ცხორება დემეტრე მეფისა
[edit]სრულ-ყო რა დავით სრბა მეფობრივი, ქრონიკონსა სამასორმოცდახუთსა მივიდა დაუსრულებელსა სუფევასა. და სიცოცხლესავე შინა მისსა დასუა მეფედ ძე მისი დემეტრე და დაადგა გჳრგჳნი თჳთ მისითა ჴელითა.
დაიპყრა სამეფო ტახტი და საჯდომი მკლავითა ლომებრივითა მისათხრობელად ბრძენთა ქებისმოყუარეთათჳს. იტყჳს სოლომონცა მეფე: „ჟამნი არიან მშჳდობისანი, სარწმუნოება მეფეთა“. პირველად მოშიში იყო ღმრთისა, სჳანი და გამარჯუებული და სიმაღლესა და სიმდიდრესა შინა მდაბალი და გლახაკთმოწყალე, ობოლთა და ქურივთა განმკითხველი, საყდართა და ეკლესიათა, მღდელთა და მონაზონთა კეთილისმყოფელი, შემწირველი სოფელთა და აგარაკთა, დიდებულთა სამეფოსა მათისათა და კარსა ზედა მყოფთა ტკბილად მოუბარი, უხჳ და მბოძებელი, ვითარ გაავრცელა და აღაშენა სამეფო მისი.
ოდეს დიდმან დავით ტფილ|ისი აიღო, ჰერეთი და კახეთი მოირთო. ციხეთა და ქალაქთაგან კიდე კაცი არასადა იყო. ჰერეთი, სომხითი, ტაშირი, ჯავახეთი, ქუენარტანი და არტანი ამათსა მეფობასა შინა აშენდა და ტაოს ნაპირნიცა.
ოდეს ჯერ არა მეფე იყო, დიდმან დავით შარვანს გაგზავნა შვილი დემეტრე. და ქმნნა ომნი და ბრძოლანი, რომელ ყოველნი მხედველნი მისნი განაკჳრვნა. და აიღო ციხე ქუელაძორი და აღივსო ალაფითა და ტყჳთა ურიცხჳთა, გააქცივნა სუქმეთნი. ოდეს სუქმეთნი გააქცივნა დემეტრე, ქრონიკონი იყო სამასორმეოცდაათი, თავნი ყოვლისა სპარსეთობისა დაჴოცნა და ამოსწყჳდნა და აღავსნა საჭურჭლენი და ლაშქარნი მისნი.
ერთგულთა შემწყნარებელი იყო და შეცოდებულთა სამართლიანად მწურთელი, ვინათგან არა სწორი არს ცოდვა მღდელისა და მჴედრისა და არცა ერისა და მღდელთმთავრისა. რომელმან იცოდის ნება უფლისა თჳსისა, და არა ყოს, იგუემოს ფრიად. ყოვლითურთ ემსგავსა ძირსა კეთილსა დავითიანსა, ხესა, ღმრთივ დანერგულსა და ცხებულიანსა. წარვლო ცხორება და მიიწია სრულქმნილი სიბერესა, შეიმოსა ჩოჴა და იკურთხა სქემა. დაყო წელიწადი ერთი და მოკუდა.
დასუეს მეფედ ძე მისი დავით. იმეფა ექუს თუე და მოკუდა.
შემდგომად მისა დაჯდა ძე მისივე გიორგი ქრონიკონსა სამას სამოცდათხუთმეტსა.
ამასვე წელსა მოკუდა დემეტრე მეფე. და დაჲ დემეტრესი თამარ, თიღჳსა აღმაშენებელი, იგიცა შემონაზონებული გარდაიცვალა. და დაჲ მისი კატა დედოფალი საბერძნეთს გათხოვილ იყო.
ამის დავითის შვილი და გიორგის ძმისწული დემეტრე დარჩა. და ოდეს ორბელნი უკუ-ადგეს გიორგი მეფესა, იგი თანა უკუ-იტანეს, ლო|რეს შედგეს. მუნით გამოასხნეს ორბელნი, მეფემან დაიპყრნა და დაჴოცნა. დემეტრე კლდეკართა დასუეს, უკანის თუალნი დასწუნეს, მოკუდა და მცხეთას დამარხეს.
დემეტრე მეფე ბელტის ციხეს მიიცვალა და გელათს წარიყვანეს, მისგანვე კურთხეულსა ახალსა მონასტერსა. ქრონიკონი იყო სამას სამოცდათოთხმეტი.
დემეტრე აბულეთის ძესა ივანეს თავი მო[ჰ]კუეთა ჩხერეს მერეს მეოცესა წელიწადსა მეფობასა მისსა და მეტეხთა დადვა ფიცის არგატეხისათჳს.
ცხორე[ბა გიორგი] მეფისა
[edit]დაჯდა მეფედ გიორგი, უმაღლესი ყოველთა მეფეთასა, მძლე და მორჭმული მტერთა და შეცოდებულთათჳს, კეთილად მსახური ღმრთისა. საყდართა, ებისკოპოზთა, მეუდაბნოვეთა, მღდელთათჳს კეთილისმყოფელი იყო და უკადრი შეცოდებისა დიდთა და ცოტათაგან; გლახაკთა და ქურივთათჳს მოწყალე იყო და ერთგულთათჳს უხჳ და მბოძებელი იყო. სპარსეთისა სულტანნი, შორს მყოფნი და ახლოს მყოფნი, მეძღუნედ და მოხარკედ მისდა იყვნეს, და ყოველნი სანაპირონი სამეფოსა მისისანი უშიშად ჰქონდეს.
აიღო ანისი, ადრითგან წანაღები თურქთა, ქრონიკონსა სამას ოთხმოცსა, შეიპყრა სალდუხი, ამოსწყჳტა ყოველი ძალი მისი, მოაღებინა ძღუენი და საჭურჭლენი, რომელი არა აითუალვოდა, და აღივსნეს სამეფო და ლაშქარნი მისნი, უშიშად ჰქონდეს. განძას სულტანი და ხლათის სულტანი გააქცივნა და აჴოცნა. და მოვიდა ილდღუზი დიდითა სპარსეთითა დიდითა ლაშქრითა, დაარბია შავშეთი, კლარჯეთი. და გავალისჯარს ესრე დაჴოცნეს, რომელ მოამბე ერთიცა ვერ წავიდა.
ოდეს ორბელნი გადგეს, ქრონიკონი იყო სამას ოთხმოცდაჩჳდმეტი. აქა ორბელნი გადგეს და აფხაზეთი, სუანეთი და ყოველი სამოქალაქო აქუნდა დაწყნარებით. და ოვსთა და ყივჩაყთა რაოდენი ათასი კაცი უბრძანის, მოვიდიან, ეგრეთვე შარვანის სახლი.
და მოსცა ღმერთმან შვილი გჳრგჳნის ცოლსთან, ბურდუხანს, მსგავსად აღთქმით შობილისა, ვითარ ანნას სამოელი. რომლისა მიერ გამობრწყინდა სიმართლე და მრავალი მშჳდობა დღეთა მისთა. და იმეფა ოცდარვა წელი და მიიცვალა სტაგირს კახეთისასა თუესა მარტსა ოცდაშჳდსა, სამშაბათსა ვნებისასა, დამარხეს მცხეთას ჟამის სიძნელისაგან და მასვე წელსა გელათს წაიყვანეს.
ცხორება დიდისა მეფეთმეფისა თამარისი
[edit]იქმნა ყოველთა მეფეთა შორის უდიდეს, სჳანი და ბედნიერი, ღმრთის მოშიში, ტკბილი, სახიერი და (თავი ყოველთა კეთილთა არს ღმრთისმოშიშება და სიმდაბლე) ეკლესიათა და მონაზონთ მოყუარე, გლახაკთა და მოჩივართ განმკითხველი. საბერძნეთისა მთაწმიდისა, იერუსალემისა, და შავისა მთისა საყდარნი და ეკლესიანი, რომელნიმე დარღუეულნი, აღაშენნა მათითა საფასოთა და იჴსნნა ხარკისაგან უცხოთესლთასა.
და თჳთ ჴელთაგან მისთა სთულისა სამსხუერპლოდ ღმრთისა და სიწმიდისა სამსახურად აკერვინებდა, და ეგრე დასდებდეს ეკლესიათადა აქა, აღმოსავლეთისათაცა შინა.
ლოცვისა მოყუარე იყო დაუცადებელი, ვითარ მოწესემან უწინარეს ძილისა ლოცვა და ფსალმუნება გარდაიჴადა.
ვაზირთა მისთა და ლაშქართა განურისხებელი, ღირსთათჳს მშობლურთა წყალობათა მიმფენელი, და ეგზომ, რომელ მისსა სამეფოსა შინა ერთიცა მსახური არ გაპატიჟებულა თჳნიერ გუზან ტაოსკარელისაგან კიდე. მას თუალნი დასწუნეს. გაღმა გასული, სპარსეთს, ზაქარია ასპანის ძემან შეიპყრა და დარბაზს მოჰგუარეს.
და რომელ მისსა მეფობასა შინა სულტანი გააქცივეს, ქალაქნი და ციხენი აიხუნეს, ესე არს: ათაბაგი განძისა გააქციეს, ქრონიკონი იყო [ოთხ]ას [და რვა]. აღივსო ტყჳთა და ალაფითა სამეფო მათი. მჴარგრძელმან ზაქარია, მანდატურთუხუცესმან და სპასალარმან, მისმან ძმამან, ივანე ათაბაგმან, აიღეს დვინი მეცხრესა წელსა მეფობისა მისისასა. ქრონიკონი იყო [ოთხ]ას და ცამეტი.
მათვე აიღეს გელაქუნი, ბიჯნისი, ამბერდი და ბარგუშატი, ზემოთ ანისთ და ვიდრე ხუაფრიდისა ჴიდამდის. არა ვის ასმია, არცა ყოფილა სხუა ჴელმწიფისა ყმა, ვითარ ესენი, ერთგულად მსახურებითა სჳანნი და გამარჯუებულნი.
მოვიდა რუქნადინი და თანა ჰყვა ლაშქარი დიმუშკით და ალაბით ამოღმა წაღებად ამის სამეფოსა. მიეგებნეს ბასიანის ქუეყანასა, გაიქციეს, ჴოცეს და ამოსწყჳდეს. მოასხნეს სულტანნი და ამირანი ტყუედ: ერზინკიელი, შამელი და ბივრიტელი. საჭურჭლისა ზანდუკთა, ოქროთა და მარგალიტითა სავსეთა, და დროშათა სასულტანოთა, მრავალთა კარავთა, ვეცხლის ჭურჭელთა და ოქროსასა სადა იყო სიმრავლე. აქლემითა, ჯორითა და ცხენითა აღავსეს მინდორნი და ველნი. ქრონიკონი იყო [ოთხ]ას ოცდათხუთმეტი.
ამისსა შემდგომად აიღეს კარი და ციხენი კარნიფორისა და ვანანდისნი და რაჴსის პირის ციხენი და წინა ამისსა ხახული, ოშკი და ბანა წაეღო.
ამათ ესდენთა ღმრთისა წყალობათა უფროსიცა ღმრთისმოშიშება მოემატებოდა. საყდართა და მონასტერთა დალეწასა ვერვინ იკადრებდა, ქარავანსა ვერვინ ძარცჳდა. ამერი და იმერი, ძუელი სამეფო მათი აფხაზეთისა დაწყნარებით ჰქონდა, რომელ ერთიცა ქათამი არსად მოიკლვოდა. მპარავი, ავის მოქმედი აღარ იყო. თუ ნაპარევი ვინმე პოვის, კარსა ზედა მიიღის, დროშათა ქუეშე დადვის. ოვსმან, მთიულმა[ნ] და ყივჩაყმან და სუანმან ვერ იკადრიან პარვა. და იყო მდიდრად ესე სამეფო, რომელ აზნაურის ყმანი მათთა პატრონთა სწორად იმოსებოდეს.
თამარის ქმარი დავით იყო ოვსთ მეფე, ტომი ბაგრატიონთა, ჭაბუკი და ლომი და მისათხრობელი. ამათ ყოველთა განმარჯუებათა და ნაქმართა თანადამხუდარი და თჳთმქონელი, შემმართებელი, მოლაშქრე მკჳრცხლი. დალეწნეს სპარსეთისა ქალაქნი და მარანდი ამოსწყჳდეს და ერანის ქუეყანა. ესდენად სიშორესა შინა მივიდენ, რომელ არცა თუ სახელი ქართველობისა ისმოდა.
ორნი შვილნი მიეცნეს: გიორგი და რუსუდან.
ამის გიორგის შობასა ზედა გაილაშქრა და აიღო კარი, ესრე ჩნდა ბედნიერობა ამისი.
დაჲ თამარ მეფისა და ასუ|ლი მამის[ა] მისისა გიორგისი, რუსუდან დედოფალი, იყო ტკბილი და მოწყალე, ნუგეშინისმცემელი და შემხუეწელი დაჭირვებულთა და მზრდელი ჩჳლთა და ობოლთა, რომელ ღირსნი მათგან ზრდისანი ნაშობთა მათთა წინაშე მიუსხმიდიან. ჴელთა მისთაგან ნაქმარი საყდართა და ეკლესიათა იგზავნებოდა.
მოახლენი მათნი სულტანნი მოხარკედ დასხნა და სამეფო განუხეთქელად დაიცვა. ყოველნივე შეიტკბნა და მშჳდობა ყო ყოველთათჳს. მეფობასა შინა დაყო ოცდასამი წელიწადი და აღვიდა წინაშე ღმრთისა, სადა-იგი მკჳდრობენ წინასწარმეტყუელნი და მამათმთავარნი და მეფენი, თუესა იანვარსა თორმეტსა, დღესა ოთხშაბათსა, აგარათა სომხითისათა, ქრონიკონსა ოთხასოცდაშჳდსა. დამარხეს ახალსა მონასტერსა, გელათს.
ვაი იყო ჟამისა მისთჳს რასდენ ულხინებელი: გლოვა, ტყება და თმათა ფხურა. იქმნებოდა: ლმობიერებანი, სიტკბოებანი, ღირსთათჳს მშობლურნი ზრდანი და ბოძებანი. საჴმარ იყო გულისჴმისყოფა მეცნიერთაგან, მოთქმა ნუგეშინისმცემელთაგან.
იგლოვა ყოველმან ამან სამეფომან ჟამსა ჯეროვანსა. დასუეს გიორგი, ძე მისი, მეფედ მასვე წელიწადსა, რომლისა წელნიცა მრავალჟამეულ არიან და ცხორება მათი კეთილად წარმართებულ აქა - ცვალებადსა თანა, მერმესაცა - დაუსრულებელსა.
ცხორება გიორგი მეფისა, თამარის ძისა
[edit]ოდეს დაიბადა, ქრონიკონი იყო ოთხას და ცამეტი. „მრავალ არიან ჭირნი მართალთანი, - იტყჳს წინასწარმეტყუელი, - და ყოვლისავე ბოროტისაგან იჴსნნეს მოშიშნი მისნი“.1 და კუალად მოციქული: „ჵი სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა ღმრთისა! ვითარ გამოუკულეველ არიან გზანი მისნი“.2 „ვინ ცნა გონება უფლისა, ანუ ვინ თანამზრახველ ეყო მას?“
შემდგომად გარდაცვალებისა თამარ მეფეთმეფისა წარიწირა სასოება ყოველმან ამან სამეფომან, გარნა ღმერთმან, გჳანმან მრისხანებისათჳს და მოსწრაფემან მოწყალებისათჳს, მოსცა მშობელისავე მსგავსი მისგანვე შობისა - ლაშა
[იყო] ათორმეტისა წლისა, ოდეს მეფედ დაჯდა, ნერგი კეთილმოზარდი და ყუავილი, ყოველთა ფერთაგან შემკობილი, ლომი ძალითა და უმანკო გონებითა, მოყუარული ყოველთა კაცთა: დიდთა და მთავართა მათითა პატივითა, მონაზონთა და მღდელთა მათით[ა] პატივითა; მშჳდი და განურისხებელი ბუნებითა, შჳდთა სამეფოთა მეფე, მონისაცა ერთისა მათრაჴისა არა მკრველი, მშჳლდოსანი და ცხენოსანი, გულოვანი და შემმართებელი, რომელ მისითა მკლავითა ომნი დასხნა და გარდაიჴადნა სიმცროსავე შინა სწორნი დავით პაპისპაპისა მისისანი; ბედნიერი ლაშქრობითა, ბედნიერი ქუეყანისა ნაყოფთა მოსლვისათჳს, დაჭირებულთა განმკითხველი, ბჭე და მოსამართლე, დამხედვარი მეტად ჟამისა და ასაკისა მისისა.
და იყო სამეფო მისი დიდსა დაწყნარებასა შინა. და იყუნეს გამგედ და განმზრახად ყოველთა საქმეთა მისთა მისისავე მშობლისობითაგან მჴარგრძელი ზაქარია, მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი, და ივანე ათაბაგი. პირველსა ზედა მშობელმან მათმან, დიდმან თამარ მეფეთმეფემან, გაალაშქრებინა მისსა ბედსა ზედა და აიღო კარი. შემდგომად გაილაშქრა, წარვიდა და შევიდა დიდსა სპარსეთს, გატეხა არდაველი, დალეწნა ციხე-ქალაქნი და აღავსო სიმეფო ალაფითა. ამისსა შემდგომად მოწუა და მოარბივა ხლათისა ქუეყანა, შემოიხუეწა ხლათელი და ძლევაშემოსილმან მას ზედა მისცნა ზავისა სიმტკიცენი მათგან შეუცოდებელობასა შინა წყალობისანი. და სხუა შემოიხუეწა კარნუ-ქალაქელი მოყურად და ერთგულად სახლისა მისისა. ჩადგა ბასიანს და მუნ ითამაშეს და გაისუენეს ერთგან. აიღო კეჩროლი შალვა თორელმან მისითა ჴრმლითა და ომითა მისათხრობელითა, რომელ არა ყოფილა კაცთა შორის მისებრი ჭაბუკი და მეომარი.
მეფემან აიღო ოროტი და ყოველნი ციხენი და მიმდგომნი მისნი ვიდრე ნახჭევანამდე და განძას კართამდის, აიღო შანქორი.
და შემოვიდეს უცხოთესლნი ვინმე ლაშქარნი სომხითს და ჰერეთს ევნო რამე მცირედი მათგანცა. შექცეულთა მიეწია ბალისწყალთა ზედა, და პირველი წყლულება მათგან იქმნა. შემდგომ მოხედვითა ღმრთისათა და ლმობიერქცევითა მეფისა გიორგისითა გააქცივნეს და ამოსწყჳდნეს გაქცეულნი. მეორესა წელიწადსა კულაცა მომართეს. დადგეს ბარდავის ჭალასა. შეიყარა სამეფო მისი და მოირთნა კარნუ-ქალაქისა ლაშქარნი, დადგა ლომთა-გორსა და აგარათა შუა. და ვიდრე ზედამისლვადმდე გაექცნეს და გარდაიხუეწნეს, განვლეს დარუბანდისა გზა. და ვიტყოდეთ ქებასა მისსა წინაშე ყოველთა კაცთა, არა ვტყუოდეთ, არცა გურცხუენოდის. ვითარ იტყჳს დავით, მამა ღმრთისა: „იქმნნეს მშჳლდ რვალისა მკლავნი მისნი და ექმნა შემწედ მაცხოვარება მისი“.
ესრეთ წარმართებასა და ბედნიერობასა შინა მათსა დაჲ მათი რუსუდან ითხოვეს ხლათსა დასასმელად დიდმან სულტანმან მელიქმან, რომელსა ეგჳპტით ვიდრე ხლათამდის სპარსეთი ჰქონდა. და დაშალა მოწყალებამან ღმრთისამან და არა ყო ესრე.
შემდგომად ამისსა დიდითა შემოხუეწითა სთხოვა შარვან-შაჰმან, უქადეს და უბრძანეს მიცემისა პირი. გაგზავნა შარვანს ქართლისა ერისთავი და თჳთ გიორგი მეფე ბაგავანს მივიდა გაკაზმად და მიცემად დისა მისისა. და ათ დღე დრო იყო წასლვისა მისისა. ხოლო ღმერთმან, რომელი მდიდარ არს მოწყალებითა და მიუწდომელ ძლიერებითა, მოხედნა და არა გაწირა ესე სამეფო, რისხვასა შინა წყალობით მოიჴსენა. მოგუაგო ღმერთმან პატიჟად ცოდვათა ჩუენთა: მოკუდა გიორგი მეფე ბაგავანს იანვარსა თურამეტსა, დღესა ოთხშაბათსა, ქრონიკონი იყო ოთხას ორმოცდაორი.
და იქმნეს საშინელნი ტკივილნი, ცრემლთა წილ გულითა სისხლის დენანი, წარწირვანი დარჩომისა და სიცოცხლისა თანააღზრდილთა და მომჴსენებელთა კეთილთა და სიამოვნეთა მისთანი, ტკივილნი და ნაცრისა თავსა სხმანი ვაზირთა და დიდებულთა და ყოვლისა სამეფოსაგან და თჳთ მისისა გამზრდელისა ივანე ათაბაგისგან.
ესრე ღმრთისა ნებითა დარჩომილი ამასვე სამეფოსა შინა რუსუდან დასუეს მეფედ მასვე წელიწადსა, უკეთუმცა ღმერთსა წარწყმედისაგან არა დავეცვენით, აღარ საგონი სიცოცხლისა ტკივილისაგან ძმისა მისისა.
წაიყვანეს მაშინვე გელათს, დამარხეს საფლავსა მამისა მისისასა. და არა დარჩა ცოლსა თანა გჳრგჳნისა შვილი.
ხოლო ღმერთმან ყოვლისა სახიერებისამან, რომელი არა განსწირავს მოშიშთა მისთა, დაიცავნ სამეფო ესე და მეფე ჩუენი - ღმრთივ გჳრგჳნოსანი რუსუდან, და ყავნ ნაყოფი მისი ჩუენდა სალხინებელად თესლითი-თესლადმდე, და მიეცინ სიმრავლე წელიწადთა შემდგომად უწინარესი და სასუფეველი ცათა.