2018 - სულაბერიძე დავით - ჯრუჭის მონასტრის მიწათმფლობელობა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ნაშრომები საქართველოს ისტორიაში




ნაშრომები საქართველოს ისტორიაში






ნაშრომი:

სულაბერიძე დავით, ქებულაძე მაია, მუმლაძე ციცინო, სარავა ნინო, ჩუბინიძე ელისო, საჩკოვი მაია, ქებულაძე კახა - ჯრუჭის მონასტრის მიწათმფლობელობა

პროექტი:

"ჯრუჭის მონასტრის ისტორიის ფუნდამენტური კვლევა და მისი საგანძურის სამეცნიერო კატალოგიზაცია"

რესურსები ინტერნეტში:

ელ.ვერსია

ჯრუჭის მონასტრის მიწათმფლობელობა

ჯრუჭის მონასტრის ისტორიის რეკონსტრუქცია, IX-X საუკუნეებიდან XVI – XVII საუკუნეების ჩათვლით, ჩვენადე მოღწეული მცირე რაოდენობის მასალათა საფუძველზე ძალიან მკრთალად, მაგრამ მაინც ხერხდება. XVIII საუკუნიდან კი სხვადასხვა სახის წყაროები ჯრუჭის სამონასტრო ცხოვრების უწყვეტი სურათის ფუნდამენტურად აღდგენის საშუალებას გვაძლევს. ამ პერიოდიდან ჯრუჭის მონასტერს მეფეები და თავადები სწირავენ დასახლებულ და დაუსახლებელ მამულებს იმერეთსა და რაჭაში. უდაბნო ეკონომიკურად ძლიერდება და საქართველოს ერთ–ერთი თვალსაჩინო სამონასტრო ცენტრი ხდება.

,,უმწვლილეთ ჯრუჭის მონასტერსო», – წერდა აღდგინების წიგნში სოლომონ პირველი [42]. სოლომონ მეორის სიგელის თანახმად, ჯრუჭს ,,უწინარესად” თვითონ სოლომონ პირველმა ,,შესწირა ყმანი და ნივთნი სახმარნი მონასტრისანი” [7; 57, გვ.47]. დასანანია, რომ სოლომონ პირველის ეს ,,უწინარესი” შეწირულობის სიგელი დღემდე მიუკვლეველია და უცნობია კონკრეტული თარიღი, გლეხთა გვარები, სოფლების დასახელება და ,,სახმარ“ ნივთთა ჩამონათვალი.

ჯრუჭის მონასტერში ღვთისმსახურება კვლავ განახლდა 1753–1763 წლებში. ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრინდელი თარიღიანი მეფის სიგელი ამ მონასტერთან დაკავშირებით შედგენილია 1765 წელს, რომლის მიხედვითაც სოლომონ პირველმა, დედოფალმა მარიამ დადიანმა და უფლისწულმა ალექსანდრემ ჯრუჭის მონასტერს შესწირეს გლეხები: ბარჯაძე ითხვისიდან, ტყემალაძე ზაქარია ძმისწულებიანად ჭილოვანიდან, მხალაძე კაჭინა, სესიკი და გიგიტი სკინდორიდან. სიგელის ტექსტში მოგვიანებით განსხვავებული კალიგრაფიით შესწორებაა შეტანილი, რომელიც განმარტებულია არშიაზე არსებულ მინაწერში: ,,აწ, ასე ბარჯაძე საამიშვილის კაცი იყო და მასვე უბოძეთ და თქვენ ამისდა სანაცვლოდ შემოგწირეთ ორი გლეხი კაპანაძე გიგიტი და ყიფშიძე სეხნია [3; 55, გვ491; 56, გვ.170 ].

ბეჟან გამყრელიძემ 1766 წლის 8 აპრილს გიგო კუჭაშვილი ცოლ–შვილით, ადგილ–მამულითა და მთელი ქონებით, ამ ოჯახის სურვილის თანახმად, 80 მარჩილად მიჰყიდა ჯრუჭის უდაბნოს წინამძღვარს – მამა სვიმონს. ნასყიდობის წიგნი, წლების შემდეგ, დამტკიცებულია სოლომონ მეორეს მიერ (თარიღი მითითებული არ არის) [11].

1770 წლის 1 ივლისს უფლისწულმა გიორგიმ და მისმა ძემ – დავითმა ჯრუჭის უდაბნოს შესწირეს ყავილაშვილი ბერიკი და მისი ძმები ყველაფრით, ,,რისაც მქონებელ” იყვნენ. სანაცვლოდ ,,მონასტრის მამის” – სვიმონ აბაშიძისაგან ითხოვდნენ გარდაცვლილი მეუღლისა და დედის – მზეხათუნ დადიანის საცხონებლად ყოველ სულთაობას ტაძარში წირვის წესად დადგენას წინამძღვრის სიცოცხლეშიც და შემდეგაც, საუკუნოდ [27].

პეტრე ერისთავმა, თავისი შვილების – დავითის, გრიგოლისა და ვახტანგის ,,ნებებითა და ჯერ ჩინებით”, 1770 წლის 11 სექტემბერს ჯრუჭის მონასტერს შესწირა სოღითელი გლეხი საბანაძე, ,,ყოველითურთ რაიცა აქუნდა, მამულ-ადგილით” [38; 63, გვ185–186].

1772 წელს მონასტერმა კაცია კირვალიძისაგან სამოც მარჩილად იყიდა ,,შქმერს მოსახლე” დათიკი დაუშვილი, ,,მისის ცოლ-შვილით, ადგილ-მამულით, ტყით, მინდვრით, სახნავით, მთით, ბარით” [32].

ბატონიშვილ არჩილს (სოლომონ პირველის ძმა და სოლომონ მეორის მამა) ჯრუჭის მონასტრისათვის შეუწირავს გლეხი საყვარელა ბრეგვაძე მთელი თავისი ქონებით [7; 57, გვ.49]. თარიღი უცნობია, მაგრამ ეს მოხდებოდა 1775 წლამდე, რადგანაც არჩილ ბაგრატიონი 1775 წელს გარდაიცვალა.

1776 წლის 9 იანვარს ბატონიშვილმა დავითმა ჯრუჭის მონასტრის არქიმანდრიტს – სვიმონს უბოძა სოფელ ზოდიდან ერთი კომლი ყმა ნინიკი ყავილაშვილი [23].

სარდალმა პაპუნა წერეთელმა და მისმა ძმამ ზურაბმა, ,,შვილთა და მომავლთა სულთა და ხორცთა საოხად და სალხინებლად”, 1776 წლის 11 აპრილს ჯრუჭის მონასტერს უბოძეს შქმერელი ტოტიკი და ციცუკი დაუშვილები ცოლ-შვილით და ქონებით [33].

ჯრუჭის მონასტრისათვის შუქრუთელი გლეხები შეუწირავს იოსებ კათალიკოსს [7; 57, გვ. 49]. ზუსტი თარიღი უცნობია. ეს მოხდებოდა 1769 – 1776 წლების ფარგლებში (დასავლეთ საქართველოს მწყემსმთავრის აღსაყდრებიდან გარდაცვალებამდე)

1779 წლის 19 დეკემბერს ძმებმა წერეთლებმა: სარდალმა პაპუნამ და სახლთუხუცესმა ზურაბმა, ბიძასთან და ,,შვილთა მომვალთა” ერთად, მონასტერს შესწირეს ,,ბაჯითს ჩიკორა, მისის მამულ-ალაგით და სხვა პარტახი გოგასეული და კიკუნიკისეული, სოფრომასეული და ჩუმაშვილისეული, და საჩხერეს – ნაურიებზე, მუხასთან, რგვალი მიწა პაპუნასეული” [14].

ბერი კაკირიაშვილმა 1782 წელს 9 მაისს ჯრუჭის მონასტერს შესწირა, თავისი ფულით ნაყიდი, სოფელ წედისს მცხოვრები ერთი კომლი მაისურაძე გაბრია, მისი შვილი მამუკელა და ,,ჩამომავალნი მათნი ყოვლის მათის ვენახითა, სახნავითა, სათიბითა, მთითა, ბარითა, სასაფლაოთი და საწისქვილოთი და რისაც მქონებელი იყოს ყოვლით…”[44][1].

იმერეთის მეფემ დავით მეორემ, წინამძღვრის თხოვნით, 1784 წლის 11 აგვისტოს, მონასტერს სიგელით დაუმტკიცა სოლომონ პირველის მიერ შეწირული ჭიბრეველი გლეხები: მამუკელა და მახარიკა ომიაძეები ,,ადგილ-მამულით, ვენახით, ტყით, საძებრით და უძებრით, რომლისაც მქონებელ იყოს” [26].

1784-85 წლებით დათარიღებული საბუთების მიხედვით, პაპუნა და ზურაბ წერეთლებმა ჯრუჭის მონასტერს შესწირეს მერჯეველი გიგიტი და ზაქარა კაპანაძეები ცოლ-შვილით, ადგილ-მამულით და მთელი ქონებით, მოხვა ,,მისი მთითა და წყლით”, ბაჯითში გოგასეული პარტახი, შქმერელი ტოტიკი და ციცუკი დაუშვილები ძმისწულებითურთ და ,,რისაც მქონებელ იყვნენ, მამულ-ადგილით”, ბარს მოსახლე მახარიკა, პაპუნიკა და მათი ძმისწული გოგიტი სულაძეები, წედისელი ოთარა ნავროზაშვილი და ქუთურა გოგლიაშვილი, ობლები: ბუჭუა, დავითა და გიუნა გაგნიძეები ,,ცოლ-შვილითა და მამულ-ადგილით”, ონელი ებრაელები – დანიელ ხახიაშვილი და ხახუა არონაშვილი ოჯახითა და მთელი ქონებით [13; 24; 40].

ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ წერეთლებმა ჯრუჭის მონასტერს ხელახლა განუახლეს ის შეწირულობები, რომლებსაც შეეხება ერთი უთარიღო საბუთი (კაპანაძეებისა და ონელი ებრაელების თაობაზე) [13] და, აგრეთვე, ჩვენ მიერ ზემოთ მოტანილი 1776 და 1779 წლების დოკუმენტები [14; 33]. ეს, სავარაუდოდ, განპირობებული იყო იმ პოლიტიკური ცვლილებებით, რაც მოჰყვა სოლომონ პირველის გარდაცვალებას. 1784 წელს იმერეთის სამეფოს ტახტზე ავიდა დავით გიორგის ძე.

დავით მეორე წერეთლებთან იყო დანათესავებული (მისი და ცოლად ჰყავდა პაპუნა წერეთელს) და მათი მხარდაჭერით დაიდგა გვირგვინი, მაგრამ მალე ურთიერთობები დაიძაბა. მეფის მეორე და, როსტომ ერისთავის ვაჟის – გიორგის (ქიორ ბეის) თანამეცხედრე იყო. დავით გიორგის ძემ წინამორბედი მეფის მიერ 1769 წელს შერისხული რაჭის ერისთავთა სახლი 1784 წელს აღადგინა და ანტონ ერისთავს (გიორგის ძე და როსტომის შვილიშვილი) დაუბრუნა ჩამორთმეული მამულები (დევნილ ერისთავთა ქონება, სოლომონ პირველის ნებით, ძირითადად წერეთლების ხელში იყო გადასული). 1785 წელს დავით მეორემ თურქეთიდან მოიწვია გიორგი როსტომის ძე (ქიორ ბეი) და რაჭის ერისთავად დასვა [64, გვ.107-108]. 1787 წელს გიორგი ერისთავმა, სულის საუკუნოდ სახსენებლად, ,,ნება რთვითა” მამისა – როსტომ ერისთავისა და ,,სათნო ყოფითა” თავის ძმათა, ძეთა და მეუღლისა ,,უფლისწულის ასულის ელენისათა” ჯრუჭის წმინდა გიორგის უდაბნოს ადგილ-მამულებიანად შესწირა რაჭას მცხოვრები ზუსტად ის გლეხები, რომლებიც, როგორც ზემოთ მივუთითეთ, 1785 წელს წერეთლებმა უბოძეს მონასტერს: შქმერელი ტოტიკი და ციცუკი დაუშვილები, წედისელი ოთარა ნავროზაშვილი, ქუთურა გოგლიაშვილი, ობლები – დავით და გიუნა გაგნიძეები [37].

1789 წლის 4 ივლისით დათარიღებული სიგელის მიხედვით, მეფე დავითს და დედოფალ ანა ორბელიანს ვაჟიშვილის – გიორგის შეძენასთან დაკავშირებით პირმშოს თანამოსახელე წმინდანის მონასტრისათვის ,,მესამთლეთ და მესაკმევლედ”, შეუწირავთ ქუთათური ებრაელები – მოშა ენუქაშვილი და მისი ძმა ,,მათის ცოლ-შვილით, რისიც მქონებელი იყვნენ ყოვლის ფერით, საძებრით და უძებრით“ [18].

დავით მეორემ 1790 წლის 3 იანვრს, მეგრელეთს კაპანაძისეულ პარტახზე დაასახლა სიმონ ხუცესი და მისი შვილი გიგილი კუჭაშვილი. მეფემ, დედოფალმა ანამ და უფლისწულმა კონსტანტინემ ეს პარტახი ყანით, ვენახით, მთით, ბარით, წყლით, სასაფლაოთო და გლეხებით ,,საცველად და საფარველად” შესწირეს ჯრუჭის დიდმოწამის უდაბნოს, რათა ,,მონასტრის მამა და ერთობით კრებული კონსტანტინეს უწირავდენ და დალოცვიდენ” ყოველ 4 ივლისს [22; 47, ფ.2].

ქუთათელმა მიტროპოლიტმა დოსითეოს წერეთელმა და მისმა ძმებმა: ვახუშტიმ, გიორგიმ და ქველმა, აღასრულეს რა უხუცესი ძმის – ბეჟანის ანდერძი, 1790 წლის 24 იანვარს ჯრუჭის მონასტერს შესწირეს კორლბოურის მცხოვრებლები: ბერიკი ნენუაშვილი, გაბრიელა ვაშაძე ,,მისის ცოლ-შვილით და ადგილ-მამულითა”[36].

1791 წლის 13 ივლისს შედგენილი საბუთის მიხედვით, ჯრუჭის არქიმანდრიტისა და ძმათა კრებულის ფული ემართათ ჯამუშ ბერის შვილებს: ნიკოლოზ, ზურაბ და დავით წერეთლებს. როგორც საბუთის შინაარსიდან ირკვევა, მონასტერს ეს თანხა სარგებლით ჰქონდა გასესხებული. ვალი ძალიან გაზრდილა და სახლთუხუცეს ზურაბ წერეთლის შუამდგომლობით სესხის ფულით დაფარვის ნაცვლად, ნიკოლოზ, ზურაბ და დავით წერეთლებმა უდაბნოს მიართვეს შუქრუთელი მეფარიძეები: ხოხონა, მისი ძმისწულები – პეტრე, კიკოლა და ,,შვილნი და მომავალნი სახლისა მათისანი” ადგილ-მამულით და ,,რისაც მქონებელნი იყვნენ ყოვლითურთ” [20; 55, გვ.352; 65, გვ. 9-10].

პეტრე ერისთავმა, როგორც აღვნიშნეთ, მონასტერს გლეხი შესწირა 1770 წელს, როცა ჯრუჭის უდაბნოს წინამძღვარი იყო სვიმონ აბაშიძე. მომდევნო წინამძღვარს – სვიმონ ქავთარაძეს ეს გლეხი 1791 წლის 6 აგვისტოს უკან დაუბრუნებია, თან ოთხი ათეული მარჩილი დაუმატებია. პეტრე ერისთავს სანაცვლოდ უბოძებია ბარს მოსახლე გლეხები: ოთია, ბუჭუა და კიკალა ფოჩხიძეები ადგილ-მამულითა და მთლი ქონებით [38; 63, გვ185–186].

1791 წლის 26 ნოემბერს მეფე სოლომონ მეორემ და დედოფალმა მარიამმა, სოლომონ პირველისა და მისი ძმის – არჩილ ბატონიშვილის სულის საოხად, ჯრუჭის უდაბნოს შესწირეს სოლომონ პირველის უერთგულესი მოძღვრის, უმემკვიდროდ გარდაცვლილი კარის დეკანოზის – დავით წერეთლის ქონება: ქორეთის სასახლე, ზვრით, მიწებით, ტყით და ,,ყოველივეს მისის სამართლიანი საზღვრით”, ქორეთს მოსახლე პაატა, ბიძინა, გიგია და სეხნია გუდაძეები, ბასილ, დათუა და გოგიტა კაპანაძეები, დათუა და სეხნია დათუაშვილები, ბეჟა ბიჭაშვილი, მეგრელი გიგია – ,,მეფე სოლომონისაგან სამართლით სისხლში ანაყუანი და ესრეთ დავთრით ბოძებული”, ნასყიდა, სეხნია, დათუნა, პაატა და ივანე შარვაძეები, გიორგიტა და ივანიკა ლილუაშვილები, დათუა ქამუშაძე, ხუცესები საბა, კვირია და ბერი, ხუცის შვილები ივანიკა, თევდორე, ბერი და დათუა, ითხვისს მცხოვრები კვირია და პაპუჩა მეგრელიშვილები, მამუკა მჭედლიძე, პაატა და ზაზუტა რაზმაძეები ძმებითურთ, რაჭაში ფარახეთის სასახლე ,,ადგილით, მამულით, მიწით, წყლით, ტყით და ყოვლითურთ მისის ქონებულით”, ჩიღუნაძე შაქარა ძმითა და ძმისწულებით, სვიმონა, კაციელა, სეხნიკა და რამაზიკა ჩიღუნაძეები, სევას მოსახლე სეხნია და გიგიტა ნადირაშვილები, ჭიბრეველი შოშიკა და მარტუათ უბანში მცხოვრები შიო და ბასილა ქამუშაძეები თავიანთი ადგილ-მამულით, ბერი ესიტაშვილი – ,,ესე ყოველი მათის მიწა ადგილით და ზუარით, სახნავ სათესით და წყლით, ტყით საფლავ სამარხით, სახარდნით და საწისქვილოთ, და მათის ყოვლითურთ ქონებულით”[28; 5, გვ.385; 60, გვ.251]

ხოსია (არქიმანდრიტ სვიმონ ქავთარაძის ბიძა), სვიმონ, იესე ჯაფარიძეებმა 1792 წლის 20 აგვისტოს ჯრუჭის მონასტერს მიჰყიდეს მიქელიკა და გაბრიელა ცერცვაძენი, ცოლ-შვილით და ,,ყოველივე ქონებით” [9].

1794 წელს სოლომონ მეორეს, ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრის – სვიმონ ქავთარაძის თხოვნით, განუახლებია და ხელახლა დაუმტკიცებია 1765 წლით დათარიღებული სიგელი სოლომონ პირველისა [4; 58, გვ.180].

1795 წლის 11 აპრილს მეფე სოლომონ მეორე და დედოფალი მარიამი სწირავენ ჯრუჭის მონასტერს თავიანთ სახასო და სამკვიდრო, ,,ყოვლის კაცის, უცილო და უსადაო ღრუდოს’’, რომელიც არის მღვიმის ღრუდოს დაბლა [19].

გამყრელიძეებს ლებანიძისეულ მამულზე დაუსახლებიათ და აღუზრდიათ კვირიელა ყიფშიძის შვილები – ივანიკა და გიორგიტი, რომლებიც ,,პირველათ უდაბნოს ჯრუჭის დახსნილი ყოფილან და იმ უდროებაში მამაც მოუკვდათ”. 1795 წლის 7 მაისს მოურავმა გიორგი გამყრელიძემ, ძმის – ოტიასა და ძმისშვილთა – ბეჟან, სიმონ, ქაიხოსრო, ლევან და ალექსი გამყრელიძეების თანხმობით, ყოველ გიორგობას მამისა და ბაბუის – ლევან გამყრელიძის სულის საოხად ჯრუჭის მონასტერს შესწირა ობოლი ყიფშიძეები ,,ცოლ-შვილით, ადგილ-მამულით, ტყით, წყლით, საფლავ-სამარხით, წისქვილით, საყანით, შესავლით, გამოსავლით, საძებრით და უძებრით, სამართლიანის საზღვრით”, აგრეთვე ,,პარტახი, სამართლიანის საზღვრით, საძებრით და უძებრით”[39].

1798 წლის 23 აპრილს სახლთუხუცესმა ზურაბ წერეთელმა ჯრუჭის მონასტერს ,,სანთლის ფასად” უწყალობა თავისი სახსრებით აშენებული ფურნე და სახლი, ხოლო ,,საკმევლის ფასად” – დუქანი, ხელისუფლიშვილის დუქნის გვერდზე მდებარე» [15].

დავით მეორის მიერ ჯრუჭის მონასტრისათვის შეწირული ადგილი მასხარაშვილს მიუთვისებია. ამ უკანასკნელს სოლომონ მეორემ 1798 წლის 10 აგვისტოს გლეხი უბოძა, ხოლო კაპანაძისეული პარტახი მეგრელეთს ისევ ჯრუჭის მონასტერს დაუბრუნა და, სადავო რომ აღარაფერი ყოფილიყო, სიგელში საზღვრებიც დააკონკრეტა: ,,წყაროს ღელე რომ ჩაერთვის საწისქვილოს ღელემდინ, ზეით ბრეგუაძის საზრვრამდინ, თავს რომ გორა ადგია, იმ გორას უკან რომ არის, იმას აქეთ” [31].

1804 წელს სოლომონ მეორემ ჯრუჭის მონასტერს უბოძა სხვავას მცხოვრები ზაზუნიკა, ბუჭუკა, გიგიტა და მამუკელა ქვათაძეები ,,ყოვლის მათის ქონებით” [8; 59, გვ.141] .

სოლომონ მეორემ და მისმა თანამეცხედრემ მარიამმა 1804 წლის პირველ აგვისტოს ჯრუჭის მონასტერს შესწირეს სოფელ სხვავას მოსახლე გლეხები: გიგიტი, დავითიკი და ღვთისიკი რაჭველიშვილები ოჯახებითა და მთელი ქონებით. [16].

1806 წლის 24 ოქტომბერს დედოფალმა მარიამა ჯრუჭის მონასტერს შესწირა სხვავას მცხოვრები რამაზიკა რაჭველაშვილი ცოლ-შვილით და ყოველივე ქონებით. სანაცვლოდ ,,კუეთებითა მუხლთათა” შესთხოვა წინამძღვარს და კრებულს, რომ ყოველ წელს უწირონ თვითონ მას მარიამობას, სოლომონ მეფეს – ფერიცვალებას, ორივეს – ტაძრად მიყვანებას [25].

1806 წელს ბეჟან აბდუშელიშვილმა და მისმა თანამეცხედრემ – მარიამ ამილახვარმა მონასტერს შესწირეს ჭილოვანში მცხოვრები გლეხი კეკელი ტყემალაძე ,,ცოლ-შვილით, ადგილ-მამულით, საფლავ-სამარხით, საძებრით და უძებრით, საწისქვილოთი და ველით, გასავლით და გამოსავლით, რისაც მქონებელი იყო” [41].

1807 წლის იანვრით დათარიღებული შეწირულობის წიგნში მღვდელი დავით წერეთელი აღნიშნავს: ,,სასოებით შემოგწირე ჯრუჭის მონასტრის ეკლესიას ჩემი გლეხები, მამული და ადგილი და რაც ჩემი საცხოვრებელი იყო” [21]. სამწუხაროდ, ამ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული არც სოფლების სახელწოდება და არც გლეხთა გვარები. ფაქტია, რომ 1807 წლისათვის ჯრუჭის მონასტრის მიწათმფლობელობა და ქონებრივი მდგომარეობა გაიზარდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მღვდელ დავით წერეთლის[2] შეწირულობაში იგულისხმებოდა პასიეთის გარკვეული ტერიტორიაც, რომელიც თავიანთ მოძღვარს წისქვილისათვის (იმ ადგილებში მისასვლელ გზებთან ერთად) 1805 წელს უბოძეს სახლთუხუცესმა ზურაბ წერეთელმა, მისმა ძმამ და ძმისწულებმა [29].

1808 წელს ქაიხოსრო ჩაჩანიძემ გაათავისუფლა თავისი ყმა– გიგიტი სულაძე, ,,ესრეთ, რომ იქმნეს აწ საკუთვნელ ყმად ჯრუჭის მონასტრისათვის” [6, ფ190].

სოფელ ჭალას მოსახლე გრიგოლა აბაშიძემ, რომლის ძმა – ნიკოლოზი ჯრუჭის მონასტრის ბერი იყო, 1808 წლის 7 მარტს მთელი თავისი ქონება გლეხებით, ადგილ-

მამულით, ტყითა და წყლით, საძებრითა და უძებრით შესწირა ჯრუჭის მონასტერს [5].

1810 წელს ზურაბ, სვიმონ და გრიგოლ წერეთელებმა დავით მიტროპოლიტს მიართვეს ყმა პეტერიკა გაფრინდაშვილი მისი ძმები და ძმისწულები მთელი თავისი ქონებით [10].

ძმებმა წერეთლებმა: ზურაბმა, ქაიხოსრომ, როსტომმა, ბერმა და გრიგოლმა ჯრუჭის ქორეთელ ყმებს 1811 წლის 30 ივნისს უბოძეს წისქვილისათვის ადგილი მდინარე ყვირილას სანაპიროზე კვაწაურაში [34].

1813 წლის 14 მაისს ქაიხოსრო ჯაფარიძემ დავით მიტროპოლიტს მიჰყიდა გლეხი მაისურაძე და უბოძა ორი წედისელი (,,მოსახლობით წედური“) კაცი – გიგუნა და როსტომა ცოლ–შვილიანად, ადგილ–მამულითა და ყველაფრით რაც გააჩნდათ [30].

პაპუნა წერეთლის მეუღლემ – ბატონიშვილმა მზეხათუნმა 1814 წლის 18 დეკემბერს ჯრუჭის მონასტერს შესწირა თავისი ყმები – პაატელა, ბერიკა და გრიგოლ აბჟანდაძეები ოჯახებითა და მთელი ქონებით [17].

ბახუტა ბაქრაძემ ჯრუჭის მონასტერს შესწირა სევადან გიორგი ბაკურაძე და ცხმორიდან გოგინა კობერიძე ოჯახებით, მიწა-მამულით, ,,რისაც მქონებელ არიან”, რათა უძეოდ დარჩენილს სიკვდილის შემდეგ ეკლესიამ უპატრონოს, ,,როგორც მიცვალებულის რიგია”. ეს შეწირულობის საბუთი, ჭვირნიშნის მიხედვით, 1814 წლით თარიღდება [12].

ზურაბ და ქაიხოსრო წერეთლებმა 1815 წელს ჯრუჭის მონასტერს უბოძეს სოფელ ჭიბრევს მცხოვრები კაცია და ზაქარია ომიაძეები მთელი თავიანთი ქონებით [6, ფ190ა].

1833 წლის 13 სექტემბერს ბერმა წერეთელმა თავის ძმიშვილს, ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარს – დავით მიტროპოლიტს შეუსრულა თხოვნა და აჩუქა შუქრუთს მცხოვრები გლეხი ბერუკი გაფრინდაშვილი ცოლ-შვილით, ,,ყოფა-ცხოვრებით, მიწით, მამულით და ყოვლის თავისის მოძრავ-უძრავით”. შეწირულობის წიგნში ბერი წერეთელი უთითებს, რომ ეს გლეხი სამივე ძმის კუთვნილება იყო. ბერუკი გაფრინდაშვილის ადგილ–მამულისა და საბატონო ვალდებულების მესამედი ბერმა წერეთელმა მეუღლესთან – დარეჯან აბაშიძესთან, შვილთან მიხაილთან და შვილიშვილთან ლეონ ჯიბრაელის ძესთან ერთად მიაკუთვნა ჯრუჭის მონასტერს ,,საკუთრად და სახმარათ”. ჩუქების ეს ტექსტი ერთ სვეტად წერია ფურცლის ნახევრზე. როგორც ჩანს, მეორე მესამედისათვის თავიდანვე იყო განკუთვნილი ადგილი, სადაც 1837 წლის 2 ნოემბერს იმავე გლეხთან მიმართებით დაწერილია მეორე ტექსტი, რომლის თანახმადაც თავიანთ წილ მესამედს ჩუქნიან დავით მიტროპოლიტს როსტომ წერეთლის მეუღლე ელისაბედ წულუკიძე და მისი შვილები – სვიმონ და გრიგოლ წერეთლები [35].

1855 წელს უფროსმა მღვდელმონაზონმა ნეოფიტემ ეპისკოპოს ექვთიმეს წარუდგინა ,,სია ჯრუჭის წმიდის გიორგის, საკუთვნელთა ყმათა მიწა-მამულთა, დუქნებითა»: ,,შორაპნის მაზრა: ჭილოვანი-7 კომლი, სკინდორი -1 კომლი, შუქრუთი – 6 კომლი, ითხვისი – 11 კომლი, ქორეთი – 34 კომლი, ბაჯითი – 13 კომლი, მარტოთუბანი – 5 კომლი, მოხვა – 25 კომლი. რაჭის უეზდი: სხვავა – 5 კომლი, ბარი – 3 კომლი, ჭიბარევი – 7 კომლი, ფარახეთი – 4 კომლი, სევა – 4 კომლი, ცხმორი – 4 კომლი, წედისი – 6 კომლი, ქედი – 2 კომლი, შქმერი – 1 კომლი, მრავალძალი – 1 კომლი, სორი – 1 კომლი, ონი – 4 კომლი, ქუთაისში – 1 კომლი, აქვს 5 დუქანი და წისქვილი ყვირილაზე» [48].

არქიმანდრიტ ბესარიონის აღწერით, 1860 წლის 10 ნოემბრისათვის ,,ამა მონასტერსა აქვს გარშემო ტყიანი, საყანე და სამოსახლო ადგილები, ერთ ნაკვეთად, რომლისა საზღვრები არიან შემდგომნი ჩრდილოეთის მხრით, სამყვირალოს სერი, კიბულათის სერი, კეცების კლდე, ვერხვნალის წვერი, ცხრა თავის წყაროები, ყვიჩორის სერი, უსადილოს სერი, მერეშუმის ღელე მისის ჯრუჭულას ჩასართავამდის. ესე ზემოხსენებულნი ნიშნები განჰყოფენ რაჭის უეზდის სოფლები: ბარის, ფუტიეთის, მრავალძალის და შქმერის ტყიანთა, საბალახე და სათიბეთა ადგილებთა.

აღმოსავლეთის მხრით, მერეშუმის ღელის ჯრუჭულაში ჩასართავიდგან ჯრუჭულას მდინარე ხამსნარის ღელის ჩასართავდამდის, რომელიცა განაყოფს კნიაზთ გიორგი და ასლან წერეთლებთ ტყიანს მთებს. შემდგომ აჰყვება საზღვარი ხამსნარის ღელე და მივა მაღალ კოჟის წვერზედ, მერმედ კვერეთის სერზედ, იქითგან ზედა ბერეულის ბეკამდის, რომლისაგან დაჰყვება ღელე თეთრი წყალი და ჩამოვა ჯრუჭულას მდინარეში, რომელთა გარეთ არის ხსენებული კნიაზთ წერეთლებთა და სხვათა კნიაზთა წერეთლებთაცა მცხოვრებთა საჩხერეს დაბასა შინა. სამხრეთით გამოვა მდინარე ჯრუჭულაში, სადაცა შეხვდება ღარის წყლის და საჯირკის წვერი, ესენი განაყოფენ კნიაზ დავით წერეთლის და აზნაურთ ბარათაშვილებთ ტყეებითა, რომელშიცა ცხოვრობენ სოფელთა წირქვალს და ზოდს დასავლეთით კლდე დამწვარი, რომელიც შეეყრება სამყვირალოს სერს და ამა კლდე დამწვარს ესაზღვრება სოფლის სხვავის საკუთვნელი ტყე და სათიბი ადგილები.

ამა საზღვრეთა შიგნით სამხრეთის მხარეზედ არის დამყარებული სოფელი მოხვა, რომელსა შინაცა ირიცხების 31 კომლი, გარდა ამისა გარშემო მონასტრისა 5 კომლი და ამათ აქვთ მიცემული მონასტრის წინამძღვრისაგან სამოსახლო, საყანე და ტყიანი ადგილები, რომელსაც თვითოეული კომლი კითხვასა ზედა თვითონ აჩვენებს, გარდა ამისა აქვს მონასტერს 40 ქცევა საყანე, სამ ალაგს ვენახიანი მამულები, სივრცით 5 ქცევა და გარდა ამისა არის სამშენებლო და საშეშე სახმარი ტყე» [49, ფ.10].

1883 წლის 9 სექტემებრს წინამძღვარმა სიმონმა იმერეთის ეპარქიის კანცელარიაში წარსადგენად შეადგინა ,,აღწერილობა ჯრუჭის მონასტრის მიწათმფლობელობისა“ [45; 50, ფ10]:

სახელწოდება ადგილისა დესიატინა

საჟენი

ქუთაისის უეზდი
1 სამი სავაჭრო დუქნები ქალაქ ქუთაისშივე 9კვ.
შორაპანის უიეზდის ჩიხის საზოგადოება
1 ღარის წყალზე მცირე სადუქნე ადგილზე დადგმული ორი უბრალო სახლები თავის საბოსტნეთი 900კვ.
2 მახლობლად მონასტრისა სახნავი მიწა სახელწოდებით "მოსალოცავი" საზღვრებთა შორის აღმოსავლეთით-მდინარე წყალფენილა, დასავლეთით – მდინარე ფასკნარა, ჩრდილოეთით გველებიანის და ტყემალაძეების ადგილების საზღვარი, სამხრეთით-სადაც შეერთდებიან მდინარე წყალფენილა და ფასკნარა.
3 სახნავი მიწა კოდის წყარო და ქვითკირის საწნახელი, საზღვარი: აღმოსავლეთით-ჯრუჭულას ღელე და სამხრეთით და დასავლეთით-მონასტრის ადგილები და ჩრდილოეთით-სასარის ღელე.
4 ცხომარეთის მხრით კაკლებიანი სახნავი მიწა, სახელწოდებით ,,ნალობიარი», საზღვრითა-აღმოსავლეთით და სამხრეთ-კნიაზ წერეთლების ადგილები, დასავლეთით და ჩრდილოეთით მდინარე ჯრუჭულა.
5 სახნავი მიწა ჯრუჭულას გაღმით საკრამიტეს ქვეშე, საზღვარი – აღმოსავლეთ და დასავლეთით და სამხრეთით- წერეთლების ადგილი, ჩრდილოეთით მდინარე ჯრუჭულა.
6 სახნავი მიწა, სახელწოდებით ,,ნიგვზის ადგილი», სამივე მხრიდან სამონასტრო მიწები, აღმოსავლეთი – ჯრუჭულა მდინარე ერთი დესეტინა. 1
7 ცხომარეთის საკანტრახტო სათიბეთ და სახნავი მიწა, საზღვარი-ირგვლივ სივსივაძეების ადგილები-2 დესეტინა. 2
8 მახლობლად მონასტრის ვენახიანი ადგილი, ირგვლივ მონასტრის ადგილების საზღვრით – 2,5 დესეტინა. 2,5
9 მოსალოცავზე ვენახიანი მიწა, ირგვლივ მონასტრის ადგილების საზღვრით - 1 დესეტ. 1 900კვ.
10 ცხომარეთის ვენახიანი მიწა, აღმოსავლეთის და დასავლეთით და ჩრდილოეთით-სივსივაძეების სანადელო ადგილების საზღვრებით, სამხრეთით – გზა 1
11 ცხომარეთის მონასტრის საკრამიტე ადგილი, ირგვლივ წერეთლის მიწების საზღვრით 900 კვ.
12 მონასტრისათვის საკუთარი სახმარი ტყე, მონასტრის გარშემო, საზღვრებთა შორის: აღმოსავლეთით ჯრუჭულა მდინარე და დასავლეთით და სამხრეთით – მდინარე წყალფენილა, ჩრდილოეთით-წყლის სათავე, თამაზას წევრის ვაკე, წერეთლების საზღვარი 2
13 სასათიბე ადგილი ველევი, საზღვრებთა შორის: აღმოსავლეთით -კრეჭიას წყალი, დასავლეთით და სამხრეთით – წერეთლების ტყიანი ადგილები და ჩრდილოეთით – რაჭის კლდე 20
ქორეთის საზოგადოებაში
1 სახელდობრ სახნავი მიწა, საზღვრებთა შორის: აღმოსავლეთით-მონასტრის და ეზიაშვილების ვენახიანი მიწა, დასავლეთით-სასოფლო გზა, სამხრეთით-გუდაძეების ადგილები და ჩრდილოეთით ეზიაშვილების სამოსახლო ადგილი 3
2 ამავე ადგილსავე ვენახიანი მიწა, საზღვრებთა შორის: აღმოსავლეთით – საქვეყნო გზა, დასავლეთით – მონასტრის სახნავი მიწა, სამხრეთით-გუდაძეების ვენახიანი მიწები და ჩრდილოეთით – ეზიაშვილების ვენახიანი მიწები. 3
3 ამავე საზოგადოებაში სოფელსა კალაუთას მდინარე ყვირილაზე ქვითკირის წისქვილი, ზედდგმულის ერთი სახლით… 20 კვ.
4 ამავე უეზდში წირქვალის საზოგადოებაში დარკვეთის სოფლის ბოლოზე მდინარე ყვირილაზე ღრუდო, ქვის პატარა სამლოცველო სადგომი 8კვ.
რაჭის უეზდსა შინა
1 ჯოგის საბინაო ადგილი, მდებარე რაჭის მთაზედ, სახელდობრ "ნასახლარი", იგივე "დიდ მინდორი", საზღვარი აღმოსავლეთით და სამხრეთ შქმერის სოფლის საზღვარი, დასავლეთით – საერთო სოფლის მრავალძლეულების და ისევ ჯრუჭის მონასტრის ჯოგის საძოვარს "სოსევას" ადგილებამდის და ჩრდილოეთით ჩიღუნაძის ადგილები 3
2 ჯოგის საძოვარი ადგილები მდებარე რაჭის მთაზედ, სახელწოდებული "სოსევა". გობები, ყავარჯენა, გოგიტის ჭალა და ლაშე შუა, რომელიც არის საერთო სოფელს მრავალძალის მცხოვრებთა და ჯრუჭის მონასტრისათვის. 3

როგორც ისტორიული საბუთები მოწმობენ, ჯრუჭის მონასტერი მიწების გარკვეულ ნაწილს წერეთლების შეწირულობების წყალობით ფლობდა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მათგანი არათუ ზრუნავდა მონასტრის კეთილდღეობისათვის, არამედ ავიწროებდა კიდეც მას: დავით მიტრპოლიტის ჯრუჭში მოღვაწეობისას აგებული დუქანი 1856 წელს მიხეილ წერეთელმა მიისაკუთრა და თან დასძინა, რომ ჩემი ტყის მასალით ავაშენეო, მაშინ როდესაც მომჩივანთა თქმით, მას საკუთრად გამოყოფილი ტყე არ გააჩნდა [51, ფ.7].

1873 წელს წინამძღვარი სერაპიონი ეპისკოპოს გაბრიელს წერდა, რომ წერეთლებმა უგულებელყვეს მეფის სიგელი: მონასტრის კუთვნილი ტყე გაჩეხეს, დადგეს შიგ შეშის ხორები და ვაჭრობა გამართესო. იმერეთის ეპარქიამ გადაწყვიტა მზომავების გაგზავნა და ტყეში ას დესატინა ფართობზე საუკეთესო ადგილის მოზომვა მონასტრისათვის [52, ფ.1].

1901 წლის უწყისის მიხედვით, მონასტერს 354 დესეტინა ფართობზე აქვს ტყე, სახნავ-სათესი მიწა და ვენახი, აგრეთვე სამი დუქანი [46; 53, ფ12].

ქართულ ეკლესიას, ვიდრე ჩვენს ქვეყანას რუსეთი დაიპყრობდა, დაახლოებით ისეთივე მიწათმფლობელობის წესი ჰქონდა, როგორც მეფეებს, თავადებს, მსხვილ აზნაურებს. ჯრუჭის მონასტრის სიგელები ცხადყოფს, რომ საეკლესიო ქონების შეძენის წყარო, უმთავრესად, იყო შეწირულობა, ზოგ შემთხვევაში – ნასყიდობა. ხშირად შემწირველი სანაცვლოდ ითხოვდა წირვა–ლოცვას, პანაშვიდის გადახდას და ა. შ.. ჯრუჭის მონასტერი საკუთრებაში ფლობდა დასახლებულ (მიწები, რომელზეც ცხოვრობდნენ გლეხები და აზნაურები) და დაუსახლებელ მამულებს (საბალახე, საყანე, სავენახე მიწები, პარტახები, სათევზაო ღრუდოები და ა.შ.). საეკლესიო გლეხებისათვის მიწა პირობითი საკუთრება იყო. მართალია, ის შთამომავლობით გადაიოდა, მაგრამ გასხვისების უფლება არ ჰქონდათ. მიწა შეუვალად ეკუთვნოდა ეკლესიას.

XVIII საუკუნის 60–იანი წლებიდან სხვდასხვა დროს, როგორც ჩვენს მიერ მიმოხილული ისტორიული დოკუმენტებიდან გამოიკვეთა, ჯრუჭის მონასტრის შემწირველებად გვევლინებიან დასავლეთ საქართველოს კათალიკოსები: მაქსიმე (აბაშიძე), იოსები (ბაგრატიონი), დოსითეოსი (წერეთელი); მეფეები: სოლომონ I, გიორგიVII, დავით II, სოლომონ II; ბატონიშვილები: ალექსანდრე, კონსტანტინე, არჩილი, მზეხათუნი; დედოფლები: მარიამ დადიანი (I), ანა ორბელიანი, მარიამ დადიანი (II); რაჭის ერისთავები: პეტრე, გიორგი (ქიორ ბეი); წარჩინებული გვარების წარმომადგენლები: აბაშიძეები, ბაქრაძეები, გამყრელიძეები, წულუკიძეები, ჯაფარიძეები; განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის წერეთელთა სათავადოს.

ჯრუჭის მონასტრის მიწათმფლობელობის გეოგრაფიული არეალი მიკვლეული საბუთების მიხედვით ასეთია: ბარი, ბაჯითი, ზოდი, ითხვისი, კორბოული, მარტოთუბანი, მერჯევი, მრავალძალი, მოხვა, პასიეთი, სევა, სკინდორი, სორი, სორგითი, სხვავა, ფარახეთი, ფუტიეთი, ქედი, ქორეთი, შუქრუთი, შქმერი, ცხმორი, წედისი, წირქვალი, ჭიბრევი, ჭილოვანი, ონი, საჩხერე და ქუთაისი.

1811 წლის 30 ივნისიდნ გაუქმდა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა. რუსეთის დამპყრობლური მიზნებისათვის უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ქართული ეკლესიის დაქვემდებარებას რუსული ეკლესიისადმი. ამ მიზნით, ჩატარდა საეკლესიო რეფორმა, რომელიც საშინლად აისახა ეკლესია–მონასტრების მდგომარეობაზე. ,,საქართველოში, რუსეთის ცარიზმის დამყარების შემდეგ, არსებითად იცვლება საეკლესიო მიწათმფლობელობის სურათი. რუსეთის ცარიზმი სპეციალური რეფორმებით ახდენს საეკლესიო მიწების თანმიმდევრულ ექსპროპრიაციას, რის შედეგადაც საეკლესიო მიწები გადადის სახელმწიფოს ხელში“[61, გვ.56] . ასეთ ვთარებაში ჯრუჭის მონასტერი გარკვული პერიოდის განმვლობაში მაინც ინარჩუნებდა მეფეებისა და თავადების ნაბოძებ მამულებს [1, ფ. 41–48; 2, ფ. 5, 21; 62, გვ.27], თუმცა ეკონომიკური მდგომარეობა უაღრესად დამძიმებული იყო. საბოლოოდ, ჯრუჭის მონასტერს მიწის ,,განსაზღვრული ნორმაც აღარ გააჩნდა” [54, ფ1] .


  1. ამ დოკუმენტს ხელმოწერითა და ბეჭდით ამტკიცებს პაპუნა წერეთელი, რომელიც შემწირველს მოიხსენიებს კაკნიაშვილად.
  2. ამ დოკუმენტს ხელმოწერითა და ბეჭდით ამტკიცებს პაპუნა წერეთელი, რომელიც შემწირველს მოიხსენიებს კაკნიაშვილად. ↑ ერთი და იგივე სახელითა და გვარით ჯრუჭის მონასტერთან მიმართებით ისტორიულ საბუთებში ფიგურირებს სამი სასულიერო პირი: 1)დავით წერეთელი – მეფის კარის დეკანოზი; 2)დავით წერეთელი – სახლთუხუცეს ზურაბ წერეთლის უმცროსი ვაჟი,1805 წლიდან ხინოწმინდელი მიტროპოლიტი, 33 წლის განმავლობაში ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარი ; 3)დავით წერეთელი – ზურაბ წერეთლის სასახლის კარის მოძღვარი. 1807 წლის საბუთი, უთუოდ, ამ უკანასკნელთანაა დაკავშირებული, რადგანაც მეფის კარის დეკანოზი1791 წელს გარდაიცვალა, ხოლო ზურაბ წერეთლის ვაჟი, როგორც მღვდელი, საბუთებში არ მოიხსენიება, თანაც ის ბერი იყო და მეუღლე ან ქალიშვილი, სახელად ელენე, არ ჰყოლია, ქიმ 113-ში კი მითითებულია, რომ შეწირულობის წიგნის დამწერი და ერთ-ერთი მოწმე ,, ამ დავით წერეთლის ქალი ელენეა”.

გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა

I. წყაროები:

საქართველოს ეროვნული არქივი

ა)საქართველო–იმერეთის სინოდალური კანტორა, №489 ფონდი: საქმეები:

  • 5969,
  • 51452

ბ)ძველ საბუთთა დედნების კოლექცია, №1448 ფონდი

საქმეები:

  • საქმე 9685
  • საქმე 9684
  • საქმე 6675

გ) ძველ ქართულ სიგელ–გუჯართა რეგისტრების კოლექცია, შედგენილი საქართველო–იმერეთის სინოდის კანტორის მიერ , №1451 ფონდი

  • საქმე16

საქართველოს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ყოფილი საქართველოს საისტორიო–საეთნოგრაფიო საზოგადოების ქართულ დოკუმენტთა კოლექცია:

  • Hd 1329
  • Hd 1529

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილება

ა) ისტორიულ საბუთთა კოლექცია:

  • ქიმ 16
  • ქიმ 26
  • ქიმ 38
  • ქიმ 41
  • ქიმ 42
  • ქიმ 76
  • ქიმ 85
  • ქიმ 90
  • ქიმ 94
  • ქიმ 99
  • ქიმ 109
  • ქიმ 110
  • ქიმ 113
  • ქიმ 117
  • ქიმ 120
  • ქიმ 124
  • ქიმ 134
  • ქიმ 135
  • ქიმ 136
  • ქიმ 138
  • ქიმ 140
  • ქიმ 150
  • ქიმ 161
  • ქიმ 165
  • ქიმ 166
  • ქიმ 173
  • ქიმ 253
  • ქიმ 264
  • ქიმ 269
  • ქიმ 270
  • ქიმ 272
  • ქიმ 273
  • ქიმ 275
  • ქიმ 359
  • ქიმ 438-13
  • ქიმ 645

ბ) საარქივო მასალები, ჯრუჭის მონასტრის არქივი:

  • ქიმ 6475/11341
  • ქიმ 6475/11342

ქუთაისის ცენტრალური არქივი, იმერეთის ეპარქიალური კანცელარიის ფონდი №21

საქმეები:

  • 1653
  • 5752
  • 8397
  • 16250
  • 6180
  • 12385
  • 20781
  • 27626

II. ლიტერატურა:

  1. ი. ბერძენიშვილ, მ. კანდელაკი., დ. მუსხელიშვილი, მ. სურგულაძე, ნ. შიოლაშვილი და გ.ჭეიშვილი, საქართველოს ისტორია ტოპონიმიაში (საქართველოს ისტორიული ტოპონიმების კორპუსი), ტომი, I-II, თბილისი, 2010წ.
  2. შ. ბურჯანაძე, სოლომონ პირველი (პოლიტიკური მიმოხილვა), ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომი, დაწერილი აკად. ნ. ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით), თბილისის სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1948წ (ხელნაწერის უფლებით დაცულია ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა და ძველნაბეჭდ წიგნთა კოლექციების განყოფილებაში – ქიმ სმ 77)
  3. ს. კაკაბაძე, ,,მასალები დასავლეთ საქართველოს სოციალური და ეკონომიური ისტორიისათვის”, საისტორიო კრებული, I, თბილისი, 1928წ.
  4. ს. კაკაბაძე, იმერეთის საბუთები თარხნობის შესახებ, საისტორიო მოამბე, V თბილისი, 1950წ.
  5. დ. კლდიაშვილი, მოხატული ისტორიული დოკუმენტები საქართველოს სიძველეებიდან, თბილისი, 2011წ.
  6. ნ. კუხიანიძე, ,ქუთაისის მუზეუმის ისტორიული დოკუმენტი №138, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომების კრებული, ქუთაისის 2014–2015წ.
  7. ბ. ლომინაძე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, სენიორიები, 1, თბილისი, 1966წ.
  8. ქეთევან პავლიაშვილი, საქართველოს საეგზარქოსო 1900–1917 წლებში. თბილისი, 1995წ.
  9. ო. სოსელია, ,,მასალები დასავლეთ საქართველოს სათავადოების მმართველობის ისტორიიდან“, კრებული – მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 31. თბილისი, 1954წ.
  10. ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, I, თბ., 1973
  11. დ. უჩანეიშვილი, დოკუმენტები საქართველოს ეკონომიური ისტორიისათვის (XVIII-XIXს.ს.) თბ. , 1967წ.