Jump to content

ალ-კალკაშანდი

From Wikisource

"სუბჰ ალ-აშა ფი სინაათ ალ-ინშა" ("განთიადი ცუდად მხედველისა ეპისტოლოგრაფიის ხელოვნებაში")
ავტორი: ალ-კალკაშანდი
ცნობები საქართველოს შესახებ

გამომცემელი: გოჩოლეიშვილი დიტო


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის არაბული წყაროები







წიგნი:
XIV-XV სს. არაბი ისტორიკოსების ცნობები საქართველოს შესახებ - არაბულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო დიტო გოჩოლეიშვილმა - საქართველოს ისტორიის წყაროები 49 - საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროები XXII- თბილისი - 1988


წინასიტყვაობა

[edit]
ალ-კალკაშანდი - შიჰაბ-ად-დინ აბულ-აბბას აჰმად იბნ ალი ალ-კალკაშანდი (1355-1418).

ტექსტი

[edit]

აღმოსავლეთის მხარის ურწმუნო მეფეებთან მიმოწერის შესახებ. სულ ორი სახელმწიფოს ქრისტიან მეფეებს ეგზავნებათ წერილები ამ [ეგვიპტის] სახელმწიფოდან.

პირველია მართლმადიდებელი ქრისტიანი ქართველების ქვეყანა. აღინიშნა "ათა-თარიფში", რომ მუსლიმები მას უწოდებენ "ალ-ქურდ", ქრისტიანები - "ალ-ქურჯ". "ათა-თარიფ"-ში ნათქვამია აგრეთვე, რომ ეს ქვეყანა მდებარეობს რუმისა და არმენიის ქვეყნებს შორის. იგი დიდი ქვეყანაა და სახელგანთქმული სახელმწიფოა. ის თითქოს გამოყოფილია ამ ორი [რუმი, არმენია] ქვეყნისაგან. მას ჰყავს მეფე და მეფობა იქ მუდმივია. მისი დედაქალაქია თბილისი. მართავს მას ირანის სამეფოს ჰულაგუიანთა მოდგმის სულტანი, რომლის ფირმანები მოდის [საქართველოში], მაგრამ მისი ნიაღვარი ნაპირებს არ ლეკავს და არ დაძრწიან ამ ქვეყნის სანახებში მისი მხედრები გაჩაღებული ომის გამო. მას იქ ჰყავს მხოლოდ ერთი დუმანი ლაშქარი, რომელსაც იყენებს ამ [ქვეყნის] საზღვრების დასაცავად და მის საქმეთა სამართავად. მათი (ქართველების) მიწა-წყალი ვრცელია, მის დაბლობებში ხალხი ბინადარი და მომთაბარეა, რომელიც გადადის ერთი ადგილიდან მეორეზე.

უკანასკნელი, ვისაც ჰქონდა ამ ქვეყანაში სახელი და რომელსაც პატივისცემის გამო მიეტევა დაცემა, იყო შეიხი მაჰმუდი ძე ჯუბანისა. იგი იყო მამაცი ადამიანი, მოუხელთებელი და მკაცრი [მტრებისათვის]. როდესაც მამამისს შეემთხვა უბედურება, იგი მფარველობას ეძებდა სულტან უზბეკ-ხანის კარზე, მაგრამ არ დასცალდა, არ გაეხსნა განსაცდელის რგოლები და ეწია აღსასრული, რომლის უკუგდება ვერ შეძლო.

შემდეგ აღინიშნა ["ათ-თარიფში"]: ქართველთა ლაშქარი მტკიცედ დგას ჯვრის სარწმუნოებაზე, გულადი და მამაცი ხალხია. ისინი ჰულაგუიანთა ლაშქრის საიედო ძალას და სიმდიდრეს წარმოადგენენ, ხოლო [ჰულაგუიანები] ენდობიან მათ და ეყრდნობიან, განსაკუთრებით ჯუბანის შვილები, შვილთაშვილები და სხვა შთამომავალნი, ქართველებისადმი ჯუბანის წარსული სიკეთისა და ქველი საქმეების გამო. ის იყო მათი მეფის ბარტილმას გულწრფელი მეგობარი, ნერგავდა მასთან სიკეთეს და მოუწოდებდა დაეცვა (მინდობილი) საგანძური. იგი (ჯუბანი) იყო მისთვის ყველაზე საყვარელი რჩეულთა შორის და ყველაზე გულწრფელი გულწრფელ მეგობართა შორის. მოუხმობდა (მეფე) მას (ჯუბანს) მნიშვნელოვანი ამბის დროს და სთხოვდა დახმარებას გაჭირვების ჟამს. მიიჩნევდა მას თავისი ლაშქრის საყრდენად და უბედურების განმშორებლად.

ამის შემდეგ [ალ-უმარიმ] დაურთო, რომ ზემოხსენებული ბარტილმა, რომელიც ყველაზე დიდებულია ქრისტიან მეფეთა შორის, რამდენადაც მე ვიცი, ცოცხალია, კარგადაა, უკეთილშობილესი წარმოშობისაა ნათლისღებულთა შორის. მან დაიწყო მიმოწერა [ეგვიპტის] სულტნის მაღალ კართან ჯვრის მონასტრის გამო, რათა აეღოთ მასზე დამპყრობლური ხელი, (რის შედეგადაც) გამოიცა მბრძანებლის ფირმანები [ქართველებისათვის] მისი დაბრუნების შესახებ. [ადრე] ეს მონასტერი, რომელიც მდებარეობს დიდებული იერუსალიმის ფარგლებს გარეთ, წაართვეს ქართველებს და გადააკეთეს იგი მეჩეთად. მონასტრის ქრისტიანებისათვის დაბრუნება მძიმე იყო ულემებისა და ღვთის მოშიში ხალხისათვის, თუმცა [მონასტრის დაბრუნება] უმიზნოდ არ მომხდარა. ითქვა, რომ იგი (ქართველთა მეფე) აქეზებდა ჯუბანს (ამ) ქვეყნის წინააღმდეგ და არ იშურებდა მისთვის (ჯუბანისათვის) მის (სულტნის) წინააღმდეგ ძველსა და ახალ ქონებას.

[ალ-უმარიმ] აღნიშნა [ეგვიპტის სულტნებსა და საქართველოს მეფეებს] შორის მიმოწერის [შემდეგი ნიმუში]:

დიდებულმა ალლაჰმა დღეგრძელ ჰყოს ბრწყინვალება მისი უდიდებულესობისა, დიდებულისა, რაინდისა, ლომგულისა, ტახტის მპყრობელისა, გვირგვინოსნისა, თავის სამწყსოს მიმართ სამართლიანისა, საბერძნეთის მეფეთა შორის რჩეულისა, ქართველთა სულტნისა, ზღვებისა და სრუტეების სამფლობელოთა განძისა, რაინდთა სამწყოს დამცველისა, წინაპართა ტახტ-გვირგვინების მემკვიდრისა, რუმისა და ირანის ქვეყნების ზღუდისა, ბერძნების შთამომავლისა, სირიელ მეფეთა რჩეულისა, ტახტ-გვირგვინოსანთა შთამომავლებს შორის რჩეულისა, ქრისტიანობის განმამტკიცებლისა, იესოს სარწმუნოების შემწისა, საქრისტიანოს გმირთა მკურთხევლისა, თავისი განზრახვით იერუსალიმის განმადიდებლისა, ნათლისღებულთა ბურჯისა, რომის პაპის შემწისა, მუსლიმთა ერთგული მეგობრისა, ახლობელ მეგობართაგან ყველაზე გულწრფელისა, მეფეთა და სულტანთა მეგობრისა.

მისი (ქართველთა მეფის) შესაფერისი დალოცვა, რომელიც გადმოსცა "ათ-თარიფ"-ში (ალ-უმარიმ):

დაე, დაიცვას (ქართველთა მეფემ) სამეფო თვისი სიყვარულით და არა ლაშქრით, აღთქმის შესრულებით და არა სპითა და ალმის ფრიალით, იმ კეთილი თვისებებით ჩვენში რომ არის და არა იმ (თვისებებით) თავისად რომ მიაჩნია, ჩვენი გამჭრიახი განსჯით და არა იმით რომ ცეცხლს ანთებდეს თავისი კვესით. ზოგჯერ ითქმის: "მუსლიმთა გულწრფელად მოყვარული", ნაცვლად "მუსლიმთა ერთგული მეგობრისა".

რაც შეეხება "ალ-თასკიფს", იქ აღნიშნულია, რომ ქართველებს ჰყავთ ორი მეფე, ერთი მათგანია ზემოხსენებული თბილისის გამგებელი და აღნიშნა [ალ-მუჰიბბიმ], რომ მისი სახელი იყო მაშინ "დავითი", მეორე "სუხუმისა და აბხასის გამგებელი". ეს არის ყირიმის ზღვის სამხრეთით მდებარე ორი ქალაქი, როგორც აღინიშნა ზემოთ "ჩრდილოეთის მხარის გზებისა და სახელმწიფოების" თავში. მაშინ მის გამგებელს ეწოდებოდა დადიანი. აღნიშნა [ალ-მუჰიბბიმ], რომ ყოველ მათგანთა მიმოწერის წესი ნახევარ ფურცელზეა: "მაღალი ალლაჰიმც დღეგრძელ ჰყოფს არსებობას მისი მეფური უდიდებულესობისა, დიადისა, კეთილშობილისა, მამაცისა, რაინდისა, წმინდანისა, აღსავსისა მადლითა, მავანისა, ქრისტიანული სარწმუნოების დიდებისა, ჯვრის რელიგიური საზოგადოების განძისა, ქრისტიანობის სიამაყისა, აბხაზთა, ქართველთა და ჯურჯანელთა მეფისა, მეფეთა და სულთანთა მეგობრისა. ყოველ მათგანს ეწოდება ქართველთა მეფე.

შემდეგ მიუთითა [ალ-მუჰიბბიმ]: კიდეც აღნიშნა აწ განსვენებულმა ყადიმ შიჰაბ ად-დინ იბნ ფადლ ალლაჰმა მიმოწერაში მომხდარი ცვლილებები, რომელთა გამეორება არ არის საჭირო, რადგან რაც მე აღვნიშნე, შემორჩენილია მტკიცედ მიმოწერაში უკანასკნელ დრომდე.

მე (ალ-კალკაშანდი) ვამბობ ამას იმიტომ, რომ უბრწყინვალეს შიჰაბ იბნ ფადლ ალლაჰის დროს ის (საქართველოს მეფე) იყო დაცული თათრების კეთილი განწყობილებისა და [ქართველების] ჯუბანისადმი მიმხრობის გამო, როგორც ეს ითქვა ზემოთ. [ეგვიპტის სულტნის საქართველოს მეფესთან] მიმოწერა მაშინ იყო უმაღლესი და უდიადესი.

ხოლო როდესაც მოისპო თათრების სახელმწიფო ირანში და ჩაქრა მათი სიმტკიცე, დაქვეითდა საქართველოს მეფესთან არსებული მიმოწერის ხარისხი. "გზებსა და სახელმწიფოებში" ქალაქ თბილისზე თხრობის დროს კიდეც აღინიშნა, რომ ის ეკუთვნის არრანის იკლიმს და რომ დაიპყრეს ის მუსლიმებმა, შემდეგ კვლავ სძლიეს მათ ქართველებმა და დაეუფლნენ მას. მის პატრონს უწოდებენ თბილისის მფლობელს, ისევე როგორც სომხეთის სისის გამგებელს სისის მფლობელს, ხოლო კვიპროსის გამგებელს - კვიპროსის მფლობელს.