Page:US Constitution in Georgian language.pdf/5

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
This page has not been proofread.

'ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია'

პრეამბულა

ჩვენ, შეერთებული შტატების ხალხი, იმ მიზნით, რომ შევქმნათ უფრო სრულყოფილი კავშირი,1 დავამკვიდროთ მართლმსაჯულება, დავამყაროთ საშინაო მშვიდობა, უზრუნველვყოთ საერთო თავდაცვა, ხელი შევუწყოთ საყოველთაო კეთილდღეობას და შევუნარჩუნოთ ჩვენს თავსა და ჩვენს შთამომავლობას მადლი თავისუფლებისა, ვადგენთ და ვაფუძნებთ ამერიკის შეერთებული შტატების წინამდებარე კონსტიტუციას.

მუხლი I

ნაწილი 1.

მთელი საკანონმდებლო ხელისუფლება, როგორც აქ არის დადგენილი, გადაეცემა შეერთებული შტატების კონგრესს, რომელიც შედგება სენატისა და წარმომადგენელთა პალატისაგან.2

ნაწილი 2.

წარმომადგენელთა პალატა შედგება წევრებისაგან, რომელთაც ირჩევს ცალკეული შტატების მოსახლეობა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. ამომრჩევლებს თითოეულ შტატში უნდა ჰქონდეთ ისეთი საარჩევნო ცენზი, როგორიც მოეთხოვებათ შტატის საკანონმდებლო დაწესებულების ყველაზე მრავალრიცხოვანი განშტოების ამომრჩევლებს. არავინ შეიძლება იყოს წარმომადგენელი, ვისაც არ მიუღწევია 25 წლის ასაკისათვის, არ ყოფილა შვიდი წლის მანძილზე შეერთებული შტატების მოქალაქე და ვინც არჩევნების დროისათვის არ იქნება იმ შტატის მკვიდრი, სადაც ის კენჭს იყრის.

{წარმომადგენლები და პირდაპირი გადასახადები უნდა განაწილდნენ ცალკეულ შტატებზე, რომლებიც შესაძლოა შევიდნენ ამ კავშირის შემადგენლობაში, მათი მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად, რომელიც შემდეგნაირად უნდა განისაზღვროს: თავისუფალ მოქალაქეთა საერთო რაოდენობას, იმ პირების ჩათვლით, რომლებიც ვალდებულნი არიან იმსახურონ გარკვეული წლების ვადით და ინდიელების, - რომლებსაც გადასახადები არ ეკისრებათ - ჩაუთვლელად უნდა დაემატოს ყველა სხვა პიროვნების რაოდენობის სამი მეხუთედი.}3 [შეიცვალა მეთოთხმეტე შესწორების მეორე ნაწილით]

მოსახლეობის აღწერა უნდა მოხდეს შეერთებული შტატების კონგრესის პირველი სხდომიდან სამი წლის განმავლობაში და შემდგომში ყოველ მომდევნო ათ წელიწადში ერთხელ იმგვარად, როგორც ეს კანონით იქნება გათვალისწინებული, წარმომადგენელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთს ყოველ ოცდაათ ათას კაცზე, ოღონდ თითოეულ შტატს პალატაში სულ ცოტა ერთი წარმომადგენელი მაინც