ვეფხისტყაოსანი/ამბავი ნურადინ-ფრიდონისა ოდეს ტარიელ შეეყარა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯნის დაკარგვისა ვეფხისტყაოსანი
ავტორი: შოთა რუსთაველი
შველა ტარიელისაგან ფრიდონისა



591
ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი;
ჰგვანდეს ქალაქს, ვეახლენით, ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი;
არ მეამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდეს გულსა დაღნი;
მუნ გარდავხე მოსვენებად, დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.

592
ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური;
მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური:
ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური,
ველთა ცრემლი ასოვლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური.

593
ზახილი მესმა. შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა,
შემოირბევდა ზღვის პირ-პირ, მას თურე წყლული სტკიოდა;
ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა,
მტერთა ექადდა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა.

594
ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, აწ ესე მე მითქს რომელი,
მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული, მწყრომელი;
მონა მივსწიე, მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი;
შევსთვალე: "დადეგ, მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?"

595
მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა;
ფიცხლა შევჯე, ჩავეგებე, მე ჩავუსწარ, ჩავე წინა,
ვუთხარ: "დადეგ, გამაგონე, შენი საქმე მეცა მინა!"
შემომხედნა, მოვეწონე, სიარული დაითმინა.

596
გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: "შენ ასეთი ხენი ვით ჰხენ!"
მერმე მითხრა: "მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ:
იგი მტერნი გამილომდეს, აქანამდის რომე ვითხენ,
უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი ასრე ვითხენ".

597
მე ვუთხარ: "დადეგ, დაწყნარდი, გარდავხდეთ ძირსა ხეთასა;
არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა.
თანა წამომყვა, წავედით უტკბოსნი მამა-ძეთასა.
მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა.

598
ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა,
ისრის პირნი ამოუხვნა, დაკოდილნი არ ატკივნა.
მერმე ვჰკითხე: "ვინ ხარ, ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა?"
საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა.

599
პირველ მითხრა: "არა ვიცი, რა ხარ, ანუ რას გამსგავხო?
ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო?
რამან შეგქმნა მოყვითანოდ, ვარდ-გიშერი რომე ჰრგავსო?
ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიცა რად დაგავსო?

600
მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი,
ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი;
ესე საზღვარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი,
ცოტა მაქვს, მაგრა ყოველგნით სიკეთე-მიუწდომელი.

601
მამის ძმა და მამა-ჩემი პაპამ ჩემმან გაყვნა ოდეს,
ზღვასა შიგან კუნძულია, - ჩემად წილად მას იტყოდეს, -
თვით ბიძასა ჩემსა მიჰხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს;
მათკენ დარჩა სანადირო, არ მივსცემდი, მომერჩოდეს.

602
დღეს გამოვე ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე,
მუნა გასვლა მომნდომოდა, მით მრეკალი არ ვახშირე;
სპათა ვუთხარ: "მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე!"
ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.

603
ნავითა გავე, ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა.
არა მოვჰკრეფდი გამყოფთა, ვთქვი, ჩემთა რად დავჰრიდო, და-?
დამეძაბუნნეს, სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა,
ვნადირობდი და ვიზახდი, ხმა ჩემი არ უდიდოდ-ა.

604
მართლად იჯავრეს, წუნობა მათი თუ ესრე ხმდა ვითა!
გამომეპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრეს ნავითა,
თვით ბიძასძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა,
ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად თავისა მკლავითა.

605
მათი მესმა, დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა,
ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა,
ზღვასა შევე, მომეგება მეომარი ვითა ღელვა,
სწადდა, მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა.
606
კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს,
იქით და აქათ მომიხდეს, ერთგნით ვერ მომერეოდეს,
არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს,
ხრმალსა მივენდევ, გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს.

607
მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე,
ზღვა-ზღვა ცურვით წამოვუვე, ჩემნი მჭვრეტნი გავაცბუნვე;
თანა-მყოლნი ყველაკანი დამიხოცნეს, დამრჩეს მუნვე,
ვინცა მდევდის, ვერ შემომხვდის, მივუბრუნდი, მივაბრუნვე.

608
აწ იგი იქმნას, რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა!
ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შეჰრჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა!
ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა,
ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქმნევ ხადილსა!"

609
ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკე მიმიბრუნდა.
მოვახსენე: "აჩქარება შენი ყოლა არა უნდა,
მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნ, და-!
ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!.

610
ესეცა ვუთხარ: "ამბავი ჩემი არ გაგეგონების,
უფრორე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩვენ გვექონების".
მან მითხრა: "ლხინი საჩემო მაგას არ შეეწონების!
დღედ სიკვდილამდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების".

611
მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა;
გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხემდეს მისთვის ოტასა,
პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა,
ეხვეოდიან, ჰკოცნიდეს ხრმალსა და სალტე-კოტასა.

612
კვლა მოვეწონე, ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი;
შემასხმიდიან ქებასა: "მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!"
მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი,
ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი.