მოჰამედ იუსუფი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

"ხულდ-ე ბარინ" ("სამოთხე")
ავტორი: მოჰამედ იუსუფი
ცნობები საქართველოს შესახებ

გამომცემელი: გელაშვილი ნანა


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის სპარსული წყაროები





წიგნი: ისქანდერ მუნში - "აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორიის გაგრძელება" - ცნობები საქართველოს შესახებ - სპარსულ ტექსტს გამოკვლევა, ქართული თარგმანი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ნანა გელაშვილმა - საქართველოს ისტორიის წყაროები 24 - საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროები XIII - თბილისი - 1981

რესურსები ინტერნეტში:


წინასიტყვაობა[edit]

მოჰამედ იუსუფის ნაშრომი "ხულდ-ე ბარინ" ("სამოთხე") წარმოადგენს მსოფლიო ისტორიის ტიპის რვა ტომიან თხზულებას. ამ თხზულების მერვე ტომის მეექვსე ნაწილი დართული აქვს ისკანდერ მუნშის "ზეილ-ე თარიხ-ე ალამარა-იე აბბასს", რის შედეგადაც თხრობა გრძელდება 1634 წლიდან 1642 წლამდე.

ისკანდერ მუნშის თხზულების სუჰეილი ხანსარის რედაქციით 1939 წლის თეირანის გამოცემაში და მასზე დამყარებულ ქართულ თარგმანშიც ორივე ეს თხზულება (ისქანდერ მუნშის და მოჰამედ იუსუფის) ერთადაა წარმოდგენილი. ჩვენ კი ამ თხზულებებს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ვაქვეყნებთ.

ტექსტი[edit]

ამბავი საქართველოს ქვეყნისა, რომელმაც იქაური ვალის - როსტომ-ხანის მოხსენებით მის უწმინდესობასთან მიაღწია[edit]

პარველად ის მოხდა, რომ დადიანის ვილაიეთის მეფე - ლევან-ხანი წინასწარ ერთგულებითა და გულწრფელობით როსტომ-ხანთან გამოცხადდა იმ განზრახვით, რომ თავისი და, დედოფალი მტკიცე კავშირით მასთან დაეკავშირებინა და ამ გზით თვითონ ქვეყნის მფარველის მონათა რიცხვში მოხვედრილიყო. ამ სწორი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ბაში-აცუკის მბრძანებელი გზააბნეულ თეიმურაზს დაუკავშირდა და [ისინი] გზებს სინჯავდნენ, რათა დადიანის მოახლოებისას, შეეპყროთ იგი და ქორწინება ჩაეშალათ. როდესაც როსტომ-ხანმა ეს ამბავი გაიგო, ყარაბაღისა და შირვანის ამირებთან და ქართლელ ერთგულებთან ერთად მათი შეთქმულების ჩასაშლელად გაემართა. ბაშიაჩუკის გზის თავში, რომელიც ალთუნყალასთანაა, [ისინი] მეთოფეთა იმ რაზმს მიუახლოვდნენ, რომელიც არდაჰანის მბრძანებელმა საფარ-ფაშამ ბაშიაჩუკის მეფის დასახმარებლად გამოგზავნა. ბედნიერების ძლევამოსილი ხელის ძალითა და ქვეყნის მფარველის ძლიერების თანხლებით, [როსტომმა] პირველივე იერიშზე იმ რაზმის კავშირი გაფანტა და თავის მოლაშქრეთა ნაწილი გურიელის სამფლობელოს გზით დადიანის დასახმარებლად გაგზავნა. თითონაც ალთუნყალადან ერთი ფარსანგის დაშორებით, უმეცარი თეიმურაზისა და ბაშიაჩუკის მბრძანებლის ადგილსამყოფელთან ჩამოხდა. [როსტომ-ხანი] დადიანისა და მოწინააღმდეგეთა შორის შფოთისა და უბედურების ცეცხლის აგიზგიზების ამბის მოლოდინში იყო, როდესაც იმ დადიანის ახლობლები ძლევამოსილ მეომრებთან ერთად მოწინააღმდეგეთა პირისპირ მწყობრ რიგად გასწორდნენ. ბრძოლა გაჩაღდა და მაღალი მეფური ბედნიერების მარადისობის წყალობით მოწინააღმდეგეები სწრაფად დაამარცხეს. ბაშიაჩუკის მეფე რამდენიმე იქაურ თავკაცთან და კახელ აზნაურებთან ერთად შეპყრობილ იქნა გამარჯვებული ლაშქრისა და დადიანის ძლიერი ქამანდით. დაახლოებით ორ-სამ ათასზე მეტი მოწინააღმდეგე დაიღუპა. უმეცარმა თეიმურაზმა ბაშიაჩუკის ვალის მემკვიდრესთან და თავის გაქცეულ და შეშინებულ ლაშქრის ნაწილთან ერთად ქუთაისის ციხეს შეაფარა თავი. ამ აშკარა გამარჯვების შემდეგ დადიანმა თავისი და თავის ახლობლებთან და საპატიო მხლებლებთან ერთად საქართველოს ვალის, როსტომ-ხანის სამფლობელოში გაამგზავრა. როდესაც ამის შესახებ [როსტომს] მოახსენეს, ზემოხსენებულმა დადიანთან შეხვედრის ნებართვა ითხოვა. მონათა მფარველმა ხაყანმა ნება დართო და როსტომის წარგზავნილი კეთილსურნელოვანი წყალობის რაყამითა და ძვირფასი ხალათით, უზანგით და ოქროს ლაგამით ზემოხსენებულთან დაბრუნდა.

სამეფო ქალაქ თავრიზში ზემოხსენებული როსტომის მეორე მოხსენებიდან ნათელი გახდა, რომ მისი დადიანთან შეხვედრა მოხდა და მეგობრობისა და კავშირის საფუძვლის განმტკიცების შემდეგ იგი ქართლში დაბრუნდა.

როდესაც თეიმურაზ-ხანი ამბოხების მძიმე ძილიდან და წინააღმდეგობისა და ურჩობის სიმთვრალიდან გამოფხიზლდა, [მან] თავისი ქალიშვილი ციური ზღურბლის ადგილსამყოფელისაკენ მორჩილებით გაგზავნა. [შაჰმა] მას უსაზღვრო წყალობა, კეთილგანწყობილება და კახეთის მხარე უბოძა.

სწორედ ამ დროს ბაშიაჩუკის მეფის - გურგენ-ხანის სიკვდილის ცნობამ მაღალი ხელმწიფის დიდებულ სმენამდე მიაღწია.[1]


  1. გვ.230 (1939 წ. გამოცემა)

იმამყული-ხანი[edit]

იმამყული-ხანი - ალავერდი-ხანის ვაჟი, ფარსის ამირთა ამირა და ქუჰგილუეს ბეგლარბეგი, ლარის, ჯერუნის, ბაჰრეინის, ჰორმუზის, გოლფაიეგანის და თუისერგანის მბრძანებელი იყო და უმაღლეს ამირათა რიგებში ირიცხებოდა. სამოთხეში განსვენებული ხელმწიფის მზრუნველობა და კეთილგანწყობილება ამ მამისა და შვილის მიმართ იმგვარი არ იყო, როგორც ხელქვეითებს ზრდიან, [ამიტომ] მხატვარი ვერ შესძლებდა მათი ტოლი და სწორი აზროვნების აბრეშუმის ნაჭერზე გამოესახა. როდესაც მისმა უდიდებულესობამ დღიურის დანართიდან ალავერდი-ხანის თავფადასავალი შეიტყო, იმამყული-ხანის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა და განდიდება მასზე შეეძლო დაეფუძნებინა.

ერთი სიტყვით, ერთი ღოლამის წყალობით, ფარსის ვილაიეთის ზღურბლი მრავალი წლის განმავლობაში დიდებულ ხაყანთა და მათი ცის კამარის სამეფოს შურის საგანი იყო. მის [იმამყული-ხანის] ქვეშევრდომთა უმეტეს ნაწილს პატივცემულ ამირებზე უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდათ. მისი გულმოდგინებით, იმ მხარის ქვეშევრდომები თანდათან ძლიერდებოდნენ. მისი მონდომებითა და მცდელობით ბაჰრეინი, ლარის მხარე, კუნძული ჰორმუზი დაიპყრეს და სამეფოს მბრძანებლებზე გავლენის წყალობით [იგი] მარადისობას მიუახლოვდა. მაგრამ ბოლოს მტრების მცდელობით, ხელმწიფის რისხვის ძლიერი მახვილით [იმამყული-ხანმა] იმქვეყნად ჰპოვა ადგილი.[1]


  1. გვ.285 (1939 წ. გამოცემა).

დაუდ-ხანი[edit]

დაუდ-ხანი - იმამყული-ხანის ძმა. მისი უავგუსტოესობის ტახტზე ასვლისას მოჰამედ ყული-ხან ზიიად-ოღლი მოსაჰებ ყაჯარის ადგილზე - ყარაბაღის ვილაიეთის ამირათა-ამირა იყო. და ამგვარად ბედნიერ შემთხვევათა განმავლობაში დღეგრძელად იყო. მას შემდეგ, რაც თეიმურაზის ერთგული და თანამზრახი გახდა და იმ ვილაიეთის ზღურბლიდან თავი გასწია, ყარაბაღის ვილაიეთის მხარე ძველ მფლობელს მუჰამედ ყული-ხანს გადაეცა. ის უმადური [დაუდ-ხანი] კი მიტოვებულ და წყეულ იქნა.[1]


  1. გვ.289 (1939 წ. გამოცემა).

როსტომ-ხანი[edit]

როსტომ-ხანი - საქართველოს ვილაიეთის მფლობელების შთამომავალი და ბაგრატ-ხანის ძმა იყო. მარადიული სასულთნოს ყვავილოვან გაზაფხულზე ხოსრო-მირზად იწოდა და ისფაჰანის ტარუღა გახდა. როდესაც მისმა უდიდებულესობამ მეფობისა და სახელმწიფოს მართვის გვირგვინი და ტახტზე ასვლით ციური მაღალი მდგომარეობა მოიპოვა, თავისი სამსახურით შაჰის კეთილგანწყობილება, წყალობა, როსტომ-ხანის სახელი და ყულარაღასის მაღალი თანამდებობა დაიმსახურა. [იგი] უმაღლეს ხარისხამდე ამაღლდა. ამგვარად გრძელდებოდა, მანამ საქართველოს ქართლის სამეფოსკენ გადადგამდა ფეხს და მისი უდიდებულესობის მეფობის ბოლომდე იმ ვილაეთის ვალი და ძმობის მაღალი ტიტულის მატარებელი იყო.[1]


  1. გვ.289 (1939 წ. გამოცემა).

სეფი ყული-ხანი[edit]

სეფი ყული-ხანი - იმამყული-ხანის ვაჟი, იბრაჰიმ-ხანის შემდეგ ლარის ვილაეთის ვალი და იმ მხარის მბრძანებელი იყო. [იგი] მაღალ ამირათა რიგებში ირიცხებოდა. როდესაც იმამყული-ხანის ძლიერება და ძალა სასჯელის მახვილის ელვარებით ქარმა გაანადგურა, ნაპერწკლები ამ კვამლიდან მთელ მის საგვარეულოზე წამოვიდა. სეფი ყული-ხანმაც, რომელიც მისი უფროსი მემკვიდრე იყო, მამის ბედი გაიზიარა.[1]


  1. გვ.293 (1939 წ. გამოცემა).

* * *[edit]

სასულთნოს გაზაფხულის დასაწყისში, როგორც აღნიშნული იყო, ის სასურველი სამეფო და სხვა რაიონები იმამყული-ხანს ემორჩილებოდა. როდესაც იგი მოკლეს, მისი ძალაუფლება დაამხო ძლიერმა მახვილმა იმ მხარის დაპყრობით. ფარსი და ლარის მხარე ხელმწიფის სახასოდ გადაიქცა.[1]


  1. გვ.295 (1939 წ. გამოცემა).