ვეფხისტყაოსანი/შველა ტარიელისაგან ფრიდონისა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ამბავი ნურადინ-ფრიდონისა ოდეს ტარიელ შეეყარა ვეფხისტყაოსანი
ავტორი: შოთა რუსთაველი
ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა



შველა ტარიელისაგან ფრიდონისა

613
მოჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა;
დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა;
კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა!
აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.
 
614
„მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა;
ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა.
ფიცხლად ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა:
ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ „ვა!“
 
615
„კვლა სხვასა მივე, მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა,
ზღვასა დავანთქი, დავხოცე, ომიმცა რაღა აგესა!
სხვანი გამექცეს, მიჰმართეს მათ მათსა საქულბაგესა;
ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდეს, მაქებდეს, არ მაძაგესა.
 
616
„ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია,
კვლა შევიბენით, შეიქმნა ომისა სიმარცხენია.
მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია:
იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.
 
617
„თვით ორნივე ბიძა-ძენი მისნი ხმრლითა ჩამოყარნა,
ხელნი წმიდად დაეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა,
მოყვანნა მხარ-დაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა,
მათნი ყმანი აატირნა, მისნი ყამნი ამაყარნა.
 
618
„მათნი ლაშქარნი გაგვექცეს; ვეცენით, გაცავფანტენით.
ფიცხლად წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით;
ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით.
მომკალ, თუ ლარი დაჰლიოთ ან აკიდებით, ან ტენით.
 
619
„ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა.
თვით ორნივე ბიძა-ძენი დაპყრობილნი წამოასხნა.
მისად ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა;
ჩემი თქვეს თუ: „ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!“
 
620
„მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან,
აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან;
მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან,
გვითხრობდეს: „მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!“
 
621
„ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ-მეფობით,
თვით თავსა მათსა მონად და ჩემსა ყველასა სეფობით;
დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით,
ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით“.