Jump to content

ჯუანშერი - "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა" (1955)

From Wikisource




ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







ჯუანშერი - "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა"



პუბლიკაცია

[edit]

1955 - ქართლის ცხოვრება - ტომი I - ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით


ტექსტი

[edit]

ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა

[edit]
მშობელთა და შემდგომად თჳთ მის დიდისა და ღმრთის-მოყუარისა მეფისა, რომელი უმეტეს სახელ-განთქმული გამოჩნდა ყოველთა მეფეთა ქართლისათა

ვითარ-იგი შეიპყრეს ქართველთა მეფე მირდატ სპარსთა წყობასა შინა, და წარიყვანეს ბაღდადს და მუნ მოკუდა. და დაიპყრეს ქართლი სპარსთა, და განრყუნეს ეკლესიანი, და დამალეს ჯუარები ქართველთა. და ყოველთა შინა ეკლესიათა ქართლისათა ცეცხლის-მსახურთა სპარსთა აღაგზნეს ცეცხლი.

ხოლო ნათესავნი ქართველთა მეფეთანი დარჩეს ჴევსა კახეთისასა. და შემდგომად სამისა წლისი უცალო იქმნა სპარსთა მეფე, რამეთუ აღდგეს მტერნი აღმოსავალით.

მაშინ შეითქუნეს აზნაურნი ქართლისანი, მოიყვანეს და დასუეს მეფედ მცხე/თას ძე თრდატისი, ძმის-წული მირდატისი, მეფისა წარტყუენულისა, სახელით არჩილ.

მეოცდათერთმეტე მეფე, არჩილ, ძე მირდატ მეფისა. ხოსროიანი

[edit]

ამან არჩილ მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, ნათესავი ივბიმიანოს მეფისა, სახელით მარიამ, და განაცხადა მტერობა სპარსთა; გამოაჩინნა ჯუარნი და მოკაზმნა ეკლესიანი; მოსრნა და განასხნა ყოველნი ცეცხლის-მსახურნი საზღვართაგან ქართლისათა; მოირთო ძალი საბერძნეთით და წარძღუანებითა ჯუარისათა იწყო ბრძოლად სპარსთა.

მაშინ ერის-თავი სპარსთა მეფისა რომელი ერისთაობდა რანს და მოვაკანს, ვიდრე არჩილის მეფობადმდე, მისი-ვე გასაგებელი იყო ქართლი. ამან შეკრიბა სპა რანისა და მოვაკანისა და ადარბადაგანისა, და მომართა არჩილს. ხოლო არჩილ, სასოებითა და მინდობითა ღმრთისათა, მიეგება საზღვართა ზედა ქართლისათა და რანისათა, ეწყო მუნ მდინარესა ზედა ბერდუჯისასა, და ძალითა პატიოსნისა ჯუარისათა მოსრნა და ტყუე-ყვნა; შევიდა რანს, მოტყუენა და მოვიდა შინა გამარჯუებული. განავლინა ქადაგი ყოველსა შინა ქართლსა და რქუა ყოველთა: „არა ძალითა ჩუენითა, არ-ცა სიმჴნითა, არ-ცა სიბრძნითა, არ-ცა სიმრავლითა სპათათა ვსძლეთ მტერთა, არამედ ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, ძისა ღმრთისათა, რომელმან მოგუცა წინა-მძღურად და საჭურველად ჯუარი მისი პატიოსანი. აწ ყოველთა ქართველთა ადიდეთ სამება ერთარსება, ღმერთი დაუსაბამო, დამბადებელი ყოვლისა. შეწირეთ მადლობა, და მტკიცე-მცა არიან გულნი თქუენნი სარწმუნოებასა ზედა სამებისა წმიდისასა. და ყოველთა ქართველთა შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ, და განაახლნეს ეკლესიანი.

მაშინ არჩილ მეფემან აღაშენა ეკლესია სტეფან-წმიდისა მცხეთას, კართა ზედა არაგჳსათა, სადა იყვნეს კოშკნი მტკიცენი საბრძოლნი, რომელნი მას-ვე აღეშენნეს.

ესუა ძე არჩილს, და უწოდა სახელი მისი მირდატ. აღიზარდა ესე მირდატ, და დადგა ასაკსა მამაკაცობისასა. მირდატ იყო მორწმუნე და ღმრთის-მსახური, ვითარცა მამა მისი; და იყო იგი ქუელი და შემმართებელი. ამან უმეტესად უწყო ბრძოლად სპარსთა, შესლვად და ტყუენვად რანსა და მოვაკანსა; რამეთუ მას ჟამსა უცალო იყო მეფე სპარსთა, და ბრძოდა იგი ინდოთა და სინდთა და აბაშთა, და ვერ შემძლებელ იყო სპისა დიდისა გამოგზავნად; და სპათა რანისა და მოვაკანისათა და ადარბადაგანისათა ემძლავრებოდეს ქართველნი. წინა-მძღუარ ექმნის მირდატ სპათა მამისა თჳსისათა, და მარადის ტყუენვიდის რანსა და მოვაკანსა.

მას ჟამსა შინა იყო რანს ერის-თავად ბარზაბოდ, და ვერა-ოდეს წინა-აღუდგებოდა იგი, არამედ განამაგრნის ციხენი და ქალაქნი, და შესლვასა ქართველთასა რანს, სადა-ცა ეწყუნიან სპარსნი ნაწყუედთა ლაშქართა, მტყუენველთა ქართველთა, მარადის სპარსნი იძლეოდიან. ხოლო ბარზაბოდს, ერის-თავსა რანისასა, ესუა ასული ქმნულ-კეთილი, შუენიერი, რომელსა ერქუა საგდუხტ. უთხრეს მირდატს, ძესა არჩილისსა, სიშუენიერე მისი, და სმენითა სიშუენიერისა მისისათა ტრფიელ იქმნა მირდატ მის ზედა. მოაჴსენა მამასა თჳსსა: „ვევედრები მეფობასა შენსა, მომგუარე ცოლად ჩემდა საგდუხტ, ასული ბარზაბოდისი, და შევქმნათ ჩუენ შორის მშჳდობა. დაღათუ ძალითა ქრისტესითა ჩუენ ვართ მძლენი, არამედ ვერა ავიხუამთ ციხეთა და ქალაქთა რანისათა. ნუ უკუე იცალოს მეფემან სპარსთამან, და იძიოს ჩუენ ზედა შური, და მოაოჴრნეს ეკლესიანი და საზღვარნი ჩუენნი. და აწ ამით განქარდეს მტერობა ჩუენ შორის; რამეთუ ჩუენთჳს რა-ცა მოვაჴსენო მეფესა სპარსთასა, უსმენს იგი. და ამით მტკიცედ და შეურყეველად ვიპყრნეთ საზღვარნი ქართლისანი, და განმტ/კიცნეს სჯული ქრისტესი ქართლს, და არღარა შეიქმნას გულსა ქართველთასა იჭჳ და გმობა სჯულისა ქრისტესისა მძლავრებისათჳს სპარსთასა”. ესე ყოველი სიყუარულისათჳს ქალისა მირდატ წარმოთქუა.

მაშინ არჩილ მეფემან აღუსრულა ნება მისი. წარგზავნა მოციქული ბარზაბოდისსა, და ითხოვა ასული მისი ცოლად ძისა თჳსისა. ხოლო ბარზაბოდ განიხარა სიხარულითა დიდითა, რამეთუ მოოჴრებულ იყო ქუეყანა მისი და შესჭირვებოდა: ითხოვა ფიცი და აღთქმა მშჳდობისათჳს და მისცეს ფიცი. და მოსცა მან ასული თჳსი ზითვითა დიდითა: მოიყვანეს მცხეთას და ქმნეს ქორწილი, შუება და განცხრომა დღეთა მრავალთა. და მისცა მეფემან სამშჳლდე ძესა თჳსსა საერისთოთა მისითა, და მუნ დასხდეს მირდატ და საგდუხტ.

ხოლო ამან საგდუხტ დედოფალმან გამოიკითხა სჯული ქრისტესი: რამეთუ ქმარმან მისმან მოჰგუარნა კაცნი სჯულისა მეცნიერნი, და უთარგმანეს სახარება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი. და ამხილეს, რამეთუ ჭეშმარიტი ღმერთი ქრისტე არს, რომელი განკაცნა ჴსნისათჳს ჩუენისა. მაშინ საგდუხტ გულის-ხმა ყო და იცნა სჯული ჭეშმარიტი, დაუტევა ცეცხლის-მსახურება, ნათელ-იღო და იქმნა მორწმუნე. და მან აღაშენა სიონი სამშჳლდისა.

ამის არჩილის-ზე გარდაიცვალნეს სამნი ეპისკოპოსნი: იონა, გრიგოლი და ბასილი. და ბასილისა შემდგომად ამან-ვე არჩილ დასუა ეპისკოპოსი, რომელსა ერქუა მობიდან. ესე იყო ნათესავად სპარსი, და აჩუენებდა იგი მართლ-მადიდებლობასა. ხოლო იყო ვინ-მე მოგჳ უსჯულო და შემშლელი წესთა, და ვერ უგრძნა არჩილ მეფემან და ძემან მისმან უსჯულოება მობიდანისი, არამედ ჰგონებდეს მორწმუნედ. და ვერ-ცა განაცხადებდა ქადაგებასა სჯულისა მისისასა შიშისაგან მეფისა და ერისა, არამედ ფარულად წერდა წიგნებსა ყოვლისა საც/თურებისასა, რომელი შემდგომად მისსა დაწუა ყოველი წერილი მისი ჭეშმარიტმან ეპისკოპოსმან მიქაელ, რომელი განიკუეთა კადრებისათჳს ვახტანგ მეფისა.

ხოლო ამან არჩილ მეფემან ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი აღასრულნა სარწმუნოებასა შინა სამებისა წმიდისასა, ეკლესიათა შენებასა, და ყოველსა ქართლსა შინა განამრავლნა მღდელნი და დიაკონნი/და მსახურნი ეკლესიათანი, და მოკუდა.

მეოცდათორმეტე მეფე, მირდატ, ძე არჩილ მეფისა. ხოსროიანი

[edit]

და დაჯდა მეფედ მის წილ ძე მისი მირდატ და მეფობდა იგი, ვითარცა მამა მისი, დიდსა სარწმუნოებასა შინა. მიუდგა დედოფალი საგდუხტ და შვა ასული, და უწოდა სახელი მისი ხუარანძე. კუალად ევედრებოდეს ღმერთსა მეფე მირდატ და დედოფალი საგდუხტ, რათა მოსცეს ძე. და შემდგომად ოთხისა წლისა საგდუხტ მიუდგა და შვა ძე, და უწოდა სახელი მისი სპარსულად ვარან-ხუასრო-თანგ, ხოლო ქართულად ეწოდა ვახტანგ. აღივსნეს სიხარულითა მშობელნი მისნი შობასა ყრმისა ამის ვახტანგისსა, და განავლინეს მახარობელი ყოველთა თანა ერის-თავთა. და გამოიღეს ხუასტაგი დიდ-ძალი, ოქრო და ვეცხლი, და განუყვეს გლახაკთა, და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ, ლოცვითა და ღამის-თევითა, დღეთა მრავალთა.

და შემდგომად ამისა მოხადა მეფემან ყოველთა წარჩინებულთა ქალაქად; და დღეთა მრავალთა ყო პურობა და განცხრომა, და ევედრებოდეს ყოველნი ღმერთსა აღზრდისათჳს ყრმისა ვახტანგისსა. მოითხოვა მეფისაგან საზრდოდ საურმაგ სპასპეტმან ვახტანგ, დიდითა ვედრებითა, ხოლო მიანიჭა მეფემან და მისცა ძე მისი ვახტანგ საურმაგს სპასპეტსა საზრდოდ. რამეთუ წესი იყო, რომელ შვილნი მეფეთანი წარჩინებულთა სახლსა შინა აღიზარდნიან. შემდგომად ამისსა, მეექუსესა წელსა, შვა საგდუხტ ასული სხუა, და უწოდა სახელი მისი მირანდუხტ. და მოითხოვა იგი საზრდოდ სპასალარმან კასპისამან, და მისცა იგი მეფემან; და წარიყვანა იგი ქალაქად კასპისა, და იზარდებოდა მუნ. შემდგომად ამისსა წელსა მეორესა მოკუდა მეფე მირდატ; და დარჩა ვახტანგ შჳდისა წლისა ყრმა.

მეოცდაცამეტე მეფე, ვახტანგ. ძე მირდატისი. ხოსროიანი

[edit]

მაშინ საგდუხტ დედოფალმან, შეწუხებულმან მამისა მისისა ბარზაბოდისგან, ნუ უკუე შური იგოს მამამან ჩემმან ნაქმრისათჳს მამამთილისა და ქმრისა ჩემისა, რომელ ეგეოდენნი ბოროტნი მოეწივნეს მის ზედა, და ნუ უკუე შური იგოს ჩემ ზედა დატევებისათჳს სჯულისა, და წარწყმიდოს შვილი ჩემი, განრყუნას ქართლი და სჯული ქრისტესი წარწყმიდოს” – ესე ყოველი მოიგონა და შთავარდა მწუხარებასა შინა დიდსა. ევედრებოდა ღმერთსა და განიზრახა წარსლვა წინაშე მამისა მისისა და შევრდომა მისი. მოიყვანნა ყოველნი ერის-თავნი სპასპეტისა თანა, და ცრემლითა სიმწარისათა შევედრა ძე მისი სპასპეტსა და ყოველთა ერის-თავთა.

და წარვიდა ბარდავს მამისა თჳსისა თანა. განიღო თავი, და უყარნა მუჴლნი, და აღმოყარნა ძუძუნი მისნი, დავარდა პირსა ზედა და დადვა პირი თჳსი ფერჴთა მისთა ზედა, დაალტობდა ფერჴთა მამისა თჳსისათა ცრემლითა და ითხოვდა მისგან შეწვალებასა და არა ჴსენებასა ნაქმართა მამამთილისა და ქმრისა მისისათა, და შენდობასა დატევებისათჳს სჯულისა. და ევედრებოდა, რათა არა აიძულოს დატევება ქრისტეს სჯულისა, რამეთუ იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი. და ევედრებოდა, რათა იპყრას. შვილი მისი მამულსა შინა მისსა, და მოურავ ექმნეს იგი სპარსთა მეფესა წინაშე.

მაშინ ბარზაბოდ, განმზადებულმან ბოროტის ყოფად ქართველთათჳს, შეიწყალა ასული თჳსი: არა აიძულა დატევება სჯულისა, და აღასრულა ყოველი თხოვა მისი ხოლო სჯულისათჳს ესრეთ რქუა: „იძულებით არ-ცა-ვის ქართველსა სხუასა დაგაგდებინებ სჯულსა ქრისტესსა, არამედ მივგზავნნე ცეცხლის-მსახურნი ქალაქსა თქუენსა და იყვნენ მუნა ეპისკოპოსნი მათ ზედა სჯულისა ჩუენისანი. და ვინ-ცა ქართველი ნებითა თჳსითა აღირჩევდეს სჯულსა ჩუენსა, ნუ აყენებთ”. მაშინ საგდუხტ ერჩდა მამასა თჳსსა შიშისაგან დიდისა, და აღუთქუა მინდობითა ღმრთისათა, და წარმოვიდა ქართლად.

მაშინ ბარზაბოდ წარმოგზავნა ცეცხლის-მსახურნი მცხეთას და მათ ზედა ეპისკოპოსად ბინქარან, და დასხდეს მოგუთას. და საგდუხტ დედოფალი განაგებდა მეფობასა ძალითა და შეწევნითა მამისა თჳსისათა. და მოკუდა ბარზაბოდ, მამა საგდუხტისი, და მის წილ დაადგინა სპარსთა მეფემან ძე-ვე მისი ვარაზ-ბაკურ, ძმა საგდუხტ დედოფლისა. და მოკუდა საურმაგ სპასპეტი, მამა-მძუძე ვახტანგისი.

მაშინ მეფემან დაადგინა სხუა სპასპეტი, რომელსა ერქუა ჯუანშერ. ხოლო ბინქარან, ეპისკოპოსი ცეცხლის-მსახურთა, ასწავებდა ქართველთა სჯულსა თჳსსა, არამედ არა-ვინ ერჩდა წარჩინებულთაგანი, გარნა წურილი ერი მიიქცა მრავალი ცეცხლის-მსახურებასა.

და შეერია ქართლს წურილსა ერსა ცეცხლის-მსახურება ამისთჳს მწუხარე იყო საგდუხტ დედოფალი, არამედ მძლავრებისაგან სპარსთასა ვერას იკადრებდა. მაშინ მოიყვანა მღდელი ჭეშმარიტი საბერძნეთით, სახელით მიქაელ, და დაადგინა იგი ეპისკოპოსად ზემოსა ეკლესიასა, რამეთუ მობიდან ეპისკოპოსი გარდაცვალებულ იყო და ესე მიქაელ ეპისკოპოსი წინა-აღუდგა ბინქარან მაცთურსა, რამეთუ ასწავებდა ყოველთა ქართველთა სჯულსა ჭეშმარიტსა. ამან იპყრნა სარწმუნოებასა ზედა ყოველნი წარჩინებულნი ქართლისანი და ერი-ცა უმრავლესი, არამედ მცირედნი ვინ-მე წურილისა ერისაგანნი მიიქცეს ცეცხლის-მსახურებასა.

მაშინ ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა ათისა, გარდამოვიდეს ოვსნი სპანი ურიცხუნი და მოტყუენეს ქართლი თავითგან მტკურისათ ვიდრე ხუნანამდე, და მოაოჴრნეს ველნი არამედ ციხე-ქალაქნი დაურჩეს, თჳნიერ კასპისა. ხოლო კასპი ქალაქი შემუსრეს და ტყუე ყვეს, და წარიყვანეს დაჲ ვახტანგისი მირანდუხტ, სამის წლის ქალი. რომელ დაურჩეს წარუტყუენველად ჴევნი ქართლისანი, კახეთი და კლარჯეთი და ეგრისი, ჩავლეს რანისა და მოვაკანისა, წარტყუენეს იგი-ცა და განვლეს კარი დარუბანდისა, რამეთუ თჳთ გზა სცეს დარუბანდელთა, და შევიდეს ოვსეთს გამარჯუებულნი.

მას-ვე ჟამსა გამოვიდეს ბერძენნი აფხაზეთით, რამეთუ ბერძენთა ჰქონდა ეგრის-წყალს ქუემოთი კერძი ყოველი, და დაიპყრეს ეგრის-წყლითგან ვიდრე ციხე-გოჯადმდე. მაშინ იქმნა გლოვა და წუხილი ყოველთა ზედა ქართველთა და იტყოდეს: „განვამრავლეთ ცოდვა ღმრთისა მიმართ, და არა კეთილად ვიპყართ სჯული ქრისტესი და წესი იოვანეს მცნებისა. სამართლად მოაწია ღმერთმან ჩუენ ზედა ესე რისხვა, რამეთუ მიგუცნა ჩუენ წარტყუენვად უცხოთა ნათესავთა, და მიგჳღო ჩუენ საზღვარი ბერძენთაგან, ვითარცა მიუღო ვარაზ-ბაქარს მეფესა კლარჯეთი. და იგი ცოდვითა ვარაზ-ბაქარისითა მოიწია, რამეთუ ვერ კეთილად ეპყრა სჯული ქრისტესი. ხოლო ესე არა მეფეთა ჩუენთა ცოდვისაგან იქმნა, არამედ ერისა ცოდვათაგან აწ მეფე ჩუენი ყრმა არს, და არ გჳვის ჩუენ წინა-მძღუარი, რომელი-მცა სასოებითა ქრისტესითა და წინამძღურებითა ჯუარისათა წარგჳძღუა ჩუენ. და ვიძიოთ ჩუენ შური პირველ ოვსთა ზედა, და შემდგომად-მცა ვძებნეთ საზღვარი ქართლისა ბერძენთაგან”. ამას იტყოდეს ყოველნი ქართველნი და იყვნეს მწუხარებასა შინა დიდსა.

მაშინ ვახტანგ იზარდებოდა და ისწავლიდა მიქაელ ეპისკოპოსისაგან ყოველსა მცნებასა უფლისასა, და სიყრმისა-ვე დღეთა შეიყუარა სჯული ქრისტესი უფროს ყოველთა მეფეთა ქართლისათა. და მწუხარე იყო იგი ამისთჳს, რამეთუ შემორეოდა ქართლს ცეცხლის-მსახურება ტყუეობისა და საზღვართა მიხუმისაგან. და უმეტეს იურვოდა სჯულისათჳს გონებასა შინა, არამედ მძლავრებისაგან სპარსთასა ვერ იკადრებდა გამოცხადებად.

მაშინ ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა თხუთმეტისა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ქართლისათა, და შემოკრიბნა ყოველნი ქალაქად. და განმზადა მეფემან სახლი ერთი და დაჯდა საყდართა ზედა მაღალთა, ხოლო ჯუანშერ სპასპეტი და ორნი-ვე ეპისკოპოსნი დასხდეს საყდართა-ვე, და სხუანი ყოველნი ერის-თავნი დასხდეს სელებითა, და ათასის-თავნი და ასის-თავნი და ყოველი ერი წარმოდგეს ზე.

მაშინ მეფემან, ვითარცა მოხუცებულმან და ბრძენმან და ვითარცა აღზრდილმან ფილოსოფოსთა თანა, იწყო ზრახვად ჴმითა მაღლითა და თქუა: „მეფეთა და ერთა ზედა მოიწევის განსაცდელი და ჭირი ღმრთისა მიერ ცოდვათა მათთაგან: ოდეს მორწმუნეთა აკლონ მსახურება ღმრთისა და გარდაჰჴდენ მცნებასა, მოაწევს ჭირთა ესე-ვითართა ზედა, რომელი აწ ესე მოიწია ჩუენ ზედა, ვითარცა რა მამა კეთილი წურთინ შვილსა კეთილად კეთილთა ზედა საქმეთა. და უკეთუ არა კეთილად აღასრულებდეს სწავლასა მამისა თჳსისასა, გუემს მამა იგი გუემითა და სწავლითა, რათა ისწავოს ყოველი კეთილი და იქმნას საჴმარ კეთილისა. ეგრეთ-ვე გუწუართნა ჩუენ ღმერთმან, დამბადებელმან ცისა და ქუეყანისამან. ამისთჳს გჳჴმს ჩუენ, რათა ვმადლობდეთ მოწყალებათა მისთა” მაშინ ყოველთა მისცეს მადლი ღმერთსა.

კუალად იწყო ზრახვად მეფემან ვახტანგ და თქუა ყოველთა წარჩინებულთა: „ისმინეთ ჴმისა ჩემისა; დაღაცათუ ყრმა ვარ და არა გინახავს ჩემგან კეთილი, მამათა კულა ჩემთაგან გინახვან დიდნი კეთილნი და დიდებანი თქუენ, რომელნი დადგინებულ ხართ მთავრობასა ზედა. აწ უკეთუ გუაცოცხლებს ღმერთი, მოგხუდენ კეთილნი და დიდებანი, რომელნი არა გეხილნენ მამათა ჩემთაგან. აწ რომელსა გეტყჳ თქუენ, დაღაცათუ ჩემ ზედა და თქუენ ზედა სწორად მოწევნულ არს განსაცდელი ესე, არამედ ესრეთ იპყართ, ვითარ-მცა არა მოწევნულ არს თქუენ ზედა, არამედ ჩემ ზედა ოდენ. და არა იყოს გულსა ჩემსა სიტყუა, თუ რომელ მოიწივნეს მათ ზედა განსაცდელნი, თჳსისა შურის-გებისათჳს ჰყოფენ ამას. არამედ ყოველნი ჩემდა სამსახურებელად დავითუალო, ყოვლისათჳს კეთილი მოგაგო. და არა დავითმინო კიცხევა ოვსთა, არამედ სასოებითა და მინდობითა ღმრთისათა, სამებისა ერთარსებისა დაუსაბამოსათა, და წარძღუანებითა ჯუარისა მის პატიოსნისათა, რომელი მოცემულ არს წინა-მძღურად და საჭურველად გულითა მოსავთა მისთა, და ვიძიოთ შური ოვსთა ზედა უკეთუ-მცა წარგუკიდებოდა ესე სპარსთა მეფეთაგან, ანუ ბერძენთა მეფისაგან, მო-მცა-ვითმინეთ. არამედ რა მოწევნულ არს ჩუენ ზედა ოვსთა კიცხთაგან, არა ჴამს დათმენა: სიკუდილი სჯობს თავთა ჩუენთათჳს.

მაშინ აღდგა ჯუანშერ სპასპეტი და თქუა: „ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე დიდებით და მტერთა შენთა ზედა ნება-აღსრულებით. ჭეშმარიტი ბრძანე, ცოდვათა ჩუენთა მიერ მოიწია განსაცდელი ესე ჩუენ ზედა, და სამართლად დაგუსაჯნა ღმერთმან: რამეთუ განვამრავლეთ ცოდვა წინაშე მისსა. და გჳღირს მადლობა ღმრთისა მიმართ: რამეთუ დიდსა პატიჟსა ღირს ვიყვენით და არა ეზომსა, რომელ მოიწია ჩუენ ზედა; არამედ მრავალ-მოწყალემან არა შეცოდებათა ჩუენთა ოდენი პატიჟი მოგუაგო, და ამით კნინითა პატიჟითა გუწუართნა. და ჩუენ, მკჳდრთა ქართლისათა, ამისთჳს დიდი მადლობა გჳღირს ღმრთისა მიმართ. რამეთუ შენ, უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა და მამათა შენთა უფროსი, ყოვლითა-ვე სრული, მსგავსი ნებროთ გმირისა, გამოგაჩინა წინა-მძღურად ჩუენდა და მოცემულ ხარ ღმრთისა მიერ განმაქარვებელად ჭირთა ჩუენთა, ძუელთა და ახალთა. და უკეთუ ცოდვანი ჩუენნი არა დასძლევენ, შენ მიერ მოველით განქარვებასა ყოველთა ჭირთა ჩუენთასა და უმეტეს წარმატებასა საზღვართა ჩუენთასა ყოვლისა ჟამისასა, რამეთუ არა-ვინ ყოფილ არს მამათა ჩუენთაგანი მსგავს შენდა. ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე, რათგან მოწევნულ არს ოვსთაგან ხუთსა ამას წელსა შინა, ყოფილ-ვართ ჩუენ მწუხარებასა შინა დიდსა, ამისთჳს რამეთუ ყრმა იყავ, და არა ძალ-გედვა მჴედრობა და წყობათა წინა-მძღურობა, და არ-ცა შინა მეფობისა განგება. აწ, მეფეო, დაღაცათუ სრულ ხარ სიბრძნითა და ძალითა, სიმჴნითა და ასაკითა, არამედ გაკლს სისრულე დღეთა მჴედრობისათჳს. ხოლო ვხედავ სიბრძნესა შენსა: დაღაცათუ ყრმა ხარ, არამედ ძალ-გიც განგება მეფობისა, ხოლო მჴედრობისა და წყობათა წინა-განწყობისა შენისა არა არს ჟამი. ესე არს განზრახვა ჩემი, რათა სიბრძნითა შენითა და კითხვითა დედისა შენისათა გამოარჩიე ერთი ვინ ჩუენგანი წინა-მძღურად სპისა ჩუენისა, და მიგუცენ ჩუენ ყოველნი მას, და ვიყვნეთ მორჩილ ვითარცა მამისა შენისა, და ძალითა სამებისა, ღმრთისა ერთარსებისათა, წარვიდეთ და ვიძიოთ შური. ხოლო შენ იყავ შინა და განაგებდი მეფობასა. უკეთუ ცოდვათა ჩუენთაგან ვიძლივნეთ ოვსთაგან, მეფობა შენი უვნებელად დარჩეს; ხოლო უკეთუ კუალად თავითა შენითა ცოდვათა ჩუენთაგან იძლიო, სრულიად წარწყმდეს. ქუეყანა ჩუენი, რამეთუ ნაცვალი შენი არა არს ქუეყანასა ზედა”. ესე თქუა ჯუანშერ სპასპეტმან და დაემოწმნეს ყოველნი წარჩინებულნი და ერის-თავნი ზრახვასა მისსა.

მაშინ თქუა მეფემან: „ვითარ ხუდების სრულსა სიბრძნესა და ერთ-გულობასა შენსა, ეგრეთ წარმოსთქუ ყოველი, ჯუანშერ, ხოლო მე არა ვარ მორჩილ ზრახვისა მაგის შენისა, რამეთუ, რათგან მოწევნულ არს განსაცდელი იგი ჩუენ ზედა, ყოველნი დღენი ცხოვრებისა ჩემისანი მწუხარებასა შინა დამიყოფიან, ვითარცა მყოფსა ბნელსა შინა. და სიბრალული დისა ჩემისა განლევს გულსა ჩემსა ვითარცა მახჳლი ცეცხლისა, და სიკუდილი მირჩევნია თავისა ჩემისა, ვიდრე-ღა სიცოცხლესა. არამედ მინდობითა ღმრთისათა და წინა-მძღურობითა ჯუარისა მის პატიოსნისათა თავითა ჩემითა წარვალ, და ვესავ მრავალ-მოწყალებათა მისთა, – არა გამწიროს და მომცეს ძლევა”.

მაშინ ვითარ ვერ-ღა-რა დაუშლიდეს, მიემოწმნეს ყოველნი იგი წარჩინებულნი და თქუეს: „ცხოვნდინ, მეფეო, უკუნისამდე! იქმნეს განზრახვა შენი, ღმერთმან დამბადებელმან მოავლინენ ანგელოზი მისი ძალად შენდა, და დასცენ ყოველნი მტერნი შენნი, დაამტკიცენ მეფობა შენი”.

ლაშქრობის გაპირვა ოვსეთზე

[edit]

და დაამტკიცეს ლაშქრობა ოვსეთისა, და განიყარნეს ყოველნი სახლად თჳსად კაზმად. ხოლო ვახტანგ მეფემან წარავლინა მოციქული წინაშე დედის ძმისა მისისა ვარაზ-ბაკურისა, რანისა ერის-თვისა: აუწყა ლაშქრობა ოვსეთისა და ითხოვა მისგან შეწევნა. ხოლო მან სიხარულით აღუთქუა, რამეთუ ქუეყანა მისი-ცა ტყუე-ქმნილ იყო ოვსთაგან. ხოლო ვახტანგ მოუწოდა ყოველთა სპათა ქართლისათა; და შემოკრბეს ყოველნი და დაიბანაკეს მუხნარს და ხერკს, ამიერ და იმიერ არაგუსა: და იყო ასი ათასი მჴედარი და სამოცი ათასი ქუეითი, და გამოგზავნნა ვარაზ-ბაკურ სპანი თჳსნი თორმეტი ათასი მჴედარი. და ვახტანგ მეფე განვიდა ქალაქით მცხეთით, და განასრულნა სპანი თჳსნი და განასხნა: მოეწონნეს სიმრავლითა, ცხენ-კეთილობითა და მოკაზმულობითა, და იხილნა ყოველნი იგი მხიარულად და აზარვით, რამეთუ სავსენი იყვნეს, შურითა ოვსთათა. აღივსო სიხარულითა და მადლობდა ღმერთსა. შემოვიდა ქალაქად, და აღასრულა შჳდეული ერთი ლოცვითა, და მარხვითა, და ღამის-თევითა; და განუყო ხუასტაგი დიდ-ძალი გლახაკთა. და დაუტევნა განმგებელად სამეფოსა თჳსისა დედა მისი საგდუხტ და დაჲ მისი ხუარანძე, და დაწერა ანდერძი ესრეთ: „უკეთუ არღარა შემოვიქცე ცოცხალი, დაჲ ჩემი ხუარანძე შეირთოს მირიან, რომელი ეყვოდა ვახტანგს მამის ძმის-წულად, ნათესავისაგან რევისა, მირიანის ძისა, რომელი სიძე იყო თრდატ სომეხთა მეფისა, მან შეირთოს დაჲ ჩემი, და მან იპყრას მეფობა”. და ესე დაწერილი დედასა მისსა მისცა, და სხუასა არა-ვის აუწყა. და იგი მირიან, მამის ძმის-წული მისი, დაუტევა მცხეთას.

წარვიდა ვახტანგ და დადგა თიანეთს. და მუნ მიერთნეს ყოველნი მეფენი კავკასიანნი ორმოცდაათი ათასი მჴედარი. და წარემართა სახელსა ზედა ღმრთისასა, განვლო კარი დარიალანისა. შესლვასა მისსა ოვსეთად იყო ვახტანგ წლისა თექუსმეტისა.

მაშინ მეფეთა ოვსეთისათა შეკრიბნეს სპანი მათნი და მოირთეს ძალი ხაზარეთით, და მოეგებნეს მდინარესა ზედა, რომელი განვლის დარიალანსა და ჩავლის ველსა ოვსეთისასა. და მას-ცა მდინარესა არაგჳ ჰქჳან, რამეთუ ერთის მთისაგან გამოვალს თავი ორთა-ვე: ქართლისა არაგჳსა და ოვსეთისა არაგჳსა.

და დაიბანაკეს ორთა-ვე სპათა ამიერ და იმიერ, რამეთუ მდინარისა მის პირსა ორგნით-ვე ქარაფნი იყვნეს კლდისანი, ჭალაკნი და ველოვანნი პირთა მდინარისათა. და განეკრძალნეს ერთმან-ერთისაგან, და დაიცვნეს გზანი ქარაფთანი, და დადგეს ეგრეთ შჳდ დღე. ამა შჳდსა დღესა ბრძოლა იყო ბუმბერაზთა მდინარესა მას ზედა. მაშინ ოვსთა რომელ ჰყვეს ნიჯადნი ხაზართანი, მათ თანა ერთო კაცი ერთი გოლიათი, სახელით თარჴან. გამოვიდა ესე თარჴან ხაზარი, და ჴმა ყო ჴმითა მაღლითა, და თქუა: „გეტყჳ თქუენ, ყოველთა სპათა ვახტანგისთა, ვინ-ცა არს თქუენ შორის უძლიერესი, გამოვიდეს ბრძოლად ჩემდა”.

ხოლო ვახტანგ მეფესა რომელ ყვეს სპანი სპარსთა ნიჯადნი, მათ თანა ერთო კაცი ერთი, რომელსა ერქუა ფარსმან-ფარუხ: ამისდა ვერ-ვის დაედგნეს ბრძოლასა შინა, რამეთუ მრავალი ლომი ჴელითა შეეპყრა. ესე განვიდა ბრძოლად თარჴანისად. და აღიზახნეს ორთა-ვე, და მიეტევნეს ურთიერთას. და პირველსა-ვე შეკრებასა უხეთქნა ჴრმალი ფარსმან-ფარუხსა ჩაბალახსა ზედა, და განუპო თავი ვიდრე ბეჭთამდე. მაშინ დაჭმუნდა ვახტანგ და სპანი მისნი, რამეთუ არა-ვინ დარჩა მათ შორის მსგავსი ფარსმან-ფარუხისი. შეძრწუნდეს ყოველნი იგი სპანი, და აღივსნეს მწუხარებითა.

და დაღამდა დღე იგი, და ვახტანგ შევიდა კარვად თჳსად. და დადგა ლოცვად, და ცრემლითა ევედრებოდა ღმერთსა, და ვიდრე განთენებადმდე არა დაჯდა ქუე ლოცვისაგან: ითხოვდა ღმრთისაგან შეწევნასა. და მინდობითა ღმრთისათა ეგულებოდა თჳთ-ბრძოლა თარჴანისი, რამეთუ უშიშ იყო ვითარცა უჴორცო, და იმედი ჰქონდა ღმრთისაგან და ძალისა თჳსისაგან.

ვითარ განთენა, კუალად შთამოვიდა თარჴან კიდესა მდინარისასა, აყუედრებდა კუალად, და ითხოვდა მუქარასა, და არა-ვინ იპოვა სპათა შორის ვახტანგისთა მბრძოლი მისი.

მაშინ ვახტანგ რქუა სპათა თჳსთა: „არა მინდობილ ვარ მე ძალისა ჩემისად და სიმჴნისა ჩემისად, არამედ მინდობითა ღმრთისა დაუსაბამოსათა, სამებისა ერთარსებისა ყოვლისა დამბადებელისათა განვალ თჳთ-ბრძოლად თარჴანისა. მაშინ განკჳრდეს წარჩინებულნი იგი, აყენებდეს ვახტანგს და მრავალ-ღონედ ზრახვიდეს, რათა-მცა დააყენეს ბრძოლისაგან რამეთუ ყრმა იყო ვახტანგ, და არა იცოდეს გამოცდილება მისი.

არა ერჩდა ვახტანგ, არამედ დაამტკიცა ბრძოლა მისი; გარდაჴდა ცხენისაგან და დავარდა ქუეყანასა ზედა, თაყუანის-ცა ღმერთსა, აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და თქუა: „ჰე, უფალო, დამბადებელო ყოვლისაო და შემმატებელო კეთილთაო, აღმამაღლებელო მოსავთა შენთაო! შენ იყავ მწე ჩემდა, მოავლინე ანგელოზი შენი ძალად ჩემდა, და დაეც უსჯულო ისი, დაარცხჳნე მგმობართა შენთა, რამეთუ არა ძალისა ჩემისად მინდობილ ვარ, არამედ მოწყალებისა შენისად”. მოიქცა ვახტანგ და აღჯდა ტაიჭსა თჳსსა, და რქუა სპათა თჳსთა: „ევედრებოდით ღმერთსა და ნუ შეძრწუნდებით”. წარვიდა ვახტანგ, და დადგეს სპანი მისნი ზურგით მისსა; შეძრწუნდებოდა და სავსენი მწუხარებითა თჳს-თჳსსა სჯულსა ზედა ევედრებოდეს ღმერთსა.

ა. აქა ვახტანგისი და თარჴანის ომი და მოკლვა თარჴანისი ვახტანგისგან

[edit]

მაშინ ვახტანგ ჩავლო გუერდი და შთადგა მდინარისა პირსა; აქუნდეს ჴელთა ოროლნი. მოხედნა თარჴან და რქუა: „მე გოლიათთა და გმირთა გამოცდილთა მბრძოლი ვარ, არა ყმა-წურილთა, გარნა შენ ზედა-ცა დავიმდაბლო თავი ჩემი”. აღიზახნეს და მიეტევნეს ურთიერთას, და პირველსა-ვე შეკრებასა სცნა ვახტანგ ოროლნი სარტყელსა ზედა; და ვერ უფარა სიმაგრემან საჭურველისამან, და განვლო ზურგით და მოკლა.

ხოლო ქართველთა ნუგეშინის-ცემულთა და სავსეთა სიხარულითა აღიზახნეს ჴმითა საშინელითა, და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ. ხოლო ვახტანგ მას-ვე ადგილსა გარდაჴდა ცხენისაგან, და დავარდა მიწასა ზედა, თაყუანის-ცა ღმერთსა და თქუა: „კურთხეულ ხარ შენ, უფალო, რომელმან მოავლინე. ანგელოზი შენი და დაეც მტერი ჩემი; შენ ხარ აღმამაღლებელი მოსავთა შენთა; შენ ხარ, რომელმან აღადგინი ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლი დავრდომილი”. მოჰკუეთა თავი თარჴანს, აღჯდა და წარვიდა ლაშქართა თჳსთა თანა. და ყოველთა მათ სპათა ჴმითა აღწევნულითა შეასხეს ქება ვახტანგს და მადლობდეს ღმერთსა.

ბ. აქა ვახტანგისი და ბაყათარ ოვსის ომი და მოკლვა ბაყათარისა ვახტანგისგან

[edit]

და მეორესა დღესა სხუა გამოვიდა ბუმბერაზი ოვსთაგან, რომელსა ერქუა ბაყათარ. იგი იყო გოლიათი; და რაჲთგან დაეწყო მჴედრობად, ვერ-ვის დაედგნეს მისთჳს ბრძოლასა შინა. და მოესრა ყოველი მბრძოლი მისი: რამეთუ იყო სიგრძე მშჳლდისა მისისა თორმეტი მტკაველი და ისარი მისი ექუსი მტკაველი. მოდგა ესე ბაყათარ პირსა მდინარისასა და ჴმა ყო ჴმითა მაღლითა და თქუა: „ ვახტანგ მეფეო, ნუ განლაღნები შენ მოკლვისათჳს თარჴანისა: არა ერთო იგი გოლიათთა და ამისთჳს მოიკლა იგი ყმა-წურილისა მიერ. აწ უკეთუ შენ-ვე გამოხვიდე მბრძოლად ჩემდა, მოგხუდენ ჩემგან ბრძოლანი ფიცხელნი, რომელთაგან ვერ-ღა-რა განერე. თუ არა ვინ-ცა სპათა შენთაგანი გამოვიდეს, მისთჳს-ცა მზა ვარ”.

მაშინ პასუხ უგო ვახტანგ ბაყათარს და რქუა: „არა ძალითა ჩემითა ვსძლე თარჴანს, არამედ ძალითა დამბადებელისა ჩემისათა. და არა მეშინის მე შენგან, ვითარცა ძაღლისა ერთისაგან, რამეთუ ძალი ქრისტესი ჩემ თანა, და ჯუარი მისი პატიოსანი საჭურველ ჩემდა”. და განაწესნა ვახტანგ სპანი და დაადგინნა განმზადებულად; და აღჯდა ტაიჭსა შეჭურვილსა ჯავშნითა, და აღიღო ფარი მისი ვიგრის ტყავისა, რომელსა ვერ ჰკუეთდა მახჳლი, და ჩავლო გუერდი და მიდგა მახლობელად მდინარისა. ჴმა უყო ბაყათარს და რქუა: „არა გამოვალ მე მდინარესა, რამეთუ მეფე ვარ; არა მივეახლები მე სპასა ოვსეთისასა, რამეთუ წარწყმედითა ჩემითა წარწყმდების სპა ჩემი ყოველი. ხოლო შენ მონა ხარ, და წარწყმედითა შენითა არა ევნების სპათა ოვსეთისათა, ვითარცა ძაღლისა ერთისათა. გამოვედ მდინარესა ჩემ-კერძო”. მაშინ ბაყათარ ოვსმან აღასრულა სიტყუა მისი და რქუა: „მე მომკლველმან შენმან გამოვლო მდინარე, არამედ პირისაგან მდინარისა უკუ-დეგ სამ უტევან”.

მაშინ ვახტანგ უკუ-დგა. გამოვლო მდინარე ბაყათარ, და უწყო სროლად ისრითა. მაშინ ვახტანგ სიფიცხლითა თუალთათა, და სიმახჳლითა გონებისათა, და სიკისკასითა ტაიჭისა მისისათა ირიდებდა ისარსა: რამეთუ შორს-ვე იხილის ისარი მომავალი, და უხლდებოდა და სიმარჯჳთ მიეახლებოდა. ამიერ და იმიერ სპათაგან იყო ცემა ბუკებისა და დაბდაბთა. და იზახდეს ჴმითა აღწევნულითა სპანი ორნი-ვე, ქართველნი და ოვსნი, რომლითა იძრვოდეს მთანი და ბორცუნი. და ვერა ჰკრა ისარი, ორისა ისრისაგან მეტი, ბაყათარ ფარსა ვახტანგისსა, და ვერ ჰკუეთა ყოვლად. და კუალად ჰკრა სხუა ისარი ცხენსა ვახტანგისსა, და გააგდო შიგა. და ვიდრე დაეცემოდა ცხენი ვახტანგისი, მიუჴდა ზედა და უხეთქნა ჴრმალი მჴარსა ბაყათარისსა, და ჩაჰკუეთა ვიდრე გულამდე.

მაშინ-ღა დაეცა ცხენი ვახტანგისი, სწრაფით მიჰყო ჴელი და შეიპყრა ცხენი ბაყათარისი. და პირველ დავარდა ქუეყანასა ზედა, და თაყუანის-ცა ღმერთსა, და შეწირა მადლობა უმეტეს პირველისა. აღჯდა ცხენსა ბაყათარისსა, და მოდგა მახლობელად სპათა თჳსთა, და რქუა ჴმითა მაღლითა: „მჴნე იყვენით და განძლიერდით, რამეთუ ღმერთი ჩუენ-კერძო არს”.

ხოლო სპანი იგი წარემართნეს განმზადებულნი, ცხენ-თორნოსანნი და ჯაჭუ-ჩაბალახოსანნი, წინა კერძო და მათ უკანა ქუეითნი, და ქუეითთა უკანა სიმრავლე მჴედართა, და ესრეთ მიმართეს ოვსთა ხოლო ოვსნი წარმოდგეს ქარაფსა ზედა და დაასხეს ისარი, ვითარცა წჳმა მძლაფრი.

მაშინ ვახტანგ მეფე მოქცეულ იყო სპასა მისსა ზურგით რჩეულითა მჴედრითა, უზახებდა და განაძლიერებდა და ნუგეშინის-ცემდა სპათა მისთა. მაშინ წინა ცხენ-თორნოსანთა აღვლეს გზა ქარაფისა, აღჴდეს ვაკესა, და აღუდგეს უკანა ქუეითნი და შემდგომად სიმრავლე მჴედართა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი მათ შორის. ხოლო ვახტანგ უკეთუ მარჯუენით-კერძო იბრძოდის, მარცხენით-კერძო ძრწოდიან; და უკეთუ მარცხენით-კერძო იბრძოდის, მარჯუენით-კერძო ძრწოდიან. და ეგოდენსა სიმრავლესა სპათასა იცნობებოდა ჴმა ვახტანგისი, ვითარცა ჴმა ლომისა; და თანა ჰყვებოდეს მას ორნი მჴედარნი: არტავაზ ძუძუს-მტე, ძე საურმაგ სპასპეტისა, და ბივრიტიან სეფე-წული. და იგინი-ცა იბრძოდეს მჴნედ.

მაშინ იძლივნეს ოვსნი და ივლტოდა ბანაკი მათი. მოისრნეს და ტყუე იქმნნეს, ხოლო უმრავლესი მეოტი ოვსთა მათგანი ცოცხალი შეიპყრეს უკ-მოჴსნისათჳს ტყუეთასა, რომელნი წარტყუენულ იყვნეს პირველ ოვსთაგან ქართველნი. ვითარ უკ-მოიქცეს დევნისაგან, და დაიბანაკეს ბანაკსა-ვე თჳსსა: სამ დღე განისუენეს და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ. და მერმე განიბნივნეს ტყუენვად ოვსეთისა, შემუსრნეს ქალაქნი მათნი, და აღიღეს ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ.

ჩანართი (Tk)

ხოლო დაიმორჩილნა ოვსნი და ყივჩაყნი, და შექმნა კარნი ოვსეთისანი, რომელთა ჩუენ დარიანისად უწოდთ. და აღაშენნა მას ზედა გოდოლნი მაღალნი, და დაადგინნა მცველად მახლობელნი იგი მთეულნი. არა ჴელეწიფების გამოსლვად დიდთა მათ ნათესავთა ოვსთა და ყივჩაყთა

თჳნიერ ბრძანებისა ქართველთა მეფისა.

და განვიდეს პაჭანიკეთს, რამეთუ მაშინ მუნ იყო პაჭანიკეთი მოსაზღვრედ ოვსეთისა, მდინარესა მას ოვსეთისასა წიაღ, და ჯიქეთი მუნ-ვე იყო. შემდგომად ჟამთა მრავალთა იოტნეს პაჭანიკნი და ჯიქნი თურქთაგან; და წარვიდეს პაჭანიკნი დასავლით-კერძო, ხოლო ჯიქნი დაემკჳდრნეს ბოლოსა აფხაზეთისასა. და მოტყუენა ვახტანგ პაჭანიკეთი და ჯიქეთი, და შეიქცა, და მოადგა ოვსეთსა-ვე. და მეფენი ოვსთანი შელტოლვილ იყვნეს სიმაგრეთა კავკასისათა აღდგეს მათ შორის მოციქულნი, და დაიზავნეს. და ითხოვეს ვახტანგისგან ოვსთა, ნაცულად დისა მისისა, ოცდაათი ათასი ტყუე ოვსეთისა, ყოველი უკეთესი, რომელი სახელ-დებით თქუეს ოვსთა. და მისცა ვახტანგ ოცდაათი ათასი ტყუე დისა მისისათჳს, და ესე მოიყვანა.

ხოლო ტყუენი ქართველნი რომელ ჰყვეს ოვსთა ექუსსა მას წელსა, იგი ყოველნი უკ-მოიჴსნნა თჳთო თჳთოსათჳს, და აღიღო მძევალი ოვსთაგან და მძევლისათჳს მისცა სხუა ტყუე ოცდაათი ათასი, და რომელი უკ-მოიჴსნა ტყუე ქართლისა, რიცხჳთ სამას ორმოცდაათი ათასი, და რომელ დარჩა ტყუე ოვსი ამათ განტყობილთაგან კიდე თუალვით ექუსას ორმოცდაათი ათასი თჳნიერ პაჭანიკთა და ჯიქთასა. და ესე ყოველი აღესრულა ოთხ თუე.

მაშინ მეფემან განუტევნა ნიჯადნი იგი სპარსთანი და მეფენი კავკასიანთანი ნიჭითა დიდითა, წარმოგზავნნა დაჲ მისი მირანდუხტ და ტყუე იგი მოველი გზასა დარიალისასა, და თჳთ სპითა დიდითა ქართლისათა წარმოვიდა გზასა აფხაზეთისასა. სულ-გრძელად და უშიშად იწყო ბრძოლად ციხეთა აფხაზეთისათა. რამეთუ მეფე ბერძენთა ლეონ დიდი უცალო იყო ბრძოლისაგან სპარსთასა, და ვერ-შემძლებელ იყო სპათა გამოგზავნად აფხაზეთს; და სამ წელ წარტყუენნა ყოველნი ციხენი აფხაზეთისანი ვიდრე ციხე-გოჯამდე. და მოვიდა სახლსა მისსა, ქალაქსა სამეუფოსა მცხეთას. გაეგება წინა დედა მისი, და დანი მისნი, და სიმრავლე ქალაქისა მამათა და დედათა მიუფენდეს საჴელთა და სამოსელთა მათთა ფერჴთა ქუეშე მისთა. და აყრიდეს თავსა დრამასა და დრაკანსა, და აღწევნულითა ჴმითა შეასხმიდეს ქებასა; რამეთუ არა რომელსა მეფესა ექმნა ეგე-ვითარი ძლიერი წყობა.

მაშინ ვახტანგ მეფემან შეწირა მადლობა ღმრთისა მიმართ მრავლითა ლოცვითა და ღამის-თევითა, და გლახაკთა მიცემითა. და გასცა ნიჭი ერსა თჳსსა, და წარჩინებულ ქმნნა მჴედარნი, მსახურნი მჴნედ და გამოცდილნი წყობასა მას შინა ოვსთასა. და წარსცა ძღუენი ნატყუენავისა მისგან დედის ძმისა მისისა თანა ვარაზ-ბაკურისა: მონა ათასი, ცხენი საჴედარი ათასი, ჴდალი ცხენი ათასი. და კუალად წარსცა წინაშე სპარსთა მეფისა მონა ათი ათასი, ცხენი საჴედარი ათი ათასი, ცხენი ჴდალი ათი ათასი. ესე ყოველი მიუძღუანა სპარსთა მეფესა ჴელითა ბინქარან ეპისკოპოსისათა, და ითხოვა სპარსთა მეფისაგან ასული ცოლად; ხოლო სპარსთა მეფემან მოსცა ასული მისი ცოლად, რომელსა ერქუა ბალენდუხტ. და მოსცა სომხითი და ყოველნი მეფენი კავკასიანნი ზითვად და მისწერა მის თანა წიგნი, რომელსა პატრუცაგსა წერილ იყო ესრეთ: „ ურმისდისგან, ყოველთა მეფეთა მეფისა, ვახტანგის მიმართ, ვარან-ხუასრო-თანგისა, ათთა მეფეთა მეფისა ახოვანისა”. და მოუწერა მან ბრძოლა კეისრისა, რამეთუ კეისარი განსრულ იყო ბრძოლად სპარსთა.

მაშინ ვახტანგ აუწყა ყოველთა სპათა მისთა და ყოველთა მეფეთა კავკასისათა. შემოკრბეს და დადგეს მტკუარსა იმიერ და ამიერ, ვითარ ორასი ათასი და მოერთო ვარაზ-ბაკურ, დედის ძმა მისი, ერის-თავი რანისა, ბრძანებითა სპარსთა მეფისათა, სპითა ადარბადაგანისათა, რანისა და მოვაკანისათა, ვითარ ორას ათასითა მჴედრითა.

მას ჟამსა იყო ვახტანგ წლისა ოცდაორისა; და იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა, და უშუენიერეს სახითა და ძლიერი ძალითა, რომელ ჭურვილი ქუეითი ირემსა მიეწიის, უპყრის რქა და დაიჭირის, და ცხენი ჭურვილი აღიღის მჴართა ზედა და მცხეთით აღვიდის ციხესა არმაზისასა. და მარტო იყო იგი ძე მამისა მისისა, და ერთი დაჲ მისი ხუარანძე-ცა იყო ძლიერი და შუენიერი. და ნათესავისაგან მირიან მეფისა მორწმუნისა ვახტანგ და დანი მისნი დარჩომილ იყვნეს: იგინი იყვნეს ნათესავნი ბაქარ მირიანის ძისა.

ხოლო მირიან და გრიგოლ იყვნეს ნათესავისაგან რევისა, მირიანის-ვე ძისა, და აქუნდა მათ კუხეთი, და ცხოვნდებოდეს რუსთავს ციხე-ქალაქსა. რამეთუ შემცირებულ იყვნეს ურთიერთსა კლვითა.

მირიან მეფისითგან ვიდრე ვახტანგ მეფისამდე გარდაცვალებულ იყო ნათესავი რვა და მეფენი ათნი, და წელიწადი ას ორმოცდაჩჳდმეტი, ხოლო ეპისკოპოსნი წესსა ზედა ჭეშმარიტსა გარდაცვალებულნი რვანი, ხოლო სხუანი შემშლელნი წესისანი.

აქა ვახტანგ გორგასლისაგან საბერძნეთს წასლვა საომრად

[edit]

წარემართა ვახტანგ შესლვად საბერძნეთად. და მიიწივნეს სომხითს, და მოერთნეს პეროჟა-კაფას, სადა-იგი ციხე აეგო პირველ ჴსენებულსა ფეროზს, ერის-თავნი სომხითისანი: სივნელი არევ, ასფურაგნელი ჯუანშერ, ტაროვნელი ამაზასპ გრიგოლის შენებულისა ქალაქისაგან, თრდატ ნათესავისაგან დიდისა თრდატისა. და მოადგეს ციხე-ქალაქსა, რომელსა ერქუა კარახპოლა, ხოლო აწ ეწოდების კარნუ-ქალაქი. და ბრძოდეს მას, ხოლო ვერ შეუძლეს დაპყრობად, რამეთუ იყო იგი ზღუდითა მაღლითა სამითა. და დაუტევნეს ორნი ერის-თავნი მჴედრითა თორმეტი ათასითა ბრძოლად ქალაქისად.

წარვიდა ვახტანგ პონტოს და მოაოჴრნა გზასა ქალაქნი სამნი: ანძორეთი, ეკლეცი და სტერი. და მოადგეს ლაშქარნი პონტოსა ქალაქსა დიდსა ზღჳს-კიდესა; და ბრძოდეს სამ თუე, და მიუწია ლაშქარმან ვიდრე ქალაქისა მის კოსტანტინისა ხოლო სპარსნი რომელ ჰპოვებდეს ეკლესიისა მსახურთა, დაჰკლვიდეს; ხოლო ვახტანგ მეფემან ამცნო სპათა სომხითისათა და ყოველთა სპარსთა, რათა არა-ვის ჰკლვიდენ მოწესეთაგანსა, არამედ ტყუე ჰყოფდენ, და რქუა მათ:

„მამის მამა ჩემი მირიან ოდეს შემოჰყვა მეფესა სპარსთასა, ძმის-წულსა თჳსსა, ბრძოლად ბერძენთა ზედა, ესე-ვითარსა უყოფდეს მოწესეთა და ეკლესიისა მსახურთა, და იძლივნეს ძლევითა ბოროტითა ურიცხუნი სპანი მცირეთა ლაშქართაგან. მიერითგან მიიღეს საზღვარი ესე ბერძენთა ჩუენ, ქართველთაგან, აღმოსავალით ზღჳსა ამის. ხოლო წყობა პირველთა მეფეთა იყო ანძიანძორს, სადა უკუე აწ არს საფლავი დიდისა მოძღურისა გრიგოლისი, და მუნით იოტნეს მეფენი ჩუენნი. ხოლო ჩუენ ათისა დღისა სავალი ჩამოგჳვლია, ჩრდილოთ მოქცეულ ვართ. და ჩუენ-ცა ვართ სჯულსა ზედა ბერძენთასა აღმსარებელ ქრისტესა, რომელ არს ღმერთი ჭეშმარიტი ყოველთა.

„ანუ არა გასმიან-ა სასწაულნი, რომელნი ქმნნეს კოსტანტინეს-ზე მეფისა წარძღუანებითა ჯუარისათა, ანუ რომელნი ქუეყანასა ბერძენთასა იქმნნეს სასწაულნი ივლიანეს-ზე მეკერპისა მეფისა? – ვითარ იგი ისარმან ზეცისამან მოკლა, და შეკრბეს სპანი ბერძენთანი და ივბიმიანოს აჩინეს მეფედ, ხოლო მან არა თავს-იდვა ვიდრემდის არა დამუსრნეს კერპნი და აღმართნეს ჯუარნი, და მას ზედა დაარქუეს გჳრგჳნი მეფისა; ხოლო ანგელოზმან უფლისამან აღიღო გჳრგჳნი და დაადგა თავსა ივბიმიანოსსა, ჭეშმარიტსა მეფესა. და ჴმა იყო ზეცით, რომელი ეტყოდა სპარსთა მეფესა ხუასროთანგსა: „დაეცადენით ბრძოლად ივბიმიანოსისა, რამეთუ ძალითა ჯუარისათა უძლეველ არს, და მიერითგან იქმნეს მოყუარე მეფე და ხუასრო, ვიდრემდის ორნი-ვე იგი შეიცვალნეს.

„ანუ თქუენ, მკჳდრთა მაგათ სომხითისათა არშაკუნიანთა, პატიახშთა ბივრიტიანთა, არა გაჴსოვანა საქმენი გრიგოლი პართეველისანი და წინა-აღმდგომთა მისთა, თრდატ მეფისა არშაკუნიანისა – ვითარ დასცა ზუაობისაგან და იქმნა იგი ეშუად? არამედ გრიგოლი მოაქცია იგი, და მიერითგან იქმნა იგი მუშაკ ეკლესიათა, და ეკლესია დიდი აღაშენა თრდატ ზურგითა თჳსითა, რამეთუ იყო იგი გმირი. ხოლო თქუენ, მკჳდრნო ქართლისანო, ნათესავნო მეფეთა ქართლისათანო, რომელნი დღეს მთავრობასა ზედა დადგინებულ ხართ ჩუენ, მეფეთაგან, რომელნი ვართ ნათესავნი ნებროთ გმირისანი, რომელი უწინარეს ყოველთა მეფეთა გამოჩნდა ქუეყანასა ზედა, რომელი ლომსა ძალითა ვითარცა თიკანსა მოიყვანებდა, კანჯართა და ქურციკთა ქუეითი იპყრობდა. რამეთუ ეზომ განდიდნა ძალი. მისი, რომელ დაემორჩილნეს ყოველნი ნათესავნი ნოესნი, ვიდრემდის შეუძლო ქმნად ქალაქი, რომლისა ქვად შექმნა ქვა ოქროდ, და ხარისხად ვეცხლი, და გარემოს მისსა მოიქმოდა აგურითა და კირითა, ხოლო ქუდნი კართა და სარკმელთანი იაკინთისა და ზურმუხტისანი შექმნა; რამეთუ მათისა ნათლისაგან ვერ შეუძლებდა დაბნელებად ღამე. და ქმნა მას შინა ტაძრები და კოშკები, რომელ ვერ შესაძლებელ არს გაგონებად თქუენდა, მოუგონებელ არს თჳთოეულისა სიბრძნე მისი, რომელი მიეცა მას ვიდრემდის აღმართა სამისა დღისა სავალსა, რომელი ექმნა აღსავალად ხარისხად ზღუდეთა ზედა. და ენება, რათა აღვიდეს ცად და იხილნეს მყოფნი ცისანი. ხოლო ვითარცა განვლო საზღვარი ჰაერისა და შევიდა საზღვარსა ვარსკულავთასა, ვერ-ღა-რა უძლებდეს საქმედ მოქმედნი, რამეთუ დადნებოდა ოქრო და ვეცხლი; რამეთუ მუნით-გამო ვიდრე-მე არს ჴელმწიფება ცეცხლისა ეთერისა მის, რომელი მგზების მძლაფრიად სამყაროსა ქცევისაგან და ესმა მუნით საზრახავი შჳდთა გუნდთა ზეცისათა, რომლისაგან შესლბეს ადამიანნი. და იქმნა ყოველი კაცი თჳთო ნათესავით-ურთ მეტყუელ თჳთო ენასა, და არღარა ერჩდე ურთიერთას პირსა მოყუსისა თჳსისასა, და წარვიდეს.

„ხოლო ნებროთს ენითა სპარსულითა რქუა: მე ვარ მიქაელ ანგელოზი, რომელი დადგინებულ ვარ ღმრთისა მიერ მთავრობასა ზედა აღმოსავლისასა. განვედ ქალაქით მაგით, რამეთუ ღმერთი ჰფარავს ქალაქსა მაგას ვიდრე გამოჩინებადმდე სამოთხისა, რომელი-ესე დგას მახლობელად ნაშენებსა მაგას შენსა, რომელსა შორის არს მთა ესე, რომლისაგან აღმოვალს მზე და გამოვლენ მისგან ორნი მდინარენი: ნილოსი და გეონი. რამეთუ გეონსა გამოაქუს სამოთხით ხე სულნელი და თივა, რომელი შეეზავების მუშკსა. აწ წარვედ შენდა. და დაჯედ ორთა-ვე მდინარეთა შორის, ევფრატსა და ჯილასა, და განუტევენ ნათესავნი ესე, ვითარცა ვინ ინებოს, რამეთუ წარუვლენიან უფალსა. ხოლო მეფობა შენი მეფობდეს ყოველთა ზედა მეფეთა, არამედ ჟამთა უკანასკნელთა მოვიდეს მეუფე ცისა, რომლისა შენ გნებავს ხილვა მისი, ერსა შორის შეურაცხსა; შიშმან მისმან განაქარვნეს გემონი სოფლისანი, მეფენი დაუტეობდენ მეფობასა და ეძიებდენ სიგლახაკესა. მაშინ გიხილოს შენ ჭირსა შინა და გიჴსნეს ღმერთმან”.

„და დაუტევეს ყოველთა ქალაქი და წარვიდეს. და დაუტევნა ჰინდურად მზრახველნი ჰინდოეთს, სინდნი სინდეთს, ჰრომნი ჰრომს, ბერძენნი – საბერძნეთს, აგ და მაგუგ – მაგუგეთს, სპარსნი – სპარსეთს; ხოლო პირველი ენა ასურებრი იყო, და ესე არიან შჳდნი ენანი, რომელნი ნებროთისამდე ზრახვიდეს. ამისთჳს მოგითხარ, რომელ მამათა ჩუენთა დაფარულად ეპყრა წიგნი ესე, ხოლო მე შურმან საღმრთომან მაიძულა თქმად ამისსა, ამის მიერ შეიწყნარა მამამან ჩუენმან მირიან სახარება ქრისტესი ნინოს მიერ.

„ანუ არა ქრისტეს მოსლვამდე მიიღებდეს მამანი ჩუენნი ხარკსა, და მუნითგან მოუძლურდით, ესე რა ბერძენნი მიღმართ ბრძვანან? და მან იხილა ნებროთ ჯოჯოხეთსა შინა და იჴსნა: იგი არს პირველი ყოველთა მეფეთა, და დანიელ-ცა ეწამების, ვითარმედ მიქაელ დადგინებულ არს ძალად სპარსთა. და თქუენ, ყოველთა ქართველთა, იხილენით სასწაულნი ესე, რომელ ქმნნა ნინო. ანუ ჰგონებთ, ვითარმედ ბერძენნი განწირნა ღმერთმან? არა უმეტესნი ქუეყანანი სპარსთანი მათ შემუსრნეს და მათ შემოურთვან, და დღეს მეექუსე თუე არს, რაჲთგან ასმიეს ჴმა ლაშქრობისა ჩუენისა; ქცეულ არს კეისარი, რამეთუ ასმიეს შემოსლვა ჩუენი, და აწ მოახლებულ არს ბრძოლად ჩუენდა. აწ უკუე ყოველნი ნათესავნი უფალსა ღმერთსა მსახურებდით და დასცხერით ვნებათაგან ეკლესიისათა”.

და ვითარცა ესე ყოველი წარმოთქუა, განავლინა ქადაგი, რათა ყოველნი მოწესენი გამოვიდენ სამალავთაგან მათთა, და ტყუენი განუტევნენ, და სადა-ცა ენებოს წარვიდენ. და გამოვიდა სიმრავლე მღდელთა და დიაკონთა, მოწესეთა მონაზონთა და ენკრატისთა, ქუაბებით და მთათაგან, და უმრავლესნი პონტო ქალაქით, რამეთუ შეიწრებულ იყო ქალაქი ოთხ თუე ოდენ.

და მათ თანა იყვნეს ორნი კაცნი: პეტრე მღდელი, მოწაფეთაგან გრიგოლი ღმრთის-მეტყუელისათა (რამეთუ საფლავსა მისსა ზედა მღდელობდა), და სამოელ მონაზონი. წარდგეს წინაშე ვახტანგისსა მადლისა მიცემად განტევებისათჳს ტყუეთასა და განთავისუფლებისათჳს ეკლესიათასა და მღდელთასა. და ვითარ წარმოთქუეს ლოცვა, სთნდა მეფესა და მოიხილნა იგინი, და უბრძანა შემოსლვად ყოველთა ტყუეთა და მოწესეთა, განტევებულთა მისგან უძლურთა, რამეთუ ყოველნი უძლურნი ქალაქით გამოსრულ იყვნეს. უძლურთა მისცა საჴედრები და ჭაბუკთა სამ-სამი დრაჰკანი, და განუტევნა. ხოლო პეტრე მღდელი და სამოელ მონაზონი მის თანა დაიჭირნა.

და ვითარ წარვიდეს სპანი იგი კარვად თჳსად, და მეფე შევიდა სერობად. რქუა მეფემან პეტრეს: „სთნდა-მცა ღმერთსა საქმე ესე ჩემი, რამეთუ დავიცვენ ეკლესიანი და განუტევენ ტყუენი”.

რქუა პეტრე: „იტყოდის მონა შენი წინაშე შენსა კადნიერად, ანუ მიგცემდე ქებასა სიცრუვისასა”.

რქუა მას მეფემან: „იტყოდე, რამეთუ არას ვეძიებ გარნა მხილებასა, რათა განვერნეთ სიცრუვისაგან”.

რქუა პეტრე: „ეკლესიანი ჴორცთანი უფროს არიან წინაშე ღმრთისა, ვიდრე ეკლესიანი ქვათანი. ეკლესია ქვათა ოდეს-მე დაირღუეს, და აღაშენიან მით-ვე ქვითა; ხოლო ეკლესიანი ჴორცთანი ოდეს დაირღუენ, ვერ-ვინ შემძლებელ არს განკურნებად, ვერ-ცა მკურნალი და ვერ-ცა მეფე. აწ რაოდენნი გუამნი კაცთა მართალთანი დაგიცემიან, რომელსა იტყჳს სისხლისათჳს აბელისსა: ყოველი სისხლი ნოეს რღუნითა განიწმიდა; და სისხლისა მისთჳს ზაქარიასსა, ბარუქის ძისა, მიუგო ყოველი შეურაცხება ჰურიათა, ვითარცა იტყჳს ესაია: აღიღე და წარწყმიდე ყოველი წული მათი, ტიტოს და სპასიანოსის მიერ. ანუ არა აღმოგიკითხავსა წიგნთაგან მოსესთა, რაჟამს ისრაიტელმან ისიძვა უცხოსა თესლსა თანა, რა-ოდენი სული მოკუდა ერთისა მის სიძვისათჳს? აწ უკუე სპათა შენთაგან რა-ოდენნი ქალწულნი განხრწნილ არიან, ტაძარნი ღმრთისანი”.

და რქუა მეფემან; „არა ხედავ, ვითარ-იგი ივბიმიანოს დაცვისათჳს ეკლესიათასა იყო ივლიანეს თანა უკეთურისა? და თუ დაბრკოლდეს კაცი, უმჯობეს არს დაცემა სრულიად”.

რქუა პეტრე: „არა დაბრკოლებულსა დაგცემ, არამედ დაცემულსა აღგადგინებ, ვითარცა დავით საცთურისაგან ურიაჲსა; და არა მნებავს შენი, რათა იყო ვითარცა კაცი, რომელი მარჯუენით იქმნ და მარცხენით არღუევნ; და არ-ცა ვითარცა რომელნი პირითა მათითა აკურთხევდენ, და გულითა მათითა სწყევდენ და აგინებდენ, არამედ ვითარცა მეფენი კეთილად ჴსენებულნი რომელთა დაიპყრეს სოფელი ესე და სასუფეველსა არა განეშორნეს: დავით, სოლომონ და კოსტანტინე, ივბიმიანოს და ყოველნი მსგავსნი მათნი. ხოლო რა არს მსგავსება შენი ივბიმიანოსისსა, და ვინ არს შენ ზედა უფალ, რომელ-მცა ჴრმალი მისი იყო კისერსა შენსა ზედა, ვითარცა იგი ივბიმიანოსისსა ივლიანესი? ანუ სადა გევნო შენ ვითარცა ივბიმიანოსს ივლიანესგან? ანუ ვის ხედავს ღმერთი, რომელი შენ ზედა უფალ ყო და ჰქონდა-მცა პასუხი შენსა სიმართლესა წინაშე ღმრთისა. არა უკუე შენ უფალ გყო ამათ ყოველთა ზედა, და შენ შეგიდგინა ყოველნი. ამიერითგან ითხოვოს ღმერთმან ყოველი ჴელთაგან შენთა საქმე ბოროტისა, და შენ მიგაგოს არა თუ შეინანო”.

რქუა მეფემან: „მნებავს განმართლება თავისა ჩემისა, ხოლო სიმართლით შენ დამსაჯე უმსჯავროებასა ჩემსა”.

რქუა პეტრე: „ვინათგან გზა ეც შეწამებად, ცოდვა შენი განგეშორა შენგან. ხოლო აწ გითხრა გულის-სიტყუა შენი: არა უმეცრებამან აღგძრა ბრძოლად ძეთა ზედა ღმრთისათა, არამედ შუელისათჳს ნათესავისა შენისა სპარსთასა. და არა უწყი-ა, რამეთუ ბერძენნი ნათესავნი ღმრთისანი არიან აღთქმისა მისთჳს, რაჟამს უწოდა მათ შვილად ღმრთისა და მოსცა მათ ბეჭედი, რომლითა შემუსრა ჯოჯოხეთი და არს იგი ჯუარი?”

რქუა მეფემან: „აწ რა გნებავს შენ?”

რქუა მას პეტრე: „მნებავს, რათა შენ მიერ აღგზებული ესე ცეცხლი შენ-ვე დაშრიტო და მეგობარ იყო კეისრისა, ვითარცა დღესამომდე იყავ სპარსთა”.

მიუგო მეფემან: „ესე მნებავს, რათა მიჩუენოთ ლოცვითა თქუენითა ამას ღამესა კეისარი და მე შეკრებულნი, და რომელ ზრახვად არს ჩუენ შორის სიყუარულისა ყოფა, და ვცნა მე, ვითარმედ სთნავს ქრისტესა ზრახვა ესე შენი ჩემდა მომართ”.

რქუა პეტრე: „დამძიმდა თხოვა ესე შენი ჩემ ზედა, რამეთუ ესე არს კაცთა რჩეულთა, რომელ არიან ვითარცა ანგელოზნი სრულითა საქმითა, და არიან ამათ კლდეთა შორის, და ესე-ვითარი მათგან ეგების საქმედ, რომელსა შენ ითხოვ. მეც მე დრო, რათა წარვიდე და ვევედრო მათ, და უთხრა ბრძანება შენი, და ლოცვითა მათითა აღესრულოს განზრახვა შენი; არამედ შეურაცხ გჳჩნს თავი ჩუენი, რამეთუ კაცნი ვართ ცოდვილნი, ნუ უკუე სილაღედ იხილოს ღმერთმან”.

შერისხნა მას სამოელ მონაზონი და რქუა: „მღდელო, საქმესა ღმრთისასა ვითარცა საქმესა კაცთასა ზრახავ. ანუ არა აღმოგიკითხავს-ა, ვითარ ეტყჳს ღმერთი პალეკარპოსს - უკეთუ-მცა არა დაბრკოლდებოდეს ანგელოზნი კაცთა სათნოებისათჳს, ყოველთა-მცა ქალაქთა შინა ჯუარს ვეცუ, რათა ყოველნი ვაცხოვნნე? ანუ-მე უფროს არს აქაბ, მეფე ისრაელისა, მეფესა ქრისტიანეთასა, რომელსა ეტყჳს ესაია – ითხოვე სასწაული სიმაღლედ, ანუ სიღრმედ, და მისთჳს თქუა: მიუდგეს ქალწული? ანუ ვინ რქუა ისრაიტელსა – რა-ცა ითხოვო სახელითა ჩემითა, მოგეცეს? ისო რქუა სამყაროსა ცისასა „მოიქეც”, და სამსა ჭდესა მოიქცა იგი. აწ სიტყუა სიმდაბლისა შენისა კეთილ არს, პეტრე, არამედ საბრკოლებელ არს მცირედ მორწმუნეთა კაცთა. ხოლო შენ, მეფეო, მცირედ შეგუეწიენ ჩუენ სარწმუნოებითა, რამეთუ ლოცვამან ჭირვეულისა ამის ქალაქისამან ყოს ნება შენი” და წარვიდეს წმიდანი იგი სადგურად თჳსად.

ხოლო მეფემან მყოვარ-ჟამ ილოცა და დაწვა, და მირულებასა შინა მისსა, აჰა, უკუე მოვიდა დედა-კაცი იგი, რომელი იყო წმიდა ნინო, და რქუა: „აღდეგ, მეფეო, და განკრძალულად მიეგებვოდე, რამეთუ ორნი მეფენი ზეცისა და ქუეყანისანი მოვლენ შენდა” და რე-ცა მიხედნა და იხილა პირველ სახე ქალისა, ვითარ არს კოსტანტინეს; და მიიწია იგი სწრაფით და იხილნა ორნი საყდარნი: ერთსა ზედა მჯდომარე ჭაბუკი, საჭურველითა, გჳრგჳნოსანი; და მეორეთა საყდართა იხილა მოხუცებული მჯდომარე ზეწრითა სპეტაკითა, და თავსა ზედა ედვა გჳრგჳნი ნათლისა, არა ოქროსა, და ფერჴთა მისთა თანა ჯდა ნინო; და ჴელი ვახტანგისი მარჯუენა ეპყრა პეტრეს მღდელსა და მარცხენა სამოელს მონაზონსა. და რქუა სამოელ: „შეუვრდი პირველად დიდსა იმას მთავარსა ზეცისასა გრიგოლის”. მივიდა და თაყუანის-ცა. და რქუა გრიგოლი: „რა ესე ჰყავ ბოროტი, კაცო, რამეთუ მოაოჴრე ბანაკი ჩემი და მჴეცთა შეაჭამენ საცხოვარნი ჩემნი. უკეთუ-მცა ორნი ეგე არა, რომელნი გუერდით გიდგან, და დედა-კაცისა ამისთჳს სათნოსა, რომელი მარადის იღუწის მარიამის თანა თქუენთჳს, – შურ ვიგე-მცა შენგან, ვითარცა მამათა შენთაგან, რომელნი ესვიდეს ცეცხლსა შემწუელსა და არა ბრწყინვალებასა განმანათლებელსა ყოველთასა”. და მისცა ჴელი და ამბორს-უყო, რე-ცა და მიჰყო ჴელი გჳრგჳნსა ნათლისასა, რე-ცა ეგე-ვითარი-ვე გჳრგჳნი მისცა ვახტანგს, და რქუა: „დაარქუ ეგე პეტრეს". და აღიღო პეტრე მის-ვე გჳრგჳნისაგან რე-ცა უდარესი, და დაარქუა სამოელს მონაზონსა. და რქუა ნინო ვახტანგს: „აწ უკუე მივედ მეფისა და მიიღე ნიჭი შენი” მივიდა მეფისა, და ამბორს-უყვეს ურთიერთას, და ადგილ-სცა საყდართა თჳსთა, და დაისუა იგი თანა. და მისცა ბეჭედი ჴელისა მისისაგან, რომლისა იყო თუალი ფრიად ნათელი, და რქუა კეისარმან: „უკეთუ გნებავს, რათა მოგცე გჳრგჳნი, აღუთქუ ვინ ესე დგას ჩუენ ზედა, რათა ჰბრძოდი მტერთა მისთა და მიიღე მისგან გჳრგჳნი”. მოიხილა ვახტანგ და იხილა ჯუარი, რომელსა ფრთეთა მისთა ზედა აქუნდა გჳრგჳნი, და უმეტესად ხილვამან ჯუარისამან დასცა შეძრწუნება, რამეთუ უსაშინელეს იყო ზარი მისი, და დადუმნა. ხოლო აღდგა ნინო და მიხედნა პეტრეს კერძო და სამოელისა, და ერთითა პირითა თქუეს: „ჩუენ ვართ თავს-მდებნი, ვითარმედ უმეტეს ყოველთასა წარემართოს, ჵ ჯუარო უძლეველო”. და მიჰყო ჴელი კეისარმან, და მოიღო გჳრგჳნი ჯუარისაგან, და დაარქუა გჳრგჳნი იგი ვახტანგს თავსა.

და იწყეს გამოსლვად, რე-ცა ჴმა ყო ეპისკოპოსმან სამ-გზის, და რქუა: „ ვახტანგ, ვახტანგ, ვახტანგ! უმეტეს მორწმუნე იყო შენ ყოველთა შორის ნათესავსა სპარსთასა”. მეორედ: „შენგან აღეშენენ ეკლესიანი და განეწესნენ ეპისკოპოსნი და ეპისკოპოსთა მთავარი”. და მესამედ: „გჳრგჳნი-ცა წამებისა მიიღო” და გამოვიდა, რე-ცა მოუწოდა ძილსა-ვე შინა პეტრეს და სამოელს, და უთხრობდა ძილსა-ვე შინა ჩუენებასა, და იგინი აუჴსნიდეს: „რომელი-იგი იხილე საყდართა ზედა გჳრგჳნოსანი ნათლითა, იგი არს დიდი მოძღუარი გრიგოლი; და მან რომელ მომცა მე გჳრგჳნისა მისგან, მომცა ეპისკოპოსთა მთავრობა; და მე რომელ მივეც გჳრგჳნისა ჩემისაგან მოყუასსა ჩემსა, ჩემ მიერ ყოფად არს ეპისკოპოსად; და რომელ ნახე გჳრგჳნითა ოქროსათა ჭურვილი, იგი არს კეისარი; და რომელ მოგცა შენ ბეჭედი, მოგცეს შენ ასული ცოლად, და ყოველი საზღვარი ქართლისა მისგან უკ-მოღებული მოგცეს; ხოლო გჳრგჳნი ჯუარისაგან რომელ მოგცა, ვრცელნი ღუაწლნი გარდაიჴადენ შეწევნითა ჯუარისათა; ხოლო მოძღუარმან ჩუენმან რომელ სამ-გზის გიჴმო, სამნი ნიჭნი გითხოვნა ღმრთისაგან, რათა შენ მიერ ჭეშმარიტება დაემტკიცოს ქართლისა კათალიკოსთაგან და ეპისკოპოსთა, და სძლევდე მტერთა ვიდრე დღედმდე აღსრულებისა შენისა. ხოლო აღსრულებასა შენსა გჳრგჳნი წამებისა მიიღო ბრძოლასა შინა, ჴელთა მტერთასა არა შეჰვარდე. ესე ყოველი აღესრულოს ვიდრე მოუძლურებადმდე შენდა და სიბერედმდე”.

ვითარცა განიღვიძა მეფემან ვახტანგ, მადლობდა ღმერთსა, რომელმან ყოველი-ვე გამოუცხადა, და მოუწოდა მსწრაფლ პეტრეს და სამოელს, და რქუა: „რა იხილეთ?” ხოლო მათ რქუეს: „იტყოდე, მეფე: ერთი მარჯუენით და ერთი მარცხენით ვდეგით, რაჟამს შენ საყდართა მსხდომარეთა წინაშე კეისრისა და ღმრთივ-გამომეტყუელისა სდეგ; და კუალად იგი-ვე დედოფალი ჩუენი დაამშჳდებდა მოძღუარსა მას განძჳნებულსა შენ ზედა, და მიგცემდა შენ ჴელთა მისთა”

და რქუა მათ მეფემან: „დუმენით, წმიდანო, რამეთუ ყოველი-ვე ჩემ თანა გიხილავს. აწ ვითარ გნებავს თქუენ ქალაქისა ამის საქმე, რომელი შემუსრვად მიწევნულ არს? ანუ რა ვყოთ ტყჳსა ამისთჳს, რომელი უმეტეს არს ბევრ ათასისა, რომელი არს ჴელთა ჩუენთა? აწ უკუე სწრაფით განვიდეს აქათ ქადაგი, ვითარმედ სპარსთა მეფე წარმომართებულ არს ქუეყანად ჯაზირეთად, და გამოვლეს ფილისტიმი კუალსა მეფისა კეისრისასა, რომელმან მოაოჴრა ქუეყანა სპარსთა, და სპარსთა მეფემან ვერ უძლო ბრძოლად. ხოლო კეისარმან ვითარცა ცნა, ვითარმედ ჩუენ მოვედით ქუეყანასა მათსა, მოისწრაფის ბრძოლად ჩუენდა, და ვხედავთ რე-ცა სპარსთა მეფე მოვალს ძალად ჩუენდა. და ვიცით, ვითარმედ სპანი სპარსთანი სომხითისა და ქართლისა სპათა უმრავლეს არიან, და არა-ვინ არს ჩუენ შორის ჭეშმარიტი მორწმუნე; რომელნი დანერგნა მამამან ჩუენმან მირიან, გინა თრდატ, დედით ნათესავმან ჩემმან, აქა ამათ ყოველთა სარწმუნოება ვიცით, რამეთუ სავსე არს საცთურითა. ნუ უკუე გამოცხადებასა საქმისა ჩემისასა განწყრეს დედის ძმა ესე ჩემი, და ვეწყვნეთ ურთიერთას და ვიქმნეთ საცინელ ყოველთა მტერთა ჩუენთა. არამედ ესე ვყო, რე-ცა მოვიდენ სპანი ჩუენნი და მაუწყონ ჩუენ მოსლვა კეისრისა, და მას ზედა უკუ-ვრიდოთ ჩუენ. პირველ-ვე საქმე ესე ვაუწყოთ, ოდეს მოვიდეს და მოგუეახლოს ჩუენ კეისარი; მაშინ ვითარცა იზრახოს სიწმიდემან შენმან, ეგრეთ ვყოთ და არ-ცა ერთი ტყუეთა მისთაგანი დააკლდეს”.

და წარვიდა პეტრე კეისრისა, ხოლო სამოელ დადგა წინაშე მეფისა. ხოლო ხვალისა დღე მოვიდა რე-ცა დიასპანი და უქადაგა მეფესა, ვითარმედ სპანი ბერძენთანი შემოვიდეს კოსტანტინეპოლედ და მოუწოდა მეფემან ვახტანგ დედის ძმასა თჳსსა და ყოველთა მეფეთა, და რქუა: „რასა იტყჳთ, რამეთუ უწყით სიმრავლე სპათა ბერძენთა, და ვერაგობა წყობისა მათისა, და სიმარჯუე ზღუათა შინა ნავებითა. ესე-რა შევიდეს იგინი სპარსეთს, ქუეყანასა გმირთა და გოლიათთასა, და მათ ვერ უძლეს წყობად. აწ მეშინის, ნუ უკუე სპანი ნავებითა მოვიდენ, შეიპყრან გზა ჩუენი და მოგუწყჳდნენ ჩუენ, ვითარცა ბაკსა შინა. არამედ აღვდგეთ აქათ და დავიბანაკოთ ზღუასა სამხრით კერძო, რათა გუაქუნდეს ჩუენ გზა ჭირისა და ლხინისა”.

აღიყარა ლაშქარი გარემოს ქალაქისა, და ვლეს ხუთისა დღისა სავალი სამხრით კერძო, და დადგეს სპერით კერძო და განვიდეს მყოფნი ქალაქისანი, მიწევნულნი სიკუდილად, და მისცეს მადლი ვახტანგს, და მისცეს ძღუენი ათასი ლიტრა ოქრო და ხუთასი თავი სტავრა, და განვიდა ერი იგი მშჳდობით სავაჭროსათჳს და საჴმრისა.

ხოლო ვითარცა მივიდა პეტრე წინაშე მეფისა კეისრისა, და უთხრა ყოველი იგი. ხოლო კეისარმან განიხარა ფრიად, და ყოველი რომელი ეხილვა ჩუენებასა შინა, მისცა მას ზედა ნება ვახტანგს. და წარმოავლინა პეტრე მღდელი, და მიუმცნო აღთქმითა და ფიცითა ძლიერითა, რათა სწორ იყოს მეფობისა მისისა. არამედ ორთა-ვე. სპათა დასცნენ სპარსნი, რომელნი იყვნეს ვახტანგის თანა, არა აღვიდენ საბრძანებელთა მათთაგან, ოდეს შეეკრბენ ვახტანგ და იგი. ხოლო ვიდრე პეტრე და მოციქულნი მოვიდოდეს ვახტანგისსა, კეისარი შემოვიდა კოსტანტინედ და წარმოავლინა ხუთასი დრომონი, რომელსა შინა ისხდა ხუთას-ხუთასი კაცი, და უბრძანა, რათა მიეახლნენ ვახტანგს და დადგენ თჳნიერ ბრძოლისა. და წარმოემართა კეისარი გზასა პონტოსასა რვაასი ათასითა კაცითა. და ვითარ მოეახლნეს სპანი იგი ზღჳსანი, უნდა სპარსთა წყობა მათი, ხოლო მეფე აყენებდა, და არა მიუშუნა ბრძოლად.

ხოლო ვითარცა შეართუეს ძღუენი მოციქულმან კეისრისამან და პეტრე, ჰქონდა სიტყუა საიდუმლო და კუალად ჰქონდა სიტყუა საერო. და თქუა ცხადად, ვითარმედ: „ნუ ივლტი, დადეგ ვიდრე ჩემად მოსლვამდე, რათა რომელნი-ეგე შენ თანა არიან სპარსნი, რომელნი დაგურჩეს შესლვასა ამას ჩუენსა სპარსეთს მოუწყუედელად, მოვსწყჳდნეთ ეგენი-ცა”.

ხოლო საიდუმლოდ მოართუეს მას ჯუარი და გჳრგჳნი შუა-მდგომელად, და შესამოსელი ტანისა მისისა, და თქუა: „რა შევკრბეთ, მიგცე ციხე თუხარისი და საზღვარნი ქართლისანი”. ხოლო მისცა ვახტანგ მეფემან პასუხი საეროდ, ვითარმედ: „არა რომლისა მიზეზისათჳს მოვედით აქა, გარნა წყობისა შენისათჳს, აწ მოვედ აქა, და თუ არა, ჩუენ მოვიდეთ კოსტანტინედ " და ფარულად ამცნო და რქუა: „რომელი არა შუენის შენსა ღმრთის-მოყუარებასა, რომელი შენ არა ჰყო, სხუასა ნუ აწუევ, რამეთუ ღადრობა არა ჴელ არს კაცთა პატიოსანთა. დაღათუ აწ შენ მიგცნე სპარსნი, არა უკუე განცრუვდესა სახელი ჩემი და უმეტეს ჩუენსა აქუს მრავალთა მათგანთა სიყუარული ქრისტესი, არამედ შიშისაგან მათისა ვერ გამოაცხადებენ აწ ბრძანე, რათა საქმე ესე ჩუენი მშჳდობით ვყოთ, ვითარცა ივბიმიანოს და ყოველთა სპარსთა. ხოლო შემდგომად ამისსა, რაჟამს გაწყდეს საქმე ჩუენი უმარჯუესადრე შევყარნე იგინი ჴელსა შენსა და ნუ-მცა-რა იქმნების საქმე უშუერი, და ნუ-ცა საქმე შფოთისა თქუენ მიერ, რათა არა დაეცნენ პირითა მახჳლისათა ერნი თქუენნი, რამეთუ ერნი თქუენნი განლაღებულ არიან ჯობნასა ზედა სპარსთასა, ხოლო სპარსნი არა-ვე შეშინებულ არიან არამედ შურითა თქუენითა წადიერ არიან წყობასა: ანუ-მცა მოკუდეს, ანუ-მცა იძიეს შური სისხლთა მათთა. ხოლო სპანი ესე შენნი თუ მიღმართ ჰბრძვანან, მე-მცა უბრალო ვარ”.

და წარვიდა მის თანა მოციქულად ვარაზ-მიჰრ, მამა-მძუძისა მისისა ძმა, და სამოელ მონაზონი. ხოლო კეისარი მოწევნულ იყო პონტოდ ქალაქად, და პონტოელნი გამოსრულ იყვნეს მიგებებად, და შეასხმიდეს ქებასა და ვახტანგ მეფისა მადლობასა, რამეთუ უკურიდა მათ და არა მისცნა იგინი სიკუდილად. ვითარცა მიიწივნეს მოციქულნი ვახტანგ მეფისანი ქალაქად, მიართუეს ძღუენი ათასი მუთაკალი მუშკი, ხუთასი ამბარი და ათასი ლიტრა ალვა. და განსრულ იყო გუნდი მეფისა ვახტანგისი ალაფობად, და მიეტევნეს მათ მკჳრცხლნი ბერძენთანი, და მათ თანა შეკრებულნი ჴევთა და ქალაქთა მჴედარნი ვითარ სამასი ათასი.

ხოლო ვახტანგ მეფე აყენებდა მიიძულებად სპათა მათ მეალაფეთა, ვიდრე არა მივიდა დედის ძმა მისი, ერის-თავი სპარსთა, და რისხვით რქუა ვახტანგს: „ჵ გუელო და ნათესავო ასპიტისაო! არა უწყი-ა, რამეთუ დედა მამისა შენისა ბერძენი იყო, ნათესავი ივბიმიანოსისი? და გძლო შენ ბუნებამან მამის დედისა შენისამან, და სიყუარული ჯუარ-ცმულისა მის კაცისა მომკუდარისა გიპყრიეს, და გნებავს შეყენება ჩუენი ჴელსა ბერძენთასა” ხოლო ვახტანგ რქუა: „აჰა, შენ და ბერძენნი, და იხილო ძალი კაცისა მის მომკუდარისა და ცოცხლისა მის სასოსა შენისა”. და სცეს საყვირსა და განვიდეს ყოველი სომხითი და სპარსნი და მეფე დარუბანდისა. ხოლო მეფე ვახტანგ და ქართველნი განვიდეს ხედვად და დადგეს და აღჯდა მეფე პილოსა ზედა თეთრსა, და ეწყვნეს იგინი ზღჳს-კიდესა მას, რომელ არს ჭალაკი, რიყე ხერთვისისა. მისლვამდე სპარსთა ლაშქრისა მოეკლა ბერძენთა ერისა მისგან ოცდაშჳდი ათასი, და განძლიერდა ბრძოლა, და მოკლეს დედის ძმა ვახტანგისი, ერის-თავი სპარსთა და მოკლეს იპაჯაჯ, მეფე ლეკთა, და მრავალნი ერის-მთავარნი, და იძლია ბანაკი აღმოსავლეთისა. იყო ბერძენთა სპასალარი პალეკარპოს ლოღოთელი, დის-წული მეფისა და იყო იგი ძლიერი, და მას მოეკლნეს ძლიერად მბრძოლნი სპარსთანი და ესე-ცა ერის-თავი მან-ვე მოკლა.

მაშინ გარდამოჴდა მეფე ვახტანგ ეტლთაგან და თქუა: „არა რომელი ჩუენ გჳნდა, გარნა რომელი ღმერთსა სთნდა, რამეთუ ჩუენ ვიტყოდით მშჳდობასა, არამედ სილაღემან სპარსთამან აგინა ღმერთსა, და ღმერთმან შურ-იგო, და მოკლეს ერის-თავი რანისა. რომლისათჳს ყოველი სპარსეთი ვითარცა მოოჴრებასა სპარსეთისასა იგლოვს აწ დამდაბლდა სილაღე სპარსთა, მოიყვანეთ ჯუარი და წარვიძღუანოთ, რათა რომლითა გუძლევდენ მით-ვე იძლივნენ, და იქმნენით ძედ ძლიერებისად, და ნუ-ვინ ბრძავთ ურთიერთას სხჳსა მიერ, და ნუ ეძიებთ ძლევასა მტერთასა; არამედ იყვნენ ჴელნი თქუენნი ვითარცა ჴელნი ჩემნი, რათა არა ვიძლივნეთ სრულიად. არა ხოლო თუ აქა ვდევნნეთ, არამედ ვიდრე ადარბადაგანამდე, ვითარცა იდევნიან ყორანნი მართუეთაგან თჳსთა”.

და მოიყვანა პეტრე მღდელმან ჯუარი, და რქუა მეფემან: „დადეგ წინაშე პირსა მტერისასა და ერისა ჩუენისასა, და არქუ ყოველთა – „თაყუანის-ეცით ჯუარსა და ვსძლოთ მტერსა” და რომელმან არა თაყუანის-ცეს, მოკალთ” და უბრძანა დემეტრეს, ერის-თავსა თჳსსა, და ჯუანშერს სპასპეტსა, რათა მიჰყვენ ჯუარსა თანა. და ქადაგი ჴმობდა ძლიერად: „რომელმან არა თაყუანის-ცეს ჯუარსა, მოკუედინ” და მივიდოდეს ყოველნი ერნი, და თაყუანის-ცემდეს და დადგებოდეს წინაშე ჯუარსა. ხოლო ბორზო მოვაკნელმან მეფემან თქუა: „არა დაუტეობ ნათელსა შემწუელსა, და არა თაყუანის-ვცემ ძელსა მაშმელსა, რომელი განშუენებულ არს ოქროთა და ანთრაკითა”, და სცა მას ლახუარი ჯუანშერ სპასპეტმან, და დაეცა მძორი მისი. მიერითგან არღარა-ვინ იკადრა გმობად ჯუარისა, და აღთქმით ეტყოდა ერი იგი მეფესა ვახტანგს: „უკეთუ შემეწიოს ჩუენ ჯუარი, არღარა იყოს ჩუენდა სხუა ღმერთი გარნა ჯუარ-ცმული”.

და გარდაჴდა მეფე და თაყუანის-ცა მას, და ყოველმან ერმან მის თანა და თქუა მეფემან: „აჩუენე ძალი შენი ერსა ამას შენსა ურწმუნოსა, რათა მოიყვანნე სარწმუნოებად, უფალო ღმერთო, მორწმუნენი შენნი; დაღაცათუ მოკუდენ, არამედ ცოცხალ არიან, და ცხოველნი შენნი შენ ცხოველისაგან ძლიერ არიან. და სპანი იგი ბერძენთანი გამოვიდეს ვითარცა ელვა. ხოლო პალეკარპოს ვითარცა მგელი სისხლითა აღმოსრვილი და ვითარ-ცა ლომი განძჳნებული მოიზახდა და შეურაცხ-ჰყოფდა სპათა მათ. ხოლო მეფემან რქუა: „ვინ არს თქუენ შორის კაცი, რომელი ეწყოს იმას და სწორ იყოს მეფობისა ჩემისა”. წარვლო ქადაგმან ორ-გზის, და ვერ-ვინ იკადრა ყოვლად სიტყუად.

აქა ვახტანგ გორგასლისა და პალეკარპოს ბერძენთა სპასპეტისა ომი და მოკლვა პალეკარპოსისი ვახტანგისაგან

[edit]

მაშინ თქუა ვახტანგ: „არა ძალითა განძლიერდების კაცი, არამედ ღმერთმან მოსცის ძალი. და მე ვესავ ძალსა შენსა, და ვითარცა დავით განვალ ნიშითა ჯუარისათა; მომეც ძალი ვითარცა დავითს გოლიათსა ზედა, რამეთუ ესე-ცა მაყუედრებელად და შეურაცხებით მოუჴდა ჯუარსა შენსა; რაჟამს იხილა ჯუარი აღმართებულად ძალად ჩუენდა, არა ივლტოდა მისგან, არამედ სასოებითა ძალისა მისისათა განვიდეს ბრძოლად” და თქუა: „იხილი, ღმერთო, ამპარტავანი და დაამდაბლი; კუალად იხილი ჭირვეული და იჴსნი. ხოლო ისი შეურაცხად მიჩნს და არა მეშინის, რამეთუ ძალი შენ მიერ მოცემული დიდ არს, რომლითა ვსძლო; არამედ მეშინის მე შენგან, რამეთუ მდაბალთა ჴმანი ისმინნი და შენ გხადი შემწედ ჩემდა”.

აღმოიჴადა ჴრმალი და შეამთხჳა ჯუარსა, და განვიდა შორის განწყობილთა მათ, და თქუა: არა ჰბრძავნ ლომი ჴარსა, რამეთუ მე მეფე ვარ და შენ მონა, არამედ დავდვა თავი ჩემი ერისა ამისთჳს სიმდაბლით, რათა რწმენეს ძალი ჯუარისა”. და მოეტევა პალეკარპოს. ხოლო ვახტანგ მსუმრიად და ნებასა მიეახლებოდა. და აღიზახნეს ორთა-ვე მათ განწყობილთა ჴმითა საშინელითა, და იყო ჴმა იგი ვითარცა ჴმა ქუხილისა, რომლითა შეიძრა ქუეყანა. და დასცა ლახუარი პალეკარპოს ფარსა ვახტანგისსა, რომელი იყო ვიგრის ტყავისა, და განავლო ფარსა ვითარ წყრთა ერთი, რამეთუ იყო სიმსხო ლახურისა ვითარ მკლავი კაცისა. და მისცა ფარი იგი მეფემან ლახუარსა მისსა, და მიეტევა პირისპირ, და სცა ჴრმალი ჩაბალახსა ზედა და განაპო თავი მისი ვიდრე ბეჭთამდე. და მიჰყო ჴელი და უპყრა თავისა მისისა ნახევარი, და მოიღო წინაშე ჯუარისა, და თქუა: „ყოვლისა განდგომილისა შენისა ესე იყავნ ნაწილი”.

და მიეტევნეს სპანი ვახტანგისნი სპათა ბერძენთასა, და აოტნეს იგინი, და აღიჭრნეს გუნდ-გუნდად, და მიაწყუდინეს ზღჳს-პირსა; და არა-ვინ განერა მათგანი, გარნა რომელი შეესწრა ზღუად და ივლტოდეს ნავითა. მას დღესა შინა მოსწყდა სპათაგან ვახტანგისთა ორმოცდასამი ათასი, და სპათაგან ბერძენთასა მოსწყდა სამოცდათორმეტი ათასი; და შეიპყრეს ტყუედ მათგანი ას ოცდახუთი ათასი.

და ვითარცა მოიქცეს სპანი იგი ვახტანგისნი და მივიდეს გუამსა ზედა ვარაზ-ბაკურისსა, ვახტანგის დედის ძმისასა, იგლოვეს და შემურეს იგი საბრითა და მურითა, და წარსცეს ბარდავად.

ხოლო მეფემან ვახტანგ მოუწოდა ყოველთა სპათა, და უბრძანა მოყვანება ყოველთა ტყუეთა, და მოიყვანნეს დაუკლებელად: და იყო ერთ-რიცხვად ყოველი მამაკაცი და დედა-კაცი შჳდას ოთხმოცი ათასი. და წარსცა იგი ყოველი წინაშე კეისრისა, ჴელითა ნასრესითა და ადარნასე/სითა, ერის-თავთა მისთათა. და მიწერა წიგნი, ვითარმედ: „სიბრძნე ღმრთისა მიუწდომელ არს, და სიბრძნესა კაცთასა და ნებასა სძლევს ნება ღმრთისა. მე უწყი, რამეთუ არა არს ნება შენი საქმესა ამას, რომელი-ესე იქმნა პალეკარპოსისაგან, არ-ცა თუ იყო ნება ჩემი, რომელი-ესე ქმნა დედის ძმამან ჩემმან, და ორნი-ვე ესე ძჳრის-მოქმედნი ძჳრმან-ვე მოინადირნა. ამისთჳს ყო ესე ღმერთმან, რათა ახალ-ნერგნი ესე მოიყვანნეს სარწმუნოებად შიშსა მისსა, ვითარცა იგი უძღებისა შვილისათჳს ყო საქმე განსაცხრომელი. ხოლო თქუენ პირმშონი შვილნი ხართ ღმრთისანი, და მარადის მისნი ხართ აწ მწუხარება ესე დედის ძმისა ჩემისა, დის-წულისა თქუენისა მიერ ნუგეშინის-ვეც, რაჟამს ვიძიე შური მკლველთა მისთა ხოლო თქუენ ნუგეშინის-გეცით ერისა ამისთჳს, რომელი იჴსნა ღმერთმან შჳდას ოთხმოცი ათასი. და უკეთუ ბრძანებდე მიმთხუევად ჩემდა, გამოისწრაფე; და უკუეთუ არა მოციქულითა განაგე საქმე ჩუენი. რამეთუ დამძიმდა დგომა ჩუენი ქუეყანისა ამისთჳს მოოჴრებულისა”.

ხოლო ვიდრე მისლვამდე მოციქულთა ფრიად მწუხარე (!) იყო კეისარი. არამედ რაჟამს უთხრეს, ვითარმედ ტყუე პირველ შეპყრობილი და ტყუე ერისაგან მეოტისა ყოველი დაუკლებელად განუტეობია, მაშინ განიხარა ფრიად და ყოველთა დაუტევეს მწუხარება. და შეჯდა მეფე ნავსა და განვიდა სამასითა დრომონითა, სუბუქად გამოვიდა ზღჳს-კიდესა, და მოუწოდა ვახტანგს; და ყვეს ურთიერთას აღთქმა და ფიცი, და განაგეს საქმე წინდობისა. და უკუ-მოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი და კლარჯეთი/ყოველი, ზღჳთგან ვიდრე არსიანთამდე, და ჴევნი რომელნი მოსდგმანან ღადოთა.

და გამოიკითხა კეისარმან საზღვარი საბერძნეთისა, ქუეყანა ზღჳს-პირისა, რომელ არს აფხაზეთი, და რქუა ესრეთ: „ეგრის-წყლითგან ვიდრე მდინარედმდე მცირისა ხაზარეთისა – ესე საზღვარი არს საბერძნეთისა ალექსანდრობითგან, რომელი აწ შენ მიგიღია მკლავითა ჩუენგან. აწ იგი უკუ-მოგუეც, და ოდეს წარიყვანებდე ცოლსა შენსა, ასულსა ჩემსა, მაშინ მოგცე მისგან ქუეყანა” და დაუწერა ეგრის-წყალსა და კლისურასა შუა ქუეყანა ზითვად, და სხუა აფხაზეთი უკუ-სცა ვახტანგ ბერძენთა.

და წარმოვიდა ვახტანგ გზასა კლარჯეთისასა, და სპანი მისნი განუტევნა გზასა სომხითისასა. და ვითარ მოიწია თუხარისად, მიხედნა და შეუყუარდა ციხე, და თქუა: „ჭეშმარიტად თუ ხარ შენ ციხე” და ვითარცა წარმოვიდა, იხილა კლდე შუა კლარჯეთსა, რომელსა სოფელსა ერქუა არტანუჯი. და მოუწოდა არტავაზს, ძუძუს-მტესა მისსა, და დაადგინა იგი ერის-თავად; და უბრძანა, რათა ააგოს ციხე არტანუჯისა; და უბრძანა, რათა გამონახოს ჴევსა მას შინა ადგილი სამონასტრე და აღაშენოს ეკლესია, და ქმნეს მონასტრად, ვითარცა ეხილვნეს მონასტერნი საბერძნეთისანი. და რქუა არტავაზს: „უკეთუ განძლიერდენ სპარსნი ჩუენ ზედა, საყუდელი ჩუენი აქა ყოფად არს”.

ხოლო არტავაზ აღაშენა ციხე არტანუჯისა, და მონასტერი რომელ არს ოპიზა, და სამნი ეკლესიანი: დაბა მერისა, შინდობისა და ახიზისა. და განაახლა ციხე ახიზისა, და ქმნა იგი ქუაბად.

და ვითარ წარმოვიდა ვახტანგ და მოვიდა ქალაქად თჳსად მცხეთად, იყო სიხარული დიდი და მადლისა მიცემა ღმრთისა, რამეთუ მოვიდა იგი მშჳდობით. და მისცა ნიჭი დიდი ერსა თჳსსა.

ხოლო მეფემან სპარსთამან ვითარცა ცნა, ვითარმედ მიიქცა ვახტანგ ბერძენთა კერძო, შეიქცა სპარსეთად და მოკუდა. და დაჯდა მეფედ ძე მისი, და ვიდრე მოიწიფებოდა იგი, წარჴდა ამას შინა წელიწადი სამი.

ხოლო ვახტანგ მეფესა უშვნა ცოლმან ძე და ასული მარჩბივად, და მოკუდა შობასა შინა ბალენდუხტ დედოფალი, ასული სპარსთა მეფისა. ხოლო ვახტანგ უწოდა ძესა თჳსსა სახელი სპარსულად დარჩილ და ქართულად დაჩი. მაშინ ვახტანგ მეფემან ვერ მოიცალა მოყვანებად ცოლი ბერძენთა მეფისა ასული, და ვერ-ცა კათალიკოსისა და ეპისკოპოსთა, რამეთუ მოელოდა იგი სპარსთა მეფისა მოსლვასა: ამაგრებდა ციხეთა და ქალაქთა, და ჰკაზმიდა მჴედართა, და განამზადებდა ბრძოლად სპარსთა. მაშინ შეაგდო საპყრობილესა შინა ბინქარან მაცთური, ეპისკოპოსი ცეცხლის-მსახურთა, და მოსრნა და განასხნა ყოველნი ცეცხლის-მსახურნი საზღვართაგან ქართლისათა.

ხოლო სპარსთა მეფე, შემდგომად სამისა წლისა, წარმოემართა ბრძოლად ვახტანგისად, და მოიწია ინდაბრიანთა, და დაიბანაკა მუნ. ხოლო ვახტანგ წარავლინა ბერძენთა მეფისა თანა და მიუმცნო, ვითარმედ: „აჰა დღე იგი, რომელ აღმითქუამს, ვითარმედ სპარსნი შემოვაწყუდივნე ჴელსა შენსა; აჰა ესე-რა, მომიყვანებიან იგინი შუა საზღვართა ქართლისათა და ყოველი კაცი მათ თანა ვითარ სამასი ათასი. რამეთუ ჰგონებდა იგი განმრავლებასა სპათა მისთასა სომხითით და მეფეთაგან კავკასიანთასა, ხოლო მათ ვერ იკადრეს განრთვად მისა. რამეთუ რომელთა-მე მათგანთა აქუნდა სასოება ჯუარ-ცმულისა, ხოლო რომელნი იძლივნეს ეშმაკისაგან, მეფენი დარუბანდისანი გაერთნეს. აწ აღმისრულებიეს აღთქმა ჩემი, რომელი აღმითქუამს: რამეთუ სადა-ცა მიპოვნიეს სახლი ცეცხლისა, დამივსია ფსლითა, და მოგუნი და მზირნი მათნი მიმიცემიან სატანჯველსა ბოროტსა, და მაცთური ბინქარან მივეც საპყრობილესა, და სიკუდილისაგან გარდაიხუეწა. მან უკუე მოიყვანნა სპარსნი ქართლად, და დავსუ ეპისკოპოსად მიქაელ, კაცი სარწმუნო. ხოლო ბინქარან, ვითარცა მოიწია საზღვართა ქართლისათა, მოკუდა. აწ სწრაფით წარმოემართნენ სპანი შენნი, რათა აქა შინა დაეცნენ ყოველნი მტერნი ჯუარისანი, და მოიცალო შენ ყოველთა მტერთა შენთაგან, ხოლო უკეთუ ჩუენ გუძლოს, განძლიერდეს იგი და შემოვიდეს საზღვართა შენთა გზასა შიმშატისასა”.

ხოლო ვიდრე მიიწეოდეს მოციქულნი ვახტანგ მეფისანი, წარსრულ იყო კეისარი ქუეყანით ხაზარეთით კერძო, რომლისაგან ვერ მოიცალებდა მოსლვად ქართლად. მაშინ ვახტანგ განაძლიერნა ციხენი ქალაქისანი, და ურჩეულესი მბრძოლი ერისა მისისა ვითარ ასი ათასი მჴედარი და ასი ათასი ქუეითი იპყრა მის თანა, და დაუბანაკა მათ დიღმით ვიდრე ქართლის კართამდე, და სპარსთა დაიბანაკეს ცხენის ტერფითგან ჩაღმართ.

აქა სპარსთა მოსლვა ქართლს ვახტანგ გორგასლის საომრად

[edit]

ხოლო ვახტანგ განაფართა ჴიდი მოგუეთისა ვითარ სამოცი მჴარი ქცევისათჳს მას ზედა სპათასა, ხოლო მეფე და ჯუანშერ სპასპეტი დადგეს მცხეთას, და ნასრა და მირდატ დაუტევნა სპათა ზედა სომხითისა და ქართლისათა, რომელნი დგეს არმაზით კერძო. და რა ბრძოდიან სპარსნი არმაზით კერძო, მცხეთით განვიდიან; და რა განვიდის ლაშქარი იგი მიერ კერძო მცხეთით, ეწყუნიან არაგუსა ზედა. და ოდეს-მე განვლიან ფონი მტკურისა და შეიბნიან ფონსა ზედა ტფილისისასა, და რომელსა-მე დღესა მათ სძლიან და რომელსა-მე დღესა ამათ.

ხოლო ვახტანგ მეფესა შეექმნა ჩაბალახი ოქროსი, და გამოესუა წინათ მგელი და უკანათ ლომი; და რომელსა კერძსა იძლეოდიან ქართველნი, მუნით-ცა მიმართის და მოსრის სპისა მისგან სპარსთასა, ვითარცა ლომმან კანჯარნი. მიერითგან ვერ-ღა-რა შეუძლებდეს სპარსნი წყობად მისა, რამეთუ დაისწავლეს იგი, რომელსა ეწერა მგელი და ლომი, და ვითარცა იხილიან ვახტანგ, თქჳან: „დურ აზ გორგასალ”, რომელ არს ესე: „მირიდეთ თავსა მგლისასა” და მის მიერ სახელ-ედვა ვახტანგ მეფესა გორგასალ.

განგრძელდა მათ შორის ბრძოლა ოთხ თუე ოდენ და მოვიდა მოციქული კეისრისაგან, და მოართუა ძღუენი ვახტანგს, და მოჰგუარა სპათაგან ბერძენთასა ოთხმოცი ათასი მჴედარი, და მოუწერა ვახტანგს, ვითარმედ: „შევექეც წყობასა ხაკანისასა, და მომივლენია შენდა ოთხმოცი ათასი მჴედარი, და მომიწერია ლეონისდა: უკეთუ გიჴმდეს შენ ლაშქარი, წინაშე შენსა არს მელიტენითგან ვიდრე ლამედმდე და მოღმართ ვიდრე კარნუ-ქალაქამდე, და მიბრძანებია ლეონისდა წინაშე შენსა იყოს.

და მოწევნულ იყო ლაშქარი ბერძენთა ჯავახეთს. ხოლო ვითარცა ცნა სპარსთა მეფემან ბერძენთა მოსლვა შუელად მათდა, იწყო ზრახვად ვახტანგისა. მიუმცნო მოციქულსა მისსა და რქუა: „რასათჳს მოვსწყდებით ურთიერთას, ძმანი კაცნი ვართ, შვილნი ნებროთისნი? უკეთუ ცეცხლი არს ღმერთი, შე-უკუე-ეწიენ იგი; ხოლო ჩუენ დავადგრეთ სიყუარულსა ზედა მამათა ჩუენთასა. ხოლო თჳთოეული ჩუენგანი სათნოსა სულისა თჳსისასა ჰმსახურებდეს”.

ვითარცა მოვიდა მოციქული და უთხრა ვახტანგ მეფესა ყოველი შეთულილობა სპარსთა მეფისა, და სთნდა ვახტანგს და ყოველსა ერსა მისსა. და მისცა ნიჭი ვახტანგ მეფემან, მიუვლინა მოციქული მისი და რქუა: „გიხილავს ძალი ჯუარისა, რამეთუ ყოველთა მეფეთა მოგუაქუნდა ხარკი ვიდრე გამოჩინებადმდე ჯუარ-ცმულისა. რაჟამს გამოჩნდა იგი, მძლე გექმნნეს ყოველნი თაყუანის-მცემელნი მისნი წინაშე მისსა, და მოხარკენი შენნი ბერძენნი მოღმართ გბრძვანან, და მოაოჴრნეს სამსახურებელნი ცეცხლისანი. აწ, უკეთუ გუბრძოდი ჩუენ დატეობისათჳს სჯულისა, მოვკუდეთ ჩუენ მისთჳს, ვითარცა იგი მოკუდა ჩუენთჳს, და მან აღმადგინნეს ჩუენ. ხოლო უკეთუ აღასრულო სიტყუა შენი და არა იყოს ცეცხლი ღმერთად შენდა, და იყოს ღმერთად ჩუენდა ქრისტე, მამად და უფლად გხადო შენ. დაღაცათუ ჩუენ პირმშონი ვართ, არამედ თქუენ სხდეთ საყდართა ზედა მამისა ჩუენისათა”.

ვითარცა უთხრეს სიტყუა ვახტანგისი, შეიწყნარა და წარსცა ძღუენი გორგასალსა ძლიერად, და მის თანა გჳრგჳნი ანთრაკოანი, და ჟამი დადვეს შეკრებისა. აიყარა მეფე სპარსთა, და უკუ-დგა რუსთავად, და გამოვიდეს იგინი განთიად და დადგეს ველსა კალაისასა: რამეთუ ტფილისი სოფელი და კალაი-ცა მოოჴრებულ იყო მაშინ. ხოლო მეფე ვახტანგ დადგა ჯაჭუს, და შეკრბეს მას-ვე ველსა ორნი-ვე მეფენი, და მოიკითხეს ურთიერთას, და ყვეს აღთქმა თავის-თავისა სჯულსა ზედა გარდაუვალ. და მოხადა მას დღესა სპარსთა მეფე გორგასალმან ლაშქრით-ურთ თჳსით ტფილისად, და უძღუნა გორგასალმან მჴევალი ათასი, მონა ხუთასი, სტავრა სკარამანგი ხუთასი, ბიზიონი ზუზმა ხუთასი, ჴდალი ცხენი ათი ათასი, ცხენი ბარგისა ხუთასი, ჯორი სამასი, ზროხა ოთხი ათასი, ცხუარი ათი ათასი, და დღესა მესამესა მივიდა გორგასალი მის თანა და თანა წარიტანა ლეონ, ანთიპატი კეისრისა, და ყვეს განზრახვა. და აზრახა ანთიპატმან გორგასალსა, რათა ყოს მშჳდობა შორის კეისრისა და ხუასროსა, რამეთუ ეშინოდა ბერძენთა – ნუ უკუე შევიდენ საბერძნეთად სპარსნი და მოაოჴრონ იგი, რამეთუ სპანი საბერძნეთისანი ყოველნი იყვნეს ხაზარეთს.

და რქუა ხუასრო გორგასალსა: „ითხოვე ჩემგან რა-ცა გნებავს თავისა შენისათჳს, ანუ სხჳსა ვისთჳს-ცა გნებავს”. ხოლო გორგასალმან რქუა: „მნებავს, რათა იყოს. მშჳდობა შენ შორის და კეისრისა”. რქუა ხოსრო: „დამძიმდა თხოვა შენი ჩემ ზედა: რამეთუ ბერძენთა რაჟამს პოვიან ჟამი ჩუენ ზედა, არა ყვიან წყალობა. და მე ამით ვყავ სიყუარული შენ ზედა, რათა მევიდე საბერძნეთად და შური ვიძიო მათგან და აჰა, მოციქული ხაზართა მეფისა მეათე დღე არს, რაჲთგან მოსრულ არს, და შენ არა უწყი მიზეზი მტერობისა ჩუენისა. ხოლო აწ მიგითხრა სილაღე მათი ჩუენ ზედა, და მერმე ვყო ნება შენი, ვინათგან აღგითქუ ფიცითა ძლიერითა, ვითარმედ არა ვყო უნებელი შენი” და თქუა, ვითარმედ: „შენ უწყი, რამეთუ ზღუასა მოღმართ ჩუენი არს საზღვარი, განყოფილი ნოესითგან, და აწ იგი მბრძავს ჩუენ ჯაზირსა და შამსა და მოოჴრებულ არიან ქალაქნი, ხოლო შამი სამეფო ჩუენი არს. არამედ ჯაზირისა ნახევარი, განწესებული მამათა ჩუენთა, შენი არს ხუედრი, და მიუღებიეს იგი ბერძენთა (!), და მე ესე-რა შევიდოდე უკ-მოღებად მისა. აწ რომელი ნაწილი მამათა შენთა არს, შენ განუყავ, შენ იცი და ბერძენთა. ხოლო სხუა ჯაზირისა მომცენ მე ბერძენთა, და რომელი ვითხოვე მე შენგან”.

ხოლო ვითარცა ესმა ესე ლეონ ანთიპატსა, განიხარა ფრიად და თაყუანის-ცა ორთა-ვე მეფეთა, და თქუა: „ხუთნი ქალაქნი ჯაზირისანი შენდა-ვე იყვნენ, შენ-კერძნი, რამეთუ ნახევარი სიკილიისა, რომელი მოგუეღო შენგან, უკუ-გცეთ, და დღეთა ჩუენთა იყავნ მშჳდობა შორის შენსა და მისსა”.

და თქუა მეფემან: ვინ უწყის, თუ დასჯერდეს ბერძენთა მეფე ქმნულსა ჩუენსა. და თქუა ლეონ: „რაჟამს წარმომავლინა მე ძალად ამის მეფისა, რქუა მეფესა ჩუენსა მონაზონმან ვინ-მე ღმრთის-მეცნიერმან, ვითარმედ სთნავს ღმერთსა მშჳდობა სამთა-ვე ამათ მეფეთა. და იქმნა-ცა ეგრე. ხოლო კეისარმან უბრძანა მწიგნობარსა და დაწერა წიგნი ზავისა. და აჰა, აქა არს აღწერილი წიგნი მისი”.

ვითარცა ესე თქუა, წარიკითხეს წიგნი იგი, დაწერილ იყო ფიცით: „თჳნიერ მისსა, რომელი მოსცა სპარსთა მეფემან ივბიმიანოსსა, არა ვძებნო თქუენ ზედა” და მოუწოდა სპარსთა მეფემან ხაზართა მეფისა მოციქულსა, და უთხრა მან აღზრზენა სპარსთა ბერძენთა ზედა. მაშინ მოიღო სპარსთა მეფემან ქარტა და დაწერა ჴელითა თჳსითა წიგნი ბერძენთა მეფისა სიყუარულისა, და ჩინება საზღვართა, და სიკილიისა უკუ-ცემისათჳს. მისცა ფილისტიმი საზღვრითა იერუსალემისათა. და თქუა, ვითარმედ: „ქალაქი სჯულისა თქუენისა არს იერუსალემი”. და მისცა გორგასალსა ნიჭი: ალვა ლიტრა სამი ათასი, ამბარი ლიტრა ხუთასი, მუშკი ლიტრა ხუთასი, ტაიჭი ცხენი სამი ათასი, სამოსელი ხუასროვანი ათასი და ხაზდი სამი ათასი.

და წარვიდა ვახტანგ შინა; ხვალისა დღე მოუვლინა მეფემან ვახტანგს ბარზაბან, საკუთარი მობიდანი, და რქუა ესრეთ გორგასალს: „რომელი გინდა ჩემგან, მე ვქმნე აწ. განაგე საბრძანებელი შენი, ვითარცა გნებავს: მიავლინენ დასტურნი და მიითუალენ ქალაქნი შენნი, რომელნი მიგცენ შენ და კეისარსა. ხოლო ბარზაბანისდა მიბრძანებია მისლვა კეისრისა მითუალვად ქუეყანათა და ქალაქთა თქუენთა ხოლო შენ უწყი, რამეთუ საქმესა ამას ჩუენ ზედა განრისხნენ სპარსნი მოხუცებულნი, რამეთუ მათ ეგონა ჩემ მიერ შემუსრვა საბერძნეთისა, ხოლო მე დღეს საზღვართა ჩემთაგან ორი სამეფო მივანიჭე. აწ ესე არს სათხოველი ჩემი, რათა დაჲ შენი მომცე ცოლად, და შენ წარმოსჳდე ჩემ თანა ქუეყანასა მამულსა ჩუენსა, რათა ჰნახნე ნათესავნი შენნი და შენ შემწე მეყო მე თავითა შენითა მტერთა ჩემთა ზედა, აბაშთა და ელამთა, ჰინდოთა და სინდთა, რამეთუ უძჳრესი ბოროტი და დამდაბლება მეფობისა ჩემისა მათ ყვეს. აწ ოდეს მოხჳდე ჩემ თანა, და ესრეთ რქუა მოხუცებულთა და მარზაპანთა ჩემთა, რამეთუ სიყუარული ვყავ ჩემი და მოყუარეთა ჩემთა, რამეთუ ესრეთ ინება ძმამან ჩემმან ვახტანგ მეფემან. რომელნი ქუეყანანი მივცენით, მათითა-ვე შემწეობითა მოხარკე ვყვენით მტერნი ჩუენნი, და ამით დავაცხროთ გულის-წყრომა მათი ბერძენთა ზედა. ხოლო შენ თავითა შენითა მინებ ძალად ჩემდა, არამედ სპანი შენნი ადგილსა-ვე იყვნენ”.

მაშინ ვახტანგ მოუწოდა თანა-მზრახველთა თჳსთა, და ეზრახა ლეონ ანთიპატი ესრეთ, ვითარმედ: „დიდ არს კეთილი შენი ბერძენთა ზედა, უფროს მეფეთა მათ, რომელნი სხენან საყდართა მათთა, რამეთუ შენ დასცევ ქალაქი პონტოსა შემუსრვისაგან, და შენ მიანიჭე შჳდას ოთხმოცი ათასი სული, და დღეს შენ მიერ მიეცემის. ჯაზირა და ფილისტიმი, რომელი მშჳდობით არა რომელსა მეფესა ბერძენთასა შეუპყრიეს. და მართალ არს ხუასრო, უკეთუ არა ჰყო მის თანა სათნოება, უჴმრად შერაცხოს იგი ერმან მისმან; დაღაცათუ მან არა გითხრა, მიღმართ ვძლიოთ, რამეთუ ესე არს სრული სიყუარული; მე მიგცე ლაშქრისა ჩემისაგან ათი ათასი ჭურვილი და მე წარვჰყვე მოციქულთა შენთა თანა წინაშე კეისრისა, და მუნით გამოგერთო ჯაზირას სპითა ძლიერითა”.

ესე განაზრახა ლეონ ანთიპატმან. და სთნდა მეფესა ვახტანგს და ყოველთა წარჩინებულთა მისთა განზრახვა მისი; და მისცა სპარსთა მეფესა დაჲ მისი ვახტანგ მეფემან ცოლად, რომელსა ერქუა მირანდუხტ, რომელი წარტყუენულ იყო ოვსთაგან და გამოეჴხნა ვახტანგს. ხუარანძე ამისთჳს არა მისცა, რამეთუ დაწინდებულ იყო სომეხთა პატიახშისა. და მოიყვანა ვახტანგ ძე მისი, რომელსა ერქუა სპარსულად დარჩილ, ხოლო ქართულად დაჩი. იყო ხუთისა წლისა, და დაადგა გჳრგჳნი, და დაუტევა მეფედ, და დაუტევნა მის თანა შჳდნი წარჩინებულნი მისნი:

პირველად ჯუანშერ სპასპეტი, მპყრობელი შიდა ქართლისა და მფლობელი ყოველთა ერის-თავთა:

და დემეტრე, ერის-თავი კახეთისა და კუხეთისა;

და გრიგოლი, ერის-თავი ჰერეთისა;

და ნერსარან, ერის-თავი ხუნანისა;

და ადარნასე, ერის-თავი სამშჳლდისა;

და სამნაღირ, ერის-თავი შიდა ეგრისა და სუანეთისა;

და ბაკურ, ერის-თავი მარგჳსა და თაკუერისა.

და ამათ შეჰვედრა ძე თჳსი დაჩი, და უბრძანა აღშენება უჯარმისა და მუნ შინა ზრდა დაჩი მეფისა, რამეთუ სიმარჯუედ გამონახა იგი ნადირთა და ცხოვართათჳს და წარიტანნა თანა ოთხნი წარჩინებულნი მისნი:

არტავაზ, ერის-თავი კლარჯეთისა;

და ნასარ, ერის-თავი წუნდისა;

და ბივრიტიან, ერის-თავი ოძრჴისა;

და საურმაგ, ეჯიბი მისი დიდი; და მათ თანა ათი ათასი მჴედარი/ლაშქრისა მისისა დარჩეული.

და ლეონ ანთიპატმან დაუტევა ლაშქრისა მისისაგან ათი ათასი ბერძენი, და თჳთ წარვიდა წინაშე კეისრისა. და ვახტანგ მეფემან წარატანა თანა მოციქულად არტავაზ, ერის-თავი კლარჯეთისა; და წარსცა ყოველი ნიჭი წინაშე კეისრისა, რომელი მიენიჭა მეფესა ხუასროს; გარნა სტავრები და ტაიჭები დაიჭირა თავისათჳს, და სხუა ყოველი წარსცა და უბრძანა არტავაზს, რათა ჯაზირას მოერთოს ლეონ ანთიპატისა თანა.

ხოლო ვახტანგს ევედრნეს დედა და დაჲ მისი ხუარანძე, რათა წარიტანნეს თანა და ილოცონ იერუსალემს. წარიტანნა, და წარვიდეს ვახტანგ მეფე და ხუასრო გზასა ადარბადაგანისასა; და მუნით წარვიდეს ვახტანგ და დედა და დაჲ მისი იერუსალემს, და ხუასრო ელოდა ანტიოქიას. შევიდეს და ილოცეს წმიდასა აღდგომასა, და მოილოცნეს ყოველნი ადგილნი წმიდანი, და შეევედრნეს წმიდასა აღდგომასა, შეწირეს შესაწირავი დიდი და წარმოვიდეს ანტიოქიას.

ხოლო ლეონ, ანტიპატოსი კეისრისა, და არტავაზ, ერის-თავი ვახტანგისი, მოვიდეს ოცი ათასითა მჴედრითა რჩეულითა, და მოართუეს ხუასროს კეისრისაგან ძღუენი მიუწდომელი და ვახტანგს ნიჭი მიუწდომელი. და მოემცნო კეისარსა მოციქულთად სიხარული და მადლისა მი/ცემა ღმრთისა, და ვახტანგის ქება და მადლი მიუწდომელი. და მოემცნო ვახტანგისად: „და მიბრძანებიეს ლეონისდა ესრეთ, რათა იყოს შიშსა და ბრძანებასა შენსა ქუეშე ვითარცა ჩემსა” და შეკრბა ვახტანგის საბრძანებელსა ქუეშე ბერძენი და ქართველი და სომეხი ორმოცდაათი ათასი მჴედარი რჩეული.

მაშინ უბრძანა სპარსთა მეფემან ვახტანგს: „ვინათგან დედა და დაჲ შენი აქამდის დამაშურალ არიან, მოვიდენ იგინი-ცა სამეფოდ ჩემდა, რათა ერთობით აღვასრულოთ სიხარული ჩუენი მერმე თუ ინებონ წარსლვა ქართლს, წარვიდენ იგინი გზასა რანისასა. ხოლო თუ ინებონ ლოდინება შენი, გელოდიან ურაჰას ქალაქსა შინა”.

სთნდა უკუე ვახტანგს ბრძანება ხუასროსი, და წარიტანნეს თანა და წარემართნეს. და წარგზავნა სპარსთა მეფემან მოციქული წინაშე ყოველთა წარჩინებულთა სპარსეთისათა, და მიუთხრა ესე ყოველი. ხოლო მათ განიხარეს სიხარულითა დიდითა. რამეთუ ცეცხლებრ ეგზებოდეს ბრძოლისათჳს ჰინდოთა, სინდელთა, და აბაშთა, და ჯორჯანთათჳს. და მივიდეს ბაღდადს, და მოეგებნეს ყოველნი წარჩინებულნი სპარსეთისანი სიხარულითა დიდითა. და აღასრულეს ქორწილი სამეუფო, ექუს თუე განცხრომითა და განსუენებითა მიუწდომელითა. და შემდგომად ქორწილისა მისცა ნიჭი დიდ-ძალი დედასა და დასა ვახტანგისსა, და წარმოვიდეს ურაჰას. და პატივ-სცემდა ვახტანგს ყოველი ერი სპარსეთისა ვითარცა ხუასროს, მეფესა მათსა, და მერმე წარემართნეს მტერთა ზედა.

აქა ვახტანგ გორგასლისაგან სპარსთ მეფისა შუელი ჰინდოთა, სინდელთა, აბაშთა და ჯორჯანთა ზედა და ყოველთა ზე გამარჯუება ვახტანგისგან

[edit]

პირველად მივიდეს ჯორჯანეთს, და წარმოტყუენეს ჯორჯანეთი, და ყოვლად უმკჳდრო ყვეს. და დასხნეს ადგილსა მათსა ნათესავნი სპარსთანი. და მიერითგან იქმნნეს ჯორჯანნი გლეხად, რომელნი აწ არიან მებეგრენი სპარსთანი.

შესლვა ჰინდოეთს ვახტანგ გორგასლისაგან და ვახტანგისგან გამარჯუება მათ ზედა

[edit]

და მუნით შევიდეს ჰინდოეთად, და მუნ იქმნნეს ბრძოლანი ძლიერნი და თჳთო-თჳთო. და იყო მუნ წესად: რომელმან-ცა მათგანმან სძლის, ივლტინ მის წინაშე ბანაკი. ხოლო ვახტანგ მეფემან მოკლა ბუმბერაზი თხუთმეტი მუნ შინა, რომელთა დაეცნეს მრავალნი გოლიათნი სპარსთანი. და დაყვეს ბრძოლასა შინა ჰინდოეთისასა სამი წელი, და წარმოტყუენნეს უმრავლესნი ქუეყანანი ჰინდოეთისანი, არამედ მტკიცენი ციხე-ქალაქნი ვერ განტეხნეს, რამეთუ ზღუდეთა შინა იყვნეს. და წარმოიღეს ხარკი ჰინდოთა მეფისაგან; მუშკი ლიტრა ათასი, ამბარი ეგზომი-ვე, ალვა ნავი ათი, თუალები იაკინთი და ზურმუხტი ნავი ერთი, და მის თანა საფირონი თჳთო-სახე, ოქრო აქლემი ასი, ვეცხლი აქლემი ხუთასი.

შესლვა სინდეთს ვახტანგ გორგასლისაგან და გამარჯუება ვახტანგისგან

[edit]

და მუნით შევიდეს სინდეთს. მაშინ სინდთა მეფემან განყო ერი თჳსი ციხეთა და ქალაქთა შინა; და რომელსა-ცა კერძსა განვიდიან სპარსნი მტყუენავნი, გამოუჴდიან სინდნი ციხეთა და ქალაქთაგან და დასდვიან ვნება დიდი სპარსთა ზედა, და მოსწყდა ურიცხჳ ერი სპარსთაგანი. ხოლო ძალითა ქრისტესითა არა-სადა იძლივნეს ვახტანგის სპათაგანნი, და ყოვლად-ვე მძლედ გამოჩნდეს მტერთა ზედა, და მჴნედ მბრძოლად გამოჩნდეს ოთხნი იგი წარჩინებულნი ვახტანგისნი და ლეონ ბერძენი; რამეთუ მათ დასცნეს მრავალნი მჴნედ მბრძოლნი ბუმბერაზნი სინდთანი ხოლო სინდთა მეფე იყო ქალაქსა შინა სინდიას. მაშინ ყოვლითა ძალითა მათითა მივიდეს სინდიას, და მუნ მოხუდეს ბრძოლანი ძლიერნი, და დღეთა ყოველთა გამოვიდის თჳთ სინდთა მეფე, რამეთუ იყო იგი მჴნე გოლიათი და შემმართებელი, და გამოიტანნის მჴედარნი სინდეთისანი, და იყვის ბრძოლა ბუმბერაზთა; რომელსა-მე დღესა მათ სძლიან და რომელსა-მე მათ. და სინდთა მეფემან სძლო თავის-თავითა ყოველთა ბუმბერაზთა მბრძოლთა მისთა, და არა მიხუდეს იგი და ვახტანგ ბრძოლასა შინა დღეთა მრავალთა.

მაშინ სინდთა მეფემან ველსა მას ზედა, კართა ქალაქისათა, ღამე თხარა მთხრებლი დიდი დასამალავად შიგა მჴედართა, და სიმარჯჳთ დაუტევნა გზანი გამოსავალნი, და ჩაადგინნა მუნ შინა მჴედარნი ათნი რჩეულნი. და დილასა ადრე გამოგზავნა ბუმბერაზი ერთი. და მას დღესა ხუედრი იყო ვახტანგისი კართა ცვისათჳს. და მიდგა ესე ბუმბერაზი და სთხოვა ბრძოლა თავის-თავ, რათა-მცა წარიტყუა და შეჰჴადა მჴედართა მათ ზედა. მაშინ საურმაგ, ეჯიბი ვახტანგისი, განვიდა და რქუა: „არა ხარ შენ კადნიერ ბრძოლად მეფისა, არამედ მე გებრძოლო, მონა მონასა”, და მიეტევა. ხოლო სინდელი იგი გაიქცა, და მისდევდა საურმაგ ჩუეულებისაებრ: რამეთუ მრავალ-გზის ბრძოლილ იყო ველსა მას ზედა. და ვითარ წარჴდა დამალულთა მათ, მჴედართა, გამოუჴდეს ზურგით მისსა და იგი მეოტი შემოიქცა. ხოლო საურმაგ სცნა ჰოროლნი წინასა მას და მოკლა, ხოლო ათთა მათ მოკლეს საურმაგ.

მაშინ მიეტევა თჳთ ვახტანგ მეფე და მის თანა სამნი იგი წარჩინებულნი მისნი: არტავაზ, ბივრიტიან და ნასარ, და მათ თანა ლეონ ბერძენი. ხოლო სინდელნი იგი ივლტოდეს, და მისდევდა ვახტანგ მოყუსით-ურთ ვიდრე კართამდე ქალაქისათა, და სინდნი იგი შეივლტოდეს ქალაქად. მაშინ ვახტანგ სავსე მწუხარებითა შეიქცა, და იგლოვდა გუამსა ზედა საურმაგისსა, ვითარცა ძმისა საყუარელისასა. რამეთუ თანა-ზრდილ იყო მისი, ძმის-წული მამა-მძუძისა მისისა, არტავაზის მამისა, ერთ-გული, მისანდობელი და ქუელი.

არაკი სინდთა მეფისა

[edit]

მაშინ სინდთა მეფე გამოდგა კართა ქალაქისათა, და ჴმა ყო ჴმითა მაღლითა, და რქუა: „ ვახტანგ მეფეო, მსგავსი ხარ შენ ყუავისა მის უგუნურისა, რომელმან პოვა ქორი მოწყლული და გაგლეჯილი არწივისაგან, რომელსა ვერ ეძლო აფრენა და მიახლებულ იყო სიკუდილსა. და არა ქმნა ყუავმან მან ვითარცა წესი არს ყუავისა. რამეთუ სხუამან ყუავმან ოდეს იხილის ქორი, იწყის ჴმა-მაღლად ყივილი, და ასმინის სხუათა-ცა, და დაესხის სიმრავლე ყუავთა ქორსა, რათა-მცა განიოტეს საყოფელთაგან მისთა, და უშიშად-მცა დაყვნეს დღენი მათნი რამეთუ პირუტყუთა-ცა იციან სარგებელი თავისა მათისა.

„არა ქმნა ყუავმან ესე-ვითარი, არამედ შეიწყალა ქორი იგი, ვითარცა კეთილის-მყოფელი მისი; დაუტევა ზრდა მართუეთა თჳსთა, და მარადის უკრებნ მკალსა და გუელსა, რამეთუ სხჳსა შეპყრობა არა ძალ-უც ყუავსა, და მით ზრდიდა ქორსა. ვითარცა მოეზარდნეს ქორსა მას ფრთენი, თქუა გონებასა თჳსსა: „ესე-რა დღეთა მრავალთა გაზრდილ ვარ მკალითა და გუელითა, და არა მომცემია ძალი მამა-დედათა ჩემთა, რამეთუ მკალითა ვერ განვძლიერდები. თუ-მცა ძალ-მედვა მიწევნა მფრინველთა და მით გამოზრდა თავისა ჩემისა, არამედ შევიპყრა ყუავი ისი, მზრდელი ჩემი, შევჭამო და განვისუენო ორ დღე: მომეცეს ძალი და ვიწეო წესისაებრ ნადირობად, მამათა ჩუენთაებრ”. რომლისათჳს-ცა აღასრულა ესე, შეიპყრა ყუავი იგი და შეჭამა. მიერითგან იწყო ნადირობად დიდთა და მალეთა მფრინველთა. არა მიეცა ყუავსა მას ქება მოწყალებისა მისთჳს, არამედ უგუნურად და თავისა მკლველად ითქმის. არ-ცა მიეცა ქორსა მას შუედრება უწყალოებისა და კეთილის-უჴსენებლობისა; რამეთუ იგი არს გუარი და წესი ქორისა: განილეოდა და მოკუდებოდა მკალითა, და ქმნა წესისაებრ, და განერა სიკუდილისაგან ხოლო ყუავმან მან არა წესისაებრ ქმნა, და მით-ცა მოკუდა.

„აწ სპარსნი, რომელნი პირველითგან მოაქამომდე და წაღმართ მიუკუნისამდე მტერნი არიან ჯუარის-მსახურთანი, ჟამსა შინა, უღონოებით, ლიქნით ყვიან სიყუარული; და ოდეს ეცის ჟამი, არა ყვიან წყალობა და კეთილის-ჴსენება. ესე, ბევრის-ბევრეულ-ჯერ ქმნილი, გუასმიეს წიგნთაგან. და ოდეს იხილენ სპარსნი ჩემ მიერ შეკნინებულნი, არა ჰყავ იგი, რომელი ჯერ იყო შენდა საქმედ, სიხარული და მადლისა შეწირვა ღმრთისა შენისა, და ზრახება სხუათა-ცა ნათესავთა, და მტერთა აღზრზენა სპარსთა ზედა, და შეწევნა მტერთა სპარსეთისათა. არა ჰყავ ესე-ვითარი, არამედ დაგიტეობიეს საყოფელი მამათა შენთა, და წინამძღუარ ქმნილ ხარ სპასა დიდსა საქრისტიანოსა საბერძნეთისასა, და მოგივლია ორისა წელიწდისა გზა, და მოსრულ ხარ ძალად სპარსთა, რათა-მცა განძლიერდეს, და მოიწყუნეს, და წარგწყმიდეს შენ და ქუეყანა შენი, და დაიპყრეს წარსაწყმედელად ყოველთა ჯუარის-მსახურთა. ჭეშმარიტად ამას იმზადებ თავისა შენისათჳს და ყოველთა ჯუარის-მსახურთათჳს. რად ვთქუ მე შენთჳს ყუავისა იგავი? რამეთუ მეფე ხარ თჳთ-მპყრობელი და ახოვანი, და ნებითა შენითა მიგიცემია თავი შენი მონად მტერთა შენთა. და ვითარ არა უგუნურად ვთქუა თავი შენი?”

არაკი ვახტანგ გორგასლისა

[edit]

მაშინ ვახტანგ რქუა: „გეგონა შენ, ვითარმედ სიბრძნით გამონახულად იზრახე, არამედ ცრუ არიან სიტყუანი ეგე შენნი. მე გითხრა და გაუწყო ჭეშმარიტი: უგუნურო, მსგავს ხარ შენ თაგჳსა მის მთხუნველისა, რომელსა არა ასხენ თუალნი, და საყოფელი მისი არს მიწასა ქუეშე; და არა უწყის ბრწყინვალება მზისა და შუენიერება ველთა; და დაჯერებულ არს იგი ცხოვრებასა თჳსსა, რამეთუ ეგე-ოდენი ჰგონიეს მას. ცხოვრება ყოველთა იძრვისთა, ვითარსა ცხოვრებასა თჳთ არს; და არა სურვიელ არს ხილვად ნათელსა და შუენიერებასა ცისა და ქუეყანისასა.

„ეგრეთ-ვე შენ ბრმა ხარ გონებისა თუალითა, და ყრუ ხარ გონებისა ყურითა: არა ხედავ, არ-ცა გესმის, და არ-ცა უწყი ცხოვრება სულიერი; და არ-ცა სურვიელ ხარ შენ მისლვად ცხოვრებასა მას საუკუნოსა, ნათელსა მას დაუსრულებელსა, დიდებასა მას მოუგონებელსა და მიუწდომელსა. და არ-ცა იცნობ შენ ღმერთსა შემოქმედსა ყოვლისასა, რომლისა მიერ შეიქმნა ყოველი-ვე.

„არა მიქმნია მოსლვა ამას ქუეყანასა დიდებისათჳს ამა სოფლისა, არ-ცა მსახურებისათჳს სპარსთა მეფისა, არამედ მსახურებისათჳს ღმრთისა დაუსაბამოსა, სამებისა ერთარსებისა, დამბადებელისა ყოველთასა, დიდებისათჳს მერმისა საუკუნოსა დაუსრულებელისა. რამეთუ ჩემითა აქა მოსლვითა პირველად გამომიჴსნია იერუსალემი, წმიდა ქალაქი, სადა დადგეს ფერჴნი უფლისა ჩუენისა იესოს ქრისტესნი, და მუნ აღასრულა ყოველი-ვე ჴსნისათჳს სულთა ჩუენთასა. და შემდგომად ყოველი საქრისტიანო დამიჴსნია მოოჴრებისაგან, რამეთუ მისცემოდა ჟამი სპარსთა მეფესა მოტყუენვად ყოვლისა საქრისტიანოსა.

„დაღათუ-მცა ქუეყანა ჩემი დაცულ იყო ძალითა ქრისტესითა და სიმჴნითა სპათა ჩემთათა არამედ უცალო იყვნეს ბერძენნი და ვერ წინა-აღუდგებოდეს და ესრეთ ჯერ არს ჩუენ ქრისტეს მოსავთაგან, რათა ერთისა მოყუსისა ჩუენისათჳს დავდვათ სული ჩუენი. ხოლო ბევრისა-ბევრეული სული დაჴსნილ არს ჩემითა აქა მოსლვითა, და ამისთჳს მიქმნიეს ესე, რათა ღმერთმან დამბადებელმან შეიწიროს მსახურება ესე ჩემი, და აღმისუბუქნეს ცოდვანი ჩემნი. და რომელ სთქუ შენ, თუ „მოიწყონ რა სპარსთა, მტერ ექმნებიან ქრისტიანეთა”, მე ძალითა და შეწევნითა ქრისტესითა ჟამსა ამას დამიჴსნიან ქრისტიანენი ჭირისაგან დიდისა, და უკანას ღმერთმან დამბადებელმან წყალობა ყოს კუალად მოსავთა მისთა ზედა.

„დაღათუ-მცა არა იყო მიზეზი ქრისტიანეთა ჴსნისა, და თჳთ ძალად სპარსთა მოსრულ ვიყავ აქა. ჯერ იყო ესე-ცა პირველად ნათესაობისათჳს და შემდგომად ამისთჳს, დაღაცათუ არა ჭეშმარიტსა სჯულსა ზედა არიან სპარსნი, არამედ მეცნიერნი არიან ღმრთისა დამბადებელისანი, და რწამს ცხოვრება სულიერი ხოლო თქუენ სრულიად უმეცარნი ხართ ღმრთისანი და უგულისხმო, ვითარ-ცა ცხენი და ჯორი. ვითარ უკუე არა-მცა მსახურებად შეიწირა ღმერთმან დამბადებელმან ყოვლისამან.

„და საწუთოსა-ცა ამის საქმეთაგან საძაგელ არს გონება შენი. რამეთუ ქორმან ღადარმან, რომელმან შეჭამა ყუავი იგი, მზრდელი მისი, აქებ ნაქმარსა მისსა ხოლო ბუნება ჩუენი ესე არს, რათა კეთილის-მყოფელისა ჩუენისათჳს დავდვათ სული ჩუენი, და მოვიგოთ მადლი ღმრთისაგან, და ვპოვოთ ცხოვრება საუკუნო, და სოფელსა ამას მოვიგოთ ქება კაცთაგან და სახელსა ზედა ღმრთისასა და მცნებათა მისთათჳს თუ მოვკუდეთ, უკუდავნი-ვე ვართ, და სიკუდილისაგან ცხოვრებად მივიცვალებით”.

მაშინ რქუა სინდთა მეფემან: „ცუდ არს სიგრძე ზრახვისა ჩუენ შორის, არამედ რომელ სთქუ შენ, თუ სახელისათჳს ღმრთისა ჩემისა მოვკუდე, სიკუდილისაგან ცხოვრებად მივიცვალები, მაშა უკეთუ კაცმან უწყოდის მის ზედა მომავალი დიდება და კეთილი, ჯერ არს ესრეთ, რათა ისწრაფოს მიმთხუევად სუფევისა მის. აწ უკუე ჭეშმარიტად უწყი სუფევად მისლვა შენი. გამოვედ ბრძოლად ჩემდა, რათა ჩემ მიერ მიიცვალო დღეს სიკუდილისაგან ცხოვრებად; რამეთუ წარჩინებული ისი შენი წარმოვლენია წინამორბედად შენდა, რათა განგიმზადოს სადგური შენი”.

რქუა ვახტანგ: „აწინდელი სიკუდილი არა მიჩნს სიხარულად, რამეთუ ცოდვილი ვარ, და არა სრულიად აღმისრულებია მცნება ღმრთისა, და არა სრულიად აღმიჴოციან ცოდვანი ჩემნი სინანულითა, არამედ ძალითა ქრისტესითა არა მეშინის მე შენგან სიკუდილისა; რამეთუ იგი არს მფარველი ჩემი, რომლისა მიერ დაცულ ვარ ყოვლად-ვე; და მრავალ-მოწყალემან ღმერთმან, მრავლითა ძალითა მის-მიერითა, ჩემ მონისა მისგან მოგკლას მგმობარი მისი, და სული შენი წარვიდეს ბნელსა მას გარესკნელსა, ცეცხლსა უშრეტსა”.

მაშინ გამოვიდა სინდთა მეფე, და ვახტანგ რქუა მოყუასთა თჳსთა: „ღმერთსა ევედრენით, და ზურგით კერძი ჩემი განმიმაგრეთ”. და განვიდა ვახტანგ, და ორთა-ვე მათ აქუნდა ჰოროლები. მაშინ იწყეს რბევად მრგულივ ნავარდსა, და ღონესა ეძიებდეს ორნი-ვე, რათა-მცა შეჰყვეს წუერსა ჰოროლისასა. მაშინ დაიჟამა სინდთა მეფემან შეყოლა ვახტანგის ჰოროლის წუერისა და შეუტევა, რათა-მცა სცნა ჰოროლნი. ხოლო სიმჴნითა და სიკისკასითა ტანისა მისისათა მიუდრკა ვახტანგ ჰოროლსა და წარჴდა, და შემოუმრგლო ვითარცა გრიგალმან და სცნა ჰოროლნი სინდთა მეფესა ბეჭსა მარცხენასა. ვერ უფარა სიმაგრემან საჭურველისამან, და იწყლა წყლულებითა დიდითა. რამეთუ წინათ განავლო წყრთა ერთი. და ჩამოიჭრა სინდთა მეფე, და მივიდა ზედა ვახტანგ, ჩაჰყო ჴელი და უპყრა ფერჴი მისი, და თრევით მიიღო წინაშე სპარსთა მეფისა.

მაშინ ყოველმან სპამან ჴმითა მაღლითა შეასხეს ქება ვახტანგს, და აღივსო სიხარულითა სპარსთა მეფე და ყოველი ბანაკი მისი. და მოვიდოდეს ყოველნი წარჩინებულნი წინაშე ვახტანგ მეფისა ძღუნითა, და შესწირვიდეს ძღუენსა. მაშინ სპარსთა მეფემან მოიყვანა მკურნალი ჴელოვანი და დაადგინა ზედა სინდთა მეფესა, რათა განიკურნოს წყლულებისაგან, და მის მიერ წარიღოს ყოველი სინდეთი. ხოლო სინდთა დაიჭირეს ნაცვლად მეფისა მათისა ძე მისი.

მაშინ მეფემან ვახტანგ აზრახა სპარსთა მეფესა განტევება სინდთა მეფისა, აღება ხარკისა და მძევალთა, რამეთუ ვერ წარიღებდეს სინდეთსა. არამედ სთნდა სპარსთა მეფესა განზრახვა ვახტანგისი: განუტევა სინდთა მეფე, აღიღო.მისგან ხარკი ორი ეგზომი, რომელი აეღო ჰინდოთაგან, და ორნი შვილნი მძევლად. და ესე ხარკი სინდთა სპარსთა მეფემან ყოველი მიანიჭა ვახტანგს.

მაშინ მეფე იგი სინდთა დაემოყურა ვახტანგს სიყუარულითა დიდითა: პირველად ამისთჳს, რომელ, ოდეს შევარდა ჴელთა ვახტანგისთა, არა მოკლა და ცოცხლებით მიიყვანა წინაშე სპარსთა მეფისა; და შემდგომად ამისთჳს, რამეთუ ვახტანგის მიერ-ვე განთავისუფლდა ტყუეობისაგან. და უძღუნა ვახტანგს ძღუენი მიუწდომელად დიდ-ძალი. და წარმოვიდეს სინდეთით წელსა მეოთხესა სინდეთს შესლვისა, და დარჩომოდეს მოუოჴრებელად ქალაქნი სინდეთისანი: სინდილა, თოფორი, კიმრაი.

აქა სპარსთა მეფისა და ვახტანგ გორგასლისაგან შესლვა აბაშეთს და დაჭირვა აბაშეთისა მათგან

[edit]

და მოვიდეს მუნით აბაშეთს. ხოლო აბაშნი მსხდომარე იყვნეს ქუეყანასა, რომელსა მოსდგმიდა წყალი და ლერწმოანი, რომელსა ვერ იარებოდა ნავი, და ვერ-ცა ოთხ-ფერჴი, არამედ საზღვართა ზედა არს სპარსთასა, და სულ-გრძელად ჰბრძოდეს. რამეთუ წყალი იგი რომელ შესდიოდა, გარდაუგდეს, და ლერწმოანი იგი დაწუეს ცეცხლითა, და წარმოტყუენეს აბაშეთი ყოველი. და განყვნა მეფემან სპარსთამან აბაშნი ორად: და ნახევარნი დაუტევნა ადგილსა-ვე ზედა, და ნახევარნი წარმოიყვანნა ვითარ სახლი ათასი, და განყვნა იგინი ადგილითი-ადგილად. და ესე არიან ქურდნი, ნათესავნი იგი რომელ წარმოტყუენნა აბაშთაგან.

და წარმოვიდა ვახტანგ წელსა მერვესა შესლვით მისითგან სპარსეთად ვიდრე ანტიოქიამდე, და მოვიდა ურაჰად. ხოლო სპარსთა მეფე აძლევდა ვახტანგს ცოლად თჳსთაგან მეფეთასა. ხოლო ვახტანგ რქუა: „არა ჯერ არს ჩემგან ორთა ცოლთა პყრობა, რამეთუ მივის მე ცოლი ასული კეისრისა”. დაუმძიმდა ესე მეფესა ხუასროს, არამედ ვერა რქუა, ხოლო ვახტანგ მშჳდობით პოვნა დედა და დაჲ მისი, და წარმოვიდეს ვიდრე განსაყოფელსა ბერძენთა და სომეხთასა.

და წარვიდა ლეონ ბერძენი და სპა მისი შიმშატად. ხოლო ვახტანგ წარავლინა მოციქული წარმოყვანებად ცოლისა მისისა, და პეტრესთჳს კათალიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსისა. წარმოვიდა ვახტანგ ქართლად, და მიეგება ძე მისი დაჩი და მის თანა ყოველნი სპასალარნი, და მათ თანა ეპისკოპოსნი. და ვითარცა ცნა ეპისკოპოსმან, ვითარმედ წარავლინა მეფემან მოციქული მოყვანებად კათალიკოსისა და ეპისკოპოსთა, დაუმძიმდა მას ზედა. და იწყო რე-ცა ამბოხებად და მიზეზობად, და მიუვლინა მეფესა და რქუა, ვითარმედ: „შენ დაგიტეობია ქრისტე და ცეცხლსა ესავ”. ხოლო ვახტანგ მოუვლინა, ვითარმედ: „ძალითა ქრისტესითა შევედ და სიმართლით გამოვედ ძალითა-ვე ქრისტესითა, და უბრალო ვარ, ღმერთმან იცის მაგრა წარმივლენია მოციქული მოყვანებად კათალიკოსისა და ეპისკოპოსთა”.

და ვითარცა ესმა ესე ეპისკოპოსსა, დაიდასტურა; და ჰგონებდა, რათა შფოთითა დააცადოს საქმე იგი და მოსლვა მათი, და კრულ ყო მეფე და ყოველნი სპანი მისნი. ხოლო მეფემან თქუა: „დაღაცათუ უბრალო ვართ, სიმდაბლე ჯერ არს ჩუენგან” და მივიდა მეფე, და გარდაჴდა საჴედარსა, რათა-მცა შეემთხჳა ფერჴთა ეპისკოპოსისათა. და განძრა მან ფერჴი, და მიამთხჳა პირსა მეფისასა ფანდაკითა და შემუსრა კბილი მისი. ხოლო მეფემან თქუა: „სილაღე ესე ამპარტავანებისა არს საცთური ეშმაკისა; უკეთუ სიმრავლემან ცოდვათა ჩემთამან აღგძრა, არა გაქუს ჴელმწიფება ბოროტისა, არამედ შენდობისა, ვითარცა იტყჳს სახარება, ვითარმედ: არა დაშრიტო პატრუკი მგზებარე, არ-ცა განსტეხო ლერწამი დაჩეჩქჳლი”. ხოლო შენ ჰგონებ ვითარ-მცა შენითა სივერაგითა ჩუენ დაგუაცადენ სიყუარულსა ქრისტესსა. მაშინ გამოჩნდა ცხადად, რაჟამს გესმა უმთავრესისა შენისა ქართლად მოყვანება, და აღეგზენ შურითა ბოროტად, ვითარცა იუდა პეტრესითა; რამეთუ შენ ხარ ვითარცა იუდა, ხოლო ეკლესია ვითარცა პეტრე. ვეცხლის მოყუარე ხარ შენ, რამეთუ შენ-ცა მეგუადრუცე ხარ ქრისტესი. აწ მიგავლინო შენ პატრიაქისა კოსტანტინეპოლედ და, ვითარცა ჯერ იყოს, განგიკითხოს”.

და წარსცა იგი დიასპანთა, და მის თანა კბილი მისი, და შეუთუალა, რათა კათალიკოსი და თორმეტნი ეპისკოპოსნი სწრაფით წარმოავლინენ. და მათ შორის-მცა არს პეტრე კათალიკოსად და სამოელ ეპისკოპოსად, და სხუანი ვინ-ცა სთნდენ. და ვითარცა მიაწიეს მიქელ ეპისკოპოსი, რქუა მას პატრიაქმან: „ვინათგან დაითხია სისხლი შენ მიერ ქუეყანა/სა ზედა, არღარა ღირს ხარ შენ ეპისკოპოსად, და კადრებისათჳს მეფისა თანა-გაც შენ სიკუდილი, ვითარცა იტყჳს: დაემორჩილენით თქუენ მეფეთა, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბიეს, რამეთუ ღმრთისა მიერ მთავრობს, ვითარცა ლომი შორის ცხოვართა”. და ექსორია ყვეს მიქელ ეპისკოპოსი მონასტერსა მღჳძარეთასა.

და წარავლინეს პეტრე მღდელი და სამოელ მონაზონი ანტიოქიას. და მიუწერეს ანტიოქიისა პატრიაქსა მეფემან და პატრიაქმან კოსტანტინეპოლელმან ესრეთ, ვითარმედ: „პირველად, დასაბამსა ქართლის მოქცევისასა დედა-კაცისა ჰრომაელისა ნინოს მიერ, განივლინა აქათ ეპისკოპოსი, რამეთუ შორის სპარსთა და ბერძენთა შფოთი იყო, და მით ვერ მოაწიეს საქმე ესე ჯერისა-ებრ სჯულისა: რამეთუ ჩუენ უწყით, ვითარმედ ქართლი და აღმოსავლეთი და ჩრდილო მაგის წმიდისა საყდრისანი არიან, ვითარცა განაწესეს მოციქულთა სახარებასა შინა, რომელ არს უწინარესობა”. და მიუწერეს ყოველი საქმე დიდისა ვახტანგ მეფისა, ვითარმედ: „ეპისკოპოსი იგი, რომელი მათ მიერ დადგინებულ იყო, უკუ-ვადგინეთ, და დღეს იცოდეთ ახალ-ნერგ/ად ჭეშმარიტად ქართლი. აწ ორნი ესე მათნი თხოილნი აკურთხენ, სხუანი თორმეტნი, ვინ-ცა-ვინ შენ გენებოს, იგინი აკურთხენ. და ჩუენდა წარმოვიდენ, რათა ჩუენ ნიჭითა და საჴმრითა ყოვლითა განუტევნეთ”. და ანტიოქელმან პატრიაქმან აკურთხნა თორმეტნი ეპისკოპოსნი და პეტრე კათალიკოსად.

და მოვიდეს კოსტანტინეპოლედ, და მეფემან მისცა ნიჭი დიდ-ძალი, და ასული თჳსი მისცა, სახელით ელენე, მეფესა ვახტანგს, და გამოავლინა იგი სპითა დიდითა ვიდრე საზღვართამდე სომხითისათა. და მუნ მიეგება ვახტანგ მეფე, და შეიქცეს სპანი ბერძენთანი. და წარმოვიდეს მცხეთად.

ხოლო მცხეთას მეფემან ვახტანგ აღაშენა ეკლესია მოციქულთა სუეტი ცხოველი, და უპყრა სუეტსა შინა სამხრით ადგილსა მას, სადა-იგი დაცემულ იყო ეკლესია, რომელ არს სიონი დიდი. და მუნ შინა დასუეს პეტრე კათალიკოსად და სამოელ ეპისკოპოსად მცხეთასა-ვე საეპისკოპოსოსა.

და დასუა ერთი ეპისკოპოსად კლარჯეთს, ეკლესიასა ახიზისასა; ერთი არტანს ერ/უშეთს; ერთი ჯა/ვახეთს, წუნდას; ერთი მანგლისს; ერთი ბოლნისს; ერთი რუსთავს; ერთი ნინოწმიდას, უჯარმის კარსა, რომელი გორგასალსა აღეშენა; ერთი ჭერემს, მისსა-ვე აღშენებულსა, და მუნ ქმნა ქალაქი ერთი შორის ორთა-ვე ეკლესიათა, რომელი-იგი მან-ვე აღაშენა; ერთი ჩელეთს, რომელი სოფელსა და აღაშენა; ერთი ხორნაბუჯს და ერთი აგარაკს, რომელ არს ხუ/ნანს გამართებით.

შემდგომად მისსა აღაშენა ეკლესია ნიქოზისა საგზებელსა თანა ცეცხლისასა. და დასუა ეპისკოპოსი, სადა-იგი ეფლა გუამი წმიდისა რაჟდენისი, რომელი იწამა სპარსთა მიერ წყობასა ვახტანგისსა.

ესე რაჟდენ იყო მამა-მძუძე ვახტანგის ცოლისა, რომელი-იგი პირველ მოეყვანა სპარსთა მეფისა ასული; და მოიქცა იგი ქრისტიანედ, და იქმნა იგი დიდად მორწმუნე; და იყო იგი ბრძოლასა მას შინა ძლიერ, შეიპყრეს იგი სპარსთა და აიძულებდეს, რათა-მცა უარ-ყო ქრისტე. ხოლო მან წმიდამან აღირჩია წარუვალი იგი დიდება და იწამა ქრისტესთჳს.

და ესხნეს ვახტანგს ბერძნისა ცოლისაგან სამ ძე და ორ ასულ. ხოლო ძესა მისსა პირმშოსა პირველისა ცოლისასა, დაჩის, მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრესისა. და ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელ არს ხორნაბუჯი; და ყოველი ქუეყანა მტკუარსა აღმოსავლით. და თჳთ ვახტანგ დაჯდა უჯარმოს, და აღაშენა იგი ნაშენებითა უზომოთა. და დაჲ მისი ხუარანძე მისცა ბაკურს ცოლად, პატიახშსა სომხითისასა.

და ვითარცა წარჴდეს ამას შინა ჟამნი რა-ოდენნი-მე, მოკუდა ხუასრო, მეფე სპარსთა, და დაჯდა მის წილ ძე მისი ხუასრო. და განძლიერებულ იყვნეს სპარსნი, რამეთუ ყოველნი მტერნი მათნი დაემორჩილნეს შესლვითა ვახტანგისითა, და წარმოემართა იგი ბრძოლად ბერძენთა, და მოუვლინა გორგასალსა მოციქული და რქუა: „მოკუდა მამა ჩემი, და მეფე მყო მე ყოველმან ერმან მისმან საყდართა მისთა ზედა და ესრეთ მიბრძანეს მოხუცებულთა ჩემთა, რათა მოვიდე წინაშე შენსა და ვერჩდე ბრძანებასა შენსა, და შენ წარმიძღუე ჩუენ, მეფეო, წინა-მძღურად ჩუენდა შესლვასა ამას ჩუენსა საბერძნეთად. და მომეც ასული შენი ცოლად, რათა ვიყო მე ვითარცა ერთი შვილთა შენთაგანი”. და ვითარცა მოვიდა მოციქული წინაშე ვახტანგ მეფისა, და ვახტანგ აშენებდა ქალაქსა ტფილისისასა და საფუძველი ოდენ დაედვა.

და ვითარცა უთხრა მოციქულმან შეთულილობა ხუასრო მეფისა, თქუა მეფემან: „ამისთჳს თქჳან: მჭედელო, გამახუე მახჳლი შენი, რათა მსწრაფლ განეწონოს. ასოთა შენთა”. მაშინ ვახტანგ დღეთა მიწევნულ იყო ვითარ სამოცისა წლისა და თქუა ესრეთ: „უთხართ მეფესა ხუასროს: პირველად განემზადე ბრძოლად ჩუენდა, და ეგრე შევედ საბერძნეთად, რამეთუ ძალნი რომელნი იქმნნეს ყოველნი ძალითა ჯუარისათა იქმნნეს. აწ ცხოვრება ჩუენი იყავნ სასოებითა ჯუარ-ცმულისათა”.

და წარავლინა ქადაგი, რათა დაუტეონ სოფლები და ქალაქები, რომელი იყო არა ძლიერი, და შეივლტო/დიან კავკასიანთა და კახეთად, რამეთუ კახეთი ტყე იყო და შეუვალი მტერისა მიერ. ხოლო დაჩი მეფე და დის-წული მისი გარდავიდეს კახეთად, და შედგეს ჴევსა ლოპოტისასა, ქუეყანასა მას კლდითა მოზღუდვილსა (და იყვნეს სოფლისა მის კაცნი ცეცხლისა და წყლისა მსახურ, და სავსე იყო ჴევი იგი სიმრავლითა კაცთათა ვიდრე ნოსრამდე), ხოლო გორგასალისა ცოლი და შვილნი – უჯარმის ჴევსა. და წინასა ციხესა თჳთ შედგა, და მის თანა ჯუანშერ და ადარნასე. ხოლო მცხეთას დემეტრე და ნერსე და ბივრიტიანი დაუტევა, წარავლინა მოციქული და მიუმცნო კეისარსა.

აქა სპარსთა მოსლვა ქართლს ვახტანგ გორგასალ ზე საომრად, და ვახტანგისგან სპარსთა მეფის შვილის ბარტამის მოკლვა

[edit]

და მოვიდა ხუასრო მეფე და შემუსრნა ქალაქი კამბეჩოანი, და ჭერმისა ციხე, და ველის-ციხე. და ვითარცა მოიწივნეს კახეთად, დაიბანაკეს იორსა ზედა. ხოლო სპანი ვახტანგისნი დადგეს ველსა ზედა, გარემოს ციხე-ქალაქსა, სადა ჰქჳან დარფაკა. და შეიბნეს იორსა ზედა, და სამ დღე ყოველთა დღეთა იბრძოდეს, და დაეცემოდა ორთა-ვე სპათაგან ურიცხჳ. მაშინ ვახტანგ მოუწოდა პეტრე კათალიკოსსა და რქუა: „უწყოდე, რამეთუ არა ხარკისა მიცემისათჳს გუბრძვანან, არამედ ქრისტეს დატეობისათჳს. აწ მე ესე განმიზრახავს, რამეთუ ცხოვრებასა ჩემსა სიკუდილი უმჯობეს არს სახელსა ზედა ქრისტესსა, რათა სასუფეველი გუაქუნდეს, აღთქმული მათ თანა, რომელთა ეტყჳს: რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი”.

რქუა მას პეტრე კათალიკოსმან: „გიხილვან საქმენი, რომელნი არა-ვინ ნათესავთა შენთაგანმან იხილნა, შეწევნანი ქრისტესმიერნი. რამეთუ უწყის სიბრძნემან შენმან, ვითარმედ მტერი იგი გამომცდელი ჩუენი აცილობს ღმერთსა ჩუენთჳს ვითარცა იობისთჳს; რამეთუ ღმერთი მიუშუებს მოძულებულთა მათ თჳსთა წარწყმედად, ხოლო შეყუარებულთა თჳსთა განღმრთობად. იყავ შენ, ვითარცა გაზრახოს ღმერთმან, დაღაცათუ არა მოჰკუდეთ, მოვკუდეთ”. და ამით სიტყჳთა ამხილა, ვითარმედ წყობასა მას არა დარჩეს, და რქუა: „არა-ხოლო-თუ ქართლი მიეცეს განსარყუნელად, არამედ იერუსალემი-ცა, რომელ არს მშობელი ყოველთა შვილთა ნათლისათა”.

და რქუა მეფემან: „დადეგ ეკლესიასა შინა რაჟდენ წმიდისასა, რომელი რაბატსა შინა უჯარმოსასა აღმიშენებიეს; და ვეჭუ, ვითარმედ ყოველნი ქალაქნი გარემოს უჯარმოსა იძლივნენ, რამეთუ მტკიცენი და ძლიერნი ზღუდენი აქა დავსხენით”. და ყო ეგრე კათალიკოსმან. ხოლო ეპისკოპოსნი ყოველნი წმიდანი მუნ შეკრბეს.

და იყო ლაშქარი ვახტანგისი ორას ორმოცი ათასი, ხოლო სპარსთა – შჳდას ორმოცი ათასი. და განყო ვახტანგ ლაშქარი მისი სამად: და კლდით კერძო მოავლინა ქუეითი; და ერთ-კერძო მოავლინნა პატიახშნი და სპასპეტი; და სადათ სპარსთა მეფე იყო, მუნით თჳთ მივიდა ვახტანგ ვითარ ასი ათასითა სპითა.

ღამესა ნისლისაგან განცისკრებულსა ოდენ დაესხა ვახტანგ სპარსთა ზედა და რქუა ყოველსა ერსა მისსა: „ყოველი კაცი, რომელი დარჩეს სიკუდილისაგან და მტერთა ჩუენთაგანისა თავი ანუ ჴელი არა გამოიტანოს, ჩუენ მიერ მოკუედინ იგი”. და ცისკარი რა აღეღებოდა, დაესხა და შევლო ვიდრე პალატამდე მეფისა. შევიდა კარავსა შინა მეფისასა და მეფე შეესწრა ცხენსა ზედა, და ძე მისი ბარტამ მოკლა და მოჰკუეთა თავი მისი. და მუნ შინა სპარსმან ვინ-მე სცა ისარი მკერდსა ვახტანგისსა, და იყო ბრძოლა ვიდრე შუადღემდე. სძლო ვახტანგ სპარსთა მათ, და მოკლა მათგანი ვითარ ას ოცდაათი ათასი, ხოლო სპათაგან ვახტანგისთა მოკუდა ვითარ ოცდარვა ათასი. და წარმოიღეს ნატყუენავი ცხენი ვითარ ასი ათასი, და სრულიად ვერ იოტნეს სიმრავლისაგან. და აიყარა მუნით სპარსთა მეფე, და ჩადგა რუსთავს. და დამძიმდა წყლულება ვახტანგისი, რამეთუ შეწეულ იყო ისარი ფირტუად. და წარვიდა უჯარმოს, და უბრძანა სპასალართა ქართლისათა, რათა ადგილსა-ვე დგენ.

ცნეს სპარსთა, ვითარმედ დამძიმდა ვახტანგ წყლულებისაგან, მოაოჴრეს ტფილისი და არმაზი ქართლი, ხოლო მცხეთა ვერ დაიპყრეს გარნა რომელი ზღუდესა გარეგნით იყო, მოაოჴრეს, რომელი-იგი მუხნარით და არაგუსა ხერთვისსა იყო.

ხოლო ბერძენთა მეფე, სიმამრი ვახტანგისი, მოკუდა, და დაჯდა მეფედ ზენონ, ძე მისი. და გამოვიდა სპერად, გამოსლვად ქართლს. და ვითარცა ცნა სიმძიმე ვახტანგისი, დაადგრა კარნუ-ქალაქსა. და მივიდა მუნ ხუასრო, და შეიბნეს ხუასრო და კეისარი კარნიფორას. და დაიჴოცა ორთაგან-ვე სპათა, რომელ იქმნა სისხლისა მდინარე; და მის მიერ ეწოდა ადგილსა მას კარნიფორა რე-ცა სისხლისა მუცელი. და ვერ სძლეს ერთმან-ერთსა, რამეთუ სპანი ორთანი-ვე დაიჴოცნეს, და შეიქცა ხუასრო გზასა ქართლისასა.

ხოლო ვახტანგ შეიტყო სიკუდილი თავისა თჳსისა, და მოუწოდა კათალიკოსსა, და ცოლსა თჳსსა, და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა, და თქუა: „მე ესე-რა წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა, და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა. აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთჳს სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ”.

და რქუა ყოველთა წარჩინებულთა: „თქუენ, მკჳდრნო ქართლისანო, მოიჴსენენით კეთილნი ჩემნი, რამეთუ პირველად სახლისა ჩემისა მიერ მიიღეთ ნათელი საუკუნო, და მე ჴორციელებრითა დიდებითა გადიდენ თქუენ ნათესავთა ჩემთა. და სახლსა ჩუენსა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ, და სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტეობთ”.

და რქუა ძესა თჳსსა დაჩის: „შენ ხარ პირმშო შვილი ჩემი, შენდა მიმცემია გჳრგჳნი მეფობისა ჩემისა, და ნაწილად ძმათა შენთა მიმიცემია ტასისკარითგან და წუნდითგან ვიდრე სომხითამდე და საბერძნეთამდე, საზღვარი აფხაზეთისა, რომელი მოცემულ არს ეგრის-წყალსა და კლისურასა შუა, იგი თჳთ ძმათა შენთა დედისა არს, იგი აქუნდეს მათ, და იყვნენ შენდა ერის-თავად მორჩილებასა ქუეშე ნათესავისა შენისასა.

და მო/უწოდა ნასარს, ერის-თავსა წუნდისასა, და არტავაზს, ერის-თავსა კლარჯეთისასა, და ბივრიტიანს, ერის-თავსა ოძრჴისასა, და მათ მიათუალა ცოლი თჳსი ელენე და შვილნი მისნი, რომელთა ერქუა ლეონ და მირდატ, და შეავედრნა მათ სამთა-ვე ერის-თავთა ცრემლითა და შეხედვებითა ღმრთისათა.

მაშინ წარჩინებულთა და ყოველსა ერსა ზედა დღე იყო სასჯელისა, და იტყებდეს ყოველნი თავთა თჳსთა, ისხმიდეს ნაცარსა, და ყოველნი ინატრიდეს სიკუდილსა თავისა თჳსისასა; და ჴმისაგან ტირილისა და გოდებისა იძრვოდა ქუეყანა; და მორწმუნე ერი ჰნატრიდა მეფესა, რამეთუ ქრისტესთჳს მოიკლა. და მოკუდა ვახტანგ, და დაეფლა მცხეთას, საკათალიკოსოსა ეკლესიასა შინა სუეტსა თანა, რომელსა შინა არს ღმრთივ-აღმართებულისა სუეტისაგან დაპყრობით.

ჩანართი

და საფლავსა მისსა ზედა წერილ არს ხატი მისი, სწორი ასაკისა მისისა. აწ რომელ არს

აბჯარი და სამოსელნი მისნი მისგან უფრო საცნაურ არს.

მეოცდათოთხმეტე მეფე, დაჩი, ძე ვახტანგ გორგასალისა. ხოსროიანი

[edit]

და დაჯდა საყდარსა მისსა ძე მისი დაჩი, ხოლო ცოლი და ორნი ძენი ვახტანგისნი წარიყვანნეს სამთა მათ ერის-თავთა, და დაიპყრეს დასავლეთი ქართლისა, რომელი მისცა ვახტანგ. და დასხდეს წუნდას ქალაქსა ზაფხულის, და ზამთრის იყვნიან ოძრჴეს. და არა ეწოდა მათ მეფედ, არამედ ერის-თავთა-მთავრად, და იყვნეს მორჩილებასა ძმისა მათისა დაჩი მეფისასა.

ხოლო ამან დაჩი მეფემან იწყოშენებად ქართლისა, რამეთუ მოოჴრებულ იყვნეს ყოველნი ჴევნი ქართლისანი, თჳნიერ კახეთისა და კლარჯეთისა და ეგრისისა. და გ/ანასრულნა ზღუდენი ტფილისისანი, და, ვითა ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა სახლად სამეუფოდ.

და მოკუდა პეტრე კათალიკოსი და დაჯდა სამოელ. და მეფემან მას მიათუალა მცხეთა, რამეთუ ეგრე ებრძანა მეფესა ვახტანგს. ამან-ვე მეფემან დაჩი დაჰპატიჟა მთეულთა კახეთისათა, რათა აღიარონ ქრისტე, ხოლო მათ არა ინებეს, და განდგეს ყოველნი ნოპატელნი.

ხოლო ორთა-ვე მათგან ძეთა ვახტანგისთა, ნაშობთა ბერძნისა ცოლისათა, მოკუდა რომელსა ერქუა ლეონ, და დარჩა მირდატ ოდენ. ამას მირდატს დაევაჭრა ძმა მისი დაჩი: მეფემან გაუცვალა ქუეყანა, და აღიღო მირდატისგან ეგრის-წყალსა და კლისურასა შუა, მირდატის დედული საზღვარი საბერძნეთისა, და მისცა ნაცვლად ჯავახეთი ფარავნითგან მტკურამდე. დაიპყრა მირდატ, ძემან ვახტანგისმან, ფარავნითგან და ტასისკარითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა, და ერისთავობდა მუნ; და იყო მორჩილ დაჩი მეფისა, ძმისა თჳსისა. ამან აღაშენა ჯავახეთს ეკლესია წყაროსთავისა და მოკუდა დაჩი მეფე.

მეოცდათხუთმეტე მეფე, ბაკურ. ძე დაჩი მეფისა, ხოსროიანი

[edit]

და დაჯდა მეფედ ძე მისი ბაკურ. და მოკუდა ბაკურ.

მეოცდათექუსმეტე მეფე, ფარსმან, ძე ბაკურ მეფისა, ხოსროიანი

[edit]

და დაჯდა მეფედ ძე მისი ფარსმან და მოკუდა კათალიკოსი სამოელ, და დაჯდა კათალიკოსად თავფეჩაგ. და მოკუდა თავფეჩაგ, და დაჯდა კათალიკოსად ჩერმაგ.

და ვახტანგისითგან მოაქამომდე ესე მეფენი მშჳდობით იყვნეს, და შვილნი მირდატისნი ჰმონებდეს შვილთა დაჩისთა.

ამის ფარსმანის მეფობასა მოვიდეს სპარსნი, მოაოჴრეს ქართლი და რანი. ხოლო ფარსმან, მეფემან ქართველთამან, ითხოვა სპარსთ მეფისაგან, რათა არა მოაოჴრნეს. ეკლესიანი და იპყრას ქართლი სჯულსა ზედა ქრისტესსა. რამეთუ მას ჟამსა ბერძენნი უცალო იყვნეს: დასავლით მტერნი აღდგომილ იყვნეს, და ვერ შემძლებელ იყვნეს შეწევნად ქართველთა და წინა-აღდგომად სპარსთა. მაშინ სპარსთა მეფემან ისმინა ვედრება მისი და დაიცვნა ეკლესიანი. და ფარსმან დაუწერა მას მორჩილება და მსახურება, და წარვიდა სპარსთა მეფე.

მიერითგან განიყვნეს ნათესავნი ვახტანგ მეფისანი. რამეთუ შვილნი დაჩისნი ჰმორჩილობდეს სპარსთა, ხოლო შვილნი მირდატისნი დაადგრეს მორჩილებასა ბერძენთასა.

მოკუდა ფარსმან და დაჯდა მეფედ ძმის-წული მისი, რომელსა ერქუა ფარსმან-ვე.

მეოცდაჩვიდმეტე მეფე. ფარსმან. ძმის-წული ფარსმან მეფისა, ხოსროიანი

[edit]

და იყო იგი მორწმუნე ვითარ-ცა მამის ძმა მისი, და ჰმატა ყოველთა ეკლესიათა შემკობა.

ჩანართი

ხოლო ითხოვეს იუსტინიანესგან ქართველთა, რათა დასხდებოდენ კ(ათალიკო)ზად (?) ნათესავნი ქართველთანი. რამეთუ მოვიდოდიან კათალიკოსნი საბერძნეთით. ხოლო იუსტინიანე დაწერა წიგნი და დაბეჭდა თჳსითა ბეჭდითა ესრეთ, რათა დასხდებოდენ კათალიკოსად ნათესავნი ქართველთანი,

და აქუნდეს უაღრესობა ყოველთა ეკლესიათა და მღდელთ-მთავართა ზედა.

და მოკუდა კათალიკოსი ჩერმაგ, და ამან-ვე ფარსმან მეფემან დასუა საბა. აქათგან არღარა მოიყვანებდეს კათალიკოსსა საბერძნეთით, არამედ ქართველნი დასხდებოდეს, წარჩინებულთა ნათესავნი. და მოკუდა კათალიკოსი საბა, და მან-ვე მეფემან დასუა კათალიკოსად ევლათი.

მის-ვე ფარსმანის-ზე მოვიდა იოვანე შუა-მდინარით, რომელსა ეწოდა ზედაზადნელი, განმანათლებელი ქართლისა და განმწმედელი სჯულისა, მაშენებელი ეკლესიათა, რომელმან ქმნა სასწაულები და ნიშები მრავალი, მან და მოწაფეთა მისთა, რომელთა განაკჳრვნეს ყოველნი ქართველნი. დაიწერა ცხოვრება და სასწაულნი მათნი და დაისხნეს ეკლესიათა შინა ქართლისათა.

I ჩანართი (BPRTbd)

სახელები წმიდათა მოწაფეთა: იოვანე ზედაზადენელი, დავით გარესჯელი, სტეფანე ხირსელი, იოსებ ალავერდელი, ზენონ იყალთოელი, ანტონი მარტო-მყოფელი, ისე წილკნელი, თათე სტეფანწმიდელი, შიო მღჳმელი, ისიდორე სამთავნელი, აბიბოს ნეკრესელი, მიქელ ულუმბელი, პიროს ბრეთელი და ელია დიაკონი. მრავალნი სხუანი-ც დაემოწაფნეს წმიდასა მას მამასა, კაცნი წმიდანი და სულიერნი მამანი დაჰყუნეთ ჟამისათა და შემდგომად ოთხას ოცისა წლისა გამოიკითხა და გამოიძია წმიდამან მამამან ჩუენმან არსენი ქართლისა კათალიკოსმან; რომელი-მე წიგნთაგან აღმოვიკითხეთ და რომელი-მე მათგან სმენილ იყო საქმეთაგან მათთა. და აღვწერეთ ცხოვრება და მოქალაქობა წმიდათა მათ მამათა, საცნობელად ჩუენ მორწმუნეთა

და სადიდებლად სამებისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

II ჩანართი (BPRTbcd)

და აწ ვიწყოთ შემოკლებით ცხოვრება მათი.

იოვანე იყო ქუეყანით შუა-მდინარით, რომლისა მშობელნი არა უწყით, არამედ მხოლო მამა ზეცისა მშობელად მისა. აღიზარდა და სრულ იქმნა ყოვლითა სწავლითა, და შეიმკო სრულითა სათნოებითა. ამისთჳს მიენიჭნეს მას ღმრთისა მიერ სენთა კურნება, და ეშმაკთა ოტება, რომლისა მიერ მრავალნი სასწაულნი აღესრულებოდეს.

ვინათგან მრავალი წყინება ჰქონდა, ამისთჳს მეოტ იქმნა უდაბნოდ, და მუნ დაადგრა. ხოლო მუნ ბრძანება მოიღო ანგელოზისა მიერ, რათა ათორმეტით მოწაფითურთ თჳსით წარვიდეს ქართლად. და მოვიდა მცხეთას, და ბრძანებითა მეფისათა და კურთხევითა კათალიკოსისათა აღვიდა მთასა ზედა ზადენსა, და მუნ დაემკჳდრა დაყუდებით მუნ მთასა ზედა პირველითგან კერპნი აღმართებულ იყვნეს, და მით დამკჳდრებულ იყო მუნ ეშმაკთა სიმრავლე. ხოლო ლოცვითა წმიდისა მამისა იოვანესითა, ყოველი-ვე განიდევნა მთისა მისგან. ხოლო მოწაფენი მისნი წარგზავნა წინაძღომითა სულისა წმიდისათა, რომელი-მე ქართლს და რომელი-მე კახეთს, და რომელი-მე უდაბნოდ გარესჯად.

მაშინ მუნ დაადგრა იოვანე, ღირსი მამა ჩუენი, ერთისა ოდენ მოწაფითა, და მრავალნი წინა-აღმდგომობა და განსაცდელნი მოითმინნეს ეშმაკისა მიერ, და მძლედ გამოჩნდეს მათ ყოველთა ზედა.

ამისა შემდგომად მთასა მას ურწყულსა წყარო გემრიელი გამოადინა ღმერთმან ლოცვითა მისითა, რომლისა სმითა და ცხებითა მდაბიურთაგან მრავალნი სნეულნი განიკურნებოდეს.

ამისა შემდგომად დათვი წყაროსა მას ზედა მდგომელი მშჳდითა მოძღურებითა განიოტა; და მიერითგან არღარა-ვის ავნებენ დათვნი მის მთისანი კაცთა ვის-მე, ვიდრე დღეინდელად დღედმდე. ესრეთ განისწავლნეს დათვნი უმწყსნი.

მოჰგუარეს მას განრღუეული მრავალჟამეული, და ლოცვითა მისითა მყის განიკურნა. ხოლო სხუა მოიყვანეს კაცი, რომლისა თანა იყო ეშმაკი უტყუებისა: და ილოცა მისთჳს, და მყის დაუტევა ეშმაკმან და ივლტოდა მისგან. და განიკურნა კაცი იგი და ადიდებდა ღმერთსა. მრავალთა მისთა სასწაულთაგან მცირედნი ესე წარმოვთქუნი.

ოდეს მოიწია განსლვა მისი ჴორცთაგან, მოუწოდა ელია დიაკონსა და სხუათა ვიეთთა მოწაფეთა თჳსთა, ასწავა და განამტკიცნა. და იხილნა ზეცისა მჴედრობანი მოსრულნი მის ზედა, და შევედრა სული თჳსი ჴელთა შინა მათთა და დაიძინა მშჳდობით. შემურეს წმიდა გუამი მისი და მიიღეს საყოფელსა-ვე მას თჳსსა, სადა იღუაწა მთასა მას-ვე მუნ. ხოლო შემდგომად მიცვალებისა მრავალნი სასწაულნი აღესრულნეს, რომელთა სრული ცხოვრება წმიდისა იოვანესი მოგჳთხრობს.

წმიდა მამა დავით იყო ქუეყანით შუა-მდინარით, რომლისა მშობელთა არა მეცნიერ ვართ. ესე დამოწაფებული იოვანეს თანა მოვიდა, და განვიდა გარესჯასა უდაბნოსა, ერთისა ოდენ მოწაფითა, რომლისა სახელი ლუკიანე, რომელთა სიცხენი მზისანი და ნეფხვანი ზამთრისანი ფრიად მრავალნი მოითმინნეს ამისსა შემდგომად, ვითარცა მამა დიდისა ბასილისა, ირემთა მიერ გამოიზარდნეს. რამეთუ სამნი ირემნი ჩუკროსანნი მოვიდიან და მოწველიან, და ხაჭოსა მისსა ჭამდიან; გარნა ოთხშაბათს და პარასკევს არ მოვიდიან. შემდგომად მცირედისა ჟამისა, ერთი ნუკრთაგანი შთანთქა ვეშაპმან მძჳნვარემან, რომელი მკჳდრ იყო ღელესა რომელსა-მე ნაპრალთა კლდისათა, რომელი სიტყჳთა დავითისითა განიდევნა, და ველსა ყარაიისასა მეხის-ტეხითა შეიწვა, და ბუბაქარ დიდებული, კაკაბთა ნადირობასა შინა, შეემთხჳა წმიდასა და ენება მახჳლითა მოკლვა, რომელსა ჴელი განმარტებული შეაჴმო და ვედრებითა მის-ვე წმიდისათა კუალად ეგო, ვითარცა უვნებელი. და ძენი ბუბაქარისნი, საპყარნი, წამსა შინა, ლოცვითა მისითა განკურნა. ხოლო ამის გამო განისმა ჴმა მისი და ფრიად მრავალნი ერნი დაემოწაფნეს, და მრავალნი ჯურღმულნი აღმოკუეთეს.

და მოვიდა ღირსი დოდო-ცა, და დაადგრა მის თანა. ამისა შემდგომად წმიდამან წყალნი მწარენი დაატკბნა, რომელნი დიან ვიდრე დღეინდელად დღედმდე, გარემოს ბერთუბნის მონასტრისა, და მრავალნი სასწაულნი აღასრულნა. და შემდგომად წარვიდა წმიდა ქალაქად იერუსალემად, ქვეითად. და სადა იხილვების ბორცვებთაგან, არა თავს-იდვა შთასლვა მუნ. არამედ მუნით მოდრკა და თაყვანის-ცა, და აღიღო სამნი ლოდნი; და შთაისხნა ჩაჴუთა რასა-მე, და წარმოემართა. ამისთჳს პატრიაქმან იხილა ჩუენება, და მალე-მსრბოლნი კაცნი მოსწივეს წმიდასა და ორნი იგი ლოდნი მოუხუნეს, და ერთი მიანიჭეს, რომელი მოვიდა და მოიღო ლოდი იგი, რომლისა სასწაულნი ითქუნეს ანგელოზისა მიერ პატრიაქისა მიმართ, არა მიცემად სამთა ქვათა, არამედ მესამედისა მადლისა წმიდისა ქალაქისა მოღებად აქა უდაბნოდ, ვინათგან სამ-გზის აქა ლოცვა მიესწორების ერთ-გზის იერუსალემსა მისლვასა. ამისსა შემდგომად სული თჳსი ღმერთსა შევედრა, და დაისხნა წმიდა გუამი მისი სამყოფსა თჳსსა, გარესჯის მონასტერსა. (რომლისა სასწაულნი და ღუაწლნი მისნი სრულიად სრულსა ცხოვრებასა მისსა შინა წერილ არიან. ხოლო ამის წმიდისა მამის დავითის სიცოცხ[ლ]ესა-ვე შინა მოვიდა მამა წმიდა დოდო კახეთით, და მის-ვე მამის წმიდისა განვიდა მიერ უდაბნოდ და დ[ა]ემკჳდრა მუნ, და აღაშენა მონასტერი ფრიად დიდი, რომელსა შინა მრავალნი ღუაწლნი და შრომანი აღასრულნა. რომლისა სასწაულსა და ცხოვრებასა და ღუაწლსა მოგჳთხრობს ცხოვრება მისი. და ამისა შემდგომად სული თჳსი ღმერთსა შევედრა, და დაისხნა წმიდა გუამი მისი საყოფელსა თჳსსა-ვე).

იყო წმიდა მამა შიო ქალაქით ანტიოქიით, სიჩჩოთგან დამტევებული სოფლისა და დამოწაფებული მამისა იოვანესი: ვინათგან წარმოვიდა ქართლად წმიდა იოვანე, წინაძღომითა საღმრთოთა სულისათა, არა უგულებელს-ყო სულიერი მამა თჳსი, და მის თანა-ვე წარმოვიდა ღირსი შიო. მოსრულმან ქართლს, ქალაქსა მცხეთას, მყუდროებისა და მარტო-მყოფობისა მოსურნე იყო. ითხოვა შენდობა კათალიკოსისა და მამისა იოვანესგან, და წარვიდა წმიდა შიო დასავლით-კერძო მცხეთისა, მარჯუენით მდინარესა მტკუარსა, რომელსა ჰქჳან მღჳმე, ღრმათა ჴევთა ფრიადთა; მზის სიცხეთა და ზამთრისა ყინვათა მიერ განიბძარვოდეს ჴორცნი მისნი. პოვა ქვაბი კლდისა გამოკუეთილი, და სიცივისა და სიცხისა ნუგეშინის-იცა მას შინა. ხოლო ვინათგან სახიერმან ღმერთმან არა უგულებელს-ყო მრავალი ღუაწლი მისი, არამედ ვითარცა ელია ყორნისა მიერ გამოზარდა, ეგრეთ-ვე აქა-ცა დღითი-დღე ტრედისა მიერ საზრდელი მოეღებოდა. ამისა შემდგომად, დღესა ერთსა, ფრინვლითა ნადირობად გამოვიდა კაცი მდიდარი და საჩინო, სახელით ევაგრე. მხოლოდ მდგომი კლდისა თავსა ზედა, ნახა ტრედი მიმქონი საზრდელისა, თვალ-აგნა და განეცჳფრა გონებასა თჳსსა, და კუალად დღესა მეორესა ეგრეთ-ვე ნახა, ვითარცა პირველ, და შეუდგა კუალსა ტრედისასა, ნახა ბერი ვინ-მე მოღუაწე, შეიშურა მოთმინება ბერისა მის და არა უგულებელ-ყო განშორება მისი. რქუა: „მამაო, ღირს მყავ „ თანა დამკჳდრებად, რათა მყუდროებასა შინა აღვასრულო დღენი ჩემნი”: რქუა მას წმიდამან შიო. „აღიღე კუერთხი ესე ჩემი, უკეთუ იმიერ და ამიერ მდინარემან გზა გცეს, განიპოს წყალი იგი, ნება უფლისა არს. და მოვედ აქა. და უკეთუ არა გზა გექმნას, იყავ სახლად და და სარწმუნოდ მნებებელად”. წარვიდა განმგებ სახლისაგან მოსეს მსგავსად. ორ-გზის მტკუარი განაპო კუერთხმან იმან: აღვიდა მამისა შიოსსა ევაგრე არა უკუნ-მხედველი, ვითარცა ლოთ სოდომისა, შიშითა არა იქმნეს ძეგლ მარილისა: ასწავა მოთმინება, ლოცვა, უძილობა და ღუაწლი მონაზონებისა. ამისა შემდგომად რქუა წმიდამან შიო: „შვილო ევაგრე, გჳღირს ეკლესია, სადა-ცა უფალსა უნდეს მვედრებელი ღმრთისა აღვიდენ”. თავსა კლდისა წუერისასა მარცხენასა ჴელსა საკმეველი და ცეცხლი დაიყარა, მარჯუენით ჯუარი გამოსახა, საკმლის კუამლით წუერ-ჩამობრუნვით იპოვა ადგილი, სადა-ცა ეკლესია უნებს უფალსა, და აღაშენა საყდარი ყოვლად წმიდისა ღმრთისა დედისა. იქმნა მონაზონ ევაგრე, განითქუა ამბავი მათი, და ყოველსა გარემოს სოფლებსა მოვიდენ სხუანი ურიცხუნი სულნი მონაზონებად: ყოველი საზრდო, წყალი-ცა საზიდი იყო. სატვირთავად ჰყუანდათ კარაულები: უბრძანა მგელთა, და იდგნენ მგელნი ვირთა. ერთსა დღესა ბერისა კონონის კარაული კლდესა გარდაჭრილი მიუხლველ იქმნა სადგომსა. რქუა ბერმან მან წმიდასა შიოს: „რა ესე ვყავ, ვითარ მგელი მყემსად კარაულთა განაჩინე, ამას შეუჭამიეს”. ჩუეულ იყო მგელი, რა კარაულთა მიიყვანის, ბერთა პური დაუნეცვიან და ჭამის, ხოლო აწ დატუქსვილი თრთის, და ეჭიდების ზიდვად კალთასა ბერისასა. წაყოლილმან ნახა თავსა კლდისასა ნაპრალთა დაგორებული კარაული, უსულოდ მდებარე პოვა: თავის-უფალ ყო მგელი, უბრძანა: „ნუ-ღა-რა იყოფები სავნებელად ადგილსა ამას. სასწაულნი ესე დღეინდელა დღედმდე ჰგიან, რამეთუ ვერას ავნის პირუტყუთა ნადირნი ველისანი. სხუანი-ცა მრავალნი სასწაულნი აღასრულნა.

შემდგომად ამისა მამად ბერთა ევაგრე განაჩინა, თჳთ შთავიდა ლაკუასა, მღჳმესა ბნელსა, კაცთა მიუვალსა. ვითარ გამოთქუეს სიმჴნე და მოთმინება მისი, ლოცვა, ეშმაკთაგან განსაცდელთა შეწყნარება, ცრემლი და ვედრება უფლისა. მას შინა კეთილად აღასრულა ცხოვრება მისი ითხოვა მღდლისა-მიერი სიწმიდე და წარვიდა წინაშე უფლისა, და მუნ-ვე მიმღებელ იქმნა სადა ღუაწლი აღასრულა და ჩანან საფლავი დღეისით, სასო ქართველთა: წლითი-წლად ნაწილნი აღმოეცენნებიან, მორწმუნეთა განმამჴნობელად, და ურწმუნოთა განმამკჳრებელად: ვიდრე სულიერ-ღა იყო, მრავალი სასწაული აღასრულა: დიდსა-ცა არაგუთა მდინარე განაპო, მკელობელი ავლინა, განრისხებული მეფე მშჳდ ყო, ვნებული არა-წმიდათაგან განკურნა, უშვილოთა შვილი მიანიჭა, და ძე იგი კათალიკოს ყო. დაიდვა წმიდა გუამი მისი სამყოფსა და საღუაწოსა შინა მღჳმისასა.

იყო მამა წმიდა ისე წილკნელი მოწაფე წმიდისა მამისა იოვანესი, რომლისა არა უწყით მშობელნი, არ-ცა ადგილსა სადაურობისა, თჳნიერ ესე ვიცით, თანა მოჰყვა იოვანესა და მრავლითა იძულებითა ქართლისა კათალიკოსმან აკურთხა მღუდელთ-მთავრად, საყდარსა წმიდისა ღვთის-მშობლისასა, ქუეყანასა მუხრანისასა, და სოფელსა წილკნისასა. ფრიადნი ურწმუნონი სწავლითა მოაქცივნა, მოძღურება და ქადაგება განფინა სამწყოსა თჳსსა: დაბასა მას უწყლობითა სასო-წარკუეთილ იყვნეს, ამისთჳს რამეთუ შორს იყო ქსანი, შუა ტყე და მაღალი გორა ჰქონდა: აღიღო კუერთხი თჳსი, დღესა ერთსა, შესრულმან, ვედრებისა წარმთქმელმან წინაშე ხატსა დედისა ღმრთისასა: მიიწია ქსნის პირსა, უბრძანა წყალსა მას: „ძლიერებითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, და ღვთის-მშობლისა მარიამისითა, გიბრძანებ, მდინარეო, გამოვედ და შემოუდეგ კუალსა ჩემსა, და მოსდევდი წუერსა კუერთხისასა”. უვალსა და უგზაურსა ალაგსა შემოუდგა, ჰყევებოდა ვითარცა მონა. წარმოიღო ვიდრე წილკნის ჩაღმა, რომელი დღეინდელად მდინარეობს წყალი იგი.

ამისა შემდგომად ღუაწლი მრავალი განფინა უფლისა მიერ, წარვიდა სიხარულითა, მღდელთ-მოძღურობისა პატივი აღასრულა, ღირსი წმიდა სული შევედრა ღმერთსა, და მიიღო ყოვლად პატიოსანი გუამი მისი მონასტერსა მას-ვე წილკნისასა, რომელი აწამომდე ჩანს, სასოდ და შესავედრებელად ქართველთა.

ხოლო მამა ანტონი შუა-მდინარელი, რომელი იყო მოწაფე მამისა იოვანესი, იყო წმიდა ესე განშორებულთა შორის ფრიად სათნო და წარჩინებული. ამან ყოვლად სანატრელმან წმიდა იგი ხატი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელ სახედ პირსა თჳსსა ტილოსა ზედან გამოსახა, და ავგაროზს სასოება აღუსრულა; და შემდგომად ამაღლებისა, თადეოსის-მიერითა ჴელითა მიუვლინა და განკურნა კეთრისა მისგან ქუემდებარისა, და ყოვლით სახლეულით მისით ნათელ-იღო, თადეოსის-მიერითა ჴელითა. და შემდგომად მისსა ძე კაცისა ავგაროზისა, და კუალად შვილის-შვილისა ძისა მისისა ენაცვალნეს მათ მეფობათა ოდენ, და არა ღმრთის-მსახურებითა. რამეთუ განდგომილ იქმნეს ღვთის-მსახურებასა, და დამონებულ ეშმაკთა საოცრებასა. რამეთუ რა იგი ავგაროზს ეყო ეშმაკთა, და ვითარ შემუსრნა და განუდგა, მისი ენება შურის-გება, რათა მიუზღოს ეშმაკთა, სახე ძუელისა მის საზორველისა დამჴობისა, დამჴობათა ხატისა მის საუფლოსათა, რომელი აღმართა ავგაროზ ბჭეთა ზედა ქალაქისათა, სადა-იგი ემართა კერპი ბილწი. რამეთუ მუნ დაუსუენა ხატი იგი ტილოსი, ფიცარსა ზედა გარდართხმული, რათა ყოველნი შემავალნი მუნ შინა ხილვით თაყვანის-ცემდენ. მაშინ ბილწმან შვილის-წულმან ავგაროზისმან აღირჩია დღე-კეთილებისა წილ უსახურობა, და ხატი იგი უარყო, და ეშმაკთა შეუდგა, და იგონა ხატისა მის ქრისტესისა, რათა წარწყმიდოს იგი.

მაშინ ეპისკოპოსმან მის ქალაქისამან გულის-ხმა ყო განზრახვა ბოროტისა მის, და ყო განგება ღირსი და შემსგავსებული მის ჟამისა. რამეთუ სადა-იგი ხატი ესუენა, კამარედად ქმნილ იყო, და წმიდამან ეპისკოპოსმან დადგა კანდელი აღნთებული, საფარველად ტაძრისა მის, აღმართა კეცი წინა პირსა ხატისასა, და აღმოყორა კარი იგი კამარისა, და შეაფარილა, რომელ ყოვლად არა ეტყობოდა, თუ ერთი რომელ უახლეს არს. და შემდგომად უკანასკნელთა ჟამთა, ხუასრო, სპარსთა მეფე, მოადგა ედესია ქალაქსა, და უწყო თხრა ქუეშე ზღუდესა, და ენება, რათა ეგრეთ შევიდენ, რ(ამეთუ) ვერ აგრძნან, თუ ბრძავს-ო. მაშინ ღ(მერთ)თ(მა)ნ არა დაიდუმა უტყუველი აღთქმა, რომელ აღუთქუა, ვითარმედ: „ზღუდე ვარ მე ედესიისა”, და მშობელისა თჳსისა მეოხებითა, ევლავიოზს, ეპისკოპოსსა მის ქალაქისასა, გამოეცხადა დედა ღმრთისა და რქუა, ვითარმედ: „მას რომელსა-მე ბჭესა ზედა არს ხატი იგი ჴელით-უქმნელი და დაფარული”. და ვითარცა განიღჳძა ეპისკოპოსმან, გულის-ხმა ყო ჭეშმარიტებით ყელსა შინა ჩუენებულსა მას, და განთიად წარვიდა, ლიტანიით, ადგილსა მას, და პოვა წმიდა ხატი იგი ყოვლად განურყვნელი, და კანდელი იგი წინაშე მისსა ანთებული ეგო ეგე-ოდენსა ჟამთა სიმრავლესა შინა, და გარდააწუეთეს ზეთი მის კანდელისა მბრძოლთა მათსა ზედან მის ქალაქისათა, და მეყუსეულად ვითარცა მიახლდა, მიედვა და დაიწვნეს, და ვითარცა მტუერი განიბნივნეს, და უჩინო იქმნეს.

ხოლო რომელი იგი კეცი საფარველად მის ხატისა აღმართებულ იყო, მას ზედა გამოსახულ იყო სხუა ხატი და მსგავსება წმიდისა მის საუფლოსა ხატისა. რომელი იგი სწორებით პატივ-იცემებოდეს, და ნისტორიანთა ეკლესიასა შინა დაესუენნეს.

მაშინ წმიდამან ამან ანტონი იძია მოძღურისა თჳსისა გზა, და ისწავა ჭეშმარიტი, და ცნა; რამეთუ წარვიდა სომხითს, ჩრდილოეთით-კერძო, სხუათა თანა მოწაფეთა, რომელთა აწ მოვიჴსენნეთ, დავით, და დოდო, და შიო ანტიოქელნი, და რვანი სხუანი მოწაფენი იოვანესნი, ერთისა საზღვრისანი. ესე ცნა წმიდამან ანტონი, აღიძრა ტრფიალებითა მოძღურისა თჳსისათა და ესე-ცა ეძჳნებოდა გულსა თჳსსა, რომელ ნისტორიანთა ეკლესიასა შინა იყვნეს საუფლონი იგი ხატნი, და აღიყვანა კეცი, რომელი საფარველად მის ხატისა ყოფილ იყო, და ხატი ქმნულ იყო. ესე უჩინარად წარმოიყვანა, წინა-ძღომითა ანგელოზისათა და უწყებითა ზეციერითა, ჩრდილოეთს და მიიწია მტკუარსა ზედან, განვლო იგი და დაემკჳდრა აღმოსავალით, ვითარ ოთხ მილიონ ნაპრალსა კლდისასა, შინაგან მთათა აკრიანთა. იოანეს ახლვიდა ვითარ ხუთ მილიონ, და შიოს ვითარ ცხრა მილიონ, დავით-დოდოს ათსამეტ მილიონ. ხოლო მუნქვეს-ვე რომელ წმიდისა ამის ანტონის ედგნეს საზარდელად გუამისა თჳსისა ირემნი. და იყო მთა უღაღი და სერტყიანი, და იყო ქალაქი ვითარ ერთ მილიონ, მცირე. და ესე ირემნი წარვიდიან ველსა, და ვითარ ჟამი მოვიდის, შინა მოვიდიან, წველის, ვითარ მწყემსნი მოვიდოდეს ჟამეულად. ხოლო ერთსა ოდენ ჟამსა მოიწივნეს უჟამოდ, დამფრთხალნი, და უკან ნუკრი მოხდევდა, ჴორც-შეკუეთილი. და ესე დაუკჳრდა წმიდასა მას, და თქუა გულსა შინა თჳსსა: თუ „სადა ვინ შეემთხჳა?” რამეთუ არა უწყოდა სიახლე მის ქალაქისა, და მყის ვითარცა კაცთა თუალ-მმრუმედ ხედვასა თანა რქვა: „რა არს ეგე?” და მათ ვითარცა პირ-მეტყუელთა თავ-მიზიდვით რქუეს: „შემომიდეგ და გიჩვენოთ”. და შეუდგა კუალსა მათსა, და მიიწია მას ადგილსა, სადა-იგი შემთხუეულ იყო მათდა, და აჰა მთავარი მის დაბისა მოვიდოდა ნადირობად და წინა შეემთხჳა და რქუა: „ვინ ხარ”? ხოლო წმიდა იგი ჴელით უჩუენებდა, სადა იყოფოდა და ყოველსა-ვე საქმესა, რამეთუ ენა არა ესმოდა.

მაშინ მთავარმან რქუა: „მე ენა შენი არა მესმის, და რომელ ეგე ჴელითა მეუბნები ეგე-ცა მოგკუეთო”. და რქუა: „წარიყვანეთ მჭედლისა ანა”. და ვითარცა მიიყვანეს, მჭედელმან შანთი გააჴურვა, და გამოიღო, რათა ჴელი მოჰკუეთოს, და დავარდა ქუე, და ჴელნი ვითარცა შეშანი შეექმნნეს. მაშინ წმიდამან მიჰყო ჴელი და ვითარცა ნაკუერცხალი ჴელითა აღებული მიუპყრა და რქუა: „ვყავ ადრე ბრძანებული შენდა”. და იგი განკრთა საშინელსა მას ზედა ხილვასა. და მსწრაფლ მიუმცნეს მთავარსა, და რქუეს ყოველი ხილული. და მან ბრძანა, რათა წინაშე მისსა მიიყვანონ. და ვითარცა მიიყვანეს, რქუა მას: „რა გნებავს სთქუ, და ყოველი მიგცე”. ხოლო მცირედი ქვა უჩვენა მან, ვითარ სამეული, და ლოკდა, და ცნეს რამეთუ მარილი უნდა, და მოართუეს ორი ოდენ ქვა გაუტეხელი. და მან მოხლიჩა ერთი ლიტრა და წარვიდა, და ალოკა ფურთა თჳსთა. და იყოფოდა ხატსა მას წინაშე ვიდრე აღსასრულამდე ცხოვრებისა მისისა. და წმიდა იგი წმიდათა შინა მიიცვალა, და ჩუენ დაგჳტევა ხატი იგი საუფლო, და არს ვიდრე დღეინდელად დღემდე უჩინრად, და სასწაულთ-მოქმედებს განცხადებულად, რომელ უადვილეს არს აღრიცხვა ზღჳს ქვიშათა, ვიდრე საკჳრველებათა საუფლოსა მის ხატისათა. გარნა ვინათგან ღმერთი მხოლო არს მოქმედი სასწაულთა, მან-ვე მხოლომან უწყის სიმრავლე სასწაულთა მისთა. და უკეთუ სოლომონ-ცა იყო, ვერ-ცა მან შეუძლოს აღრიცხვად, თჳნიერ ღმრთისა მხოლოსა.

ჩანართი (Bbp)

1. ხასკუნთა განდგომილება

ჟამსა მას ოდეს თჳთ-მპყრობელი იუსტინიანოს, მეფე ბერძენთა, ბრძოდა კერძოთა ოვსეთისათა, საზღვარსა ავაზგიასსა, ნათესავსა ხასკუნთასა, რამეთუ ექმნა მათ განდგომილება, მაშინ მოძღუანა ნიჭი დიდი იუსტინიანოს ფარსმანს ქართველთა მეფესა და ევედრა რათა შეეწიოს მჴედრობასა მისსა, ყოვლითა ძალითა თჳსითა, და ბრძოლა უყოს ხასკუნთა. ისმინა უკუე ფარსმან ვედრება ბერძენთა მეფისა, და დაუტევა ევაგრე, მცველ სამეუფოსა თჳსსა, ხოლო თჳთ უკუე წარვიდა და შეწევნითა ღვთისათა დაიმორჩილა ნათესავი იგი ხასკუნთა. და მთავარნი მათნი ყოველნი შეპყრობილნი წარავლინნა წინაშე იუსტინიანესსა. მერმე მოიქცა თჳსად-ვე სამეფოდ.

2. მეხუთე მსოფლიო კრება

ოცდამეექუსესა წელსა იუსტინიანეს მეფობისასა იქმნა კრება მეხუთე, ას სამეოცდახუთთა წმიდათა მამათაგან, ქრისტეს აქეთ ფკზ. კოსტანტინეპოლის, ვიგილიოს წმიდისა ჰრომთა პაპისა-ზე რომლისა წინა-მძღუარ იყვნეს ევტიქიოს კოსტანტინეპოლელი, აპოლინარი ალექსანდრიელი, დომნოს ანტიოქელი, და ადგილისა აღმავსებელნი იერუსალიმელთანი: სტეფანოს, გიორგი და დამიანოს ეპისკოპოსნი. ხოლო შემოკრბეს ორიგენიანთა და მის-თანა მიმდგომთათჳს, დიდიმოს და ევაგრესთჳს, რომელნი-ცა შეაჩუენნეს და დაამჴივნეს.


3. აფხაზთა მოქცევა

მათ-ვე ჟამთა შინა იუსტინიანეს მეფობისათა, აფხაზნი-ცა შეიცვალნეს უმჯობესად, და ქრისტეანობისა შეიწყნარეს ქადაგება. რამეთუ პალატსა შინა იუსტინიანე მეფისასა იყო ვინ-მე საჭურისი აფხაზი ნათესავით, და ევფრატა სახელის-დებით, რომელი წარივლინა მეფისა მიერ ქადაგებად მათდა და აღთქმად, ვითარმედ ამიერითგან არ-ცა ერთი-ღა-ვინ ნათესავისა მათისაგანი განჴუებულ იქმნებოდის მამაკაცობისაგან რკინისა მიერ. რამეთუ მრავალნი იყვნეს მათგანნი მსახურ სამეუფოსა საწოლისა, რომელთა საჭურის იცის წოდება ჩუეულებამან. ვინა-ცა იუსტინიანე ტაძარი წმიდისა ღმრთის-მშობლისა აღაშენა აფხაზეთს შინა, ბიჭვინტას, და მღდელნი დაადგინნა მას შინა, რათა უგანცხადებულესად ასწავებდენ სჯულსა ქრისტეანობისასა.

ხოლო ჩვენ პირველსა-ვე სიტყუასა მოვიდეთ.

და მეფობითგან მირიან მეფისათა ვიდრე მეორისა ფარსმანისა გარდაჴდეს წელნი ორას ორმოცდაათნი. და მეფენი გარდაიცვალნეს ი̂დ. და ვახტანგისითგან კათალიკოსნი გარდაიცვალნეს რვანი და მოკუდა ფარსმან, და დაჯდა მეფედ ძე მისი ბაკურ.

მეოცდათვრამეტე მეფე, ბაკურ, ძე ფარსმან მეფისა. ხოსროიანი

[edit]

ესე ბაკურ იყო მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა. ამანგანამრავლნა ეკლესიანი და მღდელნი სამეფოსა შინა თჳსსა და განწმიდა ქართლი ყოვლისა ურწმუნოებისაგან.

და მოკუდა კათალიკოსი ევლავიოზ, და მან-ვე მეფემან დასუა კათალიკოსი მაკარი.

ამას-ვე ჟამსა მეფობდა სპარსეთს რომელსა ერქუა ურმიზდ.

და მას-ვე ჟამსა იყო სომხითს კაცი ერთი, შვილი მთავართა, სახელით ვასქენ. და ესუა მას ცოლი, მთავართა შვილი, რომელსა ერქუა შუშანიკ, ასული ვარდანისი. ხოლო ამას ვასქენს ეუფლა ეშმაკი და განიზრახა მიქცევა ცეცხლის-მსახურებად: წარვიდა წინაშე სპარსთა მეფისა, და დაუტევა სჯული ქრისტესი, და იქმნა ცეცხლის-მსახურ. ხოლო სპარსთა მეფემან წარმოგზავნა იგი ნიჭითა დიდითა ერის-თავად რანისა. ვითარ მოვიდა და ცნა ცოლმან მისმან შუშანიკ ქმრისა მისისაგან დატევება ქრისტეს სჯულისა, არღარა ერჩდა იგი ცოლებად. და დაივიწყა სიყუარული ქმრისა თჳსისა, და ყოვლითა გულითა შეუდგა იგი ქრისტესა აღსრულებად მცნებათა მისთა.

მაშინ ვასქენ შეუდგა მრავალ-ღონედ, პირველად ლიქნითა და ვედრებითა, და ნიჭისა მიცემითა; შემდგომად შეაგდო სატანჯველთა შინა დიდთა რომელ სიგრძისაგან ვერ დავწერენ ღუაწლნი წმიდისა შუშანიკისნი. და მოკლა იგი ქმარმან მისმან ვასქენ, ერის-თავმან რანისამან.

მაშინ ბაკურ, მეფემან ქართველთამან, მოუწოდა ყოველთა ერის-თავთა მისთა, და შემოკრიბნა ლაშქარნი ფარულად, და წარემართა ვასქენს ზედა პარვით. რამეთუ ვასქენ ველსა გარე დგა კიდესა მტკურისასა, სადა მიერთვის მდინარე ანაკერტისა მტკუარსა, დაესხა და შეიპყრა ვასქენ. დაჭრეს წურილად და ასონი მისნი დამოჰკიდეს ხესა. ხოლო გუამი წმიდისა შუშანიკისი წარმოიღეს დიდითა პატივითა, და დაფლეს ცორტავს.

ამან ბაკურ მეფემან წარგზავნა მოციქული წინაშე სპარსთა მეფისა, აუწყა ესე ყოველი, და ითხოვა მისგან შენდობა. მაშინ სპარსთა მეფემან განიზრახა გონებასა თჳსსა, და თქუა: „უკეთუ შევრისხნე ქართველთა, განერთნენ იგინი ბერძენთა”. და შენდობა აღირჩია: გამოგზავნა მოციქული ბაკურისი პასუხითა კეთილითა; რამეთუ ყოველი გმობა და ბრალობა ვასქენ მოკლულისა უბრძანა, და ამართლა ბაკურ სიკუდილსა მისსა. და წარმოგზავნა რანს და მოვაკანს სხუა ერის-თავი, რომელსა ერქუა დარელ. და უბრძანა, რათა კეთილად მეგობრობდეს ქართველთა.

და მოკუდა კათალიკოსი მაკარი, და მან-ვე მეფემან დასუა სჳმონ კათალიკოსად. და მოკუდა ბაკურ, და დარჩეს შვილნი მისნი წურილნი, რომელნი ვერ იპყრობდეს მეფობასა.

მაშინ მეფემან სპარსთამან ურმიზდ მისცა ძესა თჳსსა რანი და მოვაკანი, რომელსა ერქუა ქასრე ამბარვეზი. მოვიდა და დაჯდა ბარდავს, და უწყო ზრახვად ერის-თავთა ქართლისათა: აღუთქუა კეთილი დიდი, და დაუწერა საერისთოთა მათთა მამულობა შვილითი-შვილამდე, და ესრეთ წარიბირნა ლიქნითა. და განდგეს ერის-თავნი და თჳს-თჳსად ხარკსა მისცემდეს ქასრე ამბარვეზსა.

და შვილნი ბაკურისნი დარჩეს მთიულეთს კახეთისასა; და ნათესავნი მირდატისნი, ვახტანგის ძისანი, რომელნი მთავრობდეს კლარჯეთს და ჯა/ვახეთს, იგინი დარჩეს კლდეთა შინა კლარჯეთისათა. სხუა ყოველი ქართლი, სომხითი და ასფურაგანი დაიპყრეს სპარსთა და ჰბრძოდეს ბერძენთა.

შემდგომად ამისსა მცირედთა წელთა იქმნნეს შფოთნი დიდნი სპარსეთს შინა, რამეთუ შევიდა თურქთა მეფე სპარსეთს შინა; მოვიდეს ბერძენნი, ეწყუნეს სპარსთა შუა-მდინარესა, აოტნეს და შევიდეს სპარსეთს, და იწყეს ტყუენვად სპარსეთისა. მაშინ ქასრე ამბარვეზმან დაუტევა რანი და ქართლი, და წარვიდა შუელად მამისა თჳსისა.

ესრეთ რა უცალო იქმნეს სპარსნი, მაშინ შეითქუნეს ყოველნი ერის-თავნი ქართლისანი, ზემონი და ქუემონი, და წარგზავნეს მოციქული წინაშე ბერძენთა მეფისა, და ითხოვეს, რათა უჩინოს მეფე ნათესავთაგან მეფეთა ქართლისათა და რათა იყვნენ ერის-თავნი იგი თჳს-თჳსსა საერისთოსა შეუცვალებელად.

მაშინ კეისარმან აღასრულა თხოვა მათი, და მოსცა მეფედ დის-წული მირდატისი, ვახტანგის ძისა, ბერძნის ცოლისაგან, რომელსა ერქუა გუარამ, რომელი მთავრობდა კლარჯეთს და ჯავახეთს.

მეოცდაცხრამეტე მეფე ქართლისა, კურაპალატი გუარამ ბაგრატოანი

[edit]

ხოლო ესე გუარამ იყო დედით ხოსროიანი და მამით ბაგრატოანი. და ესე ბაგრატოანნი შვილის-შვილნი და ნათესავნი არიან ამა გუარამისნი.

ამას გუარამს მოსცა კეისარმან კურაპალატობა, და წარმოგზავნა მცხეთას.

და შვილნი ბაკურ მეფისანი, ნათესავნი დაჩისნი, ვახტანგის ძისანი, რომლისადა მიეცა მეფობა ვახტანგ მეფესა, იგინი დარჩეს კახეთს. და დაიპყრეს კუხეთი და ჰერეთი იორითგან, და დასხდეს უჯარმოს და იყვნეს მორჩილებასა გუარამ კურაპალატისასა.

მაშინ კეისარმან წარმოსცა განძი დიდი გუარამ კურაპალატისა თანა, და უბრძანა, რათა მით განძითა გამოიყვანნეს ჩრდილოს ლაშქარნი, და შეერთნეს თანა სპანი ქართველთანი, და შეგზავნნეს სპარსეთს. ხოლო გუარამ ყო ეგრე: გამოიყვანნა ოვსნი, დურძუკნი და დიდონი, და წარუძღუანნა წინა ერის-თავნი ქართლისანი. შევიდეს ადარბადაგანს, დაუწყეს ტყუენვად. და ესე-ვითარნი ჭირნი და უცალოებანი მოიწივნეს სპარსთა ზედა.

მაშინ გამოჩნდა სპარსეთს კაცი ერთი რომელსა ერქუა ბარამ ჩუბინი. ესე ეწყო თურქთა, სპარსეთს შემოსრულთა, ვითარცა წერილ არს განცხადებულად ცხოვრებასა სპარსთასა, მოკლა საბა, თურქთა მეფე, და აოტა ბანაკი მათი. ხოლო სპანი იგი ბერძენთანი, რომელნი შესრულ იყვნეს სპარსეთს, შეიქცეს და წარვიდეს შინა. და ჩრდილონი იგი, გუარამ კურაპალატისა შეგზავნილნი, წარმოვიდეს იგინი-ცა შინა; რამეთუ ვინათგან მოიცალეს სპარსთა თურქთაგან, შეშინდეს, და დაეცა შიში და ძრწოლა ქართველთა სპარსთაგან.

და ამან გუარამ კურაპალატმან იწყო ციხეთა და ქალაქთა მაგრებად.

და კუალად-ცა წყალობა ყო ღმერთმან ქრისტიანეთა ზედა, და სხუა შუღლი დავარდა სპარსეთს: რამეთუ იგი-ვე ბარამ ჩუბინი გაადგა სპარსთა მეფესა, და დასწუნეს თუალნი ურმიზდ მეფესა ცოლის ძმათა მისთა, და იწყეს ბრძოლად ჩუბინმან და ქასრე. იოტა ქასრე ჩუბინისაგან, და წარვიდა საბერძნეთს. და კეისარმან მავრიკ მოსცა ასული თჳსი ცოლად ქასრეს, და მოსცა სპა მისი და წარმოგზავნა ჩუბინსა ზედა. იოტა ჩუბინი სპარსეთით, და ქასრემან დაიპყრა სპარსეთი.

მაშინ მავრიკ კეისარმან იურვა ქართველთათჳს ქასრეს თანა, და რქუა: „ვინათგან დაუტეობიათ ქართველთა კერპთ-მსახურება, მუნითგან მორჩილნი ბერძენთანი არიან; რამეთუ ჟამსა შინა მძლავრებისაგან თქუენისა იქმნის განრყუნილ ქართლი, თუ არა სამართალი თქუენი არა არს ქართლსა ზედა. აწ ბრძანებითა ღმრთისათა, ვინათგან სრულსა სიყუარულსა ზედა ვართ მე და შენ, და ქართლი ჩუენ შორის იყავნ თავის-უფალ მშჳდობით: მე ვარ მწე და მოურავი ყოველთა ქართველთა და ყოველთა ქრისტიანეთა”.

მაშინ ერჩდა სპარსთა მეფე კეისარსა, და განთავისუფლდეს ქართველნი. და ესე გუარამ კურაპალატი დადგა მორჩილებასა ზედა ბერძენთასა.

იყო კაცი მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა. ამან იწყო ეკლესია ჯუარისა პატიოსნისა; და აქამომდე ჯუარი ველსა ზედა იყო, და ქმნა ეკლესია წელთამდის ოდენ.

და მეფობდა კეთილად და უშფოთველად. არამედ ერის-თავნი ქართლისანი ვერ სცვალნა საერისთვოთაგან მათთა, რამეთუ სპარსთა მეფისაგან და ბერძენთა მეფისაგან ჰქონდეს სიგელნი მკჳდრობისათჳს საერისთვოთა მათთა, არამედ იყვნეს მორჩილებასა გუარამ კურაპალატისასა.

ხოლო ამას გუარამ კურაპალატსა ესხნეს ძენი, რომელთა ეწოდებოდა სახელად ერთსა სტეფანოზ და მეორესა დემეტრე.

და მოკუდა კათალიკოსი სჳმონ და დაჯდა სამოელ. და მოკუდა კათალიკოსი სამოელ და დასუეს სამოელ-ვე.

ამან-ვე გუარამ კურაპალატმან განაახლა საფუძველი ტფილისისა სიონისა, რომელი შემდგომად ამის გუარამისა განასრულეს აღშენება ტფილისის სიონისა: ნახევარი ერთმან ვინ-მე ქურივმან დედა-კაცმან, და ნახევარი ყოველმან ერმან, ჟამსა პირველის ადარნასე მთავრისასა, და იგი ადარნასე-ცა შეეწია აღშენებასა მისსა.

რამეთუ ნათესავნი მორწმუნისა მირიან მეფისანი ყოველნი ეკლესიათა მაშენებელნი იყვნეს.

და მოკუდა გუარამ კურაპალატი

მეორმოცე ერის-თავთა-მთავარი ქართლისა სტეფანოზ. ძე გუარამ კურაპალატისა, ბაგრატოანი

[edit]

და დაჯდა ძე მისი სტეფანოზ. მეფობისა სახელი ვერ იკადრა სპარსთა და ბერძენთა შიშისაგან, არამედ ერის-თავთა-მთავრად ხადოდეს. და მოკუდა სამოელ კათალიკოსი, და ამან სტეფანოზ დასუა ბართლომე კათალიკოსად. ხოლო ესე სტეფანოზ იყო ურწმუნო და უშიში ღმრთისა, არა ჰმსახურა ღმერთსა, არ-ცა ჰმატა სჯულსა და ეკლესიათა.

და ამის-ზე იქმნა შფოთი დიდი საბერძნეთს: რამეთუ მავრიკ კეისარსა განუდგა ფოკას მჴედარი, და მოკლა მავრიკ კეისარი და შვილნი მისნი. და დაიპყრა საბერძნეთი ფოკას მჴედარმან. მაშინ სიძემან კეისრისამან, სპარსთა მეფემან ქასრე, იწყო ძებნად სისხლსა სიმამრისა და ცოლის ძმათა მისთასა, შესლვად და ტყუენვად საბერძნეთისა. განძლიერდა ბერძენთა ზედა, და ვერ წინა-აღუდგა ფოკას კეისარი. ხოლო სტეფანოზ, მთავარი ქართლისა, შეუშინდა მეფესა სპარსთასა, განუდგა ბერძენთა და მიექცა სპარსთა.

მას ჟამსა მან-ვე მეფემან ქასრე წარმოტყუენა იერუსალემი და წარიყვანა ძელი ცხოვრებისა; და. შემდგომად ამისსა აღიღო ღმერთმან ჴელი წყალობისა ქასრესგან: შეიპყრა იგი ძემან თჳსმან, შესუა იგი საპყრობილესა, და მოკუდა სენითა ბოროტითა.

ხოლო ამის სტეფანოზის-ზე მცხეთას მოკლდებოდა და ტფილისი განძლიერდებოდა, არმაზი აღოჴრდებოდა და კალა აშენდებოდა. და ძმა სტეფანოზისი, სახელით დემეტრე, აღაშენებდა ეკლესიასა ჯუარისა პატიოსნისასა. რამეთუ სენი-ცა იყო მის თანა ბოროტი, და ვერ შემძლებელ იყო განშორებად კარსა ეკლესიისასა და სტეფანოზ მთავრობდა ყოველსა ქართლსა ზედა, და დაჯდა იგი ტფილისს, და ჰმორჩილებდა იგი სპარსთა.

ხოლო შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელიწადთა გამოჩნდა საბერძნეთს კაცი ერთი, თჳსი მავრიკ კეისრისა, სახელით ერაკლე. ამან მოკლა ფოკას კეისარი, და დაიპყრა საბერძნეთი. განძლიერდა იგი და მიიყვანნა დასავლეთით თურქნი, და შეკრიბნა სპანი ურიცხუნი, და წარმოემართა სპარსეთად ძებნად ძელისა ცხოვრებისასა. და მოვიდა პირველად ქართლს, სამცხეს, და ესმა სასწაულთ-მოქმედება ხატისა მის, რომელი წმიდასა ღმრთის-მშობელსა გამოესახა და მიეცა პირველ-წოდებულისა ანდრიასთჳს, და მას მოესვენა და დაესვენებინა მცირესა ეკუდერსა შინა აწყუერს. მოვიდა კეისარი ერაკლე ხილვად და თაყუანის-ცემად ხატისა მის. მაშინ იწყო ერაკლე აწყუერს დიდისა საყდრისა საძირკუელისა ჩაგდებად და შენებად, ვიდრემდის მიერითგან განსრულდა მორწმუნეთა კაცთა მიერ, და მიერ შექმნეს საეპისკოპოსოდ.

ამან სტეფანოზ არა ინება განდგომა სპარსთაგან, და განამაგრნა ციხე-ქალაქნი, და დადგა ტფილისსა შინა. მოვიდა ერაკლე მეფე და მოადგა ტფილისსა. ხოლო სტეფანოზ იყო ქუელი მჴედარი და შემმართებელი; დღეთა ყოველთა გამოვიდის კართა ქალაქისათა, და ებრძოდის ბერძენთა. მაშინ უკუე მას წყობასა შინა ჩამოაგდეს სტეფანოზ და მოკლეს. და დაიპყრა კეისარმან ტფილისი.

ხოლო ციხესა კალისასა დარჩეს კაცნი, და არა მოერთნეს მეფესა; და ციხით გამოღმართ ციხის-თავმან აგინა მეფესა და რქუა: „ვაცისა წუერნი გასხენ და ვაცბოტისა კისერი გათქს”. მაშინ ბრძანა მეფემან: „დაღაცათუ კაცმან ამან ბასრობით მრქუა მე ვაცბოტობა, არა არს ცუდ სიტყუა მისი”. და მოიღო წიგნი დანიელ, და პოვა მას შინა წერილი ესრეთ: „გამოვიდეს ვაცი დასავლისა, და შემუსრნეს რქანი ვერძისა აღმოსავლისანი”. მაშინ განიხარა მეფემან და დაიდასტურა, რამეთუ ყოველი-ვე განემარჯუებოდა სპარსთა ზედა.

მაშინ კეისარმან მოუწოდა ძესა ბაკურისსა, ქართველთა მეფისასა, ნათესავსა დაჩისასა, ვახტანგის ძისასა, რომელი ერისთაობდა კახეთს, რომელსა ერქუა ადარნასე, და მისცა მას ტფილისი და მთავრობა ქართლისა. და დაუტევა მის თანა ერის-თავი, რომელსა ერქუა ჯიბღა, და უბრძანა ბრძოლა კალისა, და თჳთ წარემართა მეფე ბრძოლად სპარსთა.

მეორმოცდაერთე მთავარი ქართლისა, ადარნასე. ძე ბაკურისი, ხოსროიანი

[edit]

ხოლო ამან ადარნასე, მთავარმან ქართლისამან, და ერის-თავმან ჯიბღუ უწყეს ბრძოლად ციხესა კალისასა. და კეისარი წარემართა ბაღდადს.

ხოლო მცირედთა დღეთა წარიღეს კალა და შეიპყრეს ციხის-თავი იგი. ამან ერის-თავმან პირველად პირი დრაჰკნითა აღუვსო, რომელ სიტყჳთა შენითა კეისარმან განიხარა-ო. და შემდგომად ამისსა ტყავი გაჰჴადა, და კეისარსა უკანა მისწია გარდაბანს: კადრებისათჳს მეფისა უყო ესე.

და ესე-ვითარითა სიკუდილითა წარეგნეს სტეფანოზ და მსახურნი მისნი. ამისთჳს უყო ესე ღმერთმან მთავარსა მას სტეფანოზს, რამეთუ არა მინდობითა ღმრთისათა ცხოვნდებოდა: მორწმუნეთა ემტერებოდა და ურწმუნოთა მოყურობდა. მაშინ კუალად წარიღეს ბერძენთა საზღვარი ქართლისა: სპერი და ბოლო კლარჯეთისა, ზღჳს-პირი. და შვილნი სტეფანოზისნი დარჩეს კლდეთა შინა კლარჯეთისათა, სხუა ყოველი ქართლი დაიპყრა ადარნასე ბაკურის ძემან მთავრობით, და მეფობისა სახელი ვერ-ცა მან იკადრა. და ერის-თავნი იგი თჳს-თჳსსა საერისთოსა შინა მკჳდრობდეს შეუცვალებელად, და მორჩილებდეს ადარნასე მთავარსა.

ჩანართი

და მოკუდა კათალიკოსი ბართლომე, და ამან ადარნასემ დასუა კათალიკოსად იოანე.

ჩანართი (Bbkp)

და წარგზავნეს ანტიოქიას და მის თანა მონაზონი ერთი მოციქულათა-ცა და საკურთხეველათა-ცა. რამეთუ განწესებულ იყო კურთხევა ანტიოქიით კათალიკოსისა, და ვერ-ღა-რა-ვის ჴელეწიფებოდა სლვად გზასა ანტიოქიისასა. ამისთჳს დიდი ზრუნვა აქუნდა ქართველთა. ხოლო დღეთა თეოფილაკტე ანტიოქელ პატრიაქისა წარავლინნეს მოციქულნი და მივიდეს წინაშე თეოფილაკტე ანტიოქელ პატრიაქისა, და მიუთხრეს ნეტარსა თეოფილაკტეს, ვითარმედ დიდსა ჭირსა შინა არიან ქრისტიანენი, მკჳდრნი ქართველთა სოფლებისანი, რამეთუ დღითგან ნეტარისა ანასტასი მღდელ-მოწამისათა არა კურთხეულ არს სიძნელისათჳს გზათასა. ხოლო მან ჰყო საზოგადო კრება, და განაჩინა ბჭობითა კრებისათა, მთავარ-ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა და ეპისკოპსთა თჳსთა თანა, რათა შეკრბებოდენ ეპისკოპოსნი სამრევლოსა მისისანი და აკურთხევდენ კათალიკოსსა ჟამითი-ჟამად, რომელი-ცა საღმრთომან მადლმან უჩუენოს მათ და რომელი გამოირჩიონ და სთნდეს მეფესა და ეპისკოპოსთა, და ერსა და მოყუასთა მის ეკლესიისათა. და შეუქმნა მათ აღწერილი მოსაჴსენებელი თავისა თჳსისათჳს და მუნ შემოკრებულისა კრებისათჳს და ჴელთ-დასხმულ ჰყო ერთი ორთა მათ მისსა მოვლინებულთა მონაზონთაგანი, სახელით იოანე, მის ჟამისა კათალიკოსად მათდა. ხოლო ამას ანტიოქიის კრებასა შინა გაპატიოსნდა და განთავისუფლდა მათგან კათალიკოსი. რამეთუ ჴელ-ქვეით აღარ არის პატრიაქთა, აღარ-ც აკურთხევენ, არამედ თჳსნი ეპისკოპოსნი აკურთხევენ და მიერითგან განეფინა ქუეყანასა ზედა, ვითარმედ განთავისუფლდა კრებასა შინა ანტიოქიისასა.

ჩანართი (Bbkp)

მაშინ უკუე იოანე გუთელ ეპისკოპოსი თჳსისა სამწყსოსა და ერისა მიერ მოივლინა ქართლად, და ქართლისა კათალიკოსისა იოანეს მიერ მიიღო ჴელთ-დასხმა მცხეთას, რამეთუ მას ჟამსა საბერძნეთისა კერძონი ხატთა ბრძოლისა წვალებასა დაეპყრნეს.

და შემდგომად რა-ოდენისა ჟამისად მოკუდა კუალად კათალიკოსი იოანე და ამან-ვე ადარნასემ დასუა ბაბილა.

ხოლო ერაკლე მეფე შევიდა სპარსეთს, და მოკლა ხუასრო მეფე, და წარიღო ბაღდადი, და წარმოიყვანა ძელი ცხოვრებისა. უკ-მოიარა გზა ქართლისა-ვე მეშჳდესა წელსა, რაჲთგან ჩაევლო. და ეკლესია ჯუარისა პატიოსნისა და სიონი ტფილისისა განესრულნეს ადარნასე ქართლისა მთავარსა.

მაშინ ერაკლე მეფემან წარიხუნა მანგლისით და ერუშეთით ფერჴთა ფიცარნი და სამსჭუალნი უფლისა ჩუენისა იესოს ქრისტესნი, რომელნი მოცემულ იყვნეს კოსტანტინესგან მირიანისდა.

შეწუხნა ადარნასე ქართლისა მთავარი, და ევედრებოდა კეისარსა, რათა არა წარიხუნეს ნიჭნი ი/გი ღმრთისა-მიერნი. არა ისმინა კეისარმან ვედრება მისი და წარიხუნა.

ხოლო ამის ადარნასეს-ზე გარდაიცვალნეს სამნი კათალიკოსნი: იოვანე, ბაბილა და თაბორ.

მოკუდა ადარნასე, და დადგა ძე მისი სტეფანოზ.

მეორმოცდაორე მთავარი ქართლისა, სტეფანოზ, ძე ადარნასე მთავრისა. ხოსროიანი

[edit]

ესე სტეფანოზ იყო უმეტეს ყოველთა ქართლის მეფეთა და მთავართა მორწმუნე და განმწმედელი სჯულისა, მაშენებელი ეკლესიათა. და მან მოადგნა ზღუდენი ეკლესიასა ჯუარისა პატიოსნისასა, და აღაშენნა დარბაზნი, და დაუწერა კრება ყოველთა პარასკევთა, და მუნ შეკრბიან ყოველნი ეპისკოპოსნი და მღდელნი მის ადგილისა და არისანი კათალიკოსის თანა, წინაშე პატიოსნისა ჯუარისა; ადიდიან პარასკევი, ვითარცა დიდი პარასკევი ხოლო საკათალიკოსოსა არიან კრებანი ყოველთა ხუთშაბათთა და ადიდიან წმიდა სიონი, ვითარცა დიდსა ხუთშაბათსა, საიდუმლოსა თანა ჴორცითა და სისხლითა ქრისტესითა. ხოლო მცხეთას საეპისკოპოსოსა არნ ყოველთა სამშაბათთა კრება და ჴსენება პირველ-მოწამისა სტეფანესი და ყოველთა მოწამეთა, დიდისა მისგან ძლიერებისა სპარსთასა რომელ წამებულ იყვნეს, და აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისა, რომელმან მოაქცივნა უმრავლესნი მთეულნი არაგუსა აღმოსავლითნი. ხოლო პატიოსანი გუამი მისი დადვეს მცხეთას, საეპისკოპოსოსა, სამარხავსა ეპისკოპოსთასა. და დღესასწაულსა მისსა უფროს ყოველთა დღესასწაულთასა შეკრბიან და ადიდებდიან ღმერთსა.

მათ ჟამთა გამოჩენილ იყო მოჰამად, ნათესავი ისმაელისი, მოძღუარი სარკინოზთა სჯულისა, და ყოველი არაბია და იამანეთი დაიპყრა. და მოკუდა იგი, და დადგა მის წილ აბობიქარ, და შევიდა სპარსეთს. რამეთუ ვინათგან შესრულ იყო ერაკლე მეფე სპარსეთს, და განერყუნა სპარსეთი; და არღარა-ვინ იყო წინა-აღმდგომი სპარსეთს. ამან აბობიქარ აგარიანმან დაიპყრა სპარსეთი, შევიდა ბაღდადს და მძლავრობით დაატეობინა უმრავლესთა ცეცხლის-მსახურება, და მოაქცივნა სარკინოზად. და მოკუდა იგი, და დადგა მის წილ ომარ, და უმეტეს განძლიერდა იგი.

უთხრეს მეფესა ერაკლეს, ვითარ შემოვლენ აგარიანნი შამად და ჯაზირეთად, რომელ არს შუა-მდინარე. და გამოვიდა ერაკლე ფილისტიმად, რათა-მცა ეწყო მუნ. ხოლო იყო მუნ მონაზონი ვინ-მე, კაცი ღმრთისა, და მან რქუა მეფესა: „ივლტოდეთ, რამეთუ უფალმან მისცა აღმოსავლეთი და სამხრეთი სარკინოზთა, რომელ არს თარგმანი მისი სარას ძაღლთა”. და მონაზონისა მის სიტყჳთა ესე უთხრეს ერაკლე მეფესა ვარსკულავთ-მრიცხველთა და სრულთა მისანთა. აღაშენა ერაკლე მეფემან სუეტი და დაწერა მას ზედა: „მშჳდობა შუა-მდინარეო და ფილისტიმო, ვიდრემდის წარჴდეს შჳდნი შჳდეულნი”. შჳდეულისათჳს ესრეთ პოვეს ჟამი განსაზღვრებული ფილოსოფოსთა ჰერმის ტრისმეჯისტონის წიგნთა შინა სარკინოზთათჳს, რომელ არს ორას ორმოცდაათი წელი.

მოჰმადის გამოჩინებამდე ალექსანდრეს წელთაგან იყო ცხრაას ოცდაშჳდი წელი ალექსანდრესი.

მაშინ ყოველნი ნათესავნი ბერძენთანი წარჩინებულნი ჰფლვიდეს ქუეყანათა შინა განძთა, რათა რაჟამს გამოვიდენ, პოვნენ განძნი იგი და არღარა ნახონ ჭირი წაღებისა და კუალად გამოღებისა.

და აღმოვლო ერაკლე კეისარმან გზა რანისა და მეორედ შემოვიდა ქართლად, და რქუა ნათესავსა სპარსთასა, რომელნი შემოლტოლვილ იყვნეს სარკინოზთაგან: „უკეთუ უწყით, ვითარმედ დასრულდა მეფობა თქუენი; დაუტევეთ ჩრდილო და შემოვედით ჩუენ თანა”. და მათ დაუტევეს ქუეყანა ესე, და დაფლნეს განძნი მათნი; რომელნი-მე წარჰყვეს და რომელნი-მე დადგეს, და შეიტანნეს ყოვლისა საგანძურისა გუჯარნი. და რა გუჯარი დაწერეს, აღწერეს ნათესავი თჳსი და ქუეყანა, და დადვეს, რათა ოდეს მოვიდენ ბერძენნი, მით გუჯრითა მოიძივნენ ნათესავნი მათნი და თჳთოეულად განუყონ ქუეყანა და განძი.

ჩანართი (Bbp)

მოკუდა კათალიკოსი თაბორ და დასუეს კათალიკოსად სამოელ.

ამისა შემდგომად გარდაჴდეს რა-ოდენი-მე წელნი. ქრისტეს აქეთ ქ̂ნვ იქმნა კრება მეექუსე, რ~ო წმიდათა მამათა კოსტანტინეპოლის შინა, მეათსამმეტესა წელსა პოღონატი კოსტანტინეს მეფობისასა. რომელი იყო მამა იუსტინიანესი, რომლისა წინა-მძღუარ იყვნეს თეოდორე და გიორგი ხუცესნი და იოანე დიაკონი, ადგილის-მცველნი აღათონ ჰრომთა პაპისანი, და გიორგი კოსტანტინეპოლელი, თეოფანე ანტიოქელი. ამის კრებისა მიერ ბრძანეს ესრეთ წმიდისა ეკლესიისა საქართველოსათჳს, რომელ არს წმიდა მცხეთა, რათა იყოს სწორ პატივითა ვითარცა წმიდანი სამოციქულო კათოლიკე ეკლესიანი, საპატრიაქონი. და იყოს კათალიკოსი ქართლისა სწორი პატრიაქთა თანა, და აკურთხევდეს, მწყსიდეს და განაგებდეს სიმართლით მთავარ-ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა და ეპისკოპოსთა, და სამწყსოსა თჳსსა ქართლსა გამოღმა-გაღმა კახეთსა, შაქსა, შირვანსა და მიდგმით-წამოვლით მთისა ადგილისათა, სუანეთისა და ჩერქეზის საზღვრამდის, სრულიად ოვსეთსა და ყოველსა ზემო-ქართლსა სამცხე-საათაბაგოსა. „მისთჳს მიგჳთვლია საქართველოს ეკლესიანი, მას ჰმონებდენ, და მის ჴელ ქუეშე იყვნენ, და სჯულსა მისსა ერჩდენ, და მისგან იმწყსებოდენ.და მიგჳცემია ჴელმწიფება შეკრვისა და განჴსნისა: რომელი შეკრას, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნას ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა ხოლო პირველითგან ანტიოქიის კრებისა მიერ განპატიოსნებულ იყო, და ამ კრებისა მიერ დაგჳმტკიცებია პატრიაქად, რამეთუ ნუ იქმნებინ მიტროპოლიტი, ნუ-ცა ეპისკოპოსი კათალიკოსისა შეუნდობრად. ხოლო უკეთუ ვინ-მე იკადროს კათალიკოსისა წინა-აღდგომა, მთავარ-ეპისკოპოსმან გინა მიტროპოლიტმან, ანუ ეპისკოპოსმან, ანუ დაიპყრას ხარისხი და ეკლესია ძალითა, კათალიკოსისა უკითხავად და შეუნდობელად, ანუ იკურთხოს მეფე გინა მთავარნი, ანუ მთავარ-ეპისკოპოსნი და მიტროპოლიტ-ეპისკოპოსნი, განიკუეთენ. ხოლო ოდეს-ცა ენებოს შემზადება და კურთხევა მირონისა, აკურთხოს თჳსსა ეკლესიასა”.

რამეთუ მრავალნი მრავალ-გზის ამათ პირთათჳს გუკითხვიდეს, და დავბრკოლდებოდით ჩუენ უმეცრებით. და ესე მცირედნი სიტყუანი, ვითარცა თესლის-მკრებელმან მიმოგანთესულნი წმიდათა წერილთაგან, ერთად შემოვკრიბენ ჯერ-ჩინებითა შენითა, კაცო ღმრთისაო.

ხოლო სტეფანოსს ესხნეს ორნი ძენი არჩილ და მიჰრ. და განუყო ყოველი ხუასტაგი სამეფოსა მისისა, საგანძური ოქროსა და ვეცხლისა და თუალთა პატიოსანთა: და ნახევარი წარიღო ქუეყანასა ეგრისსა და წარიყვანა ძე თჳსი პირმშო მიჰრ; და ნახევარი საქონელისა მისისა მისცა არჩილს, უმრწემესსა ძესა თჳსსა. ხოლო არჩილ დაჰფლა საგანძური უფროსი ჴევსა კახეთისასა; ხოლო სამსახურებელნი ოქროსა და ვეცხლისანი ჴევსა უჯარმოსასა, და საგანძურნი ქართლისა და ჯავახეთისანი დასხნა გორს, რომელი მან-ვე ერაკლე განაჩინა სამალავად განძთა მათთჳს, რომელნი თანა ვერ წარჰქონდეს. სახელი გორისა მის არს ტონთიო, რომელ არს თარგმანებით „მთა ოქროსა”. და დასუა მას ზედა ტილისმი, რათა ვერვინ შეუძლოს გამოღებად ხოლო საგანძურნი ყოველთა ქართლისა ეკლესიათანი დაფლნა აჩრდილსა დიდისა სიონისასა მცხეთას. და შემდგომად მცირედთა ჟამთა შევიდა არჩილ-ცა ეგრად-ვე

და მუნ ყოფასა შინა მოკუდა სტეფანოზ, მთავარი ქართლისა, და მის წილ მეფე იქმნა ძე მისი მირ.

მეორმოცდასამე მეფე. მირ. ძე სტეფანოზ მთავრისა. ხოსროიანი

[edit]

რამეთუ მოიწია ამირა აგარიანი ქართლად, რომელსა ერქუა მურვან ყრუ, ძე მომადისი, რომელი წარმოევლინა ეშიმს, ამირმუმლსა ბაღდადელსა, ძესა აბდალ-მელიქისსა, ნათესავისაგან ამათისა. ამისთჳს ეწოდა მეორედ ყრუ, რომელ არა მიითუალვიდა სიტყუასა განმზრახთასა.

ჩანართი (Tk) ხოლო რაჟამს აღიღო მთავრობა სპარსთა და არაბთა, და აღძრა ყოველი თესლ-ტომი აგარიანთა, და განილაშქრა ქრისტეანეთა ზედა, და აღაოჴრა და მოსრა, და ტყუე ყო ქუეყანა საბერძნეთისა და სასომხითოსა ვიდრე ზღუადმდე, და მოეფინა, ვითარცა ღრუბელი ბნელისა, სიმრავლითა, ვითარცა მკალი და მუმლი, არეთა ჩრდილოსათა, და დაფარა პირი ქუეყანისა.

და ყოველნი მთავარნი და პატიახშნი, ნათესავნი ერის-თავთა და წარჩინებულთანი შეიმეოტნეს კავკასიად, და დაიმალნეს ტყეთა და ღრეთა. და მოვლო ყრუმან ყოველი კავკასია, და დაიპყრა კარი დარიელისა და დარუბანდისა, და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა.

ჩანართი (Tk) და მოვიდა სამცხეს და დაიბანაკა არეთა ოძრჴისათა რამეთუ იყო მაშინ ქალაქი იგი სახელოვანი, ძველ ნაქმართა მისთათჳს. მაშინ უკუე აღიძრა და წარმოვიდა სამცხით და წარმოემართა ქუეყნად არგუეთად და წინა-მბრძოლნი და რჩეულნი წარმოვიდეს. მაშინ იყვნეს დიდნი და დიდებულნი ტომებითა მთავარნი, ქართველნი, სანახებისგან ქუეყანისა არგუეთისა, დავით და კოსტანტინე. მაშინ იყვნეს შეკრებილ და რჩეულ, და ფრთხილ. ხოლო იხილეს რა წარმართთა დავით და კოსტანტინე, აღიზახნეს ვითარცა მჴეცთა, და მოერთნეს. ხოლო დავით განაძლიერა გუნდი თჳსი, და უშიშ ყვნა იგინი, აღიზახა ვითარცა ლომმან და აოტა, და განაბნივნა იგინი, ურიცხჳ მოსრეს, და აღუდგინა ძლევა ქრისტეანეთა. მაშინ მეოტნი უკუნ-იქცეს და მიუთხრეს მურვან ყრუსა, რა იგი მოწევნულ იყო მათ ზედა, ვითარმედ წინა-მბრძოლნი ლაშქარნი რჩეულნი ყოველნი მოსრნეს შეშის-მსახურთა. ხოლო მან პირსა თჳსსა იკრნა ჴელნი თჳსნი და თქუა, ვითარმედ „ვინ არს მკადრე, რომელ-მცა წინა-აღუდგა დიდსა მოციქულსა მოამედს, დედის ძმასა ჩემსა”. ესე თქუა და შეუძახა ყოველსა-ვე სიმრავლესა წარმართთასა, და წარმოემართნეს, ვითარცა ქვიშა სიმრავლითა, და მოვიდა ქუეყანად არგუეთისა, და შეიცვეს ტყე და ველნი, მთანი და ბორცუნი, და შეეწყუდივნეს ჴელსა წარმართთასა ერნი ქრისტეანეთანი, რამეთუ რომელნი-მე ტყეთა დაიმალნეს და რომელნი-მე მოსრნეს. დავით და კოსტანტინე და სხუან[ნი] ვიეთნი-მე შემდგომნი მათნი შეპყრობილ იქმნნეს. მაშინ, ვითარცა ეუწყა შეპყრობა მათი, (მაშინ) აღიტყუელნა ჴელნი და ადიდა დიდად დედის ძმა თჳსი მოამედ და სჯული მისი, გამარჯუებისა მისთჳს. ხოლო ვითარცა დაიბანაკეს, დაჯდა საყდართა ზედა, მიიყვანეს დავით და კოსტანტინე წინაშე ყრუსა, და წარადგინეს ჴელ-შეკრული უსჯულოსა მის. ხოლო ქრისტეს აღსარებისათჳს იწამნეს წმიდანი ესე და მრავალნი სატანჯველნი თავს-ისხნეს, და მერმე შთაყარნეს ტბასა მას, და თჳთ ივლტოდეს მტარვალნი, შეშინებულნი ჴმისა მისგან წმიდათა მათთჳს მოწამეთა, რომელ ისმოდა ზეცით. მაშინ უღმრთომან არა თავს იდვა.

და ვითარ ცნა, რამეთუ მეფენი ქართლისანი და ყოველნი ნათესავნი მათნი წარვიდეს ეგრისად და მუნით კუალად მიიცვალნეს აფხაზეთად, შეუდგა კუალსა მათსა და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და სიმაგრენი ეგრისის ქუეყანისანი. და ციხე იგი სამ-ზღუდე, რომელ არს ციხე-გოჯი, შემუსრა, და შევლო ზღუდე იგი საზღვარი კლისურისა. და მოსლვასა მისსა კათალიკოსი იყო თაბორ.

და ვითარცა შევლო ყრუმან კლისურა, რომელი მას ჟამსა იყო საზღვარი საბერძნეთისა და საქართველოსა, და შემუსრა ქალაქი აფშილეთისა ცხუმი. და მოადგა ციხესა ანაკოფისასა, რომელსა შინა არს ხატი ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისა, არა კაცობრივითა ჴელითა დაწერილი, არამედ ზეგარდამო, რომლისათჳს არა-ვინ უწყის – ვინა იგი მოსრული იპოვა თავსა ზედა მის გორისასა, რომელსა მოსდგამს სამხრით ზღუა და ჩრდილოთ ჭალაკი მწყურნები. მუნ შინა იყვნეს მაშინ მეფენი ქართლისანი მირ და არჩილ; ხოლო მამა მათი გარდაცვალებულ იყო და დამარხულ ეგრსა შინა. და ერის-თავი კეისრისა ლეონ შესრულ იყო ციხესა შინა სობღისასა, რომელ არს გარდასავალსა ოვსეთისასა. და ვერ-ვინ შემძლებელ იყო წყობად ყრუსა, რამეთუ იყვნეს სპანი მისნი უფროს და უმრავლეს ჭალაკთა ეგრისათა.

ხოლო ამან-ვე ყრუმ შეიპყრა და აწამა წმიდა დავით და კოსტანტინე, რომელთა წამებასა ვრცელად მოგჳთხრობს ცხოვრება მათი.

და ჩუენ პირველი-ვე სიტყუა ვიწყოთ.

მაშინ ვითარ იყვნეს ციხესა მას შინა ანაკოფისასა, მუნ მივიდა მურვან ყრუ და უწყო ბრძოლა მეფეთა მათ.

მაშინ რქუა არჩილ ძმასა თჳსსა მირს: „მიწყუდეულ არს ციხე-ქალაქი ესე შემუსრვად. და უკეთუ შეგჳპყრნენ ჩუენ ჴელად, გამოიკითხნეს ყოველნი საგანძურნი ნამალევნი, რომელნი იგი დავფლენით ქუეყანასა ჩუენსა, მონაგებნი მირიან ღმრთივ-განბრძნობილისანი, და კუალად ვახტანგ ღმრთივ-განბრძნობილისა მეფისანი, და ყოველთა შვილთა მათთანი, რომელთა გუშვნეს ჩუენ. და იგი-ცა ითხოვოს, რომელი დამალა ერაკლე მეფემან, რომლისა აღწერილი ყოველი დავდევით ორთა მათ თანა გჳრგჳნთა ზურმუხტისა და იაგუნდისა ძოწეულისათა, რომელნი იგი გამოიტანნა მამამან ჩუენმან, დიდმან მეფემან ვახტანგ, ინდოეთით და სინდეთით, დავფლენით იგი უჯარმოს, მახლობელად შორის ორთა მათ კოშკთა უმცველოთა, და ყოველი იგი აღწერილ არს გონებასა ჩემსა. და შენ წარიხუენ ორნი იგი გჳრგჳნნი, ოქროსა და ანთრაკისანი: ერთი მირიან მეფისა და ერთი ვახტანგისი, რომელი მოუძღუნა სპარსთა მეფემან ვახტანგს, ყოველსა თანა ოქროსა და ვეცხლსა, რომელი აჰკიდა სატჳრთავსა ხუთასსა და მკჳრცხლსა ორიათასსა; და შენ და მამამან ჩუენმან დასდევით იგი ქუთათისს და ციხე-გოჯს. ხოლო მე გჳრგჳნნი იგი ჩემნი და გუჯარნი ტყჳვისანი მარტოდ დავსხენ. აწ, უკეთუ მოვკუდეთ, განძი იგი ყოველი უცნაურად დარჩეს, და გამოსლვასა ბერძენთასა ძიება ყოს კეისარმან ნათესავისა ჩუენისათჳს, და მოსცეს მეფობა და განძი-ცა იგი. აწ უკუე არა ვიქმნეთ ჩუენ მიზეზ მოოჴრებისათჳს ქართლისა და საბერძნეთისა, არამედ განვიდეთ და ვეწყუნეთ ზღჳთ-კერძოსა ამას გუერდსა შინა. და თუ ენებოს ღმერთსა, ერთითა იოტოს ათასი და ორითა ბევრი”.

და მივიდეს წინაშე წმიდისა მის ხატისა ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისასა, თაყუანის-ცეს შევრდომით და იტყოდეს: „განვალთ სასოებითა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისათა, რომელი იშვა შენგან, მისა შეწირე ოხა ჩუენთჳს, და თანა-მავალ მეყავ ჩუენ წყალობა შენი”. და იყო მათ თანა სიმრავლე მცირედ ტაძრეულისა მათისა და ნათესავი ერის-თავთა და პატიახშთა, ათასი ოდენ, ხოლო სპათაგან აფხაზთა მბრძოლი ორი ათასი. და ვიდრე განთენებამდე მოავლინა უფალმან სარკინოზთა ზედა რისხვა ერსა და ბანაკსა და ეტლებსა მისსა ზედა რამეთუ აბაშთა ნათესავი იყო დაბანაკებული მდინარესა მას ზედა, რომელსა რქჳან აბაშ[ა], ხოლო უნები და ეტლები მდინარისა კიდესა, რომელსა რქჳან ცხენის-წყალი. და იქმნეს სასწაულნი ზეგარდამო, ქუხილნი და ელვანი; და ხორშაკი ბღუარისა, და გუემნა იგინი სატლითა სისხლისათა. და ეჩუენა მას ღამესა არჩილს ანგელოზი უფლისა, რომელმან რქუა მას: „წარვედით და ეწყუენით აგარიანთა, რამეთუ მიმივლენია მათ ზედა გუემა სასტიკად მომსრველი, კაცითგან მიპირუტყუთამდე. და გან-რა-ხჳდეთ, გესმეს ბანაკით მათით ჴმა ვაებისა და ტირილისა. ხოლო თქუენ მჴნე იყვენით და განძლიერდით სასოებითა ღმრთისათა”. და ვითარცა განთენდებოდა, ისმა ბანაკით მათით ჴმა ტირილისა და გოდებისა.

მაშინ უკუე განვიდეს სასოებითა ღმრთისათა წყობად მათდა: და ეწყუნეს, და მოსცა უფალმან ძლევა მცირედთა ერთა ქრისტეანეთა; და მოსწყდა სატლითა სარკინოზთაგან ოცდათხუთმეტი ათასი, ხოლო მახჳლითა-სამი ათასი. და იწყლა მირ მაზრაკითა ფერდსა, ხოლო ქრისტიანეთაგან მას დღესა შინა მოკლეს კაცი სამოცი, და სარკინოზთა ცხენი დაეცა ვითარცა ჭალაკი და ჩაჰყრიდეს ყოველსა მას ზღუად.

მაშინ იხილა აგარიანმან ვინ-მე ჩუენება, რომელსა ეტყოდა რე-ცა მოციქული მათი: „მოუცემია ღმერთსა ძლევა ჩუენდა ვიდრე აღსრულებადმდე ათთა მეფეთა, ვითარცა რქუა აბრაამს და აგარს ღმერთმან, არამედ ეკლესიათა წმიდათა და კაცთა ღმრთის-მსახურთა ეკრძალებოდეთ, ვითარცა იგი გამცენ კურანსა შინა ჩემსა”. მსწრაფლ აღიყარნეს და უკუნ-იქცეს კუალსა-ვე თჳსსა. და ვითარცა აღიარეს ციხე-გოჯი, და დაიბანაკეს წყალთა მათ ზედა ორთა, მსგავსად ერთისა, და გარდამოჴდა წჳმა ფიცხელი, აღდგეს მდინარენი სასტიკად; და მიმართა უმცროსმან წყალმან სპასა აბაშთასა, და წარიღო მათგან მკჳრცხლი ოცდასამი ათასი. და მიმართა უფროსმან წყალმან მჴედართა, რომელთა-იგი ბანაკი იყო უჭალავე, რომელნიმე ივლტოდეს ადგილითა და რომელნი-მე ხეთა ზედა გაჴდეს, და წარიღო ცხენი ოცდათხუთმეტი ათასი. და მიერითგან სახელ-ედვა ორთა მათ მდინარეთა: ერთსა ცხენის-წყალი და ერთსა აბაშა.

და ვითარცა იხილა ესე ყოველი მურვან ყრუმან, მოწევნული მის ზედა, ფრიად აბრალა [თავსა] თჳსსა [და] განმზრახთა მისთა იწროსა და მაღნარსა ამას ქუეყანასა მოსლვისათჳს, და აღიძრა და დაიბანაკა პიტიოტას, ზღჳს-პირს, ქალაქსა, რომელსა ჰქჳან ცხუ[მი]. და აღიყარა მუნით და შემოვლო გზა გურიისა. და განვლეს სპერისა, და სიმრავლისაგან არა შეჩენილ იყო დაკლება. ხოლო უწინავე დასჭრეს კუდები ცხენთა მათთა, რამეთუ თიჴისაგან ვერ ითრევდეს.

და ჩაიარა უღმერთომან მურვან ყრუ ზღჳს-პირი და გამოიხუნა ციხენი და ქალაქნი ზღჳს-პირისანი, და ოჴერ და უ[ვ]ალ ყო ყოველი ქუეყანა ზღჳს პირისა, ვიდრემდის მიიწია ქალაქსა მას, რომელ არს კოსტანტინეპოლე, და დაიბანაკეს, რომელსა ხალკიდონ ჰქჳან რამეთუ არს მუნ ზღუა იწროდ წარმდინარე და არა აქუს ტანი სიფართისა. ამისთჳს განიზრახა უგუნურმან და უგონებომან ყრუმან, რათა ქვითა აღავსოს ზღუა და სავალ ყოს, რათა ფრჴივ განიყვანოს ერი თჳსი ზღუასა ზედა, და ესრეთ გამოიღოს ქალაქი კოსტანტინეპოლე. არამედ ღმერთმან ცუდ ყო განზრახვა მისი, ეწია რისხვა ღმრთისა; რამეთუ დაიწვა მწუხრი მრთელი, და განთიად იპოვა მკუდარი, მოძაგებული და დავიწყებული ყოველთა მიერ. და ვითარცა იხილეს ესე სპათა მისთა, განიბნივნეს და ლტოლვილნი წარვიდეს ქუეყანად თჳსად.

ხოლო იქმნა მას ჟამსა განრყუნილ ქუეყანა ქართლისა, სომხითისა და რანისა და არღარა იპოვებოდა ნაშენები, არ-ცა საჭამადი კაცთა და პირუტყუთა ყოვლად-ვე. და წარავლინეს მოციქული წინაშე ბერძენთა მეფისა მირ და არჩილ და ლეონ, ერის-თავმან აფხაზეთისამან, და აუწყეს ესე ყოველი, რა-ცა იქმნა ღმრთისა მიერ ჴელითა მათითა. ხოლო მან წარმოსცა ორი გჳრგჳნი და გუჯარი მირსა და არჩილს, და მოსწერა მათ თანა, ვითარმედ: „თქუენი იყო მეფობა, სიმჴნე და სიბრძნე ქართლსა შინა. აწ დაღაცათუ იდევნებით ჩუენთანა მსახურებისათჳს ჯუარისა, მოქცევასა ჩუენსა, ვითარცა აღმითქუა ჩუენ ღმერთმან, ჩუენ თანა-ვე იდიდნეთ. არამედ დაადგერით სიმაგრეთა შინა თქუენთა, ვიდრემდის წარჴდეს წელიწადნი მათნი სამასნი; რამეთუ ორას მეერგასესა წელსა განივთოს მეფობა მათი და განსრულებასა მესამასისა წლისასა მოეცეს ძალი მეფობასა ჩუენსა, და შევმუსრნეთ აგარიანნი, და ყოველნი მათნი ამაღლებულნი დამდაბლდენ, და ჩუენ თანა მადიდებელნი ამაღლდენ”.

და მოუწერა ლეონს ესრე სახედ: „ყოვლად-ვე საზღვართა ქართლისათა ჩუენგან ქმნილ არს ვნება და მეფეთა მათთაგან ჩუენდა მომართ თანა-დადგომა და რგება. აწ ესე მესამე მსახურება და რგება დადვეს ჩუენ თანა საყდარსა ამას სამეუფოსა: პირველად ნათელი მიიღეს ჴელსა ქუეშე ჩუენსა; კუალად შემუსრვისაგან დაარჩინეს დიდი ქალაქი პონტოსა, და შორის ჩუენსა და შორის სპარსთა ყვეს მშჳდობა. რამეთუ იგი-ვე ვახტანგ მეფე შუამდგომელ იქმნა, და ჴრმლითა მისითა უკ-მოუღო სამეფოსა ამას პალესტინე და ორი ნაწილი ჯაზირეთისა. აწ თუ-მცა ღმერთსა არა მაგათ მიერ დაებრკოლა ბოროტი ეგე მტერი, შემო-მცა-სრულ იყო ვიდრე კოსტანტინეპოლედმდე, და შვილთა შორის ნებროთისთა წარჩინებულ ყვნა ღმერთმან ეგენი, რამეთუ არა მოაკლდეს ნათესავსა მაგათსა ბრძენი გულის-ხმის-მყოფელი და მბრძოლი, ვითარცა ესე მოგჳთხრობს ჩუენ აღწერილი გუჯარი, რომელსა შინა აღწერილ არიან მეფენი, წარჩინებულნი ტომებით და სოფლებით მათით. ხოლო შენდა მიბრძანებიეს ერისთაობა აფხაზეთისა შენ და შვილთა შენთა და მომავალთა შენთა მიუკუნისამდე. არამედ კეთილად პატივს-ცემდი მეფეთა და ერთა მაგათ ქართლისათა, და ამიერითგან ნუ-ღა-რა-მცა ჴელგეწიფების ვნებად მათდა და საზღვართა მათთა ეგრისათა, ვიდრემდის იყვნენ მანდა ანუ განვიდენ მანდით.

ხოლო მირ დამძიმდა წყლულებისა მისგან მოსიკუდიდ, და რქუა ძმასა თჳსსა არჩილს: „მე ესე-რა წარვალ, ძმაო, მამათა ჩუენთა თანა; არამედ წარმეც და დამფალ საფლავსა მამათა-ვე ჩუენთა თანა და შენ გაუწყო ადგილი საგანძურთა ჩუენთა ნამალევთა სადა არს. და არა მივის ძე-წული შვილი მკჳდრად, არამედ მისხენ შჳდნი ქალნი. აწ შენ ხარ მკჳდრი სახლისაგან მეფობისა ჩუენისა, მირიან მეფისა. და შენ თჳთ უწყი, ვითარმედ ქალი, შვილი ჩუენი, არა მივსცით ერის-თავთა ჩუენთა ცოლად. ანუ მივსცით მეფეთა, ანუ მო-ვინ-მე-ვიდის სპარსთაგან ნათესავი მეფეთა, ვითარცა ფეროზ, რომელსა მისცა მირიან მეფემან. ასული მისი ცოლად. და ჩუენ შემცირებულ ვართ, რამეთუ შენ ხარ უცოლო, და მე ვარ უძეო. აწ რათგან მოიყვანნიან მამათა ჩუენთა ცოლნი ასულნი ერის-თავთა ჩუენთანი, მისცენ მათ ასულნი ჩემნი და განუყვენ მათ ქუეყანანი ქართლისანი: ნახევარი შენ და ნახევარი მათ ხოლო საუხუცესოდ რომელ მქონდა, მომიცემია შენდა, და გქონდეს საუხუცესოდ: ეგრისი, სუანეთი, თაკუერი, არგუეთი და გურია. ხოლო კლარჯეთი და შუა მთიულეთი მიეც ასულთა ჩემთა, რათა მუნ შინა იყვნენ ჟამთა ამათ ბოროტთა. და მამა-ცა ჩუენი მოკუდა შფოთსა ამას შინა და ვერ წარვეცით იგი მცხეთას, წარსცენ ძუალნი მისნი და დაჰფლენ საყდარსა ქუთათისსა, რათა იპოვოს იგი საწამებელად სამკჳდროსა ჩუენისა, და შენ დაადგერ აქა და ემოყურებოდი ბერძენთა, ვიდრემდის განქარდეს ბნელი ესე”.

და მოკუდა მირ, და წარმოსცეს მცხეთას, და დაფლეს ზემოსა ეკლესიასა, შესავალსა კარისასა.

და დაჯდა მის წილ მეფედ ძმა მისი-ვე არჩილ.

მეორმოცდაოთხე მეფე, არჩილ, ძე სტეფანოზ მეფისა და ძმა მეფისა მირისა, ხოსროიანი

[edit]

ხოლო არჩილ მოუწოდა ერის-თავთა ქართლისათა, და მისცნა ძმის-წულნი მისნი:

ერთი მისცა მამის ძმის-წულსა მისსა, შვილსა გუარამ კურაპალატისასა, რომელსა ჰქონდა კლარჯეთი და ჯავახეთი;

მეორე მისცა პატიახშსა, ნათესავსა ფეროზისსა, რომელი მთავრობდა თრიალეთს, ტაშირს და აბოცს;

მესამე მისცა ნერსეს ნერსიანსა რომელი-იგი იყო წარჩინებული ვახტანგ მეფისა.

მეოთხე მისცა ადარნასეს ადარნასიანსა, და ორთა-ვე ამათ განუყო ზენა სოფელი, რომელ არს ქართლი;

მეხუთე მისცა ვარზმანს, და მისცა კოტმანითგან ქურდის-ჴევამდე; იყო ესე ვარზმან ნათესავი სპარსთა ერის-თავისა ბარდაველისა, რომელი იყო დედის მამა ვახტანგ მეფისა;

მეექუსე მისცა ჯუანშერს ჯუანშერიანსა, რომელი-იგი იყო ნათესავი მირიან მეფისა, შვილთაგან რევისთა, და მისცა ჯუარი და ხერკი, და ყოველი მთიულეთი, მანგლისის ჴევი და ტფილისი.

ხოლო ნაწილი არჩილისი იყო განზოგებით გამონაყოფი ყოველთა ამათ ჴევთაგან. და ვითარ იხილეს, რამეთუ ჯუანშერს უმეტესი ნაწილი მისცა, დაუმძიმდა მცირედ რა-მე სხუათა მათ. და განუტევნა მთავარნი ესე ცოლებით-ურთ თჳს-თჳსად ადგილად.

ხოლო არჩილ მოუწოდა ლეონს და რქუა: „კურთხეულ იყავ შენ უ/ფლისა მიერ, რამეთუ კეთილად იღუაწე სტუმრობა ჩუენი, და დამიცვენ ჩუენ ადგილთა შენთა მშჳდობით: გარნა აწ უწყიეს შენება ადგილთა ჩუენთა კლისურითგან აღმართ. წარვალ და დავეშენები ციხე-გოჯს და ქუთათისს. აწ ითხოვე თავისა შენისათჳს რა გნებავს ჩემგან, ნაცვლად კეთილისა მსახურებისა შენისა”.

ხოლო ლეონ რქუა: „მომცა მე კეისარმან ქუეყანა ესე მკჳდრობით კეთილად სიმჴნითა თქუენითა. ხოლო ამიერითგან არს ესე მამულობით სამკჳდრებელ ჩემდა კლისურითგან ვიდრე მდინარედმდე დიდად ხაზარეთად, სადა დასწუდების წუერი კავკასიისა ამის. შემრთე მეცა მონათა შენთა თანა, რომელნი-ესე დღეს ღირს ყვენ შვილად და ძმად შენდა. არა მინდა ნაწილი შენგან, არამედ ჩემი-ცა ესე შენდა-ვე იყოს”.

მაშინ მისცა ლეონს ცოლად ძმის-წული მისი გუარანდუხტ და გჳრგჳნი იგი, რომელი ბერძენთა მეფესა წარმოეცა მირისთჳს. და ყვეს აღთქმა და ფიცი საშინელი, ვითარმედ არა იყოს მტერობა შორის მათსა, არამედ ერჩდეს ლეონ არჩილს ყოველთა დღეთა მისთა.

წარმოვიდა არჩილ და დაემკჳდრა ეგრისს ვიდრე შორაპნადმდე და განაგნა ყოველნი ციხენი და ქალაქნი, და აღაშენა ციხე საზღუარსა ზედა გურიისა და საბერძნეთისასა. და წარჴდა ამათ შინა წელიწადი თორმეტი, და იწყო შენებად ქართლმან. ხოლო განრყუნილ იყო საყოფელად მცხეთა. გარდამოვიდა არჩილ ეგრისით, და დაჯდა ნაციხარსა ჴიდრისასა.

მაშინ მოვიდა მისა მთავარი ერთი, რომელი იყო ნათესავისაგან დავით წინასწარმეტყუელისა, სახელით ადარნასე, ძმის-წული ადარნასე ბრმისა, რომლისა მამა მისი მზახებულ იყო ბაგრატონიანთად-ვე, და ბერძენთა მიერ დადგინებულ იყო ერის-თავად არეთა სომხითისათა, და ტყვეობასა მას ყრუისასა შთასრულ იყო იგი შვილთა თანა გუარამ კურაპალატისთა კლარჯეთს, და მუნ დარჩომილ იყო. ითხოვა არჩილისგან და რქუა: „უკეთუ ინებო და მყო მე ვითარცა მკჳდრი შენი, მომეც ქუეყანა”. და მისცა შულავერი და არტანი.

ამისა შემდგომად მოვიდა არჩილ კახეთად, და ყოველთა ტაძრეულთა მისთა მიუბოძა კახეთი, და აზნაურ ყვნა იგინი, აღაშენა ეკლესია საძმორს, შეირთო ცოლი ასული გუარამ კურაპალატისა, რომელი იყო შვილთაგან ვახტანგ მეფისათა, ბერძნის ცოლისა ნაშობთა და დაჯდა წუქეთს, და აღაშენა კასრი, და ჴევსა ლაკუასტისასა აღაშენა ციხე. და პოვნა წუქეთს მთავარნი, რომელთადა მიებოძა ვახტანგ მეფესა წუქეთი, და იყო მაშინ რომელი ერისთავობდა თუშთა და ხუნზთა ზედა და ყოველთა წარმართთა მის მთისათა, სახელით აბუხუასრო, და არა ინება მისგან წაღებად წუქეთი. და აღაშენა ციხე-ქალაქი ერთი ნუხპატს ორთა წყალთა შუა. ხოლო ნუხპატელნი უწინარეს იყვნეს კაცნი წარმართნი და მჴეცის-ბუნებისანი, არამედ ყრუსა მოესრა სიმრავლე მათი. და იძულებით მონათლნა არჩილ იგინი.

განძლიერებულ იყვნეს სარკინოზნი ქუეყანასა რანისასა; დაეპყრათ გაზირი და სომხითი, და ჰბრძოდა მასლამა ბერძენთა. ხოლო ძმის-წულნი ადარნასე ბრმისანი, რომელთა დასწუნეს მამის ძმასა თუალნი, წარმოვიდეს ტარონით შაკიხად, სამნი ძმანი, და დაემკჳდრნეს მუნ, ბრძანებითა არჩილისითა, რამეთუ ყოველი პირი კავკასიისა, რანით კერძი, უმკჳდრო ქმნილ იყო. ხოლო ჰერეთი და კახეთი ჭალაკთა და ტყეთაგან უკეთუ დარჩომილ იყო, და დაემკჳდრნეს სამნი-ვე იგი ძმანი ვიდრე გულგულამდის. მას-ვე ჟამსა პატიახშნი ვინ-მე არა შეეშუნეს კლარჯეთს, სხუად წარვიდეს ნახევარნი მათგანნი, და შეიპყრეს კლდე ერთი ტაოს, რომელსა ერქუა კალმახი, და აღაშენეს ციხედ. ხოლო ნახევარნი მოვიდეს კახეთად არჩილის თანა. ერთსა მათგანსა მისცა ცოლად ნათესავისაგან აბუხუასროსა, რამეთუ დაქურივებულ იყო იგი და არა ესუა ქმარი, და მიუბოძა წუქეთი ციხით და კასრით-ურთ. ჟამთა მათ დაეცადნეს სარკინოზნი შემოსლვად ქართლად ყრუსა წარსლვითგან წელიწადსა ორმოცდამეათესა. აქა ჟამამდე არღარა შემოვიდოდეს, არამედ მიიღებდეს ხარკსა ერის-თავთაგან.

და ესხნეს არჩილს ძენი ორნი: ჯუანშერ და იოვანე, და ასულნი ოთხნი: გუარანდუხტ, მარიამ, მირანდუხტ და შუშან.

ესე არჩილის წამება, და მეფეთა ცხოვრება, და ნინოს მიერ ქართლის მოქცევა ლეონტი მროველმან აღწერა.