სუმბატ დავითის ძე - "ცხოვრებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთაჲ" (2008)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







სუმბატ დავითის ძე - "ცხოვრებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთაჲ"




პუბლიკაციები[edit]

2008 - "ქართლის ცხოვრება" - რ. მეტრეველის რედაქციით


ტექსტი[edit]

ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთაჲ
ჩუენ ქართველთა მეფეთაჲსაჲ, თუ სადაჲთ მოიწივნეს ამას
ქუეყანასა იგინი, ანუ რომლით ჟამითგან უპყრიეს მათ
მეფობაჲ ქართლისაჲ, რომელი აღწერა
სუმბატ, ძემან დავითისმან

ადამ შვა სეით. სეით შვა ენოს. ენოს შვა კაინან. კაინან შვა მალელ. მალელ შვა იარედ. იარედ შვა ენოქ. ენოქ შვა მათუსალა. მათუსალა შვა ლამექ. ლამექ შვა ნოე. ნოე შვა სემ. სემ შვა არფაქსად. არფაქსად შვა კაინან. კაინან შვა სალა. სალა შვა ებერ. ებერ შვა ფალეგ. ფალეგ შვა რაგავ. რაგავ შვა სერუქ. სერუქ შვა ნაქორ. ნაქორ შვა თარა. თარა შვა აბრამ. აბრამ შვა ისაკ. ისაკ შვა იაკობ. იაკობ შვა იუდა. იუდა შვა ფარეზ. ფარეზ შვა ესრომ. ესრომ შვა არამ. არამ შვა ამინადაბ. ამინადაბ შვა ნაასონ. ნაასონ შვა სალმონ. სალმონ შვა ბოოს. ბოოს შვა იობედ. იობედ შვა იესე. იესე შვა დავით მეფე. დავით მეფემან შვა სოლომონ. სოლომონ შვა რობუამ. რობუამ შვა აბია. აბია შვა ასაფ. ასაფ შვა იოსაფატ. იოსაფატ შვა იორამ. იორამ შვა ოზია. ოზია შვა იოთამ. იოთამ შვა აქაზ. აქაზ შვა ეზეკია. ეზეკია შვა მანასე. მანასე შვა ამონ. ამონ შვა იოსია. იოსია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იექონია. იექონია შვა სალათაელ. სალათაელ შვა ზორაბაბელ. ზორაბაბელ შვა აბიუდ. აბიუდ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა აზორ. აზორ შვა სადუკ. სადუკ შვა აქიმ. აქიმ შვა ელიუდ. ელიუდ შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა მატათან. მატათან შვა იაკობ. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი და ძმაჲ კლეოპაჲსი. კლეოპა შვა ნაომ. ნაომ შვა სალა. სალა შვა რობუამ. რობუამ შვა მოხთარ. მოხთარ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა ბენიამენ. ბენიამენ შვა იერობემ. იერობემ შვა მოსე. მოსე შვა იუდა. იუდა შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა ლევი. ლევი შვა იორამ. იორამ შვა მანასე. მანასე შვა იაკობ. იაკობ შვა მიქია. მიქია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იერუბემ. იერუბემ შვა აბრაჰამ. აბრაჰამ შვა იობ. იობ შვა აქაბ. აქაბ შვა სჳმონ. სჳმონ შვა იზაქარ. იზაქარ შვა აბია. აბია შვა გაად. გაად შვა ასერ. ასერ შვა ისაკ. ისაკ შვა დან. დან შვა სოლომონ. სოლომონ შვა შჳდნი ძმანი, რომელნი-იგი მოსცნა ღმერთმან ტყუეობასა შინა.

და ესენი, შჳდნი ძმანი, ძენი ამის სოლომონისნი, წარმოვიდეს ქუეყანით ფილისტიმით, ტყუეობით წარმოსულნი ჰურიანი, და მოიწივნეს ეკლეცს, წინაშე რაქაელ დედოფლისა და მისგან ნათელ-იღეს. და დაშთეს იგინი ქუეყანათა სომხითისათა და მუნ დღეინდელად დღედმდე შვილნი მათნი მთავრობენ სომხითს.

და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს. ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ, განაჩინეს ერისთავად, და ესე არს ერისთავი ქართლისაჲ და მამაჲ ბაგრატიონთაჲ. და ესე ქართლისა ბაგრატონიანნი შვილისშვილნი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი.

ხოლო ძმაჲ მისი, სახელით საჰაკ, წარვიდა კახეთს და დაემზახა იგი ნერსეს. და სხუანი ორნი იგი ძმანი ამათნი, სახელით ასამ და ვარაზვარდ, წარვიდეს კამბეჩანს, და მოკლეს მათ სპარსთა სპასალარი და დაიპყრეს კამბეჩანი, და დასხდეს იგინი მუნ ცხოვრებად ხორნაბუჯს. და ამა ჟამამდე შვილნი მათნი მთავრობენ მას შინა.

ხოლო ვინაჲთგან მოაკლდა მეფობაჲ შვილთა გორგასლისათა, მით ჟამითგან ეპყრა უფლებაჲ ქართლისა აზნაურთა ვიდრე ამათადმდე. არამედ დაესრულა უფლებაჲ ქართლისა აზნაურთაჲ ბოროტთა საქმეთა მათგან.

მას ჟამსა მცხეთას კათალიკოსი იყო სჳმონ-პეტრე; და მცხეთა აღთხელდებოდა და ტფილისი აღშენდებოდა, არმაზი შემცირდებოდა და კალაჲ განდიდდებოდა. და სპარსნი უფლებდეს ქართლს, კახეთს, ჰერეთს, სომხითს, სივნეთს, ასპურანგს.

მას ჟამსა კათალიკოსი იყო მცხეთას სამოელ. და ერთად შეკრბა ყოველი ქართლი და გამოარჩიეს გუარამ დავითის ნათესავისაგან, მოწევნული ძმათა მისთა თანა, ასამს და ვარაზვარდს, რომელნი-იგი ზემო ვაჴსენენით. ესენი წარმოვიდეს ეკლეცით, რომელნი მონათლნა რაქაელ დედოფალმან, ძმანი შჳდნი ჰურიანი, ტყუეობით მოსრულნი ქუეყანით ფილისტიმით, და ნათელ-იღეს ეკლეცს ჴელითა რაქაელ დედოფლისაჲთა, რომელმან სამთა მათგანთა უცვალა სახელი: რამეთუ ერთსა სახელ-სდვა მუშელ და ერთსა - ბაგრატ, რომელ არს მამაჲ ბაგრატონიანთაჲ, ერთსა - აბგავარ; ერთი შემოიყვანა სიძედ და ორნი მათგანნი ამზახნა სომხითის მეფეთა.

ხოლო ოთხნი ესე ძმანი წარმოემართნეს ქართლს, ვითა ზემო ვაჴსენეთ, და გუარამ განაჩინეს ერისთავად. და მოსცა ამას მეფემან ბერძენთამან პატივად კურაპალატობაჲ და წარმოგზავნა მცხეთას. და ამან დადვა საფუძველი ჯუარისა ეკლესიაჲსაჲ, რომელ არს მცხეთას.

ხოლო სამნი ესე ძმანი წარვიდეს კახეთს, და საჰაკ დაემზახა ბაკურს, ძესა ნერსესსა, ხოლო ასამ და ვარზავარდ წარვიდეს კამბეჩოანს, და გარდაუქციეს ერი ვეზანს, ერისთავსა ბაჰარ ჩუბინისსა, და ვეზან მოკლეს. და დაიპყრეს მათ კამბეჩოანი.

და იყო მას ჟამსა მცხეთას კათალიკოსი სამოელ. და ამის ზე ტფილისისა მკჳდრთა ეკლესიისა გებად იწყეს, რომლისა ნახევარსა ყოველი ერი აშენებდა, და ნახევარსა - ერთი ვინმე დედაკაცი.

და კათალიკოსი იყო მცხეთას ბართლომე.

და შემდგომად ამის გუარამისსა ერისთავობდა ძე მისი სტეფანოზ და ძმაჲ დემეტრესი. და აშენებდეს ეკლესიასა ჯუარისასა მცხეთას.

და ამის ზე წარვლო ერეკლე, მეფემან ბერძენთამან, და მივიდა ტფილისად, და დადგა დამართებით ციხესა კალისასა. და ციხისთავმან ჴმა-უყო ციხით გამოღმართ და ჰრქუა ერეკლე მეფესა: „რომელსა გასხენ წუერნი ვაცისანი და ვაცბოტისა კისერი გათქს“. მაშინ, ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე ერეკლე მეფესა, განრისხნა მისთჳს, და აღმოიკითხა წიგნისაგან დანიელ წინასწარმეტყუელისა სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „აღმოვიდეს ვაცი დასავლისაჲ და შემუსრნეს რქანი აღმოსავლისა ვერძისანი“. და თქუა მეფემან: „უკუეთუ იყო ჩემდა სიტყუაჲ ეგე კადნიერებისათჳს ჩემისა, მისაგებელი ორკეცი დაგიტეო შენ“. და დაუტევა ტფილისს ჯიბღუ ერისთავი ბრძოლად ციხესა ტფილისისასა, და თჳთ წარემართა ბაღდადს. და მივიდა გარდაბანს, ვარაზ გაგელისასა, და დაილაშქრა ადგილსა მას, რომელსა ჰ[რ]ქჳან ხუზაშენი. და ნათელ-სცა ერეკლე ვარაზ გაგელსა და ყოველსა ერსა მისსა. და იწყო შენებად ეკლესიასა, რომელი-იგი უბრწყინვალეს არს ყოველთა ეკლესიათა. და წარვიდა ბერდუჯს და დადგა გულსა სოფლისასა. და აღმართა ჯუარი ქვისაჲ და დადვა საფუძველი წმიდისა ღმრთისმშობელისა ეკლესიისაჲ და აღასრულა გუმბათი მისი. ხოლო მან ჯიბღუ წარიღო კალა და ციხე იგი ტფილისისაჲ გამოიღო და ციხისთავი იგი შეიპყრა და დრაჰკნითა პირი აღუვსო ამისთჳს, რამეთუ თქუა სადიდებელი იგი მეფისა ჰერაკლესი. ხოლო კადრებისა მისთჳს ტყავი გაჰჴადა და მეფესა მისწია იგი გარდაბანს, ვარაზ გაგელისსა. და გარდაბანით მეფემან მიცვალა ლალს, და უწოდა მეწეკევნელთა მთავარსა, ნათელ-სცა და წარვიდა ბაღდადს. და გამოიღო ბაღდადი და შეიპყრა ხუასრო მეფე და მოაღებინა ძელი ცხოვრებისაჲ. და იწყო შენებად იერუსალემისა. და დასუა მოდისტოს პატრიაქად. და წარმოემართა აქაჲთვე და მოვიდა წელსა მეშჳდესა. და ვიდრე მოსლვადმდე მისსა ტფილისის ეკლესიაჲ სიონი განესრულა, ხოლო ჯუარისა ეკლესიასა აკლდა.

და მან ერეკლე მეფემან ტფილისს და მცხეთას და უჯარმოს ქადაგნი განავლინნა, რაჲთა ყოველნი ქრისტიანენი ეკლესიასა შევიდენ და ყოველნი მოგუნი და ცეცხლისმსახურნი, რომელნიცაღა არა მოინათლნენ, მოისრნენ.

ხოლო მათ ნათლისღებაჲ არა ინებეს, არამედ ზაკუვით აღერივნეს ქრისტიანეთა თანა. და მიაწიეს ყოველთა მათ ზედა მახჳლი. და ეკლესიათა შინა მდინარენი სისხლთანი დიოდეს. და განწმიდა სჯული ქრისტეს, ღმრთისა ჩუენისაჲ, და წარვიდა ერეკლე მეფე სამეფოდვე თჳსად.

და მთავრობდა ქართლს იგივე სტეფანოზ დიდი. კათალიკოსი იყო მეორე ბართლომე.

მის ზედავე და შემდგომად მისსა მთავრობდა ადარნასე, ძე მის სტეფანოზისი. და მის ზედა სამნი კათალიკოსნი იცვალნეს: იოვანე, ბაბილა და თაბორ. და ამისა შემდგომად მოკუდა ადარნასე მთავარი და მის წილ დაჯდა სტეფანოზ, ძე მისი. და მან განასრულა ეკლესიაჲ ჯუარისაჲ და განაწესა მუნ ჯუარისა კრებაჲ, და დაჯდა ტფილისს ცხოვრებად. და კათალიკოსი იყო სამოელ და ენონ. და მის ზე ქუეყანაჲ ქართლისაჲ აღწერეს და წარიღეს საბერძნეთს. და ამბავი მოიწია, ვითარმედ ბაღდადი დაიპყრეს აგარის ნათესავთაო.

და ამის სტეფანოზისა შემდგომად ერისთავობდა ძე მისი გუარამ კურაპალატი. და შემდგომად მისსა ვარაზ-ბაკურ, ძე მისი ანთიპატოს-პატრიკიოსი, რომელმან გარდაბანელნი მოაქცივნა. და მერმე ნერსე და ძენი მისნი - ფილიპე და სტეფანოზ და ადარნასე. და ძენი მისნი - გურგენ ერისთავი, აშოტ კურაპალატი.

ხოლო აშოტ კურაპალატი მთავრობდა ქუეყანასა მას შინა და სახლად მისა იყო ბარდავი და ტფილისი, და ჰქონდა მას ქუეყანაჲ, რომელ არს გარემოს მისსა. და მაშინ გაძლიერდა ჴელმწიფებაჲ აგარიანთაჲ და იწყეს ძიებაჲ აშოტ კურაპალატისაჲ. და ვერ უძლო წინააღდგომად მათდა აშოტ და ივლტოდა მათგან. და წარემართა, რაჲთა წარვიდეს საბერძნეთად. და თანა ჰყვეს მას დედაჲ და ცოლი და ორნი ძენი, ასაკითა ჩჩჳლნი - უხუცესი ადარნასე და შედეგი ბაგრატ. ხოლო უმრწემესი ძე გუარამ ჯერეთ არა ესუა. და ერი თჳსი მცირედ ჰყვა თანა, მკჳდრნი მისნი, დედაწულითურთ და შვილითურთ. მოიწივნეს მთასა ჯავახეთისასა, კიდესა დიდისა მის ტბისა ფარავნისასა დამაშურალნი სლვისაგან და გარდაჰჴდეს განსუენებად კიდესა მის ტბისასა. ჭამეს რაჲ პური, და მცირედ მიერულა. და მძინარეთა ეწივნეს დიდნი ლაშქარნი სარკინოზთანი. მაშინ შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა და კნინსა მას ლაშქარსა მისსა მოსცა ძლევაჲ მათ ზედა, და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი. წარმოვიდეს მუნით და მოიწივნეს ჴევსა შავშეთისასა.

ხოლო ჴევი შავშეთისაჲ უშენებელი იყო მაშინ, გარეშე მცირედთა სოფელთასა. რამეთუ ჟამთა სპარსთა უფლებისასა აოჴრდა, ოდეს-იგი ყრუმან ბაღდადელმან შემუსრნა ციხენი ყოველნი და მოვლო შავშეთიცა და ღადონი. და კუალად, შემდგომად მისსა სრვამან სატლობისამან მოაოჴრა შავშეთი, კლარჯეთი, და მცირედღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ. ხოლო დაშთომილთა მათ მკჳდრთა შავშეთისათა შეიწყნარეს იგი სიხარულითა და სიყუარულითა, და დაემკჳდრა მუნ. და მისცა ღმერთმან გამარჯუებაჲ და აჴელმწიფა იგი შავშეთ-კლარჯეთსა ზედა. და მან სოფლები ზოგი იყიდა საფასითა და ზოგი ოჴერი აღაშენა, და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმან ქუეყანათა მათ შინა. და მისცა ღმერთმან და განამტკიცა ჴელმწიფებაჲ მისი ნებითა ბერძენთა მეფისაჲთა.

და ამან აშოტ კურაპალატმან პოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელი პირველ ვახტანგ გორგასალს ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი; და აოჴრებულ იყო ბაღდადელისა მის ყრუობითგან. იგი განაახლა აშოტ და აღაშენა ეგრეთვე ციხედ, და წინა კერძო მისსა ქუეშეთ აღაშენა ქალაქი. და აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესიაჲ წმიდათა მოციქულთაჲ - პეტრესი და პავლესი და შექმნა მას შინა საფლავი თჳსი. და დაემკჳდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად. და მერმე კუალად ეუფლა ქუეყანათა ვიდრე კარადმდე ბარდავის ქალაქისა. და მრავალგზის მოსცა ღმერთმან აშოტს კურაპალატსა ძლევაჲ და დიდი დიდებაჲ ბრძოლათა შინა.

და იყო, ერთსა შინა ჟამსა განვიდა აშოტ, რაჲთამცა შეკრიბა ლაშქარი ბრძოლისათჳს სარკინოზთაჲსა. მოვიდა იგი ადგილსა რომელსამე და განავლინნა ლაშქრის მაწუეველნი. და ვიდრე არღარა შეკრებულ იყო ლაშქარი იგი მისი მის თანა, დაესხნეს მას სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი. წარმოემართა და მოიწია ჴევსა ნიგალისასა და იწყო ძებნად ერისა, რაჲთამცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თჳსი. და წარმოემართნეს მოსლვად მის წინაშე იგინი, რომელთა მან უბრძანა. ხოლო იგინი მოვიდეს კლვად მისსა. მაშინ, ვიდრე მოწევნადმდე მათდა კარად მისსა, არა უწყოდა აშოტ ზაკუაჲ მათი. და რაჟამს მოიწივნეს იგინი კარად მისსა, მაშინღა აგრძნა, რაჲ-იგი ეგულვებოდა მათ. და არა ჰყვა მას ერი თჳსი თჳნიერ მცირედთასა, რომლითა ვერ წინა-აღუდგებოდა იგი მათ. ამისთჳსცა შეივლტოდა აშოტ კურაპალატი ეკლესიად. და მოწყლეს იგი მახჳლითა საკურთხეველსა ზედა, და შეისუარა საკურთხეველი იგი სისხლითა მისითა, რამეთუ დაკლეს იგი მუნ, ვითარცა ცხოვარი, აღსავალსა საკურთხევლისასა. და სისხლი იგი მისი დათხეული დღესცა საჩინოდ სახილველ არს.

ხოლო ესმა რაჲ ესე ამბავი ერსა მისსა, რომელნი-იგი იყვნეს დოლისყანასა, ვითარმედ მოიკლა უფალი იგი მათი აშოტ ჴელითა ოროზ-მოროზის ძეთაჲთა, წარვიდეს დოლისყანით და დევნა უყვეს მკლველთა მათ უფლისა თჳსისათა. დაეწივნეს მათ სავანესა ზედა ჭოროხისასა, მოსრნეს იგინი ბოროტად, ვიდრემდის არა დაუშთა არცა ერთი მათგანი. და წარმოიღეს მკუდარი აშოტ კურაპალატი და დაფლეს მისსა მას საფლავსა შინა, ციხესა არტანუჯისასა, ეკლესიასა წმიდათა მოციქულთასა - პეტრესი და პავლესისა. რამეთუ მოიკლა ესე აშოტ კურაპალატი დასაბამითგან წელთა ხ˜ჳ˜ლ, ქრონიკონსა მეათცამეტედ მოქცეულსა შინა მ˜ვ [826], თუესა იანვარსა ოცდაცხრასა. .

და დაუტევნა სამნი ძენი: უხუცესი ადარნასე და შედეგი მისი ბაგრატ. ესე ორნი თანა ჰყვეს მას, რაჟამს-იგი მოიწია შავშეთ-კლარჯეთად, ხოლო უმრწემესი გუარამ არტანუჯს მოსლვას[ა]ღა შინა დაებადა.

და შემდგომად აშოტის სიკუდილისა, მამისა მათისა, რომელ გარეთ ქუეყანაჲ ჰქონდა ძეთა აშოტისთა, წაუღეს სარკინოზთა, რამეთუ იყვნეს იგინი უსრულ ჰასაკითა. ხოლო რაჟამს სრულ ჰასაკ იქმნნეს იგინი, კუალადცა მოსცა ღმერთმან მათვე ყოველივე იგი ნაქონები მამისა მათისაჲ. და ვიდრე უსრულოღა იყვნეს იგინი ჰასაკითა, იზარდებოდეს ციხესა შინა არტანუჯისასა, და იყვნეს ხარკის მიმცემელ სარკინოზთა ყოველნივე ჴევნი შავშეთ-კლარჯეთ-ნიგალისანი. ხოლო არტანუჯით გამოღმართ დაიპყრეს მათ ნაქონები იგი მამულები მამისა მათისაჲ, დასუეს ბაგრატ კურაპალატად. და წარმართა ღმერთმან ჴელმწიფებაჲ მათი.

და იყვნეს ძენი უხუცესისა მის ძმისა მათისა, აშოტის ძისა ადარნასესნი, სამნი: გურგენ, რომელ-იგი დღეთა სიბერისა მისისათა კურაპალატად დასუეს, და ძმანი მისნი: აშოტ კეკელაჲ და სუმბატ არტანუჯელი, რომელი ჴელმწიფობასა მისსა დასუეს ანთიპატოს-პატრიკად. და ძენი ბაგრატ კურაპალატისანი სამნი: დავით, რომელი შემდგომად მამისა თჳსისა დასუეს კურაპალატად, ადარნასე და აშოტ. და ძენი უმრწემესისა აშოტის ძისა გუარამისნი ორნი: ნასრა და აშოტ.

ხოლო აშოტ კეკელაჲ, ძე ადარნასესი, გარდაიცვალა ქრონიკონსა პ˜ზ [867], და დაუტევა გურგენ, რომელი შემდგომად კურაპალატად დასუეს, და სუმბატ არტანუჯელი ანტიპათოს-პატრიკი.

გარდაიცვალა აშოტ, ძე მამფლისა გუარამისაჲ, უწინარეს მამისა თჳსისა ქრონიკონსა პ˜თ [869]. არა დაუტევა ძე.

გარდაიცვალა ადარნასე, ძე ბაგრატ კურაპალატისაჲ, ქრონიკონსა ჟ˜დ [774], სიცოცხლესავე მამისა თჳსისასა, და არა დაუტევა შვილი. და მამაჲ მისი, ბაგრატ კურაპალატი, ძე აშოტ კურაპალატისაჲ, გარდაიცვალა ქრონიკონსა ჟ˜ვ [776], და დაუტევნა ძენი: დავით, რომელი შემდგომად მისსა კურაპალატ ყვეს; და მოიკლა იგი ჴელითა მამის ძმისწულისა თჳსისა, ნასრა გუარამის ძისითა, სიცოცხლესავე შინა გუარამისსა, ქრონიკონსა რ˜ა [881], სუფევასა შინა გუარამისსა. ხოლო გუარამ მამფალი, მამის ძმაჲ მისი, მამაჲ ნასრესი, უბრალო იყო სისხლისაგან დავით კურაპალატისაჲთა; და დაუტევა ამან დავით მოკლულმან ძე მცირე ადარნასე, მოუწიფებელი ჰასაკითა, ხოლო ნასრ მკლველი ივლტოდა სამეფოსა კოსტანტინეპოლეს და იყო მუნ მრავალ წელ.

და ამისსა შემდგომად დასუეს გურგენ, ძე ადარნასესი, კურაპალატად, დიდისა აშოტ კურაპალატის ძისაჲ.

გარდაიცვალა გუარამ მამფალი, ძე აშოტ დიდისაჲ, მამაჲ ნასრისაჲ, ქრონიკონსა რ˜ბ [882].

და გარდაიცვალა აშოტ, ძე ბაგრატ კურაპალატისაჲ, ქრონიკონსა რ˜ე [885].

და ამისსა შემდგომად გამოვიდა ნასრ სამეფოჲთ და მოვიდა აფხაზეთს. და იყო მაშინ აფხაზთა მეფე ბაგრატ, დისიძე ნასრისა, და შესწია მან, დიდითა ლაშქრითა, მეფემან აფხაზთამან, და მუნით გარდამოვიდა ნასრ სამცხეს და შეკრიბა სხუაჲცა ლაშქარი ურიცხჳ. ხოლო ადარნასე, ძე მოკლულისა კურაპალატისაჲ, განვიდა ბრძოლად მისა, და მიჰყვა მის თანა შეწევნად ადარნასესა გურგენ კურაპალატი და შვილნი მისნი. და ყვეს ბრძოლაჲ და ომი დიდი ნასრის ზედა. და შეეწია ღმერთი მცირეთა ამათ ადარნასეს კერძოთა და სძლეს ნასრას, მეოტ ქმნეს, შეიპყრეს და მოკლეს ნასრა ჴევსა სამცხისასა, სოფელსა ასპინძას, ქრონიკონსა რ˜ჱ [888]. და არა დაუშთა შვილი ნასრას, და აღიჴოცა საჴსენებელი მისი.

ადარნასე, ძე დავით კურაპალატისაჲ, დასუეს ქართველთა მეფედ [ნაცვლად] მის მოკლულისა. და ამან ადარნასე, ძემან დავით მოკლულისამან, აღაშენა ბანა ჴელითა კჳრიკე ბანელისაჲთა, რომელი-იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ.

და მამფალი სუმბატ არტანუჯელი, ძე ადარნასესი, ძისა აშოტ დიდისაჲ, გარდაიცვალა ქრონიკონსა რ˜თ [889] და დაუტევნა ძენი ორნი: ბაგრატ მამფალი არტანუჯელი და დავით მამფალი.

და სიცოცხლესავე შინა სუმბატ არტანუჯელისასა მოისრა ნასრ; და ქუეყანაჲ ნასრისი დაიპყრეს სხუათა ამათ მთავართა.

ხოლო გურგენ კურაპალატი წარვიდა ტაოჲთ, კალმახით, მამულით თჳსით, ცხოვრებად შავშეთს და არტანს. და ამისსა შემდგომად შეიმტერნეს ურთიერთას და შეკრიბეს ლაშქარი ერთმანერთსა ზედა: ერთ კერძო გურგენ კურაპალატმან და ერთა მისთა, მეორე კერძო ადარნასე, ქართველთა მეფემან, და ბაგრატ არტანუჯელმან. მოვიდეს ესენი ჴევსა არტანისასა, სოფელსა მგლინავსა, და ჰბრძოლეს ერთმანერთსა. და მეოტ იქმნა გურგენ კურაპალატი, წყლეს და შეიპყრეს. და მოკუდა წყლულებითა მით გურგენ კურაპალატი, ძე ადარნასესი, ძისა აშოტ დიდისაჲ, ქრონიკონსა რ˜ი˜ა [891]. და დაუტევნა ორნი ძენი: ადარნასე და აშოტ, რომელიცა შემდგომად ერისთავთერისთავად დასუეს.

შემდგომად გურგენ, მამისა თჳსისა კურაპალატისა, გარდაიცვალა ადარნასე ქრონიკონსა რ˜ი˜ვ [896], და დაუტევნა ორნი ძენი მცირენი: დავით ერისთავთერისთავი და გურგენ, რომელი შემდგომად, მერმე, დიდი ერისთავთერისთავი იყო.

და გარდაიცვალა ბაგრატ მამფალი არტანუჯელი, ძე სუმბატისი, ქრონიკონსა რ˜კ˜თ [909], თუესა აპრილსა კ˜, დღესა აღვსებასა, და დაუტევნა ძენი ოთხნი: ადარნასე, რომელი-იგი მონაზონ იქმნა და ბასილი სახელ-იდვა, გურგენ ერისთავი, აშოტ და დავით.

გარდაიცვალა დავით ერისთავი, ძე ადარნასესი, ძისა გურგენ კურაპალატისაჲ, ძმაჲ დიდისა გურგენისა, ქრონიკონსა რ˜კ˜ჱ [908], და არა დაუტევა შვილი.

აშოტ ერისთავთერისთავმან, ძემან გურგენ კურაპალატისამან, რომელსა ეწოდა კუხი, აღაშენა ტბეთი შავშეთს და განასრულა იგი ყოვლითა განგებითა, და დასუა პირველად ეპისკოპოსად სანატრელი სტეფანე უწყებითა სულისა წმიდისაჲთა. და გარდაიცვალა ესე აშოტ კუხი ქრონიკონსა რ˜ლ˜ჱ [918], და არა ესუა შვილი.

და ამისსა შემდგომად გურგენ, ძმისწული მისი, ძე ადარნასესი, დასუეს ერისთავთერისთავად.

გარდაიცვალა დავით, ძე ბაგრატ არტანუჯელისაჲ, ქრონიკონსა რ˜მ˜ბ [922], და დაუტევა ძე მუცელსა შინა ცოლისა თჳსისასა, რომელსა-იგი ეწოდა ბაგრატ.

გარდაიცვალა ადარნასე, ქართველთა მეფე, ძე დავით მოკლულისაჲ, ქრონიკონსა რ˜მ˜გ [923], და დაუტევნა ძენი ოთხნი: დავით, რომელი შემდგომად მამისა თჳსისა ქართველთა მეფე იქმნა, აშოტ კურაპალატი, და ბაგრატ მაგისტროსი და სუმბატ, რომელი ძმათა შემდგომად კურაპალატად დასუეს.

გარდაიცვალა გურგენ ერისთავი, ძე ბაგრატ არტანუჯელისაჲ, ქრონიკონსა რ˜მ˜გ [923], მასვე წელსა შინა, რომელსა შინა ქართველთა მეფე ადარნასე მიიცვალა, და დაუტევა ამან გურგენ ძე მუცელსა შინა ცოლისა თჳსისასა, რომელსა ეწოდა გურგენვე, სახელი მამისა თჳსისაჲ.

გარდაიცვალა დავით, ქართველთა მეფე, ძე ადარნასე მეფისა ქართველთაჲსა, ქრონიკონსა რ˜ნ˜ზ [937], და არა ესუა ძე.

გარდაიცვალა აშოტ, ძე ბაგრატ არტანუჯელისაჲ, ქრონიკონსა რ˜ნ˜თ [939], თუესა ივნისსა, და არა ესუა ძე.

გარდაიცვალა გურგენ, დიდი ერისთავთერისთავი, ძე ადარნასესი, რომელმან უმეტესნი სიმჴნენი და ბრძოლანი ქმნნა ყოველთა მამათა მისთასა, და დაიმორჩილნა ყოველნი გარემოჲსნი, ქრონიკონსა რ˜ჲ˜ა [941], თუესა თებერვალსა ი˜დ. არა ესუა ძე.

გარდაიცვალა მამფალი დავით, ძე სუმბატ არტანუჯელისაჲ, მონაზონობასა შინა, ქრონიკონსა რ˜ჲ˜გ [943], თუესა თებერვალსა ოცსა, და დაუტევა ძე თჳსი სუმბატ, რომელიცა-იგი დასუეს ერისთავთერისთავად.

გარდაიცვალა ბაგრატ მაგისტროსი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისაჲ, ქრონიკონსა რ˜ჲ˜ე [945], თუესა მარტსა, და დაუტევა ძე თჳსი ადარნასე, რომელი შემდგომად მამისა თჳსისა მაგისტროსი იქმნა და შემდგომად მამის ძმათა კურაპალატი იქმნა. მასვე წელსა ბაგრატ მაგისტროსის გარდაცვალებისასა ბასილი მონაზონი კლარჯი გარდაიცვალა, ძე ბაგრატ მამფლისაჲ.

გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისაჲ, ქრონიკონსა რ˜ო˜დ [954], და არა ესუა შვილი. და ამასვე წელსა აშოტ, ძე სუმბატისი, გარდაიცვალა, და არა ესუა ძე.

და შემდგომად აშოტ კურაპალატისა ძმაჲ მისი დასუეს კურაპალატად, სუმბატ და ესე სუმბატ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისაჲ, გარდაიცვალა ქრონიკონსა რ˜ო˜ჱ [958], და დაუტევნა ძენი ორნი: ბაგრატ ერისთავთერისთავი, რომელი ქართველთა მეფედ დასუეს, რეგუენი, და ადარნასე კურაპალატი.

გარდაიცვალა [ადარნასე კურაპალატი], ძე ბაგრატ მაგისტროსისაჲ, ქრონიკონსა რ˜პ˜ა [961], რომელი-ესე ძეთა შეიპყრეს და მონაზონ ქმნეს. მოკუდა უნებლიეთ ფიჩჳთა, და დაუტევნა ძენი: ბაგრატ და დავით ერისთავთერისთავი. გარდაიცვალა ესე ბაგრატ ერისთავთერისთავი, ძე ადარნასე კურაპალატისაჲ, ქრონიკონსა რ˜პ˜ვ [966], ხოლო ძმაჲ მისი დავით კურაპალატი იქმნა დიდად.

გარდაიცვალა გურგენ, ძე გურგენის, ძისა ბაგრატ მამფლისაჲ, ქრონიკონსა რ˜პ˜ჱ [968].

გარდაიცვალა ადარნასე, ძე სუმბატ კურაპალატისაჲ, ძმაჲ ბაგრატ რეგუნისაჲ, ქრონიკონსა ს˜გ [983], და დაუტევა ძე დავით მცირე.

გარდაიცვალა სუმბატ ერისთავთერისთავი, კაცი მართალი, ძე დავით მამფლისაჲ, არტანუჯელი, ქრონიკონსა ს˜ჱ [988], და დაუტევნა ძენი ორნი: დავით და ბაგრატ. და შემდგომად მიცვალებისა მისისა დღესა მეორმოცესა გარდაიცვალა ძე მისი ბაგრატ, და დაუტევნა ძენი ორნი: სუმბატ და გურგენ.

გარდაიცვალა სუმბატ, ძე ბაგრატ რეგუნისა, ქართველთა მეფისაჲ, ქრონიკონსა ს˜ი˜ბ [992], და არა ესუა შვილი.

გარდაიცვალა დავით, ძე სუმბატ ერისთავთერისთავისა დიდებულისაჲ, კაცისა მართლისაჲ; და გარდაიცვალა ბაგრატ რეგუენი, ქართველთა მეფე, ძე კურთხეულისა სუმბატ კურაპალატისაჲ, ქრონიკონსა ს˜ი˜დ, და დაუტევა ძე თჳსი უხუცესი გურგენ, რომელსა უწოდეს მეფეთამეფე. და ამას გურგენს ესუა ბაგრატ, დედით აფხაზთა მეფისა დისწული, დემეტრესი და თევდოსესი. ვიდრე გურგენის გამეფებამდე ესე ბაგრატ მეფე იქმნა აფხაზეთს, და ამისთჳს გურგენს მეფეთმეფობა ეწოდა.

გარდაიცვალა დავით, დიდი კურაპალატი, ძე ადარნასე კურაპალატისაჲ, ქრონიკონსა ს˜კ˜ა [1001], და არა ესუა ძე.

და აოჴრდა იმიერ-ტაო. და გამოვიდა ბასილი, ბერძენთა მეფე, და მისცნეს მას ციხენი აზნაურთა ამა დავითისთა. და დაიპყრა ბასილი მეფემან მამული დავით კურაპალატისაჲ. და მივიდეს მის წინაშე ბაგრატ, აფხაზთა მეფე, და მამაჲ მისი გურგენ. და მოსცა მათ ბასილი მეფემან პატივი - გურგენს მაგისტროსობაჲ და ბაგრატს კურაპალატობაჲ, რაჲთამცა ვითარ მტერ ყვნა ერთმანერთისა მიმართ მამა-ძენი ესე, და ამით ღონითა იძმაცუა. ხოლო გურგენ ჭეშმარიტი და მართალი იყო და ვერა აღძრა გული მისი ზაკჳთა ამით მიზეზითა და ვერა უძლო ღონისძიებითა.

გარდაიცვალა ესე გურგენ მეფეთმეფე, ძე ბაგრატ ქართველთა მეფისაჲ, ქრონიკონსა ს˜კ˜ჱ [1008], და დაუტევა ძე ესე თჳსი ბაგრატ, აფხაზთა მეფე, კურაპალატი დიდი, და ეუფლა ტაოს, მამულსა თჳსსა, და დაიპყრა ყოველი კავკასია თჳთმპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე. ხოლო ადარბადაგანი და შარვანი მოხარკე ყო, სომხითისა ჴელმწიფებითა ნებიერად განაგებდა. მეფე სპარსთაჲ თჳს მეგობრად და ერთგულ ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თჳსითა უფროჲს სახლეულთა თჳსთასა, და ბერძენთ მეფესაცა შიში აქუნდა ამისი ყოვლადვე.

და ამან ბაგრატ კურაპალატმან მოიყვანნა კლარჯნი ჴელმწიფენი - სუმბატ და გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, თჳსნი მამის დისწულნი, დარბაზობად მის წინაშე ციხესა შინა ფანასკერტისასა, და მუნ შინა შეიპყრნა იგინი. და აღიხუნა ქუეყანანი და ციხენი მათნი, რამეთუ იგინი პატიმარ ყვნა ციხესა შიგა თმოგჳსასა. და მუნ ციხესა შინა თმოგჳსასა გარდაიცვალა სუმბატ არტანუჯელი ქრონიკონსა ს˜ლ˜ა [1011]. და ეგრეთვე მასვე ციხესა შინა გურგენცა გარდაიცვალა, ძმაჲ სუმბატისი, ქრონიკონსა ს˜ლ˜ბ [1012]. ხოლო შვილნი ამათნი წარვიდეს კოსტანტინეპოლედ, ძე სუმბატისი ბაგრატ და ძე გურგენისი დემეტრე, ბასილი მეფისა წინაშე. და მათნივე შვილნი, კლარჯთა მეფეთანი, რომელ დაშთეს ამას ქუეყანასა, მოისრნეს ყოველნი სიკუდილითა პატიმრობასა შინა.

ამისსა შემდგომად მოვლო ბაგრატ ყოველი სამეფოჲ თჳსი: აფხაზეთი, ჰერეთი და კახეთი, მოვიდა და დაიზამთრა ჴევთა ტაოჲსათა. და მო-რაჲ-იწია ზაფხული, მოვიდა მასვე ციხესა ფანასკერტისასა წელსა მესამესა. და მუნ შინა გარდაიცვალა ესე ბაგრატ ქრონიკონსა ს˜ლ˜დ [1014], თუესა მაისსა ზ˜, დღესა პარასკევსა. და დაუტევა ძე თჳსი გიორგი, და დაჯდა იგი მეფედ წლისა ი˜ჱ.

ხოლო დაჯდა რაჲ ესე გიორგი მეფედ, განუდგა ამას ქუეყანაჲ ჰერეთ-კახეთისაჲ, და ღადრობითა აზნაურთაჲთა შეპყრობილ იქმნნეს ერისთავნი. მათ ქუეყანათ[ა] კუალადვე ეუფლნეს მათნი უფალნი, რომელთა პირველ აქუნდა იგი.

და ამის გიორგის მეფობისა მეშჳდესა წელსა გამოვიდა ბასილი, ბერძენთა მეფე, ამას გიორგის მეფესა ზედა. ხოლო ესე გიორგი განვიდა ლაშქრითა დიდითა და დაიბანაკეს ქუეყანასა ბასიანისასა ორთავე მრავალ დღე, და არა მივიდეს ბრძოლად ერთმანერთსა ზედა, არამედ მოერიდა გიორგი და მოვიდა და დაწუა ქალაქი ოლთისი. [და მუნით მოვიდა კოლასა და] გამოუდგა კუალსა და მოუდგა უკ[უ]ანა მეფე ბერძენთაჲ. და შეკრბეს რაჲ უკანამავალნი გიორგისნი და წინამავალნი ბასილისნი ლაშქარნი, იქმნა ბრძოლაჲ დიდი სოფელსა შინა, რომელსა ეწოდების შირიმთა. და მრავლად მოისრნეს ორკერძოვე. და მოიკლნეს მუნ დიდნი ერისთავნი: რატი, ძე ლიპარიტისი, და ხურსი. და ვითარცა მოესმა ჴმაჲ ომისაჲ გიორგი მეფესა, აღბორგნეს, განვიდეს და მოვიდეს ადგილსა მას, სადა იყვნეს ბრძოლად, და მოვიდა მუნ ბასილი მეფეცა სპითა დიდითა.

და შეკრბეს იგინი იმიერ და ამიერ. და იქმნა მუნ ბრძოლაჲ დიდი და მოისრნეს მუნ ბერძენნი, დიდნი და ფრიადნი. და წარმოიღეს გიორგისთა ავარი, და ეზომ განდიდნა ბრძოლაჲ იგი, რომელ სივლტოლაჲ ეგულებოდა ბასილი მეფესა. გარნა გიორგისნივე სულმოკლე იქმნნეს, რამეთუ მორიდეს და წარმოვიდეს. ხოლო ბასილი უკ[უ]ანა წარმოუდგა და მოვიდა არტანს, და დაწუა იგი; და რომელი პოვა, ტყუე ყო. ხოლო გიორგი წარვიდა ნიალით კერძო სამცხედ, და მიუდგა მას უკ[უ]ანა ბასილი ჯავახეთით კერძო და მოაოჴრა ყოველივე. გარდავიდა გიორგი თრიალეთად, და მოადგა ბასილიცა თრიალეთადვე. და რაჲ ეახლნეს ერთმანერთსა, კუალად განძლიერდა გიორგი ლაშქრითა, რამეთუ მოიყვანნა წანარნი და შაქნი. ხოლო იხილა რაჲ ესე ბასილი, შეიქცა თრიალეთით და უკ-მოვლო ჯავახეთი და არტანი დღეთა შინა ზამთრისათა და კუალად უბოროტესად-რე მოაოჴრა. და წარვიდა და დაიზამთრა ხალდიასა, ქალაქსა ტრაპიზონთასა. და ვიდოდეს მოციქულნი ორთავე ამათ მეფეთანი ზავისათჳს ერთმანერთისა წინაშე და მშჳდობისა.

ხოლო იქმნა ამას ჟამსა შინა განდგომილებაჲ დიდი საბერძნეთს, რამეთუ შეირთნესბასილის სპასპეტი და წარვეზი, ძე ფოკას განდგომილისაჲ, და მეფე იქმნა ქსიფი, და მიიდგინეს მათ ყოველი აღმოსავლით-კერძი ქუეყანაჲ. ხოლო ღმერთმან ბასილის, დიდად შეშინებულსავე, პატივ-სცა, რამეთუ განუდგეს ქსიფი წარვეზს, და ყოველნივე ერნი, მისად მიმდგომელნი, შეიცვეს ციხესა შინა, შეიპყრეს და ბასილის წინაშე წარმოგზავნეს. და მან ექსორია-ყო იგი კუნძულსა შინა და მიმდგომთა მისთა მრავალთა თავი მოჰკუეთა, რომელთა თანა იყო ფერის ჯოჯიკის ძე, ქართველი.

და კუალად შემოიქცა ბასილი მეფე და მოვიდა ბასიანს. და ითხოვდა იგი გიორგი მეფისაგან ციხე-ქუეყანათა და აღუთქმიდა ზავსა და მშჳდობასა. ხოლო გიორგი მეფემან განავლინა ზჳადი ლაშქრითა დიდითა უწინარეს თჳსსა. და დაილაშქრა ზჳადმანცა ამიერ, კიდესა ბასიანისასა, რეცა ზამთრის სახედ. ხოლო თჳთ გიორგი მეფე უკ[უ]ანა ისრე განვიდა ზავად წადიერი ლაშქრითა დიდითა და ძლიერითა. გარნა ორკერძოვე მზაკუარნი იგი აზნაურნი არა მიეშუნეს გიორგის ყოფად ზავისა, რამეთუ არა უნდოდა მშჳდობაჲ, არამედ აზრახეს მას ბრძოლად. აწჳეს იგი ბასილის ზედა, რომელი-იგი ზავად და მშჳდობად ჰგონებდა მისლვასა მათსა, და ჰგონებდა და მოელოდა. ხოლო გიორგისთა იწყეს ბრძოლად და აოტეს ზოგი ბასილის ლაშქრისაჲ. მაშინ უბრძანა ბასილი მეფემან დამოკიდებაჲ წუერსა ჰოროლისასა დაწერილი მათი, რომელნი მისად დაეწერნეს გიორგი მეფესა ჩუენსა სიმტკიცისა და ზავისანი. და ესრეთ ბასილი მეფემან ჰოროლისა წუერითა ამართნა იგინი. მიუპყრა ღმერთსა და თქუა: „იხილე, უფალო, წერილი ესე მათი და საქმე, რომელსა აწ იქმან“.

და კუალად მოიღო ბასილი მეფემან ძელი ცხოვრებისაჲ მანდილითა წმიდითა, და დასცა იგი ქუეყანასა ზედა და თქუა ესრეთ, ვითარმედ: „უკ[უ]ეთუ მიმცე მე ჴელთა მტერთასა, არღარა თაყუანის-გცე უკუნისამდე“. და ვითარ ესე ყო და თქუა, მყის მასვე ჟამსა იძლივნეს და მეოტ იქმნეს სპანი გიორგისნი, რომელნი-იგი პირველ მივიდეს; და გამოვიდეს მიერ კერძო ტაღმანი მეფისანი რუსნი, და არა განერა ერთიცა პირველ მოსრულთა მათ თჳნიერ მცირედთასა. რამეთუ თჳთ მეფე გიორგი და უძლიერესი ლაშქარი მისი არღარა მისრულ იყო ჯერეთ ყოვლადვე, და მოიკლნეს მათგანნი მას დღესა შინა, რომელთაცა-იგი მშჳდობის ყოფაჲ არა ენებათ, და მეოტ იქმნნეს ყოველნი. და მოისრნეს ურიცხუნი პირითა მახჳლისაჲთა და რომელნიმე მეოტ იქმნეს. წარიღეს ბერძენთა ავარი დიდძალი და განძი სამეფოჲ ყოველი სრულიად, რომელი აქუნდა.

და წარმოიძრა მცირედ ბასილი მეფე და მოუდგა უკ[უ]ანა. და კუალად იწყო ზავად და მშჳდობად პირველისაებრვე, რამეთუ შიში აქუნდა საბერძნეთით კუალადცა განდგომილებისა. და ყვეს მაშინ მშჳდობაჲ და დაიზავნეს.

და მისცა გიორგი მეფემან მძევლად ძე თჳსი ბაგრატ, სამისა წლისაჲ, ყრმაჲ ჩჳლი, და მისცა ციხე ათორმეტი, და ქუეყანანი, დავით კურაპალატისა ნაქონები: ტაოს, ბასიანს და ჯავახეთს, შავშეთს. და ესრეთ წარვიდა ბერძენთა მეფე ბასილი და თანა წარიტანა ბაგრატ, ყრმაჲ მცირე. და შემდგომად სამისა წლისა შინავე წარმოგზავნაჲ აღუთქუა გიორგის ბაგრატისი.

გარდაჴდეს რაჲ სამნი წელნი, მაშინ წარმოგზავნა ბასილი მეფემან ქალაქით კოსტანტინეპოლით ბაგრატ, ძე გიორგისი, ვითარცა-იგი აღეთქუა. და მოიწია ბაგრატ ტაოს და შემოვიდა თჳსსა მამულსა ბანას თანამოყოლითა მისად კატაბანისა აღმოსავლისათა ზღვრადმდე ბაგრატის მამულისა. ხოლო შე-რაჲ-იქცა კატაბანი იგი, მოემთხჳვნეს მას მანდატურნი წიგნითა, ესრეთა წერილითა, ვითარმედ: „მიიცვალა ბასილი მეფე, ძმაჲ ჩემი, და ვიქმნა მე მეფე ყოვლისა საბერძნეთისაჲ. და აწ სადაცაღა მოწევნულ იყოს საჴელმწიფოსა შინა ძე გიორგისი ბაგრატ, გარე-ვე-აქციე იგი სწრაფით და წინაშე ჩუენსა მოგზავნე“. და ვითარცა აღმოიკითხა კატაბანმან ბრძანებაჲ მეფისაჲ, მაშინ მსწრაფლ მოიქცა და დევნა უყო ბაგრატს, გარნა ვერ ეწია მას, რამეთუ თჳსსა მამულსა შემოსრულ იყო იგი და განძლიერებულ ლაშქრითა, რომლისა ბრძოლად ვერღარა ეძლო კატაბანსა მას, არამედ გარე-უკუნ-იქცა და წარვიდა. ეჰა, დიდი და საკჳრველი მოწყალებაჲ ღმრთისაჲ! ვითარღა განერა მართალი ჴელთაგან შემპყრობელთა და მტერთა მისთასა, ქრონიკონსა ს˜მ˜ე [1027].

და მოვიდა ბაგრატ საბერძნეთით წინაშე მამისა თჳსისა გიორგი მეფისა და დედისა თჳსისა მარიამ დედოფლისა ქალაქსა მათსა ქუთათისს. და ესრეთ შეკრბეს იგინი მშჳდობით, და მისცეს დიდებაჲ და მადლობაჲ ღმერთსა მომადლებისათჳს მათდა ესევითარისა მის კეთილისა. და შემდგომად ამისსა, რაჲ გარდაჴდეს წელნი ორნი, გარდაიცვალა გიორგი, მამაჲ ამის ბაგრატისი, თრიალეთს, ადგილსა მას, რომელსა ეწოდების მყინვარნი, ქრონიკონსა ს˜მ˜ზ [1029], თუესა აგჳსტოსა ი˜ვ, და დამარხეს იგი ქუთათისს.

და დაჯდა შემდგომად მისსა მეფედ ძე მისი ბაგრატ ცხრისა წლისაჲ. ხოლო აზნაურნი ტაოელნი წარვიდეს | საბერძნეთს: ვაჩე კარიჭის ძე და ბანელი ეპისკოპოსი იოვანე, და ამათ თანა უმრავლესნი აზნაურნი ტაოჲსა[ნი], რომელნიმე ციხოვანნი და რომელნიმე უციხონი. განუდგეს ბაგრატს და მიერთნეს კოსტანტინეს, ძმასა ბასილი ბერძენთა მეფისასა, რომელ შემდგომად მისსა მეფე იყო.

და წელსა მეორესა გამოგზავნა კოსტანტინე მეფემან პარკიმანოსი თჳსი მიუწდომელისა ძალითა, ლაშქრითა თჳსითა და განძითა ურიცხჳთა ყოვლად უძლიერესად ბასილი მეფისაცა. მოვლო და მოაოჴრნა ქუეყანანი იგი, რომელნი პირველ მოეოჴრნეს ქუეყანანი ბასილი მეფესა, და უმეტესცა. რამეთუ მიიწია ესე თრიალეთს, ციხესა ქუეშე კლდეკართასა, სადა-იგი იყვნეს მაშინ აზნაურნი ბაგრატისნი, და ბრძოლა ყვეს, გარნა არა დიდად. და განდგეს კუალად აზნაურნი, და მისცნეს ციხენი. ჩანჩახამან, ერისთავმან შავშეთისამან, მისცა ციხე წეფთისა, და თჳთ წარვიდეს იგინი საბერძნეთს.

ხოლო აღაშენა სიმაგრე საბა, მტბევარ ეპისკოპოსმან, მახლობელად ტბეთის ეკლესიასა და სახელ-სდვა მას სუეტი. და შეკრიბა მაშინ მან ერი თჳსი და შევიდეს მას შინა თჳთ საბა, მტბევარ ეპისკოპოსი, და ეზრა, ანჩელ ეპისკოპოსი, და შავშეთის აზნაურნი, და განძლიერდა მას შინა.

ხოლო მოავლინა მუნ პარკიმანოსმან იოვანე ხარტულარი, სახელით ვალანგ, ლაშქრითა დიდძალითა, და თანა მოსცა მას ძე გურგენ კლარჯისაჲ, დემეტრე, რეცა შესატყუენელად ქუეყანისა მკჳდრთა, რომელი-ესე იქმნა ესრეთ: რამეთუ მიიქცეს ერნი სოფლიონი, უგუნურ-უსუსურნი ცნობითა და გონებითა, და გამოადგინეს ლაშქარი სუეტსა მას ტბეთისასა, და ჰბრძოდეს ძლიერად მრავალღონედ. და ღმერთმან განაძლიერნა მყოფნი იგი სუეტსა მას შინა მადლითა და მეოხებითა წმიდათა მოციქულთაჲთა და ლოცვითა წმიდათა ამათ მღდელთმოძღუართაჲთა. და ვითარცა ერთგულნი და ჭეშმარიტნი მარტჳლნი საღმრთონი თავთა თჳსთა სიკუდილად განსწირვიდეს, და ჴორციელთა უფალთათჳს თავთა თჳსთა განსწირვიდეს და სისხლთა დასთხევდეს სიტყჳსაებრ მოციქულთაჲსა, და განძლიერდებოდეს. ყოველთავე ეტყოდეს, ვითარმედ: „ნუმცა შეგჳტყუებენ ჩუენ ლიქნანი ესე და საფასენი მსწრაფლ წარმავალნი, არამედ მოვიგოთ მადლი ერთგულებისაჲ და გჳრგჳნი ახოვნებისაჲ“. რამეთუ მბრძოლნი იგი, გარემოდგომილნი მათდა, ლიქნიდეს აღთქმითა და ქადაგებითა კეთილითა და საფასეთაჲთა.

ხოლო ესევითარად რაჲ ღელვად აღტეხილად იგუემებოდა აღმოსავლეთი, მსწრაფლ ეწია რისხვაჲ უმსჯავროსა მას მეფესა კოსტანტინეს, მსგავსადვე ივლიანეს უსჯულოჲსა უწყალოებისათჳს ბაგრატ მეფისა ჩუენისა მოოჴრებისათჳს მამულისა მისისა. და მოსწრაფედ მოუწერა პარკიმანოსს, პროედროსსა თჳსსა, რაჲთა მსწრაფლ შეიქცეს იგი ლაშქრითურთ თჳსით და მოვიდეს კოსტანტინეპოლედ. და წარვიდა იგი, ესმა რაჲ ესე. და ვითარცა გარდაიცვალა ესე კოსტანტინე მეფე, დაუტევა შემდგომად მისსა მეფობაჲ რომანოზს, ნათესავსა და მიმდგომსავე თჳსსა.

ამისსა შემდგომად წელსა მესამესა სანატრელმან დედოფალმან მარიამ, დედამან ბაგრატ მეფისამან, შეიმოსა სიმჴნე და ახოვანებაჲ, რამეთუ ნაშობი იყო ბრწყინვალეთა მათ ძლიერთა და დიდთა მეფეთა არშაკუნიანთა, და წარვიდა კოსტანტინეპოლედ წინაშე რომანოზ მეფისა ვედრებად მისა, რაჲთა მშჳდობა ყოს აღმოსავლეთისათჳს და რაჲთა არღარა იყოს ბრძოლაჲ ბერძენთა და ქართველთაჲ, და გლახაკნი დაწყნარებულ და მყუდრო იყვნენ, და რაჲთა მიუთხრეს პატივი ძესა თჳსსა ბაგრატს მეფესა წესისაებრ სახლისა [მათისა].


ტექსტი ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის მიხედვით