მიქელ პანარეტოსი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
უცხოური მატიანე.png
Menologion of Basil 001.jpg
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ



საქართველოს ისტორიის ბერძნულ-რომაული წყაროები





Wikipedia-logo-v2.svg მიქელ პანარეტოსი
(1320-1390)

მიქაელ პანარეტოსი — მაღალი რანგის მოხელე ტრაპიზონის იმპერატორის, ალექსი III კომნენოსის კარზე. XIV საუკუნის მეორე ნახევარში იგი მონაწილეობდა ტრაპიზონის იმპერიის სამხედრო და დიპლომატიურ საქმეში. 1363 წელს იგი ტრაპიზონის ელჩობასთან ერთად ეწვია კონსტანტინოპოლს, რათა მოეგვარებინა დინასტიური ქორწინების საკითხი კეისარ იოანე V პალეოლოგოსის ერთ-ერთ ვაჟსა და ალექსი კომნენოსის ქალიშვილს შორის.
მიქელ პანარეტოსი ავტორია საისტორიო ქრონიკებისა სახელწოდებით "ამბავი ტრაპიზონის მეფეების დიდი კომნენოსებისა, თითოეულმა როგორ, როდის და რამდენ ხანს იმეფა". ნაშრომში გადმოცემულია 1204-1426 წლების ტრაპიზონის იმპერიის ისტორია.
მიქელ პანარეტოსის თხზულება თარგმნა და 1960 წ. კრებულში 1960 - მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის - ნაკვეთი 33 - გვ.3-98 გამოაქვეყნა ალექსანდრე გამყრელიძემ ნაშრომში მიქელ პანარეტოსი - "ტრაპიზონის ქრონიკა" - ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანით, შესავალი წერილით, შენიშვნებითა და საძიებლით გამოსცა ალექსანდრე გამყრელიძემ.
1967 წ. კრებულში 1967 - გეორგიკა - ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ - ტომი VII - გვ.161-224 მიქელ პანარეტოსის თხზულება ხელმეორედ თარგმნა და გამოაქვეყნა სიმონ ყაუხჩიშვილმა.


მიქელ პანარეტოსი - "ტრაპიზონის ქრონიკა" - 1960 წლის ქართული თარგმანის PDF ვერსია

მიქელ პანარეტოსი - "ტრაპიზონის ქრონიკა" - 1967 წლის ქართული თარგმანის PDF ვერსია






მიქელ პანარეტოსი
"ტრაპიზონის ქრონიკა"

"ამბავი ტრაპიზონის მეფეების დიდი კომნენოსებისა,
თითოეულმა როგორ, როდის და რამდენ ხანს იმეფა"

1.
[edit]

დიდი კომნენოსის ბატონ ალექსის მეფობა (1204-1222)

მოვიდა დიდი კომნენოსი უფალი ალექსი, რომელიც წამოსული იყო დიდებულ ქალაქ კონსტანტინეპოლიდან, ხოლო გამოილაშქრა კი იბერიიდან მისი მამიდის[1], თამარის, გულმოდგინებითა და ღვაწლით, და 22 წლისამ დაიპყრო ტრაპიზონი აპრილში, მე-7 ინდიქტიონს, 6712 [1204] წელს. იმეფა 18 წელიწადს. გარდაიცვალა ორმოცი წლისა 6730 [1222] წელს, 1 თებერვალს, მართლმადიდებლობის დღესასწაულის კვირას.

2.
[edit]

დიდი კომნენოსის ბატონ ანდრონიკეს მეფობა (1222-1235)

6730 [1222] წელს გამეფდა მისი [მეფე ალექსის] ასულის მეუღლე ბატონი ანდრონიკე გიდონ-კომნენოსი. ხოლო 6731 [1223] წელს, გიდონის მეფობის მეორე წელს, მოვიდა მელიქ-სულტანი[2], დაესხა თავს ტრაპიზონს და ყველაფერი მოაოხრა. გიდონმა კი იმეფა 13 წელიწადს და გარდაიცვალა 6743 [1235] წელს.

იოანე აქსუხოსის მეფობა (1235-1238)

გიდონმა სამეფო დაუტოვა თავის ცოლისძმას, დიდი კომნენოსის ალექსის პირმშო ძეს, ბატონ იოანე კომნენოს-აქსუხოსს, რომელმაც იმეფა ექვს წელიწადს და გარდაიცვალა 6746 [1238] წელს. ამბობენ, ცხენბურთის მოედანზე თამაშის დროს ცხენიდან გადმოვარდა, დაიმტვრა და მოკვდაო.

3.
[edit]

დიდი კომნენოსის მანუილის მეფობა (1238-1263)

ხოლო იოანიკიოსი ბერად აღიკვეცა და მეფობა იმავე 6746 [1238] წელს ერგო მის მეორე ძმას, ბატონ მანუილს, დიდ კომნენოსს, ყველაზე სახელოვან და უბედნიერეს სარდალს. მისი მეფობის მეხუთე წელს, 6751 [1243] წელს, მე-15 ინდიქტიონს, იანვარში, დიდი ხანძარი გაჩნდა. იმეფა კი კეთილად და ღვთის საამებლად 25 წელიწადს. გარდაიცვალა 6771 [1263] წლის მარტში.

4.
[edit]

დიდი კომნენოსის ანდრონიკეს მეფობა (1263-1266)

იმეფა სამ წელიწადს. ამისივე [მანუილის] მოწვევითა და არჩევით, დედოფალ ქალბატონ ანნა ქსილალოესთან ნაყოლმა მისმა ძემ ბატონმა ანდრონიკე კომნენოსმა და გარდაიცვალა 6774 [1266] წელს. და იმეფა თოთხმეტ წელიწადს ბატონ მანუილის ძემ, ქალბატონ ირინე სირიკენესთან ნაყოლმა, ბატონმა გიორგი კომნენოსმა, რომელსაც ვერაგულად უღალატეს მთავრებმა ტავრეზიონის მთაში და ტყვედ ჩავარდა ივნისში.

5.
[edit]

დიდი კომნენოსის იოანეს მეფობა (1280-1297)

იმავე წელს სკიპტრა ერგი მის მეორე ძმას ბატონ იოანეს, დიდ კომნენოსს. ერთი წლის შემდეგ მოხდა პაპადოპულოსის აჯანყება, მაგრამ [იოანემ] თავი განითავისუფლა, ჩავიდა კონსტანტინეპოლში, შეირთო კეისრის, ბატონ მიხეილ პალეოლოგოსის ასული, კეისარ ბატონ ანდრონიკე პალეოლოგოსის და, ქალბატონი ევდოკია ძოწითშობილი კომნენოს-პალეოლოგოსი. უნდა ვიცოდეთ, რომ დიდი კომნენოსის იოანეს და პალეოლოგოსის ასულის შეუღლება ჯერ კიდევ კეისარ უფალ მიხეილის დროს მოხდა; ხოლო როდესაც 10 დეკემბერს პალეოლოგოსი გარდაიცვალა, მის მემკვიდრედ დარჩა მისი ძე უფალი ანდრონიკე, რომელმაც გაკიცხა თავისი მამა ლათინთმომხრეობის გამო.

შემდეგ 6790 [1282] წლის აპრილში მოვიდა იბერიის მეფე დავითი, შემოერტყა ტრაპიზონს, მაგრამ ხელცარიელი გაბრუნდა უკან.

ხოლო 6791 [1283] წელს, აპრილის ოცდახუთს, მე-11 ინდიქტიონს, კონსტანტინეპოლიდან ტრაპიზონში ჩამოვიდა დიდი კომნენოსი უფალი იოანე პალეოლოგოსის ასულით, რომელიც ფეხმძიმედ იყო და 6792 [1284] წელს იშვა დიდი კომნენოსი ბატონი ალექსი. მერე მოხდა კომნენოსზე, ბატონ გიორგიზე, ანაზდეული თავდასხმა და შეიპყრეს იგი, რომელსაც მოხეტიალესაც ეძახდნენ; ამის შემდეგ კი [მოხდა] ტახტიდან ჩამოგდება და მოულოდნელი გაქცევა ქალბატონ თეოდორა კომნენოსისა, დიდი კომნენოსის უფალ მანუილის პირველი ასულისა, რომელიც იბერიიდან მოყვანილ რუსუდანთან ეყოლა და კვლავ დაჯდა ტახტზე კალოიოანე კომნენოსი. იმეფა სულ თვრამეტ წელიწადს, გარდაიცვალა ლიმნიაში, 16 აგვისტოს, პარასკევ დღეს, მე-15 ინდიქტიონს, 6805 [1297] წელს. ხოლო ამის მეფობაში დაიპყრეს თურქებმა ხალიბია და მოახდინეს ისე დიდი თავდასხმა, რომ მთელი მხარე გაპარტახდა. შემდეგ მისი [კალოიოანეს] ნეშტი უვნებლად გადმოასვენეს ტრაპიზონში და დაკრძალეს ხრისკეფალოსის ტაძარში.

6.
[edit]

დიდი კომნენოსის ალექსის მეფობა (1297-1330)

გამეფდა მისი ძე, უფალი ალექსი, დიდი კომნენოსი, და ცოლად მოიყვანა ბექას ასული იბერიიდან. პალეოლოგოსის ასული, ქვრივი, წავიდა კონსტანტინეპოლში 6806 [1298] წლის 13 ივნისს, მეთერთმეტე ინდიქტიონს და უკან დაბრუნდა ქვრივი 6809 [1301] წელს, მარტში, მე-14 ინდიქტიონს.

მეფემ უფალმა ალექსიმ გაილაშქრა თურქებზე, შევიდა კერასუნტში, შეიპყრო კუსტუგანი 6810 [1302] წლის სექტემბერში და მაშინ დაიხოცა მრავალი თურქი. ამავე წლის 13 დეკემბერს, ხუთშაბათ დღეს გარდაიცვალა დედოფალი ქალბატონი ევდოკია, პალეოლოგოსის ასული.

6811 [1303] წლის 30 ნოემბერს, კვირა დღეს, ციხის შიგნით გაჩნდა დიდი ხანძარი. მომდევნო წლის ივნისში ხანძრით გაანადგურეს ლათინებმა საზღვაო საწყობი, როდესაც დიდი ბრძოლა მოხდა.

6822 [1313] წლის 2 ოქტომბერს ბაირამ-ბეიმ გაძარცვა საქონლის სადგომები.

ორშაბათს,... სექტემბერს, 6827 [1318] წელს, სინოპელებმა გააჩინეს დიდი ხანძარი და ცეცხლმა გაანადგურა ქალაქის ყველა ბეღლები შიგნით და გარეთ.

7.
[edit]

დიდი კომნენოსი, უფალი ალექსი გარდაიცვალა 3 მაისს, ხუთშაბათს, მე-13 ინდიქტიონს, 6838 [1330] წელს; იმეფა 33 წელიწადს 3 თვით ნაკლებ.

8.
[edit]

გამეფდა ძე მისი, დიდი კომნენოსი, უფალი ანდრონიკე და დახოცა თავისი ღვიძლი ორი ძმა: უფალი მიხეილი - აზახუტლუ და უფალი გიორგი - აღბუღა. ხოლო ბატონმა ანდრონიკემ იმეფა წელიწადსა და 8 თვეს და გარდაიცვალა 8 იანვარს, ოთხშაბათს, მე-15 ინდიქტიონს, 6840 [1332] წელს.

9.
[edit]

ჩაიბარა მეფობა მისმა ძემ, რვა წლის ბატონმა მანუილმა და იმეფა მან 8 თვეს, ხოლო მის მეფობაში მოვიდა ბაირამ-ბეი დიდი ჯარით თვით ასომატოსამდე. მრავალი თურქი გაწყდა და ჯარი გაიფანტა. მაშინ ბევრი თურქული ცხენი იალაფეს, 30 აგვისტოს, კვირას, 6840 [1332] წელს.

22 სექტემბერს, ორშაბათს, 1-ლ ინდიქტიონს, 6841 [1333] წელს კონსტანტინეპოლიდან ჩამოვიდა დიდი კომნენოსი უფალი ბასილი, დიდი კომნენოსის უფალი ალექსის ძე, ბატონ ანდრონიკეს მომდევნო ძმა, და დაიპყრო მეფობა. მაშინ მან დიდი დუქსი ლეკის ჭაჭინჭეოსი და მისი ძე, დიდი დომესტიკოსი ჯაბა სიცოცხლეს გამოასალმა, თავისი ძმისწული უფალი მანუილი გააძევა, ხოლო დიდი დუქსის მეუღლე სირიკენა ჩააქოლვინა.

13 თებერვალს, მართლმადიდებლობის კვირას, იმავე 6841 [1333] წელს, პირველ ინდიქტიონს, ამბოხება მოაწყო საჭურისმა დიდმა დუქსმა იოანემ და მახვილით მოიკლა ბატონი მანუილი.

12 სექტემბერს, სამშაბათს, მე-4 ინდიქტიონს, 6844 [1335] წელს ჩამოვიდა დედოფალი ქალბატონი ირინე, უფალ ანდრონიკე პალეოლოგოსის ასული და იმავე თვის ჩვიდმეტს, კვირას, იკურთხა მეფედ ბატონი ბასილი.

5 ივლისს, პარასკევს, 6844 [1336] წელს მოვიდა ტრაპიზონში შეიხ-ჰასანი, ტამარტას-ძე, და მოხდა ბრძოლა წმინდა კვირიკეს ახანტაკასა და მინთრიონთან. მაგრამ, ღვთის წყალობით, თავდასხმა უკუგდებულ იქმნა და [მტერი] აოტეს. მაშინ მოიკლა [იბ]რაიმ რუსტემის ძე.

2 მარტს, წმინდა ორმოცდღიანი დიდმარხვის მეორე დღეს, 4 საათიდან 7 საათამდე მოხდა მზის დაბნელება. 6845 [1337] წელს აუჯანყდა მეფეს ხალხი იმდენად, რომ ციხის გარეთ შეიკრიბა და ქვების სროლა დაუწყო მას.

5 ოქტომბერს, მე-7 ინდიქტიონს, 6847 [1338] წელს დაიბადა უფალი იოანე კომნენოსი ალექსით წოდებული, ბატონი ბასილის მეორე ძე. იკურთხა გვირგვინი მეფემ უფალმა ბასილიმ ტრაპიზონელ დედოფალ ქალბატონ ირინეზე 8 ივლისს, 6847 [1339] წელს. გარდაიცვალა მეფე ბატონი ბასილი, დიდი კომნენოსი, 6 აპრილს, ხუთშაბათს, მე-8 ინდიქტიონს, 6848 [1340] წელს, იმეფა 7 წელიწადსა და 6 თვეს.

10.
[edit]

ხოლო მისი შვილები უფალი ალექსი და უფალი კალოიოანე დედითურთ გაიგზავნა კონსტანტინეპოლს, მეფობა კი დაიპყრო დაქვრივებულმა ქალბატონმა ირინე პალეოლოგოსმა. მაშინვე აჯანყდნენ მთავრები და წარმოიშვა ორი ბანაკი. ჭანიხიტისმა დიდმა სტრატოპედარხისტმმა ბატონმა სევასტიმ, სქოლარიოსებითა და მიზომატისებითურთ და ბატონმა კონსტანტინე დორანიტისმა, კავასიტისებმა, კამახინოსმა და ხალხისა და სამეფო ალაგიონის ნაწილმა წმინდა ევგენი ჩაიგდეს ხელთ; ხოლო ამიძანტარანტები და ნაწილი მთავრებისა და სამეფო ალაგიონისა დედოფლითურთ ციხე-დარბაზს დაეპატრონენ.

2 ივლისს, კვირას, 6848 [1340] წელს, ლიმნიიდან დიდძალი ჯარით მოვიდა დიდი დუქსი იოანე საჭურისი. მოხდა ბრძოლა. მონასტრის წინააღმდეგ მანქანებიც მოათრიეს. დაიწვა მონასტერი და მთელი მისი ბეღლებიც გადაიწვა. ჭინიხიტისი და სხვა მთავრები ლიმნიაში გაგზავნეს ტყვედ და იქ გამოესალმნენ სიცოცხლეს. იმავე წლის იმავე თვეს გაილაშქრა ჩვენმა ჯარმა პარხარს; დაარბიეს ამიდელები და ბევრი ალაფი აიღეს. მაშინ დაიხოცნენ დოლონიოსის ძენი.

5 ივლისს, პარასკევს, მეცხრე ინდიქტიონს 6849 [1341] წელს გარდაიცვალა რომაელთა კეისარი უფალი ანდრონიკე პალეოლოგოსი. იმავე თვეს და იმავე წელს დახოცეს მთავრები ლიმნიაში. კვლავ იმავე წელს, 4 ივლისს, ოთხშაბათს, მოვიდნენ ამიდელი თურქები. რომაელები უომრად გამოიქცნენ და დაიხოცა ბევრი ქრისტიანი, დაიწვა მთელი ტრაპიზონი შიგნით და გარეთ; დაიწვა ბევრი ხალხი - ქალები და ბავშვები. ამ უბედურების დატეხის შემდგომ, დამწვარი პირუტყვებისა და ადამიანების ავი სუნისაგან შავი ჭირი გაჩნდა. მაგრამ ამაზე ადრე დიდი კომნენოსის უფალ ალექსის ასულმა, ქალბატონმა ანნამ, სახელდებულმა ანახუტლუდ, სამონაზვნო სამოსი გაიძრო, წავიდა ლაზიაში და იქ გამაგრდა. ხანძრისა და თავდასხმის შემდეგ ანახუტლუ მოვიდა ლაზური ჯარით და დაიპყრო მეფობა იმავე წლის 17 ივლისს, სამშაბათს. პალეოლოგოსის ასული კი გადადგა ტახტიდან, - იმეფა სულ ერთი წელიწადი და 3 თვე.

11.
[edit]

იმავე წელს, იმავე თვის - ივლისის 30-ს, ორშაბათს, მოვიდა დიდი ქალაქიდან ალექსის ძმა, უფალი მიხეილ კომნენოსი 3 კატარღით და თან ახლდა სქოლარისი ბატონი ნიკიტა და ბატონი გრიგოლ მიზომატისი. საღამოს ჩავიდნენ მთავრები ფიცით და მიტროპოლიტი ბატონი აკაკიოსი სახარებით და მიიღეს იგი როგორც თვითმპყრობელი. დილით კი, არ ვიცით როგორ, ხალხმა იგი შეიპყრო, ხოლო კატარღები გაძარცვეს ლაზებმა და ბევრი დახოცეს ისრებით. 3 აგვისტოს, პარასკევს, იმავე 6849 [1341] წელს კვლავ მოვიდნენ ამიდელი თურქები, მაგრამ, ღვთის წყალობით, ვერ გვძლიეს ჩვენ, არამედ სირცხვილეულნი, ცარიელნი წავიდნენ. იმავე თვის 7-ს, იმავე წელს, გაიგზავნა დატყვევებული ბატონი მიხეილ კომნენოსი ინეონში, შემდეგ კი ლიმნიაში. იმავე თვის 10-ს, იმავე წელს, ქალბატონი ირინე პალეოლოგოსი ფრანკების კატარღით კონსტანტინეპოლში გაიგზავნა.

12.
[edit]

10 სექტემბერს გაიქცნენ სქოლარისი ბატონი ნიკიტა და მიზომატისი ბატონი გრიგოლი, დორანიტისი ბატონი კონსტანტინე და ძე [მისი] იოანე და ძმა მიზომატისისა - მიქელი და სხვანი იმ დასისანი, და ვენეციელთა კატარღით მივიდნენ კონსტანტინეპოლში. მათ მოიცადეს იქ იმავე თვის 17-მდე და მერე წამოვიდნენ ბატონ იოანე კომნენოსთან, ბატონ მიხეილისძესთან ერთად; ორი კატარღა თავისი ჰყავდათ, სამი კი გენუელებისა და დაიპყრეს ტრაპიზონი 4 სექტემბერს, ოთხშაბათს, 6851 [1342] წელს და იმავე თვის სექტემბრის 9-ს ხრისოკეფალოსის ტაძრის ამბიონში გვირგვინი დაიდგა. მის ჩამოსვლაზე მთელი ქვეყანა შეიკრიბა და მოხდა სასტიკი დევნა და ბევრი ძარცვა-გლეჯა. მაშინ დახოცეს აგრეთვე მთავრები ამიძანტარიოსები, გიორგის დედა სარგალე მოაშთვეს და მასთან ერთად მოაშთვეს ანახუტლუც, რომელმაც იმეფა ერთ წელიწადს, ერთ თვეს და 8 დღეს.

13.
[edit]

ივნისში 6851 [1343] წელს მივიდნენ ამიდელები საომრად და გაბრუნდნენ ხელცარიელნი. მას შემდეგ, რაც ბატონი მიხეილის მცველი, დიდი დუქსი საჭურისი ლიმნიეში მოკლულ იქმნა მარტში, ჩავიდა სქოლარისი, წამოიყვანა ბატონი მიხეილი, მოვიდა და გაამეფა 3 მაისს, ორშაბათს, 6852 [1344] წელს; ხოლო გვირგვინი დაიდგა იმავე თვის 21-ს. თავისი ვაჟიშვილი კი ჩამოაგდო და ჩასვა წმინდა საბას გამოქვაბულში. უფალმა იოანემ იმეფა ერთი წელი და 8 თვე. მას შემდეგ რაც უწარჩინებულესი მთავრები სიცოცხლეს გამოესალმნენ, სქოლარისს, ბატონ ნიკიტას მიანიჭეს დიდი დუქსის პატივი, გრიგოლ მიზომატისს - დიდი სტრატოპედარხისა, ლეონ კავაზიტისს - დიდი დომესტიკოსისა, კონსტანტინე დორანიტისს - პროტოვესტიარიოსისა, მის ვაჟიშვილს - ეპიკერნისისა, იოანე კავაზატისს - დიდი ლოგარიასტისა, სქოლარისის ვაჟიშვილს - პარაკიმომენოსისა, მიქელ მიზომატისს - ამირჩანტარიოსისა, სტეფანე ჭანიხიტისს - დიდი კონდოსტავლოსისა.

14.
[edit]

ნოემბრის თვეში 6854 [1345] წელს, კეისარმა ბატონმა მიხეილმა შეაპყრობინა დიდი დუქსი სქოლარისი, დიდი დომესტიკოსი მიზომატისი და სხვანი მათგან [მათი მომხრეებიდან]. მაშინ გაიგზავნა ბატონი იოანე კომნენოსიც კონსტანტინეპოლში. 6855 [1346] წელს აღებულ იქნა წმიდა ანდრია და ინეონი.

15.
[edit]

სექტემბერში 6856 [1347] წელს, 1-ლ ინდიქტიონს, გაჩნდა უეცრად მომაკვდინებელი სენი - ჭირი; ისე რომ დაიღუპა ბევრი შვილი და ცოლ-ქმარი, ძმები, დედები და ნათესავები და მძვინვარებდა [სენი] შვიდ თვემდე.

იმავე 6856 [1347] წელს, იანვარში იანუელებმა კერასუნტი აიღეს, წარტყვევნეს და გადაწვეს. იმავე წლის 29 ივნისს, 1 ინდიქტიონს, მოვიდა ტრაპიზონში ბევრი თურქი. წინამძღოლობდნენ მათ ეზინკელი ახის აინა-ბეგი და ბაიბურთელი მაჰმად ევკეპტარისი და ამიდელთაგან თურალი-ბეგი პოსდოგანისი და მათთან ერთად ჭანიდები. იბრძოლეს სამ დღეს და გაიქცნენ სირცხვილეულნი და დამარცხებულნი და გზაში მრავალი თურქი დაიღუპა.

5 მაისს, სამშაბათს, 6857 [1349] წელს, მოვიდა კაფადან 2 ფრანკების კატარღა. ჩვენიდან, დაფრუსიდან, გავიდა ერთი დიდი კატარღა და სხვა პატარა, და აგრეთვე ნავები საკმაოდ. მოხდა ბრძოლა და ღვთის შემწეობით იძლივნენ ფრანკები. დაიხოცნენ დიდი დუქსი იოანე კავაზიტისი, უფალი მიქელ ჭანიხიტისი და სხვანი მრავალნი. კატარღას ცეცხლი წაეკიდა, ხმელეთზე მყოფი ფრანკები გაძარცვეს და დაატუსაღეს. კატარღები წავიდნენ.

15 ივნისს, 6857 [1349] წელს, კვლავ მოვიდა კაფადან 3 კატარღა და ერთი კი - ამინსოდან. და ბევრი მოლაპარაკებისა, შფოთისა და დავის შემდგომ ჩამოვარდა ზავი და გადაეცა მათ [ფრანკებს] ლეონტოკასტრონი. მაშინ მეფე ბატონი მიხეილი ავად ბრძანდებოდა. სქოლარისი ბატონი ნიკიტა მოვიდა კეხრინიდან, გახდა დიდი დუქსი, ცოლად კი შეირთო სამსონის ასული. ბატონმა მიხეილმა იმეფა 5 წელიწადსა და 7 თვენახევარს.

16.
[edit]

13 დეკემბერს, კვირას , 6858 [1349] წელს, ბატონი მიხეილ კომნენოსი ტახტიდან ჩამოაგდეს. იმავე თვის 22-ს, სამშაბათს, ჩამოვიდა ტრაპიზონსი და დაიპყრო ტახტი მეფემ, ბატონ ბასილი კომნენოსის შვილმა, ბატონმა იოანემ, რომელსაც პაპის მიხედვით ბატონი ალექსიც ერქვა. თან [მოჰყვა] დედოფალი და მისი დედა, ქალბატონი ირინე, დიდი კომნენე. გვირგვინი დაიდგა წმინდა ევგენის ტაძარში 21 იანვარს, წმინდა სადღესასწაულო დღეს. ბატონი მიხეილი კი ჩასვა წმინდა საბას გამოქვაბულში და მონაზვნად აღკვეცა. ერთი წლის შემდეგ გაგზავნა კონსტანტინეპოლში ტატა ბატონ მიქელ სამსონითურთ, როდესაც მოხდა კეისართან დამძახლება.

იმავე, 6858 [1350] წელს, მოხდა შფოთი და განხეთქილება მთავრებს შორის. ივნისში შეიპყრეს დიდი სტრატოპედარხისი ბატონი თეოდორე დორანტისი, რომელსაც პილელისს ეძახდნენ, მისი ძმა პროტოვესტიარიოსი კონსტანტინე დორანიტისი და მთელი მისი ოჯახი და ყველანი დაატუსაღეს მთავართა სასახლეებში, ხოლო თვის 7-ს კვლავ მოიწვიეს.

იანვრის თვეში, 6859 [1351] წელს შეიპყრეს პროტოვესტიარიოსად გამხდარი ლეონ კავაზიტისი და დაინიშნა პროტოვესტიარიოსად პილელისი. მაშინ ტატა მიქელ სამსონი კატარღით ჩავიდა კონსტანტინეპოლში, რათა მძახლობის [საქმე] გაერიგებინა, დედოფალი წამოეყვანა და წამოსულიყო. იმავე წლის მაისში, ხუთშაბათს, დაიპყრეს ციხე-დარბაზი პილელისმა და მისიანებმა. ცოცხლად შეიპყრეს დიდი დუქსი სქოლარისი. მაგრამ ხალხი აღელდა, კვლავ განათავისუფლეს იგი და მეფე ტრიპოლისში წავიდა. ხოლო პილელისი, მისი ვაჟი, მისი სიძე და ქსენიტოსის შვილები შეპყრობილები გაგზავნეს და დაატუსაღეს კეხრინაში.

3 სექტემბერს, მეხუთე ინდიქტიონს, 6860 [1351] წელს, კონსტანტინეპოლიდან კატარღით მოვიდა დედოფალი კომნენე-კანტაკუზენე, ასული სევასტოკრატორის ბატონ ნიკიფორე კანტაკუზენოსისა, ბიზანტიის კეისრის, ბატონ იოანე კანტაკუზენოსის ღვიძლი ბიძაშვილისა; და 28-ს პირველად მოხდა მისი კურთხევა მეფესთან ერთად წმინდა ევგენის ტაძარში.

იმავე 6860 [1351] წელს, 22 სექტემბერს, წავედით დედოფალთან, მეფის დედასთან ერთად ლიმნიაში კონსტანტინე დორანიტისის, პროტოვესტიარიოს პილელისის ძმის, წინააღმდეგ, რომელიც იქ გამგებლობდა. დავრჩით 3 თვეს და უკან დავბრუნდით.

17.
[edit]

იმავე წლის იანვარში მივიდა პიკერნისი იოანე ჭანიხიტისი და თვითნებურად დაიპყრო ციხე ჭანიხა. იმავე წლის აპრილში მეფე და დედოფალი მივიდნენ იქ და მშვიდობიანობა დაამყარეს და იმავ წლის ივლისში მოაშთობინეს კეხრინას ციხეში პილელისი, მისი ვაჟი და სიძე. იმავე 6860 [1352] წელს მოვიდა მეფის და, ქალბატონი მარიამი, დიდი კომნენე, და მისთხოვდა აგვისტოში ხუტლუ-ბეგს, თურ-ალის ძეს, ამიდელთა ამირას. იმავე წლის იმავე თვეში გაილაშქრეს ვენეციელთა კატარღებმა გენუელების წინააღმდეგ და მრავალი ხომალდი დაწვეს.

იმავე ივნისის თვეში, 6862 [1354] წელს, სქოლარისი გაიქცა კერასუნტში და მას შემდეგ მომხდარი მიმოსვლანი და მოციქულობანი ვის შეეძლება აღწეროს?

18.
[edit]

25 მარტს, 6863 [1355] წელს მოვიდა დიდი დუქსი სქოლარისი და მისი ძე, პარაკიმომენოსი, ტრაპიზონში ერტი კატარღითა და 11 ნავით, მასთან ერთად მოვიდნენ პროტოვესტიარიოსი ბასილი ხუპაკოსი. ბევრი ლაპარაკი და დავა მოხდა და კვლავ დამყარდა მშვიდობა და წავიდნენ კერასუნტში.

იმავე 6863 [1355] წელს, მაისში, მე-8 ინდიქტიონს, მეფემ აღწურვა ორი კატარღა და საკმაო რაოდენობით პატარა ნავები და გაილაშქრა დედით, დედოფლით და მიტროპოლიტითურთ სქოლარისის წინააღმდეგ კერასუნტში. მაშინ სქოლარისი კეხრინაში იყო, ხოლო პარაკიმომენოსი - კერასუნტში. ბრძოლისა და ომის სემდეგ ჩამოვარდა მშვიდობიანობა და კერასუნტი დაემორჩილა მეფეს. პარაკიმომენოსი კი წავიდა და მივიდა მამამისთან კეხრინაში და იქ იყვნენ სქოლარისის ყველა მომხრენი. მეფემ ფლოტი და დედოფალი ტრიპოლისში გაგზავნა. თვითონ წავიდა, წაიყვანა ცხენოსანი ჯარი, განვლო მანძილი ნაწილი წყლით, ნაწილი ხმელეთით და ყველანი კეხრინაში ჩაკეტა. მოხდა ბრძოლა და დაემორჩილნენ მეფეს და აღფრთოვანებით მიიღეს. მეფე და ყველა მასთან მყოფნი უკან დაბრუნდნენ, ხოლო სქოლარისი და მისი მომხრენი იქ დარჩნენ. მაშინ მოვიდა აგრეთვე პროტოვესტიარიოსი თავის მომხრეებიანათ ლიმნიდან.

დაახლოებით იმავე 6863 [1355] წლის აგვისტოში ხალდიის დუქსმა, იოანე კავაზიტისმა გაილაშქრა; მივიდა ხერიანას, აიღო იგი და წარტყვევნა. მაშინ იქნა განთავისუფლებული სოროგენაც და მეფის ქვეშევრდომად გადაიქცა. იმავე წელს კონსტანტინეპოლიდან წამოვიდა დიდი კომნენოსი ბატონი მიხეილი, მოვიდა სულხატიოსამდე და უკან გაბრუნდა.

19.
[edit]

ოქტომბერში, მეცხრე ინდიქტიონს, 6864 [1355] წელს წავიდნენ დიდი დომესტიკოსი მიზომატისი და დიდი სტრატოპედარხისი სამსონი ტრიპოლისში. მივიდნენ კერხინამდე, შეიპყრეს სქოლარისი და მისი მომხრენი, წამოვიდნენ და დამყარდა მშვიდობა.

20.
[edit]

27 ნოემბერს, პარასკევს, მეცხრე ინდიქტიონს, 6864 [1355] წელს, მეფესთან ერთად ეშმაკის წაქეზებით გავემგზავრეთ ხერიანას წინააღმდეგ. პირველად მოვაოხრეთ, დავიპყარით და წარვტყვევნეთ, ხოლო მეექვსე საათზე უთავბოლოდ გამოვიქეცით; უკან მცირეოდენი თურქები მოგვდევდნენ. მაშინ დაიხოცა 50-მდე ქრისტიანი, დაიღუპა მრავალი პირუტყვი და ხალდიის დუქსი იოანე კავაზიტისი ტყვედ ჩავარდა. ჩვენთან რომ არ ყოფილიყო უფალი, თვით მეც დავიღუპებოდი, მაგრამ ღვთის შეწევნით გამიძლო ცხენმა, უკან მივსდევდი მეფეს, გადავრჩით და სამი დღის შემდეგ მივაღწიეთ ტრაპიზონს. მაშინ დაებადა მეფეს ვაჟიშვილი ბატონი ანდრონიკე სხვა ქალისაგან და არა დედოფლისაგან.

21.
[edit]

19 დეკემბერს. მე-10 ინდიქტიონს, 6865 [1356] წელს, წავედით მეფესთან ერთად ლიმნიას და ვიდღესასწაულეთ ქრისტეს შობა კერასუნტში, ხოლო ნათლისღება იასონისში. მაშინ დაიხოცა 14 თურქი, მერე ჩავედით ლიმნიას და დავბრუნდით უკან. სულ დავრჩით სამ თვეს და მშვიდობით მოვაღწიეთ ტრაპიზონს.

22.
[edit]

6 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, მე-10 ინდიქტიონს, იმავე 6865 [1357] წელს, დაებადა მეფეს ასული ქალბატონი ანნა, ჩვენი დედოფლის, ქალბატონ თეოდორასაგან.

23.
[edit]

მაისში, მე-10 ინდიქტიონს, 6865 [1357] წელს, მეფე წავიდა ჯარით პარხარს და მთელი ეს პარხარი შემოიარა.

24.
[edit]

11 ნოემბერს, შაბათს, მეთერთმეტე ინდიქტიონს, 6866 [1357] წელს, მოვიდა სინოპის დედოფალი, ქალბატონი ევდოკია, დიდი კომნენოსის, ბატონი ალექსის ასული. იმავე თვის 13-ს, ორშაბათს, მე-11 ინდიქტიონს, იმავე 6866 [1357] წელს, რადგან არ გვქონდა ნაზრუნევი გუშაგებზე, დიდი ჯარით დაესხა თავს მაცუკას ხაჯიმირი, ბაირამის ძე, და გაიტაცა ბევრი ტყვე, პირუტყვი და ქონება, დაწყებული პალეომაცუკიდან ვიდრე დიკესიმონამდე.

25.
[edit]

იმავე წელს, 22 იანვარს კონსტანტინეპოლიდან ელჩად მოვიდა იოანე ლეონტოსტეთოსი.

26.
[edit]

22 აგვისტოს, ოთხშაბათს, მე-11 ინდიქტიონს, 6866 [1358] წელს, მოვიდა ტრაპიზონში დედოფალი-ხათუნი, ქალბატონი მარიამი, მეფის და, რომელიც ამიდელ ხუტლუ-ბეგს ჰყავდა ცოლად.

29 აგვისტოს, ოთხშაბათს, მე-11 ინდიქტიონს, 6866 [1358] წელს, წავიდა მეფის, ბატონ ბასილის ასული, ქალბატონი თეოდორა, ამრა ხაჯიმირზე, ბაირამის ძეზე დასაქორწინებლად. მაყრად ჰყავდა ხუპაკა, ბატონი ბასილი სქოლარისი.

27.
[edit]

17 სექტემბერს, ორშაბათს, მე-12 ინდიქტიონს, 6867 [1358] წელს, მწუხრის ლოცვის შემდეგ, მეფეს შეეძინა ვაჟიშვილი, რომელსაცპაპის სახელის მიხედვით დაარქვეს ბასილი.

28.
[edit]

აპრილში, მე-13 ინდიქტიონს, 6868 [1360] წელს, წავიდა მეფე ხალდიაში, რათა ციხე-სიმაგრე აეგო. მაგრამ ბაიბურთიდან მოვიდა ხოჯალატიფი 300 მხედრით და შეუშალა ხელი. იოანე კავაზიტისსაც მაშინ ჩამოართვეს გამგებლობა.

29.
[edit]

5 მაისს, ოთხშაბათს, მე-13 ინდიქტიონს, 6869 [1361] წელს, 5 საათზე მოხდა მზის დაბნელება ისეთი, როგორიც არ მომხდარა ჩვენს თაობაში, ასე რომ, ზეცაში ვარსკვლავები გამოჩნდა და საათნახევარი მეფობდა [სიბნელე]. მეფე ბატონი ალექსი, დედამისი ქალბატონი ირინე, ზოგი მთავარი და მეც მათთან ერთად აღმოვჩნდით შემთხვევით მაცუკაში, სუმელის მონასტერში. ბევრი ვილოცეთ და პარაკლისი გადავიხადეთ.

იმავე 6869 [1360] წელს, ექვსი თვის წინ, დეკემბრის ექვსს, წავიდა მეფე ლიმნიას, იქ დარჩა დაახლოებით სამთვენახევარს და უკან დაბრუნდა.

იმავე 6869 [1361] წელს, კონსტანტინეპოლიდან ელჩად მოვიდა ლეონტოსტეთოსი კეისარ იოანე პალეოლოგოსისაგან, რომელსაც დამძახლება უნდოდა ჩვენს მეფესთან.

6969 [1361] წელს, მე-14 ინდიქტიონს, ივლისში, ოთხშაბათს, მწუხრის ლოცვიდან ერთი საათის შემდეგ, გარდაიცვალა დიდი დუქსი ნიკიტა სხოლარისი. მაშინ მეფე დიდად მწუხარე იყო, დაესწრო მის გასვენებას და ეცვა მგლოვიარობის ნიშნად თეთრი სამოსი, როგორც მეფეებს შეეფერება.

23 ივლისს, პარასკევს, მე-14 ინდიქტიონს, 6869 [1361] წელს, ბაიბურთის გამგებელმა ხოჯა-ლატიფმა წამოიყვანა რჩეული მეომრები, დაახლოებით 400 და გამოილაშქრა მაცუკაში, ლარახანეს და ხასდენიხას წინააღმდეგ. მაგრამ მაცუკელები წინდაწინ დაეპატრონენ გასასვლელს, დახოცეს 200-მდე თურქი და უფრო მეტიც. ნადავლად ჩაიგდეს ბევრი ცხენი და იარაღი. თვით ხოჯა-ლატიფსაც თავი მოჭრეს და მეორე დღეს მათი თავები ზეიმით მოატარეს მთრლ ტრაპიზონში.

30.
[edit]

13 დეკემბერს წავედით ხალიბიაში მეფესთან ერთად ხაჯიმირის, ბაირამის ზის ციხე-კოშკში. კერასუნტს იქით იგი გამოვიდა ჩვენს შესახვედრად და შემოგვიერთდა. ხალიბიიდან ხმელეთით წამოვედით კერასუნტში. თან გვახლდა ამირა ხაჯემირი და თურქები ნაწილობრივ ჩვენი ქვეშევრდომები გახდნენ მე-15 ინდიქტიონს, 6870 [1361] წელს.

ოქტომბერში, მე-15 ინდიქტიონს, 6870 [1361] წელს, ერზინკიდან მოვიდა ახიაინაკი, თითქმის 16 დღე ალყაშემორტყმული ჰყავდა გოლახას ციხე, დადგა მანქანები და სასტიკად იბრძოლა. მაგრამ, ღვთით, ვერაფერი მოახერხა და წავიდა სირცხვილეული და ხელცარიელი. მასინ აღადგინა მეფემ წმინდა ფოკას ტაძარი კორდილეში და ეს მონასტრად აქცია.

31.
[edit]

იმავე 6870 [1362] წელს გაცნდა უცბად მომაკვდინებელი საზარდულის სენი, რომელიც მთელ იმ წელიწადს მძვინვარებდა. ზაფხულის თვეებში კი უფრო გაძლიერდა და დააზიანა და გადაასახლა ბევრი.

იმავე 6870 [1362] წლის მარტში ჩავიდნენ მეფე, დედოფალი და დედამისი მესოხალდიაში, თან უცბად მომაკვდინებელი სენის გამო და თანაც იმიტომ, რომ იოანე კომნენოსი ანდრიანოპოლიდან გამოიქცა, სინოპში ჩამოვიდა და იქ გარდაიცვალა. როცა ივნისში სამეფო სახლი დაბრუნდა ხალდიიდან, ტრაპიზონის ციხე-დარბაზში არ შესულან სიკვდილის უსასტიკესი შიშით, არამედ კარვებში დადგნენ წმიდა იოანე ნათლისმცემელთან მინთროსის სერზე. მაშინ იქვე მოვიდა ჩელები ტაჯ-ედინის ელჩი დამძახლების საქმეზე. მაშინ ცოტაღა აკლდა, რომ ზოგიერთები აჯანყებოდნენ მეფეს. გაიქცა სატუსაღოდან კომნენოსის, ბატონ იოანეს ძეც: მივიდა კაფაში, იქიდან კი გალატაში.

32-33.
[edit]

აპრილში, პირველ ინდიქტიონს, 6871 [1363] წელს, მეფის კატარღით წავედით დიდ ქალაქში დიდი ლოგოთეტი უფალი გიორგი სხოლარისი და პროტოსევასტოსი და პროტონატარი მიქელ პანარეტოსი, სწორედ ის, ვინც ამას წერს, და ვეცით მოწიწებული თაყვანი. ვნახეთ აგრეთვე კეისარი ბატონი იოანე პალეოლოგოსი, მეფე ბატონი იოასაფ მონაზონი კანტაკუზენოსი, პატრიარქი ბატონი კალისტოსი, დედოფლები, მეფის ძენი და აგრეთვე თვით კატაბანი და მოურავი გენუელებისა გალატაში - ლეონარდო დე მუნტატო. მაშინ შევთანხმდით მძახლობაზე, რომ კეისარ პალეოლოგოსის ძეს წამოეყვანა ცოლად ტრაპიზონის მეფის, დიდი კომნენოსის ბატონი ალექსის ასული. წამოვედით 5 ივნისს, იმავე 6871 [1363] წელს, რათა 15 აგვისტოს შევხვედროდით მის [ტრაპიზონის მეფის] სიძეს ხუტლუ-ბეგს, თურ-ალის ძეს. მაგრამ ვერ შევხვდით მაშინ თურქებში გაჩენილი შავი ჭირის გამო. 27 დღის შემდეგ კვლავ დავბრუნდით ტრაპიზონში.

34.
[edit]

27 ოქტომბერს, პარასკევს, მეორე ინდიქტიონს, 6872 [1363] წელს, როცა მეფე იმყოფებოდა მდინარეზე წმ. გრიგოლის სახელობის წყალვარდნილთან, უეცრად დაესხნენ მას თავს მთავარ კავაზიტისების გვარისანი, დიდი ლოგოთეტი ბატონი გიორგი სხოლარისი და სხვანი და სდიეს მას იქიდან ციხე-დარბაზამდე. კავაზიტისები ხმელეთით რომ ილტვოდნენ, მაშინ დაეწივნენ მათ და შეიპყრეს, ხოლო დიდი ლოგოთეტი თავისიანებით კერასუნტში მივიდა, მერე კი ამინსუში. მაშინ ტრაპიზონის მიტროპოლიტი ნიფონ პტერიგიონიტისიც, შეთქმულების მონაწილე, სუმელის მონასტერში მოათავსეს ტრაპიზონში. ხოლო 29 დეკემბერს, პარასკევს, დიდი ლოგოთეტი, ჯიანიტო სპინოლას და სტეფანე დაკნოპინის შუამავლობით, უკან დაბრუნდა.

35.
[edit]

აგრეთვე იმავე 6872 [1364] წელს, მეორე ინდიქტიონს, 19 მარტს, დიდ სამშაბათ დღეს, ჯერ კიდევ სუმელაში მყოფი გარდაიცვალა პლევრიტით დასნეულებული ტრაპიზონის მიტროპოლიტი ნიფონი. დაკრძალეს მღვდელმთავრობის შესაბამისად ხრისოკეფალოსში, მიტროპოლიტ ბარნაბას საფლავში. დაადგინეს [მიტროპოლიტად] სკევოფილაქსი იოსებ ლაზაროპულოსი და წავიდა იგი კონსტანტინეპოლში.

36.
[edit]

16 დეკემბერს, ორშაბათს, ციკრისას, მესამე ინდიქტიონს, 6873 [1364] წელს, მეფეს შეეძინა ვაჟიშვილი, რომელსაც მანუილი დაარქვეს.

37.
[edit]

13 აპრილს, იმავე 6873 [1365] წელს, აღდგომის დიდ კვირას, როცა მეფე მოედანზე იყო, მოხდა შეხლა-შემოხლა კონსულსა და ბაილს შორის. მაშინ ჩამოვიდა ტრაპიზონის [სამიტროპოლიტო] ტახტზე ხელთდასხმული მიტროპოლიტი ბატონი იოსებიც და ნააღდგომევს, სამშაბათს, მოხდა მისი კურთხევა.

38.
[edit]

14 ივლისს, მესამე ინდიქტიონში, 6873 [1365] წელს, ჩამოვიდა ამ სვებედნიერ ქალაქ ტრაპიზონში მეფის სიძე ამირა ხუტლუ-ბეგი თავისი მეუღლით, დიდ კომნენე ქალბატონ დედოფალ-ხათუნ მარიამით და ესტუმრა მეფეს და შევიდა სასახლეში. ბინად იდგა კარვებში წმიდა იოანე ნათლისმცემელთან დაახლოებით 8 დღეს და მერე, დიდად პატივცემული, მშვიდობით წაბრძანდა უკან.

39.
[edit]

შემდეგ წელს მეფე ავიდა პარხარში და ჩვენ ყველანი მასთან ერთად ავედით სპელიიდან ფიანოეში, ავუარეთ განტოპედინსა და მარმარას, განვვლეთ წმიდა მერკურიოსი და მივედით ახანტაკას ქვეითნი და ცხენოსანნი ორიათასზე მეტი. დავყავით ამირასთან ოთხი დღე და უკან გამოვბრუნდით ივნისში, მეხუთე ინდიქტიონს, 6875 [1367] წელს, და ჩავედით ლაზიკეში, ადგილს, სახელად მაკროსეგიალოსს, ჯარითურთ, ხმელეთითა და ზღვით, მეფესთან და დედამის დედოფალთან ერთად; თან გვყავდა აგრეთვე მეფის ასული ქალბატონი ანნა, დიდი კომნენე, რომელიც მისთხოვდა იბერთა და აფხაზთა მეფეს ბატონ ბაგრატ ბაგრატიონს მაკრიალში. ხოლო როცა წამოვედით, მეფე ლარახანიდან ლიმანით პირდაპირ ავიდა პარხარში და მიაღწია ხალდიამდე.

40.
[edit]

12 ნოემბერს, მე-6 ინდიქტიონს, 6876 [1367] წელს, მიტროპოლიტი ბატონი იოსები გადადგა ტრაპიზონის ტახტიდან და შედგა [ბერად] ელეუსის მონასტერში. 19 ივლისს, იმავე 6876 [1368] წელს, იგი წავიდა კონსტანტინეპოლში იმ თავდასხმის გამო, რომელიც მოახდინეს მეკობრეებმა არანიელებზე. აგრეთვე მაშინ ჩემი საყვარელი შვილი კონსტანტინე, - ზღვაში ჩავარდა ფერისცვალება დღეს წმიდა სოფიის მონასტერთან და დაიღუპა 15 წლისა. იმის შემდეგ ჩემი მეორე შვილი რომანოზი, 17 წლისა, შარდის შეკავების სენით დაძაბუნებული გარდაიცვალა. სამთვენახევარს დავრჩი და შემდეგ დავბრუნდი.

41.
[edit]

იმავე 6873 [1365] წელს, მარტში, მოვიდა ქილიჯ-არსლანი და თავს დაესხა ჩვენს ქვეშევრდომობაში მყოფ ხალდიას. მაშინ მეფემ გაილაშქრა და იქ ავიდა.

იანვარში, მე-17 ინდიქტიონს, 6877 [1369] წელს, ნათლისღების დღეს, ქურდულად აიღეს გოლახა თურქებმა. ამის გამო აოხრებულ იქმნა ხალდია, ერთნი დაიღუპნენ ომებში, მეორენი კი იქაურ მუხთალ გამოქვაბულებში.

42.
[edit]

იმავე 6877 [1369] წელს, იანვრის დასასრულს, მეფე კარგი ფლოტით ჩავიდა ლიმნიაში, დარჩა იქ ოთხ თვეს და უკან დაბრუნდა.

43.
[edit]

მაისი, მე-8 ინდიქტიონს, 6878 [1370] წელს, მეომართა მცირე რიცხვით წავიდა მეფე პარხარში მარმარის მხრიდან. ხოლო იმავე თვის 21-ს, პარასკევს, მოულოდნელად წააწყდა თურქებს, დაახლოებით ხუტას ცხენოსანს და სამას ქვეითს. მეფეს ჰყავდა დაახლოებით ასი ცხენოსანი. ამტყდარ ბრძოლაში გაიმარჯვა მეფემ, სდია მატ და იქიდან აგარიანთა თავები და მათი დროშა გამოგზავნა.

44.
[edit]

13 აგვისტოს, სამშაბათს, მე-8 ინდიქტიონს, 6878 [1370] წელს, მოვიდა ტრაპიზონში მიტროპოლიტი ბატონი თეოდოსი და დაჯდა [სამიტროპოლიტო] ტახტზე. ის წამოსული იყო თესალონიკიდან და 20 წელიწადს მონაზვნობდა მთაწმინდაზე. მერე ჩავიდა სვებედნიერ კონსტანტინეპოლში და გახდა მანგანის მონასტრის წინამძღვარი. მას შემდეგ კი სინოდისაგან იქნა ხელთდასმული და [ტრაპიზონში] გამოიგზავნა. 6 აგვისტოს წავედით ლაზიკეში და თვის ბოლოს, 6881 [1372] წლის დასაწყისში შევხვდით ბაგრატ მეფეს. მას შემდეგ მივედით ბათუმში, კარვები გარეთ, ცის ქვეშ დავდგით. გვქონდა 2 კატარღა და 40-მდე ნავი. იქ ვებაასეთ გურიელს, რომელიც მეფის პატივსაცემად მოვიდა. დავრჩით ექვს დღეს და უკან დავბრუნდით მე-11 ინდიქტიონს.

45.
[edit]

13 იანვარს, მეფე წავიდა ხერიანას, მაგრამ მოვიდა დიდი თოვლი, ატყდა დიდი ქარბუქი, მოხდა უკანდახევა და 140 ქრისტიანი დაიღუპა: ზოგი მახვილის მსხვერპლი გახდა, ზოგი კი, უმეტესობა, სიცივით დაიხოცა მე-11 ინდიქტიონა, 6881 [1373] წელს.

46.
[edit]

11 ნოემბერს, პარასკევს, 6882 [1373] წელს, მე-12 ინდიქტიონს, ჩვენი მეფის წინააღმდეგ ორი დიდი კატარღით და ერთი უფრო მომცროთი მოვიდა რომაელთა კეისრის ბატონ იოანე პალეოლოგოსის ძე, ბატონი მიხილი, დადგა 5 დღეს და გაბრუნდა ისე, რომ რაიმე მოულოდნელი თავდასხმა არ მოუხდენია. მასთან ერთად იყო პროტოვესტიარი ბატონი იოანე ანდრონიკოპულოსი, რომელიც პალეოლოგოსის წასვლის შემდეგ თვითონ გადმოვიდა და ჩვენი მეფის ქვეშევრდომი გახდა.

47.
[edit]

16 აპრილს, კვირას, მე-12 ინდიქტიონს, 6882 [1374] წელს, ხალდიელებმა დაიპყრეს გოლახა და კვლავ გახდა იგი მეფის სამფლობელო, მაგრამ მალე ისევ აიღეს იგი მტრებმა.

48.
[edit]

14 მარტს, პარასკევს, მე-14 ინდიქტიონს, 6884 [1376] წელს, მეფის ზე, ბატონი დესპოტი ანდრონიკე დიდი კომნენოსი გადმოვარდა დიდი კომნენოსისა და მეფის ანდრონიკეს სასახლიდან და, როგორც კი შეიყვანეს სასახლეში, გარდაიცვალა. დაიკრძალა თეოსკეპატოსის მონასტერში. მის გასვენებას ესწრებოდნენ მამამისი მეფე, აგრეთვე დედოფლები: მისი დიდედა და დედინაცვალი. ხოლო საქორწინო პირობა, რომელიც დადებული იყო იბერიასთან თბილისის მეფის დავითის ასულისათვის, აღბუღას დისწულისათვის, გადატანილ იქნა ჩვენი მეფის უმცროს, ღვიძლ და კანონიერ ძესა და ჭაბუკ მეფეზე, ბატონ მანუილზე, დიდ კომნენოსზე. როცა შუამავლობა ჩატარდა, წაბრძანდა მეფე და ჩვენც მასთან ერთად 10 მაისს, მე-15 ინდიქტიონს, 6885 [1377] წელს. ლაზიკეში რომ მივედით, მთელი ზაფხული, 15 აგვისტომდე იქ გავატარეთ, ადგილში [სახელად] მაკრეგიალუსს. მაშინ წამობრძანდა იგი [ქართველთა მეფის ასული] გონიიდან მაკრეგიალუსს. მეორე დღეს დავიზარით და 30 აგვისტოს, კვირა დღეს, მივაღწიეთ ტრაპიზონს. ახალი წლის ხუთ სექტემბერს, შაბათს, პირველ ინდიქტიონს, 6886 [1377] წელს, დაედგა მას სადედოფლო გვირგვინი და ეწოდა ევდოკია, პირველად კი გულქან-ხათუნი ერქვა. მეორე დღეს, კვირას, 6 სექტემბერს გაიმართა ქორწილი, რომელიც კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა. აკურთხა ისინი თეოდოსი ტრაპიზონელმა, ხოლო გვირგვინი დაადგა მამამ და მეფემ.

49.
[edit]

რომაელი და მუსუსლმანი ელჩების საშუალებით მეფესა და ტაჯ-ედინ-ჩელებს შორის ბევრი მოლაპარაკების შემდგომ მეფე ასულით, ქალბატონ ევდოკიათურთ, 14 აგვისტოს, მე-2 ინდიქტიონს, ორი დიდი კატარღით და ორი ნავით დაიძრა და ჩავედით კერასუნტამდე. მაგრამ ტრაპიზონიდან ამბავი მოვიდა, ყიზილ-არსლანს განზრახული აქვს ტრაპიზონს თავს დაესხასო. მეფემ გაგზავნა ასული კერასუნტში, თვით კი მთავრებითურთ ტრაპიზონში ჩავიდა, გაამაგრა ციხე და შეამზადა ქვეყანა. სექტემბრის ბოლოს წამოვიდა, წაიყვანა კერასუნტიდან ასული, მიაღწია ინეონამდე, შეხვდა იქ ჩელებს და შერთო მას თავისი ასული, ქალბატონი ევდოკია. ეს მოხდა 8 ოქტომბერს, მე-3 ინდიქტიონს, 6888 [1379] წელს; მაშინ აიღო მეფემ ლიმნიაც.

50.
[edit]

თებერვალში დაიძრა მეფე ხმელეთითა და ზღვით ჭაპნიდების წინააღმდეგ. ოთხ მარტს, კვირას, მე-3 ინდიქტიონა, 6888 [1380] წელს. ორ ნაწილად გაჰყო ჯარი. ქვეითნი, დაახლოებით 600, პეტრომადან გაგზავნა, ხოლო მეფემ კი წაიყვანა ცხენოსნები და მთელი დანარჩენი ქვეითი ჯარი, აიარა მთელი მდინარე ფილავონიტი საზამთრო სადგომებამდე და მოაოხრა მათი სადგომები; დახოცა, დასწვა, მოიალაფა ისინი. აგრეთვე მრავალი ჩვენი ტყვე დროულად განათავისუფლა; მერე მობრუნდა და ცოტა ხანს სთლავოპისტეში დადგა. პეტრომადან წამოსულმა 600-მა [მეომარმა] კი კოძაუტა ააოხრა და დიდი ხოცვა-ჟლეტა, ალაფობა და ხანძრიანობა მოახდინა. უკანდახეულთ ომის შემდეგ ბევრჯერ მოუხდათ ხელჩართული ბრძოლა დადევნებულ თურქებთან და მრავალი თურქი მოიკლა. რომაელები კი იმედოვნებდნენ მეფის [შეხვედრას] და სასტიკად იბრძოდნენ, ხოცავდნენ და ზღვის ნაპირისაკენ მიიწევდნენ. როცა ზღვის ნაპირას სთლავოპიასტესთან გავიდნენ და ჯერ შეხვდნენ მეფეს, როგორც შეთანხმებული იყვნენ, ცოტა გაქცევისაკენ ქნეს პირი და 42 რომაელი მოკვდა. ხოლო დახოცილი თურქები, თურქი ქალები და ბავშვები კი 100-ზე მეტი დაითვლებოდა.

19 ივნისს, მე-5 ინდიქტიონს, 6890 [1382] წელს, მეფის ბატონ ალექსის ძეს, ბატონ მანუილს, იბერიელ ქალბატონ ევდოკიასაგან შეეძინა ვაჟიშვილი, რომელიც მონათლეს და პაპამ და მეფემ ბატონმა ალექსიმ, დიდი-დედამ და დედოფალმა ქალბატონმა ირინემ და მიტროპოლიტმა თეოდოსი ტრაპიზონელმა უწოდეს მას ბასილი, მისი დიდი პაპის სახელის მიხრდვით.

51.
[edit]

9 ივლისს გაჩნდა საზარდულის სენი, 6890 [1382] წელს, მე-5 ინდიქტიონს და დეკემბრამდე და იანვრამდე ტრაპიზონში ბევრი გაჟლიტა. მოაოხრა აგრეთვე ძალიან მაცუკა, ტრიკომია და სირმენის კუთხე ვიდრე დრიონამდე.

52.
[edit]

24 ოქტომბერს, მე-10 ინდიქტიონს, 6895 [1386] წელს, მეფის სიძე ამირა ტაჯ-ედინი ლიმნიიდან დაიძრა მეფის მეორე სიძის, ხალიბიელ ხაჯი-მირის ძის, სახელად სულეიმან-ბეგის წინააღმდეგ. ჰყავდა 12 ათასი ჯარი, მაგრამ ხალიბიაში რომ შევიდა, პირველად თვით ტაჯ-ედინი ჩამოაგდეს და დაჩეხილი იქვე მოკვდა. ხოლო მისიანები დაიხოცა 3000-მდე. დანარჩენებმა კი დაჰყარეს 7000 ცხენი, ურიცხვი იარაღი და შიშველნი გაიქცნენ.

53.
[edit]

როგორც ამბობენ, ვიღაცა თატარმა ამირამ, რომელსაც ხანობაც ჰქონდა, სახელად კი ერვა თემურლენგი, ხატაეთის საზღვრებიდან გამოილაშქრა. ჰყავდა, როგორც მნახველნი ამბობენ, რვაასი ათასი ჯარი; მოვიდა და დაიპყრო მთელი სპარსეთი. მას შემდეგ შეიჭრა იბერიის მთებშიაც, ომის კანონით ხელთ იგდო საოცარი თბილისი, ტყვედ ჩაიგდო გამოჩენილი სარდალი ბაგრატ მეფე და მისი მეუღლე, ჩვენი ხელმწიფის ასული მშვენიერი ქალბატონი ამმა, აგრეთვე მისი [ანნას] ძე - დავითი. ხალხი კი გაჯლიტა მახვილით და გაანადგურა. რა ქონება იგდო ხელთ, რა ხატები გაძარცვა და დასწვა, რამდენი თვალი პატიოსანი, მარგალიტი, ოქრო და ვერცხლი წაიღო, არავის შეუძლია აღწეროს. [ეს მოხდა] 21 ნოემბერს, 6895 [1386] წელს.

54.
[edit]

გარდაიცვალა მეფე ბატონი ალექსი, დიდი კომნენოსი, დიდი კომნენოსის ბატონი ბასილის მეორე ძე, 20 მარტს, [დიდ მარხვის] მე-5 კვირის კვირა დღეს, დღის მეორე საათზე, ხოლო იმეფა 40 წელი და 3 თვე, 51 წლისა, 6898 [1390] წელს.

5 მარტს, 6920 [1412] წელს, გარდაიცვალა მეფე ბატონი მანუილი, დიდი კომნენოსი და დაიკრძალა თეოსკეპატოსში, ხოლო იმეფა 27 წელი.

2 მაისს, 6903 [1395] წელს, გარდაიცვალა დედოფალი, ქალბატონი ევდოკია, მეფე ბატონ ალექსის დედა, რომელიც იბერიიდან იყო მოყვანილი.

55.
[edit]

14 სექტემბერს, მე-2 ინდიქტიონს, 6904 [1395] წელს, საბათ დღეს, კონსტანტინეპოლიდან წმინდა ფოკაში მოვიდა დედოფალი ქალბატონი ევდოკია, დიდი კომნენოსი, კატარღით და ერთი ნავით. თან მოიყვანა საცოლოები თავისი ქვრივი ძმის, მეფის ბატონ მანუილისათვის ფილანთროპენოსის ასული ქალბატონი ანნა, ხოლო თავისი ძმისწულის, ბატონ მეფის ალექსისათვის - კანტაკუზენოსის ასული ქალბატონი თეოდორა; და მეორე დღეს, კვირას, წვიმაში შემოვიდა ტრაპიზონში. ამ საქმეში კი მოციქულად იყო დიდი დუქსი ადმირალი სხოლარისი.

56.
[edit]

6935 [1426] წელს, მე-5 ინდიქტიონს, 12 ნოემბერს, ორშაბათს, ღამის 3 საათზე გარდაიცვალა აგრეთვე დედოფალი, ქალბატონი თეოდორა კანტაკუზენე, დიდი კომნენე, ჩვენი ხელმწიფის, ბატონ ალექის მეუღლე; და დაიკრძალა პატივით ყოვლად წმინდა ხრისოკეფალოსის ტაძარში, გიდონის განსასვენებელში.

57.
[edit]

იმავე წელს, ნოემბერში გოთიიდან მოვიდა დედოფალი ქალბატონი მარიამი, თეოდორელი ბატონის ალექსის ასული, და სიხარულით მიიღო ღვთისმოშიშმა დესპოტმა, მისმა მეუღლემ, ბატონმა დავითმა, დიდმა კომნენოსმა.


კომენტარები
  1. სამეცნიერო ლიტერატურაში მიღებულია, რომ თამარ მეფე იყო ალექსი და დავით კომნენების დედის და (მისი და რუსუდანი იყო ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე I კომნენოსის შვილ მანუილის მეუღლე)
  2. 1223 წელს იკონიის სულთანი იყო ალა-ად-დინ-ქეი-ყუბად I (1219-1236)