ვინაჲთგან სახელნი და აღშენებანი ვისით იქმნა ქუეყნისა ამის დავსწერენით, აწ ვიწყოთ თჳთოეულთა წარმოთქმად მთათა, ველთა და წყალთა. არამედ ვინაჲთგან არს ყოველთა აქაურთა მდინარეებთა მტკუარი უდიდესი, რომელი განვლის საშუალ ქუეყანასა ამას, პირველად ვაჴსენოთ მდინარე იგი, რომელი გამოსდის კოლას ყალნუ-მთას, გამოვლის სამცხეს, ქართლს, ჰერეთსა, რანს შორის, განვლის მოვაკანს, მიერთვის რახსს, ჯავათს და სალიანს ქუეით ერთვის კასპიის ზღუას.
ხოლო ქართლსა შინა არს განით მტკუარი ჲ, ო და პ მჴარი და ადგილს უმეტესიცა, და სიღრმით ადგილ-ადგილ განისლვების ფონად. სადაცა უმეტეს განვრცელდების, მუნ დის ჩქარადცა და, სადა დამდორდების, არს ფრიად ღრმა. გარნა კიდეთა მტკუარისათა ამიერ და იმიერ კლდენი ქარაფოვანნი, უმეტეს ადგილთა ჭალიანი, ბალახიანი, ჩალიანი, ნადირიანი, ფრინვლიანი. ზის მას შინა თევზნი მრავალნი და გემოიანნი, რომელსა იპყრობენ ბადით, კონით, ფაცრით, ნემსკავით, საფიჩხულითა და ოჩხითა. ჟამად იპყრობისცა ზუთხი, რამეთუ განჯას ქუემორ არს ამ მდინარესა შინა ურიცხჳ და აქა სიჩქარისაგან მდინარისა მერ აღმოვალს. და ჴეობასა შინა მტკურისასა უმეტეს ჩქარი არს, ვიდრე დვირადმდე, და დვირს ზეით ეგრეთვე, ვითარცა ქართლსა შინა.
ამ მტკუარს ერთვიან ყოველნი მდინარენი კოლისა, არტანისა, ჯავახეთისა, სამცხისა, ქართლისა, კახეთისა, ჰერეთისა, რანისა, მოვაკანისა და თჳთ არაზიცა. არამედ არს მტკუარი სასმელად გემოიანი და შემრგო, უმეტეს ქართლსა და სამცხესა შინა.
ხოლო აწ ვინაჲთგან საზღვარი ქართლისა ბერდუჯის მდინარე არს, ვიწყოთ მუნითგან წერად. რამეთუ მდინარე ესე ბერდუჯი გამოსდის მთასა აბოცისასა და დის აღმოსავლით ჭოჭოკანამდე, მერმე მოიქცევის და დის ჩდილოთ კერძ და მიერთვის ქციის მდინარეს. არამედ სახელითა იწოდების სამითა: პირველი ბერდუჯი, ბ̃ საგიმი, გ̃ დებედა. ხოლო ბერდუჯი დაბისაგან ბერდიკისა ეწოდა, არამედ საგიმს ვგონებ ინჯას ანუ აღისტევს.
არს ესე მდინარე სარგებლიანი მუნ, სადაცა იწყებს დინებასა ჩდილოთ კერძ, თევზთა სიმრავლითა, ხოლო სახელდობ ორაგული, ლოქო, ჭანარი, გოჭა, კაპოეტი და წურილი თევზი სხუადასხუა გუარნი მრავალნი. და სად აღმოსავლეთად დის, მუნ არს კალმახთა სიმრავლე დიდთა და წურილთა. არამედ თევზნი ამისნი არა ეგდენ გემოიანნი, ვითარცა სხუათა მდინარეთანი.
კუალად აღმოიღებენ რუთა, და ირწყვიან ამიერ და იმიერ ველნი, სადაცა ნაყოფიერებენ ყოველთა მარცვალთა თესლნი: ბრინჯი, ხორბალი, ქრთილი, ფეტვი, ბამბა, თამბაქო, სელი, ხოლო კანაფი უმუშაკოთ, ნესვი, მელსაპეპონი, კიტრი, ბადრიჯანი, პუმპულა. ხოლო მტილოვანნი ყოველნი და წალკოტთა ხეთანი. ამისთჳს იწოდა: "დაბადა ამ მდინარემ ნაყოფნი", ხოლო აწ დებედა. აბრეშუმს აკეთებენ და არა მრავლად. ჰავით არს ზაფხულ ცხელი, გაუძლისი, ზამთარ კეთილმშუენი, რამეთუ არა დაადგრების თოვლი დღე ორ. ფრინველნი მრავალნი: ჴოჴობი, კაკაბი, იხჳ ურიცხუნი და სხუანიცა ზემოწერილნი მრავალნი.
ხოლო ძუელად ადგილისა ამის სახელი არს ქურდვაჭრის ჴევი, და აწ უწოდებენ აღჯაყალას თეთრციხე, იაყუფ ყეენისაგან წოდებულს, რომელმან პირველ აღაშენა ციხე ესე და შემდგომად, ოდეს მიუხუნა შააბაზ პ̃ე მეფეს გიორგის, მან მოიყვანნა ელნი ბორჩალუ და დასხნა აქა, და ამით ეწოდა ბორჩალუ, ხოლო სადა აღმოსავლეთით დის ბერდუჯი, არს ფრიად მაგარი ტყითა და კლდითა, შეუალი კაცთაგან. გარნა მოვალს მუნცა ყოველნი მარცვალნი, ბრინჯ-ბამბისაგან კიდე ვენახნი, ბროწეულ, ლეღჳ და სხუანი ხილნი მრავალნი. არამედ ლორის-ციხეს ზეით ცივი, გარნა ზაფხულს შუენიერი, მრავალყუავილიანი, ცივნი და ტკბილნი წყარონი; და ბამბაკის ჴევს არარაჲ, თჳნიერ ხორბლისა, ქრთილისა, სელისა, და თივითა ნაყოფიერებს, ცხოვარი, ძროხა, კამბეჩი, ცხენი, ვირ, თხა. მრავალნი იშობიან ნადირნი: კლდეთა - თხა და არჩჳ, (ფსიტი და არჩჳ იგივე არს); ტყეთა - ირემი, შუელი, დათჳ, მგელი, ფოცხუერი, მელა, კურდგელი მრავალნი. აქა თევზნი და ჴორცნი გემოიანნი. ლორის-ციხეს ქუემოთი ცხელი და ზაფხულს გაუძლისი, გარნა ზამთარს, სივიწროეს გარდა, მშუენი.
ხოლო არს ახპატი და სანაინი მეფეთა ქართველთათა აღშენებულნი, ეკლესიანი გუმბათიანნი, კეთილნაშენნი, საეპისკოპოზო. გარნა აწ სხენან სომეხნი, არამედ მეფე ქართლისა დასუამს ეპისკოპოზსა მიწერითა ოქივარტერისათა, ვინაჲთგან რავდენნი სომეხნი ქართლს მსახლობელნი არიან, სამწყსონი მისნი არიან. აქა იჴდების გვარჯილათა სიმრავლე არა მიწიდამ, არამედ კლდის ნოტიობიდამ.
ამას ზემორ არს მონასტერი მცირე, გარნა დიდშენი, ქობერისა, უპყრავთ სომეხთა.
კუალად დასავლით ამისა არს მონასტერი ძელი ჭეშმარიტისა შუენიერი, ბერდუჯის მდინარესა ზედა, უპყრავსთ სომეხთავე. აქა არს მაღალს კლდესა შინა ქუაბნი მრავალნი, და მას ქუაბსა შინა მდებარებენ წიგნნი მრავალნი ძუელნი, არამედ კაცთა აუსვლელობით უჴმარ არიან.
დასავლით ამისსა არს ციხე ლორისა და ქალაქი მცირე, ზაფხულს მშუენი, ზამთარ გაუძლისი, ორს მდინარეს შუა, კლდესა ქარაფოვანსა ზედა; დასავლით აქუს მინდორი კლდოვანი, მუნიდამ მრავალჯერ აღებულ არს. აწ უპყრავთ სპარსთა.
ხოლო ჴევი ბამბაკისა არს მთებრი და შუენიერი, ნაყოფიერი. ნაყოფიერებს ხორბალნი, ქრთილი, სელი, შვრივა, სხუა არარაჲ. თჳთ ბამბაკი არს მცირე ქალაქი, და პირუტყუთა სიმრავლე არს, თჳნიერ აქლემისა; თივათა სიმრავლე, თაფლი მრავალი. სომხითისა, ერევნისა და ამისი გამყოფელი არს მთა დიდი, მაღალი და მარადის თოვლიანი, და კალთათა ტყიანი, ნადირიანი, რომელი წარივლის დასავლით არტანამდე, ხოლო აღმოსავლით რანსა და გელაქუნს შუა განვლის და ვიდრე რახსადმდე მივალს.
მთისა ამის სამჴრით კერძი სომხით-ერევნისა არს, ხოლო ჩდილოთ კერძი ბერდუჯისა და რანისა. არამედ ბერდუჯის მდინარის აღმოსავლეთი კიდე უპყრავთ ბორჩალუთა, და დასავლეთის კიდის კერძი უპყრავს მეფესა ქართლისასა ვიდრე ხუნანამდე. ხოლო მთა მცირე ბერდუჯისა ძეს ჩდილოეთით და სამჴრით, და მიადგების წინთქმულს ერევნის მთას. აღმოსავლეთის კერძი მთისა ამისი არს რანისა, და დასავლით კერძი არს ბურდუჯისა. გარნა არს ძუელად საერისთო ხუნანისა. შემდგომად აქუნდა თჳსი ერისთავი რომელსა იტყჳან აწინდელსა ხანსა, რამეთუ, ოდეს მიიღო შააბაზ, ამისის განზრახვით მიიღო, რამეთუ: გექმნებისო შესავალ-გამოსავალი ადვილად ქართლსა შინა.
ხოლო ახპატს ქუეით არს ჴეობა ჭოჭოკანისა ლელვარის მთის ქუეშ, ვენახიანი, ხილიანი, ნაყოფიერებითა და ჰავითა შემკული. მის ქუემორ არს ჩდილოთ ეკლესია აგარაკისა რომელსა შინა დასუა გორგასალ ეპისკოპოზი, შემდგომად იქმნა მიტრაპოლიტი და მეტოქი სომხითისა, რომლისა სამწყსო იყო ხუნანი, გარდაბანი და ბერდუჯის მდინარე, გუმბათიანი, დიდშენი. აწ უწოდებენ ახტალას, გარნა აწ ხუცის სამარ არს. პირისპირ ახტალისა, აღმოსავლით, ბერდუჯის მთასა შინა არს მონასტერი ორი, რომელი ერთი ხელს კუალად ჭკვიან ჰყოფს, და მეორეს შინა დის წყარო და უკეთუ ასუას ბრაზიან-ცოფიანსა მ̃ დღის წინათვე, ვერღარას ავნებს ბრაზი კბენილსა კაცსა. ხოლო ქუემორ ახტალისა არს ქეობა ხოჟორნიისა. არს ხოჟორნიას ეკლესია გუნბათიანი, ხოლო წოფას ციხე მცირე. ჴეობა ესე არს ვენახოვანი, ხილიანი, ყოვლისა თესლისა მოსავლიანი. მას ქვემორ სახლობენ ელნი ქციამდე ველსა ზედა, და სთესენ ყოველსა მარცვალსა, და თესლთა ზეით წერილთა, და მტილოვანთა, სავსენი პირუტყჳთა. ხოლო აწ უწოდებენ ალაღაჯს.
კუალად ქციის პირს, სად ერთვის წყალი შულავრისა, მუნ არიან ელნი ყულარად წოდებული, ეგრეთისავე მოქმედნი, და აღმოსავლით ბერდუჯის კერძოთა მოსახლენი ელნი ბორჩალონი, ეგრეთვე მოქმედნი, ვიდრე ხუნანადმდე. ხოლო ჴეობა შულავრისა არს ლელვარის მთისწაკვრით, იმიერ და ამიერ დაბნები. შულავერი არს დაბა დიდი. ქუემორ მისსა ნაქალაქევი არს, შენობა დიდი, და წყარო ფრიად დიდი დის, ზეით მცირე ციხე. შულავრის სამჴრით კერძ არს გორულის ჴევი, ეყრების შულავრის ჴევს. ამას ზეით ოფრეთი, მცირე ქალაქი და ციხე მისი.
ხოლო კუალად, შულავრის დასავლით, არს მანხუტის-ჴევი და ამის დასავლით ტალავრის ჴევი. ამ ჴევის ბოლოს ჭაპალა და ციხე მისი და ამას სწერენ გაჩიანად. არამედ ჭაპალის ჩრდილოთ, ქციის კბოდეზედ, არს არქევანი. ამას ეწოდა ქაოზიანი, სადაცა არს დიდ-დიდნი ნაშენებნი. ესევე არს გაჩიანი. და ჭაპალისა დასავლით არს ჴევი სარკინეთისა. სარკინეთს ითხრების ლითონი რკინისა და სპილენძისა, და იპოების მცირე ლაჟვარდიცა.
ამის დასავლით დის მდინარე ფოლადაური, გამოსდის ლელვარს და მოერთვის მდინარეს მაშავერს. ამას ზედა არს მცირე ქალაქი ბოლნისი. მას ზემორ ეკლესია დიდი, უგუმბათო, ბოლნისისა, რომელი აღაშენა კ̃თ მეფემან ფარსმან, და გორგასალ დასუა ეპისკოპოზი. შემდგომად შემუსრვილი აღაშენა პ̃თ დედოფალმან მარიამ. აწცა ზის ეპისკოპოზი მწყემსი აწინდელის ქართლის სომხითისა. პირისპირ ამ ეკლესიისა არს მონასტერი წუღრუღაშენს , გუმბათიანი, შუენიერად ნაშენი შუენიერს ადგილს და აწ უქმ არს. ამას ზეით ციხე ბერდიკისა მაღალს კლდესა ზედა, ფრიად მაგარი. აქა ერთვის დასავლეთიდამ ჴევი ფოლადაურს, რომელი გამოსდის ლოქის მთასა და დაბნებით შენი არს. ამას ზეით არს მონასტერი ჰუჯაბისა, გუმბათიანი, კეთილს ადგილსა, და აწ ცალიერ არს. ხოლო განჰყოფს ამ ადგილთა და ბერდუჯის მდინარეს მთა ლელვარი, რომელი მდებარებს აღმოსავლეთიდამ დასავლეთად, და ამის მთისაგანვე გამოსული მცირე მთა, ჩრდილოთკენ მდებარე ბოლნისისა. ხოლო ლელვარი არს მთა მაღალი, თხემთა უტყეო და კალთათა ტყიანი, და ნადირითა სავსე. ლოქამდე სამჴრეთის კერძი ბერდუჯისა და ჩდილოთ კერძი სომხითისა. კუალად ლოქის მთა განჰყოფს ტაშირსა და კაზრეთს, ბალიჭსა და დბანის ჴევსა, და არს იგიცა, ვითარცა მთა ლელვარისა, და მიადგების აბოცის მთასა, რომელი არს ირჯანისა. არამედ ამ ადგილთა დებედიდამ ბოლნისის დასავლის მცირე მთამდე და ქციის მდინარიდამ ლელვარ-ლოქის მთამდე უწოდებენ აწ სომხითს, ძუელად არს საერისთო ხუნანისა. და არს შემკობილი ყოვლითა, ვენახნი და ხილნი მრავალნი, არამედ მთის კერძოდ არა არს. თესლნი ყოველნი ნაყოფიერებენ. მროწლენი, არვენი, კოლტნი ღორთა, ჯოგნი მრავალნი, ღჳნო მრავალი, მთათა ნადირნი ურიცხუნი და ფრინველნი, რომელნი აღვსწერეთ, უთუალავნი. ჰაერი ქცია-ბერდუჯის მდინარეთ კიდესა ცხელი, უმშუენი, გაუძლისი, სხუათა ადგილთა კეთილი. ტყენი ბევრნი, წყარონი ცივნი და მშუენნი უამრავნი. და ქციის სამჴრით ველი იყო უწყლო. გაიღო ჟ̃დ მეფემან ვახტაწგ ძუელი რუ, და აწ რწყვის მით და ნაყოფიერებს ფრიად. ამ ადგილთა შინა მოსახლენი არიან სარწმუნოებით სომეხნი და მცირედად ქართლის სარწმუნოებისა, არამედ ქცევა-ზნითა ქართულითა. სახლობენ თავადნი, ხოლო აზნაურნი მრავალნი.
ხოლო ლოქის მთის სამჴრით კერძოს მდინარენი, რომელნი დიან და მიერთვიან ტაშირის წყალსა, იგი ერთვის ლორის ციხესთან მდინარეს დებედას. არამედ ლორეს ზეით და ლოქის სამჴრით, ვიდრე დებედამდე და არჯანის მთამდე, ეწოდების ამ ადგილს ტაშირი სივაკისათჳს, და არს ნაყოფიერი ხორბლით, ქრთილით, სელით, შვრივით, პირუტყჳს სიმრავლით; ზაფხულს ფრიად შუენიერი, ბალახოვან-ყუავილიანი, წყარონი მრავალნი მშუენნი, ფრინველნი, თჳნიერ ჴოჴბისა და კაკბისა, მრავალნი; მდინარენი კალმახითა სავსენი, არამედ სხუა თევზნი მცირედ. ხილნი და მტილ-წალკოტოვანნი არარაჲ იპოების, თაფლი მრავალი და სპეტაკი, ვითარცა თოვლი, და უწყინარი. სელისაგან ჴდიან ზეთსა მრავალსა, იჴმევენ, სწვენ და ჰყიდიან. ზამთარი ცივი და თოვლიანი, ვითარ ორს ადლად, და ყინვანი, არამედ სცხორებენ უღუმელოდ. არა არს ტყე, არცა ხე, და ზიდვენ ლოქ-ლელვარიდამ. უმეტეს ჴმარობენ თივათა საზრდელისა და სითბოსთჳს. აქ მისხანას ითხრების ლითონი სპილენძისა მრავალი. კუალად ითხრების ქვა მიწიდამ წითელი და ფრიად მაგარი, ელვარე და წმინდა. მსახლობელნი არიან სარწმუნოებით სომეხნი. არამედ სამწყსონი არიან დბანისისა, და მოსილნი არიან ბინძურად და გაზეთილნი, გრძელჩოხიანნი, ავფერუშუერად, გარნა არიან ჰაეროვანნი და ტანოვანნი, შემძლენი, ლაშკრობათა შინა გამოუცდელნი, უჴმარნი.
ხოლო ტაშირს, აბოცსა და ბერდუჯ-ბამბაკსა ჰყოფს მთა ირჯანისა და აწ ყარაღაჯად წოდებული. და არს მარადის თოვლიანი, და უტყეო, და კალთათა ბალახოვანი, ყუავილიანი, წყარონი მრავალნი კეთილნი. მდებარებს სამჴრიდამ ჩდილოოთ კერძ. აქა ითხრების თეთრი ქვა, მგზავსი მარმარილოსი. ამ მთის დასავლით კერძ არს აბოცი, აწ ყაიყულად წოდებული, გარმოხვეული სრულიად მთითა და შუაში ვაკე, და მთის კერძად გორიანი, მოსავალ-მოუცდენელი: ხორბალი, ქრთილი, სელი, შვრივა, სხუა არარაი, არცა ხილნი და მტილოვანნი. პირუტყუთა სიმრავლე არს თივის სიბევრისათჳს. თევზი მცირედ, და იგიცა კალმახი. ყაზანჩი იყო ქალაქი მცირე. პალაკაციოსა და აბოცს შორის არს მთა აღბაბასი, და იგი მთა არს საზღვარი ქართლისა და ყარსისა, ვიდრე თეთრ ციხემდე და ტბამდე ტაშაღანისა. ხოლო აბოცი აოჴრებული აღაშენა ჟ̃ მეფემან ვახტანგ, და აწ ტყუე ჰყო შანადირ. სარწმუნოებით იყვნენ სომეხნი, კაცნი ჰაეროვანნი და ტანოვანნი, არამედ უშუერად მოსილნი, ვითარცა ტაშირელნი, გარნა ბრძოლასა გამოსადეგნი, და ესენიცა მჴდელნი ზეთისანი.
ხოლო ყარაღაჯისა და ტაშირის მთის ჩდილოთ კერძი არს დბანისის ჴეობა, და მდინარე მაშავერი, მიმდინარე მის შორის. ხოლო იწოდა ქციის რთვისათჳს: "მა, შავერიე ქციას", და აწ მაშავრად წოდებული. არამედ გამოსდის კეჩუთის მთასა, და მიდის აღმოსავლით, და მიერთვის ქციას ნაჴიდურის ბოლოს. ხოლო განჰყოფს ჴეობასა ამას სამჴრით მთა ყარაღაჯი და ლოქისა, აღმოსავლით მცირე მთა ბოლნისისა, ჩდილოთ მთა ლუკუნისა, წავლილი აღმოსავლეთად, ვიდრე ნაჴიდურამდე, დასავლით მთა კეჩუთისა და ბოლოლისა.
და მთა კეჩუთისა და ბოლოლისა არიან უტყეონი, და ჴევთა შინა არს არყნალნი და მთა ბალახოვანნი, შამბნარიანნი, ყუავილოვანნი და წყაროიანნი. აქა არს ყუავილი სუმბული, ფერით სპეტაკი მგზავსი ნარისა, და მიწასა ზედა განრთხმული, სურნელი, ვითარცა ამბარი, და უმეტეს ფშოსანი და ეკლოვანი. ჭ̃დ მეფემან ვახტანგ მოიღო სავარდესა შინა, არამედ არა ჰყო ნაყოფი. ხოლო კეჩუთის მთასა შინა არს ირემთა სიმრავლე და ნადირთა. აქა არს უდაბნო კლდისა გამოკუეთილი, ეკლესია-სენაკნი წმიდის დავით გარეჯელისაგან ქმნული და აწ ცარიელი.
არს ტბა ორმოზანისა, არადიდი და უთევზო. ხოლო დბანისამდე, მდინარის იმიერ და ამიერ, მთასა შინა დაბნებიანი და ვითარცა ტაშირისა დავსწერეთ, ნაყოფიერი და პირუტყჳთაცა ეგრეთი, არამედ სარწმუნოებით უმეტესნი ქართველთანი.
ხოლო დბანისს უდის ჩდილოთ მაშავერი, სამჴრით ფინეზაური, და ეწოდა სახელი ესე დაბნებთა გამო: "დაბანი ისი". აქ დასხნა ბუღა თურქმან ოსნი. მიერ ჟამითგან იყო ციხე ქალაქი მის ჟამამდე არა ჴსენებელი პ̃გ მეფის სჳმონისამდე და ამან წარუხუნა ოსმალთა, და მიერით მოოჴრდა. არს ეკლესია დიდი, უგუნბათო, კეთილშუენიერი. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ტაშირისა და დბანისის ჴევისა. ჰავით არს მშუენი, არამედ ზამთარს ცივი, ზაფხულს ცხელი, უვენახო, უხილო, შენობა-მრავალი, არამედ შემუსრვილი. არს აქა წყარო, რომელი ჰკურნებს მუწუკთა. აქავ არს წყარო, რომელი დაამსხვრევს ქვასა შირიმისასა და დააყრევინებს სმითა. აწ შეაშენეს ყაფლანიანთა ციხე სიმაგრისათჳს. ხოლო სამჴრით ფინეზაურის ჴევი არს მომდინარე ლოქის მთიდამ ეგრეთითავე ნაყოფიერებითა, ვითარცა ტაშირი და დბანისის ჴეობა.
დბანისს ქუეით არს ჩდილოთ კერძ ხინწის ჴევი. მას ქუეით დაბა აბულმუგი. აქ ითხრების ლითონი რკინისა, სპილენძისა და ლაჟვარდისა. ამას ქუეით სამჴრიდამ მაშავერს ერთვის ბალიჭის ჴევი, ლოქიდამ გამომდინარე, არს ვენახოვანი, ხილიანი და ყოვლითა ნაყოფიერი, არამედ ლოქის კერძოდ ვითარცა დბანის ჴევი. მას ქუეით ერთვის გეტის ჴევი და ქუეშის ჴევი; გამოსდის ლუკუნს, ერთვის ჩდილოდამ მაშავერს, ეგრეთითავე ნაყოფიერებითა.
ქუეშის ციხე არს მაღალს კლდესა ზედა მდგომი, ჰავითა და თუალთათჳს მშუენი, წყარო კეთილი. მას ქუემოთ ჴეობა კაზრეთისა, სამჴრიდამ მოერთვის მაშავერს, გამომდინარე ლოქისავე, ესეცა ეგრეთივე, ვითარცა ჴეობა ბალიჭისა.
ყორანთას არს ეკლესია, სასუენი ატოცის წმიდის გიორგის ჯუარისა. სატრედოს, მაშავერზედ, შენი არს ჴიდი ქვიტკირისა ზ̃ - თუალი, წყალდიდობისათჳს. აქა არს ჭალა. ამას ზეით არს დისველის მინდორი უწყლო, არამედ ნაყოფიერი, ქცია-მაშავერს შუა და მოუცადი მარცვალთა, ბრინჯ-ბამბას გარდა. ხოლო აკაურთას და ტანძიას ქვიტკირის შენებულებანი მრავალნი.
არამედ მთასა ლუკუნისასა ეწოდა სახელი ესე ლუკა მახარებლის ეკლესიისათჳს, რომელი აღშენებულ არს თხემსა ზედა მის მთისასა; და მის ქუემორ არს სამჴრით მონასტერი წითელ-ეკლესია, ქვის წითლით შენებულობისათჳს, შუენიერი, გარემო შენობანი მრავალნი წითლითა ქვითავე, არამედ აწ ცარიელ არს. ჯანდირს არს მონასტერი ეგრეთივე და აწ ცარიელი. არს მთა ესე ტყიანი, ნადირიანი. და მდინარე მაშავერი თევზითა არადიდითა სავსე და მთის კერძად კალმახითა. ხოლო დბანისს ქუეით ქციამდე ფრიად ნაყოფიერი ყოვლითავე, ვენახ-ხილითა, თესლ-მრაცვალთათა, ფრინველნი მრავალნი გარეულნი და შინაურნი, ზამთარს თბილი და მშუენი, ზაფხულს შეზავებული, წყარონი ცივნი, მშუენნი, ჭალა-ტყენი, ბალახნი და ყუავილნი მრავალნი.
არამედ ლუკუნის მთის ჩდილოთ კერძს არს მდინარე ზურტაკეტისა; გამოსდის შამბიანის მთას და მიერთვის ქციას მდინარეს. ხოლო განჰყოფს ჴეობასა ამას: აღმოსავლით ქციის ჴრამი, სამჴრით მთა ლუკუნისა, ჩდილოთ მთა კჳრიკეთისა და დასავლით მთა შამბიანისა. არამედ მთასა ამას შამბიანი ეწოდების შამბბალახ სიმაღლისაგან, რამეთუ ცხენოსანი კაცი და რქოსანი ირემი არა გამოჩნდების. არამედ არს მთა ესე მაღალი და ვრცელი, ჩდილოდამ სამჴრით, და მდებარებს მარადის თოვლი. გარნა ყუავილებითა მრავალფერ მშუენვარითა და მფშუენითა, და წყაროთა შემკული არს; უტყეო, გარნა ჴევთა არყნალნი. აქა არს ფუნდუკი თამარ მეფისაგან აღშენებული ზამთარ მოგზაურთათჳს. ხოლო სხუა არს ჴევი ფუნდუკისა, სხუა შამბიანისა, სხუა არყნალისა. არყნალშამბიანის ჴევს შუა არს წყარო შუენიერი, რომელი მარმარილოთი აღაშენა ჟ̃დ მეფემან ვახტანგ. - ამ მთასა შინა არს ირემთა სიმრავლე ჯოგ-ჯოგად და ხროდ, და სხუათა ნადირთაცა. მოინადირა ჟ̃დ მეფემან ვახტანგ, და მოკლეს დღესა ერთსა რ̃პ.
ხოლო არს დაბა ველსა ზედა შავი-წყარო - ყარაბულახი, ამიერ და იმიერ უდის წყაროსაგან მდინარენი სავსე კალმახითა, არამედ სამჴრეთის კალმახი არს შავი და ჩდილოსი თეთრი და უკეთუ ჩასუა ჩდილოსი სამჴრით, გაშავდების და სამჴრეთისა ჩდილოთ ჩასმული განსპეტაკდების. და ამის სამჴრით არს ციხე მაღალი, კლდის ზღუდით მოზღუდვილი, წოდებული მუსის ციხეყალა; შიგან სდის წყარო, და ზურტაკეტა ამას ქუეით დის ჩდილოთაღმოსავლეთს შუა. ხოლო ამას ეწოდა რადაბრაგანი. და ყარაბულახს ქუევით ზურტაკეტას ერთვის საფიქლის-ჴევი, გამოსდის ქარვასლის-ჴევსა, მოერთვის აქ ზურტაკეტას. შესაყარს ერთვის მეორე საფიქლის-ჴევი. აქა არს დაბა დიდი გომარეთი, ვითარცა მცირე ქალაქი. ზურტაკეტასა შინა არა არს თევზი, თჳნიერ კალმახისა, და იგი მრავალი. კჳრიკეთის მთას უწოდებენ ეკლესიისთჳს, რომელი შენებულ არს თხემსა მთისასა, წმიდის კვირიკესი. და მთა ესე არს ტყიანი და ნადირიანი, არამედ არა არს ჴეობასა ამას შინა ვენახნი, ხილნი თჳნიერ მთის ხილთაგან კიდე, და ნაყოფითაცა ეგრეთვე, ვითარცა სხუანი მთის ადგილნი.
ხოლო ზურტაკეტის ჩდილოთ კერძოდ არს თრიალეთი. და განჰყოფს თრიალეთს აღმოსავლით კლდე-კრიდამ გამოკიდებული მცირე მთა ლაკჳსა და მიდგმით ბენდერის მთისა; სამჴრით მთა ბენდერი და გამოკიდებული მის მთისა, რომელი მოადგების ქციის მდინარეს კლდეისის დასავლით, გამომართებით კჳრიკეთის მთისა, ვიდრე ქარვასლის-ჴევის მთამდე; ჩდილოთ მთა კლდე-კრისა და ერჯევნისა ვიდრე თორის მთამდე და ბაკულიანამდე; დასავლით მთა შავრაშეთი და ტბის-ყურის გამჭრელი ხაზი, მთა ბარძიმისა და ფარავნის გამჭრელი ხაზი ბოლოლის მთამდე.
ხოლო ამ თრიალეთის საშუალსა დის მდინარე ქცია, წოდებული ანუ დაბის გამო, ანუ ვინაჲთგან აქცევს ჴიდთა, რავდენცა მტკიცე ქვიტკირისა იყოს, მის გამო იწოდა. ესე გამოსდის შავრაშეთის მთასა, გამოვლის ნარიანს, თრიალეთს, ქციის ჴრამსა და მიერთვის ხუნანს მტკუარსა, და მარადის დის აღმოსავლეთად და თრიალეთს მოდის მდორედ, ხოლო ეძანს დაჴრამდების. და არს იმიერ და ამიერ კლდე ქარაფი და მაღალი, მჴარი რ̃ მეტი, სიგანით რ̃პ მჴარი და მეტიცა. ეძანს ქუევით და ახალქალაქს ზეით გარდმოდის ქცია მაღლის კლდიდამ, ვითარცა ღარიდამ. ძირს აქუს ტბა დიდი. ამას ზემორ ვერ აღვალს ორაგული და დიდნი თევზნი, არამედ არს მას ზემორ კალმახი, დიდნი და მცირენი, მრავალნი და გემოიანნი.
ჟ̃დ მეფემან ვახტანგ მოინადირა ტბა ესე კირსაგლითა. და იპყრეს ორაგული, თჳნიერ კალმახისა და სხუა თევზთა, მას ერთს დღესა შ̃.
ხოლო ესე თრიალეთი არს ზაფხულ ფრიად შუენიერი, ბალახოვანი, ყუავილოვანი, წყაროიანი, სანადირონი მრავალნი დიდთა ნადირთა, მფრინველთა და თევზთა. არა არს აქა ტყე, არამედ ზიდვენ ერჯევნიდამ და ჴმარობენ უმეტეს თივასა; მოსავლით, ვითარცა ტაშირი, გარნა ესე უმჯობესი მისა. თჳნიერ აქლემისა პირუტყუნი მრავალნი. ვენახი, ხილნი და მტილოვანნი არარაჲ არს აქა და მთის ხილნი მრავალნი. ტკბილს მოიტანენ ბარიდამ, ჩაასხმენ აქა და დადგების ღჳნო კეთილი და გემოიანი.
ეძანს ზეით ერთვის ქციას ბეშკენაშენის-ჴევი ჩდილოდამ. გამოსდის ერჯევნისა და კლდე-კრის მთასა. აღმოსავლით ბეშკენაშენისა არს ტბა ბარეთისა, მცირე, უთევზო. გარემო მისა დაბნები ლაკჳს მთამდე. მას ზეით ერთვის ქციას ჴევი ერან-თურანისა, გამოსდის ერჯევნის მთასა, მოერთვის ჩდილოდამ, საბატეს, ქციას. მას ზეით ქციის კიდეზე არს ეკლესია გუმბათიანი, წალკას დიდი, კეთილნაშენი, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი თრიალეთისა. მას ზეით კოხტა-ცრიცის-ჴევი, სდისვე ერჯევანსა და თორის მთასა, მიერთვის ქციას.
არწივანს, თეზის ჴრამსა შინა, არს მონასტერი, კლდესა შინა წმიდის აბიბოს ნეკრესელის ქმნული, და აწ არს ცარიელი. მას ზემორ საპონაურისა და ცხურისის-ჴევი, გამოსდის თორის მთას, მოერთვის ქციას თეზის ჴრამსა შინა, პირისპირ კოხაჯისჴევის ქუემორ, სამჴრიდამ ერთვის ქციას ავლადის-ჴევი, გამოსდის ჴევ-ღრმის ჴრამსა, ესე არს ცივი ანუ მყინვარი. მას ქუემორ ერთვის ქციას, ჴევ-ღრმისა და ანდრაპოლთისის ჴევი. ხოლო ახალქალაქს ქუეით ერთვის ქციას ჴევი აბანოსი ჩდილოდამ. მას ქუევით ერთვის ქციას ჴევი კარწახისა, გამოსდის უზნარიანს, მოდის აღმოსავლეთად. კარწახის-ჴევის შესართავს ქუეით არს ციხე მოდამნახისა, კჳრიკეთის მთის ძირში, ჩდილოთ კერძ, ქციის მდინარის პირს. ამას ზეით არს თრიალეთი მოსავლით, ვითარცა ტაშირი და დბანის-ჴევი დავსწერეთ თაფლითურთ. ჴდიან ესენიცა სელისაგან ზეთსა.
ხოლო ტბა ფანავრისა არს დიდი და თევზით სავსე, არამედ არა გემოიანი, რამეთუ ზაფხულს დგების გარემოს მისსა მრავალნი არვენი, ჯოგნი, მროწლენი, ხუასტანგნი ქართლისა და კახეთისანი, და ნეხვი მისი გამდნარისაგან თოვლისა შესდის ტბასა მას, და იტყჳან მის გამო უგემურობასა. აქა არს წყარო, რომლისა სმით, უკეთუ იყოს ვინმე მაძღარ ფრიად ანუ დაცონვილ, მოადნობს სმითა, ვითარცა ქონს ცეცხლი.
კუალად ამ ტბას ერთვის წყარო შაორისა, მდინარედ გამომდინარე კლდიდამ, და სავსე არს კალმახითა. ხოლო შაორის მთის თხემსა ზედა დგას ციხე დიდროვანის ლოდითა ნაშენი. არს კუალად მთა თავკუეთილი, ჴევ-ღრმა, და საშუალ ფანავრისა და ტბის-ყურისა ბარძიმი და ჭიქიანი.
კუალად არს შავნაბადი შაორსა და თავკუეთილს შუა. არა არს მთათა ამათ ზედა ტყე ანუ ხე, გარნა ჴევთა მცირე არყნალნი, ნადირნი მრავალნი, ირემი და არჩჳ ჯოგად, მშუელი, დათჳ. აქა არს კლდე ფიქალ-ფიქალად დაწყობილი, ვითარცა კაცთა ჴელითა დაწყობილი და ნაშენი მთის ძირიდამ თხემამდე. არამედ რა შედგების კაცი, ნადირი თუ პირუტყჳ, თრთის და იძრვის დაბლიდამ მაღლამდე, და არა დაირღვევის. ესრეთი კლდე შამბიანსა ზედაცა არს მრავალი, არამედ აქა უმეტეს უცხო; უწოდებენ კარკნალსა.
ტბა ტბის-ყურისა არს წყალი ანკარა, სასმელად ტკბილი და შემრგო, გარემო ნაძოვანი, ტყიანი, ბალახ-ყუავილიანი წყაროიანი და კალმახითა სავსე, დიდწურილითა და ფრიად გემრიელითა. ხოლო არიან კაცნი თრიალელნი მოსილნი, ვითარცა დბანისჴეველნი სიმჴნე-ჰაეროვნებითაცა ეგრეთნი, გარნა ესენი უმჯობესნი ყოვლითა.
ხოლო მოდამნახეს ციხის ქუეით არს ჴრამი ქციისა, ვიდრე ნაჴიდურამდე, მაღალი და განიერი, ვითარცა დავსწერეთ ეძან ახალქალაქს შუათი, არამედ ესე უმეტეს მაღალი და განიერი, ტყიანი, ნადირიანი, ფრინვლიანი, ვენახოვანი, ხილიანი. ახალქალაქიდამ დის ქცია სამჴრით დაბის ქციისამდე. მოდამნახეს ქუეით არს ვარდისუბანს მონასტერი უგუმბათო, შუენიერს ადგილს. მას ქუეით ერთვის ქციას ჴევი კლდეისისა, გამოსდის ბენდერის გამოკიდებულს მთასა. ჴორჴებს არს ქუაბი კლდისა, რომელი არს ზამთარ თბილი, ვითარცა აბანო, და ზაფხულს დის წყარონი კლდიდამ; მას წყაროს ჰყინავს და არს ყინული ფრიად წმიდა და მრავალი, ზიდვენ ზაფხულს მეფისათჳს. ამის დასავლით არს ციხე, და არა არს აქაცა ვენახნი და ხილნი. ამ ჴევს ქუეით ქციაზედ არს ლიპარიტისუბანს მონასტერი მცირე, კეთილშენი. და აწ არიან ესე ორნი მონასტერნი ცარიელნი. აქ ერთვის ქციას ჴევი ძუელ-გომარეთისა, გამოსდის კჳრიკეთის მთას. ესეცა არს უვენახო, უხილო. მის ქუემორ არს დაბა ქცია მდინარის ქციის პირს. აქა არს მონასტერი კეთილი და აწ ხუცის სამარად.
ქუემორ მის არს მონასტერი ფიტარეთს, შუენიერნაშენი; გუმბათიანი, შუენიერს ადგილს, ზის წინამძღუარი. მის ქუეით ერთვის ქციას ფოცხვერიანის-ჴევი, ვენახიანი, ხილიანი, ქუეით მისა, ქციის კიდესა ზედა, ციხე ხულუტისა. მის ქუეით, სამჴრით, არს ციხე ბერიქალისა, კლდესა ზედა, კლდითავე მოზღუდვილი, შეუალსა და მაგარს ადგილს. ქუემორ მისა ერთვის ქციას ჴევი ტორნე, ირაგის ჴეობის მდინარე. გამოსდის ბენდერის მთას, მოდის სამჴრით. არამედ ჴეობა ესე არს ვენახოვანი, ხილიანი, ტყიანი, ნადირ-ფრინვლიანი, მოსავლიანი, გარნა ბენდერის მთის კერძოდ, ვითარცა სხუა მთის ალაგნი. ამ ჴევზედ სამღერეთს ზეით, გვიანას, არს მონასტერი მცირე, აწ ხუცის სამარს. მას ქუემორ მონასტერი ქციის ჴრამსა შინა პირღებულს, კლდე გამოკუეთილი, დიდითა შენობითა და ყოვლით შემკული. ზის არქიმანდრიტი. იტყჳან თამარ მეფის ქმნულსა.
მის ქუემორ არს ციხე ორბეთი, აწ წოდებული სამშჳლდე. აღაშენა ქართლოს, და პირველმან მეფემან ფარნაოზ ჰყო საერისთოდ და ქალაქი. არამედ იყო პ̃გ მეფის სჳმონისამდე ქალაქი. არს ფრიად მაგარი, სამჴრით უდის ქცია, ჩდილოთ უდის ჭივჭივა; საშორისსა ზედა არს გარდავლებული ჴრამით ჴრამამდე ზღუდე განიერი და მაღალი. კუალად გარე მის ქალაქისა ზღუდე გარდავლებული, ეგრეთვე დიდროვანითა ლოდითა. ციხესა შინა აღაშენა ეკლესია გუმბათიანი ლ̃ბ მეფემან მირდატ, შემუსრა ლანგ-თემურ, მერმე ოსმალთა. ზაფხულ არს ცხელი, ზამთარ ცივი, არამედ მშუენი და კეთილ-ჰაოვანი. ამის ძირს, ქციის პირს, არს მონასტერი მცირე, აწ ხუცის სამარ. ხოლო ქციის ჴრამი აქა არს სიმაღლით ს̃ მჴარი და მეტიცა, და განით ფ̃ჲ მჴარი, და ჭივჭივის ჴრამი ს̃ მჴარი. აქ ჭივჭივასა ზედა არს კლდე სპეტაკი და მისგან სცვივა ბროლი გათლილი კუთხედ, მწუეტი ორკერძოვე. ჭივჭივის-წყალი სდის ბენდერის მთასა და მოდის სამჴრით; არს ვენახოვანი, ხილიანი, არამედ მთისაკენ არა. ამის სადინს არს ნადარბაზევი, თამარ მეფის ნასასახლევი. აქა არს ტბა მცირე, ლულუფრისაგან კიდე მას შინა არარაჲ.
ხოლო სამშჳლდეს ქუეით ქციის ჴრამი ნაჴიდურამდე უმეტეს განიერი. აქ ნაყოფიერებს სხუათა ადგილთაგან მეტად ბროწეული, ლეღჳ, ზეთისხილი და სხუანი ხილნი. გაღანამცა ზამთარ არს თბილი და ზაფხულ ფრიად ცხელი, რამეთუ ზამთარს შეშა არა უჴმს. ნაჴიდურს ქუეით დის ქცია გაშლით მინდორსა ზედა, გარნა კბოდე-ფლატონსა იმიერ და ამიერ.
არამედ ჴრამთა ამათ შინა არიან მრავალნი ქუაბნი, კლდეთა მაღალთა შინა გამოკუეთილნი სახიზრად; ვიეთნი აწ კაცთაგან მიუსვლელნი არიან, და მას შინა ფუტკარნი მრავალნი, რომლისაგან გარდმოედინებიან თაფლნი. კუალად არს ქციასა შინა თევზთა სიმრავლე ფრიად და გემოიანნი, პირუტყუნი უამრავნი, ამიერ და იმიერ დაბნებიანი. ხოლო ჴრამის კიდესა ზედა რომელნი დაბნები არიან, არა არს მუნ ვენახნი (და) ხილნი. ჩდილოთ კერძ ჴრამსა შინა აკეთებენ მცირედ აბრეშუმს. არს აქა ფრინველთა სიმრავლე, შინაურ-გარეულთა, და უფროს კაკაბთა. ნაჴიდურს ქუეით, ქციის ამიერ და იმიერ კიდესა, სახლობენ ელნი მოჰმადიანნი, მოხარკენი და მოლაშკრენი მეფისა, არამედ ბაიდრის სულთანი, რომელი დასხნა შასეფიმ ავლავარს, ქუეით ნაჯბადინამდე და ეკლესია ნაზარა-სოფლამდე. ხოლო ადგილსა ამას პირველ ეწოდებოდა წყალთაშუა და აწ ბაიდარი. არამედ არს ფრიად ნაყოფიერი ადგილი ესე. ნაყოფიერებს ყოველნი მარცვალნი თესლთა, ხილნი წალკოტთა და მტილთა უცთური და მრავალი. აბრეშუმი, ბამბა მრავალ. პირუტყუნი აქლემიდან თხამდე ყოველნი, ფრინველნი გარეულ-შინაურნი ყოველნი აურაცხელნი, და ფრინვლით სანადირო წარჩინებული ყოველთაგან.
ხოლო ნაჯბადინს ქუეით არს ხუნანი; აღმოსავლით და ჩდილოთ უდის მტკუარი, სამჴრით ქცია; აღაშენა ციხე-ქალაქი ქართლოს, პირველ ეწოდა მტკურის ციხე, შემდგომად ხუნანი, და აწ მოჰმადიანნი უჴმობენ ქალის-ციხე-ყიზყალას, დაბის გამო. ა̃ მეფემან ფარნაოზ ყო საერისთოდ, ვინაჲთგან იყო ქალაქი და ნაპირის ადგილი. შემდგომად ყრუსა მოოჴრდა ქალაქი, და ციხე იყო აქამომდე. აქა არს ნაჴიდვარი. ამის გამო აღაშენა პ̃თ მეფემან როსტომ ჴიდი ქვიტკირისა, დიდ-შუენიერი, რომლისა სუეტსა შინა არს სახლი შუენიერი, მჭურეტი ამიერ და იმიერ მდინარისა. სივრცე ჴიდისა ი̃ მჴარი. აქათ და იქით ქციის კიდესა ზედა ფუნდუკნი დიდნი და კეთილნი, თლილის ქვისანი. ხუნანის ველსა შინა არა იყო ნაყოფი უწყლოობით. ჟ̃დ მეფემან ვახტანგ გაიტანა რუჲ ქციისა ნაჴიდურის ბოლოდამ და აღაშენა დაბნები, და ნაყოფიერებს ფრიად.
ხუნანის ჩდილოთ კერძოდ ერთვის მტკუარს დასავლეთიდამ მდინარე ალგეთი; გამოსდის კლდე-კარს და მოდის აღმოსავლეთად. ხოლო იმზღვრების მდინარე ესე: აღმოსავლით მტკურით, სამჴრით ლომთა-გორით და აწ მარნეულის გორის აღმოსავლეთად გულთაფამდე, დასავლით ამისივ გორის წასრული, წრაუთის თავამდე, მიწევნილი სამებამდე, და მისრული ბენდერის მთამდე. და ბენდერი-ლაკჳს გორამდე; ჩდილოთ გორაკუმისისა, მტკურიდამ მიყოლით კოჟრამდე, განვლის სამადლოს და სხალნარს, მიადგების დიდგორს, და მერმე მთა დიდგორი და ერიქალისა, და მიადგების კლდეკარს; დასავლით კლდე-კრის გამოკიდებული ლაკჳს გორა, მიდგმით ბენდერისა.
ხოლო კლდე-კარი აღაშენა ლიპარიტ ბაღუაშმან, და არს მაღალს მთის კლდესა ზედა ციხე. ამ მთას გამოსდის ალგეთი. არა არს უწყებული, რით ეწოდა ალგეთი. ამას ქუეით ერთვის ალგეთს საყავრის-ჴევი ჩდილოდამ. ამას ქუეით ერთვის ალგეთს მჟავის-ჴევი, გამოსდიან კლდეკარს. ამათ უწოდებენ კლდეკრის სოფლებად. ამას ქუეით არს მანგლისი, ეკლესია გუმბათიანი, აღაშენა დიდმან კოსტანტინემ მირიან მეფის ჟამს და დაასუენა აქა ფერჴის ფიცარი უფლისა; აროდეს შემუსრვილი არს. სამჴრით გუმბათსა შინა არს მაჰმად, ლომსა ზედა მჯდომარე დახატული. იტყჳან მის გამო მოჰმადიანთა არა შეუმუსრავთ. ზის დასმული გორგასლისაგან ეპისკოპოზი, მწყემსი ალგეთის ჴეობისა და ქციის ზემოთისა თრიალეთამდე.
მანგლისს ქუეით ერთვის ალგეთს ჴევი კველთეთისა, გამომდინარე დიდგორის მთისა. ამას ქუეით ერთვის ალგეთს ლაკჳს-წყალი. დის ლაკუას ერთს წყაროს ერთი საწისქვილო. არამედ ადგილი ლაკჳსა არს შუენიერი, ვითარცა თრიალეთი. ამასქუეით ერთვის ალგეთს დვალთა-ღოლოვნის-ჴევი. გარნა პატივანს ზეით კლდეკარ-დიდგორამდე არა არს ვენახნი და ხილნი, არამედ ვითარცა მთის ადგილნი აღვსწერეთ მოსავლითა. გარნა არს ტყიანი, ნადირიანი. პატივანს ქუეით ვაკეს არს ლოდი, რომელი, გუალვასა თუ გარდააბრუნო და შენამო, მოვალს წჳმა, ხოლო წჳმიანობასა შინა თუ შეაყარო ნაცარი და გარდააბრუნო, იქმნების უწჳმრობა.
ამას ქუეით დის ალგეთი ჩდილოდამ სამჴრით და ერთვის საშუალს გუდარეხის-ჴევი. ხოლო გუდარეხს არს მონასტერი უგუმბათო, ბენდერის მთის ძირს, ფრიად შუენიერი, შუენიერს ადგილს, მრავალნი შენობანი; ზის წინამძღუარი. მას ზეით, ბენდერის მთისაკენ, არს ციხე და ადგილი კლდოვანი, კლდითავე მაგარნი. ქუეით ამისა ალგეთს ერთვის ამლივის-წყალი თაკჳდამ, დის სამჴრით.
ხოლო ბუჟღულეთს ქუეით იწყებს ალგეთი აღმოსავლეთით დინებასა, და ტბისის უკან, ჩდილოდ კერძ, არს ციხე ბირთვისი, კლდესა ზედა შენი და გარემო კლდითა მოზღუდვილი, ეჯ-ნახევარ ოდენ და შეუალი, და დიან მის შორის წყარონი.
ჩხიკუთის სამჴრით არს ეკლესია სამება, წმიდის გიორგისა, მაღალს გორასა ზედა ნაშენი, არამედ საკურველი, რამეთუ დიდროვანითა ლოდითა შენი, რომელი კაცთაგან არა შესაძლებელ არს მისი ქმნა, რომელი ავლია ზღუდედ. ძირს მისსა არს წყარო დიდი და ფრიად კარგი. ძუელად იწოდა გმირთ-ნაკუეთი, და იყო ციხე, ხოლო აწ ეკლესია.
ამას ქუეით ერთვის ალგეთს ჴევი საღირაშენისა, გამოსდის სხალნარს და მოდის სამჴრით. ამას ერთვის ჴევი ზრბითოშეთისა. მასზედ არს მონასტერი საძელისი. მას ზეით, ზრბითის ჴევზედ, მაღალს კლდეზედ არს ეკლესია ორბეთი, ხოლო სად ერთვის ალგეთს ჴევი ესე, მუნ არს ციხე ფარცხისი - ფარი ბირთვისის ციხისა, აწ შემუსრვილი.
ამის გამომართებით, სამჴრით არს წინწყარო, ქალაქი მცირე, მოსავლიანი, კეთილ-ჰაოეანი, მაღალს ადგილზედ მდგომი. აქა არს წყარო: უკეთუ მით მოხარშო მარცუალნი რომელნიმე და დღეთა შენთა ხარშო, ვერაოდეს მოხარშავს, გარნა სასმელად და საჴმარად კეთილი. ფარცხის ქუეით ერთვის ალგეთს ჴევი ბოგჳსა, გამოსდის სხალნარს, მოდის სამჴრით. მას ქუეით ერთვის ალგეთს ჴევი ასურეთისა, გამოსდის სამადლოს. სამადლო იწოდების მუნ ფუნდუკისათჳს. მოდის ჴევი ესე სამჴრით.
კიკეთს ქუეით, ჴევსა შინა, არს მონასტერი კაბენისა. ყოფილ არს დედათა, გუმბათიანი, შუენიერი, აწ არს ხუცის სამარ. აღაშენა მეფემან თამარ. სამჴრით, მას ზემორ, არს ციხე აზეულასი და აწ კოჟრისა, თხემსა ზედა კლდისასა. ამ ციხის სამჴრით არს სასახლე მეფისა კოჟორი. აღაშენა პ̃თ მეფემან როსტომ უმეტეს ჟ̃ა მეფემან გიორგი და ჟ̃დ მეფემან ვახტანგ. დგებოდნენ ზაფხულს მეფენი.
ღოუბნის-ჴევი გამოსდის კოჟრის ციხის გორას და ერთვის ასურეთის-ჴევს. ასურეთის ჴევს ქუეით, სამჴრით, არს დურნუკი. აქა არს კარკნალი და დარანნი დიდ-დიდნი. ეგრეთვე მარნეულს, სადაცა არს აფთარნი მრავალნი. მარნეულს არს ნაციხვარი, მის გამო იწოდა ძუელადვე ლომთა-გორა. მის სამჴრით არს დაბა ეკლესია, და სიცხისათჳს, ჯოჯოხეთად წოდებული. აქ ითხრების მიწა, და ჴდიან გუარჯილასა, ეგრეთვე იაღლუჯის მთასა შინაცა მიწისაგან ჴდიან გუარჯილასა.
ხოლო ალგეთის მსახლობლის ბარათიანთაგან ეწოდების ამ ადგილთა საბარათიანო აწინდელს ჟამსა, თჳნიერ დბანის-ჴევისა, თრიალეთისა, ტაშირისა და სომხითისა, ჟამთა ამათ.
ხოლო ალგეთის შესართავის ჩდილოდ, იაღლუჯამდე, მტკურის პირს, სახლობენ ელნი მოჰმადიანნი, მთესველნი ბრინჯისა, ბამბისა და ყოვლისა თესლ-მარცულისა. აკეთებენ აბრეშუმსა. მოხარკენი არიან მეფისა. სავსენი ყოვლითა პირუტყჳთა. საყალტუთნის დასავლით არს იაღლუჯის მთა უტყეო და უწყლო, და სადაცა სდის წყარო მცირე, იგიცა მწარე და მლაშე. არამედ არს ფრიად ბალახოვანი, ზამთარ-ზაფხულს მოუკლებელი, რომელსა ზედა იზრდებიან არვენი, მროწლენი, ჯოგნი და აქლემნი. იპოვების მგზავსი იამანის ქვისა, დიდი და მცირე, მრავალფერნი. აქა არს ბალახი კალია, რომლის ძირს დასწვენ, და ნაცრითა მისითა ადუღებენ საპონს უმჯობესსა, კუალად ჴმარობენ სხვაფერცა.
ამის მთის დასავლით, ხოშაგერმას იქით, არს ობის-ციხე ველსა ზედა, და აწ შემუსვრილი, და ამის ჩდილოდ კერძ არს ტბა კუმისისა, მლაშე, შესდის წყარო კოდისა: კუალად ერთვის კოჟრისა და გუდელისის-ჴევის წყალი. ამ ტბის დასავლით არს კუმისი, დაბა დიდი, ვენახოვანი, ლეღჳანი, ბროწეულიანი, ხილიანი. ამის მინდორსა შინა მოვალს ყოველნი თესლნი ბრინჯ-ბამბას გარდა; კანაფი უმუშაკოდ სცენდების. კუმისის თამს, კლდესა შინა, არს გამოკუეთილნი ქუაბნი.
კუმისის აღმოსავლით, მტკურისაკენ, არს თელეთები და ეკლესია წმიდის გიორგისა სასწაულთმოქმედი. მტკურის კიდეზედ არს ჭალა ყურყუთა, და აწ სონღალუღი წოდვილი, ნაყოფიერი ყოვლითავე. ამ ჭალიდან იაღლუჯამდე, და კუმისის ტბამდე, და მტკურამდე არს მინდორი დიდი, აწ წოდებული სარვანისა, მეფეთ აქლემთა დგომისათჳს, უწყლოობით უნაყოფო.
ხოლო კოჟრის ჩდილოთ კერძ არს სკჳრეთის მდინარე, აწ წოდებული ვერე; გამოსდის დიდგორის მთას, მოდის აღმოსავლით, ერთვის მტკუარს დასავლიდამ, ტფილისის ჩდილოდ კერძ. შესართავსა ზედა არს ლურჯი მონასტერი. და ჴეობა ესე დიდგორის მთის კერძო არს უვენახო, უხილო ვანათამდე, მას ქუეით ვენახოვანი, ხილიანი, ტყიანი, ნადირიანი, ფრინვლიანი. ვანათს ქუეით არს ციხე წვერისა, სამჴრით, აქავ არს ჴევი გელიყარისა; მის ქუეით, წყდულეთს, ერთვის ვერეს ჴევი და ამ ჴევის თავს, მთაში, ჩდილოთკენ, არს ციხე ლასტისა. ამას ქუეით, სამჴრით, ყოვლად წმიდის მონასტერი ბეთენია, გუმბათიანი, მაგარს ადგილს თამარ მეფის აღშენებული, აწ ხუცის სამარ. მუნ ერთვის ჴევი ვერეს სამადლოდამ. ამასზედ არს რკინის-ციხე, უქვიტკირო, კლდისაგან მოზღუდვილი. ამას ქუეით არს ახალდაბა და მის დასავლით უძო, ეკლესია წმიდის გიორგისა, მაღალს გორასა ზედა, მჭვრეტი კოჟრისა და ტფილისისა.
არამედ არს ჴეობა ესე ფრიად მაგარი და მოსავლით და პირუტყვთ შემკული, გარნა იცის სეტყუა ჴშირად, რამეთუ მოადგს დიდგორი. ხოლო მთა დიდგორისა არს მაღალი და თხემთა უტყეო, კალთათა ტყიანი, ბალახ-ყუავილითა და წყაროებითა შემკული, ნადირნი მრავალნი. აქა არს წყარო - ცივებით გაყვითლებულმან უკეთუ სუას და დაიბანოს პირი, წამს განჰკურნებს. იყო ძუელად მეფეთა სადგური ზაფხულს, აწ არს მეფეთა ცხენთა საბმური ზაფხულს. არს მრავალთა ადგილთა მჭურეტელი. ამისი ჩდილოთ კერძი მეოთხე სადროშოსი, ხოლო სამჴრით კერძი ამის სადროშოსი. ამის პირისპირ, სამჴრით, მთა ბენდერისა, ეგრეთვე ტყიანი და ბალახ-ყუავილოვან-წყაროიანი, და თხემთა უტყეო, და თრიალეთისაკენ სრულიად უტყეო. ხოლო ესენი, რომელნიცა აღვსწერეთ, ძუელად არს ორ საერისთოდ.
რამეთუ გარდაბანი არს საზღვრით: აღმოსავლეთით მტკუარი და, ხუნანის გამართებით, ბერდუჯის აღმოსავლეთის მცირე მთა; სამჴრით შულავრისა, ჭაპალისა და ბოლნისის გორაები; ჩდილოთ მტკურიდამ ტფილისის გორაები ტაგნაგეთამდე; დასავლით ჴევი ასურეთისა, წინწყაროს გამომართებით ნაჴიდურამდე და ბოლნისის მცირეს მთამდე. იწოდების ქართლოსის ძის გარდაბანის გამო, რომელსა მისცა დედამან თჳსმან ხუნანი და ესენი, და მან უწოდა სახელი თჳსი. ამასვე უწოდეს შემდგომად აგარანი. არამედ შემდგომად განდგომისა გრიგოლი მთავრისა, ამას დაედვა გრდანი, ლილო და მარტყოფი, და იწოდებოდა ესენი გარდაბანად. და არს საერისთო ხუნანისა: წინთქმული გარდაბანი, სომხითი, ბერდუჯის მდინარე, ტაშირი და ბამბაკი.
ხოლო მეორე საერისთო - სამშჳლდისა - არს საბარათიანო, დბანის-ჴევი, სკჳრეთი, თრიალეთი, რომელი იყო წილი გაჩიოსი, გარდაბანს ზეით. ამან აღაშენა ქალაქი გაჩიანი. იყო ესე ძე ქართლოსისა, რომელსა მისცა დედამან ობის-ციხე, და სკჳრეთიდამ ვიდრე ფანავრამდე და აბოცის თავამდე. და განყოფილებადმდე იყო ესრეთ საერისთოდ, არამედ უწოდებდნენ დღემდე სომხითსაცა, თჳნიერ თრიალეთისა, ორთა საერისთოთა, რამეთუ, ვინაჲთგან ხოსროვანთა შემდგომად დაიპყრეს ბაგრატ მეფისამდე სომხითის მეფეთა ადგილნი ესენი, ვითარცა მოგვითხრობს ცხორება. ამისთჳს უწოდეს სომხითი. ხოლო აწინდელს ჟამსა იყო ერთ სასპასპეტოდ, რომელნი შეიცვალებოდნენ სპასპეტნი.
კუალად იაღლუჯის აღმოსავლით და მტკურის გაღმართ არს ბოსტან-ქალაქი, რომელი არს რუსთავი, ხოლო აწ ნაგები. ესე აღაშენა ცოლმან ქართლოსისამან ციხე-ქალაქი. შემდგომად კ̃ჱ მეფემან თრდატ აღაშენა ეკლესია კეთილი. გორგასალ დასუა აქა ეპისკოპოზი, და იყო ჲ̃დ მეფის დავითისამდე, არამედ გამოსლვასა ბერქა ყეენისასა მოოჴრდა, და აწცა არს ოჴერ. ამ ჟამთა ქმნა სასახლე ჟ̃ბ მეფემან ერეკლემ, მერმე შემუსრა ჟ̃დ მეფემან ვახტანგ. ხოლო საზღვარი ამისი არს: დასავლით მტკუარი, ჩდილოთ ჴევი ლოჭინისა, აღმოსავლით მთა გარეჯისა, მიდრე მწარეწყლადმდე, სამჴრით მწარე-წყალი.
ნაგების აღმოსავლით და სამჴრით არს ველი დიდი ყარაიისა, სავსე ქურციკითა, რომელსა მოინადირებდენ მეფენი წლითი წლად. ხოლო მტკურის კიდეთა ჭალა დიდი, სავსე ეშჳთა, მშულითა, დათჳთა, მგლითა და წურილის ნადირითა. ირემი იმყოფის ჟამად, და ჴოჴობნი მრავალნი. გარეჯის მთას არს მონასტერნი, კლდესა შინა გამოკუეთილნი სენაკნი, ტრაპეზნი, პალატნი, ზამთარ თბილი, ზაფხულს გრილი.
ნათლის მცემელს ზის არქიმანდრიტი, ჩიჩხიტურს ზის წინამძღუარი, დავით გარეჯას არქიმანდრიტი, ბერთუბანს წინამძღუარი. არამედ ყოფილან მონასტერნი მრავალნი, ვიდრე მწარე-წყლამდე, და მოწესეთა სავსენი, ხოლო აწ არს ხუთი მოწესითა მყოფი. არა არს აქა წყალი, არამედ იპყრობენ წჳმისაგან კლდის ჭათა შინა და სმენ მას. არა არს ტყე, არამედ ძეძჳ, მით ხარშვენ და აცხობენ. არს ეკლესიანი, შემკულნი და დახატულნი ძუელითგანვე. მონასტერად ქმნული არს ი̃გ მამათაგანისა დავითისაგან, მერმე შემკული, მომატებული მეფეთაგან. ნავებიდამ გაიღო ჟ̃დ მეფემან ვახტანგ რუ მტკურისაგან, და მიერ ჟამითგან ნაყოფიერებს ჭალებს ქუეითი მინდორნი.
ყარაიის ჭალას ქუეით, მტკურის კიდეს ესახლნენ ელნი დემურჩიასალნუ: სავსენი პირუტყჳთა, რამეთუ ზამთარ სითბოთი და ტყითა და ბალახითა მოუკლებელი არს ადგილი ესე, და პირუტყუნი მათნი დგებოდნენ გარეჯის მთასა ზედა, რამეთუ რაოდენნი წყარონი სდიან მთასა მას, მლაშენი არიან და პირუტყუთა შემრგონი.
არს მთასა ამას ზედა თუთუბო, კაპარი მრავალი. ხოლო რაოდენნი ელნი დავსწერენით ქართლს, ზამთარ არიან ამ ადგილებთა შინა და ზაფხულს აღვლენან ყაიყულისა და პალაკაციოს მთასა ზედა. არამედ აჰყარა შანადირდა დასხნა ხორასანს. და არს ესეცა სასპასპეტო საბარათიანოსი. ნაგების ჩდილოდ, მტკურის კიდეზედ, არს ჭალა ყარაღაჯისა, ეგრეთვე ნადირიანი და ჴოჴობფრინვლითა სავსე. იდგა ჯოგი მეფეთა, და უწოდებდნენ საჯოგის ჭალას.
არამედ ესე ადგილნი ნაგებს ზეით არს ძუელად კუხეთისა, რომელი მისცა დედამან კუხოსს. ხოლო ნაგებს ქუეითი ჰერეთისა არს, და აწ უწოდებენ ყარაიას, და გარეჯის მთას მასვე ძუელს სახელს. ხოლო მსახლობელნი არიან სომხით-საბარათიანოს მთავარნი და აზნაურნი, ვითარცა ნიშანი გვიდვია რუკასა ამას. არამედ არიან მშჳდნი, მორჩილნი, ბრძოლასა შემმართებელნი, შუენიერ-ჰაეროვანნი, ეგრეთვე ქალნიცა უმეტეს ნაზნი.
ხოლო თათარნი, რომელნიცა დავსწერენით, არიან სუნნი, ქცევითა ვითარცა შუენის პირუტყუთა მწყემსთა, გარნა მჴნენი, შემმართებელნი, ახოვანნი, ჰაეროვანნი; უწოდებენ თარაქამად, ვინაითგან ბრიყუნი, უცოდინარნი არიან, ქალნიცა ეგრეთნივე, არამედ მოშავგვრემონი, მჴნენი და მბრძოლნი უფროს კაცთა, ცხენითა თუ ქუეითად.
ხოლო არს მეოთხე სასპასპეტო ტფილისიდამ, ვიდრე ტაშისკარამდე, მეფისა თანა მყოფნი, და იმზღვრების: აღმოსავლით ლილოს საზღვრით, რომელი განვლის ხაზი შარობის ლილოსასა აღმოსავლით-სამჴრითკენ ლოჭინამდე, რომელსა ეწოდების ომანის-ჴევი, მუნით განვლის სამგორსა და ჩადივარს შუა, და მრავალწყაროსა და სათის-ჭალასა შუა, და მიადგების ბერთუბნის ღელესა, ხოლო ლილოდამ იდილოთკენ მიადგების ჴევ-ძმარს, და ჴევ-ძმარი მტკუარს მიადგების, და მტკურის კიდე მცხეთამდე. სამჴრით ლოჭინის-ჴევი და გამოღმართ კრწანისის გორა, შინდისისა და წავკისის გორა, და წყნეთის გორა, და სკჳრეთის ჩდილოდ კერძი სხალ-დიდამდე, და სხალ-დიდიდამ დიდგორის მთამდე მიყოლით: ერიქალის მთა, კლდე-კარი, ერჯევანი, თორის მთა და გაყოლით ნარიანის ხაზი ტბის-ყურამდე; ჩდილოდ მტკუარი და დასავლით, დამჩხერალოდამ სადგურსა და თორს შუა, ბაკულიანის მთამდე და ტბის-ყურამდე. ხოლო ტფილისის სამჴრით ერთვის მტკუარს კრწანისის-ჴევი, დასავლეთიდამ, კუმისისა და შინდისის მცირე მთებიდან გამომდინარე.
ხოლო ტფილისი არს სამი ქალაქი - ტფილისი, კალა და ისანი. ჰყოფს მტკუარი კალას, ტფილისს და ისანს: კალას უდის ჩდილოთ-აღმოსავლით, ტფილის - ჩდილოთ და ისნს - დასავლით და სამჴრით. ხოლო კალასა და ტფილისს ჰყოფს სალალაკის წყალი, რომელი გამოსდის წავკისისა და კოჟრის მთებსა, სამჴრით და აღმოსავლით უდის კალას და დასავლით ტფილისს.
არამედ პირველ იყო დაბა. კ̃ზ მეფის ვარზაბაკურის ჟამსა შინა აღაშენა შურის-ციხე მცხეთისათჳს ერისთავმან სპარსთამან. შემდგომად გორგასალ დადვა საფუძუელი, დაჩიმ, ლ̃დ მეფემან, ქმნა ქალაქად და ტახტად მეფეთა, და მურვან ყრუს შემდგომად შემუსრეს ხაზართა, და აღაშენა ამირ აგარიანმა. შემდგომად შემცირებისა მცხეთისასა და აოჴრებისა მისისასა, უმეტეს ტახტი იქმნა ბაგრატოვანთა.
ტფილისს დის ცხელი წყალი კლდიდა. არს მით აბანონი ექუსნი და დიდშენნი, ავაზიანნი. მარადის მომდინარე ცხელი წყალი. აქ, თაბორს, ყოფილა ციხე. არამედ აწ შემუსრვილი არს. აქ დასხნა შასეფიმ სეიდნი, მის გამო სპარსნი უწოდებენ სეიდაბადს. ყოფილან ეკლესიანი დიდშენნი, არამედ აწ შემუსრვილნი არიან.
კალას არს ციხე, ნაშენი მაღალს კლდესა ზედა, და ჩამოზღუდვილი სალალაკის-ჴევი მტკურამდე. სალალაკის-ჴევის კარს უწოდებენ განჯის კარად. მაღალს ციხეში არს ეკლესია გუმბათიანი წმიდის ნიკოლაოზისა და სასახლე მეფისა, პალატნი დიდ-დიდნი და შუენიერნი. არამედ დაუტევა პ̃თ მეფემან როსტომ, ჩამოზღუდა კალა ციხიდამ ჴიდის ყურამდე და მისცა სპარსთა; მიერითგან უპყრავთ მათ. და თავისა თჳსისათჳს სამეფოდ აღაშენა სიონსა და ანჩისხატს შუა სასახლე, მტკურის გარდაკიდებით, ყიზილბაშთა რიგისა. ჟ̃დ მეფემან ვახტანგ აღაშენა სახლი შუენიერი, სრულიად სარკითა და მოოქროვილი, დიდმხატვრობითა ლაჟუარდითა და მარმარილოს კედლითა, შემუსრეს ოსმალთა.
არს კალას ეკლესია გუმბათიანი, დიდი, დიდად მშვენიერი, სიონი წოდებული, ღვთისმშობლისა, რომლისა საფუძუელი დასდვა ლ̃თ მეფემან გურამ: შემდგომად შეასრულა ქურივმან ვინმე და მოქალაქეთა, და მ̃ა მთავარმან ადარნარემ, ხოლო აწ დარღუევასა ზედა მიჴდილი, განაახლა და აღაშენა ძირიდამ გუმბათითურთ ჟ̃დ მეფემან ვახტანგ. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ტფილისის სამჴრით ქციისამდე. არს კუალად ეკლესია ჯუარისა, გუმბათიანი, შუენიერი. განაახლა აწ იმერლისშვილმან. არს კუალად ანჩისხატი დიდი, უგუმბათო, კათალიკოზისა; შემუსრვილი აღაშენა კათალიკოზმან დომეტიმ, ძემან ქაიხოსროსამან, არს ნათლისმცემლის. გუმბათი მოარღვია პ̃თ მეფემან როსტომ. სხჳთ განაახლა ჟ̃დ მეფემან ვახტანგ.
არს კუალად დაბალს ციხესა შინა ეკლესია გუმბათიანი და აწ ცარიელი, და სხუანი გუმბათიანნი არიან. გ̃ უპყრავთ სომეხთა. უგუმბათო აღაშენა კარის საყდრად a პ̃თ დედოფალმან მარიამ. კუალად აღაშენა ჟ̃დ მეფემან ვახტანგ ორი უგუმბათო. ჟ̃ დედოფალმან როდამ აღაშენა ერთი უგუმბათო, კუალად უგუმბათო ოთხი აწ უპყრავთ სომეხთა. ხოლო ჴიდის ყურს აღაშენა მეჩითი შაისმაილ. პ̃თ მეფემან როსტომ აღაშენა ციხეს გარეთ ერთი, სასახლესა შინა თჳსსა ერთი და განჯის-კართან ერთი. ურუმთ ქრისტესა ჩ̃ღკზ აღაშენეს სამი, არამედ შემუსრნა შანადირ.
ისნს არს, კიდესა მტკურისასა, კლდესა ზედა, ციხესა შინა ეკლესია მეტეხი, ღვთისმშობლისა, გუმბათიანი, დიდშუენიერნაშენი, საარქიმანდრიტო; შემუსრვილი აღაშენა ჲ̃ვ მეფემან დიმიტრიმ. ჟ̃ბ მეფემან ერეკლემ მისცა სპარსთა, და არს უქმად. აქ განვალს ჴიდი კალიდამ ისნს, ციხიდამ ციხესა. ხოლო ჴიდის ყურის სამჴრით არს საფლავი წმიდის აბოსი, რომელი იწამა სპარსთაგან ტფილისს. ხოლო ისნის ციხე ყოფილ არს დიდი, რომელსა განაახლებდნენ ოსმალნი ქრისტესსა ჩ̃ღკჱ და დაშთათ უსრულნი. ისნს არს ეკლესია ერთი უგუმბათო, არამედ გუმბათიანი ორი, და უგუმბათო ერთი უპყრავთ სომეხთა. ყოფილან ძუელად მრავალნი ეკლესიანი ტფილის, კალასა და ისნს, არამედ აწ შემუსრვილნი არიან.
კალა მოზღუდა მეორე შააბაზ, პირველი შემუსრვილი. სამჴრით მოავლო სალალაკის კლდეზედ; დასავლით ქმნეს ორი კარი, ჩდილოთ ორი კარი. ზღუდეს გარეთ უჴმობენ აწ გარეთ-უბანს, სადაცა არს ასპარეზი. აქა არს ეკლესია გუნბათიანი ბ̃, უგუმბათო ბ̃ და უპყრავთ სომეხთა, ხოლო უგუმბათო ბ̃ უპყრავთ ქართველთა. კალას არს რომაელთა ეკლესია ერთი და მონოზონნი. ხოლო აწ უწოდებენ ოთხთავ ქალაქთა აწ ტფილისს და განყოფით: კალას-ტფილისსა, ტფილისს-სეიდაბადს და ისნს-ავლაბარს, და გარეთ-უბანი არს ტფილისისა. მსახლობელნი არიან ციხესა და სეიდაბადს სპარსნი მოჰმადიანნი, ხოლო ციხეს გარეთ უფროს სომეხნი და მცირედ ქართველნი, ქცევა-ზნით ქართულითა. სახლნი ნაშენნი არიან ქვა-ტალახითა და გალესილი გაჯითა, ზოგთა სპარსთ რიგისა, ზოგთა ქართული. არამედ ციხე, ეკლესიანი და ზღუდენი ქვიტკირისანი არიან. ჰავითა არს მშუენი და მხიარული, ერნი შუენიერნი და მშჳდნი, ქალნი ფრიად კეკლუცნი. გარემო ქალაქისა წალკოტნი და სავარდენი მრავალნი, ყოვლის ხილითა და ყუავილითა სავსე. გარნა ქალაქი ვიწრო, ფოლორცნი უშუერნი, ზაფხულს ცხელი და არა გაუძლისი, ზამთარ ცივი. გაზაფხულ-შემოდგომა მშუენი და სატრფო. სანადირონი მრავალნი ახლოს, ფრინველთა და ნადირთა. ხოლო კუალად დასავლით, იშიტუტრუქის კლდესა შინა, არს მონასტერი მთაწმიდისა და აწ ცალიერი.
ხოლო ტფილისის სამჴრ-აღმოსავლით არს ნავთლუხი. მუნ დის ნავთი კიდესა მტკურისასა, არამედ წყლის სიახლოვით მრავალი არ აიღების. აღმოსავლით ტფილისისა არს ლილო. არა არს მუნ ვენახნი და ხილნი მთობისაგან, და არს უმდინარო წყაროებითა, და ნაყოფიერებს მთურად. ტბანი არიან მცირენი და უთევზონი, მყურითა სავსე; სხდების წერო და ბატი მრავალი.
ტფილისის ჩდილოთ არს მინდორი დიდუბისა, რომელსა პირველ ეწოდა ცხენის-ტერფი. ტფილისიდამ მცხეთადმდე უწყლო, არამედ მოსავლიანი. კუალად ტფილისის ჩდილოთ არს ლურჯ-მონასტერი, ეკლესია წმიდის გიორგისა, უგუმბათო, დიდი, აწ ხუცის სამარ. ვერესა ზედა არს ჴიდი დიდი ქვიტკირისა. გარნა ვერე წყნეთამდე წალკოტითა შემკული და მრავალნი.
მის სამჴრით არს ველი საბურთალისა. ამას შინა ყოფილა რუ, ვერიდამ მოტანილი, და აწ უმისოდ უნაყოფო არს.
მას ზეით არს ტბა ლისისა, და მის დასავლით მთა სხალდიდისა, კეთილი აგარაკი და შუენიერი ყოვლითა. ამის სამჴრით ჴეობა დიღმისა. გამოსდის ამისი წყალი სხალდიდსა და სათოვლიას მთას და დის აღმოსავლით, მიერთვის მტკუარს დასავლეთიდამ. არს წოდორეთამდე ვენახოვან-ხილიანი და მას ზეით მთებრი.
სამჴრით არს ველი დიდი დიღმისა, უნაყოფო, არამედ ბალახოვანი, და ზამთარს იზრდების ცხოვართა და ზროხათა სიმრავლენი. ნაქულბაქევს ზეით არს დევის-ნამუხლი - კლდე, გაჭრილი გზად. მას ზეით მუხათ-გუერდი. მას ზეით, მცხეთის ჴიდის სამჴრით, არს მონასტერი ახალ ქალაქური, ყოვლადწმიდისა, უგუმბათო, კეთილს ადგილს; იდგნენ მოწესენი. მის დასავლით მცირე ჴევი ქართლისა, სდის მისსავე მთას და მოდის ჩდილოთ. აქა არს ციხე, რომელი აღაშენა ქართლოს და უწოდა სახელი თჳსი, არაოდეს შემუსრვილი მტერთაგან, რომელი დადგა ყრუს მოსლვასაცა. ამ ადგილის გამო ეწოდა ამ ქუეყანათა ქართლი. ა̃ მეფემან ფარნაოზ აღმართა აქა კერპი არმაზ, სახელისა თჳსისა, და მის გამო ეწოდა არმაზი ადგილსა ამას. და დაეფლა ქართლოს აქავე, და ფარნაოზცა წინაშე კერპისა თჳსისა. არამედ კერპისა ამის მსახურნი რომელნი იყვნენ, იგინი იყვნენ საქართველო. ხოლო შემდგომად შემუსრა კერპი ესე წმიდამან ნინო. არამედ იყო ქალაქი არმაზი აქითგან ვიდრე ნაქულბაქევამდე, და ყრუსაგან და შემდგომად მისა მოოჴრდა, ხოლო აწ არს დაბნები.
დასავლით არმაზისა არს ციხე-დიდი. მის დასავლით ჴევი ძეგვისა. სდიან სხალდიდს, მიერთვიან მტკუარს სამჴრიდამ. არს ღჳნო და მბალი მუნებური კეთილი. კუალად ამის დასავლით ჴევი ნიჩბისისა, გამოსდის დიდგორს, დის ჩდილოთ, ერთვის მტკუარს სამჴრიდამ.
ნიჩბისს არს შენობა დიდი და მონასტერი მცირე, აწ ხუცის სამარ. ამ ნიჩბისის-წყლის შესართავზედ, მტკუარზედ არს კოწახურას ფონი, მუხრანს გამსვლელი.
ნიჩბისის დასავლით ჴევი კავთისა. გამოსდის დიდგორს, დის ჩდილოთ, ერთვის მტკუარს სამჴრიდამ, ქვათაჴევამდე ვენახოვანი, ხილიანი. ქვათაჴევს არს მონასტერი ყოვლადწმიდისა, გუმბათიანი, შუენიერნაშენი. ზის არქიმანდრიტი. და არს ადგილი შემკული, ზაფხულს გრილი, წყაროიანი; ზამთარ თბილი; გარემოს მთა ტყიანი, შენობა მრავალი. ამას შინა შეჰყარნა ლანგთემურ მოწესენი და შეასხა ეჟუანნი რომელნი იტყოდენ: "ვაი ჩუენს დედაბრობასა, ეს რა გვეჟღარუნებიან!", და გამოსწუნა ყოველნი ეკლესიასა შინა, და ჩანს დღესაც იატაკსა ზედა ჴელნი ფერჴნი, თავნი და გუამნი. არავინ შევალს ფერჴცმული, არამედ ფერჴშიშუელნი, სიწმიდისათჳს. ამას ზეით, დიდგორის კალთას, არს ციხე კავთისა. მაღალს კლდესა ზედა შენი. კავთას ქუეით ერთვის ამ ჴევს ჴევი ბოტისისა. ქვათაჴევ-წინარეხს ქუეით ერთვის ამავ ჴევს ჴევი გუდარეხისა. წინარეხის აღმოსავლით და გომიჯურის ზეით არს მონასტერი ლავრა, გუმბათიანი, შუენიერს ადგილს და აწ უქმად. გუდარეხის ჴევზედ არს თუალივს სასახლე მეფეთა, ნაშენობა დიდი.
ხოლო დასავლეთით ქავთისჴევისა დის მდინარე თეძმისა, გამოსდის ჭვარებსა და თორის საშუალს მთასა, და დედაციხემდინ დის ადმოსავლით, მერმე დის ჩდილოთკენ და მიერთვის მტკუარს სამჴრიდამ. აქ მტკურის კიდეს არს მონასტერი ყოვლადწმიდისა. გუმბათიანი, დიდი მეტეხი კეთილშენი გორგასლისაგან, საარქიმანდრიტო. ამას ზეით არს სხერტის ჭალა. ამის სამჴრით არს თეძამზედ ახალქალაქი. ამის ზეით ეკლესია გუმბათიანი, ერთაწმიდისა, სასწაულთ-მოქმედი. ამის აღმოსავლით არს ციხე ცხირეთისა, ნასასახლევი მეფეთა. ერთაწმიდის დასავლით არს ციხე დრისა, მაღალს კლდესა ზედა, მაგარი, მდინარესა ზედა თეძმისასა.
ამის სამჴრით, ზემოთ თეძმის მდინარესა ზედა, არს კრკონს მონასტერი გუმბათიანი, ფრიად მაგარსა და შეუალს ადგილს. აქა არს ლითონი ბრპენისა მრავალი, იტყჳან ვეცხლსაცა. ზის წინამძღუარი. აქამომდე არს თეძამი ვენახ-ხილითა ნაყოფიერი. ამას ზეით, ვითარცა თრიალეთი ჭვარებითურთ. კრკონს ზეით, ჴევეღრმას, არს მონასტერი.
მას ზეით, ერიქალის მთის ქუეშ არს დედაციხე, კლდით მოზღუდვილი, ფრიად მაგარი. და მდინარესა ამას შინა არა არს თევზი, თჳნიერ კალმახისა, და იგი მრავალი გარნა წყალდიდობას შემოვალს კაპოეტნი და ჟამად ორაგულნიცა. გომიდამ მეტეხამდინ არს ჭალა სხერტისა, და არს ჴოჴობი მრავალნი.
თეზმის დასავლით არს ჴევი ხოვლესი, გამოსდის რაზმითის მთას, მოდის ჩდილოდამ, ერთვის მტკუარს სამჴრიდამ; არს ვენახოვანი, ხილიანი და ნაყოფიერი. თეზმიდამ ატენის წყლამდე მინდორი დოესისა, რომელი ირწყვის თეზის რუთი, და არს ფრიად მოსავლიანი, თჳნიერ ბრინჯ-ბამბისა.
ამის დასავლით არს ჴეობა ატენის მდინარისა. ტანა გამოსდის ჯამჯამს და საცხენისის მთას, დრის-ჴევამდე დის აღმოსავლით, მერმე დის ჩდილოთ, ერთვის მტკუარს სამჴრიდამ. მტკურის სამჴრით დასავლეთიდამ ერთვის ატენის-წყალს წედისის-ჴევი. წედისს არს ციხე მცირე, და არს ჴეობა ესე ვენახოვანი, ხილიანი, კუალად ატენის-წყალს მოერთვის აღმოსავლიდამ ვერის ჴევი. აქა არს ციხე მაღალს კლდესა ზედა. და ჴეობა ესე არს ვენახოვან-ხილიანი; ვერის დაბის დასავლით არს, დანახვისის მთის ძირს, მონასტერი კეთილშუენიერი ყოვლადწმიდისა. ამას ზეით ატენი, მცირე ქალაქი. მოსახლენი ქართველნი, სომეხნი, ურიანი. არს ციხე მაღალს კლდესა ზედა, ნაშენი დიდი, და ციხის გორის სამჴრით არს საცივი, ვითარცა მყინვარი, სადაცა დგება ღჳნო წარჩინებული; ჩდილოთ კერძ სდის თბილი წყალი, მკურნალი ბუგრისა, და სდის სხუაცა ცივი წყარო.
ატენის სამჴრით არს მონასტერი სიონი, გუმბათიანი, კეთილნაშენი, და აწ სმენ გადამდგარს ეპისკოპოზს ახტალის მაგიერ, ვინაჲთგან იგი უქმ არს, და აწ არს ნიში მისი. სიონის პირისპირ, დანახვისის ძირში, არს მონასტერი ნათლისმცემელისა. დანახვისი დგას მაღალს მთასა ზედა, ეკლესია წმიდის გიორგისა, მჭურეტი ქართლისა. ამას ზეით, მოერთვის ტანას ჴევი დრისა, გამომდინარე რაზმითის მთისა; და არს მთა კალთათა ტყიანი, თხემთა უტყეო. აქა არს საფლავი ჯაფირისა, რომლისა სიგრძე სუთი ადლი, და სცოცხლებდა ჟამსა როსტომ მეფისასა.
ხოლო ბობნავს ზეით ერთვის ტანას ღუის-ჴევი, გამომდინარე საცხენისის მთისა. და ბობნავამდე ჴეობა ესე არს ვენახოვანი, ხილიანი; მას ზეით მთური, ვიწრო და მაგარი, კლდიანი, ტყიანი და ცხელი. კოწახური არს ტყედ. ბობნავს ზეით, ჩდილოთ კერძ, არს ციხე კიკანათ-ბერი, კლდით b მოზღუდვილი, და წყარო შიგ გამომდინარე, და ფრიად მაგარი. ამ ციხის დასავლით, მთასა შინა, არს ეკლესია წმიდის გიორგისა ახალი-ჯუარი, სასწაულთმყოფი, რამეთუ არს მარადის კარნი დაუჴშველნი და მცველნი არაოდეს. ვერ შევალს მპარავნი და ვერცა ნადირნი. ხოლო მდინარესა შინა ატენისასა ზის კალმახნი გემოიანნი, მრავალნი, და სხუა თევზნი არა. წედისის ჩდილოთ და გორის პირისპირ არს ეკლესია წმიდის გიორგისა, მაღალს გორასა ზედა ნაშენი, სასწაულთმოქმედი. თავი წმიდის გიორგისა მდებარებს ჯუარსა შინა, უწოდებენ გორიჯუარს. არა იყო მუნ წყალი, ჟ̃დ დედოფალმან რუსუდან მოიტანა ბურეთის მთიდამ.
დასავლით გორიჯურისა არს ჴევი სკრისა, და მიერთვის სამჴრიდამ მტკუარს. ამ ჴეობის დასავლით არს ხუედურეთის ჴეობა. გამოსდის საცხენისის მთას და მიერთვის სამჴრიდამ მტკუარს. და არიან ესე ორნი ჴეობანი ვენახოვანნი, ხილიანნი.
ხუედურეთის დასავლეთით არს მონასტერი ყინცვისს წმიდის ნიკოლაოზისა, გუმბათიანი, დიდშუენიერად ნაშენი, მაღალს ადგილსა ზედა; ზის წინამძღუარი. ამის სამჴრით, მთასა შინა, არს სარკეს მონასტერი უგუმბათო, ფრიად კეთილნაშენი და აწ უქმი. ყინცვისის დასავლით არს ძამის ჴეობა. გამოსდის თორის მთასა, მოდის საგლონის ჭალამდე აღმოსავლით, მას ქუეით დის ჩდილოთ, მიერთვის მტკუარს სამჴრიდამ. მტკურის კიდესა ზედა არს ციხე სამწევრისს, დიდი, შიგ ეკლესია კეთილშენი. სამწევრისის სამჴრით მოერთვის ძამას იმერჴევის-ჴევი, გამოსდის საცხენისის მთას. აქა არს მონასტერი ძამისა, და აწ ხუცის სამარს. იმერჴევის დასავლით, ძამაზედ არს მძორეთი, მცირე ქალაქი. მოსახლენი სომეხნი, ურიანი, ციხე არს მაღალს კლდესა ზედა ნაშენი. ესე არს ძამის-ციხე. ამ ციხის ქუეშ სასახლე ციციანთა. მძორეთის დასავლეთს, გვეძინეთს, ერთვის ძამას ჴევი მუხალეთისა. აქა არს ციხე. კუალად გვეძინეთის დასავლით მოერთვის ჴევი აბუხალოსი. აქა არიან ქუაბნი გამოკუეთილნი მაღალს კლდესა შინა მრავალნი. მას შინა ეკლესია კეთილი და კაცთა შეუვალი სიმაგრით. აქიდამ გარდავალს გზა გუჯარეთს. ამ გზის დასავლით და ქოზიფას ზეით არს კლდე ფრიად შუენიერი, ყვითელი და ბრწყინვალე, ვითარცა ოქრო, და მის ქუეით არს მონასტერი ქოზიფას, უგუმბათო კეთილშენი, მთასა შინა, და აწ უქმი. არამედ გვეძინეთამდე არს ჴეობა ესე ვენახოვანი, ხილოვანი და მას ზეით მთური. მძორეთის ჩდილოთ, გორას იქით და სამწევრის ზეით, არს მონასტერი ყოვლადწმიდისა წრომს, გუნბათიანი შუენიერი, სოფიის კენჭი ჩაწყობილ-დახატული, და ხუცის სამარ. ხოლო ამას ქუეითს მინდორს რწყავს რუ ძამისა და ნაყოფიერებს. წრომის დასავლით არს ჴევი მიწობისა. მის დასავლით არს კრისისჴევი, ამის დასავლით ჴცისის-ჴევი. და არიან ჴევნი ესენი ვენახოვანნი, ხილიანნი.
ხოლო დამჩხერალოდამ ტფილისამდე, მტკურის კერძო მთამდე, არს ნაყოფიერი, ბრინჯ-ბამბას გარდა ყოველნი მარცვალნი, რომელნი აღვსწერეთ, ხილნი და ვენახნი მრავალნი; ღჳნო აქაური უმჯობესი ყოვლისა ქართლისა, და უმეტეს ატენური ყოველთა საქართველოს ღჳნოთა; პირუტყუთა სიმრავლე ყოველთავე, თჳნიერ აქლემისა. ჰაერი კეთილი და შემკული და მთათა დაბნები ეგრეთნი, ვითარცა მთისანი დავსწერენით, ნაყოფითა და პირუტყჳთა. ტყიანი, ნაძოვან-ფიჭოვანი და ნადირიანნი. მთა დიდგორისა და ერიქალისა ჩდილოთ კერძი არს ამ ადგილისა, და ნადირიანნი არიან, და ერიქალის მთასა შინა არს მეტი სხუათა თხა. კლდე-კრის დასავლით არს მთა ერჯევნისა, მაღალი და თხემთა უტყეო, ჭვარების კერძოსაკენ ტყიანი. არს დიდნი და მცირენი ნადირნი მრავალნი. აქ, მთის თხემსა ზედა, არს წყარო თუცა სუას დაცონილმან, ჰგონებს სამ დღე უჭმელობასა. და შემკულნი არიან მთანი ესენი შუენიერებითა. ხოლო კუალად წრომის ჩდილოს, მტკურის კიდესა ზედა, არს დაღალულა მინდორი, და ნაშენი და ფრიად ნაყოფიერი. ზამთარ პირუტყუთა ბალახნი მოუკლებელი, და ფრინვლითა სხუადასხჳთა სავსე, გარნა ზაფხულს გაუძლისი. ტფილისიდამ გორამდე მტკურის კიდე აქათ და იქით არს ჭალიანი, კლდიანი; ნადირნი და ჴოჴობნი მრავალნი. გორიდამ დამჩხერალომდე ფლატოიანი და ჭალიანი, ვითარცა დადაღულა.
ხოლო ჭვარების დასავლით და მძოვრეთის სამჴრით არს მდინარე და ჴეობა თორისა, რომელი გამოსდის ჭვარებსა და ამას შუათს მთასა და მიდის დასავლით, მერმე მომგრგუალდების ჩდილოთ სადგერს ზეით და მიერთვის მტკუარს სამჴრიდამ, და აწ განყოფილი არს სადგერად და გუჯარეთად. ამ ადგილის კაცნი ყოფილან მბრძოლნი ძლიერნი, აწცა არიან მჴნენი; გომარეთს ზეით ჭვარებამდე არს ჴეობა გუჯარეთისა, და ყოფილ არიან მრავალნი შენობანი და ეკლესიანი, გარნა აწ შემუსრვილნი. გუჯარეთის სოფელს ქუეით კიმოთისმანამდე, თორის წყალზედ, აქათ და იქით, არს კლდე, რომელი აიყრების დიდ-დიდი ფიცარი ფიქალ-ფიქალი შავი, და ბურვენ მით სახლებსა.
არს გუჯარეთის ჩდილოთ, მაღალს მთის თხემსა ზედა, ციხე თოთხამი, მჭურეტელი ქართლ-იმერეთისა. ამას ქუეით არს ციხე მომწვარას, და ეკლესია მცირე, და შენობანი დიდნი.
არს კუალად, სარბიელას ზეით, ციხე, სარბიელას-ჴევის თავს, მაღალს მთის წუერზედ, არს ციხე ალეწისა, მაგარი და მჭურეტი ქართლ-იმერეთისა.
ხოლო ადგილნი ესენი იყო უშენი, მცირეთაგან კიდე. აღაშენა დ მეფემან ვახტანგ. არა არს აქა ვენახნი და ხილნი, თჳნიერ მთის ხილთა, და სხჳთ ნაყოფიერი მთისებრ, ბალახ-ყუავილითა, ტყითა და წყაროებითა შემკული; ნადირნი მრავალნი, წყალი კალმახით სავსე. მოერთვიან სამჴრიდამ და ჩდილოდამ ჴევნი თორის წყალსა. აწ იყო ნარიანიცა ამისი, სადაცა დგების ზაფხულს ცხოვართა და პირუტყუთა სიმრავლე, ვიდრე ტბის-ყურამდე, ადგილსა ვაკესა და შუენიერსა. დის ქცია საშუალს ნარიანისა, კალმახით სავსე იტყჳან ტბის-ყურისას თამარ მეფემან ჰყო ტბად, ვინაჲთგან ჩანს ნარუალი, რომელი გაიტანაო ქციიდამ და აწ უქმი არს.
ხოლო არს სასპასპეტო ესე შემკული მთითა, ბარითა, პირუტყჳთა, ნადირ-ფრინველითა. მოსავალნი, რომელნიცა აღვსწერენით, მრავალნი ნაყოფიერებს. კაცნი და ქალნი შუენიერნი, მშჳდნი, მორჩილნი და ვიეთნი შფოთის მოყუარენი, მბრძოლნი ძლიერნი. სამსონი კათალიკოზისანი. სახლობენ მთავარნი ოთხნი და აზნაურნი მრავალნი. აწ ვიწყებთ სხუასა.
მესამე სასპასპეტო არს, რომელი იწყების მცხეთიდამ. ხოლო კათალიკოზი, ვინაჲთგან მეფისა თანა მყოფი არს, და არს მეოთხე სასპასპეტოსი, არამედ მუხრანი, ორი არაგჳ, ქსნის-ჴევი და მამული მისი მესამე სასპასპეტო არს.
ხოლო მუხრანმან მოიგო სახელი ესე მუხათაგან, სადაცა არს ადგილთა ამათ შინა ტყე უმეტეს მუხანი. გარნა საზღვარი მუხრანისა არს ძეგვის-წყლიდამ დიღმის იწრომდე. არამედ აწ აღმოსავლით მზღვრის არაგჳ, სამჴრით მტკუარი, ჩდილოთ ციხე ბოდავისა და ტინის მთა, დასავლით გორა ოკამისა, სამჴრითკენ გარდაჭრილი ხაზი შავ-ტყესა და წლევისა კასპის ბოლომდე.
ხოლო მცხეთა არს ორს მდინარეს შორის: სამჴრით უდის მტკუარი, აღმოსავლით არაგვჳ, და მუნ შეკრბებიან. აღაშენა მცხეთოს, ძემან ქართლოსისამან, და უწოდა სახელითა თჳსითა. შემდგომად იქმნა ქალაქი დიდი, რომელსა უწოდებდნენ დედა-ქალაქსა. მერმე მოზღუდა არდამ, ერისთავმან სპარსთამან; მანვე აღაშენა ჴიდსა ზედა ციხე და ჩდილოთ ციხე. კუალად არმაზიდამ წარმოზღუდა მტკურადმდე. ამის გამო ისწავლეს ქართველთა ქვიტკირი. და იმყოფოდა ქალაქსა ამას შინა უხუცესი ყოველთა საქართველოსი, და მორჩილებდენ ამას. შემდგომად აზონ მოარღჳა ზღუდე, ა̃ მეფემან ფარნაოზ კუალად მოზღუდა, და მეფენი ჟამითი-ჟამად ამაგრებდნენ. ხოლო მირიან აღაშენა ეკლესია მოციქულთა, ხისა, სამოთხესა შინა თჳსსა, სადაცა არს კუართი უფლისა, რომელი მოიღო ელიოზ, და ხალენი ელიასი. და კ̃ვ მეფემან მირდატ აღაშენა მონაკუეთსა სუეტისასა გარემო ქვიტკირის სუეტი, და ამისგან ეწოდა სუეტი ცხოველი ეკლესიასა ამას, და აღმართა მას ზედა ჯუარი, რომელსა სდიოდა მირონი სამკურნალო, და აწ უწოდებენ სამირონესა.
და ჩდილოთ ამისა მირიანვე აღაშენა ეკლესია მაცხოვრისა ღვთაებისა, სამთავრო, ქვიტკირისა, გუმბათიანი, დიდშუენიერი, და დაეფლა მირიან მუნ, და მ̃გ მეფე მირ. ამას შინა დასუა გორგასალ ეპისკოპოზი, და აწცა ზის მთავარეპისკოპოზი, მწყემსი რეხულას ზეით დიდ ლიახვამდე ვახტანგ გორგასალ აღაშენა მცხეთა ქვიტკირითა და შეამკო დიდად. მანვე დასუა ქათალიკოზი. შემდგომად, ძრვით დარღვეული, აღაშენა ო̃ა მეფემან გიორგი, მერმე შემუსრა ლანგთემურ, აღაშენა ო̃ვ მეფემან ალექსანდრე. არს სიგრძით ..ადლი და განით..., ფრიად მაღალი. შემდგომად შთამოვარდა გუმბათი და მოაშენა პ̃თ მეფემან როსტომ. ჟ̃დ მეფემან ვახტანგ შეამკო კარი სამირონესი ოქროთა, მინითა და ვეცხლითა, და ჰყო მოფენილმოფარდაგულ ზეზით კერილითა. დაფლულ არიან მეფენი გორგასალ, დავით ლაშას ძე, დიმიტრი თავდადებული, დიდი ლუარსაბ, სჳმონ და გიორგი აწცა ეფლვიან, არამედ უშუერ არს.
აქავ ლ̃ა მეფემან არჩილ აღაშენა ეკლესია სტეფანწმიდისა. აღმოსავლით, არაგჳს კარსა ზედა, ყოფილან ეკლესიანი მრავალნი, არამედ შემუსრვილნი არიან. არიან შენობანი დიდნი, პალატნი დიდდიდნი. ხოლო აწ არღარა არს ქალაქი, არამედ დაბა, რამეთუ შემდგომად ყრუსა მოოჴრდა იტყჳან მძლავრებისათჳს მოჰმადიანთა არღარა ჰყვეს ქალაქი, რათა არა მათ იპყრან, და შეიგინოს სიწმიდე. ხოლო არს ზამთარს ცივი, ქარიანი, ზაფხულ ცხელი, არამედ ჰავითმშუენი, მთებთა შორის მდგომი, რამეთუ აღმოსავლით აქუს მთა ჯუარ-ზედაძნისა, დასავლით მთა სარკინეთისა, სამჴრით მთა ქართლისა და კარსნისა.
ხოლო სარკინეთი არს მცხეთის დასავლით, სადაცა აღაშენეს ქალაქი ძლიერი თურქთა და, მოსლვასა ალექსანდრე მაკედონელისასა, განხურიტეს მთა ესე სხალტბისაკენ და ივლტოდნენ კავკასეთად. მერმე შემუსრა ალექსანდრემ. და არიან ქუაბნი გამოკუეთილნი კლდისაგან, მრავალნი, და კლდე ესე არს, ვითარცა ნაშენი ქვიტკირისა. არს აქა მონასტერი დიდი, გუნბათიანი და მღჳმე მას შინა, რომელსა შინა სცხოვრებდა წმიდა შიო, ი̃გ მამათაგანი. ზის აწ არქიმანდრიტი. არს მღჳმესა შინა საფლავი წმიდისა შიოსი სასწაულთმოქმედი, რომლისა გარემოს მისა ვერ იკადრებს მჴეცნი შეჭმად პირუტყუთა მონასტრისათა. არს აქა კუალად ეკლესია დიდი, უგუმბათო, კეთილნაშენი. ხოლო იტყჳან, ძუელად იდგა ჭ̃ მონაზონნი ამათ ადგილთა შინა. არამედ მთა ესე არს ტყიანი, ღელე-ღრატოიანი, უწყლო, ნადირიანი. თჳნიერ ირმისა, ყოველნი. სამჴრით კერძი მტკურისა უმოსავლოიანი, ხოლო ჩდილოთ კერძი მოსავლიანი, ვენახ-ხილიანი და იწყების მთა ესე მცხეთიდამ და მივალს გორამდე, და ვიდრე ალამდე.
ხოლო მცხეთას განჰკუეთს არაგჳ, გარნა მოებმის ზედაძნის მთა და მივალს ქისიყამდე. ხოლო მდინარე არაგჳ განჰყოფს ქართლსა და კახეთსა. და ეწოდა სახელი ესე ამ მდინარეს თჳსითავე, ვინაჲთგან დის ჩქარად, მოგვის და იმღვრევის შავად: "ხედავ, არა გვის ეს წყალი ამ ჴევთა!" არამედ არს მდინარე ურგები, თევზი, თჳნიერ ორაგულისა, არარაჲ, და იგიცა ჟამად. გამოსდის მაღრანდვალეთის ქნოღოს კავკასის მთიდამ, და ციკარიდამ დის აღმოსავლეთ-სამჴრეთს შუა, ვიდრე გუდამაყრის ჴევამდე და მუნიდამ სამჴრით დის მტკურამდე. ამიერ და იმიერ ჭალანი ჯღარდლოვანნი, ეკლოვანნი, ნადირითა, ეშჳთა და ჴოჴბითა სავსე.
ხოლო მცხეთის ჩდილოთ არს ციხე ბელტისა, აღაშენა არდამ ერისთავმან. ამის ჩდილოთ არს ღართისკარი, ჴევი ღრმა და შრალი. მის ჩდილოთ არს მდინარე ნარეკუავისა, რომელი გამოსდის ალევის მთასა და დის სამჴრით ტყჳლიანამდე, მერმე აღმოსავლეთით და მიერთვის არაგუს დასავლეთიდამ. ესე გამოვლის შორის მუხრანსა. არაგჳს დასავლით, ნარეკუავსა ზედა, არს ჭალა ნარეკუავისავე, ნადირითა და ჴოჴბით სავსე. და არს მდინარე ესე უჟანამდე ვენახითა და ხილითა ნაყოფიერი. ხოლო ნარეკუავის ჩდილოთ, არაგჳს პირს, არს საფურცლე და საფურცლის ჩდილოთ მისაქციელი, მთის ძირს. ამის დასავლით, ამ მთის ძირს, არს ეკლესია წილკანს, ღვთისმშობლისა, გუმბათიანი და შუენიერი. აღაშენა კ̃ე მეფემან ბაქარ, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი მუხრანისა, ორისავე არაგჳსა და ბაზალეთისა. ტყჳლიანიდამ ისო წილკანელმან, ი̃გ მამათაგანმან, წარმოიღო ყავარჯნის თრევით რუ, რომელსა მოსდევდა უმუშაკოთ წყალო და მოიღო წალკანს და დის დღემდე. დაფლულ არს წმიდა ისო მუნ. ხოლო ირწყვის მინდორი ამისი რაუჲთა მით და ნაყოფიერებს ფრიად. ტყჳლიანის ჩდილოთ არს მონასტერი მჭადის-ჯუარისა, საბურდიანოსა შინა, გუმბათიანი და აწ უქმი. კუალად ნარეკუავის შესართავის დასავლით, სარკინეთის მთის ჩდილოს გუერდი, ვიდრე ქანდა-ციხის ძირამდე, არს ვენახოვანი, ხილიანი, ბალახიანი და ტყიანი, ხოლო ციხისძირს ჩამოუდის კსანი. ოძისამდე არს მუხრანისა, ოძისის ჩდილოთ კერძი კსნის ჴევისა. ციხის-ძირის სამჴრით არს ციხე მტკურისა, სარკინეთის მთასავე ზედა, რომელი აღაშენა ო̃თ მეფის კოსტანტინეს ძემან ბაგრატ. ამ ციხის სამჴრით, მტკურამდე და ნასპარსევამდე, არს მინდორი ნასპარსევისა წოდებული. ოდეს დაისხნენ თურქთა მოსლვასა სპარსნი, და მოსწყჳდნა ალექსანდრე დიდმან, მათ გამო ისახელა. არს უწყლოობით უნაყოფო, არამედ ზამთარ ბალახიანი, და იზრდებიან ცხოვართა და ჯოგთა სიმრავლე.
ხოლო ქსანი მდინარე ერთვის მტკუარსა ჩდილოდამ, ციხეს ქუეით. ციხის-ძირს ზეით ერთვის კსანს შიოს-უბნის წყაროს-წყალი აღმოსავლეთიდამ. არამედ შიოს-უბანს არს შენობა დიდი სასახლეთა. ხოლო ოსმალთა აღაშენეს ციხე ქრისტესა ჩ̃ღლ. აწ არს სახიზრად. ამის ჩდილოთ ქსორისი. მუნ არს აღებული რუ, და რწყავს ორთა ამათ მთათა შორისთა მინდორთა, სარკინეთისა და ციხე-ბოდავის მთათა შორისსა, და ნაყოფიერებს მით ფრიად. მას ზეით ოძისი და, დასავლით კსნისა, ირტო-თეზ-ოკმის მინდორი და ჩანგილარ-ბეგთათავისა; ირწყვის კსნის რუთივე და ნაყოფიერებს. ხოლო ციხის-ძირის დასავლით, კსანს იქით, ასტყდების მთა თხოთისა, რომელსა ზედამოიქცა მეფე მირიან ქრისტეანედ. აწცა არს მუნ ნიში ჯუარისა, რომელი აღმართა წმიდამან ნინომ, სუეტისაგან გამოკუეთილი. ამ მთის მობმით მთა წლევისა წარვალს გორამდე. ამ მთათა სამჴრით არს, მტკურამდე და კასპამდე კსნიდამ, მინდორი აღაიანისა, უწყლო, უნაყოფო, გარნა ბალახიანი და ზამთარს მზრდელი ცხოვართა და ჯოგთა. ხოლო მდინარემან კსანმა მოიგო სახელი ესრეთ, რამეთუ მდინარე ესე არს სხუათა მდინარეთა ერთი კსანი. და არს სარგებლიანი მდინარე და თევზიანი, არამედ ესე მუხრანი ფრიად შემკული არს ზამთარ სითბოთი, და მეფეთა სადგური, ბალახ-ჩალიან-ლერწმოვანი, ზაფხულს მშუენი. კეთილ-აგარაკოვანი, ცივნი წყარონი, ჰავით მშუენი. მოსავალნი მტილთა, წალკოტთა, ვენახთა, თესლ-მარცვალთა მრავლად ნაყოფიერებს. პირუტყუნი, აქლემს გარდა, ყოველნი მრავალნი, რამეთუ ზამთარ ბალახთა მძოვარნი არიან. ფრინველნი გარეულნი და შინაურნი მრავალნი, სანადირონი მოუკლებელნი. სახლობენ გუარიანნი აზნაურნი და კაცნი მჴნენი და მბრძოლნი, არამედ მპარავნი. პირველ იყო მეფეთა სადგური; აწ უპყრავს, შემდგომად ბაგრატისა, მუხრანის-ბატონსა, ამასვე აქუს დროშა სასპასპეტე არაგუ-კსნისა.
ხოლო კუალად არაგჳს პირს არს ოჴერ-ჴიდა, რომელსა ეწოდა პირველ ჴიდარი, სადაცა აღაშენა ვარზაბაქარ ციხე და უკუჯდა ჴევსა კახეთისასა და არაგჳს პირს. მისაქციელიდამ და ოჴერჴიდიდამ ანანურამდე არს ვენახოვანი, ხილიანი, და ოჴერ-ჴიდის ჩდილოთ არს ბოდორნას ქუაბნი გამოკუეთილნი და ციხე მაგარი. ამის ჩდილოთ ურია, მოსახლენი ვაჭარნი. ჩდილოდ მისა, არანისთან, ზანდუკლის ჴევი, მას ზეით ვეძათჴევისჴევი. ამ ჴუვისა და არაგჳსკიდეზედ არს ანანური. ძუელად იყო ეკლესია მცირე, არამედ წელსა ქრისტესა ჩ̃ღდ აღაშენა გიორგი ერისთავმან ეკლესია გუმბათიანი, დიდი. გარემო მოავლო ზღუდე ქვიტკირისა, და მაღალს კლდესა ზედა ქმნა კოშკი და ციხე. ჰგონებდა სიმაგრედ თჳსად და მომავალთა თჳსთა, არამედ ექმნა საბრჴედ და მომწყუედელ ძეთა და ნათესავთა მისთა. ვეძათჴევის დასავლით არს საფერშეთი და ალევი, მთასა ზედა; და ალევი არს მთა მაღალი, თხემთა უტყეო, კალთათა ტყიანი. ესე წარივლის სამჴრით ოძისამდე და ჩდილოდ ლომისამდე. ესე მთა ჰყოფს ქსნის-ჴევსა და ბაზალეთსა. ამ ალევის მთის თხემსა არს ეკლესია უგუმბათო, მჭურეტი ქართლ-კახეთისა. ამას შინა არს სიმრავლე ხატთა და ჯუართა ოქროჲსა და ვეცხლისათა, და სამსახურებელნი ეკლესიისანი მრავალნი. კარნი აქუს ოქროსი, რომელი უქმნეს სპარსთა, რაჟამს წარიღეს ხატი მისი, მუნ სასწაულის მხილველთა, უქმნეს კარნი ოქროჲსანი და დასდვეს ურემსა ჴარბმულსა, და მოიღო მუნ. ამ მთას გასდის ნარეკუავი.
არამედ ჴეობასა ამას ბენის-ჭილუტამდე ეწოდების გრემის ჴევი. არა არს გრემის ჴევს ვენახნი და ხილნი, სხჳთა ყოვლითა მოსავლიანი. და ამ სიმგრგულვეს შორის არს ბაზალეთი, რომელსა ეწოდა დაბის გამო. აქუს ბაზალეთს აღმოსავლით არაგჳ, სამჴრით ციხე ბოდავისა და ტინის მთა, დასავლით გრემის ჴევი და ალევის მთა, ჩდილოთ ჭართალის მთა. არს აქა ტბა ბაზალეთისა დუშეთის წინარე მდებარე, და არს ურგები და უთევზო, და წურბელი მრავალი. სხდებიან ფრინველნი მრავალნი. არიან ტბის გარემოს, მუხრანის კერძ, არაგჳსკენ, გრემის კერძ და ანანურის კერძოდ, დაბნები ვენახოვანნი, ხილიანი,მოსავლიანი და უწყლოობით არა მრავალნაყოფიერნი. არიან მცირე წყარონი დაბნებთა. ჰავითა მშუენი და კეთილი. კაცნი მბრძოლნი და მპარავ-ავაზაკნი და უშიშნი ღვთისა. წილკნის მთის ზეით, ვიდრე ანანურამდე, უმეტეს ტყიანი, ღელოვან-ჴრამოვანი. ხოლო ანანურს ზეით ერთვის არაგუს დასავლიდამ ჭართალის-ჴევი. მის ჩდილოდ არს მთიულთ-კარი, სიმაგრე მტკიცე; მას ზეით ნასასახლევი მეფეთა და ხანდოს-ჴევი, რომელი გამოსდის ლომისის მთას, ერთვის არაგუს დასავლეთიდამ.
მის ზეით ერთვის ჴევი გუდამაყრისა არაგუს ჩდილოდამ; გამოსდის კავკასს გუდამაყარსა, ჴევსა და ძურძუკს შორისსა. და არს გუდამაყრის ჴეობა მაგარი, მოსავლით ვითარცა სხუა მთის ალაგნი და უფროს მწირი.კაცნი და ქალნი მგზავსნი მთიულთა, ჴელოსანნი, მშჳლდთ-მოქმედნი, აკეთებენ რქისაგან მჯიხვისა, თხისაგან და ჴართაგან.
ხოლო გუდამაყრის-ჴევის შესართავს ზეით, დასავლეთ-ჩდილოს შუა, არს მთიულეთი, ამ მთიულეთსა და კსანის-ჴევს განჰყოფს ცხრაზმასა და ჴანდოს ლომისის მთა, გუდამაყრის ჴევს ზეით, სამჴრიდამ, მოერთვის არაგუს ამირთ-ჴევი: კუალად მოერთვის სამჴრიდამვე ჩოხელთ-ჴევი. ამას ზეით მოერთვის არაგუს ცეცხლის-ჯუარიდამ ჴარჴელთ-ჴევი. ამას ზეით არს ნაღუარევი, მეფეთა ნასასახლევი, შენებულება დიდი. მას ზეით მოერთვის არაგუს ღუდოს-ჴევი. ამას ზეით არს მონასტერი ყოვლადწმიდისა და აწ უქმი. და ეს ჴევნი გამოსდიან ლომისის მთას. მონასტრის სამჴრით, მთის თხემსა ზედა, არს ეკლესია წმიდის გიორგისა, წოდებული ლომისა და ამის გამო ეწოდა მთასა ამას სახელი ესე, არამედ უგუმბათო არს და არიან მრავალნი ხატნი და ჯუარნი ოქრო-ვეცხლისანი, დახიზნულობით. უჭურეტს სამჴრით კსანსა, ჩდილოთ მთიულეთს. მთა ესე უტყეო არს და ბალახ-ყუავილიანი, კალთათა ტყიანი. ხოლო ღუდოს-ჴევის ჩდილოთ, არაგუს გაღმა, არს დაბა ჴადა, მაღალს კლდესა ზედა, მოზღუდვილი კლდითავე. მის ჩდილოთ არს ციკარა, ადგილი კლდოვანი და ჲ̃ კოშკოვანი გარემოს, და არს მუნ ეკლესია მცირე. ამ ციკარას დასავლით გარდავალს გზა ჴევსა შინა. ხოლო ციკარის აღმოსავლეთით არს ნასახლევი მეფეთა, ნაშენი დიდი, და ამას ქუეით იყოფის ციკარას წყალი ორად და მიერთვის არაგუს ჴარჴელის ზეით და ქუეით ჩდილოდამ.
ხოლო ჩდილოთ წარმოივლის კავკასი და განჰყოფს მთიულეთს გუდამაყრისა და ჴევისაგან. და არს მოზღუდვილი მთიულეთი მთითა; ამის გამო მაგარი და შეუალი არს, უვენახო, უხილო, მცირე მოსავლიანი. არამედ მოიღებენ ბარიდან ტკბილსა, შთაასხმენ აქა და ლომისას, და დადგების ღჳნო კეთილი, თეთრი და ტკბილი. არა არს აქა აქლემი, კამბეჩი და ვირი; არს ცხოვარი უდუმო-კუდიანი, ძროხა და ცხენიცა არა მრავალ, სივიწროვის გამო. ჰავითა არს ფრიად კეთილი და შუენიერი წყარო-წყლითა და მწუანითა. წყალთა შინა კალმახი, მრავალნი, ჴორცნი, თევზნი და ფრინველნი გემოიანნი, პური ნოყიერი, ეგრეთვე ქრთილიცა. კაცნი ჰაეროვანნი, მჴნენი და მბრძოლნი, ერთგულნი, ბრიყუ-უსაქციელონი, საჭურველთ-მოყუარენი, სამოსელთა და იარაღთა გამწყონი. ქალნიცა შუენიერნი, არამედ უგბილად მოსილნი. აქა არს ქვა, რომელი აიყრების კლდისაგან ფიქალ-ფიქალად, და ასხედს მას ქვასა სიბრტყეზედ ჴშირად მუწუკთაებრ, ვითარცა ოქრო და ვეცხლი, ანუ ნარევი და მბრჭყვინავი ფრიად, ივლებენ ამას ზღუდეს გარემოთ, და არს პატიოსნება მათ შინა ესე.
ხოლო მთიულეთის ჩდილოთ არს ჴევი. გარდავალს გზა ჴევს, ჴადის დასავლეთიდამ, კავკასსა ზედა. არამედ არს დაბალი და უტყეო; ზამთარს ვერა ვლის ამას ზედა ცხენი თოვლის სიდიდითა; ზაფხულ არს ბალახიანი, ყუავილიანი. ამას უწოდებენ ყელს. ხოლო ჩდილოთკენ ერთვის ჴევის მდინარეს ჴევი, და უწოდებენ შთასავალს. აქა არს წყარო სპეტაკი, ვითარცა თოვლი, და ჰყრია ბროლი მრავალი, მგზავსი გათლილისა, და სცვივა კლდესა. აქა იპოების ბროლი და სჭვირს წითლად, და გასტეხო - არს შიგ წითელი ბროლი. არამედ მდინარესა ჴევისასა ეწოდების არაგჳვე ჩერქეზამდე და მუნ ლომეკის-მდინარე ძულადვე, და აწ უწოდებენ თერგსა; გამოსდის ქურთაულისა, ზახისა და მაღრან-დვალეთისა შუათს, აღმოსავლეთიდამ, კავკასის მჴრიდამ, დის აღმოსავლეთად ჩასავალამდე.
ამ ჩასავალს ზეით არს თრუსო სამ ჴევად. აღმოსავლით აქუს ჴევი, დასავლით ზახა და მაღრან-დვალეთი, სამჴრით მთიულეთი, ჩდილოთ ქურთაული და მოზღუდვილ არს კავკასით, თჳნიერ ჴევიდამ. მოსახლენი არიან ოსნი, დვალნი. შთასავალს ქუეით მოდრკების არაგჳ და დის ჩდილოთ, ვიდრე ქისტის-წყლამდე, და მიდის ფრიად მსწრაფლად. ამ დინების გამო არა არს თევზი მდინარესა ამას შინა, თჳნიერ კალმახისა. და არს ჴეობა ესე მოზღუდვილი კავკასითა, რამეთუ დასავლით აქუს მყინვარი, უმაღლეს ყოველთა კავკასთა, და მარადის ყინულით შეკუერცხილი. და განჰყოფს მთა ესე თაგაურს, ჩიმსა და ჴევსა. აღმოსავლით უძეს კუალად კავკასი, იგიცა მარადის თოვლიანი. განჰყოფს მთა ესე ქისტს, ძურძუკს და ჴევსა. სამჴრით აქუს კუალად კავკასი, და განჰყოფს ესე გუდამაყარს, მთიულეთს და ჴევს.
ხოლო ჩასავალს ქუეით არს, ჩდილოთ კერძ, არაგჳს დასავლით, ციხე არშისა, თჳნიერ კაცთა ჴელთაგან ქმნული, მაღალს კლდესა ზედა, მოზღუდვილი კლდითავე და შეუალი კაცთა, მყინვარის კალთასა ზედა.
აღმოსავლიდამ არაგუს ერთვის, არშას ქუეით, აჩხოტის ჴევი. აქა არს ციხე ღუდუშაურისა მცირე, არამედ ფრიად მაგარი. ამ ჴევიდამ გარდავალს გზა გუდამაყარს. ამის ჩდილოთ არს სტეფან-წმიდა, დაბა კარგი. ამის დასავლით არს გერგეთი, არაგუს იქით კიდესა. ზეით ამისსა არს, მყინვარის კალთასა ზედა, მონასტერი სამებისა, გუმბათიანი, მცხეთის სამკაულის სახიზრად, სადაცა ესუენა ნინოს ჯუარი, შუენიერნაშენი, შუენიერს ადგილს.
მყინვარის კლდესა შინა არიან ქუაბნი გამოკუეთილნი ფრიად მაღალსა, და უწოდებენ ბეთლემსა, გარნა საჭიროდ ასავალი არს, რამეთუ არს ჯაჭჳ რკინისა, გარდმოკიდებული ქუაბიდამ, და მით აღვლენ. იტყჳან უფლის აკუანსა მუნ და აბრაჰამის კარავსა, მდგომსა უსუეტოდ, უსაბლოდ, და სხუათაცა საკჳრველთა, არამედ მე ვდუმებ.
კუალად ძირსა მისსა არს მონასტერი, კლდესა შინა გამოკუეთილი უდაბნოდ, და აწ ცარიელი. გერგეთს ქუეით, ჩდილოთკენ, დასავლეთიდამ ერთვის ჴევი გელათისა, ძუელად ესრეთ წოდებული დაბისა ამის სახელი, ხოლო აწ უწოდებენ გუელეთს.
ამ გუელეთს ქუეით ერთვის არაგუსვე ჴევი, სამჴრ-აღმოსავლეთიდამ, გამოსდის გუდამაყარისა და ძურძუკის კავკასსა, მოდის დასავლეთს-ჩდილოს შუა და არს უშენი. გარდავალს ამ ჴევიდამ გზა ძურძუკსა და ქისტეთს, ძნელი, საჭირო. კუალად გარდავალს გზა გუდამაყარსაცა. ამ ჴევს ქუეით დავიწროვდების ჴევი ესე კლდითა, და აქა არს ციხე დავითისა, არაგჳს აღმოსავლით კიდესა ზედა, აღმაშენებელის აღშენებული. ამას ქუეით არს დარიელა არაგჳს აღმოსავლით, კიდესა ზედა, გ̃ მეფის მირვანის მიერ. შეაბა კარი და ქმნა სიმაგრე ხაზართა და ოვსთათჳს, რათა უმისოდ ვერღარა ვიდოდნენ და არს სახელი ესე მომრევი. ამას ქუეით ნასასახლევი მეფეთ: ოდეს გაილაშქრიან ოვსეთად, მუნ დადგიან.
ხოლო ჴეობა ჴევისა არს მოსავლიანი ხორბლისა, ქრთილისა, სელისა, შვრივისა შთასავლით გუელეთამდე. არა არს აქა ხილნი, თჳნიერ მთის ხილთა; არს კოწახური, მოცხარი, კლდის მერსენი და სხუანიცა ბალახთა ხილნი. არს ვარდი ჭალათა მრავალფურცლოვანი და წითელი მრავალი, და სხუანიცა ყუავილნი მთისანი მრავალნი. პირუტყუნი, რაც ოდენ ეტევის, მრავალნი. ცხვარი უდუმო. არს აქა მჯიხჳ მრავალი ჯოგად და არჩჳ. არს ფრინველი შურთხი, გნოლი და ზაფხულს მწყერი ურიცხუნი. იტყჳან ლითონს ოქროსასა და ვეცხლისასა. არა არს ტყე აქა, არამედ ზიდვენ გუელეთის ქუემოდამ. ჰავით არს კეთილმშუენი. კაცნი არიან მბრძოლნი, ძლიერნი, ახოვანნი, ჰაეროვანნი, ვითარცა მთიულნი, გარნა ესენი უმჯობესნი ყოვლითა. სარწმუნოებით ქართველთა თანა, არამედ მისიცა უმეცარნი.
ხოლო მდინარე კსნისა ოძის ზეით, ბაზალეთისა და ალევის მთის დასავლით, დის და გამოსდის ქნოღოს ჟმურის საშუალს კავკასს. ქარჩოხამდინ დის აღმოსავლეთად, ქარჩოხს ქუეით სამჴრით გაივლის მუხრანს და მიერთვის მტკუარს. ხოლო ოძის ზეით არს მონასტერი ხოფა, უგუმბათო, დიდშენი კეთილად და აწ ცარიელი. მის ჩდილოთ არს მცირე ქალაქი ახალგორი. მსახლობელნი არიან სომეხნი, და სასახლე კსნის ერისთვისა. მას ზეით, კსნის დასავლით კიდესა ზედა, არს ციხე დაბასა წირქვალს. ამის სამჴრით, ბოლსა და ახალდაბას შუა, არს ახალდაბის ციხე ამილახორისა. წირქვალს ზეით, ჩდილოთ, არს მონასტერი კაბენი, გუმბათიანი, ყანჩიეთს, კეთილად ნაშენი, შუენიერს ადგილს და აწ ხუცის სამარ. ჩდილოთ ყანჩიეთისა, ზებეყურის მთის ძირს, არს ხადის ციხე, მაგარი. ზებეყურის მთა არს თხემთა უტყეო და კალთათა ტყიანი. ეს მთა ჩამოადგების ცხჳრად ქსანს დასავლიდამ და აღმოსავლეთიდამ ალევის მთის ცხჳრი, და დაავიწროვებს კსანსა კლდითა.
ამ კლდეს ქუეით მტკურამდე ქსანი არს ვენახოვანი, ხილიანი, მოსავლიანი, ვითარცა სხუანი აღვსწერეთ, და ამ კლდეს ზეით იწრო და მჭიდრო, უვენახო, უხილო, მწირი, ვითარცა სხუანი მთის ალაგნი მოსაალითა, ტყიან-კლდიანობითა. ამავ კლდის ჩდილოთ, საძეგურს, ერთვის კსანსა აღმოსავლეთიდამ ჴევი, ალევის მთის გამომდინარე. საძეგურის ჩდილოთ არს მონასტერი ლარგვისი, წმიდის თევდორესი. აღმოსავლით უდის კსანი, სამჴრით ჭურთის წყალი, უგუმბათო, შემკული ყოვლითა, აწ ხუცის სამარ; აქა ჰყო შანშემ ციხე, არამედ ურგებად თჳსად. ამის ჩდილოთ ერთვის კსანს აღმოსავლიდამ ცხრაზმის ჴევი, გამოსდის ლომისას. და არს ადგილი ესე მოსავლიანი, მთის ალაგთაებრი. და ამ ჴევს ზეით, ჩდილოთკენ, არს ციხე ქარჩოხისა, კსნის პირსა ზედა, ლომისიდამ ჩამოსულს კლდესა ზედა. უდის სამჴრით კსანი და აღმოსავლით ჴევი, ლომისის მთის გამომდინარე, და აღვალს აქედამ გზა ლომისის ეკლესიისა თანა და შთავალს მთიულეთს. ხოლო ქარჩოხის დასავლით არს ქსანსა ზედა ჟამური. აწ მსახლობელნი არიან ოსნი. საშუალს ჟამურისა არს ციხე, ბერციხედ წოდვილი, კსანსა ზედა და კლდესა ზედა მდგომარე. არამედ მთიულეთსა და ამას შუა არს მთა მარადის თოვლიანი, უტყეო, კალთათა მცირე არყნალი. ჟამურის მჴარეს ამ მთასა ზედა არს კოშკნი წარიგებულნი მრავალნი მაღალნი და კეთილნაშენნი. მოსავლით ვითარცა სხუანი მთის ადგილნი. ცხვარი აქაცა უდუმო, პირუტყუნი არა ეგოდენ მრავალნი.
ხოლო სამჴრით ჟამურისა არს მთა, განმყოფელი ჭურთისა და ჟამურისა, თხემთა უტყეო, კალთათა ტყიანი და ნადირიანი. ამ მთის სამჴრით არს ჭურთის-ჴევი, რომლისა წყალი გასდის ამავ მთასა, და სად ერთვის ამ წყალს ცხრაწყაროს-წყალი, მუნ, ამ ორთა წყალთ შუა, არს ციხე წინკიბე, ფრიად მაგარი. ამ ორთა ჴევთა უწოდებენ ჭურთას, და მიდის აღმოსავლეთად და მიერთვის მონასტერს კსანსა. ამას შინა მოსახლენი არიან სარწმუნოებით ქართველნი, ეგრეთვე კსნის-ჴევისა და ცხრაზმისა. მოსავლით არს ჭურთა, ვითარცა სხუანი მთის ალაგნი. კაცნი და ქალნი ამ სამთა ჴეობათანი არიან, ვითარცა დავსწერეთ მთიულნი, მათნი მიმგზავსებულნი, და ისინი ყოვლითა უმჯობესნი, ხოლო ესენი ქურდნი, მპარავნი, მძარცველნი, უსირცხონი.
კუალად ცხრაწყაროს სამჴრით არს მთა, ქსნიდან ისროლისჴევის მთამდე მდებარე, აღმოსავლიდამ დასავლეთად, თხემთა უტყეო, კალთათა ტყიანი. ამ მთას გაზდის სამჴრეთ რეხულა, და არს აქა ციხე მცირე, და მას ციხეს ქუეით ქოლოთქვიტკირი. ესეცა არს მთის ალაგთაებრ, ვიდრე ზახორამდე.
ხოლო კუალად ჭურთისა, ცხრაწყაროსა და ქოლოთქვიტკირის დასავლით არს ისროლის-ჴევი. ბიყარის-ჴევს ზეით არს მამული კსნისა. ეს მდინარე არს მეჯვდა. გამოსდის ჟამურის მთასა, დის სამჴრით დაბის მეჯვდამდე. ჟამურის მთის კალთასა არს აშატურთ-კარი და ციხე. ხოლო განჰყოფს ამ ჴეობასა ქოლოთქვიტკირს და ჟამურს მთა ჴარულისა, მდებარე ჩდილოდამ სამჴრით, ტყიანი და ნადირიანი. აშატურთ-კარს ქუემოთ ერთვის მეჯვდას დასავლიდამ მერის-ჴევი. გამოდის ბენდერის მთას. ხოლო ამ ჴევის სამჴრით, მახისიდამ, წარივლის მთა ტყიანი და ნადირიანი ორბოძლის მთამდე. ხოლო ორბოძალი არს თხემთა უტყეო და კალთათა ტყიანი, ნადირიანი. ამ ორბოძალსა ზედა არს ბალახი. უკუეთუ მოძოოს არა მუნებურმან ცხენმან, მასვე წამს მოჰკლავს, ეგრეთვე თივაცა მისი მოაკუდინებს! და არს ესე ბალახი ამ მთებთა ზედა ყოველგან მრავალი. და მივალს ესე ორბოძალი, ვიდრე ბენდერის მთამდე. მერეს-ჴევს ქუეით ერთვის მეჯვდას ბიყრისჴევი აღმოსავლეთიდამ, გამოსდის უსანეთს. და ამ ბიყარს ზეით არს ისროლის-ჴევი, ვითარცა სხუანი ამ მჴრის მთის ადგილნი, იწრო, ტყიანი და მწირი. ხოლო კუალად ორბოძლის მთის სამჴრით არს, მთის კალთასა შინა, იკორთას, მონასტერი დიდი, გუმბათიანი, კეთილად ნაშენი, კარგს ადგილს; ზის არქიმანდრიტი.
ამ მთის სამჴრით კერძს, ჯარიაშენიდამ ვანათამდე, უწოდებენ გუერდის-ძირს, და არს ადგილი ესე ვენახოვანი, ხილიანი, მოსავლიანი. ბრინჯ-ბამბას გარდა ყოველნი სცენდების ნაყოფიერად, ვითარცა დავსწერთ ქართლისასა, არამედ ღჳნო აქაური თხელი და მომჟავო, გარნა საამო სასმელად.
ხოლო ისროლის-ჴევის და ჟამურის დასავლით არს პატარა ლიახვის ჴეობა. ამათ განჰყოფს მთა ბენდერისა, წიფორისა და ქნოღოსი. მდებარებენ მთანი ესენი ჩდილოდამ სამჴრით კავკასიიდამ. ამ მთებს უძეს აღმოსავლით ისროლის-ჴევი, ჭურთა და ჟამური, დასავლით - პატარა ლიახვი. გამოსდის პატარა ლიახვი ქნოღოს ზეით მცირეს ტბას და მოდის ფოტორისამდე სამჴრეთად, მერმე საცხენის ქუემოთამდე დასავლეთად, მერმე კიდევ სამჴრით. ხოლო ვანათს ერთვის დასავლიდამ ლიახვს ჴევი გერისა. გამოსდის მშხლების მთას და დის სამჴრით. ამას ზედა მსახლობელნი არიან ოსნი. უწოდებენ ვანათითურთ სავახტანგოს. ხოლო ვანათსა, საცხენისსა და ბელოთს ზეით ერთვის ფოტრისის-ჴევი, ღრმა და კლდიანი, ძნიად განსავალი. გამოსდის გერისა და შუა-ცხვირის მთას. შუაცხვირს მსახლობელნი არიან ოსნი. ამ ფოტრისას-ჴევს ზეით არს აწერის-ჴევი. აქ აღაშენა შანშემ ციხე-სიმაგრედ თჳსად, არამედ ექმნა გალიად, რამეთუ გამოიყვანეს ცოლი და დედაწული მისი მუნიდამ. მას ზეით მოერთვის ჴევი შამბიანისა ლიახვს აღმოსავლიდამ. გამოსდის ჟამურის მთას და დის დასავლეთად. ამ ჴევს ზეით ერთვის ლიახვს ჴევი ჩაბარუხეთისა. გამოსდის გერის მთას, დის აღმოსავლით, ერთვის ლიახვს დასავლიდამ. ამ ლიახვის შესართავს, ორსავ წყალს შუა, არს ციხე ბეყჩოსი. ამ ციხეს ზეით არს ქნოღო სამ ჴეობად, აღმოსავლიდამ, ჩდილოდამ და დასავლით-ჩდილოდ შუადამ. ხოლო ტბა ქნოღოსი არს მცირე, რომელსა სდის ლიახვი. ამ ტბიდამ ვანათამდე არს ლიახვის ჴეობა უვენახო, უხილო, ვითარცა დავსწერეთ მთის ჴევნი, და სივიწროვით ესე უფროს მწირი, არამედ აწერის-ჴევს ზეით არიან მოსახლენი ოსნი სრულიად.
ხოლო კუალად ქნოღოს ჩდილოთ კერძოდ არს მთა დიდი კავკასი. ამ კავკასის ჩდილოთკენ არს მაღრან-დვალეთი. და იმზღვრების ესე მაღრან-დვალეთი აღმოსავლეთით კავკასით, მთიულეთსა და მაღრან-დვალეთს შუათითა; სამჴრით კავკასით, ქნოღო მაღრან-დვალეთის შორისით; ჩდილოთ კავკასით და მთათა უმდაბლესითა, თრუსო-ზახასა და მაღრან-დვალეთს შორისით; დასავლით მთით, ჩამოსულით კავკასიდამ, ჟბასა და მაღრან-დვალეთს შორისით. აქ მაღრან-დვალეთს გამოსდის დიდი ლიახვი თრუსოსა და ზახის კავკასსა, და დის სამჴრეთს-დასაელეთს შუა. და არს მაღრანდვალეთი სამ-ჴეობა, მოსავლით, ვითარცა ამ მჴრის მთის ადგილნი დავსწერეთ. მსახლობელნი არიან ოსნი. ხოლო ქსნის მამულნი, რომელნი დავსწერეთ, არიან მაგარნი მთითა, კლდითა და ტყითა. არს მთანი შემკობილნი ყუავილითა და ბალახითა. კაცნი ჰგონე, ვითარცა არაგჳსანი, არამედ ისინი უმჯობესნი. ამ მთის ადგილებთა შინა, რომელნი აღვსწერენით, დიან წყარონი ფრიად ანკარანი, მომლაშონი, არამედ საჭმლის მომდნობნი და მომნელებელნი, და სმენ მუნებურნი; უწოდებენ ვეძას, პირუტყუთ შემრგო, გამასუქებელი. ხოლო რაოდენნი ოსნი დავსწერეთ ამ ადგილებთა შინა, პირველად სახლებულან ქართველნი გლეხნი. შემდგომად მეპატრონეთა მათთაგან გარდმოსახლებულან ოსნი, და ქართველნი ბართა შინა ჩამოსულან, ვინაჲთგან მტერთაგან ბარს შინა კაცნი შემცირებულან. არამედ ჩუეულებასა ამ ოსთასა დავსწერთ მის ადგილს, ოსეთის აღწერასა შინა.
ვიწყებთ მეორეს სასპასპეტოს, მემარჯუნეს, შიდა ქართლის ნაკუეთსა, რომელი არს აწის ზემო-ქართლი. ხოლო საზღვარი ამისი არს: აღმოსავლით, რომელი დავსწერეთ ხაზი კასპიდამ წარსრული ჩდილოს, გამჭრელი წლევისა, შავტყისა და მისრული კსნის კიდემდე და ბოლადმდე; სამჴრით მდინარე მტკუარი; ჩდილოთ, რომელი აღვსწერეთ კსნის მამულის საზღვარი, და მერმე კავკასი; დასავლით ძირულას იქითი მთა კოლბეურისა, მცირე, რომელი მიჰყვება ჩდილოთ კერძ პერანგამდე, მუნიდამ ერწო-კუდარამდე და ესევ მთა კოლბეურისა, ჴეფინისჴევსა და ამაშუკეთს შუა, მიჰყვების სამჴრით ვერტყვილამდე; ვერტყვილიდამ ხაზი ჩხერიმელის დაბის ქუაბამდე, და მუნიდამ მახვილოს მთის განმჭრელი დვირამდე დაბაკულიანის მთამდე. ხოლო მუხრანს თხოთის მთიდამ მოსდევს მთა, დასავლეთად, მტკურის კიდესა, გორის ქალაქამდე, და ეწოდების მთაწლევისა, მერმე კუერნაქი. არს ამ მთისა ჩდილოთ კერძო ტყიანი, ვიდრე ზეგანამდე, მას ზეით კუერნაქი უტყეო გორამდე, და სამჴრით კერძი სრულიად უტყეო, გარნა ბალახიანი ზამთარცა და თბილი. კლდენი მაღალნი და ქუაბნი გამოკუეთილნი მრავალნი. კლდე ესე აშურიანამდე, ვითარცა სარკინეთისა, მერმე თირი.
ხოლო წლევის მთას გასჭრის მდინარე რეხულა, ქოლოთქვიტკირის ქუეით დის ლეხურა სამჴრით, ერთვის კასპს მტკუარს ჩდილოდამ. კასპი აღაშენა პირველად ქალაქი უფლოს, მცხეთოსის ძემან, და იყო ქალაქი ყრუმდე, ხოლო აწ არს დაბა დიდი. კასპს ზეით, წლევის მთაში, არს მონასტერი მამებას, სტეფანწმიდისა, თათესაგან, ი̃გ მამათაგანის, ქმნული. დაფლულია წმიდა თათე მუნ. იტყჳან ამის ნაწილის აღმოსლვასა, ვითარცა წმიდის შიოსას, არამედ აწ დეკანოზის მიზეზით დაყენებული. და აწ არს ხუცის სამარ. მას ზეით არს ციხე, სადითგან გამოიყვანეს ოვსთა გორგასლის დაჲ. ამის ზეით, ჴორჴებთან, ერთვის რეხულას ჴევი უსისტყისა და გამოსდის მჴურვალეთის მთას. ამის ზეით არს, რეხულას აღმოსავლით, სამთავისი, ეკლესია დიდი, გუმბათიანი, დიდშვენიერად შენებული. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი კსნისა და ლეხურას ჴეობისა, ქმნული არს ი̃გ მამათაგანისა ისიდორესგან, და დაფლული არს იგი მუნვე. ხოლო სამთავისის ჩდილოთ, ჭალას, შენობა დიდი სასახლეთა. ჭალის აღმოსავლით არს ციხე ცხვილოსისა, მთის ძირსა ზედა. და წარივლის მთა ესე ჩდილოთ ზებეყურამდე და დასავლით უსანეთამდე, და არს ტყიანი და ნადირიანი. ჭალას ზეით არს დაბა რეხი, რომლისა გამო იწოდა მდინარე ესე. ამ რეხის აღმოსავლეთით არს მონასტერი ქუაბისმანი. ზის წინამძღვარი.
აქამდენ არს რეხის ჴეობაი ხილიან-ვენახიანი და ნაყოფიერი. ამას ზეით ქოლოთქვიტკირითურთ, ვითარცა სხუა მთის ალაგნი. რეხის დაბის ზეით ერთვის რეხულას ჴევი წოლდისა, და განჰყოფს ამას მთა წინჴსენებული ცხვილოსისა. ჩდილოთ ამ მთისა არს წოლდი, სამჴრით ბერშოეთ-კირბალი და სხუანი. წოლდის-ჴევი გამოსდის უსანეთის მთას. უსანეთის მთის თხემს არს ეკლესია წმიდის გიორგისა, უგუმბათო. ამის გამო ეწოდა მთასა ამას სახელი ესე. ამის აღმოსავლით, ზემორ, არს ზახორი, ზახორს ზეით ციხე კაბერი, და ამ ციხეს ზეით ქოლოთქვიტკირი, ხოლო კუალად ჭალასა და რეხის დასავლეთად, მჴურვალეთს ზეით, არს მთაში მონასტერი კეთილნაშენი, აწ უქმი.
ამ მთის მიყოლვით, დასავლეთისაკენ მეჯვდამდე და ვიდრე დიდ ლიახვამდე და კუერნაქის მთის შორისი მინდორი დიდი და უტყეო, გარნა დაბნებთა არს წალკოტნი, ნიგვზნარნი და ვენახნი მრავალნი; და ირწყვის მინდორი ესე მეჯვდის აღმოსავლეთისა მეჯუდის რუთი. მოვალს ყოველნი მარცვალნი, თჳნიერ ბრინჯ-ბამბისა. მთის ძირის დაბნებნი ეგრეთვე ვენახოვანნი და ხილიანნი, პირუტყუთა სიმრავლე, თჳნიერ აქლემისა, არს ყოვლისავე. ამ ადგილს აწ უწოდებენ საამილახოროსა. კუალად კასპის დასავლით მინდორი მტკუარსა და კუერნაქს შუა არს აშურიანი, უწყლოობით უნაყოფო, უფლისციხემდე, არამედ ზამთარს ბალახიანი, და იზრდების ცხოვართა, რემათა და მროწლეთა სიმრავლე, და ტფილი ზამთარ. აშურიანს ზეით არს უფლის-ციხე, კუერნაქის გამოკიდებულის კლდის გორასა ზედა, მტკურის კიდესა, რომელი აღაშენა პირველად უფლოს, ძემან ქართლოსისამან, და იყო ქალაქი ჩინგისამდე; აწ არს მემუსრვილი. არამედ შენობა უცხო, კლდისაგან გამოკუეთილი; პალატნი დიდ-დიდნი ქანდაკებულნი კლდისაგანვე; გჳრაბი ჩახვრეტით ჩაკაფული მტკურამდე, დიდი. დასავლით აქუს ქარაფი მაღალი, და მას შინა გამოკუეთილნი ქუაბნი მრავალ-დიდნი, არამედ აწ შეუალ არს, აქა არს ბუზნი. გამოსული იხილვების სპა-ლაშკარნი შუბოსანმშვილდოსანნი, ცხენოსანნი, გალაშკრებულნი, ნიშვნენ მისნობად და უწოდებენ უფლისციხეს.
ამის დასავლით არს ქალაქი გორი. ამან სახელი მოიგო გორისაგან, რომელი აღმოსულ არს მუნ დიდი, ლიახვის მდინარის კიდესა ზედა. და მოსდგამს ამ გორას აღმოსავლით კუერნაქი, ჩდილოთ მთა რუისისა, ლიახვის დასავლეთად, რომელი იწოდების კუერნაქადვე, სამჴრით მთა ბურეთისა და გორიჯურისა. და ამ მთის ძირს, გორსა და მთას შუა, დის მდინარე მტკუარი. ხოლო ქალაქს გორს ჩაუდის დასავლით მდინარე ლიახვი, და მიერთვის ლიახვი მტკუარსა ჩდილოდამ. არამედ არა არს უწყებული, ვისით აღშენდა პირველ, გარნა ცხორებასა წერილ არს: "ერეკლე კეისარმან უწოდა ტონთიო (რომელი არს ოქროს მთა) და ჰყო საფლველად საგანძურთა". არს გორასა ზედა ციხე დიდი. დასავლით არს გვრაბი, ჩატანილი ლიახვამდე, ქვიტკირისა. ამის გარმოხვეული ლიახვიდამ ლიახვამდე ქალაქი პ̃გ მეფემან სჳმონ წარუხუნა ოსმალთა და შემუსრა ციხე. პ̃თ მეფის როსტომის მეფობას აღაშენა შასეფიმ კუალად ციხე, და მიერით ეპყრათ ყიზილბაშთა. ჟ̃დ მეფის ვახტანგის ჟამსა იყო ცარიელი, შემდგომად დაიპყრეს ურუმთა, მერმე შანადირ დაარღვივა ციხე; არამედ დაძალყოფილი ოსმალთა, და ლეკთა, და ყიზილბაშთაგან შემცირდა ქალაქიცა. და არს შენობა უმეტეს ქვიტკირისა, ეკლესიანი კეთილშუენიერნი ჱ̃, გარნა ერთი შემუსრეს ოსმალთა სომხისა. აქა პ̃თ მეფემან როსტომ ქმნა სასახლე ყიზილბაშთა რიგისა, წალკოტ-სავარდითა, დიდი, ავაზანი წყლიანნი დიდ-დიდნი შუენიერნი. ჟ̃დ მეფემან ვახტანგ განაახლა; შემუსრეს ოსმალთა. არამედ არს ადგილი ჰავითა შუენიერი, წყალი კარგი, გარემოს აქვან ვენახნი და წალკოტნი მრავალნი ზაფხულ კეთილი, ზამთარს ცივი, ქარიანი; სანადირო მოუკლებელი ფრინვლითა, თევზითა და სხჳთაცა. ხილნი და საზრდელნი მრავალნი, გემოიანნი. მსახლობელნი არიან ქართველნი და სომეხნი, ჰაეროვანნი, ტანოვანნი, შუენიერნი, ამაყნი და დიდის მთქმელნი.
აქ ციხის ძირს, ერთვის ლიახვს მეჯვდის მდინარე. არს ბიყრამდე მეჯვდა ვენახოვანი, ხილიანი. ამიერ და იმიერ დაბნები მრავალნი; თესლთა, მარცვალთა მოსავლით ნაყოფიერი. გორს ზეით ბერბუკს, ერთვის მეჯვდას სველნეთის ფშანი. არს მეჯუდაზედ, იკორთისა და კირბალის მთის ძირს, დაბა მეჯვდა, რომლისაგან ისახელა მდინარე ესე. გორიდამ ჩდილოთკენ მეჯვდას ზეით არს, უსანეთის მთის ძირში, მონასტერი წმიდის თევდორესი, აწ ხუცის სამარ. ამას ზეით არს მონასტერი მეჯვდის მდინარის დასავლეთად, მთის ძირში, ბიეთს, მონასტერი კეთილს შუენიერს ადგილს. ამას უდის ჴევი, გამომდინარე მერის მთისა. და მიერთვის მეჯუდას დასავლიდამ. უზის ბიეთს წინამძღუარი. ბიეთს ზეით არს ჴევი მახისისა. აქამომდე ჴეობა მეჯვდა ვენახოვან-ხილოვანი, მოსავლიანი. ამას ზეით არს ბიყარი და ისროლის-ჴევი, ვითარცა აღვსწერეთ.
ხოლო გორიდამ ლიახვის მდინარის სიგრძე არს მაღრან-დვალეთამდე და დის მაღრან-დვალეთიდამ, აღმოსავლეთიდამ დასავლეთად, მუგუთამდე; მუგუთიდამ დის სამჴრით გორამდე, და გორს მცირეთ ქუემოთ მიერთვის მტკუარს ჩდილოდამ. არამედ არს მდინარე ლიახვი სარგებლიანი, მრწყველი ველთა იმიერ და ამიერ ლიახვისათა, ჩქარად მომდინარე და რიყიანი, და ჴმოვანი, სასმელად შემრგო და გემოიანი, მარადის ცივი, გარნა ვერ განჰყინავს ზამთარს სიჩქარისათჳს. თევზნი მრავალნი. რომელნი ველნი ირწყვიან ლიახმვთა, პური მისი არს ყოველთა ქართლისათა უმჯობესი, და გემოიანი, და სპეტაკი. გორს ზეით ლიახვს ერთვის გორისავე ჭალისა და ნაჭარმაგევის წყალნი. ნაჭარმაგევი იყო სადგური მეფეთა და კეთილსანადირო, და აწ კარალეთად წოდვილი, ადგილი ტურფა, ჭალიან-მინდვრიანი, ნადირიანი, ფრინველიანი. არამედ ამ გორს ზეით არღარა არს კაკაბი, გარნა მცირედთა ადგილებთა თუ მოიპოების. გორს ზეით, კარალეთის პირისპირს, ლიახჳს დასავლით, რუისის მთის ძირს, არს თედოწმინდა. მცირედ მას ზეით ერთვის დასავლეთიდამ ლიახუს ვარიანის ფშანი და ახალდაბისა. ამ ფშანსა შინა იპყრობის კალმახი ყვითელი და ფრიად კარგი.
ვარიანს ზეით ერთვის ლიახუს აღმოსავლეთიდამ პატარა ლიახჳ. ამის გამო ეწოდა დაბასა ამას შერთული. ვანათამდე არს ვენახიანი, ხილიანი, დაბნებიანი და მრწყველი ველთა გორს ზეითისა, მეჯუდის მდინარისა და პატარას ლიახუს შუათთა, გუერდის-ძირამდე. შერთულს ზეით არს ეკლესია არბო-წმიდისა, სასწაულთმოქმედი, პატარა ლიახჳს კიდეზე, დასავლით. ამ არბო-წმიდის ზეით ერთვის პატარა ლიახუს აღმოსავლიდამ მერის-ჴევი. ამ ჴევზე აღმოსავლეთით არს, ორბოძლის მთის კალთასა ზედა, კულბითის ციხე. კულბითს ქუეით მოერთვის ამ ჴევს ლაფაჩებისჴევი. გამოსდის ორბოძალს. ამ ჴევს ერთვის სნეკვის-ჴევი, დიდი და ღრმაკეთილი შემრგო, რომელიცა გამოსდის სნეკვსავე. და არს სნეკვი, და ლაფაჩები, და მერე კსნისავე. ამ მერისჴევს ზეით, ჩდილოთ კერძ, არს ვანათი, პატარა ლიახჳს კიდესა. მაღლა გორასა ზედა არს ციხე, სნეკვიდამ წამოსულს მცირეს მთასა ზედა. ეს მთა გაჰყოფს კულბითს-ვანათამდე სოფლებსა და საცხენისსა, და ბელოთს, და პატარა ლიახუს, და მიადგების ორბოძალს. ჩრდილოთ უდის პატარა ლიახჳ, სამჴრით აქუს კულბითი და ვანათი. ვანათის ციხე შემუსრვილი განაახლა შანშემ. შემუსრეს კუალად ყიზილბაშთა. ციხის უკან, ჩდილოთ, არს კლდე მაღალი, ქარაფოვანი, მჭურეტი ლიახჳსა, და მას შინა ქუაბნი გამოკუეთილნი მრავალნი.
ხოლო კუალად შერთულს ზეით, დიდს ლიახუზედ, არს მეღვრეკისს მონასტერი უგუმბათო, უზის წინამძღუარი, დასავლით მეღვრეკისისა, ლიახუს გაღმა, არს ნიქოზს ეკლესია ღვთაებისა დიდი, გუმბათიანი, აღაშენა გორგასალ და დადვა მას შინა გუამი წმიდისა რაჟდენისა. მანვე გორგასალ ჰყო საეპისკოპოზოდ და დასუა ეპისკოპოზი; ზის დღესაც მწყემსი კავკასიანთა, დუალთა და აწ ოსეთად წოდებულისა, გლოლა-ღებითურთ. და არს ეკლესია დიდშენი, კეთილს ადგილს, შუენიერი. ამ ნიქოზის ჩრდილოთ, დიდის ლიახჳს კიდეზედ, არს მცირე ქალაქი ქცხილვანი, კეთილ-ჰაოვანი. მსახლობელნი არიან ქართველნი, სომეხნი, ურიანი. გარემოს წალკოტოვან-ვენახოვანი, საზრდელით მაძღარი. ლიახუს გაღმა, აღმოსავლეთით ქცხილვანისა, ასტყდების მთა ტყიანი, და ეს მთა მიჰყვების ჩდილოთკენ მშხლებამდე. ამ მთის ძირს, ქრცხილვანის აღმოსავლით, პატარა ლიახჳსაკენ, არს ერედვს ციხე და ეკლესია მას შინა, წმიდის გიორგისა, სასწაულიანი, მის ჩდილოთ, მთის კალთას, არს ციხე მცირე სხუა. ამ ერედვის ჩდილოთ განჰყოფს მთა ესე ვანათ-გერის-ჴევსა და დიდს ლიახუსა. კუალად ერედვის ჩდილოთ, ამავე მთასა შინა, არს, ქრცხილვანისაკენ, მონასტერი გუმბათიანი, კეთილშენი, კარგს ადგილსა და შუენიერსა, საბაწმიდა, დიდნაშენი და აწ ხუცის სამარ. მის ზეით, ამავე მთაში, არს აღმოსავლისკენ, უდაბნო, მაღალს კლდესა შინა გამოკუეთილნი ქუაბნი ეკლესიით; ძეს მოწესე მკუდარი, დღემდე დაუშლელი, კუბოსა შინა კლდისასა, ანაფორითა. აქა არს კარკალი, სადაცა ზამთარ დნების თოვლი, ხოლო ზაფხულს ჰყინავს და ჴმარობენ ზაფხულ ყინულად.
კუალად ქცხილვანს ზეით არს, ლიახჳს დასავლით, თამარაშენი, მცირე ქალაქი. მსახლობელნი სომეხნი, ურიანი და ქართველნი. თამარაშენს ზეით ერთვის თირის მონასტრის-ჴევი. ამ ჴევზედ, გორის ძირს, არს აჩაბეთი, სასახლე და ციხე მეფეთა. ამის დასავლეთით არს, მთაში, თირის მონასტერი, უგუმბათო, არამედ ფრიად კეთილშენი, კეთილს ადგილს. ზის წინამძღუარი. აჩაბეთს ზეით, კეხვს, არს, მთის კალთას, ციხე კეხვისა. და მთა ესე ასტყდების დასავლეთის კერძოდ ქცხილვანიდამ, და წარმოივლის ჩდილოთ, და კეხვს ზეით მოვიწროვდების კლდითა, და მერმე წარვალს დასავლით, და მიადგების პერანგის წარმოსრულს, წონისა და ფაწას შორისს, მთასა. და კუალად ქცხილვანიდამ წარვალს დასავლით, და მივალს ბეყმარამდე. ხოლო კეხვს ზეით, მოვიწროებულსა ზედა, არს ჴიდი სვერისაკენ გამსლველი, და ამ ჴიდს ქუეით ჴიდთა მუსრავს ლიახჳ მტკიცესაცა. და გორიდამ სუერამდე არიან ლიახჳს იმიერ და ამიერ დაბნები ხილიან-ვენახიანნი. არამედ არს ღჳნო თხელი და მომჟავო, სასმელად მშუენი.
კეხვის აღმოსავლეთიდამ ლიახუს ერთვის ჴევი სუერსა და ქემერტს შუა; ჩამოვარდების ჩდილოდამ. გამოსდის ამასა და გერის შორისს მთას. ამ მთის თხემზედ არს ეკლესია სპარსის წმიდის გიორგისა, და არს ხატი დიდი ოქროსი, სპარსთაგან ქმნული, სასწაულისათჳს მის მიერ ქმნულისა, და აწცა არს სასწაულიანი. კუალად სუერიდამ წარივლის მთა ტყიანი ჩდილოთ, და სადაცა მოდრკების ლიახჳ, მოდრკების მთაჲ ესეცა, და წარივლის აღმოსავლით, და მიადგების გერის მთასა. სუერის ჴიდს ზეით ჩამოვარდების ითრაფულა დასავლეთიდამ და მიერთვის ლიახუს. ამას ზეით, გუფთას, არს ნაციხვარი. გუფთას ზეით მოერთვის ლიახუს მდინარე ფაწა. გამოსდის ერწოსა და ამას შუათს მთას, მიდის აღმოსავლეთად. და ამ ჴევს მოერთვის სხუა ჴევი სამჴრიდამ, გამოსდის მასვე მთას, მოდის აღმოსავლეთად. ამ ჴევის შესართავს ზეით ერთვის ფაწას პატარა-ჯავის ჴევი, გამოსდის დუალთ-გორასა. ამას ზეით ერთვის ფაშას სოხოს-ჴევი. სოხოს-ჴევს ზეით ფაწასვე მოერთვის ქეშელთის-ჴევი და სდიან ეს ჴევნი დუალთ-გორასა.
ხოლო პატარა ჯავასა და ხწვეს შუა არს მთა ტყიანი, დუალთგორიდამ ფაწამდე სამჴრით მდებარე. ფაწის შესართავს. ზეით არს სხლები და ჯავა. ჯავას ზეით ერთვის ლიახუს დასავლეთიდამ ხწვის-ჴევი, სდის დუალთ-გორასა. ხწვის პირისპირ, ლიახუს გაღმა კიდურს არს მიწა სასუნებელი, და უდის სუნი ფრიად ძნელი, არამედ ჰკურნებს ქარსა, სევდასა და ინთილას სუნებითა, გარნა მსუნებელი შებნდების სუნითა. ხწვეს ზეით ერთვის ჴევი მუგუთისა ლიახუს, დასავლიდამ, და გამოსდის დუალთ გორასა. აქ აღაშენა ციხე მაჩაბელმან, შეუმუსრეს ურუმთა, რომელი იყო მაღალს კლდესა ზედა. მცირედ ამ მუგუთს ზეით მოდრკების ლიახჳ, და მიერთვის მუნ ჴევი კოშკისა. მას ზეით მიერთვის ლიახუს როკის-ჴევი. როკას ზეით მიერთვის ლიახუსვე ბჟის-ჴევი. და სდიან ეს ჴევნი დუალთ-გორასა, და დიან სამჴრეთად. ხოლო ბჟის-ჴევი სადაცა სდის კავკასსა, მუნ დამდაბლდების ზეკარის კავკასი, და გარდავალს გზა ზამთრისა და ზაფხულისა ზახას და დუალეთს. კუალად ლიახუს ერთვის ბჟას ზეით, სამჴრიდამ, მშხლების-ჴევი და გამოსდის გერის მთას. და ამას ზეით არს მაღრანდუალეთი, ვითარცა აღვსწერეთ. არამედ სუერს ზეით რომელი ლიახჳს ჴეობა აღვსწერეთ, არს უვენახო, უსილო; მსახლობელნი არიან ოსნი, დუალნი; მოსავლით მთის ალაგებრი და პირუტყუთაცა ეგრეთი, ხოლო ქცხილვანის დასავლით არს, წინჴსენებულის მთის ძირს, თიჴრევის-ჴევი, გამოდის ძარს, დის სამჴრით, არამედ მინდორად ვერღარა დის. ტბეთს ზეით არს ნაციხარი. ამას ზეით ითხრების ქვა შავი დუდეთს. ამ ქვით ბურვენ ეკლესიებთა, სიბრტყისა და სიმსუბუქისათჳს. გარნა არიან ქცხილვანის ჴეობის კაცნი შუენიერ-ჰაეროვანნი, მებრძოლნი, სირცხვილის მდევარნი, ამაყნი, ერთგულნი. სახლობენ თავადნი და აზნაურნი, და ქალნიცა ეგრეთვე რიცხვე.
ხოლო კუალად გორის დასავლით არს მთა რუისისა, ტინის ჴიდით, თედო-წმიდით სასირეთამდე და მტკურამდე, მცირე ადგილს ტყიანი, საჴნავი და მოსავლიანი ნაყოფიერად, უწყლო, და ადგილ-ადგილს დის წყარონი მცირენი. მტკურის პირად ღრატოიან-კლდიანი. და ამ მთის დასავლით, მტკურის კიდესა ზედა, არს ურბნისი. აღაშენა ქალაქი უფლოს, ძემან ქართლოსისამან, და იყო ქალაქი ყრუსადმდე, ხოლო აწ არს ეკლესია დიდი, უგუმბათო, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი დიდის ლიახჳსა, და რომელი ირწყვის ლიახჳთა მით. შემუსრვილი აღაშენა და განაახლა ჟ̃დ მეფემან ვახტანგ და შეამკო ხატი მისი წმიდის სტეფანე პირველმოწამისა. მოზღუდა ქვიტკირითა. ურბნისის დასავლით, დუდეს, დის წყარო ფრიად დიდი კიდესა მტკურისასა, რომლით ბრუნვენ დიდნი წისქვილნი ზამთარცა, ვინაჲთგან ვერ განჰყინავს.
სამჴრით ურბნისისა არს რუისის მთის ძირს, დაბა დიდი რუისი და ეკლესია ღვთაებისა, გუმბათიანი, დიდი, დიდშენი. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ რუისისა ზეითის ქართლისა, ლიხ-ტაშისკარამდე, და აწ ესევე მწყსის ჴეობასა და სადგერს, ვინაჲთგან მაწყუერელი არღარა არს. შემუსრა ლანგთემურ; აღაშენა ეკლესია ესე ო̃ვ მეფემან ალექსანდრემ. შემდგომად კუალად განაახლა და შეამკო პ̃თ დედოფალმან მარიამ. და ამ რუისის მთის სამჴრეთის მინდორი ნიქოზამდე და ლიახვით დვანის-წყლამდე ირწყვის ორის ლიახჳს რუთი, თამარ მეფის ქმნულითა, და ნაყოფიერებენ დაბნები ყოვლითავე მრავალნი. ხოლო სალთვისის რუ განაახლა ჟ̃დ მეფემან ვახტანგ, არამედ აწ უქმი იყო. ხოლო რუისი არს უწყლო, თჳნიერ წყაროსა ერთისა, რომელი არს ეკლესიისა თანა. არამედ სცხოვრებენ მით რუთი, და ირწყვის მინდორი ურბნისამდე ამითვე.
რუისის დასავლით არს დვანის-წყალი. ეს გამოსდის თირის მონასტრიდამ წარსრულს მთას, დის ჩდილოდამ სამჴრით, ერთვის მტკუარს ჩდილოდამ. მტკურის ჩდილოთ, ამ მდინარის აღმოსავლით, არს ბრეთს მონასტერი უგუმბათო, რომელი ჰქმნა პიროს, ი̃გ მამათაგანმან, და დაფლულ არს იგიცა მუნვე. არს აწ ხუცის სამარ. ბრეთის დასავლით, წვერიდამ, ასტყდების მთა კვერნაქი და მივალს ფცის-წყლამდე, რომელსა უწოდა ცეცხლის-ჯუარი. წვერს ქუეით, არადეთს, არს ჭია მარიამული, რომელი ჰკურნებს ბრაზიანის ნაკბენს სმითა. ამის ჩდილოთ და ამ წყლის დასავლით კიდესა არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი იერუსალიმის ჯუარის მონასტრისა. არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქართველთა, და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი, და ჰფლობს ესე, და მოსავალს გზავნის ვეცხლად იერუსალემს. ამას ზეით, დვანს, ამ წყალს ერთვის ჴევი ჭოლიბურისა. ამ ჴევს ზეით ერთვის ამ წყალს ჴევი წუნარისა. წუნარს არს ეკლესია გუმბათიანი, აწ უქმი. წუნარის-ჴევს ზეით არს ეკლესია ერკნეთს; დგანან მთაწმიდის მონაზონნი ბერძენნი. აქ ამ წყალს მოერთვის დასავლეთიდამ ნულის-ჴევი. არს ნულს ციხე. ამ ჴევს ზეით მოერთვის აღმოსავლიდამ ყორნისის-ჴევი, გამოსდის ძარის მთას. ყორნისს არს ქუაბნი კლდისანი და კოშკოვანი, გარნა შემუსრეს ლეკთა. ყორნისს ზეით, წორბისს, ერთვის ამ წყალს ხტანის-ჴევი. წორბისს ზეით, ამ წყალზედ, მთასა შინა, არს ციხე საქართლისა, მაგარი. არამედ ჴეობა დვანისა არს ვენახოვანი, ხილიანი, მარცვლითა ყოვლითა ნაყოფიერი.
დვანის-წყლის დასავლით არს ფცის-წყალი და დის ლოხოისა-პერანგას მთათაგან, მოდის სამჴრით და მიერთვის მტკუარს ჩდილოდამ. კიდესა მტკურისასა არს ქუენა-ტკოცა, მას ზეით ბერძენაული. ამას ზეით მოერთვის ამ წყალს ტკოცისჴევი დასავლიდამ. ამას ზეით. ფცის ზემორ, ამ წყალს მოერთვის აღმოსავლიდამ ღოღეთისჴევი, სდის ლებეურის მთას. ამას ზეით, ავლევს, მოერთვის ამ წყალს დასავლიდამ ბრეძის-წყალი. არს ბრეძას მცირე ციხე. გამოსდის ეს წყალი პერანგას, მოდის სამჴრით ბრეძამდე, მერმე აღმოსავლით. აბანოს ერთვის ამ წყალს წაღვლის-წყალი, და ბრეძას მოერთვის აბანოს-წყალი. ეს გამოსდის მშჳლდაურის მთას, მოერთვიან ორნივ ბრეძის-წყალს დასავლეთიდამ. აბანოს დის თბილი წყალი, ჰკურნებს ქარით დახუთვილსა და ბუგრსა-მუწუკსა. ბრეძის ჩდილოთ არს ეკლესია ატოცს, წმიდის გიორგისა, სასწაულიანი. ავლევს ზეით, ფცის წყლის აღმოსავლით, არს ოქონას მონასტერი დიდი, გუმბათიანი, არამედ უცხო არს, რამეთუ ძრვისაგან წახრით მდგომარებს ჩდილოთკენ და არა დაირღუევის, ადგილსა შუენიერს, წყაროიანსა. აქა არს ნიგოზი; გასტეხო რა, ნებალი მისი არს ნახევარი ნიგოზი და ნახევარი თხილი.
დასავლით მეტეხისა და ფცის-წყლისა არს თიღვას ჯუარის მონასტერი, რომელი აღაშენა ასულმან აღმაშენებლისამან თამარ, გუმბათიანი, დიდშუენიერი, კეთილად ნაშენი. შენობანი გარემოს მრავალნი, და აწ ხუცის სამარსა. ამის ჩდილოთ კერძ არს ძაღინა. აქა არს ლითონი ვეცხლისა, არამედ უსარგებლობისათჳს დაუტევეს. აქავ, მდინარის კიდეს, არს მუხაური; მოსახლენი არიან ურიანი და სომეხნი ვაჭარნი. მუხაურის ბოლოს ეყრების ფცის-წყალს ხტანის-პევი. ძაღინას არს ციხე და სასახლე. ხოლო ფცისა და დვანის-წყალს ჰყოფს მთა ლებეური, რომელი ასტყდების დაბის ფციდამ და მდებარებს ხტანამდე სამჴრიდამ ჩდილოთ, ტყიანი და ნადირიანი. მუხაურს ზეით არს მონასტერი ფცისა და ოჟორის-წყალთა შუა, წოდებული ოჟორისა, უგუმბათო, შემკობილს ადგილს, და აწ ხუცის ამარად. ხტანის ზეით არს ეკლესია მთასა შინა, წოდებული გომართა, აწ ცარიელი. მუნიდამ წარვალს გზა ლოხოისის მთასა ზედა, და პერანგის მთასა ზედა გარდავალს იმერეთის ჭალასა შინა.
ხოლო ფცის-წყლის დასავლეთით არს ალის-წყალი. გამოსდის ლიხის მთას, მოდის სამჴრით, ერთვის მტკუარს ჩდილოდამ. ამის შესართავთან არს დაღალულა. ამ მტკურის კიდეზედ, სამჴრით, არს სომანეთი. ამ სომანეთის სამჴრით არს ვაყა. ვაყას ზეით არს ნაბახტევი და ნაციხვარი. სომანეთსა და ქუენა-ტკოცას შუა არს მოხისი, დაბა დიდი, ცეცხლი-ჯურის მთის ძირს; და ამისი მინდორი მტკურამდე უწყლო, არამედ მოსავლიანი ყოვლითა მარცვლითა. ნაბახტევს ზეით ერთვის ალისწყალს ბრილის-წყალი; დის ბრილს ერთის წყაროდამ და აბრუნებს წისქვილს. აქ, ბრილს, ითხრების კაჟი ფრიად კეთილი, მოსპეტაკო, ჩახმახისათჳს. ბრილის-წყლის შესართავს ზეით არს ალის-წყალზედ, დასავლით, კიდესა ზედა, ალი, ქალაქი მცირე, მსახლობელნი არიან სომეხნი და ურიანი, მცირედ ქართველნი. გაზაფსულ-შემოდგომას ჭყვაპიან-ტალახიანი, ზამთარ ცივი, ზაფხულს ცხელი, არამედ ჰავით კეთილი, მხიარული. ალს ზეით არს, ლიხის მთის კალთას, ციხე ალისა. ციხეს უკან არს სოფელი უწლევი, მთაში. აქ აკეთებენ ჭურსა ღჳნისასა კეთილსა, ყოველთა უმჯობესსა. ამავ ციხეს ზეით ერთვის აღმოსავლიდამ ალის-წყალს ჭერათჴევის-ჴევი, არამედ უშენობო. ამ ჴევს ზეით არს მონასტერი ულუმბას, უგუმბათო, დიდი, დიდშენი, მიქელ ი̃გ მამათაგანის ქმნული, და დაფლული არს მიქელ მუნვე. ზის წინამძღუარი.
ხოლო კუალად ალის-წყლის დასავლეთით არს წყალი სურამისა. გამოსდის ლიხის მთას, მიერთვის ჩდილოდამ მტკუარს, ოსიაურს ზეით. აქა არს ჭალა სურამისა, მტკურის კიდესა, დაღალულადამ შოლამდე. არამედ გაჰკაფა ჟ̃დ მეფემან ვახტანგ და ქმნა დაბნები. ოსიაურს ზეით, ხაშურს, ერთვის სურამის-წყალს ქემერტის-წყალი, აღმოსავლიდამ. გამოსდის ლიხის მთას. ამ ჴეჰ̌ჟის შესართავის დასავლით, შინდარას დასავლით, არს სურამი, მცირე ქალაქი, მოსახლენი არიან ქართველნი, სომეხნი, ურიანი. არს საშუალს ციხე მაღალს კლდესა ზედა, მტკიცე. არს ჰავითა მშუენი და მხიარული. სურამს ზეით, სამჴრიდამ, მოერთვის ამ წყალს უთხვის-ჴევი. მას ზეით არს იტრიას მონასტერი ყოვლადწმიდისა, უგუმბათო, დიდშენი აწ ხუცის ამარად. სურამის ბეკმიდამ ასტყდების მაღალი ბორა, მდებარებს დასავლით წიფამდე და ლიხამდე. ამ მთის სამჴრით არს ბეკამი, ტეძერი, ვიდრე შოლამდე; ჩდილოთ სურამის ჴეობა. შოლის მდინარე გამოსდის ლისის მთას, მიდის აღმოსავლეთად, მიერთვის მტკუარს ჩდილოდამ. შოლის პირიდამ გაიტანა ჟ̃დ მეფემან ვახტანგ რუჲ, რამეთუ იყო მინდორი ესე უწყლო, და ჰყო წისქვილნი, და სმენ პირუტყუნი. შოლის პირის დასავლით, შოლისავ კიდეზედ, არს ქვიშხეთი, ზაფხულს ჰავითა ამო, შუენიერი, ზამთარ ცივი, ქარიანი, საჭირო. ქვიშხეთს ზეით, შოლაზედ არს ციხისძირს ციხე. ქვიშხეთის სამჴრით არს, მთის ძირს, მტკურის ასლო, დაბა ტაშისკარი.
და ლიახჳს მდინარეს აქათ ტაშისკარამდე, რომელნიცა მდინარე-ჴევნი აღვსწერენი, უწოდებენ, თჳნიერ შოლისა, ფრონეთა. ამ ფრონეთა შინა შემოვალს წყალდიდობას მრავალნი კაპოეტნი, იქმნების ჟამად ორაგულნიცა, და წყალცოტაობას არს მათ შინა წურილნი თევზნი მრავალნი, და მთის კერძოდ კალმახნი ფრიადნი და გემოიანნი. არამედ გორს ზეითნი ადგილნი ესენი არიან მოსავლიანი, თჳნიერ ბრინჯ-ბამბისა, ვენახითა, ხილითა და ყოვლითა მარცვლითა. აკეთებენ მცირედს აბრეშუმსაცა. პირუტყუნი მრავალნი, აქლემს გარდა ყოველნი, არამედ არა ეგდენად, ვითარცა აღვსწერეთ სომსით-საბარათიანოსი, ზამთრისათჳს, რამეთუ არს სამ თუე თოვლი, და ზაფხულის ვერ სთიბვენ თივას, საჴნავთ გამო მიწათა და მთათა შინა მცირეთა არა საკმაოთა. ჰავითა მშუენი და ამო. სასმელი და საჭმელი აქაური უმეტეს გემოიანი სხუათა ადგილთაგან. კაცნი არიან ჰაეროვანნი, ამაყნი, მჴნენი, შემმართებელნი, მხიარულნი, უხუნი, სტუმართმოყუარენი. ქალნი ეგრეთვე, ვითარცა სხუანნი დავსწერენით. სახლობენ მთავარნი და აზნაურნი მრავალნი.
ხოლო კუალად სურამის დასავლით, ლიხის მთის საშუალსა შინა, არს დაბა ფონა. ამ ფონას გასდის ჩხერიმელის მდინარე და მიდის დასავლეთს-სამჴრეთს შუა მებოძირის ზეითამდე. მას ქუეით დაბის ქუაბამდე არს ქართლისა. მებოძირს ზეით ამ ჩხერიმელას ერთვის ჴევი ჩდილისა. ამ ჩდილის-ჴევს ერთვის ჴევი ნუნისისა სამჴრიდამ, ამისა და ჴეობის შუას მთის გამომდინარე. ჩდილის-ჴევი გამოსდის მცირეს ლიხის მთას, სად გასდის იქით შოლა. ნუნისს არს ეკლესია-მონასტერი, შუენიერი, შუენირს ადგილს. უზის წინამძღუარი. ხოლო ჴევნი ესენი არიან ვენახოვანნი, ხილიანნი.
კუალად ფონას ზეით და სურამის დასავლით ლიხის მთას გასდის ჴეფინისჴევის წყალი და მიერთვის ძირულას აღმოსავლეთიდამ, ხოლო ძირულა გამოსდის მთასა პერანგას და დის ღოდორამდე სამჴრით და მუნიდამ მომგრგვალვით დასავლეთად. არამედ არს ვერტყვილამდე ქართლისა, და უწოდებენ ვერტყვილიდამ ნადაბურამდე ჴეფინის-ჴევსა. და მას ზეით არს ულუმბის მონასტრისა, არამედ აწ მიხმული აქუს იმერთაგან, გარნა აძლევენ ცვილისა, ზეთისა და საკმლის ფასსა აწცა. ვერტყვილას მოერთვის სამჴრიდამ ვერტყვილისავე ჴევი. ხოლო ვერტყვილას და ამაშუკეთს შუა არს მცირე მთა, მისრული კოლბეურის მთამდე, და ესე არს საზღვარი ქართლ-იმერთა აწინდელი. ამ ვერტყვილის ჴევს ზეით ერთვის ძირულას ბჟინევის-ჴევი. აქა არს, სამჴრით, მონასტერი გეთსამანია, გუმბათიანი, კეთილშენი, საწინამძღურო. მას ზეით ჴევი გრიგალეთისა, ერთვის ძირულას; მას ზეით ჴეფინის-ჴევის წყალს ერთვის ჴევისჯურის-ჴევი. მას ზეით ამასვე ერთვის ჴევი წაქვისა. და ჴევნი ესენი ყოველნი სამჴრეთიდამ ერთვიან, გამომდინარე ფონის გამდინარის ჩხერიმელისა და ჴეფინის-ჴევის შუა მთიდამ. და არს ჴეობა ესე ჴეფინის-ჴევი მოსავლიანი, ვენახოვანი, ხილიანი. ქართლისაგან მეტი არს აქა ღომი, ხურმა, წაბლი. რომელი მთას იქითი დავსწერეთ, ქვიშხეთის დასავლით, იგინიცა ესრეთვე ჰგონე. არს ცხოვარი უდუმო, სთესვენ სიმინდსა მრავალსა. ხოლო ადგილები ესენი, რომელნი აღვსწერენით, ლიხის მთის შორისი, ეგრეთვე ჰგონე, ვითარცა აღვსწეროთ იმერეთი.
ოლო ტაშისკარის სამჴრით ჩამოვალს დასავლეთიდამ მთა მახჳლოსი ცხჳრ-ცხჳრად, და აღმოსავლიდამ ყერძენის მთის წუერი, და მოავიწროებს მტკუარს კლდითა. აქ, მოვიწროებულსა შინა, არს განსავალი კარი და კოშკი მას ზედა, ქართლიდამ ჴეობასა შინა სავალი. ამის მიერ ეწოდა ტაშისკარი (ესე არს ქვისკარი). და ამის პირისპირ, სამჴრიდამ, ერთვის მტკუარს სარმანიშვილის-ჴევი, გამოსდის ყერძენსა და ამას შუას მთასა. ამის დასავლით არს ახალდაბა, მცირე ქალაქი, მტკურის იმიერ-ამიერ მოსახლენი ქართველნი და ურიანი. აქა არს ჴიდი მტკიცე. ახალდაბის სამჴრით არს ციხე მაღალს კლდესა ზედა, დიდნაშენი და მაგარი. ახალდაბას ქუეით მტკუარს მოერთვის ჩდილოდამ ჴევი ნეძჳსა, გამოსდის ამასა და მთას იქითს შუას მთას. კუალად ახალდაბას ზეით ერთვის მტკუარს სამჴრიდამ ჴევი ქიმერეთისა. გამოსდის ყერძენის მთას, ქიმერეთის ჴევს ზეით ერთვის მტკუარს სამჴრიდამვე ჴევი კორტანეთისა. გამოსდის მასვე მთას. ჩდილოდამ მოერთვის მტკუარს ზანავ-რვილის ჴევი, ამასა და მთას იქითის შუას მთიდამ გამომდინარე.
ამ ჴევს ზეით ერთვის მტკუარს თორის-წყალი სამჴრიდამ. ამ შესართავს სამჴრით არს სადგერს ეკლესია წმიდის გიორგისა. ამას უდის აღმოსავლით თორი მდინარე, დასავლით შავწყალი; და შავწყალი გამოსდის ბაკულიანისა და კოდიანის მთასა, და მიერთვის მტკუარს სამჴრიდამ. გომარეთამდე შავწყალსა და თორისწყალს უწოდებენ აწ სადგერის ჴეობას. არამედ სადგერი არს მაგარი და შეუალი, ეკლესია შემუსრვილი აღაშენა და შეამკო ხატი მისი ჟ̃დ მეფემან ვახტანგ. ამ სადგერს ზეით, დასავლით, არს დაბა თორი, მას ზეით ციხის-ჯუარი, და ციხე მისი შავს-წყალსა ზედა, დასავლისაკენ. კუალად სადგერს ზეით მოერთვის თორისწყალს სამჴრიდამ ბაკულიანის-წყალი, გამომდინარე ბაკულიანის მთისავე. აქა, თორის-წყლის აღმოსავლით, არს კიმოთისმანს მონასტერი გუმბათიანი, კეთილშენი, შუენიერს ადგილს. ზის წინამძღუარი. ხოლო ეს სადგერის ჴეობა არს უვენახო და მოსავლით, ვითარცა აღვსწერეთ გუჯარეთის ხეობა, ესეცა სცან, ეგრეთვე ნაყოფიერი, მთითა, ნადირითა და პირუტყჳთა. კიმოთისმანს ქუეით არს ციხე, თორის-წყლის აღმოსავლეთის კიდესა ზედა, უზნარიანისა, ფრიად მაგარი.
ხოლო კუალად ჩდილოდამ ჴეობაში მტკუარს ერთვის ეშმაკთუბნის ჴევი, გამომდინარე ამასა და მთას იქეთის მთის შუადამ. ამას ზეით, ნუას, მოერთვის შავწყალი. ნუას ზეით, ჭალის პირისპირ, სამჴრიდამ, ერთვის მტკუარს დღვაშის-ჴევი. გამოსდის კოდიანის მთას. მას ზეით არს, მტკურის კიდესა ზედა, სამჴრით, პეტრეს-ციხე, ფრიად მაგარი და შეუვალი მტრისაგან ციხეს დასავლით უდის ყვერბილის-ჴევი, მოერთვის სამჴრიდამ მტკუარსა, გამოსდის კოდიანსა. პირისპირ ციხისა მოერთვის მტკუარს ჩდილოდამ ლიკანის-ჴევი, გამოსდის მახჳლოფერსათს. ამ ჴევთ ზეით არს ჭობის-ჴევი. და არს დვირამდე ქართლისა. არამედ არს ესე მრკურის ჴეობა ვენახიანი, ხილიანი, ვიწრო და მწირი, მაგარი და შეუვალი მტრისაგან. კაცნი ჰაეროვანნი, ტანოვანნი. მთანი ნადირიანნი, ნაძოვან-ფიჭოვანნი. ირემი, თხა, არჩჳ და სხუა ნადირნი მრავალნი. ჩდილოთ მთააქუს ღადოსი და მახჳლოს წამოსული აღმოსავლით ვიდრე ტაშისკარამდე, სამჴრით კოდიანიდამ წამოსული აღმოსავლეთს-ჩდილთს შუა მთა, ამასა და სადგერის ჴეობას შუათი.
ხოლო ტაშისკარსა და ლიხის მთას ქუეითი არაგუ-ტფილისამდე არიან სამნი ესე სასპასპეტონი: მემარცხენე მუხრანისა, მემარჯუენე ქართლისა, მეფისთანა მყოფი, ტფილისს ზეით, მტკურის სამჴრეთისა და თრიალეთი-ფანავრამდე, არიან წილნი უფლოსისა, მცხეთოსის ძისა; და უფლოსისაგან ეწოდა ზენა-სოფლები შიდა-ქართლს. და ესენი პირველ იყო ერთი სასპასპეტო, და ყოველთა ერისთავთა და სპასპეტთა ზედამხედველი. შემდგომად თამარ მეფისა ქართლისა ერისთავი სხუა, კსნისა სხუა. და შემდგომად განყოფისა ესრეთ სამ სადროშოდ იქმნა. არამედ რაოდენნი ეკლესიანი ანუ მონასტერნი აღვსწერენით, ანუ პალატნი, არა არს არცა ერთი, რომელნი არა იყოს თლილის ქვითა ნაშენნი, რამეთუ ყოველნივე თლილის ქვითა არიან აღშენებულნი. კუალად არა არიან დაბანი ანუ აგარაკნი, რომელსა შინა არა იდგეს ეკლესია თლილის ქვისა, უგუმბათონი, მცირენი და დიდნი, და მით იცნობების ნასოფლარნი, სადაცა დგას ეკლესია. ხოლო მონასტერნი, რომელნი ცარიელნი დავსწერენით, აწ ხუცის სამარად, მამულნი მათნი მიუხუამთ აწ მთავართა ანუ აზნაურთა, მათნი შეწირულობანი, ანუ მეფეთა ხიზრად მოსულნი დაუსადგურებიათ მუნ, და ჟამთა ცვლილობითა შერჩომიათ მათ, არღარა დაუსუამთ წინამძღუარი და უსაზრდელობითა მონაზონთათა აწ ცარიელნი არიან. კუალად რომელნი ეკლესიათა აღმაშენებელნი არა მოვიჴსენიეთ, ვინაჲთგან დავსწერეთ მეფენი ეკლესიათა მაშენებელნი, მათ მიერ არიან აღშენებულნი ყოველნი, ხოლო ზოგნი მთავართა და ხუროთმოძღუართაგან, ვითარცა ზედვე ეკლესიათა წერილნი აჩენენ.
უწყებულება მკითხველთათჳს | ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი |
ცხორება და ქმნულება მეფეთა ქართლისათა |