დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი - "ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი" (1955)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები






დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი - "ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი"



პუბლიკაცია[edit]

1955 - ქართლის ცხოვრება - ტომი I - ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით


ტექსტი[edit]

[318]

ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი[edit]

ამისა შემდგომად მოვიდა სულტანი მალიქ-შა, მოადგა სამშჳლდესა და წარიღო, და ივანე ძე ლიპარიტისი ტყუე ჰყო, მოაოჴრა სომხითი და წარვიდა. ხოლო მასვე წელსა მოვიდა სარანგი ძალითა სულტანისათა, ჩამოდგა სამშჳლდის ბარს; და მივიდეს ლაშქარნი გიორგი მეფისანი, შეიბნეს ფარცხისს, სძლიეს სპათა გიორგისთა და იოტნეს სპარსნი, რამეთუ დიდი ძლევა მოსცა ღმერთმან გიორგის.

და წარვიდა მეფე გიორგი მამულსა თჳსსა ტაოს, და მოვიდა ბანას.

ხოლო მუნ მოვიდა წინაშე მათსა ზორვარი აღმოსავალისა გრიგოლ ბაკურიანის ძე, რომელსა ჰქონდეს ოლთისნი, და კარნუ-ქალაქი, და კარი, და დიდად განიხარეს და განისუენეს. და მოსცა გიორგი მეფესა კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქუეყანა, და განიყარნეს. ხოლო მეფემან გიორგი დაუტევნა კარს აზნაურნი შავშნი და წარმოვიდა შინა. ხოლო განძლიერებასა თურქთასა დაუტევნეს ბერძენთა ქუეყანანი მათნი, ციხენი და ქალაქნი, რომელ აღმოსავლეთს ჰქონდეს, და წარვიდეს. რომელნიცა აიხუნეს თურქთა და დაემკჳდრნეს მას შინა. და ვინათგან მეზობლობით მოეახლნეს საზღვართა ჩუენთა, განმრავლდა შიში და ჭირი მათგან ჩუენ ზედა. რამეთუ იწყეს [319] მიერითგან რბევად, ტყუენვად და მოოჴრებად, წუად, სრვად და ტყუეობად ჩუენ ქრისტიანეთა.

რამეთუ მათ ჟამთა შინა გიორგი მეფესა, ყუელს გარემდგომსა, დაესხნეს უგრძნეულად თურქნი დიდნი, რომელთა თავადი იყო აჰმად, ამირა ძლიერი და მაგრიად მოისარი, რომელსა მას ოდენ ჟამსა აეღო კარი. მოვიდეს ესენი შინა-განცემითა ქრისტიანეთათა, აოტეს გიორგი მეფე და სპა მისი ურიცხჳ.

ხოლო საჭურჭლენი დიდნი და სამსახურებელნი სამეფოთა ტაბლათანი, ოქროსა და ვეცხლისანი, ბაგრატეულნი სასმურნი და სამწდეონი პატიოსანნი, კარავნი სამეფონი და ყოველთა დიდებულთანი აიხუნეს იავარად და წარვიდეს. ხოლო გიორგი მეფე წარვიდა მეოტი აჭარით აფხაზეთად. მათ უკუე ლაშქართა, ესევითარითა ალაფითა სავსეთა მიმავალთა, წინა დაემთხჳვნეს ამირანი დიდნი, იასი ვინმე და ბუჟღუშ, და მათ თანა სიმრავლე ურიცხჳ თურქთა, საბერძნეთს მიმავალთა. რომელთა იხილეს რა ესეოდენი სიმრავლე ოქროსა და სიმდიდრისა რომელი ჰქონდა და ცნეს მეოტობა გიორგისი, და ესმაცა მათგან, ვითარმედ: „რად წარხვალთ საბერძნეთად? აჰა ქუეყანა საქართველო, უკაცური და სავსე ესევითარითა სიმდიდრითა“. ხოლო მათ მყის მოაქცივნეს გზანი მათნი და მოეფინნეს პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, ვითარცა მკალნი. და დღესა ივანობისასა ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის პირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აღივსო თურქითა. მოისრა და ტყუე იქმნა ამათ ქუეყანათა მკჳდრი ყოველი. და მასვე ერთსა დღესა დაწუეს ქუთათისი, და არტანუჯი, და უდაბნონი კლარჯეთისანი. და დაყვეს ამათ [320] ქუეყანათა შინა თურქთა ვიდრე მოსლვადმდე თოვლისა, მოჭამეს ქუეყანა და მოსწყჳდეს, თუ სადღა ვინ დარჩომილ იყო ტყეთა, კლდეთა, ქუაბთა და ჴურელთა ქუეყანისათა. და ესე იყო პირველი და დიდი თურქობა; რამეთუ ქრონიკონი იყო სამასი ხოლო თუ ვინმე მთიულეთს ანუ სიმაგრეთა სადამე ვინ დაშთა კაცი, ზამთრისა სიფიცხითა, უსახლობითა და შიმშილითა ეგრეცა მოისრა.

და განგრძელდა ესევითარი ჭირი ქრისტიანეთა ზედა; რამეთუ არესა თანა გაზაფხულისასა მოვიდიან თურქნი და მათვე პირველთა საქმეთაებრ იქმოდიან, და ზამთრის წარვიდიან. და არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა: მოოჴრდა ქუეყანა და ტყედ გარდაიქცა, და ნაცვლად კაცთა მჴეცნი და ნადირნი ველისანი დაემკჳდრნეს მას შინა. და იყო ჭირი მოუთმენელი ყოველთა ზედა მკჳდრთა ქუეყანისათა, შეუსწორებელი და აღმატებული ოდესვე ყოფილთა სმენილთა და გარდასრულთა ოჴრებათასა. რამეთუ წმიდანი ეკლესიანი შექმნეს სახლად ჰუნეთა თჳსთა, ხოლო საკურთხეველნი ღმრთისანი ადგილად არაწმიდებისა მათისა. და მღდელნი რომელნიმე თჳთ შეწირვასავე შინა საღმრთოსა მსხუერპლისასა მუნვე მახვილითა შეწირულ იქმნეს და სისხლნი მათნი აღირივნეს მეუფისათა თანა. და რომელნიმე მწარესა ტყუეობასა მიცემულ იქმნეს, მოხუცებულნი არა შეწყალებულ იქმნეს, ხოლო ქალწულნი გინებულ, ჭაბუკნი დაკუეთებულ, ხოლო ჩჩჳლნი მიმოდატაცებულ. ცეცხლი უცხო და მბრძოლი, რომლითა მოიწუა შენებული ყოველი, მდინარენი სისხლთანი. ნაცვლად წყლისა ნაკადულთა, მრწყველნი ქუეყანისანი. და რათა თჳთ მათ იერემიასთა ვიტყოდით, რამეთუ ამან ოდენ კეთილად უწყოდა ჟამისა ამის ჯეროვანი გოდება, ვითარმედ: <<ძენი სიონისანი, პატიოსანნი და ბოროტისა გამოუცდელნი, უცხოთა გზათა ტყუეობისათა მოგზაურობენ. ხოლო გზანი სიონისანი იგლოვენ არაყოფისათვის მათ ზედა მედღესესწაულეთასა. და ჴელნი დედათა მოწყალეთანი არა საზრდელისა შვილთა მიცემად მოქმედე[321]ბენ, არამედ საზრდელ თჳსსა ჰყოფენ თჳთ თჳსთა მათ საყუარელთა>>. და ესენი ესრეთ და ფრიადცა უძჳრეს.

ამათ რა საქმეთა ესრეთ ხედვიდა მეფე გიორგი და რამეთუ არა-სადათ იყო ღონე ჴსნისა და შეწევნისა, არცა რა დამჴსნელი ამათ ძჳრთა, რომელ მოეცვა პირი ყოვლისა ქუეყანისა, რამეთუ ძალი ბერძენთაცა შემცირებულ იყო, და რომელნი ქუეყანანი მათ აღმოსავლეთს ჰქონდეს ზღუასა გარეთ, ყოველი თურქთა დაეპყრა. მაშინ ჰყო განზრახვა დიდებულთა თჳსთა თანა, და დაამტკიცეს წარსლვა მაღალსა სულტანსა მალიქშას წინაშე.

და ესრეთ დადვა სული თჳსი და სისხლნი ქრისტეანეთა ჴსნისათჳს. და მინდობითა ღმრთისათა და წარძღუანებითა ძელისა ცხოვრებისათა წარვიდა ასპანს, ნახა სულტანი და შეწყნარებულ იქმნა მისგან ვითარცა შვილი საყუარელი.

რამეთუ იყო კაცი იგი მალიქ-შა ვითარცა სიდიდითა კიდეთა მპყრობელობისათა შეუსწორებელ, ეგრეთვე სახითა სიტკბოებისათა და სახიერებითა აღმატებულ ყოველთა კაცთასა, რომლისანი მრავალ არიან და სხუანიცა ურიცხუნი საცნაურებანი, მართლმსაჯულობანი, მოწყალებანი, ქრისტიანეთა სიყუარულნი, და, რათა არა განვაგრძოთ სიტყუა, ყოვლად უბოროტო რამე გონება ყოვლით-კერძო აქუნდა. ამისთჳსცა ყოველი სათხოველი აღუსრულა მეფესა გიორგის, უმეტესცა სასოებისა. და სამეფო მისი განათავისუფლა ზედამარბეველთაგან და მოსცა კახეთი და ჰერეთი, გარნა ხარაჯა ითხოვა სამეფოსა მისისა, რომელსა აიღებდეს ჟამთა მრავალთა. და ესრე განდიდებითა და მრავლითა დიდებითა გამოგზავნა თჳსად სამეფოდ და წარმოაყოლნა სპანი დიდნი, რათა წარვლონ გზა მშჳდობისა და რათა აართვან კახეთი. და ჟამსა სთულისასა მოვიდეს კახეთად და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა და, ვიდრე ბრძოდესღა, მოვიდა თოვლი.

[322] ხოლო მეფესა გიორგის მოეჴსენა ნადირობა აჯამეთისა, არღარას ზრუნვიდეს სხუასა, არცა ელოდა აღებასა ვეჟინისასა და კახეთისა, არამედ ლაშქართა თურქთასა, რომელ ჰყვა, მისცა ნიჭად სუჯეთი და ყოველი ქუეყანა იორის პირი კუხეთი, რომელი მოოჴრდა მუნ დღეინდელად დღედმდე. ხოლო თჳთ გარდავლო მთა ლიხთა და შთავიდა აფხაზეთად.

მათ ჟამთა კახთა მეფე აღსართან წარვიდა მალიქ-შას წინაშე, დაუტევა ქრისტიანობა და შეეძინა სარკინოზთა სჯულსა, და ამით ღონითა აიღო სულტანისაგან კახეთი. ამათ ესევითართა ჟამთა არავე დამშჳდნა ქუეყანა, არცა-რა იქმნა ლხინება კაცთა უკეთურებისათჳს მკჳდრთა მისთასა, რამეთუ ყოველმან ასაკმან და ყოველმან პატივმან ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთსა და მიიქცეს გზათაგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა, და ბუნებით მოწყალე და სახიერი ღმერთი ესეოდენ განარისხეს, ვიდრემდის თჳთ მოიხადეს განჩინება რისხვისა, ქადებული უსჯულოთათჳს ესაიას მიერ მეტყუელისა ესრეთ: <<ვაჲ ნათესავსა ცოდვილსა, ერი რომელი სავსე არს უსჯულოებითა, კუალითგან ფერჴთათ ვიდრე თავადმდე, არა არს მას შინა სიცოცხლე, არცა ბრძჳლ, არცა შესახუეველ>> და შემდგომნი: <<ამისთჳს ქუეყანა თქუენი ოჴერ, ქალაქნი ცეცხლითა მომწუარ, სოფელთა თქუენთა უცხოთესლნი მოსჭამდენ, და მოოჴრებულ და დაქცეულ არს ერისაგან უცხოტომთასა>>.

ესე ყოველი მოიწია, და თუალითა ჩუენითა ვიხილეთ და ფრიად უფროს ამათ წარმოთქმულთასა, რამეთუ ვითარმცა ვინ გამოთქუა თითოეულად რომელი დღეთა ჩუენთა მოიწია ჭირი. ამას ყოველსა ზედა არავე დასცხრა გულისწყრომა უფლისა ჩუენ ზედა, რამეთუ არა შევინანეთ, არცა გულისხმა ვყავთ, არცა ჯეროვნად მოვიქეცით [323] გზათა მიმართ უფლისათა. ამისთჳსცა ქუეყანით მავალთა ბოროტთა ზედა სხუანიცა საშინელებანი ზეგარდამონი, ღმრთისა მიერ მოვლინებულნი გუემანი მოიწივნეს ქუეყანასა ჩუენსა ზედა, რათა არა თქუან მცოდველთა, ვითარმედ: „ესე აღძრვანი წარმართთანი არა ცოდვათა ჩუენთათჳს იქმნნეს, არცა ღმრთისა მიერ მოიწივნეს, არამედ შეცვალებითა რათამე ჟამთათა და დამთხუევითა აღძრვისა საქმეთათა“.

ამისთჳსცა დღესა აღვსებასა, თჳთ მას აღდგომასა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა, რომელსა შინა სიხარული და განსუენება ჯერ იყო, მოხედნა უფალმან რისხვითა და შეძრა ქუეყანა საფუძველითურთ, ესეოდენ სასტიკად, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს, და სახლნი დაინთქნეს და დაზულეს, და იქმნეს საფლავ მას შინა მკჳდრთა. რომელთა თანა თმოგჳცა დაიქცა და დაიპყრნა ქუეშე კახაბერი ძე ნიანიასი ცოლითურთ. და განგრძელდა ესევითარი ძრვა ქუეყანისა საშინელი ვიდრე წელიწდამდის, რომელსა შინა მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ.

მაშინ რისხვასა შინა მოიჴსენა წყალობა მან, რომელი <<სწავლის ყოველსა შვილსა, რომელი უყუარს, მოაკუდინებს და აცხოვნებს>>, რომელი მზა არს წყალობად, უფროს მამისა მოწყალისა, რამეთუ წერილისაებრ: <<არათუმცა უფალმან დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომნიმცა შევიქმნენით და გომორელთამცა მივემსგავსენით>>. რამეთუ ამიერითგან იწყეს ნიავთა ცხოვრებისათა მობერვად და ღრუბელთა მაცხოვარებისათა აღმოჭჳრობად, ვინათგან ათორმეტ წელ ამათ თჳთოსახეთა ჭირთა განგრძობითა ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან [324] სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელ-მოდგამმან დავით, ღმრთისა მამისამან, და თჳთ სამეოცდამეათურამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით.

მას ჟამსა იყო ჰასაკითა თექუსმეტისა წლისა, ხოლო ქრონიკონი სამას და ცხრა. ამას მარტოდ შობილსა გიორგისგან თჳთ მამამან დაადგა გჳრგჳნი მეფობისა და, უჭეშმარიტესი ვთქუათა, <<თჳთ მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონა თჳსი, და საცხებელი მისი წმიდა სცხო მას. რამეთუ ჴელი მისი შეეწეოდა მას, და მკლავმან მისმან განაძლიერა იგი>>; <<წყალობა და ჭეშმარიტება შეემოსებოდა მას>>; და <<უზეშთაეს ყო იგი უფროს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა>> ვიდრემდის <<დავსდვა ზღუასა ზედა ჴელი მისი და მდინარეთა ზედა მარჯუენე მისი>>. გარნა შრომითა ფრიადითა და ღუაწლითა ძლიერითა მრავალთა დღეთა შემდგომად იქმნა ესე, ვითარცა წინამდებარემან სიტყუა მან ცხად ყოს.

რამეთუ მეფე იქმნა რა დავით, მოოჴრებულ იყო ქართლი და თჳნიერ ციხეთა სადამე არა სადა იყო კაცი სოფელსა შინა, არცარა შენებულობა. და მათ ჟამთა შინა ჰქონდეს თრიალეთი და კლდე-კარნი და მიმდგომი მისი ქუეყანა ლიპარიტს, და მეფესა დავითს წინაშე იყო რეცა ერთგულად. ეგრეთვე ნიანია კახაბერის ძეცა და სხუანიცა აზნაურნი მცირედ-მცირედ შემოკრბიან დაშთომილნი სადავე და სოფლებადცა იწყეს შთამოსლვად და დასხდომად.

და იყო მაშინ საზღვარი სამეფოსა მთა მცირე ლიხთა, და სადგომი სამეფო წაღულის-თავი. და ოდესცა ნადირობა უნდის ქართლისა ჭალათა, ანუ ნაჭარმაგევს, [325] რომელი ყოვლად აღსავსე იყო ირემთა და ეშუთა მიერ, ხოლო ცხენკეთილნი კაცნი ჩამოგზავნიან და გაინახიან; ეგრეთღა ჩამოვიდიან ნადირობად ვაკესა.

ხოლო ამა ვითარებასა შინა გარდაჴდა წელიწადი ოთხი, მოკუდა სულტანი მალიქშა და ლიპარიტ ამირამან იწყო მათვე მამულ-პაპურთა კუალთა სლვა, რამეთუ ზაკჳდა წინაშე მისსა მოპოვნებად უსჯულოებისა. დაღათუ ქრისტიანე იყო სახითა, გარნა ორგულება და სიძულილი პატრონთა გუარისაგან მოაქუნდა გონებითა. და ვინათგან გულისხმისყოფა არა ინება კეთილისა, დადგა ყოველსა გზასა არაკეთილსა.

ამას რა ესევითარებასა ხედვითა დავით, ინება გაწურთა მისი. ამისთჳსცა პყრობილ ყო იგი ჟამ რაოდენმე, რომელი კმა იყო განსასწავლელად გონიერისა ვისმე. და ესრეთ მომტკიცებული მრავალთა და მტკიცეთა ფიცთა მიერ და ერთგულობისათჳს ღმრთისა შუამდგომელად მომცემი განუტევა იგი. და მითვე დიდებითა ადიდა და არა შეუცვალა. რამეთუ კეთილმან არა თუ მართალსა, არამედ არცაღა თუ ბოროტსა ადვილად აბრალის, ვინათგან სიბოროტედ არა განსწავლულ არს, არცა მეჭუელ.

ხოლო იგი ვითარცა ძაღლი მიექცა ნათხევარსა და ვითარცა ღორი ინწუბა სანგორელსა მწჳრისასა: განაცხადა მტერობა და უკეთურებასა იწურთიდა საწოლსა ზედა თჳსსა. იხილა რა მშჳდმან და ღმრთივგანბრძნობილმან მეფემან დავით, რამეთუ კუდი ძაღლისა არა განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს, მეორესა წელსა კუალად შეიპყრა, ორ წელ პყრობილ ყო, და საბერძნეთს გაგზავნა. და მუნ განეჴუა ცხორებასა.

ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალემი და ანტიოქია, და შეწევ[326]ნითა ღმრთისათა მოეშენა ქუეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი. და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯა, და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს. რამეთუ ვიდრე აქამომდე ზამთრისა მოწევნასა თანა ფალანგებითა მათითა ჩამოდგიან ჰავჭალას და დიღომს, ჩაღმართ მტკურისა და იორის პირთა, რამეთუ მათი იყო სადგური.

კახეთს მეფობდა კჳრიკე, კაცი მეფობისავე თანა მეფე-ქმნილი ვნებათა ზედა და ჭეშმარიტი ქრისტიანე. მოსცა ჟამი ღმერთმან მეფესა დავითს და წარუღო კჳრიკეს ციხე ზედაზადენი. ქრონიკონი იყო სამას ოცდასამი. და წარემატებოდა დიდებითა და განმარჯუებულობითა. რომელთა თანა ესეცა იქმნა: მოკუდა რატი, ძე ლიპარიტისი, კაცი ორგული და ნანდჳლვე ნაშობი იქედნესი. ესრეთ დასრულდა სახლი ბაღვივაშთა, სახლი განმამწარებელთა, რამეთუ სუა უკანასკნელი თხლე რისხვისა, სასუმელი ცოდვილთა ქუეყანისათა. და არღარავინ დაშთა საყოფელთა მათთა მკჳდრი, რამეთუ აღიჴსნა უსჯულოება მამათა მათთა წინაშე უფლისა, და მამული მათი აღიღო მეფემან.

და შემდგომად წელიწდისა ერთისა მიიცვალა მეფე კჳრიკე, და დასუეს კახთა მეფედ ძმისწული კჳრიკესი აღსართან, რომელსა არა რა ჰქონდეს ნიჭნი მეფობისანი, რამეთუ იყო ცუნდრუკი რამე, უსჯულო და უმეცრად უსამართლო, და ყოვლად წინაუკმო მამის ძმისა მისისა.

მას ჟამსა განიცადა მეფემან გონებისა თუალითა და კეთილად გულისხმა ყო საქმე, რომლითა მოიმადლებდა ღმერთსა და სარგებელი დიდი იქმნებოდა.

გარდაიცვალა კათალიკოზი გაბრიელ საფარელი და დაჯდა კათალიკოზად იოანე.

[327] რამეთუ წმიდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს, და უღირსთა და უწესოთა მამულობით უფროს ვიდრე ღირსებით დაეპყრნეს უფროსნი საეპისკოპოსონი, ვითარცა ავაზაკთა, და მათნივე მსგავსნი ხუცესნი და ქორეპისკოპოსნი დაედგინნეს, რომელნი ნაცვლად სჯულთა საღმრთოთა უსჯულოებასა აწურთიდეს მათ ქუეშეთა ყოველთა. და თჳთ სახლით უფლისათ და მღდელთაგან გამოვიდოდა ყოველი უსჯულოება და ცოდვა, რომელთა თუალი ღმრთისა ხედვიდა ყოველთა და განრისხებულ იყო, ვითარცა ზემო ვთქჳთ.

და რამეთუ არა სწორ არს ცოდვა მღდელისა და მჴედრისა, არცა ერისა და მღდელთმთავრისა, არცა მწყემსისა და სამწყსოსა, ვითარცა წერილ არს: <<მონამან რომელმან იცოდის ნება უფლისა თჳსისა და არა განემზადოს ნებისაებრ მის[ის]ა, იგუემოს ფრიად>>. ამათ უკუე ესევითართა და დიდთა წყლულებათა კურნებად შემოკრბა ერი მრავალი: რამეთუ სამეფოსა თჳსისა კათალიკოსი, მღდელთმთავარნი, მეუდაბნოენი, მოღძუარნი და მეცნიერნი შემოკრიბნა წინაშე მისსა ჟამსა და ადგილსა ჯეროვანსა, და დღეთა მრავალთა ფრიადითა გამოწულილვითა კეთილად გამოიძიეს და ყოველი ცთომა განმართეს, კეთილი და სათნო ღმრთისა წესი ყოველი დაამტკიცეს, [328] უღირსად გამოჩინებულნი განკუეთნეს, და შეაჩუენნეს, გარდამოსთხინეს საყდართაგან, დაღათუ ძნელღა იყო ესე, რამეთუ იყვნეს კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი, რომელთა უწესოდ დაეპყრნეს საყდრები; და მათ წილ ჭეშმარიტნი მწყემსნი და სათნონი ღმრთისანი დაადგინნეს, და ძეგლი შუენიერი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა აღწერეს, მიმდგომი და მოწამე წმიდათა ათორმეტთა კრებათა. და ესრეთ ყოველნი ნიჭითა სამეფოთა წარგზავნნეს თჳთოეული სახიდ თჳსად. და ესეცა მიმსგავსებულად დიდისა კოსტანტინესსა აღასრულა მეფემან დავით უწინარეს ყოველთა კეთილთა საქმეთა თჳსთა, რომლისა სანაცვლოდ იხილეთ, თუ რა განაგო ღმერთმან გულთ-მეცნიერმან, უძილმან მცველმან ისრაელისამან.

რამეთუ ესე აღსართან, კახთა მეფედ ჴსენებული, შეიპყრეს ჰერთა დიდებულთა, არიშიანმან და ბარამ, და დედის ძმამან მათმან ქავთარ ბარამის ძემან, და მოსცეს მეფესა. და აღიხუნა მეფემან ჰერეთი და კახეთი, და ერწუხს ქმნნა წყობანი დიდნი და ჴმა-გასმენილი იგი დიდი ძლევა, რომელ მცირედითა ლაშქრითა და განწირულითა ერითა დაჴოცნა სულტანისა იგი ურიცხუნი სპანი, ათაბაგი განძისა და უმრავლესი კახთა და ქუეყანისა ერი, მტერთავე თანა გარემოდგომილი ჩუენდა. ესეოდენ ადვილად და მოსწრაფედ ჴელთ უსხნა ღმერთმან საკჳრველებათამან, რომელ ერთი ათასთა არა თუ სდევდა, არამედ ჴელითა იპყრობდა, და ორთა არა თუ წარექცივნეს ბევრნი, არამედ სანთლითა თჳთ მათვე ტყეთათ და მთხრებლთათ ტყუედ მოჰყვანდეს ყოველნი ქრისტიანენი.

[329] ხოლო თჳთ მეფე არა თუ ვითარცა სხუა ვინმე ზურგით უდგა ოდენ სპათა თჳსთა, ანუ შორით უზახებდა, ვითარცა ერთი მთავართაგანი ვინმე, არამედ უპირატეს ყოველთასა თჳთ წინა უვიდოდა, და ვითა ლომი შეუზახებდა ჴმითა მაღლითა, და ვითა გრიგალი მი-და-მო იქცეოდა; და თჳთ გოლიათებრ მიმართებდა და მკლავითა მტკიცითა დაამჴობდა ახოვანთა, სრვიდა და დასცემდა წინა დამთხუეულთა ყოველთა, ვიდრემდის ფრიადისა ცემისაგან არა თუ ვითარცა ძუელსა დავითს ელიაზარის ჴელი ჴრმლისა ვადასა ოდენ დაეწება, არამედ ჴრმლით მისით უკმომდინარითა სისხლითა წელნი აღსავსე ესხნეს, რომელი შემდგომად ომისა გარდაჴდისა და სარტყლისა განჴსნისა საცნაურ იქმნა, ქუეყნად რა დაითხია ესეოდენისა მტკნარისა სისხლისა შეყინებულისა, რომელსა პირველ განხილვისა თჳთ მისგან ვგონებდით გამოსრულად. და მას დღესა სამნი ცხენნი გამოუკლნეს და მეოთხესაღა ზედა მჯდომმან სრულ ყო მის დღისა ომი. და ესე მრავლისაგან ყოვლად მცირედი და კნინი წარმოვთქჳთ.

ესრეთ რა თჳთმპყრობელობით დაიპყრა ჰერეთი და კახეთი, და ნებიერად აღიხუნა ციხენი და სიმაგრენი მათნი, მზეებრ მიჰფინა წყალობა ყოველთა ზედა მკჳდრთა ქუეყანისათა. და ვინათგან ღმერთი ესრეთ განაგებდა საქმეთა დავითისთა, და წარუმართებდა ყოველთა გზათა მისთა, და მოსცემდა ჟამადჟამად ძლევათა საკჳრველთა, და უძღოდა ძალითი-ძალად, - არცა იგი უდებებდა განმრავლებად ტალანტთა, არამედ სრულითა გულითა მსახურებდა, და მათ იქმოდა, რომელნი ნებისა ღმრთისად დაამტკიცნის და სათნო-ყოფილად მისდა აღუჩნდის, ვითარცა აწ ითქუას.

რამეთუ მოიგონა აღშენება მონასტრისა და დაამტკიცა რომელიცა გამოირჩია მადლმან საღმრთომან ადგილსა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცაჲ გარდაართხა ტაძარი ყოვლად წმიდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა, რაბამ რამე აღმატებული ყოველთა [330] წინანდელთა ქმნულთა, რომელი ზეშთა ჰმატს შუენიერებასა ყოველთასა, სივრცითა და ნივთთა სიკეთითა და სიმრავლითა, და მოქმნულობისა შეუსწორებლობითა, რომელსა აწ თანამოწმობით ხედვენ თუალნი ყოველთანი. და აღავსო სიწმიდეთა მიერ პატიოსანთა ნაწილთა წმიდათასა, და წმიდათა ხატთა მიერ და სიწმიდისა სამსახურებელთა ყოვლად დიდებულთა და სხუათა ნივთთა ძნიად საპოვნელთა.

ამათ თანა დასხნა მუნვე დიდთა და ხოსროანთა მეფეთა ტახტნი და საყდარნი, სასანთლენი და კიდელნი ფერად-ფერადნი იავარად მოხმულნი თჳსნი. და კუალად გჳრგჳნნი და მანიაკნი, ფიალანი და სასუმელნი, რომელნი მოუხუნა მეფეთა არაბეთისათა, რაჟამს თჳთ იგინიცა ტყუედ მოიყვანნა, მასვე ტაძარსა შინა შეწირნა ღმრთისა საჴსენოდ და სამადლობელად ძლევისა მის საკჳრველისა.

და მუნვე შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკულნი ყოვლითა სათნოებითა, არა თჳსთა ოდენ სამეფოთა შინა პოვნილნი, არამედ ქუეყანისა კიდეთათ სადათცა ესმა ვიეთმე სიწმიდე, სიკეთე, სისრულე, სულიერითა და ჴორციელითა სათნოებითა აღსავსეობა, იძინა და კეთილად გამოიძინა, მოიყვანნა და დაამკჳდრნა მას შინა.

და მამული ლიპარიტეთი უმკჳდროდ დარჩომილ იყო, არამედ სხუათა მრავალთა და სამართლიანთა უსარჩლელ-მიუხუეჭელთა სოფელთა თანა მისცნა დედასა ღმრთისასა სამსახურებელად მისსა წინაშე მდგომელთა მისთათჳს, და უზრუნველი ტრაპეზი განუჩინა. რომელიცა აწ წინამდებარე არს ყოვლისა აღმოსავალისა მეორედ იერუსალემად, [331] სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა საღმრთოთა შინა წესთა, დიაკონად ყოვლისა საეკლესიოსა შუენიერებისად.

ხოლო სახელი მისი გელათი.

და კუალად სხუა მოიგონა საქმე, შემსგავსებული მოწყალისა და ტკბილისა ღმრთისა სახისა, კაცთმოყუარებისა თჳსისა: აღაშენა ქსენონი ადგილსა შემსგავსებულსა და შუენიერსა, რომელსა შინა შეკრიბნა ძმანი, თჳთოსახითა სენითა განცდილნი, და მოუმზადა ყოველი საჴმარი მათი, უნაკლულოდ და უხუებით, და განუჩინნა შესავალნი და საღუაწნი მათნი ყოვლადვე. თჳთ მივიდის და მოიხილნის, მოიკითხნის და ამბორს უყვის თჳთოეულსა, აფუფუნებდის მამებრ, სწყალობდის და ნატრიდის, განამჴნობდის მოთმინებისა მიმართ, მონახის თჳსითა ჴელითა ცხედრები, სამოსლები და საგებელი მათი, პინაკი და ყოველი საჴმარი მათი, მისცის თჳთოეულსა ოქრო საყოფინი, და განაკრძალნის ზედამდგომელნი მათნი, და განაგის ყოველი საქმე მათი დიდად შუენიერად და ღმრთის-მსახურებით.

ხოლო ვიდრე ამა ჟამადმდე ქალაქი ტფილისი, რუსთავი და სომხითი და ყოველი სამშჳლდე და აგარანი თურქთა ჰქონდეს. ხოლო თრიალეთი და კლდე-კარნი ჰქონდეს თევდორეს, ჭყონდიდელისა დისწულსა, კაცსა გონიერსა და დიდად მყოფსა. რამეთუ რა მეფე გარდავიდის აფხაზეთად, უმცრორე ეშინოდის თურქთა და მათთა ციხოვანთა. მას ჟამსა მეფე გარდავიდა იმერეთს; და შეკრბეს გიორგი ჭყონდიდელსა და მწიგნობართუხუცესსა წინაშე თევდორე, აბულეთი და ივანე ორბელი, და სიმარჯჳთ მოიპარეს სამშჳლდე.

მაშინ იქმნა დიდი სიხარული, რამეთუ დღითი-დღე შეემატებოდა საზღვართა სამეფოსათა. ცნეს რა თურქთა აღება სამშჳლდისა, უმრავლესნი ციხენი სომხითისანი [332] დაუტევნეს, და ღამით მეოტ იქმნნეს, და ჩუენ თანა მოითუალნეს იგინი. რამეთუ ვიდრე მოაქამომდე სთუელთა ჩამოიარიან თურქთა სომხითი, ყოვლითა ფალანგითა მათითა, ჩამოდგიან გაჩიანთა, პირსა მტკუარისასა, ტფილისითგან ვიდრე ბარდავადმდე, და იორის პირთა, და ყოველთა ამათ შუენიერთა ადგილთა საზამთროთა, რომელთა შინა ზამთრის, ვითარცა არესა გაზაფხულისასა, ითიბების თივა, და აქუს შეშა და წყალი უხუებით, და მუნ არს სიმრავლე ნადირთა თჳთოფერი და საშუებელი ყოველი. ამათ ადგილთა შინა დადგიან ხარგებითა. ცხენისა, ჯორისა, ცხუარისა და აქლემისა მათისა არა იყო რიცხჳ, და აქუნდა ცხოვრება სანატრელი; ნადირობდიან, განისუენებდიან და იხარებდიან, და არა იყო ნაკლულევანება მათ თანა. თჳსთა ქალაქთა ვაჭრობდიან, ხოლო ჩუენთა ნაპირთა არბევდიან ტყჳთა და ალაფითა სავსეთა. გაზაფხულსა თანა იწყიან სლვა აღმართ მთათა სომხითისა და არარატისათა. ეგრეთვე ზაფხულისცა ჰქონდის შუება და განსუენება, თივათა და ველთა შუენიერთა, წყაროთა და ადგილთა ყუავილოვანთა, და ესეოდენ დიდი იყო ძალი მათი და სიმრავლე, რომელ სთქუამცა თუ „ყოველი თურქობა ყოვლისა ქუეყანისა იქი არსო“. და არავისგან მოსაგონებელ იყო ოდესცა მათი გასხმა ანუ ვნება, არცა თუ თჳთ სულტანისაგან.

ოდეს სამშჳლდე და ძერნა აიღეს, ქრონიკონი იყო სამას ოცდაათი. მას წელსა მოვიდა ძალი სულტანისა და ყოველი თურქობა, კაცი ვითარ ასი ათასი, უგრძნეულად სიმარჯჳთა, ხოლო მეფე დგა ნაჭარმაგევს ტაძრეულითა. ცნა რა მიმწუხრი მოსლვა მათი თრიალეთს, ღამე ყოველ წარვიდა მასლათა კაცითა ათას ხუთასითა, რამეთუ ესეოდენნი დახუდეს მას წინაშე. ცისკარს მოვიდეს თურქნი და იქმნა ბრძოლა ფიცხელი მას დღესა, და შეწევნითა ღმრთისათა იძლია ბანაკი მათი. და მიდრეკასა დღისასა [333] მიდრკეს სივლტოლად ესეოდენ ზარგანჴდილნი და მოსწრაფნი, ვიდრემდის არცა თუ კარავთა მათთა და ჭურჭელთა მიხედნეს ყოვლად, არამედ მოსწრაფებასა პატივსცეს ფერჴთა მათთა უფროს საქონლისა მათისა, და ესრეთ განიბნივნეს თჳსთა ქუეყანათა.

ხოლო ესევითარსა საკჳრველსა სივლტოლასა მათსა თჳთ მეფე და სპანი მისნი ესოდენ ურწმუნო იყვნეს, ვიდრემდის არავინ სდევნა ყოვლად, რამეთუ ხვალისა ომი ეგონა. და წარიღო გიორგი ჭყონდიდელმან რუსთავიცა, მეფისა მუხნარს ყოფასა. ქრონიკონი იყო სამას ოცდა თხუთმეტი. რომლისათჳსცა დიდად წყენა შეექმნა თურქთა და რიდობა საზამთროთა ადგილთა დგომისა. რამეთუ მოიმსტვარნის მეფემან რომელთა მოსრვა ეგებოდის, და უგრძნეულად დაესხის და მოსწყჳდნის. და ესე არა ერთგზის ანუ ორგზის, გინა სამ, არამედ მრავალგზის, ვითარცა აწ ერთი ითქუას.

რამეთუ ტაოს ჩამოდგეს დიდნი თურქნი ხარგებითა, ვინათგან ზამთრისა სიფიცხესა და მთათა სიმაგრეთა მიენდვნეს. ხოლო მეფემან მოიჴელოვნა ესრეთ, რამეთუ სპათა ქართლისათა მზაობა უბრძანა და თჳთ ქუთათისს გარდავიდა, რომლითა უეჭუელ ყვნა იგინი. და თუესა თებერვალსა აცნობა ქართუელთა და მესხთა, რათა კლარჯეთს დახუდენ პაემანსა, და თჳთ შიდითა სპითა ხუფთით ჭოროხის პირი წარვლო. და შეკრბეს ერთად, და უგრძნეულად დაესხნეს მათ ზედა, უშიშად გულდებითა მსხდომარეთა ბასიანამდე და მთად კარნიფორისად. რამეთუ ქრონიკონი იყო სამას ოცდათექუსმეტი.

[334] მოსრეს სიმრავლე მათი ურიცხჳ, და აღიღეს დედა-წული მათი, ცხენები, ცხოვარი, აქლემები და ყოველი ნაქონები მათი, რომლითა აღივსო ყოველი სამეფო მისი ყოვლითა კეთილითა. და მასვე წელსა ასული თჳსი კატა გაგზავნა საბერძნეთს სძლად ბერძენთა მეფისად. რამეთუ პირველ ამისსა პირმშო ასული თჳსი თამარი გაეგზავნა დედოფლად შარვანისა, რათა ვითარცა ორნი მნათობნი - ერთი აღმოსავლეთს, ხოლო მეორე დასავლეთს - ცისკროვან ჰყოფდენ სფეროსა, მამისაგან მიმღებელნი მზეებრთა შარავანდედთანი.

ამისა ჟამთა შევიდენ მთარგმანებელნი წიგნთანი ეფრემ მცირე, და თეოფილე, და არსენ იყალთოელი, და იოვანე ტაიჭის ძე, ქრისტეს აქათ ქკს ჩ~როდ.

და მეორესა წელსა დაიპყრნა გრიგოლის ძენი, ასამ და შოთა, და აღიღო ციხე გიში. და გაგზავნა ძე თჳსი დემეტრე შარვანს სპითა ძლიერითა ლაშქრად. ხოლო მან ქმნნა ომნი საკჳრველნი, რომლითა განაკჳრვნა მხილველნი და მსმენელნი; გამოიღო ციხე ქალაძორი და ძლევა-შემოსილი მოვიდა წინაშე მამისა თჳსისა, სავსე ალაფითა და ტყჳთა ურიცხჳთა.

ხოლო მეორესა წელსა ბზობად წარმოემართა მეფე ღანუჴით წარსლვად რაჴსის პირსა, და ზატიკი გარდაიჴადა ნაჴიდურს. მუნ მოართუეს ამბავი ბეშქენ ჯაყელისა ჯავახეთს თურქთაგან მოკლვისა. და ამისთჳს უშლიდეს დიდებულნი მას ჟამსა წარსლვად. და არა მოისმინა ყოვლად. არამედ დაესხა თურქთა, რაჴსის პირსა მდგომთა, და მოსრა სიმრავლე მათი, და წარმოიღო ტყუე და ალაფი ურიცხჳ.

[335] ამასვე წელსა აღიღო სომხითისა ციხე ლორე. და მასვე წელსა, ივლისსა, აღიხუნა აგარანი, მეორესა დღესა, ცისკარს. რამეთუ პირველცა ესე ციხე აეღო ბაგრატს, პაპასა მისსა, გარნა სამ თუე ბრძოლითა. ხოლო ამასვე წელსა აგჳსტოსსა მოკუდა სულტანი მალიქი, მალიქ-შას ძე, და ალექსი ბერძენთა მეფე. და ვერ ცნეს ერთმან მეორისა სიკუდილი. ქრონიკონი იყო სამას ოცდათურამეტი.

ხედვიდა რა მეფე დავით ესეოდენთა ზეგარდამოთა ღმრთისა მიერ წყალობათა, შეწევნათა, ძლევათა და გამარჯუებათა თჳსთა, და რომელთა ღმერთი მოსცემდა სამეფოთა ქუეყანათა, ქალაქთა და ციხეთა, რამეთუ არა იყო ესეოდენი სიმრავლე ლაშქართა სამეფოსა შინა მისსა, რათამცა ქალაქთა და ციხეთა შინა მდგომად და დამჭირველად და კუალად თჳთ მის თანა მყოფად და მოლაშქრედმცა კმა ეყვნეს დაუცხრომელად მიმოსლვასა ლაშქრობასა მისსა ზამთარ და ზაფხულ. ამისთჳსცა შემოიკრიბა გონება, კეთილად და გონიერად გამგონე, ვითარცა დავით, სულისა მიერ წმიდისა, აღიღო მაღლად თავი თჳსი და მიმოავლო თუალი გონებისა თჳსისა და განიცადა კეთილად, განიზრახა სამეფოთა ცნობითა, რომელ არა კმა იყვნეს სამეფოსა მისისანი თანამიყოლად კრთომათა და წადიერებათა სულისა მისისათა.

და მსგავსად ალექსანდრესსა ქმნა და ამანცა სულთ-ითქუნა, რამეთუ ითქუმისცა მისთჳს, ვითარმედ ფილოსოფოსმან ვინმე რქუა მას: „არიანო მრავალნი და ურიცხუნი სამეფონი, რომელთა არცა თუ სახელი გასმიეს შენ.“ და მან სულთ-ითქუნა და თქუა: „უკეთუ დამიშთეს ესენი, რა იყოს მპყრობელობა ჩემი“. ამისთჳსცა ამან მეორემან ალექსანდრე განიზრახა სივრცითა გონებისათა, რამეთუ სხუაებრ არა იყო ღონე, და [336] უწყოდა კეთილად ყივჩაყთა ნათესავისა სიმრავლე, და წყობათა შინა სიმჴნე, სისუბუქე და მიმოსლვა, სიფიცხე მიმართებისა, ადვილად დასამჭირვლობა და ყოვლითურთ მომზავებლობა ნებისა თჳსისა. და ამათ თანა უადვილეს იყვნეს მოსლვად მახლობელობითაცა და უპოვარებითა, და რამეთუ პირველ მრავალთა წელთასა მიერ მოეყვანა სანატრელი და ყოვლად განთქმული სიკეთითა გუარანდუხტ დედოფალი, შვილი ყივჩაყთა უმთავრესისა ათრაქა შარაღანის ძისა, სჯულიერად მეუღლედ თჳსად და დედოფლად ყოვლისა საქართველოსა. ამისთჳსცა წარავლინნა კაცნი სარწმუნონი და მოუწოდა ყივჩაყთა და სიმამრსა თჳსსა.

ხოლო მათ სიხარულით მიითუალეს, გარნა ითხოვეს გზა მშვიდობისა ოვსთაგან. ამისთჳსცა ბრძანა მეფემან წარსლვა ოვსეთს, და სიტყუასავე თანა წარემართა და თანაწარიტანა გიორგი ჭყონდიდელი და მწიგნობართ-უხუცესი თჳსი, კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ჴორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმზრახი, სჳანი და ფრთხილი, თანააღზრდილი აღმზრდელი პატრონისა და თანაგანმკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღუაწლთა მისთა.

შევიდეს ოვსეთს და მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი, და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა. და აღიხუნეს მძევალნი ორთაგანვე, ოვსთა და ყივჩაყთა, და ესრეთ ადვილად შეაერთნა ორნივე ნათესავნი. და ყო შორის მათსა სიყუარული და მშჳდობა ვითარცა ძმათა. და აღიხუნა ციხენი დარიალასა და ყოველთა კართა ოვსეთისათა და კავკასიისა მთისათანი. და შექმნა გზა მშჳდობისა ყივჩაყთათჳს, და გამოიყვანა სიმრავლე ფრიად დიდი; და სიმამრი და ცოლის ძმანი თჳსნი არა ცუდად დაშურეს; არცა ცუდ იქმნა გამოყვანა მათი, არამედ მათითა ჴელითა მოსრნა სრულიად სპარსეთისა ძალნი, და დასცა შიში და ზარი ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, და მათითა თანადგომითა ქმნნა საქმენი დაურწმუნებელნი, ვითარცა ითქუას წაღმართ.

[337] ხოლო მაშინ ოვსეთს ყოფასა მიიცვალა გიორგი ჭყონდიდელი; თავ-ადგა სიყრმითგანთა პატრონისა მსახურებათათჳს; და პატივითა დიდითა წარმოგზავნა მონასტერსა ახალსა და მუნ დაემარხა. რომელი იგლოვა ყოველმან სამეფომან და თჳთ მეფემან, ვითა მამა და უმეტესცა მამისა, შემოსითა შავისათა ორმეოც დღე, ვიდრემდის იშვა ვახტანგ, რომლისა ხარებითა დაიჴსნა გლოვა.

ხოლო ყივჩაყნი დააყენნა ადგილთა მათ მარჯუეთა დედა-წულითა მათითა, რო მელთა თანა იყო წყობად განმავალი რჩეული ორმოცი ათასი. ესენი განასრულნა ცხენებითა და საჭურველითა; და კუალად მონანი რომელ ჰყვეს რჩეულნი და განსწავ ლულნი ღუაწლსა, ვითარ ხუთიათასი კაცი, ყოველნი ქრისტიანე ქმნულნი, მისანდონი და გამოცდილნი სიმჴნითა. და თჳთ ყივჩაყნიცა უმრავლესნი ქრისტიანე იქმნებოდეს დღითი-დღე, და სიმრავლე ურიცხჳ შეეძინებოდა ქრისტესა. ესენი რა ესრეთ შემოიკრიბნა, და დააწყუნა გუარადგუარად და დაუდგინნა სპასალარნი და მმართებელნი; და ეგრეთვე თჳსისა სამეფოსა სპანი, რჩეულნი და მოკაზმულნი, ცხენ-კეთილნი და პირშეუქცეველნი; და საშუალ მათსა თჳთ იგი უმსგავსო სპასპეტი და წინამბრძოლი, მიმსგავსებული ძუელისა ქაიხოსროსთჳს მოთხრობილთა, წინაუძღოდა, და იწყო რბევად სპარსეთისა, შარვანისა და სომხითისა დიდისა. რამეთუ არა დაშურებოდა, არცა მოეწყინებოდა, არამედ ჟამიერად და წესიერად ალაშქრებდა მათ, მართებდა და განაგებდა მსგავსად მისსა დიდ-გონეობითა, და ვინღამცა იყო წინამდგომი მისი, და ანუ მიმმართი ომისა მის წინაშე. რამეთუ დაღათუ წერილმან ფრთოვანსა ვეფხსა მიამსგავსა მაკედონელი იგი სიფიცხითა მიმმართველობისათჳს, და მსწრაფლ მიმოვლისა ქუეყანათა შინა, და ჭრელად მრავალფერობისათჳს ქცევათა და განზრახვათა მისთასა, არამედ [338] ჩუენი ესე გჳრგჳნოსანი და ახალი ალექსანდრე, დაღათუ იყო ჟამითა შემდგომი, არამედ არა საქმითაცა, არცა განზრახვითა, არცა სიმჴნითა უმცირე, და თჳთ მათ საქმეთა შინა, რომელთა მძლედ ითქმის ალექსანდრე, არა უმდაბლე, არამედ მრავლითა უმაღლეს მგონიეს ესე. და რაოდენ საწუთოთა და ჴორციელთა შინა იგი მისთა სწორთა და მისგან და მის ჟამისათა ყოველთა უმაღლეს და უზეშთაეს იყო, ეგეოდენ ესე საღმრთოთა და ქრისტეს მცნებათა შინა ჴორციელთავე თანა მისთა პირველთა ყოველთა ჰმატდა. რამეთუ არა სცა ძილი თუალთა, არცა ჰრული წამთა, არცა განსუენება ჴორცთა თჳსთა; არა მიდრკა გემოვნებათა მიმართ. არცა ნებასა ჴორცთასა; არა სასმელ-საჭმელთა, არცა სიმღერასიღოდათა და არათურთითა არარა ჴორციელთა შეაკრა გონება, გარნა საღმრთოთა და სასულიეროთა ყოველთა დასრულებად და უდებებად მზიდველთა ნებისათა. და განიცადეთღა ოთხთა ამათ წელთა ქმნილნი მისნი, რომელთა მრავალგზის ქმნულთა მცირედი მეგულების თქუმად.

ხოლო აქუნდის ჩუეულებად ესე მეფესა, რამეთუ განზრახვით გარდავიდის აფხაზეთით და ჩამოიტყუვნნის თურქმანნი საზამთროთა ადგილთა მტკურის პირისათა. რამეთუ მათნიცა მსტოვარნი ზედა ადგიან მეფესა და ეძებდიან გზათა მისთა. გარდავიდა მეფე გეგუთს და მიერ ხუფათს, და ამით გულპყრობილ ყვნა იგინი. ქრონიკონი იყო სამას ორმოცი. ხოლო მათ ცნეს რა სიშორე მისი, ჩამოდგეს ბოტორას, დიდნი ფრიად, და დაიზამთრეს. და არა ჰრულოდა მეფესა, არამედ გარდამოიფრინვა თებერვალსა ათოთხმეტსა და უცნაურად დაესხა ზედა, და ძლით ვინმე შეესწრა ცხენსა და გარდაიხუეწა. აღიღეს ტყუე და ალაფი ურიცხჳ, და მოვიდა ღანუჴს.

[339] და მასვე შჳდეულსა პირმარხვასა დღესა აიღო შარვანს ქალაქი ყაბალა, და აღავსო სამეფო თჳსი ოქროთა და ვეცხლითა და ყოვლითა სიმდიდრითა. წარმოვიდა ქართლს და მსწრაფლ შეკრიბა სპა, და ჩავიდა შარვანს, მაისსა შჳდსა, არბია ლიჟათათ ვიდრე ქურდევანამდე და ხიშტალანთამდე, და სავსენი ალაფითა მოვიდეს ქართლს. მათვე დღეთა შეიბნეს შარვანელი და დარუბანდელი, მოკლეს აფრიდონ, და მოსწყჳდნეს შარვანელნი.

თუესა ნოემბერსა წარვიდა მეფე აშორნიას, დაესხა თურქმანთა, მოსრნა და იავარყვნა, და წარმოიღო ნატყუენავი მათი ურიცხჳ. ჩამოვლო მგზავრ, დაესხა სევგელამეჯს თურქმანთავე და არა დაუტევა მოტირალი კარავთა მათთა; ესე ერთისა წლისა.

და მასვე ზამთარსა ჩავიდა აფხაზეთს ბიჭჳნტამდე და განაგნა საქმენი მანდაურნი: ღირსნი წყალობისანი შეიწყალნა, შემცოდენი დაიპყრნა და წუართნა; რამეთუ იყო ზამთარი ძნელი და თოვლი ფრიადი. ხოლო ცნეს რა თურქთა, ვითარმედ შორს არს მეფე, გულდებით ჩამოდგეს პირსა მტკურისასა, გარნა ლომსა მოჴელოვნებულსა არა სცონოდა, არცა ჰრულოდა ომისათჳს, ვერცარა დამხრწეველთაგანი დაიმჭირვიდა. წარმოვიდა მსწრაფლ აფხაზეთით თოვლთა საშინელთა, გარდაათხრევინა მთა ლიხისა, სადა გარდანაკუეთსა თოვლისასა აქუნდა სიმაღლე მჴარი სამი. და დახუდა მზად სპა მისი, და პირველ ამბავისა ქართლისა ცნობამდე დაესხა ხუნანს. და აღავსო ლაშქარ[340]მან მთით მტკურამდე და გაგთათ ბერდუჯამდე. და მოსრეს პირითა მახჳლისათა, რომელ არა დაუშთა მთხრობი ამბავისა. ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაერთი, თუე მარტი.

გაზაფხულ განდიდნა მტკუარი, რომელ ნადინებსა ვერ დაეტია. ამისითა მინდობითა ჩადგეს თურქმანნი ბარდავს გულდებითა. მაშინ მონახნა მეფემან იგინიცა და ალონს მტკუარსა გაცურდა ყივჩაყითა დაუზრავსა მას წყალსა, მოსრნა თურქნი, არბია ბარდავი, და დაყო ორი დღე, და ნებიერად მოვიდა შინა სავსე ალაფითა. თუე იყო ივნისი.

ამათ ესევითართა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელ-ტფილელ-დმანელნი წარვიდეს სულტანსა წინაშე, და ყოველსა სპარსეთსა შეიღებნეს შავად, რომელთამე პირნი, და რომელთამე ჴელები, და რომელნიმე სრულიად; და ესრეთ მიუთხრნეს ყოველნი ჭირნი, მოწევნულნი მათ ზედა, რომლითა აღძრნეს წყალობად თჳსა, და იქმნა გლოვა ფრიადი შორის მათსა.

მაშინ სულტანმან მოუწოდა არაბეთისა მეფესა დურბეზს, სადაყას ძესა, და მოსცა ძე თჳსი მალიქი და ყოველი ძალი მისი; და აჩინა სპასალარად ელღაზი, ძე არდუ ხისი, კაცი დაჰმანი და მრავალღონე. და უბრძანა თურქმანობასა სადაღაცა ვინ იყო, დამასკოთ და ჰალაბითგან ამოღმართ, ყოველსა მჴედრობად შემძლებელსა, ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოველთა სომხითისა ამირათა. ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაერთი.

შეკრბეს ესე ყოველნი, შეითქუნეს, შეიმტკიცნეს სიმრავლითა ვითარცა ქვიშა [341] ზღჳსა, რომლითა აღივსო ქუეყანა, და აგჳსტოსსა თურამეტსა მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელ თჳთ ფერჴთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა. ხოლო მეფემან დავით, უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა, თუ ვითარ წინა განაწყო სპა მისი, და თუ ვითარ ყოველი საქმე შუენიერად და ღონიერად ყო, რაბამ რამე წყნარად, უშფოთველად და გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო, და თუ ვითარ თჳსნი სპანი დაიცვნა უვნებელად,  ამათ ყოველთათჳს არა ჩუენი, არამედ ვგონებ, რომელ ყოველთა ბრძენთა სოფლისათა ენა ვერ შემძლებელ არს მითხრობად ზედამიწევნით ყოველსავე.

რამეთუ პირველსავე ომსა იოტა ბანაკი მათი და ივლტოდა, რამეთუ ჴელი მაღლისა შეეწეოდა, და ძალი ზეგარდამო ფარვიდა მას, და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თჳსითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა, რომელ თჳთ იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგჳთხრობდეს სასწაულსა ამას მთავარ-მოწამისა გიორგისსა, და ვითარითა ღონითა მოსრნა სახელოვანნი იგი მებრძოლნი არაბეთისანი, და ანუ მეოტთა ვითარ სიმარჯჳთ და განკრძალულად სდევნნა და მოსრნა, რომლითა აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი მძორებითა.

ხოლო სპანი ჩუენნი და უფროსად ყოველი სამეფო აღივსო ოქროთა და ვეცხლითა, არაბულითა ცხენებითა, ასურულითა ჯორებითა, კარვებითა, სრა-ფარდაგებითა, სხჳთა უცხოთა ჭურჭლებითა საბრძოლელთა თჳთო-სახეთათა, ქოსთა და ფილაკავანთათა, სასმურთა ტურფათა და სანადიმოთათა, საბანელთა და სამზარეულოთათა, - რაოდენმან ქარტამან და მელანმან დაიტიოს აღწერად! და რამეთუ გლეხთა იხილემცა, [342] ოდეს არაბთა მეფენი მოჰყვანდეს ტყუედ. და სხუათა გოლიათთათჳს რადღა რამცა გჳნდოდა თქმად.

ხოლო ამად რა თხრობად მოვიწიე, ვაებისა ღირსად შევრაცხენ დიდნი იგი და სახელოვანნი გამომეტყუელნი, ვიტყჳ უკუე უმიროსსა და არისტოვლის ელინთა, ხოლო იოსიპოს ებრაელსა, რომელთაგანმან ერთმან ტროადელთა და აქეველთანი შეამკვნა თხრობანი, თუ ვითარ აღამემნონ და პრიამოს, ანუ აქილევი და ეკტორი, მერმეცა ოდისეოს და ორესტი ეკუეთნეს, და ვინ ვის მძლე ექმნა; და მეორემან ალექსანდრესნი წარმოთქუნა მძლეობანი, სიმჴნენი და ძლევაშემოსილობანი; ხოლო მესამემან ვესპასიანე ტიტოჲს-მიერნი მეტომეთა თჳსთაზედანი ჭირნი მისცნა აღწერასა. და ვინათგან ამათ ნივთნი საქმეთანი არა აქუნდეს კმად მისათხრობელად, ამისთჳსცა მის ჴელოვნებითა რიტორობისათა განავრცელნეს, ვითარცა იტყჳს თჳთ სადამე ალექსანდრე: „არა დიდ იყავ აქილევი, არამედ დიდსა მიემთხჳე მაქებელსა უმიროსს“. რამეთუ ოცდარვა წელ განგრძობასა ტროადელთა ბრძოლისასა ვერა-რა ღირსი ქებისა იქმნა. ხოლო მეფისა დავითისი ესეოდენთა მიმართ წინაგანწყობა სამ ჟამადმდე იყო, და ვერცა პირველსა კუეთებასა შეუძლეს წინადადგომად. ჰქონებოდესმცა ამათ ბრძენთა თხრობათა ნივთად საქმენი დავითისნი, და მათმცა აღწერნეს ჯეროვნად მათისაებრ რიტორობისა, და მაშინღამცა ღირს ქმნილ იყვნეს ჯეროვანსა ქებასა. და ესენი ესეოდენ.

ხოლო მეორესა წელსა აიღო მეფემან ქალაქი ტფილისი, პირველსავე ომსა, ოთხას წელ ქონებული სპარსთა, და დაუმკჳდრა შვილთა თჳსთა საჭურჭლედ და სახლად თჳსად საუკუნოდ. ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაორი.

[343] და მეორესა წელსა მოვიდა სულტანი შარვანს, შეიპყრა შარვანშა, აიღო შამახია და მოგზავნა მოციქული მეფისა წინაშე, და მოუწერა წიგნი და მორქუა, ვითარმედ: „შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა; ხოლო მე ესე-რა შარვანშა შევიპყარ ჴელთა და ხარაჯასა ვითხოვ; შენ თუ გენებოს, ძღუენი ჯეროვანი გამოგზავნე, და თუ გინდა სამალავთათ გამოვედ და მნახე“. ხოლო ესმა რა ესე მეფესა, მსწრაფლ ჴმა უყო ყოველთა სპათა მისთა, და ბრძანებასავე მისსა თანა მოვიდეს წინაშე მისსა ყოველნი სამეფოსა მისისანი. და წარემართა სულტანსა ზედა, და ყივჩაყნი ოდენ აღთუალულ იყვნეს მაშინ, და იყო შემბმელი კაცი ორმოცდაათი ათასი. და ეუწყა რა სულტანსა ზედა-მისლვა და ძალი და სიმრავლე სპათა მისთა, და განკრთა, აიყარა ველთათ, სადა დგა, და მსწრაფლ შევიდა ქალაქად და გარემოიზღუდა ერთ-კერძო სხრტითა და ხანდაკებითა, და სხჳთ-კერძო ზღუდითა ქალაქისა შამახიისათა. ხოლო ცნა რა ესე მეფემან, არღარა ჯერ უჩნდა ზედა-მისლვა მლტოლვარისა, არამედ დავარდა მიწასა ზედა და მადლობა შეწირა ღმრთისა სახიერისა და კაცთ-მოყუარისა, და ადგილობანსა დადგა.

მაშინ სულტანმან მრავალთა მიერ ვედრებათა და ძღუენთა და მუდარითთა შეთულილობათა, ვითარცა მონამან ჭირვეულმან, არღა ძღუენი ანუ ომნი ითხოვნა, არამედ გზა სამლტოლვარო, ფრიად რამე სიმდაბლით და არა სულტანურად, შეიწრებულმან შიმშილითა და წყურილითა მრავალ დღე.

[344] მასვე დღესა სულტანსა წინაშე მიმავალი ათაბაგი რანისა აღსუნღული, ძალითა მრავლითა, მოსრეს მონათა მეფისათა ვითარ ოთხი ათასი კაცი, და იგი ოდენ მარტო მეოტი ძლით მივიდა სულტანსა წინაშე. იხილა რა ესე სულტანმან, მასვე ღამესა გაიპარა, და სასდუნით მეოტი სხჳთ გზით წარვიდა სოფლად თჳსად. და ესრეთ ძლევა-შემოსილი და მმადლობელი ღმრთისა შემოიქცა მეფე. და მცირედთა დღეთა განისუენა ამთენს.

და მეორესა თუესა, ივნისსა, კუალად წარვიდა შარვანს, აღიღო გულისტანი, სახლი თავადი შარვანისა, სიცხეთა მათ საშინელთა, მოირთო შარვანი და აღავსნა კეთილითა ყოველნი მორჩილნი ბრძანებათა მისთანი. წარმოვიდა ქართლად. ხოლო სთუელთა გადავიდა გეგუთს, ინადირა, განისუენა, განაგო მანდაური ყოველი, და მარტსა გარდამოვიდა ქართლად, და აღიღო ქალაქი დმანისი. და აპრილსა დაესხნეს შაბურანს, დარუბანდელსა, და მოსწყჳდნეს ქურდნი, ლეკნი და ყივჩაყნი დარუბანდელისანი და აღიხუნეს შარვანისა ციხენი ღასანნი და ხოზაონდი და მიმდგომი მათი ქუეყანა.

და მყის აღისრბოლა ვითარცა არწივმან, და მაისსა აღიხუნა ციხენი სომხითისანი: გაგნი, ტერონაკალი, ქავაზინნი, ნორბედი, მანასგომნი და ტალინჯაქარი. და ივნისსა წარემართა ლაშქრითა, განვლო ჯავახეთი, კოლა, კარნიფორა, ბასიანნი სპერამდის, და, რაცა პოვა თურქმანი, მოსრა და ტყუე ყო; ჩამოვლო ბუღთა-ყური, და დაწუნა ოლთისნი, და მოვიდა თრიალეთს დიდითა გამარჯუებითა. და მცირედნი დღენი შუა გამოჴდეს და განიყარა ლაშქარი თჳს-თჳსად.

და აგჳსტოსსა ოცსა მოვიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოაჴსენეს მოცემა ქალაქისა და ციხეთა ბოჟანას წყაროთა ზედა მდგომსა. და მსწრაფლ წიგნები [345] წუევისა წარსცა ყოველთა, და მესამესა დღესა სამოცი ათასი მჴედარი წინაშე უდგა. წარემართა და, ვითარცა მიიწია, მესამესა დღესა აიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად, და სოფელნი და ქუეყანანი მიმდგომნი ანისისანი.

და დაიპყრნა არფასლანიანნი და ამოსწყჳდნა იგინი, რომელთა დიდი საყდარი ანისისა მისგითად მოეკაზმათ და ქრისტიანეთა სისხლითა იგი საყდარი და ქალაქი მოერწყო. იმუქფა ღმრთის მოყუარემან დავით აღმაშენებელმან მოლათა და დარიშმანთა სისხლითა ახლადვე მან მორწყო და საყდარი იგი ახლად მონათლა, რომელი აღეშენა ბერძენთა ასულსა დედუფალსა კატრონიტეს და იქივე ესაფლავა. მაშინ მივიდა თჳთ მეფე დავით და კათალიკოზი, ეპისკოპოზნი და ერთობილი ლაშქარი საფლავსა ზედა, და ახლად წესი აღუგეს. და თჳთ მეფემან სამგზის საფლავსა ჩასძახა: „გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო, რამეთუ იჴსნა ღმერთმან საყდარი შენი უსჯულოთა ჴელთაგან“. ამასა ზედან მკუდრისა ძუალთა საფლავით ჴმა გამოსცეს. და ღმერთსა მადლობა მისცა. განუკჳრდა მეფესა და ერთობილ[თა] ერთა. და წარმოვიდა მუნით მეფე დავით.

და წარმოიყვანა ბულასვარ, რვათა ძეთა მისთა თანა და მჴევალთა და სძალთა, და ჩაგზავნა აფხაზეთად; ანისისა მცველად დაუტევნა აზნაურნი მესხნი, და წარმოვიდა ქართლად. და მცირედთა დღეთა მოუსუენა სპათა თჳსთა. და მერმე წარემართა შარვანს, და აღიღო ქალაქი შამახია და ციხე ბირიტი, სრულად ყოველი შარვანი, და დაუტევნა ციხეთა და ქალაქთა შინა ლაშქარნი დიდნი, ჰერნი და კახნი. და განმგებელად და ზედამხედველად ყოველთა საქმეთა მანდაურთა აჩინა მწიგნობართ-უხუცესი თჳსი სჳმონ, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი, მაშინ ბედიელ-ალავერდელი, მიმსგავსებული გიორგი დედის ძმისა თჳსისა, კაცი ყოვლითურთ სრული და ბრძენი.

და განაგო მეფემან ყოველი საქმე შარვანისა, აღავსნა კეთილითა და საბოძვარითა ქურდნი, ლეკნი და თარასნი, მოვიდა ქართლად. და ყივჩაყთა თჳსთა უჩინა საზამთროდ სადგური, და საზრდელი, და კაცნი ზედამდგომნი მათნი. და განაგო [346] ყოველი საქმე ქართლისა, სომხითისა და ანისისა. და ეგულებოდა გაზაფხულ ქმნა დიდთა საქმეთა და უფროსთა ლაშქრობათა, ვინათგან არავინ წინააღუდგა მას. რამეთუ თჳთ სულტანი მუნ, სადა იყო, ძრწოდა შიშისაგან მისისა, და არცაღა თჳთ ძუელად ქონებულთა ქალაქთა და ქუეყანათა ჰგონებდა თჳსად ქონებად, არამედ რაოდენცა შორს იყო, ეგრეცა ეოცებოდა მძინარესა შიში და მღჳძარესა სიკუდილი.

ამისთჳსცა ზედას-ზედა წარმოავლენდის მოციქულთა ძღუენითა და მშჳდებად პირსა მისსა. რამეთუ წარმოსცნის საჭურჭლენი მძიმენი, ტურფანი, მრავალფერნი, მფრინველნი და ნადირნი უცხონი და ძჳრად საპოვნელნი, და ეძიებნ მშჳდობასა და სიყუარულსა და ყივჩაყთაგან არა რბევასა. ამისთჳსცა არა-რას მიხედვიდეს წარსაგებელთა სიმრავლესა, ოდენმცა მუნ თჳთ, სადა იყვის, იპოვის მშჳდობა და სიცოცხლე თავისა თჳსისა. და ვგონებ, ვითარმედ მამათა და პაპათაგან წაღებულნი ქუეყანანი, ტყუენი და სიმდიდრენი მრავალ-წილად უკუმოიზღუნა ამან მჴნემან. დაამშჳდა ქუეყანა, აღივსო და გარდაეცა ყოვლითა კეთილითა, განავსო და აღაშენა ყოველი ოჴერ-ქმნილი. და გარდაემატა ყოველთა ჟამთა მშჳდობითა და სიმდიდრითა სამეფო ჩუენი, ნაცვლად გარდასრულთა ოჴრებათასა.

ესევითარნი უკუე არიან მეფობრივთა მიმოსლვათა მისთა, წყობათა და ღუაწლთა, ძლევათა და წარმართებულებათა, დაპყრობათა და ახუმათა დიდთა მათ და მრავალთა სამეფოთა და სამთავროთა მოთხრობანი და საქმენი, რომელნი მან ქმნნა და აღასრულნა, რომელნი ჩუენ მცირედითა და ყოვლად კნინითა სიტყჳთა წარმოგჳჩენიან დიდთა მათ და მითხრობად შეუძლებელთა საქმეთა მისთაგან, და ბრჭალთაგან ლომსა და ფესჳსაგან მცირისა ყუავილისასა ქსოვილისა ვითარებასა საცნაურ ყოფად ვმეცადინობთ, ვითარცა აჩრდილისაგან კაცსა, რომელნი-ესე შეუძლებელ არიან ყოფად.

[347] ხოლო ჴორციელთა საქმეთა ესრეთ მოქმედისაგან უკეთუ ვიეთმე ჰგონონ, ვითარმედ რადღამცა მოეცალა საღმრთოთა და სულიერთა სათნოებათა მიმართ მიხედვადმცა და მოგონებად, არა თუ ქმნად, ვინათგან ფრიადცა კმა არიან ესენი ერთისა ჴორცთა შინა მყოფისა კაცისაგან ქმნად და წარმართებად, და თუ სადათ პოვა სამეფო თჳსი სიმდაბლედ შთასრული, და თუ სადა სიმაღლედ აღიყვანა, და თუ სადა დასხნა საზღვარნი და ძლეულნი ვითა მძლედ გამოაჩინნა, - ამათნი მგონებელნი ნუ უკუე არა იბრალნენ, არამედ ეუწყენ მათ, ვითარმედ უკეთუ ამათ პირთათჳს ვინ გამოიძიოს და ზედამიწევნით ვინ ცნობა ინებოს, კნინღა და ესე ჴორციელნი საქმენი წარმოთქმულნი ფრიად უნდოდ და არა-რად პოვნეს, ვითარცა ნამდჳლვე მცირედნი და სასაწუთონი; და დგრომადთა მათ თანა მტკიცეთა და საუკუნოდ ღმერთ-მყოფელთა მისთა საქმეთა, რომელთა-იგი უმეტეს ამათსა მათ მოქმედებდა და უსასწრაფოეს აქუნდა, რომელთაგანნი მცირედნი მრავლისაგან, ვითარცა სასმელი ერთი მტკურისაგან, ჩუენცა მივსცეთ თხრობასა. იტყჳს სოლომონ: <<დასაბამად სიბრძნისა მოიგე სიბრძნეო>>. ხოლო დავით, მამა ღმრთისა: <<დასაბამად სიბრძნისა შიში უფლისა>>. ესე შიში უფლისა მოიგო სიყრმითგან თჳსით დავით, და ჰასაკსა მისსა თანა აღორძნდა, და ჟამსა თჳსსა ესევითარნი ნაყოფნი გამოიხუნა, რომლითა ორკერძო ცხოვრება თჳსი განაშუენა, რომლითა შეამკუნა საქმენი თჳსნი, რომლითა განაგნა ჴორციელნი და წარმართნა სულიერნი.

ხოლო ისმენდი, თუ ვითარ გონიერად დედად სიბრძნისა რა პოვა შიში უფლისა, ღმერთთადც - საღმრთონი წერილნი. და ესენი მდიდრად შეიკრიბნა, რაოდენნი პოვნა გარდამოღებულად ენასა ქართველთასა სხუათა ენათაგან, ძუელნი და ახალნი, ვითარცა სხუამან პტოლემეოს, ამას ზედა ოდენ სასოვან ქმნილმან, და ესეოდენ შეიყუარნა და შეითჳსნა, რომელ სთქუამცა, თუ მათ შინა ცხოველ არს და მათ შინა იძრვის. იგინი [348] იყვნეს მისსა საზრდელ, ყოველთა გემოან, და სასმელ ტკბილ და საწადელ; იგინი - შუება, განცხრომა საწურთელ და სარგებელ. დღე და ღამე მიმოსლვათა შინა მიმდემთა, ლაშქრობათა მოუწყენელთა, შრომათა განუსუენებელთა წიგნები ეტჳრთა სიმრავლესა ჯორთა და აქლემთასა; და სადა გარდაჴდის ჰუნესა, პირველ ყოვლისა წიგნნი მოაქუნდიან ჴელითა, და არა დააცადის კითხვა, ვიდრე არა დაშურის.

ხოლო შემდგომად სერობისა, ნაცულად ძილისა ანუ სხჳსა რასმე საქმისა, კუალად კითხვა წიგნთა. და რაჟამს თუალნი დაშურიან, სასმენელნი ანაცვალნის, სადა არა გარეწარად, არამედ ფრიადცა ფრთხილად ისმენნ წინაშე თჳსსა მკითხველისასა, გამოეძიებნ, ჰკითხავნ, უფროღა თჳთ განმარტებნ ძალსა და სიღრმესა მათსა. და უსაკჳრველეს არს ესე: უწყით ყოველთა, თუ ვითარ სასწრაფო არს ყოველთა საქმე ნადირობისა, და თუ ვითარ დაიმონებს შედგომილსა თჳსსა და წარტყუენულ ჰყოფს, და ნადირობასა შინა არა რასა სხუასა, გარნა ხილვასა და დევნასა ნადირისასა; და თუ ვითარ ჴელთ იგდოს, მიმხედველ ჰყოფს. გარნა მისი გულსმოდგინება ამასცა სძლევდა, რამეთუ თჳთ ნადირობასა შინა წიგნნი აქუნდიან ჴელთა და, რაჟამს ჟამი იყვის, მისცნის ვისმე მსახურსა და ესრეთ დევნა უყვის. და ნუ უკუე ჰგონო, ვითარმედ ჴელითა ცალი ერითა მოიქცის, ანუ ცუდად დაშურის. რამეთუ ვინ ჰგავნ ჴორციელი ანუ ვინ იხილა ესეოდენ განმარჯუებული ნადირობასა შინა. მოსიმახოს ვინმე ითქმის ებრაელი მოისრობის და კეთილ-მმართებლობისათჳს ალექსანდრეს სპათა შორის მჯობად, და აქილევი [349] კენტავროსისგან განსწავლულად მოისრობისა ელენთა შორის, ხოლო ბარამ-ჯური სპარსთა შორის მოქმედად უცხოთა და საკჳრველთა, გარნა ჭეშმარიტად ვერცა ერთი ამათგანი შეესწორებოდა ამას, ვითარცა გჳხილავს ჩუენ.

და ვთქუა სხუაცა საქმე, საცნაურ-მყოფელი წიგნთა სიყუარულისა, რომელსა შინა არა-რა იყოს ტყუვილი, ვინათგან წარსწყმედს უფალი <<ყოველნი რომელნი იტყჳან სუცრუვესა>>. წინადაიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარკითხვად; და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასუის ბოლოსა წიგნისასა. ხოლო მოქცევასა წელიწდისასა მით ნიშნითა აღვთუალეთ: ოცდაოთხჯერ წარეკითხა.

არიან უკუე სხუანიცა მრავალნი საცნაურებანი ამის პირისანი, გარნა მე ერთიღა შევსძინო სიტყუად სხუა ამათ თანა. ქალაქი ტფილისი იყო, ოდეს ჯერეთ არა სრულიად შემოყენებულ იყო უღელსა ქუეშე მორჩილებისასა, ვითარცა აწ, არამედ სავსე იყო სისხლითა ქრისტიანეთათა: რამეთუ ოდესმე ყვიან ღავღავი და თჳნიერ მიზეზისაცა მოსრნიან რაოდენნი პოვნიან ქრისტიანენი, ხოლო ოდესმე ქარავანსა თანა შემოყოლილთა თურქთა ზედა გასცნიან შემომავალ-გამომავალნი ქრისტიანენი, და ტყუეობად და სიკუდილად მისცნიან, და ესრეთ ისრვოდა ქუეყანა მრავალჟამ, რომელი-ესე ფრიად ეძჳნებოდა სულსა დავითისსა.

შემოვიდა ოდესმე ქარავანი დიდი განძით, და თანა შემოჰყვეს თურქნი დიდნი. ცნა რა მეფემან, გაგზავნნა მონათაგანნი თხუთმეტნი კაცნი რჩეულნი, რათა ლოჭინით კერძო ნახირი მძოვარი ქალაქისა წარმოიტაცონ, ნუ უკუე იგი თურქნი გამოვიდენ დევნად, და მოსწყჳდნეს ამით ღონითა. ხოლო თჳთ სამასითა ოდენ მჴედრითა დაიმალა ღელეთა ავჭალისათა, და არავის მიენდო მჴედარსა სხუასა, არამედ თჳთ [350] მარტო წარვიდა ყოვლად უსაჭურველო, ჴრმლითა ოდენ. და თანა წარიტანა წიგნი ღმრთისმეტყუელი, და ამცნო სპათა არა შეძრვად ყოვლადვე მისლვადმდე მისა მათ თანა.

ხოლო მონათა მათ ყვეს ბრძანებული მათდა, და წარმოიღეს ნახირი; მოეწივნეს თურქნი, ვითარ ასი კაცი. და შემდგომად დიდისა ომისა ჩამოყარნეს მონანი და დაუჴოცნეს ცხენნი, გარნა ქუეითცა იბრძოდეს ფიცხლად. ხოლო მეფე ცხენსა რა გარდაჴდა, არა ჰგონებდა ჯერეთ მოსლვასა: შეექცა კითხვასა და ესეოდენ წარიტყუენა მისგან გონებითა, რომელ სრულიად დაავიწყდა წინამდებარე საქმე, ვიდრემდის ჴმა რამე კივილისა შემოესმა ყურთა. მყის დაუტევა წიგნი მუნვე, და აღმჴედრებული მიჰყვა მას ჴმასა. და ვითარცა ზედა წარადგა მონათა თჳსთა, ესევითარსა ღუაწლსა შინა მყოფთა, - და რამეთუ აშორვიდა სპათა თჳსთა, და უკეთუმცა მათდა ცნობად წარსულ იყო, მონათა დაუჴოცდეს, - მსწრაფლ შთაბრიალდა ვითარცა არწივი, და დააბნივნა ვითარცა კაკაბნი, და მსწრაფლ ესეოდენნი მოსწყჳდნა, რომელ მათნი ცხენნი კმა ეყვნეს მონათა მათ. და აღმჴედრებულთა ესეოდენნი მოსრნეს, რომელ მცირედნიღა შეესწრნეს ქალაქს. ხოლო გზანი სავსენი იყვნეს მძორითა მათითა და ფრიადისა ცემისაგან ჴრმალმანცა და ღულარჭნილმან უარ ყო ქარქაში თჳსი. მაშინღა მოვიდა სპათა თჳსთა თანა, რომელნი ფრიად აბრალებდეს მას. განიცადეთღა ჩემდად, რომელ ესევითარსა საქმესა შინა და ესეოდენ უცალოსა წიგნივე აქუნდეს უსასწრაფოესად საქმედ. და ესენი ესეოდენ.

ხოლო ვთქუა ესეცა, ვითარმედ უკეთუმცა არა წერილთა მეცნიერებანი და გარდასრულთა საქმეთა შემცნებანი, პირველ ყოფილთა მეფეთა კეთილ ძღუანე[351]ბულთა ანუ ვერას წარმართებულთა შემთხუეულნი წინაგანსაკრძალებელად სახედ არა შემოეხუნეს და არა მოეჴმარნეს, ვითარცა იტყჳს სოლომონ, ვითარმედ: <<იცნის ქცეულებანი ჟამთანი, აღჴსნანი იგავთანი და გარდასრულთა შეამსგავსნის მომავალნი>>, - არათუმცა ესენი ესრეთ, კუერთხი მეფობისა ესეოდენ დამდაბლებული, ესეოდენ ძნელი და ნანდჳლვე დიდი განსაგებელი რათა იპყრა ესრეთ მაღლად, ვითარ ვერვინ სხუამან? რამეთუ განბრძნდა უფროს ბესელ[იელ]ისსა და უმეტეს ეთამ ისრაიტელისა, წერილისაებრ; და ვითარ ვინ აღრაცხნეს რაოდენნი საქმენი ეთხოვებიან მეფობასა, რაოდენნი მართებანი და განსაგებელნი, კიდეთა პყრობანი, ნაპირთა ჭირვანი, განხეთქილობათა კრძალვანი, სამეფოსა წყნარებისა ღონენი, ლაშქრობათა მეცადინობანი, მთავართა ზაკვისა ცნობანი, მჴედართა განწესებანი, საერონი შიშნი, საჴელოთა და საბჭოთა სჯანი, საჭურჭლეთა შემოსავალნი, მოციქულთა შემთხუევანი და პასუხნი, მეძღუნეთა ჯეროვანნი მისაგებელნი, შემცოდეთა წყალობითნი წურთანი, მსახურებულთა ნიჭ-მრავლობანი, მოჩივართა მართალნი გამოძიებანი, მოსაკითხავთა შესატყჳსნი მოკითხვანი, სპათა დაწყობანი და ღონიერნი მიმართებანი, და რაოდენნი ვინ აღმოწყუნეს სიტყჳთა უფსკრულისაგან სამეფოთა საქმეთასა, რომელთა შინა ვერვინ ძუელთა და ახალთაგან მეფეთა ემსგავსა, ვითარცა საქმენი წამებენ მზისა შარავანდთა უბრწყინვალესნი და ცხადნი, რომელნი სიბრძნითა თჳსითა ქმნნა.

რამეთუ სულტანი დასუა მოხარკედ თჳსა, ხოლო მეფე ბერძენთა ვითარცა სახლეული თჳსი; დასცნა წარმართნი, მოსრნა ბარბაროზნი, მრწემად მოიყვანნა მეფენი, ხოლო მონად ჴელმწიფენი; მეოტად წარიქცივნა არაბნი, იავარად ისმაიტელნი, მტუერად დასხნა სპარსნი, ხოლო გლეხად მთავარნი მათნი. და რათა მოკლედ ვთქუა, [352] პირველ ყოფილნი მეფენი, გოლიათნი, გმირნი კაცნი იგი, საუკუნითგან სახელოვანნი, მჴნენი და ძლიერნი, და რათაცა საქმეთა ზედა სახელოვანნი, ყოველნივე ესრეთ დასხნა, ვითარცა პირუტყუნი ყოველსა საქმესა შინა.

ხოლო კუალად საღმრთოთა სათნოებათა და სულიერთა საქმეთა მისთა ვიეთი გონება მისწუთეს, ანუ მოგონებულსა ვისმან ენამან შეუძლოს თხრობად. რამეთუ ვითარცა ღმერთი მართლ სჯიდა სამწყსოთა თჳსთა თუალუხუავითა მით ბჭობითა თჳსითა, და არა სადათ მიდრკებოდა <<წამი სასწორისა>>, ვითარცა სოლომონისთჳს გუესმის საბჭოთა შინა და თჳთ მოსეს-მიერნი გუაუწყებენ ბჭობანი და თხრობანი. ხოლო თავი სათნოებათა, სიწმიდე, ესეოდენი მოიგო, ვითარცა დიდმან ანტონი; ნუ მეტყჳ მისთა სიჭაბუკისათა რათამე, რომელნი არცა ღმერთმან მოიჴსენნეს! უწყი ჭეშმარიტებით, რამეთუ ყოველთა ათისა წლისა ჟამთა სამარადისოდ წმიდითა პირითა და განწმედილითა გონებითა მიიღებდა უხრწნელთა ქრისტეს საიდუმლოთა თანამოწამებითა სჳნდისისათა და არა მხილებითა გონებისათა, რომლისა მოწამე არს სარწმუნო იგი ცათა შინა. კუალად ლოცვისა და მარხვისათჳს რადღა საჴმარ არს თქმა, რომლისა იგი საქმარ ოდენ იყო. და კუალად მონასტერნი და საეპისკოპოსონი და ყოველნი ეკლესიანი წესსა და რიგსა ლოცვისასა და ყოვლისა საეკლესიოსა განგებისასა დარბაზის კარით მიიღებდიან, ვითარცა კანონსა უცთომელსა, ყოვლად შუენიერსა და დაწყობილსა, კეთილ-წესიერებასა ლოცვისა და მარხვისასა. ხოლო საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი, და გინება ღმრთისა საძულელი, და ყოველი უწესოება მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა და ურიცხუსა მას შინა სიმრავლესა ენათა ნათესავთასა, ვითარცა ცათა შინა მყოფთა შორის. კუალად წყალობა გლახაკთა ესეოდენი აქუნდა, ვიდრემდის აღავსო ზღუა და ჴმელი ქუელის საქმემან მისმან. რამეთუ ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი არა თჳსთა ოდენ [353] სამეფოთა, არამედ საბერძნეთისნიცა, მთაწმიდისა და ბორღალეთისანი, მერმეცა ასურეთისა და კჳპრისა, შავისა მთისა, პალესტინისანი, აღავსნა კეთილითა, უფროსღა საფლავი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, და მყოფნი იერუსალემისანი თჳთოფერთა მიერ შესაწირავთა განამდიდრნა. კუალად უშორესცა ამათსა: რამეთუ მთასა სინასა, სადა იხილეს ღმერთი მოსე და ელია, აღაშენა მონასტერი, და წარსცა ოქრო მრავალ ათასეული, და მოსაკიდელნი ოქსინონი, და წიგნები საეკლესიაო სრულებით, და სამსახურებელი სიწმიდეთა ოქროსა რჩეულისა.

და კუალად დღითი-დღე წარსაგებელთა, რომელთა თჳსითა ჴელითა მისცემდა ფარულად, ვინ აღრაცხოს თჳნიერ მამისა ზეცათასა, რომელი მიაგებს ცხადად. რამეთუ იყო მისა კისაკი მცირე: აღავსის დრაკნითა რა დღე სარწმუნოთა თჳსთა ჴელითა, და სამწუხროდ ცალიერი მოაქუნდის იგი მხიარულსა სულითა და პირითა. ოდესმე ნახევარი წარაგის მისი, და ოდესმე არავინ ეპოვნის, და ეგრე სავსე მისცის დამარხვად ხვალისა და სულთქმითა თქჳს: „დღეს ვერა მივეც ქრისტესა მარცხებითა ჩემთა ცოდვათათა“. და ამას არა თუ ჴელოსანთაგან მორთმეულისა იქმოდის, ანუ თუ საჭურჭლით, არამედ ჴელთა თჳსთა ნადირებულისა. რომელთაგანი თჳსსა მოძღუარსა იოვანეს მისცა ოდესმე დრაჰკანი, ვითარ ოცდაოთხი ათასი, რათა განუყოს გლახაკთა. და ესეცა მცირედი მრავლისაგან თქმად შეუძლებელ.

ხოლო განათავისუფლნა არა მონასტერნი ოდენ და ლავრანი მოსაკარგვეთა მაჭირვებელთაგან, არამედ ხუცესნიცა სამეფოსა შინა მისსა ყოვლისა ჭირისა და ბეგრისაგან, რათა თავისუფალთა საღმრთო მსახურება მიუპყრან ღმერთსა.

ხოლო ამათ თანა რაოდენნი ეკლესიანი აღაშენნა, რაოდენნი ჴიდნი მდინარეთა სასტიკთა ზედა, რაოდენნი გზანი, საწყინოდ სავალნი, ქვა-ფენილ ყვნა, რაოდენნი [354] ეკლესიანი, წარმართთაგან შეგინებულნი, განწმიდნა სახლად ღმრთისად, რაოდენნი ნათესავნი წარმართთანი შვილად წმიდისა ემბაზისად მოიყვანნა და შეაწყნარნა ქრისტესა, და დადვა მისთჳს უმეტესი მოსწრაფება, რათამცა ყოველი სოფელი მოსტაცა ეშმაკსა და შეასაკუთრა ღმერთსა, რომლითა მიიღო მადლი მოციქულობისა, ვითარცა პავლე და ვითარცა დიდმან კოსტანტინე.

სხუათავე კეთილთა თანა აქუნდა ესეცა, რამეთუ სლვათა შინა თჳსთა სამეფოთასა. სიმრავლითა სპათათა და სიმალითა სლვისათა ვერ ადვილად მიემთხუეოდიან მოჩივარნი და დაჭირებულნი და მიმძლავრებულნი, განაღა ვიეთღამე რომელთა საჭიროდ უჴმდის განკითხვა და შეწევნა მეფობრივი, ნუ უკუე და ვინმე აღვიდის ბორცუსა ზედა რასმე, გზისა მახლობელსა, ანუ კლდესა, გინა თუ ხესა, ვითარცა ზაქე. უკეთუ ოდენ ეპოვის ესევითარი რამე, და მუნით საცნაურ ყვის ჭრტინვა თჳსი, ამისთჳს დაედგინნეს კაცნი მართლად მცნობელნი და განმკითხვარნი მოჩივართანი, რომელთა მიერ მიიღებდეს კურნებასა. მრავალგზის გჳხილავს იგი დამალტობელად ღაწუთა თჳსთა ცრემლითა ხილვასა ზედა თჳთოსახეთა სენთა მიერ განცდილთასა და ხილვად საძნაურთა, რომელნი შეემთხუევიან მიუნდობელთა ამათ და უბადრუკთა ჴორცთა, რომელთა ზრდის სხუათა უმეტეს ქუეყანა ქუთათისისა. ვინ აღრიცხუნეს ტყუენი, რომელნი მან განათავისუფლნა და რომელნი უკუმოიჴსნნა თჳსთა ყივჩაყთაგან ფასითა. ვინ ჯეროვნად წარმოთქუნეს პატივის პყრობანი მონაზონთანი, სიმდაბლით შემთხუევანი და მოკითხვანი, და სიყვარულით შეწყნარებანი მათნი, თჳთოეულისა ნიჭნი და საჴმარნი, რომლითა უზრუნველ ყვნის ყოველთა საჭიროთაგან.

ხოლო აქუნდა ამას ყოვლად ბრძენსა მეფესა საქმედ ესეცა, რომლითა უმეტეს ყოველთა საშიშად საზარელ იყო ყოველთა, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო მის ზედა ნიჭი ესე და საქმე ყოვლად საკჳრველი. არა-რა შორიელი არცა სამეფოთა შინა მისთა, არცა ლაშქართა შინა მისთა მყოფთა კაცთა, დიდთა და მცირედთა, საქმე [355] ქმნილი, კეთილი გინა სიტყუა ბოროტი თქმული, - არა-რა დაეფარვოდა ყოვლადვე, არამედ რაოდენცა ვის ფარულად ექმნის ანუ თუ ეთქჳს, ყოველივე ცხად იყო წინაშე მისსა, ვიდრემდის გულის-სიტყუანიცა და მოგონებანი ვიეთნიმე მიუთხრნის მათ, რომელთა ზარგანჴდილ ყვნის. და მონაზონთა განშორებულთა სენაკთა შინა მათთა ქმნილნი ღუაწლნი და სათნოებანი უწყოდნის ცხადად, და სიშორე გზისა ვიდრე ეკლესიამდე ზომით იცოდის, და მოთმინებისათჳს აქებდის და ნატრიდის. ნუ ამას ეძიებ, მკითხველო, თუ ვითარ იქმნებოდა ესე, არამედ ამას ცნობდა, თუ რა სარგებელი პოვის ამათ მიერ. რამეთუ არა თუ ცუდად რადმე და განსაკითხავად საგიობელთა საქმეთად, ანუ საკიცხელად ვიეთთათჳსმე იქმოდის: ნუ იყოფინ ესე, წარვედ!

არამედ დიდნი საქმენი და ფრიად სასწრაფონი წარმართნა ამით, და მრავალთა კეთილთა მიზეზ იქმნა ესე: პირველად ორგულებასა, და ზაკუასა, და ღალატსა რასამე ვერვინ დიდითა ანუ მცირეთაგანი იკადრებდა მოგონებადცა, არა თუ თქმად ვისდა, არცა თუ მეუღლესა და ცხედრეულსა თჳსსა თანა, ანუ მოყუასსა თჳსსა, გინა ყრმათა თჳსთა თანა, ვინათგან ესე მტკიცედ უწყოდა ყოველმან კაცმან, რომელ პირით აღმოსლვასავე თანა სიტყჳსასა საცნაურ ქმნილ არს უეჭუელად წინაშე მეფისა. და მრავალნი განპატიჟებულცა იყვნეს და მხილებულ ესევითართათჳს. ამისთჳსცა ვერ ოდეს ვინ განიზრახა ღალატი რაჲთურთით დღეთა მისთა, არამედ იყო ყოველთაგან საკრძალავ და სარიდო.

და კუალად მღდელთ-მოძღუართა, მღდელთა და დიაკონთა, მონაზონთა და ყოველთა კაცთა ესევე საქმე ექმნა წესიერებად და გზად ყოველთა სათნოებათა მიმართ. რამეთუ შიშითა მისითა ვერ იკადრებდიან უწესოდ სლვად, ვინათგან უწყოდიან არა-რას [356] დაფარულობა წინაშე მისსა, და მის მიერ ქება სათნოებისა, და ძაგება არაწმიდათა და უწესოთა საქმეთა. რამეთუ ვერცა მსოფლიო ვინმე და ვერცა მოქალაქე, ვერ მჴედარი და ვერ რომელი პატივი და ასაკი იკადრებდა განდრეკილად სლვად: რამეთუ ყოველთა კაცთა იყო წესიერება, ყოველთა კანონ, ყოველთა პატიოსნება, და თჳთ მათ მეძავთაცა ყოველთა კრძალულება, ყოველთა შიშ და მმართებელ გზათა საღმრთოთა და მშჳდობისათა.

ესე დიდნი საქმენი, ღმრთისაგან ოდენ შესაძლებელნი, ესრეთ ადვილად წარმართნა ამით, ვითარცა ვერვინ ადვილ წარმართის ეგრეთ. ამისთჳსცა შიში დიდი და ზარი მისი განითქუა კიდეთა ქუეყანისათა, და განკრთეს ყოველნი მკჳდრნი ქუეყანისანი.

ხოლო შემოკრბა ოდესმე წინაშე მეფისა ნათესავი გულარძნილი, ყოვლად ბოროტთა სომეხთა ეპისკოპოსები და მონასტერთა მათთა წინამძღურები მრავალი ფრიად, რომელნი აზმნობდეს თავთა თჳსთა მიწევნად თავსა ყოვლისა სწავლულებისა და მეცნიერებისასა. და მოაჴსენეს, რათამცა ყო ბრძანებითა მისითა კრება და ყვესმცა სიტყჳს-გება და გამოძიება სჯულისა: უკეთუ იძლივნენ სომეხნი, და იქმნენ თანაერთჴმა სჯულისა და თჳსი სჯული შეაჩუენონ; ხოლო უკეთუ სძლონ სომეხთა, ესეოდენ მიემადლოს, რათა არღარა გჳწოდდეთო მწვალებელად და არცა შეგუაჩუენებდეთ.

მაშინ მოუწოდა მეფემანცა იოანეს, კათალიკოსსა ქართლისასა, და მის ქუეშეთა ეპისკოპოსთა და მეუდაბნოეთა, და არსენის იყალთოელსა, თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენათასა, და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათასა, და სხუათა მეცნიერთა და ბრძენთა კაცთა. ყვეს უკუე სიტყჳს-გება ურთიერთას ცისკრითგან ვიდრე ცხრა ჟამამდე, და ვერას უძლეს დაბოლოებად. რამეთუ იყო ორკერძოვე ძლევის მოყუარება ოდენ და ცუდ სიტყუათა პაექრობა: რამეთუ შევიდიან შეუვალთა საქმეთა და ძნიად გამოსავალთა, [357] რომელი-ესე შეეწყინა მეფესა და რქუა მათ: „თქუენ, მამანო, სიღრმეთა სადამე შესრულ ხართ და უცნაურთა ხედვათა, ვითარცა ფილოსოფოსნი, და ჩუენ ვერა-რას უძლებთ ცნობად, ვითარცა უსწავლელნი და ყოვლად მსოფლიონი. და ესე საცნაურ არს თქუენდა, რამეთუ მე შორს ვარ სწავლულებასა და მეცნიერებასა, ვითარცა მჴედრობათა შინა აღზრდილი. ამისთჳსცა უსწავლელთა და ლიტონთა და მარტივთა მიერ სიტყუათა გეზრახო თქუენ“.

ესე რა თქუა, იწყო მათდა მიმართ სიტყუათა თქმად, რომელსა ღმერთი მოსცემდა უეჭუელად პირსა მისსა. ესეოდენთა იგავთა და სახეთა წინადაუდებდა, აჴსნათა საკჳრველთა მიერ წინადაუდგრომელთა და უცილობელთა, რომლითა დაანთქნა, ვითარცა მეგჳპტელნი, და დაუყო პირი მათი და უპასუხო ყვნა და ყოვლად უსიტყუელ, ვითარცა ოდესმე დიდმან ბასილი ათინას შინა.

ესე მწვალებელნი და ესეოდენ ზარგაჴდილ ყვნა და ყოვლად უღონო, რომელთა აღიარეს ცხადად ძლეულება თჳსი ამისთა ოდენ მეტყუელთა, ვითარმედ: „ჩუენ, მეფეო, მოწაფე გუეგონე ამათ მოძღუართა თქუენთა, გარნა, ვითარ ვხედავთ, შენ სამე ხარ მოძღუარი მოძღუართა, რომლისა ბრჭალსა ვერ მიმწუთარ არიან ეგე მოძღუარ საგონებელნი თქუენნი“. და ესრეთ ფრიად მაბრალობელნი თავისანი მიიქცეს სირცხჳლეულნი, არღარა ოდეს მკადრებელნი ამისნი ოდესცა.

ხოლო არიან ვინმე მაბრალობელნი მეფისანი ჯერეთცა ესეოდენ მჭირსედ მოქალაქობისა და მოლაშქრეობისათჳს და მჴედრობათა მისთა განუსუენებელისა მიმოსლვისათჳს და დაჭირებისა, ვითარმედ: „არცა მშჳლდი თავს იდებსო მარადის გარდაცმულობასა, არცა ძალი ორღანოსა მარადის განსხირპულობასა, რამეთუ ჟამსა ჴმარებისა [358] მათისასა თითოეული მათი უჴმარ იპოვოსო“. და ესევითართა უგიობლისა მისთჳს და ყოვლად უმიზეზოსა იტყჳან.

გარნა ისმინეთ ესევითართა მათ პირველად ესე, რამეთუ სამეფო აფხაზეთისა მცირე ჰქონდა მოკლებული, და მცირე იყო, და ტყუეობათა და ზემოჴსენებულთა ჭირთაგან მცირე გუნდი მჴედრობისა და იგინიცა დაჯაბნებულნი, მრავალგზის მტერთაგან სივლტოლითა უცხენო და უსაჭურველონი, და თურქთა მიმართ წყობისა ყოვლად უმეცარნი და ფრიად მოშიშნი. უკეთუმცა ესეოდენ უწყინოთა ლაშქრობითა და მცირედმცირედ ბრძოლითა და სწავლითა გუარიანად და ღონიერად წინაძღომითა, და მრავალთა ძლევათა მიერ მოგუარებითა არა განეწუართნეს სპანი თჳსნი, და განეკადნიერნეს წყობათა მიერ მჴნეთა, ქებითა და ნიჭთა მიცემითა, ხოლო ჯაბანთა სადედოთა შთაცუმითა და კიცხევით ძაგებითა, არამცა მოეღონა, ვიდრემდის სპათა შორის მისთა ყოვლად არა იპოვებოდა ჯაბანად ზრახული, რათამცა ექმნნეს ესოდენნი ძლევანი, ანუ რათამცა ექმნნეს და აღეხუნეს ესეოდენნი სამეფონი? ნუ უკუე ძილითა ანუ ადგილთა მწუანვილოვანთა ზედა მოსმურობითა და განცხრომითა და მაჩუკნებელთა საქმეთა შედგომითა; არა ესრეთ, არა, არამედ არცა ალექსანდრე ქმნა ესრეთ. რამეთუ პირველად მამულისა თჳსისანი შეკრიბნა და მით დაიპყრნა დასავლისანი ევროპი, იტალია, რომი და აფრიკეთი, და მათითა წარტანებითა დაიპყრა ეგჳპტე, შესრულმან კარქედონით, და მიერ ეგჳპტით პალესტინე და ფინიკე, და კილიკიასა თჳსად შემქმნელი, წინაგანეწყო დარიოსს. და რაჟამს სპარსეთი მოირთო, მაშინღა სძლო პიროს ჰინდოსა, და ეგრეთღა ამით ყოვლითა მოვლო ყოველი ქუეყანა; და ქმნა, რა [359] იგი ქმნა; თუ არა ქართველთა ოდენ სპითა ვერცარას ალექსანდრე იქმოდა კარგსა. და თუმცა დავითს სპარსთა ჰქონებოდა მეფობა, ანუ ბერძენთა და ჰრომთა ძალი, ანუ სხუათა დიდთა სამეფოთა, მაშინმცა გენახნეს ნაქმარნი მისნი, უაღრესნი სხუათა ქებულთანი.

ხოლო ვთქუა მეორეცა მიზეზი ამისვე პირისა, ვინათგან ნათესავი ქართველთა ორგულ ბუნება არს პირველითგანვე თჳსთა უფალთა. რამეთუ, რაჟამს განდიდნენ, განსუქნენ და დიდება პოონ და განსუენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა, ვითარცა მოგჳთხრობს ძველი მატიანე ქართლისა და საქმენი აწ ხილულნი. და ესე მან უბრძნესმან ყოველთა კაცთამან კეთილად სადმე უწყოდა. ამისთჳსცა არაოდეს მოაცალა ამისად განზრახვად, ანუ განსუენებად, ანუ შეკრებად და ქმნად რასამე ესევითარსა. არამედ საქმეთა, რომელთა იწყო ქმნად, გაასრულნაცა მაღლად და შუენიერად. ნუ უკუე და ლომსაცა აბრალონ ეგევითართა, რამეთუ არა ციდამტკავლურად იხედავს, არცა კუერნაულად კრთების.

კუალად სხუასა ბრალობასა შემოიღებენ მეტყუელნი ესრეთ: „შეიყუარნის ვინმე და განადიდნის ვინმეო, და კუალად მოიძულნის ვინმე და დაამცირნისო, ესე აღამაღლის და ესე დაამდაბლისო“. ეჰა უსამართლოებასა, ჵ უგუნურებასა! ამისთჳს აბრალება, რამეთუ კაცი მიწისაგანი ღმერთსა ემსგავსა რომლითაცა საქმითა? ვინ იხილა ესე საუკუნითგან, ჵ კაცო? ამისთჳს რად არა ღმერთსაცა აბრალებ, უგუნურო, ამასვე ესრეთ მოქმედსა? ანუ არა ხუთთა ქანქართა ათ-მყოფელსა მისცნაა ათნი ქანქარნი? ანუ არა ერთისა დამფლველსა მოუღო იგიცა და მისცა ათთა ზედა მეთერთმეტედ?

ანუ რასათჳს ქადაგებულ არიან სამოთხისა შუებანი და სასუფეველისა ნეტარებანი ღმრთისა ნების მყოფელთათჳს ჭეშმარიტად, ხოლო საშინელებანი ურჩთა და უღირსთათჳს? უკეთუ მეფემან ერთგულნი, ფრთხილნი და ახოვანნი, ნაცვლად ორგულთა, ჯაბანთა და უღირსთა, ადიდნეს, რა უსამართლო ქმნა? ნუ უკუე დუხჭირმანცა აბრა[360]ლოს სარკესა, რამეთუ სახე მისი ცხადად უჩუენის: უჴმარნი და უღირსნი ნუ მას, არამედ თავთა თჳსთა აბრალებდენ. უკეთუ არა, ვინ იყო ესოდენ მართლად აღმწონელ საქმეთა და მცნობელ ვითარებასა კაცისასა, რომლისა აჩრდილსა შეკრებულ იყვნეს ერნი, ტომნი და ენანი, მეფენი და ჴელმწიფენი ოვსეთისა და ყივჩაყეთისანი, სომხეთისა და ფრანგეთისანი, შარვანისა და სპარსეთისანი, ხილვისაებრ ნაბუქოდონოსორისა: <<ვხედევდო, იტყჳს, ხესა შორის ქუეყანისა სიმაღლედ ცისა მიწდომასა, და რტოთა მისთა კიდედმდე ქუეყანისა. ფურცელნი მისნი შუენიერ, და ნაყოფი მისი ფრიად და საზრდელი ყოველთა მის შორის. ქუეკერძო მისსა დაიმკჳდრეს მჴეცთა ქუეყანისათა, და შორის რტოთა მისთა მკჳდრობა ყვეს მფრინველთა ცისათა, და მისგან იზრდებოდა ყოველი ჴორციელი>>.

აჰა ესერა, სახე არა უმსგავსო, არამედ ფრიადცა თანაშეტყუებული ჩუენისა თჳთმპყრობელისა, და ყოვლად გამომსახველი სიტყჳთ საქმეთა თუალთა ჩუენთა ხილულთა. რამეთუ სიტკბოებისა, სახიერებისა და სიბრძნისა მისისა ხილვად წყურიელნი კიდით ქუეყანისათ შემოკრბებოდეს წინაშე მისსა. ვინ იყო ეზომ ტკბილ შემთხუევათა შინა, ვინ სატრფიალო ზრახვითა და სასურველ დუმილითა, იგივე შუენიერ ხატითა, უშუენიერეს მორთულობითა გუამისათა, შეწყობილ ანაგებითა და ახოვან ტანითა, ძლიერ ძალითა, უძლიერეს სიმახჳლითა, საწადელ ღიმილითა, უსაწადელეს მჭმუნვარებითა, მადლიერ ხედვითა, საზარელ ლომებრ მკრთომელობითა, ბრძენ ცნობითა, უბრძნეს გამორჩევითა, მარტივ სახითა, მრავალსახე მართებითა, შემრისხველ მყუდროებითა, მაქებელ განმსწავლელობითა, და არცა ერთსა კეთილთაგანსა შემაშთობელ უზომოებითა. მაღალ უმაღლესთათჳს და მდაბალ უმდაბლესთათჳს, და თჳთ მათ მტერთაგანცა საწადელ და საყუარელ სათნოებათა მისთაგან შეკდიმებულთა. ვინა ესრეთ [361] მიიღო ერთიცა სათნოებათაგანი, ვითარ ვინ ყოველთაგანმან შეიკრიბა ყოველი სრულებით თითოეული, რომელ ყოველთათჳს შეუძლებელ არს დაკჳრვება ოდენ, არათუ მიბაძვება, რომლითა სრულ იქმნა იგი ყოველსა შინა, ესრეთ რა აღსავსე იყო ნავი უფასოთაგან ტჳრთთა სათნოებისათა, და არღარა შემძლებელ წარსლვად ღადირთა.

და აქუნდა ყოვლით-კერძო მშჳდობა და დაწყნარება სამეფოთა მისთა. მაშინ დიდმან მან წინაგანმგებელმან ცხოვრებისა ჩუენისამან და ყოვლისავე უმჯობესად შემცვალებელმან განგებითა მით, რომელი მან უწყის და განაწესებს ჟამთა და წელთა ჩუენთა, ესრეთ განაგო, ვითარცა მუშაკმან კეთილმან: რაჟამს იხილნის ჴუვილნი აღსავსედ ნაყოფითა და ქუეყანად დადრეკილნი, ისწრაფის დაუნჯება მათი; და ვითარცა მენავემან ბრძენმან განიცადის რა ნავი თჳსი აღსავსედ მრავალფერითა ტჳრთითა, მიისწრაფის ნავთსადგურად, რათა არარა ევნოს სოფლისა ამის მღელვარისა ზღჳსაგან.

რამეთუ ჟამსა ზამთრისასა, მშჳდობასა და დაწყნარებასა ყოვლისა სამეფოსასა, არა გარეგნად მენაკიდურესა, არამედ საშუალ თჳსთა სამეფოთა ადგილთა, თჳთ მის მიერვე წინათ განჩინებულთა განსასუენებელად და მისაძინელად, ვითარცა ჰრულითა რათამე შუენიერითა დაიძინა მამათა თჳსთა თანა. და თჳთ მებრ ესე კმა არს საცნაურ მყოფელად საკუთრებისა თჳსისა ღმრთისა მიმართ. რამეთუ მრავალგზის მრავალთა მიზეზთა და განსაცდელთა სიკუდილისათა შთავარდა იგი, რომელთაგან მცირედი მივსცეთ თხრობასა. რამეთუ ნადირთა დევნასა შინა ოდესმე მუხნარს წაექცა ცხენი, და ესეოდენ შეიმუსრა, რომელ სამ დღე ყოვლად უსულო მდებარე იყო უძრავად, სამშჳნველისაგან ოდენ საცნაური ცოცხლად. და შემდგომად სამ დღე ნამტკნარსა სისხლისასა აღმომყრელსა მოექცა სული და სიტყუა, და ძლითღა აღდგა ცოცხალი. და ესევითარი მრავალგზის შეემთხჳა და ღმერთმან იჴსნა სიკუდილისაგან.

კუალად ციხესა რომელსამე ბრძოდეს ქართლს, და მეფე კარსა კარვისა თჳსისასა დგა, პერანგითა მოსილი ოდენ, შუა-დღე, და ციხით ვინმე შემოსტყორცა ისარი, და [362] ჰკრა ხატსა მთავარანგელოზისასა, რომელი ეკიდა ყელსა, ოქროსა მცირე, და ძალმან საღმრთომან განარინა მშჳდობით. რაოდენ-გზის ყივჩაყთა თჳსთა განიზრახეს ღალატი, და განაჩინნეს კაცნი მჴნენი, რომელნიმე ჴრმლითა, რომელნიმე შუბითა, სხუანი ისრითა; და ესე არა ერთ და ორ, გინა სამ, არამედ მრავალგზის; და არაოდეს მიუშუა <<ღმერთმან კუერთხი ცოდვილთა მართალსა მას ზედა>>, არცა ოდეს <<მისცა იგი ჴელთა მეძიებელთა>> მისთასა, დაღათუ მრავალგზის დევნასა თურქთასა მარტო დაეპყრის ანუ უსაჭურველო, გარნა ყოველსა შინა ჴელი იგი ზეგარდამო ფარვიდა მდევართა მისთაგან, არამედ ყოვლადვე და ყოველსა შინა საქმესა მისსა იყო ბედნიერ და სჳან, და მადლითა აღსავსე.

ეგრეთვე ჟამსა შინა შუენიერსა და ჯეროვანსა მოუწოდა ღმერთმან შემყუარებელსა თჳსსა და მარადის მოსურნესა სამარადისოდ მეფობად წინაშე მისსა. და არღარა მიუშვა მრავალჟამ სჯად და დაჭირვად სამსხემოსა ამას კედარსა შინა მკჳდრობითა, და ჴორცთა ამათ ქუე-დამხიდველთა მიერ შეკრვად სულსა გონება-ქმნულსა, არცა განხრწნადითა გჳრგჳნითა და პორფირითა, ვითარცა სიზმრითა და ნაოცნითა, უმრავლესად მღერად, არამედ ნანდჳლ ჭეშმარიტითა და მტკიცითა, წარუდინებელითა და სამარადისოთა. სადა თჳთ იგი ბუნებით ღმერთი მეუფებს მადლით ღმერთ-ქმნილთა ზედა, მუნ აღიყვანა მის თანა მეფობად, უხრწნელითა და ბრწყინვალითა გჳრგჳნითა და პორფირითა შემკული, სადა იგი აწ მკჳდრ არს და იქცევის ნათელსა შინა ღმრთაებისასა.

რამეთუ იყო მაშინ თუე იანვარი ოცდაოთხი და დღე შაბათი, ოდეს ქრონიკონი იყო სამას ორმოცდახუთი, ხოლო წელიწადნი მისნი შობითგანნი ორმოცდაცამეტნი. [363] ხოლო მეფობდა ოცდათექუსმეტ წელ და, ვითარცა პირველმან დავით სოლომონი, ამანცა თჳსითა ჴელითა დასუა საყდართა თჳსთა ძე თჳსი დიმიტრი, სახელით ოდენ ცვალებული, მარადღე გარდამონასახი, ყოვლითურთ მსგავსი მამულთა ძირთა, და დაადგა თავსა შუენიერსა გჳრგჳნი ქვათაგან პატიოსანთა, ვიტყჳ უკუე სათნოებათა მამულთა, და შეარტყა წელთა ძლიერთა მახჳლი, ეჰა, რაბამ სჳანად ჴმარებული, და შემოსა პორფირი მკლავთა ლომებრთა და ტანსა ახოვანსა. და დაულოცა ცხოვრება წარმართებული და განგრძობა დღეთა ბედნიერობით, თაყუანისცემად მისა მეფეთა ქუეყანისათა და ყოველთა წარმართთა მონებად მისა, გამობრწყინვებად დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობა. და ესრეთ განცვალა ქუენა მოქალაქობა ზენად სუფევად, რომლისა მკჳდრნი განჴსნილ არიან შრომათაგან და ოფლთა და ზრუნვათა, და მუნ მეფობს სიმდიდრეთა მათ ზედა, რომელნი შინა წარგზავნნა, საუნჯეთა მათ მაღალთა და მპარავთაგან უშიშთა დალევნისა და მოკლებისაგან, ქალაქსა მას, რომლისა შუენიერება არა უხილავს თუალსა სხეულიანსა და რომლისა ბრწყინვალება ვერა აღვალს გულსა ჴორციელსა, ვერცა სასმენელი დაიტევს სმენილსა. რამეთუ მუნ არს შუება და სიხარული, რომელსა არა აქუს მწუხარება და სიმდიდრე, რომელსა არა შეუდგს სიგლახაკე და მხიარულება, რომელსა არა განკუეთს ურვა და მეფობა, რომელსა არა აქუს აღსასრული, და მუნ არს ცხოვრება, რომელსა არა შეამღურევს სიკუდილი.

[A-ს გადამწერის ანდერძი]

საქმენი ჴელთა ჩუენთანი წარმართენ უფალო.

ცხორება და მოქცევა ქართლისა და მოთხრობა ნათესაობისა, და თუ რომელნი რომელთა ტომთანი ვართ, ანუ თუ ვითარ მოვიქეცით და მოვღიეთ სჯული ქრისტეანობისა და ვიცანთ ღმერთი, ისმინეთ აღწერილი აბიათარისი.

ადიდენ ღმერთმან და დაამყარენ ორთავე ცხორებათა შინა პატრონნი: დედოფალთა დედოფალი ნესტან-დარეჯან, და ძე მათი მეფე ალექსანდრე და დედოფალი ანა. [364] ესენი იყუნეს უმეტეს ყოველთა ქართლისა მეფეთა და მთავართა მორწმუნენი, მაშენებელნი ეკლესიათანი. რამეთუ ალავერდი წარტყუენულ იყო წარმართთაგან, რომელ სხუათა მეფეთა ვერ ჴელ ეყო განწმედად და აღშენებად; ამათ აღაშენეს და განწმიდნეს ყოვლისაგან ღუარძლისა, აღაშენნეს ცაჲ და გუმბათი და სამჴრონი რაბამ რამე აღმატებულად და შემსგავსებულად, ვითარცა ჯერ იყო წინანდელთა ქმნულთა ნივთთა სიკეთითა და მოქმნულებისა შეუსწორებელობისა. და აღავსო სიწმიდეთა მიერ პატიოსანთა ნაწილთა წმიდათათა, წმიდათა ხატთა და სიწმიდისა სამსახურებელთა, ყოვლად დიდებულთა ყოვლითა სიკეთითა, შესწირნა მრავალნი გლეხნი სამსახურებელად წმიდისა გიორგისა და მოწესეთა მისთათჳს. შემდგომად ამათ თანა რაოდენნიმე ეკლესიანი აღაშენნეს და რაოდენნიმე წარმართთაგან შეგინებულნი ეკლესიანი განწმიდნეს სახლად ღმრთისა და წარსამართებელად მეფობისა თჳსისა.

ღმერთო და ყოველნო წმიდანო მისნო და წმიდაო გიორგი ალავერდისაო, მთავარმოწამეო, მცველ და მფარველ, მჴარსა მდგომელ და განმმარჯუებელ ექმნენით ორთა ცხორებათა შინა პატრონთა: დედოფალთა დედოფალსა ნესტან-დარეჯანს, და ძესა მათსა, ღმრთივ-გჳრგჳნოსანსა მეფესა ალექსანდრეს, და დედოფალსა ანას, რომლისა მიერ გუებრძანა პატიოსანთა ამათ წიგნთა აღწერა; დაღაცათუ ჩუენ შეუძლებელ ვიყვენით, არამედ ბრძანებათა მისთა ვერღარა ურჩ ვექმნენით. ხოლო ჩუენ ძალისაებრ, ვითარცა ძალგუედვა, ვიღუაწეთ, დაღაცათუ ნაღუაწი ესე უნდო და უშუერ არს, არამედ შენდობა იყავნ ყოველთაგან.