აბდ არ-რეზაყ სამარყანდი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

"მათლა ას-სადაინ ვა მაჯმა ალ ბაჰრეინ" ("ორი მნათობის აღმოცისკრებისა და ორი ზღვის შერწყმის ადგილი")
ავტორი: აბდ არ-რეზაყ სამარყანდი
ცნობები საქართველოს შესახებ

გამომცემელი: დავით კაციტაძე


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის სპარსული წყაროები






წინასიტყვაობა[edit]

აბდ არ-რეზაყ სამარყანდი (1413-1482) თემურიანთა პერიოდის სპარსულენოვანი ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი ავტორია ორტომიანი ნაშრომისა "მათლა ას-სადაინ ვა მაჯმა ალ ბაჰრეინ" ("ორი მნათობის აღმოცისკრებისა და ორი ზღვის შერწყმის ადგილი"). ეს ნაშრომი 1426 წლის ამბებამდე კომპილატიურია და ძირითადად ჰაფეზი აბრუ ნაშრომზეა დაყრდნობილი, რომელიც თავის მხრივ ნიზამ ად-დინ შამი და შერეფ ად-დინ ალი იეზდი ემყარება.

ლიტერატურა[edit]

დავით კაციტაძე - აბდ არ-რეზაყ სამარყანდის "მათლა ას-სადაინ ვა მაჯმა ალ ბაჰრეინის" ცნობები საქართველოს შესახებ - 1968-2 - მაცნე - გვ.197-209
დავით კაციტაძე - საქართველო XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე (სპარსული და სპარსულენოვანი წყაროების მიხედვით) - თბილისი - 1975 - გვ.122


ტექსტი[edit]

საქართველოს ამირების ივანეს და კონსტანტინეს მოსვლის ამბავი[edit]

როდესაც მისი უდიდებულესობა საჰებ ყერანი საქართველოს ვილაიეთის შუაგულს მოვიდა, ქართველებს შეწუხების ცეცხლისაგან გაოცების კვამლი თავზე მოადგათ და გარდა შეწყალების თხოვნისა, მეტი ვერაფერი (მოიფიქრეს). ივანემ, რომელსაც მამა-პაპათაგან საქართველოს სახელმწიფოს ორი მეექვსედი მის მფლობელობაში ჰქონდა, იმედის სახე მისი უდიდებულესობის ძლიერებასთან მიიტანა, ხმლითა და სუდარით მისი უავგუსტოესობის ურდოში მოვიდა და შესაფერისი საჩუქრები პატივისცემით მოიტანა. აგრეთვე, გიორგი მეფის ძმა კონსტანტინე, რომელიც მას მტრობდა, მისი მონობის (მიღების) ბედნიერებისათვის მოემზადა. ორივემ ერთობლივ მოახსენეს, რომ თუ მისი უდიდებულესობა აფხაზეთში გაილაშქრებს, ჩვენ (მისი) უსუსური მონები ვიქნებითო. ღვთისმოშიშმა საჰებ ყერანმა მათ ისლამის რჯულზე მოქცევა შესთავაზა. ივანემ მუხლმოდრეკით სთხოვა, რომ ვილაიეთის ქვეშევრდომები (რაიები) ბევრნი არიან და თავიანთ სარწმუნოებაზე მყარად დგანან და გადმოცემას "მათ ნახეს თავიანთი მამები იმ რჯულზე" მტკიცედ თვლიან. მე რომ ისლამის რჯული მივიღო იქ ვერ შევძლებ ცხოვრებას, რაღა ვილაპარაკო მბრძანებლობაზე. მისმა უდიდებულესობამ ულემები მოიწვია და რჩევა ჰკითხა. ყველამ ერთსულოვნად უპასუხა: ეს ხალხი უარმყოფელები მუჰამედის მოციქულობისა და მტრულად განწყობილნი სანაქებო წიგნისადმი არიან და გარდა ქრისტეს სჯულისა ჯიბრაილის მოსვლას და გამოცხადების მტკიცებას არ სცნობენ. მაგრამ თუ ჯიზიას დათანხმდებიან, შეწყალებულნი იქნენ. მისმა უდიდებულესობამ, თანახმად შარიათის ფეთვისა, ჯიზია დააკანონა, ივანე და კონსტანტინე სარტყლისა და თავსაბურავის (ბოძებით) აღამაღლა და მეფური წყალობა უბოძა". - ფ. 236

დავით კაციტაძე - საქართველო XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე (სპარსული და სპარსულენოვანი წყაროების მიხედვით) - თბილისი - 1975 - გვ.122


ჯიზიასა და ხარაჯას კისრება გიორგი მეფის მიერ[edit]

საქართველოს არაერთგზისი დალაშქვრის შემდეგ თემურ-ლენგმა "ულემების ფეთვისა, და შეიხ იბრაჰიმის და სხვა ამირების შუამდგომლობით დიდსულოვნების თავი გიორგის შესახებ მათ დაჟინებულ თხოვნაზე დააქნია და შეშინებული და დაიმედებული ელჩები უკან დააბრუნა. დიდსულოვანმა საჰებ ყერანმა რამდენიმე დღე ნადირობის სიხარულში გაატარა. ამასობაში ელჩები სასწრაფოდ დაბრუნდნენ უკან. ათასი ცხენი, ათასი თანგა მისი უავგუსტოესობის დამღით, ტანსაცმელი, იარაღი, ოქროს, ვერცხლის და ბროლის ჭურჭელი, 18 მისხლიანი კარგი ფერის ლალი, რომლის მსგავსიც მთელ ქვეყანაზე არ მოიპოვებოდა, მოიტანეს და გიორგიმ ჯიზიაზე და ხარაჯაზე თანხმობა განაცხადა და პირობა შეკრა". - ფ.237

დავით კაციტაძე - აბდ არ-რეზაყ სამარყანდის "მათლა ას-სადაინ ვა მაჯმა ალ ბაჰრეინის" ცნობები საქართველოს შესახებ - 1968-2 - მაცნე - გვ.203

კონსტანტინე მეფის სიკვდილი[edit]

"ამირ ყარა იუსუფი [815 წლის] რაჯაბის 20-ს (1412 წლის 26 ოქტომბერი) თავრიზს დაბრუნდა. იგი შირვანისა და ყარაბაღის თარაქამებისაგან მოსვენებული არ იყო. შაბანის 12-ს (1412 წლის 17 ნოემბერი) თავრიზიდან ილღარი გააკეთა და ყარაბაღს მივიდა რა, შეიხ იბრაჰიმს ელჩი გაუგზავნა და მშვიდობა (დაზავება) შესთავაზა. ამირ სიდი აჰმედ შაქი და კონსტანტინე გურჯი ამირ შეიხ იბრაჰიმს შეუთანხმდნენ და ზავს არ დათანხმდნენ. ამირ ყარა-იუსუფმა მდინარე არეზი გადალახა. ორივე მხრიდან ბევრი იომეს და ამირ შეიხ იბრაჰინი და მისი ძმა შეიხ ბოჰული და კონსტანტინე გურჯი და მისი ძმები სამას ქართველ აზნაურთან ერთად ელვარე ხმლით ჯოჯოხეთის ცეცხლში გააგზავნა, შემახა დაარბია რა, აზერბაიჯანში მოვიდა და ასი თუმანი ოთხფეხი გარეკა, (რომელთაგან) უმეტესობა სიცივისაგან დაიღუპა. ამირ შეიხ იბრაჰიმი და შეიხ ბოჰული და მავლანა ზაჰირ ად-დინ ყაზი შებოჭილი თავრიზს მოიყვანეს". - ფ.306

დავით კაციტაძე - აბდ არ-რეზაყ სამარყანდის "მათლა ას-სადაინ ვა მაჯმა ალ ბაჰრეინის" ცნობები საქართველოს შესახებ - 1968-2 - მაცნე - გვ.206