ჯოსაფატ ბარბარო - "მოგზაურობა ტანაში და სპარსეთში"

From Wikisource
Jump to navigation Jump to search


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის დასავლეთ ევროპული წყაროები




პუბლიკაცია:

XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ - იტალიურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ელდარ მამისთვალიშვილმა - საქართველოს ისტორიის წყაროები 26 - საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროები XIV - თბილისი - 1981


რესურსები ინტერნეტში:


შესავალი[edit]

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს XVII საუკუნის იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის ნაშრომს "სამეგრელოს აღწერა" (" Relatione della Colchide hoggi detta Mengrellia"), რომელიც 1654 წელს გამოიცა ნეაპოლში. მასში მოთხრობილია საქართველოში გამოგზავნილი თეატინელთა მისიონის 1631-1649 წლების მთელი ისტორია: პაპის კურიის მიერ გადაწყვეტილების მიღება საქართველოს ტერიტორიაზე მისიის შექმნის შესახებ, მისიონერთა გამომგზავრება წმ. მიწისა და ოსმალეთის სამფლობელოების გავლით, ქართლში შემოსვლა და თეიმურაზ I-ის ნებართვით ქ. გორში მოღვაწეობის დაწყება, მისიონერთა ახალი ჯგუფების გამოგზავნა, ამ უკანასკნელთა ფათერაკიანი მოგზაურობანი ოსმალეთის იმპერიის მიწაზე, მისიონის გადატანა დასავლეთ საქართველოში, აქაური ყოფა, წინააღმდეგობებით აღსავსე მოღვაწეობის მთელი სიმძიმე და ბოლოს, ხიფათიანი მგზავრობა უკან, სამშობლოსაკენ.

ტექსტი[edit]

ჯოსაფატ ბარბარო


კეთილშობილი ვენეციელის, ბატონ ჯოსაფატ ბარბაროს
მოგზაურობა ტანაში და და სპარსეთში


ცნობები საქართველოს შესახებ


ბატონ ჯოსაფატ ბარბაროს მოგზაურობა ტანაში

თავი 10. კრემუხთა ქვეყანა. მისი ბატონის , მოსახლეობის ცხოვრებისა და ზნე-ჩვეულების შესახებ. სხვადასხვა ქვეყნები: მეგრელთა ქვეყნის, მისი მთავრის, ამ ქვეყნის ბუნებისა და ხალხის შესახებ. რას ნიშნავს ტეტარი. კაფას კუნძულის შესახებ[edit]

თუ ტანადან გავყვებით აღნიშნული ზღვის სანაპიროს, სანაპიროდან [ხმელეთის] სიღრმეში სამი დღის მგზავრობის შემდეგ შეხვდებით კრემუხთა ქვეყანას. მის ბატონს ჰქვია ბიბერდი, რაც ნიშნავს "ღვთისაგან ბოძებულს". ის იყო ვაჟიშვილი კერტიბეისა, რაც ნიშნავს "ჭეშმარიტ ბატონს". მის ხელქვეით არის მრავალი სოფელი, რომელთაც საჭიროებისდა მიხედვით შეუძლიათ გამოიყვანონ ორი ათასი ცხენოსანი. იქ არის მშვენიერი ველები, მრავალი მდინარე. ამ ქვეყნის დიდებულები იმით ცხოვრობენ, რომ დაეხეტებიან ველზე და ძარცვავენ განსაკუთრებით ქარავნებს, რომლებიც ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიან. ჰყავთ შესანიშნავი ცხენები. თვითონ სხეულით ძლიერნი და ზნით ცბიერნი არიან, ჩვენნაირი სახე აქვთ. ამ ქვეყანაში ბევრია პური, ასევე ხორცი და თაფლი, მაგრამ არ არის ღვინო.

ამ ხალხის შემდეგ არის ქვეყნები, რომლებიც დასახლებულია სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ტომებით, თუმცა ისინი არც თუ დიდად არიან დაშორებულნი ერთიმეორისაგან. ესენი არიან: კიპკე, ტატარკოზია, სობაი, კევერტეი, ას, ანუ ალანები, რომლებზეც ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ. ისინი 12 დღის სავალზე არიან განლაგებულნი და სამეგრელოს საზღვრებამდე აღწევენ.

ეს სამეგრელო ესაზღვრება კაიტაკებს, რომლებიც კასპიის მთის მახლობლად ცხოვრობენ, შავ ზღვას და მთაგრეხილს, რომელიც ჩერქეზეთამდეა გადაჭიმული. იგი ნაწილია საქართველოსი. ერთი მხრიდან სამეგრელოს აქვს მდინარე ფასო, რომელიც მას უვლის და ჩაედინება შავ ზღვაში.

ამ ქვეყნის მმართველს ჰქვია ბენდიანი. მას ხსენებულ ზღვასთან აქვს ორი ციხე-სიმაგრე, ერთს ჰქვია ვატი და მეორეს - სავასტოპოლი. ამათ გარდა, კიდევ აქვს მრავალი კოშკი და გამაგრებული ადგილი. ქვეყანა ქვიანი და უნაყოფოა. არა აქვს პურის სხვა სახეობა, გარდა ფეტვისა. მარილი მოაქვთ კაფადან. ქსოვენ ცუდი [ხარისხის] მცირეოდენ ტილოს.

"ტეტარი" [მეგრულად] ფულს ნიშნავს. ისიც უნდა ვთქვა, რომ "ტეტარი" საკუთრივ "თეთრს" ნიშნავს და ამ ფულის სახელწოდებაში იგულისხმება ვერცხლის ფული, რომელიც თეთრი ფერისაა. ბერძნები ეხლაც ამბობენ "ასპირის", რაც ნიშნავს "თეთრს"; თურქები "აკჩას", რაც ასევე ნიშნავს "თეთრს"; ჩაღათაელები "თანგას", რომელიც ასევე "თეთრს" ნიშნავს; ვენეციაში ერთ დროს ჭრიდნენ და ახლაც ჭრიან ფულს, რომელსაც ჰქვია "ბიანკები". ესპანეთში ახლაც არის მონეტები, რომლებსაც ჰქვიათ "ბიანკები". ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენი ერიც არის, თითოეული თავის ენაზე ერთსა და იმავე საგანს ერთი და იმავე სახელით აღნიშნავს.

თავდაპირველად, როცა ტანაში ვბრუნდებით, იმ ადგილას, სადაც, როგორც ზემოთ ვთქვით, წინათ ალანია იყო, გადავდივართ მდინარეზე და ხელმარჯვნივ მივუყვებით ზაბაკეს ზღვის სანაპიროს და მივდივართ კაფას კუნძულამდე. აქ ვხვდებით ხმელეთის ზოლს, რომელიც გადაჭიმულია კუნძულსა და მატერიკს შორის მორეეს ყელივით და ჰქვია ძუკალა. აქ უზარმაზარი მარილის ტბებია, რომელიც უშუალოდ იქვე ცივდება.

როცა აღნიშნულ კუნძულს გაჰყვები, ყველაზე ადრე ზაბაკეს ზღვის ნაპირას არის კუმანია, რომელმაც სახელწოდება მიიღო კუმანთა ტომებისაგან. შემდეგ არის კუნძულის დასაწყისი, სადაც მდებარეობს კაფა. იქ იყო გაზარია. თუმცა პიკოს, ე.ი. წყრთას, რომლითაც დღესაც ზომავენ ტანაში, მთელ ამ მხარეში ეძახიან გაზარიულ პიკოს.

თავი 14. ქალაქი ყაზანი. მოქსების, მათი რელიგიის და საკვების შესახებ. ქალაქ ნოვგოროდის შესახებ. ტროკის და ლონინის ციხეები. ქალაქი ვარსონიკი. ქალაქ მერსანგას და ბრანდენბურგის შესახებ. საქართველოს მეფის, იმ ქვეყნის ნაყოფიერების, [ხალხის] ზნე-ჩვეულებისა და ტანსაცმლის შესახებ. ქალაქი თბილისი.[edit]

უკვე, ალბათ 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსები თათართა ხანის სამფლობელოებში გავლისათვის ხარკს იხდიდნენ. ამჟამად თვითონ დაიმორჩილეს ქალაქი ყაზანი, რაც ჩვენს ენაზე ნიშნავს ქვაბს. იგი მდებარეობს მოსკოვიდან 5 დღის სავალზე, მდინარე ედილის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ბაკუს ზღვას ერთვის. ეს სავაჭრო ქალაქია. აქედან გააქვთ ბეწვეული მოსკოვში, პოლონეთში, პრუსიასა და ფლანდრიაში. ბეწვეულს იღებენ ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ჩაღატაის და მოქსიას ქვეყნებიდან. ჩრდილოეთის ამ ქვეყნებს ფლობდნენ ტარტარები, რომლებიც მეტწილად წარმართები არიან, ისევე, როგორც მოქსები.

რამდენადმე გარკვეული ვარ მოქსების ვინაობაში. ამიტომ მოვყვები ყველაფერს, რაც ვიცი მათს რწმენასა და ცხოვრებაზე: წლის გარკვეულ დროს ისინი წაიყვანენ ერთობლივად შეძენილ ცხენს, მიუბამენ ოთხივე ფეხს სარზე. თავსაც ასევე მიუბამენ ცალკე სარზე. ყველა სარი მიწაშია ჩასმული. როცა ამის გაკეთებას მორჩებიან, მოვა მშვილდითა და ისრით შეიარაღებული კაცი, დადგება შესაფერის მანძილზე და მანამდე ესვრის გულში, სანამ ცხენი არ მოკვდება. შემდეგ გაატყავებენ, ტყავისაგან გააკეთებენ ტომარას, ხოლო ხორცზე შეასრულებენ თავიანთ ცერემონიალს და შეჭამენ.

ტყავს მჭიდროდ გატენიან თივით და ისე ოსტატურად გაკერავენ, რომ მთლიანს ჰგავს. თითოეული ფეხის მაგიერ შეუყენებენ სწორ ძელაკებს ისეთნაირად, რომ ცხენის [ფიტულმა] ფეხზე დგომა შეძლოს, ისე როგორც ცოცხალმა. ბოლოს ისინი მივლენ ერთ რომელიმე დიდ ხესთან, შესაფერისად შეაჭრიან ტოტებს და ზემოდან გააკეთებენ ფიცარანგს, რომელზეც ფეხზე დაყენებულს დადგამენ იმ ცხენს. ასეთი სახით სცემენ თაყვანს და სწირავენ სიასამურის, ყარყუმის, ციყვის, მელიის ტყავებს. ყველაფერ ამას დაჰკიდებენ ხეზე ჩვენ მიერ დაყენებული სანთლების მსგავსად. ამგვარად ეს ხეები მთლად ტყავებით არის დაფარული.

ხალხი ყველაზე მეტად იკვებება ხორცით, უმთავრესად გარეული ცხოველების ხორცითა და თევზით, რომელსაც აქაურ მდინარეებში იჭერენ. [ყველაფერი] ვთქვით მოქსების შესახებ. თათრების შესახებ სხვა არაფერია სათქმელი, გარდა იმისა, რომ მათ შორის არიან წარმართები, თაყვანს სცემენ კერპებს, რომლებიც თავიანთი ოთხთვალებით დააქვთ. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ჩვეულებად აქვთ ყოველ დღე თაყვანი სცენ რომელიმე ცხოველს, რომელიც შეხვდებათ პირველად სახლიდან გამოსვლის შემდეგ.

[მოსკოვის] დიდმა მთავარმა დაიმორჩილა ნოვგოროდი, რაც ჩვენს ენაზე ნიშნავს ცხრა კოშკს. ეს უზარმაზარი ქალაქი მოსკოვიდან დაშორებულია 5 დღის სავალზე ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. წინათ მას ხალხი განაგებდა. ადამიანები ცხოვრობდნენ ყოველგვარი კანონმდებლობის გარეშე. მათ შორის მრავლად იყვნენ ერეტიკოსები. ისინი ამჟამად თანდათანობით გადადიან კათოლიკურ რწმენაზე, თუმცა ზოგს სწამს, ზოგს არა, მაგრამ კანონმდებლობით ცხოვრობენ და აქვთ სასამართლო წარმოება.

მოსკოვიდან თუ პოლონეთისაკენ გაემგზავრებით, მაშინ პოლონეთში მისასვლელად საჭიროა 22 დღე. პირველი ადგილი, რომელიც აქ შეგხვდებათ, არის ტროკის ციხე. მოსკოვიდან ისე ვერ მიხვალთ იქ, თუ არ გაივლით ტყეებსა და ბორცვებს. ეს არის თითქმის უდაბური მხარე. მართალია გზაში ზოგან, სადაც ჩვენზე წინ იყვნენ გაჩერებულნი [მგზავრები] გვხვდება კოცონის ნაკვალევი. მოგზაურებს ასეთ ადგილებში შეუძლიათ დაისვენონ და ცეცხლი გააჩაღონ. მართალია, ძალიან იშვიათად, მაგრამ მოშორებით არის რომელიღაც პატარა სოფლები.

ტროკიდან გასვლის შემდეგ სულ უფრო ნაკლებად გვხვდება ტყეები და ბორცვები, სამაგიეროდ, გვხვდება რომელიღაც სოფლები. ტროკიდან 9 დღის სავალზე არის ციხე, რომელსაც ჰქვია ლონინი. შემდეგ შედიან ლიტვაში, სადაც შეიძლება ნახვა რამდენიმე წვრილფეხა თავადის, რომლებიც პოლონეთის მეფე კაზიმირის ქვეშევრდომნი არიან. იქვე ნახავთ ქალაქ ვარსონიკს. ეს ნაყოფიერი მხარეა, მრავლადაა ციხეები და სოფლები, მაგრამ არც თუ მნიშვნელოვანი.

ტროკიდან პოლონიამდე 7 დღის სავალია. ეს მხარე კარგი და ლამაზია. შემდეგ არის ძალიან კარგი ქალაქი მერსაგა. აქ მთავრდება პოლონეთი. მისი ციხეებისა და ქალაქების შესახებ მეტს აღარაფერს ვიტყვი, რადგან არაფერი არ ვიცი მათ შესახებ. მხოლოდ ვიტყვი, რომ მეფე ვაჟიშვილებითა და მთელი სახლობით ღრმად მორწმუნე ქრისტიანია და რომ მისი უფროსი ვაჟი ამჟამად ბოჰემიის მეფეა. პოლონიიდან გასვლის შემდეგ შევხვდებით ფრანკფურტს, ბრანდენბურგის მარკიზას ქალაქს და შევდივართ ალემანიაში. მის შესახებ არაფერს ვიტყვი, რამდენადაც ეს ადგილი ნაცნობი და ცნობილია მრავალთათვის,

ახლა დაგვრჩა ცოტაოდენი რამ ვთქვათ საქართველოს შესახებ, რომელიც მდებარეობს საწინააღმდეგო მხარეს იმ ადგილებისა, რომელთა შესახებ ცოტა ხნის წინათ ითქვა. იგი ესაზღვრება სამეგრელოს. ამ ქვეყნის მეფეს ბაგრატი ჰქვია. მას აქვს ქვეყანა მშვენიერი და მდიდარი პურით, ღვინით, ხორცით, შვრიით და სხვა მრავალი ნაყოფით. ვაზს უმეტესად ხეზე უშვებენ, როგორც ტრაპიზონში. ხალხი ლამაზი და ახოვანია, მაგრამ უცნაური ზნე-ჩვეულებანი აქვთ. თმას იკრეჭენ ან იპარსავენ ისე, რომ ირგვლივ იტოვებენ მცირეოდენ თმას, მსგავსად ჩვენი აბატებისა, რომლებსაც კარგი შემოსავალი აქვთ. ატარებენ ულვაშებს, რომლის ბეწვებს წვერზე დაბლა იზრდიან მკლავის ერთი მეოთხედის სიგრძეზე. თავზე ატარებენ სხვადასხვა ფერის ქუდებს, რომელსაც წვერში ჯიღა აქვს. ტანთ აცვიათ ძალიან გრძელი, მაგრამ ვიწრო და საჯდომამდე გახსნილი ქურთუკი, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ შეძლებენ ცხენზე ჯდომას. ამის გამო მე მათ ვერ გავკიცხავ, რადგან მინახავს, რომ ფრანგები ახლაც ხმარობენ [მსგავს ქურთუკებს]. ფეხზე მუხლამდე აცვიათ წაღები, რომლებსაც ძირი ისე აქვთ გამოკრული, რომ, როცა ფეხზე დგანან, ფეხის წვერი და ქუსლი მიწას ეხება, შუაში კი მიწიდან ისე მაღლაა აწეული, რომ ტკენის გარეშე შეიძლება ტერფის ქვეშ მუშტის გატარება. ამიტომ ხდება, რომ, როცა დადიან, სიარული უჭირთ. მე მათ გავკიცხავდი ამის გამო, რომ არ მცოდნოდა, რომ სპარსელებიც ხმარობენ [ასეთ წაღებს].

რაც შეეხება მათს საჭმელს, [თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით], რაც მე ვნახე ერთი თავადის სახლში, შეექცევიან ასე: მათ აქვთ განსაკუთრებული ოთხკუთხა მაგიდები, დაახლოებით ნახევარი წყრთის [სიგანისა], ირგვლივ დაღარული კიდეებით. მის შუაში დებენ უცხიმო და უმარილო ფაეტვის ფაფას დიდი რაოდენობით, რომელიც წვნიანის მაგივრობას სწევს. მეორე ასეთსავე მაგიდაზე აწყობენ გარეული ტახის ხორცს, ისე ცუდად შემწვარს, რომ როცა ჭრიდნენ სისხლი სდიოდა. ისინი დიდი სიამოვნებით მიირთმევდნენ. მე არ შემეძლო გემოთი გასინჯვაც კი და თავს ვაჩვენებდი, თითქოს იმ ფაფას ვჭამდი. ღვინო უხვად იყო და განუწყვეტლივ დაჰქონდათ [მაგიდის] ირგვლივ. სხვა სახის საჭმელი არ გვქონია.

ამ მხარეში მაღალი მთები და ბევრი ტყეებია. არის ქალაქი თბილისი, რომლის წინ მიედინება მდინარე ტიგრი. ეს კარგი ქალაქია, მაგრამ ნაკლებადაა დასახლებული. არის აგრეთვე ციხე, რომელსაც გორი ჰქვია. იგი მდებარეობს შავი ზღვის პირას.

ბატონ ჯოსაფატ ბარბაროს მოგზაურობა სპარსეთში

თავი 25. ქალაქ შამახას და მისი ბატონის, დარუბანდის, რომელსაც თამირკაპიც ეწოდება, ამ [სახელწოდების] მიზეზებისა, ქალაქის მდებარეობისა და ყაიყატებად წოდებული ხალხის შესახებ.[edit]

როცა თავრიზიდან საბერძნეთისა და ჩრდილო დასავლეთისაკენ გაემგზავრებით, ჯერ გადაუხვევთ ჩრდილოეთისაკენ. ყველაფერს არ შევეხებით, რაც ამ გზაზე მდებარეობს, მოკლედ შევეხებით მხოლოდ უმთავრესს, რადგან იქ არც ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი არ არის. მხოლოდ მოგახსენებთ, რომ [თავრიზიდან] თორმეტი დღის სავალზე მდებარეობს შამახია. ეს ქალაქი მედიაშია, თეციკიას ქვეყანაში. მის ბატონს ჰქვია შარვანშა. ამ მხარეს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია გამოიყვანოს ათი ათასი ცხენოსანი.

ხელმარცხნივ, ექვსი დღის სავალზე, იგი ესაზღვრება ბაკუს ზღვას, ხელმარჯვნივ შავი ზღვის მხარეს - სამეგრელოს და ყაიტაყებს, რომლებიც კასპიის მთის მიდამოებში ცხოვრობენ. ეს [შემახია] კარგი ქალაქია. ოთხიდან ხუთი ათასამდე კომლი იქნება. გამოჰყავთ აბრეშუმი და სხვა ნაწარმი. იქ თავიანთი წესის მიხედვით მუშაობენ აბრეშუმის, ბამბის და სხვა ხელოსნები.

არის დიდი სომხეთი, რომელიც უმეტესად სომხებით არის დასახლებული. როცა იქიდან წახვალ, მიხვალ დარუბანდში. ეს ქალაქი ალექსანდრემ ააშენა. იგი მდებარეობს ბაკუს ზღვასთან, მთიდან ერთი მილის დაშორებით. მთაზე არის ციხე, საიდანაც ზღვისკენ მიდის ორმაგი კედელი და შედის წყალში, იმგვარად, რომ კედლები წყლიდან ორი ნაბიჯის სიმაღლეზეა ამოშვერილი. ქალაქიდან ჭიშკრამდე ნახევარი მილია. კედლები, რომაულის მსგავსად, დიდი ქვებითაა აგებული. დარუბანდი ჩვენს ენაზე ნიშნავს ვიწროს. ადგილობრივი მცხოვრებლები მას თამირკაპს ეძახიან, რაც ჩვენს ენაზე ნიშნავს რკინის ჭიშკარს.მართლაც, ეს სახელი ძალიან შეეფერება, რადგან ეს ქალაქი მედიას გამოჰყოფს ალბანიისაგან, რომელიც ამჟამად სათათრეთის ნაწილია.

ასე რომ, როცა ვინმეს სურს წავიდეს სპარსეთში, თურქეთში, სირიაში და იმ ქვეყნებში, რომლებიც მისგან ჩრდილოეთით მდებარეობენ, უნდა შევიდეს ამ ქალაქის ჭიშკარში და გავიდეს მეორეში, რადგან სხვა ადგილებში გავლა შეუძლებელია. ამის მიზეზი ის არის, რომ ბაკუს ზღვიდან შავ ზღვამდე პირდაპირი გზით [ისევე როგორც ჰაერით] ხუთასი მილი იქნება, მაგრამ მთელი ეს მონაკვეთი დაფარულია მთებითა და ღარტაფებით, ზოგიერთი ადგილი დასახლებულია ვიღაც პატარ-პატარა მბრძანებლებით, რომელთა ტერიტორიაზე გავლას ვერავინ გაბედავს გაძარცვის შიშით. ამიტომ, თუ ვინმე გადაწყვეტს (აღნიშნული გზით არ წავიდეს), არ გაიაროს დარუბანდი, მან აუცილებლად უნდა გაიაროს ჯერ საქართველოში, შემდეგ სამეგრელოში, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. [შემდეგ მივა] ალვატის ციხე-სიმაგრემდე, რომელიც დგას უმაღლეს მთაგრეხილზე, სადაც ცხენით ასვლა შეუძლებელია და ფეხით უნდა ავიდეს კლდეზე. ასე რომ ასვლასა და ჩამოსვლას ორი დღე დასჭირდება, შემდეგ იქნება ჩერქეზეთი, რომლის შესახებაც ზემოთ, პირველ ნაწილში ვილაპარაკეთ. ეს გზა გამოიყენება მხოლოდ იმ ხალხების მიერ, ვინც მეზობლად ცხოვრობენ.

თავი 27. როგორ წავიდა უზუნ ჰასანი საქართველოს წინააღმდეგ, გაძარცვა მისი ზოგიერთი ადგილი, დადო ზავი იმ ქვეყნის მეფესთან და მეფე ყვარყვარესთან, რომელიც [საქართველოს] მეზობელია. თბილისი და გორი - საქართველოს ადგილები. სკანდა, ლორე.[edit]

აქამდე მოგიყევით ის, რაც იმ მხარეებს შეეხებოდა. მათი ერთი ნაწილის შესახებ [სხვებისაგან] გავიგე, მაგრამ დიდი ნაწილი საკუთარი თვალით ვნახე. დავბრუნდი თავრიზში და მოგითხრობთ იმის შესახებ, რაც გავაკეთე ბატონ უზუნ ჰასანთან ერთად. იგი გაემგზავრა თავრიზიდან და ბრძანა ხმის გავრცელება [თითქოს]სურდა ოტომანის წინააღმდეგ გალაშქრება, თუმცა იმ ნიშნების მიხედვით, რასაც ვხედავდი, მისი არ მჯეროდა. რამდენადაც შემეძლო განმესაზღვრა [უზუნ ჰასანის ლაშქარი], იქნებოდა 20000-24000-მდე ცხენოსანი, ოთხი ათასიდან ხუთი ათასამდე ქვეითი. ადამიანები, რომლებიც მოდიოდნენ ბანაკის დასახმარებლად, დაახლოებით - ექვსი ათასი. ქალები, ბავშვები და მსახურები, სხვა რომ არ ვთქვა, საკმაოზე მეტი.

ამგვარად ვიარეთ შვიდი დღე. შემდეგ შევბრუნდით ხელმარჯვნივ, წინააღმდეგ საქართველოსი, [რომელიც მდებარეობს] შავი ზღვის პირას. საქართველოში შევიწერით, რადგან მისი გაძარცვის სურვილი ჰქონდა მბრძანებელს. მან, თავისი ჩვეულების თანახმად, წინ გაგზავნა მარბიელნი, 5 ათასამდე ცხენოსანი. ისინი, რადგან გასავლელი გვქონდა დიდი მთები და უზარმაზარი ტყეები, წინ ყველაფერს აკეთებდნენ, რაც შეეძლოთ: წრიდნენ და წვავდნენ ტყეებს. ჩვენ შორიდან ვხედავდით ცეცხლს და ვიგებდით, რომელი გზით უნდა წავსულიყავით. ამგვარად გზა გამზადებული გვხვდებოდა.

საქართველოს შიგნით ორი დღის სიარულის შემდეგ, მივედით თბილისში. არა მხოლოდ [თბილისი], არამედ იქიდან მოყოლებული, მთელი ეს მხარე მიტოვებული იყო და წინააღმდეგობის გარეშე დავეუფლეთ. შემდეგ წავედით უფრო ზევით გორისაკენ და სხვა ირგვლივ მდებარე ადგილებისაკენ. ყველა ისინი გაძარცული იყო. ასევე მოეპყრო [უზუნ ჰასანი] ქვეყნის უდიდეს ნაწილს. ბატონი უზუნ ჰასანი შეუთანხმდა საქართველოს მეფე ბაგრატს და ყვარყვარეს, რომელიც ამ მეფეს ესაზღვრება, რომ მათთვის მიეცათ 16000 დუკატი და, თბილისის გარდა, მთელ ქვეყანას დაუტოვებდა მათ.

მეფე ბაგრატმა და ყვარყვარემ, უნდოდათ რა ამ ფულის გადახდა, გამოგზავნეს ოთხი ბალასი, რომლებიც რიგიანები იყო, [მართალია] არც ისე დიდები და ლამაზები, მაგრამ ისეთივე ხარისხიანი, როგორც ისინი, რომლებსაც ვენეციაში, სან მარკოს საკურთხებელზე უჩვენებენ. როცა ბატონ უზუნ ჰასანს მოუტანეს ის ოთხი ბალასი, მან გამომიგზავნა [კაცი], რათა მათ სანახავად [წავსულიყავი] და შემეფასებინა. ვიდრე მე ხსენებულ მბრძანებელთან წავიდოდი, მეფე ბაგრატის და ყვარყვარეს ელჩებმა, რომლებმაც ბალასები ჩამოიტანეს, შემომითვალეს, რომ მე კარგად შემეფასებინა ბალასები, რადგან [ქართველები ჩემსავით] ქრისტიანები იყვნენ. მივედი თუ არა მბრძანებელთან [მან მაშინვე] მომცა ის ბალასები. მე გულდასმით დავათვალიერე ერთი [ბალასი]. ბატონმა უზუნ ჰასანმა მკითხა, რამდენი ეღირებაო. მე ვუპასუხე: "ბატონო, ეს ღირს 4000 დუკატი". მან გაიცინა და თქვა: "შენს ქვეყანაში ძალიან ძვირი ღირებულა. არ მინდა ბალასები, ფული მინდა".

რაც დასახლებულ ადგილებში იმ დროს [ადამიანები] დაატყვევეს, ოთხიდან ხუთი ათასამდე სული იქნებოდა. ადგილები, რომლებიც ჩვენ დავარბიეთ, მდებარეობდნენ გორგორას სამფლობელოებიდან ხელმარცხნივ: ქუთაისი, მეფე ბაგრატის ციხე-სიმაგრე, რომელსაც აქვს ქალაქი ერთ პატარა ბორცვზე. [მის] წინ [მიედინება] მდინარე, რომელსაც ჰქვია ფასო, ეხლა ფასისად წოდებული, რომელიც მიედინება საკმაოდ დიდი ქვის ხიდის ქვეშ და შავ ზღვას ერთვის; სკანდა, საკმაოდ მტკიცე ციხე-სიმაგრე, გორიდან ოთხი დღის სავალზეა, რომელსაც საკმაოდ დიდი მდინარე ჩაუდის. შემდეგ გადავლახეთ მაღალი მთა და დავბრუნდით უზუნ ჰასანის ქვეყანაში, რომელიც დიდ სომხეთშია.

[იქიდან] სამი დღის მანძილის დაშორებით აღმოვჩნდით ლორეს ციხე-სიმაგრეში. იქიდან ოთხი დღის სიარულის შემდეგ მივადექით ნოეს მთას, სადაც [ნოე] შეჩერდა წარღვნის შემდეგ თავისი კიდობნით. იგი ძალიან მაღალი მთაა, მასთან არის დიდი დაბლობი, რომლის გავლას ორი დღე დასწირდება. [მთა] ზამთარ-ზაფხულ თოვლითაა დაფარული. მას უერთდება მეორე უფრო პატარა მთა, რომელიც ასევე მუდმივი თოვლითაა დაფარული. ცოტა მოშორებით არის ციხე-სიმაგრე კატრი, რომლის მიდამოები დასახლებულია სომხებით. ისინი კათოლიკები არიან. აქვთ მონასტრები. მათ შორის უმთავრესია ალენჯა, სადაც 50-მდე ბერია და სან ბენედიქტოს წესს ასრულებენ, წირვა-ლოცვა თავიანთ ენაზეა.

დასახელებული მონასტრის წინამძღვარი გარდაიცვალა ვენეციაში ჩემი დაბრუნების შემდეგ. [იმ მონასტრის] ერთ-ერთი წარმომადგენელი ჩამოვიდა ვენეციაში და მიიღეს სან ჯოვანი და პაოლოს [მონასტერში]. ის ჩემთან სახლში მოვიდა, რათა გამეწია რეკომენდაცია. [სურდა] მეშუამდგომლა ჩვენი უბრწყინვალესი [ვენეციის] სინიორიის სახელით პაპის წინაშე, რადგან გარდაცვლილი წინამძღვრის ძმა იყო, ამიტომ იგი ეკურთხა აღნიშნული მონასტრის წინამძღვრად,