საქართველო - ივერია -გიორგია

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ზნენი და ჩვეულებანი საქართველოსანი ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი
საქართველოს ძველი ისტორია


აღწერა სამეფოსა საქართველოსა[edit]

[39] სახელი რით ეწოდა

ხოლო ქუეყანა ესე იწოდების სახელითა სამითა. პირველად საქართველო, მეორედ - ივერია, მესამედ - გიორგია. ხოლო საქართველო არს სახელი ქართლოსის გამო, რომელსა წილად ხუდა ქუეყანა ესე და, სადა დაეშენა, უწოდა სახელითა თჳსითა ქართლი, და მის გამო მორჩილთა ანუ წილჴდომილთა მისთა ეწოდა საქართველო. გინა შემდგომად მისსა, რომელ ფუცვიდნენ ძენი და ძენი ძეთა მისთანი საფლავსა მისსა, ეწოდათ საქართველო.

ხოლო მეორე სახელი, ივერია, ენითავე ქართულითა მიეცა, რამეთუ "იი" არს შორისყრილი, რომელი არს სასიხარულო ჴმა ზახილისა, ხოლო "ვერიე" - მოვერივე, არამედ წყობისათჳს შეთზულად "ივერია", რამეთუ ოდეს ი̃ მეფემან ადერკიმ მოკლა არშაკ, მეფე ქართლისა, გოლიათობითა თჳსითა, მაშინ აღუტევა ჴმა სპათა მიმართ თჳსთა: "იი, ვერიე!" და განჴდა ჴმა ესე, და იტყოდიან ყოველნი სიმჴნისა მისისათჳს; ამის გამო იწოდა ივერია. არამედ წოდება სასიხარულოს ჴმისა მოასწავებდა სიხარულსა დიდსა, რამეთუ პირველსა მეფობასა ადერკისასა იშვა უფალი ჩუენი იესო ქრისტე, და მოასწავებდა ჴმა სახარებისა ხარებასა და სიხარულსა სასუფევლისასა, ხოლო "ვერიე" - მორევნასა კერპთა ზედა ძალსა ჯუარისასა და ჴსნასა ეშმაკისაგან საქართველოსასა.

კუალად გიორგიაცა მჴნედ მომჭირნეობისა მუშაკობისა ქართველთათა ეწოდა [რამეთუ "გიორგი" მუშაკად ითარგმნის]. კუალად ვინაჲთგან იცნეს სამება-ერთარსება, ჭეშმარიტი ღმერთი წმიდის ნინოს მიერ, რამეთუ მამა ნინოსი იყო ზაბილონ, და ესე ზაბილონ [40] იყო კაბადუკიელი, ნათესავი წმიდისა დიდის მოწამის გიორგისა, ამისთჳს მიერ ჟამითგან ნიშნი და სასწაულნი უმრავლესნი არიან მთავარ-მოწამისა გიორგისანი ყოველსა ივერიასა შინა, რამეთუ არა არიან ბორცუნი ანუ მაღალნი გორანი, რომელსა ზედა არა იყოს შენნი ეკლესიანი წმიდისა გიორგისანი, და ესეცა ამის მიერ იწოდა. არამედ ევროპელნი და ბერძენნი უჴმობენ ჯორჯიანსა, და რუსნი გრუზსა, და მოჰმადიანნი გურჯსა მათითა ორფოღრაფიის გამო, არამედ იგივე გიორგიავე არს.

ხოლო არს სიგრძე ქუეყნისა ამის ეჯი, ხოლო განი სპერის ზღჳსაკენ ეჯი, შუა ადგილი ლბ ეჯი, ხოლო ბოლოთ კერძი ლე ეჯი, და მდებარებს კასპიისა და პონტოს ზღუას შორის. გარნა არს ქუეყანა შუენიერი და ნაყოფიერი ყოვლითა ღვთისა მიერ, და არა ჴელოვნებითა კაცთათა, რამეთუ ნაყოფიერებს ყოველნი თესლმარცვალნი კაცთა საზრდელნი: ბრინჯნი, ხორბალნი, ქრთილი, შვრივა, სიმინდი, ღომი, ფეტვი, მუხუდო, ლობიო, ოსპი, ცერცვი, საკადრისი, ძაძა, მაშა, უგრეხელი, კანაფი, სელი და სხუანიცა.

აბრეშუმისათჳს

კუალად ჰყოფენ აბრეშუმსა, არამედ ქუხილის გამო ვერა მრავალსა, რამეთუ სასტიკად მქუხარებს, და მის გამო მოსწყდების ჭიანი. კუალად ბამბას სთესენ, გარნა სხუაგნებური უმჯობეს არს, არამედ მრავალნაყოფიერებს.

ხილთათჳს

ხოლო ხილნი წალკოტთა მრავალნი: ნარინჯი, თურინჯი, ლიმონი, ზეთისხილი, ბროწეული, ყურძენი, ატამი, ვაშლ-ატამი, ყაისი, ჭერამი, ალუჩა, ტყემალი, ნუში, უნაბი, თუთა, ხართუთა, ბუსტუღი, [41] ქლიავი მრავალგუარი, ლეღჳ, მბალი, ალუბალი, სხალი და ვაშლი მრავალგუარი, კომში, ნიგოზი, თხილი, ზღმარტლი, ფშატი, ნესვი, მელსაპენონი, პუმპულა, კიტრი. ხოლო ტყისანი არიან: თხილი, ტყემალი, ზღმარტლი, ფშატი, ხურმა, წაბლი, კრიკინა, ალუბალი, ბალამწარა, ბალღოჯი, მაჟაველი, პანტა, კუნელი, ჯახველი, მჭნავი, მწიფელი, დათჳს-სხალა, დათჳს-ბაბა, დათჳს-თხილა, კოწახური, მაყუალი მრავალგუარი, ნიგოზი და სხუანიცა. ხოლო მთისანი არიან: მოცხარი, კლდის-მერსენი, ჟოლო, უელი, მოცვი, და სხუანიცა მრავალნი.

სავარდისათჳს

სავარდეთა ყუავილნი მრავალნი: ვარდნი წითელი, ყვითელი და თეთრი, მიხაკი, სუნბული, ნარგისი, ზამბახი, ყაყაჩონი მრავალგუარნი, და კუალად სხუანიცა მრავალნი ყუავილნი სხუა-სხუა გუარნი და ფერნი. ხოლო ველთა: ია, კოჩივარდა, ნეგო, მიხაკი, შროშანა და სხუანი მრავალნი, ვიდრე ას ფერამდე და ას გუართამდე.

მტილოვანთათჳს

მტილთა: ბადრიჯანი, ქინძი, კამა, ცერეცო, ტარხუნა, ნიახური, ქონდარი, ხახვი, პრასა, ბოლოკი, პეტრუშკა, სტაფილო, ქინძიჯორა, ოხრახუში, მაკედონი, კომბოსტო, ლახანა, ყრდელი და სხუანიცა. ხოლო ტყეთა და ველთა არიან მრავალნი სურნელნი საზამთროდ საჴმარნი ბალახნი, მხლად წოდებულნი, და თესლნი, ვითარცა: სატაცური, ასპანახი და სხუანი, და ვითარცა კვლიავი, და ტყიურა, და მისთანანი მრავალნი.

პირუტყუთა და ფრინველთათჳს

არამედ პირუტყუნიცა მრავალნი, ვითარცა: აქლემი, ცხენი, ჯორი, ვირი, ძროხა, კამბეჩი, ცხვარი, თხა, ღორი. ხოლო ნადირნი [42] ტყეთა და ველთა: ირემი, ქურციკ, ჯიხვი, მშუელი, არჩჳ, თხა, კურდღელი, ვეფხი, დათჳ, მგელი, აფთარი, ფოცხუერი, ღორი, მელი, მაჩჳ, მწავი, მთახჳ, ძღარბი და სხუანიცა. კუალად ფრინველნი: ქათამი, ბატი, იხჳ, ინდოური, ქათამი, ტრედი; ამათ შინ იპყრობენ. ხოლო ველთა და ტყეთა: წერო, ყარახილა, ბატი, შავი ბატი, იხჳ, აკაური, ვარხვი, ღალღა, ლაინა, ესენი ზამთარ არიან, ზოგნი გაზაფხულ-შემოდგომას, თჳნიერ არა; ჴოჴობი, კაკაბი, დურეჯი, გნოლი, როჭო, შურთხი, მწყერი, ასკატა, ჩახრუხი, კიოტო, ტყის ქათამი, გარიელი, სავათი, ტრედი მრავალგუარი, გვრიტი, გუგული, ოფოფი, შაშვი, ჩხართვი, შროშანი, ტარბი, კოლინბური, ბულბული, ყაზალახი, მალაღური, ჩიტნი და სირნი მრავალგუარნი, შუენიერჭრელნი და მომღერალნი მრავალნი. ხოლო ჴორცისმჭამელნი: ყაჯირი, სუავი, ორბი, არწივი, შავარდენი, გავაზი, ბარი, ქორი თეთრი და წითელი, ქორი შაბარდუხი, მიმინო, მარჯანი, თუალშავი, ალალი, კირკიტა, ძერა, ბაბაყველი, ბოლო-ბეჭედა ჭარო, ყორანი, მახარა, შავი ყუავი, მაღრანი, ყუავი, ბუ, ზარნაშო, წოტი, ჭკა, ჭილყუავი, ყაპყაპი, კაჭკაჭი, ჩხიკჳ, ყოდალა, ოყარი, ლაკლაკი, ყარაულა, და სხუანიცა.

მთათათჳს

ხოლო არს მთანი და ტყენი აურაცხელითა ყუავილითა, მწუანითა და სურნელითა აღსავსე, ტყენი სხუადასხუა ხითა შუენიერითა ჭალათა და მთათა შინა. კუალად არიან მთანი დიდროვანნი, რამეთუ ჩდილოთ უძეს კავკასი შავის ზღჳდამ ვიდრე კასპიამდე, რომლისა სიმაღლე დღე ერთისა სავალ, და მარადის მყინვარე უმაღლესთა ზედა, რომლისა სიზრქე ყინულისა არს , მჴარი, და ჟამსა [43] ზაფხულისასა გასქდების და, თუ შთაუტეო კაცი, მცირეს ჟამს ვერ ძალ-უცს დათმენად სიცივისა; და ქუეშე მისსა დის მდინარენი, და არს ყინულნი მწუანე და წითელი, ვითარცა კლდე, სიძუელის გამო. ხოლო დიან მთისა მისგან მდინარენი იმიერ და ამიერ მრავალნი, და შორის მთისა ამის სცხოვრებენ კაცნი. სხუა არს მთა სამჴრით, რომელი იწყების შავის ზღჳთვე და განვლის აზრუმს, ბასიანს და მოვალს ბარდა-არაზამდე, და არა ეგრე მყინვარე და მაღალი, არამედ თოვლნი მარადის აუღებელად, გარნა ადგილ-ადგილს. და ეგრეთვე მდინარენი დიან იმიერ და ამიერ. კუალად არიან საშორის მათსა მთანი დიდროვანნი და მცირენი, და კლდენი საშინელნი და შუენიერებით აღმატებულნი, არამედ თჳს-თჳს ადგილს იწეროდენ.

მდინარეთა და ტბათათჳს

კუალად მდინარენი მრავალნი და წყარონი დიდ-დიდნი, ცივნი, გემოიანნი და შემრგონი, და მკურნალნი სენთანი, და ტბანი დიდნი და მცირენი, არამედ ვიეთნი თევზითა ტკბილითა სავსენი და ვიეთნი უჴმარნი.

თევზთათჳს

ხოლო წყალთა შინა თევზნი არიან: ორაგული, ზუთხი, ანდაკია, გოჭა, ჭანარი, ლოქო, კაპოეტი, კარჩხანა, მწერი, კალმახი, ფიჩხული და წვრილნი თევზნი მრავალნი და სხუანიცა.

მძრომთათჳს

ხოლო არიან მძრომნი მაწყინარნი: გუელნი მკბენელნი, ღრიანკელნი გესლიანნი გუელ-ხოკერა, ჯოჯო, ფსუენი, ხულიკი, კუ, თაგჳ და სხუანიცა.

[44] მწერთათჳს

ხოლო მწერნი: კოღო, ბუზი, ბორა, კრაზანა, კაცთა და პირუტყუთა მაწყინარნი, და სხუანიცა დიდნი და მცირენი მრავალნი. არამედ ფუტკარი სარგებლიანი, რომლისა თაფლი ვიეთთა ადგილთა, ვითარცა შაქარი შეყინებული და სპეტაკი, და ცჳლთა და თაფლთა სიმრავლე არს.

ხოლო არს შემკობილი მთითა და ბარითა, რამეთუ არა არს ადგილი, რომლისა მთა-ბარი არა იყოს ესრეთ, რამეთუ ბ, გ, ვ ჟამს მთიდამ ბარს და ბარიდამ მთას არა მიიწეოდეს. არამედ მთათა ხორბალი, ქრთილი, შვრია, სელი და ხილნი, რომელნი დავსწერეთ, მთისანი ნაყოფიერებს და სხუანი არარაჲ, ხოლო ბართა ყოველნივე ზეითწერილნი.

კაცთათჳს

ხოლო კაცნი ამის ქუეყანისანი არიან სარწმუნოებით ქრისტიანენი, რომელთა მიიღეს ჰრომით ჟამსა დიდის კოსტანტინესასა და სილიბისტროსსა წესნი და რიგნი ძუელნი ბერძენთა ბასილის კაბადუკიელისათა და შჳდის კრებისა უპყრავთ მტკიცედ, არამედ მძლავრებით უკეთუ ვინმე მიიქცის, ოდეს იცის ჟამი, კუალად ეგების ქრისტეანედ შემნანე. ხოლო ანაგებით არიან კაცნი და ქალნი შუენიერნი, ჰაეროვანნი, შავ თუალ-წარბ-თმოსანნი, თეთრყირმიზნი, იშჳთ შავგურემან და მოყვითან, იშჳთ თუალჭრელ და გრემანი, და მწითურ ანუ თეთრ. ქალთა თმა გარდაშუებული და დაწნული. ხოლო კაცთა ყურთა ზედა მოკუეცილნი; წერწეტნი უმეტეს ქალნი, იშჳთ სქელნი, მჴნენი მუშაკნი, ჭირთა მომთმენნი, ცხენსა ზედა და მჴედრობათა შინა კადნიერნი, მკჳრცხლნი, მსწრაფლნი, რამეთუ ვიეთნი ლგ ეჯს იდ ჟამს გაირბენს. სალაშკროთა შინა ახოვანნი, საჭურველთ მოყუარენი, ამაყნი, ლაღნი, სახელის მეძიებელნი ესრეთ, რამეთუ თჳსთა სახელთათჳს არა რიდებენ ქუეყანასა და მეფესა თჳსსა, სტუმართა და უცხოთ მოყუარენი; მხიარულნი, უკეთუ ორნი ანუ სამნი არიან, არარაჲ შეიჭირვიან; უხუნი, არცა თჳსსა [45] და არცა სხჳსას კრძალვენ; საუნჯეთა არა მმესველნი, გონიერნი, მსწრაფლ-მიმჴდომნი, მჩემებელნი, სწავლის მოყუარენი. არამედ არს ჟამი რაოდენიმე, არღარა ისახელების ცოდნა, თჳნიერ წიგნის კითხვისა და წერისა, გალობა-სიმღერისა და სამჴედროსაგან კიდე, და ჰგონებენ დიდ-მცოდინარობად. ურთიერთის მიმყოლნი, სიკეთის დამსწავლელნი და მიმგებელნი, სირცხვილის მდევარნი, კეთილბოროტზედ ადრე მიმდრეკნი, თავჴედნი, დიდების მოყუარენი, თუალმგებნი და მოთაკილენი. ხოლო რომელნი მთათა შინა სცხოვრებენ, მგზავსნი ნადირთა, გარნა გონიერნი.

ხოლო შემოსილნი არიან ქართველნი და კახნი ერთრიგად; თავს სკლატისაგან ანუ შალისაგან ქუდი გრძელ-წვრილი, ბეწვებული, აფროსანი; ტანს კაბა ლარისა, სკლატისა ანუ ჩოხისა მუჴლთ ქუემომდე, მაზედ სარტყელი, შიგნით საგულე ბამბიანი კაბის უმოკლე, პერანგი აბრეშუმისა, ბამბისა ანუ ტილოსაგან, უგრძე კაბისა, და კისერი სრულიად მჩენი; ნიფხავი აბრეშუმისა, ანუ ბამბისაგან, ანუ ტილოსა. არამედ ცხენსა ზედა მოსიათ საწარმართული და მოგუნი, თვნიერ მისსა - არა; ფერჴთა პაიჭი და წუღა ტყავისა ანუ სკლატისა, ხოლო მაშია სპარსული; უმცირესთა ჩუსტი და ქალამანი. კუალად ტყავ-კაბა კაბისაგან უმოკლე და ტყავი ზამთარს დიდი [არამედ პირველ ერთმეფობასა შინა სცმიათ სხუაგუარ: თავს ქუდი გრძელი, რომლისა კუნჭული ბეჭსა ზედა მცემელი და გრძელბეწოსანი, პერანგი ბერული ტილოსი, საგულე და კაბა გრძელი კოჭამდე უღილოდ, მას ზედა სარტყელი ფოჩჩაშუებული, ტყავი დიდი საჴელ-ვიწრო და ფერჴთა ზედა მოგჳ, ვითარცა იცნობიან ნახატებთა ზედა]. ქალთაცა მგზავსად, გარნა სარტყელთა წუერნი ჩაშუებულნი [46] და მას ზეით კაბა-ახალუხი ამოჭრილი, და თჳნიერ პერანგისაგან კიდე არარაჲ ჰფარავს, და პერანგი მჭჳრვალი, ჴორცის მჩენელი, უპაიჭოთ ნიფხავი და ფერჴზედ წუღა-მაშია; ხოლო თავი ქალწულთა: კავნი თჳსისავე თმისა ღაწუთა ზედა და ქუდი ანუ ლეჩაქი, არამედ ქრმოსანთა კავსა ზედა ღაწუს აძესთ თმა შეწნული, მსხვილი, იმიერ და ამიერ, და ყბას ქუეშ მარგალიტით შემზადებულს ამოიდებენ და თხემსა ზედა შეიკურნენ, და ჰბურავთ მასზედ ლეჩაქი. კუალად სამკაულნი იციან მრავალგუარნი, ზოგნი თჳსნი და ზოგნი სპარსთანი; ზამთარ კაცთა და ქალთა ქათიბი, ტყავი და ტოლომა ბეწულნი; გარნა ქალთა ქაბა და ტყკვი ვიდრე მიწადმდე. ხოლო იმერთა მცირედ რაჲმე განიყოფების, არამედ ქუდი მცირე ნაჭრისაგან, რომელი არა ბურვით, გარნა მდებარე არს თხემსა ზედა, და ზამთარს მოსიათ ტოლომა ოსმალური. ხოლო მესხთა დიდებულთა ვითარცა ოსმალთა, და გლეხთა რომელთამე ვითარცა ბერძენთა, და რომელთამე ვითარცა ქართველთა გლეხთა.


ზნენი და ჩვეულებანი საქართველოსანი ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი
საქართველოს ძველი ისტორია