Jump to content

ბასილი ეზოსმოძღუარი - "ცხორებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი" (2008)

From Wikisource




ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







ბასილი ეზოსმოძღუარი - "ცხოვრებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი"




პუბლიკაციები

[edit]

2008 - "ქართლის ცხოვრება" - რ. მეტრეველის რედაქციით


ტექსტი

[edit]
ბასილი ეზოსმოძღუარი
ცხოვრებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი

დაჯდა მეფედ გიორგი, ძე დემეტრესი, დავითის შვილისა, ქრონიკონსა სამასსამოცდათხუთმეტსა. ამან დაყვნა მორჭმასა შინა ყოველნი ჟამნი და დღენი მისნი და იმეფა კეთილითა მეფობითა და [ჰ]მატა ყოველთა საყდართა, მონასტერთა და ებისკოპოსთა [წყალობასა]. ამას შვილი არა ესუა და მისთჳს მწუხარე იყო უშვილოებისათჳს. მერმე ინება ზეგარდამო მოწყალებამან ღმრთისამან, და იწყო მობერვად ნიავმან ამომან, და იშვა მათგან ქალი, ქმნილკეთილი, ყოვლითურთ უნაკლულო და შესატყჳსი. ამას დაარქუა სახელი თამარ.

გარდაჴდეს ამას შინა წელნი რაოდენნიმე, და გარდაიცვალა მეფე გიორგი. და [ე]ქმნა გლოვა და მწუხარება უზომო [ყოველთა], უფროსღა დასა თჳსსა რუსუდანს.

ესე იყო სძალყოფილი დიდთა სულტანთა შამირამე[ლთა] და დედოფალი ყოვლისა ხუარასნელთა უფლებისა, რომელი, სიქურივისათჳს თჳსადვე მამულად მოყვანებული, დედოფლად დაჯდა ქართველთად, უფროსღა დიდებად სახლისა თჳსისად და ყოვლისა ამის სამეფოსა. ამას წინაშე იყო თამარ მაშინ, ვითარცა თჳსსა მამიდასა თანა, - დითურთ თჳსით, რომელსა რუსუდანვე მოაქუნდა სახელად, - რომლისათჳს აწ დამაკლებს წინამდებარე ესე მითხრობად, თუ რაოდენ შუენიერება და თა[გ]დგმულობა ექმნა ყოველთა პირველ მისსა ყოფილთა დედოფალთა, ვიკადროთ რამე; რამეთუ ოთხმოცისა წელიწდისა დღე[თა]მან შეიყუარა მტკიცედ ქალწულება, სიწმიდე და სიკეთე დიდად სრული.

და ჩუენ პირველსავე სიტყუასა წარუძღუეთ. გლოვა იყო ნამდჳლვე ღირს, არამედ არა თავს-იდვეს წარჩინებულთა სამეფოსათა, მიმხედველთა თამარისთა. განიყარეს გლოვა და დასცეს საყჳრსა, ვითარცა ოდესმე სოლომონისთჳს, და დადგეს სჳანი ტახტი ვახტანგეთი, საყდარი დავითიანი, რომელი პირველ მთოვარისა განამზადა მეფეთ-მეფემან საბაოთ ელოიმ სამფლობელოდ ზღჳთი-ზღუამდი და მდინარითგან კიდემდი სოფლისა. აღმართეს სკიპტრა დიდებულთა, ძელი ჯუარისა და მის თანა დროშა დავითისი, არაოდეს მობერილი წინააღმდგომთაგანნიავთა. და ყოველთა ერთჴმაქმნილთა აწჳეს თამარს ჴრმალი მამული, თანა საყდრითურთ მამისა მინიჭებული.

ლიტონად-მე მიიღოა დიდმან ამან გონებამან? არა, ნუ იყოფინ! უმშუენოდ-მე შეიწყნარა იგი გჳრგჳნმან და მეფობამან? ანუ არა მაღნანტ ექმნა ყოველსა თუალსა თჳსად? ვინ ძუელი სიტყუა აქა ახლად ვიჴმაროთ: ბრმა[დ]შობილმან ბრმადვე წარვლო უმხედველომან თამარისმან. ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნობა, მორცხჳვ ხედვა, ლაღი მიმოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყჳს სინარნარე და ზრახვისა უჩუკნობა. არა ცუდად დასდვა ღმერთმან მადლად თამარს ესრეთ შემკულობა, რომლისათჳს არა უჯერო მიჩნს თქმად, ვითარმედ პირი ამისი პირველვე იქო დავითის მიერ თქმითა: რათა ლიტანიობით თაყუანის-სცემდენ მეფე[ნი] და მთავარნი, და მეძღუნეობდენ ნათესავნი.

ესრეთ იდიდა ღმერთი ყოველთა პირთაგან. იხილეს რა ჴელითა მღდელთმოძღუართათა მეფე გჳრგჳნოსანი, ქება შეასხეს ძალითა, საქებელსა ჴმითა ოხრისათა. და სთქუმცა, თუ ყოველნი ძალნიცა ზეცისანი თანაშემწე არიან სიხარულსა ქუეყანისა[ს]ა. და ესე უსაკჳრველეს მიჩნს ყოვლისამე, რომელ სხუა მჴედარი არაოდეს [ე]ხილა მისჟამისათა მა[თ]ებრ მეფედ. და ყოველნი, ვითარ გამოცდილნი სასოებითა, წინასწრობითა უძღოდ[ეს] ერთი ერთსა; და სიხარულითა სავსენი ღმერთსა ჰმადლობდეს, მეფესა აქებდეს და თავთა ჰნატრიდეს.

დაჯდა ნებითა ღმრთისათა თამარ მეფედ დასაბამითგანთა წელთა ექუსი ათას ექუსას ოთხმოცდაექუსსა, ქორონიკონსა ოთხას და სამსა, შვილი მეფეთმეფისა გიორგისი, დიდისა დავითის ძისა დემეტრეს ძისა, ცოლისაგან ბურდუხან ოვსთა მეფისა ასულისა, რომელი ჰმატდა სიკეთესა დედათასა სხჳთა ყოვლითა, გარნა თამარის დედობითა. სძალი სხუა მისებრი მაშინ არა ეხილვა ქართლისა თემსა, და შემდგომითი-შემდგომად აქონ.

ამიერითგან რაჲ ჯერ არს თამარის[თჳს] თქუმად, გარნა მონაცვალეობა ღმრთისა სამეფოჲსა და ერისათჳს? რამეთუ აღიღო გონება მაღლად და მდაბლითა სულითა განიცადა სიდიდე საქმისა, მისდა რწმუნებულისა, მია[პყრ]ა [არაარსისაგან არსად მო]მყვანებელსა თჳსსა ხედვა დაიწყო განგებად, ვითარ-იგი მობერვიდა სული: მიმოიხილა სიმახჳლითა ცნობისათა თჳსსა გარემო ყოველი და მყისსა შინა შეემეცნა ხილვითა ოდენ წრფელთა [და] დრკუთა, გულარძნილთა და უმანკოთა, ერთგულთა და ორგულთა, და სიბრძნითა [და] განგებითა პირველად ყოველთა ზედა დასხა წყალობა უხუებით, რათა ჟამთა საქმეთასა ერთნი ერთგულობით მადლიერობდენ, ხოლო მეორენი უსიტყუელ იყვნენ მიგებისათჳს სამართლისა.

ხოლო სჯულთათჳს სულითთა მეორე კოსტანტინე იქმნებოდა და მისებრვე ჰგ[უა]როვნებდა დაწყებასა საღმრთო[თ]ა საქმეთასა, რამეთუ იწყო აღლესვად ორპირსა მახჳლსა მოსასრველად თესლთა ბოროტთა და ინება, რათა იქ[მ]ნას შეყრა და გამორჩევა დიდთა მათ და მსოფლიოთა კრებათა.

პირველ აღმოუწოდა წმიდით ქალაქით იერუსალემით ნიკოლაოზს გულაბერის-ძესა, რომელსა სიმდაბლისა ძლით ეჯმნა ქართლისა კათალიკოზობისაგან. ესე რა მოიყვანა, შემოკრიბნა ყო[ვ]ელნი სამეფოსა თჳსისა მღდელთმოძღუარნი, მონაზონნი და მეუდაბნოენი, კაცნი მეცნიერნი სჯულისა საღმრთოსანი; და მოსწრაფე იყო, რათა მართლმადიდებლობასა ზედა შემოთესილნი თესლნი ბოროტნი აღმოფხურნეს სამეფოსაგან თჳსისა, რომელი-ესე ადრე განემარჯუა სასოებისა კეთილისა მქონებელსა.

ხოლო შემო-რა-კრბეს ორისავე სამთავროსა ებისკოპოსნი, რომელთა პირ[ველ]ად აქუნდა ზემო მოჴსენებული ნიკოლაოს, მსგავსი სეხნისა თჳსისა, და ანტონი ქუთათელი საღირისძე, დიდად განთქმული სათნოებათა შინა და ძლიერი საქმით და სიტყჳთ, მიეგებოდა მათ თამარ დიდითა სიმდაბლითა, ვითარცა კაცი და არა მეფე, ვითარ ანგელოზთა და არა კაცთა. შეკრიბნა ყო[ვ]ელნი ერთსა სადგურსა და დასხნა საყდრებითა, ხოლო თჳთ დაჯდა შორის მათსა მარტოდ და არა მეფობით და ესრეთ ეუბნებოდა:

„ჵი წმიდანო მამანო, თქუენ ღმრთისა მიერ განჩინებულ ხართ მოძღურად ჩუენდა და მმართებლად წმიდასა ეკლესიასა და თანა-გაც სიტყჳს მიცემა სულთათჳს ჩუენთა. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განჴადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთისმბრძოლობისა. ნუ თუალ-ახუამთ მთავართა სიმდიდრისათჳს, ნუცა გლახაკთა უდებ-ჰყოფთ სიმცირისათჳს. თქუენ სიტყჳთ, ხოლო მე საქმით; თქუენ სწავლით, ხოლო მე განსწავლით; თქუენ წურთით, ხოლო მე განწურთით ზოგად ჴელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებელად, რათა არა ზოგად ვიზღჳვნეთ: თქუენ, ვითარცა მღდელნი, ხოლო მე, ვითარცა მეფე; თქუენ, ვითარცა მნენი, ხოლო მე, ვითარცა ებგური“.

ესმნეს რა სიტყუანი ესე ყოველსა მას კრებულსა მამათასა, [ჰ]მადლობდეს ღმერთსა და თანად მეფესა ღმრთივგანბრძნობილსა. ჯდა უკუე თამარ მცირედ ჟამ შორის მათსა, მერმე მოიღო კურთხევა მათგან და წარვიდა პალატად თჳსად.

ხოლო წინამძღუართა კრებისათა ნიკოლაოს და ანტონი, რომელნი, ვითარ პირმეტყუელნი მთიებნი, უძღოდეს მომრგუალებასა ცაებრისა მის ვარსკულავთა კრებულისასა, არა ინებეს შორის მათსა ყოფად მაშინდელი იგი ქართლისა კათალიკოსი, რამეთუ წინაუკმო რამე [ე]წყო წესთაგან ეკლესიისათა და ჭყონდიდელ-მაწყუერელობა და მწიგნობართუხუცესობა მოევერაგა ჟამისაგან. არამედ ვერა განაყენეს, დაღაცათუ ფრიად იღუაწეს, რომელი ადრე თჳთ განაყენა სასჯელმან ღმრთისამან. ხოლო სხუანი ვინმე ებისკოპოსნი შეიცვალნეს და მათ წილ საღმრთონი კაცნი დასხნეს; და სხუანი საეკლესიონი წესნი განმართნეს, უდებთა მიერ დაჴსნილნი.

ხოლო აღივსებოდა რა კრება, შემოვიდეს ყო[ვ]ელნი სპასალარნი და ერისთავნი სამეფოსანი და მოაჴსენეს მამათა, რათა ზოგად იღუაწონ შემოყვანებად სიძისა თამარისთჳს, რომელი ყვესცა. და შემოკრბეს წინაშე რუსუდან დედოფლისა და განზრახვითა ყოველთათა წარავლინეს კაცი ვინმე რუსთა სამეფოდ ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობისათჳს მათ ნათესავთასა; და ესე ვერა კეთილად განაგეს, რამეთუ არცა კაცი იგი ღირსი საქმისა წარავლინეს და არცა მისსა მეცნიერ იყვნეს, რომელსა-იგი მოიყვანებდეს.

შემდგომად ჟამისა მოიწია კაცი იგი წარვლინებული და მოიყვანა კაცი დიდად გუარიანი, უდიდესი ყოველთა მათ მეფეთა მის კერძოსათა და სახითაცა არა უმარჯჳ, რომელიცა იხილეს რა, ყოველთა კაცთა სთნდა, რამეთუ არარას მეცნიერ იყვნეს ჩუეულებისათჳს მისისა.

შეკრბეს წინაშე რუსუდან დედოფლისა პატრიაქი და დიდებულნი, სპასპეტნი და ერისთავნი; და აცნობეს თამარს და აწუევდეს ქორწინებასა და ასწრაფობდეს ამის პირისათჳს.

არამედ იგი მიუგებდა, ვითარმედ: „კაცნო, ვითარ ღირს შეუტყუებელი ესე ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა საქმე: არა მჴედრობისა, არცა ბუნებისა და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადოთ ყოველთა სიკეთე, გინა სიდრკუე მისი“.

ხოლო იგინი წინა-აღუდგებოდეს, უშვილოებასა მოაჴსენებდეს სახლისა მისისასა [და] უნაყოფოებასა; დრტჳნვიდეს, წინამძღუარსა სპათასა ითხოვდეს და ყოვლითურთ შეაიწრებდეს სულსა მისსა; და ირემსა ემსგავსებოდეს სახისა ოდენ მიხედვითა, პილოთაებრ არა განიხილვიდეს მისაყრდნობელსა და ყოვლითურთ შეაიწრებდეს სულსა მისსა და ესეოდენ მძიმესა საქმესა სუბუქად შეეხებოდეს.

რასაღა [მრავალსა ვიტყოდით?] შემდგომად მრავლისა ცილობისა თჳნიერ ნებისა მისისა ყვეს ქორწილი და მრავალ ჟამ იყვნეს განცხრომასა შინა, მსგავსად საქმისასა.

არამრავალთა დღეთა შემდგომად მიიღო აღსასრული სიტყუამან თამარისმან, და გამოაჩნდებოდეს რუსსა სკჳთურნი, ვითარ ნაღებ[ნი] ბუნებითნი. და სიმთრვალეთა შინა საძაგელთა უწესოებად იწყო მრავალთა, რომელთათჳს ნამეტნავ არს წერად, რათა არა სიგრძედ მიიწიოს სიტყუა.

ორისა და ნახევრისა წელთა, ვითარ გურდემლი, მოითმენდა მჴნე თამარ უკეთურებათა რუსისათა, გარნა სხუა ვერღარავინ მოითმენდა. და იწყეს ჭრტინვად, არამედ ცილობათა მათთჳს პირველთა [ჰ]რცხუენოდა ყოველთა თამარისგან.

ხოლო ბრძენმან თამარ იძია მრავალი ღონე განკურნებისა მისისა და უბრძანა სარწმუნოთა მონაზონთა პირითა მრავალ გზის, დაღათუ ყო[ვ]ლად არა სარგებელ ეყო რუსსა. ამისთჳსცა თჳთ პირისპირ იწყო მხილებად მისდა; არამედ უფროს განძჳნდებოდა რუსი, ვითარცა ღმრთისაგან საფარველმოძურცილი, ვითარ იტყჳს წერილი: ვკურნებდით ბაბილონს და არა იკურნებოდა. არა თუ ოდენ არა შეიგონა, არამედ უძჳრესთა მიმართ იწყო; და შერაცხილნიცა კაცნი უბრალოდ გუემნა და ასოთა აღმოგდებითა ტანჯნა.

შეუძნდა ესე ყო[ვ]ელი თამარსცა და წინაშე ყოველთასა ესრეთ თქუა: „დაღათუ საღმრთოსა სჯულისა მიერ სწავლულ ვარ მე არა განშორებად პირველსა საწოლსა, არამედ რომელმან არა დაიცვას საწოლი თჳსი წმიდად, არა ჯერ არს მის თანა დათმენა, რამეთუ შემაგინებელ არს ტაძრისა ღმრთისა. და მე არა მიძლავს აჩრდილისა მრუდისა ხისასა განმართვად; და უბრალოდ განვიყრი მტუერსაცა, რომელი აღმეკრა შენ მიერ“.

ესე თქუა და აღდგა და დაუტევა იგი. ხოლო რუსუდან დედოფალმან და ყოველთა მთავართა საწყალობელად განაძეს იგი; და არა ეგეოდენ უბადრუკი მეფობისაგან დამჴობითა, რაოდენ შუენიერებისაგან თამარისა დაკლებითა.

კუალად იწყეს ურვად ყოველთა, რამეთუ თამარს ხედვიდეს უშვილოდ და მარტოსა მკჳდრად სახლისა თვსისა

იყო უკუე შვილი ოვსთა მეფისა, გაზრდილი რუსუდან დედოფლისა, ყრმა ფრიად შუენიერი ასაკითა, ვითარცა შუენის მეფეთა შვილსა; სხჳთა კულა ზრდილობითა კეთილად წურთილი, მჴნე და მჴედარი ძლიერი, რაინდობითა უსწორო, მშჳლდოსნობითა შემმართებელი, ტანითა ახოვანი და ყოვლითურთ სრული სიკეთითა. ამისი ინებეს ყოველთა შეერთება თამარისი და საქმე ღმერთსა მიანდვეს. თამარცა მიემორჩილა ნებასა მათსა მეცნიერებისათჳს ყრმისა. არღარა ყოვნეს, არამედ შეიყარნეს დიდუბეს, და შერთეს დავით თამარს.

შემოვიდეს ტფილისად, დასხდეს ტახტსა ბედნიერსა ორნი მნათობნი, ორნი მზენი, ორნი განმანათლებელნი. განიხარა დიდითგან მცირედმდე ყოველმან ერმან, და ნიშანნი ცხორებისანი მაშინვე იხილვებოდეს მათ ზედა: იყვნეს ლაშქრობანი გამარჯუებულნი ზემოთ და ქუემოთ, და არასადათ ვინ ჩნდა წინააღმდგომი.

მოკუდა ქართლისა კათალიკოსი, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ქართველი, მირიანის ძე მიქაელ, რომელსა აქუნდა სამთავისიცა; და არავინ შეწუხნა მისთჳს, არცა დიდი, არცა მცირე, რამეთუ ყოველნი სძულობდეს.

მოკუდა ამი[რ]სპასალარი გამრეკელი და ესე ყო[ვ]ელთა იგლოეს

ამას ჟამსა მცირედ რამე აღიძრნეს იმერელ-სუანნი მსგავსად ჩუეულობისა ურჯუკობისა და რუსი მოიყვანეს, რეცა კუალად განსამეფებლად. ეუბნებოდეს მესხთაცა მირთვასა, რომელი ვერა უძლეს, არამედ უფროსღა შეიმტერნეს. გააქცივნეს, და წავიდეს სირცხჳლეულნი, რამეთუ ღმერთი თამარისთჳს მოურნეობდა.

ხოლო თამარ ევედრებოდა ღმერთსა და იგონებდა, თუ ვის მიანდოს დავით და სპა თჳსი და განსაგებელი სახლისა თჳსისა, რომლისათჳსცა არა არცხჳნა ღმერთმან, არამედ აღავსო სიბრძნითა და მეცნიერებითა. და მიმოიხილა ყოველთა ზედა სამეფოსა თჳსისა მთავართა, და განიცადა თუალითა გონებისათა, მიანდო ღმერთსა საქმე. მოიყვანა ანტონი გლონისთავისძე გარეჯით, რომელი პირველ ჭყონდიდელ იყო; და მიქაელ კათალიკოსმან მას მისტაცა მოძმაცვით ვიეთმე მეფისა განმზრახთათა; ესე მოიყვანეს, ნამდჳლვე კაცი ღირსი ქებისა, ჭეშმარიტი ქრისტიანე, მართალი, წრფელი, უმანკო, სახიერი, მოწყალე ყოველთა, ტკბილი, მდაბალი, პატრონისა ერთგული უზომოდ; ეკლესიათა და მონასტერთათჳს რადღა საჴმარ არს თქუმად? თჳთ წამებენ ქმნილნი მისნი ყოველგან, ვითარცა მღჳმესა და კლარჯეთს თჳთ მის მიერ ქმნილსა მონასტერსა და ყოველთა ადგილთა. ესე დასუეს ვაზირად, მისცეს ჭყონდიდი, სამთავისი, კისისჴევი და მწიგნობართუხუცესობა, რამეთუ მართალსა უკუეთუ უბრკუმეს, არავე დაეცეს.

იწყეს განზრახვათა კეთილთა სამეფოსათჳს და ერისა უმჯობესთა. მოიყვანეს სარგის ამი[რ]სპასალარისა მჴარგრძელისა ორნი ძენი: ზაქარია და ივანე, კაცნი ბრძენნი, მჴნენი, ბრძოლათა შინა დიდად გამოცდილნი და გუარეულადცა ერთგულნი მეფეთანი, ამისთჳს დიდად შეყუარებულნი თჳთ თამარის პაპთა და მამათაგანცა. ამათ მიხედნა თამარ და ესეცა ღმერთსა მიანდო და შეიწყალნა. და ზაქარიას უბოძა ამი[რ]სპასალარობა და უმცროსსა დღითა, ივანეს, მსახურთუხუცესობა. ესე კაცნი ღირსნი იყვნეს კაცობისანი: დაღაცათუ სჯულითა სომეხნი იყვნეს, გარნა ყოვლითურთ მართ[ლ]მადიდებლობისა მოსავნი. ესე ივანე წერილთა ზედამიწევნითა სწავლული იყო, რომლისათჳსცა გულისჴმა-ყო სიმრუდე სჯულისა სომეხთასა, ნათელ-იღო და იქმნა ჭეშმარიტ ქრისტიანე.

და შემდგომად ამისა მოიყვანეს ჭიაბერი, კაცი ესეცა მართალი და ერთგული, და მისცეს მანდატურთუხუცესობა. და დღითი-დღე წარემატებოდეს საქმენი თამარისნი უმჯობესად და უკეთესად ბრძნად და მართლად განგებისათჳს.

ამიერითგან განგება ღირს, რომელმან შეუძლოს აღწერასა მიცემად წარმართებანი თამარის საქმეთანი; რამეთუ ვითარ თმანი თავისანი თჳთეულად ვერავინ აღრიცხუნეს, ეგრეთვე ვერცავინ ესენი აღწერნეს; და რომელთაცა ოდენ შეუძლო[ნ], საეჭუელ მიჩნს მომავალთაგან შემდგომად დარწმუნებად. გარნა ლომი ბრჭალთაგან საცნაურ არს, და თამარ - საქმეთაგან: ვის უნდეს ცნობად, იხილნეს ქალაქნი, ციხენი და თემნი სულტანთა სასხდომნი, მისგან ახმულნი; მზღუარნი, რომელნი მას დახუდეს, გარეთ მისსა სამეფოსა ორად განფართებულნი, და ამისგან ცნას მეძიებელმან საქმეთამან; მერმე ცნას ერაყამდის ქუემოთ მისგან დადებული ხარაჯა და ბაღდადის კერძ მარღამდის; და თჳთ იგი ხალიფა, შეშინებული და მოაჯე, კმა არს ქუე-ჯდომით მოქმედისაგან.

ითქუმოდენ წერილისა: მოაკლდ[ა] ძალი ბაბილოვნისა და აღაშენა მთა ე[რმონ]ისა, განქარდა კუამლი სუბაკთა და განძლიერდეს ბჭენი სი[ონ]ისანი.

ესევითართა წყალობათა შინა ღმრთისათა იშუებდა ერი ქრისტიანეთა, გარნა წუხდეს და იურვოდეს უნაყოფოებისათჳს თამარისა. არამედ ღმერთმან, რომელმან მოხედნა პირველ მანოეს და აბრამს, და მდედრთაცა - ანნას და ელისაბედს, არა ყოვნა არცა აქა; რამეთუ შემდგომად მცირედისა ჟამისა დაორსულდა თამარ. და ცნეს რა ესე ყოველთა, იწყეს ლიტანიობით ღმრთისა ვედრება მარხვითა, ლოცვითა და ცრემლითა, რათა მისცეს ღმერთმან შვილი წული; რომელი-ესე იქმნაცა, და შვა შვილი, ყოვლითურთ მსგავსი პაპისა; და დაარქუეს სახელი გიორგი, და განიხარეს ყოველთა სიხარულითა მიუთხრობელითა. და შემდგომად წელიწდისა კუალად დაორსულდა და შვა ასული, თჳსი შემსგავსებული, რუსუდან, რომლისათჳს კუალად უფროსი სიხარული შეიქმნა ყოველთა ზედა.

და უმეტეს გარდაემატა ბედნიერობით ქუეყანა ყოვლითა კეთილითა და განმარჯუებითა ლაშქართათა. იწყეს ყოველგნით რბევად სპარსეთისა; და იქმნებოდეს განმარჯუებანი საკჳრველნი: ციხეთა მქონებელნი ბრძანებითა ოდენ დასცლიდეს, ტყჳსა და ალაფისაგან აღივსო ყოველი კაცი, ხოლო დაშთომილნი მათნი, ვითარცა მელნი, იმალვოდეს და, ვითარცა მთხუნველნი, ძურებოდეს მიწათა შინა.

შეიწრდეს ყოვლით კერძონი სპარსნი და უღონოებამან მოიცვნა; და მხოლოდ ერთიღა სასოება ცხორებისა მოიპოეს, ესე იგი არს, სიკუდილითა ჴსნა თავისა. ამისთჳსცა შეკრბეს ყოვლით კერძო შეთქმულებითა, შეიღებნეს სამოსელნი და პირნი და მივიდეს წინაშე ხალიფასა, აუწყეს თჳსი ჭირი და აწუევდეს, რათა უბრძანოს ყოველსა სპარსეთსა შეწევნად მათდა; რომელი-ესე ყო ხალიფა: განახუნა ძუელნი საგანძურნი და იდუმალ წარავლინა კაცი ყოველსა შინა სპარსეთსა, მისცა ოქრო აურაცხელი, რათა შეკრიბონ ყოვლით კერძოთ ლაშქარი ურიცხჳ და მისცა ბრძანება, რათა რომლისაცა სამთავროსაგან სპარსთასა არა წამოვიდენ, თჳთ მათ ზედა მისლვითა იავარ-ყვნენ. ესე ესრეთცა იქმნა: იწყეს ამოღმართ რომგჳროს და ინდოეთისა და ქუემოთ სამარყანამდი [და] დარუბანდამდი. შეკრბა ესეოდენ[ი], ვიდრემდის არცა რიცხჳ იცოდეს და ვერცა ერთსა თემსა დაეტეოდეს. შეკრბეს ადარბადაგანს და მაშინღა გაამჟღავნეს წაკიდება თჳსი.

ესმა ესე ყოველი თამარს და მოუწოდა ყოველთა ვაზირთა თჳსთა და შეიქ[მ]ნა გამორჩევა. უბრძანა ჭყონდიდელსა ანტონის არა ავითა გულითა, არცა დედაკაცურითა სიტყჳთა, არამედ ესრეთ: „ისწრაფეთ დაწერად და მიმოდადევით ბრძანება, რათა მსწრაფლ შემოკრბეს მჴედრობა. და კუალად მიუმცენით ყოველთა ეკლესიათა და მონასტერთა, რათა დაუცადებელნი ღამისთევანი და ლიტანიობანი აღესრულებოდიან ყოველსა ადგილსა, და წარგზავნეთ ფრიადი საფასე და საჴმარი გლახაკთათჳს, რათა მოიცალონ ლოცვად და მოწყალე ყონ ღმერთი, ნუსადა თქუან წარმართთა: „სადა არს ღმერთი იგი მათი?“

ესე უბრძანა და ბრძანება საქმე იყო; და ათსა შინა დღესა, ვითარცა გროი შავარდენთა, მოფრინდა ყო[ვ]ელი მჴედარი, ყოვლით კერძო, სავსენი სიხარულითა, რომელნი ძლით იპყრობოდეს თავთა შინა. შეკრბეს სომხითს შინა. და მივიდა თამარ, იხილნა; დაყვეს მცირედნი დღენი მათცა ლოცვისათჳს, მერმე რქუა მათ:

„ძმანო ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი სიმრავლისა მათისათჳს და სიმცირისა თქუენისა, რამეთუ ღმერთი ჩუენ თანა არს. გასმია გედეონისთჳს სამასნი და სიმრავლე ურიცხჳ მადიამელთა, მათ მიერ მოწყუედილი, კუალად ასურასტანელთა ბანაკი ლოცვითა ეზეკიასითა წამსა შინა ანგელოზისა მიერ დაცემული? მხოლოდ ღმერთსა ოდენ მიენდვენით და გულნი თქუენნი სიმართლით იპყრენით წინაშე მისსა და სასოება ყოველი ჯუარისა მიმართ ქრისტესისა იყავნ. შეისწრაფეთ ქუეყანად მათად შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა, და ძალითა უძლეველითა ჯუარისათა წარემართენით“.

ულოცა მათ და შეავედრნა ღმერთსა, წარუძღუანა ძელი ცხორებისა და თანა წარატანა ანტონი ჭყონდიდელი. ხოლო თჳთ წარიჴადნა სამოსელნი ფერჴთანი, და ფერჴივ შიშულითა ფერჴითა მიიწია ტაძარსა ღმრთისმშობელისასა მეტეხთა, და წინაშე ხატსა მას წმიდასა მდებარე არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად, ვიდრემდის სრულ-ყო ღმერთმან სათხოელი მისი.

რამეთუ შემდგომად მცირედთა დღეთა მოიწია სარგის მჴარგრძელი თმოგუელი და მოართუა სახარება ლაშქართა განმარჯუებისა და ყოვლითურთ უნაკლულოება მჴედრებისა.

არამედ აწ ჯერ-არს მოჴსენებად, თუ ვითარი შეწევნა მოიღეს თამარის ცრემლთაგან სპათა ჩუენთა: შევიდეს უკუე ქუეყანად მათდა, და იხილნეს განძას და შამქორს საშუალ მდგომნი, რომელნი სიმრავლით უმეტეს იყვნეს რიცხუსა, ვითარცა მკალნი. მყის გარდავიდეს ცხენთაგან ყოველნი, თაყუანის-სცეს ღმერთსა და წმიდასა ჯუარსა ევედრნეს ცრემლითა; და ვითარ არწივთა მიმართეს, და ვითარ ვეფხნი ეკუეთნეს. და პირველსავე წყობასა ათკეცი რაზმი მათი დაჴსნეს და შესდვეს მახჳლი მათი და ძალი ღმრთისა; და ვითარცა თაგუთა მოსრვიდეს, და ვითარცა ქათამთა იპყრობდეს დიდთა მათ ამირათა მათთა: ბაღდადელთა და მუსულელთა, ავრიელთა და ერაყელთა და ადარბადაგანელთა და ერანელთა და სხუათა მრავალთა ადგილთასა, რომელნი ნიჯ[ა]დად ჰყვეს, - ვითარ ვთქუა, ინდოეთითგან მზარეულნი - წუერთა ზიდვით მოიყვანებდეს წინაშე დავით მეფისა. და იხილვებოდა დიდი საკჳრველი და გარდამატებული შეწევნა ღმრთისა, რამეთუ თჳთ მოიღებდეს საქონელთა მათთა და თჳთ მოასხმიდეს აქლემთა და ჯორთა კიდებულთა, და თჳთ იყვნეს მსახურ იავარისა მათისა და ნატყუენავისა.

ხოლო ათაბაგმან ბუბაქარ აქო თჳსი ონე და ღონიერება, რამეთუ მიწევნულმან ჴნარცუსა სადმე მცირესა მიწასა შინა დაფლა თავი თჳსი.

ესრეთ მოწყალებათაგან ღმრთისათა აღვსებულნი მიიწივნეს განძად; და გამოეგებნეს მოქალაქენი, თავთა თჳსთა მშჳდობა ითხოეს და ქალაქი ნებსით შესწირეს. შეიყვანეს დავით დარბაზსა შინა, ტახტსა სასულტნოსა ზედა დასუეს, ფანჯანობათსა სასულტნოსა უკრეს, და ღორის ჴორცითა დიდად ძალი პურობა გარდაიჴადეს. ყოველთა მის წინაშე განძელთა დიდი ძღუენი და ხარაჯა შესწირეს, გაჴსნეს საჭურჭლენი მათნი და მრავალი ტურფა ფიალ-ჯამი და ფეშხუნები სხჳსა თანა განძისა მრავლისა წარმოიღეს. და გარეგან ქალაქისა დაიბანაკეს მცირედთა დღეთა, რამეთუ ეძიებდეს ათაბაგსა და ვერა პოეს. ეგრეთვე შამქორელთა ითხოეს მშჳდობა და მონება.

აქა ვერა კეთილად განაგეს ზაქარია და ივანე, და ესე ოდენ იქმნა დაკლება ამას განმარჯუებასა შინა: იყო ვინმე კაცი სპარსი, შარვანშეთ სიძე, სახელით მირმირან. ესე შემოხუეწით იყო წინაშე თამარისა სათხოელისა რომლისათჳსმე და მაშინ დავითს წინაშე სამსახურად. ამან მირმირან გამოითხოა განძა ცნობადმდე თამარისა და მისცეს შესანახავად.

რაჟამს ბუბაქარ ცნა ჩუენთა ლაშქართა შინა მოსვლა, გამოჩნდა; და განძელთა ქალაქი მასვე მისცეს, თუცა მირმირან შიშითა ცოცხალი გამოუშუეს, ვითარცა ვთქუ.

მცირენი რა დღენი გარდაჴდეს, წარმოემართნეს ლაშქარნი დიდად მოხარულნი ულიმპიანსა ამას ზედა ძლევასა, ფრიად უაღრესსა საქებელისა მისგან ძლევისა, რომელი ყო ალექსანდროს დარიოსს ზედა.

ვითარცა მიეახლნეს, მოეგებოდა მათ თამარცა, რამეთუ მისრულ იყო სარგის თმოგუელი მახ[არ]ობელად. იხარებდა და მადლობდა ღმერთსა, მოიკითხვიდა თჳთეულსა, ვითარცა შვილთა, და იშუებდეს იგინი ხილვითა მისითა.

აღივსნეს ყო[ვ]ელნი ველნი გარემო ტფილისისა და ვერღარა იტევდა კაცსა, ცხენსა, ჯორსა და აქლემსა. და ესეოდენ მოსაწყინელიცა იყო სიმრავლე იგი ტყუეთა, ვიდრემდის შეიყვანიან ქალაქად და ერთად კუტლად ფუკისად გაყიდიან. და ამისი მოწამე თჳთ იგი ღმერთი უტყუელი არს, და რათა არა ტყუილი ვისმე და ზღაპარი გიჩნდეს თქმულნი ესე მომავალთა ჟამთა.

ნამდჳლვე ერმიონთასა უსახელოვანესთა მათ კაცთა, ზაქარია და ივანე, აიღეს ფანჯიაქი სამეფოდ და განაწყვეს ველსა დიდუბისასა ავჭალამდე აქლემი ყუელა ტჳრთითა, ცხენი ყუელა შეკაზმული, ეგრეთვე ყოველნი იგი ამირანი თჳს-თჳსითა დროშითა: პირველად ხალიფას დროშა, მერმე ათაბაგისა, შემდგომი - შემდგომად; გააწყუეს კარითგან ქალაქისათა ჴევამდე გლდანისა ტყუე ყოველი. განიყვანეს თამარ და შესწირეს, და ათაყუანნეს ყოველნი იგი თავნი სპარსეთისანი. მერმე თჳთცა თაყუანის-სცეს და მიულოცეს ბედნიერი მეფობა ღმრთისამიერი.

ამისსა შემდგომად შევიდეს ქალაქად, და თჳთეულმან იწყო ძღუენთა მოღებად: ოქროსა და სამკაულისა და ჭურჭელთა მისთა, თუალთა პატიოსანთა და მარგალიტთა უსასყიდლოთა, ჯაჭუთა, მუზარადთა, ჴრმალთა ამათ გამოცდილთა, ნაქსოვთა ფერად-ფერადთა, ოქროქსოვილთა და შესამოსელთა მრავალსასყიდლოანთა, ცხენთა და ჯორთა; მანიაკთა ოქროსათა თუალიან-მარგალიტიანთა, სულნელთა მრავალფერთა და ალვისა ხეთა ს[აპალნ]ებითა ტჳრთულად იწყე[ს] ანაკოფის ციხით ვიდრე ციხედმდე გულისტანისა. სეფენი აზნაურთანი აღივსნეს ტყჳთა რჩეულითა, და ყოველნი საგანძურნი ოქროთა, ვითარცა მიწ[ი]თა, და ინდოურთა ქვათა და პატიოსანთა მარგალიტთა მიერ ურიცხუთა.

გარნა ამას ყოველსა ზედა აღზუავნა გული თამარისი, განლაღნა ერთგზისცა წარბ[თ]ა აღებითა? არა, ნუ იყოფინ! არამედ უფროსად დამდაბლდებოდა წინაშე ღმრთისა მმადლობელი და მოქენე მისგან წყალობისა, აღავსებდა ჴელსა მოქენეთასა და წიაღებსა გლახა[კ]თასა, განამდიდრებდა სამზრუნველოთა, ეკლესიათა, ქურივთა და ობოლთა და დავრდომილთა ზოგად ყოველთა ზედა ღმრთისა ჴელობად მიუპყრობდა მასვე ძღუნად, რომელმან არწმუნა განგებად და მასვე მიუზღვიდა, რომელი მისცემდა მდიდართაგან და მოუკლებელთა წიაღთა. ძუელთა აუმსგავსოებდა თჳსთა საქმეთა ზედა, ახალთა წარჴდებოდა, ვითარცა უახლესთა მოქმედი. ვინა ზემოვე თქუა, არამედ ჩუენ ვიტყოდეთ წერილისასა: იყო სიმტკიცე ქუეყანასა ჩუენსა და მშჳდობა თავსა მთათასა.

არა ოდენ ქუეყანა[სა] იავარსა განადიდებდა თამარ; არამედ სარწმუნოება განმტკიცნებოდა, წმიდანი ეკლესიანი შეიმკობოდეს მრავალფერთა მიერ სამკაულთა, ლოცვანი და ღამისთევანი განმრავლდებოდეს, უფროსღა თჳთ პალატსა შინა წმიდათა საიდუმლოთა სრულყოფანი მიმდემნი. და რასა მრავალსა ვიტყოდი? წყალობა ღმრთისა განმრავლდებოდა და ყოველი სიბოროტე ეშმაკისა მოუძლურდებოდა.

ყოველნი თჳს-თჳს იღუწიდეს, რათამცა თამარ მოიმადლეს და ვინაცა გამოაჩინნეს საქმეთა შინა საქებელთა. მონაპირენი რომელნი იყვნეს, ღამეთა დღეთავე ზედა დართვიდეს შეუსუენებელად; და რომელნი შიგნით იყვნეს, იგინი სანაპიროთა იაჯდეს. და ესევითარმან გულსმოდგინებამან და მოსწრაფებამან ყოველთამან ესევითართა მიაწია სამეფო.

რამეთუ პირველ ქუემოთი სანაპიროი გაგი იყო, რომელნი ჰქონდა ზაქარიას მჴარგრძელსავე, ვარამის მამასა; და ესენი მუნ მონაპირობდეს, კაცნი მჴნენი, ბრძოლასა შინა მრავალგზის გამოცდილნი და განმარჯუებულნი და შიშითა ღმრთისათა და პატრონისა ერთგულობითა დიდად საქებელნი.

ამოღმართ ძორაკერტი იყო და ტაშირი, სადათ ზაქარია და ივანე დაიწყეს პირველად ბრძოლა ლომურად ზემოთ და ქუემოთ და ყოველსა ადგილსა, და ზემოთ ჯავახეთი, სადა სარგის მჴარგრძელივე თმოგუელი და შალვა თორელი მონაპირობდეს.

ზედათ არტანი, სადა მესხნი მონაპირობდეს, რომელთა შორის იყო ყუარყუარა, სამცხისა სპასალარი, ჯაყელი, კაცი დიდად გამარჯუებული და ერთგული მეფეთა.

შავშეთით სპერით კერძო ფანასკერტი იყო. ამის შავშეთისა ღადოთა შინა გამოჩნდა ვინმე კაცი ასპაანისძე, გუარითა არა უაზნო და ქცევითა და არცა, ღმერთო, უბედო. ამას ზაქარია ერქუა სახელი. არცა სახელსა არცხჳნა, არცა პატრონისა წყალობა აუქმა [თავსა] თჳსსა ზედა, გარნა საქებელთა ზედა შერთო თავი. მარტოდ იქმოდა მრავალთა და დიდთა საქმეთა: აიღო ბანა, ხახული და სხუანი მრავალნი სახელოვანნი ციხენი და ადგილნი.

ქუემოთ ნაპირის კერძ გრიგოლის ძენი, და უფროსღა ტბელი, და მაჴატლის ძენი მონაპირობდეს, რომელთა შიშითა განძას და ბარდავს ყრმა მცირე ვერ აუტირდებოდა დედასა, და ვერცა თურქნი იორის პირსა და მტკურის პირსა საძოვარსა აწყენდეს.

ესე ყოველი რა გესმოდის, ნუ ვინ ესრეთ ჰგონებთ, თუმცა თჳნიერ თამარისა რამე ქმნილ იყო ვისგანცა, არამედ ესრეთ განიგონე: მონაპირეთა მონახიან სა[დ]მე ანუ ციხე ასაღებელი, ანუ თურქმანი შემოდგომილი, ანუ ქალაქი განსატეხელი, ანუ ქუეყანა მოსარბეველი, მოაჴსენიან თამარს, და მან გასინჯის საქმე იგი და გამოიკითხის; უკუეთუ ღირს იყვის შეყრასა ლაშქართასა, უბრძანის ზაქარიას და ივანეს და შეყარნიან ლაშქარნი; თჳთ დავით მეფე წავიდის და არა სადათ შემოქცეული ცუდად. უკეთუ უმცირესი რამე იყვის, მყის შესხნის დარბაისერნი თჳსნი და ვითარ შავარდენთა მოისაქმიან. თუ თჳთ იყვის, ანუ მინდორ[თა] ნადირობასა შინა, ანუ შინა მყოფსა ესმის რამე, და შესხნის მუნ ღირსნი მისნი. ვითარ არწივთა კაკაბნი, ეგრეთ და[აბნი]ნიან ყოველნი წინააღმდგომნი.

არცა თჳთ უქმობდა და არცა თჳსთა ყმათა აუქმებდა, ვითარ-იგი იტყჳს ვინმე ჟამთააღმწერელი ალექსანდრესთჳს. და ამან სარწმუნო ყოს სიტყუა ესე: რამეთუ დიდად სახელგანთქმულისა ქალაქისა ტფილისისა შემოსავალი წელიწდისა მასვე და ერთსა წელიწადსა არა ეყვის გასაცემრად მახარობელთა ზედა. მრავალგზის ერთსა და მასვე დღესა სამნი და ოთხნი მოვიდიან მახარობელად. და, თუ ვითარ, ისმინე: ქმნიან რამე ერთი საქმე და წარმოავლინიან ამბავი გამარჯუებისა; და მას დღე მას არა დასჯერდიან და კუალად სხუა რამე წარუმართის ღმერთმან, და სხუაცა მახარობელი წარმოგზავნიან. და სხუანი ესევითარნი აურაცხელ არიან, რამეთუ ზემონი სხუათა იქმოდიან, ხოლო ქუემონი სხუათა; და ერთსა შინა დღესა მოიწიის მრავალი ამბავი და მახარობელი, რომელთა ნამეტნავ არს და შეუძლებელ აღწერა; ესე ღმერთმან უწყის თჳთ.

ამას ყოველსა დაუშრომელად რა მოქმედებდა, არა თჳსისა ქონებისა მოქენე იყო და არცა სამეფოდ იმჭირვიდა ესეოდენთა ქალაქთა და ციხეთა, არამედ თჳთ მათვე მისცემდა, რომელთა აუცალოებდა - თჳსთა ლაშქართა; ვითარ წამებს დიდი და სახელგანთქმული სახლი სომეხთა მეფეთა ანისი, რომელი წარუღო სპარსთა შანშეობისა თანა მრავალ ჟამ მათგან ქონებული, ხოლო სპარსთა - სახლი სახელოვანი დვინი. და ამათ ორთა პირთათჳს იქმოდა: პირველად, რათა მარადის გული უთქუმიდეს და შური აიღონ ერთმანერთისა წარმართთა შეძინებისათჳს თჳსისა; და მეორედ, რათა მოუკუეთოს ყოველი მიზეზი, რომელი დაჴსნის ერთგულობასა.

და კუალად ამისთჳს არა უდებებდა, რათა არა მოცლილთა განსუენება[დ და] სიჩუკნედ განსცენ თავი და სხუათა განზრახვათა დამოეკიდნენ, ვითარცა სიმდიდრითა ალაღებულთა, ანუ ერთი-ერთისა მტერობად მოიცლიდე[ნ] და ბრძოლად, ვითარ ყვესცა ვიეთმე დაწყებასავე ამისსა მეფობისასა მისვე დრკუსა ძირისა ნაყოფთა ლიპარიტეთთა, შვილთა კახაბერ[ის]თა; რამეთუ იწყეს ძმაცუად და ბრძოლად მახლობელთა თჳსთა, რომელთა არცა მხილებულთა შეიგონეს, არცა წყალობათაგან თამარისთა შეიკდიმეს; არამედ ძუელად მათთჳს დაწერილ[ნ]ი კუალად განახლდეს, და კუდსა ძაღლისასა, გინა კუთხსა ფლასისასა ემსგავსებოდეს. და ქმნესცა დიდი ბოროტი და ორნი ძმანი ანტონი ჭყონდიდელისანი დაჴოცნეს, და ამით შეაწუხეს მართალი იგი და განარისხეს თავთა თჳსთა ზედა ღმერთი და თამარ; რამეთუ ჭალასა მდგომმან მოუწოდა ხუთთავე, და სიბრძნითა თჳსითა შეიპყრნა და თჳთო თჳთოსა ციხესა შესუა, რათამცა განიწუართნეს; არამედ იგინი იგივე იყვნეს, ამისთჳს ექსორია-ყვნა მაკედონიას საბერძნეთისასა და მუნ მოსწყდეს ყივჩაყთა მიერ კარგნი ჭაბუკნი ბრძოლასა შინა, ვითარცა გუესმა.

ამისთჳს არავის მისცემდა მოცალეობასა: ანუ იყვნიან წინაშე მისსა, ახარებდის და საბოძვართა ღირსებისაებრ სწყალობდის და განუსუენებდის; ანუ თჳთ წარუძღჳს, იორის პირი და მტკურის პირი მოინადირის. მერმე დასოს შემოდგის და მუნ იხარებდიან, ვიდრემდის თოვლმან არა დაამძიმის კარავი. მუნით სომხითს შემოვიდიან, ნადირობდიან ამოთა თამაშითა. და ამას შინა თუ რამე სადით ესმის, ანუ ნახიან, ყო[ვ]ლად არა მომედგრდებოდეს განსუენებისა ძლით, არცა რას დააცადებდეს, რომელიცა-რა წინააღმდგომი ცნიან სამეფოსა და თამარისი.

აივსებოდა ნილოსი და იე...

ხოლო ესევითარი ნიჭი და პატივი მიმადლა მის მიერ შეყუარებულმან ღმერთმან თამარს, გარნა არცა ესე უდებ იქმნა მოქმედებად საქმეთა სათნოთა ღმრთისათა. ამისთჳს ჴელ-ყო აღშენებად საყოფელსა განმამარჯუებელისა თჳსისა ზეშთა კურთხეულისა ვარძიისა ღმრთისმშობელისასა ზემო ვარძიი[სა] ქუემო ვარძიით მიცვალებითა, რომელიცა კლდისაგან გამოეკუეთა თჳთ პატიოსანი ეკლესია და მონაზონთა საყოფელი სენაკები, რომელი მტერთაგანცა შეუალ და უბრძოლელ ყო. ხოლო ესე ვარძია პირველად დაეწყო სანატრელსა მამასა მისსა გიორგის, გარნა ვერ სრულ ექმნა და დაეტევა, რომელ დიდმან ამან აღასრულა და შეამკო ყოვლითურთ. და შესწირნა მრავალნი და დიდროანნი სოფლებნი და შეუმზადა ტრაპეზისა შემოსავალნი და სხუანი შემკობილებანი, რომელ ყოვლისავე მითხრობაჲ ძნელ არს. და თუ ვისმე ნებავს, იხილენ ვარძია და საქმენი მისნი, ნაშენებნი და ქუაბნი გამოკუეთილნი, ვითარ მეფემან თამარ გულს-იდგინა მსახურებად უბიწოსა და განსაკრთომელ[თა] სასწაულთა მოქმედისა ვარძიისა ღმრთისმშობელისა. ამისთჳს უმეტეს იდიდა მეფობაჲ მისი.

ხოლო სხუანი საქმენი ამის მეფისა თამარისნი, - აღშენებანი და შეწირვანი მონასტერთანი ისმინენით. არა ხოლო თუ ოდენ საქართველოსა მონასტერნი აღაშენნა და შეამკო, არამედ პალესტინეს, იერუსალიმს აღაშენა პირველად მონასტერი; კუალად კჳპრეს ღალია შეამკო და უყიდნა შესავალნი და აღაშენა მონასტერი და შეამკო ყოვლითა წესითა პატიოსნისა მონასტრისათა. და კუალად კოსტანტინეპოლის აღუშენნა მეტოქნი მათნი. გრძელ სადმე არს ყოვლისა მოთხრობილობა, რომელნი საბერძნეთს და ყოველსა ელადასშინანი მონასტერნი უხუად წყალობამიფენილ-ყვნა; და საქართველოსანი მცირითგან მონასტერით საყდარ-ეკლესიანი არა დაუტევა, რომელ არა წყალობითა აღავსო; ესრეთ კეთილად აღეპყრა გონება საუკუნეთა მიმართ კეთილთა. ხოლო მომნიჭებელი წყალობათა წარუმართებდა საქმესა დღეკეთილობასა შინა, და ყოველნი გარემოს მყოფნი ქალაქნი და ამირანი ძღუნითა და ხარკის მოღებითა მოამშჳდებდეს პირსა მჴნეთა სპათა მისთასა და არბევდიან ყოველთა ურჩთა მათთასა.

ხოლო აქამომდე კარი თურქთა ჰქონდა; და წარავლინნა ლაშქარნი გარემოდგომად. ხოლო სცნეს რაჲ თურქთა, მყის დააგდეს კარი და ივლტოდეს. ხოლო მეფემან აღიღო კარი და დაუტევა კარს მცველად ახალციხელი ივანე და აჩინა მონაპირედ და უბოძა ათაბაგობა და ამირთამირობა, რომლისათჳსცა დიდი წყენა შეექმნა თურქთა, რამეთუ დიდად ავნებდა. და წარუღო თურქთა გარეშემონი ქუეყანანი, აღიხუნა და მიითუალნა და წარმოგზავნა მახარობელი მეფის წინაშე და დიდად დაიმადლა; და ივანესვე უბოძა კარული და მისი მიმდგომი ქუეყანანი. და წარემართებოდა სამეფო თამარისი და დღითიდღე შეემატებოდა, და შიში და ზარი დიდი იყო ყოველთა სულტანთა ზედა.

აღივსებოდა ნილოსი და იეფობდა ეგჳპტე. მოაკლდებოდა ისმაელს, განიქი[ქ]ნებოდა აგარ, იკურთხებოდა ისაკ. ესე სხუამან ვინმე სხჳსათჳს თქუა, და მე აქა ამისთჳს წინასიტყუა-ვყოფ, რამეთუ მოაკლდებოდა ძალსა მოჰმადიანთასა და მცემელიცა - ებანსა; რამეთუ ქრისტიანეთა ორღანონი ჴმოვანობდეს კიდით კიდედმდე. დაშრტა სასოება მუსურმანთა, და ყოვლითურთ უღონონი ღონე-ყოფდეს, რათა წყალობად მოიზიდონ წყალობისმოყუარე თამარ. ამისთჳს კუალად წარვიდეს ხალიფასა, არღარა პირველებრ, არამედ ფრიად შეცვალებით, და შესახუეწელთა სიტყუათა მოახსენებდეს, რათა ევედროს თამარს აღებად ხარკისა ოდენ, მახჳლი მსრველი დააყენო[ს] და ჯაჭჳ შემკრველი; რომელი-ესე ყო ხალიფამან და წარმოავლინა მოციქული ორგზის ამის პირისათჳს, და დიდნი და მრავალფერნი სამეფონი ძღუენნი უცხონი წარმოგზავნნა, და დიდითა სიმდაბლითა შემოეხუეწა თამარს, რათა აღიღოს ხარკი და დააცადოს რბევა. ისმინა თამარ ამისი ვედრება და ესრეთ მისცა პასუხი: „აღმისრულებიეს თხოვა შენი. და რომელთაცა ინებონ მშჳდობა თავთა თჳსთა და მოიღონ ხარკი წინაშე ჩემსა, ამათდა მიმინიჭებიეს მეცა ცხოვრება ვედრებისათჳს შენისა“, რომელი-ესე ესრეთ იქმნა.

ხოლო ვთქუათ ესეცა, რამეთუ [ესე ესმოდა] ყოვლისა საბერძნეთისა სულტანსა, მაღლის ჩარასლანის ძესა, სახელით ნუქარდინს, რომელი უმაღლეს და უდიდეს იყო სხუათა ყოველთა სულტანთა, რომელი მთავრობდა დიდსა საბერძნეთსა, ასიასა და კაპადუკიასა, ვიდრე პონტოდ ზღუადმდე. ესე იჩემებდა ზაკჳთ სიყუარულსა, და გზავნიდა მოციქულთა მშჳდობისათჳს მრავალ ჟამ და ძღუენთა შუენიერთა მრავალთა. ეგრეთვე თამარ [ჰ]ყოფდა, ნაცვალ სახედ მოციქულთა წარავლენდა ძღუნითა. გარნა იგი ზაკუასა ფარვიდა, და ფიცთა მიერ განმსტრობად მოსწრაფე იყო ამის სამეფოსა.

ხოლო ამან მოუწოდა ყოველს სიმრავლესა სპათა მისთასა და შეკრიბა კაცი ოთხმეოცი ბევრი, რომელ არს [რვაასი] ათასი, განახუნა პაპა-მამურნი საუნჯენი და გამოყარნა ოქრო[ნი] აურაცხელნი, და წარგზავნიდა ოქროთა შეკრებისათჳს მჴედრობისა, და ამცნებდა, რათა ორსა კეცსა მისცემდენ გაჩენილისასა. და წარავლინნა ყოველთა საზღვართა თჳსთა, და იწყო მესოპოტამიას, კალონეროთ, გალატიას, ღანგრას, ანკჳრიას, ისავრიას, კაბადუკიას, დიდსა სომხითს, ბითჳნიას და საზღვართა ფებლაღონისათა, და არა დაუტევა თჳნიერ დედაკაცისა სოფელთა შინა მათთა, არამედ ყოველნი აამჴედრნა.

ხოლო თჳთ ამოისწრაფა და მიიწია უჯად სახელდებულთა მათ თურქთა თანა, რომელ არიან მჴნე ბრძოლასა შინა და არიან სიმრავლითა ვითარცა მკალნი, გინა ჯინჭუელნი. ამათ მისცნა ოქრო[ნი] მრავალნი, და კუალად ნიჭნი დიდნი ესეოდენ, ვიდრე ასი ათასი მჴედარი შეკაზმული გამოიყვანა მათგან.

და კუალად მიირთნა, თჳნიერ ნებისა მათისა, შიშით: ეზინკელნი, ხალფერდელნი და კარნუ-ქალაქელნი, სალდუხის ძე, რომელსა ნაცვლად მსახურებისა მიუღო კარნუ-ქალაქი და თჳსი ძმა დასუა მუნ.

ვითარცა იტყჳან გძღარბისათჳს ჴმელისასა, შვილმრავალ არს ცხოველი ესე და, რაჟამს იხილნეს ნაშობნი თჳსნი მრავალად, გამოვალს ბუდით თჳსით მართუებით და განაწყობს და გოდლოის მათ ზედა. ხოლო ეგრეთვე ყო ნუქარდინცა: იხილნა რაჲ ფრიადი იგი სიმრავლე შეკრებულად, რომელი ზეშთა იყო რიცხჳსა, აღზუავნა გულითა, მსგავსად სენაქერემისა, და ამაღლდა ღმრთისა ზედა; არა შეიშინა პირველთა მათ მზაკუვართა ფიცთაგან და სიყუარულისა აღთქუმათა, არამედ ფრიად წინაუკუმო განმზადა თავი თჳსი და მოიწია ქალაქად სევასტიად, და იწყო მუნ განმზადებად საომართა მანქანათა, წარმოავლინა მოციქული წინაშე თამარისა ესევითარითა წიგნითა, რომელსა წერილ იყო სახე ესევითარი:

„მე ნუქარდინ, სულტანი ყოვლისა ცასაქუეშისა უმაღლესი, მიმსგავსებული ძლიერებასა ანგელოზთასა, თანამდგომი ღმრთისა, მოვლინებული დიდისა მოჰმედისაგან, მოგიმცნობ მეფესა ქართველთასა თამარს:

ყოველი დიაცი რეგვენია. შენ გიბრძანებია ქართველთად[ა] აღებად ჴრმალთა და ღმრთისაგან საყუარელისა ისლემთა ერისა დაჴოცად, მუსულმანთა და კუალად ნათესავსა ზედა თავისუფალსა დადებად ხარკი ყმებური. და აწ მე მოვალ, რათა უსაჯო სამართალი სახლსა სპარსთასა და განგწუართო შენ და ერი ეგე შენი არაოდეს კადრებად აღებად ჴრმლისა, რომელი ღმერთსა ჩუენდა უბოძებია. ხოლო ცხოვნებით იგი ოდენ ვაცხოვნო, რომელმან უწინარეს მოსვლისა ჩემისა თაყუანის-მცეს წინაშე კარვისა ჩემისა და აღიაროს ქადაგება მოჰამად მოციქულისა და უარ-ყოს სჯული შენი და ჴელითა თჳსითა იწყოს წინაშე ჩემსა ლეწად ჯუარისა, რომლისა მიმართ დაგიცთ ცუდი სასოებაჲ; და აწ მოელოდი ნაცვალსა ჩემსა, რომელი შეამთხჳე სპარსთა“.

და ვითარ მოვიდა მოციქული და შეიყვანეს თამარის წინაშე და წიგნიცა მისცა, წარდგა და იწყო უკადრებელთა სიტყუათა თქმად ესრეთ: „უკეთუ მეფემან თქუენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმან ცოლად; და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა“. ხოლო ვითარ ამპარტავნად იტყოდა სიტყუათა ამათ, წარმოდგა ზაქარია ამირსპასალარი და უხეთქა ჴელითა პირსა; დაეცა და ვითარცა მკუდარი დაედვა. ვითარ აზიდეს და აღმართეს და ცნობად მოვიდა, ჰრქუა ზაქარია: „თუ მოციქული არა იყავ, პირველად ენისა აღმოკუეთა იყო სამართალი შენი და მერმეღა თავისა კადნიერად კადრებისათვის. აწ, რაჲ არს სიტყუა!“

ესე წიგნი ვითარცა მიართუეს და იხილა თამარ, ყოვლად არა აჩქარდა, არამედ სხუა ეზეკია იქმნებოდა სიმდაბლითა. და განმარტა წიგნი იგი წინაშე ღმრთისა, სულთ-ითქუნა სიღრმით გულისაჲთ და ცხელთა ცრემლთა დამოდინებითა; და ღმრთისა მიმართ სასოებისა დამდებელმან მერმე მოუწოდა მაშინ რომელნიცა დახუდეს, და ეზრახა მათ ამის პირისათჳს არცა ჩუკნად, არცა მდედრად, არცა განუბრძნობელად.

მაშინ მოუწოდეს სპათა იმერთა და ამერთა ნიკოფსით ვიდრე დარუბანდამდე და ბრძანება და წიგნები ქროდა მალემსრბოლთა. და ცოტათა შინა დღეთა შემოკრბეს ვითარცა ვეფხნი სიკისკასით და ვითარცა ლომნი გულითა. ქრისტესა ღმერთსა ესვიდეს და შეკრბეს ჯავახეთს და არღარა ყოვნეს, არამედ მსწრაფლ მიმართეს ტაძარსა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა ვარძიას. და ვარძიისა ღმრთისმშობელსა წინაშე ცრემლით შევედრნა სოსლან დავით და სპაჲ მისი და დროშა ბედნიერად ჴმარებული. და წარგზავნა ვარძიით ლაშქარნი, რომელთა თჳთ თამარ უძღოდა წინა შიშულითა ფერჴითა, და ცრემლითა ასოვლებდა ღაწუთა თჳსთა. [და წარუძღუა ბასიანის კერძოთა და მიიწივნეს მახლობელად კარისა, და დადგეს დღისა ერთისა სავალსა.]

და მაშინღა წარგზავნნა მოციქულნი სულტნისა და წარატანა თანა მოციქულიცა თჳსი და მიუწერა ნაცვალი წიგნის ესრეთ: „ძალსა ღმრთისასა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან და მარადის ქალწულის მარიამის მვედრებელმან და პატიოსნისა ჯუარისა სასოებით მოსავმან წარვიკითხე ღმრთისა განსარისხებელი წიგნი შენი, ჵი ნუქარდინ, და ვსცან სიცრუენი შენნი, რათა ბჭე ღმერთი იყოს! არა გასმიესა, რამეთუ ყოველი ცრუდ მფუცავი სახელსა ღმრთისასა მის მიერ აღიჴოცოს? შენ ოქროსა შეკრებულ[ისად და] მ[ჴედარ]თა სიმრავლისა მინდობილ ხარ, უმეცარი მსჯავრსა ღმრთისასა, ხოლო მე არცა სიმდიდრეთა, არცა სპათა ჩემთა სიმრავლ[ე]სა, არცა არას სხუასა კაცობრივსა საქმესა მინდობილ ვარ, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისამპყრობელისასა და შეწევნასა ქრისტეს ჯუარისასა, რომელსა შენ [ჰ]გმობ. ესე რა შემოგეთუალა, წარმომივლენიან მჴედრობა ქრისტეს მოსახელე არა შენდა თაყუანისცემად, არამედ დამჴობად ზუავისა მაგის და ამპარტავანისა გულისა შენისა, რათა განისწავლო ღმრთისა მიერ არღა გმობად სახელსა მისსა. იყავნ ნება ღმრთისა და ნუ შენი, სამართალი მისი და ნუ შენი! ხოლო მე უწყი დაჴსნილობა მსახურთა შენთა. ამისთჳს წარმომივლენიეს მსახური ჩემი, რათა წიგნისა შენისა პასუხი ადრე მოგართუას და განგაკრძალოს, რამეთუ ჩემ მიერ წარმოვლენილთა სპათა ფერჴნი ესერა კართა შენთა ზედა დგანან“. მისცა ესევითარი წიგნი, და მერმე შემოსეს და უბოძეს ნიჭი, და წარავლინა მოციქული სულტნისა.

ხოლო თჳთ უბ[რ]ძანა თჳსთა სპათა ყოველთა შესხდომა, და თჳთ განვიდა უმაღლესსა ადგილსა, სადათ ყოველთა ხედვიდა, და დავარდა მუჴლთა თჳსთა ზედა დიდხან და ტიროდა წინაშე ღმრთისა.

მერმე, აღდგა რაჲ, იხილვებოდა ადგილი იგი ყოვლად დალტობილად ცრემლთაგან მისთა. მერმე მოიყვანნა წინაშე თჳსსა ყოველნი წარჩინებულნი და უბრძანა ერისთავთა, რათა თჳთეული მათი მოვიდოდის წინაშე წმიდასა ჯუარსა და თაყუანისცემდენ და შეემთხუეოდიან. და იწყეს მოსვლად ყოველთა და ტირილით ვედრებად, და თაყუანისცემად პატიოსნისა ჯუარისა, და ამბორის-ყოფად, და ეგრეთვე შემთხუევად ჴელსა თამარისასა, და ანდერძ-ყოფდეს ყოველნი სახლთა, შვილთა და [ა]სულთა წინაშე მისსა. რამეთუ ერთითა ჴელითა თჳთ მას ეპყრა ძელი ჯუარისა, ხოლო ერთითა - ეზოსმოძღუარსა ბასილის და ჯუარისმტჳრთველსა. სრულ იქმნა რაჲ ყოველთაგან ესრე სახედ თაყუანისცემა ჯუარისა, მერმე თჳთ მიიქუა პატიოსანი იგი ჯუარი ჴელითა თჳსითა, და ამჴედრებულთა ზედა ყოველსა მჴარსა ნიში ჯუარისა გამოსახა სამ გზის, და ულოცა; და ეგრეთ წარემართნეს მინდობილნი ღმრთისანი და თამარის ცრემლთანი.

ხოლო წინამბრძოლად იყო ზაქარია მჴარგ[რ]ძელი ამირსპასალარი და ორნიცა იგი ძმანი ახალციხელ[ნ]ი: შალვა და ივანე, დაღათუ შალვა მანდატურთუხუცესი იყო, ჭიაბერი და სხუანი თორელნი, და წარემართნეს ბასიანის კერძოსა.

და მეფე თამარ მოიქცა სამცხეს და მოვიდა ოძრჴეს, და მოიცალა ლოცვად და მარხვად. მუნ იყო წინაშე მისსა თევდორე, ქართლისა კათალიკოზი, კაცი წმიდა და სახიერი, და მას თანა მრავალნი ეპისკოპოზნი და მონაზონნი, ღმრთისა სათნონი, რომელთა თანა იყო იოანე შავთელი, კაცი ყოვლად განთქმული და საკჳრველი მოღუაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი; და ევლოგი - ქრისტესთჳს სულელი, რომელსა მოეღო მადლი წინასწარმცნობელობისა. იყვნეს მიმდემნი ღამისთევანი და ლიტანიობანი.

ამათ თანა იყვის მეფე თამარ დღისი და ღამე ყოველ ლოცვითა და ფსალმუნებითა დაუძინებელად განათიის; და ყოველგან საყდართა, მონასტერთა და სოფელთა უბრძანა ლიტანიობა და ვედრება ღმრთისა.

აწ ჯერ-არს მოჴსენებად, ვითარ-იგი წყალობა ყო ღმერთმან ერსა თჳსსა ზედა მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა და შეწევნითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისათა. ვითარ მიიწივნეს ქუეყანად ბასიანისა, მუნ იყო სულტანი დაბანაკებული ადგილსა, ბოლოსტეკად წოდებულსა, და [ე]ახლნეს რაჲ ბანაკსა სულტნისასა, არა იყო რიცხჳ ცხენისა, ჯორისა და აქლემისა მათისა, კარვებისა და სარაფარდებისა მათისა. მინდორი იგი ძლით იტევდა კარვებსა მათსა

ესრეთ ნებიერად მდგომარე იყვნეს, და არაჲ უდგა დარაჯანი სულტანსა. მუნ დააწყუეს რაზმი ქართველთა და მუნ წინამბრძოლად იყო ზაქარია მჴარგ[რ]ძელი ამირსპასალარი, და ახალციხელ[ნ]ი შალვა და ივანე და სხუანი თორელნი. და ერთ კერძო აფხაზნი და იმერნი, და ერთ კერძო ამერნი და ჰერ-კახნი. და ვითარ იხილეს სულტანი, ცოტად ცხენნი ააჩქარნეს და მიმართეს. ვითარ იხილნეს სპარსთა, რამეთუ აუზიდავად მიდიოდეს, დააგდეს სადგომი მათი და სიმაგრეთა მიმართეს, რამეთუ მიავლინა მათ ზედა ღმერთმან შიში დიდი. ხოლო ქრისტიანეთა იხილნეს რაჲ მათ წინაშე გაქცეულნი, მიეტევნეს, და არაჲ უტევნეს წარსვლად, არამედ გარე-მოიცვნეს.

და იქმნა ომი ფიცხელი და ძლიერი, და განგრძელდა მყოვარ ჟამ, და მოსწყდეს ორგნითვე, ხოლო უმეტეს სულტნისა სპანი მოისროდეს. და ესოდენ განგრძელდა ომი, რომელ ცხენი მოუკლეს ივანეს მსახურთუხუცეს[ს]ა, ზაქარიას გ[აგე]ლს და ახალციხელთ შალვას და ივანეს და სხუათა მრავალთა თავადთა. და კნინღა სივლტოლად მიდრიკნეს ქართველნი, და ქუეითად დარჩეს რაზმსა შინა მჴნენი ქართველნი.

მაშინ ვითარცა იხილნეს ლაშქართა თჳს-თჳსნი პატრონნი ქუეითნი, გაწირნეს თავნი სიკუდილად, ჩამოჴდეს ცხენისაგან და პატრონთა მათთა გუერდსა დაუდგეს - ქუეითნი ქუეითთა, და ეგრეთ ძლიერი ომი შეიქნა. და ვითარ იხილნა დავით მჴნემან, მორიდა ერთ კერძო, და მარჯუენისა მჴარსა მორიდა ზაქარია მჴარგ[რ]ძელმან. და ვითარ ქართველთა განეშორნეს, რათა არა ცხენთა მათთაგან დაითრგუნ[ნენ] ქუეითნი ქართველნი და მიმართეს სპარსთა კერძო, მსწრაფლ მიეტევნეს ერთ კერძო სოსლან დავით და ერთ კერძო ზაქარია; და ვითარ მგელნი ცხოვართა, ეგრეთ შეუცჳვდეს ურიცხუთა მათ სპათა სულტნისათა.

და პირველსა მოკიდებასა და ხეთქებასა ჴ[რ]მალთასა მოხედნა წყალობააურაცხელმან ღმერთმან მოსავთა ჯუარისათა, და განადიდა დიდება დავითისი და თამარისი ვარძიისა ღმრთისმშობელმან; და ანაზდად ეგეოდენი იგი სიმრავლე განსქდა, იძლია და დაიფანტა; და ამას გვანდა, თუალგარდაუწდომელი იგი ლაშქართა სიმრავლე, ვითა მაღნარი, მიწითურთ მოგლეჯილ იყო და განქცეულ; და სადეთცა თუალი მისწუდებოდა, ყოველგან ტყეთა მსგავსი ლაშქარი იხილვებოდა ლტოლვილად.

ხოლო ჯერ-არს ამისიცა მოხსენება, რომელ მეფისა თამარისა ოძრჴეს ყოფასა შინა, იყვნეს რა მიმდემნი ლოცვანი და ღამისთევანი, დღესა ერთსა, აღესრულა რაჲ საღმრთო ჟამის წირვა ზემოჴსენებულისა ევლოგის მიერ, განკჳრვება დაეცა ევლოგის და იწყო ღაღადებად სულელის მსგავსად და იწყო აღმართ ხედვად; და ვითარ ხედვიდა ევლოგი, ჴმა-ყო ჭმუნვის სახედ და სამგზის დაეცა და მეყსეულად აღხლტნა და აღიტყუელნა ჴელნი; „აჰა, დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს! ჴელნო ევლოგისნო, სპარსთაგან არაჲ გეშინის; განუტევეთ, რათა ვიდოდის მშჳდობით“. ცნეს ყოველთა, რამეთუ წინასწარმეტყუელებით იყო სიტყუა მისი. არამედ ევლოგი არავის რა გამოუცხადა საიდუმლო თჳნიერ იოანე შავთელისა, რამეთუ მას ოდენ აუწყა, ვითარმედ ჟამსა ამას მოსცნა ღმერთმან ბარბაროზნი საძლეველად ჴელთა ქრისტიანეთასა. და მყის წარვიდა ევლოგი პირისაგან მათისა და დაიმალა.

[მაშინ შავთელმან ჰრქუა: უწყოდე, მეფეო, რომელ ჩუენება იხილა სულელსაგონებელმან, გარნა ჩუენებასა კეთილსა ვგონებ. ამისთჳს დაწერეს დღე და ჟამი იგი].

ხოლო ქართველთა იხილნეს რაჲ განქცეულნი წინაშე მათსა მტერნი თჳსნი, აღსხდეს ჰუნეთა მათთა და დევნა უყვეს; ჴოცდეს, ჩამოყრიდეს და იპყრობდეს; და სიმრავლისაგან ვერ ივლტოდეს, არამედ ურთიერთას დასთრგუნვიდეს. ხოლო ერი ქართველთა უვნებელად დაიცვნა ღმერთმან, რომელ არცა ერთი ვარგი, მეფისაგან შესწავებული კაცი მოკუდა, არამედ ეგეოდენი სიმრავლე სპისა მათისა ივლტოდა; და სპანი თამარისნი უვნებელად დაიცვნა მოწყალებამან ღმრთისამან.

რამეთუ მისცნა ღმერთმან ჴელთა მათთა; და იხილვებოდა საქმე საკჳრველი, რამეთუ თჳთ იყვნეს მსახურ თჳსისა შეკრვისა; რომელნი განერნეს პირსა მახჳლისასა, უდიდესი მათი შეიკროდა უმცროსისა მიერ თჳსისა, და უწარჩინებულესი მათი მოიყვანებოდა გამობმული ძუასა ცხენისასა; და ერთითა საბლითა ერთისა მიერ კაცისა შეიკუროდა ოცი, და თმითა გამოებმოდა ერთი-ერთსა; ყრმისა მიერ მცირისა უმჯობესნი მბრძოლთანი მოიყვანებოდეს ვითარცა თიკანნი. გამოიძივნეს ყოველნი ადგილნი და გაქცეულთა ჴოცდეს, ხოლო ნეშტთა, ვითარცა მართუეთა ქათამთასა, მოჰკრეფდეს; და გაუშუებდეს აურაცხელსა სიმრავლესა, რამეთუ ასსა სპარსსა ერთი ქრისტიანე ძლით მიხუდებოდა წარმომყვანელად.

ესრეთ აღესრულა წინასწარმეტყუელება ევლოგისი მასვე ჟამსა შინა ქმნითა, რომელსა შინა იხილა ჩუენება იგი.

ესეოდენი დიდებული ძლევა მიმადლა ღმერთმან ცრემლთა და სასოებისა სიმტკიცეთა თამარისათა. ხოლო ესე ყოველი რაჲ ესრეთ იქმნა, მოუჴდეს ბარგსა მათსა, რამეთუ არა იყო განცდა და აღრიცხვა სიდიდეთა ოქროსა და ვეცხლისა ჭურჭელთა; ნაქსოვთა სიმრავლე აურაცხელი, სასმურნი ოქროსანი, თუალმარგალიტოვანი ლანკნები და პინაკები ლაგჳნებისა და ქუაბებისა თანა, ყოვლითურთ სავსეთა მიუწდომელითა ალაფითა. ხოლო ცხენ-ჯორისა და აქლემებისა სიმრავლე და კარავთა და საფენელთა ურიცხუება, რომელ დაყარეს, ვინ-მე აღრაცხნეს? რამეთუ სავსე იყო ყოველი საბანაკო მათი.

ესრეთ ძლევაშემოსილნი და მადიდებელნი ღმრთისანი შემოიქცეს და დადგეს კარავთა შინა მათთა.

ამისა შემდგომად შეეკაზმა მოქალაქეთა დიდითა მოკაზმულობითა ქალაქი ტფილისი; და შევიდა თამარ და დავით ვითარცა მზისა შარავანდედთ მიფენითა; და შეიღეს დროშა ნუქარდინისი. შეიყვანეს პირველად ეზინკელი, და მერმე სხუანი იგი წარჩინებულნი მოიყვანნა, რომელნი სთნდეს, წინაშე თჳსსა. თამარ ყოველთა ნუგეშინი-სცა და დიდად სახელოვნად სერითა ისტუმრნა და უბოძა ყოველთა შესატყჳსად, და წარგზავნნა ციხეთა შინა ყოველსა ადგილსა, თჳნიერ ეზინკელისა. არამედ იგი დაიმჭირა ტფილისს პატიმარად, პირველისა პატივისა და სიყუარულისა მისისა წილ, ხოლო უკანასკნელ ეგეოდენ სახელოვანი კაცი და დიდებული განყიდა ნალად ცხენთა; რომელი-ესე ყო თამარ პატივად სახლისა თჳსისა და დიდებად, რომელი-ესე არაოდეს ვისგან ქმნილ იყო დასაბამითგან, ესე ყო დიდებად და სახსენებელად თჳსა.

აწ კუალად აღივსნეს ყოველნი საგანძურნი სამეფონი ოქროთა და ჭურჭლითა ოქროსათა, რამეთუ მიწისა მსგავსად შეასხმიდეს ოქროსა, ხოლო თუალსა და მარგალიტსა წყჳთ დასდებდეს, ხოლო ოქროქსოვილთა ბერძულთა და სხუათა ნაქსოვთა ძჳრად საპოვნელთა, ვითარცა ცუდთა სამოსელთა, ურიცხუთა დაყრიდეს. ხოლო ვეცხლისა ჭურჭელთა არღარა აქუნდა პატივი პალატსა შინა მეფისასა, რამეთუ ყოველი ოქროსა და ბროლისა წინადაგებული იყო, ინდოურთა ქვათაგან შემკობილი, რომლითა აღავსნა ყოველნი ეკლესიანი, რომელთა მიანიჭა სამსახურებელად სიწმიდეთა საიდუმლოთასა; და აღავსნა ყოველნი ჴელნი მთხოველთანი და განაძღნა ყოველნი გლახაკნი და აღუვსო წიაღნი მათნი უხუებით.

ესრეთ ადიდებს ღმერთი მადიდებელთა თჳსთა, ესრეთ აღამაღლებს წინაშე თჳსსა მდაბალთა, ესრეთ შემწე არს მოსავთა მისთა, ესევითართა ნიჭთა მიანიჭებს მინდობილთა თჳსთა, რამეთუ არარაჲ სხუა დაიდვა თამარ გულსა თჳსსა, ვითარ „დასაბამი იგი სიბრძნისა შიში ღმრთისა“,და სამართალი და წყალობა სწორად ყოველთა ზედა.

იყო დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობა, განეფინა მადლი ბაგეთა მისთა. ამისთჳს აკურთხა იგი ღმერთმან უკუნისამდე და დაადგა თავსა მისსა გჳრგჳნი პატიოსნებისა, და დასდვა წელთა მისთა მახჳლი ძლიერებისა, და წარემართა სუფევად უკუნისამდე ჭეშმარიტებისათჳს, სიმშჳდისა და სიმართლისა.

ჯერ-არს ამისთჳსცა თქმად, ვითარმედ ქმნნეს მრავალთა დედათა ძლიერება, არამედ არა ესრეთ, ვითარ ამან: არა ვერაგობისა ღონითა აცხოვნებდა ერსა თჳსსა, არამედ სიბრძნისა წინაძღომითა და სამართალითა და უმანკოებითა დავითიანითა, სიმშჳდითა იაკობის მსგავსითა, სიუხჳთა აბრამისებრითა, მოწყალებითა იესოს ღმრთისა მსგავსითა, და სამართალი[ს]ა მისისა მობაძვითა.

დღეთა შინა თამარისთა არავინ გამოჩნდა მიმძლავრებული მეცნიერებითა მისითა, არცა ვინ დასჯილი, თჳნიერ ძუელისა სჯულისა, რომელი ძეს ავაზაკთა ზედა - ძელსა ზედა ჩამორჩობა. თჳთ არცა ვის ღირსსა სიკუდილისა და არცა პატიჟისასა მიეჴადა თანანადები, არცა ვინ ბრძანებითა მისითა ასომოკუეთილ იქმნა და არცა სიბრმითა დაისაჯა, თჳნიერ გუზან, ღირსი სიკუდილისა, რომელი ორგულებით განდგა და კოლას სადმე მთათა შინა ავაზაკობდა მალ[ვ]ით. ესე შეიპყრეს მთიბავთა თივისათა და დავით მეფისა წინაშე მოიყვანეს; ხოლო მან იცოდა დიდი მოწყალება თამარისა, ამისთჳს მისსა შეკითხვამდის თუალნი დასწუნა ნაცვლად მრავალთა სისხლთა ქრისტიანეთასა.

არა ოდე[ნ] თჳსსა სამეფოსა შინა იყო კეთილიანობა, არამედ ყოველთა ქრისტიანეთათჳს; და რომელნი მძლავრობდეს ქრისტიანეთა, ყოველთა მიუმცნო, რათა აზადად იყვნენ და ფიცხლად დამორჩილდენ შიშითა და სიყუარულითა მისითა.

წარავლენდის სარწმუნოთა თჳსთა და დავედრის ესრეთ: „იწყეთ ალექსანდრიით ყოვლისა თანა ლუბიისა, სინისა მთისა“, და მათ კერძოთა ეკლესიათა, მონასტერთა და ერთა ქრისტიანეთა მოიკითხვიდის. ხოლო იერუსალიმისათჳს რადღა საჴმარ არს თქმად? რამეთუ წარგზავნიდის ამათ ყოველთა შინა ეკლესიათა ბარძიმ-ფეშხუმებსა და სიწმიდეთა საბურავებსა და მონაზონთა და გლახაკთათჳს ოქროთა აურაცხელთა.

ტყუენი განათავისუფლნის და ხარკი ერისა თჳთ უკუნსცის, და ყოველი ჭირი და ჭირებული აღიღის მათგან.

კუალად კერძოთა ელადისათა და მთაწმიდას, ეგრეთვე მაკედონიისათა პეტრიწონს, კერძოთა თრაკისათა და კოსტანტინეპოლის მონასტრებთა, რომანას და ყოველგან, კუალად ისავრიას, კურუსეთს და ყოველთა მათ სანახებთა შავისა მთისათა და კჳპრისათა, - ესე ყოველნი აღავსნა ქველისსაქმითა, რომლისათჳს ისმინეთ, თუ ვითარ მოხედვიდა ღმერთი საქმეთა მისთა:

მოიწინეს ოდესმე ჩუეულებისაებრ ქველისმოქმედებათათჳს ამისთა მონაზონნი შავისა მთისა[ნი], ანტიოქიით და კჳპრისა ჭალაკით, ეგრეთვე მთაწმიდით და მრავალთა ადგილთათ. შეიწყნარნა თამარ ჩუეულებისაებრ ვითარ ანგელოზნი, და მრავალ დღე არა გაუშვნა: მერმე მისცა ყოველთა დიადი და აღავსნა ყოვლითა საჴმრითა. უკანასკნელ მათგან უფრო შორიელთა მისცა დიდძალი ოქრო თჳთ მათთჳს და ყოველთა მონასტერთა განსაყოფელად. წარვიდეს მონაზონნი იგი და მიიწივნეს რაჲ კოსტანტინეპოლედ, ესმა მეფესა ბერძენთასა ალექსის ანგ[ელ]სა, რომელმან ძმასა თჳსსა ისაკს თუალნი დასწუნა და მეფობა წარუღო. ესე ყოვლითურთ ბოროტი კაცი იყო და შეუტყუებელი მეფობისა, გარნა უმეტეს ანგარებისათჳს საძაგელ იყო ყოველთა მიერ. იხილა სიდიდე იგი ოქროსა, რომელი მიეცა თამარს, და წარუღო მათ მონაზონთა.

ცნა რაჲ ესე თამარ მეფემან, ნაცვლად სხუა უფროსი წარგზავნა მათ წმიდათა მიმართ და ამით უმეტეს არცხჳნა ეშმაკი; ხოლო განრისხნა მეფესა ზედა ბერძენთასა, წარგზავნნა მცირედნი ვინმე ლიხთიქითნი; და წარუღეს ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამისონი, სინოპი, კერასუნდი, კიტორა, ამასტრია, არაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონისა და პონტოსანი; და მისცა ნათესავსა თჳსსა ალექსის კომნიანოსსა, ანდრონიკეს შვილსა, რომელი იყო მაშინ თჳთ წინაშე თამარ მეფისა შემოხუეწილი.

ხოლო ესმა ესე ფრანგთა, რამეთუ მოეღო ბერძენთა შეწევნა აღმოსავლეთით, გამოვიდეს ვენეტიკნი და წარუღეს სამეუფო ქალაქი მეფობისა თანა; და შეიხუეწა უბადრუკი იგი ალექსი ბორღალეთს, თჳსისა სიძისა თანა. იხილა რაჲ ბორღალელთა მეფემან, სიძემან მისმან, შეიყვანა ციხესა ერთსა და დაუფინა წინაშე მისსა ოქრო დიადი, და ჰრქუა ესრეთ: „აჰა, ალექსი, გულისსათქმელი იგი შენი; ოქრო ესე მიიღე თჳნიერ სხჳსა რომლისამე საზრდელისა და წყლისა წილ; რამეთუ ამისთჳს წარსწყმიდე სახლი სამეუფო ქრისტიანეთა და დაჴსენ თჳთმპყრობელობა ბერძენთა“. და ესრეთ მოკუდა საწყალობელი იგი სიყმილითა, დაკლებული შეწევნისაგან ღმრთისა.

ესრეთ საზარელ იყო თამარ მტერთა ზედა, და კუალად ესეოდენ ტკბილ და ძჳრ-უჴსენებელ, ვიდრემდის ესმა რაჲ ესე ყოველი, დიდითა ტკივილითა იგლოვა, დაღათუ არა ღირს იყო მისთჳს ტკივილი. რამეთუ რაცა ვის არა ჭეშმარიტებითა აქუნდეს, არა იპყრობს დიდხან, გარნა თამარ უცხოსაცა ზედა და დავრდომილთა ლმობიერ იყო ტკივნეულობად და წყალობად, ვითარ აწ ამასცა ზედა.

ესრეთ დღითი-დღე წარმატებათა და განდიდებათა შინა იყო სკიპტრისმპყრობელთა ყოველთა შორის უბრწყინვალესი თამარ, ხოლო უმეტეს შეუმატებდა ღმრთისმსახურებასა, ეკლესიათა და მონასტერთა კაზმასა და შენებასა, ობოლთა და ქურივთა შეწყალებასა და სამართლისა მიფენასა. ამას შინა იშუებდეს და იხარებდეს სამეფონი მისნი; ჟამ გარდავიდიან აფხაზეთს და განაგნიან საქმენი მანდაურნი და მოინადირიან კეთილი იგი სანადირო - გეგუთი და აჯამეთი. მერმე გარდმოვიდიან ქართლს, სომხითს, მერმე დადგიან დჳნს. მოვიდიან ხარაჯითა განძელნი და აღმართქალაქნი. გაზაფხულ აღმოვლიან სომხითი, მოიღიან ხარაჯა ნახჭევნელთა და წარვიდიან კოლას თავსა არტანისასა და მუნით მოიღიან ხარაჯა კარნუ ქალაქით და ეზინკით და სხვათა გარემოსთა ქალაქთა.

ხოლო წარმოვთქუათ ესეცა, რამეთუ ოცდამესამედ, გინათუ მეოთხედ აღმავლობასა მეფობისა მისისა წელიწადსა იკითხა საქმე კარისა. რამეთუ მრავლით ჟამითგან ჰბრძოდეს სარგის თმოგუელი, შალვა თორელი და მესხნი, გარნა ვერარაჲ ღონე ქნეს აღებისა, რამეთუ ზამთრის მკსინვარებისაგან და სიცივისა უღონო იყვნეს მოდგომად. ხოლო ჟამსა ყინვისასა წყლისაგან გაყინულისა ვერ შეუძლებდეს ბრძოლად; გარე-შემოუხუნეს ყოველნი ციხენი და სოფელნი, და იგი მხოლო მარტოჲ ჰქონდათ სპარსთა. ამისთჳს განიზრახა კეთილი[თ]ა გონებითა და წარავლინა დავით ზემოთ ლაშქრითა; წაატანა ზაქარია და ივანე და უბრძანა, რათა დადგენ მუნ და ძლიერად ეომონ. და ხანგრძლად იქმნა ესე, და თჳთ თამარ დადგა ჯავახეთს და მუნ მოელოდა ამბავსა მათსა.

ხოლო იგინი მივიდეს და ებრძოლნეს უკუე შეკრულსა მას ღობესა წყლისათჳს; და მრავალთა შინა დღეთა განტეხეს ადგილი იგი. და გამოიცალა წყალი და მის თანა უმრავლესნი მოქალაქენიცა. ხოლო დაშთომილთა მათ ითხოეს დავითისგან, რათა თჳთ თამარ მივიდეს და მას მიენდვნენ; რამეთუ ეშინოდათ სიტყუათა მათთჳს გინებისათა, რომელთა ციხით გამო იტყოდეს პირველ.

მაშინ მოაჴსენეს ესე ყოველი თამარს. ხოლო იგი მივიდა; და მოიხუნეს ციხოვანთა მათ კლიტენი წინაშე ძისა მისისა გიორგისა და მერმე თამარის წინაშე და ითხოვდეს მშჳდობასა და ფიცსა, რათა არა განსცეს კარი, ვითარ ანისი და დვინი, არამედ სამეფოდ დაიმჭიროს. ამისთჳს მისცა სიტყუა მტკიცე და უბრძანა ძესა თჳსსა გიორგის, რათა შევიდეს და თჳთ მოითუალოს ქალაქი და ციხე, რომელი-ესე ესრეთ იქმნა. და ესე [ერთი] ქალაქი და ციხე თჳსად დაიმჭირა მათ ყოველთაგან, რომელნი აიხუნა ზორაკერტით რახსამდის, გაგით განძამდის და ჯავახეთით სპერამდის.

და ვისცა ათჩჳდმეტსა წელიწადსა შინა ესე საქმენი თამარისგან გემცრებიან და მისთა ლაშქართაგან, წელიწდისა ერთისა დღეთა თუ ვითარ შეუძლო ყოველთა მათ გარეთა, აღმართ ოდენ შეხედენ, რომელნი ჰქონან ციხენი მჴარგ[რ]ძელთა ოდენ სახლთა, ზემოთ და ქუემოთ.

ხოლო ამა სიხარულსა შეუდგა მწუხარება, რამეთუ მიიცვალა სოსლან დავით, კაცი აღსავსე ყოვლითა კეთილითა, და სხჳთა ყოვლითა საღმრთოთა და საკაცობოთა შესახედავითა განშუენებული, ხოლო წყობათა და ომსა შინა მჴნე, უხჳ და მდაბალი და სიკეთეაღმატებული. და დაუტევნა ორნი ძენი: ყრმა ვიდრემე ლაშა-გიორგი, ხოლო ასული რუსუდან. და იტირეს და იტყებეს და დაუტევეს მწუხარება ყოველსა მკჳდროვანსა.

მათ უკუე ჟამთა, არა მცირედსა ჟამსა, მშჳდობა იყო ყოველგან. და მეფე იყო გეგუთს, რამეთუ იყო წმიდანი მარხვანი; მჴარგ[რ]ძელნი ორნივე მეფეს წინაშე იყვნეს. და ვითარ ცნა არდაველის სულტანმან, აღძრა მტერობა ქრისტიანეთა ზედა, მოუწოდა სპათა თჳსთა და წარმოემართა; უწყოდა მჴარგ[რ]ძელთა შინა-უყოფლობა; წარმოვიდა და აღმოვლო რაჴსის პირი, გზა-გზა არავის ავნო და უგრძნობელად მოვიდა და მოიწია ანისის ქალაქის სიახლესა; და დიდსა შაბათსა მწუხრი მო-რე-ეახლა ქალაქსა. და ვითარ ცისკარი მოეახლა და ჰკრეს ძელსა და განახუნეს კარნი ქალაქისანი, მყის მიეტევნეს კარსა ქალაქისასა, შეუტევეს ცხენი, და ვერღარა მოასწრეს კარნი, და შევიდეს ქალაქად. იწყეს ჴოცად და კლვად და ტყუეობად. უმრავლესი ერი იყო ეკლესიათა შინა, ვითარ შეჰგავს ქრისტეანეთა სჯულსა. რომელიმე შეივლტოდა დარანოა[ნ]თა შინა და მუნ გამაგრდიან, და რომელნიმე ქუაბოანთა შინა, რომელსა ქარტუნობით უწოდდეს. არამედ არა განერა, ანუ ციხესა ანუ ქარტუნსა შინა, რომელსა შინა არა შევიდა, რამეთუ გარეშემო სამგნით ქარაფი იყო კლდოვანი და ქუაბოვანი.

ესრეთ ჴელთ იგდეს რა ქალაქი ყოველი, ერთი ბევრი და ორი ათასი კაცი ეკლესიათა შინა, ვითარცა ცხოვარი, დაკლეს, თჳნიერ მისი, რომელი უბანთა და ფოლორცთა შინა მოიკლა. ესოდენ მძჳნვარედ მოაოჴრეს ანისი, და სავსენი ტყჳთა და ალაფითა ურიცხჳთა წარვიდეს და მიიწივნეს სახლად თჳსად.

ხოლო ესე ანისის მოოჴრების ამბავი ახალკჳრიაკესა დღესა აცნობეს მეფესა თამარს გეგუთს. სცნეს რა ამირსპასალარმან ზაქარიამ და მსახურთუხუცესმან ივანემ, დიდად დამძიმდენ და მწუხარებამან მოიცვნა; და გულნი მათნი ცეცხლებრ ენთებოდა და რამცა ყვეს, არა უწყოდეს; ხოლო მეფე და ყოველნი სპანი მისნი, მწუხარებითა და გულისწყრომითა მოცულნი, სპარსთა მიმართ ბრძოლისა ყოფად აღეგზნეს.

მაშინ მჴარგ[რ]ძელთა ჰრქუეს მეფესა: „მოიწია ბოროტი ჩუენ ზედა გარდასვლითა მცნებათა ღმრთისათა; რომელ ესეოდენი სული ქრისტიანე მოისრა ცუდრჯულთა სარკინოზთა მიერ ცოდვათა ჩუენთათჳს. არამედ ვესავ წყალობასა ღმრთისასა და პატიოსანსა ჯუარსა, რათა არა მისცნეს მოსავნი ჯუარისანი სრულიადსა წარწყმედასა, არამედ ჩუენცა შური-ვაგოთ და ნაცვლისა ქმნად განვემზადნეთ, და სიცრუე მათი მათდავე მიექცეს. შენ, მეფეო, ამცენ სპათა შენთა, რათა მზა იყვნენ არდაველის სულტანსა ზედა წარსვლად; პირველად წარვიდეთ ანისს და, ვინ სადა ვპოოთ სპარსთაგანი, მოვინადიროთ. და რათა არა ცნან, მცირედითა ლაშქრითა წარვიდეთ. უკეთუ დიდნი წარვალთ, სცნობენ და სიმაგრეთა შევლენ; არამედ მცირითა ლაშქრითა შემეწიე. რაჟამს შეგინებული მარხვა შევიდეს, მზამცა არიან, რაჟამს ჩუენ მოგახსენოთ“. ხოლო სთნდა მეფესა თქმული მათი. და უბ[რ]ძანა სპათა თჳსთა, რათა მზა იყვნენ.

და მჴარგ[რ]ძელნი წარმოვიდეს ანისს და იწყეს კაზმად. და მოეახლა ბილწისა სჯულისა მათისა მარხვა; წარმოავლინეს წინაშე მეფისა კაცი ლაშქრისა მთხოველი. მაშინ უბრძანა მესხთა, თორელთა, თმოგუელთა, ჰერ-კახთა, სომხითართა; ხოლო ქართველნი არა წარატანა, რათა არა აგრძნან არდაველს მყოფთა. შეკრბეს ანის[ს] და წარემართნეს არდაველს. გარდავლეს გელაქუნი და ჩავლეს ისპიანი, გავიდეს ხუდაფრინის ჴიდსა და მიმართეს არდაველს. ესრეთ მოუწონეს ჟამი, რომელ აიდი განთენდებოდა, - რომელ არს აღვსება მათი, - და მას ღამესა გარე-მოადგეს არდაველს. ხოლო ვითარ ჴმა-ყო ქადაგმან ბილწისა ქადაგებისა მათისამან და გაჴშირდა მუყრთა ყივილი, ყოვლგნით ცხენი შემოუტევეს მჴარგ[რ]ძელთა; და უომრად ჴელთ იგდეს სრულობით ქალაქი იგი და სულტანი და ცოლნი და შვილნი მისნი და ყოველი სიმდიდრე სულტნისა და ქალაქისა. ესრეთ აღივსნეს სიმდიდრითა აურაცხელითა, თუალითა, მარგალიტითა, ოქროთა და ვეცხლითა, ჭურჭლითა ოქროსა და ვეცხლისათა, შესამოსლითა და საფენლითა და ყოვლითა სიმდიდრითა ეგოდენ გამდიდრებულისა ქალაქისა, რომელ მოთხრობა შეუძლებელ არს. აღივსნეს ცხენითა, ჯორითა და აქლემითა, და საქონელი მათი თჳთ მათთავე საჴედართა აღკიდეს და ესრეთ წარმოემართნეს. ხოლო სულტანი არდაველისა მოკლეს, და ცოლნი და შვილნი მისნი ტყუედ წარმოიყვანეს; და ათორმეტი ათასი კაცი რჩეული მიძგითთა შინა მათთა დაკლეს, ვითარ-იგი მათ ყვეს ანისისა ეკლესიასა შინა; სხუა უმრავლესი ერი მოკლეს და სხუა ტყუე-ყვეს. აღმოიარეს იგივე გზაჲ და ესეთი ძლევაშემოსილნი მიიწივნეს ანისს და დიდად ნუგეშინის-იცეს. და ესრეთ მოიწივნეს წინაშე მეფეთ-მეფისა და დედოფალთ-დედოფლისა თამარისა; მოიღეს ძღუენი და არმაღანი, აღავსნეს მეფე და ყოველნი წინაშე მისსა მყოფნი. ჟამსა მას კოლას დგა მეფე; აღივს[ნეს] ყოველნი სამეფონი ამისნი სიმდიდრითა აურაცხელითა, ოქროთა, ვეცხლითა და სხჳთა ყოვლითა სიმდიდრითა, რომელიცა მოიღეს ზაქარია და ივანე. რომლისათჳსცა დიდად მადრიელმან მეფემან უბოძა მრავალნი ციხენი და ქალაქნი და ქუეყანანი. ესრეთ მადიდებელნი ღმრთისანი იშუებდეს და იხარებდეს და ნებიერად იყოფოდეს; და მოუდიოდა გარეშემოთა მყოფთა მეფეთაგან ხარაჯა და ძღუენი ურიცხჳ.

ხოლო სხუასა ჟამსა მოვიდეს მეფის წინაშე მჴარგ[რ]ძელნი, ზაქარია სპასალარი და მსახურთუხუცესი ივანე და ვარამ გაგელი, და მოახსენეს: „ძლიერო ჴელმწიფეო და შარავანდედთა შორის უმეტეს აღმობრწყინვებულო! იხილე და განიცადე სამეფო თქუენი და სცან სიმჴნე და სიქველე სპათა შენთა; გულისხმა-ყავ, რამეთუ მრავალნი ახოვანნი, მჴნენი და ქველნი იპოებიან სპათა შენთა შორის, რამეთუ არავინ არს წინააღმდგომი მათი. აწ ბ[რ]ძანოს მეფობამა თქუენმან, რათა არა ცუდათ ვაუქმოთ სპანი თქუენნი და დავიწყებასა მიეცეს სიმჴნე მათი, არამედ აღვამჴედროთ ერაყს, რომ - გუარსა ზედა, რომელ არს ხუარასანი, რათა ცნან ყოველთა სპათა აღმოსავლეთისათა ძალი და სიმჴნე ჩუენი. აწ უბ[რ]ძანე სპათა საქართველოსათა, რათა მზა იყვნენ ლაშქრობად ხუარასანს. დაღათუ არავინ ქართველთაგანი მიწევნულ არს მუნ ხუარასანს და ერაყს, არამედ ბ[რ]ძანე, რათა ნიკოფსით დარუბანდამდის აღიჭურონ და მზა იყვნენ!“

და ვითარ ესმნეს თქმულნი ესე მჴარგ[რ]ძელთანი მეფესა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ამის სამეფოსათა, ამერთა და იმერთა, აუწყა თქმული მათი. ხოლო ვითარ ესმა ლაშქრად წუევა მჴარგ[რ]ძელთაგან, სთნდა ყოველთა მათ და დაასკუნეს ლაშქრობა და იწყეს კაზმად

და ვითარცა მოიწია არე სთულისა, მოვიდეს ტფილის[ს] მეფისა წინაშე. და განიხილნა რა სპანი თჳსნი, მ[ო]ეწონა აბჯართა განწყობილება და ცხენკეთილობა მათი, სიდიდე და სიმჴნე სპათა მისთა და შურითა სპარსთათა აღსავსეობა. და მოიღო დროშა სჳანად ჴმარებული, გორგასლიანი და დავითიანი, და შევედრა მასვე ვარძიისა ღმრთისმშობელსა, დროშა და ლაშქარი დაულოცა და წარავლინა სპარსეთს. მისცა დროშა ამირსპასალარს ზაქარიას, და წარემართნეს სპარსეთად

ჩავლეს პირი ნახჭევნისა და განვიდეს ჯუღას და რაჴსისა პირსა და შევლეს იწრო იგი ჴევი დარადუზისა და აღვიდეს მარანდსა. ხოლო მარანდელნი, ამისი მცნობელ[ნ]ი, შეივლტოდეს კლდეთა შინა. ხოლო ესენი მარანდს რა მივიდეს, არა პოეს კაცი, ეგონა მთასა მარანდისასა ყოფა სპათა ადარბადაგანისათა. ამისთჳს და[ა]რჩიეს ხუთასი რჩეული მჴედარი დიდებული და აზნაური, აჩინეს მჴედართმთავრად თაყიადინ თმოგუელი. წარემართნეს და აღვლეს აღმართნი მარანდისანი და აღვიდეს ვაკესა, თავსა მას მარანდისასა და დადგეს მთასა მას ზედა; რამეთუ ესრეთ ემცნო ზაქარიას; რათა არავის ებრძოლონ მიღმართ, ვიდრემდის არა მივიდეს იგი. და თუ დიდი ლაშქარი ნახონ, აცნობონ ზაქარიას და რაცა რქუას, მათ ყონ იგი.

და დადგა ხუთასი კაცი წარჩინებული. ხოლო ვითარცა იხილეს მთით მარანდელთა, რომელნი შელტოლვილ იყვნეს ღირღალთა და კლდეთა შინა მაღალთა, რომელ არს ზედა კერძო მთასა მარანდისასა, უმაღლესი სხუათა მთათა, სავსე ქვითა და კლდითა, იხილეს მცირე ლაშქარი და აღიჭურნეს. მოუჴდეს ზარითა და ამბოხებითა მარანდელნი, რამეთუ საწუნელ უჩნდეს ქართველნი სიმცროთა მათთათჳს. ხოლო ესენი მიეტევნეს ესოდენ ძლიერად და აოტეს, რომელ მცირედნი განერნეს; და უმრავლესი მოკლეს და სხუათა დევნა-უყვეს გრძლად.

მაშინ აღვიდეს უმრავლესიცა იგი ლაშქარი ქართველთა და იხილეს ნაომარი ადგილი მკუდრითა კაცითა და ცხენითა სავსე; და ქართველი კაცი არცა ერთი იპოებოდა, და ესეოდენი ძლევა მისცემოდათ ღმრთისაგან, რომელ ხუთასი შუბი ხუთასს კაცსა და ცხენსა ზედა ესუა. ხოლო ესე რაჲ იხილეს, განკჳრდეს და ქართველისა კაცისა ვერ-პოვნა უკჳრდათ. ამისთჳს უღონოქმნილი და მწუხარე ზაქარია იგონებდა და არა უწყოდა, რამცა ყო. ვითარცა მცირედი ხანი დაეყოვნათ, გამოჩნდეს დევნისაგან შემოქცეულნი ლაშქარნი. იხილა რა ზაქარია, დიდად გამხიარულდა და მადლობაჲ შეწირა ღმრთისა, რომელ არცა ერთი კაცი ქართველი მომკუდარ იყო; და ესეთი ძლევა მისცემოდათ ღმრთისაგან.

ხოლო დაღათუ ესრეთ გამარჯუებოდათ, გარნა ყოვლადვე აბრალებდეს თაყიადინს და უმეტეს ზაქარია მქისედ ეტყოდა ამბის უცნობელად შებმისათჳს.

და ესრეთ განმხიარულებულნი და მმადლობელნი ღმრთისანი გამარჯუებისათჳს წარმოემართნეს და მომართეს ქალაქსა თავრეჟისასა და გარდავლეს მთა დევსოფნად წოდებული. და ვითარ ესმა თავრეჟს მყოფთა მისვლა ქართველთა ლაშქართა, ამისთჳს განკრთეს და ძრწოლამან შეიპყრნა ყოველნი მკჳდრნი თავრეჟისანი, ხოჯანი და ყოველნი წარჩინებულნი და მიმდგომნი თავრეჟს ქალაქისანი. მაშინ განიზრახეს, რათა ზავისა მიცემითა და ძღუნითა და შევრდომითა და ზენარისა თხოვნითა დაამშჳდონ პირნი ქართველთა სპათანი. წარმოავლინეს მოციქული და ითხოვეს მშჳდობა, არა-მოოჴრებად ქალაქისა მათისა. აღუთქუეს ძღუენი ურიცხჳ: ოქრო, ვეცხლი, თუალნი პატიოსანნი და მარგალიტნი ძჳრფასისანი. განკჳრდეს ყოველნი წარჩინებულნი ქართველთანი, ზაქარია და ივანე მჴარგ[რ]ძელნი; აღუთქუეს მშჳდობაჲ და უვნებელად განვლა ქუეყანისა მათისა, მოიმტკიცეს ფიცისა მიერ. და მოვიდეს ყადნი, ხოჯანი და ყოველნი თავადნი თავრეჟისანი და მოიღეს ოქრო, ვეცხლი, ლარი, თუალი მარგალიტი, შესამოსელნი, ცხენი, ჯორი და აქლემი და საზრდელი კმა-საყოფელი ლაშქართათჳს. აღავსნეს დიდნი და მცირენი და დაუდგინნეს ქალაქსა მცველნი. და წარვიდეს მუნით და განვლეს ადარბადაგანი და მიმართეს მიანას. და ცნა მელიქმან მიანისამან მისვლა ქართველთა და ვითარცა თავრეჟელთა ქმნეს, მანცა ითხოვა მშჳდობა; და აღუთქუეს მიცემად ურიცხჳ საქონელი. უსმინა ზაქარიამ და მოიყვანეს მშჳდობის-ყოფად; და მოიღო მანცა ოქრო და ვეცხლნი და ქვანი ძჳრფასისანი. და აღივსნეს მუნცა ყოვლითა სიმდიდრითა. და დაუტევეს მცველნი და წარვიდეს მშჳდობით და მიიწივნეს მცირესა ქალაქსა ზანგანს, და იყო ალიზის ზღუდით განმაგრებული. ხოლო ქალაქი ძლიერად განამაგრეს და იწყეს ფიცხლად ბრძოლად. ვითარ განგრძელდა ომი, განიყვეს თემთა და თემთა ზღუდე ქალაქისა, რათა შესთხარონ. მაშინ იწყეს თხრად ზღუდეთა: პირველად მარჯუენესა მჴარსა მესხთა შეჴურიტეს და უწინ შევიდეს ქალაქსა შინა, და რომელნიცა დახუდეს შიგნით მეომარნი, იწყეს ჴოცად და სრვად. აღივსნეს მესხნი ურიცხჳთა საქონლითა; და მერმე შემოუჴურიტნეს ყოველგნით, წარმოტყუენეს და აღივსნეს საქონლითა; და მცირედ განისუენეს და მერმე ამჴედრდეს და წარემართნეს ხუარასნით და მწუხრსა მივიდეს მცირესა სოფელ-ქალაქსა მუსულმანსა, იგიცა მოტყუენეს და მცირედ განისუენეს.

და მერმე წარვიდეს ქალაქსა ხორასნისასა; და ყაზმინს რაჲ მიიწივნეს, აიყარნეს და ვერ წინა-აღუდგეს ყაზმინელნი და ივლტოდეს მთად. მოარბიეს იგიცა და აღივსნეს საქონლითა. და აღკიდეს საქონელი მათი მათსავე საჴედართა. კაცთა არაჲ ავნებდეს, არამედ ტყუედ წარმოიყვანდეს კაცთა და მცირეთა ვაჟთა. და წარემართნეს მთად ლტოლვილთა მიმართ და მიეწივნეს. აღივსნეს მუნცა ოქროთა და ვეცხლითა და ცოლთა მათთა სამკაულითა. და უშინაგანეს რომგუარსა მიმართ მიიწინეს, რომელ არს ხორასანი.

რაღა გრძელ სიტყუა! ვითარ მიიწინეს ვიდრე ქალაქად გურგანისად და მოაოჴრეს ქუეყანა იგი და ვერღარა ძალ-ედვა წიაღსვლა ალაფისაგან, შემოიქცეს გამარჯუებულნი და ძლევაშემოსილნი ქართველნი. რამეთუ აქამომდე არავინ ქართველთა ნათესავი მიწევნულ იყო ლაშქრად, არა მეფე, არცა მთავარი, და ვერვინ წინა-აღუდგა სპარსეთს შესვლასა მათსა, ვერ ხუარასნისა სულტანი, ვერცა ერაყისა და ვერ რომელი თემი სხუაჲ.

ესრეთ უზომოთა და ურიცხჳთა სიმდიდრითა აღვსებულნი და განმდიდრებულნი შემოიქცეს და მოვიდეს კერძოთა ერაყისათა. და ვითარ გურგანის ქუეყანისა ამბავი, ქართველთა მიერ ქმნილი, უცნაურქმნილ იყო ყოველთა მიერ და ერაყის სულტნის მოსრვა, კაცი ვინმე მისრულ იყო მიანას სულტანსა თანა, ესევითარი ტყუილი ეთქუა, ვითარმედ: „მოვიდა თჳთ დიდი სულტანი და გილანელ[ნ]ი, სულტანი ხუარასნისა და ერაყის სულტანი, და გილანელთ ყოვლგნით გზა შეუკრესო ქართველთა და მოსრნეს, რომელ არცა ერთი კაცი ქართველთაგანი განერაო ეგოდენისა სიმრავლისაგან, არცა მთხრობ[ე]ლი მივა საქართველოსაო“.

ხოლო ესე რაჲ ესმა მელიქსა მიანისასა და მიანელთა, დიდათ განიხარეს; და ქართველთაგან დატევებულნი მცველნი ქალაქისანი დაჴოცნეს და ძელსა ზედა ჩამოჰკიდნეს. გარნა ერთი კაცი ქართველი დაიმალა მცველთა მათგან ქალაქსა შინა. და ვითარცა მოვიდეს ქართველნი ძლევაშემოსილნი და განმდიდრებულნი მიანას, წინა-გაეგება სულტანი მიანისა დიდითა ძღუნითა, ხოლო ეგონა დაფარვა ნაქმრისა მათისა. იხილნა რაჲ ზაქარია, იკითხ[ნ]ა მცველნი მათგან დატევებულნი; ხოლო მათ რქუეს, ვითარმედ: „თავრეჟს წარვიდეს მუნ დატევებულთა მცველთა თანა“. მაშინ მოვიდა დამალული იგი კაცი და აუწყა ნაქმარი მიანელთა: მცველთა მოწყუედა, ტყავის გაჴდა და ძელსა ზედა დაკიდება; და შესწამა პირის-პირ მელიქსა, და იგინი იდგეს უსიტყუ[ე]ლნი.

და ვითარ ესმა ესე ზაქარიას და ივანეს, დიდად განმწარდეს და ძნელად აღუჩნდ[ა] ესე. შეიპყრეს მელიქი და ყოველნი სახლეულნი და თჳსნი მისნი, და ყოველნი სიკუდიდ დასაჯნეს თჳთ იგი და შვილნი მისნი, ტყავები დაჴადეს და ძელსა ზედა ჩამოკიდნეს; და ქალაქი მოაოჴრეს, მოწუეს, და ტყუე ყვეს; ხოლო სიმდიდრე რომელ წარმოიღეს, შეუძლებელ არს აღრიცხვა მათი

ესრეთ მომართეს გზასა, რომელ აღმოევლოთ ადარბადაგნით, მოვიდეს და მოეგებნეს პირველად უჟანით და მერმე თავრეჟელნი მითვე ძღუნითა, და მოართუეს სიმდიდრე აურაცხელი, რომლითა აღივსნეს სრულიად სამეფონი, და თჳთ მეფეთ-მეფისა თამარისთჳს წარმოგზავნეს თუალნი დიდფასისანი, ძჳრად საპოვნელნი, და ჭურჭელნი უცხონი. და დაუტევნეს მშჳდობით მყოფნი ადარბადაგანისანი და გამოვლეს რაჴსი, და ამოვლეს პირი ნახჭევნისა და მოვიდეს ტფილისს მეფისა წინაშე. მხიარულ იქმნა მეფე, მმადლობელი ღმრთისა და მხიარულითა პირითა გაეგება, ზეიმითა და დიდებითა. იყო ჴმა ბუკთა და დუმბულთა, რომელ არცა ძუელ ოდესმე ქმნილ იყო ესევითარი გამარჯუება არცა მეფეთაგან, არცა მთავართაგან.

შევიდეს ისანთა და დაჯდა მეფე ტახტსა ზედა სამეუფოსა. შეუძღუა ამირსპასალარი და შევიდეს თავადნი და დასხდეს წესისაებრ. და მოიღეს არმაღანი ურიცხჳ და დადვეს მეფისა წინაშე. განკჳრდა მეფე, რომელ არავის ქართველთაგანსა ენახნეს ეზომნი სიმდიდრენი, აურაცხელნი თუალნი და მარგალიტნი. ხოლო მეფე თამარ არა უმადლო იპოვა ღმრთისა მიმართ; აღასრულებდა ლიტანიობათა და ღამისთევათა, მრავალი განსცა ობოლთა და ქურივთა ზედა, და ეკლესიანი აღავს[ნა] სიმდიდრითა და ლაშქართა ზედა განყო საჭურჭლე დიდი. იყო მადლობა ღმრთისა [მიმართ დაუცადებელი] ესევითარისა გამარჯუებისათჳს [და] ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა.

მაშინ მოიწია მწუხარება დიდი, რამეთუ მიიცვალა ზაქარია ამირსპასალარი, ძე სარგის ამირსპასალარისავე, კაცი დიდად გადიდებული და ყოვლითა სათნოებითა აღსავსე, რომელიცა იგლოვა მეფემან და ყოველმან კაცმან საქართველოსამან. რამეთუ არავინ მჴნედ გამოჩენილ იყო მთავართა შორის ჟამთა ამათ, რამეთუ გუარისაგანცა მო-ვე-აქუნდა: რომელი იყო ნათესავი არტაქსე[რ]ქსი ჴელგ[რ]ძელისა. და იყო სარწმუნოებით სომეხი, არამედ ყოველნი სათნოებანი სა[ღმრთო]ნი და საკაცობონი აქუნდეს. და დაუტევა შვილი ერთი.

მაშინ მოუწოდა მეფემან ივანეს მსახურთუხუცესსა, ძმასა ამის ზაქარიასსა, და ინება აღყვანება პატივსა ძმისა მისისასა, და უბოძა ამირსპასალარობაჲ. ხოლო ივანე, საქმისა ამისთჳს განკჳრვებული, ეტყოდა მეფესა: „პატივი ესე, რომლითა პატივ-გიცემიეს ჩემდა, დიდად დიდებულ არს და მე უღირს ვარ. არამედ ამას გევედრები, რათა ძმისა ჩემისა სახელსა არა აჴსენებდე[ნ] ჩემ ზედა, რათა არა მრცხუენეს ნაცვლად მისსა დგომად; არამედ ათაბაგობითა პატივ-მეც; რამეთუ საქართველოსა შინა არა არს ესე წესად თქუენ მეფეთა წინაშე ათაბაგობაჲ. ამით განადიდე წყალობა შენი ჩემ ზედა, რათა ახალსა უაღრესსა პატივსა ღირს-მყო და ათაბაგობაჲ მიბოძო, ვითარცა წესი არს სულტანთა, რომელ მეფეთა გამზრდელთა და სულტანთა ათაბაგობით უჴმობენ; ამით განადიდე წყალობა შენი ჩემ ზედა”. მაშინ მეფემან უსმინა ვედრება მისი და უბოძა ათაბაგობა, რომელ არა ყოფილ იყო ქართველთა მეფეთა წინაშე და არცა ვის ბოძებოდა. მსახურთუხუცესობა უბოძა ვარამს, ზაქარია გაგელის ძესა, კაცსა საპატიოსა და ლაშქრობათა შინა გამარჯუებულსა. ესრეთ იყვნიან მარადის მეფისა წინაშე.

ხოლო მეფე თამარ ზამთარ დუინს იყვის და ზაფხულ კოლას და ცელის ტბას, ზოგჯერ გარდავიდის აფხაზეთს: გეგუთსა და ცხუმს.

ხოლო მათ უკუე ჟამთა შინა იწყეს კაცთა მთეულთა განდგომად, ფხოელთა და დიდოთა. რამეთუ დიდონი მშთვარსა და უხარშავსა ჭამენ, და მრავალნი ძმანი ერთსა დედაკაცსა მიიყვანებენ ცოლად; და რომელნიმე უჩინარსა რასამე ეშმაკსა თაყუანი-სცემენ და ზოგნი უნიშნოსა შავსა ძაღლსა, და ამას ესევითარსა ყოფენ. ხოლო ფხოელნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ. ამათ იწყეს რბევად, ჴოცად და ტყუეობად, ცხადად და ღამით.

მაშინ მეფემან თამარ მოუწოდა ათაბაგსა ივანეს და ყოველთა მთიულთა: დვალთა, ცხრაზმელთა, მოჴევეთა, ჴადელთა, ცხავატელთა, ჭართალთა, და ერწო-თიანელთა, მისცა ივანე ათაბაგსა და წარავლინნა მათ ზედა. ხოლო ივანემ გონიერად ყო: აღვიდა მთასა ჴადისასა და წარვლო წუერი მთისა და წარდგა მთასა ფხოელთასა და დიდოთასა, რომელი-ესე არავის ექმნა, არცა პირველ და არცა შემდგომად; ერთ კერძო დაურჩა დურძუკეთი და ერთ კერძო^დიდოეთი და ფხოეთი.

ცნეს რაჲ მისვლა ათაბაგისა, მოვიდეს ძღუნითა მეფენი დურძუკთანი, მოსცნეს ლაშქარ[ნ]ი და დაუდგეს გუერდს. და იწყეს ზეიდამ ბრძოლა, რბევა და კლვა და ტყუეობაჲ და დაწუვა; და მოსწყჳტეს ურიცხჳ კაცი დიდო და ფხოელი, და დაყვ[ნ]ეს სამნი თუენი: ივნისი, ივლისი და აგჳსტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისაგან მოსცეს მძევლები, აღუთქუეს მსახურებაჲ და ხარაჯა, და მისცეს პირი სიმტკიცისა, ქმნეს ზავნი. და წარმოასხა მძევლები, და ესრეთ გამარჯუებულნი მოვიდეს წინაშე მეფისა [და] რქუა: „ძლიერო მეფეო! იქმნა ბრძანება შენი, და მოვაოჴრენ ურჩნი მეფობისა შენისანი დიდოეთი და ფხოე[თ]ი“. ხოლო მეფემან დიდად დაიმადლა და უაღრესსა პატივსა აღიყვანა.

და იყო ყოველგან მშჳდობაჲ და წარმატებაჲ, და დღითი-დღე შემატებაჲ სამეფოთა ღმრთივდაცულისა მეფისა თამარისათა; ხოლო სპანი მისნი განისუენებდენ ნადირობითა და ბურთაობითა. და თჳთ თავადნი და წარჩინებულნი მარადის მეფესა წინაშე იყვნიან; იხარებდეს და აღივსებოდეს ნიჭითა და საბოძვრითა მეფისა მიერ მათისა.

მხიარულად ამბისაგან მეტყუელი პირი აწ მწუხარებისა მიმართ მიიქცევის, რამეთუ მეგულვების აწ წარმოთქმა ყოვლისა სოფლისა საგლოველისა ამბისა

რამეთუ ვითარ დიდისა კოსტანტინეს ძმისწულისა ივბიმიანოსისათჳს წერილ არს, რომელ რქუა ანგელოზმან მონაზონსა ვისმე, რომელი იგლოვდა სიკუდილისათჳს ივბიმიანოსისა, ვითარმედ: „რასა დააკლო ღმერთმან ქრისტიანეთა ესევითარი მეფე, რომელსა ანგელოზმან დაადგა გჳრგჳნი სახილველად ყოველთა?“ და ეტყოდა ანგელოზი: „რაჲ არს, ბერო, რასა გამოეძიებ შენ მსჯავრთა ღმრთისათა? აწ გიბრძანებს: დასცხერ გამოძიებისაგან მაგის ბოროტისა! არა უწყი, რომელ აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდე, უკეთუ მართლმადიდებელი იყოს, არცა იგი ღირს იყო მეფობასა ივბიმიანოსისა, არა თუმცა საბერძნეთი ოდენ!“ ეგრეთვე აწცა იქმნა ამის დიდისა მეფისა საქმე: არა თუ ოდენ საქართველო, არამედ არცა თუ ოდენ ყოველი ქუეყანა ღირს იყო მეფობასა თამარისასა.

ნაჭარმაგევს გარდმოდგა მეფე თამარ და მის წინაშე იყვნეს ყოველნი დიდებულნი და წარჩინებულნი. დაიურვნა და განაგნა საქმენი სამეფოსა თჳსისანი, და უფროსღა ეკლესიათა და მონასტერთანი. და მუნ დგომასა შინა გამოაჩნდა სენი რამე მომაოჴრებელი ჩუენი, რომელი დღითი-დღე დამძიმდებოდა მის ზედა; და დიდხან ფარვიდა, რათა არავინ შეაწუხოს. გარნა ურგებელ იქმნა რაჲ ჭირი არა-მიმთუალველი კურნებისა, მაშინღა განაცხადა, რამეთუ დედობრივმან უძლურებამან განგრძობილთა შინა მჴედრობათა არა თავს-იდვა შეუმთხუეველად მიშუება აგებულებისა.

და აქა საბრალობელ მიჩნს დიდად ერთგულნი იგი კაცნი, თუ ვითარ უგულებელს-ყვეს ეგოდენი ტკივნეულობაჲ მისი. რამეთუ წარმოიყვანეს კუბოთა ტფილის[ს], და შემდგომად მცირედთა დღეთა ენებათ ჩუეულებისაებრ, რათა დასოს განვიდენ; ისწრაფდეს და მუნ წარიყვანეს კუბოთავე და დიდად განძნელდა სენი იგი უწყალო, და კუალად წარმოიყვანეს აგარათა ციხესა.

და უქმ იქმნა მის ზედა ყოველივე ბუნებათა გამომეძიებლობა მკურნალთა ჴელოვნებისა. ამისთჳსცა იყვნეს თჳთ მუნ და ყოველსა ადგილსა ლიტანიობანი და ღამისთევანი მიმდემნი; და ცრემლთა დინებანი იხილვებოდეს მდიდართა და გლახაკთანი სწორებით. გარნა განჩინება წინააღუდგომელი იყო, და დღემან იწყო მ[ი]დრეკად და მზემან დასვლად და ჰაერმან სხუად ფერად უფერულობა; და ცისკარსა დღისასა ზედა იწყეს შემოსად ბნელთა ღრუბელთა: ღაწუთა მათ ვარდოვანთა იწყეს დაჭნობად, და თუალთა მათ, ტბაებრ მზისა შემცხრომელთა, სიმრუმედ მიმართეს. ჴელთა მათ, მსახურებისაგან გლახაკთასა არაოდეს დაცხრომილთა, იწყეს მოუძლურებად; და ფერჴთა მათ, მარადის ღმრთისათჳს მაშურალთა, იწყეს შედრეკად; და ყოველნი ნიშნი ცხოვრებისანი სხუად და სხუად ფერად იხილვებოდეს.

ზოგადმან უღონოებამან მოიცვნა ყოველნი და არა უწყოდეს, რამცა ყვეს. მთავარნი იცემდეს პირთა, გლახაკნი იტყებდეს თავთა, და ყოველნი ნაცვლად მიუპყრობდეს თავთა თჳსთა და შვილთა თჳსთა ღმერთსა, და ითხოვდეს მის ზედა მომავალსა სიკუდილსა: „რათა მარტო ესე დარჩეს და ჩუენ ყოველნი მოგუსრენ“, - ამას ჴმობდეს. და მოეცვათ სასუენებელი პალატისა, რომელსა აქუნდა ცხედარი უბადრუკებისა ჩუენისა; და ღონე თუმცა იყო, ეცდებოდეს, რათა არა აუფლონ სიკუდილსა შემოსვლად. რა იყო, რომელი არა იხილვებოდა მუნ, ანუ სავედრებელთაგანი გინა მწუხარებათა! გარნა მწოდებელი კართა ზედა დგა და მბრძანებელისა წინააღდგომა შეუძლებელ იყო.

ბრძენმან ბრძნისა ნეტარება აქაცა მოიღო თამარ, რამეთუ შემოუწოდა ყოველთა სამეფოსა თჳსისათა წინაშე მისსა, განიმტკიცა თავი თჳსი, და მჴნედ მჯდომარე ესრეთ ეტყოდა: „ძმანო ჩემნო და შვილნო! მე ესერა მივიწოდები მსაჯულისაგან საშინელისა, უსაშინელესისა უფროს მეფეთა ქუეყანისათა, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი. თქუენ ყოველნი თჳთ მოწამე ხართ, რამეთუ თავისა ჩემისა თანა მაქუნდა სიყუარული თქუენი, და სარგებელსა და სათნოსა თქუენსა არა დავაკლე თჳთოეულისაებრ არზანგისა, ვიდრემდის განგებითა ღმრთისათა ვიყავ თქუენ ზედა მეფედ. აწ მეცა წარვალ მამათა ჩუენთა თანა გზასა ჩემგან უცხოსა, ბრძანებითა საშინელითა და განყოფითა საკჳრველითა. გევედრები ყოველთა, რათა მარადის კეთილსა შინა იყვნეთ მაჴსენებელ ჩემდა. აჰა ესერა, მკჳდრად სახლისა ჩემისა დაგიტევებ რომელნი მომცნა ღმერთმან შვილნი ჩემნი, გიორგი და რუსუდან. ეგენი მიიხუენით ჩემ წილ და მაგათ აღმოგივსონ დაკლებული ჩემი“.

შევედრნა ყოველთა და მიუთუალნა წინაშე ხატსა ქრისტესსა და ჯუარსა ცხოველსმყოფელსა. და მერმე უკანასკნელ ჴმა აღმოუტევა, და ყოველთა მშჳდობა მისცა ესრეთ მეტყუელმან: „ქრისტე, ღმერთო [ჩემო] მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქუეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა, და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულსა, და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა“.

მაშინ განვიდეს ყოველნი მწარედ მტირალნი. და თამარ დაიძინა ძილი იგი მართალთა თუესა ინვარსა ი˜ჱ. და აღივსო მზე ქართლისა, და საფლავმან სადიდებელად თჳსად დაგუაჭირვა ცხოვრება მსოფლიო ყოველთა ქრისტიანეთა.

აქა რაღა ჯერ-არს თქუმა, გარნა ბავთის ღაღადი, ბნელი უნათლო და გლოვა უნუგეშინისცემო? რამეთუ ვინ იყო ნუგეშინისმცემელი, ოდეს მწუხარება ზოგადი იყო ყოველთათჳს? სატუხელ იქმნა პირი ქუეყანისა, აღეპარსა ყოველთა თავისა თმანი მხოლოდ სახელისა ოდენ მქონებელთა. ჴმასა თანა ვაებისასა ქუესკნელნიცა შეიძრნეს, ყოველნი ფლასითა [შეიმოსნეს]. ესრეთ გუანდა, დაღათუ ჩუენ თანა იგლოვს ცა და ყოველი სოფელი.

მაშინ უკუე აღმოიყვანეს და მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს, და მერმე უკანასკნელ თჳთ მუნვე გელათს დაამკჳდრეს თჳსსა შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკჳდრებელთა პაპთა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა.

იცვალა ფერი ქართველთა მხიარულებისა, რამეთუ განბიცნეს ბაგენი მათნი, რომელთა პირსა შინა პირველ სხუა არარა მოაქუნდა, ვითარ „თამარ“. რამეთუ სახლთა ზედა აკროსტიხორად თამარის შესხმათა დასწერდეს, ბეჭედთა და დანათა და არგანთა შეამკობდეს და ზედა თამარის ქებასა დასწერდეს. და ყოველთა პირნი ერთბამად მზა იყვნეს, რათა ღირსი რამე თამარის საქებლობისა სიტყუა აღმოთქუან: ყრმანი მემროწლენი განპებასა შინა ორნატთასა თამარის ქებათა მელექსეობდიან; ერაყს მყოფნი მეებნენი გინა მეჩანგენი თამარის შესხმათა მუსიკელობდიან; ფრანგნი და ბერძენნი ზღუასა შინა მყოფნი მენავენი ნიავკეთილობათა შინ[ა] თამარის ქებათა იტყოდიან. ესრეთ ყოველი სოფელი სავსე იყო მისმიერითა ქებითა, და ყოველი ენა ადიდებდა, რომელსაცა ოდენ სახელი მისი ასმიოდეს.

ხოლო საქმეთა მისთათჳს რადღა საჴმარ არს თქმად? რამეთუ კიდით კიდედმდე განისმნეს, ვითარცა თჳთ მოწამე არს ყოველი ჩუენ მიერ ხილული.

სიტყჳსაებრ ბრძნისა, არა უცთომელობა მგონიეს ძალისა უზეშთაესსა მეცადინობა; რამეთუ დაწყება და აღსასრული ამის ჴელყოფისა სრულებით [ესრეთ] ჩანს, [ვითარცა] სიმძიმესა და პატიოსნებასა თანა ოქროსასა ქარქუეტისა ნამუსრევი. რამეთუ ვინ რა წარმოთქუას ღირსი ამისთჳს, გინა რაჲ ვინ პირველ აქოს, ანუ რომელი უკანასკნელ?

სიმდაბლე უზომო, სიმაღლე შეუსწორებელი, სიმშჳდე საქებელი, სიმქისე ჯეროვანი, ლმობიერება მოწლე, მოწყალება თანალმობილი, უმანკოება უზაკუელი, სიწრფოება უსიცრუო, სახიერება ზოგადი, სიუხუე აღუზუავებელი და - თავი ყოვლისა კეთილისა - შიში ღმრთისა და მსახურება მისი შეუორგულებელი; რომელი-ესე ყოველი ამან ესრეთ მოიგო, ვითარ ვერცა ერთი სხუამან ვერვინ. და წამებს ამას ყოველი მახლობელი სამეფო გარეშემო ქართლისა, თუ რაოდენნი დაგლახაკებულნი მეფენი განამდიდრნა, რაოდენთა მიმძლავრებულთა უკუნ სცა სამეფო თჳსი, რაოდენნი განდევნილნი სამეფოდ თჳსად კუალად აგნა და რაოდენნი სიკუდილად დასჯილნი განათავისუფლნა. და ამისი მოწამე არს სახლი შარვანშე[ლთა] და დარუბანდელთა, ღუნძთა, ოვსთა, ქაშაგთა, კარნუ-ქალაქელთა და ტრაპიზონელთა, რომელნი თავისუფლებითსა ცხოვრებასა ამის მიერ იყვნეს და მტერთაგან უზრუნველობასა.

ხოლო სჯულთა მიმართ საღმრთოთა ვინ იყო ესრეთ მოშურნე, გინა სიმდაბლით თავისა მომდრეკელ, რამეთუ თევდოსი დიდსაცა აღემატებოდა! ლოცვანი და ღამისთევანი, რომელნი პალატსა შინა ამისსა აღესრულებოდეს, საეჭუელ მიჩნს მეუდაბნოეთაგანცა; ხოლო მარხვისათჳს რაღა ვთქუა? რამეთუ წესი იყო მონაზონთა და მამხილებელ უდებთა ერი პალატისა.

ეგრეთვე სიყუარულისათჳს ხუცესთა და მონაზონთასა ნამეტნავ არს თქუმად, რამეთუ წესიერად ცხორებულნი კაცნი მარადღე იყვნიან წინაშე მისსა, და მახლობელად სასუენებელისა მისცის მათ საყოფელი, და თჳთ ზრდიდის საზრდელითა და ყოვლითა საჴმრითა, რაცა უნებნ. და უკეთუ მათგანი ვინმე იყვის უძლურ, თჳთ მივალნ მოხილვად და ნუგეშინისცემად, და თჳთ განუმზადებნ ცხედარსა და სარეცელსა.

ხოლო გლახაკთათჳს განეჩინნეს სარწმუნონი ზედამდგომელნი; და ყოვლისა სამეფოსა მისისა შემოსავალნი, რაცა იყო შინათ და გარეთ, ყოვლისა ნაათალი გლახაკთა მიეცემოდა დაუკლებელად ერთისა ქრთილისა მარცულამდეცა. და ამას ყოვლადვე არაჲ [ჰ]გონებდა ქველისსაქმედ, მითუალულად წინაშე ღმრთისა; რამეთუ, რაჟამს მოიცალის მარტოებით ყოფად, მყის აღიღის სასთუელი გინა საკერავი, და ნაშრომსა მას თჳსთა ჴელთასა ხუცესთა და გლახაკთა განუყოფნ თჳსითა ჴელითა.

ესრეთ წესითა, განმტკიცებულითა ღმრთისა სახიერისა სათნოებისათა, არა დაწყებისასა მიხედვიდა, არამედ აღსასრულისათა; და, ვითარცა მზე, სწორპატიობით ყოველთა ზედა განუტეობდა ნათელსა თჳსთა შარავანდედთასა; ესრეთ წყალობითა ყოველთათა მოიზიდვიდა წყალობად ღმერთსა, ესრეთ გამოიფრდიდა ჟამთაგან, ესრეთ განაძლიერებდა მეგობართა, დაღათუ არარათ სიცრუით მოგებულითა და უსამართლოთა.

არაოდეს მომედგრდა ჟამისაგან, არცა უდებ იქმნა ოდესცა განგებისათჳს, არაოდეს აუქმა გონება მისდა რწმუნებულთა საქმეთათჳს, არა დაუმძიმა კრთომასა გონებისასა დამზიდველი რამე ჩუკენებრივი; არცა სიმდაბლესა მირიდა, არცა სიმაღლესა განეყენა, არცა სიტკბოება ჟამიერი უმოთნო-ყო, არცა საშინელება შეურაცხ-ყო; ყოველი განზავა ყოვლითა, რათა სრულებით სრულისაგან წარმოაჩინოს თავსა შორის თჳსსა.

უღაფრობა მაარსებელისა განუგმობელად დაიცვა, რათა მოქცევსა შინა სიმრგულისასა არარად ელმად და უცხოდ მიდრკეს, არცა გარდაყვეს სავსებელისა დუღილსა შინა, არცა მოაკლდ[ეს] შთაზიდვასა შინა საბლისასა; არამედ მეტად დამდაბლებულმან გონიერისა გონებისაგან იყოვლისფერა გარემოდ, რათა მოქცევი თჳსი მარტიობით იხილვოს გუარსა შინა ანაგისასა შეუყოფელად ვნებათა. ისურვებდა და სასურველ იყო, იწადებდა და საწადელ იყო, იქებოდა და საქებელ იყო, [ჰ]ნატრიდეს და სანატრელ იყო; და არარაჲ იყო სხუა კეთილი, რაცა-იგი არა იყო მის შორის.

ურჩნი თჳსნი დაამდაბლნა და მოყუარენი აღამაღლნა. არა იღუწიდა უმეზობლობასა, არცა შერთვიდა სახლსა სახლსა ზედა, არცა აგარაკსა აგარაკსა ზედა უცხოსა, არამედ თჳსი მამული ძუელი კმა-იყო, რათა არა უსამართლოდ ჰგონონ და მიმხუეჭულად, ვინადგან სამართალმანცა ზენამან უბჭო მართალსა. არა შინებით უთქმიდა მეზობელთა, არამედ უფროსღა სცვიდა მაშინებელთაგან, და მათ საშინელ[ჰ]ყოფდა მტერთა ზედა. შორს განიოტა წურბლის მსგავსი ვერმაძღრისობა, ვინ არა გესლოვან [ყო] ნაყოფი, და არცა ბუგრიან ნაშრომი.

ბჭედ ჯდა შორის თავისა თჳსისა და მეზობელთა მეფეთა, არა მიშუებად ბრძოლისა, არცა გარდადებად უღელსა მძლავრობისასა ურთიერთას, და სახედ თავსა თჳსსა მისცემდა; და ამისთჳს მათ ზედა მეორე სოლომონ იქმნა მეფეთა შორის; და არა ერთი საბელი აღძრა სურვილად, არამედ ყოველნი, რომელთა ესმა სახელი მისი, ვინა დიდთა მეფეთა ცუდად შერაცხეს თჳსი ბედკეთილობა ვერ-ხილვისათჳს მისისა. კნინღა და ყოველსა ზღუასა აღმოიწრედდა თჳსად, ვითარცა ღრუბელი, ყოველთა ზედა მსხურებელი ტკბილთა წჳმათა.

განიგემნე ყოველნი მატიანენი, ძუელთა გინა ახალთა მეფეთა მაქებელნი, რამეთუ გარდაემატა თამარის საქმეთა ჭეშმარიტებით საქებელობა სიტყჳსაებრ პირველთასა; სახარულ იყო თხრობათა შინა და კდემულ განმსწავლელობითა, შემხებელ ლბილობით და განმწურთელ სიტკბოებით, მგუემელ მოწყალეობით და შემრისხველ თანალმობით, რათა ყოვლად ყოვლითურთ განუგმობელ აჩუენოს თჳსება ღმრთისა. სანთელი იყო გონიერთა და უგუნურთა, პირველ[თა] განმანათლებელ და მეორეთა დამწუელ; აღჳრი იყო უწესოდ მკრთომელთა და დეზ უდებთათჳს; კანონი სირცხჳლისა მოხუცებულთა და კუერთხი რკინისა ჭაბუკთათჳს; კეთილმავალთა სიბრძნით მცველ, ხოლო მბორგალეთა თუალუხუა[მა]დ მგუემელ.

მღდელთმოძღუართა შეიმოსეს შიში; მღდელთა დაიცვეს წესი თჳსი; მონაზონთა მოიგეს წესიერი მოქალაქობა; მთავარნი განისწავლნეს სიწმიდითა ცხოვრებად და სიმართლით სლვად; ერნი განემტკიცნეს შიშით მონებად ღმრთისა და ერთგულებით უფალთა თჳსთა; ყრმანი განიწუართნეს მოძაგებად უჯეროსა უსჯულოებისა, რამეთუ ბილწებამან უწესომან და ყრმებრივმან მბორგალებითმან ბორგნეულობამ ვერცა თუ კუალი პოვა დღეთა თამარისთა. ვინა და თჳთ გინებადცა შორს იყვნეს, რომელნიცა პალატსა შინა ღირს იყვნეს გინა კარსა ზედა მსახურებად.

ესრეთ ყოველსა შინა დაცვითა ღმრთისა მცნებათა მოიგო წყალობა ღმრთისა, და აკურთხა ღმერთმან ცხოვრება მისი და განამრავლა ნაყოფი მისი და თავწარსხმულ-ყო მსგავსად წერილისა: ნათელი აღმოუბრწყინდა მართალსა განთიადისა თანა, და მეუღლე მისი - სიხარული შუადღე და მწუხრი - მშჳდობით დაიძინა სარეცელსა ზედა თჳსსა. შეამკუნა ღმერთმან დღენი მისნი პატიოსნებით და ჟამნი მისნი მშჳდობით. და მეფობასა შინა მისსა არა შეიჭუა პირი მისი ამისთჳს, რამეთუ არაოდეს გარე-მიაქცია ჴელი სათხოველისაგან ქურივთა, ობოლთა და მიმძლავრებულთასა. წარვლნა დღენი მისნი სიხარულსა შინა ამისთჳს, რამეთუ მარადღე ახარებდა ყოველთა გლახაკთა და დავრდომილთა. და უკანასკნელ წარვიდა მამათა თჳსთა თანა, და შეეძინა; და დაუტევნა ორნი შვილნი, გიორგი და რუსუდან, შუენიერნი, საწადელნი, სასურველნი და საქებელნი, შექმნით სეფის პირნი, გონიერებით აღსავსენი, სიბრძნით შემკობილნი და ყოვლითა სიკეთითა სრულნი. თამარ ოცდასამთა შინა წელიწადთა შეაწყუდია ყოველი გუარი კეთილმეფობისა.

აქა დავჴში სიტყჳსა წყობა, მომავალთათჳს ყოველთაგან აწინდელთა სხუათა ძლევისა მიცემითა ყოველთა, და უმჯობესად შესატყჳს შესაძლებელად სახისმეტყუელებასა უაღრესისა [სიტყჳსასა] პოვნით, და ამისთჳს ჩუენ მიერ დუმილით პატივ-ცემით დავიდუმოთ.