Page:US Constitution in Georgian language.pdf/24

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
This page has not been proofread.

ეს შესწორება არ უნდა იქნას განმარტებული ისე, რომ ის შეეხება რომელიმე სენატორის არჩევას ან მისი უფლებამოსილების ვადას, სანამ ის გახდებოდეს კონსტიტუციის სრულუფლებიანი ნაწილი.

(რატიფიცირებულია 1913 წლის აპრილში)

XVIII შესწორება 39

ნაწილი 1.

წინამდებარე მუხლის რატიფიცირებიდან ერთი წლის შემდეგ, ამ შესწორებით შეერთებულ შტატებში და ყველა ტერიტორიაზე, სადაც ვრცელდება მისი იურისდიქცია, იკრძალება ალკოჰოლური სასმელების წარმოება, გასაღება და გადაზიდვა, აგრეთვე მათი იმპორტირება ან ექსპორტირება.

ნაწილი 2.

კონგრესს და ცალკეულ შტატებს აქვთ თანაბარი უფლებამოსილება, რათა მათ სათანადო კანონმდებლობით ცხოვრებაში გაატარონ ეს მუხლი.

ნაწილი 3.

ეს მუხლი ძალაში არ შევა მანამდე, ვიდრე ის არ იქნება რატიფიცირებული ცალკეული შტატების საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ როგორც კონსტიტუციის შესწორება, როგორც ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ, შვიდი წლის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც კონგრესი წარუდგენს მას განსახილველად შტატებს [გაუქმებულია ოცდამეერთე შესწორებით]

(რატიფიცირებულია 1919 წლის იანვარში)

XIX შესწორება

არ შეიძლება შეერთებული შტატების მოქალაქეს, შეერთებული შტატების ან რომელიმე შტატის ხელისუფლების მიერ, უარი ეთქვას ან შეზღუდოს ხმის მიცემის უფლება მისი სქესის გამო. კონგრესი უფლებამოსილია სათანადო კანონმდებლობით ცხოვრებაში გაატაროს ეს მუხლი.

(რატიფიცირებულია 1920 წლის აგვისტოში)

XX შესწორება

ნაწილი 1.

პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა უნდა გასრულდეს იანვრის მე-20 დღეს, შუადღისას, ხოლო სენატორებისა და წარმომადგენლების უფლებამოსილებების ვადა - იანვრის მე-3 დღეს, შუადღისას, წლები უნდა განისაზღვროს იმის შესაბამისად, თუ როდის გავიდოდა მათი უფლებამოსილებების ვადა, იმ შემთხვევაში თუ ეს მუხლი არ იქნება რატიფიცირებული; ხოლო ამის შემდეგ უნდა ძალაში შევიდეს მათი მემკვიდრეების უფლებამოსილების ვადები.