ლეონტი მროველი - "ცხოვრება ქართველთა მეფეთა" (2008)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები

ლეონტი მროველი - "ცხოვრება ქართველთა მეფეთა"

პუბლიკაციები[edit]

2008 - "ქართლის ცხოვრება" - რ. მეტრეველის რედაქციით

ტექსტი[edit]

ლეონტი მროველი
"ცხოვრება ქართველთა მეფეთა"

სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა
ვიწყო მითხრობად ცხორებასა ქართველთა მეფეთასა და
პირველითგანთა მამათა და ნათესავთა

პირველად ვაჴსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, და მეგრელთა, - ამათ თჳსთა - ერთი იყო მამაჲ, სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ნოეს ძისაჲ. და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი.

და შემდგომად განყოფისა ენათაჲსა, ოდეს აღაშენა ნებროთ ბაბილონს გოდოლი, და განეყვნეს მუნ ენანი, და განიშენნეს მუნით ყოველსა ქუეყანასა, წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავითურთ მისით, და დაემკჳდრა ორთა მათ მთათა შუა კაცთშეუვალთა, არარატსა და მასი[სი]სასა.

და იყო ნათესავი მისი დიდი და ურიცხჳ, რამეთუ ესხნეს ცოლ მრავალ, ძენი და ასულნი, და შვილნი და შვილისშვილნი ძეთა და ასულთა მისთანი. რამეთუ ცხოვნდა იგი ექუსას წელ. და ვერღარა იტევდა ქუეყანაჲ არარატისა და მასისისაჲ.

ხოლო ქუეყანაჲ იგი, რომელი წილით ხუდომოდა, ესე არს საზღვარი ქუეყანისა მისისაჲ აღმოსავალით - ზღუაჲ გურგანისაჲ, დასავალით - ზღუაჲ პონტოჲსაჲ, და სამხრით - მთაჲ ორეთისაჲ, და ჩრდილოჲთ - მთაჲ კავკასიაჲ.

ხოლო შვილთა შორის თარგამოსისთა გამოჩნდეს კაცნი რვანი, გმირნი, ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა - ჰაოს, მეორესა - ქართლოს, მესამესა - ბარდოს, მეოთხესა - მოვაკან, მეხუთესა - ლეკ [ან], მეექუსესა - ჰეროს, მეშჳდესა -კავკას, მერვესა -ეგროს.

ესე რვანი იყვნეს გმირნი, ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო, არცა წყლისრღუნის წინაჲთ და არცა შემდგომად, ტანითა და ძალითა და სიმჴნითა. ხოლო ვერღარა იტევდა ქუეყანაჲ არარატისა და მასისისაჲ.

განუყო თარგამოს ქუეყანაჲ და ნათესავი თჳსი რვათა ამათ გმირთა: ნახევარი ნათესავისა მისისაჲ და ნახევარი და უმჯობესი ქუეყანისა მისისაჲ მისცა ჰაოსს, ხოლო შჳდთა ამათ მისცა ხუედრი მათი არძანგებისაებრ მათისა.

წარმოიყვანნა შჳდნი იგი ჩრდილოჲთ კერძო და განუყვნა ქუეყანანი ღირსებისაებრ მათისა: მისცა ქართლოსს და უჩინა საზღვარი: აღმოსავალით - ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი, დასავლით - ზღუაჲ პონტოჲსაჲ, სამხრით - მთაჲ, რომელი მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსა, და მთაჲ, რომელი მიჰყვების დასავლით კერძო, რომლისა წყალი გარდამოდის ჩრდილოჲთ კერძო და მიერთვის მტკუარსა, რომელ მიჰყვების მთაჲ შორის კლარჯეთსა და ტაოსა ვიდრე ზღუამდის; და ჩრდილოჲთ - საზღვარი ღადოჲ მთაჲ მცირე, რომელი გამოვალს შტოდ კავკასიისგან, და მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოჲსასა, რომელსა ჰქჳან ლიხი. და ამათ საზღვართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს.

ხოლო ბარდოსს მისცა მტკუარსა სამჴრით, ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ზღუადმდე, სადა შეკრბებიან მტკუარი და არაჴსი. და ამან ბარდოს აღაშენა ქალაქი ბარდავი და დაეშენა მუნ.

ხოლო მოვაკანს მისცა მტკუარსა ჩრდილოჲთ, მცირისა ალაზნისა შესართავითგან ვიდრე ზღუამდე. და ამან აღაშენა ქალაქი მოვაკნეთი, და დაემკჳდრა მუნ.

ხოლო ჰეროსს მისცა ქუეყანაჲ მტკუარისა ჩრდილოჲთ, მცირისა ალაზნისთავითგან ვიდრე ტყე-ტბადმდე, რომელსა აწ ჰქჳან გულგულა. და ამან ჰეროს აღაშენა პირველად ქალაქი შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთასა, და უწოდა სახელი თჳსი ჰერეთი. და მის გამო ჰქჳან ჰერეთსა ჰერეთი, და აწ მას ადგილსა ჰქჳან ხორანთა.

ხოლო ეგროსს მისცა ქუეყანაჲ ზღჳსყურისაჲ და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით - მთაჲ მცირე, რომელსა აწ ჰქჳან ლიხი, დასავლით - ზღუაჲ; მდინარე მცირისა ხაზარეთისაჲ, სადა წარსწუდების წუერი კავკასიისაჲ. ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თჳსი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქჳან ბედია.

ხოლო კავკასიათა ჩრდილოჲთ არა იყო ხუედრი თარგამოსისი, არამედ არა იყო კაცი კავკასიასა ჩრდილოჲთ. და უმკჳდრო იყო ქუეყანაჲ იგი კავკასიითგან მდინარედმდე დიდად, რომელი შესდის ზღუასა დარუბანდისასა. ამისთჳს გამოიყვანნა მრავალთა გმირთაგან ორნი

გმირნი: ლეკან და კავკასი, და მისცა ლეკანს ზღუათაგან დარუბანდისათა ვიდრე მდინარემდე ლომეკისა, ჩრდილოჲთ ვიდრე მდინარედმდე დიდად ხაზარეთისა. და მისცა კავკასს ლომეკის მდინარითგან ვიდრე დასასრულადმდე კავკასიისა, დასავალით.

ხოლო ჰაოს დაემკჳდრა საყოფელთა თარგამოსისთა და იპყრა ქუეყანაჲ ჩრდილოჲთ, ვითა დამიწერია, სამხრით - ვიდრე მთამდე ორეთისა, აღმოსავლით - ვიდრე ზღუადმდე გურგანისა, დასავლით - ვიდრე ზღუადმდე პონტოჲსა. და ამათ შჳდთავე გმირთა ზედა იყო განმგებელ და უფალ ჰაოს. და ესე ყოველნი იყვნეს მორჩილ ჰაოსის. და ამათ ყოველთა იყო ერთი ენაჲ - სომხური. და ესე რვანივე ერთობით ჰმონებდეს ნებროთ გმირსა, რომელი იყო მეფე ყოვლისა ქუეყანისაჲ.

შემდგომად ამისა მცირედთა წელიწადთა მოუწოდა ჰაოს შჳდთა მათ გმირთა, შემოკრიბნა და ჰრქუა მათ: „მოგუცა ღმერთმან მაღალმან ძალი და სიმრავლე ნათესავისა ჩუენისაჲ. აწ შეწევნითა ღმრთისა დამბადებელისაჲთა ვიყვნეთ არავისა მონა და არავის ვჰმსახუროთ თჳნიერ ღმრთისა დამბადებელისა“. ეწამნეს დიდნი იგი გმირნი, და დაუმტკიცეს განზრახვაჲ იგი, და განუდგეს ნებროთს, და არღარა მისცეს ხარკი, და ეზრახნეს სხუათა ვიეთმე ნათესავთა, და შეუორგულდეს სხუანიცა ნათესავნი.

მაშინ განუწყრა ნებროთ და შემოკრიბნა გმირნი მისნი და ყოველნი, რომელნი ერჩდეს, სპანი მისნი, და მოჰმართა თარგამოსიანთა. ხოლო ჰაოს მოუწოდა შჳდთავე გმირთა და ყოველსა ნათესავსა თარგამოსისსა. და შეეწივნეს სხუანიცა ვინმე ნათესავნი დასავლეთისანი. შეკრიბნა ჰაოს ესე ყოველნი და დადგა ძირსა მასისისასა.

ხოლო ვითარ მოადგა ნებროთ ქუეყანასა ადარბადაგანისასა და დადგა მუნ, წარავლინნა გმირნი სამეოცნი და მათ თანა სპანი ძლიერნი წყობად თარგამოსიანთა. ხოლო ვითარცა მოიწივნეს სპანი იგი ნებროთისნი, მაშინ მიეგებნეს შჳდნი იგი გმირნი, ძმანი ჰაოსისნი, სპითა ძლიერითა, ხოლო ჰაოს სპითა უძლიერესითა დაუდგა უკუანით, ზურგით.

იქმნა მათ შორის ბრძოლაჲ სასტიკი, რომელი ემსგავსა სასტიკებასა ჰაერისასა, რამეთუ მტუერი ფერჴისა მათისაჲ - ვითარცა ღრუბელი ზრქელი, ელვაჲ აბჯრისა მათისაჲ - ვითარცა ელვაჲ ცისაჲ, ჴმაჲ პირისა მათისაჲ - ვითარცა ჴმაჲ ქუხილისაჲ, სიმრავლე ისართაჲ და ტყორცაჲ ქვისა მათისაჲ - ვითარცა სეტყუაჲ ჴშირი, და დათხევაჲ სისხლისა მათისაჲ - ვითარცა ღუარი სეტყუათაჲ.

განგრძელდა ბრძოლაჲ მათ შორის და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ ხოლო ჰაოს უდგა ზურგად გმირთა მისთა, ძალ-სცემდა და ნუგეშინის-სცემდა ჴმითა საზარელითა, რომელი მსგავს იყო მეხისტეხისა. მაშინ სძლეს თარგამოსიანთა და მოსრნეს სამეოცნი იგი გმირნი ნებროთისნი და სპანი მათნი. ხოლო შჳდნი ესე გმირნი თარგამოსიანნი: ქართლოს, ბარდოს, მოვაკან, ჰეროს, ლეკან, კავკასან, ეგროს, - ესენი დარჩეს ცოცხლებით თჳნიერ წყლულებისა, და ძლევაშემოსილნი ჰმადლობდეს ღმერთსა.

ხოლო ვითარცა ესმა ნებროთს, განწყრა და წარმოემართა მათ კერძო ძალითა მისითა ყოვლითა, ხოლო ჰაოსს არა ჰყვეს სპანი ნებროთის სპათა ოდენნი. განმაგრდა იგი ღირღალთა შინა მასისისათა. მიუდგა ქუეშე კერძო ნებროთ, და იყო იგი ჭურვილი რკინითა და რვალითა ტერფთაგან ვიდრე თხემამდე, და აღჴდა გორსა ერთსა ზრახვად ჰაოსისა დამორჩილებასავე მისსა, რაჲთა სთნდეს მიქცევაჲ მისა. ხოლო ჰაოს ჰრქუა გმირთა მისთა: „განმიმაგრეთ ზურგით კერძო და მივეახლო ნებროთს“. და წარვიდა და მივიდა პირისპირ მახლობელად ნებროთისა, და სტყორცა ისარი, და ჰკრა მკერდსა ნებროთისსა, ფიცარსა ზედა რვალისასა, და განავლო ზურგით. მაშინ დაეცა ნებროთ და იოტა ბანაკი მისი, და განთავისუფლდეს ნათესავნი თარგამოსისნი. და მან ჰაოს ყო თავი თჳსი მეფედ ძმათა თჳსთა ზედა და სხუათაცა ნათესავთა, მახლობელთა საზღვართა მისთასა.

ხოლო შჳდნივე ესე ძმანი წარვიდეს თჳს-თჳსად ქუეყანად და იყვნეს მორჩილ ჰაოსისა.

აქამომდის დავწერეთ ამბავი ესე რვათავე ძმათაჲ: ხოლო აქაჲთგან ვიწყოთ და წარმოვთქუათ ამბავი ქართლოსისი და ნათესავისა მისისაჲ ვიდრე დღეთა ჩუენთამდე. და ვითარ-იგი განუყო ქუეყანაჲ თარგამოს ნათესავსა მისსა, რვათავე შვილთა მისთა, და მისცა ქართლოსს ქუეყანაჲ, რომელი ზემო აღვწერეთ.

და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთვის არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი, და პირველად შექმნა მუნ ზედა სიმაგრე და იშენა მუნ ზედა სახლი, და ვიდრე აღმართებადმდე მუნ ზედა კერპი არმაზისი, ერქუა მთასა მას ქართლი. და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი - ხუნანითგან ვიდრე ზღუადმდე სპერისა.

შემდგომად მისავე ქართლოს აღაშენა ციხე ორბისაჲ, რომელსა აწ ჰქჳან სამშჳლდე, და კუალად აღაშენა მტუერისციხე, რომელსა აწ ჰქჳან ხუნანი. ცხოვნდა იგი მრავალთა წელთა და განმრავლდა ნათესავი მისი.

ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს ხუთნი გმირნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა მცხეთოს, მეორესა - გარდაბოს, მესამესა - კახოს, მეოთხესა - კუხოს, მეხუთესა - გაჩიოს. ესე ხუთნივე იყვნეს გმირნი, არამედ მცხეთოს უგმირე იყო სხუათა მათ.

მოკუდა ქართლოს და დაჰფლეს იგი თავსა ქართლისასა, რომელსა აწ ეწოდების არმაზი. და შემდგომად ამისა ცოლმან მისმან აღაშენა დედაციხე, და მანვე აღაშენა ბოსტანქალაქი, რომელსა აწ ჰქჳან რუსთავი. და განყვნა ცოლმან ქართლოსისმან ხუთნივე იგი გმირნი, შვილნი მისნი: გარდაბოსს მისცა ხუნანი და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით - მდინარე ბერდუჯისი, დასავლით - ქალაქი გაჩიანი, და სამხრით - მთაჲ პირველ ჴსენებული, და ჩრდილოჲთ - მტკუარი.

ხოლო გაჩიოსს მისცა ორბისციხე და სკჳრეთისა მდინარითგან ვიდრე თავადმდე აბოცისა. და ამან გაჩიოს აღაშენა ქალაქი გაჩიანი, რომელსა მაშინ ერქუა სანადიროჲ ქალაქი.

ხოლო კუხოსს მისცა ბოსტანქალაქი, რომელსა აწ ჰქჳან რუსთავი, და მისცა არაგჳთგან ვიდრე ჰერეთამდე, თავადმდე მთისა კახეთისა, და მტკუარსა შუა.

ხოლო კახოსს მისცა კავკასიასა და კახეთისა მთასა შორის, არაგჳთგან ვიდრე ტყეტბადმდე, რომელ არს საზღვარი ჰერეთისაჲ. და ამან კახოს აღაშენა ჩელეთი. და კუხოს შეეწია შენებასა მისსა, რამეთუ დედაციხე კახოსის ხუედრი იყო. და მისცა კახოს შეწევნისათჳს, და შეეწია შენებასა ჩელეთისასა, რომელსა ბერ ერქუა პირველ, შენებულსა კახოსისსა.

ხოლო მცხეთოს, რომელი უგმირე იყო ძმათა, ესე დარჩა საყოფელთა მამისა მათისა ქართლოსისთა, რომელსა აწ ჰქჳან არმაზი. და მანვე აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მტკუარისა და არაგჳსასა, და უწოდა სახელი თჳსი მცხეთა. და დაიპყრა ქუეყანაჲ ტფილისითგან და არაგჳთგან დასავლით ვიდრე ზღუამდე სპერისა.

და ესე იყო განმგე და უფალ მათ ოთხთავე ძმათა ზედა და ესე ოთხნივე იყვნეს მორჩილ მისა.

ესე არიან განყოფანი ქართლოსის ძეთანი, და რომელნი განყვნა დედამან მათმან შემდგომად სიკუდილისა ქართლოსისა.

ხოლო მრავალთა წელთა და მრავალთა ჟამთა ცხოვნდა ძე ქართლოსისი და განმრავლდა ნათესავი მისი. ხოლო შვილთა შორის მცხეთოსისთა გამოჩნდეს სამნი გმირნი სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა უფლოს, და შემდგომსა - ოძრჴოს, და მესამესა - ჯავახოს.

განუყო მათ ქუეყანაჲ და ნათესავი მათი ყოველი: ოძრჴოსს მისცა ტასისკარითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა ქუეყანაჲ კლდოვანი. ამან ოძრჴოს აღაშენნა ორნი ციხე-ქალაქნი: ოძრჴე და თუხარისი.

ჯავახოსს მისცა ფანვარითგან ვიდრე თავადმდე მტკუარისა. ამან ჯავახოს აღაშენნა ორნი ციხე-ქალაქნი: წუნდაჲ და ქალაქი არტანისაჲ, რომელსა მაშინ ერქუა ქაჯთა ქალაქი, ხოლო აწ ჰქჳან ჰური.

ხოლო უფლოს დარჩა საყოფელთა მამისა მათისა მცხეთოსისთა მცხეთას, და ეპყრა ქუეყანაჲ არაგჳთგან და ტფილისითგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანვარადმდე. და ამან აღაშენა უფლისციხე, ურბნისი და კასპი. არაგჳთგან და არმაზითგან ვიდრე ტასისკარამდე. უწოდა ამას ქუეყანასა ზენასოფლისაჲ, რომელსა აწ ჰქჳან შიდა ქართლი.

ხოლო ვიდრე სიკუდილამდე მცხეთოსისა ესე ყოველნი ნათესავნი თარგამოსისნი იყვნეს სიყუარულსა ზედა ერთმანერთისასა. და შიში აქუნდა ნებროთიანთაჲ, და ჰგონებდეს იგინი ნებროთიანთაგან ძებნასა სისხლსა ნებროთისსა და ისწრაფდეს იგინი მაგრებასა ციხე-ქალაქთასა შიშისათჳს ნებროთიანთაჲსა.

ხოლო ვითარცა მოკუდა მცხეთოს, ძე ქართლოსისი, შთავარდა შური შორის შვილთა ქართლოსისთა, იწყეს ბრძოლად და ჴდომად ურთიერთას, რამეთუ უფლოსს, ძესა მცხეთოსისსა, არა ერჩდეს, არცა ხადოდეს უფლად, რომელი დატევებულ იყო საყდართა ქართლოსისთა, რამეთუ მამისა მისისაგან მიცემულ იყო უფლებაჲ ქართლოსიანთაჲ.

იწყეს ბრძოლად და ჴდომად ურთიერთას და განაგრძელეს მათ შორის ბრძოლაჲ, რომელ ჟამ სამე აღდგიან მათგანნი ორნი ნათესავნი ერთსა ზედა, და სხუანი შეეწეოდიან: რომელნიმე - მას და რომელნიმე - მას, და კუალად სხუანი აღდგიან ერთმანერთსა ზედა, და სხუანი შეეწეოდიან. და რომელსამე ჟამსა იქმნის მშჳდობაჲ მათ შორის და შეიშალნიან და იბრძოდიან. და განგრძელდა მათ შორის ესევითარი საქმე, და არა ვინ იყო მათ შორის უწარჩინებულეს და უსახელოვნეს, არამედ ადგილითი-ადგილად თავადნი იჩინნიან. ხოლო ვინცა იყვის მცხეთას რეცა თავადი, იგი იყვის სხუათა ზედა, და არცა სახელ-ედებოდა მეფედ, არცა ერისთვად, არამედ მამასახლისი ეწოდებოდა და იგი იყვის მაზავებელი და ბჭე სხუათა ქართლოსიანთაჲ, რამეთუ ქალაქი მცხეთაჲ განდიდებულ იყო უმეტეს ყოველთასა, და უწოდდეს დედაქალაქად.

და მას ჟამსა დაივიწყეს ღმერთი, დამბადებელი მათი, და იქმნნეს მსახურ მზისა და მთოვარისა და ვარსკულავთა ხუთთა. და მტკიცე და უფროჲსი მათი საფიცარი იყო საფლავი ქართლოსისი

მას ჟამსა შინა განძლიერდეს ხაზარნი და უწყეს ბრძოლად ნათესავთა ლეკანისთა და კავკასისთა. და ესე ნათესავნი თარგამოსისნი ყოველნი მას ჟამსა იყვნეს სიყუარულსა ერთმანერთისასა მშჳდობით. ხოლო შვილთა ზედა კავკასისთა იყო უფალ დურძუკ, ძე ტირეთისი. ეზრახნეს ესენი ექუსთავე ნათესავთა თარგამოსიანთა და ითხოვეს შუელაჲ ხაზართა ზედა.

ხოლო შეკრბეს ყოველნი ნათესავნი თარგამოსიანნი და გარდავლეს მთაჲ კავკასისაჲ და მოტყუენნეს ყოველნი საზღვარნი ხაზარეთისანი და აღაშენნეს ქალაქნი პირსა ხაზარეთისასა და წარმოვიდეს.

ამისა შემდგომად ხაზართა იჩინეს მეფე და დაემორჩილნეს ყოველნი ხაზარნი მეფესა მას, ჩინებულსა მათსა, და წარმოიძღუანეს იგი და გამოვლეს ზღჳსკარი და დარიალან, რომელსა აწ ჰქჳან დარუბანდი; და ვერ წინა-აღუდგეს თარგამოსიანნი, რამეთუ იყო სიმრავლე ურიცხჳ ხაზართაჲ, და წარტყუენნეს ქუეყანანი თარგამოსიანთანი და შემუსრნეს ყოველნი ქალაქნი არარატისა და მასისისა და ჩრდილოჲსანი. და დაურჩეს ციხე-ქალაქნი: თუხარისი, სამშჳლდე და მტუერისციხე, რომელ არს ხუნანი, შიდაქართლი და ეგრისი.

და ისწავეს ხაზართა ორნივე ესე გზანი, რომელ არს ზღჳსკარი, დარუბანდი, და არაგჳსკარი, რომელ არს დარიალან. და განამრავლეს ხაზართა გამოსლვაჲ და ტყუენვაჲ მათი, და ვერღარა წინააღუდგეს. მიერითგან იქმნნეს ესე ყოველნი თარგამოსიანნი მოხარკე ხაზართა.

ხოლო ოდეს პირველ გამოვიდა ხაზართა მეფე და მოტყუენნა ქუეყანანი, რომელნი ზემოჲთ დამიწერიან, და გარდავლო მთაჲ კავკასისაჲ, იყო მის თანა ძე მისი, სახელით უობოს. და ძესა მისსა მისცა ტყუე სომხითისა და ქართლისაჲ, და მისცა ქუეყანაჲ, კავკასისა ნაწილი, ლომეკის მდინარის დასავლით დასავლეთამდე მთისა

და დაეშენა უობოს. და მათნი ნათესავნი არიან ოვსნი. და იგი არს ოვსეთი, რომელი ნაწილი იყო კავკასისა. ხოლო დურძუკ, რომელი უწარჩინებულეს იყო შვილთა შორის კავკასისთა, მივიდა და დაჯდა ნაპრალსა შინა მთისასა, და უწოდა სახელი თჳსი დურძუკეთი, და მისცემდა ხარკსა მეფესა ხაზართასა. ხოლო მასვე გზობასა მისცა მამის ძმისწულსა მისსა ხაზართა მეფემან ნაწილი ლეკანისი აღმოსავალით, ზღჳთგან დარუბანდისით, მდინარემდე ლომეკისა, და მისცა ტყუე რანისა და მოვაკნისაჲ. და დაეშენა იგი მუნ, რომელი ნაწილი იყო ლეკანისი. ხოლო ხოზონიხ, რომელ უწარჩინებულეს იყო ნათესავთა შორის ლეკანისთა,

მივიდა და დაჯდა ნაპრალსა შინა მთისასა, აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თჳსი ხოზანახეთი.

და გარდაჴდეს მას შინა ჟამნი მრავალნი. და ესე ყოველნი ნათესავნი იყვნეს მოხარკე ხაზართა. მიერითგან განძლიერდეს სპარსნი მზისა აღმოსავლითგან, ნათესავნი ნებროთისნი.

და გამოჩნდა ნათესავთა შორის ნებროთისთა კაცი ერთი გმირი, რომლისა სახელი აფრიდონ, რომელმან შეკრა ჯაჭჳთა ბევრასფ, გუელთა უფალი, და დააბა მთასა ზედა, რომელ არს კაცთა შეუვალი. ესე, ვითარ წერილ არს ცხორებასა სპარსთასა, აფრიდონ ეუფლა ყოველსა ქუეყანასა სპარსთასა, რომელთამე ქუეყანათა შეჰგზავნნა ერისთავნი, ჴელადნი მისნი, და რომელიმე ქუეყანაჲ მოხარკეყო. ამან წარმოჰგზავნა ერისთავი მისი სპითა დიდითა, რომელსა სახელი ერქუა არდამ, შვილი ნებროთის ნათესავთაჲ. მოვიდა ქართლად და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და ციხენი ქართლისანი, და მოსრა ყოველი, რაოდენი ხაზარი პოვა ქართლსა შინა. ამან აღაშენა ქალაქი ზღჳსკარს და უწოდა სახელი დარუბანდი, რომელი ითარგმანების „დაჴშა კარი“. და მანვე მოზღუდა მცხეთაჲ ქალაქი ქვითკირითა. და აქამომდე არა იყო ქართლსა შინა საქმე ქვითკირისაჲ. ამის გამო დაისწავლეს ქვითკირი.

ამანვე არდამ მოჰკიდა კირით ზღუდე ციხესა არმაზისსა და აქაჲთ მტკუარამდის, წარმოზღუდა ცხჳრი არმაზისი ვიდრე მტკუარამდე.

და ერისთვობდა აფრიდონ მრავალთა წელთა. ხოლო ოდეს განუყო აფრიდონ ყოველი ქუეყანაჲ სამთა ძეთა მისთა, მაშინ, რომელსა ძესა მისცა სახლად სპარსეთი, მასვე ხუდა წილად ქართლი, რომელსა სახელად ერქუა იარედ

ხოლო შემდგომად არდამ ერისთვისა გარდაიცვალნეს დ˜ ერისთავნი. მიერითგან უცალო იქმნეს ძენი აფრიდონისნი, რამეთუ იწყეს ბრძოლად ურთიერთას, და მოკლეს ორთა ძმათა იარედ, ძმაჲ მათი.

მაშინ პოვეს ჟამი მარჯუე ქართლოსიანთა, ხოლო ეგრისწყალს ქუემოჲთ დარჩა ბერძენთა, რამეთუ მკჳდრნი მის ადგილისანი ეზრახნეს ოვსთა და გარდამოიყვანეს ოვსნი,

და პოვეს ერისთავი სპარსთაჲ ველსა გარე, და კნისობდა, და მოკლეს იგი. და რომელი პოვეს სპარსი, ყოველი მოსწყჳდეს ოვსთა და ქართველთა, და განთავისუფლდეს ქართველნი, ხოლო რანი და ჰერეთი დარჩა სპარსთა. და შემდგომად ამისა მრავალთა წელიწადთა კუალად განძლიერდეს სპარსნი, და განდიდნა მეფე სპარსთაჲ, რომელსა ერქუა ქეკაპოს. ხოლო მას ჟამსა იყო ვინმე ლეკეთს კაცი მგრძნებელი, ნათესავი ზანიზიხისი. და მან გრძნებითა თჳსითა დააბრმო ქეკაპოს მეფე და სპაჲ მისი, და ვერ შევიდა ლეკეთს, უკუმოიქცა და მაშინღა განუნათლდა თუალები. ამან კუალად მოხარკე-ყვნა ქართველნი და წარვიდა კუალად.

[შემდგომად] ამისა რაოდენთამე წელიწადთა მოვიდა ამბავი, ვითარმედ მოსე განვლო ზღუაჲ ისრაელთაჲ და იზრდებიან იგინი უდაბნოსა მანანაჲთა. განკჳრდეს ყოველნი და მათ ყოველთა წარმართთა აქეს ღმერთი ისრაელთაჲ.

და შემდგომად ამისა რაოდენთამე წელიწადთა უცალო იქნა ქეკაპოს, მეფე სპარსთაჲ, რამეთუ იწყო ბრძოლა თურქთა. პოვეს ჟამი მარჯუე სომეხთა და ქართველთა, და განუდგეს სპარსთა და განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი მათნი, და შეერთნეს ყოველნი ნათესავნი თარგამოსიანნი.

შემდგომად ამისა რაოდენთამე წელიწადთა გამოგზავნა ქეკაპოს, სპარსთა მეფემან, ძე მისი, რომელსა ერქუა ფარბოროტ, სპითა დიდითა სომეხთა და ქართველთა და ყოველთა თარგამოსიანთა ზედა. ხოლო შეკრბეს ყოველნი თარგამოსიანნი, მიეგებნეს და ეწყვნეს ადარბადაგანს, სძლეს და იოტეს ფარბოროტ, და მოსრეს სპაჲ მისი.

შემდგომად ამისა მცირედთა წელთა კუალად გამოგზავნა ამანვე ქეკაპოს ძმისწული მისი, ძე შიოშ ბედნიერისაჲ, რომელი მოიკლა თურქეთს, ვითარცა წერილ არს წიგნსა სპარსთა ცხორებისასა.

წარმოემართა ესე ძე შიოშისი, სახელით ქაიხოსრო, და ვერ წინააღუდგეს მას სომეხნი და ქართველნი, რამეთუ დიდი იყო ძალი მისი, მოვლო ყოველი სომხითი და ქართლი, მოტყუენა ყოველივე, იავარ-ყვნა ყოველნი ციხენი და ქალაქნი, და დაუტევნა ერისთავნი, და აღაშენა ადარბადაგანს სახლი სალოცველი სჯულისა მათისაჲ, და წარვიდა.

და შემდგომად ამისა რაოდენთამე წელიწადთა უცალო იქმნა ქაიხოსრო მეფე, და იწყო ბრძოლად თურქთა და ეძიებდა სისხლსა მამისა მათისასა. და პოეს ჟამი სომეხთა და ქართველთა, განუდგეს სპარსთა, და მოსრნეს ერისთავნი სპარსთანი და განთავისუფლდეს.

მასვე ჟამსა მოვიდეს თურქნი, ოტებულნი მისვე ქაიხოსროჲსგან, გამოვლეს ზღუაჲ გურგანისი, აღმოჰყვეს მტკუარსა, და მოვიდეს მცხეთას სახლი ოცდარვაჲ და ეზრახნეს მამასახლისსა მცხეთისასა, აღუთქუეს შეწევნაჲ სპარსთა ზედა. ხოლო მამასახლისმან მცხეთელმან აუწყა ყოველთა ქართველთა, ინებეს დამეგობრებაჲ მათ თურქთა, რამეთუ აქუნდა შიში სპარსთაჲ, და შემწეობისათჳს დაიმეგობრნეს თურქნი იგი გამოსხმულნი და განიყვნეს ყოველთა ქალაქთა შინა. ხოლო უმრავლესნი მათგანნი მოვიდეს და პოვეს ადგილი ერთი მცხეთას, დასავალით კერძო, კლდეთა შორის გამოკუეთილი ღრმაჲ, და მოითხოვეს ადგილი იგი მცხეთელთა მამასახლისისაგან, მისცა და აღაშენეს იგი და მოზღუდეს მტკიცედ. და ეწოდა მას ადგილსა სარკინე. და იყვნეს ესე თურქნი და ქართველნი ნებისმყოფელ ერთმანერთისა, მოელოდეს მოსლვასა სპარსთასა, და ამაგრებდეს ციხეთა და ქალაქთა.

მას ჟამსა, სადაჲთცა ვინ მოვიდის ძჳრისმოქმედთაგანი - საბერძნეთით, გინა ასურეთით, გინა ხაზარეთით - ოტებული, ყოველნივე დაიმეგობრნიან ქართველთა შემწეობისათჳს სპარსთა ზედა.

და გამოჴდეს ამას შინა ჟამნი მრავალნი. მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ჰურიანი მოვიდეს ქართლს და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანაჲ ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქჳან ზანავი, და რომელი ქუეყანაჲ აქუნდა მათ ხარკითა, აწ ჰქჳან ხერკ ხარკისა მისთჳს.

აქამომდის ქართლოსიანთა ენაჲ სომხური იყო, რომელსა ზრახვიდეს. ხოლო ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხუნი ნათესავნი ქართლსა შინა, მაშინ ქართველთაცა დაუტევეს ენაჲ სომხური. და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენაჲ ქართული. და იპყრეს სჯული უბოროტესი ყოველთა ნათესავთაჲ, რამეთუ ცოლქმრობისათჳს არა უჩნდა ნათესავობაჲ და ყოველსა ნათესავსა სულიერსა ჭამდეს, საფლავი არა იყო და მკუდარსა შესჭამდეს.

შემდგომად ამისა რაოდენთამე წელიწადთა აღმოვიდა ძე სპარსთა მეფისა ვაშტაშაბისი, სახელით სპანდიატ რვალი, გოლიათი და სახელოვანი. ხოლო ვერ წინა-აღუდგეს სომეხნი და ქართველნი, არამედ განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი და მოელოდეს მოსლვასა მისსა.

ხოლო მოვიდა რაჲ იგი ადარბადაგანს, ეწია ამბავი სპარსთა, რამეთუ მოკლეს მამაჲ მისი თურქთა, და შემოვიდეს თურქნი სპარსეთად. მაშინ დაუტევა სპანდიატ ბრძოლაჲ სომეხთა და ქართველთაჲ, შეიქცა თურქთა ზედა ძიებად სისხლსა მამისა მისისასა; და განთავისუფლდეს სომეხნი და ქართველნი.

შემდგომად ამისა რაოდენთამე წელიწადთა მეფე იქმნა სპარსეთს ძე სპანდიატისი, რომელი არს სახელით ბაჰრამ, რომელი იცნობების არდაშირობით. ესე განდიდნა უფროჲს ყოველთა მეფეთა სპარსთაჲსა. ამან დაიპყრა ბაბილოვანი და ასურეთი, მოხარკე-ყვნა ბერძენნი და ჰრომნი. და მაშინ ქართველნი მოხარკე იყვნეს მისდავე. და იყვნეს ქართლსა ესრეთ აღრეულ ესე ყოველნი ნათესავნი. და იზრახებოდა ქართლსა შინა ექუსი ენაჲ: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძული. ესე ენანი იცოდეს ყოველთა მეფეთა ქართლისათა, მამათა და დედათა.

თავი, შემოსლვაჲ ალექსანდრესი

ესე ალექსანდრე გამოჩნდა ქუეყანასა საბერძნეთისასა, ქუეყანასა, რომელსა ჰქჳან მაკედონი, ძე კაცნობისი, მეგჳპტელისაჲ, ვითარცა წერილ არს ჰამბავი მისი წიგნსა ბერძენთასა.

ამან ალექსანდრე დაიპყრნა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი. ესე გამოვიდა დასავალით და შევიდა სამხრით, შემოვიდა ჩრდილოჲთ, გარდამოვლნა კავკასნი და მოვიდა ქართლად და პოვნა ყოველნი ქართველნი უბოროტეს ყოველთა ნათესავთა სჯულითა, რამეთუ ცოლ - ქმრობისა და სიძვისა თჳსობა უჩნდა, ყოველსა სულიერსა ჭამდეს, მკუდარსა შესჭამდეს.

და უკჳრდა ესე ალექსანდრეს, რამეთუ არარომელნი ნათესავნი იქმოდეს ამას. და პოვნა ციხე-ქალაქნი ესე ძლიერნი შუაქართლს: წუნდაჲ, ხერთვისი მტკუარისაჲ, ოძრჴე, მოკიდებული კლდესა ღადოჲსასა, თუხარისი მდინარესა ზედა სპერისასა, რომელსა ჰქჳან ჭოროხი, ურბნისი, კასპი და უფლისციხე, ქალაქი დიდი მცხეთაჲ და უბანნი მისნი: სარკინე და ციხედიდი, ზანავი, უბანი ჰურიათაჲ, და რუჲსთავი და დედაციხე, სამშჳლდე და მტუერისციხე, რომელ არს ხუნანი, და კახეთისა ქალაქნი.

ამათ ყოველთა ციხე-ქალაქთა შინა პოვნა კაცნი სასტიკად მბრძოლნი, და განყო ლაშქარი მისი, და ყოველთა ამათ ციხე-ქალაქთა გარემოადგინნა. და თჳთ დადგა მცხეთას და დაუდგინნა ლაშქარნი იმიერ და ამიერ, ზემოჲთ და ქუემოჲთ. და თჳთ დადგა ქსანს ზედა, ადგილსა, რომელსა ჰქჳან ნასტაგისი. მტუერისციხეს და თუხარისსა არა ჰბრძოდა, რამეთუ ვერ შეუძლებდა დაპყრობად. ხოლო სხუანი ესე ციხენი და ქალაქნი დაიპყრნა ექუს თუე.

ხოლო სარკინელთა ბუნთურქთაგანთა აგინეს მეფესა, განუწყრა ალექსანდრე და არღარა ინება ზავი, ვედრებაჲ მათი და ჰრქუა მათ: „ვინაჲთგან მაგინეთ მე, ესე არს ნაწილი თქუენი, რაჲთა დაგჴოცნე ყოველნი“. და მოიცვა ქალაქი სარკინე და ვერასადაჲთ განეპარა ერთიცა კაცი.

ხოლო სარკინელთა შესჭირდა, რამეთუ ჰბრძოდა ათერთმეტ თუე, იწყეს ფარულად კლდესა კაფაჲ და განჴურიტეს კლდე იგი, რომელი ლბილ იყო და ადვილად საჴურეტელი, და განკრბეს ჴურელსა მას სარკინელნი ღამე და შეივლტოდეს კავკასიად და დაუტევეს ცალიერად ქალაქი.

დაიპყრა ალექსანდრე ყოველი ქართლი და მოსრნა ყოველნი იგი ნათესავნი აღრეულნი, ქართლს მყოფნი, და უცხონი იგი ნათესავნი მოსრნა და დატყუევნა დედანი და ყრმანი უცებნი, ათხუთმეტისა წლისა უმცროჲსნი. და დაუტევნა ნათესავნი ქართლოსიანნი, და დაუტევა მათ ზედა პატრიკად, სახელით აზონ, ძე იარედოსისი, ნათესავი მისი, ქუეყანით ჰრომით, რომელსა ჰქჳან ფროტათოს. ესე ფროტათოსელნი იყვნეს კაცნი ძლიერნი და მჴნენი და ეკირთებოდეს ქუეყანასა ჰრომისასა. და მოიყვანნა ქართლად, და მისცნა აზონს პატრიკსა. და დაუტევა აზონ ქართლს ერისთვად და მის თანა სპანი იგი მპყრობელად ქართლისა.

და უბრძანა ალექსანდრე აზონს, რაჲთა პატივ-სცემდენ მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა ხუთთა, და ჰმსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა; რამეთუ მას ჟამსა არა იყო წინასწარმეტყუელი და მოძღუარი სჯულისა ჭეშმარიტისაჲ, რომელმანმცა ამხილა, არამედ თჳთ მოიგონა სჯული ესე ალექსანდრე მეფობასა შინა მისსა, ყოველსა ქუეყანასა სჯული ესე დაუდვა, და წარვიდა ალექსანდრე.

ხოლო ამან აზონმან მოარღჳვნა ზღუდენი ქალაქსა მცხეთას საფუძველითურთ, და დაუტევნა ოთხნი იგი ციხენი, რომელნი მოსდგმიდეს პირსა ქართლისასა: თავადი ციხე, რომელ არს არმაზი, და ერთი ციხე დასასრულსა არმაზისისა და ციხე ერთი თავსა ზედა მცხეთისასა, მეოთხე ციხე დასავლით მცხეთაჲ, მტკუარსა ზედა. და ესენი მოიმტკიცნა და განავსნა იგინი ლაშქრითა. და ყოველთა ქართლისა ქალაქთა და მოარღჳვნა ზღუდენი და დაიპყრნა ყოველნი საზღვარნი ქართლისანი ჰერეთითგან და ბერდუჯითგან ვიდრე ზღუადმდე სპერისა. და დაიპყრა ქართლსა ზედა ეგრისიცა, და მოხარკე ყვნა ოვსნი, ლეკნი და ხაზარნი.

და ვითარ წარვიდა ალექსანდრე ეგჳპტედ და ვითარცა აღაშენა ქალაქი ალექსანდრიაჲ, და თორმეტ წლამდის მოვლო ყოველი ქუეყანაჲ, და ათორმეტსა წელსა შინა დაეპყრნეს ყოველნი კიდენი ქუეყანისანი, და მეთორმეტესა წელსა ალექსანდრიასა შინა მოკუდა იგი. და ვითარ მოკუდებოდა იგი, სიცოცხლესავე შინა მისსა განუტევნა ყოველნი მთავარნი,

რომელნი დამონებულ იყვნეს მისგან. და იგინი წარვიდეს თჳს-თჳსად ქუეყანად. და მოიყვანნა ოთხნი კაცნი, ტომნი მისნი, რომელნი იყვნეს სახელით: ანტიოქოს, ჰრომოს, ბიზინტიოს და პლატონ. და მისცა ანტიოქოსს ასურასტანი და სომხითი და კერძოჲ აღმოსავლეთისაჲ უჩინა მას. და მან აღაშენა ქალაქი სახელითა მისითა ანტიოქიაჲ, ხოლო ჰრომოსს მისცა თრიმიკოსი და უჩინა კერძოჲ დასავალისაჲ. და მან აღაშენა ქალაქი ჰრომი. და ბიზინტიოსს მისცა საბერძნეთი და ქართლი, და უჩინა კერძოჲ ჩრდილოჲსაჲ. და მოუწერა წიგნი - ანდერძი აზონ პატრიკსა, ერისთავსა ქართლისასა, რაჲთა ჰმსახურებდეს იგი ბიზინტიოსს. და მან აღაშენა ქალაქი ბიზინტიაჲ, რომელსა აწ ჰქჳან კოსტანტინეპოლე. ხოლო პლატონ დაუტევა ალექსანდრიას.

და ვითარცა მოკუდა ალექსანდრე, ამან აზონ დაუტევა სჯული, ალექსანდრეს მოცემული, იწყო კერპთმსახურებად, და შექმნნა ორნი კერპნი ვეცხლისანი - გაცი და გაიმ. და ჰმონებდა იგი ბიზინტიოსს, მეფესა ბერძენთასა, და იყო კაცი ძნელი და მესისხლე. და ესე დააწესა და ამცნო სპათა მისთა, ვითარმედ: „ყოველმან ქართველმან, რომელმან პოვოს საჭურველი, მოკალთ იგი!“ და ჰყოფდეს ესრეთ ჰრომნი ქართველთა ზედა. და ვინცა-ვინ გამოჩნდის ქართველთაგანი ქმნულკეთილი და ჰასაკოვანი, მოკლიან. და იყო ჭირი დიდი ნათესავსა ზედა ქართველთასა.

და ესე აზონ მათ ჰრომთაცა ზედა იყო მესისხლე და მოესრნეს მათგანნი მრავალნი.

ცხოვრებაჲ ფარნავაზისი, რომელი იყო პირველი მეფე ქართლისაჲ

მას ჟამსა შინა იყო ჭაბუკი ერთი მცხეთას ქალაქსა შინა, რომელსა ერქუა სახელი ფარნავაზ. ესე ფარნავაზ იყო მამულად ქართველი, ნათესავი უფლოს მცხეთოსის ძისაჲ, და დედულად სპარსი ასპანელი. და იყო იგი ძმისწული სამარისი, რომელი მოსლვასა მას ალექსანდრესსა მცხეთელ მამასახლისი ყოფილ იყო. ესე სამარ და ძმაჲ მისი, მამაჲ ფარნავაზისი, მოკლულ იყო ალექსანდრესგან. ხოლო დედასა ფარნავაზისსა წარეყვანა ფარნავაზ, სამისა წლისა ყრმაჲ, და შევლტოლილ იყო კავკასიად, და მუნ აღზრდილ იყო; და მოსრულ იყო მცხეთასა, მამულსა თჳსსა.

ხოლო ესე ფარნავაზ იყო კაცი გონიერი, მჴედარი შემმართებელი და მონადირე ჴელოვანი, და იმალვიდა იგი სიკეთესა თჳსსა აზონის შიშისაგან, ხოლო მონადირებითა იქმნა მეცნიერ აზონისა და შეიყუარა იგი აზონმან მონადირობისათჳს. ევედრებოდა ფარნავაზს დედაჲ მისი: „შვილო ჩემო, ეკრძალე აზონს და ნურას იჩინებ თავისა შენისა სიკეთესა, ნუუკუე მოგკლან შენ“. და იყო შიში და ძრწოლაჲ მის ზედა.

და ვითარ განმრავლდა შიში აზონისი მათ ზედა, ჰრქუა ფარნავაზს: „შვილო ჩემო, დაუტევე საყოფელი მამათა შენთაჲ და წარმიყვანე მამულსა ჩემსა, ასპანს, ძმათა ჩემთა თანა, და განერე შენ ცოცხალი ჴელისაგან აზონისა“. და დაამტკიცეს განზრახვაჲ ესე - წარსლვაჲ ასპანს. ჭირ უჩნდა ფარნავაზს დატევებაჲ საყოფელსა მამათა მისთასა, არამედ შიშისათჳს დიდისა დაამტკიცა წარსლვაჲ.

მაშინ იხილა ფარნავაზ სიზმარი, რეცა იყო იგი სახლსა შინა უკაცურსა და ეგულვებოდა განსლვაჲ და ვერ განვიდა. მაშინ შემოვიდა სარკუმელსა მისსა შუქი მზისაჲ და მოერტყა წელთა მისთა, განიზიდა და განიყვანა სარკუმელსა მას. და ვითარ განვიდა ველად, იხილა მზე ქუემდებარედ, მიყო ჴელი მისი, და მოჰჴოცა ცუარი პირსა მისსა

და იცხო პირსა მისსა. განიღჳძა ფარნავაზ და განუკჳრდა სიზმარი იგი და თქუა: „სიზმარი იგი ესე არს: მე წარვალ ასპანს და მუნ კეთილსა მივეცემი“.

ხოლო მას დღესა შინა განვიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო, და დევნა უყო ირემთა ველსა დიღმისასა. და ივლტოდეს ირემნი ღირღალთა შინა ტფილისისათა, მისდევდა ფარნავაზ, სტყორცა ისარი, ჰკრა ირემსა, და მცირედ წარვლო ირემმან და დაეცა ძირსა კლდისასა. მივიდა ფარნავაზ ირემსა ზედა, და დღე იგი იყო მწუხრი, გარდაჰჴდა და დაჯდა ირემსა მას თანა, რაჲთამცა დაყო მუნ ღამე იგი და დილეულმცა წარვიდა.

ხოლო კლდისა მის ძირსა ქუაბი იყო, რომლისა კარი აღმოქმნულ იყო ქვითა ძუელად, და შეჰქმნოდა დარღუევაჲ შენებულსა მას. მაშინ დაასხა წჳმაჲ მძაფრი, ხოლო ფარნავაზ აღმოიღო ჩუგლუგი და გამოარღჳა კარი ქუაბისაჲ მის, რაჲთამცა მუნ შიგა დაიმშრალა წჳმისა მისგან. და შევიდა ქუაბსა მას და იხილა მუნ შინა განძი მიუწდომელი და სამსახურებელი - ოქროჲ და ვეცხლი მიუწდომელი. მაშინ ფარნავაზ განკჳრდა, და აღივსო სიხარულითა, და მოეგონა სიზმარი იგი, და დაჰკრძალა კარი ქუაბისაჲ ეგრეთვე. მსწრაფლ წარმოვიდა და უთხრა დედასა თჳსსა და ორთა დათა მისთა. მასვე ღამესა წარმოვიდეს სამნივე იგი საჴედრებითა და ჭურჭლებითა, და იწყეს გამოღებად განძისა მის და დაფლვად სიმარჯუესა თჳსსა. და ვითარ განთენდებოდის, კუალად ეგრეთვე აღმოქმნიან კარი ქუაბისაჲ მის. და ესრეთ გამოკრიბეს განძი იგი ხუთ ღამე, და დაიგულეს სიმარჯუესა მათსა მრავალგან.

მაშინ ფარნავაზ წარგზავნა მონაჲ თჳსი ქუჯის თანა და ჰრქუა: „მე ვარ ნათესავი უფლოსისი, მცხეთოსის ძისა და ძმისწული სამარა მამასახლისისაჲ, და არს ჩემ თანა ხუასტაგი დიდძალი. აწ უკუეთუ ინებო, რაჲთა მოვიდე შენ თანა და ვიყვნეთ ჩუენ ძმა, და ვიჴმაროთ ჩუენ ხუასტაგი იგი ორთავე, და გამოუჩნდეთ მტერად აზონ ერისთავსა, და სუემან ჩუენმან გუცეს ჩუენ ძლევაჲ კეთილი“. მაშინ განიხარა ქუჯი სიხარულითა დიდითა და ჰრქუა: „აღდეგ და მოვედ ჩემ თანა, და ნუ ჰშურობ ხუასტაგსა შენსა, და ხუასტაგითა შენითა განგიმრავლნე სპანი შენნი, ვიდრე გამოვჩნდეთ მტერად აზონისა. მაშინ განიხარონ ყოველთა ქართველთა, აწყუედილთა მისგან და მიწყუდეულთა. და ვჰგონებ, რომელ ჰრომთა მათგანნიცა გამოგუერთნენ, რამეთუ ურიცხუნი აწყუედილ არიან მათგანნიცა აზონისგან“.

მაშინ ფარნავაზ ფარულად წარვიდა სიხარულითა და, რომელი შესაძლებელ იყო, განძისა მისგან წარიტანა თანა, და დედაჲცა და დანი მისნი მის თანა, და მივიდა ქუჯის თანა. და ჰრქუა მას ქუჯი: „შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათაჲ, და შენ გმართებს უფლებაჲ ჩემი. აწ ნუ ჰშურობ ხუასტაგსა შენსა, რაჲთა განვამრავლნეთ სპანი შენნი. და უკუეთუ მოგუეცეს ძლევაჲ, შენ ხარ უფალი ჩემი, და მე ვარ მონაჲ შენი“.

მაშინ შეიერთნეს და ეზრახნეს ოვსთა და ლეკთა, ხოლო მათ განიხარეს, რამეთუ არა სთნდა ხარკისა მიცემაჲ აზონისა, და გამოყვეს ოვსნი და ლეკნი, და განიმრავლნეს სპანი ეგრისით. და შეკრბეს ურიცხუნი სპანი და მოჰმართეს აზონს, ხოლო აზონმან მოუწოდა სპათა თჳსთა და შემოკრიბნა.

მაშინ ათასი მჴედარი რჩეული ჰრომთა მათგანი, რომელთა ბოროტი წარჰკიდებოდა აზონისგან, განუდგეს აზონს და მოვიდეს წინაშე ფარნავაზისა. მაშინ ყოველნი ქართველნი განუდგეს აზონს, ხოლო სპანი, რომელ დარჩეს, ვერღარა მიენდო მათ, რამეთუ ყოველთა ზედა ბოროტისმოქმედ იყო. წარვიდა აზონ და მივიდა კლარჯეთს, და განმაგრდა იგი სიმაგრეთა შინა კლარჯეთისათა. ხოლო მოვიდა ფარნავაზ მცხეთას, და დაიპყრნა ოთხნი იგი ციხენი მცხეთისანი და მასვე წელიწადსა შინა დაიპყრა ყოველი ქართლი თჳნიერ კლარჯეთისა.

ამან ფარნავაზ წარავლინნა მოციქულნი წინაშე მეფისა ანტიოქოს ასურასტანისასა, და წარსცა ძღუენი დიდძალი, და აღუთქუა მას მსახურებაჲ, და ითხოვა მისგან შეწევნაჲ. ბერძენთა ზედა. ხოლო ანტიოქოს შეიწყნარა ძღუენი მისი და უწოდა შვილად თჳსად, და წარმოსცა გჳრგჳნი, და უბრძანა ერისთავთა სომხითისათა, რაჲთა შეეწეოდიან ფარნავაზს.

ხოლო წელსა მეორესა აზონ მოირთნა სპანი საბერძნეთით, განძლიერდა ფრიად და მოჰმართა ფარნავაზს. ხოლო ფარნავაზს განემრავლნეს ქართველნი მჴედარნი, მოუწოდა მათ და უჴმო ქუჯის და ოვსთა. და შეკრბეს ესე ყოველნი და მოერთნეს ერისთავნი ანტიოქოსისნი სომხითით. და ესე ყოველნი შეკრიბნა ფარნავაზ და მიეგება ნაქალაქევსა თანა არტანისასა, რომელსა ერქუა მაშინ ქაჯთა ქალაქი, რომელ არს ჰური. და ეწყვნეს მუნ და იქმნა ბრძოლაჲ დიდძალი, და მოსწყდეს ორგნითვე ურიცხუნი. ხოლო იძლივნეს ბერძენნი ფარნავაზისგან და ივლტოდა ბანაკი მათი. და მოკლეს აზონ, და ურიცხუნი სპანი მათნი მოსრნეს და ტყუე ქმნნეს.

და წარვიდა ფარნავაზ და მოტყუენა საზღვარი საბერძნეთისა ანძიანძორისაჲ და ეკელეცით შემოიქცა, მოვიდა კლარჯეთს, დაიპყრა კლარჯეთი და წარმოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა, ხოლო სიმდიდრესა ზედა მისსა დაერთო ხუასტაგი აზონისიცა; და იქმნა სიმდიდრე გარდარეული ფარნავაზს.

ხოლო ეგრისწყალს ქუემოჲთ დარჩა ბერძენთა, რამეთუ მკჳდრთა მის ადგილისათა არა ინებეს განდგომა ბერძენთა.

მაშინ ფარნავაზ მისცა დაჲ მისი ოვსთა მეფესა ცოლად, და მეორე დაჲ მისი მისცა ქუჯის ცოლად. და მისცა [ქუჯის] ქუეყანაჲ ეგრისწყალსა და რიონსა შუა, ზღჳთგან მთამდე, რომელსა შინა არს ეგრისი და სუანეთი, და დაამტკიცა ერისთავად მუნ. და მან ქუჯი აღაშენა ციხე გოჯი.

მაშინ ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა მისთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა, და განამრავლნა ყოველნი მჴედარნი ქართლოსიანნი, განაწესნა ერისთავნი რვანი და სპასპეტი. ერთი გაგზავნა მარგჳს ერისთავად და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუადმდე რიონს ზემოჲთ. და ამანვე ფარნავაზ აღაშენნა ორნი ციხენი: შორაპანი და დიმნაჲ.

და გაგზავნა ერთი კახეთისა ერისთავად და მისცა არაგჳთგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი.

ერთი გაგზავნა ხუნანისა ერისთავად და მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი.

ერთი გაგზავნა სამშჳლდისა ერისთავად და მისცა სკჳრეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი.

ერთი გაგზავნა წუნდისა ერისთავად, და მისცა ფანავარითგან ვიდრე თავადმდე მტკუარისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლაჲ და არტანი.

ერთი გაგზავნა ოძრჴის ერისთავად, და მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტისთავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარაჲ.

ერთი გაგზავნა კლარჯეთისა ერისთავად და მისცა არსიანთითგან ზღუამდე. და ქუჯი იყო ერისთავი ეგრისისაჲ.

ხოლო ერთი დაადგინა სპასპეტად, და მისცა ტფილისითგან და არაგჳთგან ვიდრე ტასისკრამდე და ფანავარადმდე, რომელ არს შიდა ქართლი. და ესე სპასპეტი იყო ყოვლადვე წინაშე მეფისა და მთავრობით განაგებდის ყოველთა ერისთავთა ზედა. ხოლო ამათ ერისთავთა ქუეშე, ადგილთა და ადგილთა, განაჩინნა სპასალარნი და ათასისთავნი, და მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეფოჲ და საერისთვოჲ.

ესრეთ განაწესა ესე ყოველი ფარნავაზ მიმსგავსებულად სამეფოჲსა სპარსთაჲსა. და ვერღარა იძიეს შური ბერძენთა მის ზედა, რამეთუ უცალო იყვნეს ბერძენნი ბრძოლისაგან ჰრომთაჲსა.

ამან ფარნავაზ მოზღუდა ქალაქი მცხეთაჲ მტკიცედ და ყოველნი ქალაქნი და ციხენი ქართლისანი, მოოჴრებულნი ალექსანდრესგან, ამან აღაშენნა.

და ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თჳსსა, ესე არს არმაზი, და ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქუა; აღჰმართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა, და მიერითგან ეწოდა არმაზი კერპისა მისთჳს, და ქმნა სატფურებაჲ დიდი კერპისა მისთჳს აღმართებულისა.

ოცდაშჳდისა წლისა მეფე იქმნა და სამეოცდახუთ წელ მეფობდა ნებიერად და ჰმსახურებდა იგი ანტიოქოსს, მეფესა ასურასტანისასა, და ყოველნი დღენი მისნი, რაჲ დაჯდა, მშჳდობით დაყვნა, და აღაშენა და განავსო ქართლი.

ხოლო თუენი გაზაფხულისა და სთულისა და არისანი დაყვნის მცხეთას, სამეუფოსა ქალაქსა, და თუენი ზამთრისანი დაყვნის გაჩიანთა, ხოლო თუენი ზაფხულისანი - წუნდას, და ჟამითი ჟამად მივიდის ეგრისს და კლარჯეთს და მოიკითხნის მეგრელნი და კლარჯნი და განაგის ყოველი საქმე დაშლილი.

ხოლო იგი ჰრომნი ათასნი მჴედარნი, რომელნი აზონისგან მოერთნეს ფარნავაზს, რომელი ზემოთ ვაჴსენეთ, იგინი განყვნა ჴევთა და ქუეყანათა შინა და იპყრნა იგინი კეთილად, რამეთუ ბრძოლასა მას აზონისსა მჴნედ იყვნეს, და უწოდა მათ სახელად აზნაურნი.

და რაჲთგან წარვიდა ალექსანდრე, არღარა ჭამდეს კაცსა თჳნიერ, რომელი შესწირიან კერპსა მსხუერპლად. და იყო განსუენებაჲ და სიხარული ყოველსა ქართლსა ზედა მეფობისათჳს ფარნავაზისა, და იტყოდეს ამას ყოველნი: „ვჰმადლობთ სუესა ჩუენსა, რამეთუ მოგუცა ჩუენ მეფე ნათესავთაგან მამათა ჩუენთაჲსა და აღგუეჴადა ხარკი და ჭირი უცხოთა ნათესავთაგან“.

და ესე ყოველი აღასრულა ფარნავაზ სიბრძნითა და სიქველითა და სიმჴნითა და სიმდიდრითა, ესუა ძე და უწოდა სახელი საურმაგ.

და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენაჲ ქართული და არღარა იზრახებოდა სხუაჲ ენაჲ ქართლსა შინა თჳნიერ ქართულისა, და ამან შექმნა მწიგნობრობაჲ ქართული.

და მოკუდა ფარნავაზ და დაფლეს წინაშე არმაზისა კერპისა. და მის წილ მეფე იქმნა ძე მისი, საურმაგ.

მას ჟამსა შინა ზრახვა-ყვეს ერისთავთა ქართლისათა და თქუეს: „არა კეთილ არს ჩუენდა, რაჲთამცა ვჰმსახურებდეთ ნათესავსა ჩუენსა, არამედ ვიყვნეთ ერთად, და მოვკლათ ჩუენ საურმაგ და ვიყვნეთ ჩუენ თავისუფალ, ვითარცა ვიყვენით პირველ, და მივსცემდეთ ხარკსა, ვინცავინ გამოჩნდეს მძლე, რამეთუ ესრეთ ყოფითა უფროჲს განვისუენებთ“.

დაამტკიცეს განზრახვაჲ და მოკლვაჲ საურმაგისი. ხოლო იგრძნა საურმაგ და წარვიდა ფარულად, და ივლტოდა, და წარიტანა თანა დედაჲ მისი, და მივიდა დურძუკეთს დედისძმათა მისთა თანა.

მაშინ ჰრომთა იგი აზნაურნი წარვიდეს, და მივიდეს დურძუკეთსვე და ჰრქუეს საურმაგს: „დიდი კეთილი დგას ჩუენ ზედა მამისა შენისაჲ. ამისთჳს ვართ ჩუენ ერთგულებასა შენსა“.

მაშინ საურმაგ ეზრახა ოვსთა მეფესა, მამისა დისწულსა მისსა, და ითხოვა შეწევნაჲ. ხოლო იგი სიხარულით წარვიდა შუელად მისა. და საურმაგ შეკრიბა დურძუკეთიცა და წარმოემართა ქართველთა ზედა, და ვერვინ წინა-აღუდგა მას. და დაიპყრა ყოველი ქართლი და მოსრნა განდგომილნი მისნი, და რომელთამე შეუნდო, ხოლო დაამდაბლნა ქართლოსიანნი და წარჩინებულ ყვნა აზნაურნი, ხოლო განმრავლებულ ყვნა დურძუკნი, ნათესავნი კავკასისნი.

ხოლო ტყუენვასა მას ხაზართასა ყოველნივე მშჳდობით დარჩომილ იყვნეს სიმაგრისაგან ქუეყანისა, და ვერღარა იტევდა მათ დურძუკეთი. მაშინ ამან საურმაგ წარმოიყვანნა იგინი, ყოველთა კავკასისა ნათესავთა ნახევარნი, და რომელნიმე მათგანნი წარჩინებულ ყვნა, და სხუანი დასხნა მთიულეთს დიდოეთითგან ვიდრე ეგრისამდე, რომელ არს სუანეთი. და ესენი იპყრნა მისანდობელად თჳსად, დედულნი.

და დაჯდა საურმაგ მცხეთას მეფედ და უმატა ყოველთა სიმაგრეთა მცხეთისა და ქართლისათა, და მან შექმნნა ორნი კერპნი: აინინა და დანანა, და აჰმართნა გზასა ზედა მცხეთისასა. და ჰმსახურებდა იგი მეფესა ასურასტანისასა. და მოიყვანა ცოლი სპარსი, ასული ბარდაველისა ერისთვისაჲ, და ესხნეს მის თანა ორნი ასულნი, და არა ესუა ძე. მაშინ მოიყვანა სპარსეთით შვილი ნებროთის ნათესავთაგან, ცოლისა მისისა დედის დისწული, და დაიჭირა იგი შვილად, რომელსა ერქუა სახელი მირვან. და მისცა ასული თჳსი ცოლად, ქალაქი გაჩიანი და საერისთვოჲ სამშჳლდისაჲ. და მეორე ასული მისცა ძესა ქუჯისსა, მამისა დისწულსა მისსა.

მეფობდა საურმაგ ბედნიერად მრავალთა წელთა, და მოკუდა საურმაგ. და მეფე იქმნა მის წილ შვილი მისი მირვან.

ესე მირვან იყო ტანითა სრული, შუენიერი, ძლიერი, მჴნე და ქველი. ამისსა მეფობასა დურძუკთა დაივიწყეს სიყუარული ფარნავაზისი და საურმაგისი, და გარდამოვიდეს დურძუკეთს მყოფნი და გაერთნეს თანა ჭართალეთსა მსხდომნი კავკასიანნი, მოტყუენნეს კახეთი და ბაზალეთი. მაშინ მირვან მეფემან მოუწოდა ყოველთა ერისთავთა ქართლისათა, და შემოკრიბნა ყოველნი სპანი - მჴედარნი და ქუეითნი. და ყოველნი კავკასიანნი იყვნეს სარწმუნოდ მორჩილებასა მირვანისსა, რომელნი გარდამოვლინებულ იყვნეს საურმაგ მეფისა, თჳნიერ ჭართალთასა. შემოკრიბნა ესე ყოველნი და წარემართა დურძუკეთს, შეკრბეს დურძუკნი და დაუდგეს სიმაგრეთა ზედა გარდასავალთა გზასა მას. მაშინ მირვან გარდაჴდა ცხენისაგან, მივიდა ქუეითთა თანა თჳსთა და წარუძღუა წინა, ქუეითთა ზურგით შემოადგინნა მჴედარნი და მივიდა კართა მათ შინა, ვითარცა ჯიქი სიფიცხლითა, ვითარცა ვეფხი სიმჴნითა და ვითარცა ლომი ზახილითა.

იქმნა მათ შორის ბრძოლაჲ ძლიერი, ხოლო მირვანს ვერ ჰკუეთდა მახჳლი დურძუკთაჲ, ვითარცა კლდესა სიპსა, და დადგა უძრავად, ვითარცა კოშკი მტკიცე. და გაგრძელდა მათ შორის ბრძოლაჲ და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ. ხოლო იძლივნეს დურძუკნი და ივლტოდეს, მიუდგეს უკუანა ქართველნი, მოსრნეს და ტყუე ქმნეს.

და შევიდა მირვან დურძუკეთს, და მოაოჴრა დურძუკეთი და ჭართალი. და შეაბნა კარნი ქვითკირითა, და უწოდა სახელად დარუბალ.

და დაჯდა მირვან მცხეთას, და მეფობდა ნებიერად და უშიშად, იყო კაცი უხუად მიმნიჭებელი კეთილისაჲ. შეიყუარეს იგი ყოველთა მკჳდრთა ქართლისათა და ჰმსახურებდა იგი მეფესა ასურასტანელთასა.

ამის ზე მიიცვალა ანტიოქის მეფობაჲ ბაბილონს, და მას ჟამსა შინა მეფე იქმნა სომხითს, რომელსა ერქუა არშაკ. და ემზახა მირვან არშაკს, და მისცა ასული თჳსი ძესა არშაკისსა, არშაკს.

და მოკუდა მირვან და მეფე იქმნა მის წილ ძე მისი, ფარნაჯომ.

ამან ფარნაჯომ უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენებაჲ, და ამან აღაშენა ციხე ზადენი, და შექმნა კერპი, სახელით ზადენ, და აღჰმართა ზადენს, და იწყო შენებად კახეთს ქალაქსა ნელქარისასა, რომელ არს ნეკრესი.

ამისა შემდგომად შეიყუარა სჯული სპარსთაჲ, - ცეცხლისმსახურებაჲ, - მოიყვანნა სპარსეთით ცეცხლისმსახურნი და მოგუნი, და დასხნა იგინი მცხეთას, ადგილსა მას, რომელსა აწ ჰქჳან მოგუთაჲ, და იწყო ცხადად გმობად კერპთა. ამისთჳს მოიძულეს იგი მკჳდრთა ქართლისათა, რამეთუ დიდი სასოებაჲ აქუნდა კერპთა მიმართ.

მაშინ შეითქუნეს ერისთავნი ქართლისანი უმრავლესნი, და წარავლინეს მოციქული წინაშე სომეხთა მეფისა და ჰრქუეს: „მეფე ჩუენი გარდაჰჴდა სჯულსა მამათა ჩუენთასა, არღარა ჰმსახურებს ღმერთთა, მპყრობელთა ქართლისათა, და შემოიღო სჯული მამული, და დაუტევა სჯული დედული. აწ არღარა ღირს არს იგი მეფედ ჩუენდა. მოგუეც ძე შენი არშაკ, რომელსა უზის ცოლად ნათესავი ფარნავაზიანთა, მეფეთა ჩუენთაჲ, გუაშუელე ძალი შენი და ვაოტოთ ფარნაჯომ, შემომღებელი ახლისა სჯულისაჲ. და იყოს მეფედ ჩუენდა ძე შენი არშაკ და დედოფლად ჩუენდა - ცოლი მისი, შვილი მეფეთა ჩუენთაჲ“.

მაშინ სთნდა სომეხთა მეფესა განზრახვაჲ ესე, გაგზავნა მოციქული მათი პასუხითა კეთილითა და ჰრქუა მათ: „უკუეთუ ჭეშმარიტად უბიწოჲთა გულითა გნებავს მეფედ თქუენდა ძე ჩემი, თქუენ, ყოველთა ერისთავთა, მომეცით მე მძევალი და მიგცე ძე ჩემი მეფედ თქუენდა და ყოვლითავე ნიჭითა აღგავსნე“. მაშინ ერისთავთა ქართლისათა უმრავლესთა მისცეს მძევლები და განაცხადეს განდგომაჲ ფარნაჯომისი.

მაშინ სომეხთა მეფე ყოვლითა ძალითა მისითა წარმოემართა ქართლს, ხოლო ფარნაჯომ მეფემან მოუწოდა სპარსთა, და მოიყვანნა სპარსნი ძლიერნი და, რომელნიმე დარჩომოდეს, შემოკრიბნა ქართველნიცა. ხოლო ერისთავნი ქართლისანი განდგომილნი მიეგებნეს სომეხთა მეფესა ტაშირს. და მუნ შეკრბა სიმრავლე სომეხთა და ქართველთაჲ, ხოლო ფარნაჯომ მიეგება მუნვე, ტაშირს.

იქმნა მათ შორის ბრძოლაჲ ძლიერი და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ, რამეთუ იძლია ფარნაჯომ სომეხთა და ქართველთაგან, და მოიკლა ფარნაჯომ, და მოსრეს სპაჲ მისი.

ხოლო ძე ფარნაჯომისი, სახელით მირვან, ერთისა წლისა ყრმაჲ, წარიყვანა მამამძუძემან მისმან და ივლტოდა სპარსეთს, ხოლო სომეხთა მეფემან მოსცა ძე მისი, სახელით არშაკ.

დაჯდა მეფედ არშაკ და დაიპყრა ყოველი ქართლი, და მეფობდა იგი ნებიერად, და უმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა, და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ჯავახეთს, ქალაქსა წუნდას.

მოკუდა არშაკ და მეფე იქმნა ძე მისი, არტაგ.

და ესე მეფე არტაგ ორ წელ ოდენ მეფობდა, და მეორესა წელსა მეფობისა მისისასა მოვიდეს ერისთავნი სპარსთანი სპითა დიდითა ძიებად სისხლისა ფარნაჯომისა და სპათა მათ სპარსთაჲსა, რომელნი აღწყუედილ იყვნეს ფარნაჯომის თანა. ვერ წინა-აღუდგა მათ არტაგ, მეფე ქართველთაჲ, რამეთუ დიდ იყო ძალი სპარსთაჲ, არამედ განამაგრნა ციხენი და ქალაქნი. და მოვლეს სპარსთა ყოველი ქართლი და მოაოჴრნეს ველნი, არამედ ციხე-ქალაქი ვერა რომელი წარიღეს, და წარვიდეს.

მოკუდა არტაგ და დაჯდა მის წილ ძე მისი, ბარტომ.

ამან უმატა ზღუდეთა მცხეთისათა და ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა.

და აღზარდეს სპარსთა ძე ფარნაჯომისი, მირვან, რომელი სიკუდილსა მას ფარნაჯომისსა წარეყვანა მამამძუძესა მისსა, რომელი ვაჴსენეთ პირველ. ესე მირვან იყო კაცი ქველი, მჴნე მჴედარი. და მრავალგზის გამოიცადა იგი ბრძოლასა თურქთა და არაბთასა.

ამან შეკრიბნა სპანი ძლიერნი სპარსეთს, წარემართა ქართლს, მიუგზავნა მოციქული ერისთავთა ქართლისათა და ჰრქუა მათ: „მოიჴსენეთ სიყუარული მამისმამისა ჩემისა მირვანისი და კეთილი მისი თქუენდა მომართ. დაღაცათუ მამამან ჩემმან შემოიღო სჯული უცხოჲ თქუენ შორის, და მისგანცა გაქუნდა კეთილი. სამართლად მოიკლა მამაჲ ჩემი, რამეთუ ვერ კეთილად იპყრა სჯული მამათა თქუენთაჲ. და აწ ნუ არს საურავი და შიში გულსა თქუენსა სიკუდილისათჳს მამისა ჩემისა, რამეთუ სჯულისა დატევებისათჳს მოჰკლვენ მამანი შვილთა და ძმანი - ძმათა. და არა იძიების სისხლი სჯულისა დატევებისათჳს მოკლულთაჲ.

მე ვარ შვილი მამათა თქუენთა ფარნავაზიანთაჲ, დაღაცათუ აღზრდილ ვარ სპარსთა თანა, არამედ ვარ მე სჯულსა ზედა მამათა თქუენთასა და ვესავ მე ღმერთთა, მპყრობელთა ქართლისათა, და სასოებითა მათითა წარმართებულ ვარ ძიებად მამულისა ჩემისა. და აწ მიითუალეთ ჩემგან დიდებაჲ და კეთილი“. ხოლო ერისთავთა ქართლისათა არა შეიწყნარეს ბრძანებაჲ მირვანისი, არამედ ყოველნი მივიდეს წინაშე ბარტომ მეფისა. ხოლო მცირედნი ვინმე ქართველნი არაწარჩინებულნი წარვიდეს და მიერთნეს მირვანს.

ხოლო მეფემან ბარტომ შემოიკრიბნა ყოველნი ქართველნი და მოირთო ძალი სომხითით და მოეგება იგი ხუნანს და იპყრა ზურგად ქალაქი ხუნანი. და მოვიდა მირვან და დადგა მდინარესა ზედა ბერდუჯისასა.

და იწყეს ბრძოლად და გამოჩნდეს ორთავე შორის ბუმბერაზნი. იყვნეს თუესა ერთსა ყოველთა დღეთა ბუმბერაზთა ბრძოლანი, ოდესმე მათ სძლიან და ოდესმე მათ სძლიან. ხოლო ამას თუესა შინა ერთსა ამან მირვან თავის-თავითა მოკლა ცამეტი ბუმბერაზი ქართველთა და სომეხთაგანი, და არავინ გამოჩნდა ქართველთა და სომეხთაგანი მძლე მირვანისი, და ვერცაღა თჳთ ბარტომ მეფე ჰბრძოდა მას, რამეთუ არა იყო ბარტომის თანა ძალი გოლიათობისაჲ.

მაშინ ბარტომ მეფემან განაწყვნა სპანი მისნი და მოჰმართა ყოვლითა სპითა. და იქმნა ბრძოლაჲ ძლიერი, მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ, და იძლივნეს სომეხნი და ქართველნი სპარსთაგან, და მოკლეს ბარტომ, მეფე ქართველთაჲ.

ხოლო ამას ბარტომს არა ესუა ძე, არამედ ასული ერთი. და სიცოცხლესავე მისსა მოეყვანა ეგრისით ძისწული ქუჯისი, სახელით ქართამ, რომელსა შესდგმიდა ფარნავაზიანობაჲ ფარნავაზის დისა, ქუჯის ცოლისაგან, და დედისა მისისა, საურმაგის ასულისა, ქუჯის ძის ცოლისაგან. და ამის ქართამისდა მიეცა ასული მისი ცოლად ბარტომ მეფესა და აღეღო ესე შვილად. და ესე ქართველთა სათნოებისათჳს ექმნა ბარტომს, რამეთუ ქართველთა დიდი სათნოებაჲ აქუნდა ფარნავაზიანთა მიმართ და არა უნდა სხჳსა ნათესავისა მეფობაჲ, რომელსამცა არა შესდგმიდა ფარნავაზიანობაჲ.

ესე ქართამ, ძედ შვილებული ბარტომ მეფისაჲ, მასვე წყობასა შინა მოიკლა ბარტომის თანა, ხოლო ცოლი მისი, ასული ბარტომისი, უძლები დარჩა, ივლტოდა და წარვიდა სომხითს, და მუნ შვა ყრმაჲ, და უწოდა სახელად ადერკი, და იზარდებოდა იგი მუნ.

ხოლო ვითარ მოკლა მირვანმან ბარტომ და შემოვიდა ქართლად, დაიპყრა ყოველი ქართლი, და, რომელნი დაშთომილ იყვნეს ერისთავნი ქართლისანი ციხეთა და სიმაგრეთა შინა, მისცა მათ ფიცი და აღთქუმაჲ, და გამოიყვანნა ყოველნი, და მძლავრებით გამოიყვანა ცოლი ბარტომისი სამშჳლდით, და შეირთო ცოლად, რომელი შვილი იყო არშაკუნიანთაჲვე, და დაჯდა მცხეთას.

და ნებიერად მეფობდა მცირედ ჟამ და მოკუდა. და დაჯდა მის წილ ძე მისი არშაკ, დედით არშაკუნიანი და მამით ნებროთიანი და ფარნავაზიანი.

ამან განაშუენა ნელქარი, ქალაქი კახეთისაჲ, რომელ არს ნეკრესი, და ჰმატა სიმაგრესა უფლისციხისასა. და იყო ესე ძლიერი ძალითა, დიდი და გოლიათი.

ხოლო ესე ადერკი, ძე ქართამისი, ასულისწული ბარტომ მეფისაჲ, რომელი ვაჴსენეთ ზემოჲთ, აღზარდეს სომხითს, და იყო კაცი ჰასაკითა შუენიერი, ტანითა დიდი და გოლიათი, მრავალგზის გამოცდილ იყო ბრძოლასა სომეხთა და ასურთასა, და მას მოეკლა მრავალი ბუმბერეზი, და სახელოვან ქმნილ იყო იგი. ამან მოითხოვნა სპანი სომეხთა მეფისაგან, და მოსცნა მას და წარმოემართა არშაკს, ქართველთა მეფესა ზედა, დედისძმასა მისსა. ხოლო არშაკ შემოკრიბნა ყოველნი ერისთავნი ქართლისანი და რანითცა მოირთო ძალი სპარსთაჲ, და მიეგება წინა. და შეკრბეს ორნივე სპანი თრიალეთს და დაიბანაკეს მახლობელად ერთმანერთისა.

ითხოვა ბრძოლაჲ არშაკ ადერკისაჲ. ხოლო ადერკი სიხარულით აღიჭურა საჭურველითა შუენიერითა, და აღჯდა ტაიჭსა და ჰრქუა სპათა მისთა: „განმიმაგრეთ ზურგით კერძოჲ ჩემი, და ნუ შესძრწუნდებით!“ და განვიდა. ეგრეთვე არშაკ შეიჭურა და განვიდა განწყობილთა შორის. აღიზახნეს ორთავე ჴმითა სასტიკითა და მიეტევნეს ურთიერთას, და იწყეს ორთავე გუმერად ოროლითა, და ვერ ჰკუეთდეს საჭურველსა ერთმანერთისასა. და ბრძოლისა სიგრძესა შინა განუტყდა ოროლები, და აღმოიღეს ჩუგლუგები და იწყეს ბრძოლად ჩუგლუგებითა. ოდეს უხეთქნიან ჩუგლუგები იგი საჭურველსა ზედა მათსა, ჰგვანდის ჴმაჲ იგი ჴმასა მას უროჲსასა, რომელი ეცემის მჭედლისაგან გურდემლსა, და ჴმაჲ ზახილისა მათისაჲ მსგავს იყო ქუხილისა.

მაშინ ვერ სძლეს ერთმანერთსა, დაშურეს და უკუ-დგეს იმიერ და ამიერ. შეღამდა დღე იგი და განისუენეს ორთავე, და დილეულ კუალად გამოვიდეს და აღიღეს მშჳლდები და იწყეს რბევად და სისრად ერთმანერთისა. ჰკრა ადერკი ისარი მკერდსა არშაკისსა, და ვერღარა უფარა სიმაგრემან საჭურველისამან, და განვიდა ზურგით, და ჩამოვარდა არშაკ ცხენისაგან.

შემოიქცა ადერკი მსწრაფლ, და მივიდა სპათა თანა სომხითისათა და ჰრქუა მათ: „გაფუცებ ღმერთთა თქუენთა, ნუ განჰმარტებთ მახჳლთა თქუენთა ქართველთა ზედა, რამეთუ მამულნია ჩემნი. და აწ მე ვარ მეფე მათი ძალითა და შეწევნითა თქუენითა“. ისმინეს სომეხთა ვედრებაჲ მისი და დაადგრეს ადგილსა ზედა.

მოვიდა ადერკი მახლობელად ქართველთა სპისა და ჴმა-უყო ჴმითა მაღლითა: „მე ვარ შვილი მეფეთა თქუენთაჲ, და სუესა ჩემსა მოუცემია მეფობაჲ ჩემდა. აწ მიიღეთ ჩემგან კეთილი და სიხარული. აჰა, ესერა, არა მოუშუენ სპანი სომხითისანი თქუენ ზედა“. მაშინ ჰრქუეს ქართველთა: „შენ გამოსჩნდი უმჯობესი ყოველთა შორის ნათესავთა ფარნავაზისთა. რაჲთგან მოკუდა მეფე ჩუენი, შენ ხარ მეფე ჩუენი. და ვჰმადლობთ სუესა ჩუენსა, რამეთუ მოგუეცა საზღაურად მეფისა ჩუენისა შვილივე მეფეთა ჩუენთაჲ, გოლიათი და სახელოვანი“.

და გარდაჴდეს ყოველნივე ქართველნი, დაცჳვეს პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცეს ადერკის, და მშჳდობით შეკრბეს ერთად სომეხნი და ქართველნი და სპარსნი რანისანი. და მოიღეს ქართველთა გჳრგჳნი არშაკისი და დაადგეს ადერკის და წარმოიყვანეს ქართლსა.

და ამან ადერკი დაიპყრა ყოველი ქართლი და ეგრისი, - და მოსცა სომეხთა მეფემან ასული თჳსი ცოლად, - და დაჯდა მცხეთას, და მეფობდა კეთილად. ოცდაათისა წლისა მეფე იქმნა და ორმეოცდაათჩჳდმეტ წელ მეფობდა.

ხოლო პირველსავე წელსა მეფობისა მისისასა იშვა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ბეთლემს ჰურიასტანისასა, და მოვიდეს მისა მოგუნი ძღუნისა შეწირვად. და შემდგომად მოგუთა შესლვისა იერუსალემს მოვიდა ჰამბავი მცხეთას, ვითარმედ სპარსთა იერუსალემი წარმოტყუენესო. და ჰურიანი, რომელნი მცხეთას იყვნეს, იქმნა მათ შორის გლოვაჲ და ტირილი. და შემდგომად მეორესა წელსა, სხუაჲ მოვიდა ჰამბავი, ვითარმედ: „სპარსნი იგი არა ტყუენვად მოვიდეს იერუსალემს, არამედ აქუნდა ძღუენი ყრმისა ვისმე შობილისათჳს“. და განიხარეს ჰურიათა მცხეთელთა.

შემდგომად ამისა ვითარ გარდაჴდეს წელნი ოცდაათნი, მოვიდეს მოციქულნი ჰურიათაჲსანი იერუსალემით ჰურიათა თანა მცხეთელთა, ვითარმედ: „იგი, რომლისათჳს მოვიდეს მოგუნი და შეწირეს ძღუენი, აღზრდილ არს და იტყჳს იგი თავსა თჳსსა ძედ ღმრთისა. და აწ წარმოგჳვლენიან ჩუენ მოციქულნი ყოველთა ჰურიათა თანა, რაჲთა მოვიდენ მეცნიერნი შჯულისანი და განვიკითხოთ და განვბჭოთ მის ზედა. და აწ თქუენგანცა შჯულისა მეცნიერნი წარმოვიდენ“.

და წარვიდეს მცხეთით ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი და მუნ დახუდეს ჯუარცუმასა უფლისასა.

და მოიღო მუნით კუართი უფლისაჲ ელიოზ მცხეთელმან, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად „მოქცევასა შინა ქართლისასა“.

და ამან მეფემანვე ადერკი უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა ქართლისათა სიმაგრე და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ქალაქისა მცხეთისანი წყლისა იმიერ და ამიერ.

და ამისვე ადერკისა მეფობასა შინა მოვიდეს ათორმეტთა მოციქულთაგანნი ანდრია და სჳმეონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ აღესრულა წმიდაჲ სჳმეონ კანანელი ქალაქსა ნიკოფსსა, საზღვარსა ბერძენთასა, ხოლო ანდრია მოაქცინა მეგრელნი და წარვიდა გზასა კლარჯეთისასა.

ხოლო ვითარცა ესმა მეფესა ადერკის მეგრელთაგან სჯულისა დატევებაჲ, განუწყრა და წარავლინნა ერისთავნი მისნი და იძულებით კუალადვე მიაქცივნა მეგრელნი, და დამალნეს ჯუარნი და ხატნი. და შერისხნა მეფე ერისთავთა კლარჯეთისათა, რომელ მშჳდობით განუტევეს ანდრია მოციქული.

და ამისვე ადერკის მეფობასა გამოჩნდა კუალად მეფობაჲ სპარსეთისაჲ, რამეთუ, რაჲთგან შესრულ იყო ალექსანდრე და განერყუნა სპარსეთი, აქა ჟამამდე არღარა დაჯდომილ იყო მეფე სპარსეთს, რამეთუ ადგილთა და ადგილთა იყვნეს ერისთავნი სპარსეთსა. მაშინ შეკრბეს ერისთავნი სპარსეთისანი და დასუეს მეფედ აჟღალან ბრძენი. მაშინ სომეხნი და ქართველნი იყვნეს მორჩილ აჟღალანის, სპარსთა მეფისა.

და ვიდრე ადერკის მეფობადმდე ერთი დაჯდის ქართველთა მეფედ, რაჲ ზომცა მრავალ იყვნიან შვილნი მეფეთანი. და ამას ადერკის ესხნეს ორ ძე, რომელთა განუყო ქალაქი მცხეთაჲ და ქუეყანაჲ მტკუარსა, შიდაქართლი, მცხეთაჲ, მუხნარით კერძი ქალაქი და ყოველი ქართლი მტკუარსა ჩრდილოჲთ, ჰერეთითგან ვიდრე თავადმდე მტკუარისა და ეგრისისა, ესე მისცა ბარტომს, ძესა თჳსსა, ხოლო არმაზით კერძი ქალაქი მტკუარსა სამხრით, ქართლი ხუნანითგან ვიდრე თავადმდე მტკუარისა, და კლარჯეთი, მისცა ქართამს, ძესა თჳსსა.

და მოკუდა რაჲ ადერკი, მეფობდეს შემდგომად მისა შვილნი მისნი.

ხოლო ამათსა მეფობასა ვესპასიანოს, ჰრომთა კეისარმან, წარმოტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ჰურიანი მოვიდეს მცხეთას და დასხდეს ძუელადვე მოსრულთა ჰურიათა თანა, რომელთა თანა-ერთნეს შვილნი ბარაბაჲსნი, რომელი ჯუარცუმასა უფლისასა განუტევეს ჰურიათა უფლისა ჩუენისა იესუჲს წილ

ხოლო მო-რაჲ-კუდეს ადერკის ძენი: ბარტომ და ქართამ, და მეფე იქმნნეს შემდგომად მათსა შვილნი მათნი: არმაზს - ფარსმან და შიდაქალაქსა - კაოს.

ხოლო ადერკისითგან ვიდრე აქამდე ესე მეფენი იყვნეს მორჩილებასა შინა სომეხთა მეფისასა, და უმეტეს არმაზელნი მეფენი შეეწეოდიან სომეხთა ყოველთა მტერთა მათთა ზედა.

მაშინ მეფე იქმნა სომხითს დიდი იგი მეფე იარვანდ, და დაივიწყა მან კეთილი ქართველთაჲ, ემძლავრა ფარსმანს არმაზელსა და მიუღო საზღვარსა ქართლისასა ქალაქი წუნდაჲ და არტანი მტკუარადმდე. და დასხნა წუნდას შინა კაცნი მჴეცნი, ნათესავნი დევთანი, და უწოდა სახელად ქაჯატუნი, რომელი-ესე ითარგმანების „დევთა სახლად“. და ვერ ძებნნეს მეფეთა ქართლისათა საზღვარნი, და მოკუდეს მწუხარებასა შინა დიდსა ფარსმან და კაოს. და დასხდეს შემდგომად მათსა შვილნი მათნი: არმაზს - აზორკ და შიდაქართლსა - არმაზელ.

იყვნეს კაცნი ესე მჴნენი და შემმართებელნი, და შეითქუნეს ესენი და განიზრახეს ძიებად საზღვართა ქართლისათა. და მას ჟამსა მოკლა სუმბატ ბივრიტიანმან იარვანდ, სომეხთა იგი მეფე, და დასუა მეფედ ძმაჲ იარვანდისივე, არტაშან.

მაშინ ამათ მეფეთა ქართლისათა - აზორკ და არმაზელ - მოუწოდეს ოვსთა და ლეკთა, და გარდამოიყვანნეს ოვსთა მეფენი, ძმანი ორნი - ბაზუკ და აბაზუკ - სპითა ოვსეთისაჲთა, და მათ გარდამოიტანნეს თანა პაჭანიკნი და ჯიქნი, და გარდამოვიდა მეფე ლეკთაჲ და გარდამოიტანნა დურძუკნი და დიდონი.

და ამათ მეფეთა ქართლისათა შემოიკრიბნეს სპანი თჳსნი, და შეკრბა ესე ყოველი სიმრავლე ურიცხჳ. და სიმარჯჳთ ფარულად შეკრბეს, ვიდრე შეკრბებოდეს სპანი სომეხთანი. და შევიდეს ესენი სომხითს და უგრძნულად წარმოსტყუენეს შირაკუანი და ვანანდი ბაგრევანადმდე და ბასიანამდე, და შეიქცეს და ჩატყუენეს დაშტი ვიდრე ნახჭევანამდე, და აღიღეს ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ, და აღივსნეს ყოვლითავე ხუასტაგითა და გამოვლეს გზაჲ ფარისოსისაჲ.

მაშინ სუმბატ ბივრიტიანმან მოუწოდა სპათა სომხითისათა, და შეკრბეს სომეხნი მსწრაფლ და დევნა უყვეს. ხოლო ესე ჩრდილონი ყოველნი განსრულ იყვნეს მტკუარსა და მისრულ იყვნეს კამბეჩოანსა, და დაებანაკა იორსა ზედა, და განიყოფდეს ტყუესა და ნატყუენავსა. მაშინ სუმბატ წარავლინა მოციქული და ჰრქუა: „რომელი აღგიღია ნატყუენავი სომხითით: პირუტყჳ, ოქროჲ და ვეცხლი და ნაქსოვი, - ყოველი მიმინიჭებიეს თქუენდა. და რომელი დათხეულ არს სისხლი სომეხთაჲ თქუენ მიერ, იგიცა უძიებელ იყოს თქუენ ზედა, გარნა რომელი აწვე გყავს კაცი ტყუედ, განუტევეთ და წარვედით მშჳდობით განმდიდრებულნი“. ხოლო მათ პასუხ-უგეს ესრეთ, ვითარმედ: „არა სხუად შემოვედით სომხითს, არამედ ძიებად შენდა, და ვერ გპოვეთ შენ. ხოლო აწ მოვედ ჩუენდა და მიიღე ნაწილი შენი, და თუ არა, მოვიდეთ ჩუენ, სადაცა იყო, და ვერ განერე ჴელთაგან ჩუენთა ცოცხალი“.

მაშინ სუმბატ ბივრიტიანმან განვლო მტკუარი, და ბაზოკ, ოვსთა მეფემან, სთხოვა მუქარაჲ, მიუგზავნა მოციქული და სთხოვა თავის-თავ ბრძოლაჲ.

ხოლო სუმბატ აღიჭურა და აღჯდა ვარსამატსა მისსა და განვიდა განწყობილთა შორის. და მუნით გამოჴდა ბარზოკ, და აღიზახნეს ორთავე, და მიეტევნეს. და სცა სუმბატ ჰოროლნი სარტყელსა ზედა და განავლო ზურგით წყრთა ერთი, აღიღო ცხენისაგან და დასცა ქუეყანასა ზედა. მაშინ მიეტევა ამბაზუკ შუელად ძმისა თჳსისა, და მოსწუადნა სუმბატ ჰოროლნი იგი და მიეგება და ეგრეთვე მასცა სცა და განავლო, და აღიღო და დასცა ქუეყანასა ზედა და თქუა: „ესე სომეხთა დედათა და მამათა და ყრმათა ჩჩჳლთათჳს, რომელნი თქუენ მოსრენით“.

მაშინ სპათა მათ ყოველთა - ოვსთა, ლეკთა და ქართველთა და ყოველთა მათ ჩრდილოთა ნათესავთა, - ერთპირად აღიზახნეს და თქუეს: „ვინაჲთგან მოკლნეს ძმანი ესე ორნი, თავნი გოლიათობისა ყოვლისანი, სიკუდილი ჩუენი არად შესარაცხელ არს“, და უფროჲსად განბოროტნეს და შეკრბეს ყოველნი სპასალარობასა ქუეშე არზოკ და არმაზელისსა,ქართველთა მეფეთასა, და ყოველნი მიეტევნეს სუმბატს და სპათა სომხითისათა.

მაშინ იქმნა ბრძოლაჲ დიდძალი მათ შორის და განგრძელდა მათ შორის ბრძოლაჲ სამ ჟამითგან ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ, და აღჴდა მტუერი და დღე ბნელ იქმნა, ვითარცა ღამე, და აღრეულ იქმნნეს ერთგან და ვერღარა იცნობდეს ერთმანერთსა მტუერისა მისგან.

მაშინ იძლია ბანაკი ჩრდილოჲსაჲ სომეხთაგან, მეოტ იქმნნეს და დაიფანჩნეს ყოველნივე. მიუდგა სუმბატ მრავალგან მოწყლული, და სდევნა ღამემდის და მოსრნა ყოველნი ოვსნი და ლეკნი, რომელთაგან მცირედნი დაურჩეს. ხოლო ქართველნი უფრო დარჩეს სამეოტოთა გზათა მეცნიერებისაგან. და შემოიხუეწნეს ორნივე მეფენი ქართლისანი მცხეთას, მოწყლულნი.

მაშინ სუმბატ განმარჯუებული შემოვიდა ქართლად და მოაოჴრა ქართლი, რომელი არღარა პოვა ციხეთა და ქალაქთა გარეგნით, არამედ ციხე-ქალაქთა არა ჰბრძოდა, რამეთუ არა მზად იყო მსწრაფლ გამოსლვისაგან. არამედ აღაშენა ციხე ქუეყანასა ოძრჴისასა, რომელსა ეწოდებოდა სამცხე, ადგილსა, რომელსა ჰქჳან დემოთი, მოკიდებულად მთასა ღადოჲსასა, და დაუტევნა მას შინა ლაშქარნი შემწედ წუნდელთა, და ბრძოლად ოძრჴელთა წარვიდა.

მეფენი ესე ქართლისანი, აზორკ და არმაზელ, სიფიცხლითა გულისა მათისაჲთა არა შეუშინდეს, არამედ განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი მათნი, და განწირნეს ყოველნი ველნი ქართლისანი და არა დასცხრეს კირთებისაგან სომეხთა ზედა. და იწყეს ოვსთა ძებნა სისხლისა მათისა სომეხთა ზედა, გარდამოვიდეს ქართლად, დაემეგობრნეს ქართველთა, და მარადის ჰკირთებდეს სომეხთა.

და იყო ოძრჴეს ქალაქსა შინა ერისთავი მეფისა არმაზელისი, აზნაურთაგანი. და იგი დადგრომილ იყო სარწმუნოებით ერთგულებასა ზედა არმაზელისსა, და მას შეეწევოდეს მეგრელნი. ხოლო წუნდელნი და დემოთელნი შეეწეოდეს ერთმანერთსა და დაუცხრომელად იბრძოდეს. და უფროჲსი ბრძოლაჲ მათი იყვის მდინარესა ზედა, რომელსა ჰქჳან ნოსტე.

და იყო კლარჯეთს ერისთავი აზორკ მეფისაჲ, აზნაურთაგანივე, და იგი ავნებდის საზღვართა სომხითისათა, ქუეყანასა პარხლისასა, რომელ არს ტაო. და ვერვინ შეუვიდოდა მავნე კლარჯეთს, რამეთუ შეუვალი და მაგარი იყო ტყითა და კლდითა. და მკჳდრნი კლარჯეთისანი იყვნეს მკჳრცხლნი და მჴნენიცა.

ხოლო თჳთ მეფენი ქართლისანი მცხეთით გაემართვოდიან სომხითს, გზასა აბოცისასა, და მარადის ესრეთ ჰკირთებდეს ქართველნი და ოვსნი.

მაშინ წარმოემართა ძალითა მისითა ყოვლითა არტაშან, მეფე სომეხთაჲ, და სპასპეტი სუმბატ ბივრიტიანი. ხოლო ქართველთა განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი, და მოირთეს ძალი ოვსეთით და განავსნეს ციხენი და ქალაქნი.

და მოვიდეს სომეხნი, და დადგეს მცხეთას, და ჰბრძოდეს ხუთ თუე, და დღეთა ყოველთა იყვის ბრძოლაჲ ბუმბერეზთაჲ.

მაშინ შესჭირდა ქართველთა და ოვსთა და ითხოვეს მშჳდობაჲ, და აღუთქუეს მორჩილებაჲ და არღარა ძიებაჲ სისხლისა და ზღვარისაჲ. მაშინ ისმინა სომეხთა მეფემან ვედრებაჲ მათი, ქმნეს ფიცი და აღთქუმაჲ. და დაიმონნა იგინი, ქართველნი და ოვსნი, სომეხთა მეფემან და წარვიდა.

ხოლო გარდაჴდეს ამას შინა წელნი რაოდენნიმე და აღშენდა ქართლი, მოოჴრებული სომეხთაგან. მაშინ უცალო იქმნნეს სომეხნი და იწყეს ბრძოლად სპარსთა და ბერძენთა.

და პოვეს მას შინა ჟამი მარჯუე ქართველთა და ოვსთა, იწყეს კირთებად სომეხთა, რამეთუ სპანი სომეხთანი ყოველნი და ორნი ძენი მეფისანი და სუმბატ იყვნეს ბრძოლად სპარსთა.

და ვითარცა განამრავლეს ქართველთა და ოვსთა ვნებაჲ სომეხთაჲ, მაშინ არტაშან მეფემან შეკრიბნა სპანი, რომელნი შინა დარჩომოდეს, და მისცნა ძესა თჳსსა ზარენს, და წარმოგზავნნა ქართველთა ზედა და ოვსთა.

ხოლო შეკრბეს ქართველნი და ოვსნი, და მიეგებნეს ქუეყანასა ჯავახეთისასა, ეწყვნეს და სძლიეს ქართველთა და ოვსთა და აოტეს ზარენ, ძე სომეხთა მეფისაჲ, და მოსრეს სპაჲ მისი ყოველი, და სდევნეს საზღვარამდე სომხითისა, ქუეყანასა პარხრისასა, რომელ არს ტაო, მიეწივნეს ზარენს ძესა მეფისასა და შეიპყრეს ზარენ, ძე მეფისა, ტბისა მის პირსა, რომელსა ცელი სახელ-ედების, და უკმოიყვანეს.

ხოლო ოვსთა ჰნებვიდა მოკლვაჲ ზარენისი სისხლისათჳს მეფეთა მათთაჲსა, არამედ ქართველთა დაიცვეს ცოცხლებით ძიებისათჳს საზღვართა მათთაჲსა, და დასუეს პყრობილად ციხესა დარიალანისასა, და ვერ ძებნეს სომეხთა, რამეთუ უცალო იქმნნეს სპარსთაგან.

მაშინ წელსა მესამესა, მოვიდა სუმბატ ბივრიტიანი და ძენი მეფისანი - არტავაზ და ტიგრან - ყოვლითა სპითა სომხითისაჲთა. მაშინ ქართლისა მეფეთა უბრძანეს ქუეყანასა მათსა შევლტოლაჲ ციხეთა და ქალაქთა და მთიულეთთა, და განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი. ხოლო მოვიდეს სომეხნი და დადგეს თრიალეთს. აღდგეს მათ შორის მოციქულნი და დაიზავნეს. მისცეს ქართველთა ძე მეფისაჲ შეპყრობილი და აღუთქუეს შეწევნაჲ ესრეთ, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე აღდგეს მტერი თქუენ ზედა და მოღმართ გბრძოდის, ჩუენ, ორნივე მეფენი, თავითა ჩუენითა და სპითა ჩუენითა თანამდგომ და შემწე გექმნნეთ. და უკუეთუ კუალად მიღმართ ვისმე ჰბრძოდით, ათას-ათასითა მჴედრითა ჭურვილითა შეგეწეოდით. და ვქმნეთ ქალაქსა ამას ჩუენსა ქართველთასა დრამაჲ არტაშან მეფისა ხატითა“.

და ამისთჳსცა უკ-მოსცეს სომეხთა საზღვარი ქართლისაჲ: ქალაქი წუნდაჲ და ციხე დემოთისაჲ, ჯავახეთი და არტანი. და მიერითგან იქმნნეს მოყუარე სომეხნი და ქართველნი და ოვსნი, და სამნივე ერთობით ჰბრძოდეს მტერთა.

და აღესრულნეს აზორკ და არმაზელ, ნუგეშინისცემულნი დიდად, რამეთუ სიმჴნითა მათითა უკუ-მოიხუნეს საზღვარნი ქართლისანი. და შემდგომად მათსა მეფობდეს შვილნი მათნი: არმაზს ამაზასპ და შიდაქალაქსა - დეროკ.

და შემდგომად მათსა მეფობდეს შვილნი მათნი: არმაზს - ფარსმან ქველი და შიდაქალაქსა - მირდატ.

ხოლო აქამომდე ესე მეფენი ყოველნი ორ-ორნი იყვნეს მოყურობასა ზედა ერთგან და მტერობასა ვისსამე ზედა. მაშინ ამან მირდატ, ქართველმან მეფემან, მოიყვანა ცოლი სპარსი, ნათესავი მეფეთაჲ, და წუევითა სპარსთაჲთა მტერ ექმნა ფარსმან ქველსა არმაზელისა, და მოხადა მირდატ სახლსა შინა თჳსსა ფარსმან ქველსა რეცა მიჯლიშად

და განცხრომად. რომელი-ესე აუწყა ვინმე ფარსმანს და განაკრძალა, ხოლო იგი არღარა მივიდა.

მიერითგან იქმნნეს იგინი მტერ ურთიერთას, და მირდატს შეეწეოდეს სპარსნი, ხოლო ფარსმანს - სომეხნი. და ესე მირდატ იყო კაცი ურვილი და მესისხლე, ხოლო ფარსმან ქველი კაცი უხუად მიმნიჭებელი და კეთილი და შემნდობელი; ჰასაკითა შუენიერი, ტანითა დიდი და ძლიერი, მჴნე მჴედარი და შემმართებელი ბრძოლასა, უშიში, ვითარცა უჴორცოჲ და ყოვლითავე უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა, რომელნი გარდაცვალებულ იყვნეს უწინარეს მისსა, რომლისათჳსცა უყუარდა ესე მირდატის კერძთაცა ქართველთა და სძულდა მირდატ მესისხლეობისა და მედგრობისა მისისათჳს. და გამოერთნეს უმრავლესნი მირდატის კერძნიცა. ემძლავრა ფარსმან ქველი და აოტა, და წარვიდა მირდატ სპარსეთს.

ხოლო იყო მაშინ სპასპეტი ფარსმან ქველისაჲ, ეგრეთვე ქველი და გოლიათი, სახელით ფარნავაზ. ესე ფარნავაზ ძუძუჲსმტე იყო ფარსმან ქველისაჲ, სარწმუნოჲ, და ერთგული. და იგი დაადგინა შიდაქალაქსა, ადგილსა მირდატისსა. და ყოვლადვე იყვის ფარნავაზ სპასპეტი ქალაქსა შინა, ხოლო მეფე ფარსმან იარებოდის და განაგებდის სამეფოსა მათსა.

მაშინ მირდატ გამოიყვანნა სპარსნი, სპანი ძლიერნი, და მოჰმართაფარსმანს, ხოლო ფარსმან შემოკრიბნა სპანი ქართლისანი და მოირთო ძალი სომხითით და მიეგება იწროთა რკინისჴევისათა. და იწყეს ბრძოლად ბუმბერეზთა დღეთა მრავალთა და, რომელი გამოჩნდის ბუმბერეზი სპარსთა შორის მძლედ ბუმბერეზთა ზედა ქართლისა და სომხითისათა, მას ზედა განვიდის თჳთ ფარსმან მეფე, ანუ სპასპეტი მისი ფარნავაზ, და ესრეთ აჯობიან

და სძლიან. ხოლო მოკლა ფარსმან აჩჳდმეტი ბუმბერეზი სპარსთაჲ, ხოლო სპასპეტმან ფარნავაზ მოკლა ბუმბერეზი ოცდასამი.

მაშინ იყო სპარსთა შორის კაცი ერთი გოლიათი, სახელით ჯუანშერ, რომელი ლომსა ჴელითა შეიპყრობდა. და მან სთხოვა ბრძოლაჲ მეფესა ფარსმანს. ხოლო ფარსმან ქველი სიხარულით აღიჭურა და განვიდა. და აღიზახნეს ორთავე ჴმითა სასტიკითა და მიეტევნეს ურთიერთას, და იწყეს ბრძოლაჲ ჴრმლითა. და ჟამი ბრძოლისა მათისაჲ ემსგავსა ჟამსა ქუხილისა და ტეხისასა. აჯობა ფარსმან, ჩამოაგდო და მოკლა, და მიიქცა სპისა მისისა კერძო და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა: „აჰა, ლომნო მძჳნვარენო, ცხოვარნი დასეტყჳლნი!“

მაშინ მიეტევნეს ქართველნი და სომეხნი სპარსთა ზედა, აოტნეს და მოსწყჳდნეს, და ტყუე ყვნეს ურიცხუნი, და მირდატ წარვიდა სპარსეთადვე.

და წელსა მეორესა კუალად მოვიდა მირდატ სპითა უძლიერესითა, ხოლო ფარსმან ქველმან შემოიკრიბნა სპანი თჳსნი, მჴედარნი და ქუეითნი, და დადგა მცხეთას ქალაქსა შინა, რამეთუ არა ჰყვეს სპანი მირდატის სპათა ოდენნი. მოვიდა მირდატ და დადგა ჯაჭუს, და ეგრეთ ყოველთა დღეთა იბრძოდიან ბუმბერეზნი. და ბრძოლასა მას შინა მოკლა ფარსმან მეფემან თავისთავ ათორმეტი ბუმბერეზი, ხოლო სპასპეტმან ფარნავაზ - ათექუსმეტი.

მაშინ სიფიცხლითა გულისა თჳსისაჲთა ფარსმან, მეფემან ქველმან, არღარა განახა სიმრავლე სპარსთაჲ, არამედ განვიდა ჟამსა განთიადისასა სპითა თჳსითა, და დაესხა. და მოსცა სუემან მისმან ძლევაჲ, აოტა ბანაკი მათი და მოსწყჳდა ურიცხჳ. და წარვიდა მირდატ მეოტი სპარსეთადვე.

და მიერითგან განითქუა სახელი ფარსმან ქველისაჲ და სპასპეტისა მისისა ფარნავაზისი. და წინამძღუარ ექმნა იგი სპათა ქართლისა და სომხითისათა, და იწყო ბრძოლად სპარსთა და შესლვად სპარსეთს, და ვერღარა ოდეს ვინ წინა-აღუდგა ფარსმან ქველსა.

მაშინ სპარსთა გება ყვეს მარჯუე ესე: რამეთუ მოიყვანეს მზარაული ერთი, და აღუთქუეს მას კეთილი დიდი, და ჰრქუეს: „წარვედ და შეეწყნარე ფარსმან ქველსა, და წარიტანე შენ თანა წამალი სასიკუდინე და შეუზავე საჭმელსა თანა მისსა და შეაჭამე მას“.

ხოლო წარმოვიდა მზარეული იგი და ყო ეგრეთ, ვითარცა ემცნო სპარსთა მათ, და ესრეთ მოკლა ფარსმან მეფე ქველი. მაშინ იქმნა გლოვაჲ და ტირილი და ტყებაჲ ყოველთა ზედა ქართველთა წარჩინებულითგან ვიდრე გლახაკადმდე.

და იტყებდეს ყოველნი თავთა თჳსთა ყოველთა შინა ქალაქთა და დაბნებთა, რამეთუ დასხიან მგოსანნი გლოვისანი, და შეკრბიან ყოველნი, და იჴსენებდიან სიქველესა და სიმჴნესა და სიშუენიერესა და სახიერებასა ფარსმან ქველისასა და იტყოდეს ესრეთ: „ვაჲ ჩუენდა, რამეთუ მოგჳძინა სიკუდილმან ბოროტმან და მეფე ჩუენი, რომლისაგან ჴსნილ ვიყვენით მონებისაგან მტერთაჲსა, მოიკლა იგი კაცთაგან მგრძნებავთა. და აწ მივეცენით წარტყუენვად ნათესავთა უცხოთა“.

მაშინ გამოვიდეს სპარსნი და გამოიტანეს თანა მირდატ, და დაიპყრეს ქართლი, და მისცეს მირდატს ნაწილი მისი, ხოლო ნაწილი ფარსმანისი თჳთ დაიჭირეს, და დაუტევეს ერისთავი არმაზს.

ხოლო ფარნავაზ სპასპეტმან წარიყვანა ცოლი და ძე მეფისა ფარსმანისი, ივლტოდა და მივიდა სომხითს, რამეთუ სომეხთა მეფისა ასული იყო ცოლი იგი ფარსმანისი.

და დაიპყრეს ქართლი მირდატ და ერისთავმან სპარსთამან. ხოლო მეგრელნი აგნეს ერთგულებასა ფარსმანის ძისასა.

ხოლო მას ჟამსა შინა მოყუარე იქმნნეს ურთიერთას სომეხნი და ბერძენნი. მაშინ სომეხთა მეფემან მოირთო ძალი საბერძნეთით, და წარმოემართნეს ბრძოლად სპარსთა, და მეგრელნი მიერთნეს ქართველთა, და შეკრბა სიმრავლე დიდი.

მაშინ მირდატ და ერისთავმან სპარსთამან მოირთეს ძალი სპარსთაგან, ხოლო სომეხნი და ბერძენნი და მეგრელნი შთავიდეს შიდა ქართლს, და მუნ მიეგებნეს ქართველნი და სპარსნი მდინარესა ზედა, რომელსა ჰქჳან ლიახჳ. და მუნ იქმნა ბრძოლაჲ მათ შორის ადგილსა, რომელსა ეწოდების რეჴი. და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ, იძლივნეს სპარსნი და ქართველნი, მოკლეს მირდატ და ერისთავი სპარსთაჲ, და მოსრნეს სპანი მათნი, და დასუეს მეფედ ძე ფარსმან ქველისაჲ, სახელით ადამი.

და იმეფა რაჲ სამ წელ, და მოკუდა, და დარჩა ძე მისი ერთისა წლისა ყრმაჲ და ვიდრე აღიზარდებოდა ყრმაჲ იგი, მეფობდა დედაჲ ადამისი, ცოლი ფარსმან ქველისაჲ, სახელით ღადანა. და ვითარ აღიზარდა ძისწული ფარსმან ქველისაჲ, მეფე იქმნა ამაზასპ.

და მეფობდა იგი, და მისა შემდგომად მეფე იქმნა ძე მისი, ამაზასპ.

და იყო ესე ამაზასპ კაცი ძლიერი, დიდი და გოლიათი, მიმსგავსებული ფარსმან ქველისაჲვე. და ამისსა მეფობასა შინა გარდამოვიდეს ოვსნი, დიდნი სპანი, გზასა დვალეთისასა. ხოლო ვერ ცნა ამაზასპ მეფემან გარდამოსლვაჲ ოვსთაჲ ვიდრე გარდამოსლვამდე მთისა.

და მოვიდეს რაჲ ოვსნი იგი, დადგეს ლიახუსა ზედა რვა დღე განსუენებად, და არასადა განვიდა მარბიელი, რამეთუ ქალაქსა მცხეთისასა შემუსრვად მოსრულ იყვნეს.

მაშინ მოუწოდა ამაზასპ ყოველთა ერისთავთა ქართლისათა, და მოვიდეს ერისთავნი აღმოსავალისანი: ერისთავი კახეთისაჲ, ერისთავი ხუნანისაჲ, და ერისთავი სამშჳლდისაჲ, და შემოკრბეს მჴედარნი სპასპეტისანი. ვიდრე მოსლვადმდე დასავლეთისა ერისთვისა, მოვიდეს ოვსნი ჩრდილოჲსა კართა ქალაქისათა, რომელ არს მუხნარი.

მაშინ ამაზასპ მეფემან განავსნა ციხენი და კარნი მცხეთისანი ლაშქრითა. და იყო სიმრავლე ქუეითთა მცხეთელთაჲ, რომელნი კართა და ზღუდეთა სცვიდეს მათგან კიდე, რომელნი გარე მეომრად განვიდოდეს, ოცდაათი ათასი ქუეითი ყოვლადვე, და მაშინ სხუაჲ, რომელი ჰყვა მჴედარი, - ათი ათასი.

და განვიდა ამაზასპ და განაწესნა ქუეითნი იგი არაგუსა იმიერ და ამიერ სიმაგრეთა შინა კართასა. ხოლო მჴედრითა ლაშქრითა განვიდა ადგილსა, რომელსა ჰქჳან საფურცლე, და აღიღო ზურგად ქალაქი და ქუეითნი იგი, რომელნი დაედგინნეს კართა მათ შინა.

და იწყეს ბრძოლად ბუმბერეზთა. და განვიდა ამაზასპ მშჳლდითა და იწყო ბრძოლად გულითა ფიცხელითა და მკლავითა ძლიერითა, ეზომ შორით ისროდა, რომელ დამართებითა მდგომთა ოვსთაგან არა შეეტყობოდა, და არცა ინახვოდა სიშორითა, თუ ყოვლად აქუს მშჳლდი. და მან ჰკრის ისარი, რომელსა ვერ დაუდგის სიმაგრემან საჭურველისამან. და მას დღესა მოკლა ამაზასპ თავისთავით ათხუთმეტი რჩეული და ცხენი მრავალი. და სხუათაცა ბუმბერეზთა ამაზასპისთა მოკლნეს ბუმბერეზნი მრავალნი ოვსთანი და დასდვეს დიდი ვნებაჲ ოვსთა ზედა.

მას დღესა შემოვიდა ამაზასპ მჴედრითა ქალაქად, ხოლო ქუეითნი იგი დგეს ადგილსავე თჳსსა, კართა შინა. და ღამესა მას მოემატნეს მჴედარნი, რომელნი ვერ მოეტანნეს თანა ერისთავთა მათ სისწრაფითა.

და ვითარ განთენდა, განვიდა შემდგომად ამაზასპ მუნვე, და აღიხუნა ოროლნი, და გამოვიდა ოვსთაგან კაცი ერთი, სახელით ხუანხუა; ურჩეულესი სპათაგან ოვსთაჲსა. აღიზახნეს ორთავე და მიეტევნეს ურთიერთას, და პირველსავე მისლვასა სცა ოროლნი ამაზასპ და განავლნა ზურგით და მოკლა იგი, და აღმოიჴადა ჴრმალი და მიეტევა სხუათაცა ბუმბერეზთა, და მოკლნა სხუანი. შემოიქცა და შემოვიდა ქალაქად მჴედრებითურთ, და დადგეს ქუეითნი მუნვე, კართა შინა, და მასვე ღამესა კუალად მოემატნეს მჴედარნი. ხოლო განიზრახა დასხმა ოვსთა, და განვიდა და დაესხა ოვსთა განთიადისა ჟამსა მჴედრითა და ქუეითითა ყოვლითა, სძლია და აოტა ბანაკი მათი და მოკლა მეფე ოვსთაჲ და მოსრა ყოველი სიმრავლე მათი.

და წელსა მეორესა მოირთო ძალი სომხითით, და შეიკრიბნა სპანი მისნი ყოველნი და გარდავიდა ოვსეთს და ვერვინ წინააღუდგა. და მოტყუენა ოვსეთი, და მოვიდა შინა განმარჯუებული.

და შემდგომად ამისა შეექმნა სილაღე და იწყო მესისხლეობად, და მოსწყჳდნა მრავალნი წარჩინებულნი. და ამისთჳს მოიძულა იგი ერმან ქართლისამან, და მტერ ექმნა იგი სომეხთა და შეიყუარნა სპარსნი.

მაშინ განდგეს ერისთავნი დასავლეთისანი ხუთნი: ორნი ერისთავნი ეგრისისანი, ერთი ოძრჴისაჲ, ერთი კლარჯეთისაჲ და ერთი წუნდისაჲ. ეზრახნეს ესენი სომეხთა მეფესა და ითხოვეს ძე მისი მეფედ, რამეთუ დისწული იყო ამაზასპისი.

მაშინ სომეხთა მეფე ძალითა მრავლითა წარმოემართა ქართლად და მოირთო ძალი საბერძნეთითცა, და ეზრახნეს ოვსთაცა. ხოლო ოვსნი სიხარულით წარმოვიდეს, რამეთუ მესისხლე იყო ამაზასპ მათი, და გარდამოვლეს გზაჲ თაკუერისაჲ და მოვიდეს ერისთავთა თანა მეგრელთასა.

მაშინ ამაზასპ მოუწოდა სპარსთა, და მოვიდეს სპანი ძლიერნი, და შეკრიბნა ქართველნიცა, რომელნი დარჩომოდეს. მაშინ ოვსთა და მეგრელთა გარდამოვლეს მთაჲ მცირე, და შეკრბეს იგინი და ერისთავნი ქართლისანი განდგომილნი, და მოვიდეს ესე ყოველნი წინაშე სომეხთა მეფისა.

ხოლო წარმოემართა ამაზასპ, და მოეგება იგი გუთისჴევს და არავინ იპოვა ეგეოდენთა სპათა შინა ბერძენთა და სომეხთა, ოვსთა და მეგრელთა და ქართველთა მარტოდ მბრძოლი, ამაზასპისი, არამედ ეწყვნეს ურთიერთას სპანი იგი, და იქმნა ბრძოლაჲ მათ შორის. იძლია ამაზასპ, და ივლტოდა სპაჲ მისი. დაიპყრეს ქართლი და მოკლეს ამაზასპ, და მოსრეს სპაჲ მისი.

და დაუტევა სომეხთა მეფემან ძე თჳსი მეფედ ქართლსა, სახელით რევ, დისწული ამაზას-პისი.

და ამან რევ მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, ასული ლოღოთეთისი, სახელით სეფელია. და ამან სეფელია მოიღო თანა კერპი, სახელით აფროდიტოს, და აღმართა თავსა ზედა მცხეთისასა.

ესე რევ მეფე დაღაცათუ იყო წარმართი, არამედ იყო მოწყალე და შემწე ყოველთა ჭირვეულთაჲ, რამეთუ სმენილ იყო მისდა სახარებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და აქუნდა რაჲმე სიყუარული ქრისტესი.

და მან მეფობასა შინა მისსა არღარავის უტევა ქართლსა შინა ყრმათა კლვა, რომელსა-იგი ამისა უწინარეს და პირველ კერპთა მიმართ შესწირვიდეს მსხუერპლად ყრმათა, არამედ ცხოვრისა და ძროხისა შეწირვა განუწესა. ამისთჳს ეწოდა მას რევ მართალი. და მოკუდა რევ, მეფე იქმნა ძე მისი ვაჩე

და შემდგომად ამისა მეფე იქმნა ძე ვაჩესი ბაკურ.

და შემდგომად ბაკურისა მეფობდა ძე ბაკურისი, მირდატ.

და შემდგომად მირდატისა მეფობდა ძე მისი, ასფაგურ.

და ამან ასფაგურ აღაშენა ციხე-ქალაქი უჯარმაჲ. ხოლო ალექსანდრეს მეფობითგან ესე ყოველნი მეფენი მეფობდეს ქართლს და იყვნეს კერპთმსახურ. და ესე ასფაგურ იყო უკანაჲსკნელი მეფე ფარნავაზიანთა ნათესავისაჲ.

და ამის ზე მეფე იქმნა სპარსეთს ქასრე ანუშირვან სასანიანი, რომელმან მოსრნა მეფენი აჟღალანიანნი, რომელ იცნობების არდაშირობით, ვითარცა წერილ არს ცხორებასა სპარსთასა.

ხოლო სომხითს მეფე იქმნა კოსაროს. და მან კოსაროს, სომეხთა მეფემან, უწყო ბრძოლად ქასრე მეფესა სპარსთასა, და შეეწეოდა მას ასფაგურ, მეფე ქართველთაჲ. და ამან ასფაგურ განუხუნის კარნი კავკასიანთანი, და გამოიყვანნის ოვსნი, ლეკნი და ხაზარნი და მივიდის კოსაროს მეფისა თანა სომეხთაჲსა ბრძოლად სპარსთა. და პირველსავე შესლვასა სპარსეთად ეწყო რაჲ მეფე სპარსთაჲ, აოტეს იგი და მოსრეს სპაჲ მისი კოსაროს და ასფაგურ სპითა მათითა. და მიერითგან ვერღარა წანა-აღუდგა ამათ მეფე იგი სპარსთაჲ. და განამრავლეს შესლვაჲ სპარსეთად და ტყუენვაჲ სპარსეთისაჲ. ხოლო დაესრულნეს მეფენი ქართლისანი ფარნავაზიანნი.

ქართლს შემოსლვაჲ სპართაჲ და მეფობაჲ მირიანისი

ხოლო ვითარ იოტეს სომეხთა და ქართველთა და ჩრდილოჲს ნათესავთა მეფე სპარსთაჲ და განამრავლეს შესლვაჲ სპარსეთს და ოჴრებაჲ მისი, და ვერღარაოდეს წინა-აღუდგა სპარსთა მეფე, მაშინ მეფემან სპარსთამან, მწუხარებითა შეპყრობილმან, მოუწოდა მთავართა სოფლებისათა, პიტიახშთა და ერისთავთა სოფლებისათა, და ყო განზრახვაჲ და ეძიებდა ღონესა ბოროტისა მის მოწევნულისასა. და აღუთქუმიდა ნიჭსა დიდსა და პატივსა, რომელმან უძლოს და უძიოს ღონე შურისგებისაჲ. ხოლო იყო კრებულსა მას შორის წარჩინებული მთავარი, სახელით ანაკ, ნათესავისაგან კოსაროს სომეხთა მეფისა. აღდგა იგი, წარმოდგა და თქუა: „ოტებულ არს სპაჲ ჩუენი კოსაროს სომეხთა მეფისაგან, აწყუედილ არიან მჴედარნი ჩუენნი, და დასდებია შიში და ძრწოლაჲ მათი სპარსთა ზედა, და განძლიერებულ არიან იგინი, და ვერ ძალ-გჳც წინააღდგომად მათდა. და აწ ესე არს განზრახვაჲ ჩემი, რაჲთა მშჳდობითა და ვედრებითა და ხარკისა მიცემითა დავამშჳდოთ კოსაროს მეფე“.

ხოლო ესე, რომელ თქუა ანაკ, არა გულითა თქუა, არამედ სიმრავლესა მას უფარვიდა გულისა მისისა განზრახვასა, მიეახლა მეფესა და ჰრქუა თჳსაგან, ვითარმედ: „არა ესე არს განზრახვაჲ ჩემი, რომელ ვთქუ, არამედ ღირს-მყავ მარტოდ შენ წინაშე ზრახვად, და ვაუწყო მეფობასა შენსა გულისა ჩემისა განზრახვაჲ“. მაშინ წარჩინებულთა მათ იზრახეს თჳს-თჳსად წინაშე მეფისა და წარვიდეს.

და შემდგომად მისაღა მოუწოდა ფარულად მეფემან ანაკს, და ჰრქუა მეფესა ანაკ: „ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე, მე გიძიო ღონე შურისგებისაჲ კოსაროჲს ზედა ესრეთ, რაჲთა წარვიდე მე მის თანა დედა-წულითურთ ჩემით, და მომენდობის იგი ნათესავობისათჳს. და სუემან შენმან მოავლინოს კეთილად, მოვკლა მეფე იგი და დავდვა თავი ჩემი შენთჳს“. სთნდა განზრახვაჲ ესე მეფესა.

და მოკლეთა დღეთა წარმოვიდა ანაკ და ძმაჲ მისი დედა-წულითურთ რეცა განდგომილად სპარსთა მეფისაგან და მოვიდა საზღვართა სომხითისათა, ქალაქსა, რომელსა სახელ-ედების ხიხალა, საზამთროთა ადგილთა სომეხთა მეფისათა.

ხოლო იხილა რაჲ მეფემან კოსაროს, დიდითა პატივითა შეიწყნარა იგი, რამეთუ ყოვლითავე სიმარჯჳთა მოსლვასა მისსა აჩუენებდა სარწმუნოდ, და ხედვიდა მეფე ყოველთა სახლეულთა მისთა მის მიმართ. მაშინ მისცა მეფემან პატივი, მეორედ მისა საყდარსა აღიყვანა.

სიხარულით და განსუენებით დაყვნეს რაჲ დღენი ზამთრისანი, და მოიწივნეს დღენი ზაფხულისა არისანი, და განდიდნეს მდინარენი, წარვიდა მუნით მეფე და მოვიდა ქალაქსა არარატსა და განმზადებულ იყო კოსაროს მეფე შესლვად სპარსეთად.

მაშინ დღესა ერთსა განვიდა მეფე ნადირობად, და განჰყვეს ანაკ და ძმაჲ მისი და იპყრნეს მახჳლნი ლესულნი ფარულად საწჳმარსა ქუეშე სტოედსა, და პოვეს ჟამი და მოკლეს მეფე და ივლტოდეს. ხოლო დევნა უყვეს მთავართა სომხითისათა, და მოუსწრეს ვიეთმე ჴიდსა ზედა და რომელთამე - ფონსა ზედა, და მოსრნეს იწროსა მას შინა ყოვლით ნათესავით მისითურთ. და ვერღარა წარვიდეს თჳნიერ მათსა. ხოლო დაშთეს ორნი შვილნი მათნი და განარინეს მამამძუძეთა მათთა, რამეთუ წარიყვანა ერთმან საბერძნეთს, ხოლო მეორემან - საზღვართა სპარსეთისათა.

და ვითარცა ესმა ჰამბავი ესე სპარსთა მეფესა ქასრეს სასანიანსა, აღივსო სიხარულითა და წარმოემართა ყოვლითა ძალითა თჳსითა და მოვიდა პირველად სომხითს და დაიპყრა სომხითი, მოსრა და ტყუე-ყო ყოველი ნათესავი სომეხთა მეფისაჲ, ხოლო ერთი ძე კოსაროს მეფისაჲ, ყრმაჲ მცირე, შეივლტოდა საზღვართა საბერძნეთისათა, სახელით თრდატ, და იზარდებოდა მუნ.

მაშინ ვითარცა დაიპყრა სომხითი სპარსთა მეფემან, და შემოვიდა ქართლად. და წარვიდა ასფაგურ, ქართველთა მეფე, ოვსეთს, რაჲთამცა მოიმატნა ოვსეთით სპანი და განამაგრნა ციხე-ქალაქნი. ხოლო რაჟამს შევიდა ასფაგურ ოვსეთს, ეწია სიკუდილი და მოკუდა მუნ.

და არა ესუა ამას ასფაგურს ძე, არამედ ესუა ასული ერთი. მაშინ შეკრბეს ერისთავნი ყოველნი ქართლისანი მცხეთას ქალაქსა შინა სპასპეტისა თანა, რომელსა ეწოდებოდა სახელად მაიჟან, ზრახვა-ყვეს სავსეთა მწუხარებითა და თქუეს: „არა ვაუფლოთ გულთა შინა ჩუენთა მწუხარებაჲ, რაჲთა არა მოგუეღოს გონიერებაჲ, გარნა ვიძიოთ ღონე ჭირთა და განსაცდელთა ჩუენთათჳს“. მაშინ თქუა მაიჟან სპასპეტმან: „უკუეთუმცა იყო ჩუენ თანა ძალი ეზომი, რომელ ჩუენმცა მეასედთა სპარსთა შევესწორებოდეთ, და-მცა-ვსხენით თავნი ჩუენნი სიკუდილად და წინა-აღუდეგით მათ, და თუმცა დარჩომილ იყო მკჳდრი მეფობისა ჩუენისაჲ, ანუმცა ნათესავი მეფეთა ჩუენთაჲ, რომელიმცა ღირს იყო მეფობასა, დავდეგითმცა ციხე-ქალაქთა შინა, და-მცა-ვსხენით თავნი ჩუენნი სიკუდილად, და ვჭამეთმცა ჴორცი კაცისაჲ, ვითარცა პირველ მამათა ჩუენთა, არამედ ჟამსა მოწევნადსა ესრეთ მოუვლენიეს, რამეთუ სპარსთაგან მოიკლა დიდი იგი მეფე სომხითისაჲ, და წაღებულ არს სომხითი, რომელსა ეკიდა სამეფოჲ ჩუენი, და აღუღია პირი მისი სპარსთა მეფესა შთანთქმად ყოვლისა ქუეყანისა. და არავინ არს ჩუენ თანა წინააღმდგომი მისი, და დარჩომილ არს ერი ჩუენი ობლად, ვითარცა ცხოვარნი უმწყემსონი. ხოლო აწ ესე არს განზრახვაჲ ჩუენი, რაჲთა მივეგებოდით წინა მეფესა ჩუენსა და ვევედრნეთ, რაჲთა შეჰრთოს ცოლად ძესა მისსა ასული ასფაგურ მეფისა ჩუენისაჲ, და ვაუწყოთ ქალისა მის ნათესაობაჲ ნებროთიანთა და დიდებულთა არშაკუნიანთაჲ და მეფეთა ჩუენთა ფარნავაზიანთაჲ, და ვითხოვოთ მისგან დამჭირვაჲ სჯულსა ზედა მამათა ჩუენთასა და არა აღრევაჲ ჩუენ თანა სპარსთაჲ და წარჩინებულად პყრობაჲ ჩუენი. და ნუუკუე შეიწყნაროს ვედრებაჲ ესე ჩუენი და ყოს ესე ყოველი ჩუენ ზედა. ხოლო უკუეთუ სჯულსა მამათა ჩუენთასა მიგჳღებდეს და ჩუენ ზედა სპარსთა წარჩინებულ-ჰყოფდეს და ნათესავსა მეფეთა ჩუენთასა აღმოსწყუედდეს, სიკუდილი უმჯობეს არს თავთა ჩუენთათჳს, ვიდრე მოწევნაჲ ამისი ჩუენ ზედა. არამედ დავსხნეთ თავნი ჩუენნი ციხეთა და ქალაქთა შინა და მოვსწყდეთ ყოველნი“.

მაშინ სთნდა განზრახვაჲ ესე მაიჟან სპასპეტისაჲ ერისთავთა მათ და წარგზავნეს მოციქული წინაშე სპარსთა მეფისა და მოაჴსენეს ესე ყოველი, რომელი განეზრახა.

ხოლო გამოიკითხა სპარსთა მეფემან პირველად ქალაქისა მცხეთისაჲ, და უთხრეს სივრცე და სიგრძე მისი და მახლობელობაჲ ხაზართა და ოვსთაჲ. და კუალად გამოიკითხა გუარ-ნათესავობაჲ ასფაგურის ასულისაჲ, და აუწყეს ნათესაობაჲ ნებროთიანთა და არშაკუნიანთა და ფარნავაზიანთაჲ, რომელი-ესე კეთილად სთნდა სპარსთა მეფესა და შეიწყნარა ვედრებაჲ იგი ქართველთაჲ, რამეთუ თჳთცა უმჯობესად და უკეთესად გამოირჩია მცხეთას დასუმაჲ ძისა მისისაჲ მეფედ. რამეთუ ყოველთა ქალაქთა სომხითისა და ქართლისა, რანისა და მისკერძოჲსა ყოვლისა უფროჲსად და უმაგრესად გამოარჩია, და მახლობელად ჩრდილოთა მტერთა რაჲთა ჰბრძოდის მუნით და იპყრობდეს ყოველთა კავკასიანთა. აღუსრულა ყოველი სათხოველი ქართველთა და მისცა ყოველსა ზედა ფიცი და აღთქუმაჲ, და მოვიდა მცხეთას. და მიეგება მაიჟან სპასპეტი და ყოველნი ერისთავნი ქართლისანი.

მაშინ მოიყვანეს ასული ასფაგურ მეფისაჲ, სახელით აბეშურა, და შეჰრთო იგი ძესა თჳსსა სპარსთა მეფემან, რომელი-იგი თანა ჰყვა წლისა შჳდისაჲ, შობილი მჴევლისაგან თჳსისა, რომელსა სახელ-ედებოდა სპარსულად მიჰრან, ქართულად მირიან.

ესე მირიან იგი არს, რომელმან ჟამსა სიბერისა მისისასა იცნა ღმერთი დამბადებელი და შეიწყნარა სახარებაჲ მოციქულთაჲ წმიდისა ნინოჲს მიერ და იქმნა აღმსარებელ სამებისა და თაყუანისმცემელ ჯუარისა პატიოსნისა.

ხოლო აწ ვაჴსენოთ ცხოვრებაჲ მირიანისი, ძისა ქასრე არდაშირისი.

და ვითარცა შეიწყნარა მეფემან ქასრე ვედრებაჲ ქართველთაჲ, და შეჰრთო ძესა მისსა, მირიანს, ასული ქართველთა მეფისაჲ და მისცა მეფედ. და დასუა მცხეთას და მისცა ქართლი, სომხითი, რანი და მოვაკანი და ჰერეთი.

და იყო მირიან მაშინ წლისა შჳდისაჲ, და თანა ჰყვა მაშინ მეფესა დედაჲ მირიანისი, და არა დაუტევა იგი მირიანის თანა, რამეთუ ფრიად უყუარდა დედაჲ იგი მირიანისი, ვითარცა თავი თჳსი. არამედ დაუტევა მამამძუძედ და განმგებელად წარჩინებული ერთი, სახელით მირვანოზ. და დაუტევა ორმეოცი ათასი მჴედარი სპარსი რჩეული. და არა დასხნა ქართლისა საზღვარსა სპარსნი იგი ფიცისა მისთჳს, რომელ ჰფუცა ქართველთა, არამედ დასხნა ჰერეთს და მოვაკანს და სომხითს. ხოლო უბრძანა მირვანოზს, რაჲთა სპარსთა მათგან რჩეული შჳდი ათასი ყოვლადვე ქალაქსა შინა იპყრას მცველად ძისა მისისა. და ესრეთ დაეზავა ქართველთა, რაჲთა კარნი, ციხენი და ქალაქნი ყოველნი იპყრნეს ლაშქრითა სპარსითა, და სხუაჲ სიმრავლე სპარსთაჲ არა იყოს ქუეყანასა შინა ქართლისასა აღრეულად.

„და იყოს შვილი ესე ჩემი ორსავე სჯულსა ზედა: მამათა ჩუენთასა - ცეცხლისმსახურებასა და თქუენთასა - კერპთასა“. რამეთუ პირველ ამას ზედა მოეცა ფიცი.

და წარვიდა მეფე და აღიხუნა და დაიმორჩილნა ყოველნი ჴევნი კავკასიანთანი, და დასხნა ყოველგან მთავარნი, და უბრძანა მათ ყოველთა, რაჲთა იყვნენ მორჩილ ძისა მისისა მირიანის, და უბრძანა მირიანს, ძესა თჳსსა, და მირვანოზს, მამამძუძესა მირიანისსა, რაჲთა ჰბრძოდიან ხაზართა, და წარვიდა თჳთ სპარსეთადვე. ხოლო ამან მირვანოზ, მამამძუძემან მირიანისმან, ჰმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა და უმეტეს ყოველთასა მოამტკიცნა ზღუდენი ქალაქისა ნეკრესისანი.

და აღიზარდა მირიან მსახურებასა მას შინა შჳდთა მათ კერპთასა და ცეცხლისასა. ხოლო შეიყუარნა ქართველნი, და დაივიწყა ენაჲ სპარსული და ისწავა ქართული, და ჰმატა შემკობაჲ კერპთა და ბომონთაჲ. და კეთილად იპყრნა ქურუმნი კერპთანი და ყოველთა მეფეთა ქართლისათა უმეტეს აღასრულებდა მსახურებასა მათ კერპთასა, და შეამკო საფლავი ფარნავაზისი. ხოლო ესე ყოველი ქმნა სათნოებისათჳს ქართველთაჲსა, და კეთილად იპყრნა ქართველნი ნიჭითა და ყოვლითავე დიდებითა. შეიყუარეს იგი ქართველთა უმეტეს ყოველთა მეფეთასა. და მეფობდა ესრეთ მირიან მცხეთითგან აღმართ ქართლს, სომხითს, რანს, ჰერეთს, მოვაკანს და ეგრისს.

ხოლო იქმნა რაჲ მირიან წლისა ათხუთმეტისა, მოუკუდა ცოლი, ასული ქართველთა მეფისაჲ, და დაესრულა ამას ზედა მეფობაჲ და დედოფლობაჲ ფარნავაზიანთა მეფეთაჲ.

და დიდად მწუხარე იქმნნეს ყოველნივე ქართველნი სიკუდილსა დედოფლისა მათისასა, არამედ დაადგრეს ერთგულებასა ზედა მირიანისსა, რამეთუ არღარა ვინ იყო ყოვლადვე ნათესავი ფარნავაზიანთაჲ, რაჲთამცა ღირს ქმნილ იყო იგი მეფობასა ქართველთასა. და ესრეთ შეიტკბეს ამის მიზეზისათჳს მეფობაჲ მირიანისი მათ ზედა.

ხოლო მირიან მეფემან უფროჲსადღა ჰმატა კეთილისყოფასა ქართველთასა, და მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, პონტოჲთ, ასული ოლიღოტოსისი, სახელით ნანა. იწყო ბრძოლად ხაზართა და ჰბრძოდა იგი მარადის. ხოლო განდგომილ იქმნნიან ოდესმე მირიანისგან ლეკნი და მათ გამოიყვანიან რაჲ ხაზარნი თანაშემწედ მათდა, მიეგების მათ წინა მირიან ჰერეთს ანუ მოვაკანს, და მუნ ეწყვის მათ. და ოდესმე დურძუკთა და დიდოთა მოირთნიან და გამოიყვანნიან ხაზარნი, და ეწყვის რაჲ, ყოვლადვე სძლის მირიან ხაზართა. და ესრეთ მრავალგზის ყო წყობაჲ ხაზართაჲ. და უფროჲსი ლაშქრობაჲ მისი იყვის დარუბანდს, რამეთუ მოვიდიან ხაზარნი და მოადგიან დარუბანდს, რაჲთამცა წარვლეს და განაღეს კარი ფართოჲ, და მუნით იწყესმცა განსლვაჲ სპარსთა ზედა. ხოლო ოდეს მოვიდიან ხაზარნი დარუბანდს, მაშინ წარვიდის და შეეწიის მირიან დარუბანდს, და ოდესმე უჰომრად მიჰრიდიან ხაზართა მათ მირიანს, და ოდესმე ბრძოლითა აოტნის.

ხოლო ვითარ იქმნა მირიან წლისა ორმეოცისა, მაშინ მოკუდა მამაჲ მირიანისი, მეფე სპარსთაჲ, და დაჯდა შემდგომად მისა მეფედ სპარსთა ძმაჲ მირიანისი უმრწემესი, სახელით ბარტამ.

და ვითარცა ესმა ესე მირიანს, მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა, შეკრიბნა და წარემართა ბაღდადს, რაჲთამცა დაჯდა საყდართა მამისა მისისათა. მაშინ ძმამანცა მისმან შეკრიბნა სპანი ურიცხუნი და მიეგება ბრძოლად ჴევსა ზედა ნასიბინისასა.

და ვითარცა იხილეს მოხუცებულთა და მარზაპანთა სპარსეთისათა, ვითარმედ მახჳლი დაეცემის ურთიერთას, აღდგეს მათ შორის მოციქულად და ბჭედ, და დასჯერდეს ორნივე მეფენი ბჭობასა მათსა. და დასხდეს რაჲ ბჭობად, მაშინ მირიან იტყოდა ესრეთ სარჩლად: „შვილი პირმშოჲ მე ვარო მამისა ჩემისაჲ, და საუფლისწულოდ ებოძნეს ქუეყანანი უცხონი, მკლავითა წარხმულნი, და მუნ დღენი ჩემნი მრავალნი ბრძოლასა შინა დამიყოფიან ხაზართასა, და მრავალგზის სისხლითა ჩემითა დამიცავს სპარსეთი ხაზართაგან. და ამისთჳს ჩემი არს საყდარი მამისა ჩემისაჲ“.

ხოლო ბარტამ იტყოდა ამას ესრეთ, ვითარმედ: „თუცა პირმშოჲ მირიან არს, არამედ ნაშობი არს მჴევლისაჲ, და ნაშობსა მჴევლისასა ეყოფის სუედ, რომელ მას მიხუდომიან სამეფონი. ხოლო მე ნაშობი ვარ ჰინდოთა მეფისა ასულისა და სპარსთა დედოფლისაჲ. და მოგისმენია ანდერძი მამისა ჩემისაჲ და მოგინახავს, რომელ ჴელითა მისითა დამადგა გჳრგჳნი თავსა ჩემსა“.

ხოლო მათ განბჭეს და მისცეს მეფობაჲ სპარსეთისაჲ ბარტამს, ხოლო მირიანს მისცეს ბარტამისგან გულისსადებად ჯაზირეთი და ნახევარი შამისი და ადარბადაგანი. და ესე ყოველი ქართლს, სომხითს, რანს და ჰერეთს და მოვაკანს ზედა მოურთეს, და წარმოვიდა მირიან.

ხოლო ვიდრეღა ჯერეთ მუნვე ყოფასა შინა მირიანისსა გარდამოვლეს ოვსთა ფეროშ და კავტია და განრყუნეს ქართლი. ხოლო მირიან გარესგარ გარდავიდა ოვსეთს, მოტყუენა ოვსეთი და მიიწია ხაზარეთამდე, რამეთუ გარდამოვლო გზაჲ დვალეთისაჲ და მოვიდა შინა.

და შემდგომად ამისა რაოდენთამე წელიწადთა ჩუეულებისაებრ მოვიდეს ხაზარნი ბრძოლად დარუბანდისა. და ვიდრე იგი მუნ იყო წყობად ხაზართა, მაშინ უკუე მეფე გუთთაჲ სპითა ურიცხჳთა შევიდა საბერძნეთს, ხოლო მეფე ბერძენთაჲ შეკრბა სპითა დიდითა და წინა-აღუდგა. მაშინ მეფემან გუთთამან სთხოვა თავისთავ ბრძოლაჲ კეისარსა, და ვერ ძალ-ედვა კეისარსა ბრძოლაჲ მისი, არამედ იყო ძე კოსაროს სომეხთა მეფისაჲ, სახელით თრდატ, რომელი ზემოცა ვაჴსენეთ და აღზრდილ იყო იგი საბერძნეთს, და იყო იგი გოლიათი. და მას ჟამსა დახუედრებულ იქმნა იგი სპასა მას თანა ბერძენთასა. და გამოარჩიეს იგი ყოველთა მათ სპათა ბერძენთა და შემოსეს იგი შესამოსელითა და საჭურველითა კეისრისაჲთა, და სახედ კეისრისა გაუგზავნეს ბრძოლად მეფესა მას გუთთასა. და გამო-რაჲ-ვიდა მუნით მეფე გუთთაჲ, მიეტევნეს ურთიერთას ბრძოლად. და სძლო თრდატ და ჴელად შეიპყრა, და იოტეს ბანაკი გუთთაჲ. ხოლო კეისარმან მისცნა სპანი თრდატს და გამოგზავნა სომხითს, მამულსა თჳსსა, და გამო-რაჲ-ვიდეს სომხითს, გამოასხნეს სპარსნი, ერისთავნი მირიანისნი.

მაშინ მირიან შეიქცა წყობისა მისგან ხაზართაჲსა და მოიყვანა სპარსეთით თჳს-ტომი მისი, ნათესავი მეფეთაჲ, სახელით ფეროზ. და ამან ფეროზ მოიტანა თანა სპაჲ დიდი. და მისცა მირიან ასული თჳსი ფეროზს ცოლად და მისცა ქუეყანაჲ ხუნანითგან ბარდავამდე, მტკუარსა ორივე კერძი, და დაადგინა იგი ერისთავად მუნ. სხუაჲცა ძალი მოირთო სპარსეთით და უწყო ბრძოლაჲ თრდატს. ხოლო ოდეს მოირთის ძალი თრდატ საბერძნეთით და მომართის მირიანს, და მას ვერ ძალ-ედვის წინააღდგომად, განამაგრნის ციხენი და ქალაქნი, და მოვლის თრდატ ქუეყანაჲ მირიანისი. და ოდეს განძლიერდის მირიან სპარსეთით, მაშინ ვერ წინა-აღუდგის თრდატ და მოვლის მირიან სომხითი. და ესრეთ დაუცხრომელად იყვის შფოთი მათ შორის წელთა მრავალთა.

და არა ვინ იპოვა ოდეს სპარსთა შორის მარტოდ მბრძოლი თრდატისი. და სახელოვან იქმნა თრდატ ყოველსა ქუეყანასა ზედა და სძლო ყოვლადვე მბრძოლთა მისთა, ვითარცა წერილ არს ჰამბავი მისი ცხორებასა შინა სომხითისასა.

ხოლო ამისა შემდგომად მეფე იქმნა სპარსეთს მესამე ძმაჲ მირიანისი და ბარტამისი, მოუვლინა მირიანს და ჰრქუა: „რაჲთა შევკრბეთ და გარდავლოთ სომხითი და შევიდეთ საბერძნეთად“.

მაშინ გამოვიდა სპარსთა მეფე და მიეგება მირიან და შეკრბა სიმრავლე ურიცხჳ, ვითარცა თივანი ველთანი და ფურცელნი ხეთანი, სიმრავლითა, გარდავლეს სომხითი და ვერ წინააღუდგა თრდატ, არამედ განამაგრნა ციხე-ქალაქნი, და წარტყუენეს სომხითი და შევიდეს საბერძნეთად, და ვერ წინააღუდგა მათ მეფე ბერძენთა კოსტანტინე, რომლისათჳს შთავარდა დიდსა მწუხარებასა.

და ვითარ იწყეს მათ ტყუენვად საბერძნეთისა, მაშინ არწმუნეს მეფესა კოსტანტინეს კაცთა ვიეთმე ღმრთისმსახურთა და ჰრქუეს: „იხილე საკჳრველებაჲ ქრისტესი და ძლევაჲ მტერთა მოსავთა მისთაგან, ვითარ ყოველნი მოსავნი ქრისტესნი წარძღუანებითა ჯუარისაჲთა სძლევენ მტერთა მათთა“.

ხოლო კოსტანტინე მეფემან ირწმუნა მათი, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად ცხორებასა ბერძენთასა. ნათელ-იღო კოსტანტინე და წარმოიძღუანა სახე ჯუარისაჲ და ეწყო მტერთა, სპარსთა მათ ურიცხუთა, სპითა მცირითა, და ძალითა ქრისტესითა აოტა ბანაკი მათი, და მოსრა სიმრავლე მათი. და ივლტოდეს ორნივე იგი ძმანი მცირედითღა მჴედრითა. და მიუდგა უკუანა კოსტანტინე, და შევიდა საზღვართა მათთა, და სპარსთა მეფე შევიდა სპარსეთად მეოტი, ხოლო მირიან დადგა ქართლად და განამაგრნა ციხე-ქალაქნი. უღონო იქმნა მირიან და შეეშინა ოტებისათჳს ქართლით, რამეთუ მომწყდარ იყვნეს წყობასა მას შინა ყოველნი წარჩინებულნი მისნი, სპარსნი და ქართველნი. და ამისთჳსცა წარგზავნა მოციქული წინაშე კოსტანტინე მეფისა და ითხოვა მისგან მშჳდობაჲ, და აღუთქუა მას მსახურებაჲ და განდგომაჲ სპარსთაგან და შედგომაჲ მისდა, რომელი-ესე სთნდა კოსტანტინეს, რამეთუ შიში აქუნდა კუალადცა სპარსთა მეფისაგან, და თანაშემწეობისათჳს დაეზავა მირიანს. და აღიყვანა შვილი მირიანისი მძევლად, სახელით ბაჰქარ, და მირიან და თრდატ ამზახნა ურთიერთას, რამეთუ მოსცა თრდატ ასული თჳსი, სახელით სალომე, ცოლად ძესა მირიანისსა, რომელსა ეწოდა სახელად რევ, და უჩინა საზღვარი მირიანს და თრდატს ესრეთ: რომელთა ქუეყანათა მდინარენი დიან სამხრით და მიერთვიან რაჴსსა, ესე ქუეყანანი თრდატის კერძად დაყარნა, და რომლისა ქუეყანისა მდინარენი ჩრდილოჲთ დიან და მიერთვიან მტკუარსა, ესე ქუეყანანი მირიანის კერძად დაყარნა. და ესე რაჲ განუგო კოსტანტინე მეფემან და შუამდგომელ ექმნა მათ და წარვიდა თჳსად სამეფოდ.

და მეფობდა მირიან ქართლს, რანს, ჰერეთს და მოვაკანს და აქუნდა ეგრისიცა ეგრისწყლამდე. და მისცა ძესა მისსა, რევს, საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი, და დასუა იგი უჯარმას. რევ და ცოლი მისი, სალომე, ასული თრდატისი, ცხოვნდებოდეს უჯარმას.

ხოლო ფეროზს, სიძესა მირიანისსა, აქუნდა ქუეყანაჲ, რომელი ზემოჲთ ვაჲსენეთ, მიცემულად მირიანისგან, და იგი მუნ იყო ერისთავად.

მას ჟამსა მოსრულ იყო წმიდაჲ და ნეტარი დედაჲ და ემბაზი ჩუენი ნინო, და დაეყო მცხეთას შინა სამი წელი და განეცხადა ქადაგებაჲ ქრისტეს სჯულისაჲ, და იქმოდა კურნებასა თჳნიერ წამალთა ხმარებისა და ჴმამაღლად იწყო ქადაგებად ქრისტეს სჯულისა, ჭეშმარიტისა მის ღმრთისა ჩუენისაჲსა.