Jump to content

ნიკოლო ძენო - "კატერინო ძენოს მოგზაურობა სპარსეთში"

From Wikisource


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის დასავლეთ ევროპული წყაროები




პუბლიკაცია:

XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ - იტალიურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ელდარ მამისთვალიშვილმა - საქართველოს ისტორიის წყაროები 26 - საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროები XIV - თბილისი - 1981


რესურსები ინტერნეტში:


შესავალი

[edit]
1558 წელს ვენეციაში გამოქვეყნდა ნიკოლო ძენოს (1515-1575) ნაშრომი "შენიშვნები რაინდ ბატონ კატერინო ძენოს სპარსეთში მოგზაურობისა და სპარსელთა ომების შესახებ" («Dei commentari del viaggio di Persia di Caterino Zeno»). მას საფუძვლად დაედო ვენეციის რესპუბლიკის ელჩის უზნ ჰასანის აკ-კოინლუს სახელმწიფოში კატერინო ძენოს (1440-1490) ოფიციალური და მეგობრებისადმი მიწერილი წერილები. 
ნიკოლო ძენოს ნაშრომი გარდა ამ 1558 წლის გამოცემისა, შესულია აგრეთვე ცნობილი ვენეციელი მოგზაურის ჯოვანი მარია რამუზიოს (1486-1557) ცნობილ კრებულის (Raccolta di Ramusio) მეორე ტომში, რომელიც პირველად 1550 წელს გამოქვეყნდა.

ტექსტი

[edit]
ნიკოლო ძენო


შენიშვნები რაინდ ბატონ კატერინო ძენოს სპარსეთში მოგზაურობისა
და სპარსელთა ომების შესახებ


ცნობები საქართველოს შესახებ

წიგნი I

[edit]
სპარსეთის ისტორიაში ნათქვამია, რომ თურქების მბრძანებელ მეჰმედს[1] ეშინოდა უზუნ ჰასანის[2] სიძლიერისა,
მეჰმედ II
რადგან დროის განმავლობაში ზიანს მიაყენებდა მას და ამიტომ ჯანსას[3] ხელისუფლებისადმი დახმარება გააძლიერა.მაშინ უზუნ ჰასანმა, რომელიც [მეჰმედის] მხრიდან დიდ ხიფათს მოელოდა, თავისი ვაჟი, უნგერმაუმეტი[4], უმამაცესი ახალგაზრდა, გაგზავნა თავრიზისაკენ, რომელიც იმ ქვეყნის ცენტრალურ ადგილს წარმოადგენდა. თვითონ კი მეორე მხრიდან წავიდა სპარსეთის დასაპყრობად. მან დაიპყრო [მიწები] ინდოეთის ზღვამდე და შექმნა მძლავრი სახელმწიფო.
ეს სახელმწიფო შემოსაზღვრული იყო აღმოსავლეთიდან მდინარე ინდით და სათათრეთით[5], დასავლეთით - სამცხით[6], ტრაპიზონით, ყარამანიით[7], სირიით, მცირე სომხეთითა[8] და მდინარე ევფრატით,
უზუნ-ჰასანის სახელმწიფო
სამხრეთიდან არაბეთითა და ინდოეთის ზღვით, ჩრდილოეთიდან კასპიის ზღვით[9]. მისი ეს ქვეყანა ძირითადად დასახლებული იყო სომეხი ქრისტიანებით და ადგილობრივი სპარსული ტომებით, რომელთაგან გამოყოფილნი იყვნენ მთლიანად მთებით ქურთები - თავისუფალი ხალხი. მათი ნაწილი ემორჩილებოდა ბეტელისის მთავარს, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ, დაინახა რა უზუნ ჰასანის ძლიერება, მისი ხელისუფლების ქვეშ შევიდა.

რადგან მაშინ თურქული იარაღი უაღრესად ძლევამოსილი იყო და ისინი მტკიცედ გრძნობდნენ თავს აზიასა და ევროპაში, უზუნ ჰასანს ეშინოდა, რომ ოსმალეთის კარის ძლიერ ხელისუფლებას და მრავალრიცხოვან ძალებს ოდესმე არ დაემხოთ სპარსეთის სამეფო, ისე, როგორც შეიძლებოდა დამართოდათ გამუდმებულ ურთიერთქიშპობაში მყოფ მთავრებს. დიდი წარმატება იქნებოდა მოპოვებული, თუ მთავრები იარაღით ხელში შეკავშირდებოდნენ. უზუნ ჰასანი დაუნათესავდა ტრაპიზონის იმპერატორ კალოიანს. ცოლად შეირთო მისი ქალიშვილი დესპინა, იმ პირობით, რომ [დესპინა] იცხოვრებდა ქრისტიანული წესებით.

ამავე იმპერატორმა თავისი მეორე ქალიშვილი მიათხოვა არქიპელაგის ჰერცოგს ნიკოლო კრესპოს, რომელთანაც შეეძინა ხუთი ქალიშვილი. ისინი შემდეგში გათხოვდნენ ვენეციის დიდებულ და კეთილშობილ ადამიანებზე. პირველი, ფიორენცა გათხოვდა კორნაროზე, მას ეყოლა კვიპროსის დედოფალი და ბატონი ჯორჯო პროკურორი. მეორე, რომელსაც ლუკრეცია ერქვა, გათხოვდა ფრიულების ოჯახში, ბატონ ნიკოლოზე, პროკურორზე. ვიოლანტე გათხოვილი იყო რაინდ კატერინო ძენოზე, რომელიც შემდეგში ელჩად იყო უზუნ ჰასანთან სპარსეთში. რაინდი ბატონი კატერინო იმის შიშით, რომელსაც მსოფლიოს ყველა სახელმწიფო განიცდიდა მეჰმედის სიძლიერის გამო, გაიგზავნა უზუნ ჰასანთან ჩვენი რესპუბლიკის ელჩად. [ეს მოხდა მას შემდეგ], როცა ვერ მოხერხდა დასავლეთის მეფე-მთავრების ამხედრება საერთო მტრის წინააღმდეგ.

ვიდრე ისინი ამ შიშში იმყოფებოდნენ, ვენეციაში მოვიდა უზუნ ჰასანის ოთხი ელჩი: აზიმამეტი, მორატი, ნიკოლო და კეფარსა - სერიოზული ადამიანები, რომლებსაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ. მათ დაავალა მეფემ მისი სახელით შეეკრათ კავშირი [თურქეთის] სულთნის და [ეგვიპტის] სულთნის წინააღმდეგ, ოღონდ ვენეციელების საზღვაო ფლოტს მოსვენება არ უნდა მიეცა არც ერთისა და არც მეორისათვის. გახარებულები იმით, რომ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში აღმოსავლეთის უძლიერესი მეფე იშოვეს მოკავშირედ და მეგობრად, დათანხმდნენ მის წინადადებაზე და გამოაცხადეს მეფესთან მუდმივი მეგობრობა...

ამგვარად, აზმამეტი დარჩა ვენეციაში, სხვა სამი [ელჩი] გაემგზავრა პაპთან და ნეაპოლის მეფესთან, რათა, თუ შესაძლებელი იქნებოდა, ერთიც და მეორეც შეეყვანათ ლიგაში. სენატს მიაჩნდა, რომ ამჯერად ისეთი ელჩის არჩევა იყო საჭირო, რომელიც ახლოს იქნებოდა მეფე უზუნ ჰასანთან, და აღაფრთოვანებდა მას საერთო მტერზე თავდასასხმელად და მისგან თავდასაცავად აიღებდა იარაღს ხელში. რესპუბლიკისათვის ეს წარმოადგენდა დიდებულ და ღირსეულ საქმეს. თავდაპირველად არჩეულ იქნა ბატონი ფრანჩესკო მიქელე, რომელმაც უარი განაცხადა. შემდეგ სენატორებმა აირჩიეს ბატონი ჯაკომო და მაცო, რომელმაც ასევე უარი განაცხადა ეტვირთა ასეთი მძიმე საქმე. ბოლოს 1471 წელს არჩეული იქნა ბატონი კატერინო ძენო, რომელიც სიამოვნებით დათანხმდა წმინდა საქმისადმი ერთგულების გამო წასულიყო [სპარსეთში].

იგი იყო ვაჟი დრაგონე ძენოსი, რომელიც გარდაიცვალა დამასკოში. მან მრავალი წელი გაატარა ბალსერაში, მექასა და სპარსეთში. რადგან ბატონ კატერინოს გარკვეული ცოდნა ჰქონდა იმ ადგილების შესახებ და დედოფალი დესპინას, უზუნ ჰასანის ცოლის დისშვილის ქმარი იყო, ამიტომ მხოლოდ ის ითვლებოდა შესაფერის პიროვნებად, რომელსაც შეეძლო ღირსეული სამსახური გაეწია თავისი სამშობლოსათვის. რადგან ეს მოგზაურობა უცნობი, ხანგრძლივი, არაჩვეულებრივი, ხიფათით აღსავსე და საჯახირო იყო, ამიტომ არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც მოისურვებდა ბატონ კატერინოსთან ერთად წასვლას.

ჩვენმა სინიორიამ, რომელსაც არ სურდა ხელი აეღო ამ წამოწყებაზე, გადაწყვიტა დაბრკოლება გადაელახა ფულისა და სურსათის რაოდენობის გაზრდით იმ მსახურებისათვის, რომლებიც მასთან ერთად წავიდოდნენ. ამის შემდეგ გამოჩნდნენ მამაცი ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ დაეძლიათ ყველა დაბრკოლება ფულადი ანაზღაურებისა და სამყაროს ნახვის სურვილის გამო და წავიდნენ [ძენოს] მსახურებად. იმავე [1471] წლის 6 ივნისს ბატონი კატერინო გაიგზავნა დავალებით, გადაეცა უზუნ ჰასანისათვის, რომ ჩვენი სინიორია მას საჩუქრად უგზავნიდა 100 გალერას და მრავალ სხვა დიდ და მცირე ხომალდს, რომლითაც ზღვიდან უნდა ეწარმოებინათ ბრძოლა სულთნის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხოლო უზუნ ჰასანი მთელი თავისი ძალებით აღმოსავლეთიდან შეუტევდა მას.

ბატონი კატერინო ამ დავალებით გაემგზავრა ვენეციიდან. რამდენიმე თვეში გაიარა როდოსი, ყარამანიის ქვეყანა და დიდი ტანჯვა-წვალებით მიაღწია სპარსეთს. მე არ შემიძლია დაწვრილებით აღვწერო მისი მოგზაურობა, რადგან როგორც ზემოთ ვთქვი, მხოლოდ იმისი მიგნება შევძელი, რაც დაბეჭდილია.

როცა ბატონი კატერინო მივიდა, უზუნ ჰასანმა დიდი ზეიმით და პატივისცემით მიიღო, რადგან იგი იყო მისი ახალი მოკავშირისა და მეგობრის, ბრწყინვალე და ძლიერი რესპუბლიკის ელჩი. მეფესთან შეხვედრის შემდეგ [ძენომ] დედოფალ დესპინას ნახვა მოისურვა. ასეთი სურვილი რომ სპარსელს გამოეთქვა, უარს ეტყოდნენ, რადგან მათი წესის მიხედვით, ქალებს უფლება არა აქვთ, ვისმე ეჩვენონ... მაგრამ კატერინოს თხოვნა დააკმაყოფილეს. მეფის განსაკუთრებული წყალობით ნება დართეს ენახა დედოფალი რესპუბლიკის სახელით. როცა იგი დედოფლის წინაშე წარსდგა და აცნობა ვინც იყო, მან დიდი სიხარულით მიიღო, როგორც ძვირფასი დისწულის [ქმარი] და ნათესავი. [დედოფალმა] დაბეჯითებით სთხოვა ეცნობებინა მისთვის, ცოცხალი იყო თუ არა ყველა დისწული და რომელ ქვეყნებში ცხოვრობდნენ ისინი. ბატონმა კატერინომ სიამოვნებით და ამომწურავად გასცა პასუხი მის ყველა შეკითხვას. [კატერინომ] მოისურვა თავის ბინაზე დაბრუნება, მაგრამ [დედოფალმა] არ გაუშვა და სასახლეში დატოვა, ცალკე სამყოფი გამოუყო მას და მის მსახურებს... [დედოფალმა] განსაკუთრებული ყურადღებით მოისმინა მისი მოსვლის მიზეზის შესახებ და დაჰპირდა ყოველგვარ შეწევნასა და კეთილგანწყობას, რადგან ჩვენი უბრწყინვალესი სინიორის ნათესავად თვლიდა თავს. ამის გამო დედოფალი მშვენიერი საშუალება იყო, რომლითაც ბატონმა კატერინომ შეძლო აემხედრებინა უზუნ ჰასანი სულთნის წინააღმდეგ საომრად.

ბატონი კატერინო [თავის წერილებში] ჩუმდება იმის შესახებ, რომ დესპინასთან ნათესაობის წყალობით იმდენად დაიმსახურა უზუნ ჰასანის კეთილგანწყობა, რომ მეფისა და დედოფლის საიდუმლო ოთახებში შესვლა შეეძლო რა დროც და რომელი საათიც არ უნდა ყოფილიყო და, რაც ყველაზე საკვირველია, იგი იმყოფებოდა ხოლმე ორივე მათი უდიდებულესობის საწოლ ოთახში. არასოდეს გამიგია, რომ სხვა რომელიმე მაჰმადიან ან ქრისტიან მეფეს მის მსგავსად დაეახლოვებინოს ნათესავი.

ეს დედოფალი დესპინა ყველაზე ღვთისმოსავი ქალი იყო მსოფლიოში. იგი სამუდამოდ დარჩა კეთილ ქრისტიანად და ყოველდღე, საზეიმო ვითარებაში ასრულებდა წირვას ბერძნული წესის მიხედვით, რომლის მიმართაც დიდად ერთგული დარჩა. მისი მეუღლე სხვა რწმენისა იყო, მაგრამ არასოდეს არ უთქვამს არც ერთი სიტყვა და არ ჩაუგონებია, რომ ხელი აეღო თავის რწმენაზე. იშვიათია ასეთი გრძნობა, რომ ორი ადამიანი მიისწრაფოდეს სხვადასხვა რამისკენ და ისინი მაინც ინარჩუნებდნენ ერთმანეთისადმი დიდ სიყვარულსა და ერთგულებას.

ბატონმა კატერინომ დაინახა, რომ [დედოფალი] კეთილი ქრისტიანი იყო და აღაფრთოვანა იგი, რათა ჩაეგონებინა ქმრისთვის ეწარმოებინა შეეუპოვარი ომი თურქებთან - საქრისტიანოს დაუძინებელ მტრებთან. [თურქები] განსაკუთრებით [დედოფლის] და მისი მოდგმის მტრები იყვნენ: მოუკლეს მამა და დაიპყრეს მისი ქვეყანა. ასეთნაირად შთაგონებულმა დედოფალმა ყველაფერი გააკეთა და დაარწმუნა თავისი ქმარი, რომელიც თვითონაც დიდად იყო დაინტერესებულიოტომანის ძლიერების დამხობით, რომ მას საკუთარი ხელით მიეწერა წერილი ყვარყვარესათვის, ქართველების მთავრისათვის, რათა მას იმ მხრიდან დაეწყო ომი სულთნის წინააღმდეგ.

დესპინამ, ვიდრე მისი ქმარი ამ საქმეებით იყო დაკავებული და სასწრაფოდ აგროვებდა ჯარს, უბრძანა ბატონ კატერინოს მღვდელს, რომ მისი ხელით დაწერილი წერილები წაეღო უბრწყინვალეს სინიორიაში ყველა მისი ნათესავისათვის.

მაგრამ ისე გავიდა ის ზამთარი, რომ არ გამოჩნდა ბატონ კატერინოს დაპირებული იარაღი, რომელსაც ჩვენი რესპუბლიკა ოსმალეთის საზიანოდ ამზადებდა. ამიტომ [უზუნ ჰასანი] აღარ იჩენდა ვენეციისადმი ძველებურ პატივისცემას. იმ დროისათვის უზუნ ჰასანს მზად ჰყავდა საბრძოლო სულით გამსჭვალული უძლიერესი ჯარი და ფიქრობდა გაელაშქრა თავისი მოწინააღმდეგე ზოგიერთი თათარი მთავრის წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენი სინიორია სისტემატურად უგზავნიდა მას შიკრიკებსა და წერილებს, რათა ფხიზლად ყოფილიყო იგი განზრახვის შესასრულებლად და განემტკიცებინა მისთვის აზრი, რომ ვენეციელები არასოდეს არ უღალატებდნენ და შეასრულებდნენ პირობას.

ბატონ კატერინოს გამგზავრებიდან 20 თვის შემდეგ [1473 წლის] 6 იანვარს სპარსეთში გასაგზავნ ელჩად შერჩეული იქნა ბატონი ჯოსაფატ ბარბარო. მასთან ერთად გაიგზავნა მეფისათვის განკუთვნილი საჩუქრები: 6 დიდი ბომბარდი, არკებუზები, მრავალი სპინგარდი, დენთი და სხვა საჭურველი; 6 ბომბარდირი, 100 არკებუზერი და არტილერიის სხვა ოსტატები. ამას გარდა, დანიშნული იქნა ადმირალი, რომელიც დიდი ფლოტით გაიგზავნა ყარამანიის ზღვაში, სადაც მისვლისთანავე რამდენიმე უმნიშვნელო ბრძოლა ჩაატარა მტერთან, დაიკავა სულთნის მიერ დაპყრობილი რომელიღაც ციხეები და ყარამანიის მთავრის სარდლებს გადასცა.

ამ მთავარს იმის გამო, რომ მან ბატონი კატერინო [თავის ქვეყანაში] გაატარა, მოულოდნელად თავს დაესხა სულთანი და აიკლო მისი ქვეყანა. ამიტომ მან მრავალრიცხოვანი გარნიზონისა და საჭურვლის მქონე ციხეები დატოვა და გაიქცა უზუნ ჰასანთან, რომელმაც მოწყალედ მიიღო და მისცა იმედი,რომ თავის ქვეყანაში დააბრუნებდა, თუ აღნიშნული ციხეები, რომლებიც ისევ მის ხელში იყვნენ, შეინარჩუნებდნენ მისდამი ერთგულებას. მაგრამ მრავალჯერ გასცრუვებიათ ადამიანებს იმედები. ასე დაემართა ყარამანსაც, რადგან სარდლები, რომლებიც იმ გამაგრებულ ადგილებს იცავდნენ, ოქროთი მოისყიდეს თურქებმა. თუმცა შერცხვენილი სახელით იხსენიებოდნენ თავიანთი ბატონის მოღალატენი, რომლებმაც თავიანთ ხელში არსებული სიმაგრეები მტერს გადასცეს.

ამ შენაძენის შემდეგ მეჰმედმა კონსტანტინოპოლიდან გააგზავნა ელჩები სპარსეთში უზუნ ჰასანის წინაშე ბოდიშის მოსახდელად იმის გამო, რაც მოხდა და მასთან მშვიდობისა და მეგობრობის დამყარება [სურდა]. მაგრამ იმ დღეს, როცა [ელჩებს] დანიშნული ჰქონდათ აუდიენცია მეფესთან, ბატონი კატერინო დილაადრიან შევიდა მეფის ოთახში და დამაჯერებლად ელაპარაკა მას და დაარწმუნა. როცა უზუნ ჰასანი გარეთ გამოვიდა [ყარამანიის ამირამ] სთხოვა, რომ ნუ დატოვებდა ამ ბედში. დესპინასაგან და საკუთარი სახლიდან გამოძევებული ყარამანიის მბრძანებლისაგან დაეჭვებულმა უზუნ ჰასანმა ყოველგვარი შეთანხმების გარეშე გაუშვა ელჩები.

მან ბრძანება გასცა ომის დაწყების შესახებ, სწრაფად გაგზავნა ჯარი და მივიდა ბეტილისში. [უზუნ ჰასანმა] შეუთვალა ბატონ კატერინოს, რომ მისი წაყვანა სურდა ჯარის დასათვალიერებლად, რათა ენახა როგორი მზადყოფნით დაიწყო ომი, ნაწილობრივ მისი პატივისცემისა და სპარსეთის სამეფოს უშიშროების უზრუნველყოფისათვის, ნაწილობრივ ჩვენი რესპუბლიკის წაქეზებით და ნაწილობრივ ყარამანიის მთავრისათვის, მისი მოკავშირისა და მეგობრისათვის მიყენებული იმ ახალი უსამართლობისათვის, რათა მისთვის კვლავ დაებრუნებინა ყველაფერი.

ბატონმა კატერინომ, როცა გაიგო ყოველივე ეს, უაღრესად გახარებულმა მჭევრმეტყველურად გადაუხადა მადლობა იმ დამოკიდებულებისათვის, რასაც იგი ჩვენი რესპუბლიკისადმი იჩენდა.

[კატერინო] გაჰყვა მის სარდალს, რომელსაც ამირბეი ჯუსულთანი ერქვა, რათა ენახა, როგორ გამოიყურებოდა მეფის ჯარი. ერთ განსაკუთრებულ წერილში [კატერინო] წერს, რომ ჯარი შესდგებოდა 100 ათასი მხედრისაგან მსახურების ჩათვლით, რომლებიც თან მისდევდნენ თავიანთ პატრონებს. მათი ნაწილი შეიარაღებული იყო იტალიურად, ნაწილს კი ძლივს ფარავდა რაღაც ძალიან მაგარი გამოხარშული ტყავები, რომელსაც შეეძლო მათი დაცვა ყოველგვარი დარტყმისაგან, ისე რომ არავითარ ზიანს არ განიცდიდნენ. სხვებს ეცვათ დალიანდაგებული ქურთუკები, იმდენად მაგარი, რომ მასში ისარი ვერ გაივლიდა. დანარჩენს ეცვა მოოქროვილი ჯავშნები და ჯაჭვის პერანგები და ჰქონდათ შეტევისა და თავდაცვის ყოველგვარი იარაღი.

მნახველებს უაღრესად ანცვიფრებდა მათი დახვეწილი საბრძოლო ხელოვნება. მათი მსახურებიც საუკეთესო მხედრები იყვნენ. ისინი შეიარაღებულნი იყვნენ ხალასი რკინის ჯავშნებითა და თავდასაცავად იყენებდნენ მრგვალ ფარებს, ისეთს, ჩვენებიც რომ ხმარობენ, ხოლო ბრძოლიდ დროდ ხმარობდნენ მახვილს. ბატონები მთლიანად იქნებოდნენ 40 ათასი კაცი - ყველა მამაცი მებრძოლი, მსახურნი კი 60 ათასი. მათზე უკეთეს მხედრებს ვერც ერთ ჯარში ვერ ნახავდით.

მამაკაცები ტანად დიდნი და ძალიან ძლიერნი არიან და ისე მოხერხებულად ხმარობენ იარაღს, რომ, როგორც ამბობდნენ, მათს ერთ პატარა რაზმს შეეძლო დაემარცხებინა მტრის რაც უნდა დიდი ჯარი ყოფილიყო. ისინი სხდებიან დიდ და მშვენიერ ცხენებზე, რომ როგორიც მაღალი არ უნდა იყოს კაცი და რაც შეუძლია მაღლა აწიოს ხელი, მაინც ვერ შეწვდება.

[უზუნ ჰასანი] მთელი ჯარით მტრის ქვეყნისაკენ გაეშურა. იქით გაეშურა ყარამანიის ბატონი პირამეტი და მეფის ყველა ვაჟი, მამაცნი და გამბედავნი. ბატონი კატერინო, რომელსაც [უზუნ ჰასანთან] სურდა ყოფნა, ჯერ დედოფალ დესპინასთან დასამშვიდობებლად გაბრუნდა. მაგრამ ჯარი ისეთი სწრაფი მარშით მიდიოდა წინ, რომ ვეღარც კი დაეწია. ამიტომ იგი გაჰყვა იმ რაზმს, რომელშიაც ხუთასი ცხენისანი იყო, რითაც უკმაყოფილო დარჩა. მათთან ერთად მიდიოდა [ძენო], როცა მათ ჯავაზში თავს დაესხნენ და დიდი ზარალი მიაყენეს, დაკარგეს რამდენიმე მებრძოლი და სხვა მრავალი უსიამოვნება განიცადეს. ამიტომ მან გადაუხვია ტოკატისაკენ და მივიდა ქალაქ კარპეტიში, სადაც დიდი სიამოვნებით შეიტყო, რომ მალე იქ მივიდოდა უზუნ ჰასანი.

სექტემბერში სპარსელთა ჯარი შევიდა ჯავაზში და თავით-ბოლომდე გადაწვა მთელი ქვეყანა, ხელთ იგდო ნადავლი, ხალხი ამოწყვიტა და დიდ შიშში ჩააგდო ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ამ ქარშხალს გაურბოდა. ამგვარად გაიარა არსენგა და ტოკატი, მთლიანად გადაწვა მცირე ქალაქები და სოფლები, თავს დაესხა და აიღო კარლე, რომელიც ყარამანიას ეკუთვნოდა. ამიტომ შეშინებული მუსტაფა, სულთნის ვაჟი, რომელიც ქალაქ ლულაში იმყოფებოდა აკომატ ფაშასთან ერთად, კონიაში გაიქცა. მან თავისი დედა გაგზავნა საიბკაკარასკარში, რომელიც ქვეყნის სიღრმეში, კონსტანტინოპოლიდან ოთხი დღის სავალზე მდებარეობდა. მაგრამ ხედავდა, რომ სპარსელები მოიწევდნენ კონიისაკენ, სულთანმა მისწერა [მუსტაფას], რომ მას დაეხია უკან და არ შეტაკებოდა მტერს, რადგან მცირე გამარჯვებაც კი გამბედაობას შესძენდა მათ და შეეცდებოდნენ უფრო მეტის მიღწევას.

ამ წერილმა დაარწმუნა მუსტაფა თავისი მამის სისწორეში და უკან დაიხია კუტახიასკენ, სადაც შეხვდა დაუთ ფაშას, ანატოლიის ბეგლარბეგს, რომელმაც დიდძალი ჯარი შეკრიბა. სულთანმა იფიქრა, რომ მისი იქ არ ყოფნა სიმხნევეს დაუკარგავდა მეომრებს და ქვეყნის გამაგრებული ადგილების დაკავების საშუალებას მისცემდა მტერს, ამის გამო იგი მთელი სამეფო კარით გადავიდა აზიაში და დაიწყო ლოდინი უზუნ ჰასანისა და სპარსეთის ჯარის შესახვედრად. მაგრამ თავის მზვერავებისაგან გაიგო, რომ უზუნ ჰასანის მხედართმთავარი 40 ათასი კაცით შეესის მახლობელ პროვინციებს, ანგრევდა, ძარცვავდა და წვავდა მათ. იგი ახლა ბურსის დასაწვავად მიემართებოდა.

სულთანმა მტრის შესახვედრად სასწრაფოდ გაგზავნა მუსტაფა 60 ათასიანი ჯარით, რათა გაემართა მათთვის ბრძოლა და შეეჩერებინათ ნგრევა. ამის შესახებ გაფრთხილებულმა სპარსელთა ჯარმა უკანდახევა დაიწყო, რადგან იცოდნენ, რომ მათი ჯარი რიცხობრივად ბევრად ჩამორჩებოდა მტრისას. ვინაიდან [სპარსელთა ჯარი] დატვირთული იყო ნადავლით და ძალიან ნელა იხევდა უკან, ამიტომ ოთხი ათასი თურქი, რომლებიც ყველაზე წინ მიდიოდნენ, არმაუტის მეთაურობით, დაეწია მათ ერთ ადგილას და ბრძოლა გაუმართა. სპარსელები მთელი ძალებით ეკვეთნენ [მტერს] და ორი ათასი თურქი სარდალ არმაუტთან ერთად თვალის დახამხამებაში აჩეხეს.

როცა ეს ამბავი უკვე მოთავებული იყო, მოვიდა მუსტაფა დანარჩენი ჯარით, რომელიც ერთ ესკადრონად შეკრული მამაცურად ეკვეთა სპარსელებს. არც სპარსელები იბრძოდნენ ნაკლები სიმამაცით. ორივე მხარე თავგანწირვით იბრძოდა რამდენიმე საათის განმავლობაში და, ამბობენ, გამარჯვება სპარსელებს დარჩებოდათ მუსტაფას მოსვლამდე იმ ოთხი ათას მხედართან რომ არ ებრძოლათ. როდესაც მუსტაფა მოვიდა ახალი ჯარით, [სპარსელები] უკვე დაღლილები იყვნენ ბრძოლით და მგზავრობით და ამიტომაც იქნენ ძლეულნი. წერილებში, რომლებშიც ეს ამბებია აღწერილი, აღნიშნულია, რომ იუსუფ ხანი, უზუნ ჰასანის მხედართმთავარი, ტყვედ წაიყვანეს თურქებმა და ყარამანიის პრინცმა პირ აჰმადმა ჯარის დიდ ნაწილთან ერთად თავს უშველა გაქცევით.

მეფემ და სულთანმა მთელი მომდევნო ზამთარი გაატარეს ომისათვის მზადებაში, რათა გაზაფხულზე ხელახლა დაეწყოთ მტერთან ომი. ზაფხულის დასაწყისში უზუნ ჰასანი სალაშქროდ წავიდა თავისი ჯარით. მან შეიპყრო სულთნის რამდენიმე მზვერავი და ბრძანა მოეკვეთათ მათთვის ხელები. [მოკვეთილი ხელები] გადაჰკიდეს მათ კისერზე და ასე გაუგზავნეს სულთანს.

იმავე ხანებში ბატონ კატერინოს მიუვიდა წერილები, რომლებიც დაწერილი იყო ადმირალისა და ბატონ ჯოსაფატ ბარბაროს მიერ. ისინი აცნობებდნენ, რომ ბრწყინვალე სინიორიის მიერ მეფისათვის გამოგზავნილი საჩუქრები და იარაღი მოვიდა ყარამანიის ზღვაში. გარდა ამისა მისდა სასიამოვნოდ [ვენეციელები] ამბობდნენ, რომ [მათ] აიღეს ციხე-სიმაგრეები და ყარამანიის მთავრის მხედართმთავრებს გადასცეს. იმ წერილებმა სიხარულითა და იმედით აღავსეს უზუნ ჰასანი, რომელმაც მთელი ჯარის ხელახლად [საომრად] გაგზავნა ბრძანა. მან დიდი ზეიმით აღნიშნა ჩვენი რესპუბლიკისადმი სიყვარული და პატივისცემა...

სულთანმაც შეკრიბა დიდი ძალები და როგორც წინათ, ახლაც გადავიდა აზიაში და გაჩერდა კაპადოკიის ქალაქ ამასიაში. იგი სანჯაყი იყო მისი ვაჟის ბაიაზიდის, რომელიც მუსტაფასთან ერთად ომში მიყვებოდა მამას. [სულთანმა] თავის მესამე ვაჟი ჯემიკოსტანტინოპოლში დატოვა. სპარსეთში [შეჭრილი მტრის] ჯარის მეთაურების [მთავარი] გაჭირვება მდგომარეობს სურსათით [ჯარის] მომარაგებაში, რადგან სპარსელებს ასეთი ზნე-ჩვეულება აქვთ: 15 ან 20 დღის მანძილზე გადაბუგავენ ქვეყნის იმ მხარეს, საიდანაც მოელიან თავდასხმას რომელიმე მეფისაგან. ის, ვინც თავს დაესხმის სპარსეთს, ან აუცილებელ მარაგს ვერ იშოვის, ან შიმშილით ამოწყდება, ან როცა უკან გაბრუნდება, თავის სამარცხვინოდ, მტერს ჩაუვარდება ხელში.

მეჰმედი მოეთათბირა თავისიანებს ამის შესახებ, დაამზადა სურსათ-სანოვაგის დიდი მარაგი და მთელი თავისი ჯარი გაყო ხუთ ნაწილად. პირველს მიუძღოდა თვითონ. წესის თანახმად მასში შედიოდა 30 ათასი იანიჩარი, თურქების ყველაზე რჩეული ჯარი. მეორე 30 ათასს მეთაურობდა ბაიაზიდი, მესამე 30 ათასს კი მუსტაფა. მასში შედიოდა 12 ათასი ვალახელი, რომლებიც მათმა მეთაურმა ამ ომში თურქების დასახმარებლად მოიყვანა. მეოთხეს, რომელშიც 60 ათასი მეომარი იყო, ხელმძღვანელობდა ასმურატ პალეოლოგი, სულთნის ბეგლარბეგი რომანიაში. მათ შორის იყო მრავალი ქრისტიანი ვასალი. მეხუთე იყო დაუთი, ანატოლიის ბეგლარბეგი, 50 ათასი კაცით. იყო აგრეთვე 30 ათასი დაქირავებული აკინჯი მხედარი თავიანთი მეთაურით. ისინი 30, 40, 50 მილის მოშორებით მიდიან თურქების ჯარის წინ და არბევენ, წვავენ და კლავენ ყველას და ყველაფერს, რაც წინ დახვდებათ. [აკინჯიები] ძალიან მამაცნი არიან. მათი მოვალეობაა სურსათით მოამარაგონ ბანაკი.

სულთანი მთელი ჯარით წამოვიდა ამასიიდან, წამოიღო არტილერიის მნიშვნელოვანი ნაწილი და მშვენიერი მწყობრით დაადგა ტოკატის გზას. მან ხელმარცხნივ დატოვა ქალაქი სივასი. [ეს ქალაქი] მდებარეობს მდინარე ლაისის ნაპირას, რომელიც მოედინება ტრაპიზონის მთიდან. გაიარეს იმ ქალაქსა და ტავრის მთებს შორის მდებარე დაბლობი და გვერდი აუქციეს სპარსელების სიმაგრე ნიკეზესტს, რომელიც იმიტომ არ დაიპყრეს, რომ დრო არ დაეკარგათ. ასე სიარულით მიადგნენ ხელმარცხნივ მდებარე ქალაქ კოლივატარს, რომელიც მთებითა და სოფლებით იყო გარსემორტყმული. ისინი გადავიდნენ მთაზე და გაჩერდნენ ქალაქ კარაკესესთან, რომელიც სახელგანთქმულია მაღაროებით. ამ მხარის მოსახლეობა სულ ერთიანად მთებში იყო გახიზნული, რადგან იქ [სხვა] რაიმე გამაგრებული პუნქტი არ იყო. მივიდნენ ქალაქ ერზინჯანში, რომელიც მდებარეობს ერთ ვრცელ დაბლობზე. იქ ერთ ეკლესიაში ნახეს ფილოსოფოსი... სხვა დანარჩენი მოსახლეობა გაქცეული იყო ევფრატის იქითა მხარეს.

თურქები იქიდან წავიდნენ, გაიარეს არზრუმის მხარე, რომელიც მცირე სომხეთშია და მიუახლოვდნენ ევფრატს მალათიასთან, სადაც მოვიდნენ კაიროს სულთნის ელჩები თორმეტი დრომადერით. ის ელჩები წარსდგნენ სულთნის წინაშე და გადასცეს ისარი, რომლის წვერზე მიმაგრებული იყო წერილი. როცა დაუყოვნებლივ გასცეს მასზე პასუხი, ელჩები ისევ შესხდნენ დრომადერებზე და ერთ დღეში გაიარეს დიდი მანძილი, რადგან დრომადერი, სხვა ცხოველებთან შედარებით სწრაფია და შესვენების გარეშე შეუძლია იაროს...

თურქების ჯარი იქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, ევფრატის დინების საწინააღმდეგოდ წავიდა და მივიდა ევფრატის ნაპირას. მეორე ნაპირზე იცდიდა უზუნ ჰასანის მიერ საბრძოლველად გამზადებული სპარსეთის მთელი ჯარი. ამ ადგილას ევფრატი, რომელიც ძალიან განიერი მდინარეა, ჰქმნის მრავალ ქვიშიან კუნძულს, ისე რომ ფონით ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ადვილია.

უზუნ ჰასანს ფყავდა შესანიშნავი ჯარი, რომელიც შედგებოდა ლესბების, იგივე პართელების, სპარსელების, ქართველების, ქურთებისა და თათრებისაგან. მხედართმთავრები, რომლებიც მათ მიუძღოდნენ იყვნენ [უზუნ ჰასანის] ვაჟები: უნგერმაუმეტი, კალული, ეძეონელი და პირაჰმედი - ყარამანიის მთავარი...

სულთანმა, რომელიც ფიქრობდა უზუნ ჰასანის ძალების დასუსტებას, რომანიის ბეგლარბეგს ასმურატ პალეოლოგს უბრძანა თავისი ჯარით გადასულიყო მდინარის მეორე ნაპირზე და გამაგრებულიყო იქ, სადაც უზუნ ჰასანი და მთელი მისი ჯარი იმყოფებოდა. რადგან პალეოლოგი ახალგაზრდა და მამაცი იყო, შეიძლებოდა რაიმე შეცდომა დაეშვა თავისი გამოუცდელობის გამო, ამიტომ [სულთანმა] გაგზავნა მეჰმედ ფაშა, რომელიც საჭირო რჩევა-დარიგებას მისცემდა მას. მან დაფდაფებისა და სხვა საბრძოლო საკრავების დაკვრითა და გაშლილი დროშებით წამოიყვანა უზარმაზარი ცხენოსანი ჯარი, დაეშვა მდინარის ნაპირზე და ერთი მეჩეჩიდან მეორეზე გადადიოდა.

ამგვარი თავხედობით განრისხებულმა უზუნ ჰასანმა ჯარის საუკეთესო რაზმი შეუშვა მდინარეში. სპარსელები შუა მდინარეში ეკვეთნენ თურქებს. ისინი 3 საათის განმავლობაში მამაცურად იბრძოდნენ ორივე ჯარის თვალწინ. [მებრძოლები] უცქერდნენ და ნაპირიდან ამხნევებდნენ თავისიანებს. [მოწინააღმდეგენი] ერთ მტკაველ წყალს ან მიწას არ უთმობდნენ ერთიმეორეს. ბოლოს თურქები, მათდა სამწუხაროდ, ძლეულნი და დევნილნი იქნენ სპარსელების მიერ, მრავალი მათგანი დაიხრჩო და მდინარემ წაიღო. სპარსელები დარწმუნებული იყვნენ, რომ დაიწყებოდა პირველზე უფრო მძაფრი და სისხლისმღვრელი ბრძოლა...

როცა ეს დაინახა, მეჰმედ ფაშა, რომელიც სხვა მეჩეჩზე იდგა სამხედრო მწყობრით, მოხერხებულად გადავიდა მეორე ნაპირზე, სადაც მოვიდნენ სპარსელები და დაიწყეს მტრის დევნა. მეჰმედმა მოიგერია მესამე შეტევა და თავდადებული მამაცობით შეაჩერა სპარსელების რისხვა. [სპარსელები] მაინც გაანადგურებდნენ მას, სიბნელეს რომ არ გაეყარა მეომარი მხარეები. არის აზრი, რომ უზუნ ჰასანს ცოტა დააკლდა, მოეპოვებინა ბრწყინვალე გამარჯვება, რადგან მეჰმედ ფაშა უკვე დამარცხების პირას იყო მისული და მათდა სასახელოდ [სპარსელები] უკვე მეორე ნაპირზე იყვნენ გადასულნი. სულთანმა უსწორმასწორო რელიეფის გამო ვერც არტილერიის გამოყენება შეძლო და ვერც კავალერიის გაშლა და უამრავი ნადავლი დაუტოვა მტერს.

მდინარეში ბრძოლის დროს სპარსელებს 5 ათასზე მეტი კაცი არ დაუკარგავთ, მაშინ როცა თურქეთის ჯარმა დახოცილისა და დამხრჩვალის სახით დაკარგა 15 ათასი კაცი. გარდა ამისა სპარსელებმა ხელთ იგდეს ურიცხვი ტყვე. ამიტომ ათასგვარი ფიქრებით გაწამებულ სულთანს მთელი ღამე ჯარი იარაღში ჰყავდა, რადგან ეშინოდა თავს არ დასხმოდნენ [სპარსელები]. მეორე დღეს მან არაჩვეულებრივად დააჯილდოვა ჯარი გაათავისუფლა მონები იმ პირობით, რომ ბანაკთან ერთად დაუბრუნდებოდნენ კონსტანტინოპოლს. მან წესრიგში მოიყვანა ჯარი, გაშორდა მდინარეს და გზად მიმავალმა ხელმარჯვნივ აუარა გვერდი ბაიბურთს. იგი მდებარეობს იმ მთასთან, რომელიც ერთმანეთისაგან გამოჰყოფს დიდ და მცირე სომხეთს. ამ დროს თურქები დასავლეთისაკენ, ტრაპიზონის მხარისაკენ მიდიოდნენ.

ფონთან თურქების იმგვარად, როგორც უკვე ითქვა, დამარცხების შემდეგ, უზუნ ჰასანს აღარ მოეშვნენ მისი ვაჟები და მთელი ჯარი და მოითხოვდნენ წინ წასვლას, რათა არ დაეკარგათ სრული გამარჯვების შესაძლებლობა. ამიტომ ის სპარსელები, რომლებმაც მოსინჯეს მტრის ძალა, არაფრად თვლიდნენ [თურქების] ჯარს და იმედოვნებდნენ, რომ უპირატესობა ექნებოდათ [თურქების მიერ] დაპყრობილ ყველა ადგილებში. აქედან გამომდინარე მეფე [უზუნ ჰასანი] თვალყურს ადევნებდა მეორე ნაპირზე თურქებს, რათა გაეგო მათი განზრახვა. მაგრამ სპარსელებმა დაინახეს, რომ ისინი გასცლოდნენ ევფრატს. მათ იფიქრეს, რომ ეს ნიშნავდა თურქების გაქცევას და უაღრესად დაბეჯითებით სთხოვეს უზუნ ჰასანს გადასულიყვნენ მდინარის იქითა ნაპირზე.

ის თავისი სურვილის წინააღმდეგ დათანხმდა, რადგან კარგად ახსოვდა ძველი, ცნობილი სამხედრო წესი, რომ გაქცეულ მტერს ოქროთი უნდა მოუკირწყლო გზა და ვერცხლის ხიდები აუგო, რათა საბოლოოდ დაგთანხმდეს შენს სურვილზე, დაკარგოს მთელი აღტყინება და ბრძოლის უნარი. ამრიგად, შეარჩია [უზუნ ჰასანმა] 40 ათასი ყველაზე დახელოვნებული და მამაცი მებრძოლი, გადალახა ევფრატი და დაედევნა მტრის ჯარს, ხოლო თავისი უფროსი ვაჟი კალული მდინარის მეორე ნაპირზე დატოვა ყველა ქართველით, თათარითა და სხვა მრავალი მებრძოლით აღალის დასაცავად.

აგვისტოს ბოლოს მან მიაღწია რომელიღაც მთიანეთს. მან მწვერვალიდან დაინახა თურქების არმია, რომელიც ველზე მიდიოდა ტრაპიზონის მიმართულებით. [უზუნ ჰასანი] სულ ახლახან მოპოვებული გამარჯვების გამო ფიქრობდა, რომ კვლავაც ადვილად გაიმარჯვებდა და საბრძოლველად მოემზადა. თურქებმა როცა დაინახეს, რომ გზა გადაკეტილი იყო და მიხვდნენ, რომ საჭიროა იარაღით ხელში გაიკაფონ გზა ან უსახელოდ განადგურდნენ და [მტერმა] აჩეხოს. როგორც განწირულ მდგომარეობაში ჩავარდნილთ ემართებათ, იძულებულნი გახდნენ მოეკრიბათ ძალები და დიდი გამბედაობით შემზადებულიყვნენ საბრძოლველად.

სულთანმა უსტრეფო დატოვა ბანაკის დასაცავად, თვითონ კი ავიდა მთის იმ მხარეს, რომელიც სპარსელებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაკავებული. უზუნ ჰასანმა, როცა დაინახა ბანაკიდან თურქების წასვლა, თავისი ვაჟი უნგერმაუმეტი გაგზავნა ათი ათასი ესკადრონით უსტრეფოზე თავდასასხმელად, რათა ხელთ ეგდოთ თურქების მთელი ბანაკი. მან გამოყო აგრეთვე სამი დიდი ცხენოსანთა რაზმი. მარჯვენა ფრთა ჩააბარა ყარამანიის მთავარ პირაჰმედს, მარცხენა თავის ვაჟიშვილს ეძეინელს, თვითონ კი დაიკავა ცენტრი მთელი ქვეითი ჯარით, რომელიც იმ დროს საუკეთესო იყო. ბრძოლა გაგრძელდა 8 საათის განმავლობაში. სპარსელებმა დაუჯერებელი სიმამაცით გაუძლეს იმ უზარმაზარ ჯარს, რომლის ნახვაც კი გაოცებას იწვევდა. სულთნის ვაჟი მუსტაფა რომ არ მოსულიყო ახალი ჯარით, რომელმაც შეუტია ყარამანიის მფლობელის მარჯვენა ფრთას, დიდად საეჭვოა ვისი იქნებოდა გამარჯვება.

ყარამანიის მთავარი შედრკა ახალი თავდასხმისაგანდა უწესრიგოდ წაიყვანა მთელი ჯარი ბრძოლის ველიდან. ამის გამო გადაიტვირთა უზუნ ჰასანის ფრთა და მას, თავისიანების დაბნეულობითა და მტრის შემოტევით შევიწროებულს, უკვე იმის ეშინოდა, რომ მტერი აჩეხავდა. ამიტომ დიდად შეშინებული ჩამოვიდა ულაყიდან და შეჯდა მორბენალ ფაშატზე, რომელიც ყოველთვის თან დაჰყავდა ხოლმე. დაინახა რა, რომ მარჯვენა ფრთიდან აწვებოდნენ და სულ უფრო და უფრო ავიწროებდნენ, მიბრუნდა და გაიქცა. როცა მისმა ვაჟმა ეძეინელმა დაინახა ეს ამბავი, იგი გაბედულად შეიჭრა ქვეითი ჯარის შუაგულში და თავგამოდებით ცდილობდა მტრის შემოტევის შემთხვევაში მთელი ჯარი არ განადგურებულიყო. ამ უმამაცესმა ახალგაზრდამ შეძლო მცირე ხნით შეეჩერებინა მტრის რისხვა, მაგრამ მაინც დაიღუპა მათთან ბრძოლაში. სპარსელები დამარცხდნენ და გაიქცნენ.

უნგერმაუმეტი, რომელიც თურქების ბანაკზე თავდასასხმელად წავიდა, უსტრეფოს მიერ მოწყობილი მტკიცე დაცვა დახვდა, მაგრამ მაინც იმედოვნებდა მის დამარცხებას ხანგრძლივი ბრძოლით. როცა მან დაინახა თავისი მამის მარცხი, ნელ-ნელა დაიხია უკან, რადგან ტყვედ ჩავარდნის საშიშროება ემუქრებოდა. მის უკან დახევამდე თურქები ბრძოლის ველს მთლიანად დაეპატრონენ. იგი მთელი სისწრაფით გაეშურა თავის გადასარჩენად და მივიდა მამასთან, რომელიც თუმცა ბრძოლის ველიდან ათი მილის მოშორებით იყო დაბანაკებული, მაგრამ მაინც მშვიდად ვერ გრძნობდა თავს. [უზუნ ჰასანი] სასწრაფოდ გადავიდა ევფრატზე და ჯარის ნარჩენებით შევიდა თავის ქვეყანაში. ეს ბრძოლა მოხდა 1473 წელს. დაიღუპა 10 ათასი სპარსელი და 14 ათასი თურქი.

ჯარის ხელახლა წესრიგში მოყვანის შემდეგ სულთანი გაეშურა ქალაქ ბაიბრეტისაკენ. აკინჯიები, რომლებიც წინ მიდიოდნენ, თავს დაესხნენ იმ ქალაქს და მოსახლეობის დიდი ნაწილი გაწყვიტეს. ამის სემდეგ იმ მხარის მთელი მოსახლეობა, რომლებიც მზვერავებმა გააფრთხილეს, რომ სულთანი სწრაფი მარშით მოდიოდა, დაიხიზნა მთაში. შეიძლება ითქვას, რომ [სულთანმა] მთელი მრისხანება თავის მტრებს დაატეხა თავს მაშინ, როცა თურქები მივიდნენ მდინარე ევფრატის იმ ფონთან, სადაც მოხდა პირველი ბრძოლა.

[მდინარეზე] პირველად აკინჯიები გადავიდნენ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე და გაეშურნენ ქალაქ ერსეაგანისაკენ. მთელი სოფლები და ქალაქები დაცარიელებული ხვდებოდათ. ოთხი დღის სიარულის შემდეგ მივიდნენ კარასკარში, იმ ციხე-სიმაგრესთან, რომელიც აგებული იყო ერთი მთის წვერზე. თურქები მოემზადნენ მის ასაღებად, მათ მეორე მთაზე აიტანეს არტილერია და თხუთმეტი დღის განმავლობაში ბომბავდნენ მას. ბოლოს, ციხისთავი, სახელად დარაპი, ეძეინელის, უზუნ ჰასანის შვილის მონა, რომელიც იცავდა ციხე-სიმაგრეს, როცა თავისი ბატონის სიკვდილის ამბავი გაიგო, დანებდა მტერს.

[სულთანი] კარასკარიდან წავიდა კოლიასარში. ეს ქალაქიც დანებდა, რადგან არ შესწევდა ძალა წინააღმდეგობა გაეწია ძლიერი მტრისათვის. ამასობაში სულთანს აცნობეს, რომ უზუნ ჰასანი ხელახლა კრებდა ჯარს, რათა თავის ქვეყნიდან გაედევნა მტერი. ამიტომ მან ვერ გაბედა წინ წასვლა, რათა ხიფათში არ ჩაეგდო თავი. იგი სასწრაფოდ დაბრუნდა ჯერ სივასში, შემდეგ ტოკატში, სადაც დახვდა უნგრეთის მეფის ელჩი, რომელსაც იმ მომენტში ფარისევლური სიტყვებით ესაუბრა და უთხრა, რომ ჯერ სურდა დაემთავრებინა ომი სპარსეთთან და შემდეგ დააკმაყოფილებდა [უნგრეთის] მეფის სურვილს და დადებდა მასთან ზავს...

უზუნ ჰასანი, რომელმაც ცოტა ხნის წინათ ბედის სიმუხთლის გამო განიცადა მარცხი, იტანჯებოდა, რადგან, მისი აზრით, დიდი ხნის ომების შედეგად მიღებული მთელი მონაპოვარი წყალში იყო ჩაყრილი, ამიტომ აქ მასთან მყოფი ორი ელჩი, ერთი პოლონელი და მეორე უნგრელი, რათა მათ არ ენახათ და არ გაეზვიადებინათ მისი საბრალო მდგომარეობა, ერთიც და მეორეც უკან გაუშვა. მას დიდი იმედი ჰქონდა ქრისტიანი მთავრებისა, რადგან ხედავდა, რომ მათ იგივე ინტერესები ამოძრავებდათ, რაც მას და ბატონი კატერინო წერილებით გაგზავნა ევროპაში ყველა მეფესთან დახმარების სათხოვნელად. იგი შეახსენებდა მათ დიდი საფრთხის შესახებ და აცნობებდა, რომ თვითონ უკვე აიღო იარაღი ოტომანის წინააღმდეგ. ფაქტიურად იგი აქეზებდა ჩვენს რესპუბლიკას და სხვა ქრისტიანულ სახელმწიფოებსაც.

ამგვარად ყველა ამ ელჩმა, რომლებიც მეფემ გაგზავნა, გაიარეს სამცხეში. ბატონმა კატერინომ დატოვა ის ორი ელჩი და თვითონ განაგრძო გზა. იგი მივიდა სევასტოპოლისში ზღვასთან, საიდანაც კაფაში გადავიდა გენუელი ლუიჯი და პოცოს გემით. როცა მან გაიგო, რომ [კატერინო] უზუნ ჰასანის ელჩი იყო, მისი სულთანთან წაყვანა მოისურვა, რადგან კაფა მას ემორჩილებოდა და ხარკს უხდიდა. ამიტომ მან ბრძანება გაგზავნა, რომლითაც ცხადდებოდა სასტიკი სასჯელი იმათ მიმართ, ვინც მიიღებდა, შეიფარებდა ან სხვა რაიმე დახმარებას გაუწევდა მას. მაგრამ ჩვენი რესპუბლიკის უკეთილშობილესი მოქალაქე ანდრეა სკარამელი არ შეუშინდა სასჯელს, რომელიც მას მოელოდა, და ჩვენი სახელმწიფოს პატივისცემის გამო ღამე საიდუმლოდ მივიდა ნავით გემთან, [კატერინო] უვნებლად წამოიყვანა ქალაქში და თავის სახლში დამალა.

ბატონი კატერინო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა უფულობის გამო, მაგრამ მისმა მსახურმა, სახელად მარტინმა, დდარწმუნა იგი გაეყიდა ის აუქციონით და აღებული ფული გამოეყენებინა. ბატონი კატერინო აღფრთოვანდა მარტინის ასეთი თავდადებითა და ერთგულებით, მაგრამ ვერ გადადგა ეს ნაბიჯი. თუმცა, როდესაც ბატონი კატერინი გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა, იძულებული გახდა გაეყიდა მარტინი ისე, როგორც მან შესთავაზა, აუქციონით და აღებული ფული გამოიყენა. ეს იყო იშვიათი მაგალითი ერთგული მსახურისა, რომელიც შეიძლება შეედაროს ანტიკური პერიოდის თავდადებულ მსახურებს, რომლების საკუთარ სიცოცხლესაც კი სწირავდნენ თავიანთი პატრონებისათვის. უყურადღებოდ არც ჩვენმა რესპუბლიკამ დატოვა ის მოქალაქე სახელმწიფოსადმი ასეთი ერთგული სამსახურის გაწევისათვის, მას დაენიშნა პენსია, რომელზეც ის ცხოვრობდა შემდეგში. ეს პენსია მისცეს მას იმიტომ, რომსხვებისათვის ეჩვენებინათ,თუ როგორ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამშობლოსადმი სამსახურს.

კაფადან ბატონმა კატერინომ გაგზავნა წერილები [ვენეციის] უბრწყინვალეს სინიორიაში, რომლებშიც მოთხრობილია მომხდარი ორი ბრძოლის შესახებ და იმაზეც, თუ როგორ გაგზავნა იგი უზუნ ჰასანმა საიდუმლო წერილებით ევროპის ყველა მეფეებთან, რათა აემხედრებინა ისინი საერთო მტრის წინააღმდეგ საომრად. თვითონ კი განზრახული ჰქონდა ადრეულ გაზაფხულზე დაეწყო ახალი ომი მთელი თავისი ძალებით.

პოლონეთში ყოფნისას ბატონი კატერინო შეხვდა ბატონ პაოლო ონიბენეს, რომელიც ჩვენი უბრწყინვალესი (ვენეციის) სინიორიის ელჩად მიდიოდა უზუნ ჰასანთან. მას გადასცა მეფისათვის განკუთვნილი წერილები, რომლებიც აღსავსე იყო დაპირებებითა და უაღრესად თბილი სიტყვებით, რომ გაეგრძელებინა დაწყებული ომი. მას სულთნის წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველგვარ დახმარებას აღმოუჩენდნენ ქრისტიანი მეფე-მთავრები. მან ასეთივე წერილები მისწერა გორგორას მეფეს და სამეგრელოს მეფე მელიკოს. იგი დაემშვიდობა ონიბენეს და გაემგზავრა უნგრეთისაკენ, სადაც დიდი ზეიმით მიიღო მატიაშ კორვინუსმა, რომელიც ყველაზე სახელმოხვეჭილი ხელმწიფე იყო, როგორც ცოდნით, ისე ბრძოლით არა მარტო უნგრეთში, არამედ ყველა ქრისტიანულ სახელმწიფოში. კატერინომ მჭევრმეტყველურად მოახსენა მას თავისი მისიის შესახებ, რომ მეფე, რომელიც ისედაც აგრესიულად იყო განწყობილი თურქების მიმართ, დაჰპირდა რომ იგი არ დააღალატებდა უზუნ ჰასანს, რომელმაც დაიმსახურა ქრისტიანული სახელმწიფოებისაგან დახმარება.

შემდეგ მას საუბარი ჰქონდა ბატონ კატერინოსთან და სცნო რა მისი სიმამაცე და კეთილშობილება, აღიარა იგი რაინდად და 1474 წლის 20 აპრილს დასაჩუქრების განსაკუთრებული დიდი ზეიმი მოუწყო ბუდაში, სადაც აღნიშნული იქნა მისი სიმამაცე და დამსახურება ამ საქმეში და მისი სახიფათო თავგადასავალი. ბატონი კატერინო გაემგზავრა უნგრეთიდან და მივიდა ვენეციაში, სადაც იგი დიდი სიხარულით მიიღო მთელმა ნობილისტეტმა და მეხსიერებას არ შეეძლო გახსენება სხვა რომელიმე ვენეციელისა, რომელსაც მოეხდინა უფრო შორეული მოგზაურობა, ან უფრო ღირსეული სამსახური გაეწიოს სამშობლოსათვის.

იგი დიდი სიხარულით მიიღო მთელმა ნობილიტეტმა და ხალხმა. განსაკუთრებით მისიანებს მოევლინა იგი, ვითარცა ღმერთი ციდან. შემდეგ, ძალიან დამშვიდებით მოისმინეს სენატში უზუნ ჰასანის იმ დავალებებისა და კეთილგანწყობის შესახებ, რაც მას გააჩნდა ჩვენი რესპუბლიკის მიმართ. პაპთან და ნეაპოლის მეფესთან [გასაგზავნად] აარჩიეს ოთხი ელჩი, იმ მიზნით, რათა ისინი [შესაფერისი] პატივით მიეღოთ, გააყოლეს ბატონი კატერინო, როგორც სპარსეთის ელჩი. სენატმა ისინი გააგზავნა 1474 წლის 22 აგვისტოს. ამ ელჩობამ ვერ მიაღწია რაიმე წარმატებას, რადგან მაშინ დიდი უთანხმოება იყო ჩამოვარდნილი ჩვენს მთავრებს შორის.

...ვიდრე ეს ელჩობა გაემგზავრებოდა, მანამდე, ყარამანიის ზღვაში კვიპროსზე მყოფ ბარბაროს მისწერეს, რომ თავისი მისიის წარმატებით დასასრულებლად წასულიყო უზუნ ჰასანთან. ამიტომ აირჩია იგი სენატმა 1471 წლის 5 მაისს. ის გაემგზავრა წერილის მიღებისთანავე, რომელიცგაუგზავნეს მაისის ბოლოს. იგი სამშობლოსადმი სამსახურად სიცოცხლის დაუზოგავად გაეშურა თავისი მოგზაურობის დანიშნულების ადგილისაკენ. ამგვარად 1474 წელს, როგორც მის მოგზაურობაშია მოთხრობილი, სხვადასხვა მოულოდნელი ხიფათის შემდეგ, მივიდა უზუნ ჰასანთან თავრიზში, სადაც მისმა უდიდებულესობამ მიიღო თბილად და საუკეთესოდ.

იგივე ბატონი ჯოსაფატი წერს, რომ [უზუნ ჰასანი] იხილა მაშინ, როცა იმყოფებოდა ძველებურად თავისი ბრწყინვალებითა და სახელით. ის იმ დღეებში უდიდესი ზეიმით იღებდა ინდოეთის ელჩებს, რომლებსაც ქვეშევრდომობის ნიშნად ყოველ წელიწადს მოჰქონდათ მცირეოდენი საჩუქრები. მაგრამ ომი, რომელიც დაიწყო უზუნ ჰასანსა და უნგერმაუმეტს, მის მამაც ვაჟს შორის, გახდა მისი მთელი დიდების შელახვისა და სულიერად დაცემის მიზეზი...

წიგნი II

[edit]

უზუნ ჰასანმა უნგერმაუმეტის სიკვდილის შემდეგ ცოტა ხანი იცოცხლა, გარდაიცვალა 1478 წლის ნათლისღების ღამეს. მან დატოვა ოთხი ვაჟი, რომელთაგან სამი ერთი დედისანი იყვნენ, ერთი კი დესპინა ხათუნისა, ტრპიზონის იმპერატორის ქალისა. უზუნ ჰასანისა და დესპინას ვაჟი სხვა სამმა ძმამ მოკლა მამის გარდაცვალების ღამეს, გამეფების სურვილის გამო. შემდეგ ამ სამ ძმას შორის წარმოიშვა დიდი ქიშპობა და მტრობა. ისე, რომ მეორემ, რომელსაც ერქვა ჯაკუპო კოძეინელი, მოკლა უფროსი ძმა და მარტო თვითონ გამეფდა.

ვიდრე ეს ამბები მოხდებოდა, დესპინა ქმარს გაშორდა და ცხოვრობდა რიარბერას საზღვარზე ქალაქ კავალიერაში, სადაც გარდაიცვალა და დაკრძალეს ამავე ქალაქის წმ. გიორგის ეკლესიაში. იქ დღემდე არის წესიერად შენახული მისი საფლავი. უზუნ ჰასანს მასთან ჰყავდა სამი ქალიშვილი. უფროსი, რომელსაც ერქვა მართა, გათხოვილი იყო სეკიადარზე, არდებილის სინიორზე. [ის] ქალაქი მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთით, თავრიზიდან სამი დღის სავალზე. მისი მბრძანებელი მეთაურობდა შავი კაკარების სექტას, რომელიც ითვლება სეფის სექტად და ძლიერია ხალხის მხარდაჭერისა და ახალი მოძღვრების წყალობით. მთელი სპარსეთი გაყოფილი იყო ორ სექტად. ერთ-ერთი მათგანი იწოდება თეთრ კაკარებად, მეორე - შავ კაკარებად. ისინი ისე არიან როგორც იტალიაში იყვნენ გველფები და გიბელინები, თეთრები და შავები.

სხვა ორი ქალიშვილი ცხოვრობდა დედასთან ფუფუნებაში. მისი გარდაცვალების შემდეგ კავალიერაში იმყოფებოდნენ. მაგრამ, როცა გაიგეს მამის გარდაცვალებისა და [ნახევარ] ძმების მიერ მათი ძმის შეუბრალებელი მოკვლის შესახებ, აიღეს ყველაფერი, რაც ხელში მოხვდათ, შეკრიბეს ძვირფასი ქვები და სხვა უძვირფასესი ნივთები და გაიქცნენ ალეპოში, იქიდან კი დამასკოში. ერთი მათგანი იმ ქალაქში ცხოვრობდა 1512 წლამდე. ის ინახულა ბატონმა კატერინომ, ბატონ პიეტროს ვაჟმა, სპარსეთში ელჩად ნამყოფი კატერინო ძენოს შვილიშვილმა. იგი ახალგაზრდობიდან ვაჭრობდა დამასკოში და როცა გაიცნო, ნათესაურად მოეფერა ყოველგვარი სიყვარულის დასამტკიცებლად. მას სპარსეთში დაბრუნება სურდა, რადგან გაგებული ჰქონდა თავისი დისწულის ისმაილის წარმატებითი საქმიანობის შესახებ, რის შედეგად იგი სპარსეთის მეფე გახდა.

მან [ისმაილმა] გაიგო, რომ ადვილი იყო ქალაქ შამახიას დაუფლება, რადგან იმ ქვეყანაში ომის დაწყების არავითარი მოლოდინი არ ჰქონდათ და მცირერიცხოვანი ჯარი იცავდა მას. ის სწრაფად გაეშურა იმ მხარეს. ამ ამბის გაგებისთანავე იქაური მეფე სერმენდოლე, ხედავდა რა თავის უძლურებას ისმაილის წინაშე, გაიქცა და შეეხიზნა კულისანის უძლიერეს ციხეს, რომელიც იმავე შამახას ქვეყანაში მდებარეობს. რადგან ისმაილს ქალაქი [შამახა] დამცველთა გარეშე დახვდა, უბრძოლველად აიღო, შამახელები ამოწყვიტა და იქაური განძით გამდიდრდა. მან თავისი გულუხვობით დაანაწილა ნადავლი და შემდეგ თავის ჯარისკაცებს დაურიგა, რომლებიც ძლიერ გამდიდრდნენ.

ამ მეორე ლაშქრობის ბედნიერად დასრულებამ უაღრესად გაზარდა მისი ავტორიტეტი. მეზობელ ქვეყნებთან მეტოქეობის გამო სულ უფრო და უფრო ზრდიდა ჯარის რაოდენობას. ალამური ძალიან შიშობდა, რომ თავისი მამის დღე არ დადგომოდა. მან თავის კარზე მოუხმო სპარსეთის ყველა დიდ ბატონს, შეაგროვა ჯარი და დაიძრა ისმაილის წინააღმდეგ. ისმაილი ხედავდა სამხედრო მოქმედების საწარმოებლად თავისი ძალების სისუსტეს და ალამურის წინააღმდეგ დახმარება სთხოვა იმ ქვეყნის მეზობელ ზოგიერთ ქართველ ქრისტიან მბრძანებელს. ესენი იყვნენ ალექსანდრე ბეკი, გორგორაბეკი და მირაბეტი. მათ ძველი მტრობა ჰქონდათ ალამურთან და სურდათ მისი ძლიერების დამხობა, ისარგებლეს ისმაილის მიერ მიცემული შემთხვევით და გადაწყვიტეს დახმარებოდნენ მას ალამურის წინააღმდეგ. ამიტომ თითოეულმა მათგანმა გაუგზავნა მას სამი ათასი მხედრისგან შემდგარი რაზმი. ასე რომ ერთად ცხრა ათასი იყვნენ. [ისინი] ძალიან კარგი მებრძოლნი არიან. ქართველები ისინი არიან, ვინც უძველესი დროიდან იბერებად იწოდებიან და იქიდანვე ქრისტიანები არიან, ისევე, როგორც ამჟამად, გამუდმებით ებრძვიან თურქებს ტრაპიზონის საზღვარზე.

ისინი მდიდრულად და მხიარულად მიიღო ისმაილმა, რომელსაც მათი დახმარებით ლაშქრობისათვის ჰყავდა შესანიშნავი ჯარი თექვსმეტი ათასი კაცის შემადგენლობით. ამიტომ გაეშურა იგი ალამურის წინააღმდეგ საბრძოლო განწყობილებით, რადგანაც მას ჰქონდა მისგან ასეთი საბაბი. ასე შეხვდნენ ერთმანეთს ორივენი თავრიზსა და შამახას შორის მდებარე ერთ დიდ მდინარესთან, სადაც ალამურმა, რომელსაც ჰყავდა ოცდაათი ათასი მხედარი და ქვეითი, სიფრთხილის გამო დაიკავა მხოლოდ ის ორი ხიდი, რომლითაც ისმაილს შეეძლო იმ ველზე გადასხლა, სადაც [ალამური] იყო დაბანაკებული.იმ მოსაზრებით გააკეთა ეს, რომ მტრისათვის გზა გადაეკეტა.

ალამურმა მრავალჯერ განაცხადა ქედმაღლურად, რომ ბედი სწყალობს, [ამიტომ] აღარც კი შეუმოწმებია ყველაფრის შედეგი და თავისი სურვილის წინააღმდეგ ჩაება ბრძოლაში. ისმაილს კი, რომელსაც ეშინოდა, რომ დაყოვნებით რეპუტაციას დაკარგავდა, მით უმეტეს, როცა ხედავდა, რომ ხიდების დაკავების შემდეგ ალამური თავის ბანაკში თავდასხმის შიშის გარეშე იმყოფებოდა და არ ემზადებოდა ხელჩართული ბრძოლისათვის, მან [ალამურისათვის] მოულოდნელად, ღამით, მონახა მდინარის ფონი, შეუმჩნევლად გადავიდა და დიდი ცხენოსანი ჯარით თავს დაესხა მტრის ჯარს, მოაწყო ადამიანების საშინელი ჟლეტა, რადგან ალამურ მეფის ჯარს დროც კი არ ეყო ხელში იარაღის ასაღებად. შეიარაღებულმა და გაცოფებულმა ჯარისკაცებმა ნაკუწ-ნაკუწ აჩეხეს ყველანი.

[ისმაილმა] ზოგიერთ ყველაზე გაბედულს თავი მოჰკვეთა. სეფიანებისაგან განუწყვეტელი დარტყმების შედეგად ასეთივე ბედი გაიზიარეს სხვებმაც. ადამიანებს არ ახსოვთ, რომ მომხდარიყოს ამაზე საშინელი ღამის ბრძოლა. მიუხედავად ღამის უკუნეთისა, ველი იარაღით გაბრწყინებული ჩანდა. ისმოდა ხმაური და ყვირილი, დამარცხებული ჯარი აირია და განადგურებული გარბოდა მტრისაგან დევნილი. დამარცხებული ალამური მცირერიცხოვან გადარჩენილებთან ერთადდაბრუნდა ამირში და მტკიცედ გამაგრდა იმ ქალაქში. ისმაილმა თავის ღირსებისათვის ხმლით ააჩეხინა ის დიდი ჯარი, შეაგროვებინა ერთად მთელი ნადავლი და ისე გაუნაწილა თავისიანებს, რომ თვითონ არაფერი დაიტოვა. მეორე დღეს წავიდა თავრიზისაკენ, რადგანაც იქ დაცვა არ იყო, დაიკავა, გაძარცვა, აჩეხა მოწინააღმდეგე სექტის ყველა წარმომადგენელი. თავისი მამის შურის საძიებლად ის სარდლები და ბატონები, რომლებიც, როგორც ითქვა, სეკეადარის წინააღმდეგ იყვნენ დარუბანდის ბრძოლაში და ხელი შეუწყვეს მის სიკვდილს, საფლავიდან ამოაღებინა მათი გვამები და მოედანზე დაწვეს...

თავრიზის დაპყრობითა და მეფის დამარცხებით შეშინებულმა ხალხმა და მეზობელმა დიდებულებმა მორჩილება გამოუცხადეს მას, გარდა ალანჯაყალასი, ციხისა, რომელიც მდებარეობს თავრიზის ზემოთ, სხვანაირად ჩრდილოეთით ორი დღის სავალზე, რომელსაც გარს აკრავს ათიოდე სახლ-კარი და დასახლებულია კათოლიკე ქრისტიანებით. მაგრამ შემდეგ ბოლოს და ბოლოს, ალამურისადმი ოთხი წლის ერთგულების შემდეგ, როცა მისი სიკვდილი გაიგეს, იქ არსებული უდიდესი განძით ჩაბარდა ისმაილს. ამ ციხის დაპყრობის შემდეგ ისმაილმა თავის თავი გამოაცხადა სპარსეთის იმპერატორად და დაირქვა ახალი სახელი - სოფი.

მაგრამ მურად ხანმა, ალამურის ვაჟმა, თურქების მცირეოდენი დახმარებით შეკრიბა ოცდაათიათასიანი ლაშქარი და წამოვიდა იმ სამეფოს დასაპყრობად, რომელიც კანონით მას ეკუთვნოდა. მას სურდა აღედგინა მამისეული სახელმწიფო და იმავე დროს შური ეძია მამის უბედურებისათვის სეფიანთა სექტის წინააღმდეგ. როცა ეს გაიგო ისმაილმა, სასწრაფოდ შეკრიბა ლაშქარი და წამოვიდა მურად ხანის წინააღმდეგ. ეს ორი ახალგაზრდა ერთმანეთს შეეტაკა თავრიზის ველზე. ორივემ ბევრი რამ გააკეთა იარაღით ხელში მტრის დასაძლევად, მაგრამ [ისმაილმა] გაგზავნა მამაცი და გამოცდილი სეფიანი ჯარისკაცები. გამარჯვებისათვის გამოიყენა მხედართმთავრისათვის ყველა ხელსაყრელი საშუალება და დიდი მარცხი მიაყენა მურად ხანის ჯარს. თვით საბრალო ყმაწვილი ვერ ხედავდა სხვა საშუალებას გარდა იმისა, რომ თავისი მცირერიცხოვანი ჯარისკაცებით გაქცეულიყო დიარბექირში, რათა თავიდან აეცილებინა სრული განადგურება. ეს ამბები მოხდა 1499 წელს...

ცოტა ხნის შემდეგ დაიწყო პირველობისათვის ომი ზემოხსენებულ თათარ ლასილბასთან. ლასოლბასი წამოვიდა დიდი ჯარით სეფიანების წინააღმდეგ. მაგრამ მათ შეუტიეს მრისხანედ, გატეხეს მტრის ძალა და განადგურებულნი და განდევნილნი დაბრუნდნენ სამარყანდში. ეს გამარჯვება ყველაზე ბრწყინვალე იყო, რაც კი ოდესმე მოუპოვებია ისმაილს, რადგან დაამარცხა მთელს ლევანტში სახელგანთქმული მეომრები. ამიტომ თურქეთისა და ეგვიპტის სულთნები უაღრესად შეშინდნენ ისმაილის გაძლიერების გამო, ერთმანეთში მოითათბირეს, რომ, თუ თათარი საბოლოოდ დამარცხდებოდა, მაშინ ისმაილს გაეხსნებოდა გზა მთელი აზიისა და ეგვიპტის დასაპყრობად, რადგანაც ლევანტში თათარ ლასილბასზე უფრო ძლიერი მბრძანებელი სხვა არავინ იყო, ამიტომ სულთან სელიმი, როცა გაიგო, რომ ისმაილი დაკავებული იყო თათართა მბრძანებლის სატახტო ქალაქის - სამარყანდისათვის ბრძოლით, სათავეში ჩაუდგა თურქების უზარმაზარ ჯარს და 1514 წელს წავიდა სპარსეთის წინააღმდეგ.

მან გადალახა მდინარე სივასი, რომელიც კონსტანტინოპოლიდან 700, ხოლო თავრიზიდან 745 მილით არის დაშორებული. შეიძლება ითქვას, რომ იგი [მანძილის] მცირეოდენი განსხვავებით მდებარეობს ორ ხსენებულ ქალაქს შორის. მან სწრაფად გადალახა მდინარე ლაი და შევიდა არსენგას მხარეში. თავრიზში მყოფმა ისმაილმა სასწრაფოდ შეკრიბა ხალხი, რომელთაგან შექმნა საკმაოდ კარგი ჯარი და სათავეში ჩაუყენა თავისი ორი გამოცდილი სარდალი: ერთს ერქვა სტაკალუ ამირბეი, მეორეს აურპენ სამპერ. ისინი გააგზავნა სელიმის დასახვედრად, რათა შეტაკებებით შეეჩერებინათ მისი შემოტევა მანამდე, ვიდრე შეკრებდა დიდ ჯარს და ბრძოლის ველზე შეხვდებოდა მტერს.

ეს ჯარი შედგებოდა ორმოცდაათი ათასი ცხენოსნისაგან. ყველა კარგი მებრძოლი იყო, შეიძლება ითქვას, სპარსელთა საუკეთესო ჯარს წარმოადგენდა. წინ წასულმა ორმა სარდალმა ამარბეიმ და სამპერმა გაიგეს, რომ სელიმმა გადალახა ევფრატი და სწრაფად მიდიოდა ხოისაკენ, სადაც იმყოფებოდა თავრიზიდან ახლახან მისული ისმაილი. ამ უკანასკნელმა შეიტყო იმ დიდი სამზადისის შესახებ, რა სელიმმა ჩაატარა ომის საწარმოებლად. ამიტომ თავისი ჯარის გაძლიერების მიზნით ხელახლა დაბრუნდა თავრიზში ახალი ძალების შესაკრებად, რათა ამის შემდეგღა შებმოდა მტერს.

ხოი ის ქალაქია, რომელიც, როგორც ამბობენ, აშენდა ანტიკური ქალაქის არტაშატის ნანგრევებზე. იგი მდებარეობს თავრიზის მახლობლად სამი დღის სავალზე. ისმაილს ეგონა, რომ სიახლივის გამო სწრაფად შეძლებდა საომრად მოსვლას. მან მკაცრი ბრძანება გაუგზავნახსენებულ თავის სარდლებს, რომ მათ დაეცადათ, ვიდრე ის ახალი ჯარით მივიდოდა და შემდეგ ერთობლივად გაედევნათ მტერი. მაგრამ ისმაილის გამგზავრებიდან ცოტა ხნის შემდეგ, 24 აგვისტოს, იმავე ველზე, რომელსაც ჩალდირანი ჰქვია, სადაც სპარსელები იყვნენ დაბანაკებულნი, მოულოდნელად გამოჩნდა სამხედრო მწყობრით თურქების ჯარი.

სპარსელები ხედავდნენ რომ მტერი ძალიან გაბედულად და გამომწვევად მოდიოდა საბრძოლველად და არ შეეძლოთ თავს არ დასხმოდნენ მტერს, რადგან ყველა წარსულ ბრძოლებში გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული [თავიანთი] უდიდესი მეფის მეთაურობით, რომლის მსგავსი არასოდეს არ ყოფილა ლევანტში. [ბრძოლის] წინა ღამეს თავრიზიდან მოვიდა მხედართა რამდენიმე რაზმი, ასე რომ მთლიანად შეიკრიბა ოცდაოთხი ათასი მებრძოლი. ისინი გაიყვნენ ორ დიდ ცხენოსან ჯარად. ერთს წინამძღოლობდა სტაკალუ ამარბეი, მეორეს კი - აურპერ სომპერი.

როცა ბრძოლის დაწყების ნიშანი მისცეს, ისინი გაბედულად ეკვეთნენ მტერს. პირველი იყო ამარბეი, რომელმაც ისე მრისხანედ დაარტყა ანატოლიელების რაზმს, რომ მთლიანად გაანადგურა და მოსპო. სპარსელებმა ისეთი ჟლეტა დაუწყეს თურქებს, რომ გამარჯვება მათ დარჩებოდათ იმ ფრთაზე, თუ სინან ფაშას ბრძოლის იმ მხარისათვის, რომელიც სულ მთლად მოიშალა, დასახმარებლად არ მოეყვანა ყარამანიელთა რაზმი. მან უკუაგდო სპსრსელთა ცხენოსნები და თავი მოაკვეთინა მათთვის, რომლებიც გაქცევას აპირებდნენ...

ამის შემდეგ სელიმმა აშალა ბანაკი და მივიდა ხოიში, სადაც მთელ ჯართან ერთად დაისვენა რამდენიმე დღე. იქიდან გაგზავნილი მრავალი წერილით აცნობა სხვადასხვა ადგილებში, რომ ჩალდირანის ველზე გამართულ ბრძოლაში დაამარცხა პირადად ისმაილი. მაგრამ ეს იყო ტყუილი, რადგან არც ისმაილი იყო იქ პირადად და არც მისი ძველი ჯარისკაცები, რომლებსაც ალყა ჰქონდათ შემორტყმული სამარყანდისთვის.

როცა ისმაილმა გაიგო თავისი ჯარის დამარცხების შესახებ, მან გაგზავნა თავის ცოლთან ბრძოლის ველზე გადარჩენილი ის ჯარი, რომელმაც თავრიზს შეაფარა თავი, თან წაიღეს ქალაქის სიმდიდრე და წავიდნენ კაზერუნში, რომელიც თავრიზის აღმოსავლეთით შვიდი დღის სავალზე მდებარეობს. იქ ისმაილმა შეკრიბა ახალი ჯარი, რათა კვლავ ეცადა ბედი ბრძოლის ველზე. მისი გამგზავრებიდან ცოტა ხნის შემდეგ სულთანი წამოვიდა ხოიდან და მივიდა თავრიზში, სადაც ზრდილობიანად და თავაზიანად მიიღეს მოქალაქეებმა, რადგან არ უნდოდათ ხიფათში ჩაეგდოთ სიცოცხლე და არ გააჩნდათ რაიმე შესაძლებლობა მტრისათვის დაეპირისპირებინათ მამაცი ადამიანები, რომლებიც იარაღს აიღებდნენ ხელში სპარსეთის დასაცავად.

სულთანი იქ მხოლოდ სამი დღე დარჩა. მან დაინახა, რომ ახლიმდებარე მხარეების ხალხი და დიდებულნი არ მოდიოდნენ მასთან მორჩილების გამოსახატავად და იეჭვა, რომ ისმაილი სინამდვილეშიუფრო ძლიერი იყო, ვიდრე [სულთანს] ეგონა. რადგან სპარსეთის თითქმის ყველა დიდებული ჰქმნიდა რაზმებს სპარსეთის გადასარჩენად, ამიტომ მან წამოიყვანა სხვადასხვა ხელობის შესანიშნავი ოსტატები და ხუთი ათასი საპალნე სიმდიდრე წამოიღო. არავითარი ზიანი არ მიუყენებია ქალაქისათვის, ისე გაეშურა ევფრატისაკენ. მაგრამ მგზავრობისას [სულთანი] გააწამეს ქართველებმა, რომლებიც მარდი ცხენოსანი რაზმებით ძარცვავდნენ ჯარის აღალს და ნაკუწ-ნაკუწად აქცევდნენ ყველას, ვინც შეეცდებოდა რიგების მიტოვებას მცირე მანძილითაც კი. მათი თავდასხმები იმდენად ხშირი იყო, რომ ორმოცი-ორმოცდაათი მილით ჯარის წინ რბევას მიჩვეული აკინჯიები ვერ ახერხებდნენ ჯარიდან მცირე მანძილით დაშორებას, რადგან ის მრისხანე ყაჩაღი მტერი ყველგან მრავლად ხოცავდა მათ, არა მხოლოდ ხმლით ხოცავდა, არამედ შიმშილითაც. მიუხედავად იმისა, რომ [აკინჯიები] ზრუნავდნენ ჯარის სურსათით მომარაგებაზე, დიდი წვალების მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებდნენ ამას. ამიტომ ისინი თანახმა იყვნენ თავი გადაერჩინათ ერთი საზიზღარი სიკვდილისაგან და დაღუპულიყვნენ უფრო უარესით.

ამასობაში ისმაილმა უაღრესად გაზარდა თავისი ჯარი. რათა დროულად დასწეოდა მტერს, [ისმაილი] წამოვიდა თავრიზისაკენ, მაგრამ შეიტყო, რომ სულთანი უკვე წასულიყო და დიდი სისწრაფით მიდიოდა წინ, რათა [ისმაილი] არ დასწეოდა მას. [სულთანი] ვარაუდობდა, რომ დამარცხება შეცვლიდა ამ ომის ბედს.

ამგვარად [ისმაილმა]ვმისწერა წერილები და ელჩებიც გაუგზავნა [ეგვიპტის] სულთანს, ალადულის და სამცხის ათაბაგს. [ისმაილი] განუმარტავდა მათ იმ დიდი საშიშროების შესახებ, რომელიც ემუქრებოდათ, თუ [ისმაილთან] ერთად არ აიღებდნენ ხელში იარაღს სელიმის წინააღმდეგ, რადგან თუ იგი დაასუსტებდა სპარსეთს, მაშინ მათი სახელმწიფოებიც მტრის ნადავლი გახდებოდა. რადგან ეს მბრძანებლები შეპყრობილი იყვნენ სელიმის მიერ სეფიანებზე მოპოვებული გამარჯვების შიშით, ამიტომ სიამოვნებით მოუსმინეს ელჩებს. შეიკრა კავშირი, რომელშიც შევიდნენ ისმაილი, სამცხის ათაბაგი, [ეგვიპტის] სულთანი და ალადულის მბრძანებელი. ისინი შეთანხმდნენ, რომ, როცა საჭირო იქნებოდა, დახმარებოდნენ ერთმანეთს სულთნის წინააღმდეგ, იმ გარკვეული პირობით, რომ ისინი არ მიიღებდნენ სულთნის რომელიმე ელჩს.

მაგრამ ეს პირობა არ დაიცვა [ეგვიპტის] სულთანმა. [ხელშეკრულების დადებიდან] ცოტა ხნის შემდეგ, როცა სულთანმა ელჩი გაუგზავნა მას, მან მიიღო [ელჩი] და კოალიციის საწინააღმდეგო კაპიტულაციის მოთხოვნაზე მოუსმინა. ამის გამო შემდეგში თვითონაც დაიღუპა და მამლუქების სიძლიერეც დასცა. შემდეგში, როცა სელიმი შეიჭრა სირიაში [ეგვიპტის] სულთნის წინააღმდეგ საომრად, ისმაილმა არ მოისურვა დახმარებოდა მას იმის შიშით, რომ თვითონაც არ ყოფილიყო [ომში] ჩათრეული.

ახლა, როცა კავშირი შეიქმნა, როგორც ითქვა, ისმაილმა, რომელიც თავს არიდებდა თურქების წინააღმდეგ ომს, თავისი ელჩები გაუგზავნა სელინს, რომელიც იმყოფებოდა ამასიაში. [ელჩებმა] მიართვეს მმქროული კვერთხი, უნაგირი და უმდიდრესად შემკული ხმალი წერილთან ერთად, რომელშიც ნათქვამი იყო: ისმაილი, სპარსეთის დიდი მბრძანებელი გიგზავნის შენს უდიდებულესობას, სელიმ, ამ თანაბარი [ღირებულების] საჩუქრებს, რომლებიც იმდენს ფასობს, რამდენსაც შენი სამეფო. შენ თუ მამაცი ადამიანი ხარ, კარგად შეინახე ისინი, რადგან მოვალ მათს წასართმევად და წაგართმევ შენს თავთან და სამეფოსთან ერთად, რომელსაც უსამართლოდ ფლობ. დაუშვებელია, რომ მდაბიო წარმოშობისა მბრძანებლობდეს მრავალ პროვინციაზე.

ამ წერილმა ისე აღაშფოთა სელიმის მრისხანე სული, რომ სურდა დაეხოცა ელჩები, მაგრამ მისმა ფაშებმა შეაკავეს. დიდი სიბრაზის გამო, მაინც ვერ მოითმინა, რომ არ მოეკვეთინებინა მათთვის ყურები და ცხვირები და ასე გაუგზავნა ისინი ისმაილს წერილთან ერთად, რომელშიც ნათქვამი იყო: "სელიმი, თურქებიდ დიდი მბრძანებელი, არ აქცევს რა ყურადღებას მის, ძაღლის, ყეფას, უპასუხებს, რომ თუ შენ გაბედავ ჩემ წინააღმდეგ წამოსვლას, შენც იგივე დაგემართება, რაც ჩემმა პაპამ დამართა შენს პაპას - უზუნ ჰასანს".


  1. მეჰმედ II დამპყრობელი (1444, 1451-1481). 1453 წ. აიღო კონსტანტინოპოლი და ფაქტიურად მოსპო ბიზანტიის იმპერია. 1459 წელს ბოლო მოუღო სერბიის დამოუკიდებლობას, 1461 წ. დაიპყრო ტრაპიზონის იმპერია და ა.შ.
  2. უზუნ ჰასანი. აყ-ყოინლუს თურქმანთა სახელმწიფოს მეთაური (1454-1478). დაწვრილებითი ცნობები იხ. Enziklopaedie des Islam, BD. IV. Leiden-Leipzig, 1934.
  3. ჯანსა. ეს უნდა იყოს ჯეჰანშაჰ ყარა-ყოინლუ.
  4. უნგერმაუმეტი - უიღურლუ მოჰამედი. მის შესახებ იხ. რ.კიკნაძე, ფადლალაჰ იბნ რუზბეჰანის "თარიხე ალამ-არაიე ამინი", "კავკასიურ-აღმოსავლური კრებული". II, თბ. 1952, გვ. 282.
  5. თართარია - დიდი თართარია. XV ს. მოგზაურები (მათ შორის კლავიხო და შილტბერგერიც) ასე უწოდებდნენ ოქროს ურდოს, ყივჩაღეთს. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინში (Tartaria Magna) ევროპელებს გვიან შუა საუკუნეებში ესმოდათ იუანის იმპერია, რომელშიც შედიოდა მონღოლეთი და ჩინეთის დიდი ნაწილი. მართალია იუანის იმპერია XV ს-ში მოისპო, მაგრამ ტერმინმა (Tartaria Magna) დიდხანს იარსება. (После Марко Поло. Путешествия Западных чужеземцев в страны трех Индии. Перевод с латинского и староитальянских языков, введение и примечания Я. М. Света, М., 1968, с.217).
  6. გორგორა. კატერინო ძენო (ისევე, როგორც სხვა ევროპელი ავტორები გულისხმობს სამცხის ათაბაგს ყვარყვარე II-ს (1451-1498). ევროპაში გაგზავნილ წერილებში და იტალიურ დოკუმენტურ თუ ნარატიულ წყაროებში ყვარყვარე II ყოველთვის გურგურას, გორგორას სახელით იხსენიება. იხ. მაგ., მ. თამარაშვილი; ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფ., 1902, გვ. 57-60, 595-597.
    მაგრამ ამჯერად, როგორც ჩანს, პიროვნება კი არ იგულისხმება, არამედ ქვეყანა. ჩვენი აზრით, კატერინო ძენი კი არ უნდა სცოდავდეს, არამედ "კომენტარების" შემდგენელი ნიკოლო ძენო. ამ უნებურმა შეცდომამ სათავე დაუდო შემდეგში იტალიელების მიერ სამცხე-საათაბაგოს "გორგორათი" აღნიშვნას. უფრო მეტიც, ყვარყვარეს მემკვიდრეებსაც გორგორას ეძახდნენ ხოლმე (იხ. ე. მამისთვალიშვილი, იტალიელ მოგზაურთა ცნობები XVI საუკუნის დასაწყისის ირან-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, "ევროპის ქვეყნების ისტორიის პრობლემები", I, თბ., 1975, გვ.150).
  7. ყარამანია - თურქმანული სახელმწიფო მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში XIII-XIV სს-ში მასში შედიოდა მიწები კონიის სამხრეთით ხმელთაშუა ზღვამდე. მისი მთავარი ქალაქი იყო ლარენდე (G. Le Strange, The lands of the Eastern caliphate, Cambridge, 1930, p.148)
  8. მცირე სომხეთი. სომხური მიწების დიდ და მცირე სომხეთად დაყოფა ანტიკური დროიდან მოდის. ამ ტერმინმა შუა საუკუნეებში რამდენადმე სხვა გეოგრაფიული შინაარსი მიიღო. დიდ სომხეთს უწოდებდნენ იმ ტერიტორიას, რომელიც მოიცავდა დღევანდელი სომხეთის სსრ და ქალაქებს: ერზინჯანს, არზრუმს, ანისს, ყარსს და ვანს. დიდი სომხეთის ჩრდილო ნაწილი XII ს. და XIII ს. დასაწყისში საქართველოს სამეფოში შედიოდა. XIII ს. 30-იან წლებში დიდი სომხეთი დაიპყრეს მონღოლებმა, შემდეგ კი მის დიდ ნაწილს საბოლოოდ ოსმალები დაეპატრონნენ. მცირე სომხეთი ერქვა კილიკიის სომხურ სახელმწიფოს, რომელიც ოსმალების ხვედრი გახდა.
  9. ბაქოს ზღვა. ხშირად ასე ეძახდნენ კასპიის ზღვას.