ალ-უმარი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

"ათ-თარიფ ბი-ლ-მუსტალაჰ აშ-შარიფ" ("მაღალი ტერმინოლოგიის განმარტება")
ავტორი: ალ-უმარი
ცნობები საქართველოს შესახებ

გამომცემელი: გოჩოლეიშვილი დიტო


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის არაბული წყაროები



წიგნი:
XIV-XV სს. არაბი ისტორიკოსების ცნობები საქართველოს შესახებ - არაბულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო დიტო გოჩოლეიშვილმა - საქართველოს ისტორიის წყაროები 49 - საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროები XXII- თბილისი - 1988


წინასიტყვაობა[edit]

ალ-უმარი - შიჰაბ-ად-დინ აბუ ლ-აბბას აჰმად იბნ იაჰია იბნ ფადლ ალლაჰ ალ-უმარი დაიბადა 1301 წ. 11 ივნისს, დამასკოში, მაგრამ აღიზარდა და განათლება მიიღო ეგვიპტეში. ოჯახური ტრადიციით მისი გვარი თითქმის ასი წლის განმავლობაში განაგებდა ეგვიპტის სახელმწიფო სამდივანმწიგნობროს. ალ-უმარს სულტან ალ-მალიქ ან-ნასირ ად-დინ მუჰამმადის (1292-1294; 1298-1302; 1305-1340) კარზე სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეკავა, რომელზეც მამამისი შეცვალა. გარდაიცვალა ალ-უმარი 1349 წელს.
ალ-უმარის მიაკუთვნებენ თერთმეტ ნაშრომს, რომელთაგან გამოირჩევა "ათ-თარიფ ბი-ლ-მუსტალაჰ აშ-შარიფ" ("მაღალი ტერმინოლოგიის განმარტება"). თხზულება ძირითადად განკუთვნილია კანცელარიის მოხელეთათვის სახელმძღვანელოდ, დაიწერა 1340 წლის შემდეგ და შედგება შვიდი თავისაგან: 1. მუსლიმი და არამუსლიმი გამგებლებისათვის გასაგზავნი ეპისტოლეების ფორმულარები; 2. დიპლომების და ბრძანებების ნიმუშები; 3. სხვადასხვა სახის ფიცის ნიმუშები; 4. საგარანტიო დოკუმენტებისა და კონტრაქტების ნიმუშები; 5. მამლუქთა სახელმწიფოს (ეგვიპტისა და სირიის) ადმინისტრაციული დაყოფის აღწერა; 6. ქვეყნის საფოსტო სამსახური; 7. სხვადასხვა მცირე რეალიების აღწერა.
ალ-უმარის "თარიფ"-ში მოცემულია საქართველოს ზოგადი გეოგრაფიული მიმოხილვა, დახასიათებულია იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება. განსაკუთრებით საინტერესოა თხზულების ის ნაწილი, სადაც დაცულია საქართველოს მეფეებთან ეგვიპტის სულტნების მიმოწერის ნიმუშები. გარდა ამისა, თხზულებაში ვხვდებით ცნობებს ჰულაგუიანთა ირანის საქართველოსთან დამოკიდებულებისა და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის განთავისუფლების შესახებ.

ტექსტი[edit]

ქართველთა სამეფო

ქართველთა ქვეყნის დედაქალაქია თბილისი. ეს ქვეყანა მდებარეობს მოხსენიებულ არ-რუმსა და არმენიას შორის. იგი დიდი ქვეყანა და სახელგანთქმული სახელმწიფოა, ის თითქოს გამოყოფილია ამ ორი (რუმი, არმენია) ქვეყნისაგან. მას ჰყავს მეფე და მეფობა აქ მუდმივია. მასზე ბატონობს ირანის სამეფოს ჰულაგუიანთა სახლის სულტანი, რომლის ფირმანები მოდის (საქართველოში), მაგრამ მისი [სულტნის ფირმანების] ნიაღვარი ნაპირებს არ ლეკავს და არ დაძრწიან ამ ქვეყნის სანახებში მისი მხედრები გაჩაღებული ომის გამო. მას (სულტანს) იქ ჰყავს მხოლოდ ერთი დუმანი ლაშქარი, რომელსაც იყენებს ამ (ქვეყნის) საზღვრების დასაცავად და მის საქმეთა სამართავად. მათი (ქართველების) მიწა-წყალი ვრცელია, მის სანახებში ბინადარი მოსახლეობაა და [არიან] მომთაბარენიც, რომლებიც გადადიან ერთი ადგილიდან მეორეზე.

უკანასკნელი, რომელსაც ჰქონდა ამ ქვეყანაში სახელი და რომელსაც პატივისცემის გამო მიეტევა დაცემა, იყო შეიხი მაჰმუდი ძე ჯუბანისა (ჩობანი). იგი იყო მამაცი ადამიანი, მოუხელთებელი და მკაცრი [მტრებისათვის]. როდესაც მამამისს შეემთხვა უბედურება, იგი მფარველობას ეძებდა სულტან უზბეკ-ხანის კარზე, მაგრამ არ დასცალდა, არ გაეხსნა განსაცდელის რგოლები და ეწია აღსასრული, რომლის უკუგდება ვერ შეძლო.

[რაც შეეხება] ქართველთა ლაშქარს, იგი მტკიცედ დგას ჯვრის სარწმუნოებაზე და გულადი და მამაცი ხალხია. მუსლიმები მათ უწოდებენ "ალ-ქურდ", ქრისტიანები კი - "ალ-ქურჯ". ისინი ჰულაგუიანთა ლაშქრის ძალას და სიმდიდრეს წარმოადგენენ, ხოლო [ჰულაგუიანები] ენდობიან მათ და ეყრდნობიან, განსაკუთრებით ჯუბანის შვილები, შვილთაშვილები და სხვა შთამომავალნი ქართველებისადმი ჯუბანის წარსული სიკეთისა და ქველი საქმეების გამო, რომელიც იყო მათი მეფის ბარტილმას გულწრფელი მეგობარი, ნერგავდა მასთან სიკეთეს და მოუწოდებდა დაეცვა (მინდობილი) საგანძური.

იგი (ჯუბანი) იყო მისთვის ყველაზე საყვარელი რჩეულთა შორის და ყველაზე გულწრფელი გულწრფელ მეგობართა შორის. მოუხმობდა (მეფე) მას (ჯუბანს) მნიშვნელოვანი ამბის დროს და სთხოვდა დახმარებას გაჭირვების ჟამს. მიიჩნევდა მას თავისი ლაშქრის საყრდენად და უბედურების განმშორებლად. ბარტილმა, რამდენადაც მე ვიცი, ცოცხალია, კარგადაა, ყველაზე დიდებულია ქრისტიან მეფეთა შორის და უკეთილშობილესი წარმოშობისაა ნათლისღებულთა შორის.

მან დაიწყო მიმოწერა სულტნის მაღალ კართან ჯვრის მონასტრის გამო, რათა აეღოთ მასზე დამპყრობლური ხელი, (რის შედეგადაც) გამოიცა სულტნის ფირმანები (ქართველებისათვის) მისი დაბრუნების შესახებ. (ადრე) ეს მონასტერი წაართვეს (ქართველებს) და გადააკეთეს მეჩეთად. იგი მდებარეობს დიდებული იერუსალიმის ფარგლებს გარეთ. (მონასტრის ქრისტიანებისათვის დაბრუნება) ტყუილ-უბრალოდ არ მომხდარა. არ იშურებდა (ქართველთა მეფე) მისთვის (ჯუბანისათვის) მის (სულტნის) წინააღმდეგ ძველსა და ახალ ქონებას და ამბობენ, რომ აქეზებდა ჯუბანს (ამ) ქვეყნის წინააღმდეგ.

(საქართველოს მეფესთან) მიმოწერის წესი:

მაღალი ალლაჰი ხანგრძლივს ყოფს ბრწყინვალებას მისი მეფური უდიდებულესობისა, დიდებულისა, გულადისა, მამაცის, ლომისა, მეთაურისა, მრავალგზის თავდამსხმელისა, ლომგულისა, ტახტის მპყრობელისა, გვირგვინოსნისა, თავის სარწმუნოებაში განსწავლულისა, თავის სამწყსოს მიმართ სამართლიანისა, საბერძნეთის მეფეთა შორის რჩეულისა, ქართველთა სულტნისა, ზღვებისა და სრუტეების სამეფოს განძისა, რაინდთა სამეფოს დამცველისა, ტახტ-გვირგვინოსანთა შთამომავლისა, რუმისა და ირანის ქვეყნების ზღუდისა, ქრისტიანობის განმამტკიცებლისა, ქრისტიანობის შემწისა, საქრისტიანოს გმირთ მესიისა, თავისი განზრახვით იერუსალიმის განმადიდებლისა, ნათლისღებულთა ბურჯისა, რომის პაპის შემწისა, მუსლიმთა ერთგული მეგობრისა, ახლობელ მეგობართაგან ყველაზე გულწრფელისა, მეფეთა და სულტანთა მეგობრისა.

[ზოგჯერ] ითქმის მუსლიმთა გულწრფელად მოყვარული, მეფეთა და სულტანთა სწორი.

მისი (ქართველთა მეფის) შესაფერისი დალოცვა:

დაე, დაიცვას (ქართველთა მეფემ) სამეფო თვისი სიყვარულით და არა ლაშქრით, აღთქმის შესრულებით და არა სპითა და ალმის ფრიალით, იმ კეთილი თვისებებით ჩვენში რომ არის და არა იმ (თვისებებით) თავისად რომ მიაჩნია, ჩვენი გამჭრიახი განსჯით და არა იმით რომ ცეცხლს ანთებდეს თავისი კვესით.