნეს ფრთენი, თქუა გონებასა თჳსსა ესრეთ: „დღეთა მრავალთა გაზრდილ ვარ მკალითა და გუელითა და არა მომცემია ძალი მამა-დედათა ჩემთაჲ, რამეთუ მკალითა ვერ განვძლიერდები, თუმცა ძალ-მედვა მიწევნა მფრინველთა და მით გამოზრდა თავისა ჩემისა, არამედ შევიპყრა ყუავი ისი, მზრდელი ჩემი, შევჭამო და განვისუენო ორ დღე, მომეცეს ძალი და ვიწყო წესისაებრ ნადირობად მამათა ჩემთა,“ რომელიცა-ესე აღასრულა: შეიპყრა ყუავი იგი და შეჭამა. მიერითგან იწყო ნადირობად დიდთა და მალეთა მფრინველთა. არა მიეცა ყუავსა მას ქებაჲ მოწყალებისაჲ, არამედ უგუნურად და თავისმკლველად ითქუმის, არცა მიეცა ქორსა მას ყუედრებაჲ უწყალოებისა და კეთილისა უჴსენებელობისათჳს. და იგი არს გუარი და წესი ქორისაჲ - განილეოდა და მოკუდებოდა მკალითა, და ქმნა წესისაებრ და განერა სიკუდილისაგან, ხოლო ყუავმან მან არა წესისაებრ ქმნა და მითცა მოკუდა. აწ სპარსნი, რომელნი პირველითგან მოაქამომდე და წაღმართ მიუკუნისამდე მტერნი არიან ჯუარისა მსახურთანი, ჟამსა შინა უღონოებითა და ლიქნითა ყვიან სიყუარული, და ოდეს ეცის ჟამი, არა ყვიან წყალობაჲ და კეთილის-ჴსენებაჲ. ესე ბევრგზის ქმნული გუასმიეს წიგნთაგან. და ოდეს იხილეს სპარსთა, ჩუენ მიერ შეკნინებულთა, რამეთუ არა ჰყავ იგი, რომელი ჯერ-იყო შენდა საქმედ - სიხარული და მადლისა შეწირვაჲ ღმრთისა შენისა და ზრახება სხუათაცა ნათესავთა და მტერად აღზრზენაჲ სპარსთა ზედა და შეწევნაჲ მტერთა სპარსეთისათა - არა ჰყავ ესევითარი, არამედ დაგიტევებიეს საყოფელი მამათა შენთაჲ, და წინამძღუარ ქმნილ ხარ სპასა დიდსა საქრისტეანოსა საბერძნეთისასა. და მოგივლიეს ორისა წელიწდისა გზაჲ და მოსრულ ხარ ძალად სპარსთა, რაჲთა განძლიერდენ, და მოიწინენ და წარგწყმიდონ შენ და ქუეყანაჲ შენი და დაიპყრან წარსაწყმედელად ყოველთა ჯუარისმსახურთა. ჭეშმარიტად ამას იმზადებ თავისა შენისათჳს და ყოველთა ჯუარისმსახურთათჳს. რად ვთქუ ყუავისა იგავი შენთჳს? რამეთუ მეფე ხარ თჳთმპყრობელი, ახოვანი და ნებითა შენითა მიგიცემია თავი შენი მონად მტერთა შენთა, და ვითარ არა უგუნურად ვთქუა თავი შენი?“

მაშინ ვახტანგ თქუა: „გეგონა შენ, ვითარმედ სიბრძნით გამონახულად იზრახე, არამედ ცრუ არიან სიტყუანი ეგე შენნი. მე გითხრა და გაუწყო ჭეშმარიტი: უგუნურო, მსგავს ხარ შენ თაგჳსა მის მთხუნველისა, რომელსა არა ასხენ თუალნი, და საყოფელი მისი არს მიწასა ქუეშე, და არა უწყის ბრწყინვალებაჲ მზისაჲ და შუენიერებაჲ ველთაჲ, და დაჯერებულ არს იგი ცხოვრებასა თჳსსა, რამეთუ ეგეოდენ ჰგონიეს მას ცხოვრებაჲ ყოველთა იძრვისთაჲ, ვითარსაცა ცხოვრებასა თჳთ არს, და არა სურვიელ არს ხილვად ნათლისა და შუენიერებისა ცისა და ქუეყანისაჲსა. ეგრეთვე შენ ბრმა ხარ გონებისა თუალითა და ყრუჲ ხარ გონებისა ყურითა, და არცა ჰხედავ და არცა გესმის, არცა უწყი ცხოვრებაჲ სულიერი და არცა სურვიელ ხარ შენ მისლვად ცხოვრებასა საუკუნოსა და ნათელსა მას დაუსრულებელსა და მიუწდომელსა, არცა იცნობ შენ ღმერთსა, შემოქმედსა ყოვლისასა, რომლისა მიერ შეიქმნა ყოველივე. არა მიქმნია მოსლვაჲ ამას ქუეყანასა დიდებისათჳს სოფლისა, არცა მსახურებისათჳს სპარსთაჲსა, არამედ მსახურებისათჳს ღმრთისა დაუსაბამოჲსა, სამებისა ერთარსებისა, დამბადებელისა ყოველისა და დიდებისათჳს მერმისა საუკუნოჲსა დაუსრულებელისა, რამეთუ ჩემითა აქა მოსლვითა პირველად გამომიჴსნია იერუსალჱმი, წმიდაჲ ქალაქი, სადა დგეს ფერჴნი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი, და მუნ აღასრულა ყოველივე ჴსნისათჳს სულთა ჩუენთაჲსა, და შემდგომად ყოველი საქრისტეანოჲ მიჴსნია მოოჴრებისაგან, რამეთუ მისცემოდა ჟამი სპარსთა მეფესა მოტყუენვად ყოვლისა საქრისტეანოჲსა, დაღათუმცა ქუეყანაჲ ჩემი დაცულ იყო ძალითა ქრისტესითა და სიმჴნითა სპათა ჩემთაჲთა. არამედ უცალო იყვნეს ბერძენნი და წინა ვერვინ აღუდგებოდა. და ესრეთ ჯერ-არს ჩუენ ქრისტეს მოსავთაგან, რაჲთა ერთისა მოყუსისა ჩუენისათჳს დავდვათ სული ჩუენი, ხოლო ბევრისა ბევრეულისა სული ჴსნილ არს ჩემითა აქა მოსლვითა. და ამისთჳს მიქმნიეს ესე, რაჲთა ღმერთმან, დამბადებელმან ჩემმან, შეიწიროს მსახურებაჲ ესე ჩემი და აღმისუბუქნეს ცოდვანი ჩემნი, და რომელ სთქუ შენ, თუ მეწყვნენ სპარსნი, მტერ იქმნებიან ქრიატეანეთა. მე ძალითა და შეწევნითა ქრისტესითა ჟამსა ამას მიჴსნიან ქრისტეანენი ჭირისაგან დიდისა და უკუანაჲს ღმერთმან დამბადებელმან წყალობა-ყოს კუალად მოსავთა მისთა ზედა. დაღათუმცა არა იყო მიზეზი ქრისტეანეთა ჴსნისაჲ და თჳთ ძალად სპარსთა მოსრულ ვიყავ აქა, ჯერ-იყომცა ესე, პირველად ნათესაობისათჳს და შემდგომად ამისთჳს, დაღაცათუ არა ჭეშმარიტსა სჯულსა ზედა არიან სპარსნი, არამედ მეცნიერნი არიან ღმრთისა დამბადებელისანი და ჰრწამს ცხოვრებაჲ სულიერი ხოლო თქუენ სრულიად უმეცარნი ხართ ღმრთისანი და უგულისხმონი, ვითარცა ცხენი და ჯორი, ვითარ უკუე არამცა მსახურებად შეიწირა ღმერთმან, დამბადებელმან ყოვლისამან? და საწუთოჲსაცა ამის საქმეთაგან საძაგელ არს ცხოვრებაჲ შენი, რამეთუ ქორმან მან ღადარმან, რომელმან შეჭამა ყუავი იგი, მზრდელი მისი, აქებ ნაქმარსა მისსა. რამეთუ ბუნებაჲ ჩუენი ესე არს, რაჲთა კეთილისმყოფელისა ჩუენისათჳს დავდვათ სული ჩუენი და მოვიგოთ მადლი ღმრთისაგან და ვპოვოთ ცხოვრებაჲ საუკუნოჲ და სოფელსა ამას მოვიგოთ ქებაჲ კაცთაგან და სახელსა ზედა ღმრთისასა და მცნებათა მისთათჳს თუ მოვკუდეთ, უკუდავნივე ვართ და სიკუდილისაგან ცხოვრებად მივიცვალებით.“

მაშინ ჰრქუა სინდთა მეფემან: „ცუდ არს სიგრძე ზრახვისაჲ ჩუენ შორის, არამედ რომელ სთქუ შენ: თუ სახელისათჳს ღმრთისა ჩემისაჲსა მოვკუდეთ, სიკუდილისაგან ცხოვრებად მივიცვალებით, მაშა, უკუეთუ კაცმან უწყოდის მის ზედა მომავალი დიდებაჲ და კეთილი, ჯერ-არს, ესრეთ ისწრაფოს მიმთხუევად სუფევისა. აწ უკუეთუ ჭეშმარიტად უწყი სუფევად მისლვაჲ შენი, გამოვედ ბრძოლად ჩემდა, რაჲთა ჩემ მიერ მიიცვალო დღეს სიკუდილისაგან ცხოვრებად, რამეთუ წარჩინებულნიცა შენნი წარმივლინებიან წინამორბედად შენდა, რაჲთა განგიმზადონ სადგური შენი.“ ჰრქუა ვახტანგ: „აწინდელი სიკუდილი მე არა მიჩნს სიხარულად, რამეთუ ცოდვილ ვარ და არასადა აღმისრულებიეს მცნებაჲ უფლისაჲ და არა სრულიად აღმიჴოციან ცოდვანი ჩემნი სინანულითა, არამედ ძალითა ქრისტესითა არა მეშინის მე შენგან სიკუდილისა, რამეთუ იგი არს მფარველი ჩემი, რომლისა მიერ დაცულ ვარ ყოვლადვე. მრავალმოწყალემან ღმერთმან მრავლითა ძალითა მისმიერითა ჩემ მონისა მისისაგან მოგკლას მგმობარი მისი, და სული შენი წარვიდეს ბნელსა მას გარესკნელსა, ცეცხლსა უშრეტსა.“

მაშინ გამოვიდა სინდთა მეფე და ვახტანგ ჰრქუა მოყუასთა თჳსთა: „ღმერთსა ევედრენით და ზურგითკერძოჲ ჩემი განმიმაგრეთ.“ და განვიდა ვახტანგ. და ორთავე აქუნდა ჰოროლნი. მაშინ იწყეს რბევად მრგულივ ნავარდსა და ღონესა ეძიებდეს ორნივე, რაჲთამცა შეჰყვეს წუერსა ჰოროლისასა. მაშინ დაიჟამა სინდთა მეფემან შეყოლა ვახტანგის ჰოროლისა წუერ-სა და შეუტევა, რაჲთამცა სცნა ჰოროლნი. ხოლო სიმჴნითა და სიკისკასითა ტანისა მისისაჲთა მიუდრკა ვახტანგ ჰოროლსა, და წარჴდა და შემოუმგრგლო, ვითარცა გრიგალმან, და სცნა ჰოროლნი სინდთა მეფესა ბეჭსა მარცხენასა, ვერ უფარა სიმაგრემან საჭურველისამან და იწყლა წყლულებითა დიდითა, რამეთუ წინაჲთ განავლო წყრთაჲ ერთი, და ჩამოიჭრა სინდთა მეფე, მივიდა ზედა ვახტანგ, ჩაყო ჴელი და უპყრა ფერჴი მისი და თრევით მიიღო წინაშე სპარსთა მეფისა. მაშინ ყოველმან სპამან ჴმითა მაღლითა შეასხეს ქებაჲ ვახტანგს. და აღივსო სიხარულითა სპარსთა მეფე და ყოველი ბანაკი მისი. და მოვიდეს ყოველნი წარჩინებულნი წინაშე ვახტანგ მეფისა ძღუნითა და შესწირვიდეს ძღუენსა. მაშინ სპარსთა მეფემან მოიყვანა მკურნალი ჴელოვანი და დაადგინა ზედა სინდთა მეფესა, რაჲთა განიკურნოს წყლულებისაგან, და მის მიერ წარიღოს ყოველი სინდეთი.

ხოლო სინდთა დაიჭირეს ნაცვლად მეფისა მათისა ძე მისი. მაშინ მეფემან ვახტანგ აზრახა სპარსთა მეფესა განტევებაჲ სინდთა მეფისაჲ, აღებაჲ ხარკისა და მძევალთაჲ, რამეთუ ვერღარა წარიღებდეს სინდეთსა. არამედ სთნდა მეფესა სპარსთასა განზრახვაჲ ვახტანგისი და განუტევა სინდთა მეფე. აღიღო მისგან ხარკი ორი ეგზომი, რომელი აღეღო ჰინდოთაგან, და ორნი შვილნი - მძევლად. და ესე ხარკი სინდთაჲ მაშინ სპარსთა მეფემან მიანიჭა ყოველივე ვახტანგს მეფესა.

მაშინ მეფე იგი სინდთაჲ დაემოყურა ვახტანგს სიყუარულითა დიდითა პირველ ამისთჳს, რომელ ოდეს შევარდა ჴელთა ვახტანგისთა, არა მოკლა და ცოცხლებით მიიყვანა წინაშე სპარსთა მეფისა, და შემდგომად ამისთჳს, რამეთუ ვახტანგისვე მიერ განთავისუფლდა ტყუეობისაგან. და უძღუნა ვახტანგს ძღუენი მიუწუდომელი დიდძალი. და წარმოვიდეს სინდეთით წელსა მეოთხესა სინდეთს შესლვისა და დაჰმორჩილდეს ქალაქნი სინდეთისანი მოუოჴრებელად: სინდას, თოფორი, კიმრაი.

და მოვიდეს მუნით აბაშეთს, ხოლო აბაშნი მსხდომარე იყვნეს ქუეყანასა, რომელსა მოსდგომოდა წყალი და ლერწმოანი, რომელსა ვერ იარებოდა ნავი და ვერცა ოთხფერჴი, არამედ საზღვართა ზედა არს სპარსთასა, და სულგრძელად ჰბრძოდეს, რამეთუ წყალი იგი, რომელი შესდიოდა, გარდაუგდეს და ლერწმოანი იგი დაწუეს ცეცხლითა. და წარმოტყუენეს აბაშეთი ყოველი, და განყვნა მეფემან სპარსთამან აბაშნი ორად: და ნახევარნი დაუტევნა ადგილსავე ზედა თჳსსა და ნახევარნი წარმოიყვანნა, ვითარ სახლი ათასი, და განყვნა იგინი ადგილითი ადგილად. და ესე არიან ქურდნი ნათესავნი იგი, რომელ წარმოტყუენნა აბაშთაგან.

და წარმოვიდა ვახტანგ მეფე წელსა მერვესა შესლვით მისითგან სპარსეთად ვიდრე ანტიოქიადმდე, და მოვიდა ურჰად. ხოლო სპარსთა მეფე აძლევდა ვახტანგს ცოლად თჳსთაგან მეფეთაჲსა, ხოლო ვახტანგ ჰრქუა: „არა ჯერ-არს ჩემგან ორთა ცოლთა პყრობაჲ, რამეთუ მივის ცოლი, ასული კეისრისაჲ,“ დაუმძიმდა ესე მეფესა ხუასროს, არამედ ვერაჲ ჰრქუა, ხოლო ვახტანგ მშჳდობით პოვნა დედაჲ და დაჲ მისი, და წარმოვიდეს ვიდრე განსაყოფელსა ბერძენთა და სომეხთასა.

და წარვიდა ლეონ ბერძენი და სპაჲ მისი შიმშატად, ხოლო ვახტანგ წარავლინა მოციქული წარმოყვანებად ცოლისა მისისა და პეტრეს კათალიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსისა. და წარმოვიდა ვახტანგ ქართლად და მიეგება ძე მისი დაჩი და მის თანა ყოველნი სპასალარნი და მათ თანა ეპისკოპოსნი. და ვითარ ცნა ეპისკოპოსმან, ვითარმედ წარავლინა მეფემან მოციქული მოყვანებად ეპისკოპოსთა და კათალიკოსისა, დაუმძიმდა, და რეცა მას ზედა იწყო ამბოხებად და მიზეზობად, და მიუვლინა მეფესა და ჰრქუა, ვითარმედ: „შენ დაგიტევებიეს ქრისტე და ცეცხლსა ესავ,“ ხოლო ვახტანგ მოუვლინა და ჰრქუა, ვითარმედ: „ძალითა ქრისტესითა შევედ და სიმართლითავე გამოვედ ძალითა ქრისტესითა. უბრალო ვარ, იცის ღმერთმან, მაგრა წარმივლინებიეს მოყვანებად კათალიკოსისა და ეპისკოპოსთა.“ და ვითარცა ესმა ესე ეპისკოპოსსა, დაიდასტურა და ჰგონებდა, რომელ შფოთითა დააცადოს საქმე იგი და მოსლვაჲ მათი, და კრულ-ყო მეფე და ყოველნი სპანი მისნი. ხოლო მეფემან თქუა: „დაღაცათუ უბრალო ვართ, სიმდაბლე ჯერ-არს ჩუენგან.“ მივიდა მეფე და გარდაჴდა საჴედარსა, რაჲთამცა შეემთხჳა ფერჴთა ეპისკოპოსისათა და განძრა მან ფერჴი და მიამთხჳა პირსა მეფისასა ფანდაკითა და შემუსრა კბილი მისი. ხოლო მეფემან ჰრქუა: „სილაღე ესე ამპარტავნებისაჲ არს საცთური ეშმაკისაჲ. უკუეთუ სიმრავლემან ცოდვათა ჩემთამან აღგძრა, არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ბოროტისაჲ, არამედ შენდობისაჲ, ვითარცა იტყჳს სახარებაჲ, ვითარმედ: „არა დაშრიტო პატრუკი მგზებარე, არცა განსტეხო ლერწამი დაჩეჩქჳლი,“ ხოლო შენ ჰგონებ, ვითარმცა შენითა სივერაგითა ჩუენ დაგუაცადენ სიყუარულსა ქრისტესსა. [ესე] მაშინ გამოჩნდა ცხადად, რაჟამს გესმა უმთავრესისა შენისა ქართლად მოყვანებაჲ და აღეგზენ შურითა ბოროტად, ვითარცა იუდა პეტრესითა, რამეთუ შენ ხარ, ვითარცა იუდა, ხოლო ეკლესიაჲ - ვითარცა პეტრე. ვეცხლისმოყუარე ხარ შენ და მეგუადრუცე ქრისტესი. აწ მიგავლინო პატრიაქისა კოსტანტინეპოლედ, და, ვითარცა ჯერ-იყოს, განგიკითხოს.“

და წარსცა იგი დიასპანთა და მის თანა კრებული მისი და შეუთუალა, რაჲთა კათალიკოსი და ათორმეტნი ეპისკოპოსნი სწრაფით წარმოავლინნენ, და მათ შორისმცა არს პეტრე კათალიკოსად და სამოელ ეპისკოპოსად და სხუანი, ვინცა სთნდენ.

და ვითარ მიაწიეს მიქაელ ეპისკოპოსი, ჰრქუა მას პატრიაქმან: „ვინაჲთგან დაითხია შენ მიერ სისხლი ქუეყანასა ზედა, არღარა ხარ შენ ღირს ეპისკოპოსად და კადრებისათჳს მეფისა თანა-გაც შენ სიკუდილი, ვითარცა იტყჳს: „დაემორჩილენით თქუენ მეფეთა, რამეთუ არა ცუდად აბიეს ჴრმალი, რამეთუ ღმრთისა მიერ მთავრობს, ვითარცა ლომი შორის ცხოვართა.“

და ექსორია-ყვეს მიქაელ ეპისკოპოსი მონასტერსა მღჳძარეთასა. და წარავლინეს პეტრე მღდელი და სამოელ მონაზონი ანტიოქიას, და მიუწერეს ანტიოქიისა პატრიაქსა მეფემან და პატრიაქმან კოსტანტინეპოლელმან: „პირველად, დასაბამსა ქართლისა მოქცევისასა დედაკაცისა ჰრომაელისა ნინოჲს მიერ, განივლინა აქაჲთ ეპისკოპოსი, რამეთუ შორის სპარსთა და ბერძენთა შფოთი იყო და მით ვერ მოაწიეს საქმე ესე ჯერისაებრ სჯულისა. რამეთუ ჩუენ უწყით, ვითარმედ ქართლი და აღმოსავალითი და ჩრდილოჲ მაგის წმიდისა საყდრისანი არიან, ვითარცა განაწესეს მოციქულთა სახარებასა შინა, რომელ არს უწინარესობაჲ.“ და მიუწერეს ყოველი საქმე დიდისა ვახტანგ მეფისაჲ, ვითარმედ: „ეპისკოპოსი იგი, რომელ მათ მიერ დადგინებულ იყო, უკუვადგინეთ და დღეს იცოდეთ ახალნერგად ჭეშმარიტად ქართლი. აწ ორნი ესე, მათნი თხოვილნი, აკურთხენ და ათერთმეტნი, ვინ შენ გნებვან, აკურთხენ და ჩუენდა მოვიდენ, რაჲთა ჩუენ ნიჭითა და საჴმრითა ყოვლითა განუტევნეთ.“

ხოლო ანტიოქელმან პატრიაქმან ყო ეგრე, ვითარცა მიუმცნეს პატრიაქმან და კეისარმან, აკურთხნა ათორმეტნი ეპისკოპოსნი და პეტრე - კათალიკოსად, და მოვიდეს კოსტანტინეპოლედ. და მეფემან მისცა ნიჭი დიდძალი და ასული თჳსი, სახელით ელენე, მისცა მეფესა ვახტანგს, და გამოავლინა იგი სპითა დიდითა ვიდრე საზღვართამდე სომხითისათა. და მუნ მიეგება მეფე ვახტანგ, და შეიქცეს სპანი ბერძენთანი. და წარმოვიდა ვახტანგ მცხეთად.

ხოლო მცხეთას მეფემან ვახტანგ აღაშენა ეკლესიაჲ მოციქულთაჲ სუეტი ცხოველი და უპყრა სუეტსა შინა სამხრით, ადგილსა მას, სადა დაცემულ იყო ეკლესიაჲ, რომელ არს სიონი დიდი, მუნ შინა დასუეს პეტრე კათალიკოსად და სამოელ - ეპისკოპოსად მცხეთასავე საეპისკოპოსოსა. დასუა ერთი ეპისკოპოსად კლარჯეთს, ეკლესიასა აქიზისასა, ერთი - არტანს, ერთი - მანგლისს, ერთი - ბოლნის[ს], ერთი - რუსთავს, ერთი - ნინოწმიდას, [ერთი] - უჯარმოჲსკარსა, რომელი გორგასალსა აღეშენა, ერთი - ჭერემს, მისსავე აღშენებულსა, და მუნ ქმნა ქალაქი ერთი შორის ორთავე ეკლესიათა, რომელ-იგი მანვე აღაშენა, ერთი - ჩელეთს, რომელი სოფელსა შუა აღაშენა; ერთი - ხორნაბუჯს, ერთი - აგარაკს, რომელ არს ხუნანის გამართებით.

შემდგომად ამისა აღაშენა ეკლესიაჲ ნიქოზისაჲ საგზებელსა თანა ცეცხლისასა და დასუა ეპისკოპოსი, სადა-იგი დაეფლა გუამი წმიდისა რაჟდენისი, რომელი იწამა სპარსთა მიერ წყობასა ვახტანგისსა.

ესე რაჟდენ იყო მამამძუძე ვახტანგის ცოლისაჲ, რომელი პირველ მოეყვანა - სპარსთა მეფისა ასული. და მოიქცა იგი ქრისტეანედ და იქმნა იგი დიდად მორწმუნე. და იყო იგი ბრძოლასა მას შინა ძლიერ. და შეიპყრეს იგი სპარსთა და აიძულებდეს, რაჲთამცა უარ-ყო ქრისტე. ხოლო წმიდამან მან აღირჩია წარუვალი იგი დიდებაჲ და იწამა ქრისტესთჳს.

და ესხნეს ვახტანგს ბერძნის ცოლისაგან სამ ძე და ორ ასულ, ხოლო ძესა მისსა პირმშოსა პირველისა ცოლისასა - დაჩის - მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრისისა და ქალაქი კამბეჩოვანისაჲ, რომელ არს ხორნაბუჯისაჲ, და ყოველი ქუეყანაჲ მტკურისა აღმოსავალით. და თჳთ ვახტანგ დაჯდა უჯარმოსა და აღაშენა იგი ნაშენებითა უზომოჲთა. და დაჲ მისი, ხუარანძე, მისცა ბაკურს, პატიახშსა სომხითისასა, ცოლად.

და ვითარცა წარვიდეს ამისა შემდგომად ჟამნი რაოდენნიმე, მოკუდა ხუასრო მეფე და დაჯდა მის წილ ძე მისი, ხუასრო. და განძლიერებულ იყვნეს სპარსნი, რამეთუ ყოველნი მტერნი მათნი დაემორჩილნეს შესლვითა ვახტანგისითა. და წარმოემართა იგი ბრძოლად ბერძენთა, და მოუვლინა გორგასალსა მოციქული და ჰრქუა: „მოკუდა მამაჲ ჩემი და მეფე-მყო მე ყოველმან ერმან მისმან საყდართა მისთა ზედა. და ესრეთ მიბრძანეს მოხუცებულთა მისთა, რაჲთა მოვიდე წინაშე შენსა და ვერჩდე ბრძანებასა შენსა. შენ წარმიძეღუ, ჩუენ, მე-ფეო, წინამძღურად ჩუენდა შესლვასა ამას ჩუენსა საბერძნეთს, და მომეც მე ასული შენი ცოლად, რაჲთა ვიყო მე, ვითარცა ერთი შვილთა შენთაგანი.“

ვითარცა მოვიდა მოციქული წინაშე ვახტანგ მეფისა, ვახტანგ აშენებდა ქალაქსა ტფილისსა, და საფუძველი ოდენ დაედვა. და ვითარცა უთხრა მოციქულმან შეთულილობაჲ ხუასრო მეფისაჲ, თქუა მეფემან: „ამისთჳს თქჳან: „მჭედელო, განმახუე მახჳლი შენი, რაჲთა მსწრაფლ განეწონოს ასოთა შენთა.“ და დღეთა მიწევნულ იყო ვითარ სამეოცისა წლისა, და თქუა: „ესრეთ უთხართ მეფესა ხუასროს: „პირველად განემზადე ბრძოლად ჩუენდა და ეგრეთ შევედ საბერძნეთად, რამეთუ ძალნი, რომელნი იქმნნეს, ყოველნი ძალითა ჯუარისაჲთა იქმნნეს. აწ ცხოვრებაჲ ჩუენი იყავნ სასოებითა ჯუარცუმულისაჲთა.“

და წარავლინა ქადაგი, რაჲთა დაუტეონ სოფლები და ქალაქები, რომელი იყო არაძლიერი, და შეივლტოდიან კავკასიანთა და კახეთად, რამეთუ კახეთი ტყე იყო და შეუვალი მტერისა მიერ. ხოლო დაჩი მეფე და დისწული მისი გარდავიდეს კახეთად და შედგეს ჴევსა ლოპატისასა, ქუეყანასა მას კლდითა მოზღუდვილსა.

და იყვნეს სოფლისა მის კაცნი წყლისა და ცეცხლისა მსახურ. და სავსე იყო ჴევი იგი სიმრავლითა კაცთაჲთა ვიდრე ნოსარამდე, ხოლო გორგასალი, ცოლი და შვილნი მისნი - უჯარმოჲსჴევსა, და წინაციხესა თჳთ შედგა, და მის თანა ჯუანშერ და ადარნასე, ხოლო მცხეთად დემეტრე და ნარსა და ბივრიტიანი დაუტევნა, წარავლინა მოციქული და მიუმცნო კეისარსა.

და მოვიდა ხუასრო მეფე და შემუსრნა ქალაქნი კამბეჩისანი და ჭერმისციხე და ველისციხე. და ვითარცა მოიწივნეს კახეთად, დაიბანაკეს იორსა ზედა. ხოლო სპანი ვახტანგისნი დადგეს ველსა ზედა გარემოჲს ციხე-ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან დარფაკა. და შეიბნეს იორსა ზედა და სამ დღე ყოველთა დღეთა იბრძოდეს, და დაეცემოდა ორთავე სპათაგან ურიცხჳ. და ვახტანგ მოუწოდა პეტრე კათალიკოსსა და ჰრქუა: „უწყოდე, რამეთუ არა ხარკისა მიცემისათჳს გუბრძვანან, არამედ ქრისტეს დატევებისათჳს. აწ მე ესე განმიზრახავს, რამეთუ ცხოვრებასა ჩემსა სიკუდილი უმჯობეს არს სახელსა ზედა მისსა, რაჲთა სასუფეველი გუაქუნდეს აღთქუმული მათ თანა, რომელთა ეტყჳს: „რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი სასუფეველისა ამის ჩემისათჳს, მან პოვოს იგი.“ ჰრქუა მას პეტრე კათალიკოსმან: „გიხილვან საქმენი, რომელ არა ვინ ნათესავთა შენთაგანმან იხილნა, შეწევნანი ქრისტესმიერნი, რამეთუ უწყის სიბრძნემან შენმან, ვითარმედ მტერი იგი, გამომცდელი ჩუენი, აცილობს ჩუენთჳს ღმერთსა, ვითარცა იობისთჳს, რამეთუ ღმერთი მიუშუებს მოძულებულთა მათ თჳსთა წარწყმედად, ხოლო შეყუარებულთა მათ თჳსთა - განღმრთობად. იყავ შენ, ვითარცა გაზრახოს ღმერთმან, დაღაცათუ არა მოჰკუდე.“ და ამით სიტყჳთა ამხილა, ვითარმედ წყობასა მას არა დარჩეს, და ჰრქუა: „არა თუ ხოლო ქართლი მიეცეს განსარყუნელად, არამედ იერუსალჱმიცა, რომელ არს მშობელი ყოველთა შვილთა ნათლისათაჲ.“ და ჰრქუა მეფემან: „დადეგ ეკლესიასა შინა რაჟდენ წმიდისასა, რომელი რაბატსა შინა უჯარმოჲსასა აღმიშენებიეს, და ვეჭუ, ვითარმედ ყოველნი ქალაქნი გარემოჲს უჯარმოჲსა იძლინენ, რამეთუ მტკიცენი და მაგარნი ზღუდენი აქა დავსხენით.“ და ყო ეგრეთ კათალიკოსმან, ხოლო ეპისკოპოსნი ყოველნი მუნ შეკრბეს.

და იყო ლაშქარი ვახტანგისი ორას ორმეოცი ათასი, ხოლო სპარსთაჲ - შჳდას ორმეოცი ათასი. და განყო მეფემან ვახტანგ ლაშქარი მისი სამად და კლდით კერძო მოავლინა ქუეითი და ერთკერძო მიავლინნა პატიახშნი და სპასპეტნი და, სადაჲთ სპარსთა მეფე იყო, მუნით თჳთ მივიდა ვახტანგ, რაჲთა ღამესა ბნელსა, განცისკრებულსა ოდენ, დაესხას სპარსთა ზედა. და ჰრქუა ყოველსა ერსა თჳსსა: „ყოველი კაცი, რომელი დარჩეს სიკუდილისაგან და მტერთა ჩუენთაგანისა თავი, ანუ ჴელი არა გამოიტანოს, სიკუდილითა მოკუდეს იგი.“ და ცისკარი რაჲ აღეღებოდა, დაესხა და შევლო პალატადმდე მეფისა და შევიდა კარავსა შინა მეფისასა. და მეფე შეესწრა ცხენსა ზედა და ძე მისი, ბარტამ, მოკლა და მოჰკუეთა თავი მისი. და მუნ შინა სპარსმან ვინმე სცა ისარი მკერდსა ვახტანგისსა, და იყო ბრძოლაჲ ვიდრე შუადღედმდე.

სძლო ვახტანგ სპარსთა მათ და მოკლა მათგანი, ვითარ ას ოცდაათი ათასი, ხოლო სპათაგან ვახტანგისთა მოკუდა, ვითარ ოცდარვაჲ ათასი. და წარმოიღეს ნატყუენავი ცხენი, ვითარ ასი ათასი, და სრულიად ვერ იოტნეს სიმრავლისაგან. და აღიყარა მუნით სპარსთა მეფე და შთადგა რუსთავს. დამძიმდა წყლულებაჲ ვახტანგისი, რამეთუ შეწევნულ იყო ისარი ფირტუად, და წარვიდა უჯარმოს და უბრძანა სპასალართა ქართლისათა, რაჲთა ადგილსავე დგენ.

ცნეს სპარსთა, რამეთუ დამძიმდა ვახტანგ და მოაოჴრეს ტფილისი და არმაზი ქალაქი, ხოლო მცხეთაჲ ვერ დაიპყრეს, გარნა რომელი ზღუდესა გარეგნით იყო, მოაოჴრეს, რომელი-იგი მუხნარით და არაგჳსა ხერთჳსსა იყო.

ხოლო ბერძენთა მეფე, სიმამრი ვახტანგისი, მოკუდა და დაჯდა მეფედ [ზენონ], ძე მისი, და გამოვიდა სპერად გამოსლვად ქართლს. და ვითარცა ცნა სიმძიმე გორგასლისაჲ, დაადგრა კარნუ ქალაქსა და მივიდა მუნ ხუასრო. და შეიბნეს ხუასრო და კეისარი კარნიფორას. და დაიჴოცა ორთაგანვე სპათა, რომელ იქმნა სისხლისა მდინარე, და მის მიერ ეწოდა კარნიფორა, რეცა „სისხლისა მუცელი.“ და ვერ სძლეს ერთმანერთსა, რამეთუ სპანი ორთანივე დაიჴოცნეს. და შეიქცა ხუასრო გზასა ქართლისასა.

ხოლო ვახტანგ შეიტყუა სიკუდილი თავისა თჳსისაჲ, მოუწოდა კათალიკოსსა და ცოლსა თჳსსა, ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა და თქუა: „მე, ესერა, წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა და ვჰმადლობ სახელსა მისსა, რომელმან არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა. აწ გამცნებ თქუენ, რაჲთა მტკიცედ სდგეთ სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდეთ ქრისტესთჳს სიკუდილსა სახელსა ზედა მისსა, რაჲთა წარუვალი დიდებაჲ მოიგოთ.“ და ჰრქუა ყოველთა წარჩინებულთა: „თქუენ, მკჳდრნო ქართლისანო, მოიჴსენენით კეთილნი ჩემნი, რამეთუ პირველად სახლისა ჩემისა მიერ მიიღეთ ნათელი საუკუნოჲ და მე ჴორციელებრითა დიდებითა გადიდენ თქუენ. ნათესავსა და სახლსა ჩემსა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ და სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტევებთ“. და ჰრქუა ძესა თჳსსა დაჩის: „შენ ხარ პირმშოჲ შვილი ჩემი, შენდა მომიცემია გჳრგჳნი მეფობისა ჩემისაჲ, და ნაწილად ძმათა შენთა მიმიცემია ტასისკარითგან და წუნდითგან ვიდრე სომხითადმდე და საბერძნეთამდე. საზღვარი აფხაზეთისაჲ, რომელი მოცემულ არს ეგრისწყალსა და კლისურასა შუა, იგი თჳთ ძმათა შენთა და დედისა [შენისაჲ] არს, და აქუნდეს მათ, და იყვნედ შენდა ერისთავად მორჩილებასა ქუეშე ნათესავისა შენისასა.“

და მოუწოდა ნასრას, ერისთავსა წუნდისასა, და არტავაზს, ერისთავსა კლარჯეთისასა, და ბივრიტიანს, ერისთავსა ოძრჴისასა, და მათ მიათუალა ცოლი თჳსი ელენე და შვილნი მისნი, რომელთა ერქუა ლეონ და მირდატ, და შეჰვედრნა მათ სამთავე ერისთავთა ცრემლითა და შეხედვებითა ღმრთისაჲთა. მაშინ წარჩინებულთა და ყოველსა ერსა ზედა დღე იყო სასჯელისაჲ, და იტყებდეს ყოველნი და თავთა თჳსთა ისხმიდეს ნაცარსა და ყოველნი ინატრიდეს თავისა თჳსისა სიკუდილსა. და ჴმისაგან ტირილისა და ტყებისა და გოდებისა იძრვოდა ქუეყანაჲ და მორწმუნე ერი ჰნატრიდა მეფესა, რამეთუ ქრისტესთჳს მოიკლა. და მოკუდა ვახტანგ და დაეფლა მცხეთას, საკათალიკოზოსა სუეტსა თანა, რომელსა შინა არს დაპყრობით სუეტი ღმრთივაღმართებული.

და დაჯდა საყდარსა მისსა ძე მისი დაჩი, ხოლო ცოლი და ორნი ძენი ვახტანგისნი წარმოიყვანნეს სამთა მათ ერისთავთა და დაიპყრეს დასავალითი ქართლისაჲ, რომელი მისცა ვახტანგ, და სხდეს წუნდას ქალაქსა, ზაფხულის და ზამთრის იყვნიან ოძრჴეს. და არა ეწოდა მათ მეფედ, არამედ ერისთავთა მთავრად. და იყვნეს მორჩილებასა ძმისა მათისა - დაჩი მეფისასა.

და ამან დაჩი მეფემან იწყო შენებად ქართლისა, რამეთუ მოოჴრებულ იყვნეს ყოველნი ჴევნი ქართლისანი, თჳნიერ კახეთისა და კლარჯეთისა და ეგრისისა, და განასრულნა ზღუდენი ტფილისისანი, და ვითარ ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა სახლად სამეფოდ.

და მოკუდა პეტრე კათალიკოსი და დაჯდა სამოელ, და მეფემან მას მიათუალა მცხეთაჲ, რამეთუ ეგრეთ ებრძანა მეფესა ვახტანგს.

ამანვე მეფემან დაჩი დაჰპატიჟა მთიულთა კახეთისათა, რაჲთა აღიარონ ქრისტე, ხოლო მათ არა ინებეს და განდგეს ყოველნი ნოპატელნი.

ხოლო ორთა მათგან ძეთა ვახტანგისთა, ნაშობთა ბერძნისა ცოლისათა, მოკუდა, რომელსა ერქუა ლეონ, და დარჩა მირდატ ოდენ. ამას მირდატს დაევაჭრა ძმაჲ მისი, დაჩი მეფე, გაუცვალა ქუეყანაჲ და აღიღო მირდატისგან ეგრისწყალსა და კლისურასა შუა მირდატის დედული - საზღვარი საბერძნეთისაჲ და მისცა ნაცვლად ჯავახეთი ფარავნითგან მტკურადმდე. და იპყრა მირდატ, ძემან ვახტანგისმან, ფარავნითგან და ტასისკარითგან ვიდრე ზღუადმდე სპერისა, და ერისთვობდა მუნ, და იყო მორჩილ დაჩი მეფისა, ძმისა თჳსისა. ამან აღაშენა ჯავახეთს ეკლესიაჲ წყაროჲსთავისაჲ.

და მოკუდა დაჩი მეფე.

და დაჯდა მეფედ ძე მისი, ბაკურ. და მოკუდა ბაკურ.

და დაჯდა მეფედ ძე მისი ფარსმან.

და მოკუდა კათალიკოსი სამოელ, და დაჯდა კათალიკოსად ჩერმაგ.

და ვახტანგისითგან აქამომდე ესე მეფენი მშჳდობით იყვნეს და შვილნი მირდატისნი ჰმონებდეს შვილთა დაჩისთა.

ამის ფარსმანის მეფობასა მოვიდეს სპარსნი და მოაოჴრეს ქართლი და რანი, ხოლო ფარსმან, მეფემან ქართველთამან, ითხოვა სპარსთა მეფისაგან, რაჲთა არა მოაოჴრნეს ეკლესიანი, და იპყრას ქართლი სჯულსა ზედა ქრისტესსა, რამეთუ მას ჟამსა ბერძენნი უცალო იყვნეს, დასავალით მტერნი აღდგომილ იყვნეს, და ვერ შემძლებელ იყვნეს შეწევნად ქართველთა და წინააღდგომად სპარსთა.

მაშინ სპარსთა მეფემან ისმინა ვედრებაჲ მათი და დაიცვნა ეკლესიანი, და ფარსმან დაუწერა მას მორჩილებაჲ და მსახურებაჲ, და წარვიდა სპარსთა მეფე.

მიერითგან განიყვნეს ნათესავნი ვახტანგ მეფისანი, რამეთუ შვილნი დაჩისნი ჰმსახურებდეს სპარსთა, ხოლო შვილნი მირდატისნი დაადგრეს მორჩილებასა ბერძენთასა.

მოკუდა ფარსმან და დაჯდა მეფედ ძმისწული მისი, რომელსა ერქუა ფარსმანვე.

და იყო იგი მორწმუნე, ვითარცა მამისძმაჲ მისი, და ჰმატა ყოველთა ეკლესიათა შემკობაჲ. და მოკუდა კათალიკოზი ჩერმაგ და ამანვე მეფემან ფარსმან დასუა საბა. და მოკუდა კათალიკოზი საბა და ამანვე მეფემან ფარსმან დასუა ევლალი. აქაჲთგან არღარა მოიყვანებდეს კათალიკოზსა საბერძნეთით, არამედ ქართველნი დასხდებოდეს, წარჩინებულთა ნათესავთაგანი.

და ამისვე ფარსმანის ზე მოვიდა იოვანე შუამდინარელი, რომელსა ეწოდა ზედაზადენელი, განმანათლებელი ქართლისაჲ და განმწმედელი სჯულისაჲ და მაშენებელი ეკლესიათაჲ, რომელმან ქმნა ნიშები და სასწაულები მრავალი, მან და მოწაფეთა მისთა, რომელთა განაკჳრვნეს ყოველნი ქართველნი. და დაიწერა ცხოვრებაჲ და სასწაულნი მათნი და დაისხნეს ეკლესიათა შინა ქართლისათა.

და მეფობითგან მირიან მეფისაჲთ ვიდრე მეორისა ფარსმანისა გარდაჴდეს წელნი ორასნი. და მეფენი გარდაიცვალნეს ათოთხმეტნი, და ვახტანგისითგან კათალიკოზნი გარდაიცვალნეს რვანი.

და მოკუდა ფარსმან და დაჯდა მეფედ ძე მისი, ბაკურ.

ესე იყო მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათაჲ. ამან განამრავლნა ეკლესიანი და მღდელნი სამეფოსა შინა მისსა და განწმიდა ქართლი ყოვლისა უსჯულოებისაგან. და მოკუდა კათალიკოზი ევლალი. და მანვე მეფემან [ბაკურ] დასუა კათალიკოზი მაკარი.

ამასვე ჟამსა მეფობდა სპარსეთს, რომელსა ერქუა ურმიზდ. და მასვე ჟამსა იყო სომხითს კაცი ერთი, შვილი მთავართა, სახელით ვასქენ, და ესუა მას ცოლი, მთავართა შვილი, რომელსა ერქუა შუშანიკ, ასული ვარდანისი. ხოლო ამას ვასქენს ეუფლა ეშმაკი და განიზრახა მიქცევაჲ ცეცხლისმსახურებად; წარვიდა წინაშე სპარსთა მეფისა, დაუტევა სჯული ქრისტესი და იქმნა ცეცხლისმსახურ. ხოლო სპარსთა მეფემან წარმოგზავნა იგი ნიჭითა დიდითა ერისთავად რანისა. ვითარ მოვიდა და ცნა ცოლმან მისმან შუშანიკ ქმრისა მისისაგან დატევებაჲ სჯულისა ქრისტესი, არღარა ერჩდა იგი ცოლად. და დაივიწყა სიყუარული ქმრისა თჳსისაჲ და ყოვლითა გულითა შეუდგა იგი ქრისტესა აღსრულებად მცნებათა მისთა.

მაშინ ვასქენ შეუდგა მრავალღონედ - პირველად ლიქნითა და ვედრებითა და ნიჭისა მიცემითა, შემდგომად შეაგდო სატანჯველსა დიდსა, რომლისა სიგრძისაგან არა დავწერენ ღუაწლნი წმიდისა შუშანიკისნი, და მოკლა იგი ქმარმან მისმან, ვასქენ ერისთავმან.

მაშინ ბაკურ, მეფემან ქართველთამან, მოუწოდა ყოველთა ერისთავთა და შემოკრიბნა ლაშქარნი ფარულად და წარემართა ვასქენს ზედა პარვით, რამეთუ ვასქენ ველსა გარე დგა კიდესა მტკურისასა, სადა შეერთვის მდინარე ანაკერტისაჲ მტკუარსა, დაესხა და შეიპყრა ვასქენ და დაჭრეს წულილად ასონი მისნი, დამოჰკიდეს ხესა. ხოლო გუამი წმიდისა შუშანიკისი წარმოიღეს დიდითა პატივითა და დაჰფლეს ცორტავს.

ამან ბაკურ მეფემან წარგზავნა მოციქული წინაშე სპარსთა მეფისა, აუწყა ესე ყოველი და ითხოვა მისგან შენდობაჲ. მაშინ მეფემან განიზრახა გონებასა თჳსსა და თქუა: „უკუეთუ შევრისხნე ქართველთა, განერთნენ იგინი ბერძენთა.“ და შენდობაჲ აღირჩია და გამოგზავნა მოციქული ბაკურისა პასუხითა კეთილითა და ყოველი გმობაჲ და ბრალობაჲ ვასქენ მოკლულისაჲ უბრძანა და ამართლა ბაკურ სიკუდილსა მისსა. და წარმოგზავნა რანს და მოვაკანს სხუაჲ ერისთავი, რომელსა ერქუა დარელ, და უბრძანა, რაჲთა კეთილად მეგობრობდეს ქართველთა.

და მოკუდა კათალიკოზი მაკარი და მანვე მეფემან დასუა სჳმეონ კათალიკოზად. და მოკუდა ბაკურ და დარჩეს შვილნი მისნი წურილნი, რომელნი ვერ იპყრობდეს მეფობასა. მაშინ მეფემან სპარსთამან ურმიზდ მისცა ძესა თჳსსა, რომელსა ერქუა ამბარვე, რანი და მოვაკანი, მოვიდა და დაჯდა ბარდავს, და უწოდა ზრახვად ერისთავთა ქართლისათა, აღუთქუა კეთილი დიდი და დაუწერა ერისთავთა მამულები შვილითი შვილადმდე და ესრეთ წარიბირნა ლიქნითა.

და განდგეს ერისთავნი თჳს-თჳსად. და ხარკსა მისცემდეს ქასრეს ამბარვეზსა. და შვილნი ბაკურისნი დარჩეს მთიულეთს კახეთისასა და ნათესავნი მირდატისნი, ვახტანგის ძისანი, რომელნი მთავრობდეს კლარჯეთს და ჯავახეთს, იგინი დარჩეს კლდეთა შინა კლარჯეთისათა. და სხუაჲ ყოველი ქართლი, სომხითი და ასფურაგანი დაიპყრეს სპარსთა და ჰბრძოდეს ბერძენთა.

შემდგომად ამისა მცირედთა წელთა იქმნნეს შფოთნი დიდნი სპარსეთს შინა, რამეთუ შემოვიდა თურქთა მეფე სპარსეთს. და მოვიდეს ბერძენნი და ეწყვნეს სპარსთა შუამდინარეს, იოტნეს და შევიდეს სპარსეთს და იწყეს ტყუენვად სპარსეთისა. მაშინ ქასრე ამბარვეზმან დაუტევა რანი და ქართლი და წარვიდა შუელად მამისა თჳსისა. ესრეთ რაჲ უცალო იქმნნეს სპარსნი, მაშინ შეითქუნეს ყოველნი ერისთავნი ქართლისანი, ზემონი და ქუემონი, და წარგზავნეს მოციქული წინაშე ბერძენთა მეფისა და ითხოვეს, რაჲთა უჩინოს მეფე ნათესავთაგან მეფეთა ქართლისათა და, რაჲთა იყვნენ ერისთავნი იგი თჳს-თჳსსა საერისთვოსა შეუცვალებელად.

მაშინ კეისარმან აღასრულა თხოვაჲ მათი და მოსცა მეფედ დისწული მირდატისი, ვახტანგის ძისა, ბერძნისა ცოლისაჲ, რომელსა ერქუა გუარამ, რომელი მთავრობდა კლარჯეთს.

ამას გუარამს მისცა კეისარმან კურაპალატობაჲ და წარმოგზავნა მცხეთას.

და შვილნი ბაკურ მეფისანი, ნათესავნი დაჩისნი, ვახტანგის ძისანი, რომლისა მიეცა მეფობაჲ ვახტანგ მეფესა, იგინი დარჩეს კახეთს და იპყრეს კუხეთი და ჰერეთი იორითგან, და დასხდეს უჯარმოს და იყვნეს მორჩილებასა გუარამ კურაპალატისასა.

მაშინ კეისარმან წარმოსცა განძი დიდძალი გუარამ კურაპალატისა თანა და უბრძანა,რაჲთა მით განძითა გამოიყვანნეს ჩრდილოჲს ლაშქარნი და შეგზავნნეს სპარსეთს, ხოლო გუარამ ყო ეგრე, გამოიყვანნა ოვსნი, დურძუკნი და დიდონი და წარუძღუანნა წინა ერისთავნი ქართლისანი, შევიდეს ადარბადაგანს და უწყეს ტყუენვად. და ესევითარნი ჭირნი და უცალოებანი მოიწინეს სპარსთა ზედა.

მაშინ გამოჩნდა კაცი ერთი სპარსეთს, რომელსა ერქუა ბარამ ჩუბინი. ესე ეწყო თურქთა, სპარსეთს შემოსრულთა, ვითარცა წერილ არს განცხადებულად „ცხოვრებასა სპარსთასა,“ მოკლა თურქთა მეფე და იოტა ბანაკი მათი.

ხოლო სპანი იგი ბერძენთანი, რომელნი შესრულ იყვნეს სპარსეთს, შეიქცეს და წარვიდეს შინა, და ჩრდილოელნი იგი, გუარამ კურაპალატისა შეგზავნილნი, წარმოვიდეს იგინიცა შინა, რამეთუ ვინაჲთგან მოიცალეს სპარსთა თურქთაგან, შეშინდეს და დაეცა შიში და ძრწოლაჲ ქართველთა სპარსთაგან. და ამან გუარამ კურაპალატმან იწყო ციხეთა და ქალაქთა მაგრებად.

და კუალადცა წყალობაჲ ყო ღმერთმან ქრისტეანეთა ზედა და სხუაჲ შუღლი დავარდა სპარსეთს, რამეთუ იგივე ბარამ ჩუბინი განადგა სპარსთა მეფესა და დასწუნა თუალნი ურმიზდ მეფესა და ცოლისძმათა მისთა. და იწყეს ბრძოლად ჩუბინმან და ქასრე. იოტა ქასრე ჩუბინისაგან და წარვიდა საბერძნეთს. და კეისარმან მავრიკ მოსცა ასული ცოლად ქასრეს, და მოსცა სპაჲ მისი და წარმოგზავნა ჩუბინს ზედა [და] იოტა ჩუბინი სპარსეთით.

მაშინ მავრიკ კეისარმან იურვა ქართველთათჳს ქასრეს თანა და ჰრქუა: „ვინაჲთგან დაუტევებიეს ქართველთა კერპთმსახურებაჲ, მუნითგან მორჩილნია ბერძენთანი, რამეთუ ჟამსა შინა მძლავრებისაგან თქუენისა იქმნის განრყუნილ ქართლი, რამეთუ სამართალი თქუენი არა არს ქართლსა ზედა. აწ ბრძანებითა ღმრთისაჲთა, ვინაჲთგან სრულსა სიყუარულსა ზედა ვართ მე და შენ, ქართლი ჩუენ შორის იყავნ თავისუფალ მშჳდობით. მე ვარ მოურავი და მწე ყოველთა ქართველთა და ყოველთა ქრიატეანეთაჲ.“

მაშინ ერჩდა სპარსთა მეფე კეისარსა და განთავისუფლდეს ქართველნი. და ესე გუარამ კურაპალატი დადგა მორჩილებასა ზედა ბერძენთასა. და იყო კაცი მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათაჲ და ამან იწყო ეკლესიაჲ ჯუარისა პატიოსნისაჲ. და აქამომდე ჯუარი ველსა ზედა იყო, და ქმნა ეკლესიაჲ წელთამდე ოდენ. და მეფობდა კეთილად და უშფოთველად, არამედ ერისთავნი ქართლისანი ვერ ცვალნა საერისთვოთაგან მათთა, რამეთუ სპარსთა მეფისაგან და ბერძენთა მეფისაგან ჰქონდეს სიგელნი მკჳდრობისანი, არამედ იყვნეს მორჩილებასა გუარამ კურაპალატისასა.

და მოკუდა კათალიკოზი სჳმეონ და დაჯდა სამოელ. და მოკუდა კათალიკოზი სამოელ და დასუეს სამოელვე.

ამანვე გუარამ კურაპალატმან განაახლა საფუძველი ტფილისისა სიონისაჲ, რამეთუ ნათესავნი მირიან მეფისა მორწმუნისანი ყოველნი ეკლესიათა მაშენებელნი იყვნეს.

და მოკუდა გუარამ კურაპალატი.

და დაჯდა ძე მისი სტეფანოზ, მეფობისა სახელი ვერ იკადრა სპარსთა და ბერძენთა შიშისაგან, არამედ ერისთავთა მთავრად ხადოდეს.

და მოკუდა სამოელ კათალიკოზი და ამან სტეფანოზ დასუა ბართლომე კათალიკოზად. და ესე სტეფანოზ იყო ურწმუნოჲ და უშიში ღმრთისაჲ, არა ჰმსახურა ღმერთსა, არცა ჰმატა სჯულსა და ეკლესიათა. და ამის ზე იქმნა შფოთი დიდი საბერძნეთს, რამეთუ მავრიკ კეისარსა განუდგა ფოკას მჴედარი და მოკლა მავრიკ კეისარი და შვილნი მისნი და დაიპყრა საბერძნეთი ფოკას მჴედარმან.

მაშინ სიძემან კეისრისამან, სპარსთა მეფემან ქასრე, იწყო ძებნად სისხლსა ცოლისძმათა და სიმამრისა მისისათა, შესლვად და ტყუენვად საბერძნეთს, განძლიერდა ბერძენთა ზედა და ვერ წინააღუდგა ფოკას კეისარი. ხოლო სტეფანოზ, მთავარი ქართლისაჲ, შეუშინდა მეფესა სპარსთასა, განუდგა ბერძენთა და მიექცა სპარსთა.

მას ჟამსა მანვე მეფემან ქასრე წარმოტყუენა იერუსალჱმი და წარიყვანა „ძელი ცხოვრებისაჲ.“ და შემდგომად ამისა აღიღო ღმერთმან ჴელი წყალობისაჲ ქასრესგან, და შეიპყრა ძემან მისმან და შესუა იგი საპყრობილესა, და მოკუდა სენითა ბოროტითა.

ამის სტეფანოზის ზე მცხეთას მოაკლდებოდა და აღშენდებოდა ტფილისი და განძლიერდებოდა, და არმაზი აღთხელდებოდა და კალაჲ აღეშენებოდა. ძმაჲ სტეფანოზისი, სახელით დემეტრე, აღაშენებდა ეკლესიასა ჯუარისა პატიოსნისასა, რამეთუ სენიცა იყო მის თანა ბოროტი და ვერ შემძლებელ იყო განშორებად კარსა ეკლესიისასა. და სტეფანოზ მთავრობდა ყოველსა ქართლსა, და დაჯდა იგი ტფილისს და ჰმორჩილებდა იგი სპარსთა.

ხოლო შემდგომად ამისა რაოდენთამე წელიწადთა გამოჩნდა კაცი ერთი საბერძნეთს, თჳსი მავრიკ კეისრისაჲ, სახელით ჰერაკლე. ამან მოკლა ფოკას კეისარი და დაიპყრა საბერძნეთი. განძლიერდა იგი, და მიიყვანნა დასავლეთით თურქნი, და შეკრიბნა სპანი ურიცხუნი და წარმოემართა სპარსეთად ძებნად ძელისა ცხოველისა და მოვიდა პირველად ქართლს. და ამან სტეფანოზ არა ინება განდგომაჲ სპარსთაგან და განამაგრნა ციხენი, და დადგა ტფილისსა შინა. მოვიდა [ჰ]ერაკლე მეფე და მოადგა ტფილისსა. ხოლო სტეფანოზ იყო ქველი მჴედარი და შემმართებელი და დღეთა ყოველთა გამოვიდის კართა ქალაქისათა და ებრძოდის ბერძენთა. მაშინ უკუე მას წყობასა შინა ჩამოაგდეს სტეფანოზ და მოკლეს. და დაიპყრა კეისარმან ტფილისი.

ხოლო ციხესა კალისასა დარჩეს კაცნი და არა მოერთნეს მეფესა, და ციხით გამო აგინა ციხისთავმან მეფესა და ჰრქუა: „ვაცისა წუერნი გასხენ და ვაც-ბოტისა კისერი გათქს.“ მაშინ ბრძანა მეფემან: „დაღაცათუ კაცმან მან ბასრობით მრქუა მე ვაცბოტობა, არა არს სიტყუაჲ მისი ცუდ.“ და მოიღო წიგნი დანიელისი და პოვა მას შინა წერილი ესრეთ: „გამოვიდეს ვაცი დასავალით და შემუსრნეს რქანი ვერძისა აღმოსავლისანი.“ მაშინ განიხარა მეფემან და დაიდასტურა, რამეთუ ყოველივე განემარჯუებოდა.

მაშინ კეისარმან მოუწოდა ძესა ბაკურისსა, ნათესავსა მეფისა ქართველთაჲსა დაჩის, ვახტანგის ძისაჲსა, რომელი ერისთავობდა კახეთს, რომელსა ერქუა ადარნასე, და მისცა მას ტფილისი და მთავრობაჲ ქართლისაჲ, და დაუტევა მის თანა ერისთავი, რომელსა ერქუა ჯიბღა, და უბრძანა ბრძოლაჲ კალას, და თჳთ წარემართა მეფე.

ხოლო მცირედთა დღეთა წარიღეს კალაჲ და შეიპყრეს ციხისთავი იგი. ამან ერისთავმან პირველად პირი დრაჰკნითა აღუვსო, რომელ კეისარმან სიტყჳთა მისითა განიხარა, და შემდგომად ამისა ტყავი გაჰჴადა და კეისარსა უკუანა მისწია გარდაბანს. კადრებისათჳს მეფისა უყო ესე. და ესევითარითა სიკუდილითა წარეგნეს სტეფანოზ და მისნი მსახურნი. ამისთჳს უყო ესე ღმერთმან მთავარსა მას სტეფანოზს, რამეთუ არა მინდობითა ღმრთისაჲთა ცხოვნდებოდა, მორწმუნეთა ემტერებოდა და ურწმუნოთა ჰმოყურობდა.

მაშინ კუალად წარიღეს ბერძენთა საზღვარი ქართლისაჲ - სპერი და ბოლოჲ კლარჯეთისაჲ ზღჳსპირი. და შვილნი სტეფანოზისნი დარჩეს კლდეთა შინა კლარჯეთისათა. ხოლო სხუაჲ ყოველი ქართლი დაიპყრა ადარნასე, ბაკურის ძემან, მთავრობით და მეფობისა სახელი ვერცა მან იკადრა. და ერისთავნი იგი იყვნეს თჳს-თჳსსა საერისთვოსა შინა, მკჳდრობდეს და ჰმორჩილებდეს ადარნასეს

ხოლო [ჰ]ერაკლე მეფე შევიდა სპარსეთს, მოკლა ხუასრო მეფე და წარუღო ბაღდადი და წარმოიყვანა ძელი ცხოვრებისაჲ, უკუმოიარა გზაჲ ქართლისაჲვე მეშჳდესა წელსა, რაჲთ-გან ჩავლო. და ეკლესიაჲ ჯუარისა პატიოსნისაჲ და სიონი ტფილისისაჲ განესრულნეს ადარნასე ქართლისა მთავარსა.

მაშინ [ჰ]ერაკლე მეფემან წარიტანნა მანგლისით და ერუშეთით ფერჴთა ფიცარნი და სამსჭუალნი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი, რომელნი მოცემულ იყვნეს კოსტანტინესგან მირიან მეფისა შეწუხნა ადარნასე, ქართლისა მთავარი, და ევედრებოდა კეისარსა, რომელ არა წარუხუნეს ნიჭნი იგი ღმრთისამიერნი. არა ისმინა კეისარმან ვედრებაჲ მისი და წარიხუნა.

ხოლო ამის ადარნასეს ზე გარდაიცვალნეს სამნი კათალიკოზნი: იოვანე, ბაბილა და თაბორ.

მოკუდა ადარნასე და დადგა მის წილ ძე მისი სტეფანოზ.

ესე სტეფანოზ იყო უმეტეს ყოველთა ქართლისა მეფეთა და მთავართა მორწმუნე, განმწმედელი სჯულისაჲ და მაშენებელი ეკლესიათაჲ. და მან მოადგნა ზღუდენი ეკლესიასა ჯუარისა პატიოსნისასა და აღაშენნა დარბაზნი და დაუწესა ყოველთა პარასკევთა კრებაჲ. და მუნ შეკრბიან ყოველნი ეპისკოპოსნი და მღდელნი მის არისანი კათალიკოზსა თანა, წინაშე პატიოსნისა ჯუარისა ადიდიან პარასკევი, ვითარცა დიდი პარასკევი, ხოლო საკათალიკოზოსა არიან ყოველთა ხუთშაბათთა და ადიდიან წმიდაჲ სიონი, ვითარცა დიდსა ხუთშაბათსა საიდუმლოსა თანა ჴორცითა და სისხლითა ქრისტესითა. ხოლო მცხეთას საებისკოპოსოსა არნ კრებაჲ ყოველთა სამშაბათთა და ჴსენებაჲ პირველმოწამისა სტეფანესი და ყოველთა მოწამეთაჲ, და დიდისა მისგან ძლიერებისა სპარსთაჲსა რომელ წამებულ იყვნეს, აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისაჲ, რომელმან მოაქცინა უმრავლესნი მთეულნი არაგუსა აღმოსავლითნი, ხოლო პატიოსანი გუამი მისი დადვეს მცხეთას, საეპისკოპოსოსა, სამარხავსა ეპისკოპოსთასა. და დღესასწაულსა უფროჲს ყოველთა დღესასწაულთასა შეკრბიან და ადიდებდიან ღმერთსა.

მათ ჟამთა შინა გამოჩინებულ იყო მოჰამად, ნათესავი ისმაელისი, მოძღუარი სარკინოზთა სჯულისაჲ, და ყოველი არაბიაჲ და იამანეთი დაიპყრა. და მოკუდა იგი და დადგა მის წილ აბობიქარ და შევიდა სპარსეთს, რამეთუ ვინაჲთგან შესრულ იყო ჰერაკლე მეფე სპარსეთს და განერყუნა სპარსეთი, არღარავინ იყო წინააღმდგომი სპარსეთს.

ამან აბობიქარ აგარიანმან დაიპყრა სპარსეთი, შევიდა ბაღდადს და მძლავრობით დაატევებია უმრავლესთა ცეცხლისმსახურებაჲ და მოაქცინა სარკინოზად.

და მოკუდა იგი და დადგა მის წილ ომარ. და უმეტეს განძლიერდა იგი. უთხრეს ჰერაკლეს მეფესა, ვითარმედ შემოვლენ აგარიანნი შამად და ჯაზირეთად, რომელ არს შუამდინარე. და გამოვიდა ჰერაკლე ფილისტიმად, რაჲთამცა ეწყო მუნ. ხოლო იყო მუნ მონაზონი ვინმე კაცი ღმრთისაჲ, და მან ჰრქუა მეფესა: „ივლტოდეთ, რამეთუ უფალმან მისცა აღმოსავლეთი და სამხრეთი სარკინოზთა, რომელ არს თარგმანი: „სარას ძაღლთა.“ და მონაზონისა მის სიტყჳთა ესე უთხრეს ჰერაკლე მეფესა ვარსკულავთმრიცხუველთა და მისანთა. აღაშენა [ჰ]ერაკლე მეფემან სუეტი და დაწერა მას ზედა: „მშჳდობაჲ, შუამდინარეო და ფილისტიმეო, ვიდრემდის წარჴდენ შჳდნი შჳდეულნი.“ შჳდეულისათჳს ესრეთ პოვეს ჟამი განსაზღვრებული ფილოსოფოსთა ჰერმის ტრისმეჯისტონის წიგნთა შინა სარკინოზთათჳს, რომელ არს ორას ორმეოცდაათი წელი. ხოლო მოჰმადის გამოჩინებადმდე ალექსანდრეს წელთაგან იყო ცხრაას ოცდაშჳდი წელი.

მაშინ ყოველნი ნათესავნი ბერძენთანი წარჩინებულნი ჰფლვიდეს ქუეყანათა შინა განძთა, რაჲთა რაჟამს გამოვიდენ, პოვნენ განძნი იგი და არღარა ნახონ ჭირი წარღებასა და კუალად გამოღებასა.

და აღმოვლო [ჰ]ერაკლე კეისარმან გზაჲ რანისაჲ და მეორედ შემოვიდა ქართლად და ჰრქუა ნათესავსა სპარსთასა, რომელნი შემოვლტოლვილ იყვნეს სარკინოზთაგან: „უკუეთუ უწ-ყით, ვითარმედ დასრულდა მეფობაჲ თქუენი, დაუტევეთ ჩრდილოჲ და შემოვედით ჩუენ თანა.“ და მათ დაუტევეს ქუეყანაჲ ესე, და დაჰფლნეს განძნი იგი მათნი. რომელნიმე წარჰყვეს და რომელნიმე დადგეს, და შექმნნეს ყოვლისა საგანძურისა გუჯარნი. და რაჲ გუჯარი დაწერეს, აღწერეს ნათესავი თჳსი და ქუეყანაჲ, და დადვეს, რაჲთა ოდეს მოვიდენ ბერძენნი, მით გუჯარითა მოიძინენ ნათესავნი მათნი და თჳთოეულად განუყონ განძი და ქუეყანაჲ.

ხოლო სტეფანოზს ესხნეს ორნი ძენი: არჩილ და მიჰრ, და განუყო ყოველი ხუასტაგი სამეფოჲსა მისისაჲ, საგანძური ოქროჲსა და ვეცხლისა და თუალთა პატიოსანთაჲ, და ნახევარი წარიღო ქუეყანასა ეგრისისასა და ნახევარი საქონლისა მისისაჲ მისცა არჩილს, უმრწემესსა ძესა თჳსსა. ხოლო არჩილ დაჰფლა საგანძური უფროჲსი ჴევსა კახეთისასა, ხოლო სამსახურებელნი ოქროჲსა და ვეცხლისანი - ჴევსა უჯარმოჲსასა. და საგანძურნი ქართლისა და ჯავახეთისანი დასხნა მახლობელად გორსა, რომელი მანვე ჰერაკლე განაჩინა განძთა მათთჳს, რომელნი თანა ვერ წარჰქონდეს. სახელი გორისაჲ მის არს ტონთიო და თარგმანებით: „მთაჲ ოქროთაჲ.“ და დასუა მას ზედა ტილისმი, რაჲთა ვერვინ შეუძლოს გამოღებად, ხოლო საგანძურნი ყოველთა ქართლისა ეკლესიათანი დაჰფლნა აჩრდილსა დიდისა სიონისა მცხეთისასა.

და შემდგომად მცირედთა დღეთა შევიდა არჩილცა ეგრისადვე, რამეთუ მოიწია ამირაჲ აგარიანი ქართლად, რომელსა ერქუა მურვან-ყრუ, ძე მოამადისი, რომელი წარმოევლინა ეშიმს, ამირ მუმლს ბაღდადელსა, ძესა აბდალ მელიქისასა, ნათესავისაგან ამათისა. ამისთჳს ეწოდა ყრუ მეორედ, რომელ არა მიითუალვიდა სიტყუასა განმზრახთასა. და ყოველნი მთავარნი და პატიახშნი, ნათესავნი ერისთავთანი და წარჩინებულთანი შემოიხუეწნეს კავკასიად და დაიმალნეს კლდეთა და ღრეთა.

და მოვლო ყრუმან ყოველი კავკასიაჲ და დაიპყრა კარი დარიალანისაჲ და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა. და ვითარ ცნა, რამეთუ მეფენი ქართლისანი და ყოველნი ნათესავნი მათნი წარვიდეს ეგრისად და მუნით კუალად მიიცვალნეს აფხაზეთად, შეუდგა კუალსა მათსა და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და სიმაგრენი ეგრისისანი, და ციხე იგი სამზღუდე, რომელ არს ციხე-გოჯი, შემუსრა და შევლო ზღუდე იგი, საზღვარი კლისურისაჲ.

და მოსლვასა მისსა კათალიკოსი იყო თაბორ. და ვითარცა შევლო ყრუმან კლისურაჲ, რომელი მას ჟამსა იყო საზღვარი საბერძნეთისა და საქართველოჲსაჲ, შემუსრა ქალაქი აფშილეთისაჲ ცხუმი და მოადგა ციხესა ანაკოფისასა, რომელსა შინა არს ხატი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲ, არა კაცობრივითა ჴელითა დაწერილი, არამედ ზეგარდამო, რომლისათჳს არავინ უწყის, ვინაჲ-იგი მოსრული იპოვა თავსა ზედა მის გორისასა, რო-მელსა მოსდგამს სამხრით ზღუაჲ და ჩრდილოჲთ ჭალაკი მწყურნები. მუნ შინა იყვნეს მეფენი ქართლისანი: მიჰრ და არჩილ. ხოლო მამაჲ მათი გარდაცვალებულ იყო და დაემარხა ეგრისსა შინა. და ერისთავი კეისრისაჲ ლეონ შესრულ იყო ციხესა შინა სობღისასა, რომელ არს გარდასავალსა ოვსეთისასა. და ვერვინ შემძლებელ იყო წყობად ყრუსა, რამეთუ იყვნეს სპანი მისნი უფროჲს და უმრავლეს ჭალაკთა ეგრისისათა.

მაშინ ჰრქუა არჩილ მიჰრს, ძმასა თჳსსა: „მიწყუდეულ არს ციხე-ქალაქი ესე შემუსრვად. უკუეთუ შეგჳპყრნეს ჴელად, გამოიკითხნეს ყოველნი საგანძურნი ნამალევნი, რომელნი-იგი დავჰფლენით ქუეყანასა ჩუენსა, მონაგებნი მირიან ღმრთივგანბრწყინვებულისანი და კუალად ვახტანგ ღმრთივგანბრძნობილისანი და ყოველთა შვილთა მათთანი, რომელთა გუშვნეს ჩუენ. და იგიცა ითხოვოს, რომელი დამალა [ჰ]ერაკლე მეფემან, რომლისა აღწერილი ყოველი დავდევით ორთა მათ თანა გჳრგჳნთა ზურმუხტისა და იაგუნდისა და ძოწეულისათა, რომელნი-იგი გამოიტანნა მამამან ჩუენმან, დიდმან ვახტანგ მეფემან, ჰინდოეთით და სინდეთით. დავჰფლენით იგინი უჯარმოჲს მახლობელად, შორის ორთა მათ კოშკთა უმცველოთა, და ყოველი იგი აღწერილ არს გონებასა ჩემსა. და შენ წარიხუენ ორნი იგი გჳრგჳნნი მისვე ვახტანგისნი, ოქროჲსა და ანთრაკისანი, ერთი მირიან მეფისაჲ და ერთი - ვახტანგისი, რომელი მოუძღუანა სპარსთა მეფემან ყოველსა თანა ოქროსა და ვეცხლსა, რომელი აღჰკიდა სატჳრთავსა ხუთასსა და მკჳრცხლსა ორი ათასსა. და შენ და მამამან ჩემმან დასდევით იგი ქუთათისს და ციხე-გოჯს. ხოლო მე გჳრგჳნნი იგი ჩემნი და გუჯარნი ტყავისანი მარტოდ დავსხენ. აწ თუ მოვწყდეთ, განძი იგი უცნაურად დარჩეს, და მოსლვასა ბერძენთასა ძიება-ყოს კეისარმან ნათესავისა ჩუენისათჳს და მოსცეს მეფობაჲ და განძიცა იგი. აწ უკუე არა ვიქმნნეთ ჩუენ მიზეზ მოოჴრებისა ქართლისა და საბერძნეთისა, არამედ განვიდეთ და ვეწყვნეთ ზღჳთკერძოსა მას გუერდსა შინა და, თუ ენებოს ღმერთსა, ერთითა იოტოს ათასი და ორითა - ბევრი.“

და მოვიდეს წინაშე წმიდისა მის ხატისა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა, თაყუანი-სცეს შევრდომით და იტყოდეს: „განვალთ სასოებითა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისაჲთა, რომელი იშვა შენგან, და მისა შეწირე ოხაჲ ჩუენთჳს და თანამავალ-მეყავნ ჩუენ წყალობაჲ შენი.“

და იყო მათ თანა სიმრავლე მცირედი ტაძრეულისა მათისაჲ და ნათესავი ერისთავთა და პატიახშთაჲ სამი ათასი, ხოლო სპათაგან აფხაზთა - ორი ათასი მბრძოლი. და ვიდრე განთენებადმდე მოავლინა უფალმან სარკინოზთა ზედა ხორშაკი ბღუარისაჲ და გუემნა იგინი სატლითა სისხლისაჲთა. და ეჩუენა ღამესა მას ანგელოზი არჩილს, რომელმან ჰრქუა მას: „წარვედით და ეწყვენით აგარიანთა, რამეთუ მომივლინებიეს მათ ზედა გუემაჲ სასტიკად მომსრველი კაცითგან მიპირუტყუთამდე. და გან-რაჲ-ხჳდეთ, გესმას ბანაკსა შინა მათსა ჴმაჲ ვაებისა და ტირილისაჲ, ხოლო თქუენ მჴნე იყვენით და განძლიერდით სასოებითა ღმრთისაჲთა.“

და ვითარცა განთენდებოდა, ისმა ბანაკით მათით ჴმაჲ ტირილისა და გოდებისაჲ. მაშინ უკუე განვიდეს სასოებითა ღმრთისაჲთა წყობად მათდა და ეწყვნეს. და მოსცა უფალმან ძლევაჲ მცირედთა ერთა ქრისტეანეთა. და მოწყდა სატლითა სარკინოზთაგან ოცდათხუთმეტი ათასი, ხოლო მახჳლითა - სამი ათასი. და იწყლა მიჰრ მაზრაკითა ფერდსა. ხოლო ქრისტეანეთაგან მას დღესა შინა მოკლეს კაცი სამოცი და სარკინოზთა ცხენი დაეცა, ვითარცა ჭალაკი, და წაჰყრიდეს ყოველთა მათ ზღუად.

მაშინ იხილა ჩუენებაჲ ვინმე აგარიანმან, რომელსა ეტყოდა რეცა მოციქული მათი: „მოუცემია ღმერთსა ძლევაჲ ჩუენდა ვიდრე აღსრულებადმდე ათთა მცნებათა, ვითარცა ჰრქუა აბრაჰამს და აგარს ღმერთმან, არამედ ეკლესიათა ღმრთისათა და კაცთა ღმრთისმსახურთა ეკრძალებოდეთ, ვითარცა-იგი გამცენ კურანსა შინა ჩემსა.“

მსწრაფლ აღიყარნეს და უკუნიქცეს კუალსავე თჳსსა. და ვითარცა აღიარეს ციხე-გოჯი და დაიბანაკეს წყალთა მათ ზედა მსგეფსსა ერთსა, გარდამოჴდა წჳმაჲ ფიცხელი, აღდგეს მდინარენი სასტიკად და მიჰმართა უმცროჲსმან წყალმან სპასა აბაშთასა და წარიღო მათგან მკჳრცხლი ოცდასამი ათასი და მიჰმართა უფროჲსმან წყალმან მჴედართა, რომელთა-იგი ბანაკი იყო უჭალაკეს, რომელნიმე ივლტოდეს ადგილთა და რომელნიმე ხეთა ზედა განჰჴდებოდეს. და წარიღო ცხენი ოცდაათხუთმეტი ათასი. და მიერითგან სახელ-ედვა ორთა ამათ მდინარეთა: ერთსა - ცხენისწყალი და ერთსა - აბაშაჲ.

და აღიყარა მუნით და შევლეს გზაჲ გურიისაჲ და განვლეს სპერისაჲ. და სიმრავლისაგან არა შეჩენილ იყო დაკლებაჲ, ხოლო უწინავე დასჭრეს კუდები ცხენთა მათთა, რამეთუ თიჴისაგან ვერ ითრევდიან.

ხოლო იქმნა მას ჟამსა განრყუნილ ქუეყანაჲ ქართლისა, სომხითისა და რანისაჲ, რამეთუ არღარა იპოებოდა ნაშენები, არცა საჭამადი კაცთა და პირუტყუთაჲ ყოვლადვე. და წარავლინეს მოციქული წინაშე ბერძენთა მეფისა მიჰრ და არჩილ და ერისთავმან აფხაზეთისამან და აუწყეს ყოველი, რაჲცა იქმნა ღმრთისა მიერ ჴელითა მათითა. ხოლო მან წარმოსცა ორი გჳრგჳნი მიჰრისა და არჩილისა და მოუწერა მათ თანა: „თქუენი იყოს მეფობაჲ, სიბ-რძნე და სიმჴნე ქართლსა შინა. აწ, დაღაცათუ იდევნებით ჩუენ თანა მსახურებისათჳს ჯუარისაჲსა, მოქცევასა ჩუენსა, ვითარცა აღმითქუა ჩუენ ღმერთმან, ჩუენ თანავე იდიდნეთ. არამედ დაადგერით სიმაგრეთა შინა თქუენთა, ვიდრემდის წარჴდენ წელიწადნი მათნი სამასნი, რამეთუ ორასდამეერგასესა წელსა განევლთოს მეფობაჲ მათი და განსრულებასა მესამისა წელიწდისასა მოეცეს ძალი მეფობასა ჩუენსა და შევმუსრნეთ აგარიანნი. და ყოველნი მათნი აღმაღლებულნი დამდაბლდენ და ჩუენ თანა მდაბალნი აღმაღლდენ.“

და მოწერა ლეონისა ესრესახედ: „ყოვლადვე საზღვართა ქართლისათა ჩუენგან ქმნულ არს ვნება და მეფეთა მათთაგან ჩუენდა მომართ - რგება და თანადადგომა. აწ ესე მესამე მსახურებაჲ და რგებაჲ დადვეს ჩუენ თანა საყდარსა ამას სამეუფოსა. პირველად ნათელი მიიღეს ჴელსა ქუეშე ჩუენსა; კუალად შემუსრვისაგან დაარჩინეს დიდი ქალაქი პონტოჲსაჲ, და შორის ჩუენსა და შორის სპარსთა ყვეს მშჳდობაჲ. რამეთუ იგივე ვახტანგ მეფე შუამდგომელ იქმნა და ჴრმლითა მისითა უკუმოუღო სამეფოსა ამას პალესტინე და ორი ნაწილი ჯაზირეთისაჲ. აწ თუმცა ღმერთსა არა მაგათ მიერ დაებრკოლა, ბოროტი ეგე მტერი შემო-მცა-სრულ იყო ვიდრე კოსტანტინეპოლედმდე. და შვილთა შორის ნებროთისთა წარჩინებულ-ყვნა ღმერთმან ეგენი, რამეთუ არა მოაკლდეს ნათესავსა მაგათსა ბრძენი გულისხმისმყოფელი და მბრძოლი, ვითარცა-ესე მოგჳთხრობს ჩუენ აღწერილი გუჯარი, რომელსა შინა აღწერილ არიან მეფენი წარჩინებულნი ტომებით და სოფლებით მათით. ხოლო შენდა მიბრძანებიეს ერისთავობაჲ აფხაზეთისაჲ, შენდა შვილთა შენთა და მომავალთა შენთა მიუკუნისამდე. არამედ კეთილად ჰპატიობდი მეფეთა და ერთა მაგათ ქართლისათა, და ამიერითგან ნუღარამცა ჴელ-გეწიფების ვნებად მათდა და საზღვართა მათ ეგრისისათა, ვიდრემდის იყვნენ მუნ, და ანუ განვიდენ მუნით.“

ხოლო მიჰრ დამძიმდა წყლულებისა მისგან მოსიკუდიდ და ჰრქუა ძმასა თჳსსა არჩილს: „მე, ესერა, წარვალ, ძმაო, მამათა ჩუენთა თანა, არამედ წარმეც და დამფალ საფლავსა მამათავე ჩუენთა თანა. და შენ გაუწყო ადგილი საგანძურთა ჩუენთა ნამალევთაჲ, სადა არს. და არა მივის მე შვილი წული მკჳდრად, არამედ მისხენ შჳდნი ქალნი. აწ შენ ხარ მკჳდრი სახლისაგან მეფობისა ჩუენისა მირიან მეფისა[ჲსა]. და შენ თჳთ უწყი, ვითარმედ ქალი, შვილი ჩუენი, არა მივსცით ერისთავთა ჩუენთა ცოლად, ანუ მივსცით მეფეთა, ანუ მო-ვინმე-ვიდის სპარსთაგან ნათესავი მეფეთაჲ, ვითარცა ფეროზ, რომელსა მისცა მირიან მეფემან ასული მისი ცოლად. და ჩუენ შემცირებულ ვართ, რამეთუ შენ ხარ უცოლო, და მე ვარ უძეო. აწ, რაჲთგან მოიყვანნიან მამათა ჩუენთა ცოლნი და ასულნი ერისთავთა ჩუენთანი, მისცენ მათ ასულნი ჩემნი და განუყვნენ მათ ქუეყანანი ქართლისანი, ნახევარი - შენ და ნახევარი - მათ. ხოლო საუხუცესოდ რომელი მაქუნდა, მომიცემია შენდა და გაქუნდეს საუხუცესოდ ეგრისი, სუანეთი, თაკუერი, არგუეთი და გურიაჲ, ხოლო კლარჯეთი და შუამთიულეთი მიეც ასულთა ჩემთა, რაჲთა მუნ შინა იყვნენ ჟამთა ამათ ბოროტთა. და მამაჲცა ჩემი მოკუდა შფოთსა ამას შინა და ვერ წარვეცით იგი მცხეთას, წარსცენ ძუალნი მისნი და დაჰფლენ საყდარსა ქუთათისისასა, რაჲთა იპოვოს იგი საწამებელად სამკჳდრებელსა ჩუენსა. და შენ დაადგერ აქა და ემოყურებოდე ბერძენთა, ვიდრემდის განქარდეს ბნელი ესე.“

მოკუდა მიჰრ. და წარმოსცეს მცხეთას და დაჰფლეს ზემოსა ეკლესიასა, შესავალსა კარისასა.

ხოლო არჩილ მოუწოდა ერისთავთა ქართლისათა და მისცნა ძისწულნი მისნი: ერთი მისცა მამისძმისწულსა მისსა, შვილსა გუარამ კურაპალატისასა, რომელსა ჰქონდა კლარ-ჯეთი და ჯავახეთი; და მეორე მისცა პატიახშსა, ნათესავსა ფეროზისსა, რომელი მთავრობდა თრიალეთს, ტაშირს და აბოცს; მესამე მისცა ნერსეს ნერსიანსა, რომელი-იგი იყო წარჩინებული ვახტანგ მეფისაჲ; მეოთხე მისცა ადარნასეს ადარნასიანსა, და ორთა ამათ განუყო ზენასოფელი, რომელ არს ქართლი; მეხუთე მისცა ვარაზმანს და მისცა კოტმანითგან ქურდისჴევამდე (იყო ესე ვარაზმან ნათესავი სპარსთა ერისთვისა ბარდაველისაჲ, რომელი იყო დედისძმაჲ ვახტანგ მეფისაჲ), მეექუსე მისცა ჯუანშერს ჯუანშერიანსა, რომელი-იგი იყო ნათესავი მირიან მეფისაჲ შვილთაგან რევისთა, და მისცა ჯუარი და ხერკი და ყოველი მთიულეთი, მანგლისისჴევი და ტფილისი.

ხოლო ნაწილი არჩილისი იყო განზოგებით გამონაყოფი ყოველთა ამათ ჴევთაგან. და ვითარ იხილეს, რამეთუ ჯუანშერს უკეთესი ნაწილი მისცა, დაუმძიმდა მცირედ რაჲმე სხუათა მათ, და განუტევნა მთავარნი ესე ცოლებითურთ თჳს-თჳსად ადგილად.

ხოლო არჩილ მოუწოდა ლეონს და ჰრქუა: „კურთხეულ იყავ შენ უფლისა მიერ, რამეთუ კეთილად იღუაწე სტუმრობაჲ ჩუენი და დამიცვენ ადგილთა შენთა მშჳდობით. გარნა აწ უწყიეს შენებაჲ ადგილთა ჩუენთა კლისურითგან აღმართ, წარვალ და დავეშენები ციხე-გოჯს და ქუთათისს. აწ ითხოვე თავისა შენისათჳს, რაჲ გნებავს ჩემგან ნაცვალად კეთილისმსახურებისა შენისა.“ ხოლო ლეონ ჰრქუა: „მომცა მე კეისარმან ქუეყანაჲ ესე მკჳდრობით კეთილად სიმჴნითა თქუენითა, ხოლო ამიერითგან არს ესე მამულებით სამკჳდრებელ ჩემდა კლისურითგან ვიდრე მდინარედმდე დიდად ხაზარეთისა, სადა წარსწუდების წუერი კავკასიისაჲ ამის. შემრთე მეცა მონათა შენთა თანა, რომელნი დღეს ღირს-ყვენ შვილად და ძმად შენდა. არა მინდა ნაწილი შენგან, არამედ ჩემიცა ესე შენდავე იყოს.“ მაშინ მისცა ლეონს ცოლად ძმისწული მისი გურანდუხტ და გჳრგჳნი იგი, რომელი ბერძენთა მეფესა წარმოეცა მიჰრისთჳს. ყვეს აღთქუმაჲ და ფიცი საშინელი, ვითარმედ არა იყოს მტერობაჲ შორის მათსა, არამედ ერჩდეს ლეონ არჩილს ყოველთა დღეთა მისთა.

წარმოვიდა არჩილ და დაემკჳდრა ეგრისს ვიდრე შორაპნამდე და განამაგრნა ყოველნი ციხენი და ქალაქნი და აღაშენა ციხე საზღვარსა ზედა გურიისა და საბერძნეთისასა.და წარჴდა ამას შინა წელიწადი ათორმეტი და იწყო შენებად ქართლმან, ხოლო განრყუნილ იყო საყოფელად მცხეთაჲ. გარდამოჴდა არჩილ ეგრისით და დაჯდა ნაციხარსა ჴიდარისასა. მაშინ მოვიდა მისა მთავარი ერთი, რომელი იყო ნათესავისაგან დავით წინაწარმეტყუელისა სახელით ადარნასე, ძმისწული ადარნასე ბრმისაჲ, რომლისა მამაჲ მისი მზახებულ იყო ბაგრატონიანთადვე, და ბერძენთა მიერ დადგინებულ იყო ერისთავად არეთა სომხითისათა. და ტყუეობასა მას ყრუჲსასა შთასრულ იყო იგი შვილთა თანა გუარამ კურაპალატისათა კლარჯეთს და მუნ დარჩომილ იყო, ითხოვა არჩილისგან და ჰრქუა: „უკუეთუ ინებო და მყო მე, ვითარცა მკჳდრი შენი, მომეც მე ქუეყანაჲ.“ და მისცა შულავერი და არტანი.

ამისა შემდგომად მოვიდა არჩილ კახეთად და ყოველთა ტაძრეულთა მისთა მიუბოძა კა-ხეთი და აზნაურ-ყვნა იგინი, და აღაშენა ეკლესიაჲ საძმორს, შეირთო ცოლი, ასული კურაპალატისაჲ, რომელი იყო შვილთაგან ვახტანგ მეფისათა, ბერძნისა ცოლისა ნაშობთა, და დაჯდა წუქეთს და აღაშენა კასრი, და ჴევსა ლაკუასტისასა აღაშენა ციხე და პოვნა წუქეთს მთავარნი, რომელთა მიებოძა ვახტანგ მეფესა წუქეთი.

და იყო მაშინ, რომელი ერისთავობდა თუშთა და ხუნზთა ზედა და ყოველთა წარმართთა მის მთისათა, სახელით აბუხუასრო, და არა ინება მისგან წარღებად წუქეთი, აღაშენა ციხე-ქალაქი ერთი ნუხპატს, ორთა წყალთა შუა. ხოლო ნუხპატელნი უწინარეს იყვნეს კაცნი წარმართნი და მჴეცისბუნებისანი, არამედ ყრუსა მოესრა სიმძლავრე მათი, და იძულებით მონათლნა იგინი. განძლიერებულ იყვნეს იგინი ქუეყანასა რანისასა და ეპყრა გაზირი და სომხითი, და ჰბრძოდა მასლამა ბერძენთა.

ხოლო ძმისწულნი ადარნასე ბრმისანი, რომელთა დასწუნეს მამისძმასა თუალნი, წარ-მოვიდეს ტარონით შაკისად, სამნი ძმანი, და დაემკჳდრნეს მუნ ბრძანებითა არჩილისითა, რამეთუ ყოველი პირი კავკასიისაჲ რანით კერძო უმკჳდროქმნულ იყო, ხოლო ჰერეთი და კახეთი ჭალაკთა და ტყეთაგან უკეთე დარჩომილ იყო, და დაემკჳდრნეს სამნივე იგი ძმანი ვიდრე გულგულამდის.

მასვე ჟამსა პატიახშნი ვინმე არა შეეშუნეს კლარჯეთს, სხუად წარვიდეს ნახევარნი მათგანნი და შეიპყრეს კლდე ერთი ტაოს, რომელსა ერქუა კალმახი, და აღაშენეს ციხედ. ხოლო რომელნი-იგი მოვიდეს კახეთს არჩილის თანა, მისცა ერთსა მათგანსა ცოლად ნათესავისაგან აბუხუასროჲსა, რამეთუ დაქურივებულ იყო იგი და არა ესუა ქმარი ჟამთა მათ.

და დაეცადნეს სარკინოზნი შემოსლვად ქართლად ყრუჲსა წარსლვითგან წელიწადსა ორმეოცდაათსა, აქა ჟამამდე არღარა შემოვიდოდეს, არამედ მიიღებდეს ხარკსა ერისთავთაგან. და ესხნეს არჩილს ძენი ორნი: ჯუანშერ და იოვანე, და ასულნი ოთხნი: გურანდუხტ, მარიამ, მირანდუხტ და შუშან.