მირხონდი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

”როუზათ ას-საფა” (”სიწმინდის ბაღი”)
ავტორი: მირხონდი
ცნობები საქართველოს შესახებ

გამომცემელი:


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის სპარსული წყაროები






წინასიტყვაობა[edit]

თემურიანთა ეპოქის ყველაზე ცნობილ და აღიარებულ წყაროდ როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში დიდხანს ითვლება მოჰამედ ბენ ხავანდშაჰ ბენ მაჰმუდის, იგივე მირხონდის (1433 - 1498) ”როუზათ ას-საფა” (”სიწმინდის ბაღი”). მირხონდი მირ ალი შერ ნავოის (1441 - 1501) მიერ ჰერათში ჩამოყალიბებული ლიტერატურულ-მეცნიერული დასის ერთ-ერთი უწარჩინებულესი წარმომადგენელი იყო. მისი თხზულება ”როუზათ ას დსაფა” მსოფლიო ისტორიის ტიპის ნაწარმოებია და შედგება 7 ტომისაგან. თხზულებაში თხრობა იწყება სამყაროს შექმნიდან და გრძელდება ავტორის დრომდე. თხზულების მე-6 ტომი მიძღვნილია თემურლენგისა და თემურიანი მმართველებისადმი, ხოლო მე-7 ტომი იმ ეპოქას ასახავს, რომელშიც ავტორი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ეს თხზულება, მიუხედავად თავისი კომპილაციური ხასიათისა, რიგ შემთხვევაში მაინც ინარჩუნებს ძვირფასი პირველწყაროს ღირსებას, რადგან ავტორის მიერ გამოყენებულ მრავალრიცხოვან წყაროთა შორის ბევრი უკვე დაკარგულად ითვლება.”როუზათ ას-საფა” შეიცავს ბევრ საყურადღებო ცნობას XIV - XV საუკუნეთა საქართველოს ისტორიის საკითხების შესასწავლად. ცნობები საქართველოს შესახებ თავმოყრილია ძირითადად მირხონდის თხზულების მე-6 ტომში.

ტექსტი[edit]

მირხონდის ცნობები საქართველოს შესახებ

თემურ-ლენგის მემკვიდრეები[edit]

თემურ-ლენგმა თავის უფროს შვილს მირანშაჰს საგამგებლოდ დაუტოვა არანი, მუღანი, სომხეთი და საქართველო. - [ტ.VI - გვ.239].

808 წ. (1405 წ.) ზაფხულში, როცა თემურის შვილიშვილი ომარ მირზა ჰამადანში ქეიფსა და დროსტარებაში იყო, მას აცნობეს, ქართველებმა თავიანთი საზღვრები გადმოლახეს, ნახჭევანი და განჯა დაარბიეს, ხოლო მცხოვრებნი გაძარცვეს და დახოცესო. ბასთამ ჯაგირმა, რომელიც არდებილის გამგებელი იყო, არავითარი ზომა არ მიიღო ქართველების უკუსაქცევად და შირვანს შეაფარა თავი. ომარ მირზამ ყური არ ათხოვა ამირების რჩევას და ომარ თაბანი, თუქელ ბარლასი და სხვა სარდლები გაგზავნა ქართველთა წინააღმდეგ. მცირე ხნის შემდეგ ომარს ამბავი მოუვიდა, რომ მის მიერ გაგზავნილი ამირები ქართველებს დაემარცხებინათ, გაექციათ და მარანდამდე გადაერეკათ. - [ტ.VI - გვ.240-241].

შირვანშაჰმა იბრაჰიმმა განჯა და ყარაბაღი დაიკავა, მას მიუვიდა აზერბაიჯანელი ამირების ნაწილი. შაქის მმართველი სიდი აჰმედიც იბრაჰიმს მიემხრო. საქართველოს მეფემაც ელჩები აახლა და მორჩილება აღუთქვა შირვანშაჰს. - [ტ.VI - გვ.242].

კონსტანტინე მეფის სიკვდილი[edit]

815 წ. (1412 წ. 13.IV. - 1413 წ. 2.IV.) ყარა-იუსუფი თავრიზიდან დაიძრს და ყარაბაღს მივიდა. მან ელჩი გაუგზავნა შირვანშაჰს და კიდევ ერთხელ მოსთხოვა, უბრძოლველად დანებებოდა. შეიხ იბრაჰიმი, ქართველთა მეფე კონსტანტინე და შაქის მმართველი სიდი აჰმედი გაერთიანდნენ და უარი შეუთვალეს ყარა-ყოინლუს მბრძანებელს დამორჩილებაზე.

მოკავშირეთა ლაშქარი მტკვარს მიადგა და მდინარის მარცხენა ნაპირზე დაბანაკდა. კონსტანტინეს თან ორი ათასი რჩეული ქართველი მხედარი ჰყოლია. ყარა იუსუფის ლაშქარი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე დადგა მოწინააღმდეგის პირისპირ. ერთ ღამეს ყარა-იუსუფის ამირებმა თავიანთი რაზმებით მტკვარი გადალახეს და მძინარე ბანაკში შეიჭრნენ. შირვანელები გაიქცნენ და მხოლოდ ქართველებმა გაუწიეს მტერს მედგარი წინააღმდეგობა. ყარა-იუსუფმა რომ ეს დაინახა, თვითონაც თავს დაესხა თავგანწირულად მებრძოლ ქართველ მეომრებს. ამ უკანასკნელთაც მედგრად შეუტიეს და შუაში მოიქციეს ყარა-ყოინლუს მბრძანებელი, მაგრამ ძალები მეტად არათანაბარი იყო და ქართველები იძლივნენ.

გამარჯვება ყარა-იუსუფს დარჩა. ბრძოლაში ბევრი ქართველი მეომარი მოიკლა. შირვანშაჰი თავისი ძმითა და ვაჟიშვილებით, შაქის მმართველი სიდი აჰმედი და მრავალი აზერბაიჯანელი მოლაშქრე ტყვედ ჩაცვივდნენ. მეფე კონსტანტინეც თურქმანებს ჩაუვარდა ხელში ცოცხლად დარჩენილ ქართველებთან ერთად. რაკი შირვანის ლაშქარმა ამ ბრძოლაში წინააღმდეგობა არ გასწია, ყარა-იუსუფმა ბრძანა შირვანელ მეომართათვის არაფერი ევნოთ; ტყვედ ჩაცვენილი ქართველები კი ერთიანად გაჟლიტეს. კონსტანტინე სხვა დიდებულ ტყვეებთან ერთად ყარა-იუსუფის მეჯლისში მიიყვანეს და, რადგან სახეზე ურჩობა შეამჩნიეს, ყარა-იუსუფმა და მისმა ვაჟმა ფირ-ბუდაყმა საკუთარი ხელით აკუწეს იგი.

გამარჯვებულმა ყარა-იუსუფმა დაარბია შირვანი და დიდი ნადავლით დატვირთული დაბრუმდა თავრიზში. - [ტ.VI - გვ.240-241][1]


  1. რევაზ კიკნაძე - ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების საბრძოლო თანამეგობრობის ისტორიიდან; კრებული: 1964 - თსუ შრომები - ტ.108.