ჟამთააღმწერელი - "ასწლოვანი მატიანე" (2008)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







ჟამთააღმწერელი - "ასწლოვანი მატიანე"




პუბლიკაციები[edit]

2008 - "ქართლის ცხოვრება" - რ. მეტრეველის რედაქციით


ტექსტი[edit]

ჟამთააღმწერელი
ასწლოვანი მატიანე

I
[edit]

1. ამას სანატრელსა სიცოცხლეშიგან დაედგა გჳრგჳნი ძისა მათისა გიორგისდა, რომელსა ლაშობითცა უწოდა. იყო წლისა ათცამეტისა, რაჟამს დაიდგა გჳრგჳნი მეფობისა და მეფემან თამარ მიულოცა მეფობა, ხოლო რაჟამს მიიცვალა თამარ, იყო თანა ლაშა ათრვამეტისა წლისა. დაუტევა მეფობა ძესა თჳსსა, ხოლო ნათესავსა ქართველთასა - თავცემა, მწუხარება, ვაება და გლოვა, რამეთუ ცოცხალნიცა ჩასრულ იყვნეს ჯოჯოხეთს მკჳდრნი სამეფოსა მისისანი, და ეგრეთცა ჯერ იყო.

შემდგომად მისისა დაიპყრა მეფობა ძემან თამარისმან ლაშა გიორგი, რომელი იყო ტანით ძლიერი, მჴნედ მოისარი, ნადიმობათა შინა მოსწრაფე, ლაღი და თჳთბუნება. და უმეტეს ამისთჳს განლაღებულ იქმნა, რამეთუ დაემორჩილნეს ყოველნი წინააღმდგომნი მისნი კეთილად მოჴსენებულსა და ღმრთისმოყუარესა დედასა მისსა და უშფოთველად და წყნარობით დაეტევა სამეფო და ყოველნი მახლობელნი მათნი მოხარაჯე შეექმნეს, ვითა განძელნი და მიმდგომნი, ნახჭევნელნი და კარნუქალაქელნი, და სხუანი მრავალნი. ძღუნითა და ხარაჯითა მოვიდოდიან მისსა მას ჟამსა, იშუებდა, იხარებდა და ყოველგან იყო მხიარულება.

და იწყეს განძით განდგომა, არღარა მოსცეს მეფეს ხარკი. ამისმან მცნობელმან მეფემან ლაშა მოუწოდა ყოველთა სპათა საქართველოსათა, იმერთა და ამერთა, მჴარგრძელსა ივანეს, რომელსა მაშინ პატივი ათაბაგობისა მინებებოდა დედისა მათისა თამარისაგან, რამეთუ იყო ათაბაგობა ისრე განდიდებული, იყო უმეტეს სხუათა ერისთავთასა. ესე იყო ვაზირი კარსა მეფისასა. თქუა მეფემან: „ვინათგან მეფეთა შორის ბრწყინვალემან და სანატრელმან დედამან ჩემმან დამიტევა მეფობა, ყოველნი წინააღმდგომნი პაპათა და მამათა ჩემთანი მოხარაჯედ შექმნა და დღეისმომდე მორჩილნი ბრძანებისა ჩუენისანი არიან. აწ განძის ათაბაგს საწუნელ უქმნიე და ხარკისა არღარა ნებავს მოცემა. მე ესრეთ განმიზრახავს, რათა შური ვაგოთ განძასა ზედა და თქუენ შრომასა შეგამთხჳო. ძალითა და თანადგომითა თქუენითა დაუცემია სანატრელთა პაპათა და მამათა ჩემთა დიდთა სულტანთა ძლიერებანი. აწ მიიღეთ ჩემგან პატივი და ნიჭი და აღვიმჴედროთ განძასა ზედა, რათა სხუათა მტერთაგან არა საწუნელ ვიქმნეთ. შეწევნითა ღმრთისათა და წარძღუანებითა პატიოსნისა ჯუარისათა და სიქველითა თქუენითა ვსძლოთ მტერთა“.

ვითარ ესმა ყოველთა წარჩინებულთა სამეფოსათა, განიხარეს და დაუმტკიცეს და რქუეს, ვითარმედ: „დიდი ნუგეშინისცემა მოგუემატა ღმრთისა მიერ, რამეთუ გპოვეთ ახოვანი და გოლიათი, გორგასლიანი და დავითიანი, მსგავსი მათი. მინდობითა ღმრთისათა და ძალითა თქუენითა დავიმორჩილნეთ ურჩნი მეფობისა თქუენისანი და შევანანოთ ყოველთა ურჩება თქუენი“. დაამტკიცეს ლაშქრობა და განძის დარბევასა წარემართნეს თჳთ მეფე სპითა დიდითა. ვერ წინა-აღუდგეს განძელნი და მოაოჴრეს განძის ქუეყანა, აღიღეს ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ და მოადგეს ქალაქსა განძისასა, მოადგეს გარე და მრავალ დღე ებრძოდეს, და ყოველთა დღეთა გამოვიდიან ქალაქის კარსა ბრძოლად ჩალიშად, აქათცა და მუნითაც ურჩეულესნი ებრძოდიან.

2. მაშინ ინება მეფემან გარეშემოვლა ქალაქისა მცირედითა ლაშქრითა, და ვითარ მოვლიდა მტკურისაკენ ქუემოთ, ცნეს ესე განძის მყოფთა, ყოველნივე აღიჭურნეს, კაცი ჭურვილი ვითარ ათი ათასი. ხოლო მეფეს ჰყვა ოთხი ათასი კაცი ოდენ, ამათ შინა უმეტეს მესხნი, რამეთუ ერთკერძო მჴარგრძელნი დგეს, ერთკერძო ჰერ-კახნი და სომხითარნი, ქართველნი და თორელნი; ერთკერძო აფხაზნი, დადიან-ბედიანნი და ლიხთიქითნი ზედმოკიდებით ურთიერთას.

ვითარ მოვლიდა მეფე, იცნეს, განახუნეს კარნი და, ვითარცა მჴეცნი, ზედა-მიუჴდეს. და იხილა მეფემან ლაშა სიმრავლე მათი უშიშითა გულითა, განმჴნობითა სპათა მისთა. ეგრეთვე სპანი, მეფისათჳს სიკუდილად განმწირველნი, ეტყოდეს: „სიკუდილამდის ვიღუაწოთ და დავდვათ თავი სასიკუდილოდ და არა ვარცხჳნოთ პირველსა ომსა მეფობისა შენისასა“. და მყის მიეტევნეს ურთიერთას და იქმნა ბრძოლა ძლიერი და დიდად სასტიკი. და მიეცნეს პირსა მახჳლისასა უმრავლესნი რჩეულნი განძისანი. თჳთ მეფე ლაშა წინა მიეტევა მჴნედ და ძლიერად, თჳთ გოლიათი მკლავითა სჳანითა და ჴელითა გოლიათითა, რომლის თანა წინა-მბრძოლობდეს ძლიერად ყუარყუარე ჯაყელისა შვილი პირმშო, ბიბილა გურკელი, ბოცო ბოცოს ძე, მემნას ძმა, რამეთუ ესენი წინა-განეწესნეს. ვითარ იხილეს სიმჴნე მათი განძელთა, სწრაფად ივლტოდეს პირისაგან მათისა, და სდევნეს ვითარ კართამდე ქალაქისად, მცირედღა შეივლტოდეს ქალაქად, და უმრავლესი ტყუე ყვეს და ზოგნი მოისრნეს.

ამისნი მხილველნი დედანი ძლიერად იცემდეს მკერდსა მათსა და საყელოსა თმითურთ იფხურიდეს, და განაძლიერეს ყივილი და ზრიალი. ყოველგნით გარემომდგომთა ლაშქართა ესმა და მეფესა მომართეს, ხოლო მეფე, უვნებელად დაცული ღმრთისა მიერ, იგი და მისნი წინამბრძოლნი თავადნი სახელოვანნი მოეგებნეს, რომლისათჳს ლაშქარნი და თავადნი მბრძოლნი დაამტკიცებდეს არღარა ყოფად მოლაშქრედ და არცა კარსა მეფისასა ყოფად. ხოლო მეფე იგი ჰუნისაგან ჩამოჴდა და ევედრა შენდობა უმეცრებით ქმნულებისა. ესრეთ მივიდეს კარვად სიხარულითა. მსგეფსამდი იყო მხიარულობა და გაცემა ლაშქართა ზედა.

ესრეთ შემჭირდა ათაბაგი განძისა და ევედრა, რათა განუჩინონ ხარაჯა პირველი, რომელი ისმინა მეფემან და უკუ-სცა ტყუენი ფასითა და მრავლითა ძღუენითა, თუალითა და მარგალიტითა, ოქროთა და ვეცხლითა.

მივიდა თჳთ მეფე ტფილისს და აღავსო საქართველო ძღუნითა, რამეთუ იყო ყოველთა მეფეთა უმეტეს უხჳ და არავისთჳს მოშურნე, მლოცველ, მმარხველ, განმკითხველ და მოწყალე. არამედ უკანასკნელ მიდრკა სიბოროტედ თანამიყოლითა უწესოთა კაცთათა. ვითარცა სოლომონისთჳს წერილ არს, რომელი შეაცთუნეს დედათა, ეგრეთვე ესე - უწესო კაცთა, ვითარცა ქუემორე სიტყუამან საცნაურ ყოს. ვითარ განისუენებდა ნადიმობითა და მსმურთა თანა მიდრკა სიბოროტემდი, ვითარ წერილ არს ისრაილთათჳს: „დასხდა ერი იგი ჭამად და სმად, და აღდგეს სიმღერად“.

ხოლო სმამან მღერასა და სიღოდასა და ნაყროვანებამან სიბილწესა უმეტეს გარდარია, განიშორნა ვაზირნი სანატრელისა, დედოფლისა და მეფისა წესითა მსწავლელნი. შეიყარა თანამოასაკენი მსმურობითა და დედათა უწესოთა თანააღრევად, რომელ ესოდენ უსახურობად მიიწია, რომელ ოდესმე მსმელი ფრიადისა ღჳნისა, ტფილისს მყოფი, წარიყვანეს რინდთა თანა, რათა მუნ განიძღონ სიბილწე თჳსი. ხოლო რინდნი, მეფისა მისლვისა არამგონებელნი და ღჳნით უცნობოქმნილნი, ზედა-მოეტევნეს მგუემელნი ძლიერად, ვიდრემდი ერთიცა თუალი მარჯუენე ხედვისაგან უხედვო ყვეს.

3. ამისნი მცნობელნი თავადნი საქართველოსანი ფრიად მწუხარენი, და უმეტეს ივანე ათაბაგი და ვარამ გაგელი, ზაქარიას ძე, განეყენებოდეს დარბაზს ყოფისაგან: „არა თავს-ვიდებთ შენსა მეფედ ყოფასა, უკეთუ არა განეყენო ბოროტთა კაცთა სიახლესა და ავსა წესსა, რომელსა იქმ“. ხოლო მეფემან შეინანა და აღთქუა სიმტკიცეთა მიერ აღარა ქმნა თჳნიერ მათისა განზრახვისა. დაღათუ აღასრულებდა, არამედ ძლიერებდა მტერი უჩინო, ვერ არწმუნეს ცოლისა სმა, ვითარცა არს გულისთქმის მიერ შემწველობა დედათა მიმართ. მისრულმან კახეთს, სოფელსა ერთსა, ველისციხესა, იხილა ქალი ფრიად ქმნულკეთილი და მყის აღტაცებულ იქმნა გულისთქმათა მიერ და დამვიწყებელმან დავითის და ურიის ცოლისა მიმართისა საქმისამან მსწრაფლ თჳსად მიიყვანა და შეიყუარა. და მუცლად-იღო დედაკაცმან და შვა ყრმა, რომელსა უწოდეს დავით. ესე იგი არს დავით, რომელ უკანასკნელსა დიდთა განსაცდელთა შემდგომად მეფე იქმნა, რომელ ქუემორე სიტყუამან საცნაურ ყოს. ესე ყრმა აღსაზრდელად მისცა დასა თჳსსა რუსუდანს, რომელი-იგიცა მხოლო ესუა თამარსა, რომელთა ძმებრივისა და დებრივისა სიყუარულისა უმეტესობა აქუნდა ურთიერთას.

ამათ წარმართებულობათა და დაწყნარებულობათა შინა იყო მეფე და ყოველგნით ნიჭი და ძღუენი მოუვიდოდეს მოხარკეთა მიერ კარვად მეფისა. მხიარულითა პირითა მოვლიდის სამეფოსა მისსა განსაგებელთა საქმეთათჳს. გარდავიდის ქუეითი აჯამეთს, ნადირობდის ცხუმს და აფხაზეთს და განაგნის საქმენი მანდაურნი. და სთუელთა შთავიდის ტფილისს, ხოლო საზამთროდ დადგის დურს სომხითისასა და მიერ ბრძოდის განძელთა. ზაფხულის აღვიდის თავად მტკურისა, დადგის კოლას, და მოვიდოდიან წინაშე მისსა მოხარკენი ძღუნითა ხლათით და საბერძნეთით.

ამათ განსუენებასა შინა მყოფმან არა ინება ქორწინება ცოლისა. ამისთჳს შეკრბეს კათალიკოზნი, ეფისკოპოზნი და ვაზირნი, მოაჴსენებდეს: „რა ჯერ-არს, რათა მჴევალი გესუას და არა ცოლი, ვითარცა დასწერს მოციქული, პირი ქრისტესი, პავლე: „ქორწილი წმიდა არს და საწოლი შეუგინებელ. ხოლო მსიძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან“ ხოლო მეფესა არა ენება. წარგუარეს ქალი იგი, დედა დავითისი, და ქმარსავე მისსა მისცეს. ხოლო არცა მაშინ ექორწინა მეუღლესა, არამედ ეგო უქორწინებლად. რამეთუ იყო ესე ლაშა გიორგი მჴნე, ახოვანი, ძლიერი, ლაღი, ამპარტავანი, თავჴედი, თჳთბუნება, ვითარცა მითქუამს, უხჳ, სახიობისმოყუარე, ღჳნისმოყუარე და გემოთმოყუარე. და მშჳდობა იყო სამეფოსა შინა მისსა და შექცეული იყო სმასა და ჭამასა, რომლისათჳს დასწერენ მამანი: „ამნი არიან მიზეზნი ვნებათანი, რომელთაგან იშვებიან ყოველნი ბოროტნი: გემოთმოყუარებანი, ვეცხლისმოყუარება და დიდებისმოყუარება. ამათნი პირმშონი არიან სიძვა, მრუშებანი, რისხვა, მწყინარობა, ამპარტავანება. ამათ ბოროტთაგან გამოვლენ ჴორცთმოყუარებანი, უწესოდ ნებისა მიდევნებანი, რომლისა თჳთეულად არა არს ჟამი აღწერად, ვითარცა წინასწარმეტყუელიცა იტყჳს: „ამა იაკობ, განძღა, განსხუა, განსუქნა და დაუტევა ღმერთი, შემოქმედი თჳსი, და განუდგა ღმერთსა, მაცხოვარსა თჳსსა“

ეგრეთვე იქმნა ნათესავსაცა ამას შინა ქართველსა, რამეთუ განძღეს და იშუებდეს, უწესოებად მიდრკეს სიძვათა და მთრვალობათა შინა უგუნურნი კაცნი, მეფის კარსა ზედა არა ყოფის ღირსნი და აწ კარსა ზედა მყოფნი. დაღათუ კათალიკოზთა ორთავე და თავადთა ამის სამეფოსათა და უმეტეს ივანე ათაბაგსა უმძიმდა საქმე ესე, არღარა ინებეს მას თანა სამარადისო ყოფა, არამედ განეშორნეს და თჳს-თჳსად იყოფოდეს. ამისთჳს აღმოსცენდეს მიზეზნი ცოდვათა სიმრავლითა საქართველოსა მოოჴრებისანი, რომელი ქუემორე სიტყუამან ცხად-ყოს.

4. ქუეყანასა მზისასა, აღმოსავლეთით კერძო, რომელსა ეწოდების ჩინ-მაჩინი, გამოჩნდეს კაცნი ვინმე საკჳრველნი ადგილსა, ყარაყურუმად წოდებულსა, უცხო სახითა, წესითა და შესახედავადცა. რამეთუ არცა ძუელთა წიგნთა სადა იპოების ამბავი მათი, რამეთუ არიან უცხოენა, უცხოსახე, უცხოცხორება. პურისა გემო არა იცოდიან, ჴორცითა და პირუტყუთა სძითა ცხოვნდებოდეს. ხოლო იყვნეს ტანითა სრულ, გუამითა ახოვან, ძლიერ ფერჴითა, უენიერ, სპეტაკ ჴორცითა, თუალითა მცირეჭურიტ და გრემან, განზიდულ და საჩინო, თავითა დიდ, თმითა შავი და ჴშირ, შუბლბრტყელი, ცხჳრითა მდაბალ ესოდენ, რომელ ღაწუნი უმაღლეს იყვნიან ცხჳრთა, და მცირედნი ოდენ ნესტუნი ჩნდიან ცხჳრითა, ბაგენი მცირე, კბილნი შეწყობილნი და სპეტაკ, ყოვლად უწუერული, ესევითარი აქუნდა უმსგავსო სახე. და ნუ ვის გიკჳრს, რომელ აღმატებული რამე შუენიერება აქუნდა ამათ მამათა და დედათა. ამას თანა მოეგო სიმჴნე, მოისარნი იყვნეს რჩეულნი, მაგრითა მშჳლდითა უცდომრად მსროლელნი, რომელთა ნაკრავსა ვერამან საჭურველმან უმაგრის. უფროს ცხენსა ზედა იყვნეს მჴნე, რამეთუ აღზრდა მათი ცხენსა ზედა იყვის, საჭურველისა არასა მქონებელნი, მშჳლდისა და ისრისა კიდე.

ესე იყვნეს კაცნი განსაკჳრვებელნი, რამეთუ იხილნი რა, სულელ საგონებელ იყვნიან, ხოლო ყოველი სიბრძნე იპოებოდა მათ შორის და ყოველი გონიერება მოეგო - მცირემეტყუელება. და ტყუვილი სიტყუა ყოვლად არა იყო მათ შორის, არა თუალ-ახუნიან პირსა კაცისასა, არცა დიდსა, არცა მცირესა, და უმეტეს საბჭოთა შინა, რამეთუ კეთილნი წესნი ეპყრნეს, ჩინგიზ ყაენისაგან განჩენილნი, რომელთა თჳთეულად წარმოთქუმა გრძელ არს.

ამათ აქუნდა სჯულად ერთისა ღმრთისა უკუდავისა თაყუანისცემა. პირი მზისა აღმოსავლეთით ქნიან და სამისა ჩოქისა ქნა და სამჯერ თაყუანისცემა და შუას თითისა ცერსა ზედა და ნებსა დადება და დატკაცუნება, და მეტი არარა.

ხოლო უიღურნი კერპისმსახურნი იყუნეს, რომელთა ქუჯინად უჴმობდეს. ხოლო მოიპოეს წერილიცა ამა მცირედითა ასოთა, რამეთუ ათექუსმეტითა ასოთა დასწერენ წიგნსა, რომელ ადვილ სასწავლოცა არს და ადვილ გულისჴმისსაყოფიცა. ამათვე შექნეს ქორონიკონის სახედ ათორმეტი წელიწადი ათორმეტთა პირუტყუთა ცხოველთა სახელსა ზედა და თჳთოს პირუტყუს და ცხოველს თჳთოსა წლის მთავრობა განუჩინეს. ვითარ ძუელ ოდესმე ელლინთა ბრძენთა ათორმეტთა ზოდთა, რომელ არიან ეტლნი მზისა და მთოვარისანი, ამათ ეტლთა თჳთეულთა მისცეს მზისა საჯდომად ოცდაათ დღე, არათუ ცხოველნი არიან, არამედ ზოდნი. ეგრეთვე ამათ თჳთოსა წელიწადსა მთავრობა განუჩინეს თჳთოსა პირუტყუსა, რომელითა თორმეტივე გათავდების, თავსავე დაიწყებს, ვითარ ათცხრამეტული, ათცამეტური, ზედნადები და ზედექუსეული, რამეთუ ცხრამეტ წლად გააწევს და მერმე თავსავე და იწყებს. და ეგრეთვე ესე თორმეტ წლად გააწევს, რომელსა უწოდენ სახელად ესრეთ: ყალღუნჯილ, უქურჯილ, ფარსინჯილ, თავლაინჯილ, ლუილჯილ, მოღილჯილ, მორინჯილ, ყონიჯილ, მეჩინჯილ, თაღანჯილ, ნოხინჯილ, ყაყაინჯილ. ესე არს სახელი ათორმეტთა ცხოველთა, რომელთა მისცეს მთავრობა თჳთოსა წლისა თჳთოსა პირუტყუსა, რომლისა პირველად თავ ყვეს ყალღუნ, რომელ არს თაგუ, მერმე ზროხა, ავაზა, კურდღელი, ვეშაპი, გუელი, ცხენი, ცხოვარი, ყაპუზუნა, ქათამი, ძაღლი, ღორი. ესენი აქუნდეს წელიწადის სათუალავად, ვითა ჩუენ ქართველთა ქორონიკონი.

ხოლო აქუნდა წესად ერთისა ღმრთისა თაყუანისცემა, რომელსა თენგრი უწოდეს ენითა მათითა, და წიგნისა თავსა ესრეთ დასწერდეს: „მანგუ თენგრი ქუჩუნდურ“, ესე არს: „უკუდავისა ღმრთისა ძალითა“.

ესენი მცირედთა საზრდელთა განეშორებოდეს, ყოველსა სულიერსა ჭამდეს, ჴორცსა კატისა, ძაღლისა და ყოველსა.

ამათნი ნათესავნი მრავალგუარად განყოფილ იყვნეს და არიანცა ჯერეთ, ხოლო ათორმეტთა ოდენ მოვიჴსენოთ სახელი. რამეთუ პირველი გუარი არს საყირთა, ქინდნი, ყათნი, ჯალაირი, ოირადი, სულდუსი, ნიჰიმნი, ყონღარდი, მანღუთი, თანღუთი, ყიათი და უიღურნი. ხოლო უიღურნი კერპისმსახურნი არიან, რომელსა უწოდენ ქუჯინად. ესენი ენითა მათითა უწოდიან თავთა მათთა მონღოლ, ხოლო ქართველნი თათრად, რომელთა ვგონებ ერთსოფლელად.

5. ამათთა ნათესავთა ყიათთა გუარისათა გამოჩნდა კაცი ერთი, სახელით თემურჩი, რომელ არს ჩინგიზ ყაენი; ჰაეროვან-შუენიერი, ტანითა ახოვანი, თმითა მომწითურო, ძლიერი, მჴნე, შემმართებელი, მოისარი ჴელოვანი, ღრმად გამგონე, განმზრახავი სჳანი. ესე წარვიდა ნიჭისა და პატივისა მოღებად უმთავრესისა მათისა, რომელსა ხანობით უჴმობდე ჴელმწიფესა მათსა, რომელსა ერქუა ონ-ხან. ვითარ იხილა, შეიყუარა სიკეთისა მისისათჳს. დიდსა პატივსა აღიყვანა, უწარჩინებულეს ყოველთა სწორთა მისთა, და მჴედართა მთავრობა ჴელთ-უდვა ლაშქართა მისთა. და ყოვლგან მოწყუედდიან ურჩთა და გამდგომთა მისთა, ვინაცა ყოვლგნით გამარჯუებული მივიდეს პატრონსა მისსა ონ-ხანს ჴელმწიფეს წინაშე. ხოლო მან უაღრესსა პატივსა აღიყვანის. ესე შეიშურვა ძმამან ონ-ხანისმან, სახელით უთქინ, და შვილმან ქურაქ, და შეასმინეს: „ნებავს დაპყრობა შენი[სა] მეფობისა, რომელსა ხანობით გინა ყაენობით უწოდენ“. და მან განიზრახა მოკლვა მისი. გარნა აგრძნა თემურჩი, რამეთუ უთხრეს ორთა ვიეთმე კაცთა, რომელთა სახელი ერთისა ქალექ და მეორესა ბად: „ჰნებავს სიკუდილი შენი“. ხოლო იგი ივლტოდა და ორნიცა იგი კაცნი მის თანა. მივიდა სახლსა და ხარგთა შინა, აჰყარა დედა-წული და იარა ერთი დღე და ერთი ღამე. და მერმე დაყარა დედა-წული, ბარგი და ხუასტაგი წყლისა მის პირსა, რომელსა ჰქჳან ბალჯუნი. და განუშორა ლაშქარი მცირედ და უკუდგა ჴევსა რასამე. და ცნა ონ-ხან სივლტოლა თემურჩისა, დევნა-უყო და მოეწია დედა-წულსა და ბარგსა მისსა. აღიღეს ტყუე ურიცხჳ და დამძიმდეს ალაფითა ლაშქარი. ზედა-მოუჴდეს თემურჩი ყოველთა თანა ლაშქართა. იქმნა ბრძოლა სასტიკი და ძლიერი, მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ, და იძლია ონ-ხან. დევნა-უყვეს, შეიპყრეს, მოკლეს ონ-ხან. და მსწრაფლ დაესხა დედა-წულსა ონ-ხანისასა და ჴელთ იგდო ცოლი და შვილი და ყოველი სიმდიდრე მისი, თჳნიერ ქურაქ, უხუცესისა შვილისა, ონ-ხანისნი.

და დაჯდა ტახტსა ონ-ხანისასა, უწოდეს სახელად ჩინგიზ ყაენი

და ბრძოლა უყო ყონღარდთ ჴელმწიფესა ალთუ-ხანს, და სძლო და მოაკუდინა იგი და დაიპყრა მეფობა მისი. მერმე ქურაქ, შვილი ონ-ხანისი, მივიდა გორ-ხანსა ვისმე თანა და ბრძოდა ჩინგიზ ყაენს. ხოლო მან ბრძოლა გორ-ხანს და მასცა სძლო, და მოკლა გორ-ხან და დაიმორჩილა გორ-ხანის ლაშქარნი.

ამისა შემდგომად უიღურთა ზედა წარემართა, რამეთუ უიღურნი ჴელმწიფესა მათსა ედიყუთობით უჴმობდეს. და ამას ჟამსა სარჩუყ ვინმე იყო მთავარი უიღურთა, რომელთა გუარისა საქმენი განსაკჳრებელ არიან, ვითა ზღაპარნი, და არიან ზღაპარ და ცუდ, ამისთჳს უჯერო არს აწ თქუმა. ჩინგიზ ყაენმან შეიწყნარა და პატივითა დაიჭირა, აღიხუნა მრავალგუარნი თათარნი და დაიმორჩილნა, და ყარყითიცა დაიმორჩილა.

და ვითარ მოიწყო თათართა ზედა, გამოჩნდა კაცი ვინმე საკჳრველი, რომელსა თებ-თენგრობით უჴმობდეს. ესე მივიდა ყაენს წინაშე, იტყოდა თუ: „მე მას მთასა, რომელსა უწოდო ბალიყი, წარვალ, ღმრთისა სიტყუა მესმის. ამას ბრძანებს, ყოველი ქუეყანა თემურჩის და მისთა ლაშქართათჳს მიმიცემია, და სახელადცა ჩინგიზ ყაენ ერქუას“

ხოლო თქმულ არს ესე: ვითარ ჩინგიზ ყაენი აღვიდა მთასა მაღალსა, და გამოუჩნდა უფალი იესო ქრისტე, ღმერთი ყოველთა. და მან ასწავა სამართალი, სჯული, სიწმიდე და სიმართლე, ტყუვილისა, პარვისა და ყოვლისა ბოროტისაგან განშორება და რქუა თუ: „მცნებანი ესე დაიმარხე. ყოველი ქუეყანა შენთჳს და ნათესავისა შენისათჳს მიმიცემიეს. წადი და აღიღე ყოველი ქუეყანა, რაოდენი გეძლოს“

ხოლო იქმნა რა ყაენად და მივიდა რა ხატაეთს, და შევიდა რა ხილვად ეკლესიისა, იხილა ხატი მაცხოვრისა იესო ქრისტესი, და მეყსეულად თაყუანი-სცა და თქუა: „აჰა, კაცი იგი, რომელი მთასა ჩინეთისასა ვიხილე, ამ სახითა იყო, ამან მასწავა ყოველი წესი“. ესე შეიყუარა ჩინგიზ ყაენმან და მას ჰკითხევდის და ამის მცნება, რაოდენიცა ამცნო, ყოველივე მტკიცედ დაიცვა.

მერმე ებრძოლა ხატაეთის ჴელმწიფესა არსლან-ხანსა ზედა და სძლო. ესრეთ ჴელთ-იგდო, რომელ ორას ათასი კაცი მოაკუდინა არსლან-ხანისა. ამისმან მცნობელმან არსლან-ხან, სახლსა შინა შესრულმან ცოლითა და შვილითურთ, ცეცხლისა მოდება უბრძანა მსახურთა მისთა, რომელთა ყვეს ეგრეთ, და დაიწვა არსლან-ხან დედაწულითურთ. შევიდა ჩინგიზ ყაენი და დაჯდა ტახტსა მას ზედა, დაიპყრა ხატაეთი. ესე აქამომდე იყავნ.

აწ ვახსენოთ მცირედ შვილთათჳსცა ჩინგიზ ყაენისათა

6. ამა ჩინგიზ ყაენსა ცოლნიცა მრავალი ესხნეს და შვილნიცა. და უხუცესის ცოლის სევინჯებისაგან ესუა შვილი, რომელსა ერქუა თუში, რომელსა ქართველნი ჯოჩიდ უწოდდეს. მეორე ჩაღათა, მესამე ოქოთა, მეოთხე თული. ესე ოთხნი ყაენად განაჩინნა ხატაეთს მყოფმან. უხუცესსა თუშის მისცა ლაშქრისა ნახევარი და წარავლინა დიდსა საყივჩაყეთსა ზედა, ხაზარეთს, რუსეთსა, ოვსეთსა, ვიდრე ბნელეთამდე. და ესე ყოველი ამას მისცა, და ამათ სხუათა უკანასკნელ ვაჴსენოთ.

ესე მაღალმან და ყოველთა ჴელმწიფეთა უდიდესმან ხუარაზმშა, რომელი მაშინ დღეთა სიმრავლითა მიმჴცოვნებულ იყო და შვილისა ჯალალდინისდა ჴელთ-ედვა სულტნობა და ქუეყანანი, რომელნი ეპყრა ჯეონს აქათ ხუარასნისა და ერანისა, ცნა რა მოახლება თათართა, მოუწოდა სპათა მისთა, ვითარ ექუსი ათასთა კაცთა, და წარემართა ჩინგიზ ყაენსა ზედა. ხოლო იგი ხუარაზმშას წინა დაემთხჳა. იქმნა ძლიერი და ფიცხელი ომი, რომელ მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ სიმრავლე, და იძლივნეს ხუარაზმელნი. დაშთა რაზმსა შინა ბერი ხუარაზმშა მცირედითა ლაშქრითა, და თათარნი გარე-მოადგეს.

ცნა ესე სულტანმან ჯალალდინმან, რომელი იყო კაცი მჴნე, ქველი, შემმართი, უშიში, ვითარ უჴორცო, ძალითა საჩინო, წყობათა შინა უცხო. მივიდა მცირედითა კაცითა შუელად მამისა და მყის წარიყვანა მამა თჳსი, და ივლტოდეს ხუარასნად.

ამისა შემდგომად ებრძოლა კუალადცა სულტანი ჯალალდინ მრავალჯერ, რამეთუ სამჯერ ჯეონს იქით შეება და ოთხჯერ ხუარასანს, ჯეონს აქათ. ვინათგან ღმერთსა ცოდვათა ჩუენთათჳს მიეცა ყოველი ქუეყანა, იძლია სრულიად და ივლტოდა. ცნა რა სივლტოლა ამისი და სიმაგრეთა შინა შევლტოლა ჩინგიზ ყაენმან, წარმოავლინნა ორნი თავადნი ზემოჴსენებულნი, იამა და სანპიანი, რომელთა ქართველნი სებაჯებობით უწოდიან, რათა მოვლონ ქუეყანა ხუარასნისა და ერაყისა, სადამდი ეძლო სლვად, და განიხილონ ქუეყანა.

ესენი წარმოვიდეს ათორმეტი ათასითა მჴედრითა და თჳნიერ საჭურველისა და საზრდელისა ქონებისა, არამედ მშჳლდნი ოდენ, უჴრმლოდ. განვლეს თურანი, ჯეონი, ხუარასანი, ერაყი, ადარბადაგანი, და მოიწივნეს განძას. და ვერავინ წინა-აღუდგა. თუ ვინ სადა გამოჩნდის, ყოველთა სძლიან.

და მოიწივნეს საზღვართა საქართველოსათა, ქუეყანა გაგისა, იწყეს დარბევა. და ცნა ესე ვარამ გაგელმან და ივანე ათაბაგმან, და აცნობეს მეფესა უცხოსა ნათესავისა მოსლვა, უცხოთა ენითა, ოჴრებად სომხითისა. მეფემან მოუწოდა სპათა თჳსთა, იმერთა და ამერთა, და შეკრიბა ოთხმოცდაათი ათასი მჴედარი, და წარემართნეს თათართა კერძ, გაგისა ბოლოს მდგომთა. იქით ივანე ათაბაგი და ძმისწული მისი, ზაქარიას ძე ამირსპასალარისა, შანშე, და ვარამ გაგელი, მსახურთუხუცესი, მოერთნეს დიდითა ლაშქრითა. და წარემართნეს

ხოლო იგინი დაბანაკებულნი წყალსა ზედა ბერდუჯსა, და აწ საგიმად წოდებულსა, მყის ამჴედრდეს და ეწყვნეს ურთიერთას. და იქმნა ძლიერი ბრძოლა. ნახევარნი ივლტოდეს თათარნი და ნახევართა მზირი ეყო. უკანით მოუჴდეს. მაშინ მოიწია რისხვა ზეგარდმო უსჯულოებათა და ცოდვათა ჩუენთათჳს, და ივლტოდეს ქართველნი სპანი და თჳთ მეფე ლაშა, და ურიცხჳ სული ქრისტიანე მოკუდა, სადა-იგიცა დიდი ივანე ათაბაგი ძლით ცოცხალი განერა. და სამცხისა სპასალარის, მეჭურჭლეთუხუცესის ყუარყუარეს შვილი ბექაი მოიკლა ძლიერად მბრძოლი. და აქა იქმნა მოწევნა სრულიადისა ღმრთისა რისხვისა და განწირვა ქართველთა ნათესავისა სიმრავლისათჳს უსჯულოებათა ჩუენთათჳს. და იქმნა უკუქცევა სუესჳანისა ბედისა, მაღლისა და საჩინოსა დავითიანისა დროშისა გამარჯუებულისა, რამეთუ, რადგან მიეცა ღმერთსა დიდსუესა და დიდბედისა დავითისდა გამარჯუება, აქა ჟამამდი სჳანი იყო ბრძოლათა შინა დროშა დავითიანი და გორგასლიანი. ხოლო აქა, ვითარ იქმნა ცვალება ბედისა ქართველთა ნათესავისა, არღარა მიეცა ძლევა თათართა ზედა ვიდრე ჟამთამდე ჩუენთა.

ესრეთ ლტოლვილნი მოიწივნეს ქალაქსა ძლიერნი იგი და სახელოვანნი, რომელნი სულთქმითა და მწუხარებითა შეიცვებოდეს. ხოლო თათარნი მოიწივნეს სამშჳლდემდე და მიერ უკუნ-იქცეს, რომელთა ქმნეს საკჳრველი ესე საქმე: წარვიდეს გზასა დარუბანდისასა, ვერცა შარვანშა წინ-აღუდგა და ვერცა დარუბანდელნი. განვლეს კარი დარუბანდისა და შევიდეს ყივჩაყეთს, რომელთა ბრძოლა აჰკიდეს. და მრავალგან შემოებნეს ყივჩაყნი და ყოველგან თათარნი მძლე ექნეს. და წარვიდეს ომითა, უსაჭურ[ვ]ლონი, ვითარცა მითქუამს, უჭედელითა ცხენითა ესოდენ გზათა მავალნი. განვლეს ყივჩაყეთი და შემოუარეს ამა დარუბანდისა ზღუასა გარე და მიიწივნეს ჴელმწიფესა მათსა ჩინგიზ ყაენს წინაშე ყარაყურუმს. და ქმნეს საკჳრველი ესე საქმე, მოუსუენებლად სლვა ამა ყოველთა გზათა უჭედელითა ცხენითა, ყარაყურუმით წარმოსრულნი მუნვე მიიწივნეს.

ამისმან მცნობელმან ჩინგიზ ყაენმან, რომელ ყოველგან სძლიეს თათართა, წარმოავლინა შვილნი მისნი ხუარასანს სულტანისა ჯალალდინის ძებნად. ცნა ესე სულტანმან ჯალალდინ, შეიყარა და მრავალჯერ ბრძოლა ქმნა, ვითარცა ვთქჳ. და იგრძნა რა სრულიად ძლეულება, აიყარა დედა-წულითა და ლაშქრითა, თანა ჰყვა დედა-წულით კაცი ასორმოცი ათასი, და ივლტოდეს პირისაგან თათართასა.

ვითარ გარდაჴდა წელი, არავე დასცხრა გულისწყრომა უფლისა, რომლითა განვარისხეთ, დასნეულდა მეფე ლაშა. მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა სამეფოსათა, შევედრა დაჲ თჳსი რუსუდან ცრემლითა მომდინარემან და თქუა: „უწყი უმანკოება და ერთგულება მეფეთა ნათესავისაგან თქუენ მკჳდრთა საქართველოსათა. შეხედვებითა ღმრთისათა მიგათუალავ დასა ჩემსა, რუსუდან, რათა შემდგომად ჩემსა მეფე ჰყოთ. ვითარ არს ჩუეულება ნათესავისა თქუენისა, ერთგულობით მონებდით და სიმჴნითა თქუენითა დაიცევით ტახტი მტერთაგან უვნებელად. დაღათუ არა მამაკაცი არს, არამედ დედაკაცი, არა აკლია სიბრძნესა და სამეფოთა საქმისა ცნობასა. თქუენ, წარჩინებულთა ამის სამეფოსათა, იცით და გაჴსოვს წყალობა და ნიჭი და პატივი სანატრელისა და კეთილად მოჴსენებულისა, მეფეთა შორის ბრწყინვალისა დედისა ჩემისა. ეგრეთვე, თუ ღმერთსა უნდეს, დამანცა ჩემმან იცის პატივი თქუენი. აწ შეგვედრებ წინაშე ღმრთისა, რათა მეფე ჰყოთ იგი შემდგომად ჩემსა. ხოლო დასა ჩემსა, რუსუდანს, ვამცნებ წინაშე ღმრთისა და სასმენელად თქუენდა ყოველთა, რათა აღზარდოს შვილი ჩემი დავით. რაჟამს ეძლოს მეფობა და მჴედრობა, რომელ დავით მეფე ყოს, და იგი დაადგინეთ მეფედ და მემკჳდრედ მეფობისა ჩემისა. დაღათუ ყრმა არს, და ინებოს ღმერთმან აღზრდა მისი, ვჰგონებ, რომე შემძლებელ არს პყრობად მეფობისა, კეთილითა ასაკითა არს და ჰაეროვან“.

ვითარ დაასრულა ბრძანება, შეისუენა, რომლისათჳს არს გლოვა და მწუხარება მიუთხრობელი, რომელ დამან მათმან რუსუდან აღასრულა გოდებანი მრავალ დღე. და წარიყვანეს სამკჳდროსა მათსა გელათს.

II

7. ვითარ აღსრულდა მეფე, შეკრბეს წარჩინებულნი მის სამეფოსანი, იმერნი და ამერნი, კათალიკოზთა ორთავ წინაშე, ნიკოფსით ვიდრე დარუბანდამდე, ყოველნი მორჩილებასა მათსა ქუეშე მყოფნი, და მეფე ყვეს რუსუდან, დასუეს საყდართა სამეფოთა და მიულოცეს მეფობა წესისაებრ.

ხოლო იყო რუსუდან ხილვითა შუენიერი, ვითა დედა მისი, მდაბალი, უხჳ, პატივისმცემელი, პატიოსანთა კაცთა მოყუარე. ამან მოიწყო ყოველი საბრძანებელი და მეფობა მშჳდობით, და აღივსო ყოველი სამეფო რუსუდანისა ყოვლითა კეთილითა.

იწყეს უძღებება და განცხრომა ყოველმან ასაკმან და მიიქცეს ყოველნი სიბოროტედ. და ვითარ არა გამოიცადეს ღმერთი, ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან უჯეროდ გინებად და ჴოცად წარმართთა, რამეთუ მეფეცა რუსუდან ჩუეულებითა წესსა ძმისა მისისასა ვიდოდა. ამისთჳს აღდგენ ბოროტნი უდიდესნი.

ესე ზემოჴსენებული სულტანი ჯალალდინ უღონო იქმნა რა ბრძოლილი თათართაგან, მოუწოდა სპათა მისთა და რქუა: „ცით და გაჴსოვს ყოველთა მარზაპანთა და ერისთავთა კეთილი და წყალობა პაპათა და მამათა ჩემთა. აწ იცით, თუ რა მოიწია თქუენ ზედა და ჩემ ზედა უცხოთა ნათესავთა თათართაგან. და მრავალგზის ბრძოლა-ვყავთ და მრავალი ღუაწლი დავითმინეთ და განგებითა ზეგარდმოთა ყოველგან ვიძლიენით. აწცა მოახლებულ არს მდინარესა ჯეონისასა, წინამბრძოლად წარმოავლინა ძე მისი უხუცესი. აწ ესე არს განზრახვა: ვინათგან მისცა ძლევა ღმერთმან, გთნავს, დაუტეოთ ქუეყანა ესე, აღვიღოთ დედა-წული, სიმდიდრე, ჯოგი, და წარვიდეთ საბერძნეთს, მუნ დავემკჳდრნეთ. დაღათუ თათარნი გუძლევენ, გარნა ყოველთა ნათესავთა ჩუენ ვსძლიოთ. უკეთუ ვინ ინებოს, წარმოვიდენ ჩემ თანა და თუ სთნავს ვისმე, იყავ შინა, რამეთუ ნება იყავნ ყოველთა სათნოდ უკუნისამდე“

ყოველთა თქმული ესე ეკეთა, აღიღეს დედა-წული და მოიწივნეს ადარბადაგანსა, კაცი ვითარ ასორმოცი ათასი. და მოიწივნეს ქუეყანად მჴარგრძელთა, რამეთუ ივანე ათაბაგსა ეპყრა დვინი, და ანისი მიეცა ძმისწულისა მისისა შანშე მანდატურთუხუცესისათჳს.

და ესე ხუარაზმელნი მოვიდეს წელსა მესამესა ლაშა გიორგის მიცვალებისაგან ტყუენვად, მოოჴრებად ქუეყანათა დვინისა და კერძოთა მისთა. ცნეს რა ივანე ათაბაგმან და ვარამ გაგელმან, მივიდეს მეფესა რუსუდანს წინაშე, მოაჴსენეს მოსლვა ხუარაზმელთა, თჳთ დიდისა სულტნისა ჯალალდინისა, ჴოცად და მოსრვად ქრისტიანეთა. ესრეთ უწყალოდ მოსრვიდეს, რომელ არცა თუ დედათა და ჩჳლთა ყრმათა რიდებდეს.

ვითარ ცნა რუსუდან შემოსლვა ხუარაზმელთა სამეფოსა შინა მისსა, მოუწოდა ყრმათა, იმერთა და ამერთა, მოიღო დროშა სეფე და მოუწოდა ივანე ათაბაგსა, რომელ მას ჟამსა მიმჴცოვნებულ იყო, არა განცხადებულად, არამედ ფარულად მონაზონქმნულ იყო, კაცი აქამომდე გონიერი და სათნოებიანი. განაჩინა მეფემან რუსუდან სპათა მისთა თავად, უბოძა დროშა სეფე სჳანი, წარავლინა ბრძოლად სულტნისა.

ხოლო მიიწივნეს დვინსა და ამობერდს. დაებანაკა ხუარაზმელთა სოფელსა, რომელსა ჰქჳან გარნისი. და მი-რა-ვიდეს სპანი მეფისანი, წინა-განეწყო სულტან ჯალალდინი. აქათ ივანე ათაბაგმან განაწყო სპანი მეფისანი იმიერ და ამიერ, და აჩინა წინამბრძოლად თორელნი და ძმანიცა იგი ორნი ახალციხელნი, შალვა და ივანე, სახელოვანნი იგი მბრძოლნი, ვითარ წესად არს სახლისა მათისა წინამბრძოლობა.

ვითარ დაეახლნეს წინამბრძოლნი და სულტანი, აქა დაიპყრა ფერჴი ივანე ათაბაგმან, იტყჳან შურითა ყო ახალციხელთა შალვა და ივანესითა. ჵი შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი და ძჳრად მომწყუედელი ნათესავისა კაცთასა და ყოველთა ნათესავისა მწყლველი! ვითარ ურიათა ღმრთის მკლველობა არწმუნა, და კუალად ამათსა უბოროტესი უგბილი და ულმობელი და საქართველოსა სრულიადი მოსპოლვა, ვითარ ქუემორე სიტყუამან ცხად-ყოს, ათაბაგსა ივანეს არწმუნა, რომელ ჟამსა წყობისა და ჟამსა ომისასა უკუნ-დგა და არღარა ვიდოდა მბრძოლთა კერძ.

ხოლო წინამბრძოლთა ყოველთა მოუვლინეს კაცი და რქუეს: „დაახლებულ ვართ სულტანსა და სპათა მისთა. ჩუენ დიდმან უმცირეს ვართ და ომი ძლიერი წინაგჳც, და წარმოიმალონ მჴნეთა სპათა მეფისათა და სიმჴნემან შენმან“. ესე ორგზის მოუვლინეს, ხოლო იგი არასა მიუგებდა. ხოლო ვინათგან წინამბრძოლნი თორელნი და უმეტეს ახალციხელნი შალვა და ივანე ახოვან იყვნეს და წყობათა შინა სახელოვანნი, არღარა რიდეს სიმრავლესა სულტნის სპათასა. ვითა მჴეცნი ზედამიეტევნეს, რომელთა შინა იქმნეს ძლიერი ომი. მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ. და ძლიერად ბრძოლობდეს შალვა და ივანე, ახოვანთა და ძლიერთა სრვიდეს. განგრძელდა ომი სასტიკი. ივანე ათაბაგი და სპანი ქართველთანი ხედვიდეს ძლიერსა ომსა და არა შეიწყალებდეს თანამონათესავეთა და ერთსჯულთა ქრისტეს აღმსარებელთა თორელთა და მათ თანა მრავალთა სახელოვანთა, არამედ დგეს შორით. და არა ინება შველა ივანე ათაბაგმან, რომელსა შურითა იტყჳან ამას ყოფად და არა თუ შიშითა.

და ვითარ განგრძელდა ომი, ცხენნი ორთავე ძმათა ახალციხელთა დაუჴოცეს, და ქუეითნი მჴნედ იბრძოდეს, და მოისრვოდის ორგნითვე ურიცხჳ, და უმეტეს თორელნი. და ვითარ შენივთდა ძლიერად ომი, ჴრმალნიცა ახალციხელთანი გატყდეს ჩაბალახსა ზედა, ივლტოდეს ქართველნი, ხოლო შალვა მუნვე შეპყრობილ იქმნა სიმრავლისა ფრიადისა მიერ, და ივანე, გარნისისა კლდესა შელტოლვილი, ზენაკერძო მოტევებულითა ქვითა მოიკლა*. ხოლო შალვა წარიდგინა სულტან ჯალალდინსა წინაშე, რომელი იცნეს ნახჭევნელთა და ადარბადაგნელთა და ხვევ-სალმასელთა და მოაჴსენეს სულტანსა ახოვანება და წყობათა შინა სიქველე მისი, არა მოკლა და თჳსთა თანა იპყრა პატივითა და მიანიჭნა ქალაქნი ადარბადაგანისანი, თავადთა თანა პატივ-სცა, რომელი შემდგომად წელიწდისა ერთისა მოიკლა სულტნისა მიერ არადატევებისათჳს სჯულისა.

ხოლო ივანე ათაბაგი უკუნ-იქცა ბიჯნისად, და სულტანი მიიქცა ადარბადაგანს და ნახჭევანს და მიერ აღაოჴრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყუე ჰყოფდეს და სრულად უწყალოდ ჴოცდეს, და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი. შემდგომად ორისა წლისა მიიცვალა ივანე ათაბაგი და მთავარ ყვეს ძე მისი ავაგ და უბოძეს ამირსპასალარობა.

8. ამისა შემდგომად უდიდესნი ბოროტნი შეიცვიდეს ნათესავსა ქართველთასა: მოახლებულ იყო სრულიად მოსპოლვა სიმრავლისათჳს უსამართლობათა ჩუენთა, რამეთუ აიმჴედრა სულტანმან საქართველოსა შემოსლვად და მეფე ყოფად თავისა თჳსისა. მივიდა და მოაოჴრა ყოველი ქუეყანა დვინისა, კუსტისა დვინისა და ყოველი ანისი, სომხითი, გაგი განძამდე, შანქური. უწინარეს ამისა ვარამ გაგელსა, კაცსა გონიერსა და ლაშქრობათა შინა წარჩინებულსა, ამას აქუნდა შანქური და მიმდგომი მისი ქუეყანა. ესევითარნი ჭირნი და შფოთნი იძრვოდეს.

ამათ ჟამთა შინა მოეყვანა მეფესა ორტულის შვილი მძევლად ერთგულებისათჳს, რომელი კეთილი იყო და სრული ასაკითა, შუენიერი გუამითა, მჴნე, ძლიერი ძალითა. ვითარ განიცადა, სთნდა მეფესა რუსუდანს და ინება ქმრად მიყვანება მისი, რომელი აღასრულაცა და იქორწილა ორტულის შვილი, რომლისგან იშვა ასული სიტურფეაღმატებული და უწოდა სახელი სანატრელისა დედისა მათისა თამარ. და კუალად მიუდგა და შვა ძე, უწოდა დავით. და კუალად ზრდიდა ძმისწულსა მისსა, ძესა ლაშა გიორგისასა.

ხოლო ვითარ აღიზარდა ასული მათი თამარ, ესმა საბერძნეთისა სულტანსა, ძესა* ნუქრადინისა, ყიასდინსა, ქმნულკეთილობა მეფისა ასულისა. ევედრა მრავალთა ნიჭთა და ძღუენთა მიერ, რათა მისცეს ცოლად ასული მისი თამარ, და აღუთქუა ფიცითა არადატევება სჯულსა ქრისტიანეთასა. რომელი ისმინა მეფემან რუსუდან და მისცა ასული მისი სულტანსა ყიასდინს, რომელი-ესე უჯერო იყო ქრისტიანეთა მიერ, რამეთუ დიდითა დიდებითა მისცა აწყუერი ზითვად.

გარნა პირველჴსენებულნი იგი სპარსნი ხუარაზმელნი მცირედ მოახლობდეს საქართველოსა, განრყუნიდეს ქუეყანათა. მაშინ ცნა სულტანმან ჯალალდინ ავაგ ათაბაგისა და ამირსპასალარისა ბიჯნის(ს) ყოფა, ინება ნახვა მისი, მოუვლინა მოციქული და რქუა: „შენ ხარ ვაზირთუხუცესი, და ითუალავ საქართველოსა. თჳთოთა კაცითა შევკრბეთ, რამეთუ მნებავს სიტყუად შენ თანა“ სთნდა ავაგს და ნება-სცა ხილვად. წარვიდა ჭურვილი ერთითა კაცითა, და იქით სულტანი ხრამს ზედა ბიჯნისისასა ერთითა მონითა ჭურვილი იგიცა, და შეკრბეს მახლობელად ერთიერთისა. მაშინ იწყო სულტანმან სიტყჳსა თქუმად: „რა მოვედ მე რბევად საქართველოსა, არამედ ზავისა და მშჳდობისათჳს. გარნა თქუენ მსწრაფლ საომრად აღიჭურენით და ფიცხლა შემებენით, და არა იქმნა მშჳდობა. აწ ვინათგან წარჩინებულ ხართ ქართველთა შორის და ვაზირი კარსა მეფისასა, ისმინე ჩემი: გასმია გუარი და ნათესავი ჩემი, სიდიდე სამეფოსა ჩემისა და სიმრავლე, რომელ არავის ჴელმწიფესა ძალ-ედვა სწორება ჩემი. მე ვარ მაღლისა და დიდისა ჴელმწიფისა ხუარაზმშას ძე და ფარმანსა ჩემსა ქუეშე იყო ყოველი სპარსეთი ადარბადაგნით ვიდრე ჯეონამდე და ჯეონით ვიდრე ინდოეთამდე, თურანი, ხატაეთი, ჩინმაჩინი და ყოველი აღმოსავლეთი. განგებითა ზენითა გამოჩნდეს ქუეყანასა ჩინეთისასა, ადგილსა შეურაცხსა, ყარაყურუმად წოდებულსა, კაცნი ვინმე საკჳრველნი, უცხონი და უცხოთა ცხორებითა მყოფნი, რომელთა ყოველი აღმოსავლეთი დაიმორჩილნეს და მრავალნი ჴელმწიფენი მოსრნეს. ჴელმწიფედ ჰყვის კაცი ვინმე საკჳრველი, ღრმა და გამგონე, მჴნე ბრძოლასა შინა, სახელითა ჩინგიზ ყაენი. ამან ჴელთ იგდო ხატაეთი**, წარვემართე ლაშქრითა ერანითა, თურანითა, სპარსითა, თურქმანითა, და მრავალგზის ბრძოლა ვყავთ ჯეონს იქით და უკანასკნელ ჯეონს აქათცა.გარნა იქმნა ქცეულება ბედისა ხუარაზმშას სახლისა და ყოვ[ე]ლგან ვიძლიე. და ვითარ განძლიერდეს და ვცან, არღარა იყო ღონე, დაუტევე სამეფო ჩემი, წარ[მო]ვედ საქართველოსა მშჳდობისა და ზავის ყოფად. მესმა სიმაგრე ქუეყანისა და ქართველთა ნათესავისა სიმჴნე წყობათა შინა. აწ მნებავს, რათა შევერთნეთ მტკიცითა ფიცითა და ვბრძოლოთ მტერთა. მესმიეს, რომელ მეფე თქუენი დედაკაცი არს, და მყოთ ქმარ მისა და მეფე თქუენ ზედა, და ვსძლოთ ყოველთა მტერთა ჩუენთა. უკეთუ არა ჰყოთ, მოოჴრდეს სამეფო თქუენი. თუ მე წარვიდე, თათარნი ეგრეცა მოსულ არიან, თქუენ ვერა წინა-აღუდგებით. წარავლინეთ კაცი მეფესა თქუენსა წინაშე და აუწყეთ თქმული ჩემი, რამეთუ არა მნებავს ოჴრება საქართველოსა, არამედ დავიცვა მტერისაგან, და თქუენ მიერ მე განვძლიერდე“

და ესმა სიტყუანი სულტანისანი ავაგს. არა პასუხ-უგო, არამედ თქუა: „ვაუწყებ თქმულსა მაგას მეფესა და ვაზირთა მისთა“. მსწრაფლ წარავლინა კაცი წინაშე მეფისა და აუწყა თქმული.

ვითარ მოიწია თქმული ესე და იხილეს წიგნი, განკჳრდა მეფე და უცხო უჩნდა საქმე ესე. და მოუმცნეს ავაგს არცა თუ სმენად საქმისა მაგისა, არამედ სრულიად განყენებად. ხოლო ავაგ მიუმცნო სულტანსა. მან არა მოისმინა, აიყარა და წარმოემართა ტფილისს, რათა ბრძოლოს ქალაქსა.

9. ვითარ ცნა მეფემან მოსვლა სულტნისა, აიყარა და წარვიდა ქუთათისს, ხოლო ტფილისს მცველად დაუტევა ლაშქარი, თავად ორნი ძმანი ბოცოს ძენი, მემნა და ბოცო.

მოიწია სულტანი სომხითად, მოაოჴრა ყოველი სომხითი. დაეცნეს მკჳდრნი მისნი პირითა მახჳლისათა. და მოიწივნეს ტფილისად.

ხოლო მცველნი ქალაქისანი აღიჭურნეს, და იქმნა ძლიერი ბრძოლა. და ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა. მერმე მიუვლინეს სპარსთა კაცი სულტანსა მიცემა[დ] ქალაქისა, რათა კართა, რომელსა სპა[რს]ნი სცვიდეს, განუხუნეს და შიგნით ბრძოლა-უყვეს. ვითარ განთენდა, კუალად აღიჭურა სულტანი, მინდობილი სპა[რს]თა შინაგანცემისა. ხოლო ამისნი უმეცარნი მცველნი ქალაქისანი აღიჭურნეს და მივიდეს განძის კართა კერძო, მემნა ბოცოს ძე და ძმა მისი ბოცო, და ეგულებოდა განსლვად და მუზარდისა დარქმად. მემნას სპარსმან ვინმე აფთითა ძლიერ დაუხეთქა უმუზარადოსა თავსა, განუპო, და მყის დაეცა და მოკუდა. და იქმნა შინათ ომი, რამეთუ სპა[რს]ნი ზღუდით მიერ ბრძოდეს. განახუნეს კარნი სპა[რს]თა ტფილელთა. ესრეთ რა შინა-განცემა იყო ქალაქისა, ივლტოდეს მცველნი ქალაქისანი და ედგეს ისანთა. ბოცოს ძემან ბოცო გაამაგრა ისანი და ქმნა ძლიერი ომი. ხოლო არა შემინდობს ტკივილი გულისა მოჴსენებად, თუ ვითარ იქმნეს ხუარაზმელნი შინაგან ქალაქსა. ვინ-მე უძლოს-ა მაშინდელთა თქმულთა და ქმნილთა და განსაცდელთა, რომელი მოიწია ქრისტიანეთა ზედა წარმართთა მიერ? აქა მეგულების დადუმებად, რომელ სალმობიერსა მიუთხრობ გულისა ტკივილითა, რამეთუ ესეოდენ მძჳნვარედ იწყეს მოსრვად, ვითარ ჩჳლიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან, და რომელსამე თუალნი წარსცჳვდიან და რომელსა ტჳნნი, და უკანის დედანი მოიკლვოდიან. ბერნი უწყალოდ ფოლოცთა შინა ცხენთა მიერ დაითრგუნვოდეს, ჭაბუკნი ეკუეთებოდეს, სისხლისა მდინარენი დიოდეს, ტჳნი კაცთა, დედათა, ბერთა, ჩჳლთა, თმა და სისხლი, თავი მჴართაგან განშორებული, ნაწლავნი, ცხენთა თანა დათრგუნვილი, ურთიერთისა აღრეულ იყო. არა ჰყოფდეს წყალობასა, რამეთუ რომელნიმე დანითა იღლიასა დასობილნი, სხუანი - მკერდსა დაცემითა, რომელნიმე - მუცელსა და ზურგსა, განიგმირებოდეს.

ჵი სალმობიერი ღაღადი და დიდი ღაღადი! ცრემლთა, ყვირილთა და ზახილთა და ვაებათა საზარელთა ჴმათაგან იძვროდა ქალაქი ყოველი, რამეთუ უმრავლი უმრავლესი ერი ვითა ცხოვარი შეკრიბეს, და კუალად ხედვიდეს ზოგნი საყუარელთა შვილთა, ზოგნი - ძმათა და მამათა, ცოლნი - ქმართა და ქმარნი ცოლთა უპატიოდ მკუდარ მდებარეთა, ცხენთა მიერ დათრგუნვილთა და ფოლოცთა შინა ძაღლთა მიერ ზიდულთა, და არცა თუ დაფლვასა მიწასა შინა ღირს ჰყოფდეს. ეკლესიანი და ყოველნი პატიოსანი სამსხვერპლონი შეურაცხ იქმნებოდეს, და პატიოსანნი მღდელნი ეკლესიათა შინა თჳთ ხატთა და ჯუართავე თანა შეიმუსრვოდეს. და ესევითარნი ჭირნი მოიწივნეს, რომელ არაოდეს ძუელთა სადმე წიგნთა [მიერ] სმენილ არს, რომელნი თანა-შეესწორებიან ქრისტეს ჯუარისა მცმელთა, იუდანთაზედა ქმნულ[თა], იერუსალიმ[ი]სა სრულიადსა მოსპოლვასა ტიტეს და უესპასიანეს მიერ, ვითარცა ჟამთააღმწერელი და მრავალმომთხრობელი იოსიპოს წარმოიტყჳს ესოდენ ძნელბედობასა იუდელთასა, ვიდრეღა სამასსა ბევრსა აღრაცხავს მამაკაცსა ოდენ, სიყმილისა და მახჳლისა მიერ აღსრულებულსა, რომლისა მსგავს იქმნა ჟამიცა ამათ სარკინოზთა მიერ ქალაქსა ტფილისისასა.

ხოლო ვინათგან არღარა იყო ღონე და ლხინება ქალაქისა მცველისა ბოცოს და სხუათა მცველთა ქალაქისათა, წარმოუვლინა მეფემან რუსუდან კაცნი ბოცოსა და სხუათა მცველთა ქალაქისათა, რათა დაუტევონ ისანი და წარვიდენ. და ვითარ მრავალგზის მოავლინა დასტური მეფემან დატევებად ქალაქისა, ძალითა დაარწმუნა ბოცოს წარსლვა, ვითარცა სწერს ვინმე ბერი მღჳმელი.

და ესრეთ რა ძლიერად ჴელთ-იგდო ქალაქი სულტანმან, კუალად იწყო უბოროტესთა ბოროტთა ქმნად ქრისტიანეთა ზედა. ესოდენ მძჳნვარედ მოსრვიდა, რომელ სავსე იყვნეს ფოლოცნი, ხრამნი და ჴნარცუნი მოკლულთა მიერ, და უმრავლეს მკუდართა მტკუარსა შეუტეობდეს. ამასთან არავე დამშჳდნა ცუდრჯული იგი და ბილწი, მოიგონა სხუაცა სიბოროტე, რომლისა ჴსენება სირცხვილ მიჩნს, გლოვათა და ცრემლთა მიერ შევიცვები, თუ ვითარ განვარისხეთ მოწყალე და შემწყნარებელი ღმერთი არაშეწყალებად ჩუენდა: იწყო რღუევად ეკლესიათა, ვიდრე საფუძველადმდე აღფხურა, რომლისათჳს იკადრა და ჴელ-ყო სიონისა გუმბადსა შემუსრვად და ზედა ბილწისა საჯდომისა მისისა აღშენებად, რომელი-იგი ჴიდითა მაღლითა და გრძლითა განჴიდა აღსლვად. და ესეცა შესძინა, რამეთუ ხატი უფლისა ჩუენისა იესოს ქრისტესი და ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა, რომელი სიონს მკჳდრ იყო, ბრძანა მოყვანებად და ჴიდისა შესავალსა დადებად პირ აღმართა, და ბრძანა ყოველთა მათ პყრობილთა ქრისტიანეთა, მამათა და დედათა, იძულებით დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა, უკეთუ არა ყონ, წარკუეთა თავთა. და ვითარ აღასრულებდეს ბრძანებულსა, მოჰყვანდეს მამაკაცნი დედათა თანა და აიძულებდეს ესრეთ ყოფად. მრავალთა უკუე ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს არა თავსდებად შეურაცხებად წმიდათა ხატთა და დატევებად სჯულისა. ხოლო მრავალი სიმრავლე მამათა და დედათა იპოვა ახოვნად, რომელთა მიიღეს გჳრგჳნი წამებისა, რომლისა აღრაცხვა შეუძლებელ არს სიმრავლისათჳს, რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ათ ბევრ აღიწია რიცხჳ მოკლულთა.

10. ესრეთ რა მოაოჴრეს ტფილისი, იწყეს რბევად, ტყუენვად, ჴოცად და კლვად სომხითისა და კამბეჩიანის და იორისპირთა, ქართლს და თრიალეთს, ჯავახეთს და არტანს, ზოგი სამცხეს და ტაოს, კარნიფორას და ანისის მიმდგომთა.

გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა. რამეთუ ორ წელ პირველ აღაოჴრეს ქუეყანა და ხუთი წელი ქალაქსა დაყვეს და აოჴრებდეს ქუეყანათა ამა ზემოჴსენებულთა. არღარა იყო შენებულება, თჳნიერ ციხეთა და სიმაგრეთა, რამეთუ ქუეყანა საქართველოსა მიეცა განსარყუნელად ამის ძალითა, რამეთუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყუარული, სიწრფოება, სიმშჳდე, სიმართლე, და ამის წილ მოიპოეს ამპარტავანება, ზაკვა, შური, ჴდომა, სიძულილი, ანგარება, მიმძლავრება, კლვანი, პარვანი, სიძვანი, უწესოებანი, ვითარცა იტყჳს წინასწარმეტყუელი: „აჲ მათდა რომელნი კუალსა ბალამისსა შეუდგეს და საქმეს სოდომელთასა იქმან“ რამეთუ ყოველმან ასაკმან, ბერთა და ჭაბუკთამან, მცირითგან ვიდრე დიდადმდე, მიაქციეს სიბოროტედ, რამეთუ სენი იგი სოდომელთა და სალმობა გომორელთა მოიწია. ამის ძალითა მისცნა იგინი ღმერთმან წარწყმედად ბოროტად, რამეთუ განვიწირენით ღმრთისა მიერ, რომელ დავივიწყეთ ღმერთი და ღმერთმანცა სამართლად დაგჳვიწყა. და მოოჴრდა ქუეყანა საქართველოსა ლიხთ აქათ, ვითარცა ჴმობს ესაია წინასწარმეტყუელი: „ვაჲ ნათესავსა ცოდვილსა, ერი რომელი სავსე არს ცოდვითა, ნათესავნი ბოროტნი, ძენი უსჯულოებისანი. დაუტევეთ უფალი და განარისხეთ წმიდა იგი ისრაელისა. რასღა იწყლვით და შესძინებთ უსჯულოებასა ყოველი თავი სალმობად და ყოველი გული მწუხარებად კუალთაგან ფერჴთა ვიდრე თავადმდე? არა არს მშჳდობა მას შინა, მწუხარება, სიცოცხლე, არ არს წყლული, არცა ნაგუემი, არცა ბრძჳლი განსივებული, არა არს სალბუნი დასადებელი, არცა ზეთი, არცა შესახუეველი. ქუეყანა თქუენი ოჴერ არს და ქალაქი თქუენი ცეცხლითა მომწუარა. სოფელსა თქუენსა წინაშე თქუენსა უცხოთესლნი მოსჭამენ, და მოოჴრებულ არს და დაქცეულ არს ერისაგან უცხოთესლთასა. დაშთეს ასული სიონისა, ვითარცა კრავი ვენაჴსა შინა და ვითარცა ხილისსაცავი, და ვითარცა ქალაქი მოცული. უკეთუმცა არა უფალმან საბაოთ დამიტევნა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომელნიცა შევიქმენითცა და გომორელთა მივემსგავსენით“

ამათ ულხინოთა ჭირთა შინა იყო რა ქუეყანა საქართველოსა და სხუანიცა უდიდესი ძნელბედობა აღმოუჩნდებოდეს. რამეთუ ზემოდატევებული ამბავი აღმართა მაბიჯებელთა კუალად ვიწყოთ. ამათ ჭირთაგან შეიწრებული მეფე რუსუდან იყო რა ქუთათისს და ყოველსა აფხაზეთსა, და იქმნა ძე მისი, დავით, ვითარცა წლისა ხუთისა, ინება მეფედ ოფად ძისა მისისა. ვითარ არს წესი სოფლისა მოყუარეთა, შეიყუარა წარმავალი საწუთრო, დაივიწყა შიში ღმრთისა და სიყუარული ძმისა, და მოიგონა საქმე ყოველთა მიერ განსაკრთომელი, რამეთუ ზემოჴსენებული ძმისწული თჳსი, დავით, რომელი ძმისა მისისგან, გიორგისაგან, ანდერძობით შევედრებულ იყო და აღეზარდა, წარუვლინა ფარულად ასულსა მისსა და სიძესა სულტან ყიასდინს თანა საბერძნეთსა, რათა წარწყმიდონ, და იყოს უშფოთველად ძისა მისისა დავითისთჳს არა განყოფად მეფობისა.

ვითარ მიიწია დავით წინაშე სულტნისა და ცოლისა მისისა, რუსუდანისა ასულსა თამარს, რომელსა სულტანი სახელად უწოდდა გურჯი-ხათუნად, იხილეს იგი და შეიყუარეს, თჳსთა თანა იპყრეს პატივითა, და გურჯი-ხათუნ დედოფალიცა კეთილსა უყოფდა ყრმასა, ბიძის ძესა დავითს. და არა ისმინეს ბრძანება მკლველებრივი მეფისა რუსუდანისა და ფრიად პატივ-სცემდეს დავითს.

ხოლო ვითარცა წარგზავნა ძმისწული საბერძნეთს, მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა, აფხაზთა, დადიან-ბედიანთა, რაჭის ერისთავსა, კათალიკოზსა აფხაზეთისასა, და დასუეს მეფედ დავით, ძე რუსუდანისა, აკურთხეს ქუთათისს და დაადგეს თავსა მისსა გჳრგჳნი. დასუეს ტახტსა ზედა სამეფოსა და მიულოცეს მეფობა წესისაებრ. სრულ-ყო კათალიკოზმან წესი კურთხევისა.

ხოლო ამიერ ესე სამეფო უცალო იყო ხუარაზმელთაგან, რამეთუ მანდატურთუხუცესი შანშე იყო ანისსა და ამირსპასალარი ავაგ ბიჯნისსა, ეგრეთვე ვარამ გაგელი, ჰერნი და კახნი, სომხითარნი, ქართველნი, თორელნი, შავშნი, კლარჯელნი, ტაოელნი, ყოველნი სიმაგრეთა შინა ცხოვნდებოდეს, თჳთეულნი მორჩილებასა შინა მეფისა რუსუდანისასა, და უცილოებისა ძალითა ვერ დახუდეს დალოცვასა მეფისა დავითისასა.

11. გარნა ვაჴსენოთ თათართასა პირველჴსენებულისა ჩინგიზ ყაენისა. ვითარცა მოიწივნეს ქუეყანასა ჩუენსა, ვითარ მეოტი სულტანი ჯალალდინ ივლტოდა და დაუტევა სამეფო მისი, ადვილად ჴელთ-იგდეს თურანი, სათურქეთი და ყოველი ხუარასანი. და განყო ოთხად ლაშქარი თჳსი და განაჩინნა შვილნი ოთხნი ყაენად.

პირმშო შვილს მისცა ნახევარი ლაშქრისა და წარავლინა დიდსა საყივჩაყეთსა, ვიდრე ბნელეთამდე, ოვსეთსა, ხაზარეთსა, რუსეთსა ვიდრე ბორღართა და სერბეთამდე, კავკასთა ჩრდილოთა ყოველთა მკჳდროვანთა, ვითარცა მითქუამს.

ხოლო მეორესა შვილსა ჩაღათას მისცა ლაშქარი და უიღურთა ქუეყანა სამარყანამდე, და ბუხარა ვიდრე ალმალიყის ქუეყნამდე. ვგონებ, ესე არს თურანი.

მესამესა შვილსა ოქოთასა მისცა თჳთ მისი ტახტი საჯდომად და ყარაყურუმი, ჩინ-მაჩინი, ემელისა და ყუბაყისა ქუეყანა, ხატაეთი.

და მეოთხესა შვილსა თული ერქუა. ამას მისცა ლაშქარი და ოქოთას ზედმოკიდებით ქუეყანა აღმოსავლეთით.

ესე ოთხნი განაჩინნა ყაენად და ამცნო, წელიწადსა შინა ერთხელ ოქოთასას მივიდოდენ ძმანი მისნი უხუცესნი ყურულთისა საქნელად ამად, რომელ ტახტი მისი ოქოთას მისცეს.

ესრეთ რა დააწყუნა შვილნი, მივიდა თურანს და წარმოავლინა შვილი მისი უმრწამესი თული ხუარასნისა მოთუალვად. გამოვლო ჯეონი და მივიდა ნიშაბურს, სადა ნიშაბურელთა სამგზის წყობა ყვეს ბრძოლისათჳს. პირველსა ომსა ჴელად იგდო ქალაქი, სადა-იგი სამასი ათასი კაცი თავდაკუეთით მოკლა, ხოლო მეორესა ჯერსა - ასი ათასი, და მესამესა ომსა - ოცდათორმეტი ათასი. უკეთუ არა ჯერ-ხართ, სამართლადცა არს, დიდისა საჰიბ-დივანისა ხოჯა შამსადინისა ძმა თანადამხუდარი იტყოდა ამას ნიშაბურისა მოოჴრებასა.

წარმოვიდა ესე თული, გამოვლო ხუარასანი, მაზანდარანი, მოეახლა ერაყის ქუეყანასა. ცნა ესე სულტანმან ჯალალდინ, აიყარა ტფილისით დედა-წულითა და ბარგითა, წარმოემართა ბრძოლად თათართა. მივიდა ადარბადაგანს, წარმართა მოციქული ხლათის სულტანსა და ხალიფას, ბაღდადის მპყრობელსა, რათა შეეწივნენ მასცა და თავთაცა მათთაცა. ეგრეთვე ერაყის სულტანსა მიუმცნო: „უკეთუ თჳთ თავითა არა გნებავს ბრძოლა თათართა, ლაშქარნი წარმოავლინენით და ვბრძოდე, რამეთუ ვიცი წყობა მათი. თუ არა ისმენთ ჩემსა, ვიდრე მე წინა არა აღუდგები, თქუენ ვერ შემძლებელ ხართ“

ვითარ მივიდა მოციქული სულტნისა და არა ინებეს ბრძოლა თათართა, ცნა ესე სულტანმან და გულისჴმა-ყო, რომელ სპანი მისნი და ადარბადაგანისანი ვერ წინააღუდგებიან. დაუტევა ადარბადაგანი და წარმოემართა მეორედ ტფილისს. და ესმა ესე მეფესა რუსუდანს, მოუწოდა ყოველსა სპათა თჳსთა, იმერთა და ამერთა, შანშეს მანდატურთუხუცესსა, ავაგს ამირსპასალარსა, ვარამს მსახურთუხუცესსა, ჰერ-კახთა, სომხითართა, ჯავახთა, მესხთა, აოელთა, დადიანსა ცოტნეს, კაცსა წარჩინებულსა და სათნოებიანსა, აფხაზთა, ჯიქთა და ყოველსა იმერსა სამეფოსა, რომელთა თჳთეულად არა არს ჟამი თქუმად. განუხუნა კარნი დარიალისანი და გარდამოიყვანნა ოვსნი, დურძუკნი, ამათ თანა ყოველნი მთიულნი. შეკრბეს ნაჭარმაგევსა სიმრავლე ურიცხჳ და წარავლინა მეფემან ბრძოლად ხუარაზმელთა.

ხოლო თჳთ დროშა სეფე არა წარგზავნა საქმისათჳს ივანე ათაბაგისა. წარემართნეს და განვლეს ტფილისი. ხოლო სულტანი დაბანაკებულ იყო სომხითს, ჴევსა ბოლნისისასა. და ვითარ იხილეს დარაჯათა სულტნისათა, აცნობეს სულტანსა. ხოლო იგი აღიჭურა, რამეთუ იყო უშიში ბრძოლათა შინა, წინა-განეწყო და იქმნა ომი სასტიკი. და პირველსავე შეკრებასა სძლევდეს ქართველნი. ხოლო ვითარ შენივთდა ბრძოლა, მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ კაცი. მოხედნა ღმერთმან რისხვით ნათესავსა ქართველთასა, რამეთუ არა დასცხრა გულისწყრომითა უფალი, არამედ ჴელი მისი მაღლადვე არს და მოიჴსენა უსჯულოებანი ჩუენნი, და იძლივნეს სპანი მეფისანი და ხუარაზმელთა მიერ ივლტოდეს. ხოლო სულტანი კუალად მივიდა ტფილისად, თუღა სადა ვინმე პოვნა, დარბევად ქუეყანათა მათ ზემოჴსენებულთა.

ხოლო თათართა უმთავრესი თული მივიდა ერაყს, ვიდრე ყაზვინადმდე მოაოჴრა ქუეყანა, მოსწყჳდნა ურჩნი. წარვიდა და განვლო ხუარასანი, ჯეონი, და მივიდა მამასა მისსა ჩინგიზ ყაენს წინაშე და ძმათა თანა. ვითარ ცნა სრულიად ლტოლვა სულტან ჯალალდინისა, მოუწოდეს ოთხთა ერისმთავართა, რომელთა ნოინობით უჴმობენ, სახელით ჩორმაღანსა უპირველესსა და მეორესა ჩაღატას, არა ყაენ ჩაღატას, არამედ ნოინსა ჩაღატას, იოსურსა, ბიჩოსა. და ამათ ათი ათას-ათასი კაცი მოსცეს დედა-წულითა მათითა და წარმოავლინეს ძებნად სულტნისა. და ესევე ოთხნი ნოინნი ამა ოთხთა ყაენის შვილთა ყაენთანი იყვნეს. თჳთეულსა აცნობეს, რათა სადაცა მივიდოდიან და ზენაარსა ითხოვდენ, შეიწყალებდენ და ურჩთა მოსრვიდენ და ხარაჯას მის ქუეყანისასა ოთხად იყოფდენ და თავის ჴელმწიფეთა გაუგზავნიდენ.

წარმოვიდეს ოთხნი ნოინნი, ჩორმაღანი, ჩაღატა, იოსური და ბიჩო. გამოვლეს ჯეონი, ხუარასანი ვითარ ორმოცი ათასითა კაცითა და დედა-წულითა. მივიდეს ქუეყანასა ალმუთისასა და წინა-განეწყვნეს და დიდად ავნეს. და წარვიდეს მიერ ქუეყანად ერაყისა და მოაოჴრეს. რომელი მივიდის, შეიწყალიან. და მერმე მოვიდეს ადარბადაგანს, რომელ არს თავრეჟი. წინამიეგებნეს ყოველნი ადარბადაგანელნი ძღუნითა ურიცხჳთა. მიერ მივიდეს ქალაქად არდავლისა, იგიცა მოეგებნეს. გავლეს რაჴსი და მივიდეს განძად, რომელი-იგი მტკიცედ მიერ განმაგრებულ იყო. და სამთა დღეთა რა შინა ბრძოლა-უყვეს თათართა, მყის ჴელთ-იგდეს, და შიგან ქალაქსა შევიდეს, მოაოჴრეს და ურიცხჳ სული მოსწყჳტეს, რამეთუ საძაგელ-უჩნდა სჯული მოჰამედისა მიერ ქადაგებული.

ამისი მცნობელი სულტანი მსწრაფლ აიყარა დედაწულითა და ივლტოდა საბერძნეთად. ხოლო თათართა დევნა-უყვეს და მიეწივნეს ბასიანს. იხილეს რა, განიბნივეს ესოდენ, სულტანი მარტო დაშთა. სადა-იგი მიიწია სოფელსა რომელსამე შეურაცხსა, იხილა იგი კაცმან ვინმე შეურაცხმან და მოაკუდინა, რომლისა სარტყელი და უნაგირი, კაპარჭი უფასოთა თუალთა მიერ შემკული იყო, და მის ძალითა მოიკლა კაცი იგი მაღალი და სახელოვანი ჴელმწიფე. ვინა დაუდგრომელ არს მინდობა სოფლის ამის ამაოსა, ვითარ იტყჳს ბრძენი ეკლესიასტე: „მაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო არს“ ამისთჳს ამაო იქმნეს სპანი, სიმტკიცე ქედისა, წყობათა შინა მძლეობა და გარდარეული სიმდიდრე. და ყოველივე ამაო არს, გარნა საუკუნო იგი უკუდავი ცხოვრება დაულევნელი.

ესე რა ხუარაზმელნი განიბნივნეს და უმრავლესნი ივლტოდეს გარმიანსა და სულტანი ჯალალდინ მოიკლა. და აქა შინა დასრულდა ჴელმწიფობა მაღალი. ცნა მოკუდინება სულტნისა, ხუარაზმშას ძისა, ყიასდინ სულტანმან, მოიყვანა კაცი იგი, რომელმან მოიღო სარტყელი, უნაგირი და კაპარჭი სულტნისა, ძნიად საპოვნელითა თუალითა შემკული. განკჳრდეს ყოველნი მხილველნი, ხოლო კაცი იგი, მომკლველი სულტნისა, ცეცხლითა დაწუეს.

12. ხოლო მო-რა-იქცეს თათარნი ხუარაზმელთა დევნისაგან, მიერ წარვიდეს და მოაოჴრეს ქუეყანა ხლათისა და ვალაშკერტისა. და ვერ წინა-აღუდგა სულტანი ხლათისა, არამედ გამაგრდა ქალაქსა შინა. ხოლო თათარნი წარვიდეს ადარბადაგანს, რამეთუ ზავნი იქმნეს თავრეჟელთა შორის და თათართა, და აღიღეს თავრეჟი და მიმდგომი მისი ქუეყანა. და მეორესა წელსა წარვიდეს ბარდავს, განძას და მუღანს და იწყეს რბევად და ოჴრებად საქართველოსა. იწყეს დარუბანდით აღმომართ, ქუეყანასა შარვანშისასა და კაბალას, ჰერეთს, კახეთს, სომხითს და ქუეყანასა არშაკუნიანთასა - დვინს და ანისსა. ხოლო ვინათგან მეზობლობით მოეახლებოდეს ქუეყანასა საქართველოსასა, უდიდესნი და უბოროტესნი ზემოჴსენებულთა მათ განსაცდელთა მსგავსთაგან უმეტესიცა მძჳნვარენი განსაცდელნი აღიძრვოდეს საქართველოსა საზღვართა უკეთურებისათჳს მკჳდრთა ქართლისათა, რამეთუ ყოველი ასაკი ბერთა და ყრმათა, მეფეთა და მთავართა, დიდთა და მცირეთა, მიდრკა სიბოროტეთა. რამეთუ დაუტევეს სიმართლე და ჭეშმარიტება, ვინათგან თჳთ მღდელთა მიერ იხილვებოდა არაწმიდება, ვინათგან ყოველი ერი იქმოდეს სიბილწესა, ვითარ ოდესმე ძენი ბენიამენისნი. ვითარ იგინი მიეცნეს მოსასრველად, ეგრეთვე ესენი აქა შინა, მისცნა ღმერთმან ნათესავნი ქართველთანი მოსასრველად მსგავსად ძეთა ბენიამენისთა, ვითარცა იტყჳს წინასწარმეტყუელი ესაია: „უფალი, უფალი საბაოთ უბრძანებს ნათესავსა ჭურვილსა მოსლვად ქუეყანით შორით კიდით, საფუძველითგან ცისათა, უფალი, და ჭურვილნი და მბრძოლნი მისნი განრყუნად ყოვლისა სოფლისა და ცოდვათა მოსპოლვად მისგან. ღაღადებდით, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისა, და შემუსრვა ღმრთისა მიერ მოიწიოს“ და შემდგომად კუალად ჴმობს: „ღე უფლისა მოვალს უკურნებელი, რისხვითა და გულისწყრომითა დადებად ყოველი სოფელი ოჴრად და ცოდვილთა წარწყმედად მისგან“ ვითარ იქმნაცა ყოველი სოფელი ქართლისა ოჴრად.

ხოლო ვითარ ცნა მეფემან რუსუდან მოახლება თათართა, დაუტევა ტფილისი და წარვიდა ქუთათისს, და ტფილისს მუხას ძე დაუტევა და ამცნო, რომელ უკუეთუ მოვიდენ თათარნი, რომელ მოწუას ტფილისი, თჳნიერ პალატისა და ისანთა, რომელ არღარა იპყრან სახლად ვითარ ხუარაზმელთა.

რა ჟამს ცნა მუხას ძემან მოახლება თათართა, მოწუა სრულიად ქალაქი და თჳთ პალატი და ისანნი, და ესრეთ მოოჴრდა ქალაქი ტფილისისა. ხოლო ნოინნი ესე ზემოჴსენებულნი შემოვიდეს ქართლს, თრიალეთს, სომხითს, ჯავახეთს, სამცხეს, შავშეთს, კლარჯეთს, ტაოს, კოლას, არტანს, ანისს და მოეფინეს მსგავსად მკალთა ოჴრებად და ჴოცად, და არსად იყო ლხინება, უწყალოდ მოისრვოდა ყოველი ესე ქუეყანა. მანდატურთუხუცესი შანშე შეივლტოდა ქუეყანად აჭარისასა, და ამირსპასალარი ავაგ შევიდა ციხესა კაენისასა, და ვარამ გაგელი შეივლტოდა ქუთათისს, და ეგრეთვე [ჰ]ერნი, კახნი, სომხითარ-ქართველნი, მესხნი, ტაოელნი, თორელ-არტან-კოლაელნი, - ყოველნი ივლტოდეს ციხეთა და მთათა, ტყეთა და სიმაგრეთა კავკასიანთასა და მთიულეთსა.

და გაგრძელდა ოჴრება და მოსპოლვა ქუეყანისა სიმრავლისათჳს უსჯულოებათა ჩუენთასა, რამეთუ განრყუნა ყოველმან ჰასაკმან ქუეყანა, დაღათუ საქართველო, არამედ სპარსეთი, ბაბილოვანი და საბერძნეთი, რამეთუ მიეცემოდეს მწარესა ტყუეობასა უწყალოთა სიკუდილითა, რომელ არა იყო წყალობა, სავსე იყვნეს მოკლულთა მიერ ქალაქნი და სოფელნი, ველნი, ტყენი, მთანი და ჴევნი. თჳნიერ სიმაგრეთა თუღა სადმე ვინ დაშთომილ იყო, სავსე იყო ტყებითა და გოდებითა, მიერ შეიცვებოდეს ყოველნი მკჳდრნი საქართველოსანი ამერისნი. ხედვიდეს მამა-დედანი შვილთა მოკლულთა, და შვილნი - მამათა და დედათა მკუდართა მდებარეთა, სხუანი - ძმათა, სხუანი - ნათესავთა და დათა თჳსთა, იავარად წარსხმულთა ცოლთა და შვილთა, ყოველთა სიმდიდრესა მათსა. და ესეოდენნი ზარნი იქმნეს თათართანი, რომელ უმრავლესნი ქართველნი ციხეთა და მაგართა ადგილთა დაუტეობდეს და ივლტოდეს კავკასად.

ამათ ულხინებელთა რა ბოროტთა მოეცვა ქუეყანა, ძლიერნი ერისთავთა ერისთავნი და ვაზირნი განდგეს ურთიერთას, თავთა მათთა შემწყობელნი, რამეთუ მეფე რუსუდან ყოვლადვე დამკჳდრდა ლიხთ იქით და ვერცა ლიხთ აქეთ გარდამოვიდეს და ვერცა ამიერნი მათ წინაშე მივიდიან უცალოებისა ძალითა, გარნა ლტოლვილნი. და ესრეთ ურთიერთას შეუზრახებელ იყვნეს და შეუთქმელ, რამეთუ ძლიერნი იგი საქართველოსანი და სახელგანსმენილნი უღონო იქმნეს ყოვლად ვერ შემმართებელნი ჴსენებადცა წყობისა მიყოფად თათართა. რამეთუ ჰერეთი და კახეთი ტყეთა მიერ ძლიერად იცვებოდეს. მაშინ მკჳდრნი საქართველოსანი, სახელოვანი და წყობათა შინა მჴნენი ერისთავნი სრულიადსა მოოჴრებასა მიეცნეს, ეგრეთვე აღმომართ ყოველნი მკჳდროანნი.

ამათ რა ბოროტსა ხედვიდა ამირსპასალარი ავაგ, ძე ივანე ათაბაგისა, წარმოავლინა მოციქულნი ბარდავს, სადა დაებანაკა ზემოჴსენებულთა მათ მთავართა, რომელთა ზამთრის აქუნდა საყოფელად ბარდავი. და ზაფხულის - გელაქუნისა მთანი და არარატისნი, რამეთუ მაშინ აეღო ანისი ჩორმაღონს. ამათ წარმოუვლინა ავაგ მოციქული ზავისა თხოვად, და თქუა მათ წინაშე მისლვა, ხილვა და მსახურება და ხარაჯის მიცემა, დადება ქუეყანისა მისისა, ითხოვა ფიცი და სიმტკიცე. ხოლო მათ გაიხარეს და სიხარულით შეიწყნარეს მოციქული ავაგისი და ფიცთა მიერ მტკიცეთა გულსავსე ყვეს.

მათ აქუნდა სჯულად ერთისა ღმრთისა თაყუანისცემა, და დილეულ აღმოსლვასა მზისასა მზისა აღმოსავლით სამისა ჩოქისა ყოფად და მეტი არა რა. ხოლო ფიცთა სიმტკიცედ ოქრო წმიდა სამჯერ წყალსა ჩაყონ და განავლონ იგი და შეასუან, და მინდობილნი შეიწყნარონ. და ამას ფიცსა რა დაამტკიცებენ, არა ეცრუვნენ. სიტყუა ტყუვილი არა ამოვიდეს პირითა მათითა, მეკობრე და მბორგველი კაცი გაუკითხავად მოიკლას. და სხუანი მრავალნი კეთილნი წესნი განეჩინნეს ზემოჴსენებულსა მას მთავარსა ჩინგიზ ყაენს. ამით ოქროთა საფიცრითა დაუმტკიცეს მოციქულთა ავაგისთა ფიცი, რომლითა დაჯერებულ იქმნა ამისთჳს, რომელ არა იყო ტყუვილი, არცა სიცრუვე ფიცთა მათ შორის.

წარვიდა ამირსპასალარი ავაგ, დამდები სულისა მისისა ქუეყანისა მისისათჳს, და მივიდა ჩორმაღანს, ჩაღატას, ბიჩოსა და იოსურს წინა, რომელთა იხილეს და პატივ-სცეს, და შეიყუარეს და მცველნი ქალაქისანი დაუდგინნეს, რომელთა შანად უწოდდეს სიტყჳთა მათითა.

13. ვითარ დამშჳდნა ქუეყანა ავაგისი და ცნა შანშე მანდატურთუხუცესმან ზავი ავაგისი და თათართა, უვნებელად დაცვა ინება ქუეყანისა, დაცვა ზავითა მყოფელი, და ავაგსაცა მიუმცნო, უკუეთუ მანცა მიუმცნოს, მივიდეს ხილვად თათართა. ამისნი მცნობელნი თათარნი სიხარულითა შეიწყნარებდეს, რომლისათჳს მიუმცნეს მითვე ოქროთა საფიცრითა მტკიცე ფიცი უვნებლობისა. და წარვიდა შანშეცა და იხილნა იგინი, რომელთა შანშესაცა ფრიადი პატივი უყვეს, და ანისი და მათ მიერ წაღებული მისი ქუეყანა ყოველი მისცეს, და მცველნი დაუდგინნეს ქუეყანასა შინა. და ვინცა მოვიდის ქართველთა მთავართაგანი, პატი-ვითა შეიწყნარიან, ხოლო ურჩთა ქუეყანა მოისრვოდა.

ამისი მცნობელი ვარამ გაგელი, ზაქარიას ძეცა, მიენდო და ზავითა შეწყნარებული ქუეყანა მისიცა დამშჳდნა. ხოლო ჰერეთი და კახეთი, სომხითი, ქართლი და აღმართ კარნუქალაქამდის ყოველი ქუეყანა მწარესა ოჴრებასა შინა იყო, არბევდეს, ტყუე-ჰყოფდეს, სრვიდეს მამაკაცთა, ვიდრე დედათა და ყრმათა ტყუედ წარიყვანებდეს.

და ქალაქი ტფილისი მათვე დაიჭირეს და იწყეს შენებად. და ზამთრის დაიბანაკეს ბარდავს და მტკურისა პირსა, იორის პირთა და აღმომართ გაგამდე. და მოტყუენვიდიან, არბევდიან ქართლს და სამცხეს და ჯავახეთს და აღმართ საბერძნეთამდი, კახეთს და ჰერეთსა დარუბანდამდე.

ამათ ულხინებელთა ჭირთაგან შეიწრებულნი მთავარნი საქართველოსანი ყოველნი მიენდვნეს თათართა ჰერ-კახნი და ქართველნი, თორელი გამრეკელი, თმოგუელი სარგის, კაცი სწავლული და ფილოსოფოსი და მრავალღონე. ხოლო მესხნი სათნოებისათჳს მეფისა რუსუდანისა არა მიენდვნეს. ამისთჳს განძჳნებულმან ჩაღატა ნოინ აღიმჴედრა სამცხეზედან, არამედ მესხნი შეივლტოდეს ციხეთა შინა. ესრეთ მოისრა და ტყუე იქმნა სული მრავალი სამცხესა და ბევრი ერი მოიკლა.

ოდეს არღარა იყო ღონე, მოაჴსენა მეფესა რუსუდანს ივანე ციხისჯუარელმან ჯაყელმან, რომელსა ყურყუარეცა ეწოდებოდა, უკეთუ სთნდეს, რათა იჴსნას ქუეყანა სამცხისა ოჴრებისაგან, იგიცა მიენდოს ჩაღატას, რამეთუ პატივითა იყო მეჭურჭლეთუხუცესი და მთავარი ქუეყანასა სამცხისასა. ინება მეფემან და წარმოგზავნა დასტური. მაშინ წარვიდა ივანე და იხილა ჩაღატა, რომელმან პატივითა შეიწყნარა და დაუდგინნა მცველნი ქუეყანისანი.

გულისჴმა-ყო რა მეფემან რუსუდან, რომელ წარუღეს ქუეყანა ამიერი თათართა, განიზრახა, რათა წარმოავლინოს ძე თჳსი, დავით, და მოანდოს თათართა, და აიღოს სიმტკიცე უვნებლობისა. და წარავლინეს მოციქულად თათართა შანშე, და ავაგ და ვარამ და ჰერეთის ერისთავი შოთაჲ, რომელსა მანისი ფერობისათჳს კუპრობით უჴმობდეს.

ვიდრე წარმოავლენდა მეფე ძესა თჳსსა, ენება აღმჴედრებად დიდსა სულტანსა ყიასდინსა, ნათესავითა სალჩუქიანსა, რათა დაიმორჩილონ, რომელსა აქუნდა საბერძნეთი. და წარავლინეს ბიჩო ნოინი, და თანა-წარიყვანნა დიდნიცა იგი მთავარნი საქართველოსანი. ვითარ მიიწივნეს ქუეყანასა სევასტიას და ეზინკისასა, იწყეს ოჴრებად. მაშინ სულტანმან ყიასდინ მოუწოდა ყოველთა სპათა და შემოიკრიბა მჴედრები თჳსი, კაცი ორმოცი ბევრი, რომელ არს ოთხასი ათასი. და განაჩინა მჴედართა თავად შარვაშის ძე აფხაზი, სახელით დარდინ, რომელი სიმჴნისა მისისათჳს პირველვე დიდსა დიდებასა აღეყვანა, და მტკიცედ ეპყრა სჯული. ამას თანა ფახრადავლა, თორელისა ახალციხელისა შალვას ძე, რომელი ლტოლვილი წარსრული იყო სულტანსა წინაშე, კაცი მჴნე და წყობათა შინა სახელოვანი. ესენი მჴედართა მთავარ ყვნა და წინამბრძოლად განაჩინნა. და მოეახლა, მახლობელად მათსა დაიბანაკა.

ვითარ ესმა თათართა მოსლვა სულტნისა წყობად მათდა, ესეზომ განლაღებულ იყვნეს და განრისხნეს, რომელ ამისი მსმენელი ბიჩო ნოინი მივიდა თხრობად ქართველთა მუნ მყოფთა მოსლვასა სულტნისასა, და იხილა ძისწული ყუარუუარე ჯაყელისა, სახელით სარგის, კაცი მჴნე და შემმართებელი, ჴელოვანი ბრძოლათა შინა, და ჴმა-უყო ბიჩო და რქუა: „მახარობელად ვიდრე მე მოვალ, ვიდრე რა იყოს ნიჭი ჩემი, რამეთუ დიდსა სულტანსა ასმიეს მოსლვა ჩუენი და ხლებულ არს, და ესერა, ახლოს დაუბანაკებიეს დიდითა და უამრავითა ლაშქრითა. და ხვალე ეგულების წყობად და ბრძოლისა ყოფად ჩუენდა“.

ესმა რა ესე სარგისს, განკჳრვებულმან რქუა: „უწყი წყობათა შინა სიმჴნე და გამარჯუება თქუენი, ჵ ნოინო, გარნა სიმრავლისათჳს მათისა არას ვგონებ სახარულევანსა“. ხოლო ბიჩო განიღიმა და რქუა: „არა კეთილად მეცნიერ ხარ ნათესავსა ჩუენ მოღოლთასა, რათგან მოგუცა ღმერთმან ძლევა, არად შეგჳრაცხია სიმრავლე სპათა, რამეთუ უმრავლესთა უმჯობესად ვიდრემე ვსძლევთ და უმრავლესითა აღვივსებით ალაფითა. აწ განემზადენით ხვალისა ბრძოლად და ვიხილოთ, ვითარ ვებრძვით მტერთა“. ეგზომ განლაღებ ულ იყვნეს ყოველთა ნათესავთა ზედა

ვითარ განთენდა და მივიდა სულტანი სპითა საზარელითა, რამეთუ იყო ოთხასი ათასი მჴედარი, და განაწყვეს რაზმი. აქეთ თათართა განაწყვეს რაზმი და ურჩეულესი მათი მარცხენასა მხარსა დააწესნეს. ესრეთ აქუნდა წესად, უმჯობესთა ვიდრემე მარცხენასა კერძოსა დააწესებდიან ამის ძალითა, რომელ სხუანი ნათესავნი ყოველნი უმჯობესთა და უმჴნეთა მარჯუენით აქუნდა დაწესებითა, რათა ურჩეულესნი ურჩეულესთა შეემთხჳვნენ. ხოლო დროშათა მათთა სიმეწამულე მოასწავებდა სისხლისა დამოღურილობასა მტერთასა.

ამათ რა ესრეთ ყოველი ნათესავი ქართველთა წინამბრძოლ ყვეს და ვითარცა მიიახლნეს ურთიერთას, იწყეს თათართა ჴმითა მაღლითა თქუმად: „აჰლა, აჰლა, აჰლა“, რომელ ძნელად სათარგმანებ არს და უცნაურ, და სამსა ვიდრემე ჯერსა აქუნდა წესად თქუმა ამისი: „აჰლა, აჰლა, აჰლა“. და მყის მიეტევნეს. ხოლო ქართველნი უპირატეს და უმჴნეს ძლიერად ეწყუნეს და იქმნა ომი სასტიკი. მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ სპათაგან სულტნისა, სადა სახელოვანიცა შარვაშის ძე დარდინ აფხაზი, მჴედართმთავარი მათი, მოიკლა. და ივლტოდეს სპანი სულტანისანი, და დევნა უყვეს რა თათართა და ქართველთა, ურიცხჳ მბრძოლი მოსრეს და შეიპყრეს. ხოლო ახალციხელი სულტნისა მიერ მოიკლა შურითა ქართველთა. ესოდენ ეწყუნეს პირველ, განკჳრდეს ყოველნი მჴედართმთავარნი მათნი ძლიერად მბრძოლობასა ქართველთასა, სიყუარულსა და პატივსა და ნიჭსა წინა-უყოფდეს და ქებასა შეასხმიდეს.

14. ხოლო აღივსნეს ქართველნი და თათარნი ყოვლითა სიმდიდრითა, ოქროთა და ვეცხლითა, სასმურთა და სამზარეულოსა ოქროსა და ვეცხლისათა უტეხელისათა, უცხოთა ლარითა და სამოსლითა. ცხენისა და ჯორისა და აქლემისა არა იყო რიცხჳ, რაზომი აღიღეს. ესრეთ სავსენი მივიდეს საბერძნეთსა დევნად სულტნისა და მიჰყვეს ვიდრე იკონიადმდე, რომელ არს ქალაქი დიდად-დიდი და ზღუდეთა მტკიცეთა მიერ განმაგრებული, სად-იგი შელტოლვილ იყო სულტანი. და კუალად კართა ქალაქისათა იქმნა ომი ძლიერი, რომელ თჳთეულად არა არს მოთხრობად, რამეთუ უმრავლესთა დღეთა გამოვიდიან ჩალიშად და ესრეთ იბრძოდიან, სადა-იგიცა ძლიერი და სახელოვანი ჩალიშობა გარდაიჴადეს მრავალთა დღეთა ქართველთა.

ხოლო სულტანმან, შეიწრებულმან ომითა, ითხოვა ზავი, აღუთქუა ხარაჯა დიდი და მძიმე, და მრავალთა ძღუენთა და უფასოთა თუალთა და მარგალიტთა ძღუნად მიმცემელმან მოამშჳდნა, და ითხოვა მცველნი და ესრეთ: ჟამ რაოდენმე არა იხილონ სულტანი, ვიდრემე განიზრახონ უმჯობესი. ამისი შემწყნარებელნი თათარნი უკ-მოიქცეს და მივიდეს ხლათს, ხოლო სულტანმან ხლათისამან ითხოვა ზავი და წინა მოეგება ძღუენთა ურიცხუთა მომღებელი, რომელი კეთილად შეიწყნარეს, მცველნი ქუეყანისანი, რომელ არიან შანანი, დაუდგინნეს.

და წარვიდეს საზაფხულოსა ადგილსა გელაქუნს და არარატის მთათა, და წარუვლინეს მოციქული მეფესა რუსუდანს, რათა ზავი იქმნას მათ შორის, და მოსცეს ძე მისი, დავით, და მისცენ მეფობა, და ტფილისი და ყოველი საქართველო. და ვითარ ესმა რუსუდანს, სთნდა სიტყუა ესე და გულსავსე იყო ამისთჳს, რომე ფიცსა მტკიცედ იპყრობდეს და მინდობილსა შეიწყნარებდეს. გარდამოვიდა თჳთ მეფე და წარმოგზავნა ძე თჳსი, დავით, რომელთა წინამიეგებნეს შანშე, ავაგ და ეგარსლან, რომელი თათართა დიდად პატივითა შეეწყნარა, არარათა ნიჭთა და ზნეთა სამამაკაცოთა მქონებელი, შოთა კუპარი, გაგელი ვარამ, ქართლის ერისთავი სურამელი გრიგოლ, სამცხის სპასალარი და მეჭურჭლეთუხუცესი ყუარყუარე ციხისჯუარელი, თორელნი, თმოგუელნი, შავშ-კლარჯნი და ტაოელნი, და წარიყვანეს მეფე, ძე რუსუდანისი, დავით. ხოლო მეფემან რუსუდან თანა წარიტანნა ყოველნი მთავარნი ლიხთ-იმერელნი, დადიანი ცოტნე, კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და ბრძოლათა შინა სახელოვანი, ბედიანი, რაჭისა ერისთავი, გურიელი და ყოველნი წარჩინებულნი. წარემართნეს და შევიდეს ტფილისს და წარვიდეს ბარდავს, სადა დაებანაკა ნოინთა. მიიყვანეს დავით დიდითა პატივითა და ლაშქრითა. ვითარ იხილეს ჩორმაღონ, ჩაღატა, იოსურ და ბიჩო, განიხარეს და პატივი უყვეს მეფესა და მთავართა საქართველოსათა, მოსცეს ყოველი საქართველო, ტფილისი, სამშჳლდე, რომელი პირველი ომითა აეღო იოსურ ნოინს და ანგურგას თანადახდომითა ავაგისთა. და ესრეთ კეთილად შეიწყნარეს დავით მეფე, რომელსა ნარინ დავითობით უწოდეს, ესე იგი არს, სეფისპირი დავით.

მაშინ წარავლინეს მოციქული წინაშე დიდისა ყაენისა, რომელი იჯდა ყარაყურუმს, ტახტსა ჩინგიზ ყაენისა, რამეთუ ჩინგიზ ყაენი გარდაცვალებულ იყო და ჴელთ იგდო ძემან მისმან, სახელით ოქოთა, ყაენობა, რომელი იყო კაცი კეთილი და დიდად უხჳ, და მოსამართლე. და იგიცა გარდაიცვალა. და დასუეს ძე ოქოთასი ყაენად, სახელითა ქუქ. და იგიცა მოკუდა და ჴელთ იგდო ყაენობა ძემან ქუქისმან, მანგუ. წარავლინეს მოციქული და აუწყეს აღება სპარსეთისა, საქართველოსა, საბერძნეთისა. და ყოველთა თემთა ქუდი და აბჯარი და ტანისამოსი გაუგზავნეს და წესი მიუმცნეს ესევითარ: „ქართველნი სრულიად მოვიდეს, მეფე და ერთობილნი მთავარნი, რომელთა აქუს სჯული კეთილი, და ტყუილსა ევლტიან, მწამლველი არცა თუ სახელ-იდების მათ შორის“. და სპარსთათჳს მიუმცნეს ესრეთ: „არიან სპარსნი ცრუ, მოღალატე და ფიცის არშემნახველ, და მრავალნი იპოვებიან მწამლველნი და მამათმავალ ურცხჳნოდ“.

მიიწია რა ელჩი პირველად ბათოისსა, რომელი იყო შვილი თუშისი, პირმშოსა ჩინგიზ ყაენის შვილისა, რამეთუ მაშინ უპირატესობა ყოველთა ბათოს ყაენს ეპყრა, რომელსა აქუნდა ოვსეთი და დიდი ყივჩაყეთი, ხაზარეთი, რუსეთი ვიდრე ბნელეთამდის და ზღუადმდე დარუბანდისა. და ამან წარავლინა მანგუ ყაენისა. და ვითარ იხილა მოციქული, განიხარა, და ჩაბალახისა ხილვასა განკჳრდა. და ესრეთ მიუმცნო ნოინთა მანგუ ყაენმან: „ვინათგან ქართველნი წყობათა შინა კეთილად გიხილვან, და ტყუილი არა არს მათ შორის და მინდობა იციან, თქუენ თანა იპყრენით მტერთა თქუენდა ბრძოლად, ხოლო სპარსნი მოსწყჳდენით, და მის ქუეყანისა თავადნი წარავლინეთ ყაენთა წინაშე“.

ესე მოციქული რა მოიწია, ავაგ, რომელი ამირსპასალარობისაგან ათაბაგ იქმნა მეფისა რუსუდანის მიერ, წარავლინა ჩაღატა ნოინმან წინაშე დიდისა ყაენისა ბათოსა, და ხლათისა სულტანი. წარვიდეს უცნაურსა და ყოვლადვე ქართველთა ნათესავისაგან უვალსა გზასა. და ვითარ მიიწინეს წინაშე ბათოსა, რომელი იყო მას ჟამსა უმთავრესი ყაენთა და უზეშთაესი და უაღმატებულესი შუენიერებითა, თანა-წარეყვანა ათაბაგსა ავაგს ივანე ახალციხელის ძე, სახელით დავით, ეჯიბი ავაგისი, რომელმან რქუა ავაგს: „ვინათგან უცხოთა ნათესავთა მომართ მოიწიე და არა უწყი, თუ რა ყოფად არს ჩუენდა, ესრეთ განგაზრახებ, რათა ვიქმნე მე, ვითარცა პატრონი და მთავარ შენდა, და შენ იქმნე მონა. უკეთუ ენებოს მოკუდინება შენი, მე მოვიკლა და არა შენ. არღარა ვგონებ, უკეთუ ბატონი მოიკლას, ყმათაცა დაჴოცად“. და ესრეთ მრავლითა ვედრებითა და იძულებითა დაარწმუნეს ავაგ ამისდა ყოფად. ვითარ შევიდეს წინაშე ბათოსა, წინა-წარიძღუანა დავით, ვითარცა უმთავრესი. და ესოდენ სათნოება ქმნა დავით, განმწირველმან თავისამან პატრონისათჳს სიკუდილად. იხილა ყაენმან ბათო, განიხარა და დიდად პატივ-სცა მრავალთა დღეთა. და ვითარ ცნეს კეთილის ყოფა ბათოსაგან და უშიშ იქმნეს სიკუდილისა, ერთსა დღესა შეუწოდა ბათო, და ავაგ წინა წარუძღუა, რომელი იხილა რა ყაენმან, განკჳრვებითა შემხედველი ეტყოდა ავაგს: „არა სადამე მეცნიერ ხარა, რომელ პატრონი არს შენი, რომელი უკანის შენსა დგას და წინა წარმოსძღომიხარ?“ ხოლო დავით ღიმილით ეტყოდა: „დიდო, დიდო განმარჯუებულო ჴელმწიფეო, ეგე არს პატრონი და მე მონა მისი“. და განკჳრვებული ყაენი ჰკითხვიდა მიზეზსა მისსა ყოფად, რომლისათჳს დავით თქუა: „მის ძალითა ვყავ, დიდო ყაენო, რომელ არა მეცნიერნი ვართ შენნი, და არა უწყოდით, რას შეგუამთხუევდით. უკეთუ გენება მოკუდინება, მემცა მომკუდარ ვიყავ უწინარეს და არა პატრონი ჩემი“. რომლისათჳს დიდად განკჳრდა და აქო დავით და თქუა: „უკეთუ ნათესავი ქართველთა ეგევითარი არს, ვბრძანებ, რათა ყოველთა ნათესავთა, რომელნი არიან მორჩილებასა ქუეშე მოღოლთა, უმჯობეს და უწარჩინებულეს იყვნეს, და მოღოლთა თანა მჴედართა აღრაცხონ, მამული და საქონელი მათთა ჴელთა შინა იყოს და ყოველსა შინა მისანდოდ იყვნენ“. ამისთჳს ბრძანება დააწერინა და წარმოსცა, და ესრეთ განაჩინა წარვლენა დიდსა მანგუ ყაენისსა ხატაეთს და ყარაყურუმს. ესე აქამდინ იყავნ, ხოლო, ჩუენ დაშთომილისა სიტყჳსა მიმართ აღვიდეთ.

15. გარდამოვიდა მეფე რუსუდან ლიხით და მივიდა ტფილისად და მოეგებნეს ყოველნი წარჩინებულნი სამეფოსა მისისანი. და წარავლინა ძე თჳსი, დავით, ნოინთა წინაშე, რომელთა პატივითა შეიწყნარეს და მოსცეს ყოველი სამეფო, წარჩინებულნი და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი. და ესრეთ კუალად ეგო სამეფო ბრძანებასა ქუეშე რუსუდან მეფისასა.

კუალად აქაცა ვინებე დუმილად, ვინათგან მეგულების განსაკრთომელისა მოთხრობისა, დაღათუ არა საკადრებელ არს თხრობა მეფეთათჳს უშუერსა რასმე, რამეთუ იტყჳს მოსე, მხილველი ღმრთისა: „მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი“. გარნა ვინათგან წიგნი ესე შუამდებარე არს კეთილისმოქმედთა და ბოროტისმოქმედთა, შენდობილ იყვნენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ჟამთა აღმწერელობა ჭეშმარიტისა მეტყუელება არს და არა თუალახმა ვისიმე. რამეთუ ამათ ჟამთა დაივიწყა შიში ღმრთისა და ანდერძი ძმისა და ფიცი იგი, რომელ ამცნო ძმამან მისმან რუსუდან მეფესა, განიზრახა ზრახვა უცხო, რათა დაუმტკიცდეს მეფობა ძესა მისსა, დავითს. და წარავლინა კაცი საბერძნეთს, სულტანსა სიძეს და ასულსა თამარს წინაშე, რათა ძმისწული მისი, დავით ყრმა, რომელ პირველ წარავლინა მათდა, რათა ბოროტი რა ეყოს მათ მიერ, და არა ბოროტ ეყო, აწ რომელ წარსწყმიდონ და მოაკუდინონ, და უზრუნველად ეპყრას მეფობა მას და ძესა მისსა, დავითს.

ხოლო მათ არა ისმინეს. და კუალად სხუა წარავლინეს მოციქული ამავე პირისათჳს. ხოლო იგინი არა ერჩდეს. და მესამედ სხუა სავედრებელი წიგნი წარგზავნა შვილისა და ძმისწულისა, გინა ძმისმკლველობითა სავსე, და იგინი არცა მაშინ ერჩდეს. ამისგან განცჳბრებულმან, გულისწყრომითა აღვსებულმან დაივიწყა სჯულიცა და ლმობა ნათესავთა და თჳთ შვილის სიყუარული დედობრივი, ვითარცა იტყჳს ბრძენი სოლომონ, ვითარმედ: „გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისა არა ყვის“. ვითარ ამანცა, კეთილთა ძირთა მორჩმან, არა ყო სიმართლე, დაწერა წიგნი სიძეს სულტანსა ყიასდინს თანა და ესრეთ მიუმცნო, ვითარმედ: „ამისთჳს მენება მოკლვა ძმისწულისა ჩემისა დავითისი, რომე ცოლსა შენსა და ასულსა ჩემსა ძმისწული ჩემი, დავით, თანა-ეყოფვის, და ამისთჳს არა ნებავს ასულსა ჩემსა ბოროტი მისი“. ჵ გონება, მჴეცთა უმძჳნვარესი, ვაჲ მკლველობა, ოდესმე სმენილთა და გარდასრულთა მკლველობათა უბოროტესი, რომელი აღასრულა შვილსა და ძმასა ზედა დამვიწყებელმან დედობრივთა და ძმებრივთა ლმობათამან!

რა მიიწია წიგნი სულტანსა წინაშე, მყის აღშფოთდა და შევიდა სახლსა სადედოფლოსა, და უპატიოდ განითრია ცოლი თჳსი მოფხურითა თმათა, ფერჴითა ძლიერად უხეთქნა პირსა მისს შუენიერსა, და ტანი ფრიადისა ცემისაგან სისხლისფრად იყო, და ხატნი იგი, რომელი სამარადისოდ აქუნდა წინაშე მათსა, შეაგინნა და დამუსრნა. და ყოველნი მის წინაშე მყოფნი მსახურნი და მოჴელენი ექსორია-ყვნა და რომელნიმე მოსწყჳდნა. და ცოლსა მისსა შეშინებით უთქმიდა უწყალოდ სიკუდილსა, უკეთუ არა დაუტეოს სჯული ქრისტესი და მუსულმან იქმნას. და მრავალნიცა ტანჯვანი შეამთხჳვნა, რომლისა შემდგომად მრავალთა ტანჯვანი შეამთხჳვნა, რომლისა შემდგომად მრავალთა ტანჯვათა მიერ მომედგრებულმან უარ-ყო სჯული ჭეშმარიტი, რამეთუ აქამომდე მტკიცედ ეპყრა სჯული ქრისტესი, რამეთუ ხუცესნი და ხატნი წინაშე მისსა აქუნდის არა ფარულად, არამედ განცხადებულად.

ხოლო ყრმა დავით შეიპყრეს და მრავალნი ტანჯვანი შეამთხჳვნეს, რათა ჭეშმარიტი აღიაროს. ხოლო იგი იტყოდა: „უბრალო ვარ, მოწამე არს ღმერთი, დაღათუ ესე ცილი დამწამა მამიდამან ჩემმან, და დასაჯერებელ არს, გარნა საქართველოთა ბრალისა და შეცოდებისათჳს ექსორია-მყო და სიკუდილი ჩემი მოგიმცნო. აწ იხილე, მოწყალეო და მაღალო სულტანო, რომელ პირველითგანვე მკლველობისა ჩემის გული აქუნდა“. ესე ვითარ ესმა სულტანსა, მცირედ ლმობიერ იქმნა. მაშინ სიკუდილი არა ინება მისი განგებითა ზეგარდამოთა, რამეთუ მსჯავრნი და განგებულებანი ღმრთისანი გამოუკულეველ არიან, ვითარცა წერილ არს: „ვინ ცნა განგება უფლისა, ანუ ვინ თანამზრახველ ეყო მას?“ გარნა არავე დამშჳდნა გულისწყრომა სულტნისა, ვითარცა ალითა მძაფრითა ენთებოდა გული მისი. ამისთჳს მოუწოდა მენავეთმოძღუარსა და მისცა დავით ჴელთა მათთა, და ამცნო, რათა წარიყვანონ ზღუად და შთააგდონ სიღრმესა ზღჳსასა. უკეთუ არა ყონ, იავარ-ყოს სახლი და დედა-წული მათი, და იგინი ბოროტად მოისრნენ. ხოლო მენავეთა მათ წარიყვანეს, შთასვე ნავსა და მიმართეს პელენგოდ, მიიწივნეს სიღრმედ დიდად განშორებულ ქუეყანისაგან, და ენება შთაგდება დავითისი. ევედრა მენავეთა, რათა ილოცოს მცირედ. ხოლო მათ დრო-სცეს. ვითარ აღდგა და აღმოიღო უბითგან ხატი ყოვლად წმიდის ღმრთისმშობელისა, რომელი ვედრებისსახედ დასახულ იყო, და მარადის თანა აქუნდის, და მისა მიმართ აქუნდა სასოება. ესე დაიდვა პირსა და თუალთა და ცრემლნი სიმწარისანი გარდმოსთხივნა: „ყოვლად წმიდაო დედაო მჴსნელისა ჩუენისაო იესო ქრისტესო, ცოდვილთა შესავედრებელო და ნუგეშინისმცემელო, შეივედრე სული ჩემი, რამეთუ შენ ხარ ნუგეშინისმცემელი მწარისა ამის სიობლისა ჩემისა და უმსჯავროსა სიკუდილისა, რომელ სამარესა და მიწასა შინა დაფლვად არავინ ღირს-მყო, არამედ საჭმლად თევზთა. არცაღა საფლავი ჩემი საცნაურ იქმნების, არამედ მოწყალებათა შენთა მინდობილი ვითხოვ უკანასკნელსა ამას ოხჭანსა შინა, რომელ მიჴსნა ჰაერისმცველთა ჴელთაგან და საშინელთა მათ სატანჯველთაგან, რომელსა მოელიან ჩემებრ ცოდვილნი და ბრალეულნი ყოველნი“.

რამეთუ ამას და ამისსა უმრავლესსა ილოცვიდა ლმობიერად და ცრემლთა მწარეთა დამომდინებელი, აღჴადეს შესამოსელი და ხატი წარუღეს, რომლისათჳს ლმობიერად ევედრა, რათა მისცეს ხატი ყოვლად წმიდისა და თანა აქუნდეს, რომელი ისმინეს მენავეთა და მისცეს ხატი იგი და დაჰკიდეს ყელსა. ხოლო ვითარ ეგულებოდა შთაგდება, ერთმან მენავეთაგანმან ყო წყალობა განგებითა ღმრთისა და ყოვლად წმიდისა და ვედრებისა ღმრთისმშობელისათა და მცირე რამე ფიცარი მისცა ჴელთა მისთა. და ესრეთ შთააგდეს ზღუად. ხოლო დავით მოეხჳა ფიცარსა მას, და მოჰბერა ქარმან ძლიერმან და უჩინო იქმნა თუალთაგან მათთა. და მიმოაქუნდა ღელვათა, ვითარ კიდობანი ნოესი, და მყის განაგდო ჴმელად. და იხილა იგი ვაჭარმან ვინმე მგზავრ მავალმან და მიავლინა მან მცურველი, რამეთუ ჯერეთვე შორს ვიდრე იყო ქუეყანისაგან, ვითარ უტევან. და გამოიყვანა ვაჭარსა მას თანა. მყის შემოსეს და საზრდელი მოართუეს და ნუგეშინის-სცეს. და განძლიერდა შიმშილისა და წყურვილისაგან შეიწრებული, რომელ თუალთაცა კამკამებად ძლითა ეძლო. იწყო კითხვად ვაჭარმან მან მიზეზი შთაგდებისა მისისა ზღუად. ხოლო მან ყოველი ესე ზემოჴსენებული აუწყა, რომლისათჳს განიხარა ვაჭარმან და სახლად თჳსად წარიყვანა და იწყო პატივისცემად, ვითარ საყუარელსა შვილსა, ესრეთ ფუფუნებად. დაყო მას ვაჭართანა ექუსი თუე ოდენ, და განცხადნა საქმე ესე ყოველთა თანა, ვითარ ვაჭარსა ვისმე ზღუასა შთაგდებული ქართველთა მეფის ძე უპოვნიეს. და მიიწია სიტყუა ესე და ესმა სულტანსა ყიასდინს. გულისწყრომითა აღვსილმან წარავლინნა მჴედარნი, მიიყვანა დავით და ვაჭარიცა იგი, და მენავენი იგი პყრობილყვნა, და სიკუდილსა აქადებდა. ხოლო ისწავა რა ვაჭრისაგან ზღჳთ გამოყვანება, განუტევნა მენავენი.

ხოლო დავითისთჳს არავე დასცხრა გულისწყრომად და შესძინა, ვითარცა ჰეროდე, კაცისკლვად, რამეთუ კაცისკლვასა ზედა კუალადცა კაცისკლვა შესძინა, და უბოროტესი სატანჯველი განაჩინა. რამეთუ იყო ჯურღმული ღრმა, რომელსა შინა წყალი არა იყო. ამას შინა იყვნეს გუელნი შთაყრილნი, რომელი სავსე იყო განძჳნებულითა და ცოფითა გუელითა. და ზედა იდვა ლოდი და არა იყო ნათელი, და ესრეთ მწარითა სიკუდილითა მოჰკლვიდა. სულტანმან მას შიგა შთაგდება ბრძანა დავითისი. და ვითარ წარიყვანეს, თანავე აქუნდა ხატი იგი. და აღიღეს ორმოსა მისგან ქვა, შთააგდეს. და დაცულ იქმნა, ვითარცა დანიელ პირისაგან ლომისა, ყოვლად არა ავნეს ესოდენ ყოვლად გესლიანთა. დაბურეს ქვა ზედა.

დავითს პირველვე წარტანებულ იყო ვინმე, სახელით სოსან, რომელი მიეცა მამასა მისსა ლაშას. ესე შეუდგა, რაჟამს წარიყვანებდეს შთაგდებად ჯურღმულსა მას. ამან იხილა ჯურღმული იგი. ხოლო კაცთა მათ სულტნისათა რაჟამს დაუტევეს ჯურღმული იგი, გათხარა სოსან მცირედ ქვას ქუეშეთ, და მიერ შთაუტევნის პური, რომელი ითხოვის. და ესრეთ ზრდიდა ხუთ წელ. რა დაწვის, გუელნი რომელნიმე მოეხუევის ყელსა, რომელნიმე ფერჴსა, სხუანი უბესა, სხუანი გუერდსა უწვიან. და ვითარ ეძინა, და გარდაიქცეოდა რა გუერდსა ზედა, მჴარითა დააჭირა გუელსა ერთსა, რომელმან მჴარსა სასტიკად უკბინა. ხოლო სხუათა გუელთა დაიჭირეს გუელი იგი, მკბენელი დავითისი, და იწყეს ენითა ლოკად და მყის განკურნეს დავით, და გუელი იგი შეჭამეს მათ გუელთა. ესრეთ საკჳრველებით განარინა ღმერთმან ყოვლისა წარსაწყმედელისაგან, რომელნი მოიწივნეს მას ზედა.

16. რამეთუ ესრეთ განიზრახა მეფემან რუსუდან თავით თჳსით დამტკიცებად მეფობისა ძისა თჳსისა, არამომჴსენებელმან სიტყჳსა წინასწარმეტყუელისა ესაიასა, რომელსა იტყჳს: „და მოხედნეს უფალმან განგებასა მას ზედა დიდსა მთავარსა ასურასტანისასა და სიმაღლესა მას ზედა დიდებისა თუალთა მათ მისთასა, რამეთუ თქუა: ძალითა ჴელთა ჩემთათა ვყო, და სიბრძნით გულისჴმისყოფისა ჩემისათა მოვიპყრნე საზღვარნი თესლებისანი და ძალი მათი წარმოვიღო და შევძრნე ქალაქნი დამკჳდრებულნი, და სოფელი ყოველი დავიპყრა ჴელითა ჩემითა ვითარცა მართუენი, და ვითარცა კუერცხნი დაშთომილნი აღვიხუნე. და არავინ იყოს, რომელი განმერეს მე ანუ სიტყუა-მიგოს. აწ უკუე იდიდოს-მე ცული თჳნიერ მკუეთელისა, ვითარმცა თავითა თჳსითა ჰკუეთდეს, ანუ ამაღლდეს ხერხი თჳნიერ მზიდველისა მისისა? ეგრეთვე ვინ აღიღის კუერთხი გინა შეშა? არა ეგრეთ, არამედ მოავლინოს უფალმან საბაოთ შენსა პატიოსნებასა ზედა უპატიოება, დიდებასა შენსა ზედა ცეცხლი აგზებული ატყდებოდეს“, ვითარ აღესრულა პატიოსნისა მეფისა რუსუდანს ზედა.

რამეთუ სირცხჳლმიჩნს კადრებად და კუალად ვერ მიძლავს დუმილად, რამეთუ უპატიო ჰყო თავი თჳსი ბოროტითა ამით, რომელ აღადგინა ძმისწული თჳსსა ზედა. გარნა განაქარვნა ზრახვანი მისნი ზეგარდამომან განგებამან, ვითარ აქიტოფელისნი დავით წინასწარმეტყუელის ზე, და არა გულისჴმა-ყო, რამეთუ „განაქარვნის ზრახვანი კაცთანი ზრახვამან ღმრთისამან“, ვითარ ფარაოსი მოსეს ზე, ვითარ განერა ჴელთაგან მისთა ლტოლვილი პირველად, ვითარ იტყჳს ჟამთააღმწერელი იოსიპოს. და კუალად ვითარ განერა დავით ჴელთაგან საულისთა, რამეთუ ცუდად იქმნა განზრახვა მისი. და სხუაცა მოვიჴსენო, რომელ იქმნა განზრახვითა მეფისა ასტუვაგისთა. არა ცუდ იქმნა წარვლენა ასულისა მისისა მანდანისი სპარსთათჳს, ყოვლად ამას შინა მოცემა ძისა მისისა კჳროსისი, რომელი შემდგომად ასტუვაგისა მეფე იქმნა? ანუ არა ამაო იქმნა ხრიზმოზიცა იგი აპოლონის დელფელისა შენისა კრისოის განცდილი მე ობოლი მთხრობლი ძლეული კრისოსა მიერ შეპყრობილ იქმნა კჳროსისა მიერ, და უმეტეს ამისსა არა განცუდნა ხრიზმოზიცა იგი პრიამოსისი მეფის ასულთასა და ყოვლისა აღმოსავლეთისა პირისა მთავრისა ალექსანდრე პარიდოსისა ზედა, რომელი იპყრა წელთა ოცდათორმეტთა უწინარეს, რომელმან, მიმტაცებელმან ელენესმან ცოლისა აღამემნონის ძმისა მენელეოსისგან, ოცდარვად წლად უმშჳდებელნი ბრძოლანი მოუგნა ტროველთა სრულიად მოსპოლვად ნათესავსა მისსა?

ესე ყოველი არა თჳთგანზრახვით იქმნა, ჵ ბრძენო, კეთილთა და პატიოსანთა ძირთა მორჩო, დედოფალთდედოფალო, მეფეო რუსუდან. გარნა რა მოივაჭრე? იხილე, რამეთუ ხუთისა წლისა ჟამნი დაყვნა ულხინობთა ჭირთა შინა ჯურღმულსა ღრმასა გუელთა თანა, რამეთუ ესე ზემოჴსენებულნი ზრახვანი დაჴსნა ზენამან განგებამან ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისამან, ვითარცა აწცა.

ჩუენ პირველსა სიტყუასა აღვიდეთ.

მოიწია მეფე ტფილისს და ძე მისი, დავით, ნოინთა წინა წარავლინა. და მათ ინებეს დავითის წარვლინება დიდსა ყაენს ბათოსასა და მიერ ყარაყურუმს მანგუ ყაენისსა. და ვითარ ცნა რუსუდან წარვლინება ძისა თჳსისა უცხოთა ნათესავთა, შორთა და უცნაურ გზათა, ტკივილითა და უზომოთა მწუხარებითა შეიცვებოდა და დაუწყუედელთა ცრემლთა მოადინებდა, და მოიჴსენებდა რა-იგი უყო ძმისწულსა თჳსსა დავითს; ვითარ ექსორია-ყო, ეგრეთვე თათართა წარავლინეს ძე მისი ვითარ ექსორიად წინაშე ბათოსსა.

ხოლო ვითარ არღარა იყო ღონე, წარვიდა ნარინ დავით. და თანა-წარატანა მეფემან რუსუდან მცირედ თანაზრდილნი მისნი, ქართლისა ერისთავის სურამელის გრიგოლის შვილი, ბეგა, გურკლელი მახუჯაგის ძე, ამირეჯიბი ბეშქენ. და თუალნიცა ორნი დაუმალნა ძჳრად საფასონი. და წარვიდა შემდგომად კუალსა ავაგისსა და ხლათის სულტნისასა, რამეთუ პირველ იგინი წარავლინეს თათართა. და მიიწივნეს წინაშე ზემოჴსენებულისა ბათოსსა, რომელმან კეთილად იხილნა ნარინ დავით მეფე, ორი წლისა ჟამთა თანა იპყრა და მიერ წარავლინა ჩინ-მაჩინს და ყარაყურუმს მანგუ ყაენს წინაშე, რომელი მიიწია რა, კეთილად შეიწყნარა. და ავაგს შეეყარა და მის თანა იყოფვოდა.

ხოლო თათართა მათ ოთხთა ნოინთა მოეჴსენა ბოროტი ალმუთელთა, რომელი შეამთხჳეს მოღოლთა, და აღიმჴედრეს მათ ალმუთსა ზედა. და თანამბრძოლობა განაჩინეს ქართველთა და წარმოუვლინეს მოციქული მეფესა რუსუდანს, რათა მისცენ საყოფი საქართველოსა ლაშქრად ალმუთს. ხოლო მეფე რუსუდან მას ჟამსა ტკბილისა შვილისათჳს მწარედ ილეოდა და დასნეულებული გარდაიცვალა ტფილისს. და წარიყვანეს მთავართა დიდითა პატივითა და ტყებითა და დამარხეს სამარხოსა მამათა მათთასა, მონასტერსა გელათს.


III

17. და გაჴდეს ქართველნი უნუგეშინისცემოდ და უმეფოდ, რამეთუ არღარავინ იპოვებოდა ნათესავი მეფეთა, რამეთუ ნარინ დავით ყარაყურუმს წარავლინა და სხუა იგი დავით საბერძნეთს მკუდრად საგონებელ იყო და არა უწყოდეს, თუ რა შემთხუეოდა. ამისთჳს თჳთეული თავისა თჳსისათჳს განგებად ზრუნვიდა, რამეთუ თჳთეული ერისმთავარი თჳთოსა ამას ნოინსა შეუდგა.

და განაჩინეს თათართა ბევრისა მთავარნი, რომელთა დუმნისა თავად უწოდეს. და გამოარჩიეს მთავარნი, პირველად ეგარსლან ბაკურციხელი, კაცი ღრმად მოუბარი, ხოლო არა ნიჭთა მქონებელი სამჴედროთა. და მას ჴელთ-უდევს სპა ჰერეთისა და კახეთისა და კამბეჩიანისა ტფილისითგან და აღმართ ვითარ მთამდე შამახიისა. და შანშეს ჴელთ-უდევს მამული მისი და ავაგისი. ვარამს ჴელთ-უდვეს ყოველი სომხითი, გრიგოლ სურამელს - ქართლი, გამრეკელს თორელსა, მსგავსავე ეგარსლანისასა საჭაბუკოთა შინა, ჴელთ-უდვა ჯავახეთი, სამცხე და აღმართ ვიდრე კარნუქალაქამდე, ხოლო ცოტნე დადიანსა და რაჭის ერისთავსა - ყოველი იმერი სამეფო.

და ესრეთ განაჩინეს თათართა და განიყვეს საქართველო, წარვიდეს ბრძოლად ალმუთს და ქართველნი თანა-წარიტანეს, რომელნი განყვეს ორად. ნახევარნი ერთსა წელსა და ნახევარნი მეორესა წელსა იყვნიან ალმუთს, რამეთუ შჳდ წელ განგრძელდა ბრძოლა ალმუთისი, რომელნი არიან კაცისმკლველნი მიპარვითა, რომელთა მულიდად უწოდიან. და ამათ ჰბრძოდეს თათარნი ჩორმაღონ, ჩაღატა, იოსურ და ბიჩო მოუწყენელად ზაფხულ და ზამთარ. ხოლო ქართველნი განყოფილნი თჳთეული მისსა წელიწადსა ხუდის და იყვის ალმუთს. და კუალად წარვიდიან სხუანი ხუედრსა მისსა, წელიწად ერთ იყვის ალმუთს, და კუალად სხუანი - ხუედრსა მათსა. და ესრეთ შჳდისა წლისა ჟამთა განგრძელდა ყოფა და ომი ალმუთს.

დღესა ერთსა წარმოგზავნეს ალმუთელთა მულიდი ჴელოვანი. მივიდა ღამით და შემოეპარა მცველთა ჩაღატა ნოინისათა. შევიდა კარავსა მისსა, მძინარესა დასდვა დანა გულსა მისსა და მოიკლა იგი, რომელ ვერავინ ცნა. და ვითარ განთენდა, იხილეს კარვისმცველთა ჩაღატა ნოინი მოკლული, იწყეს ტირილად და ტყებად და ვაებად. რომელ იხილეს სპათა ჩაღატა ნოინისთა, მირბიოდეს, და იხილეს მათცა, რომე მომკუდარ იყო ჩაღატა და არა უწყოდეს ვისგან მოკლულ იყო.

მაშინ თქუეს ყოველთა: „ვინათგან ქართველნი დიდსა ჭირსა შინა არიან ჩუენ მოღოლთაგან, შურით ქართველთა მიერ მოიკლა უცილოდ“. ამას ყოველნი დაამტკიცებდეს, თჳნიერ ჩორმაღონ ნოინისგან გარეშე. ხოლო იგი ეტყოდა: „დასწყნარდით, კაცნო, რამეთუ არა არს ნათესავი ქართველთა კაცისმკლველი და არცა სჯული უც ესევითარისა საქმისა ქმნად“. ხოლო იგინი აღშფოთებულნი, სიკუდილისათჳს პატრონისა განძჳნებულნი, წარმოემართნეს ბანაკისა მიმართ ქართველთასა, რამეთუ მახლობელად ჩაღატა ნოინისასა დაბანაკებულ იყვნეს. და ვითარ მომართეს, განკრთეს ქართველნი და უღონოებასა მოეცვნეს, და არა უწყოდეს, რამცა ყვეს. ხოლო ზოგნი ომისა მიმართ განემზადებოდეს და ზოგნი აყენებდეს, რამეთუ ფრიად მცირე იყვნეს. მაშინ გრიგოლ სურამელი, ქართლის ერისთავი, იტყოდა: „არა არს ჟამი ბრძოლისა, რამეთუ მცირე ვართ. და უკეთუ ვებრძვით, დიდით მცირემდი მოგუწყუედენ. და თუ არა ვებრძვით, ჩუენ წარჩინებულთა ოდენ, ვგონებ, მოკუდინებად. და უმჯობეს მიჩნს, რათა ჩუენ მოვიკლნეთ და არა ყოველი ესე ძალი. გარნა შევრდომა ღმრთისა ჯერ-არს, რამეთუ არავინ არს მჴსნელი ჩუენი თჳნიერ იესო ქრისტე, ძე ღმრთისა, და ყოვლად წმიდა მშობელი მისი, მარადის ქალწული მარიამ, რომელი მარადის მცველი არს მოსავთა ძისა მისისათა და უმეტეს ჩუენ, ქრისტიანეთა. აწ ყოველთა სამ-სამი მუჴლი მოიდრიკეთ, შევრდომით ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ, და რომელთა უწყით, თქჳთ შესხმა ესე მისი: „მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო“, და შემდგომი.

ვითარ აღასრულეს ლოცვა ესე სამადლობელი და ქება ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა, და მოახლებულ იყვნეს ბარბაროზნი იგი, უწყალოდ მსპოლავნი ქართველთა. მაშინ გამოვიდა კაცი ერთი ლერწმოანით, რომელსა აქუნდა ლახუარი წუდილი, შეღებილი სისხლითა. და ლახუარი იგი აღიპყრა ზე, და ძლიერად ჴმა-ყო: „მან ქუშმეტ ჩაღატა“, რომელ არს ენითა სპარსულითა: „მე მოვკალ ჩაღატა“.

ვითარ იხილეს თათართა, მიეტევნეს, ხოლო იგი ივლტოდის ლერწამთა მიმართ. ხოლო მათ შეუდვეს ცეცხლი. და გამოიყვანა ცეცხლმან ლერწამთაგან კაცი იგი. და მოიყვანეს ჩორმაღონ, იოსურსა და ბიჩოსა წინაშე. ხოლო იგინი ჰკითხვიდეს, ვითარ მოაკუდინა ჩაღატა ნოინ. და მან ესრეთ აუწყა: „მე ვარ მულიდი, მულიდთა შორის საჩინო. მათ მულიდთა თავადთა მომცეს ოქრო ფრიადი, რათა თქუენგანი ვინმე მოვაკუდინო ოთხთა მაგათგან. წარმოვედ, მოვკალ და დავიმალე“. იგინი ეტყოდეს: „რა იყო მიზეზი გამოსლვისა შენისა და ყივილი მაღლად სიკუდილი დიდისა ნოინისა, ვინათგან დამალულ იყავ?“ და კუალად მულიდი მიუგებდა: „ლერწამთა იმათ უჴშირესსა შევედ და დავიმალე. მყის მოვიდა დედაკაცი ვინმე სიტურფეაღმატებული და მრქუა მე: „რა ესე ჰქმენ, კაცო? შენ მოჰკალ კაცი და დაიმალე. აწ მრავალი სული მოკუდების მიზეზად შენდა და იგი უბრალონი მოსწყდებიან“. და მე ვარქჳ: „რა ვყო, დედოფალო?“ ხოლო მან მრქუა: „აღდეგ და შემომიდეგ მე, წარვედ და თქუ, რამეთუ შენ მოჰკალ კაცი იგი, და განარინე ურიცხჳ სული სიკუდილისაგან“. მსწრაფლ აღვდეგ და შეუდეგ, სადა-იგი მომიყვანა წინაშე თქუენსა. ვითარ ჴმა-ვყავ და მიხილეთ, დედაკაცი იგი უჩინო იქმნა, და არა უწყი, ვინა მოსრულ იყო. და მე, ესერა, ვარ წინაშე თქუენსა“.

ვითარ ესმა სიტყუა კაცისა მისგან თათართა, განკჳრდეს და კაცი იგი მულიდი ჴრმლითა ორად განკუეთეს. და ესრეთ იჴსნა ერი თჳსი ყოვლად წმიდამან ღმრთისმშობელმან და განარინა უმსჯავროსა სიკუდილისაგან, ვითარ ოდესმე იჴსნა ქალაქი იგი დიდი კოსტანტინეპოლი, რაჟამს-იგი ბარბაროზთა მძჳნვარედ გარე-მოიცვეს, მჴედართმთავრობასა სავრონისასა და მძჳნვარედ აღდგომასა ხაღან სკჳთთა მთავრისასა, ვითარ დაინთქეს ზღუად მბრძოლნი ქალაქისა მის მისდა მინდობილისანი, რამეთუ აღდუღნა ზღუა და განდნა ძივთი ნავისა და დაინთქნეს ზღუად შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა, და მჴდომთა ზედა წჳმა აწჳმა, ვითარ ძუელ ოდესმე სოდომელთა. ამათ საკჳრველებათა არა უდარეს ვგონებ, რომელ აწ იქმნა მსწრაფლი და ანასდათი ჴსნა ქრისტიანეთა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა მიერ. გარნა წინაშე ვინ-მე შეუძლოს დიდებისმეტყუელებისა მიერ სამადლობელისა შესხმა საკჳრველებისა ამისთჳს, რომელ დაიცვა ურიცხჳ სული ნათესავისაგან ქართველთა ყოვლად უბიწომან სიტყჳსა ღმრთისა მშობელმან ღმთეებისა და კაცობრისა გუამოვნებითა და შეერთებითა შემაერთებელმან ღმერთად სრულად და კაცად სრულად, ორთა შინა ბუნებათა და ორთა ნებათა შეურევნელად?

ამის უბიწოებისაგან დაცულნი ქართველნი დიდსა ჭირსა შინა იყვნეს თათართა მიერ, რამეთუ მიმდები და მოუწყინებელი ბრძოლა აქუნდა ალმუთელთა მიმართ, და ქართველნიცა თანა-წარჰყვიან, და ორად განყოფილნი იყვნიან, და თჳთეული ერისმთავარი თჳთოსა ნოინსა დააგნეს ურთიერთას. ზემოჴსენებული ესე ეგარსლან, კაცი საკჳრველი და მჴედრობის წესთაგან ცარიელი, ეზომ განდიდნა, რომელ კნინღადა სახელისდებადცა მეფისა იკადრა, და ყოველი ქართველთა ნათესავი ბრძანებასა მისსა მორჩილობდეს, ვითარცა მეფესა, თჳთ დიდი და პატიოსანი შანშე მანდატურთუხუცესი და გაგელი ვარამ და ყოველნი მთავარნი.

18. ამათ ჟამთა შინა სხუანიცა ბოროტნი აღმოსცენდეს. ვითარ ცნეს თურქთა, შამს მყოფთა, უმეფობა ქართველთა და ლაშქართა ალმუთს წარსლვა თათართა თანა და უცლოება ქართველთა შეკრბა სიმრავლე ფრიადი, კაცი ვითარ სამოცი ათასი, რომელთა მთავრად და პატრონად ჰყვა კაცი ვინმე სახელოვანი, სახელით ყარა-ხან. გამოემართნეს ოჴრებად საქართველოსა და მოიწივნეს ქუეყანასა ვალაშკერტისასა, რომელი მას ჟამსა ოდენ აღეღო შანშეს, და იწყო ოჴრებად ვალაშკერტისა და რაჴსს იქით ქუეყანათა ვიდრე სურმანადმდე, რომელი-იგიცა ოდენ დაეპყრა შანშეს მანდატურთუხუცესსა. ამან ვითარ იხილა ოჴრება, მოუწოდა სპათა თჳსთა და ავაგ ათაბაგისათა, და შეკრბეს მჴედარი ვითარ ოცდაათი ათასი. განვლეს რაჴსი და მივიდეს ვალაშკერტს, სადა დაებანაკა ყარა-ხანს.

ვითარ მიეახლნეს, დააწყვეს რაზმი და მიეტევნეს. ხოლო შანშე უპირატეს ყოველთასა მიეტევა, რომელმან ჰორლითა განგურიმა სახელოვანი თურქი. იქმნა ომი ძლიერი და მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ სპათაგან თურქთასა. ხოლო სპანი შანშესნი კეთილად დაცულ იყვნეს შეწევნითა ძელისა ჭეშმარიტისათა, რომლისა მიმართ მინდობილ იყო.

და შენივთდა ომი, იძლია ყარა-ხანი, იგი და სპა მისი ივლტოდეს. და დევნა-უყვეს ვიდრე ხლათამდე, მოსრეს და ტყუე ყვეს სიმრავლე ურიცხჳ, და აისავსნეს ცხენითა, ჯორითა და აქლემითა, კარვითა და ხარგითა, ალაფითა ურიცხჳთა. ესრეთ სახელოვანი და გამარჯუებული მივიდა ანისსა, სახლსა და ტახტსა მისსა.

გარნა ვინათგან განითქმოდა ყოველგან უმეფობა საქართველოსა, აღიძრვოდეს ყოველნი ნათესავნი ოჴრებად ქართველთა. მაშინ აღიძრნეს საბერძნეთს მყოფნი თურქნი და სულტანი ეზინკისა და სხუათა ქალაქთა შინა მყოფნი ამირანი. და შეკრბა სიმრავლე ურიცხჳ, და წარმოემართნეს საქართველოს. ვითარ ესმა მყოფთა ტაოსთა და შავშ-კლარჯთა და კოლა-არტან-კარნიფორელთა, განკრთეს და წარმოავლინეს კაცი სამცხეს, ყუარყუარე ციხისჯუარელ-ჯაყელთანა, რათა შეეწიოს. ხოლო მან მოუწოდა ყოველთა მესხთა ერისთავთა და ყოველთა ტაძრეულთა, და შეკრბა მჴედარი, ვითარ ათი ათასი, და წარმოემართნეს. ხოლო იგინი მოსრულ იყვნეს და ბანას გარე-მოსდგომოდეს, რამეთუ ოლთისნი და ბუღათაყური ყოველი მათ აქუნდა, და აოჴრებდეს ტაოსა. და წინამძღუარ ექმნა ყუარყუარე სპათა მესხთა და მოვიდეს თავსა კალმახისასა. ვითარ ესმა თურქთა მოსლვა მესხთა, აღიჭურნეს, რომელთა თავადნი იყვნეს ალთუ-ხან და ორ-ხან. აქათ მესხნი ჩავიდეს მინდორსა მას, რომელსა ეწოდების ავნისვაკე. და შეკრბეს ურთიერთას, და იქმნა ომი ძლიერი და სასტიკი. და ბერძენნი და თურქნი, მინდობილნი სიმრავლისათჳს, არა გარეუკუნ-იქცეოდეს. და ეგრეთვე მესხნი, მინდობილნი სიმჴნისანი არა უკუნიქცეს. ძლიერად ბრძოდეს, რამეთუ კაცმან ვინმე აზნაურმან კაცსა ერთსა თურქსა მუზარადსა შინა ჴრმლითა თავი გაუპო და მოკლა, და მეორესა, ორ-ხანის მჴნეთაგანსა, ზურგსა უხეთქნა, გაკუეთა და ზურგნი განუწყჳტნა, ვითარ მკუდარი დაეცა. და ესრეთ განგრძელდა ომი და ორგნითვე მოსწყდა ურიცხჳ. იძლივნეს ბერძენნი და თურქნი და ივლტოდეს. აღიღეს ტყუე და იავარი ურიცხჳ, ცხენი და ჯორი, აქლემი, კარვები, ყოველი სიმდიდრე, რომელი აქუნდა, და ესრეთ სავსენი და სახელოვანნი მივიდეს სამცხეს, და ესოდენ გამარჯუებულნი, რომელ ესევითართა სპათა შინა არავინ მოიკლა სახელდებული კაცი. ხოლო ამას ომსა უწოდდენ ბანასჯარად, რომელ ესოდენსა სიმრავლისა მათისათჳს ეწოდა ბანასჯარი, რომელ ძალითა დაეტევნეს ბანას და ავნისვაკეს სიმრავლისათჳს.

ვითარ იქმნა ესე, ამან ერისთავმან, სამცხის სპასალარმან ყუარყუარე, წარავლინა ძისწულნი თჳსნი: ივანე, რომელსა ეწოდა პაპა, და უმრწამესი მისი სარგის. ორნივე იყვნეს ძმანი ძლიერნი და მჴნენი უმეტეს ყოველთა, წყობათა შინა უშიშნი და შემმართებელნი. და ბრძოდეს ოლთისთა და აიღეს ოლთისნი და ბუღათაყურის ციხე იგი, ძლიერად განმაგრებული, ნაომარი ომთა დიდთა შინა. მართალ არს მოთხრობა ჟამთა.

19. ამათ შფოთთა შეკრბეს ყოველნი მთავარნი საქართველოსანი კოხტასთავსა, იმერნი და ამერნი: ეგარსლან, ცოტნე დადიანი, ვარამ გაგელი, ყუარყუარე, კუპარი შოთა, თორღაი, ჰერ-კახნი, ქართველნი, თორელ-გამრეკელი, სარგის თმოგუელი, მესხნი, ტაოელნი, და ყოველნი იტყოდეს: „აჲ ვყოთ? არღარა არს ნათესავი ქართველთა მეფეთა, რათა წინამძღუარ გუექმნას და ვბრძოდეთ თათართა. და ჩუენ ერთიერთისაგან განდგომილ ვართ, ვერ წინააღუდგებით თათართა. და იგინი ბოროტად გუაჭირვებენ ესეოდენ, რომელ ყოველთა წელთა ალმუთს წარვალთ ჭირთა და ყოველთა ბოროტთა შემთხუევად, არა არს ღონე, დაღათუ უმეფო ვართ. არამედ შევკრბეთ და ვბრძოდეთ თათართა“ დაამტკიცეს ომი და დადვეს პაემანი ქართლს შეკრებისა, და განიყარნეს. უშორეს მყოფნი აფხაზნი, დადიანი ცოტნე და ბედიანი, კაცი კეთილი და სრული საღმრთოთა და საკაცობოთა, და რაჭის ერისთავი წარვიდეს კაზმად.

ვითარ ესმა თათართა ერთგან შეკრება ქართველთა, წარმოვიდეს ბიჩო და ანგურაგ და მივიდეს კოხტასთავსა. დახუდეს ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი. რამეთუ ლაშქარი გაყრილ იყო და ვერღარა წინა-აღუდგეს, წარასხნეს ქუეყანასა ანისისასა და ადგილსა, რომელსა ეწოდების შირაკავანი. ვითარ მიიწივნეს ჩორმაღონ ნოინს წინაშე, ჰრქუა: „რა არს შეკრება თქუენი, უკეთუ არა იქმთ განდგომილებასა?“ ხოლო მთავარნი მიუგებდეს: „რა განდგომად შევკრბით, არამედ რათა განვაგოთ საქმე თქუენი და ხარკი განგიჩინოთ, რომელსა-იგი უწოდდეს ხარაჯად“

ესე რა ესმა, არა სრულიად ირწმუნა და ბრძანა განძრცვა ყოველთა, მჴართა შეკრვა ყოველთა, სიცხესა შინა შიშველთა მუჴლთა ზედა დასხდომა. და ყოველთა დღეთა ჰკითხვიდეს მიზეზსა შეკრებისასა, და უკეთუ არა აღიარონ, სიკუდილსა მისცნენ ყოველნი ესე ზემოჴსენებულნი მთავარნი. ხოლო იგინი დაამტკიცებდეს: „ათა განვაჩინოთ ხარაჯა“ და ამას ჰყოფდეს მრავალ დღე, რამეთუ არა არწმუნებდეს.

და ვითარ მოეახლა პაემანი, მივიდა დადიანიცა ცოტნე ლაშქრითა მთასა ღადოსა, შორის სამცხესა [და გურიასა], რომელ არს რკინისჯუარი. და ვითარ აუწყეს წარსხმა ყოველთა მთავართა საქართველოსათა ანისად. და შეკრებულთა ყოფა სატანჯველთა შინა ბოროტთა ვითარ ესმა, მწუხარე იქმნა უზომოდ და თჳსად სიკუდილად და სირცხჳლად შერაცხა საქმე იგი. და წარავლინა ლაშქარი თჳსი და ორითა კაცითა წარვიდა ანისად, დამდები სულისა თჳსისა და აღმსარებელი მცნებისა უფლისასა, რომელი იტყჳს: „ფროს ამისსა სიყუარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თჳსი მოყუსისა თჳსისათჳს“ რომელ ყო პატიოსანმანცა ამან კაცმან ცოტნე სათნოება მაღალი და განსათქმელი, საქმე საკჳრველი და ყოვლისა ქებისა ღირსი. განვლო სამცხე და ჯავახეთი და მივიდა ანისსა.

რამეთუ ქალაქად შესრულ იყვნეს ნოინნი, ესე წარჩინებულნი მოედანსა შინა დაკრულნი მჴრითა, შიშუელნი, მსხდომარე იყვნეს. ვითარ იხილნა ცოტნე წარჩინებულნი, ესრეთ უპატიოდ სიკუდილად განწირულნი, გარდაჴდა ჰუნისაგან და დააბნია სამოსელი ჳსი, განშიშულდა და შეიკრა მჴარი და დაჯდა წარჩინებულთა თანა. და ვითარ იხილეს თათართა, განკჳრდეს და მსწრაფლ აუწყეს ნოინთა, ვითარმედ: „ოტნე დადიანი მოვიდა ორითა კაცითა და განიძარცუა სამოსელი თჳსი და შეკრული დაჯდა ქართველთა თანა“ რამეთუ კეთილად მეცნიერნი იყვნეს ცოტნესი, რომლისათჳს განკჳრდეს თათარნი, და წინაშე მათსა მიუწოდეს და ჰკითხვიდეს მიზეზსა მუნ მისლვისა მისისასა. ხოლო იგი ეტყოდა, ვითარმედ: „უენ ყოველნი ამად შევიკრიბენით, რათა განვაგოთ ხარაჯა თქუენი და ბრძანება თქუენი აღვასრულოთ, ესე იყო შეკრება ჩუენი. აწ თქუენ ძჳრისმოქმედთა თანა შეგურაცხენით, და მე ამის ძალითა მოვედ წინაშე თქუენსა. უკეთუ მოიკითხო და ღირსი რამე სიკუდილისა უქმნა, მეცა ამათ თანა მოვკუდე, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არა უქმნიეს; უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო“. და ვითარ ესმა ესე ცოტნესაგან ნოინთა, განკჳრდეს სათნოებისათჳს და თქუეს: „ვინათგან ნათესავნი ქართველთანი ესოდენ კეთილ არიან და არა განცრუვდებიან, რომელ აფხაზეთით მოვიდა კაცი, რათა დადვას სული თჳსი მოყუარეთათჳს, და არა განცრუვნეს, ესრეთ განწირა თავი თჳსი სიკუდიდ, არა არს სიცრუვე მათ შინა, და ამის ძალითა უბრალო ვპოვებთ და განუტეოთ ყოველნი“. რქუეს ცოტნეს: „განდგომილება ვგონეთ თქუენ, ქართველთა, და აწ, ვინათგან ჰყავ სათნოება კეთილი, ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ, შენდა მონდობილ ვართ“. და განუშუნეს ყოველნი ესე წარჩინებულნი.

20. და განიყვნეს მთავარნი საქართველოსანი და წინააღმდგომ იქმნეს ურთიერთას. მაშინ შეკრბეს დიდებულნი ამის სამეფოსანი, რამეთუ ეგულებოდა მთავარ ყოფა მათ ზედა ეგარსლანისი, არასაწუნოთა გუარითგან აღმოჩენილისა. ამისთჳს შეკრბეს მთავარნი ამერის საქართველოსანი - შანშე, ვარამ გაგელი, ყუარყუარე ჯაყელი, სარგის თმოგუელი, კაცი მეცნიერი და ფილოსოფოსი და რიტორი, სურამელი გრიგოლ, ქართლის ერისთავი, გამრეკელი თორელი, ორბელნი, და მრავალნი ერისმთავარნი, და ძებნა-ყვეს ლაშას ძისა დავითისთჳს. და ეუწყა ვიეთგანმე ვაჭართა, ვითარმედ ჯერეთ ცოცხალ არს, გარნა პყრობილი ჯურღმულსა შინა ღრმასა გუელთა თანა მყოფობს. ვითარ ეუწყა, წარვიდეს ჩორმაღონს, იოსურს, ბიჩოს და ანგურაგს თანა, რამეთუ ჯერეთ ყაენი არა მოსრულ იყო ქუეყანასა ამას, არამედ ესე ზემოჴსენებულნი ნოინნი განაგებდეს ქუეყანათა, და მოაჴსენეს: „ვინათგან წარავლინეთ მეფე ჩუენი, ნარინ დავით, ყაენს წინაშე, და არა უწყით, რა შეემთხჳა, და დედა მათი, რუსუდან, გარდაიცვალა, და არა არს ნათესავი მეფეთა, და ჩუენ ურთიერთას დაუმორჩილებელ ვართ, და არა ეგების, თუმცა დავემორჩილენით ვისმე, უკეთუ არა იყოს ნათესავი მეფეთა. აწ გუასმიეს, თუ არს შვილი მეფისა ჩუენისა ლაშასი, სახელითა დავით, რომელი დაუტევა ძმამან დასა თჳსსა რუსუდანს, რათა იგი დაადგინოს მეფედ, ხოლო რუსუდან მეფემან წარავლინა საბერძნეთს, სულტანს თანა, რათა წარწყმიდოს. და გუასმია, რომე ცოცხალ არს, და პატიმრად ჰყავს. აწ გევედრებით, რათა წარავლინოთ ერთი ვინმე სახელოვანი კაცი და მოიყვანოთ დავით და მეფე ჰყოთ ჩუენ ზედა“.

და ვითარ ესმა ნოინთა, განკჳრდეს საქმისა მისთჳს, რომელი ექმნა მეფესა რუსუდანს. და მსწრაფლ წარავლინეს ანგურაგ მოციქული და ვარამ გაგელი და სარგის თმოგუელი. მცირედთა დღეთა მიიწივნეს საბერძნეთს სულტანს თანა, და აუწყეს, ვითარმედ: „დავითის ძებნად მოვსრულ ვართ, რათა მოგუცეთ და წარვიყვანოთ“. ხოლო იგი არღარა ჰგონებდა სიცოცხლესა მისსა, და ეტყოდა, ვითარმედ: „ყრმა დავით წარმოევლინა მეფესა ქართველთასა, რათა ექსორია-ვყო, და ძუელ ოდესმე ექსორია-ვყავ. აწ არს შჳდი წელი, არა უწყი, ცოცხალ არს, ანუ მკუდარ“.

ხოლო მათ აუწყეს, ვითარმედ: „ჩუენ უწყით, რომე ცოცხალ არს, ჯურღმულსა შინა მყოფი გუელთა თანა“, რამეთუ სოსანს ასმოდა მისლვა მათი და ეხილნეს ვარამ და სარგის და ეუწყა სიცოცხლე დავითისი. ხოლო ვითარ ცნა სულტანმან, წარავლინა კაცი და გამოიყვანა დავით, კნინღა სულიერ მყოფი, რამეთუ ვითარ უსულოდ რადმე, განყინულად ანუ მკუდრად მოძრავად საგონებელ იყო მხილველთა მიერ, და უცხო იყო სახილველად, რამეთუ ფერი პირისა მისისა დაყჳთლებულ, და თმანი ვიდრე მსხვილბარკლამდე, და ფრჩხილნი ფრიად გრძელ. რომელ იხილეს, განკჳრდეს სიცოცხლესა მისსა სულტანი, და ვარამ და სარგის, დიდად ცრემლოოდეს. ხოლო სულტანი ლმობიერ იქმნა, განბანა და მრავალი ნიჭი მიანიჭა: შესამოსელი, ცხენნი რჩეულნი, ოქრო და ვეცხლი, ფრიად პატივ-სცა და შენდობასა ევედრებოდა. და ესრეთ წარმოავლინა. და ვითარ მოიწივნეს საქართველოს, მიეგებნეს ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი, შანშე და ძე მისი ზაქარია ამირსპასალარი, კაცი სიკეთითა აღმატებული, ყუარყუარე ჯაყელი, სურამელი გრიგოლ, ქართლის ერისთავი, ორბელნი, გამრეკელი, შოთა კუპარი, და ყოველნი მთავარნი, თჳნიერ ეგარსლანისა.

და წარვიდეს ნოინთა წინაშე. ხოლო მათ იხილეს და განიხარეს. მეფობა ვერ დაუმტკიცეს, არამედ წარავლინეს დიდსა ბათო ყაენისასა. და წარჰყვეს თანა შანშეს ძე ზაქარია, ვარამის ძე აღბუღა და სარგის თმოგუელი. წარვიდეს ბათოს წინაშე.

ვითარ მიიწივნეს, კეთილად შეიწყნარნა ბათო, შანშეს ძე ზაქარია და აღბუღა თჳსად დაიჭირნა და მეფე დავით მანგუ ყაენს წინ წარავლინა. და წარჰყვა თანა სარგის თმოგუელი ყარაყურუმს. მიიწივნეს მანგუ ყაენს წინაშე, რომლისადა მიემცნო ბათს, რათა განიხილოს და განბჭოს, რომელსაცა ორთაგან დავითს ხუდებოდეს მეფობა, მას დაუმტკიცოს.

ხოლო მი-რა-იწივნეს, დახუდეს მანგუ ყაენისსა ნარინ დავით მეფე, ათაბაგი ავაგ, სურამელი, გურკლელი, ამირეჯიბი ბეშქენ. და ესრეთ მრავალ ჟამ იყოფოდეს ხატაეთს და ყარაყურუმს.

მაშინ ინებეს თათართა ნოინთა, საქართველოს მყოფთა, მიყვანა სულტნისა ყიასდინისა წინაშე მათსა, და მოუწოდეს ელჩთა, მსწრაფლ წარავლინეს. ვითარ იხილეს სულტანი სიმდიდრითა უზომოთა და განსაკრთომელითა, ინებეს მისიცა წარვლენა ყაენს ბათოს თანა, და წარავლინეს იგიცა. და თუ სადა ვინ იყო ჴელმწიფე, დამორჩილებული მათი, ბათოსთან წარავლენდიან, და ბათო მანგუ ყაენს თანა წარავლინის, ვითარ-ესე სულტანი ყიასდინცა წარავლინა მანგუ ყაენისასა. და იყოფოდეს ორნი იგი დავით და დავით, ყიასდინი, სულტანი საბერძნეთისა, ხლათისა სულტანი და ათაბაგი ავაგ ხატაეთს და ყარაყურუმს, და დაყვნეს ვითარ ხუთისა წლისა ჟამი.

21. ხოლო ამათ ჟამთა იქმნა საქმე ესე. ამას მანგუ ყაენს ესხნეს ძენი ორნი: უხუცესი ვითარმე ყუბილ ყაენ, უმცირესი ულო, რომელსა ეჯანობითცა უწოდდეს. ამან მანგუ ყაენმან განაჩინა ყაენად პირმშო ძე თჳსი, ყუბილ ყაენ, და უბრძანა ლაშქრობა დასავლეთით კერძო, ბაბილოვანსა, რომელ არს ბაღდადი, და ეგჳპტისა და ყოვლისა დასავლეთისა კერძოთა. ხოლო ულოს უბრძანა წარსლვა დიდად ინდოეთად და მუნ განლაშქრობა. გარნა ძნელად აღუჩნდა ყუბილ ყაენს წარმოსლვა დასავლეთით, ულოს - წარსლვა ინდოეთის კერძოთა. მაშინ ევედრა ულო ძმასა, რათა განცვალონ ლაშქრობა და ულო დასავლეთით კერძო წარმოვიდეს და ყუბილ ყაენ - ინდოეთს. ვითარ ცნა ყუბილ ყაენმან, სიხარულით შეიწყნარა სიტყუა ულოსი და განცვალეს ლაშქრობა. და მოაჴსენეს მანგუ ყაენს, მამასა მათსა, სალაშქროსა განცვალება და ულოსი ბაბილოვანს და ეგჳპტეს წარსლვა, რომელსა ნება-სცა მანცა. და მოუწოდა ძესა თჳსსა ულოს და მისცა ლაშქარი ვითარ ექუსი ბევრი მჴედარი დედა-წულითა მათითა და ხუასტაგითა. და განაჩინა მჴედართმთავრად, რომელსა-იგი ულუს-ნოინობით უწოდეთ და აწ ბეგლარბეგად, სახელად ელგა ნოინ, ნათესავით ჯალაირი, კაცი პატიოსანი და სათნოებიანი, სიმართლისმოქმედი. ამას მოსცა ვითარ მჴედარი ათი ათასი. წარვიდეს ულო და მჴედართმთავარი მათი ელგა ნოინი, განვლეს თურანი და ჯეონი, მოიწივნეს ხუარასნის არესა და მიერ ალმუთს.

ვითარ მოიწივნეს ბრძოლად ალმუთისა, მოკუდა მანგუ ყაენი. და დასვეს ტახტსა მამისა მისისასა ყუბილ ყაენი, რომელი მამასა მისსა დაედგინა ყაენად. და დარჩეს ყარაყურუმს ზემოჴსენებულნი ესე ჴელმწიფენი - დავით და დავით უცალოებისაგან თათართასა

ხოლო ულო მოიწია ადარბადაგანს მჴედრითა სამოცი ათასითა. ვითარ ცნეს ნოინთა ჩორმაღონ, იოსურ, ბიჩო, ანგურაგ, წარემართნეს მიგებებად ულოსა, და თანა-წარიტანნეს ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი, და უმეტეს ეგარსლან, რომელსა, ვითარცა მეფესა, მორჩილობდეს ყოველნი მთავარნი საქართველოსანი. და მიეგებნეს ადარბადაგანს. და შეკრბეს ორნივე თათარნი, პირველ მოსრულნი, რომელთა თამაჩობით უწოდეს, და ულო ყაენს თანა მოსრულნი.

და წარჩინებულნიცა საქართველოსანი მივიდეს ულოს წინაშე. იხილნა და კეთილად შეიწყნარნა, და აამჴედრა, მათ თანავე მბრძოლად განაჩინა, და უბრძანა რომელსამე ულდაჩად, რომელ არს მეჴრმლე, რომელსა არტყია ჴრმალი და კარსა ზედა მდგომარე არს; რომელსამე სუქურჩად, ესე იგი არს, რომელსა საგრილობელად შექმნული მრგუალი შესაკეცელი და გასაშლელი აქუნდა თავსა ზედა ყაენისასა, მაღალსა შეშასა, ვითარცა ბუნსა დროშისასა ზედა განრთხომილი იყვის. ამას სუქურად სახელ-სდებდეს, და უკეთუ არა ყაენთა ნათესავი იყვის, არავის ჴელ-ეწიფებოდა დაჩრდილება მათი; სხუათა ყუბჩაჩად, რომელთა აქუნდის ტანისამოსი და ალაქ-ბაშმაღი; სხუათა ეგვდანჩად, რომელ არიან კარისმცველნი მეკარენი; სხუათა ყორჩად, რომელთა აქუნდა მშჳლდ-ქარქაში. ესევითარითა უშუერითა პატივითა პატივ-სცა ყაენმან დიდთა ამათ მთავართა საქართველოსათა და თჳთეულ-სა პატივად განუჩინა.

და წარმოვიდეს ადგილსა, რომელსა ეწოდების ალატაღი. და მივიდეს ყოველნი მორჩილნი წინაშე მისსა, და დაჯდა ტახტსა საჴელმწიფოსა, და ილოცეს წესისაებრ მათისა და უწოდეს ყაენად. აქა იწყო ყაენობა ამათ ზედა ულოსი.

რამეთუ პირველ ამათ თამაჩთა ნოინთა ოთხთა მიერ განეგებოდა ქუეყანა საბრძანებელისა მათისა. პირველად რომგური, რომელ არს ხუარასანი, ერაყი, ადარბადაგანი, მოვაკანი და ბარდავი, შირვანი, საქართველო ყოველი, ხლათი და საბერძნეთი დიდი ვიდრე ასიადმდე ამათ ოთხთა ნოინთაგან განეგებოდა და მათი საურავი იყვის, ვითარ ძუელ ოდესმე შემდგომად სიკუდილისა რიმოისა რომოსიონთა ქუეყანათა განაგებდეს ოთხნი იპატოსნი. და ვინათგან მოიწია ულო, იწყო საურავად ქუეყანად და განაგებდა წესთა ყაენობისათა აღსრულებად.

მათვე ჟამთა წარმოავლინეს სხუათაცა ყაენთა შვილნი მათნი, რომელთა ქოუნ უწოდიან: ბათო - ვიდრემე ტუთარ, ჩაღატა ყაენის შვილმან, ურყან, - ყული და თულის ნათესავისაგან - ბალაღა, რათა ქუეყანა მათი წილხდომილი ყაენის შვილთა დაიპყრან და ხარაჯას იგინი აიღებდეს. და ოქოთა ყაენის შვილისშვილი, ყუბილ ყაენის ძმა, ულო, აქა დახუდა პირველ მოსრული. ვითარ იხილა ულო სამნი ესე ქოუნნი, შეიწყნარნა და მისცა ქუეყანა ხუედრი მათი, და ესრეთ მშჳდობით იყოფოდეს.

ხოლო ქუეყანა სამეფო, საყდარნი და მცხეთა და მისი მიმდგომი ქუეყანა და მონასტერნი არავისაგან იცვებოდეს, რამეთუ წარჩინებულნი სამეფოსანი თჳსისა ქუეყანისათჳს ზრუნვიდეს. ამისთჳს წარვიდა ულოს წინაშე კათალიკოზი ნიკოლოოზ, მხილველი კაცი, ანგელოზთა მობაძე, მრავალთა მოღუაწებათა შინა საკჳრველი, მართლმადიდებელი, ძლიერი და თუალუხუავად მამხილებელი მეფეთა და მთავართა, რამეთუ იყო უმანკოცა, და არავის თუალნი აუხუნის. იხილა რა ყაენმან, განკჳრდა წესსა და ხილვასა შესახედავსა მისსა, რამეთუ არა მეცნიერ იყო ნათესავსა ქართველთასა, თჳნიერ არქუანთა. და ვითარ პატივ-სცა, დაუწერეს იერლაყი, რომელ არს ბრძანება. შეუქმნეს და მოსცეს შანად ჯუარნი ოქროსანი და შეუმკუნა თუალითა და მარგალიტითა, და უბოძა ერთი თჳთ კათალიკოზსა და ერთი - მოძღუარსა ვარძიისასა, რომელი თანა-ჰყვა კათალიკოზსა. და არგანიცა იგი, ოქროთა შემკული, მოანიჭა კათალიკოზსა ოდენ, ჯუარიანი იგიცა. და ესრეთ პატივითა წარმოავლინეს, და დაიცვნა ყოველნი საყდარნი და მონასტერნი.

22. ხოლო იყვნეს ორნივე დავით და დავით ყუბილ ყაენს წინაშე და იურვოდეს ორნივე მეფობასა. თმოგუელი სარგის ძლიერად წინა-აღუდგებოდა თჳთ ნარინ დავითს და რომელნი მის წინაშე იყვნეს, თანაზრდილნი მისნი, რამეთუ იტყოდეს: „არა ჯერ-არს, რათამცა ნაშობმან დედაკაცისამან დაიპყრას მეფობა და არა ძემან თჳთმპყრობელისა მეფისა მამაკაცისამან“. ხოლო იგინი მიუგებდეს, ვითარმედ: „დაღათუ ნარინ დავით დედაკაცისა ნაშობი არს, არამედ მეფევე იყო გჳრგჳნოსანი რუსუდან, ძმისა მისისა გიორგისაგან დატევებული, და მეფისავე ძე არს ნარინ დავით“. და ვითარ განგრძელდა ცილობა, ავაგ ამირსპასალარი წარმოავლინეს და მისცეს იერლაყი შეწყალებისა, და ქალი ქმნულკეთილი, ნათესავი წარჩინებულთა, სახელით ესლომ, და ელჩი ულოს ყაენს თანა, რათა კეთილად შეიწყნაროს ავაგ. და ესრეთ მოიწია ულო ყაენს წინაშე, ხოლო მან პატივითა შეიტკბო და წარმოავლინა საქართველოს, მამულსა თჳსსა.

და ვითარ ცნეს ქართველთა მოსლვა ავაგისი, ამირსპასალარისა, წინა-მოეგებნეს ყოველნი მთავარნი და წარჩინებულნი, თჳთ შანშე და ეგარსლან, რომელსა კნინღადა სახელიცა მეფობისა ეპყრა. და ვითარ მიეახლა ავაგ, ჰგონებდა ჰუნისაგან გარდამოჴდომად და ეგრეთ ხილვად ეგარსლანისაგან. ხოლო იგი განლაღებულ იყო, არა ინება წესისაებრ პატივით ხილვა და ამბორისყოფად ავაგისა. და ვითარ იხილა ავაგ, განძჳნდა, თავსა მათრაჴითა უხეთქნა და უბრძანა მის ქუეშე დაწესებულთა, რათა ცხენისაგან უპატიოდ დაამჴუან ქუეყანად, და ყვესცა ეგრეთ, პატივისაგან უპატიოყვეს და განძრცჳლი განაძეს, და მიერითგან უპატიო იქმნა. და ესრეთ განაგდეს შანშე და ავაგ და თავადთა საქართველოსა.

ხოლო ჩუენ პირველივე სიტყუა მოვიჴსენოთ. და ვითარ ცილობა იყო მეფეთა შორის და არა განეჩინეს ყუბილ ყაენს, თუ რომლისა იყოს მეფობა, ამისთჳს დაშთეს მრავალთა წელთა ყარაყურუმს. ხოლო სულტანი ყიასდინი და ხლათელი წარმოავლინეს ავაგსავე თანა, და მივიდეს სახლსა სამეფოდ მათდა. და ვითარ განგრძელდა ყოფა ყარაყურუმს და ხატაეთს ორთავე მეფეთა, მაშინ ინება ყაენმან ყუბილმან, წარმოავლინნა ორნივე მეფენი ძმასა მისსა ულოს თანა, და მიუმცნო ესრეთ, რათა, უკეთუ სთნდეს, ორთავე მისცეს მეფობა, რომელ ყოცა ულო უკანასკნელ. და ესრეთ მოიწივნეს ულოს წინაშე, რომელი იხილა და შეიწყნარა, და ორთავე მეფობა დაუმტკიცა და მისცა ყოველი სამეფო მათი.

და ვითარ ესმა ქართველთა მოსლვა მეფეთა, უზომოთა სიხარულითა აღვსებულნი წინ-მიეგებნეს, ალატაღს იმერნი და ამერნი წარჩინებულნი, და იყო სიხარული და მადლობა ღმრთისა. ვითარ დაყვეს მცირედი ჟამი ულო ყაენს წინაშე, წარმოავლინა ქართლს, და მოვიდეს ტფილისს სიხარულითა. და შეკრბეს კათალიკოზისა თანა ყოველნი ეპისკოპოზნი და ყოველნი მთავარნი და ერისთავნი, დასხდეს ტახტსა მამათა მათთასა ტფილისს დავით და დავით - ორნივე.

ხოლო მოწევნულ არს ესეცა სიტყუა, რომელ სხუა ვინმე ყოველთა აღმწერელი იტყჳს, ვითარმედ: ყარაყურუმს ყოფასა ორთავე მეფეთასა გუიუქ ყაენმან ესრეთ გაბჭო, რომე მეფობა ლაშას ძესა დაუმტკიცონ, და ესრეთ წარმოავლინა, და რუსუდანისა ძე, დავით, მაშინვე ლტოლვილი ღამით განიპარა და წარვიდა აფხაზეთს. და მე არა შევიწყნარებ ამას. პირველად უწყოდეთ, რომელ [გუიუქ] ყაენსა მას არა გაეყო, და არცა მანგუ ყაენს, ყუბილის და ულოს მამასა, და მეფობა ორთავე მანგუ ყაენის შვილმან, ყუბილ ყაენმან, მოსცა და ულო ყაენისა წარმოავლინა, და მანცა ორთავე დაუმტკიცა მეფობა.


IV

23. და ორნი დასხდეს ტახტსა ზედა და აზომ, რომელ მრავალი სიგელი იპოვების და თჳთ მე მინახავს, რომელ სიგლისა თავსა სწერია: „მეფენი ბაგრატოანნი“, და „ნებითა ღმრთისათა, დავით და დავით“, და ჴელიცა ორთავესი რთავს: „ჩემ დავითისგან მტკიცე, და ჩემ დავითისგანცა მტკიცე არს“. ხოლო დასხდეს ორნივე მტკიცედ მეფედ, ვითარ ვთქუ, რომლისათჳს საეჭუელ იქმნა შანშესგან ლაშას ძისა დავითის სიყუარული, და ავაგისგან რუსუდანის ძისა დავითის მიმდგომობა. და ვერ განაცხადეს, რამეთუ ორნივე, დავით და დავით, სიყუარულსა ზედა ეგნეს და არა წინა-აღუდგებოდეს ერთმანერთსა. და მორჩილობდეს ყაენსა ულოს და ხარაჯას მისცემდეს. ხოლო უპირატესი პატივი და ზემოჯდომა ლაშას ძესა, დავითს, ეპყრა ლაშას ძეობისათჳს, დაღაცათუ უხუცესობისათჳს.

ვინათგან თათარნი არა დამშჳდნეს ყოველთა ნათესავთა სრვად და ოჴრებად, და თანამბრძოლ აქუნდეს ქართველნი წყობათა შინა სიმჴნისა მათისათჳს, ამისთჳს დიდსა ჭირსა შინა იყვნეს მეფენი და მთავარნი. დაუცხრომლად ებრძოდეს ურჩთა, და უმეტეს ალმუთს მყოფთა. რამეთუ შჳდისა წლისა ჟამთა განგრძელდა ბრძოლისა ყოფა მათი. ამისთჳს წარავლინა ულოცა ნოინნი და მათ თანა მეფე გიორგის ძე, დავით, ქართველთა სპითა, რათა ბრძოდენ ალმუთს. ხოლო იგინი, ამისნი მცნობელნი, მრავალთა ომთა მიერ შეიწრებულნი, ყოვლისა ღონისძიებისაგან უღონოქმნილნი, ივლტოდეს ეგჳპტედ, რომელ არს მისრი, რამეთუ აღიღეს დედა-წული და ხუასტანი და ყოველი სიმდიდრე მათი, და მუნ დაამკჳდრნა სულტანმან მისრეთისამან. და აწ რომელ მულიდნი მისრეთით გამოვლენ, იგივე ალმუთელნი არიან, მუნ დამკჳდრებულნი.

და ესრეთ რა ჴელთ-იგდო ულო ალმუთი და ყოველი ხუარასანი, ინება ამჴედრება ყოველთა ნათესავთა ურჩთა და მოსრვიდა კაცთა ესოდენ, რომელ ათორმეტი დღე ოდენ დაყვეს ერთსა სადგურსა ზედა ამისთჳს, რომე მოკლულითა კაცითა აღყროლდის ადგილი იგი, რომელ დგის. ხოლო უმეტეს სპარსთა მოსწყუედდის, რამეთუ საძაგელ უჩნდის სჯული მუსულმანთა. ხოლო ამას თანა აქუნდა სამართალი განმკითხველობისა.

ამას ულოსა თანა იყვნიან მარადის მეფენი ორნივე, დავით და დავით. ხოლო იყო ესე ლაშას ძე დავით ტანითა დიდ და ახოვან და სხჳლ და მოისარი მაგრითა მშჳლდითა, უმანკო, წრფელ, მალემრწმენ, შემნდობელ ბოროტისმყოფთა. და რუსუდანის ძე დავით იყო ტანითა ზომიერ და თხელ, ფერითა ფეროვან და შუენიერ, და თმითა თხელ, ფერჴითა მალე, მონადირე რჩეული და კეთილად მსროლელი ნადირთა, ენატკბილ და სიტყჳერ, უხუ და მდაბალ, ცხენსა ზედა მჴნე და ლაშქრობათა შინა გამგონე და სამართლისმოქმედ, უმეტესობის მოღუაწე. ესენი უმრავლესსა ჟამსა ულოს ყაენს წინაშე იყვნენ. და ულო ლაშას ძისა დავითისთჳს უმეტეს მოყუარულ იყო და რუსუდანის ძისა დავითისთჳს მოძულე. ხოლო ვითარ იყო რუსუდანის ძე ალატაღს, ულოს წინაშე, დაიპყრეს და წარმოავლინეს საზამთროსა ადგილსა ბარდავს. და ვითარ მოიწივნეს ნახჭევანს, მიერ წარვიდა აფხაზეთს დავით რუსუდანის ძე სამითა ოდენ კაცითა, რომელი იყო გურკლელი და ამირეჯიბი და სურამელი ბეგაი, რომელსა თათარნი სალინ-ბეგობით უჴმობდეს, ესე იგი არს კარგი ბეგაი. წარვიდა აფხაზეთს, რამეთუ ლაშას ძე დავით ტფილისს იყო მას ჟამსა. და ვითარ მოიწია ნარინ დავით ქუეყანად ავაგ ათაბაგისა შეურაცხითა შესამოსლითა, იხილა იგი მომავალი ნადირობას მყოფმან სუმბატ ორბელმან.

რამეთუ მოწყუედასა მას ორბელთასა მეფისა მიერ ლტოლვილი წარსრულ იყო ნახჭევანს, სახელითა ლიპარიტ. ესე მიიწია ქუეყანად ელიგუნისად. ხოლო ელიგუნ იხილა რა ლიპარიტ ორბელი, სიძედ შეიყვანა და ასული თჳსი აქორწინა, რომელმან შვნა ორნი ძენი, რომელსა უწოდეს ერთსა ელიგუნ და მეორესა სუმბატ. და შვილად მიიყვანა ელიგუნ სუმბატ. ამის სუმბატის შვილმან შვილისამან, სუმბატ, შეიმთხჳა დავით და წარიყვანა სახლად თჳსად. ხოლო დავით ევედრა სუმბატს, რათა არა განაცხადოს, და წარავლინოს აფხაზეთს, და ტუალიცა მისცა იგი სახელოვანი, რომელი წარეტანებინა დედასა მათსა რუსუდანს. და წარმოავლინა უნდოთავე შესამოსლითა შიშისათჳს თათართასა. და მოიწია თორს, ლიპარიტ თორელისასა, რომელსა დევისყურცა ეწოდებოდა. და მან უძღუნა ცხენი და შესამოსელი, წარჰყვა ქუთათისს. ხოლო ვითარცა ცნეს აფხაზთა, სუანთა, დადიანმან, ბედიანმან, რაჭის ერისთავმან და სრულად ლიხთ-იმერელთა, შემოკრბეს სიხარულითა დიდითა და მეფე ყვეს დავით აფხაზთა ვიდრე ლიხთამდე.

და აქა შინა შეიქმნა სამეფო ესე ორ სამთავროდ, გარნა ეგრეთცა იყვნეს სიყუარულსა ზედა ერთმანერთისასა დავით და დავით. და დარჩა ლიხთსაქათი ლაშას, ძესა დავითს. და ლიხთიმერი რუსუდანის ძესა. და მოიწყო ყოველი ქუეყანა და მოიგო სიმდიდრე უზომო და წარმართა სახლი სამეუფო კეთილად, და მონებდა ყაენსა.

მაშინ წარმოავლინა ელჩი დიდმან ყაენმან ბათო, რომელსა ეპყრა ყივჩაყეთი და ოვსეთი, ხაზარეთი, რუსეთი, ბორღალეთი ვიდრე სერბეთამდე, დარუბანდამდე და ხატაეთამდე, და მოუწოდა მეფესა დავითს. და წარვიდა წინაშე ბათოსა მეფე დავით ნიჭითა უზომოთა, და დაუტევა განმგებელად სახლისა სამეუფოსა დედოფალი ჯიგდა-ხათუნ და მესტუმრე ჯიქურ, რამეთუ იყო ესე ჯიქური ერთგული მეფეთა უმეტეს ყოველთა კაცთა. რამეთუ სრულიად სამეფოსა შინა მპარავი და ავაზაკი არ იპოებოდა, და თუ სადა გაჩნდის, ძელსა ჩამოჰკიდიან; და სხუად არარა ნიჭთა მქონებელი. ესე განდიდნა მეფისა დავითის მიერ დიდად ერთგულობისათჳს, ჴელთ-უდვა სამეფოსა და სახლისა განგება, და დაუტევა ტფილისს დედოფლისა წინაშე, რომელმან აღაშენა ისანთა პალატი განგებითა დიდითა, და ფხოელნი მოხარკე ყვნა და მეჯორედ ყვნა კაცნი იგი მჴეცისა ბუნებანი.

და წარვიდა მეფე წინაშე ბათოსა, პატივითა შეიწყნარა და ყოველი სათხოველი აღუსრულა. და იყოფოდა მეფე წინაშე ბათოსა ჟამთა მრავალთა. და თჳთეული თემისთემისა ადგილი თჳთეულსა კაცსა შევედრის, რომლისათჳს კახეთიცა პანკელსა თორღუას შევედრა და ამცნო, რათა ბრძანებასა დედოფლისასა ერჩდეს. ჰგონა თორღუამან არღარა მოსლვა მეფისა, უკუ-დგა პანკისს ციხესა, თჳსად დაიჭირა კახეთი, არღარა მორჩილდებოდა დედოფალსა და მესტუმრესა ჯიქურსა.

მაშინ შეიწყალა ყაენმან მეფე დავით და მოსცა სუქური საჩრდილობელი, რომელი სხუასა არავის აქუნდის, თჳნიერ ყაენთა და ნათესავსა მათსა. და მოუმცნო ულო, რათა თჳნიერ ულუსისა ნოინისა კიდე ურდოს შესლვასა მეფისა ზედათ არავინ დადგებოდის, რამეთუ ესე იყო წესი თათართა, რომელ ყაენს წინაშე არავინ დაჯდებოდის, არცა პურისჭამასა შინა. ესრეთ პატივ-სცა მეფესა და წარმოავლინა სამეფოდ ქართლად. და ვითარ მოიწია ჰერეთს, მიეგებნეს ყოველნი წარჩინებულნი სამეფოსა მისისანი. ხოლო თორღუა შეშინებული უკუდგა პანკისს. და მეფე მოიწია ტფილისს. და იყო სიხარული ყოველთა მკჳდრთა საქართველოსა. ხოლო თორღუას მოუწოდა მეფემან დავით, და არა მოვიდა კარად მეფისა შიშისათჳს. და მრავალჯერ უწოდა, და ვერ ეძლო გულპყრობად მოსლვად. მაშინ განზრახვითა ჯიქურისათა წარვიდა ხორნაბუჯელი, მივიდა თორღუას სახლსა, რათა მას მიენდოს ფიცითა მტკიცითა. ხოლო თორღუამან რქუა: „წარვალ ალავერდს გიორგის წინაშე, და მუნ შემომფიცე და მუნ მიმინდევ“. და წარვიდეს ორნივე, და თორღუა გამოება ფესუსა სამოსლისა ალვერდისა მთავარმოწამისასა. და მივიდა ხორნაბუჯელიცა, შეჰფიცა და გამოჴსნა ფესჳსაგან. ხოლო თორღუამან რქუა: „რა-იგი ჰყო ჩემ ზედა, ამა წმიდამა გიორგი გიყოს შენ, რამეთუ მარტო ვარ და სიკუდილითა ჩემითა უმკჳდრო იქმნების მამული ჩემი, და ეგრეთვე უმკჳდრო ყოს წმიდამა მთავარმოწამემან სახლი შენი“. და წარმოიყვანა ხორნაბუჯელმან, ფიცთა მტკიცეთა მიერ შეკრულმან, ტაბაჴმელას, და შეურაცხ-ყო აღთქმა და ფიცი იგი, და შეიპყრა ჯიქურმან განზრახვითა დედოფლისათა, თჳნიერ მეფისა ცნობისა, და წარიყვანეს კლდეკართა და გარდმოაგდეს.

ხოლო ვითარ მიეგო ბოროტი ხორნაბუჯელსა ალავერდის მთავარმოწამისა აღთქმისა და ფიცის გატეხისათჳს, იხილეთ, რამეთუ ესუა შვილი ხორნაბუჯელსა, სახელით შალვა, სიკეთეაღმატებული. ამას შალვას ესხნეს შვილნი და მყის დაიჴოცნეს, და ეგრეთ ბერი ხორნაბუჯელი მოკუდა მწუხარებითა, და ხედავთ უმკჳდრობასა სახლისა მისისა. და დარჩა მათი შვილი, სახელით შალვა, რომელი უკანასკნელ თათართა მიერ მოიკლა, და უმკჳდრო იქმნა სახლი მისი. და ესრეთ შური-იგო ალავერდისა მთავარმოწამემან.

24. ამათ ჟამთა ინება ულო ყაენმან აღმჴედრება ბაბილოვანს ზედა, რომელ არს ბაღდადი, და ჴელმწიფესა ბაბილოვნელთასა ხალიფას ზედა. და მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა და წარემართა ბაღდადს ბრძოლისა ყოფად ხალიფასა. მივიდა ქუეყანასა ბაბილოვნისასა, და ვერ წინა-აღუდგა ხალიფა, არამედ შეივლტოდა ბაღდადს. ხოლო ყაენი გარე-მოადგა და მოიცვა იგი. ერთ კერძო თჳთ ყაენი მოადგა წყალს აქეთ, და წყალს იქით - ელგა ნოინი, და ერთ კერძო მეფე დავით, რამეთუ მის წინაშე იყვნეს ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი. და ბრძოდეს ძლიერად არა მრავალთა დღეთა, არამედ ათორმეტ დღე, აღიღეს ბაღდადი.

მეფემან დავით უბრძანა ლაშქართა მისთა, რათა შეთხარონ ზღუდეთა ქუეშე. და შეთხარეს, ზღუდესა შიგან შევიდეს ქართველნი და იქმნა ძლიერი ბრძოლა, და მოსრვიდეს სპათა ბაღდადელთა, და შიში ფრიადი აქუნდა ბაღდადელთა. და ესრეთ განუხუნეს კარნი ქალაქისანი ქართველთა და თათარნი შევიდეს. ამისი მცნობელი ხალიფა, რომელ შევიდეს ქალაქად თათარნი, ივლტოდა ნავითა წყალსა მას ზედა, რომელი ქალაქსა სდის. იხილა ელგა ნოინმან, რომელი იყო წყალსა იმიერ კერძო, მოუჴდა, და ვერ უძლო წარსლვად, უკუნ-იქცა პალატად თჳსად. ესრეთ ადვილად რა ჴელთ-იგდეს სახელგანთქმული იგი ქალაქი ბაბილოვანი, ვინმე მიუთხრნეს განსაცდელნი და ჭირნი, რომელ მოიწივნეს ბაღდადს ზედა? მოსრნეს მახჳლითა ესოდენი სიმრავლე, რომელ არა იყო რიცხჳ. სავსე იყვნეს უბანნი, ფოლოცნი და სახლნი მკუდართა მიერ. ხოლო სიმდიდრისა და ალაფისა, მაშინ პოვნილთა, ვინ-მე მიუთხრნეს? რამეთუ აღივსნეს თათარნი და ქართველნი ოქროთა, ვეცხლითა, თუალითა, მარგალიტითა პატიოსნითა, ლარითა და შესამოსლითა, სამსახურებელი ჭურჭელითა ოქროსა და ვეცხლისათა, რომელ არავინ აღიღებდა თჳნიერ ოქროსა და ვეცხლსა, თუალსა და მარგალიტსა, და შესამოსელთაგან კიდე. სხუანი ჭურჭელნი, ჩინეთით და ქაშანით მოხმულნი და მუნ შექმნილნი. სპილენძი და რკინა უპატიოდ იბნეოდა. და ესრეთ აღივსნეს ლაშქარნი, რომელ უნაგირნი და კურდანი, და ყოველი შეურაცხი სამსახურებელი თუალითა და მარგალიტითა და წითლითა ოქროთა განტენიან, და ზოგთა ჴრმალ-თა ვადისპირსა მოსტეხდიან და ქარქაშნი წითლითა განტენიან და ზედა ნატეხნი ჴრმლისა ჩააგნიან. ზოგთა მკუდარი კაცი ბაღდადელი გამოწლიან და წითლითა ოქროთა, და თუალითა და მარგალიტითა განტენიან და, ვითარ თჳსი მკუდარი, განიყვანიან გარეშე ქალაქსა. და ესრეთ აოჴრებდეს და ჰჴოცდეს და ტყუე ჰყოფდეს.

მიიწინეს პალატად ხალიფასა, გამოიყვანეს ხალიფა და ძე მისი, და ყოველი სიმდიდრე მისი განსაკჳრვებელი, და მოიყვანეს წინაშე ყაენის ულოსა. და ვითარცა წარადგინეს წინაშე მისსა, ეტყოდეს ხალიფას, რათა თაყუანის-სცეს ყაენსა. ხოლო მან არა თავს-იდვა, დადგა და ეტყოდა: „ჴელმწიფე ვარ თჳთმპყრობელი და მონებასა ქუეშე არავის მყოფი. უკეთუ განმიტეო, დაგემორჩილები, და თუ არა განმიტეოთ, არღარავის მონებასა ქუეშე მყოფი მოვკუდები“. ხოლო იგინი აიძულებდეს თაყუანისცემად, გამოუხუნიან ფერჴნი მისნი და პირაღმართ დაეცის, და არა თაყუანის-სცა. ბრძანა განყვანება გარე და წარავლინა ელგა ნოინი, რათა მოკლან ხალიფა და შვილი მისი. ვითარ რქუა ხალიფას, „ყაენმან შეგიწყალა“. მხიარულ იქმნეს და ეტყოდა: „ვითარ შემიწყალებს, განმიტეოს და ბაბილოვანივე მომცეს“. ხოლო ელგა ნოინმან რქუა: „არა, არამედ ყაენი თჳთ მისითა ჴელითა და ჴრმლითა მოგაკუდინებს, და ყაენის შვილი აბაღა შენსა შვილსა მოჰკლავს“. და ხალიფა განკჳრვებული ეტყოდა: „უკეთუ მომკლავთ, გინებს, ძაღლმან, და გინებს, კაცმან მომკლას“. და ესრეთ მოიკლა ხალიფა ყოვლითა სახლეულითა მისითა. და შეიწყალნეს დაშთომილნი ბაღდადელნი, და ბრძანა შენება, და დაყარნეს შანანი, და ესრეთ სავსენი ტყუე-ალაფითა მივიდეს სადგურს.

ამათ ჟამთა შინა იქმნა ესეცა, რამეთუ ყაენმან ბათო, რომელ უდიდეს იყო ყოველთა ყაენთა, ინება განსწორება და აღთუალვა ყოვლისა ქუეყანისა. და პოვა კაცი ვინმე, ნათესავით ოირადი, სახელით არღუნ, სამართლისმოქმედი და მართლის მეტყუელი, და ღრმად გამგონე და გამზრახი რჩეული. ესე წარავლინა ყოველსა საბრძანებელსა მას მისსა რუსეთს, ხაზარეთს, ოვსეთს, ყივჩაყეთს, ვიდრე ბნელეთამდე, და აღმოსავლით ვიდრე ჩინეთამდე და ხატაეთამდე, რათა აღთუალოს და განაჩინოს მჴედარი და მეომარი, ლაშქრად განმავალი ნოინთა თანა, დიდთა და მცირეთა, ღირსებისაებრ მათისა, ულუფა, რომელ არს ძღუენი მიმავალთა გზად, ქირა ცხენისა და საპალნისა, ვითარ განაჩინა საბრძანებელსა ბათოსსა, მიერ წარავლინა ყარაყურუმს ყუბილ ყაენს წინაშე, რათა მანცა ესრეთ განაჩინოს ჴელსა ქუეშე არღუნისასა. და მი-რა-იწია ყუბილ ყაენს წინაშე, ინება მანცა ესრეთ ქმნად და წარავლინა იგივე არღუნ განგებად საბრძანებელისა მათისა. და განუწესა იგივე წესი და მივიდა ტახტსა ჩაღატა ყაენისასა და ურყანს წინაშე. ინება მანცა და განაწესეს თურანს, და განაგო მანდაური ყოველი. და გამოვლო ჯეონი და მოვიდა ხუარასანს, ერაყს და ყოველსა რომგურსა, და განაგო ესრეთვე.

და მოიწია ყაენს ულოს წინაშე, და მან პატივითა შეიწყნარა და წარმოავლინა საქართველოს, მეფეს დავითს წინაშე, და საბერძნეთად, და ყოველსა საბრძანებელსა მათსა ზედა განაჩინა აღწერად და განგებად. და ვითარცა მოიწია საქართველოსა, დიდსა ჭირსა მიეცნეს ყოველნი მკჳდრნი სამეფოსა დავითისნი. და იწყეს აღწერად კაცითგან და პირუტყუთამდე, ყანით ვენაჴამდე, წალკოტით ბოსტნამდე. და ცხრასა გლეხსა, სრულისა მიწისა მქონებელსა, ერთი ლაშქარს წარმავალი კაცი შეაგდიან. და გამოჴდა სამეფოსაგან დავითისა ცხრა დუმანი მჴედარი, თათართა თანა წარმავალი, რომელ არს ცხრა ბევრი. და განაწესეს ძღუენი სოფლისაგან ათასისა მჴედრისა მთავარსა კრავი ერთი და დრაჰკანი ერთი, ხოლო ბევრისა მთავარსა - ცხოვარი ერთი და დრაჰკანი ორი, და მიზდი ცხენისა - თეთრი სამი, დღისა ერთისა. და ესრეთ განუწესა და წარვიდა საბერძნეთს და ბაღდადს და ყოველგან.

ამან არღუნ განაწესა, რა-იგი ჯერ-იყო, ოთხსავე საყაენოსა შინა, რამეთუ იყო კაცი ესე სამართლისმოქმედი. ხოლო ხუცესთა და მონაზონთა და საეკლესიოთა განწესებათა არა შეაგდო საზღავი, არცა ყალანი, ეგრეთვე შეიხთა და დავრიშთა, და ყოვლისა სჯულისა კაცნი, საღმრთოდ განჩენილნი, განათავისუფლნა.

და მას ჟამსა ინება ყაენმან ულო აღმჴედრება ეგჳპტეს ზედა და მოუწოდა მეფესა ყოვლითა სპითა მისითა და წარვიდა ბრძოლად სულტნისა. და მიიწია შუამდინარედ და იწყო ოჴრებად ყოველსა შუამდინარესა და შამსა. და ვითარ ესმა სულტანსა ეგჳპტისასა, აღმჴედრდა წინაგანწყობად თათართა და მოიწია მდინარესა ზედა ევფრატსა ყოვლით მჴედრებით მისით. და მივიდეს თათარნი და განვლეს მდინარე, რამეთუ არა მოახლებულ იყო სულტანი პირსა მდინარისასა. და წინა-მიეგებნეს, სულტანი წინა განეწყო და იქმნა ომი ძლიერი, სადა-იგი დავით მეფე და სპანი მისნი წინა-მბრძოლობდეს ძლიერად. და მოსწყდეს ორგნითვე, და ივლტოდეს მეგჳპტელნი, ხოლო ერი მრავალი მოსწყდა სულტნისა. და ესრეთ ყაენმან დაიბანაკა მრავალ დღე პირსა ევფრატისასა, სადა-იგი იხილა ქალაქი მცირე მდინარესა ზედა ევფრატისასა, ძლიერად განმაგრებული, რომელ ერთ კერძო კლდე იყო და ერთ კერძო მდინარისა ევფრატისა მიერ შეცვული. და ვითარ იხილა ყაენმან სიმაგრე ქალაქისა, უღონო იქმნა ბრძოლად, გარნა მოიგონა საქმე საკჳრველი, რამეთუ ეტყოდა მის ქუეშე დაწესებულთა: „არა არს ღონისძიება ბრძოლისა ყოფად ქალაქისა. მნებავს, რათა აღვმჴედრდეთ და გარე-მოვიცვათ ქალაქი და ვითარ ძაღლთა, ვიწყოთ ყუილი და ყვირილი“. და ვითარცა ესმა ესე, განკჳრდეს, და აღმჴედრდეს და ვითარცა ძაღლთა იყუვლეს. და რა მიიწია ჴმა ესე ქალაქად, იქმნა საქმე საკჳრველი, რამეთუ განსქდა ქალაქი ორად, ნახევარი წარიქცა კლდითურთ წყლისაკენ და მოისპო სული ურიცხჳ. ესრეთ ჴელთ-იგდო და წარვიდა შამად და შუამდინარედ. და მოეგებნეს ყოველნი მკჳდრნი შუამდინარისანი და შამისანი, სავსენი ურიცხჳთა ძღუნითა.

25. ხოლო მეფე დავით და ქართველნი იაჯნეს ყაენისაგან წარმოსლვასა, რამეთუ მრავლით ჟამითგან იყვნეს ლაშქრობათა შინა. მაშინ ყაენმან ულო მისცა თავისუფლება და წარმოემართნეს. და ესრეთ სავსენი ურიცხჳთა ნიჭითა და ალაფითა გამდიდრებულნი მეფე დავით და ქართველნი მოიწივნეს ადარბადაგანს და მუნით მოვიდეს ტფილისს, სავსენი სიხარულითა.

ამათ ჟამთა შინა მწუხარე იყვნეს წარჩინებულნი მეფისანი, რამეთუ ჯიგდამან არა შვა შვილი. ამისთჳს ინება მეფემან მოყვანება შვილიერების ძლით ალთუნ, ნათესავით ოვსი, მეუღლედ, აღმთქმელმან, უკეთუ მიეცეს ყრმა წული, არღარა შეიწყნაროს, არამედ განუტეოს. და ვითარ გამოჴდა მცირე ჟამი, მუცლად-იღო ალთუნ ძე და შვა, და უწოდეს სახელი გიორგი, რომელი აღიქუა და შეიყვანა შვილად დედოფალმან ჯიგდა-ხათუნ. და შემდგომად მცირედისა მიუდგა და შვა ასული, და უწოდა სახელი თამარ. და აქა შინა განიშორა საყუარელი თჳსი ალთუნ, ნათესავით ოვსი, რომელი ფრიად ქმნულკეთილი იყო, და შემდგომად მცირედისა გარდაიცვალა დედოფალი ჯიგდა-ხათუნ, და წარიყვანეს სამარხოსა დედოფალთასა მცხეთას და დაკრძალეს.

მას ჟამსა წარვიდა მეფე დავით ულო ყაენს წინაშე მუღანს, რამეთუ იგი აქუნდა სადგურად საზამთროდ, და მიერ წარმოჰყვა სადგურსა საზაფხულოსა, და მუნით წარმოავლინა მეფე ქართლად, რათა მზა იყოს მეფე ლაშქრად ეგჳპტესა, რომელ არს მისრეთი. და შემოიარა ქუეყანა ავაგ ათაბაგისა, ივანე ათაბაგის ძისა, რამეთუ მას ჟამსა გარდაცვალებულ იყო ავაგ, და არა დაშთა ყრმა წული, არამედ ქალი ერთი, სახელით ხუაშაქ. და მივიდა მეფე ბიჯნისს ტირილად, და იხილა ცოლი ავაგისი, კახაბერის ძეთა, რაჭის ერისთავთა ასული, სახელით გუანცა, ქმნულკეთილი, ეტრფიალა და შემდგომად მცირედისა მიიყვანა იგი ცოლად და დედოფლად, წარმოიყვანა სამეფოდ. ხოლო ქალი იგი ავაგისი დაუტევა მამულსა თჳსსა ზედა, და შევედრა მანკაბერდელსა სადუნსა, რომელი იყო კაცი ბრძენი და გონიერი, და კეთილისგანმზრახავი და ჰაეროვანი, ძალითა ფრიად ძლიერი და მორკინალი რჩეული, საჩინო და მოისარი ჴელოვანი, რომელი წარდგა წინაშე და თაყუანი-სცა ულოს და ჴელპყრობილმან რქუა: „ვინათგან მოგცა თქუენ ღმერთმან ძლევა ყოველთა მტერთა ზედა და ყოველთა კაცთა უმჯობესად გამოგაჩინა, და აწ აქა არს მჴედარი ასი ათასი, ვინცა მერკინების, გინა მედგინების, ანუ ისარსა განვასრევთ, მზა ვარ“. და არავინ იპოვა მსგავსი მორკინალი მისი, და ვინცა იპოვა, ყოველთა სძლო. ესე შეყუარებულ იქმნა ყაენ ულოსაგან, და იწყო განდიდებად. და გონიერებითა მისითა მეფემანცა დავით პატივ-სცა და შევედრა სახლი ავაგისი. ხოლო დედოფალი გუანცა მიუდგა და შვა ყრმა და უწოდა დიმიტრი, რომელი შემდგომად დავითისა მეფე იქმნა, რომელი ქუემორე სიტყუამან ცხად-ყოს.

ამის გუანცას დედოფლობა მძიმედ-უჩნდა მესტუმრესა ჯიქურს, რამეთუ მტერ იყვნეს. ამისთჳს განზრახვითა სუმბატ ორბელისათა შესმენილ იქმნა, ვითარმედ: „ჯიქურ წარავლენს კაცთა არღუნს წინაშე, რათა აუწყოს ყაენს ულოს სიმდიდრე მეფისა, და ეგულების განდგომა“. ხოლო ვინათგან დავით მეფე უმანკო იყო, რომლისათჳს უმანკოსა ყოველი რწამნ, წარავლინა მსწრაფლ წინაშე მდგომელნი და ბრძანა წინაშე მოყვანება მისი, და სახლისა მისისა იავარყოფად. და ვითარ აღასრულეს მსახურთა მეფისათა, და წარადგინეს წინაშე მეფისა ჯიქური ღამით, რამეთუ მეფე ჯდა ისანთა მხედველი მტკურისა, და არა სიტყუა-ყო მის თანა, არამედ განუკითხავად ბრძანა შთაგდებად მტკუარსა. ხოლო ვითარ განთენდა, იხილეს ჯიქურ, რიყესა ზედა განგდებული წყლისაგან, და განკჳრდეს ყოველნი მხილველნი ანასდათისა სიკუდილისათჳს, და არავინ იპოვა დამფლველი მისი, რამეთუ არა ესუა შვილი. და შეკრბეს ყოველნი გლახაკნი და ობოლ-ქურივნი და ევედრნეს მეფესა, რათა მიანიჭოს გუამი ჯიქურისი ამად, რომე მრავალი კეთილი ექმნა მათ ზედა. ისმინა დავით და მისცა გუამი მისი. და მრავლითა გოდებითა წარიღეს ეკლესიასა წმიდისა ქალწულისა ქრისტინასსა, რომელი ხუარაზმელთაგან დარღუეული ახლად აღშენებულ იყო, და მუნ დაფლეს დიდითა პატივითა, რაცა ოდენ გლახაკთა ძალ-ედვა.

ხოლო შემდგომად ამისა ინება ყაენმან აღმჴედრება სულტანსა ზედა მისრეთისასა, და შეკრიბნა ყოველნი მთავარნი და სპანი მისნი, და მოუწოდა მეფესა დავითს და სპასა მისსა ეგჳპტედ. ხოლო შეიწრებულ იყო მეფე და საბრძანებელი მისი არღუნის აღთუალვისაგან, და რომელი-იგი განეწესა: რაცა განისყიდებოდეს ტფილისს, ასსა თეთრსა ზედა სამი თეთრი საყაენოდ დაიდებოდეს. ამას ზედა ხოჯა-აზიზ ვინმე, ნათესავით და სჯულითა სპარსი, განეჩინა და დაეტევა ტფილისს, რომელი ესოდენ უწესოდ მიიწია, თუ სამზარეულოსა მეფისასა ცხოვარი, გინა კრავი ისყიდებოდის, მას ზედანცა ხარაჯა წაუღიან, რომელსა-იგი ტამღად უწოდდეს. ამის მიერ შეიწრებული მეფე იგონებდა: „უკეთუ წარვიდე ეგჳპტედ, ანუ თუ განუდგე ყაენსა“, და ვერას დაამტკიცებდა. გარნა წარემართა ლაშქრად, და ვითარ მოიწია ქუეყანად ჯავახეთისად, დაამტკიცა განდგომა, და მოუწოდა თანაგამზრახთა მისთა და რქუა: „უკეთუ ვისმე ნებავნ, დაუტევენ მამული და წარმოვედინ ჩემ თანა. უკეთუ არა ნებავს, წარვედინ მსახურებად ყაენისა მისრს, რათა დაიცვას ქუეყანა მისი, რამეთუ ნება კაცად-კაცადსა ზედა იყავნ, და მე არღარა მნებავს მონება თათართა მძლავრებისათჳს ხოჯა-აზიზისა, რომელი დაადგინა ჩემ ზედა არღუნ, რამეთუ ვერ თავს-ვიდებ ესოდენსა შეურაცხებასა“. ხოლო წარჩინებულნი ამის სამეფოსანი რომელნიმე დაუმტკიცებდეს, და რომელნიმე - არა, გარნა ეგრეთცა დაამტკიცა განდგომილება. და უმრავლესნი წარვიდეს ყაენს წინაშე: შანშეს ძე ივანე, და გრიგოლ სურამელი, თორელი კახა, ერისთავი ახალქალაქისა, თავნი და პირნი ქუეყანისანი წარვიდეს ყაენს წინაშე, და უმრავლესნი ჰერ-კახნი.

ვითარ ცნა მეფემან წარსლვა დიდებულთა, მანცა ნება-სცა, და წარვიდა განდგომად. და მოუწოდა სარგის ჯაყელს ციხისჯუარელსა, რომელსა აქუნდა პატივი სამცხის სპასალარობისა, და ეზრახა, რათა განუდგენ ყაენს. ერჩდა სარგის და წარმოიყვანა სამცხეს, სახლსა მისსა, და ფრიადითა პატივითა განუსუენა უმეტეს წესისა მეფეთასა, და აძლევდა ყოველთა ციხე-ქალაქთა და ქუეყანათა მისთა გამოსაზრდელად მეფისა და ლაშქრისა მისისათჳს, ხოლო მეფემან არა ინება. და დაყო ზაფხული იგი მცირე ერთგულითა, რომელნი დადგეს ერთგულებასა მისსა ზედა, და ესრეთ იყოფოდეს სამცხეს. ხოლო დედოფალი გუანცა და ძე მცირე მისი, დიმიტრი, დაუტევა სახლსა ავაგისსა ბიჯნისს.

26. ამას შინა მოვიდა ყაენი ულო განმარჯუებული ბრძოლისაგან სულტნისა მეგჳპტელისა, რამეთუ სძლო მათ და აოტნა, სადა-იგი მუნ დამხუდართა ქართველთა ძლიერი ბრძოლა ყვეს. ხოლო ვითარ მოიწია საზაფხულოსა სადგურსა თჳსსა, ალატაღს, და მიერ სიაქუსა, და მერმე წარვიდა საზამთროსა ადგილსა, რომელსა აწ ყარაბაღობით და მუღანობით უჴმობენ, იკითხა საქმე დავითისი, და ცნა განდგომილება მისი. მოუწოდა არღუნს და ორასთა მთავართა, და აჩინა მჴედართმთავრად და მისცა მჴედარი ოცი ათასი, და უბრძანა ქართველთა, რომელნი ერჩდეს მას, რათა წარჰყვენ არღუნ ოირადსა. და მივიდენ მეფესა ზედა სამცხეს და ბრძოლა უყონ. წარმოვიდა არღუნ მჴედრითა ოცი ათასითა და შემოვლო განძა და სომხითი და მოიწია ტფილისს. და მუნ მოერთნეს ყოველნი ესე ზემოჴსენებულნი მთავარნი საქართველოსანი და წარმოემართნეს სამცხეს ბრძოლა-ყოფად მეფისა. და ვითარცა ესმა მეფესა დავითსა მოსლვა არღუნისი და ყოველთა მთავართა ქართლისათა, მოუწოდა მესხთა, შავშ-კლარჯთა და ვინცა დადგრომილ იყო ერთგულებასა ზედა მისსა, შეკრიბნა მცირედნი კაცნი, მჴედარი რვა ათასი, და აჩინა მჴედართმთავრად სარგის ჯაყელი, კაცი მჴნე და შემმართებელი, და მრავალჯერ გამოცდილი და სახელოვანქმნილი წყობათა შინა, ტანითა ახოვანი, ჴელოვნად მბრძოლი ცხენსა ზედა, მჴნე მოისარი, საჩინოდ ნადირთა უცთომლად მომსრველი, და მისდა მინდობილ იყო მეფე, ერთგულებაცა დიდი აქუნდა მეფისა. და წარავლინა წინამიგებებად და წყობად არღუნისა, და წარემართნეს და დადგეს ჴევთა. ხოლო არღუნ შემოვლო ქართლი და დადგა სურამს, და წარმოავლინნა წინამბრძოლნი მჴედარნი ექუსი ათასი. და არღუნ დადგა შინდარას და წინამბრძოლნი მივიდეს ტასისკარს და დადგეს სამდინაროსა მას ზედა, რომელ არს შოლა. ხოლო აღიყარა სარგის ჴევთათ და წარავლინნა წინამბრძოლნი, კაცი რჩეული და გამოცდილი წყობათა შინა ათას ხუთასი მჴედარი, არა უწყოდეს მოახლება არღუნისი. და წარემართნეს და განვლეს ჴიდი ახალდაბისა. იყო ყინელი და ზამთარი, ვითარ წესი არს თუესა დეკემბრისასა. და განვიდეს სივიწროისაგან წინა მავალნი, იხილნეს რაზმი თათართა, და წინა-განეწყუნეს ქართველნიცა. და მყის ზედა-მიეტევნეს მესხნი, და პირველსა შეკრებასა აოტნეს თათარნი და მოსწყჳდნეს მრავალნი სახელოვანნი, და ესრეთ ძლიერად ბრძოდეს მესხნი, რომელ მცირედნიღა განერნეს და შეიხუეწნეს რაზმსა შინა არღუნისსა შინდარას გორისასა, და სდევნეს და მოსწყჳდნეს პირითა მახჳლისათა, რამეთუ მჴედართმთავარი სარგის და სპა მეფისა ვერღარა მოილოდინეს ამისთჳს, რომელ თათართა რაზმი მახლობელად მდგომარე იყო. და ესრეთ ძლევითა საჩინოთა შემოქცეულნი, მრავალთა სახელოვანთა თათართა თავისა მქონებელნი მოეგებნეს სარგისს და ლაშქართა. ვითარ იხილა სარგის განმხიარულება და უვნებელად დაცვა, განიხარა, გარნა მძიმედ აღუჩნდა, რამეთუ ვერ მიესწრა ომსა, რამეთუ იყო კაცი მძლე და შემმართებელი. კუალად სურვიელ იყო განწყობისა მესხთა, წარემართა არღუნს ზედა გულითა ქველითა. ხოლო არღუნ სპათა მისთა მოუწოდა და კუალად ქართველსა სპასა ზედამისლვასა მხილველი ივლტოდა, გარნა აყენებდეს ქართველნი წარჩინებულნი და არა უტევეს სივლტოლად, რომელთა უპირობდა თორელი კახა და ეტყოდა, ვითარმედ: „ქართველნი მეცნიერნი ვართ ომისა მათისანი, ჩუენ ვბრძოდით თქუენ წილ“. და ესრეთ ძლით არწმუნეს, და დადგა ადგილსა ზედა და განაწყო მჴედარნი. ვითარ დაეახლნეს ურთიერთას, ზედა-მიეტევნეს მესხნი განლაღებულნი. ხოლო სარგის ჯაყელი, უპირველეს ყოველთასა, მიუჴდა რაზმსა და უმჴნესი მათი, ჩინბაადური, ჰოროლითა ცხენისაგან ქუეყანად დასცა. და იქმნა ძლიერი ომი, და მრავალნი მოისრვოდეს არღუნის სპისაგან და სივლტოლად მიდრკეს. პირველსავე მიჯრასა სძლევდეს სპანი მეფისანი, და ვითარ არს ჩუეულება თათართა ლტოლვა და გარეუკუნქცევა, ანაზდად გარეუკუნ-იქცეს. მაშინ სულმოკლექმნულნი სპანი მეფისანი ივლტოდეს მსწრაფლ. ესრეთ განწირულნი და მიმოდაბნეულნი თათართა მიერ მოისრვოდეს. ცოდვათა ჩუენთა სიმრავლითა განწირნა ღმერთმან და მისცნა ჴელთა წარმართთასა. ხოლო უწყალოდ ჰჴოცდეს, და მრავალნი სახელოვანნი მოსრნეს თათართა, რომელ მცირედნიღა ძლით განერნეს. და სდევნეს ახალდაბის ჴიდამდე, გინა უმეტესცა. ხოლო ზოგნი ტყუედ წარყვანებულ იქმნეს, გურკლელი მურვან და სხუანი მრავალნი.

და ესრეთ შეიქცა არღუნ ყაენს ულოს წინაშე განმარჯუებული, ხოლო სარგის და მესხნი მივიდეს მეფეს წინაშე აწყუერს, მეყჳსთათჳს მტირალნი, რამეთუ უმრავლესნი მოესრნეს, დაშთომილ იყვნეს მცირედნი.

და დაყო მეფემან ზამთარი ნახევარი სამცხეს, და გარდვიდა შავშეთს და კლარჯეთს და წარვიდა ნიგალისჴევს. და ვითარ მოიწია თუე მაისი და აღმოსცენდა მდელო, ყაენმან იგივე არღუნ დევნად და ძებნად წარმოავლინა, რომელთა თანა იყვნეს ქართველნიცა, მიმდგომნი ყაენისანი, და თუესა ივნისსა მოვიდა სამცხეს. ხოლო მესხნი რომელნიმე მიეგებნეს არღუნს და რომელნიმე წარჰყვეს მეფესა. და ესრეთ იწყო ოჴრებად და ტყუენვად სამცხესა და მოადგა ციხისჯუარსა, დაუწყო ბრძოლა ძლიერად, რამეთუ არა ზღუდითა მტკიცითა განსრულებულ იყო. ხოლო ციხეს მყოფნი ძლიერად ბრძოდეს და მრავალი კაცი მოკლეს, და დიდად ავნებდეს გარეთ მყოფთა, დღისით და ღამით განვიდიან და ადგილ-ადგილად მოსწყჳდიან. და ვითარ იხილა სიმტკიცე ციხისჯუარისა, რომელ არს ჯუარის ციხე, აიყარა და წარვიდა. და წიგნიცა მოუვიდა ყაენისა, მსწრაფებელი წარსლვად, ვინათგან ყაენი, თურანისა ქუეყანასა მყოფი, ბრძოლად მოსრულ არს ხუარასანს. და ესრეთ იჴსნა ღმერთმან ჭირთა ამათგან ქუეყანა სამცხისა, რომელ ოც დღე ძლით იყო არღუნ სამცხეს.

ხოლო მეფე დავით კუალად მოვიდა შავშეთს და სამცხეს, და ვითარ იხილა სამცხე მოოჴრებული, მოუწოდა თანამზრახავთა მისთა და ჰკითხა, თუ რა ყონ, რამეთუ ომი თათართა აღარ ეგებოდა. მაშინ სარგის ჯაყელ-ციხისჯუარელმან მოაჴსენა. ვითარმედ: „სამცხე მცირე არს და არა კეთილი სადგომი მეფეთა. აწ განგაზრახებ, რათა წარხვიდე ლიხთ-იმერეთს რუსუდანის ძისა დავითის თანა, რამეთუ სწორედ ორთავე არს სამეფო, იგი და ესეცა. და მე დავსდებ თავსა ჩემსა და საქონელსა ყოველსა. და ლაშქარსა ჩემსა შენთჳს, ვითარ გენებოს, იჴმარე. და უკეთუ კეთილად გისტუმროს დავით, კეთილ, და უკეთუ არა, აჰა, სიმდიდრე ჩემი მზა არს თქუენთჳს. ნურცა შენ სწყალობ საჭურჭლესა შენსა, და ვეზრახნეთ თავადთა იმერთა და განვსცეთ საჭურჭლე, და ჩუენ კერძო დავიყენოთ“.

სთნდა ყოველთა განზრახვა ესე და წარავლინეს მოციქული წინაშე რუსუდანის ძისა, რათა შეიწყნაროს თათართაგან მირიდებული, ხოლო მან აღუთქუა. და წარვიდეს და მივიდეს ქუთათისს, სადა-იგი წინა-მიეგება რუსუდანის ძე და კეთილად ისტუმრა, და დაყვეს წელიწადი ერთი. გარნა კეთილად თუ ისტუმრებდა რუსუდანის ძე, ეგრეცა კეთილადვე მართებდა ლაშას ძესა, დავითს, არამედ ვითარცა უცხო ვიდოდა მათ თანა.

მაშინ ეზრახნეს კახაბერის ძესა, რაჭის ერისთავს კახაბერსა, ქუაბულის ძეთა, ფარჯანიანსა სარგისს, რათა ლაშას ძე დავით ყონ მეფედ, რომელნი ერჩდესცა და იქმნა განდგომილება ლიხთ-იმერით. და რომელნიმე წარმოუდგეს ლაშას ძესა და რომელნიმე რუსუდანის ძესა. ეგრეთვე დადიანი ბედიანი, ჯუანშერის ძე, დადგა ერთგულებასა ზედა რუსუდანის ძისასა, რამეთუ იყო ესე ბედიანი კაცი წარმატებული ყოვლითა ზნითა, უხჳ უმეტეს ყოველთა კაცთა, სრული გონიერებითა. ამან დააწყო ოდიში, რომელ მპარავი და ძჳრისმოქმედი არა იპოვებოდა. და სუანნი განიყვნეს ორად, გარნა არას ავნებდეს ურთიერთას. ორნივე, დავით და დავით, დაღაცათუ ლაშქართა არა ენება, ამისთჳს რომელ არა გასცემდეს ორნივე მეფენი საჭურჭლესა ლაშქართა ზედა, ესრეთ იყო აშლილობა და შფოთი მრავალი იმერით.

მაშინ არღარა იყო ღონე, დაამტკიცეს, რათა განყონ სამეფო და საჭურჭლე ორად, და აჩინნეს თავადნი სამეფოსანი და განყვეს ორად, ტფილისი - ორად, ქუთათისი - ორად, და თავადები და ერისთავნი ურთიერთს შეასწორეს ნიკოფსით დარუბანდამდე. და განყვეს სამეფო საჭურჭლენი, გარნა ხუამლის ქუაბსა, რომელი იდვა, მცირე გამოიღეს და გაიყვეს, და უფროსი ქუაბსავე დაუტევეს. ხოლო ჯაჭჳ იგი, სახელდებული სალმასური, და თუალი იგი პატივცემული, გურდემლი, და მარგალიტი იგი დიდი, რომლისა სწორი არავის სადა უნახავს, ესე სამივე რუსუდანის ძეს, დავითს, მიხუდა.

და აქა იქმნა განყოფა სამეფოსა, და მიერითგან შეიქმნა ორ სამეფოდ. მაშინ უმეფო იყო ამიერი საქართველო სამეფო, და დაიშალა ლაშქრობა და მსახურება თათართა.

27. ინება კუალად ყაენმან ზავი მეფისა. მოუწოდა არღუნს, რათა წარავლინოს მოციქული მეფეს წინაშე ზავის ყოფად, და ფიცთა დაუმტკიცებდა უვნებლობისათა. რამეთუ დედოფალი გუანცა, ავაგის ცოლყოფილი, და ძე თჳსი, ყრმა მცირე, დარჩეს ჴელთა ულოსთა, რომელნი ტყუედ წარისხნეს ურდოს. ვითარ ეგულებოდა ბოროტის ყოფა ყრმისა, ნოინის ვისმე ცოლმან აღიყვანა და შვილად მიიყვანა, რამეთუ იყო უშვილო. ხოლო თქმულ არს ესეცა, ვითარმედ: მიიქუა რა ყრმა დიმიტრი წიაღთა, მეყსეულად საშო განეღო დედაკაცსა და მუცლად-იღო და შვა ყრმა წული. და ამის ძალითა კეთილსა უყოფდა ნოინის ცოლი გუანცას და ყრმასა. მას უბრძანა არღუნმან, რათა მან წარავლინოს კაცი წინაშე მეფისა ზავის ყოფად. და წარმოავლინეს მოციქული ზავისათჳს, რათა მისცეს სამეფო მისი ყოველი და კუალად-ეგოს პირველსავე პატივსა დედოფლობისასა. რა მოვიდეს მეფის წინაშე მოციქულნი ყაენისნი და აუწყეს, ესრეთ მიუმცნო, ვითარმედ: „ხოჯა-აზიზ იქმნა მიზეზი ჩემისა წარმოსლვისა და სამეფოსა დატევებისა. უკეთუ ნებავს ყაენს შეწყნარება ჩემი, პირმშოსა ძესა ჩემსა, გიორგის, წარმოვავლენ წინაშე მათსა, და უბოძოს სამეფო ჩემი. და დედოფალი გუანცა და ძე ჩემი, დიმიტრი, წარმოავლინოს ჩემდა, და ხოჯა-აზიზ მომცეს, რათა სიკუდილითა მისითა შური ვიგო ნაქმართა მისთა, რომელნი ყვნა ჩემ ზედა“.

ვითარ მიიწივნეს ყაენს წინაშე, სთნდა სიტყუა მეფისა, და ითხოვეს ძე მისი, გიორგი, და დაუმტკიცეს ფიცთა მიერ შესუმითა ოქროსა საფიცრისათა, რათა უვნებელად დაიცვას ძე მეფისა და მისცეს სამეფო მისი. უკეთუ დავით მეფემან იხილოს ყაენი ულო, რომელსა ეჯანობითცა უწოდდეს, ხოჯა-აზიზცა მისცეს ჴელთა მეფისათა, ენებოს, მოკლას და თუ ენებოს, განუტეოს. ამის შუა შემოიყვანა ენუქ არქუანი, კაცი მართალი და პატიოსანი, სჯულითა ქრისტეს ჯუარისა თაყუანისმცემელი. და მან უთავსმდება ყაენს, რათა არა ევნოს დავითს და ძესა მისსა, გიორგის. თჳთ მივიდა ენუქ დავითს წინაშე, შეჰფიცა და წარიყვანა ძე მისი, გიორგი. შევიდეს ტფილისს და მუნ მოეგებნეს ყოველნი მთავარნი და ერისთავნი საქართველოსანი და შადინი ვინმე, ნათესავით სომეხი, რომლისა შევედრა ტფილისი და თჳთ მეფობაცა არღუნ. მოიღო ძღუენი ურიცხჳ გიორგის წინაშე. და დაყვეს მცირედი ჟამი ქალაქს და მერმე წარვიდეს ეჯანს წინაშე და მიიწივნეს ურდოსა. პირველად მოუვლინა ეჯანის ცოლს ტონღუზ-ხათუნს, რამეთუ იყო იგი მაღლისა ჴელმწიფისა კოსტანტინეპოლისა ასული, სჯულითა ქრისტიანე და მართლმადიდებელი. ამისთჳს პატივსა უყოფდა ტონღუზ-ხათუნი ენუქ არქუანს, რომელ იგიცა ქრისტიანე იყო. ვითარ იხილა ყრმა იგი, შეიყუარა სიკეთისა მისისათჳს, და თჳთცა ქმნულკეთილ იყო. და მერმე წარიყვანეს ყაენს წინაშე, და მანცა კეთილად შეიწყნარა და პატივი დიდი უყო. და ესრეთ პატივცემულად დაყო წელიწადი ერთი, რომელსა მიანიჭა ყოველი სამეფო მისი ყაენმან. და წარმოავლინა მოციქული, რათა მივიდეს მეფე დავით ეჯანს წინაშე, ხოლო მეფე მიზეზობდა ხოჯა-აზიზის არმიცემასა: „უკეთუ არა მომცეთ მოსიკუდიდ, არა მოვალ ურდოსა“. ამის მცნობელი ყაენი სიტყჳთა არღუნისათა განწყრა, რამეთუ მძიმედ აღუჩნდებოდა სიკუდილი ხოჯა-აზიზისი. ამისთჳს ეტყოდა ყაენს, ვითარმედ: „მეფე არღა მოვალს მსახურებად შენდა, არამედ კუალად ტყუილით გამშჳდებს. აწ ამას განგაზრახებ, წარსწყმიდე ძე მეფისა და წარმგზავნე მე ლაშქრად მეფეს ზედა. შეკრულსა მოვიყვან წინაშე თქუენსა“.

ყაენმან დაიჯერა და განაჩინნა კაცნი, რათა წარწყმიდონ ძე მეფისა და ყოველნი, რომელნი წარმოევლინეს მეფესა ძისა მისისა თანა. ცნა ესე ენუქ არქუან, ადგა და მსწრაფლ მივიდა ტონღუზ-ხათუნს წინაშე და აუწყა სიტყუა ესე. ხოლო იგი მსწრაფლ მივიდა ყაენს წინაშე, და ენუქ არქუან იახლა და მოაჴსენა: „დიდო, მაღალო ჴელმწიფეო ყაენო, რასა უსამართლობისა იგი ბრძანება განგიჩენია, სიკუდილი მეფის ძისათჳს და მსახურთა მისთა? არა უწყი შენ, რომელ წინასწარმეტყუელთა, რომელთა ეზრახებოდა ღმერთი, ბრწყინვალეთა და საჩინოთა გუართაგან შთამომავალთა არს? და კუალად იხილე, რომელ ფიცით მოიყვანე იგი. და მე და ენუქ არქუან სიკუდილსა აღვირჩევთ, და აჰა, თავნი ჩუენნი იყვნენ მეფის ძისათჳს. და ესეცა უწყოდე, რომელ ძმა შენი, დიდისა ყაენისაგან ბათოს შვილი, მრავალსა მოციქულსა უგზავნის და დიდთა ნიჭთა აძლევს, რათა მისცეს გზა დარიალანისა და დვალეთისა, რამეთუ ორივე ჴელთა შინა მისთა არს. და ამასცა განგაზრახებ, ერთისა ბერისა სპარსისა ვაჭრისათჳს რად დიდსა ჴელმწიფესა გააძებ შენთა მტერთა ზედა? რამეთუ, უკეთუ ბათოს ულუსი და მეფე შეიერთნეს, დიდნი შფოთნი აღდგებიან“.

ვითარცა ესმა ულოს, განკჳრდა და მსწრაფლ მოიყვანა გიორგი, შეიყვანა და პატივი უყო და შემოსა შესამოსლითა ბრწყინვალითა. და მისცა ტონღუზ-ხათუნს და ენუქ არქუანს და რქუა: „აჰა, ძე მეფისა ჩემგან მტკიცე ფიცითა. არას ვავნებ დავითს თჳნიერ პატივისა. და შენ წარვედ, ენუქ, და ორნივე შვილნი და ძენი მეფისანი, გიორგი და დიმიტრი, და დედოფალი გუანცა, ვითარცა ტონღუზ-ხათუნს და შენ გნებავს, ეგრეთ ყავთ, და მოიყვანეთ დავით“. ვითარცა ესმა, განიხარეს და თაყუანი-სცეს და მოაჴსენეს: „თავნი ჩუენნი იყვნენ ნაცვლად უკეთუ მოგუცე ხოჯა-აზიზ და არა მოვიყვანოთ დავით. უკეთუ არა მოგუცემ ხოჯა-აზიზს, არ მოვა“. დაღათუ მძიმედ აღუჩნდა არღუნს. მისცა ხოჯა-აზიზ, და წარმოიყვანა ენუქ. და მოუწერა წიგნი ფიცისა ტონღუზ-ხათუნ მეფესა: „არა ევნოს ყაენისაგან, უკეთუ მოვიდეს ურდოსა, პატივითა დიდითა პატივ-სცეს და სამეფო დაუკლებლად მისცეს“.

და წარმოვიდა ენუქ არქუან და მოვიდა ტფილისს, და მოასხნა ორნი ძენი მეფისანი, და წარმოუვლინა მოციქული მეფესა და აუწყა ყოველი. და წარმოვიდა მეფე და მოვიდა, ქვიშხეთის ბოლოსა და სურამს შუა დადგა, და მოუწოდა ენუქ არქუანს. და მოვიდა და მოუსხნა შვილნი ორნივე და მოართუა წიგნი ფიცისა და მოგუარა ხოჯა-აზიზ. ვითარცა იხილა მეფემან, ბრძანა თავისა მისისა მოკუეთა. და მოჰკუეთეს და წარგზავნეს თავი ტფილისს, და აღმართეს ძელი, დამოჰკიდეს თავი ხოჯა-აზიზისი.

და ესრეთ წარჰყვა მეფე ურდოს ენუქს, და მოეგებნეს ყოველნი სამეფოსა მისისანი, და წარემართნეს ურდოს. ხოლო თანა-წარჰყვა მეფესა სარგის ციხისჯუარელი ჯაყელი, დიდად ნამსახური, რომელმან ქმნა ესეცა სათნოება. რამეთუ ტფილისს ყოფასა მეფისასა მოვიდა ელჩი ყაენისა, ვითარმედ: „მეფეს მოვინდობ, ხოლო პაპა სარგისს არა მივინდობ“. და არა სათნო უჩნდა ბრძანება ესე სარგისს, და ეტყოდა მეფე გარეუკუნქცევად, ხოლო იგი არა ერჩდა და ეტყოდა: „ნუ იყოფინ ქმნად ეგე ჩემ მიერ, რათა შევიქცე შინა. უკეთუ ცოდვათა ჩემთაგან გევნოს რამე თათართაგან, ყოველნი კაცნი იტყჳან, განზრახვითა სარგისისითა განუდგა მეფე თათართა, აწ იგი წარვიდა შინა და მეფე წარავლინა მოკლვად ყაენს წინაშე. ნუ ყოს ესე ღმერთმან, რამეთუ ამით წარჴდების გუარი ჩემი, არამედ მო-თუ-მკლან, ნაცვლად თქუენდა ვიყო, და თუ დავრჩე, თქუენ თანა დავრჩე“. დაიმადლა ესე მეფემან ეზომ, რომელ ქუაბულიანი თემი ერთი სამცხეს და საყდარი ტბეთისა შავშეთის სიგლითა სამამულოდ მიუბოძა.

და წარემართნეს ურდოსა და მივიდეს ყაენს ულოს წინაშე ბარდავს, რამეთუ იგი იყო საზამთრო სადგური. და არა უწყოდეს, რა ეგულების ყოფად მათთჳს. და მცირედთა დღეთა მოუწოდა ყაენმან ხილვად მეფისა და მთავართა. და იკითხვიდა, რომლისა მიზეზისათჳს განდგა მეფე. და ყოველნი ჰგონებდეს მეფისა და წარჩინებულთა მისთა სიკუდილსა, და ევედრებოდეს ღმერთსა და ყოვლად წმიდასა მეტეხთასა და ვედრებისა ღმრთისმშობელს, რომლისა მინდობილ იყვნეს. და შევიდეს ყაენს წინაშე, ხოლო მან მოსცა თჳსითა ჴელითა ღჳნო, რამეთუ ესე იყო წესი ყაენთა, თასითა დიდითა ოქროსათა. და ვითარ ჯდა მეფე მუჴლმოყრილი და მის თანა ყოველნი მთავარნი, ჰკითხა ყაენმან, ვითარმედ: „რად ჰქმენ განდგომა ჩემი და ბრძანებასა ჩემსა რად ურჩ ექმენ, და არღუნს შემოები? არა დიდნი კეთილნი ვქმენ შენ ზედა? დაკარგული და სიკუდილად განწირული გუელთაგან აღმოგიყვანე ჯურღმულით და მეფედ დაგადგინე“. მაშინ ვითარ არღარა აქუნდა პასუხი მიგებად მეფესა, მოიხედნა უკანით კერძო სარგის ჯაყელისა, ვითარმცა იგი ქმნულ იყო მიზეზი არღუნის შემობმისა და თათართ მოსრვისა.

28. და იხილა სარგის ბრდღვინვისა ლომისა მსგავსად, მეფემან მას ზედა მიუტევა საქმე იგი, არა შეშინდა, არამედ უშიშად აღდგა და წარდგა ყაენს წინაშე განმწირველი თავისა თჳსისა მეფისათჳს, რათა იგი მოიკლას მეფისა წილ, და მუჴლმოყრილი ეტყოდა: „მე ვარ, დიდო ყაენო, რომელი შემოვები არღუნს-აღას“. ხოლო მან ჰკითხა: „პაპა სარგის შენ ხარ?“, რამეთუ პაპა სარგისს უწოდდეს თათარნი. და მან რქუა: „იგი ვარ“. რქუა: „რასათვის განაყენე მეფე და არღუნს შემოები?“ ხოლო სარგის არა მეცნიერ იყო ენასა მათსა, წარმოაყენეს სადუნი თარგმანად, რომელი ფრიად უყვარდა ულოს, და დიდად პატივ-ეცა, რამეთუ იყო კაცი იგი გონიერი და ენაკეთილი, სიტყჳთა მარჯუე ყაენს წინაშე მეტყუელებად. მაშინ სარგის მიუგო: „დიდო ყაენო, არა იყო სხუა მიზეზი, რამეთუ მან მიიღო მეფობა დავითისი, ქალაქი და სოფელი მან დაიჭირნა, ეკლესიანი და ციხენი ყოველნი დაარღჳვნა. ბედნიერო ყაენო, არღარავინ გაგაგონებდა უსამართლობასა ამას, შეკრა კარი თქუენი ქრთამითა. ამის მიზეზისათჳს მე წარვიყვანე მეფე, რათა ბედნიერმან ყაენმან გაიგონოს და იკითხოს საქმე ესე. ვითარცა აწ კითხვასა ღირს-მყო, ესეცა უწყოდი, ყაენო, რომელ სპარსნი ძუელითგან მტერნი არიან ჩუენ ქართველთანი. ამისთჳს არღუნს თანა ვყავ ბრძოლა და ომი, რამეთუ საქმე და უსამართლობა მეფისა მიმართ ხოჯა-აზიზისაგან ვერღარა დავთმეთ. აწ, ყაენო, მეფე უბრალო არს, მე ვარ, რომელმან განვაყენე მეფე კარისაგან თქუენისა“. და განმრავლდა სიტყუა მათ შორის და მრავალგუარად უბნობა, რომელთა არა არს ჟამი თქუმად და წერად. და მეფეცა მრავალსა რასმე იტყოდა, და ენუქ არქუან და დიდი იგი ნოინი სხდეს შუა და სადუნი კეთილად თარგმნიდა და კაზმვიდა თქმულთა მეფისათა, რამეთუ მეფე ენამძიმე იყო მცირედ, მანკაბერდელი სადუნი კეთილმეტყუელებდა.

და ყოველნი მოელოდეს ბოროტის ყოფასა მეფისათჳს და სიკუდილსა სარგისისსა. მაშინ მოუვლინა ღმერთმან წყალობა მოსავთა მისთა, და აწცა დაიცვა, ვითარცა მარადის ფარავს. და ვითარ სიტყუასა უგებდეს ყაენი და მეფე ურთიერთას, მოვიდა კაცი დარუბანდით გზისმცველთა ყაენისთა, რომელთა ყარაულობით უწოდდეს. რამეთუ არღარა განსრულებულ იყო სიტყუა, შევიდა ყაენის კაცი იგი ურდოსა ყაენს წინაშე და მოაჴსენა: „არა არს ჟამი მეტყუელებად, რამეთუ შეიძრა ულუსი დიდი დიდისა ყაენის ბათოსი, და შვილი მისი, ყაენი დიდი ბერქაი მოვალს გზასა დარუბანდისასა უმრავლითა, დიდად-დიდითა ლაშქრითა“.

ესმა რა ყაენს, მსწრაფლ აწვია სპა თჳსი, და მყის შემოკრბეს მის წინაშე. მას ჟამსა წარემართნეს წინაგანწყობად, და ვითარ დაეახლნეს ორნივე სპანი ურთიერთას, მაშინ ევედრა მეფე ყაენს, რათა წინამბრძოლად აჩინოს მეფე და სპა მისი, და წესადცა არს ქართველთა წინამბრძოლობა. ისმინა ულო და აჩინა წინამბრძოლად მეფე, მახლობელად მისსა დგომად. ხოლო სარგის ჯაყელი თჳთ წინა დაიყენა, და განაჩინა მარჯუენე და მარცხენე. დამწყობელმან რაზმთამან მიჰმართეს.

ხოლო იქმნა ესეცა, რომელ რაზმსა შინა გახლტა შუელი, სადა-იგი სარგის ჯაყელმან, აბჯარცმულმან, მოკლა. და მცირედ წარვლეს და მელი მოკლა, იგიცა სარგის, ისრითა. და წაიარეს და ყურდგელი მოკლა. და ამას სამსავე ხედვიდა ულო ყაენი, და დიდად აქო სარგის და კეთილად უთქმიდა მრავალსა.

მაშინ დაეახლნეს სპანი ორნივე ურთიერთას, და გამოჩნდა კაცი ერთი სახელოვანი მათ შორის, რომელი წარმოევლინა დიდსა ყაენსა ბერქას, რამეთუ ყაენი არა წარმოსრულ იყო. ესე მოეახლა მეფესა დავითს, რომლისათჳს დიდად შეწუხნეს სპანი მეფისანი. რამეთუ იყო კაცი ესე დიდი და მაგრიად და უცთომლად მოისარი. ხოლო მეფემან აღმოიღო მშჳლდი ქარქაშით და ჰკრა ცხენსა მისსა მკერდსა და დაასო და გულსა განვლო. ხოლო ქართველთა განმხიარულებულთა აღიზახნეს და მიეტევნეს. იქმნა ძლიერი და ფიცხელი ომი ველსა ზედა შაბარნისასა. ძლიერად ბრძოდა მეფე და სპანი მისნი, სადა-იგი სარგის ჯაყელმან სახელოვანი ომი ყო წინაშე ულოსა, რომელ განკჳრდა ყაენი. და განგრძელდა ყოველგან ომი და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ. ივლტოდა სპა ბერქასი და დევნა უყვეს ძლიერად. ხოლო იქმნა ესეცა: დევნასა მას ლაშქართასა დაშთა ყაენი ულო ოთხითა ოდენ კაცითა მცირესა რასმე ბორცუსა ზედა. და ვითარ იხილეს ლტოლვილთა მათ, შჳდნი რჩეულნი კაცნი ზედა-მოეტევნეს ყაენსა. იხილა ესე მიმავალმან სამითა კაცითა სარგის, შეუტია შჳდთა მათ კაცთა და სამითა კაცითა შეება, და ოთხნი ვიდრემე დაჴოცეს სარგის და აზნაურთა მისთა და სამნი იგი ივლტოდეს. მაშინ იხილა თუალითა მისითა სიმჴნე სარგისისი და ყმათა მისთა, განიხარა. და დევნა-უყვეს კუალადცა სპასა ბერქასსა დარუბანდის კარამდის, და განვლეს დარუბანდიცა, და სამსა დღესა სხუასა დევნა უყვეს.

ესრეთ განმარჯუებულნი და სახელოვანნი მოვიდეს სადგურსა მათსა ბარდავს. ხოლო მეფესა დავითს და სპათა მისთა ფრიად პატივითა პატივ-სცა და მრავალი ნიჭი მიანიჭა, ესეზომ, რომელ სარგის ჯაყელსა კარნუ-ქალაქი და მიმდგომი მისი ქუეყანა უბოძა იერლაყითა. მაშინ შეიშურვეს ვიეთმე მტერთა და მოაჴსენეს მეფესა: „აწ მეფობაცა სარგისს მიეც. ვინათგან ყაენმან ეზომ განადიდა, არღარა იქმნების მორჩილი მეფობისა თქუენისა“. მაშინ დაიჯერა მეფემან, რამეთუ იყო უმანკო და მალემრწმენი სიტყუათა კეთილთა და ბოროტთა, - ორთავე. და წარვიდა ღამით ელგა ნოინს წინაშე და მოაჴსენა: „უკეთუ ყაენი სარგისს კარნუ-ქალაქს მისცემს, მეფობაცა მისცეს“. განკჳრდა ელგა ნოინ და რქუა: „ყაენმან შენის მოდგომისათჳს მისცა, და თუ შენ გიმძიმს, არღარა მისცემს. თქუენ, ქართველნი, არას კეთილს უყოფთ მჴნედ მბრძოლთა წყობათა შინა? არა უწყი, ყაენი სარგის დაარჩინა მტერთაგან, ძლიერი და სახელოვანი ომი ყო?“

წარვიდა ნოინი და მოაჴსენა ყაენს ყოველი იგი თქმული, და არღარა მოსცეს კარნუ-ქალაქი. ცნა ესე სარგის და შეიქმნა გულკლებით და ქუეგამხედვარად პატრონისაგან. ხოლო მას ზამთარსა დაიმჭირა მეფე ბარდავს თავისა თჳსისა თანა, და სარგის წარვიდა გულკლებული სამცხეს.

მას ჟამსა გაადგა ულო ყაენს შანშეს ძე ზაქარია ამირსპასალარი, კაცი ყოვლითა სათნოებითა შემკული და საჩინო, და ივლტოდა ქუთათისს ნარინ დავითისსა, რამეთუ ბერქას ლაშქართ გამოსლვა მას მიაჩემეს. ხოლო მეფემან კეთილად შეიწყნარა, დაყო მცირე ჟამი. მერმე ფიცით მოიყვანა ყაენმან, გარნა არცა ეგრეთ დამშჳდდა გული ულოსი და მოკლა ზაქარია ამირსპასალარი, კაცი პატიოსანი და სახელოვანი. და ცნა დიდმან შანშე, მამამან მისმან, მწუხარებითა შეწუხებული იგიცა აღსრულდა.

29. ხოლო გუანცა დედოფალი, ავაგის ცოლყოფილი, მოკლულ იქმნა თათართა შინა მყოფი, რომელსა იტყჳან, ვითა ასულისა მისისა, ხუაშაქისა, რომელი იყო ცოლი საჰიბ-დივანისა ხოჯა შამსადინისა, მისითა განზრახვითა მოიკლაო. და ვითარ უცოლო იყო მეფე, იქორწილა ცოლი, სახელით ესუქან, ასული დიდისა ჩორმაღონ ნოინისა და დიდისა სირმონ ნოინისა. და წარვიდა ტფილისს და ქნა ქორწილი პატიოსანი.

ამას ჟამთა გარდამოვიდეს ბერქას ყაენისაგან ლტოლვილნი ოვსნი, დედაკაცი საკჳრველი, სახელით ლიმაჩავ. და მან მოიტანნა შვილნი მცირენი, ნათესავითა ახასარფაკაიანნი, პირმშო ფარეჯან და უმრწამესი ბაყათარ და სხუანი თავადნი მრავალნი. გამოვლეს კარი დარუბანდისა და მოვიდეს მეფეს წინაშე. ხოლო მან პატივითა ისტუმრნა და წარავლინა ყაენს ულოს წინაშე. და ყაენმან შეიწყნარნა ფრიად და უბოძა ხარაჯა, მოლაშქრედ და თანამბრძოლელად განაჩინნა და ესრეთ მეფეს თანავე წარმოავლინა. ხოლო მეფემან დასხნა რომელნიმე ქალაქსა, რომელნიმე - დმანისსა და სხუანი - ჟინოვანს.

და ვითარ მოიწია სთუელი, წარვიდა ყაენი ქუეყანად შარვანშასა, საზღვართა საქართველოსათა, ადგილსა, რომელსა უწოდიან ჩაღან-უსუნი, ესე იგი არს თეთრი წყალი. და შეკრეს ღობითა წყლისპირი, რომელსა სიბად უწოდეს, რამეთუ გონებდა გამოსლვასა ბერქა ყაენისასა. და ამათ ჟამითგან იწყეს სიბასა ზედა დგომად თათართა და ქართველთა სთულითგან გაზაფხულამდე. და გაზაფხულ წარვიდიან საზაფხულოთა სადგურთა.

ხოლო იქმნა ესეცა, რომელ ყაენთა შვილნი ზემოჴსენებულნი, ულოს თანა წარგზავნილნი, ტუთარ, ყული და ბალაღა დაიპყრა ყაენმან ულო და მოკლნა სამნივე და დაიპყრა ქუეყანა მათი და ყოველი სიმდიდრე მათი. და ცნეს სიკუდილი პატრონთა მათთა საბერძნეთს მდგომთა დედა-წულითა, რომელთა თავადი იყო ალა-თემურ ვინმე, კაცი სახელოვანი, აიყარა ბარგითა და დედა-წულითა და ივლტოდა, და მომართა სამცხის კერძო.

ცნეს თათართა ულო ყაენისთა სივლტოლა ალა-თემურისა, დევნა უყვეს და მოეწივნეს. და იგინი დაბრუნდეს და შეებნეს და მრავალი კაცი მოკლეს ულოს ლაშქრისა. და რათა არა განგრძელდეს სიტყუა, ვიდრე კოლისა მთათა მოსლვადმდე ათორმეტჯერ მოეწივნეს და ათორმეტჯერ შეებნეს და ათორმეტჯერ ალა-თემურ მოერია და გააქცივნა. და ესრეთ მოიწივნეს ქუენა არტანს, სოფელსა, რომელსა ჰქჳან გლინავი. და მუნ დახუდა მურვან გურკლელი მახუჯაგის ძე, წინა-შეემთხჳა ნადირობას მიმავალი, რომელი შეიპყრეს თათართა და კნინღა მოაკუდინეს. ხოლო იგი ევედრა და აღუთქუა ლიხთ-იმერით წარყვანება მათი და ეგრეთ ბერქას ყაენს წინაშე წარსხმა. ხოლო იგინი მიენდვნეს. წარმოიყვანა და მოასხნა სამცხეს, მოასხნა გურკლის ჭალას და ესრეთ განსცნა. წარავლინა კაცი და ამცნო სარგის თმოგუელსა და შალვა ბოცოს ძესა და ყოველთა მესხთა და სარგის ჯაყელის ლაშქართა, რათა შეკრბენ ერთად და შეიპყრან ალა-თემურ და მიჰგუარონ ულო ყაენს. და წარმოემართნეს, და ცნა ესე ალა-თემურ, აიყარა ბარგითა და დედა-წულითა, და გამოვლო მტკუარი და მომართა ჯავახეთით კერძო. შემოიარა ელასის შემოღმართი და მივიდა ოშორას ქუეშეთ ადგილსა, რომელსა რქჳან ლერძავნი, რამეთუ თმოგუელი მუნ დაუდგა წინა, რომელ იხილნა რა, მორიდნა. სარგის და ბოცოს ძე და ლაშქარნი ერთკერძო მოსდევდეს, და მურვან გურკლელი მართლ კუალსა შედგომილი მოსდევდა. და მოეწია გურკლელი მცი-რითა ლაშქრითა, რამეთუ ბოცოს ძე და სარგისის ლაშქარნი არ მოვიდეს, არცა თმოგუელი შუელად გურკლელისა. შეიბნეს ძლიერად, სძლეს თათართა და მრავალი ტაძრეული აზნაური მოკლეს, და ივლტოდეს გურკლელი.

ხოლო თათართა განვლეს ჯავახეთი და თრიალეთი და რუსთავს მტკუარს გავიდეს. და მრავალგან მიეწივნეს თათარნი და სომხითარნი ლაშქარნი, რომელთა თჳთეულად არა არს ჟამი მოთხრობად. ყოველგან ალა-თემურ მძლე ექმნა. და განვლეს კამბეჩიანი, კახეთი, ჰერეთი ყოველგან ომითა, და წარვიდეს გზასა ბელაქნისასა, შევიდეს ღუნძეთს, რამეთუ წინა-განეწყო მეფე ღუნძთა. და სძლეს თათართავე, და განმარჯუებულნი მივიდეს ბერქა ყაენს წინაშე. და ესრეთი საკჳრველი საქმე ქმნეს, და ამათთანანი თათარნი სადაცა დარჩეს, აღნარობით უჴმობდეს, ესე იგი, უფროსთანი, გინა უხუცესთანი. ამისთჳს განძჳნებული ბერქა განემზადა გამოსლვად. და ამათ თეთრსა წყალსა ზედა ღობე შეკრეს და მუნ იზამთრიან, ვითარცა მითქუამს.

ხოლო ვითარ ამათ საქმეთაგან უცალო იყო მეფე, განდიდნა ჭყონდიდელი ბასილი და უჯარმელი, და იწყო საურავთაცა ქმნად თჳნიერ მეფისა კითხვისა. და მეფისა იმერით ყოფასა შინა დიადი აწყინა სეფეთა ქუეყანათა, რამეთუ ვითარ თჳსთა ხედვიდა, და სიტყუაცა ესრეთ იყო, ვითარმედ ესუქანს თანა-ეყო. ამისთჳს შესმენილ იქმნა ბასილი წინაშე მეფისა, რომელმან მსწრაფლ მოიყვანა და ბრძანა ძელსა დამოკიდება. დამოჰკიდეს ძელსა შუა ქალაქსა, რამეთუ იყო მეფე მალემრწმენი და ლიტონიცა.

და ვითარ მოიწია სთუელი, კუალად წარვიდა ყაენი სიბასა ზედა და მეფეცა მის თანა. მოიწია რა გაზაფხული, წარმოვიდა ყაენი სიაქუსა და ძე მისი, თანქუშ, წარმოვიდა გელაქუნსა, რამეთუ მას აქუნდა საზაფხულოდ სადგურად გელაქუნი, და მეფე თანა-წარმოიტანა, და მუნ იყო. მაშინ ევედრა მეფე თანქუშს, რათა უაჯოს მამასა მისსა ყაენს ულოს წინაშე და განუტეოს სამეფოდ თჳსად. ხოლო მან ისმინა და წარავლინა კაცი. და ვითარ მიიყვანეს სიაქუდ, ყაენი ულო აღსრულებულ იყო. მაშინ ხათუნთა და ნოინთა მიუმცნეს თანქუშს, რათა განუტეონ მეფე სამეფოს. გამოუშვეს და მოვიდა ტფილისს და ყოველსა ქართლსა და სომხითსა, და განაგნა საქმენი მანდაურნი.

ხოლო ნოინთა დასუეს ტახტსა ულუს ძე უხუცესი, სახელით აბაღა, კაცი კეთილი, უხჳ, მოწყალე, ტკბილი, მდაბალი, განმკითხველი, სიმართლის მოქმედი, გლახაკთ მოწყალე და შემნდობელი ესეზომ, რომელ, დაღათუ დიდისა ბოროტისა მოქმედი კაცი იყვის, არავე მოჰკლევდის, რამეთუ ესრეთ იტყოდის: „ყოვლისა ქუეყანისა მპყრობელად დაუდგენივარ ღმერთსა და რასაცა ვერ მივსცემ, არცათუ წაუღებ“. და მრავალგზის საჭურჭლენი მისნი წარიხუნეს მპარავთა და არა მოაკუდინის, არამედ იტყოდის: „[ა]რად მაკლს მე საჭურჭლე, ისი წარიღონ გლახაკთა, რამეთუ ნაკლულევან არიან, და მით იპარვენ“. კუალად უბოროტო და კეთილი გონება აქუნდა. მაშინ აბაღა განაჩინა მჴედართა მთავრად კაცი საჩინო წყობათა შინა, სახელით აბათა, და ურდოსა და სახლისა თჳსისა მოურავად დაადგინა ზემოჴსენებულისა ჩორმაღონის შვილი, სირმონ, კაცი განმარჯუებული და საჩინო ბრძოლათა შინა. ვინათგან ქრთამსა მძიმესა მიიღებდიან მის წინაშე მდგომნი ყოველნი, გამოარჩია კაცი ერთი მოწყალე და სამართლისმოქმედი, მმარხველი და მლოცავი, ქრისტიანეთა და ეკლესიათა ღმრთისათა მოსავთა მოყუარე, სახელით აღუბაღა. ესე განაჩინა უღონოთა და გლახაკთა განმკითხველად. არა თუ ულო ყაენის პატივცემულნი ნოინნი გამოცვალნა, არამედ უმრავლესნი აღსრულებულ იყვნეს, ვითარ ელგა ნოინი და სხუანი მრავალნი.

ამას აბაღას წინაშე წარვიდა მეფე დავით, და ფრიად პატივითა შეიწყნარა და პატივ-სცა. და დაემორჩილნეს აბაღას ყოველნი თათარნი, საბრძანებელი მამისა მისისა ულოსი

მას ჟამსა გამოვიდა დიდი ყაენი ბერქა გზასა დარუბანდისასა აურაცხელითა ლაშქრითა შურისგებად ტუთარის, ბალაღას და ყულის საქმისათჳს. ცნა ესე აბაღა ყაენმან და მოუწოდა სპათა მისთა და მეფეს დავითს, და წარემართა. ხოლო ვითარ აგრძნა ძლიერება და სიდიდე სპათა ბერქასთა, არღარა განვიდა მტკუარსა, არამედ შეიარა ნაპირი და განსავალი ყოველი, და აღიღო ზომი ყოველგან და დააყენა ლაშქარი, სადა შეკრბებიან მტკუარი და რაჴსი. და მუნითგან ვიდრე მცხეთამდე ბერქამან მოაოჴრა ქუეყანა შირვანისა, ჰერეთი, კახეთი და ყოველი იორისპირი, და მოვიდა ლაშქარი ტფილისამდე და მრავალი სული ქრისტიანე მოსწყჳდეს. ხოლო ბერქა ყაენი დადგა მთათა შინა გარეჯისათა. მაშინ მოხედნა ღმერთმან ქუეყანასა წყალობით და ყაენსა აბაღას, შეედვა სალმობა რამე ბერქას და მოკუდა. ვითარცა იხილეს სპათა მისთა სიკუდილი ყაენისა მათისა, წარიღეს მკუდარი და განვლეს კარი დარუბანდისა. ესრეთ დამშჳდნა ქუეყანა ესე.

ხოლო თათართა გულად აქუნდის შიში მეფისა ბერქას ლაშქრისა გამოსლვისა, და ყოველთა სთუელთა წარვიდიან სიბასა ზედა. და ვითარ მოეახლის ჟამი სიბას წარსლვისა, მოუწოდა მეფემან სპათა თჳსთა და სარგის ჯაყელს ციხისჯუარელსა. ვითარ მივიდა სარგის დავით მეფესა წინაშე ტფილისს, ეგონა სარგისის განდგომილება ყაენს წინაშე, და დაივიწყა ნამსახურობა განზრახვითა უკეთურთა კაცთათა, მოუწოდა პალატად და შეიპყრა და საჭურჭლესა შინა ტყუე ყო. ცნეს ესე აზნაურთა თანამყოლთა სარგისისთა, ივლტოდეს და წარვიდეს ყაენს წინაშე და მოაჴსენეს აბათა ნოინსა, რათა მან განაჩინოს მეფისაგან დაჭირვა სარგისისი და მოაჴსენოს ყაენს აბაღას და სთხოვოს სარგის. ისმინა მსწრაფლ ვედრება აბათა ნოინისა და მოსცა ელჩი, და წარმოავლინეს, და მოიწია ტფილისს და წარიყვანა სარგის და მიჰგუარა აბათა ნოინსა. და მიერითგან იქმნეს ჯაყელნი მორჩილნი ულოსისანი, ვიდრე ჟამთამდე მეფეთა შორის ბრწყინვალისა და საჩინოსა გიორგისთა.

ხოლო მეფე ჯერეთ არა წარსრულ იყო სიბასა, შეედვა სალმობა მუცლისა ძესა მისსა პირმშოსა, გიორგის, რომელიც სიკეთეაღმატებულებითა სავსე იყო. განგრძელდა სალმობა ესეზომ, რომელ კნინღა მკუდარ საგონებელ იყო, და იდვა უჴმრად, უძრავად, სულთა აღმომფშჳნველი, და მითცა ძლით. ამას მწუხარებასა და უღონოებასა რა მოეცვა მეფე და ყოველნი მკჳდრნი საქართველოსანი, მოეჴსენა მეფესა დმანისისა ღმრთისმშობელი, და წარვიდა წინაშე მისსა, და თჳთ წარმოაჩინა, ვითარ ყოველი უჴამურითა ფერჴითა მოჰყვებოდეს და მოეგებოდეს, მჴურვალითა ცრემლითა წყალობად მათდა აღძრვიდეს. მაშინ შეისმინა ვედრება მათი წმიდათა უწმიდესისა ღმრთისმშობელმან, და მყის შეხებასავე თანა და პირსა ზედა შეხებასა თუალნი აახუნა მსწრაფლ და ვითარცა უვნებელი წარმოჯდა. იხილეს ესე მეფემან და ყოველთა მკჳდრთა საქართველოსათა, განკჳრდეს ანაზდათსა ამას საკჳრველებასა ზედა ყოვლად წმიდისასა, და ადიდებდეს ყოველნი ღმერთსა.

და კუალად წარვიდა მეფე სიბასა ზედა, და მუნ ყოფასა მისსა, ჟამსა წარმოსლვისასა დასნეულდა მეფე დავით მით სალმობითა მუცლისათა და ვერ განკურნეს მკურნალთა, და წარვიდა ცხედრითა, და ვითარ მოეახლა მარტომყოფსა, მივიდა ხატსა მას ჴელითუქმარსა, რომელი თჳთ გამოისახა ტილოსა, ხატისა მიერ კეცსა ზედა. მოყვანება ბრძანა მარტომყოფისა ხატისა, და ევედრა ცრემლითა და შეუვრდა, და განკურნა, ვითარ უფლისა მიერ განკურნებული ცხედარსა ზედა მდებარე. და ესრეთ მრთელი მოვიდა პალატად ტფილისისა, და იყო განსუენებასა შინა თჳნიერ ამისსა, რამეთუ მთავარნი და ერისთავნი ვერ ცვალნის შიშისათჳს ყაენისა. ხოლო თქმულ არს ესეცა, ვითარ ბრძენისა სოლომონისთჳს წერილ არს. ჟამსა სიბერისა მისისასა არა მართლად ვიდოდა წინაშე ღმრთისა. და მძლავრებისაგან თათართასა უცალოქმნილმან იწყო შლად საყდართა საეპისკოპოსოთა. რომელი სანატრელთა მეფეთა შესავალნი სოფელნი მიენიჭნეს, განსცემდა, ეგრეთვე მონასტერთა. ამას თანა სხუანიცა ბოროტნი აღძრნა მტერმან, რომელნი არა საჴმარ არიან თქუმად, და მძლავრა სიბერესა შინა, ვითარ სოლომონს. ამისთჳს სწრთვიდა ღმერთი არა ჩუენებითა, არამედ შეუნიერებითა ძისა მისისათა სიკუდილისა გლოვითა, ვინათგან უგუნურებასა შინა ვართ ნათესავნი ადამისნი, და გულსმოდგინედ მიდრეკილ არს გული კაცისა ბოროტისა მიმართ, ვითარცა წერილ არს: „არა ინებეს შეგონებად, არამედ გარდავჴედით ცხორებასა ჩუენსა და ყოველნი ვართ ამაოებასა შინა“, ვითარ იტყჳს ბრძენი ეკლესიასტე: „ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო არს“, და მზესა ამას ქუეშე ხილულსა ყოველსა ამაოებასა მისცემს.

30. ხოლო ჩუენ, გზისა მცირედ გარდამაბიჯებულნი, კუალად მოგზაურ ვიქმნეთ. და ვითარ მოიწია მსგეფსი სიბას წარსლვისა, წარვიდა მეფე კუალად. ხოლო მუნ ყოფასა მისსა დასნეულდა ძე მისი გიორგი, რამეთუ დიდი ნუგეშინისცემა აქუნდა მეფესა საბრძანებელსა მისსა, და მისვე სისხლისა მდინარებისაგან აღსრულდა, და დაუტევა მწუხარება მიუთხრობელი ყოველთა მკჳდრთა სამეფოსათა დიდითგან მცირეთამდე. ხოლო გუამი ყრმისა გიორგისი დაასუენეს საყდარსა სიონისასა, რათა მოიცადონ მეფე, ვითარ მოეახლა ჟამი მოსლვისა.

ვითარ წარჴდა ჟამი მცირედი, მოვიდა მეფე ტფილისს, ვითარ არავინ გაეგება წინა თჳნიერ მცირეთა მოქალაქეთასა, ზარგანჴდილი მიისწრაფდა პალატად, სადა დახუდეს სპანი და ვაზირნი დამალულნი და შავითა მოსილნი. და ვითარცა აუწყეს სიკუდილი ძისა მისისა, გიორგისი, მყის სმენასავე თანა დაეცა და კნინღა მკუდარ იქმნა. და ესრეთ შეიღეს პალატად ჴელთა ზედა მქონებელი, და ძლით მოვიდა ცნობად, რამეთუ, უკეთუ მოისპოს სული, მყის მოისპობის ცნობა, და უკეთუ მოისპოს ცნობა, არა თანა მოისპოს სული, სიტყჳსმოქმედი იტყჳს. ვინათგან ტკივილთა მიერ უზომოთა მოცვულ იყო, და შვილობისა სიყუარული და კუალად სიტურფე-აღმატებულება ათრვამეტისა წლისა მყოფისა, სიმჴნე, სამჴედროთა ზნეთაგან განსრულებულობა, ტკივილნი მრჩობლ ზედა დაერთვოდეს. სალმობიერითა გოდებითა გოდებდა და სიკუდილსა აღირჩევდა თავისა თჳსისასა, რაჟამს იხილა აღყუავებული შუენიერი გუამი ძისა მისისა, გიორგისი, მკუდრად უფერულად მდებარე, რომელსა იგლოვდა ერი. და ვაებითა წარიყვანეს მცხეთას და მუნ დაკრძალეს, და უკ-მოიქცეს მწუხარებითა სავსენი. ხოლო ესოდენ განუმრავლდეს ტკივილნი შვილისა საყუარელისანი, მიერითგან არღარა აქუნდა ლხინება, და სენთაცა მრავალთა მოიცვეს და გუამითა უძლურებდა უმრავლესთა ჟამთა, გარნა მონებდავე ყაენს აბაღას, არა იყო სხუა ღონე.

აქა შინა იწყო მანკაბერდელმან სადუნმან განდიდებად, რომელ პირველ ულოს შეეწყალა რკინობისა ძლით, და ყაენმან აბაღაცა პატივი უყო, და დიდი საჰიბდივანი კეთილსა უყოფდა მით, რომელ ცოლისა მისისა, ავაგის ასულისა ხუაშაქისა, ეჯიბობა აქუნდა, და მეფესა დავითს მიებოძნეს მრავალნი ქუეყანანი.

ამათ ჟამთა იქმნა განდგომილება თათართა ურთიერთას, რამეთუ განუდგა ყაენსა აბაღას თეგუთარ, ყაენისა ბარახას ძმა უმრწამესი, რომელი იყო ზემოჴსენებულისა ჩინგიზ ყაენის შვილისა, ჩაღატა ყაენის, ნათესავი, რომელსა ეპყრა ქუეყანა თურანისა და დიდი თურქეთი. ესე ბარახა ყაენი იყო თურანსა და წარმოავლინა ძმა თჳსი თეგუთარ, რათა ხარაჯა ქუეყანისა, რომელ წილ-ხუდომოდა, ვითარ ზემო თქმულ არს, თეგუთარს მიხუდებოდის. ესე მივიდა ორისა ბევრისა ლაშქრისა მქონებელი. შეიწყნარა აბაღა და უჩინა ზაფხულისა სადგურად ვიდრემე მთანი არტანისანი და საზამთროდ რაჴსისა პირი და ნახჭევანი. ესრეთ იყოფოდა თეგუთარ. შეშურდა ყაენობა აბაღასი და მიუმცნო ძმასა თჳსსა, ყაენსა ბარახას, ჯეონს იქით მყოფსა, ვითარმედ: „რად მივსცემთ ყაენობასა და ქუეყანასა დიდსა აბაღას. აწ წარმოემართე მანდით შენ და აქათ - მე, და ორთავე შევმუსროთ აბაღა და ჩუენ დავიპყრათ ქუეყანა მისი“. ხოლო მოივერაგა ესრეთ: თავი შეშისა ისრისა აღმოთხარა და ძუალითა პილოსათა შეაწებნა სამნი ისარნი, და მათ შინა შთადვა წიგნი, ამად, რომელ ყოველგან გზისა მცველნი განჩენილ იყვნეს თათართაგან ძუელითგან და განიკითხიან მგზავრი და მოციქული.

და ვითარ მივიდა თეგუთარის მოციქული ძმასა მისსა ბარახა ყაენს წინაშე, სთნდა სიტყუა და განზრახვა თეგუთარისი, და მიუმცნო მანცა ეგრეთ, რათა პაემანსა შეკრბენ ერთად და დაამჴუან აბაღა ყაენი და დაიპყრან ჴელმწიფობა. და მოუწერა განჩინებული დრო პაემანისა, რომელ მას ჟამსა უკუ-დგეს თეგუთარ, რომელსა ჟამსა გამოვიდეს ჯეონსა ბარახა სპითა მისითა. ხოლო განგებამან ზენამან განაქარვა განზრახვა მათი და დაიცვა აბაღა უმანკოებისათჳს და სიწრფოებისა და სიმართლისათჳს. და შესცთა მწიგნობარი მისი და ორითა მთოვარითა უწინ დაწერა განდგომა თეგუთარისა, რამეთუ თუენი მათნი მთოვარითა აღრაცხილ არიან. და შთადვა მანცა თავსა შინა ისრისასა წიგნი ესე, და წარმოვიდა მოციქული და მოიწია ნიგალის ველსა თეგუთარს წინა, და მოსცნა ისარნი, და განაღო თავი ისრისა და პოვა დაწერილი ძმისა მისისა ბარახასი. და ჟამიცა იგი პაემანისა მოახლებული პოვა წერილსა მას შინა. და მყის აღეკაზმა ბარგითა და დედა-წულითა, კაცი მბრძოლი ვითარ ბევრი ერთი და ხუთასი, რამეთუ სხუა იგი ლაშქარი ვერ ესწრა სისწრაფისაგან, ნუუკუე განცხადნეს საქმე მისი, და ბოროტი ეყოს აბაღას მიერ. აიყარა და მომართა მთათა ღადოსათა, კარჩხალთა და კარისათა, რომელ არს შორის შავშეთისა და აჭარისა, და დადგა თავსა შავშეთისასა ფიჭუთას. და ეზრახა სარგის ჯაყელსა, რათა მისცეს გზა, უკეთუ უნდეს წარსლვა აფხაზეთისა მეფესა დავითს წინაშე, რათა იგი იყოს შუამდგომელ მეფისა და თეგუთარისა, და უკეთუ განუმარჯუდეს, დიდად განადიდოს სარგის. და ვითარ ამას ზრახვასა შინა იყვნეს, სთნდა სარგისს სიტყუა თეგუთარისი.

მოუწოდა აბაღა სპათა მისთა და დიდსა შანშეს შვილსა ივანეს მანდატურთუხუცესსა, წარმოავლინა დევნად თეგუთარისა. და აჩინა მჴედართმთავრად სირმონ, ნოინის შვილი ჩორმაღონისა, კაცი წყობათა შინა სახელოვანი და შემმართებელი, და მრავალნი ნოინნი სხუანი. და მოიწივნეს მთათა არტანისათა და დაიბანაკეს მუნ.

ხოლო იქმნა ესეცა საკჳრველი ყოველთა ნაშობთა დედათა უმეტესისა, რომელმან ღმრთისა სიტყუასა, ქალწულისაგან შობილსა ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, თჳსითა ჴელითა ნათელ-სცა, და ჴმა მამისა ზეცით ესმა, და სული წმიდა სახითა ტრედისათა იხილა და სამებისა წმიდისა ერთი არსება ცხად-ყო და გუასწავა იოანე ნათლისმცემელმან. ამისი უდაბნო შენ არს და არა უცნაურ მთათა შინა ღადოსათა, ოპიზა, უპირველესი ათორმეტთა უდაბნოთა. ამას შინა არს უპირატესი ყოველთა წინასწარმეტყუელთა და მოწამეთა ყოველთა უაღრესისა ნათლისმცემელისა იოანეს ჴორჴი იგი, რომელი არა დადუმდებოდა ქებად ღმრთისა მოსრულისა, და მამხილებელი ჰეროდეს უსჯულოებისა. და ესრეთ პატიოსნითა საუნჯითა განშუენებული და საღმრთოთა კრებულითა აღსავსე იგი საყოფი ნათლისმცემელისა, და ჭეშმარიტი თჳთ თავადისა საყოფი, ვითარ სიტყუა ცხად-ყოფს.

ესმა რა თეგუთარს სიდიდე უდაბნოსა ოპიზისა და შემკობა მისი პატიოსნითა ხატითა და კანდელთა მიერ აღსავსეობა, ინება წარმოღება მისი, და წარმოავლინა ვითარ ათასი მჴედარი, რათა მოაოჴრონ. ხოლო წარვიდეს მთისა გზასა, რომელი მივალს კარჩხალთა კერძო. გარნა არა დაიდუმა მსჯავრმან ზენამან, რამეთუ ეგოდენნი წმიდანი მამანი, რომელ მას ჟამსა ბრწყინვიდეს ოპიზას, სასწაულთა ნიშთა მიერ გაბრწყინვებულნი და მინდობილნი წინამორბედისა იოანესნი, წარმართთა მიერ მოწყუედილნი, და ჴორჴი იგი, დაუდუმებელი ღმრთისა ქადაგი, არა უპატიო ყო ღმერთმან. ამისთჳს დაიცვა საყოფი თჳსი და მოუვლინა ნისლი და სიბნელე, და ვერღარა ვიდოდეს ფერჴითა საძაგელითა, რამეთუ მიახლებულ იყვნეს უდაბნოსა, და დადგეს მთისა მის ძირსა, რომელსა ეწოდების ძეგლი, რომელსა ზედა შენ არს ეკლესია წმიდისა გიორგისი, რომელ არს შორის ოპიზას და მიძნაძორს. მაშინ მოხედნა წყალობით სამკჳდრებელსა თჳსსა იოანე ნათლისმცემელმან, მსგავსად ყოვლად უბიწოსა ვლაქერნისა ღმრთისმშობელისა, და მოავლინა ქარი სასტიკი მთისა ღადოსა და ხორშაკი და სეტყუა და წჳმა მძაფრი, და აღდგეს ღელვანი, ვითარცა შუა ზღუასა და წარმოეცა წყალი მძაფრი, და იქმნა მდინარე დიდი, რომელი გასწორდა ვიდრე წუერადმდე ძეგლისა, რომელი აწცა იხილვების დიდი იგი ნაღუარევი, რომელი შთავალს მართლ ზედა წყალსა შავშურსა. მოეტევა წყალი და წარიხუნა თათარნი სრულიად, კაცი და ცხენი, არა დაშთა თჳნიერ კიდე ერთისა კაცისა, და წარვიდა თხრობად თეგუთარისა, ვითარცა იობის ზედა ღაღადისი, ვითარმედ: „სახლი ღმრთისა არს ადგილი იგი, საყოფი მონათა ღმრთისათა, ერიდენით მუნ მისლვად“. იდგა მაღალსა არსიანის თავსა და მოვიდეს და რქუეს, ვითარმედ: „მოვიდა ლაშქარი დიდი აბაღასი და დადგეს მთასა არტანისასა, და ხვალე მოსლვად არიან აქა“. ესმა თეგუთარს და, რა გათენდა, აღყარა ბარგი და დედა-წული თჳსი და უკუ-აყენა მთასა მაგარსა კარისათა, რომელსა ერთკერძო შევალს გზა, და თჳთ ლაშქრითა და მეომრითა გარდმოიარა არსიანი. აქათ სირმონ ჩამოვლო მთა ყუელისა. და მოვიდეს ორნივე თავსა ყუელისასა, სირმონ წინა დაუდგა, რომელი იყო ბრძოლათა შინა სახელოვანი, ეგრეთვე მებრძოლნი თეგუთარისნი: სეგზი, ჯოლაქ, აბიშხა, თოლაქდემურ, რომელთა დიდად ძლიერი ომი გარდაიჴადეს, და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ. და განგრძელდა ომი, იძლია თეგუთარ და ივლტოდა დედა-წულისა კერძო, მთასა ღადოსასა ჯნალისთავსა, და მიუდგა უკანა სირმონ, ხოლო თეგუთარ დაუდგა სიმაგრესა მთისა მინდობილი.

და კუალად იქმნა ომი ძლიერი ორ დღე. და ვითარ მისჭირდა თეგუთარს, ივლტოდა უცნაურად, რომელიმე აჭარით და რომელიმე ნიგალისჴევით, რომელი ყოვლად უვალ იყო კაცთაგან. და არა დასაჯერებელ არს კაცთაგან, უკეთუ ვისმე ეხილნეს მთანი იგი, რომელ წარვლეს, რამეთუ ყოვლად შეუძლებელ არს სლვა კაცისა, არა თუ ცხენისა, პირველ სიმყაფრითა და მერმე ტყისა სიჴშირითა და შქერთა და ეკალთა, რომელსა ბურწუმელ ეწოდების, განრთხმული ბრძამლითა, რომელი ნადირთაგანცა უვალ იყო ადგილი, რომელი შთავლეს. და იქმნა ესეცა, რომელ განვლეს ტყესა ერთსა, ქუეშეთ კლდიანსა და ზედათ მცირისა მიწისა მქონებელსა, და ზედა მოშენებულ იყო ტყე. გაღმართ განმავალთა წარუსქდა მთა იგი, ვითარცა ზუავი თოვლისა, კაცსა ვითარ ათასსა, დედა-წულისა მქონებელსა, და შთავიდა ჴევსა აჭარისასა, და დაიპყრა ცხენი და კაცი და ყოვლად უჩინო ყო, და ესრეთ საწყალობელად მოისრვოდეს. და ჯერეთცა ადგილსა მას სთხრიან მაჭარელნი და ჰპოებენ სამკაულთა დედათასა ოქროსა და ვეცხლისასა.

ჩაიარეს აჭარა და ნიგალისჴევი, და მერმე შეიარეს გურია და მივიდეს ქუთათისს, მეფესა დავითს წინაშე. ხოლო იგი სიხარულით მოეგება და სერი დიდი განუმზადა: ხუთასი ზროხა მოხარშული დაუდვა, თჳნიერ ღორისა და ცხურისა კიდე, და ლაშქრისა გამოსაზრდელად მასვე დღესა ცხენი ექუსასი, ზროხა ათას ხუთასი, ცხოვარი ორი ათასი, ღორი ორი ათასი. ესე მას დღესა მოიღო თეგუთარს წინაშე, და მან განუყო ლაშქართა, რომლისათჳს დიდად განკჳრდეს თეგუთარ და სპანი მისნი, ხოლო ღჳნის ამარი არა იყო, მოიღეს ურმითა და ჭურითა და აღმოასხმიდეს.

31. ესრეთ კუალად ისტუმრნა მეფემან დავით, რომელი იყო უხვი და მდაბალი და მეცნიერი ყოვლისა საქმისა და სახელისა მომხუეჭელი. ესე, ვითარცა მონა, დაუდგა წინაშე სასამსახუროდ თეგუთარს. ეგრეთვე დედოფალმან, ასულმან მაღლისა ჴელმწიფისამან, პალიალოღოს კოსტანტინეპოლის მეფის ასულმან, ამანცა ეგრეთვე პატივ-სცა ცოლსა თეგუთარისსა, და გაუშინაურდეს ურთიერთას და მიენდვნეს და ზედასაზედა მივიდის დავით მეფე თეგუთარს წინა და განუჩინის ყოველივე წესი და რიგი მისი, და ესრეთ იყოფოდა წინაშე მისსა.

და ვითარ შეიქცა სირმონ გამარჯუებული ყაენს აბაღას წინაშე, მოვიდა კაცი გზათა მცველთა ხუარასნით, ვითარ: „შეიძრა ულუსი დიდი თურანისა, და ყაენი დიდი ბარახა გამოვიდა ჯეონსა უმრავლითა ლაშქრითა“, რამეთუ ბარახა პაემანსა გამოსრულ იყო, და თეგუთარის გარდახუეწა აუწყეს. ვითარცა ესმა აბაღას, განკჳრდა, მოუწოდა ყმათა მისთა და ყოველთა ქართველთა. რამეთუ მეფე დავით შვილის სიკუდილითა დაუძლურდა, ეგრეთვე წარვიდა ყოვლითა ძალითა მისითა ხუარასნით კერძო, და მივიდეს ჰერს და მიერ მინდორსა ამოსისასა, დაეახლნეს ურთიერთას. წარავლინნეს მეფე და სპანი მისნი წინათ, რათა დაიცვენ ლაშქარნი მისნი დასხმისაგან ბარახასა და ულუსი და სპა მისი განიცადოს. და სხუანიცა ნოინნი წარგზავნა წინაწარსლვად, ვითარ ოთხსა გინა ხუთსა მილიონსა. ამცნო, რა იხილონ სპა ბარახასი, რომელი მათვე შემოეყენა, გარეუკუნ-იქცეს. ამათ წინა შორს მდგომთა ყარაულად უწოდიან ენითა მათითა.

და წარვიდა მეფე და ყარაულნი თათართანი აბაღასნი, და ვითარ ვლეს ორი დღე, დადგეს ადგილსა ერთსა მიმწუხრი და ცისკარი რა მოეახლა, იხილეს მტუერი დიდი ამოსის მინდორსა ამაღლებული ვითარ ღრუბელი. ცნეს, ვითარმედ ბარახასი და სპისა მისისა არს. აეკაზმნეს მეფე და სიქდურ, და ენება სიქდურს გარეუკუნქცევად ბრძანებისაებრ აბაღასა, და რქუა მეფესა: „ჩუენ ყარაულნი ვართ, და ლაშქართაგან მცირედნი, და, აჰა, განგჳცდიან ლაშქარნი, და წარვიდეთ ყაენს წინაშე და ვაცნობოთ მოსლვა მისი“. ხოლო მეფემან რქუა: „არა არს წესი ჩუენ ქართველთა უკუე, რა ვიხილოთ მტერი, ჩუენ კერძო მომავალი, შეუბმელად ზურგი შემოვაქციოთ, დაღათუ იყოს სიკუდილი“. ვითარცა ესმა თათართა, განკჳრდეს და განწყრეს, და ზედა-მოუჴდეს მეფესა და ეტყოდეს: „არა იცი, რასა იქმ! არა გაქუს ბრძანება აბაღასი, უმისოდ შებმა დიდისა ყაენისა. თქუენ, ქართველნი, უცნობონი ხართ და არა იცით საქმე“. და მრავალსა ევედრებოდეს მეფესა და ყოველთა სპათა მისთა, და ბოროტს ყოფასაცა აქადებდეს აბაღას მიერ, გარნა ვერ არწმუნეს უკუნქცევა. მაშინ წარავლინეს მსწრაფლ კაცი ყაენს წინაშე და აცნობეს: „აჰა, მოვიდა ბარახა დიდითა ლაშქრითა და ჩუენ ვხედავთ მტუერსა დიდსა, ამოსისა მინდორსა სრულიად მტუერითა დაბნელებულსა, და ჩუენ ბრძანებისაებრ თქუენისა გუნებავს გარეშექცევა და წინაშე შენსა მოსლვა, გარნა ქართველნი უცნობოქმნილნი არა მოვლენ ჩუენ თანა, ამას იტყჳან, ვითარმედ: „არა გუაქუს ჩუეულება, რათამცა მტერი თუალითა ვნახოთ და გარე-შევიქცეთ“. აწ არა თუ შენ, ყაენი, მოხვალ და შენ განაგებ, ჩუენ განგჳწირავს თავნი ჩუენნი სიკუდილად, და ისწრაფე შეწევნად ჩუენდა“.

ვითარ მოიწია მოციქული და ესმა მოსლვა ბარახასი და ყარაულთაგან არა მორიდება, განკჳრდა და მსწრაფლ ამჴედრდა სპითა მისითა, და წარისწრაფა და მიესწრა რაზმწყობილთა და მოიყვანა მეფე და რქუა: „ვიცი სიმჴნე თქუენი ბრძოლათა შინა. თქუენ, ქართველნი, ურჩნი ხართ და შმაგნი. უკეთუმცა ნოინს რომელსამცა ექმნა, მო-მცა-ვკალ. ამისთჳს არა ბრალეულ-გყო, რამეთუ უმეცარნი ხართ წესისა ჩუენისანი. აწ დადეგ წინათ ლაშქრითა შენითა“. ხოლო მეფე გარდაჴდა ცხენისაგან, თაყუანი-სცა და რქუა: „დიდო ყაენო, არა არს ჩუეულება ქართველისა, რათა მტერი იხილოს და ზურგი შემოაქციოს. აწ ბედნიერმან თუალმან ყაენისმან გჳხილოს, რომელ დავდვათ თავი ჩუენი სიკუდილად“.

და წარვიდა მეფე და დაეწესა წინა კერძო. ხოლო დიდი იგი და მჴნე აბათა ნოინი, რომელი იყო მჴედართმთავარი, რომელ არს ამირსპასალარი, - მარცხენასა მჴარსა. სირმონცა, დიდი იგი ბუღაცა - მარცხენითვე; სიქდურ, ტოღან-ბუღა, ჯინილის, არღუნ-აღა და იას-ბუღა - მარჯუენით, და სხუანი ნოინები გააყენეს მარჯუენით და მარცხენით, ეგრეთვე რაზმწყობილი ბარახა მოიწია.

32. მაშინ გამოჩნდა კაცი ერთი, სახელით ალინაყ, ასისა კაცისა თავადი და არა საჩინოსა გუარისა, არამედ ტანითა დიდი და ახოვანი, ძლიერი ძალითა და უშიში მჴნედ, და აღმატებული სიტურფითა, ჰაეროვანი და შუენიერი. ამან ითხოვა აბათა ნოინისაგან, რათა ფარმანი მისცეს წინამბრძოლობისა, ოდესცა სთნდეს. და მისცა სათხოველი ესე აბათა ნოინმან. და ამას შინა მოეახლნეს ორნივე სპანი ურთიერთას, და იქმნა ომი დიდი და საშინელი. ამან ზემოჴსენებულმან ალინაყ წინა-შეუტივა რაზმსა მათსა და განაპო და განვიდა რაზმსა მათსა ყოვლითა მოყსითა მისითა, შეკრბა და იწყო თქუმად ალა ალასა, და მოიქცა და კუალად განხეთქა რაზმი მათი და გამოვიდა აქათ. და მეორედ კუალად მიმართა, დაფრიწა რაზმი და განვიდა იქით და იწყო თქუმად ალა ალასა. ხოლო ქართველთა ძლიერად იწყეს ომი, რამეთუ თჳთ ხედვიდა ყაენი, რომელ წინამდგომთასა მეფემან და სპათა მისთა უწინ შეუტივეს და სივლტოლად მიდრიკნეს. ეგრეთვე აბათა ნოინმან ძლიერად იღუაწა ესოდენ, რომელ ოხჭანსა შინა ომისასა სრულიად შეჭურვილი კაცი აღიღო უნაგირი-საგან და ტახტსა თჳსსა შემოიდვა, და აქუნდა სრულსა ომსა შინა ჴელთა, ვითარცა არწივსა კაკაბი. ეგრეთვე სირმონ იღუაწა ძლიერად, და ყოველნი მათკერძონი სივლტოლად მიდრიკეს. ხოლო ბარახა ყაენი შეემთხჳა მარჯუენით აბაღასთა: სიქდურს, ტოღან-ბუღას, ჯინილის და არღუნ-აღას. ესენი მსწრაფლ სივლტოლად მიდრიკნა ბარახა. ვიდრე მეორე დღე ამათ სდევნიდა, ხოლო აბაღა ორ დღე მათ სდევნა და ვერც ცნეს რაზმისა სიგრძისაგან, თუ რა შეემთხჳა. ხოლო ვითარ ცნა ბარახა გაქცევა და ამოწყუეტა სპათა მისთა, დაბრუნდა, ეგრეთვე აბაღაცა, და შეიმთხჳვნეს კუალად ურთიერთას, და განეწყუნეს. ვითარ იხილა აბათა ნოინმან ბარახა, აღიღო შუბი და მარტომან მიმართა რაზმსა მათსა, რამეთუ იყო ესე აბათა ნოინი კაცი ტკბილი და სახიერი და ახოვანი ბეჭითა და მკერდითა, მსგავსი ლომისა, უშიში, ძლიერი, შემმართებელი და ჰაეროვანი, და სიტურფეაღმატებული. და ვითარ მიახლდა სპა მისი, სდევნეს და მოსწყჳდნეს სული ურიცხჳ და ტყუე ყვეს, და ესრეთ განმარჯუებულნი მოვიდეს ურდოთა მათთა შინა.

ხოლო ვითარ იყო ყაენი აბაღა ხუარასანს ბრძოლად ბარახა ყაენისა, მაშინ ზემოჴსენებულმან თეგუთარ წარმოავლინა სამნი მჴედართმთავარნი მისნი დედა-წულითა და ბარგითა მათითა, სახელით სეგზი-ბადურ და აბიშხა და თოლაქ-დემურ, და მეოთხე - ჯოლაქ. წარმოვიდეს და მოვიდეს და დადგეს მთასა ზედა, რომელი აღმოვალს შტოდ კავკასისა, რომელ არს ლიხი. და ვითარ წარვლეს დასავლით კერძო, რომელსა უწოდენ ღადოდ. და ამათსა შესაყარსა დემოთისასა დადგეს თათარნი ადგილსა, რომელსა ეწოდების ლომისთავი, და მიერ არბევდეს ჯავახეთსა ვიდრე ფარავნამდე. მაშინ მუნ მდგომთა თათართა ჩამოვლეს ეკერისჴევი და განვლეს აწყურს ზედა ფონი მტკურისა და განვიდეს ჯავახეთს. დახუდა ჯოგი კახა თორელისა, რომელსა აქუნდა პატივად მეჭურჭლეთუხუცესობა, და ყურუმჩის ვისმე ჯოგი, ათასისა მჴედრისა თავადისა, არა ალინაყისა შვილისა ყურუმჩისა, არამედ სხჳსა ვისმე. და წარმოიღეს და მომართეს სადგურსა მათსა ლომისთავსა. ესმა ყურუმჩი-ბადურსა და მოუწოდა კახას თორელსა და დევნა უყვეს. ხოლო თეგუთარიანნი განსრულ იყვნეს მტკუარსა, სადა მოერთჳს წყალი გურკლისა, და ესენი მივიდეს პირსა მტკურისასა. რამეთუ იყო სიმრავლე ფრიადი თათართა და ქართველთა სპისა, მათი რამეთუ მცირედნი იყვნეს, იძიეს ღონე. თოლაქ-დემურ განვლო მტკუარი ოცდაათითა კაცითა უგრძნულად, და სხუანი დაუდგეს პირსა მტკურისასა. თოლაქ-დემურ აღვლო ჴევი და აღვიდა ქედსა, და აღაბა ალამი რამე სახედ დროშისა, და მოეტევა ჴმითა მაღლითა. და ვითარ იხილა ყურუმჩი-ბადურ წინათ და უკანაკერძო ლაშქარი, ჰგონა სიმრავლე სპისა მის და შეშინებულ იქმნა და ივლტოდა მსწრაფლ შეშფოთებული, სადა-იგი სიმრავლე მოიკლა კაცთა კეთილთა, და ორთა კოხტელთა მიიღეს აღსასრული. და სამძივარი ცხენმოკლული ცურვით ივლტოდა და აწყუერს შევიდა. მჴედართმთავარი თათართა ყურუმჩი-ბადურ მოიკლა, და უწესოდ დაბნეულნი, გზისა მეოტისა ვერდამპყრობელნი შეივლტოდეს მთად რუგეთისა, აღმართსა ძნელსავალსა, რომელსა ჰქჳან კჳრიკეწმიდა. დაბრუნდეს და გამარჯვებულნი მივიდეს ყაენის ძმისა, თეგუთარის, თანა. და ალაღებული თეგუთარ გარდამოვიდა ქართლს და მოაოჴრებდა ყოველსა ქართლსა.

მაშინ ევედრა ყაენი აბაღა მეფესა დავითს, რუსუდანის ძესა, რათა არღარა შეეწიოს და არცა შეუშვას თეგუთარ, და ნიჭთა დიდთა აღუთმიდა. რამეთუ იჭვისა მქონებელი ღალატისა, თეგუთარის ყმათაგან განცხადებულად მცნობელი, თჳნიერ თეგუთარის კითხვისა ერჩდა აბაღას დავით მეფე, და შეკრა გზანი, რომელ არღარა შეისლვებოდა ცხენითა. ხოლო თეგუთარ არა უწყოდა.

და ვითარცა ცნა აბაღა, რამეთუ არღარა შეეწევის მეფე დავით, - გარნა წერილ არს, ვითარ აფროსინელთა შინა სიტყუა, იტყჳს ვინმე, იბრძოლებოდეს რა ანტიპატროს და ყრმა კასანდროს, მოაკუდინა, - ცნა აბაღა ყაენმან და წარმოავლინა მჴედართმთავარი მისი სირმონბადური და სხუანი მთავარნი ნოინნი და სპისა სიმრავლე. და მოვიდეს თრიალეთს, და მოუწოდეს მეფესა დავითს და სპათა მისთა. რამეთუ მეფე სნეულობდა მას ჟამად, და წარმოავლინა ყოველნი მთავარნი მისნი სირმონს წინაშე, და შთავიდა სირმონ ქართლად.

და ცნა თეგუთარ მოსლვა სირმონისი, წინა-განაწყო სპა მისი, და იქმნა ბრძოლა ძლიერი და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ, და ესწრა ღამე და გაიყარნეს. რა გათენდა, განემზადნეს და განეწყვნეს ურთიერთას პირისპირ. იქმნა ბრძოლა ძლიერი, და სპა მეფისა წინა-მბრძოლობდა. და ვითარ აღერივნეს ურთიერთას, ივლტოდა სპა თეგუთარისი, მიმო-დაიბნივნეს, მოისრნეს და უჩინო იქმნეს. დარჩა თეგუთარ და ძე მისი მცირე უღონოქმნულნი, მივიდეს სირმონს თანა, და ევედრა, რათა ყაენი აბაღა იხილოს მან და ძემან მისმან. ისმინა სირმონ, გარნა დააპატიმრნა და აღიღო ტყუედ დედა-წული მისი და ყოველი* სიმდიდრე და ბარგი და საქონელი და ჯოგი, და მივიდა აბაღას წინაშე, და მიიყვანა თეგუთარ და ძე მისი. ხოლო აბაღა არა ავნო, რამეთუ იყო კაცი მოწყალე და შემნდობელი, ვითარ ზემორე ვთქჳთ, და წარგზავნა ქუეყანასა ერაყისასა, და მისცა ათორმეტი კაცი მას და ძესა მისსა, საზრდელი და შესამოსელი უხუად, ქორ-შავარდენი და ავაზა, და განუჩინა სარჩომი, რომელ არა აკლდეს, და მცველნი დაუდგინნა, რათა არღარა გაუშვას მამულსა მისსა. და ესრეთ განსუენებულ იყოფოდა და აღსრულდა.

და ყაენმან აბაღა მრავალნი ნიჭნი და ძღუენი წარავლინა მეფესა დავითს წინა და ქართლს მრავალნი სოფელნი და ატენი მისცნა.

33. მაშინ წარვიდა ყაენი სიბად და თანა-წარიტანა დავით მეფე. დაყო ჟამი ზამთრისა და, რა ზაფხული მოიწია, წარმოვიდეს. და მგზავრ მომავალსა მეფესა შეედვა სალმობა მუცლისა, და ვითარ მკურნალთა ვერ უძლეს კურნებად, მაშინ ევედრა ხატსა მას მარტომყოფისასა, და მივიდა მის წინაშე, ვითარ ჩუეულ იყო, რამეთუ პირველ ამისსა მუცლისა სნეულებითა შეპყრობილ იყო და ვითარ მკუდარი, იდვა უსიტყუოდ, და აღედგინა ხატსა ჴორცშე-სხმულისა ღმრთისასა. ხოლო აწ არღარა პოვა ლხინება ამისთჳს, რამეთუ მოაკლო ღმრთისმსახურება და იწყო რღუევად საყდართა და შლად. ამისთჳს აღიღო ღმერთმან ჴელი წყალობისა, და პირველ წელთა მოკუდა ძე მისი პირმშო, გიორგი, სიკეთეაღმატებული, და აქა მიიცვალა დავითცა მწუხარებითა ძისათა. და ესუა სხუაცა ძე კეთილმოჴსენებული, მჴნე და ქველი, სახელით დიმიტრი, რომელი შემდგომად მეფე იქმნა. ხოლო ამან დავით რა დაასრულა ცხორება, დამარხეს სამარხოსა მეფეთასა მცხეთას. ხოლო თქმულ არს ესეცა, ვითარმედ წამლისა მიერ აღსრულდა, ცოლისა მისისა ესუქანის მიერ მიცემითა წამლისათა, ვითარ სიტყჳსმოქმედი იტყჳს მაკედონელისა მის დიდისა მიდოსით თავმტკივნეულობად მყოფისა და იჭჳსა წამლისასა მიდოს და ანტიპატროს მიერ მიცემისა, ეგრეთვე დავითისდა თქმულ არს ესუქანის მიერ შურისათჳს ბასილი უჯარმელისა, რომელი მოაკუდინა მეფემან უწესოებისათჳს: თანა-ეყო ბასილი ესუქანს და არა რიდა საწოლსა პატრონისა მეფისასა, და ჩოჴანიცა აღიჴადა და მთავრობა მიიტაცა. ამის ეწესობისათჳს მოიკლა ბასილი.

ვინათგან მოიწია მწუხარება უნუგეშინისცემო ყოველთა მკჳდრთა საქართველოსათა, რამეთუ მიიცვალა მეფე დავით, იგლოვეს წესისაებრ, და მრავალი ნიჭი გასცეს ეკლესიათა, საყდართა, გლახაკთა საჴსენებლად მისა. გარნა მწუხარე იყვნეს მთავარნი, რამეთუ მეფე დიმიტრი მცირე იყო და არა ძალ-ედვა მეფობა. ამისთჳს უმრავლესნი წარვიდეს და მსახურებდეს ყაენსა, რამეთუ ვერცა დავით მეფემან წუართნა ერისთავნი შიშისათჳს ყაენისა.

მაშინ ზემოჴსენებულნი ღალღურ და რაჭის ერისთავი კახაბერი შეიზრახნეს ურთიერთას, რათა განუდგენ მეფესა დავითს, რუსუდანის ძეს. და წარვიდეს ყაენს აბაღას წინაშე. და ეზრახნეს ალინაყს ბადურს, რომელი დგის მთათა ჯავახეთისათა და მან აცნობა ყაენსა. ხოლო მან ნიჭნი დიდნი აღუთქუნა. და წარვიდა ღალღურ და კახაბერის ძე, კახაბერი, რომელი იყო თესლით ბოროტი, ვითარ გუაუწყებს წიგნი მეფეთა, ბაღუშისთა და ნათესავთა მისთა. რამეთუ მოიწივნეს ყაენს წინაშე, შეიწყნარნა და მოუწოდა სირმონ ნოინსა და რქუა: „მეფე დავით ესეოდენთა განდგომილებათა იქმს, რამეთუ მისსა არა კმა იყოფს, და ყოველთა განდგომილთა ჩუენთა თანა-შეეწევის, ვითარ თეგუთარს და აწ ღალღურს. ხოლო მე ნიჭნი დიდნი და პატივნი წინა-უყვენ თეგუთარისთჳს და კუალად ღალღურ შეიწყნარა. აწ მნებავს, რათა შური ვიგოთ მის ზედა“. და ესმა კახაბერსა, და წარდგა და თქუა: „უკეთუ ნებავს ყაენს შურისგებად დავით მეფესა ზედა, მე მისთჳს მოსულვარ, ვიცნი გზანი შესავალნი, და წარვასხამ ლაშქართა, და ვგონებ, რომელ მეფე ჴელთ-ვიგდო. და ღალღურცა იცის გზა და ძალი ქუეყანისა მათისა“.

მაშინ უბრძანა ყაენმან აბაღა სირმონ ნოინს და ალინაყს და თაიჩოს და აბჩის, რათა ილაშქრონ მეფესა დავითს ზედა. და შეკრბეს სიმრავლე ლაშქრისა სამი ბევრი, და გამოვლეს თრიალეთი და გარდავლეს მთა ლიხისა და ზედა-დაესხნეს ქუთათისს აბანოსა შინა მყოფსა მეფესა. და ძლით შეესწრა ცხენსა, ერთითა კაბითა მარტო ივლტოდა. ხოლო თათართა მოაოჴრეს ეკლესიანი, და მრავალი სული ქრისტიანე მოიკლა და ტყუე იქმნა. და უვნებელად მივიდეს ყაენს წინაშე. ხოლო მეფე, საკჳრველებით დაცვული ღმრთისა მიერ, განერა. და ვერ ესწრა მეფე ომსა მათსა, რამეთუ მსწრაფლ უკუნ-იქცეს თათარნი.

წელსა მესამესა კუალად წარმოვიდეს სირმონ და ალინაყ აბაღას ბრძანებითა შეპყრობად მეფისა, რამეთუ დაემსტურა კახაბერსა და არღარა ჰგონებდა მისლვასა თათართასა. დაესხნეს კუალად. და მეფემან მიჰრიდნა, და მოაოჴრეს ქუეყანანი. და ვითარ ცნეს შეყრა და ზედამოსლვა მეფისა, ივლტოდეს თათარნი მსწრაფლ მასვე დღესა ტყჳთა და ალაფითა.

ამათ ჟამთა სადუნი მანკაბერდელი განდიდებულ იყო უმეტეს ყოველთა მთავართა მის ჟამისათა, რამეთუ შეიყუარა ყაენმან აბაღა, და იწყო ურვად საქმეთა საქართველოსათა, რამეთუ ასული პატრონისა მისისა, ავაგ ათაბაგისა, შევედრა სადუნსა. და ხუაშაქმან ეჯიბობაცა მისცა.

მაშინ შეკრბეს თავადნი ქართველნი და დიდებულნი და წარიყვანეს მეფისა ძე დიმიტრი ურდოსა. და მივიდეს შანშეს ძისა ივანეს თანა მანდატურთუხუცესსა. და წარჰყვა იგიცა ურდოსა. და მიიყვანეს ყაენს წინაშე ურდოს და დაუურვეს მეფობა. და ვითარ იხილა ყაენმან დიმიტრი, შეიწყალა, რამეთუ იყო ქმნულკეთილი და შუენიერი ხილვად. და მოსცა ყოველი სამეფო, თჳნიერ სარგის ჯაყელისა, და წარმოატანა თანა სადუნი, რომელსა უბოძა მეფემან დიმიტრი ათაბაგობა. და მოვიდა ტფილისს და დასუეს ტახტსა მამათა მათთასა, და აღასრულეს წესი კურთხევისა კათალიკოზმან და ეპისკოპოზთა და ყოველთა მთავართა საქართველოსათა ჰერეთით, კახეთით, სომხითით, ქართლით და ჯავახეთით და ტაოთ, რომელნი შეკრებულ იყვნეს. და იყო მადლობა ღმრთისა და სიხარული დიდი, განცემა გლახაკთა და ობოლთა ზედა, რათა წარემართოს მეფობა დიმიტრისა და კეთილად განგება საქართველოსა.

34. მათ ჟამთა იწყო ყაენმან აბაღა ბრძოლად მეგჳპტელთა მთავარსა და სულტანსა მისრისასა ფუნდუყადარს, და წარავლინა სპა ძლიერი და მათ თანა სპა ქართველთა. და აჩინა მჴედართმთავრად თოდან ვინმე ბადური, ნათესავით სალდუსი, მთავარი გარეთათა, და წარგზავნეს გზასა საბერძნეთით მიმავალსა შამად. და მიუმცნო სულტანსა საბერძნეთისასა ფარვანას, რამეთუ უწინარეს ამის ჟამისა აღსრულებულ იყო სულტანი დიდი სალჩუქიანი ყიასდინ, და მონასა მისსა, ფარვანას, მიეტაცა სულტნობა, და ცოლიცა მისი და ასული რუსუდანისა გურჯი-ხათუნ მიეყვანა ცოლად, და მას აქუნდა ყოველი პონტო, ასია და კაბადუკია. ამას მიუმცნო ყაენმან, რათა შეეწიოს სპათა მისთა.

და წარვიდეს სპანი აბაღასნი და მივიდეს ფარვანას თანა და დაიბანაკეს ევხაიტს, რომელ არს ასურასტანი. და ვითარცა ესმა სულტანსა ფუნდუყადარს მისლვა თათართა, მოუჴდა სპითა ეგჳპტისთა და ზედა-დაესხა ჟამსა განთიადისასა. და იქმნა ძლიერი ბრძოლა, სადა-იგი მჴნედ ბრძოლა-უყვეს ქართველთა, რომელ თათარნი განკჳრდეს. მაშინ თათარი ვინმე, სახელით მორღულ, მიეტევა მარტო რაზმსა არაბთასა, და განვლო შიგან და გამოვლო. და მომავალსა ცხენსა მისსა უკანა ფერჴი მარჯუენა მოჰკუეთა ვინმე ქუემდებარემან კაცმან საოლავსა ქაჩაჩსა ზედა. იქმნა საქმე საკჳრველი, ივლტოდა სპა აბაღასი და თოდან მოკლულ იქმნა. წარმოვიდა ესე უფერჴოთა ცხენითა, სამი დღე და სამი ღამე ვლო. ეგრეთ მოკუდა ცხენი.

ვითარ ცნა აბაღა ამოწყუედა ლაშქართა და უმეტეს ქართველთა, დაუმძიმდა დიდად, და შეასმინეს სულტანი საბერძნეთისა ფარვანა, ვითარმედ განზრახვითა მისითა იქმნა მოსლვა სულტნისა ფუნდუყადარისა. ამისთჳს შეიპყრეს ფარვანა, დაღათუ არა ენება აბაღას მოკლვა მისი, არამედ ნოინთა მოაკუდინეს ფარვანა და აღიღეს ყოველი სიმდიდრე მისი. და აჩინეს საბერძნეთსა ნოინი დიდი და კეთილი, ნათესავი პირველთა ყაენთა, ონ-ხანისა გუარისა, სახელით ერინჯი. ამას ჴელთ-უდვეს მთავრობა საბერძნეთისა. და წარუღეს აწყუერი სამცხეს, რომელი ჰქონდა ფარვანას ცოლეულთაგან, და უბოძეს ჯაყელსა სარგისს და ძესა მისსა ბექას.

ვითარცა აღიზარდა მეფე დიმიტრი, დაიწყო საურავთა საქმეთა კეთილგანგებად. რამეთუ იყო ესე დიმიტრი ტანითა ახოვან, ფერითა ჰაეროვან, შესახედავად ტურფა, თმითა და წუერითა მწყაზარ, თუალითა გრემან, ბეჭბრტყელ და შეწყობილ, სამჴედროთა წესითა სრული, ცხენოსანი და მშჳლდოსანი რჩეული, უხჳ, მოწყალე გლახაკთა და მდაბალი, რომელ არა სმენილ არს ნათესავი მეფეთა, გინა სხუათა კაცთა. რამეთუ აქუნდა ჩუეულება: აღიღის საფასე და აღდგის ღამე და მოვლის ქალაქი და მოიხილნის გლახაკნი და დავრდომილნი და ობოლნი, და თჳსითა ჴელითა მისცემდის. და ყოველთა უწყოდის მოწყალება მეფისა, და გლახაკნი ღამით ფოლოცთა შინა ვიდოდიან, რათა შეემთხჳვნენ მეფესა. ამას თანა მოეგო მარხულობა, ღამით ლოცვა და მუჴლთყრა ფრიადი: ათასხუთასი მუჴლი მოაგდის მდაბლად მიწასა ზედა. ესრეთ ყოვლითურთ განშუენებულ იყო, გარნა ესრეთ ჴელთა სადუნისათა იყო, რამეთუ ფრიად განადიდა სადუნი ყაენმან. დაიურვა მეფის დიმიტრისაგან თელავი და ბელაქანი და მრავალნი ქუეყანანი. და სადუნი კეთილად განაგებდა საქმეთა საქართველოსათა, რამეთუ დღეთა მისთა არა იქმნებოდა თათართაგან ძალი და უსამართლო, არცა დიდთა ნოინთაგან, არცა ელჩთაგან. და ესრეთ აღშენდა საქართველო.

მეფემან დაიწყო სიბას წარსლვად, და აღაშენნა ქუეყანანი მოოჴრებულნი. ამანვე აღაშენა პალატსა შინა მონასტერი ისანთა საყოფელად მეტეხთა ღმრთისმშობელისა, და შეამკო განგებითა დიდითა და შესწირნა სოფელნი და ზუარნი და განუჩინა მონაზონთა საზრდელი და სამოსელი და განაგო განგებითა კეთილითა. და წარვიდა ურდოსა, და მას შინა ყოფასა მეფისასა სთხოვეს საფასე ურიცხჳ მეფესა განზრახვითა სადუნისითა. რქუა მეფესა სადუნ: „უკეთუ მომცე დმანისი, მე მივსცე საფასე ყაენსა“. ისმინა მეფემან და უნებლიად მისცა დმანისი და მიმდგომი მისი, და უმეტეს განდიდნა სადუნი. ხოლო ქმნა კეთილიცა საქმე მონასტერთა და გლახაკთა მიმართ, რომელ დღეთა ცხორებისა მისისათა მან მისცა ყალანი და მალი ათორმეტთა უდაბნოთა გარეჯისათა და განათავისუფლნა ქუეყანა გარეჯისა. და მსახურებდა მეფესა დიმიტრის. განდიდნა დიდად ლაშქრითა და სიმდიდრითა ოქროსა და ვეცხლისათა, და ჯოგისა და ხუასტაგისა არა იყო რიცხჳ, რამეთუ იყო კაცი ესე მშუებელი, კეთილად გამგონე და ბრძენი, რამეთუ ყაენი აბაღა ისმენდა სიტყუათა მისთა და დიდი საჰიბ-დივანი; მამული ავაგ ათაბაგისა ამას აქუნდა, და ასული მისი, ხუაშაქ, მოეყვანა ცოლად საჰიბ-დივანს. ესე საჰიბ-დივანი განდიდებულ იყო ყაენის ულოსგან და სადუნიცა მისგან განდიდებულ იყო. და ყოველი საბრძანებელი ყაენისა მისთა ჴელთა შინა იყო და ბრძანებასა მისსა მორჩილობდეს. და იყიდნა სადუნ მრავალნი ქუეყანანი, და უბოძეს მეფეთა კარი. და დაჯდა კარსა და მისი მიმდგომი ქუეყანა მოივერაგა ახალციხელთაგან და ასული ახალციხელისა ცოლად მოიყვანა. და საქართველოსა ლაშქართა საქმე და განგება ჴელთ-უდვა ყაენმან და დარბაისელნი ქართველნი და სომხითარნი და ჰერ-კახნი მეფეს წინაშე იყვნენ.

35. ამათ ჟამთა შინა განდიდნა სამცხის სპასალარი და მეჭურჭლეთუხუცესი სარგის ჯაყელი და ძე მისი ბექა, რომელნი მთავრობდეს სამცხეს. ხოლო საქმენი სარგისისნი ზემორე აღგჳწერია და შემდგომად ვაჴსენოთ ძე მისი ბექა. იყო ბექა ტანითა ახოვან, ფერითა ჰაეროვან, თმითა და თუალითა გრემან და შუენიერ, ბეჭითა და მკერდითა სრულ, ძალითა ძლიერ, ომსა შინა მჴნედ მბრძოლი, ცხენთა ზედა მჴნე და მოისარი ნადირთა ჴელოვანი, გონებითა ფრთხილ, მაშენებელი ქუეყანათა, ეკლესიათა და მონასტერთა, და ღმრთისმოსავთა კაცთა პატივისმცემელი, მლოცავი, რომელ არა დააკლდის ცისკრის ლოცვათა, სამხრად და მწუხრად, ვითარ ტჳბიკონი მოსცემდის წესსა ლოცვისასა. ამისთჳს პატივ-სცა ღმერთმან და მეუღლეცა შემსგავსებული მოანიჭა: ლოცვისა, მარხვისა და გლახაკთმოწყალებისა, მონასტერთა და ხატთა პატივისმოყუარე, ობოლთა და უღონოთა აღმზრდელი.

მაშინ დაიპყრა ბექამან ქუეყანა ტასისკარითგან კარნუქალაქამდის: სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი და უმრავლესი ტაო, ვაშლოვანი, ნიგალისჴევი, არტანუჯი, ათორმეტნი უდაბნონი, კოლა, კარნიფოლა და ორნივე არტანნი, და მრავალნი სოფელნი ჯავახეთს. და ესრეთ დღითი დღე განდიდნებოდეს და მსახურებდეს ყაენს აბაღას და მორჩილობდეს მეფესა დიმიტრის. ხოლო მეფე დიმიტრი წარემატებოდა ღმრთისმსახურებითა და კაცთმოყუარებითა, და ყაენი უმეტეს უმატებდა პატივსა მისსა. დაღათუ ჯერეთ ყრმა იყო, არამედ ინებეს და წარავლინეს კაცი პონტოდ მეფისა ბერძენთასა, კომნიანოსისა, რომელი იყო ნათესავად დიდისა კოსტანტინესა, და მოიყვანეს ასული კომნიანოსის, მეფისა ტრაპიზონელისა, დიდებითა და საჭურჭლითა დიდითა, და ქმნეს ქორწილი სამეფოსა წესისაებრ. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მუცლად-იღო დედოფალმან და შვა ძე, და უწოდეს სახელად დავით, რომელი უკანასკნელ მეფე იქმნა ქართლს.

ამათ ჟამთა კუალად მოვიდა იგივე არღუნ, რომელსა აღერიცხუნეს ყოველნი საბრძანებელნი ყოველთა ყაენთანი, რათა აღთუალოს ქუეყანა და ცნას, ვითარ რომელი ქუეყანა აოჴრდა, გინა აღშენდა. აღთუალა ახლად და ცნა, რამეთუ უმრავლესნი მოოჴრებულ იყო, უმეტეს ჰერეთი და კახეთი, რამეთუ კამბეჩის ვაკენი მოოჴრებულ იყო გამოსლვასა მას თათართასა, ოდეს გამოვიდა ყაენი დიდი ბერქა. მაშინ ტფილისს ყოფასა არღუნ ოირადისასა, ეზრახა მეფესა და სთხოვა თამარ, რომელი-იგი მხოლოდ ესუა და რქუა, ვითარმედ: „კეთილად მოჴსენებულმან მამამან შენმან მომცა ასული მისი, დაჲ შენი, სძლად ჩემდა და ცოლად შვილისა ჩემისა, გარნა იგი ვერ ესწრა. აწ ვითხოვ, რათა არა უღირს-იჩინო ვედრება ჩემი და მომცე დაჲ შენი შვილისათჳს ჩემისა“. ვითარ ესმა მეფესა, დაუმძიმდა და დიდსა ჭმუნვასა შთავარდა, და სულითა ტკივნეულითა ეძიებდა ღონესა, და სძაგდა წარმართისა ქორწინებად დაჲ მისი ქრისტესაღმსარებელი, გარნა არა იყო ღონე, რამეთუ მამასა მისსა მიეცა. და მისცეს ცოლად შვილსა არღუნისსა და აღასრულეს წესი ქორწილისა. და წარვიდა არღუნ ურდოსა, ხოლო შვილი მისი დაუტევა მეფისა თანა.

მათ ჟამთა კუალად მიუდგა დედოფალი და შვა ყრმა, და უწოდეს სახელი ვახტანგ.

და კუალად ამათ ჟამთა დამშჳდნა ქუეყანა ლიხთიმერი. და მოიწყო მეფემან დავით, რომელი იყო კაცი პირველ კეთილი და გონიერი, უხჳ, მდაბალი და პურად უმჯობეს უწინარესთა მეფეთა, და იყო მრავალსა მშჳდობასა შინა.

ხოლო რაჭის ერისთავი კახაბერი იყო ქართლს და აქუნდა ქუეყანა ატენისა, და არა პატივი ეპყრა არცა ყაენისა და არცა დიმიტრი მეფისაგან ორგულობისათჳს მეფეთასა. ამისთჳს შეიწრებული ევედრა მეფესა, რათა შეიწყალოს და უბოძოს მამული მისი. ხოლო ტკბილმან და მოწყალემან მეფემან შეიწყალა და შეუნდო ფიცითა მტკიცითა, რათა არა აბრალოს პირველი შეცოდება და ეგოს ერთგულებასა ზედა მისსა, და მიუბოძა მამული მისი ყოველი. და კუალად-ეგო მამულსა მისსა, რაჭას. ხოლო ვითარ დაყო მცირედი ჟამი, იწყო მათვე მამურ-პაპურთა კუალთა სლვად, და ვითარ ღორი ისწრაფდა მწჳრეთა მიმართ, და ვითარ იქედნე გესლისა დათხევად, გუარისაგან მოაქუნდა ორგულობა. დამვიწყებელმან ფიცთა საშინელთამან იწყო ღალატად მეფეთა და წარავლინა კაცი და წიგნი ალინაყს თანა ათასისთავსა, რომელი იდგის მთათა ჯავახეთისათა და კოლისათა, რათა პირველისაებრ დაესხას მეფესა და ადვილად ჴელთ-უგდოს მეფე. გარნა უქმ ყო ღმერთმან ზრახვა მისი, ვითარ აქიტობელისა დავითის მიმართ, და საცნაურ იქმნა წიგნი. ამისთჳს მიეგო მისაგებელი ბოროტი, და სიცრუე მისი თხემსა მისსა ზედა დაუჴდა. შეიპყრა მეფემან და პირველ თუალი დასწუა, და მერმე ერთი ჴელი და ერთი ფერჴი მოჰკუეთა და ორნი შვილნი მისნი მისცნა ექსორიობად, კოსტანტინეპოლს წარგზავნა, რამეთუ დედოფალი, ცოლი მისი, ასული იყო დიდისა პალიალოღოს მეფისა. ხოლო კახაბერი მცირე ცხოვრებული განვიდა ცხოვრებისგან და მოკუდა. და მოისპო ყოველი ნათესავი მისი, ბაღუაშთა კახაბერის ძეთა, არა დაშთა და აღიჴოცა ნათესავი მისი და საჴსენებელი მათი.

ამასვე ჟამსა ინება ყაენმან ამჴედრება ქუეყანასა ზედა გილანისასა, რამეთუ იგი დაშთომილ იყო ჴელთუგდებელად და არა მორჩილებდეს და არცა ხარაჯასა მოსცემდეს. წარავლინა სპა თათართა და ქართველთა, და მეფე არა წარგზავნა. და აჩინა სპათა უხუცესად სირმონ-ბადური, და წარვიდეს, და შევიდეს გილანსა. და შეკრბეს გილანელნი და წინა-დაუდგეს სიმაგრეთა შინა. ხოლო ქუეყანა მათი განმაგრებული იყო ერთკერძო კლდითა და ტყითა, და გზანი იწრონი, და ერთკერძო ზღჳთა. ამათ სიმაგრეთა შინა წინა-განეწყვნეს და იქმნა ბრძოლა ძლიერი. გილანელთა დაასხეს ისარნი, ვითარცა წჳმა. გარდაჴდა სირმონ ცხენისაგან და დაჯდა და ზურგი შეაქცია მბრძოლთა მისთა, და ყოველნი სპანი მისნი დაქუეითდეს. და ვითარ შემცირდეს ისარნი, ახლტა სირმონ და მიეტევა ვითარცა ვეფხი და მის თანა ქართველნიცა მიეტევნეს მჴნედ და აოტნეს გილანელნი, და ორნი თითნი მარჯუენისა ჴელისანი დასჭრნეს სირმონს, და დარჩეს სპანი თათართანი და ქართველთანი უვნებელად. და ვითარ იხილნეს სიმაგრენი ქუეყანისანი, რომელ უბრძოლველ იყო და არა ეგო დაპყრობდა, წარვიდეს ყაენსა აბაღას წინაშე.

ესრეთ დამშჳდნა ქუეყანა და ყოვლით კერძო იწყო მშჳდობა. მოხედნა ღმერთმან წყალობით მოსავთა მისთა. და იყო უხუება პურისა და ღჳნისა. და მეფე დიმიტრი განაგებდა სამეფოთა საქმეთა.

ვითარ მოიცალეს მცირედ ჭირთაგან და განისუენებდეს, მიდრკეს გზისაგან საღმრთოსა, იწყეს განდგომად, რამეთუ მეფემან მოიყვანნა სამნი ცოლნი, ეგრეთვე სადუნმან მოიყვანა სამი ცოლი. და მთავართა იწყეს ჴელის შეხებად საყდართა და მონასტერთა. და იწყეს მიტაცებად სოფელთა და აგარაკთა, უმეტეს მესხთა საყდარსა ზედა დიდებულსა აწყუერისასა. დაღათუ ამათ უწესოებათა დიდად ამხილებდა ნიკოლოზ კათალიკოზი და ნიკოლოზ მაწყუერელი, ჯუანშერის ძე, და არავინ ყურად-იღებდა სიტყუასა მათსა.

და კუალად სხუანიცა აღმოსცენდებოდეს ბოროტნი, რამეთუ იწყეს ურთიერთას მძლავრებად და მიხუეჭად, და არავინ იპოვებოდა სამართლისმყოფელი, რამეთუ იყო მღდელმთავარი და მღდელი ლაღ, ამპარტავან, ანგარ, ბოროტისმყოფელ, უწესო. ვითარ განვამრავლოთ სიტყუა, რამეთუ იყვნენ ყოვლით კერძო ბოროტ.

36. მაშინ მოიწია სამართალი სასჯელი ცოდვათა ჩუენთათჳს, რამეთუ ზემოჴსენებული იგივე არღუნ წარმოემართა სამცხეს ხილვად სარგის ჯაყელისა, რამეთუ დაბერებულ იყო, სენთაგან სიბერისათა დაჴსნილ იყო ყოვლითა ასოთა. შემოვლო სომხითი, ტფილისი და ქართლი მჴედრითა ორითა ბევრითა და დიდად ავნებდა ქუეყანასა, დაღათუ არა ბოროტისმყოფელი, არამედ საზრდელისა ძლით დიდად დასჭირდა ქუეყანასა. და უგრძნულად მივიდა სამცხეს და დადგა აწყუერს. და ცნა სარგის მოსლვა არღუნისი, და მოვიდა მის წინაშე იგი და ძე მისი ბექა. განკჳრდა ორთავე მოსლვასა, და სარგის წარიტანა ურდოს და ბექა დაუტევა სამცხეს, რამეთუ იყო მეხუთე კჳრიაკე წმიდათა მარხვათა. და რა წარმოვიდეს სამცხით, მოვიდეს სომხითს.

და მოიწია ვნებისა კჳრიაკე და დიდსა ოთხშაბათსა შეიძრა მძაფრად ქუეყანა სამხილებელად უსჯულოებათა ჩუენთათჳს. და კუალად ხუთშაბათსა მცირედ შეიძრა და არავინ გულისჴმა-ყო, რათამცა წყალობად აღეძრა ღმერთი შემნდობელი. და ვითარ მოიწია პარასკევი ვნებისა უფლისა, კუალადცა შეიძრა ქუეყანა, დაყუდდა და არღარა იქმნა. და ვითარ მოიწია შაბათი, და იქმნა სამ ჟამად დღე და ხვალისა დღე ჯერ-იყო სიხარული აღდგომისათჳს უფლისა და ყოველნი მოელოდეს სიხარულსა, ესოდენ რისხვით მოხედნა ღმერთმან ქუეყანასა სიმრავლისათჳს უსამართლოებათა ჩუენთასა, რამეთუ საფუძველითურთ შეიძრა ქუეყანა და შეძრწუნდა, რომელ დაიქცეს საყდარნი და მონასტერნი, ეკლესიანი და ციხენი, სახლნი, ნაშენებნი მოოჴრდეს, მთანი და ბორცუნი დაიზულეს, კლდენი სახედ მტუერისა დაიგალნეს. და მიწა განიპო და შავი წყალი, მსგავსი კუპ-რისა, აღმოიჭრა, ხენი მაღალნი დაეცნიან და ირყეოდიან ძრვასა ქუეყანისასა, რომლისათჳს საყდარი აწყუერისა დაიქცა, რამეთუ ყოვლად წმიდა აწყუერისა ღმრთისმშობელი, ლიტანიობით შესუენებული, საშუალ საყდრისა ესუენა. გუმბადი ჩამოიჭრა და ვითარ ქუდი კაცისა, ესრეთ თავსა დაერქუა, და დარჩა უვნებელად ძლიერებითავე მისითა. ესე რისხვა საშინელი სამცხესა ოდენ მოიწია, ვიდრე თჳსა ერთისა ჟამთამდე, გარნა სხუაგან არასადა ევნო. მცხეთის საყდარიცა დაიქცა, სამცხეს ურიცხჳ სული მოსწყდა, და ყოვლად საყდარი, ეკლესია და ციხე არსად დარჩა დაუქცევარი, იქმნა გლოვა და ტირილი უზომო.

ხოლო ზემოჴსენებული იგი არღუნ-აღა იყო ყაენს წინაშე, და შეედვა სენი, რომლისა მიერ მოკუდა. და ვითარ ცნა შვილმან არღუნისმან, წარმოვიდა სახლად დიდად მეფისა და ცოლი მისი დაუტევა ტფილისს. ხოლო იჴმია დამან მეფისამან, თამარ, სივლტოლა მთიულეთს, რამეთუ სძაგდა ვითარ უსჯულო და წარმართი. მაშინ სადუნმან ცნა, ვითარ არღარა ნებავს დასა მეფისასა ქმარი, შვილი არღუნისი, დაევაჭრა, რათა მოჰყიდოს დაჲ მეფისა, და ევედრა ყაენს აბაღას. ხოლო იგი ერჩდა და მოჰყიდა. და მეფემან მისცა დაჲ თჳსი სადუნსა. ესე უწესო ქმნა, რამეთუ სამნი ცოლნი მოიყვანნა სადუნ თჳსად. ამისთჳს განწყრა კათალიკოზი ნიკოლოზ, კაცი მოხუცებული და მართლმკუეთელი, გარნა მძლავრებისაგან სადუნისა ვერ უძლო განყენებად, არამედ ფრიად შეაჩუენებდა.

მათ ჟამთა შინა საქმისა რასათჳსმე განუდგეს თათართა სარგის და ძე მისი, ბექა, რამეთუ სარგის დაბერებულ იყო სენითა ფერჴის ტკივილისათა. და ბუღა ნოინის მიერ, თუალად წოდებულისა, ძმა არუხა წარმოიგზავნა მოოჴრებად სამცხისა. და მოვიდა არუხაცა სპითა ოცი ათასითა. ხოლო ბექამან მიჰრიდნა მთათა, რომელ არიან შორის გურიას და აჭარასა. და მესხნი შევიდეს ციხეთა, ქუაბთა და ტყეთა. და მოვლო ლაშქარმან სამცხე და ვერარა ავნო. დაყვეს ოცი დღე და წარვიდეს და დარჩა ქუეყანა მშჳდობით.

და ვითარ გარდაჴდა წელიწადი, ინება ყაენმან აბაღა წარსლვა ეგჳპტეს, ანუ დაიპყრას და ანუ მოხარკე ყოს. მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა და მეფესა დიმიტრის და სპათა მისთა წარსლვად და ბრძოლად ეგჳპტისა სულტნისა, რამეთუ მაშინ ფუნდუყადარ მიცვალებულ იყო და სხუა დაეყენა, რომელსა ეწოდა ნასირ მელიქ. და მოუწოდა ძმასა თჳსსა უმრწამესსა და აჩინა მჴედართმთავრად, და ჴელთ-უგდო ყოველი სპა მისი, და უბრძანა ბრძოლა სულტნისა. მაშინ მანგუ-დემურ მოუწოდა მთავარსა სამცხისასა, ბექასა, რათა წარჰყვეს თანა, ხოლო მან რქუა: „მტერთა ჩემთა სიტყჳთა განწყრა ჩემთჳს ძმა შენი, ყაენი აბაღა, და არუხა წარმოავლინა და მოაოჴრა ქუეყანა ჩემი. ხოლო მე მოვრიდენ არას შეცოდებისათჳს. და აწ მეშინის ყაენისაგან, და თუ შენ ფიცითა მიმინდობ, არა მაბრალოს და ქუეყანა ჩემი და მამული მშჳდობით დაიცვას, მოვალ წინაშე შენსა ლაშქრითა“.

ვითარცა ესმა მანგუ-დემურს, განიხარა, და ოქროსა წყლისა შესმითა შეჰფიცა და ყოველი სიმტკიცე აღუთქუა და მოსცა ბეჭედი, რომელი ეცუა თითსა მისსა, რამეთუ ესე იყო მტკიცე საფიცარი. და აუწყეს მოციქულთა ყოველი ბექასა. მყის მოუწოდა ყოველთა მესხთა და წარემართა მანგუ-დემურს თანა, და მივიდა მის წინაშე. განიხარა ფრიად და პატივნი და ნიჭნი დიდნი უყვნა, და უჩუენა ყაენი აბაღა, რომელმან ფრიად პატივ-სცა და შეიყუარა სიკეთისა მისისათჳს.

და ესრეთ წარვიდეს მისრეთს, და ვლეს მრავალი დღე და მიიწივნეს ერთსა ქალაქსა, რომელსა ერქუა დარბუზაკი. გამოვიდეს მოქალაქენი კარით და იქმნა ომი, სადა-იგი ბექამან და მისთა მყოლთა მესხთა ძლიერად იღუაწეს, უფროს სხუათა. თათართა და ქართველთა შიგან ქალაქსა შესთხინეს, და მესხნი უპირატეს მიეტევნეს. და დასცხრა ღუაწლი ბრძოლისა, მაშინ პატივი დიდი უყო ბექასა შესამოსელთა და ცხენთა საკჳრველთა მინიჭებითა, ეგრეთვე დიდებულთა და აზნაურთა ბექასათა.

აიყარნეს მიერ და წარვიდეს ეგჳპტის კერძო და მივიდეს ქალაქთა, რომელთა ეწოდების ამასი და ამო, დაიბანაკეს მახლობელად ქალაქთა. და ეცნა სულტანსა ნასირ-მელიქს მოსლვა თათართა, წარმოსრულ იყო ყოვლითა ძალითა მისითა, და მოვიდა იგიცა. და ვითარ იხილა მანგუ-დემურ სულტანი და სპა მისი, ამჴედრდა და წინა-განეწყო. ხოლო მეფე დიმიტრი, დაღათუ ჯერეთ არა სრულ იყო დღითა ბრძოლათათჳს, ევედრა მანგუ-დემურს, რათა წინამბრძოლად განაჩინოს იგი და სპა მისი, რომლისათჳსცა ისმინა. და იქმნა ბრძოლა სასტიკი და ძლიერი, ოდესმე ყოფილთა გარდასრულთა ბრძოლათა უდიდესი. ხოლო ვინათგან უწყოდა სულტანმან წყობათა შინა მჴნედ წინადაუდგრომლობა მეფისა და სპათა მისთა, ამისთჳს რჩეული მჴედარი ათორმეტი ათასი თანა-იყოლია და წინაშე დაიყენა ორთა თანა მთავართა მჴნეთა, რათა განძლიერებასა და შენივთებასა ბრძოლისასა უკანასკნელ მიმტევებელთა სძლონ და აოტნენ ქართველნი. განძლიერდა ომი და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ. მაშინ მსწრაფლ ზედამოეტევნეს მეფესა ყარა-სუნღურ და იაყუბ აფრაშ ათორმეტი ათასითა რჩეულითა მჴედრითა და კუალად იქმნა სასტიკობა ესევითარი, რომელ ორასი მჴედარი წინამბრძოლად განეწესნეს მეფესა და სრულიად მოისრნეს თჳნიერ მეფისა და სამთა კაცთასა და ცხენთასა. მოიკლა ყარა-სუნღურისა მიერ შუბითა ჰუნე მეფისა, ხოლო მხილველთა ქართველთა იწყეს ბრძოლა ძლიერად და უმრავლესნი მეგჳპტელნი მოისრნეს, და მეფეცა ცხენმოკლული ძლიერად იბრძოდა. ვითარ იხილა მეფე სიქდურის ძემან, აბაშმან, მყის აღსუა მეფე ჰუნესა თჳსსა. ვითარცა იხილეს ქართველთა ამჴედრება მეფისა, მაშინ ყოველნი აღმჴედრდეს, და მეოტ იქმნეს ყარა-სუნღურ და იაყუბ ათორმეტ ათასთა თჳსთა თანა. ხოლო ლტოლვილ იქმნეს აქათ პირველ ნოინნი და თათარნი, და თჳთ მანგუ-დემურ უკმოიქცა ლტოლვით ყოველთა თანა სპათა მისთა. მაშინ უღონოქმნილთა ქართველთა სივლტოლა იჴმიეს. განგებითა ზეგარდმოთა მეფე დაცვულ იქმნა, დაღაცათუ უმრავლესნი ქართველნი მოისრნეს. მოვიდეს მანგუ-დემურ და მეფე წინაშე აბაღასა.

ხოლო ნადირობასა და ლაშქართა ყოფისა ამბვისა მომლოდეობასა აბაღა იხილა თათარი ვინმე ლტოლვილი. ხოლო მან, კითხულმან, ყოველივე ლექსთა მიერ შეწყობითა წარმოუთხრა ენითა მათითა თჳთეულისა მთავრისა ვედრება. ალინაყისთჳს თქუა: „ვითარცა მაღლით მომავალი შავარდენი მოუჴდა“. მანგუ-დემურ ვერძსა მიამსგავსა, სირმონის შვილი ებაგან - მხტომელსა ვეფხსა და იას-ბუღა - მოზუერს, ბუღა - კამბეჩსა, და თიგნა - დედალსა თხასა. ხოლო ქართველთა მეფისათჳს ესრეთ თქუა ენითა მათითა: „თენგრი მეთუ ქაურქურბა, ბუღარ მეთუ ბუილღაჯი“. ესე იგი არს: „ვითა ღმერთი გრგჳნვიდეს, ვითა აქლემი ბუღრობდეს“.

ქართველნი ვითარ მოვიდეს ყაენს წინაშე, მეფესა პატივ-სცა და წარმოავლინა სახიდ თჳსად. და კუალად ეგულებოდა აბაღას წარსლვად და შურისგებად სულტანსა ზედა. მოკუდა ძმა მისი, მანგუ-დემურ, და მცირედისა შემდგომად მოკუდა სადუნი ათაბაგი, და მიუბოძა მეფემან მამული ძესა მისსა, ხუტლუბუღას და სპასპეტობისა პატივსა აღიყვანა.

ხოლო შემდგომად მცირედისა მოკუდა აბაღაცა, და დასუეს ნოინთა ყაენად ძმა აბაღასი, აჰმადა, არარა ნიჭთა საჴელმწიფოთა მქონებელი. მაშინ წარვიდა მეფე ურდოსა აჰმადას წინაშე, ხოლო მან პატივ-სცა და შეიწყნარა. მაშინ მუნ ყოფასა მეფისასა მისცა ასული თჳსი, რუსუდან, შვილსა დიდისა ბუღასა, რომლისათჳს დიდად განრისხებული ნიკოლოზ კათალიკოზი ფრიად აბრალებდა და ღმრთისა სასჯელთა თუალუხუაობასა აქადებდა. რამეთუ მუნ ყოფასა დიმიტრისასა ქმნა ბოროტი აჰმადა ყაენმან, და მომყვანებელმან ძმისა მისისა ყონღარდასმან საბერძნეთით, მოაკუდინა. ორნი ძმანი აბულეთის ძენი, სადუნისგან ლტოლვილნი, ყონღარდას თანა მოაკუდინეს; ხუტლუბუღა, ძემან სადუნისმან, მოაკუდინა.

37. აქამომდე მეფე დიმიტრი, კეთილად მმართებელი, სკიპტრათა სამეფოთა შემკობილი, და მოწყალებისა და მოსამართლობისა, მონაზონთა და ეკლესიათა, ყოველთა წესთა საღმრთოთა და კაცობრივთა კეთილად ზედამიწევნით მმართებელი, სისრულისაგან მცირედ მიდრკა და აღერია წარმართთა და ისწავნა საქმენი მათნი. უძღებებისა და სიძვისა, გულისსიტყჳსა უკანა შედგომილმან მოიყვანნა სამნი ცოლნი, ერთი ბექას ასული, და სხუა, რომელი დედათა შეაცთუნეს სოლომონისებრ, და ურიცხუთა კეთილთა მიერ აღვსებული, მცირედ სიბოროტედ მიდრკა, რომლისათჳსცა ნიკოლოზ კათალიკოზი განრისხებული უთქმიდავე და ამხილებდა მრავლად, და ვერ არწმუნა. დაუტევა კათალიკოზობა და ჴელითა თჳსითა აკურთხა ჯუარისმტჳრთველი მეფისა აბრაჰამ კათალიკოზად. და წარვიდა მამულად თჳსად მოხუცებული, და მუნ იყოფოდა მრავლითა მოღუაწებითა, მარხვითა, მღჳძარებითა და გლახაკთმოწყალებითა, და სავსე სათნოებათა ტჳრთითა მიიცვალა უფლისა მიმართ.

მათ ჟამთა მოიწია მთაწმიდით ბასილი მონაზონი, ბიძა ევფემიოს კათალიკოზისა, საღმრთოთა წესითა აღსავსე და წინასწარცნობისა მადლითა განბრწყინვებული. მოიწია წინაშე დიმიტრი მეფისა, გამოცხადებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა, ვითარცა მოციქული ძლიერად ამხილებდა და წინა-აღუდგებოდა მეფესა უწესოსა მისთჳს ქორწინებისა, და ასწავებდა სიწმიდესა და მოაჴსენებდა ტაძარ ღმრთისა ყოფასა ჩუენსა, და სხეულთა განუხრწნელობისათა, ხოლო ტაძრისა ღმრთისა განუხრწნელისა სიძვათა შინა სასუფეველისა ღმრთისა დამკჳდრებასა და უპოვართა მათ უსასყიდლო მარგალიტთა მოპოებასა, ლოცვასა, მარხვასა, გლახაკთ მოწყალებასა და ლმობიერებასა და უხუებასა, მდინარეთა თანა მწჳრიანთა და უყიანთა ლიამპალთა არა თანაშერთვად. ამას ესევითართა სწავლათა ეტყოდა: „უკეთუ დაუტევნე უწესონი ქორწინებანი, მე თავსმდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობა შენი“. და მთავართაცა ამხილებდა უწესოებასა, და უმრავლესთა დაფარულნი გულისასიტყუანი მიუთხრნის. ესევითარითა სათნოებითა განბრწყინვებულ იყო სანატრელი იგი მონაზონი. და ვითარ ვერა არწმუნა მეფესა და შეურაცხო-ყო სიტყუა მისი, კუალად წარმოუდგა მეფესა და მთავართა მისთა: „უკეთუ მე ჩემებით რასმე ვიტყჳ, ვითარცა ცრუწინასწარმეტყუელი, შემაცთუნებელი კაცისა ღმრთისა, რომელი მიივლინა რობოამისსა, ძისა ნაბოტიანისსა, და არა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიერ წარმოვლინებულ ვარ, ვითარ ცრუდ სჯულისა გარდამავალი შემრაცხეთ. და უკეთუ ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიერ მოვლინებულ ვარ სწავლად შენდა, არა ცუდ იქმნენ პირველნი საქმენი შენნი, ლოცვა და ცრემლნი შენნი. და უკეთუ არა განეყენო უწესოთა ქორწილ-შეყოფათა და შეურაცხ-ყვნე სიტყუანი ჩემნი, ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ, და ოჴერ იქმნე სამეფოსაგან შენისა, და შვილნი შენნი მიმოდაიბნინენ, და სხუამან დაიპყრას მეფობა შენი, და იავარ-ყონ სიმდიდრე შენი. აჰა, ესერა, შენ და მთავართა გეტყჳ, და ვესავ ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, რომელ სრულ იქმნეს და აღესრულოს სიტყუა ჩემი, უკეთუ ეგო უწესობასა მაგას. მე აჰა, ესერა, წარვალ“. ხოლო მეფემან განკჳრვებულმან არა მიუგო სიტყუა, რამეთუ იყო წმიდათა კაცთა პატივისმცემელი.

ხოლო ამათვე ჟამთა ბრწყინვიდა პიმენ სალოსი, რომელი გარეჯით წარმოვიდა და დაემკჳდრა ბელაქანსა, ქუაბსა რასმე, რომელმან ნათესავი ლეკთა წარმართობისაგან მოაქცივნა, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტეს[ს]ა. ამას თანა ბრწყინვიდა დიდიცა იგი მოღუაწე ანტონი, ნაოჴრებელის ძე, ნათესავით მესხი.

ხოლო ჩუენ ზემოჴსენებულისა აჰმადის მიმართ აღვიდეთ. ვინათგან მოაკუდინა აჰმადა ძმა თჳსი, ყონღარდა, იხილეს უწესოება აჰმადასი ნოინთა, ხუარასანს მდგომთა, განდგეს და დასუეს ყაენად ძე აბაღა ყაენისა, სახელით არღუნ. ვითარცა ცნა ესე აჰმადა ყაენმან, შეკრიბა სპა მისი, და მოუწოდა მეფესა და სპასა მისსა, რათა წარჰყვეს ხუარასანს ბრძოლად არღუნ ყაენისა. და წარვიდა მეფე და თანა-წარიტანა ყოველი ძალი მისი და მანდატურთუხუცესი, დიდისა შანშეს ძე, ივანე, და სადუნის ძე, ხუტლუბუღა ამირსპასალარი. და წარემართნეს და განვლეს ერაყი, და მივიდეს საზღვარსა არღუნისსა. ვითარ იხილა არღუნ სიმრავლე ლაშქრისა, ვერ წინა-აღუდგა, არამედ ივლტოდა და შევიდა ციხესა, ქალასად წოდებულსა, რომელსა უკანა მიუდგა ყაენი აჰმადა და მოიცვა ციხე ქალასი. ვითარ უღონო იქმნა არღუნ, ევედრა, რათა არა აბრალოს და შეუნდოს, და მოსცეს ფიცი და მივიდეს წინაშე მისსა. და ისმინა აჰმადა და მისცა ფიცი უვნებელობისა, რამეთუ სპარსთა რჯული აეღო აჰმადას. და გამოვიდა არღუნ ციხით და მოვიდა ბიძასა მისსა წინაშე, და ესრეთ წარემართნეს. ხოლო ვითარ ვიდოდეს ხუარასანს, შეკრბეს სპანი ვინმე უწესონი და ცუდნი კაცნი და მტერნი ქრისტიანეთანი, რომელ ქრისტიანის კაცის სიკუდილი დიდად ღუაწლად უჩნდის, რამეთუ უღმრთოსა მის მოჰამედის მოძღურება ესრეთ იყო, რომელი დაეწერა ცუდი სიტყუა წიგნსა მისსა ყურანსა შინა, ვითარმედ: „უკეთუ მოჰკლათ ქრისტიანე, სამოთხეს შესლვად ხართ, და უკეთუ მათგან მოიკლათ, მაშინცა შესლვად ხართ“. ამისთჳს უღმრთო იგი კრებული ჯიმრთა შეკრბა და სადაცა პოებდეს ქართველსა, ერთსა გინა ორსა, მოკლვიდიან.

ცნა ესე სურამელის ბეგას შვილმან, რატი, რამეთუ ყრმა იყო, და წარვიდა სამოცითა კაცითა და პოვნა მთასა რასამე მაგარსა შინა მყოფნი კაცი სამასი ოდენ. ზედა-მიეტევა და იქმნა ბრძოლა ფიცხელი. და პირველსავე შეკრებასა მეოტ იქმნეს და უმრავლესი მათი მოსწყდა, სხუანი მოიყვანნა წინაშე მეფისა, რომლისათჳსცა დიდად პატივ-სცა მეფემან და მრავალი ნიჭი უბოძა. და მიერ წარმოვიდეს და მოიწივნეს ჰერესა და ყაზვინსა. და ყაენმან დიდად დაუმადლა მეფესა თანახლება ხუარასანს და პატივიცა უყო დიდი, და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი მოსცნა. და ყაენი შინა წარვიდა, რათა მივიდეს ცოლთა თანა გამარჯუებული. მეფე თანა-წარმოიტანა, ხოლო ძმისწული მისი, არღუნ, დაუტევა ჰერესა, და ნოინი ყოველი დაუტევა არღუნს თანა, და დავედრა ალინაყს და სხუათა ნოინთა, რათა მცირედნი დღენი დაყვნენ და მერმე მოაკუდინონ არღუნ. და იყვნეს ნოინნი არღუნს თანა, და ქმნეს განზრახვა დიდმა ბუღა და იას-ბუღა, ნათესავით იორადთა მთავარმან, რათა აბაღას შვილი არღუნ ყაენად დასუან და აჰმადა მოაკუდინონ, რომელ ყვესცა. მსწრაფლ მივიდეს ღამით და გამოიყვანეს ალინაყ, კარავსა შინა მწოლი, და მოაკუდინეს. და ვითარ განთენდა, არღუნ ყაენად ქადაგეს, და წარმოვიდეს დევნად აჰმადისა. ხოლო იგი მოვიდა ურდოთა შინა მისთა უჟანს, მოეწივნეს და საბლითა მოაშთვეს.

38. ხოლო მეფესა დიმიტრის პირველვე მიუმცნეს, რათა განეყენოს აჰმადას, და ყოცა მეფემან და მობრუნდა, და მოვიდა ყაენს არღუნს წინაშე. ხოლო მან კეთილად შეიწყნარა და მოსცა ყოველი სამეფო მისი და სახლი ავაგ ათაბაგისა, რომელი აქუნდა საჰიბ-დივანს, რამეთუ ყაენი ჴელთა შინა ბუღასათა იყო, და ბუღა მოყუარეცა იყო და მზახალი მეფისა. და წარვიდა შინა მშჳდობით, განმარჯუებული, და წარავლინა ძე მისი დავით მცირე სახლსა ზედა ათაბაგისასა, რათა მუნ იზრდებოდეს და აქუნდეს საუფლისწულოდ. და ესრეთ დღითი დღე წარემატებოდეს მეფობასა მისსა. და კათალიკოზი აბრაჰამ კეთილად მართებდა საჭეთა კათოლიკე ეკლესიისათა, რამეთუ იყო კაცი ესე მართლმოქმედი კეთილთა საქმეთა და საურავთა სამეფოთა გამგე კეთილი.

ხოლო მეფესა დიმიტრის ესხნეს შვილნი დედოფალსა ტრაპიზონელისა ასულსა თანა, პირმშო დავით, ვახტანგ, ლაშა და მანოველ, და ასული რუსუდან. ხოლო თათრის ასულსა თანა ძენი ორნი: ბაიდუ და იადგარ, ასული ჯიგდა. ხოლო ასულმან ბექასამან, ნათელ, უშვა ძე მხოლო გიორგი, რომელი უკანასკნელ ძმათა მისთა მეფე იქმნა და განდიდნა უმეტეს შემდგომთა მეფეთა, რამეთუ მარტო იყო ძე დედისა, მარტო შვა დედამან. ვითარცა მარგალიტისათჳს თქმულ არს მარტოება უმჯობესისათჳს, ეგრეთვე გიორგი იპოვა უმჯობესი ყოველთა კაცთა მის ჟამისათა, არა ოდენ ჴელმწიფეთა, არამედ ყოველთა კაცთა. ამან დიმიტრი მოიგო სიმდიდრე დიდადდიდი სიმდიდრესავე ზედა, რომელ დაშთომოდა მამისა მისისაგან, და მსახურებდა ყაენსა არღუნს, რამეთუ თანა-შეეწეოდა ნოინი დიდი ბუღა, რომელსა პატივად ჩინქიშანობა მისცა ყაენმან, რომელი ყოველთა პატივთა უმეტეს არს.

მაშინ განუდგეს ყაენსა დარუბანდელნი და წარვიდა ყაენი დარუბანდს, მოუწოდა მეფესა დიმიტრის, და წარჰყვა. და შევიდეს დარუბანდს და ვერ წინა-აღუდგეს დარუბანდელნი, და ივლტოდეს სიმაგრესა ციხისასა, რომელსა ანიყად უწოდდეს, და გარემოადგეს და ვერა ავნეს რა. მაშინ ყაენმან არღუნ უბრძანა მეფესა, რათა ებრძოლოს, რამეთუ იყო ფრიად მაგარი. აღიჭურა მეფე და სპა მისი, და გარე-შეეხჳვნეს და შეუჴდეს ციხესა, რამეთუ ბეგას შვილი რატი უპირველეს გავიდა, და წარუღეს ციხე და თავადნი მათნი დაჴოცნეს, და წარმოიღეს ტყუე და განძი და დედა-წული მათი და ციხე დაწუეს. ყოველსა ხედვიდა ყაენი. თჳთ მეფისა აქუნდა მტერობა, სთხოვა ჯაჭჳ სახელოვანი და მსწრაფლ მიანიჭა მეფემან, და წარმოვიდეს შინა.

და ვითარცა გარდაჴდეს ჟამნი მრავალნი, და რაჟამს წელიწდისა თავი მოიწევის, რომელსა ურდსინგად უწოდდეს, რომელ არს ენითა მათითა, რომელი იქმნების მარტსა ათხუთმეტსა, მიავლინა ყაენმან ნოინნი, და დაესხნეს ბუღას და შეიპყრეს, და აღიღეს ყოველი სიმდიდრე მისი და მოიყვანეს წინაშე ყაენისა. და მან მსწრაფლ ბრძანა განუკითხავად მოკლვა მისი და ძისა მისისა. და მოაკუდინეს ბუღა და ყოველნი ნათესავნი მისნი. წარავლინეს ყოველგან კაცი, საბერძნეთს, შამს და ხუარასანს და მრავალნი დიდნი ნოინნი მოსწყჳდნეს. და ესრეთ შეიქმნა კლვა და მოსრვა ნოინთა.

და წარმოავლინა ელჩი მეფისა მჴმობელმან ყაენმან და აწჳა ურდოსა მეფე. ხოლო ვითარ ცნა სიკუდილი ბუღასი მეფემან, დაუმძიმდა დიდად. და მოუწოდა მეფემან კათალიკოზსა აბრაჰამს და ეპისკოპოზთა და მონასტერთა და უდაბნოთა გარეჯისათა მღდელ-მონაზონთა, და ყოველთა მთავართა სამეფოსა მისისათა. შემოკრბეს მის წინაშე. და დაჯდა ტახტსა ზედა და დასხდეს ყოველნი. და აღაღო მეფემან პირი თჳსი და ბრძანა: „ისმინეთ ჩემი ყოველთა კათალიკოზთა და ეპისკოპოზთა და წარჩინებულთა სამეფოსა ჩემისათა, ვითარმედ შეისუენა მამამან ჩემმან, დავშთი ყრმა მცირე მძლავრებასა შინა თათართასა. და ღმერთმან ყოვლისამპყრობელმან და უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან და ყოვლადწმიდამან ღმრთისმშობელმან, რომლისა ნაწილადცა ვართ, და ჯუარმან პატიოსანმან, რომელი მოგუენიჭა ჩუენ, მეფეთა, დამიცვა და მიმაწია ასაკად სისრულისა, და მომმადლა მეფობა, სკიპტრა და პორფირი მეფობისა, და თანადგომითა თქუენითა წარვმართე მეფობა, და აქამომდე მშჳდობით ჰგიეს სამეფო ჩემი. აწ განრისხებულ არს ყაენი, და ყოველი მთავარი მისი მოუწყუედიან, და აწ მე მიწოდს წინაშე მისსა. ვგონებ ბოროტისყოფასა, თუ არა წარვიდე ურდოსა, და წარვიდე მთიულეთს, სიმაგრეთა შინა, და დავიცვა თავი ჩემი. და აჰა, ყოველი სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძეს. იხილეთ, რავდენი სული ქრისტიანე სიკუდილსა მიეცემის და ტყუე იქმნების, და ეკლესიანი შეიგინებიან და მოოჴრდებიან, ხატნი და ჯუარნი დაიმუსრვიან. და უკეთუ წარვიდე ყაენს წინაშე, დასტურობით უწყი, მომკლავს. და აწ სიბრძნითა თქუენითა განაგეთ საქმე ესე. მე ესრეთ ვგონებ: მრავალმღელვარე არს საწუთო ესე, დაუდგრომელ და წარმავალ, დღენი ჩუენნი სიზმრებრ და აჩრდილებრ წარვლენ. და უნებელ და მსწრაფლ თანა-გუაც წარსლვა სოფლის ამისგან. რა სარგებელ არს ცხორება ჩემი, უკეთუ ჩემთჳს მრავალი სული მოკუდეს და მე ტჳრთმძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისგან? აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენს წინაშე, და იყოს ნება ღმრთისა. უკეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომე ქუეყანა უვნებელად დარჩეს“.

ვითარ ესმა კათალიკოზთა და ეპისკოპოზთა და მოძღუართა და მთავართა, განკჳრდეს, თუ ვითარ დადვა მეფემან სული თჳსი ერისა მისისათჳს, და ესრეთ პასუხი უგეს: „არა არს ნაცვალი შენი, მეფეო. გაშოროს ღმერთმან მოკლვა თათართაგან. მოოჴრდეს ქუეყანა და შვილნი შენნი მიმოდაიბნევიან. თუ ქუეყანაცა დაშთების, რა არს ნაცვალი შენი? აწ გეზრახებით, რათა წარხვიდე სიმაგრეთა მთიულეთისათა, ანუ აფხაზთასა, ვითარ ქმნა მამამან შენმან. და არა საჭირო არს განწირვა თავისა შენისა შენგან. ჩუენ ყოველნი მტკიცედ ვჰგიეთ ერთგულებასა“.

ვითარცა ესმა მეფესა, თქუა: „თქუენ ერთგულებისა და სიყუარულისა ჩემისათჳს იტყჳთ, გარნა მეწყალის უბრალო ერი, ვითარცა ცხოვარნი კლვად უღონო არიან და არასადა აქუნ ნუგეშინისცემა. მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათჳს ჩემისა და არა დავიშლი ურდოსა წასლვას“. მაშინ განკჳრვებულნი ყოველნი აღდგეს და რქუა აბრაჰამ კათალიკოზმან: „არა არს საქმე, მეფეო, განწირვა სულისა შენისა, რამეთუ მრავალთა მეფეთა მიურიდნია და დაუცავს თავი თჳსი. აწ თუ შენ დასდებ სულსა შენსა ერისათჳს, ჩუენ, ყოველნი ეპისკოპოზნი, ვიტჳრთავთ ცოდვათა შენთა. არამედ წინაშე ღმრთისა ვწამებთ, მოწამეთა თანა შერაცხილ იქმნე, ვითარცა უფალი სახარებასა შინა ბრძანებს: „უფროს ამისსა სიყუარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თჳსი მოყუსისათჳს“. და უკეთუ ერთისა მოყუსისათჳს სულისა დადება კეთილ არს, რავდენ ურიცხუთა სულთა ცხოვნება ეგოდენ სარგებელ არს?“

39. ვითარცა ესმნეს მეფესა კათალიკოზისაგან, განიხარა და დაასკუნა წარსლვა ურდოსა დიდითა დიდებითა და საჭურჭლითა, და თანა-წარჰყვა კათალიკოზი აბრაჰამ. და განუჩინა შვილთა საყოფელი. ყოველთა მთავართა, რომელნი არა თანა-წარჰყვნეს, შევედრნა შვილნი მისნი და წარგზავნა რომელნიმე მთიულეთს და რომელნიმე - კახეთს. ხოლო ყრმა მცირე გიორგი წარგზავნა ტაოს, იშხანის ციხესა, ასპარეშენს, და თჳთ წარვიდეს ურდოსა. და ვითარ მივიდა ქუეყანასა ხუაშაქისა, ავაგის ასულისა, მუნ დახუდა ძე მისი დავით, რომელი-იგიცა წარიტანა, ამისთჳს რომელ უეჭუელ იქმნას ყაენი და ჰგონოს ერთგულება მისი.

ვითარ ვლეს მცირედ და მიეახლნეს ურდოსა, ჰგონა ყაენმან მეფისა არმისლვა, წარმოავლინა ნოინი ერთი, სახელით თუქალ, ძე ზემოჴსენებულისა იას-ბუღასი, რათა მოიყვანოს მეფე. მგზავრ მიმავალსა მეფესა წინა დაემთხჳა. რომელმან მყის აღიღო ყოველი ბარგი და სიმდიდრე მისი და მეფე პყრობილ ყო და მიიყვანა ყაენს არღუნს წინაშე. ხოლო მანცა პყრობილ ყო და განიზრახვიდა ყაენი, უკეთუ ბოროტი უყოს მეფესა, არღარავინ არს ღირსი მეფობისა, და თუ არა ბოროტი შეამთხჳოს, ვითარ განუტეოს მიმდგომი და მზრახავი ბუღასი.

ხოლო რქუა ხუტლუბუღა ყაენს: „ნუ იურვი მაგას, რამეთუ მე მოვიყვანო შვილი აფხაზთა მეფისა დავითისი, სახელით ვახტანგ, და მას მიუბოძე მეფობა, რომელ ორივე სამეფო ბრძანებასა შენსა მორჩილებდეს“. სთნდა ყაენსა სიტყუა ესე და წარავლინა ხუტლუბუღა იმერით დავით მეფისა წინაშე, უქადა ძესა მისსა მეფობა და დაჲ მისი, ოლჯათ, - ცოლად.

და ვითარ წარვიდა ხუტლუბუღა, ჰკითხეს მეფესა დიმიტრის, რათა აღწეროს ყოველი სიმდიდრე მისი, საჭურჭლე, ზროხა და ცხოვარი და ყოველი საქონელი მისი. რამეთუ პყრობილ იყო თჳთ მეფე და მთავარნი მისნი, თჳნიერ აბრაჰამ კათალიკოზისაგან კიდე, და არღარა იყო ღონე. აღწერა, რაცა აქუნდა, სიმდიდრე ფრიადი. წარმოგზავნეს კაცი და წარიღეს ყოველი, არარა დაშთა, რამეთუ მოქალაქეთაცა უწყოდეს საგანძური მეფისანი და შინაგამცემელ იქმნეს. ხოლო იტყჳან ამასცა, ხოჯა-აზიზის შვილი, რომლისა მამა მოეკლა მეფესა დავითს, ხუტლუბუღა და იგი, - ორნივე მტერობად შეითქუნეს მეფისა. და მივიდა ყაენს წინაშე საჭურჭლე მეფისა, და განკჳრდა და მცირედ დასცხრა გულისწყრომისაგან, და არღა ეგრე გონებდა ბოროტისა ყოფასა. და ვითარ იხილეს ვაზირთა მეფისათა, ფლობილთა, რქუეს: „აჰა, თავი შენი ჴელთა შენთა შინა არს. ღამით მოიდგინენ ცხენნი მორბედნი და წარვედ, და განერე ჴელთაგან ამათთა, რამეთუ არა არს ნაცვალი სულისა შენისა“. რქუა მე-ფემან: „ისმინეთ ჩემი, პირველვე უწყოდე სიკუდილი ჩემი და დავდევ თავი ჩემი და სული ჩემი ერისათჳს ჩემისა. ხოლო აწ თუ წარვიდე, უბრალო ერი მოისრას. რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შევიძინო და სული წარვიწყმიდო?“ არა ისმინა განზრახვა მთავართა მისთა.

და მოიწია ხუტლუბუღა ლიხთ-იმერით და მოაჴსენა ყაენსა, ვითარმედ: „დავით მეფე წარმოავლენს ძესა თჳსსა მსახურებად შენდა და სპასა აფხაზთასა, რათა გმსახურებდენ“. ცნა ყაენმან, კუალად დააპატიმრეს მეფე დიმიტრი, და ვითარ გარდაჴდა ორი დღე, კუალად შეიპყრეს მეფე და ძე მისი, მცირე ყრმა დავით, ცალკე. და წარჰყვა თანა მღდელ-მონაზონი გაზრდილი მისი, მოსე. და არგნითა სცეს მეფესა, და ეგონა ყოველთა არღარა მოკლვა მეფისა, რამეთუ წესად აქუნდა, რა არგნითა სციან, არღა მოაკუდინიან. გარნა არა დამშჳდნა გულისწყრომისაგან. წარიყვანეს სამსჯავროსა სახლსა, რომელსა დივანხანად უწოდდეს, და ჰკითხვიდეს, უკეთუ თანა-ეწამა განზრახვასა ჩინქიშან ბუღასასა, და ვერა ბრალი პოვეს. და წარვიდა ტოღან ვინმე ნოინი ყაენს წინაშე, რათა არა მოაკუდინოს მეფე, და ვერ აღასრულა სათხოველი მისი. და მოიწივნეს ათორმეტნი მჴედარნი ყაენისანი, რათა წარიყვანონ და სიკუდილსა მისცენ. ცნა სიკუდილი მეფემან, მხიარულითა პირითა მოიკითხვიდა მთავართა საქართველოსათა, რამეთუ ყოველნი მუნ მოსრულ იყვნეს ნუგეშინისცემად მეფისა, და ხუტლუბუღაცა მდგომარე იყო. რქუა მეფემან: „უკეთუ ძალ-გიც, ყაენს წინაშე შემეწიე სიკუდილსა ამას შინა, თუ არა გნებავს, ძე ჩემი, მცირე დავით, იღუაწე, რათა არა მოიკლას გულისწყრომითა აღსავსისა ყაენისაგან“. ხოლო მან და ყოველთა მთავართა იწყეს ტირილად და განვიდეს გარე. ილოცა და ეზიარა სისხლსა და ჴორცსა მეუფისა ჩუენისა ქრისტეს ღმრთისასა. ეგრეთ აღსუეს ცხენსა და წარიყვანეს ვითარ მილიონ ერთ. და ევედრა მტარვალთა, რათა ილოცოს მცირედ. და ილოცვიდა ცრემლთა მოდინებითა ქუეყანასა ზედა, და მერმე წარუპყრა ქედი. აჰა, დღე საშინელი, ზარისაღსაჴდელი, რომელი იკადრეს ბილწთა ცხებულსა ზედა ღმრთისასა. და წარკუეთეს თავი მეფესა დიმიტრის.

ხოლო გამოჩნდა მასვე ჟამსა პატივი ღმრთისა მიერ ცხებულსა მისსა, რამეთუ მზემან შარავანდედი თჳსი უჩინო ყო სრულიად, და იქმნა სიბნელე დიდი, და ყოველნი წარმართნი განკჳრდეს. იყო ჟამი მეათე და მწუხრამდე შეიმოსა ბნელი, ვითარ-იგი ყოვლისა სოფლისა ცხორებისა ვნებასა მეუფისასა, ეგრეთვე ამის ნეტარისა და საქართველოსათჳს წამებულისა მეფისასა, რათა საცნაურ იქმნეს, რამეთუ პატიოსან არიან ცხებულნი ღმრთისანი. ხოლო იყო მესამე შაბათი წმიდათა მარხვათა და ათორმეტ თჳსა, ებრაელთა მიერ ნისანად წოდებული და ჩუენ მიერ მარტად.

და აღასრულეს გულისწყრომა და არავე დასცხრა გულისწყრომა მათი, რამეთუ შეიპყრეს ყრმაცა დავით და ნოინსა ტოღაჩარს მიჰგუარეს, რომელსა მჴედართმთავრობა აქუნდა. მას ღამესა, მწუხარებასა გულისასა, მოიცვეს ყრმაცა დავით კარავსა შინა მოსიკუდიდ, გარნა ვერა იჴელთეს. და ვითარ განთენდა, განიპარა მოსე მღდელი, რომელი არაოდეს განეშორებოდა დავითს, და შევიდა ტოღაჩარს წინაშე და აუწყა: „მოკლვა სწადის დავითისი“. ხოლო იგი აღდგა მსწრაფლ და წარვიდა ყაენს წინა და რქუა ყრმისა დავითის უბრალოება: „რად გიჴმს შეუცოდარისა ყრმისა მოკლვა? მე მომმადლე“. ისმინა და მოსცა. და წარიყვანა სახლსა თჳსსა და შევედრა ხოჯასა თჳსსა, რომელი უკანასკნელ საჰიბ-დივან იქმნა.

ხოლო გვამი იგი პატიოსანი დიმიტრი მეფისა და[ი]ცვეს მრავალ დღე, რათა არა წარიღონ ქართველთა. და ესრეთ სრულ იქმნა წინასწართქმული ბასილი მთაწმიდელისა. ხოლო იყვნეს მრავალნი წარჩინებულნი საქართველოსანი და ვერვინ იკადრა წარყვანებად გუამი მეფისა. მაშინ კათალიკოზმან და მოსე იყიდნეს კაცნი, და მოსეცა თანა-წარჰყვა და მოიპარეს ღამით. მაშინ განგებითა ზეგარდმოთა გამოჩნდეს კაცნი ტფილისელნი, რომელთა აქუნდა თევზი წარსაღებელად, და თევზთა თანა იტჳრთეს და მოიყვანეს მცხეთას, და მუნ დამარხეს სამარხოსა მამათა მათთასა.

ვითარცა იქმნა ესე, დავით, ძე დიმიტრისი, შეინახა კეთილად ტოღაჩარ ნოინმან, ხოლო დედოფალი და სხუა ცოლი მეფისა დამალეს. და სორღალ წარვიდა სახლსა მამისა მისისა თათარში, ხოლო ასული ბექასი წარვიდა მამისა მისისა თანა სამცხეს, და ვახტანგ იყო მთიულეთს. ხოლო ყაენმან მისცა დედოფალსა სარჩოდ სკორეთისჴევი, და ეახლნეს ორნი მცირედნი ძენი: მანოველ და ლაშა. და სორღალს წარჰყვეს ორნი შვილნი, ბაიდუ და იადგარ, სახლსა მამისა მისისა. და დარჩა ქუეყანა ესე უმეფოდ.

მოუწოდა ყაენმან ხუტლუბუღას და რქუა: „აჰა, მოვსრენ ყოველნი მტერნი ჩემნი და მტერიცა შენი, მეფე დიმიტრი, და აწ მეფე არღარა [არს საქართველოსა შინა]. აღმისრულე, რომელი აღმითქჳ, მოიყვანე ძე აფხაზთა მეფისა და იყოს იგი მეფედ. მაშინ მოგითუალო საქართველო ყოველი და განაგებდი, ვითარ გნებავს“. წარვიდა ხუტლუბუღა მეფესა დავითს წინაშე. და ვითარ იხილა ხუტლუბუღა მეფემან დავით, მოუწოდა სპათა თჳსთა, წარმოემართა და თანა-წარმოიტანა ძე მისი ვახტანგ, გარდამოვიდეს და დადგეს ტასისკარს, ქვიშხეთის მინდორსა. აქათ მოვიდეს სირმონ ნოინის შვილი ყონჩიბალ, ალინაყის შვილი ყურუმჩი, რომელი დგის მთათა ჯავახეთისათა, რომელ არიან არტანსა და სამცხეს შუა. და ყოველი დიდებულნი საქართველოსანი შემოკრბეს, და ყვეს ფიცი და სიმტკიცე ერთგულობისა. და მოსცა ძე მისი მეფემან, და მრავალნი თავადნი მისნი თანა-წარმოატანნა. და წარმოვიდეს მსწრაფლ, და მეფე დავით შეიქცა ქუთათისს. და მოიწივნეს ყაენს არღუნს წინაშე. იხილა ყაენმან ვახტანგ, შეიყუარა სიკეთისა მისისათჳს, რამეთუ იყო ტანითა სრულ, ჰაეროვან, ტკბილ, მოწყალე, სამართლისმოქმედ, უხუ, მდაბალ, ენატკბილ, განმზრახავ კეთილ, ყოვლისა საქმისა მცოდნე. ამას ვახტანგს მოსცა მეფობა ყოვლისა საქართველოსი და დაჲ თჳსი ოლჯათ - ცოლად, და წარმოგზავნა და მოვიდეს ტფილისს.

40. და შემოკრბეს კათალიკოზი და ეპისკოპოზნი და მთავარნი, და დაადგეს გჳრგჳნი მეფობისა და დასუეს ტახტსა სამეფოსა და აღასრულეს წესი კურთხევისა. და დაიპყრა ყოველი საქართველო ნიკოფსით დარუბანდამდე, თჳნიერ ჯაყელ-ციხისჯუარელისა ბექასი. და განიხარეს ყოველთა მკჳდრთა საქართველოსათა, რომელ მოეცა ნათესავი მეფეთა პატიოსანი, ღმრთისმოყუარე, ტკბილი და მოსამართლე, ახოვანი და მჴნე და სამჴედროთა ზნითა აღსავსე. ამან აღიყვანა პატივსა ათაბაგობისასა და ამირსპასალარობისასა ხუტლუბუღა და მიუბოძა ორივე ჴელი და განგება სამეფოთა.

ხოლო დავით დაშთა თათართა შინა ტოღაჩარ ნოინისთა, ჭირთა და იწროებათა შინა, დედოფალი, დედა მათი, დაშთა სკორეთს, და სხუანი ძმანი მათნი მიმოიბნივნეს. ხოლო უმრწამესი ძმა მისი, გიორგი, რომელი უშვა ასულმან ბექასამან, წარიყვანა პაპამან მისმან, ბექამან, და აღზარდა საკჳრველი და უმჯობესი ყოველთა კაცთა, ვითარ ქუემორე სიტყუამან ცხად-ყოს.

და ვითარ გარდაჴდა ორი წელი, შეედვა სალმობა ბოროტი ყაენსა არღუნს, რამეთუ განჴმეს ყოველნი ასონი მისნი და მოლპესცა ჴორცნი და ძუალნი აღმოსცჳვდეს, და განიყარა ყოველი გუამი მისი, და იყო ნახვა მისი უშუერ და საზარელ, და კნინღა მიმსგავსებულ იყო მკუდარსა. ვითარ სნეულობდა არღუნ, ინება ხუტლუბუღა, რათა დავით მეფე ყოს, და მოდგა მის კერძო და ეცადა ნოინთა წინა, რათა წარუღონ მეფობა ვახტანგს. ტოღაჩარ თანა-შეეწეოდა დავითს და ოვსთა მეფის ძე, სახელით ფარეჯან, ძლიერად შეეწეოდა დავითს. ამისთჳს საბრჭოდცა წარდგეს, თუ რომელსა მართებს მეფობა. ხოლო სხუათა მთავართა ქართველთა არა სთნდა მეფობა დავითისი, მტკიცედ დგეს ერთგულობასა ზედა ვახტანგისსა. ამისთჳს არა მოსცეს მეფობა დავითს, და ადგილ-ადგილ სოფელნი და ქუეყანანი მოსცეს დავითს.

და ვითარ განგრძელდა ზეგარდმო რისხვა არღუნს ზედა, და სენი იგი განგრძელდებოდა ოთხისა თჳსა ჟამთა, განრღუეული თავით ფერჴამდე, მოეწყინა ნოინთა, შეკრბეს და ზედა-მიეტევნეს, და კარავსა შინა მოშთობისა მიერ სიკუდილსა მისცეს მასვე დღესა და ჟამსა, რიცხუსა თჳსასა ათორმეტსა მარტსა, რომელსა შინა პატიოსანი და სანატრელი, ცხებული, ღმრთისა მოწამე, ბრწყინვალე დიმიტრი მოიკლა. საცნაურ იქმნა: ამისთჳს მოიწია სენი ბოროტი არღუნს ზედა, რომელ დასთხია სისხლი უბრალო მრავალი და იკადრა ნაცვალსა ღმრთისასა ჴელის შეხებად.

მოკუდა არღუნ, და ყოველნი განმზრახნი მისნი, რომელნი მეფისა სიკუდილსა თანაშემწე ყოფილ იყვნეს, ყოველნი მოისრნეს. და მიერითგან მიეცა ფლობა დავითს, და ნოინნი დავითისკე იყვნეს. ეგრეთცა მტკიცედ ეპყრა მეფობა ვახტანგს.

წარავლინეს ნოინთა კაცი და მოიყვანეს ყაენად ქეღათუ-ქოუნ, ძმა არღუნისი, და დასუეს ტახტსა და ჴელთ-უგდეს საყაენო. ამან შეიყუარა კეთილად ვახტანგ, რამეთუ ამისთჳს ჰგონა არღუნს ზედა მიწევნად რისხვა იგი სასტიკი. და ვითარცა ესრეთ იქმნებოდა, შეედვა მცირე რამე სენი ვახტანგ მეფესა, რომლისა მიერ შეისუენაცა და მოკუდა სამ წელ მეფეყოფილი, საღმრთო-საკაცობოთა საქმითა სრული და შემკობილი, რამეთუ აღმზრდელიცა კეთილი და მეცნიერი ესუა, ფარსმანის შვილი. ცნა დავით, განმწარდა სიკეთისა და სიჭაბუკისა მისისათჳს, და იგლოვა წესისაებრ და ფრიად პატივ-სცა და წარგზავნა გელათს, სამარხოსა მეფეთასა. ვითარცა ესმა მეფესა, მამასა მისსა დავითს, სიკუდილი სასურველისა და ყოველთა მიერ შეყუარებულისა ძისა მისისა, ვახტანგისი, უზომოთა ტკივილთა და ვაებათა მოიცვეს, რამეთუ შეუძლებელ არს მოთხრობად თჳთეულისა. გარნა ესოდენ მოიცვა მწუხარებამან, რომელ ვერღარა პოვა ლხინება და შემდგომად მცირეთა წელთა შეისუენა მანცა, პატიოსნითა სიბერითა აღსავსემან. დაუტევა სამნი ძენი, პირმშო ვიდრემე კოსტანტინე, და მეორე მიქელ და უმრწამესი ალექსანდრე, რომელი უშვა დედოფალმან, დიდისა პალიალოღოსის ასულმან, კოსტანტინეპოლისა და საბერძნეთისა მპყრობელისამან. ხოლო მიიღო მეფობა კოსტანტინე პირმშოებისა ძლით, რომლისა მეფობასა წინა-აღუდგა ძმა მისი, მიქელ, და დაიპყრა ქუეყანა რაჭისა და არგუეთი. და დღეთა მათთა იშლებოდა სამეფო, რომელთა საქმენი არა მოჴსენებულ არიან. და არა ყვეს მშჳდობა, ვიდრე არა მიიცვალნეს, რამეთუ, რომელსა ჟამსა დაიზავნიან, მყის შეიშალნიან.

41. ხოლო ჩუენ პირველივე გზა აღვლოთ მცირედ კერძო გარდამბიჯებელთა. დაჯდა რა ქეღათუ ტახტსა ზედა, განდგა ქალაქი ტუნღუზალო. რა საბერძნეთით მოსრულ იყო ქეღათუ, ჰგონეს უცალოება ყაენისა და განდგეს. მაშინ მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა და მეფისა დიმიტრის ძესა, დავითს, და მთავართა ქართლისათა, და შევედრა ტახტი და ცოლი მისი და ხათუნნი ნოინსა სიქდურს. ხუტლუბუღა და სხუანი მთავარნი საქართველოსანი დაუტევნა მუღანს, რამეთუ ეშინოდა გამოსლვისათჳს ბერქაანთასა. თჳთ წარვიდა და დავით, ძე დიმიტრისი, თანა-წარიტანა. და ვითარ მიიწივნეს ტუნღუზალო ქალაქსა, გარე-მოადგა ოთხ თუე და ვერა ავნო. და ვითარ მისჭირდა, მეხუთესა თუესა იწყეს ძლიერად ბრძოლად, რამეთუ დავით და მცირედნი ქართველნი ბრძოდეს. წარუღეს ქალაქი და შიგან შევიდეს, სადა-იგი ქრისტიანენი ერთსა ყურესა შეკრებულ იყვნეს, და ევედრნეს დავითს, რათა შეიწყალნეს და ყაენმან არა ბოროტი უყოს. უსმინა და მცველნი დაუდგინნა და დაიცვნა და აღიღო ხარაჯა და საჭურჭლე ურიცხჳ, და მიერ წარმოვიდა.

ხოლო მუნ ყოფასა ფარეჯანისა იწყეს ოვსთა ოჴრებად, ჴოცად და რბევად და ტყუენვად ქართლისა, და ქალაქი გორი წარტყუენეს და თჳსად დაიჭირეს ოვსთა. მაშინ შეკრბეს ქართლის ერისთავისა ბეგას ძესა, ჰამადას, წინაშე ყოველნი ქართველნი და მოადგეს გორსა. და მრავალგზის შეებნეს ქალაქსა შინა, მრავალი კაცი მოკუდა, ოვსიცა და ქართველიცა, და დაწუეს გორი სრულიად. და ვითარ მისჭირდა ოვსთა, ციხედამე გარდმოუშვეს საბლითა კაცი და წარავლინეს მუხრანს მდგომთა თათართა თანა, რათა შეეწივნენ. ვითარცა ესმა, ჩამოდგეს შუა, შუელა ქმნეს და ზავი. და მიერითგან შეიქმნა მტერობა შორის ქართველთა და ოვსთა, ვიდრემდის მეფეთა შორის ბრწყინვალემან, დიდმან სახელგანთქმულმან გიორგი, განასხნა და აღფხურნა. და ვითარ მოიწივნეს შინა, მოუწოდა ყაენმან დავითს და რქუა: „ვინათგან დასდევ თავი შენი მსახურებად ჩემთჳს და სდგა ერთგულობასა ჩემსა ზედა, მომიცემია მეფობა და სამეფო შენთჳს“. და წარმოგზავნა ტფილისს და დასუა ტახტსა მამისა მისისასა. და თანა-წარმოატანნა სპანი საქართველოსანი, შანშე და ხუტლუბუღა და ყოველნი დიდებულნი. და მოუწოდეს სამცხით ბექასა, და მან არა ინება მოსლვად, რამეთუ ფრიად განდიდებულ იყო, თჳთ არღარა წარვიდის არცა ყაენს წინაშე, არცა მეფესა თანა. წარმოუვლინა ძე თჳსი პირმშო, სამცხის სპასალარი სარგის, და ყოველი ნამარხევი, რომელ აქუნდა მეფისა დიმიტრისაგან შევედრებული, და სარტყელიცა იგი დიდფასისა. მოვიდა სარგის და მოიღო ყოველივე დაუკლებელად მეფის დავითის წინაშე. დასუეს მეფე ტახტსა ზედა და აკურთხეს კათალიკოზმან აბრაჰამ და ეპისკოპოზთა.

ხოლო მოსცა ყაენმან დაჲ მისი, ოლჯათ, რომელი ვახტანგს ცოლად ესუა. დაიპყრა ყოველი სამეფო მამისა მისისა დიმიტრისი, თჳნიერ ბექას, სამცხის მპყრობელისა მთავრისა, ხოლო იგი პატივ-სცემდა მეფესა დავითს, მრავალთა ნიჭთა და ძღუენთა წარმოუვლენდის. ხოლო დავით უმეტესთა ჟამთა იყვის წინაშე ყაენისა, დაღათუ ფარეჯან, ოვსთა მთავარი, მსახურებდა კეთილად მეფესა, არამედ აქუნდა მტერობა ქართველთა და ოვსთა. ესოდენ გარდაეკიდნიან ერთმანეთს, რომელიცა მძლე ექმნის, მოკლის. მაშინ წარვიდეს ქალაქსა ოვსნი ვაჭრობად, და მოიქცეს და იხილეს გლახაკი, და მისცეს ქველისსაქმე ოვსთა, რომელსა უპირველესსა ეწოდა სათხიზ და მეორესა უზურბეგ. და რქუეს: „გლახაკო, ევედრე ღმერთსა, რათა დღეს ჩუენი და სურამელის ბეგას შვილის ჴრმალი ერთგან შეიყარნენ“.

ვითარ წარვლეს მცირედ, დახუდა ნადირობასა შინა მყოფი რატი მცირითა კაცითა, უსაჭურვლო. მყის ზედა-მოეტევნეს. აღიღო ფარი და დაუდგა სივიწრესა წყლის გასავალსა. და პირველ სათხიზს უხეთქნა მუზარადსა, განუპო და ჩამოაგდო, და მოკუდა. მერმე უზურბეგ მოუჴდა, ჰკრა მასცა ჯაჭჳანსა მჴარსა, განუკვეთა მჴარი და ჩამოაგდო, ყრმათა რატისთა მოაკუდინეს. იხილეს სხუათა ოვსთა და ივლტოდეს. ამისთჳს იტყჳს წინასწარმეტყუელი: „უფალი ამპარტავანთა შემუსრავს“. კუალად სხუა ჴმობს: „აღჴოცენინ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუარნი და ენა დიდად მეტყუელი“.

ხოლო მოვიდა მწოდებელი თუქალისა წინაშე დავით მეფისა. და წარვიდა დავით წინაშე თუქალისა, რომელი დგა მთათა არარატისათა. ვითარ იხილა თუქალ დავით მეფე, პატივითა შეიყუარა. ინება, რომელ ფიცთა მიერ ქმნან ერთობა სიყუარულისა. დაამტკიცეს ერთობა, და წარმოვიდა მეფე შინა, და მოსცა დმანისი, რომელი აქუნდა ხუტლუბუღას, ძმასა მანგასარისსა.

42. და ვითარ გარდაჴდა მცირედი ჟამი, წარვიდეს ნოინნი, რომელნი თუქალისაგან ლტოლვილ იყვნეს, ვითარ ნავროზ, დიდისა არღუნის შვილი, რომელი იყო კაცი მჴნე, ძლიერი, ახოვანი, მანქანი, შემმართებელი უმეტესობისა, ალინაყის შვილი ყურუმჩი, რომლის ძმა, ბუღა, მოეკლა თუქალს. ესენი მივიდეს ხუარასანს, არღუნის შვილსა, ყაზანს ქოუნს, თანა, რომელსა აქუნდა მამისაგან საუფლისწულოდ ხუარასანი. შეიყარნეს და ინებეს, რათა ყაზან ყონ მთავრად და ყაენად. შეკრბეს ესე ყოველნი და წარმოემართნეს ბრძოლად ბაიდუსსა. და ვითარ ცნა მოსლვა ყაზანისა, მოუწოდა მანცა ლაშქართა, და წარვიდა თუქალცა სისწრაფითა, ვერღარა მოიცადეს მეფე. აქაცა დაიცვა ღმერთმან, რომე არა დახუდა. მიეგებნეს მცირესა ქალაქსა ზანგანს, შეკრბეს ურთიერთას და სწორი ძლევა იქმნა, უკუ-დგეს ორნივე და გაიყარნეს, რამეთუ ყაზან მუნ არა იყო, ნავროზ და ხუტლუშა წარმოევლინეს. ნავროზ ჴელთ იგდეს და ძლიერი ბრძოლა ყო ჯალაირმან. და წარვიდა ყაზან ხუარასნით.

ხოლო ევედრა ნავროზ თუქალს, რათა განუტეოს, და ფიცითა დაუმტკიცა, რათა ყაზან შეკრული მოსცეს. ირწმუნა და განუტევა. და ვითარ მივიდა ყაზანს თანა, შეკრა ქუაბი სპილენძისა და წარმოგზავნა თუქალს წინა, რამეთუ ენითა თურქულითა ქუაბსა ყაზან ეწოდების. მოვიდა ქუაბი შეკრული საბლითა, განუკჳრდა და დაუმძიმდა თუქალს, რამეთუ მოსრულ იყო არარატისა მთათა.

მაშინ კუალად წარემართა ყაზან უმრავლესითა სპითა უგრძნულად, და უჟანს დაესხა ბიადუს, შეკრეს და მოაშთვეს, და მის თანა მრავალნი ნოინნი. აქაცა დაიცვა ღმერთმან მეფე. ვითარ ცნა სიკუდილი ბაიდუ ყაენისა თუქალ, ივლტოდა და მივიდა სამცხეს, ბექასასა, რომელი მთავრობდა ტასისკარითგან ვიდრე კარნუ-ქალაქადმდე. და შვილი წარგზავნა მეფისა დავითის წინაშე და მას შევედრა. და ვითარ მოვიდა ყაზან ადარბადაგანს, რომელ არს თავრეჟი, წარმოუვლინა მოციქული მეფესა და ბექასა, რათა მისცენ თუქალი და შვილი მისი, ერთგზის და ორგზის. და არა მისცეს, არამედ იურვეს, რათა შეუნდოს. და მოსცა პირი და ბეჭედი უვნებელობისა, და მისცეს თუქალი. ვითარ ცნა ყურუმჩი წარყვანა თუქალისა ურდოსა, მოეგება ელჩსა ყაენის ყაზანისსა ნაჴიდურს, და წარგუარა თუქალი და მოკლა სიკუდილისათჳს ბუღასა, ძმისა მისისა. და მეფემან დავით მოსცა შვილი მისი და ყოველი სიმდიდრე, რომელი შეევედრა ოვსთა მთავრისა ფარეჯანისა, რომელი იდვა ციხესა ატენისასა. რამეთუ ესე დაიმადლა ყაენმან ყაზან, გარნა მეფემან ვერ გულს-იდგინა წარსლვა ურდოსა შიშისათჳს, რომელ აქუნდა სიყუარული თუქალისი. კუალად სხუაცა იყო შიში ურდოსა წარსლვისა, რამეთუ ზემოჴსენებული იგი ნავროზ, არღუნ-აღას შვილი, მტერი იყო ყოველთა ქრისტიანეთა, ვისცა ჰგონებდა სჯულისა დატეობასა, დაჰპატიჟებდა და მუსულმანად მიაქცევდა, თჳნიერ ცნობისა ყაზან ყაენისა. კუალად რამე ბოროტი აქუნდა, ამისთჳსცა ბოროტად მოკუდა, ვითარ ქუემორე სიტყუამან ცხად-ყოს.

ესე ნავროზ განდიდნა, თჳნიერ ყაენისა განაგებდა საქმეთა საურავთა და აქუნდა მტერობა ქრისტიანეთა, და განემზადა სრულიად დაჴოცად და დაქცევად ეკლესიათა თავრეჟსა და ყოველთა ქალაქთა შინა. და მოიყვანა ეპისკოპოზი მარაღისა ქალაქისა, ნათესავით და სარწმუნოებით ნასრანი, რომელი იყო კაცი მოწყალე და სახიერი, ფრიად სათნოებიანი, პირველთა ყაენთაგან პატივცემული და მამად სახელდებული. ესე პყრობილ ყო და მრავალნი გუემანი და ბასრობანი შეამთხჳვნა დატევებისათჳს სჯულისა. ხოლო იგი ახოვნად წინა-აღუდგებოდა და მოითმენდა შეურაცხყოფად სჯულისა მოჰამადის მიერ ქადაგებულისა. ამისთჳს ექსორიობად დაისაჯა, რამეთუ იყო ფრიად მოხუცებული.

ამას ზედა ესეცა შესძინა ბოროტი ნავროზ, წარმოავლინა კაცი ერთი უკეთური, ნათესავი მისი, რათა მოაოჴრნეს ეკლესიანი ყოველსა საქართველოსა: პირველ მოაოჴროს საყოფელი ყოვლად წმიდისა ვარძიისა ღმრთისმშობელისა საყდარი, და ყოველსა საქართველოსა, რაცა პოვოს, წარმოიღოს. ჰგონებდა უზომოსა სიმდიდრესა, ოქროსა და ვეცხლსა, თუალთა პატიოსანთა და მარგალიტსა მრავალსა ვარძიას. წარმოვიდა და მოიწია ნახჭევანს, იწყო რბევად და რღუევად ეკლესიათა. მოიწია რისხვა ყოვლად წმიდისა ვარძიისა ღმრთისმშობელისა მას ზედა. რომელ მოვიდოდა დასაოჴრებლად ვარძიისა ღმრთისმშობელისა და პატიოსნისა ჯუარისა დასამჴობლად, ამისთჳს მეხდატეხილ იქმნა, და განგალა მეხმან სრულიად, და დაიწუა ძუალითურთ. ესრეთ საკჳრველებით დაიცვა სამყოფი თჳსი ვარძიისა ღმრთისმშობელმან.

ხოლო ნავროზს ზედაცა მოიწია რისხვა ღმრთისა, რამეთუ განრისხნა ყაენი ყაზან უსამართლობისათჳს და ბოროტთა საქმეთათჳს. იყო ყაზან ფრიად რამე კეთილი და უბოროტოგონება და სიმართლის მოქმედ უფროს ყოველთა უწინარესთა ყაენთა ესოდენ, რომელ ჯაჭჳ განება ორთა შეშათა ზედა და ეჟუნები მოება მრავლად, რათა გლახაკნი, უღონონი და უქონებელნი, ყაენის და ნოინთა წინა მისლვისა უღირსნი და მოჩივარნი, მივიდოდენ და შეარყევდენ შეშასა და ჯაჭუსა, და ესმოდის ყაენს ჴმა ეჟუანთა და ცნას, რომელ სასჯელი უც გლახაკთა და შეურაცხთა კაცთა, რომელი თჳთ განიკითხის პირისპირ. ესოდენ უყუარდა სამართალი, რომელ დღეთა მისთა არა იქმნებოდა ძალი და უსამართლოება არცა დიდთა და არცა მცირეთაგან. ამისთჳს რისხვეული ნავროზ ივლტოდა ხუარასანს, რომელ დევნა უყო ზემოჴსენებულმან ხუტლუშა ნოინმან, მიეწია და მოაკუდინა იგი და შვილი მისი და ყოველი ნათესავი მისი. მოისპო ქუეყანით საჴსენებელი მისი, ვითარცა წერილ არს: „მოისპენ უღმრთო, რათა არა იხილოს დიდება ღმრთისა“. და კუალად წარწყმდა საჴსენებელი მისი. და ესრეთ დამშჳდნეს თათარნი. იწყო ყაზან ყაენმან განგება ქუეყანისა სიმართლითა და მსჯავრთა კეთილთა.

ამათ ჟამთა წარმოავლინა მოციქული ყაზან ყაენმან და იჴმო მის წინაშე დავი მეფე. ხოლო იგი მსწრაფლ განემზადა და მოიწია კახეთს და ჰერეთს. მივიდეს ჰერ-კახნი, დიდებულნი და აზნაურნი, დავით მეფის წინაშე, ერისთავი სამადავლა, კაცი ყოვლითა სამჴედროთა ზნითა შემკობილი და მოისარი რჩეული, მსგავსი მოსომახოსა ებრაელისა, გინა ნეოპტოლემეოს პიღასი რჩეულისა, სახელოვანისა მირმიდონთ მოძღურისა. დაყო მცირედი ჟამი ჰერეთს და განეზრახა ვაზირთა: „უკეთუ წარვიდე ურდოსა?“ დაუმტკიცეს ვაზირთა წარსლვა, ხოლო მეფემან არა ისმინა მათი და შეიქცა გარე, რამეთუ აქუნდა შიში თათართა ყაენის ხილვისა. და მოვიდა მთიულეთს, უკუ-დგა ჟინოვანს, შეკრა სიბა და მცველნი დაუდგინა.

43. ხოლო მეფე დავით მთიულეთს იდგა, და წარავლინა ძმა თჳსი უმრწამესი ვახტანგ ელჩად დიდისა ბათოს შვილისშვილის ყაენისა და უქადა გზა გამოსლვად ყაენს ზედა. და მან კეთილად შეიწყნარა და უქადა ქუეყანა და საჭურჭლე მრავალი. ვითარ ცნა დავითის უკუდგომა ყაზან, წარმოგზავნა ხუტლუშა მჴედართმთავარი, რომელსა იგინი ბეგლარბეგობით უჴმობდეს, სპითა დიდითა. მოვიდეს და დადგეს ტფილისს. გაგზავნეს მოციქული მეფესა დავითს წინაშე და ითხოვეს კაცნი სარწმუნონი მისანდობელად, და აძლევდეს ზავსა და სთხოვდეს ერთგულობასა ყაზანისასა და არამიქცევასა მტერთა კერძო. და მან წარმოგზავნა კათალიკოზი აბრაჰამ, ბურსელი ივანე, ტფილელი ყადი, და ითხოვნა მძევალნი, და ფიცად მიჰპირდა. ხოლო მათ ფიცეს სჯულისაებრ მათისა და მისცეს მძევლად ხუტლუშას შვილი სიბუჩი, ყურუმჩის ძმა არფა და სხუათა ნოინთა შვილნი. და მისცეს ბეჭედი ყაენისა და სიმტკიცე უვნებელობისა. და იგი მოვიდა ნახვად მათდა და აღუთქუა წარსლვად ურდოსა. ხოლო ხუტლუშამან შეიწყნარა კეთილად და განუტევა. ხოლო დავით იქცა თჳსადვე, და მძევალთა მისცა ნიჭი დიდი და განუტევნა.

და ვითარ მოიწია არე გაზაფხულისა, აწჳეს კუალად მეფე დავით ურდოსა, და არა ინება წარსლვად, აქუნდა შიში. ამისთჳს წარავლინა ძმა მისი ბაიდუ დიდისა ყაენისა თოხთას წინაშე. ვითარ ცნა ყაზან ყაენმან, კუალად წარმოავლინა მჴედართმთავარი ხუტლუშა სპითა ურიცხჳთა. მოვიდეს სომხითს და აწჳეს მეფე მისლვად, და აღუთქმიდეს ნიჭთა დიდთა. და კუალადცა წარავლინა კათალიკოზი აბრაჰამ, ყადი ტფილელი და ივანე ბურსელი, და აღუთქუა მისლვად. ცნეს თათართა, რამეთუ მიზეზობდა, შეიპყრეს ივანე ბურსელი და მოკლეს, და კათალიკოზი და ყადი განუტევეს უვნებელად, და მომართეს შესლვად მთიულეთს. მოაოჴრეს სომხითი, ქართლი, თრიალეთი, ერწო და დადგეს მუხრანს, ხერკს, ბაზალეთს, ერწოს და თიანეთს, და ვერ ეტეოდეს სადგომად, არბევდეს ქართლსა და ზემოჴსენებულთა ქუეყანათა. ტყუე ყვეს, რომლისა არა იყო რიცხჳ, და მოსრეს პირითა მახჳლისათა, რავდენი პოვეს, და მიეცა ქუეყანა განსარყუნელად ცოდვათა ჩუენთათჳს.

ამას წელსა გამოჩნდა ვარსკულავი კჳმატი, ლახურის სახე, ჩრდილოთ კერძო, და დადგა ვიდრე ოთხ თუემდე, და ყოველთა ღამეთა იხილვებოდა ვარსკულავი იგი ლახურის სახე, და იტყოდეს: „ლახურით მოწყუედასა მოასწავებს“.

კუალადცა ინებეს თათართა ზავის ყოფა მეფისა და გაუგზავნეს მოციქული, რათა მეფემან შეჰფიცოს ერთგულობასა ზედა ყაზანისსა და არა მისცეს გზა ბათოს შვილისშვილსა, დიდსა ყაენსა თოხთას, და ესრეთ ჟამად შინა იყოს, დაიცვას სამეფო მისი. და ყვეს ფიცი და აღთქუმა ურთიერთას, და წარმოგზავნა დედა თჳსი, დედოფალი, და ძმა მისი უმრწამესი მანოველ, და კათალიკოზი აბრაჰამ, და დედოფალი, ცოლი მეფისა ოლჯათ, წარმოავლინა, რათა წარვიდეს ურდოსა და იურვოს საქმე მისი. და მოიწინეს ურდოსა. იხილნა ხუტლუშამან და პატივითა შეიწყნარნა, მსწრაფლ უკუ-რიდა, მოსცა ტფილისი და სამეფო მისი, და წარვიდა ურდოსა და წარიტანა დედოფალი ოლჯათ, და კუალად დამშჳდნა ქუეყანა.

და ვითარ გარდაჴდა ზამთარი იგი და მოეწურა არე გაზაფხულისა, წარმოავლინეს მოციქული მეფეს თანა, რათა ცნას, არს ერთგულობასა ყაენისასა, თუ არა. და ცნა კაცმან, რომელ ბაიდუ წარევლინა დავითს ყაენსა თოხთას თანა და გზა ექადა გამოსლვად. აცნობა ყაზანს, ხოლო იგი განწყრა და წარმოავლინა ყურუმჩი და ერინჯი ვინმე, შინაური მისი, და შანშე მჴარგრძელი. და მოუწოდეს ძმასა დავითისასა, მცირესა გიორგის, რომელი ეშვა ასულსა ბექასასა და მას აღეზარდა. რომელი მარტო ეშვა დედასა, ვითარცა მარტორქა, რამეთუ ვერ შემძლებელ იყო ბუნება დედათა სხუასა ეგევითარისა შობად, ვითარ ქუემორე სიტყუამან ცხად-ყოს.

ესე იყო სახლსა ბექასასა, რამეთუ ესე ბექა განდიდებულ იყო და აქუნდა ტასისკარითგან ვიდრე სპერამდე და ვიდრე ზღუამდე, სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალისჴევი და ჭანეთი სრულიად მოსცა ბერძენთა მეფემან, კომნინოსმან კირ მიხაილ, და ასული ბექასი ცოლად მიიყვანა. ამასვე აქუნდა უმრავლესი ტაო, არტანი, კოლა, კარნიფორა და კარი, და ამათ შინა ქუეყანანი და ციხენი, არტანუჯი და უდაბნონი ათორმეტნი კლარჯეთისანი, და დიდებულნი აზნაურნი და მონასტერნი ყოველნი მას აქუნდეს. და ხარაჯას მისცემდა ყაზანსა და ლაშქრითა შეეწეოდა. ამას სთხოვეს ყრმა გიორგი, რათა მისცეს და მეფე ყონ ქართლსა დავითის წილ, ძმისა მისისა, რომელი აღასრულა და მისცა და თანა-წარატანა ლაშქარი დიდი. წარიყვანეს და დასუეს მეფედ. დაღათუ მცირე იყო, არამედ წინააუსახვიდეს უძლეველობასა მეფობისასა და წინა მოასწავებდეს.

44. და იყო ყრმა მცირე გიორგი მეფედ ტფილისისა. და ვითარ მოიწია გაზაფხული, კუალად წარმოავლინა ყაზან ყაენმან იგივე ხუტლუშა სპითა ძლიერითა და მრავალნი ნოინნი სხუანი. და დადგეს ზემოჴსენებულთა ადგილთა, მოაოჴრეს ქართლი უბოროტესად.

ხოლო მეფე დავით დადგა ჴადას. მაშინ ქუენიფლეველი შალვა გამოექცა მეფესა, აღსავსე ნიჭთა მიერ მისთა, რომელნი მას ჟამსა მიენიჭნეს. არა მოიჴსენა წყალობა ეგოდენი და მივიდა ხუტლუშა ნოინთანა. ხოლო მან განიხარა და პატივითა შეიწყნარა და წინამძღუა-რად გზისა აჩინა. და შევიდეს გზასა ცხრაზმისჴევისასა და განვიდეს მთასა შორის ცხავატსა და ცხრაზმისჴევთა, რომელ არს ლომისა.

და ვითარ ცნა დავით ორგულობა შალვა ქუენიფლეველისა, შედგა ციკარეს, რამეთუ ციკარე მტერთაგან შეუვალ იყო. ჩავლო ხუტლუშამან და განვიდეს ჴადას და გარდვიდეს ჴევსა, და მიმართეს გუელეთს, მუნ შინა ჰგონებდეს მეფესა დავითს. და გარე-მოადგეს სტეფანწმიდასა სოფელსა. და განგებითა ღმრთისათა განმაგრდეს, რამეთუ წინარნი თათართანი იყვნეს ქუენიფლეველი შალვა და ოვსთა მთავარი ბაყათარ და მუხრანს მდგომი თათარი ბაან თანღუთ. ვითარ ცნეს, სტეფანიათ ვერას ავნებდეს და მეფე მუნ არა არს, ითხოვეს საზრდელი მცირე. სტეფანელთა მოსცეს. და აიყარნეს და გარდმოდგეს ჴადას. ხოლო მეფე ციკარეს იყო. დაამტკიცეს და დადგეს ერთგულობასა მეფისასა სურამელი ჰამადა, ამირეჯიბი აბაზას ძე ჭილა და აზნაურნი ქართველნი და სომხითარნი, და დიდი ერთგულობა აჩუენეს.

ვითარ ცნა ხუტლუშამან მეფისა ციკარეს დგომა, განყო ლაშქარი. რომელი წარავლინა ცხავატით, გზასა ძნელსა, რათა ეგრეთ შევლონ და შევიდენ ციკარესა, რომელ-ესე შეუძლებელ იყო. მაშინ ქუემო შესრულთა ლაშქართა შევლეს გზა ცხავატისა და განვიდეს ცხავატს. ვითარ ცნა მეფემან, წარავლინა მცირედნი ლაშქარნი, და იქმნა ომი ძლიერი, და მოსწყდა თათარი ურიცხჳ, რამეთუ შემოსრულ იყვნეს ვიწროსა გზასა კაცი მეომე ვითარ ხუთასი, რომელნი ვერღარა გამოესწრნეს გზისა სივიწროისაგან. შეიპყრეს ხუთასივე, რომელი მოკლეს და რომელი დარჩა, მოჰგუარეს მეფესა. ხოლო სხუანი ივლტოდეს. და სპანი მეფისანი განვიდეს ჴადის თავსა გორასა რასმე, რომელ არს ციკარეს პირისპირ, და იქმნა ომი ძლიერი. კეთილად ბრძოდეს შინაურნი მეფისანი, ჴადელნი და ჴევით მოსრულნი რჩეულნი. და უმეტეს მოისრვოდეს თათარნი, რამეთუ დიდად ავნებდეს მთიულელნი: იყვნეს ფერჴითა მალე, ცხენოსანი ვერ შეუვიდოდა საომრად. და ქუეითად იბრძოდეს თათარნი, რომელთა შემწედ ჰყვა ივანეს ძე შანშე, და ოვსნი, რომელ სხდეს გორს, მესხნი ლაშქარნი, რომელნი წარმოევლინნეს სამცხის მთავარსა ბექას - თორელნი, თმოგუელნი და ტაოელნი. და განგრძელდა ომი ვიდრე მიმწუხრამდე. გზათა სივიწრითა არა აღერინეს ურთიერთას, გაიყარნეს, და უკუ-დგეს ჴადას თათარნი.

და უშუელა ღმერთმან მეფესა, რამეთუ ცხავატით შესრული ლაშქარი ივლტოდა. და ვითარ ხუთასი ოდენ კაცი შეიყარა, და ხუტლუშასცა დიდი ვნებოდა. იხილა სიმაგრე ქუეყანისა, და ცნა, რომელ არა ეგების შესლვა ციკარეს. აიყარა ღამით გზასა ლომისთავისასა, დაესხა ქართლს, დაღათუ ვინმე დარჩომილ იყო, მოსრა და ტყუე ყო. და მოაოჴრეს ქართლი და წარვიდეს ყაენს ყაზანს წინაშე.

და მოიწია არე გაზაფხულისა, წარმოემართა იგივე ხუტლუშა სიტყჳთა ყაენისათა სპითა უძლიერესითა, და მოიწია ტფილისს, და ეგულებოდა შესლვად მთიულეთს. და ვითარ ცნეს დიდებულთა ამის სამეფოსათა, განკრთეს და ეძიებდეს ღონესა, რათა განერნეს პირისაგან თათართასა. ქუეყანა თუღა სადმე დარჩომილ იყო, შეკრბეს მეფესა დავითს წინაშე და მოაჴსენებდეს, რათა წარვიდეს ყაზანს წინაშე, ფიცი და სიმტკიცე აღიღოს უვნებელობისა. ისმინა მეფემან და დაამტკიცა წარსლვა ურდოსა, სთხოვა ზავი და ფიცი, ხოლო მან დიდად განიხარა და აღუთქუა უვნებელად ყოფა და დაცვა ქუეყანისა. უკეთუ ოდენ იხილოს ყაენი, მიერ წარმოგზავნონ დაცვული მშჳდობით. ამის პირსა შინა იყო ბურსელი ივანე. აღიღო პირი მტკიცე და მოვიდა მეფეს წინაშე. იხილა პირი სიმტკიცისა ქართველთა, ჰერ-კახთა, განეხარნეს და აწუევდეს წარსლვად და მძევალთაცა აძლევდეს: „ხუტლუშა სარწმუნო კაცი არს და არა ეცრუვების აღთქუმასა, ვჰგონებ კეთილად შეწყობასა“.

გარნა მეფემან არა ისმინა, რამეთუ შიში აქუნდა თათართა, და დადგეს გუელეთს. ვითარ იხილეს დიდებულთა მოოჴრება, უმრავლესნი წარვიდეს კითხვითა მეფისათა დაცვისათჳს ქუეყანისა, ხოლო ხუტლუშა კეთილად შეიწყნარებდა, ვინცა მივიდოდა. კუალად მოაოჴრეს ქუეყანა ქართლისა ზემოჴსენებული, თჳნიერ მთიულეთისა, და წარვიდეს ურდოსა.

ვითარ მოიწია სთუელი, ჩამოდგა ცხრაზმისჴევსა მეფე დავით და ააოჴრებდა მამულსა შალვა ქუენიფლეველისასა ორგულობისათჳს. მაშინ უღონო იქმნა ქუენიფლეველი, ევედრა სურამელსა მსახურთუხუცესსა, ქართლისა ერისთავსა ჰამადას, რათა იურვოს მეფეს წინაშე. მოაჴსენა მეფესა და არა ინება მისთჳს დაჭირვა, არამედ მიუბოძა მამული მისი. გარდაიყარა თავსა ნაცარი შალვა და იტყოდა: „ესემცა არს მისაგებელი ორგულთა მეფეთასა“. და შეუნდო მეფემან შალვას.

ამათ ჟამთა წარმოვიდა ძმა მეფისა ვახტანგ, რამეთუ იკლო რამე სიყუარული და სიკეთე, რამეთუ ძმისა მისისა დავითისაგან შეპყრობილცა იყო და პატიმრული ციხესა ჟინოვანისასა. გამოიპარა და მოვიდა ივანე ბურსელისასა და რქუა: „არარა ბოროტი მიქმნიეს და შეურაცხება წინაშე ძმისა ჩემისა. აწე არა წარვალ ურდოსა მტერთა მისთა თანა. აწ წარავლინე კაცი და აუწყე ჩემი შენსა მოსლვა. თუ ჰნებავს და ფიცით შემაჯერებს, რომე არა მავნოს და არა შემიპყრას, მის წინაშე მივალ, და მცირე სარჩომიცა მომცეს“. ხოლო მან წარავლინა კაცი და მოაჴსენა ესე ყოველი. ხოლო მეფემან განიხარა და ფიცითა მოიმტკიცა, და წარიყვანა ძმა თჳსი და კეთილად ხედვიდა. და ჰგონებდა განდგომასა ამის ძლით, რამეთუ შაბურის ძის ასული შეირთო ვახტანგ ცოლად. და ვერღარა თავს-იდვა ვახტანგ უპატიოდ ყოფა და წარვიდა ურდოსა ყაზანის თანა. ხოლო მან კეთილად შეიწყნარა და მოსცა მეფობა. და წარმოატანა ხუტლუშა ნოინი სპითა უძლიერესითა და მოვიდა ტფილისს. და მუნ შემოეყარნეს ყოველნი თათარნი და ქართველნი, და სამცხის ბატონის ბექას შვილი სარგის სპასალარი, ტაოელნი, თორელნი, თმოგუელნი და სომხითარნი, რამეთუ შანშე პირველვე იყო.

45. ვითარ ცნა მეფემან დავით, რომე ვახტანგს მეფედ ჰყოფენ, წარმოავლინა იგივე ბურსელი ზავისათჳს და აღუთქუა ურდოს წარსლვა, უკეთუ ფიცითა შეაჯერონ და მოსცენ მძევალი. ხოლო ხუტლუშამან შეჰფიცა და ყოველი სათხოველი აღუსრულა. და წარვიდა ბურსელი მეფეს წინა. ხოლო მან განიხარა და წარმოავლინა დედოფალი ოლჯათ და კათალიკოზი აბრაჰამ და ბურსელი და მოვიდეს მუხრანს. ხუტლუშა და სხუანი ნოინნი ბაზალეთს წინა-მოეგებნეს ოლჯათს და, ვითარ ყაენს, ეგრეთ პატივ-სცეს. და მოსცეს პირი სიმტკიცისა, და ბეჭედი ყაენისა და ჴელისმანდილი, რამეთუ ესე აქუნდა სიმტკიცე ფიცის მინდობისა, და აძლიეს ხუტლუშას შვილი სიბუჩი მძევლად. გარნა ოლჯათ არღარა წარავლინა, არამედ კათალიკოზი, ყადი და ბურსელი, რათა მოიყვანონ მეფე. ვითარ მივიდეს მეფეს წინაშე, ცნა ოლჯათის არღარა მოსლვა, მიზეზ ყო და არღარა ინება ნახვა თათართა, დიდი რამე რიდი და შიში აქუნდა. წარავლინა იგივე კათალიკოზი, ყადი და ბურსელი, ითხოვა ოლჯათ და აღუთქუა ხილვა. და ვითარ მივიდეს ხუტლუშას თანა, ცნა არა მოსლვა მეფისა, რქუა ბურსელსა: „კაცო, სატყუარი რა არს? მე მტკიცითა ფიცითა შემიფიცავს, და ვერ მოვიდა. აწ მიიღე ტყუილისა ნაცვალი პატიჟი“. და განრისხებულმან მოაკუდინა ბურსელი, რომლისა გუამი აღიღო შანშე და წარგზავნა სამარხოსა მისსა. ვახტანგს დაუმტკიცეს მეფობა და ოლჯათ წარავლინეს ურდოსა.

და თათარნი კუალად წარვიდეს მთიულეთს და გარდავიდეს გუელეთს, რამეთუ მეფე შედგომილ იყო, და დიდად ავნებდა თათართა, გარნა სიდიდითა არა აკლდებოდა. ვითარ იხილეს სიმტკიცე და უბრძოლველობა გუელეთისა, აიყარნეს და წარმოვიდეს, რამეთუ ქართაცა მოჰბერეს და იწყო თოვლმან მოსლვა. და მოესწრნეს მთიულნი და მრავალი მოკლეს. ეგრეთვე ზანდუკისჴევს შესრულნი მრავალნი თათარნი მოისრნეს. და შთამოვიდეს ქართლს და წარვიდეს ყაზანს წინაშე, და მიჰგუარეს ოლჯათ, და არღარა მოსცეს მეფესა. ვითარ ცნა მეფემან, იქორწინა ქართლისა ერისთავის ჰამადას ასული, ფრიად ქმნულკეთილი.

ამათ შფოთთა რა იყო ქუეყანა ქართლისა, არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და არცა შენება ყოვლადვე, ვითარ დღეთა აქაბ მეფისათა ელიას მიერ სამ წელ და ექუს თუე, გარნა აქა ხუთ წელთა იყო ოჴრება. რამეთუ ესოდენთა სიბილწეთა, სოდომურთა ცოდვათა შემოსრულთათჳს განრისხნა ღმერთი და ვიქმნენით პირველად მწარესა ტყუეობასა და მეორედ ბარბაროზთა მიერ სრვასა და ჴოცასა, მესამედ იქმნა პურისა მოკლება, ყოვლად არა იპოვებოდა სასყიდლად არცა დიდითა ფასითა. ესოდენ განძჳნდა შიმშილი, მძორსა არაწმიდასა ურიდოდ ჭამდეს. სავსე იყვნეს უბანნი და ფოლოცნი, გზანი და მინდორნი და ქალაქნი და სოფელნი მკუდრებითა, ყრმანი მკუდართა დედათა ძუძუთა ლეშკთა სწოვდიან. და უმრავლესი ერი ქართლისა წარვიდა სამცხეს ქუეყანად ბექასსა, სადა-იგი იპოვებოდა პური სასყიდლად. ფრიადსა და უზომოსა მოწყალებასა შინა იყო მეუღლე ბექასი ვახახი, რომელი იყო ყოვლითურთ შემკობილი.

დამტკიცდა მეფობა ვახტანგისი. რამეთუ ყაზანმან ჴელთ-უდვა სამეფო, დაიპყრა ტფილისი და ყოველი სომხითი, დმანისი და სამშჳლდე, ხოლო არა წინა-აღუდგებოდა ძმასა თჳსსა დავითს, რამეთუ იყო ვახტანგ გუამითა სრულ, სარწმუნოებითა მტკიცე, ეკლესიათა პატივისმდებელ, მშჳდ და მდაბალ, არა მოშურნე, მყუდრო და უშფოთველ.

46. ამათ ჟამთა უმეტეს განდიდნა მთავარი სამცხისა ბექა. ამათ ჟამთა გამოჩნდეს თურქნი, საბერძნეთს მყოფნი, რომელნი დაემკჳდრნეს ზაფხულის მთათა პარხლისათა და ზამთრის - მახლობელად პონტოსა. და შეკრბა სამოცი ათასი, რომლისა თავად იყო აზატ-მოსე, კაცი მჴნე. წარმოვიდა ესე აზატ-მოსე ყოვლითა ძალითა მისითა მოოჴრებად ყოვლისა საქართველოსა. და ვითარ მოიწია ბასიანს და ტაოს, იწყო მძჳნვარედ ოჴრება, ჴოცა და კლვა. ესოდენი სული მოისრა და ტყუე იქმნა, ვითარ შეუძლებელ არს მოთხრობა, ვითარ ბერნი, ყრმანი, ჭაბუკნი უწყალოდ მოისრვოდეს, და ჩჳლთა ყრმათა დედისა ძუძუთა შინა მოჰკლვიდიან. რამეთუ არა ჰგონებდეს თურქთა გამოჩენასა, ამისთჳს ყოველი სოფელი ტაოსა შეუძრავად დახუდა, და ვერასადა ვინ ივლტოდა. ამისთჳს ურიცხუნი მოისრნეს, და ესეზომ მოოჴრდა ტაო, რომელ ვაშლოვანით წარსრულნი თურქნი შთავიდეს მურღულს და ნიგალისჴევს უვალთა ადგილთა, რომელნი მოისრნეს ჴერჴემელის ძეთა აზნაურთაგან. მაშინ ერისთავი ტაოსა თაყა ფანასკერტელი უღონო იყო სიმცირისათჳს ლაშქრისა, გარნა ეგრეცა მცირე წყობა ყო ციხისა თორთომის თავსა, დიდად ავნო, გარნა სიდიდისათჳს თურქთასა ქუეყანით მისით ვერ განასხა, არამედ თურქნი უმეტეს განძჳნდეს და მოაოჴრებდეს ტაოსა.

ხოლო მოიწია ამბავი მთავარსა თანა ბექასა, რომლისათჳსცა დიდად ტკივნეულ იქმნა, ვითარ ხუდებოდა გონიერებასა და სიბრძნესა მისსა. და მოუწოდა ყოველთა, მის ქუეშე დაწესებულთა, და წარემართნენ წყობად თურქთა. და ვითარ მიიწია ტაოს და ბასიანად, ესმა, ვითარმედ თურქნი წარვიდეს საზამთროსა ადგილსა მათსა, და ვერ ესწრა. შემწუხრდა ბექა მოოჴრებისათჳს ტაოსა, გარნა შეიქცა სახლად თჳსად. ეძჳნებოდა სულსა მისსა მოსლვად ტაოსა, ვითარ ანტაკრად ეტყინებოდა სული მისი წყობად თურქთა. მოუწოდა წარჩინებულთა სამცხისათა, შავშ-კლარჯთა, შემოკრიბნა ყოველნი და რქუა: „ისმინეთ, მთავარნო საქართველოსანო, ძმანო და თანამონათესავნო ჩემნო, სიტყუა ჩემი. დიდმან და სახელოვანმან, სკიპტრისა და პორფირისა მქონებელთა შორის უმეტეს განთქმულმან მეფემან დავით დასცა და დაამჴო ძლიერება თურქთა ნათესავისა და აოტნა სამეფოსგან მისისა. მიერ ჟამთაგან აქამომდე არღარა ჩენილან თურქნი. აწ ცოდვათა ჩუენთათჳს კუალად აღიძრნეს და აღაოჴრეს მძჳნვარედ ტაო და ურიცხჳ სული ტყუეყვეს და მოსწყჳდეს პირითა მახჳლისათა, ეკლესიანი დასცნეს და სიწმიდენი შეაგინეს, და კუალად განმზადებულ არიან ბოროტისყოფად ქრისტიანეთა და მოოჴრებად, ვინათგან მეფე შემცირებულ არს მძლავრებისაგან თათართასა, და კუალად პირნი და თავნი საქართველოსანი განდგომილან, და არავინ არს წინააღმდგომ თურქთა. აწ ისმინეთ ჩემი, ტომნო და ერთნებანო, და შევკრბეთ ყოვლითა ძალითა ჩუენითა და მივმართოთ თურქთა, და არა მივსცეთ თავნი და შვილნი ჩუენნი, და არა განგუწირნეს ღმერთმან მოსავნი მისნი და აღმსარებელნი მისნი, და მოგუცეს ძლევა მათ ზედა, ვითარ მისცა მამათა ჩუენთა ძლევა მათ ზედა. დავდვათ თავი ჩუენი სჯულისა შეუგინებლობისათჳს და ძმათა ჩუენთათჳს, უეჭუელად ღმერთი მოგუანიჭებს ცხორებასა“.

და ვითარ ესმა მთავართა და სპათა ბექასათა, სიხარულით მიემოწმნეს და დააპირეს ლაშქრობა თურქთა ზედა, განიყარნეს. და მოიწია არე ზაფხულისა, იწყეს თურქთა აღმომართ სლვა, და შეკრბეს სიმრავლე ვითარ ექუსი ბევრი, რამეთუ ყოველთა ქალაქთაგან გამოჰყვა კაცი, სჯულითა სარკინოზი, ჴოცად ქრისტიანეთა, და არა თურქნი ოდენ იყვნეს, არამედ სპარსნიცა. და ვითარ ცნა ბექამან მოსლვა თურქთა, მოუწოდა ყოველთა მის ქუეშე დაწესებულთა, ტასისკარითგან ვიდრე ბასიანადმდე: მესხთა, შავშთა, კლარჯთა, კოლა-არტან-კარნიფორელთა და უმრავლესთა ტაოელთა, რამეთუ ამას აქუნდა ქუეყანა ესე, ამათ თანა თმოგუელთა და თორელთა. და შეკრბა სიმრავლე ერთი ბევრი და ორი ათასი, და მიმართეს თურქთა. იგინი აღმოსრულ იყვნეს მთათა პარხლისათა, დაებანაკა და წარევლინა მჴედრები ტყუენვად ვაშლოვნისა, და ეგულებოდა მოსლვად ქუეყანად ბექასა სამცხეს და ქართლს და სომხითს. ვითარ მივიდეს თურქნი ვაშლოვანს, კაცი ვითარ ათი ათასი, წინა-განეწყუნეს სპანი ბექასნი, ხუთასი კაცი, რომელნი წარევლინნეს მცველად და უდგეს სიმაგრეთა შინა. იქმნა ომი ძლიერი, და ივლტოდეს თურქნი, და მოსწყდა სიმრავლე ფრიადი ადგილთა სიმაგრითა. და ესრეთ წინა-დაუსახვიდა ღმერთი ძლევასა ბექასა თურქთა ზედა.

ვითარ ესმა ბექასა ვაშლოვნით გაქცევა თურქთა, განიხარა და წარისწრაფა, და მიმართა სპერს და ბაბერდს, სადა იყვნეს თურქნი მდგომარე. ვითარ იხილეს თურქთა მოწყუედა სპათა მათთა მცირეთა ლაშქართაგან, განძჳნდეს და იღრჭენდეს კბილთა. მოუწოდა მთავარმან მათმან აზატ-მოსე სპათა თურქთასა და გამოარჩია კაცი ოცდაათი ათასი, და წარემართა ვაშლოვანს ძებნად სისხლთა სპათა მისთასა. რამეთუ მისლვა და დაახლება ბექასი არა უწყოდა, ოცდაათი ათასი სხუა წარმოავლინა ტაოს და რქუა: „მე წარვალ, ვაშლოვანს მოვაოჴრებ და აღვიზღავ სისხლსა ჩემსა, და თქუენ მიდით ტაოს და მოსწყჳდეთ, თუღა სადა დარჩომილ იყოს, და დადეგით ბანას. და მეცა განმარჯუებული შემოვიქცევი და მოვალ ბანას, და შევკრბეთ და მივმართოთ ყოველსა საქართველოსა“. და ესრეთ წარემართა ვაშლოვნით კერძო.

მაშინ აღიჭურა მანდატურთუხუცესი ბექა და ყოველი სპა მისი და მიმართეს თურქთავე, რამეთუ არა უწყოდეს წარსლვა თურქთა ვაშლოვანს. ვითარ წარვლო მცირე, ოთხნი თურქნი მიმავალნი დაიპყრეს და მოუსხეს ბექასა. ხოლო მან ჰკითხა ამბავი თურქთა, თუ სადა არიან. და ოთხნივე ცალკე გაყო და ოთხნივე ერთსა იტყოდეს, წარსლვასა თურქთასა ვაშლოვანს: „აზატ-მოსე ოცდაათი ათასითა მჴედრითა წარვიდა ვაშლოვანს, და ორმოცი ათასი დაუტევა და წარმოავლინა ტაოს, ხვალე ანუ ზეგე მოვალს“. ირწმუნა სიტყუა მათი და ორად განყო ლაშქარი თჳსი. რჩეული და უმრავლესი ლაშქრისა მისისა მისცა შვილსა მისსა პირმშოსა სარგისს, რომელი ოდენ აღზრდილ იყო აბჯრისმტჳრთველად, და წარავლინა ვაშლოვანს აზატ-მოსეს ზედა.

ხოლო წარისწრაფა სარგის და მიეწია ვაზლოვანის მთასა ზედა მიმავალსა თურქსა. და ვითარ იხილეს უკან კერძო ლაშქარი, განკჳრდეს და მსწრაფლ მოაქციეს ჰუნენი სარგისის კერძო. იხილეს სიმცრო ლაშქრისა, რამეთუ იყვნეს მესხნი ხუთასი, ხოლო თურქნი ოცდაათი ათასი, განიხარეს და ჰგონეს მოწყუედა ყოველთა. მჴედარნი ზედა-მოეტევნეს უშიშად, ხოლო სარგის წინა-განეწყო და სპანი მისნი მიეტევნეს მჴნედ. იქმნა ომი სასტიკი, და პირველსავე შეკრებასა მიდრკეს თურქნი სივლტოლად და იოტნეს ძლიერად, და ესოდენ მოსრეს, რომელ შექცეულთა აღრიცხუეს სარაზმთა ზედა მდებარე მკუდარი თურქი, პოვეს ხუთას და ცამეტი, თჳნიერ რომელი დევნასა შინა მოკუდა. და დევნეს მზისა დასლვისა ჟამამდე. ხოლო მოხედნა ღმერთმან წყალობით მოსავთა ჯუარისათა. განსაკჳრვებელ არს სმენად, რომელ ეგოდენსა წყობასა შინა არა მოიკლა ბექას ლაშქრისაგან ხუთთა კაცთაგან კიდე, იგინიცა უსახელო ვინმე. ესრეთ მოსცა ღმერთმან ძლევა და გამარჯუება. ხოლო სარგის, დაღათუ ყრმა იყო, მჴნედ იბრძოდა, რამეთუ გუარისაგან მოაქუნდა სიმჴნე და მამაცობა მამურ-პაპეულად.

ხოლო ბექამან მიმართა თურქთა დედა-წულთავე, მომავალნი წინა-დაემთხჳვნეს, და იხილეს რა თურქთა შორით მთით მომავალი ბექა და სპანი მისნი, მსწრაფლ გარე-შეიქცეს და ივლტოდეს, ხოლო დედა-წულთა მათთა მთათა მიმართეს და არღარა ესვიდეს საფასეთა სიმდიდრეთა, არამედ ყოველსავე დაჰყრიდეს. ხოლო ბექამან და სპათა მისთა მსწრაფლ დევნა უყვეს, იპყრობდეს და ჴოცდეს, რომლისა არა იყო რიცხჳ. და თურქნი მცირედნი რამე შეივლტოდეს ქალაქსა და ციხესა სპერისასა და რომელნიმე ნორქალაქს. მიეწივნეს სპანი ბექასნი, შესჯარეს, გზათა სივიწრითა და დედა-წულთა სიმრავლითა არასადა აქუნდა გზა სივლტოლისა. დაიჯარნეს თურქნი, ვითა ცხოვარსა დაჯრილსა და ჯოგსა, ეგრეთ იპყრობდეს და ჴოცდეს. გარნა იქმნა ესეცა, რამეთუ შვილისა მისისა სარგისისაგან ლტოლვილნი თურქნი უკანა მოეწივნეს მანდატურთუხუცესსა ბექასა, სადა-იგი მიმართეს მესხთა, და კუალად მოსწყჳდეს, და გარე-მოადგეს ქალაქსა სპერსა. და პირველსავე ომსა აღიღეს ქალაქი, თჳნიერ ციხისა, აღივსნეს საქონლითა, ოქროთა, ვეცხლითა, ლარითა, ჯოგითა, ცხენითა, აქლემითა, ძროხითა და ცხურითა*, ანგარიში ვისგან ითქმის. და თჳთ მათთავე საჴედართა აჰკიდეს და ძლით წარმოიღეს. ეზომი ძლევა მისცა ღმერთმან ბექას, რომელ მისთა სპათაგან ერთი კაცი არა დააკლდა.

მოიცვა ბექამან ქალაქი სპერი, და თურქნი გაქცეულნი ორასნი ჩავიდეს პონტოსა კერძ. და ვითარ განემარჯუა სარგისს, მომართა მამისა კერძ, და მომავალმან აღაოჴრა ნორქალაქი და აღავსნა სპანი, რომელნი იყვნეს, საქონლითა, ალაფითა და ტყჳთა, და ესრეთ ძლევაშემოსილი მოვიდა მამას წინაშე. ხოლო ვითარ განუძნდა სპერელთა გარედგომა ბექასი, მიუგზავნა მოციქული, ვითარმედ: „ჩუენ ყაენისა ყაზანისანი ვართ, და თურქნი ძლით გარდაიხუეწნეს პონტოსა კერძ, და აწ გევედრები მე, მოგურიდო და უკუ-სდგე, და უზომო ოქრო და ვეცხლი და ჯორი და ცხენი მოგცეთ“. ისმინა ბექამან და აღიღო განძი ურიცხჳ სპერით და ბაბერდით, და ძლევაშემოსილი მობრუნდა. და მოეგებნეს კარნუქალაქით მთავარნი და მოართუეს მათცა ძღუენი, ალაფი, და არცარა მათ ავნო. და ესრეთ ბრწყინვალე ძლევა მიანიჭა ღმერთმან ბექასა, და მოვიდეს შინა საქონლითა უამრავითა. რამეთუ იყო ბექა მონასტერთა და ეკლესიათა მაშენებელი, და მონაზონთა და ხუცესთა და მოწესეთა კაცთა პატივისმცემელი, და არა დააკლდის ეკლესიასა მისსა წესი ლოცვისა ცისკრად, სამხრად და მიმწუხრი. და ლაშქარი მისი ვერ დააკლდებოდიან სამსა ამას ლოცვასა. და ამისთჳს უმარჯუებდა ღმერთი, და მოსცა ყაენმან ყაზან კარი და მიმდგომი მისი ქუეყანა.

47. ხოლო ჩუენ პირველსავე სიტყუასა აღვიდეთ. მას ჟამსა იწყო ყაზან ყაენმან ამჴედრება მეგჳპტელთა ზედა, და მოუწოდა მეფესა ვახტანგს, და მისცა ბექამანცა ლაშქარი მისი რჩეული, რომელი დივნითა ხუდებოდა. წარემართა ყაზან, და შევიდეს ქუეყანასა ასურასტანისასა და შამისასა და მოაოჴრებდეს, რამეთუ იყო სიმრავლე ლაშქრისა მისისა ათსამეტი ბევრი. და ვითარ ესმა სულტანსა მისრისასა, რომელსა სახელად უწოდეს ნასირ მელიქსა, შეკრიბა სპა მისი ყოველი და მივიდა და დევნად განეწყო. და იქმნა ომი სასტიკი ესოდენ, რომელ ხუტლუშა ნოინი ათასითა მჴედრითა წინა-დაუდგა ყაზანს ამად, რომელ დიდთა მიმართეს ყაზანს ზედა, და ათასისა კაცისაგან ექუსასი დაჴოცეს და ოთხასიღა დარჩა, რომლითა სძლო და იოტნა, რომელსა თანაშემწე ექმნა ჩოფან სულდუსი ხუთასითა კაცითა, სადა ვახტანგ და სპანი მისნი მჴნედ ბრძოდეს. და ვითარ სწყდებოდა ორგნითვე ურიცხჳ, ივლტოდეს მეგჳპტელნი და სულტანი ნასარ მელიქი. და უკ-მობრუნდა ყაზან დევნისაგან და სამ დღე განისუენა, და მეოთხესა დღესა დევნა უყვეს და მიეწივნეს მცირედნი და ამოსწყჳდნეს. და განიბნივნეს თათარნი, ტყუენვა ყვეს, და მიუწია ლაშქარმან ვიდრე წმიდად ქალაქად იერუსალიმად, სადა-იგი მრავალი სული მოისრა ქრისტიანე, და უმეტეს სპარსნი. ხოლო ყაზან მიმართა დიამუშყსა ზედა, რომელ არს დამასკო. ხოლო მათ, ზენარისა მთხოველთა, მოსცეს ქალაქი და საქონელი ურიცხჳ, და დაამყარა ყაზან დამასკო და მიმდგომნი მისნი ქალაქნი, და დაყო ვითარ ოთხ თუე. და დაუტევნა მცველნი ქალაქისანი, და წარმოვიდეს სახლად თჳსად თავრეჟად.

და ვითარ მოიწია ზაფხული, განდგეს დამასკელნი და გამოასხეს მცველნი ყაზანისანი. ცნა რა ესე ყაზან, მოუწოდა სპასპეტსა მისსა ხუტლუშასა და მეფესა ვახტანგს და ყოველთა მთავართა საქართველოსათა, და წარავლინა სულტანსა ზედა ლაშქრად. მივიდეს და შევიდეს შამად და დამასკოდ, და აოჴრებდეს დამასკოს და ვეღარ აიღეს. განვლეს დიდი ანტიოქია და მივიდეს ვიდრე ღაზადმდე. და ვერ შემართა სულტანმან ომი მათი, და მოაოჴრეს ექუს თუე. და მით უკ-მოიქცეს და მოვიდეს ყაზანს წინაშე განმარჯუებულნი.

და ვინათგან მეფე დავით არა მიენდო თათართა, ზაფხულ მთიულეთს იყვის და ზამთარ ქართლსა. ამისთჳს იშლებოდა ქუეყანა ქართლისა. და მთავარი ბაყათარ განდიდებულ იყო და აოჴრებდა ქართლსა, თრიალეთსა და განასხმიდა მამულისაგან აზნაურთა, და იყო ჭირი დიდი მკჳდრთა ქართლისათა. და მეფემან დავით შეკრიბა ყოველი მთიული, წარვიდა და მივიდა ტფილისს, და ჰყვა კაცი ცხენოსანი და ქუეითი, ვითარ ათხუთმეტი ათასი, და მოუჴდა ყივჩაყთა, საზაფხულოდ მომავალთა. ხოლო ყივჩაყნი რომელნიმე ქალაქსა ეწივნეს, და ზოგნი მტკურის პირით ივლტოდეს.

ესმა ესე ვახტანგს, ტაბაჴმელას მდგომსა, მივიდა მცირითა კაცითა, განვლო ჴიდი და სახიუდაბელი და განვიდა მახათას, რამეთუ დავით და ლაშქარი მისი მახათას დგეს, თავსა ქედისასა. და ვახტანგ ქუემოთ მიუდგა და დადგა და ვერ შემართა შებმა სიდიდითა დავითის ლაშქრისათა. მაშინ მცირედნი ვინმე ჩამოვიდეს და აქათ მცირენი ვახტანგისანი მიეგებნეს, შეიბნეს და დავითის კერძნი გაიქცივნეს, და ორნი ძმანი და შვილნი დაჴოცნეს. და ვითარ შენივთდებოდა ომი, ათასი ყივჩაყი გაქცეული შეკრბა ვახტანგს თანა ჯარად. მაშინ მოიწია რისხვა ღმრთისა, და ივლტოდა დავით, და სპა მისი ძლიერი უომრად იყო. დავით მოვიდა ომისა არა შემმართი, მიუდგეს უკანა ყივჩაყნი და ქართველნი, და სდევდეს ვიდრე ჯაჭუადმდე, დაჴოცეს კაცი ურიცხჳ. არათუ ვახტანგ მტერი იყო ძმისა, არამედ თათართა შიშითა იძულებით შეება.

ოტებული რა ცნა დავით, უმძჳნვარესად აოჴრებდა ბაყათარ ქართლსა, და მეფე დავით ვერ წინა-აღუდგებოდა. მით სენიცა შეედვა ბოროტი, მიკრისი ჴელთა და ფერჴთა, და უჴმარ იქმნა. და იყოცა კაცი ურწმუნო და უშიში ღმრთისა, ამისთჳს ბოროტსა სენსა შთავარდნილი უღონოებდა. და ბაყათარ აოჴრებდა ქუეყანათა და ჴოცდა კაცთა, დაღაცათუ სურამელი ჰამადა და რატი ძლიერად ებრძოდეს. მაშინ ბაყათარ წარუღო გამრეკელსა, კახას ძესა, ციხე ძამისა. ცნა ესე ბექამან, მოუჴდა დიდითა ლაშქრითა, ხოლო ბაყათარ, ციხით გამოსრული, წინ დახუდა წინმავალთა ბექასთა. იქმნა ომი ფიცხელი, და პირველსავე შებმასა გაიქცა ბაყათარ და შევიდა ციხესა. მივიდა ბექა და მოადგა ძლიერად ციხესა. და ვითარ განძლიერდა, ითხოვეს ოვსთა ზენარი და აღუთქუეს არაწყენა. და ესრეთ მოვიდა ბექას წინაშე გაუშავებელი, და უკანას მოკუდა ბაყათარ.

48. აწ ვიწყოთ თათართა მოთხრობად. და ვითარ გამოასხეს მეგჳპტელთა მცველნი დამასკოსანი, ამისთჳს გამწყრალმან ყაზან გაგზავნა იგივე ხუტლუშა სპითა ძლიერითა და ვახტანგ სპითა საქართველოსათა. და ვითარ ცნა სულტანმან მისლვა მათი, მიეგება სულტანი ომად. და იქმნა ძლიერი ომი, დაიჴოცნეს ორგნითვე ურიცხუნი. და მას დღესა სწორი ძლევა არა იქმნა, და ღამემან განყარნა. და ვითარ უკუ-დგეს, პოვეს ქედი დიდი თათართა და მას ზედა შემოდგეს ხუტლუშა ერითურთ, უსეინ, სევინჯი. გარნა სიბუჩი, ხუტლუშას შვილი, მივიდა მახლობელად სულტნისა და დადგა ვაკედ, რომელსა ახლდეს ბექას ლაშქარნი, და ყველასა ცხენი ჴელთა ჰყვა. მოიჴელოვნა სულტანმან, რამეთუ ჩამოუშუა წყალი უკანა კერძო თათართა, და მას ღამესა ესეთი ლამი შეიქმნა, ცხენი და კაცი ორნივე უჩინო იქმნიან ლამსა შიგან. და განთენა რა, იხილეს თათართა უკანაკერძო ლამი და წინათ ლაშქრისა სიმრავლე, უღონო იქმნნეს. პოვეს მცირე უგანო ადგილი ლამისა, და მაშიგანცა დაიჴოცნეს სიმრავლე კაცისა და ცხენისა. და რაჟამს აღივსო კაცითა და ცხენითა, მეოტმან ლაშქარმან ზედაგანსლვა დაიწყო. დაღათუ მოსწყდეს ურიცხჳ თათარი და ქართველნი, და ვახტანგ და ნოინნი მშჳდობით დარჩეს და მოვიდეს ყაზანს წინაშე, რომელი განწყრა და საპყრობილესა მისცნა ყოველნი ნოინნი. და ეკაზმოდა კუალად სულტანსა ზედა, გარნა დასნეულდა სენითა მუცლისათა და მოკუდა, რომელი იგლოვა ყოველმან კაცმან სიმართლისათჳს, რომელ ავისმოქმედი და მეკობრე და უსამართლო კაცი აღარ იპოვებოდა საყაენოსა მისსა, და ამისთჳს დაუტევა მწუხარება ყოველთა.

ხოლო შემდგომად მისსა დასუეს ტახტსა ყაენთასა ძმა მისი, სახელად ხარბანდა, რომელსა უკანასკნელ ოლჯათ სულტანი ეწოდა, რომელ ერთითა თუალითა არამხედველ იყო. და ვითარ ეძლო, იპყრობდა წესთა ძმისა მისისა ყაზანისთა, დაღათუ იყო ესეცა კაცი კეთილი. ამან მოიწყო ყოველი საბრძანებელი მისი და ფრიად კეთილსა უყოფდა ვახტანგს.

ამან ხარბანდამან ინება გილანს წარსლვა, და მოუწოდა ყოველთა სპათა თათართა და თჳთ მეფესა ვახტანგს, და ოთხად განყო სპა თჳსი: უკეთესი და უწარჩინებულესი სპა მან დაიჭირა, და მეფე ვახტანგ. და ერთი ნაწილი მისცა ხუტლუშასა, და ბექასა ლაშქარი თჳთ პირველვე მისი იყო. ერთი ნაწილი ლაშქარი ჯალაირს მისცა, და ოვსნი გორს მსხდომნი. ერთი ნაწილი სულდუსსა ჩოფანსა მისცა. და თჳთო თავადი თჳთოსა გზასა ჩაგზავნა, და ერთს გზას თჳთ ყაენი ხარბანდა, სადა-იგი წინამბრძოლად მეფე ვახტანგ აჩინეს გილანს ყოველგნით. ხოლო გილანელნი დაღათუ მცირენი იყვნეს, არა შეშინდეს, რამეთუ იყვნეს გილანსაცა ოთხნი მთავარნი, რომელთა სახელები იყო: ერქაბაზნ და უბაში, როსტან და ასან. ესე თჳთ დადგა სიმაგრეთა შინა, შეკრა ხარხალი და ერქაბაზნ ყაენს ხარბანდას დაუდგა წინა და შემოება, და იქმნა ომი ძლიერი, რამეთუ ვახტანგ წინა-მბრძოლობდა. ქუეითნი გზისა სივიწრისაგან და ტყისა სიჴშირისაგან არა ივლებოდეს, სადაცა მცირე ვაკე იყვის, ლამი იყვის.

ვითარ განგრძელდა ომი, პირველ ისრითა და მერმე ჴრმლითა იბრძოდეს თათარნი და ქართველნი, და ხარბანდა თჳთ უჭურეტდა. მცირედნი შეეწეოდეს და ჴმითა განამჴნობდეს. ვითარ შენივთდა ომი, არა შეაქცევდა მეფე ვახტანგ ზურგსა, არცა სპა მისი, არამედ ადგილთა სივიწრითა მოისრვოდეს ესოდენ, რომელ ათისაგან ძლივ ორნი ცოცხალ იყვნიან. სომხითარნი ახლდეს, რაოდენიცა იპოვებოდეს ცხენსა ზედა მდგომი. ესრეთ მოსწყჳდეს, მრავალნი აზნაურნი უმკჳდრო გახდეს, რამეთუ მამა, შვილი და ძმა, ყოველნივე მუნ ახლდეს. გარნა რომელნიმე დარჩეს. თჳთ ვახტანგ არა გარე-მიაქცევდა, არამედ მჴნედ და ძლიერად იბრძოდეს. განკჳრდეს თათარნი სიმჴნესა ქართველთასა, რამეთუ ვახტანგ მჴნე იყო ომსა შინა და მჴნედ იბრძოდა, და მცირედ დაიკოდა ბარკალსა. და მიდრკა მზე და მოეახლა ღამე, და განიყარნეს.

ვითარ იხილა ყაენმან სიმაგრე ქუეყანისა ტყითა და კლდითა, ღამე ყოველ წარმოვიდა. ცნეს გილანელთა, დევნა უყვეს, და რომელთა ეწივნეს, დიდად ავნებდეს.

ხოლო ერთკერძო ხუტლუშას შვილი დაუდგა წინა. ხოლო თავადმან გილანელთა უბაშ შეკრა მანცა ხარხალი და შეაბა კარი იწროსა შესავალსა და დაუდგა ხუტლუშას. ხოლო იგი გარდაჴდა ცხენისაგან და დაჯდა სკამითა და უბრძანა ბექას ლაშქართა ქუეითად შესლვა, და ყვეს. შევიდეს ხარხალსა და გარდვიდეს, და შეიქნა ომი ძლიერი აქაცა ქართველთა და მესხთა ზედა. არცა ამათ შეაქციეს ზურგი, არამედ მჴნედ ბრძოდეს, და უფროსნი გილანელნი მოისრვოდეს. მაშინ სტყორცა ვინმე ისარი და ეცა თავსა შიშუელსა ხუტლუშა ნოინსა, მყის მკუდარი შთაიჭრა სკამისაგან. ვითარცა იხილა შვილმან მისმან სიბუჩი სიკუდილი მამისა, მსწრაფლ ივლტოდა იგი და სპა მისი, ხოლო მესხნი დარჩეს ხარხალსა შინა. მცირედნი ივლტოდეს და უმეტესნი მოისრნეს. და მოიწია უზომო რისხვა ღმრთისა თათართა და მესხთა ზედა, რამეთუ უკანით, სადა ბრინჯი დგომილ იყო ვაკესა შინა, ღამით წყალი ჩაეგდო. ესრეთ ლამი შექმნილიყო, ვერცა ცხენი და ვერცა ქუეითი ვერ გაიარდა, და იქმნა მოსრვა ძლიერი.

ხოლო ჩოფანსაცა შემოება როსტან მელიქი ვაკესა ადგილსა, გარნა ჩოფან სძლო და იოტა სიმაგრესა შინა. არღარა შეჰყვა, არამედ წყნარად დაბრუნდა და აჩინა მჴედარნი მისნი უკანამავლად. ჯავახის შვილი გამრეკელი მჴნედ იბრძოდა ომსა მას, და გარდამოვიდეს მშჳდობით.

ეგრეთვე უსენს და ოვსთა შეება ასან, და სწორი ძლევა იქმნა, და იგინიცა გამოქცეულნი ივლტოდეს, და მივიდეს და შეკრბეს უჟანს ხარბანდა ყაენს წინაშე.

სულდუსი ჩოფან მჴედართმთავრად განაჩინეს, მონაცვალედ ხუტლუშასა, ხოლო მეფე ვახტანგ პატივცემულ ყვეს და დიდებულნი მისნი ყოველნი მჴნედ ბრძოლისათჳს ნიჭითა დიდითა წარმოავლინეს შინა.

49. ვითარ წარვიდა ვახტანგ, მოუჴდეს კაცნი ხოდრასელნი, სჯულითა სარკინოზნი და მტერნი ქრისტესაღმსარებელთანი, ყაენსა ხარბანდას და რქუეს: „უკეთუ არა ყოველთა ქრისტიანეთა დაატევებინო სჯული და ეკლესიანი არა დააქცივნე, არა განგემარჯოს მტერთა ზედა და არა წარგემართოს მეფობა შენი და ჴელმწიფება“. ესე სიბილწე წარმოსთხიეს ცუდრჯულთა. ამათ ძლით ისმინა ყაენმან და იწყო რღუევად ეკლესიათა. და წარმოავლინა ლაშქარი და ერთი ნოინთა მთავარი, რათა მოვიდეს საქართველოსა, და მეფესა და ყოველთა ქართველთა დაატევებინოს სჯული და სარკინოზად შექმნას და ყოველსა საქართველოსა შინა დაარღჳვნეს ეკლესიანი.

და ეწია ნახჭევანს წარმოსლვასა ვახტანგს ესე წარმოვლინებული ნოინი, ხოლო მეფე ვახტანგ არა შეშინდა, არამედ განმჴნდა, და უმეტეს მოაჴსენებდა სიმჴნეთა და ღუაწლთა ქრისტეს ღმრთისათჳს და რქუა სპათა თჳსთა: „კაცნო, ძმანო და ერთსჯულნო, და ქრისტეს ღმრთისა ჭეშმარიტად აღმსარებელნო, უწყით სჯული მამათა მიერ, და გასმიეს ქადაგება წმიდათა მოციქულთა, და უწყით ღუაწლნი და ახოვნებანი მოწამეთანი, და გიხილვან თუალითა თქუენითა ტაძარსა შინა მათსა სასწაულნი ურიცხუნი, და გასმიეს სახარებასა შინა უტყუელისა პირისა, ვითარმედ: „რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა“, და კუალად: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“. აწ ნუ შეძრწუნდებით, წარვიდეთ ყაენს წინაშე და დავდვათ სული ჩუენი მისთჳს, რომელმან დადვა სული თჳსი ჩუენთჳს. პირველად ჩუენ მივსცეთ თავნი ჩუენნი სიკუდილად, მერმე იყავნ ნება ღმრთისა, და მან დაიცვას სამწყსო თჳსი“.

ვითარ ესმა სპათა ვახტანგისთა, სიხარულით შეიწყნარნეს ბრძანებული მისი, მყის წარემართნეს ურდოსა და მივიდეს ყაენს წინაშე. ხოლო ყაენი განკჳრდა მისლვასა მეფისასა. და მივიდეს კარსა ყაენისასა და მუჴლნი დაიდგნეს, და რქუა მეფემან ჴმითა მაღლითა: „ისმინე, მაღალო და ძლიერო ყაენო. მოვიდა ბრძანება, რათა ყოველთა ქრისტიანეთა დაუტეოთ სჯული ჩუენი. აწ ისმინე: ბედნიერთა პაპათა და მამათა თქუენთა ჰმონა და მსახურა პაპამან და მამამან ჩუენმან ამით სჯულითა, და აროდეს გუასმიეს, თუ სჯული ქართველთა ავი არს, არამედ უწარჩინებულეს ყოფილვართ ყოველთაგან. და სპარსთა სჯული უფროს საძაგელად შეერაცხა პირველთა ყაენთა. ამისთჳსცა იგინი მოსწყჳდნეს, რამეთუ იყვნეს მწამლველ და მამათმავალ და კაცისმკლველ. და აწ თუ სიტყუასა სპარსთასა ისმენ, ყაენო, მე ვარ მეფე ქართველთა, და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი შენ წინაშე არიან, და მე მზა ვარ სიკუდილად სჯულისათჳს ქრისტეანობისა, და მერმე ესე ყოველნი, შენ წინაშე მყოფნი ქრისტეანენი. აჰა, თავნი ჩუენნი წარგუკუეთენ“. და წარუპყრაცა ქედი. და ვითარ ესმა ყაენსა სიტყუა ესე, განკჳრდა და პატივ-სცა მეფესა და სიტყჳთა ტკბილითა აღადგინა და შეინანა, და აბრალა, რომელთა აქმნევინეს.

ხოლო იქმნა ესეცა, რომელ არღუევდეს თავრეჟს ეკლესიათა, არამედ ოთხსა დღესა შინა ოთხნი შვილნი ხარბანდასნი დაიჴოცნეს, სახელით ბასტამ და მას ზედანი. და ესრეთ წარდგომილმან მეფემან დაჴსნა შური და შფოთი მომავალი საქართველოსა ზედა.

ხოლო წარმოვიდა ვახტანგ პატივცემული, და მოვიდა მუნვე ნახჭევანს, შეედვა სალმობა მუცლისა და მოკუდა შემკული გჳრგჳნითა მეფობისათა. და წარმოიყვანეს და დამარხეს დმანისს. და დარჩეს შვილნი ორნი: დიმიტრი და გიორგი. დიმიტრის დმანისი აქუნდა და გიორგის სამშჳლდე.

და ვითარ ჴელთ-უდვეს მჴედართმთავრობა თჳთ ხუტლუშასი ჩოფანს, წარმოემართა ჩოფან ლაშქრითა ურიცხჳთა. პირველ მოვიდა კოლა-არტანს ვიდრე არსიანადმდე და აცნობა ბექას, რათა ნახოს ყაენი ანუ ჩოფან, რომელ არა თავს-იდვა ბექამან, არამედ შვილი მისი უმრწამესი თანა-წარატანა, სახელით შალვა. წარვიდა და ჩავლო სომხითი, და დარჩა ქუეყანა ბექასი მშჳდობით.

50. ხოლო აქა დაიწყო აღმოცისკრებად ძემან მეფისამან გიორგი, რომელი აღეზარდა პაპასა მისსა დიდსა ბექასა, რომელი წარავლინა ბექამან ჩოფანს თანა, და მან მიიყვანა ყაენს წინაშე. ხოლო მან პატივითა შეიწყალა და წინათვე დაუსახვიდა ნიშთა მეფობისათა. ამან ყაენმან წარმოავლინა მოციქული და სთხოვა [დავითს] შვილი, რათა მეფე ყოს. მაშინ მცირე იყო გიორგი, იგიცა მოსცეს და წარმოგზავნეს ურდოსა, და ყაენმან მოსცა მეფობა და ტფილისი და უჩინა მოძღურად და საქმისა მოურავად დიდი გიორგი, და მივიდეს ტფილისს.

და ამას წელსა მიიცვალა მთავარი სამცხისა ბექა, კაცი წარმატებული ყოველსა შინა, სიკეთეაღმატებული საღმრთო-საკაცობოთა საქმეთა და უმეტეს სამართლისმოქმედებითა, ეკლესიათა და მონასტერთა მაშენებლობითა, სოფლისა კეთილად მორწმუნეობითა, გლახაკთა უზომოთა მიცემითა. ხოლო საყუარელი მეუღლე მისი იყო გამცემელ ეპისკოპოზთა და მონაზონთა და ყოვლისა სამღდელოსა და საეკლესიოსა სოფლისა ესოდენ, რომელ სადმე ესმის კეთილი მოღუაწე და მეცნიერი ეპისკოპოზი, გინა მონაზონი, მის წინაშე მოუწოდის და მოიყვანის და მრავლითა ნიჭითა და პატივითა ამყოფის. და სავსე იყო სახლი მისი მონაზონითა და ხუცითა. ამას თანა აქუნდა შეწყნარებულობა ობოლ-ქურივთა, ხოლო სახლსა მისსა არა დააკლდებოდა სამ-სამი ლოცვა. ამისთჳს წარუმართა ღმერთმან დღენი ცხორებისა მისისანი. მტერთა ძლევასა, მშჳდობასა და დაწყნარებასა მიიცვალა ვითარ სამეოცდაექუსისა წლისა და დაუტევა გლოვა და მწუხარება უზომო მკჳდრთა სამცხისათა. და დაიპყრეს სამცხე სამთავე ძეთა მისთა: უხუცესმან სარგის, და შედეგმან ყუარყუარე და უმრწამესმან შალვა.

ხოლო აღესრულა მესამესა წელსა მეფე დავით, გარჯილი სენთა მწარეთა მიერ, და დაფლეს სამარხოთა მეფეთასა მცხეთას, და დაუტევეს ნაცვლად მისად ძე მისი მცირე გიორგი, ორ წელ მეფექმნული.

შემდგომად ამისა ინება ყაენმან ამჴედრება ქუეყანასა შამისასა, ციხესა, რომელსა ეწოდების რაბაშამი, რომელი აქუნდა სულტანსა მისრელსა. წარვიდა ძალითა თჳსითა და თანა წარიტანა ლაშქარი დიდი, და გარე-მოადგა რაბაშამს ხუთ თუე და ვერა ავნო, აიყარა და წარვიდა. და ჰყვა ექუსი არწივი, დამართული სხუათა თანა მფრინველთა და ავაზათა. აქათ ესოდენ დიდი იყო ძალი მისი. მოვიდა ყაენი შინა და მიერითგან არღარასადა განილაშქრა დღეთა მისთა, იყოფოდა მშჳდობით და ნებიერად ათცამეტ წელ დამპყრობელი ყაენობისა.

ამან ოლჯათ სულტანმან წარმოავლინა მცირე გიორგი მეფედ, და ზაალ მელიქი, ვინმე სპარსი ხუარასნელი, და ახრუჩი, მამისძმა ჩოფანისა, თანა წარმოიტანა, რათა ყოველი საქართველო ერთად შეკრიბონ მეფობასა შინა გიორგისსა. და აჩინეს ამათ შანშე მჴარგრძელი და ზაქარია, ავაგის ასულის, ხუაშაქის, ნაშობი. მივიდეს ჯავახეთს, მიერ კოხტისთავსა და აწუევდეს სარგისს და ყუარყუარეს გამოსლვად, და არა ინებეს.

ამათ ჟამთა შინა იქმნა განდგომილება საბერძნეთს, და განუდგეს ოლჯათ სულტანსა ფარვანას შვილნი და ქალაქი დიდი კონისა. მაშინ წარავლინა ყაენმან ჩოფან სპითა მისითა საბერძნეთს და თანა წარატანა ქართველნიცა. და წარჰყვა გიორგი ჩოფანს, ხოლო გიორგი [მცირე], ზაალ მელიქ, შანშე და ზაქარია არა წარჰყვეს თანა, წარვიდეს და აიყარნეს და ტფილისს შევიდეს. და წარიტანეს თანა მეფე გიორგი საბერძნეთს, და ვერ წინა-აღუდგეს ფარვანიანნი ლაშქართა მათ ერთ წელ. და ყოველნი მას შინა მყოფი ქართველნი მოსცა მეფესა გიორგის. იახლნეს ჯავახნი და თორელნი ოდენ ყვეს, და სადაცა ილაშქრიან და შეიბიან ციხესა, მჴნედ მბრძოლად გამოჩნდის მეფე გიორგი და ყოველნი ქართველნი. ესრეთ მოიმორჩილნა ყოველნი განდგომილნი და ურჩნი, და მოქცევასა წელიწადისასა მივიდა შინა. და სთულისა ჟამსა, ვითარ მივიდა ჩოფან ყაენს წინაშე, და მცირედღა დაყო, ვითარ თუეცა ერთ, მოკუდა ოლჯათ სულტანი და დაუტევა ძე მცირე, ვითარ შჳდისა წლისა, სახელით აბუსაიდ. ხოლო იგი მიასუენეს და დაფლეს ქალაქსა, რომელსა ეწოდების ყორღოილანგი, რომელ მან აღაშენა და განავრცო უმეტეს თავრეჟისა და უწოდა სახელად სულთანია.

ესმა გიორგი მეფესა სიკუდილი ყაენისა და მის წილ დადგინება აბუსაიდისა და წარვიდა ურდოსა. შეიწყნარეს, და განიხარა ჩოფან და შეიტკბო ვითარცა შვილი, და მოსცა ყოველი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი და შვილნი დავით მეფისანი და მესხნი, შვილნი ბექასნი.

და იწყო მთიებმან აღმოჭჳრვებად, ხოლო მე ენა ვერ მიძრავს საკჳრველისა და საშინელისა თქუმად.


ტექსტი ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის მიხედვით