2017 - ხაინდრავა ელზა - ამილახვართა ეპიტაფიები

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ნაშრომები საქართველოს ისტორიაში



ნაშრომები საქართველოს ისტორიაში




ნაშრომი[edit]

ელზა ხაინდრავა - ამილახვართა ეპიტაფიები სამთავისიდან (XIX ს.)

კრებული[edit]

2017-11 - სპეკალი

რესურსები ინტერნეტში[edit]

ელ.ვერსია

ელზა ხაინდრავა - ამილახვართა ეპიტაფიები სამთავისიდან (XIX ს.)

სამთავისის მონუმენტური ტაძარი კარგად არის ცნობილი ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში. ტაძარი, მასში არსებული კედლის ლაპიდარული და ფრესკული წარწერები საფუძვლიანად აქვთ შესწავლილი მ. ბროსეს (1), თ. ჟორდანიას (9), ალ. ხახანაშვილს (16), ს. ბარნაველს (3), ვ. ბერიძეს (4), პ. ზაქარაიას (7;8), ნ.პ. სევეროვს (10), გ. სოხაშვილს (11; 12).

მეცნიერთა ყურადღების მიღმა დარჩა სამთავისში დაკრძალულ ამილახვართა საგვარეულოს საფლავთა ეპიტეფიები.

სამთავისის ინტერიერში დაცულია XVIII-XIX საუკუნეების 40-ზე მეტი საფლავი. XVIII საუკუნის საფლავების ეპიტაფიებს ჩვენ მივუძღვენით ცალკე გამოკვლევა[1].

წარმოდგენილ სტატიაში მოცემულია XIX ს.-ის იმ პირთა საფლავების ეპიტაფიები, რომელთა შესახებ მოიპოვება საარქივო თუ სხვა სახის პარალელური ცნობები.

კვლევის მიზანია ამილახვართა საგვარეულოს ცალკეულ წარმომადგენელთა გამოვლენა და სხვა სახის მონაცემებთან შეჯერებით ამ საგვარეულოს XIX საუკუნის ისტორიის (როგორც ბატონყმობის, ისე ბატონყმობის გაუქმების შემდგომი პერიოდის) აღდგენის მცდელობა.

წარმოდგენილი კვლევა ხელს შეუწყობს ამილახვართა საგვარეულოს ქრონოლოგიური და გენეალოგიური ცნობების დადგენასა და დაზუსტებას.

1. აგათონიკე ამილახვრის ეპიტაფია[edit]

მდებარეობს ტაძრის შიდა სივრცის ცენტრში. 10 სტრიქონი, მხედრული. ქვის ზომა: 48X27; წარწერის ფართობი: 30X19; გრაფემების სიმაღლე: 3-0.5 სმ.

დაზიანება: ქვის ზედა მარცხენა ნაწილი გადატეხილია, ზოგიერთი გრაფემა არ იკითხება.

წარწერას არ ახლავს თარიღი, ან – წაშლილია.

  1. სახელი ჩემი აგათონიკე იყო
  2. და გუაროვნებით ამილახვარებითა
  3. ........ შობით ძე რევაზ ამილახუარისა
  4. და თან ძმა მრწემი ოთარ ამილახვარისავე
  5. წელნიცა მაქუნეს ერგასის და ოთხისა
  6. ესე საფლავი ვითარცა ძეგლ აღდგმულისა
  7. შემზადებული მელიქვის ასულის
  8. მისის მეუღლის განაღათუ სულდგმულის
  9. ნიშნად სურვილისა ოდესმე კმად შემკულისა
  10. აწ მიწა ქმნილის სიკუდილისაგან მოკლულის.

საფლავზე დაბადება-გარდაცვალების თარიღები არ არის მოცემული. ამიტომაც, იმის დადგენა, თუ რომელი რევაზ ამილახვრის ძე იყო აგათონიკე (აღათონიკე), სირთულეს წარმოადგენს.

ი. ჩიქოვანი თავის ნაშრომში წერს, რომ აღათონე (თორნიკე) ამილახვარი იყო რევაზ ოთარის ძის (1737-1775) და მარიამ ბეჟანის ასული არაგვის ერისთავის ძე. მისი ცხოვრებისა და გარდაცვალების წლებად ასახელებს 1776-1826 წწ. [ჩიქოვანი, 2010: 11]. თუ რევაზ ამილახვარი გარდაიცვალა 1775 წელს, მისი ძე – აღათონე 1776 წელს ვერ დაიბადებოდა. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ აღათონიკე დანიშნული ყოფილა ეფემია ივანეს ასულ რუსაშვილზე [ჩიქოვანი, 2010: 11].

ვინაიდან, ამილახვართა საგვარეულოდან მხოლოდ ერთი აგათონიკეა (აღათონიკე) ცნობილი, ვფიქრობთ, ამ საფლავის წარწერაში მოხსენიებული პირი სწორედ ის აღათონიკე ამილახვარია, რომელიც იხსენიება შემდეგ ორ საბუთში:

1) განჩინება აღათონიკე ამილახვრისშვილის მიერ ცოლის დაგდების თაობაზე 1800 წლის 20 აგვისტო – აღათონიკეს უჩივის ყორჩიბაშიშვილი იოანე ნაზირის შვილი დათუა იმის შესახებ, რომ აღათონიკემ ცხრა წლის წინ მისი და მელანია ითხოვა და შემდეგ კი გაუშვა. მდივანბეგებმა, ვახტანგის სამართლის წიგნის მიხედვით, აღათონიკეს 384 თუმანის გადახდა დააკისრეს, ვინაიდან ყორჩიბაშიშვილების სისხლი, როგორც მესამე ხარისხის თავადების, 384 თუმნით იყო შეფასებული. განჩინებას ამტკიცებს 1800 წლის 6 სექტემბერს მეფე გიორგი XII (1746-1800) [დოლიძე, 1977: 218].

2) მედიატორთა განჩინება ამილახვართა ყმა-მამულის გაყოფის საქმეზე, 1808 წლის 10 თებერვალი – ცალკე სახლად გადადიან ამილახვარი ოთარი, აღათონიკე და ერასტი თავისი ძმებით [დოლიძე, 1977: 394].

აღათონიკეს გენერალ-მაიორ ოთარ ამილახვართან ერთად 1821 წ. 3 მარტს თხოვნით მიუმართავს თბილისის თავადაზნაურთა საკრებულოსადმი თავადობის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ეს საქმე დასრულებულა 1826 წლის 27 აპრილს, დადებითი პასუხით [ფონდი 213: საქმე 205].

ამ დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აღათონიკე XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის I ნახევარში ცხოვრობდა.

საფლავის წარწერაში იხსენიება აღათონიკეს უფროსი ძმა - ოთარი. სავარაუდოდ, ეპიტაფიაში ოთარის მოხსენიება განპირობებულია იმით, რომ ის ამილახვართა სახლის უფროსი იყო. საქართველოში სათავადოების არსებობის დროს ყველა სათავადოს ჰყავდა პირველი პირი ანუ დიდი სახლის უფროსი. სათავადოები XVIII საუკუნეში გაუქმდა და აღნიშნული წესიც უნდა მოშლილიყო, თუმცა, როგორც ჩანს, XIX საუკუნის I ნახევარში ძველ ტრადიციას კიდევ შერჩენილი ჰქონდა ძალა ქართველ თავადთა შეგნებაში.

2. 1860 წლის გიორგი იოსების ძე ამილახვრის ეპიტაფია[edit]

მდებარეობს ჩრდილოეთ კედელთან. 4 სტრიქონი, მხედრული; ქვის ზომა: 34X40; წარწერის ფართობი: 29-38; გრაფემების სიმაღლე: 5.5-1.5 სმ.

დაზიანება: ქვა ადგილ-ადგილ გაყვითლებულია.

წარწერაში მოცემულია თარიღი – 1860 წელი.

  1. თა. თ(ავად)ი გიორგი იოსების ძე
  2. ამილახვარი
  3. გარდაიცვალა
  4. 1860 წ. სეკტ. 20 დღესა.

გიორგი იოსების ძე დაკრძალულია დედის – ელისაბედ აღათანგის ასული ხერხეულიძის გვერდზე.

გიორგი ამილახვარი სამჯერ ყოფილა დაქორწინებული: პირველი მეუღლე –სოფიო გაბრიელის ასული მაღალაშვილი, რომელთანაც ხუთი ვაჟი (რევაზი, ივანე, ნიკოლოზი, გრიგოლი და მიხეილი) და ორი ქალიშვილი ჰყოლია (მარიამი და ანასტასია).

სოფიოს გარდაცვალების შემდეგ გიორგი დაქორწინებულა მარიამ დავითის ასულ პავლიაშვილზე, რომელთანაც ერთი ძე – ალექსანდრე (1850-1919) ჰყოლია.

მარიამის გარდაცვალების შემდეგ გიორგი ამილახვარი ქორწინდება ანასტასია იაკობის ასულ პაულზე (1821-1890), რომელთანაც ერთი ასული ელისაბედი შეეძინა [ჩიქოვანი, 2010: 8].

გიორგი ამილახვარს თავადაზნაურთა საკრებულოში წარუდგენია განცხადება, თავადაზნაურთა ხარისხში დასამტკიცებლად, რაზეც დაურთავს გენეალოგიური სქემა, მოკლე აღწერილობით [ფონდი 213: დოკ. 136]. აღწერილობაში ნათქვამია, რომ ის დაქორწინებულია თავად გაბრიელ მაღალოვის ასულ სოფიაზე და ჰყავს შვილები: რევაზი, ივანე, ნიკოლოზი და გრიგოლი.

3. 1862 წლის ნიკოლოზ გივის ძე ამილახვრის ეპიტაფია[edit]

მდებარეობს საკურთხევლის პირდაპირ. ეპიტაფია ამოკვეთილია ქართულ და რუსულ ენებზე. ქართული – მხედრული, 6 სტრიქონი; ქვის ზომა:109X60; წარწერის ფართობი: 39X22; გრაფემების სიმაღლე: 3.5-0.5 სმ.

დაზიანება: ქვის ჩარჩო გაყვითლებულია; ზოგი გრაფემა ძნელად იკითხება.

წარწერაში მოცემულია თარიღი – 1862 წელი.

  1. ლოდსა ამას ქუჱშე განისუჱნებს მტუჱრი ნიჟეღოდის
  2. დრაგუნის პოლკის პორუჩიკის თავადის ნიკოლაოზ გი-
  3. ვის ძის ამილახვარის შვილისა, მოკლულისა 24სა მაისისასა
  4. 1862 წელსა, ბრძოლასა შ(ინ)ა აბაზეხთა თანა კიდესა ზედა მდ-
  5. ინარისასა, რომელსა ეწოდების ბელაია მახლობელ აბაზეხის
  6. სტანიცის, მეოცდა ცხრესა წელსა შობიდგან.

ნიკოლოზი იყო გივი ბარძიმის ძე ამილახვრისა და ანასტასია ერისთავის ვაჟი. ის იხსენიება თავის მშობლებთან და და-ძმებთან ერთად 207 ფონდში დაცულ 710 დოკუმენტში. მამამისი გივი ბარძიმის ძე ითხოვს ამილახვართა თავადობის აღიარებას. დოკუმენტში ჩამოთვლილია მისი ოჯახის წევრები (დაწვრ. ქვემოთ).

წარწერიდან ირკვევა, რომ ნიკოლოზი, როგორც სამხედრო პირი- დრაგუნის პოლკის პორუჩიკი, მონაწილეობდა 1862 წლის ბრძოლაში მდ. ბელაისთან. სავარაუდოდ, აქ იგულისხმება მდინარე ჩრდილოეთ კავკასიაში, ყუბანის მარცხენა შენაკადი. ამ ვარაუდის საშუალებას გვაძლევს ის, რომ სწორედ აქ მდებარეობდა აბაძეხის სტანიცა, სადაც რუსეთ-ჩერქეზეთის ომის დროს (1859-1864) ფრონტის ხაზი გადიოდა. როგორც ჩანს, სწორედ ამ ომის მიმდინარეობის დროს 29 წლის ასაკში დაიღუპა ნიკოლოზი.

4. 1877 წლის ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ამილახვრის ეპიტაფია[edit]

მდებარეობს საკურთხევლის მოპირდაპირედ, ბოძთან, ჩრდილოეთის მხარეს. ეპიტაფია ამოკვეთილია რუსულ და ქართულ ენებზე. ქართული – მხედრული, 10 სტრიქონი; ქვის ზომა: 44X37; წარწერის ფართობი: 20X34; გრაფემების სიმაღლე 3-1 სმ.

დაზიანება: ქვის მარჯვენა ნაწილი გაცრეცილია, ძნელად იკითხევა გრაფემები.

წარწერაში მოცემულია თარიღი – 1814-1877 წლები.

  1. განსასუჱნებელსა შენსა მაცხოვარ, სადა
  2. ყოველნი წმიდანი მკვიდრ არიან განუსუჱ-
  3. ნე ქრისტე სულსა მონისა შენისა თავადის
  4. ალექსანდრე ნიკოლაოზის ძის ამილახვარისასა [რო]-
  5. მელი იშუა იანვრისა 10სა 1814სა წ. შეისუჱნა 6 ნო-
  6. ემბრისას 1877 წელსა.

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე 1834 წლის თხოვნით მიმართავს თავადაზნაურთა საკრებულოს. მას სამხედრო სამსახურის დასაწყებად დასჭირდა ცნობა თავადური წარმომავლობის შესახებ [ფონდი 213: დოკ. 37].

ალექსანდრე იხსენიება აგრეთვე 1847 წლის თავადაზნაურთა საკრებულოს მიერ გაცემულ ცნობაში ამილახვრების თავადობის ღირსებაში დამტკიცების შესახებ. ამ ცნობაში ნათქვამია, რომ ალექსანდრე ამ დროისთვის 32 წლისაა და ჰყავს მეუღლე –ეფროსინე [ფონდი 213: დოკ. 710]. ეს ეფროსინე როსტომ წერეთლის ასულია [ჩიქოვანი, 2010: 21].

ი. ჩიქოვანთან ალექსანდრეს დაბადების თარიღია – 1816 წლის 10 ოქტომბერი [ჩიქოვანი, 2010: 21]. სავარაუდოდ, ი. ჩიქოვანი ნათლობის თარიღს ასახელებს.

5. 1877 წლის გივი ბარძიმის ძე ამილახვრის ეპიტაფია[edit]

მდებარეობს სამხრეთის კარებთან. ეპიტაფია ამოკვეთილია ქართულ და რუსულ ენებზე. რუსული – 11 სტრიქონი, წარწერის ფართობი: 70X63; გრაფემების სიმაღლე: 5.5-3.

დაზიანება: ქართული ტექსტი ძნელად იკითხება.

წარწერაში მოცემულია თარიღი – 1877 წელი.

  1. Источникь жизни Христе непо-
  2. сягаемая глубина благости. Кто
  3. тебе прибегаю недостойный
  4. рабь твой и молю: не помяни
  5. грехов моих неисчислимых
  6. водвори душу мою вь обители пра-
  7. ведных и даруй ей вечный покой
  8. Подь камнем симь покоится Князь
  9. Гиви Барзимовичь внукь Давида
  10. Амилахвари
  11. умершiй 19го Iюля 1877 г. 68 леть оть роду.[2]

საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივის 213 ფონდში გივი ბარძიმის ძის შესახებ შემდეგი სახის ცნობებია დაცული:

დოკუმენტი 55, 1841 წლის 4 ივნისი: საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა მიმართავს თავადაზნაურთა ყრილობას გორის უეზდის თავადის გივი ბარძიმის ძის ამილახვაროვის, მისი მეუღლის ანასტასია ლუარსაბის ასული ამილახვაროვას და მათი ძეების ივანეს და ნიკოლოზის საქმესთან დაკავშირებით: მათ აინტერესებთ, დამტკიცებულნი არიან თუ არა ისინი თავადურ ღირსებაში, თუ არა, როდის დაიწყო ეს საქმე. პასუხი: ჯერ არ არიან დამტკიცებულნი, ხოლო საქმე დაიწყო 1821 წლის 15 იანვარს.

დოკუმენტი 710: "О признании в княжеском достоинстве Амилахваровых (началось 28 октября 1847 г., кончилось 17 ноября 1847 .г)":

ბარძიმ დავითის ძეს ჰყავდა სამი ვაჟი: პროპორშიკი გივი – 36 წლის, იოსები – 28 წლის და დავითი – 23 წლის.

გივის ჰყავდა მეუღლე ანასტასია 35 წლის, თავად ლუარსაბ ერისთოვის ქალიშვილი და შვილები: ივანე – 16 წლის, ნიკოლოზი – 12 წლის, მიხეილი – 10 წლის, გრიგოლი – 7 წლის, ელისაბედი – 9 წლის, ქეთევანი – 6 წლის, ნატალია – 4 წლის.

ცხოვრობდნენ გორის უეზდის სოფელ ჭალაში.

უშუალოდ გივი ამილახვრის შედგენილია 1846 წლის 21 თებერვლით დათარიღებული საბუთი: მემამულე გივი ბარძიმის ძე ითხოვს მოწმობას თავადური წარმომავლობის შესახებ, ვინაიდან მისი შვილები ივანე, ნიკოლოზი და მიხეილი უნდა მოეწყონ სასწავლებელში [ ფონდი 213: დოკ. 49].

ამავე ფონდში ინახება 1856 წლის 31 იანვარს ბარძიმ დავითის ძე ამილახვრის მიერ შედგენილი გენეალოგიური სქემა. ამ სქემიდან ჩანს, რომ გივი ამილახვრის ვაჟი ივანე შტაბ-კაპიტანი ყოფილა, ხოლო მიხეილი – იუნკერი.

იგივე დოკუმენტი იუწყება, რომ ამილახვრები ფლობენ მამულებსა და გლეხებს სოფლებში: ჭალა, კასპი, ფხვენისი, ძევერი და სხვ.

6. 1883 წლის მიხეილ გივის ძე ამილახვრის ეპიტაფია[edit]

მდებარეობს საკურთხევლის მოპირდაპირედ, სამხრეთის კარებისკენ; ეპიტაფია ამოკვეთილია რუსულ ენაზე; 5 სტრიქონი; ქვის ზომა: 180X83; წარწერის ფართობი: 71X68; გრაფემების სიმაღლე: 9-3 სმ.

დაზიანება: ქვა შუაზეა გაბზარული.

წარწერაში მოცემულია თარიღი: 1832-1883 წლები.

  1. Князь
  2. Михаилъ Гивовичъ
  3. АМИЛАХВАРИ
  4. Родился 1832 года 25 iюля
  5. Скончался 1883 года 15 Декабря.[3]

მიხეილი არის გივი ბარძიმის ძის შვილი. იგი იხსენიება ბაბუის, ბარძიმ დავითის ძის მიერ შედგენილ 1856 წლის გენეალოგიურ სქემაში, რომელიც მან თავადაზნაურთა საკრებულოში წარადგინა. ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ მიხეილი იუნკერი ყოფილა (ფონდი 213).

ი. ჩიქოვანი მიხეილ ამილახვრის დაბადების თარიღად ასახელებს 1833 წლის 10 აპრილს [ჩიქოვანი, 2010: 19]. სავარაუდოდ, ჩიქოვანის ეს ცნობა მეტრიკულის ცნობებს ეყრდნობა.

1873 წლიდან მიხეილი პროპორშიკია. მას ცოლად ჰყოლია თავად ესტატე ქსნის ერისთავის ასული ანასტასია (1844-1920) [ჩიქოვანი, 2010: 19].

7. 1887 წლის ივანე თეიმურაზის ძე ამილახვრის ეპიტაფია[edit]

მდებარეობს საკურთხევლის პირდაპირ. მხედრული, 6 სტრიქონი; ქვის ზომა: 40X38; წარწერის ფართობი: 36X34; გრაფემების სიმაღლე: 6-1 სმ.

წარწერაში მოცემულია თარიღი: 1887 წელი.

  1. აქ განისვენებს გვამი
  2. თავადის
  3. ივანე თეიმურაზის ძის
  4. ამილახვრისა
  5. გარდაცვალებული
  6. 23 მარტს 1887 წ.

ივანე ამილახვარი იყო პროპორშიკ თეიმურაზ ივანეს ძის (1802-1839) და სალომე ივანეს ასული ფავლენიშვილის (1806-1850) ვაჟი. ივანე დაბადებულა 1829 წელს. ის 1854 წელს დაქორწინდა ნინო ივანეს ასულ ალადატოვაზე. მათ ჰყავდათ შვილები: თეიმურაზი, სალომე, ალექსანდრე, გიორგი, ბარბარე, კონსტანტინე, სოფიო და მარიამ (16).

1847 წლის დოკუმენტში, რომელიც გაცემულია თავადაზნაურთა საკრებულოს მიერ ამილახვრების თავადობის დამტკიცებასთან დაკავშირებით, მოხსენიებულია პროპორშიკ თეიმურაზ ამილახვრის ქვრივი, 40 წლის სალომე, და მათი შვილები: ივანე და ელისაბედი [ფონდი 213: დოკ. 710].

ივანე ამილახვარი 1848 წელს თხოვნით მიმართავს თავადაზნაურთა საკრებულოს. ის ითხოვს მოწმობას თავადურ წარმომავლობასთან დაკავშირებით ხელმწიფე-იმპერატორის სამსახურში მოსაწყობად.

თავადაზნაურთა საკრებულოში გორის უეზდის თავადების – ბარძიმ დავითის ძის და პროპორშიკი თეიმურაზ ივანეს ძის ამილახვრების – თხოვნას დართული აქვს 1829 წელს შედგენილი გენეალოგიური სქემა, რომელშიც მოხსენიებულია ივანე თეიმურაზის ძეც (ფონდი 213).

8. 1894 წლის ნატალია ვახტანგის ასული ამილახვარი-ალექსეევ-მესხიევის ეპიტაფია[edit]

მდებარეობს ტაძრის შიდა სივრცის ცენტრში. მხედრული, 8 სტრიქონი; ქვის ზომა: 59X36; წარწერის ფართობი: 49X31; გრაფემების სიმაღლე: 4-1 სმ.

დაზიანება: ზოგი გრაფემა გაცრეცილია.

წარწერაში მოცემულია ნატალიას დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები: 1826-1894 წლები.

  1. თავადის ვახტანგ
  2. ამილახვრის
  3. ასული ნატალია
  4. ალექსეევ-მესხიევისა
  5. დაიბადა 26-ს აგვისტოს
  6. 1826 წელს
  7. და გარდაიცვალა 17- ს
  8. თებერვალს 1894 წელს.

ნატალია ვახტანგ ქაიხოსროს ძე ამილახვრისა და ანა ბეციას ასული გედევანიშვილის ერთადერთი ასულია.

ნატალიას მეუღლე იყო იაკინთე დიმიტრის ძე ალექსი-მესხიშვილი.

ნატალია ამილახვარი 1870 წელს თბილისის თავადაზნაურთა საკრებულოს მიმართავს თხოვნით, აღიარონ თავად ამილახვართა შთამომავლად [ფონდი 213: საქმე 1538].

ნატალიას და იაკინთეს ჰყოლია ერთი ვაჟი – ნიკოლოზი. მას ახსენებს თავად ნატალია თავადაზნაურა საკრებულოში წარდგენილ დოკუმენტში. ამ დოკუმენტიდანვე ჩანს, რომ ნატალია ამილახვარი ცხოვრობს გორის უეზდის სოფ. ჭალაში.

ტექსტი შედგენილია ქართულ და რუსულ ენებზე.

ფონდში ინახება აგრეთვე მოწმობა, რომლითაც ნატალია მიაკუთვნეს ამილახვართა გვარს. ამ მოწმობაში წერია, რომ ნატალია დაიბადა 26 აგვისტოს, ხოლო მოინათლა 15 სექტემბერს.

ნატალიას შუამავლობას უცხადებენ ნათესავები: გიორგი ივანეს ძე და პროპორშიკი ლუარსაბ ქაიხოსროს ძე ამილახვრები [ფონდი 213: საქმე 1538, დოკუმენტი 76].

9. 1895 წლის გიორგი ივანეს ძე ამილახვრის ეპიტაფია[edit]

მდებარეობს ცენტრში, დასავლეთის კარებისკენ. მხედრული, 5 სტრიქონი; ქვის ზომა: 37X39; წარწერის ფართობი: 38X31; გრაფემების სიმაღლე: 6-1 სმ.

დაზიანება: ქვა შეყვითლებულია.

წარწერაში მოცემულია თარიღი: 1820-1895 წლები.

  1. თავადი
  2. გიორგი ივანეს ძე
  3. ამილახვარი
  4. დაიბადა 1820 წელსა
  5. გარდაიცვალა 28 მარტსა 1895 წელს.

გიორგის მეორე სახელიც ჰქონია – პაჭუა [ჩიქოვანი, 2010: 28]. ის ივანე ქაიხოსროს ძის და ქეთევან ნიკოლოზის ასულ ბარათაშვილის ვაჟი იყო (17), მისი მეუღლე კი მარიამ გიორგის ასული სარაჯიშვილი [ჩიქოვანი, 2010: 28], რომელთანაც ათი შვილი ჰყოლია: ქეთევან (კეკელა), ალექსანდრე, ქრისტეფორე, სოფიო, ნინო, ეკატერინე, ივანე, გრიგოლი, დავითი და ვასილი (17).

ი. ჩიქოვანთან, გიორგი ივანეს ძის დაბადება 1821 წლითაა დათარიღებული [ჩიქოვანი, 2010: 28]. ეს შეიძლება ნათლობის თარიღია.

გიორგი მოხსენიებულია გიორგი იოსების ძის მიერ თავადაზნაურთა საკრებულოში წარდგენილ დოკუმენტსა და გენეალოგიურ სქემაში [ფონდი 213: დოკ.136], რომლის მიხედვითაც ის 25 წლისაა, ჰყავს მეუღლე, თბილისის მოქალაქის სარაჯიევის ქალი, მარიამი, და ქალიშვილი – 2 წლის ქეთევანი.

შემონახულია გიორგის მიერ 1870 წლის 24 აპრილს გაცემული შუამავლობის დოკუმენტი თავისი ბიძაშვილის, ნატალია ვახტანგის ასულ ამილახვარ-ალექსი-მესხიშვილისათვის:

„1870 წელსა აპრილის 24-სა დღესა მე ქვემორე ხელის მომწერი, დამტკიცებული თავადობის ღირსებაში, თავადი გიორგი ივანეს ძე ამილახორი ვაძლევ ამ მოწმობას ამაზედ, რომ აწ გარდაცვალებული თავადი ვახტანგ ქაიხოსროს ძე ამილახორი და ასული მისი დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიცა ნატალია ეკუთვნიან ჩემს თავადობითს გვარს და შთამომავლობენ პირისპირა მამრობითის სქესის ხაზით ერთის ჩემთან გვარის თავისაგან. მათგან ვახტანგ მომხვდება მე ნათესავად მესამეს ხარისხში, რადგანაც არის ღვიძლი ძმა მამის ჩემის ივანესი; და ასული მისი ნატალია მეოთხეს ხარისხში, რომელსაც ვმოწმობ საკუთრის ჩემის ხელმოწერითა". ტექსტი მოცემულია ქართულად და რუსულად [ფონდი 213: დოკ. 76].

ამგვარად, სტატიაში განხილული საფლავთა წარწერები გვაძლევს მთელ რიგ ცნობებს: მოცემულია, ზოგ შემთხვევაში, დაბადებისა და გარდაცვალების წლები, მათი სახელები, წოდებები. ეპიტაფიებში ამოკითხულმა ამილახვართა საგვარეულოს წარმომადგენელთა სახელებმა საშუალება მოგვცა გაგვერკვია მათი ურთიერთმიმართება დოკუმენტებში დასახელებულ პირებთან, შეგვეჯერებინა ამ ორი სახის წყაროში დაცული ცნობები და მეტი სიზუსტით მოგვეხდინა მათი იდენტიფიცირება. საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ჩვენ მიერ ზემოთ განხილული ამილახვრები XIX საუკუნეში ისევ იკავებენ სამხედრო წოდებებსა და თანამდებობებს, არიან მეფის რუსეთის სამსახურში და ფლობენ ყმა-მამულებს. ამავე პერიოდში მიმდინარე ერთიანი თავადაზნაურობის წოდების ჩამოყალიბების პროცესში, ამილახვრებიც ჩართულები იყვნენ და წოდებრივი დოკუმენტებით ცდილობდნენ თავიანთი თავადური წარმომავლობის დამტკიცებას.


შენიშვნები:[edit]

  1. ამის შესახებ დაწვრილებით იხ. ჩემი სტატია "ამილახვართა ეპიტაფიები სამთავისიდან (XVIII ს.)": ჟურნ. "კავკასიოლოგიური ძიებანი", VII, გვ. 242-249, თბილისი, უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2015 წ.
  2. "წყარო ცხოვრებისაო ქრისტე ნეტარების მიუწვდომელო სიღრმე. ვინც შენთან მოვივლტვი უღირსი მონა შენი და გვედრებ: მომიტევე ცოდვანი ჩემნი უთვალავნი, დაამკვიდრე სული ჩემი სასუფეველსა მართალთა და უწყალობე საუკუნო განსასვენებელი. ამ ლოდის ქვეშ განისვენებს თავადი გივი ბარძიმის ძე შვილიშვილი დავითის ამილახვარი გარდაცვალებული 19 ივლისს 1877 წ. 68 წლის შობითგან"
  3. "თავადი მიხეილ გივის ძე ამილახვარი დაიბადა 1832 წლის 25 ივლისს, გარდაიცვალა 1883 წლის 15 დეკემბერს".

ლიტერატურა[edit]

  • ბარნაველი ს. - 1951 - სამთავისის მეორედ აღმშენებლის ვინაობა, აკადემიის მოამბე, ტ. XII, N9. თბილისი.
  • ბერიძე ვ. - 1974 - ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. თბილისი.
  • ბროსე მ. - 1849-1851 - M.-F. Brosset, Rapports. СПб.
  • დოლიძე ი. - 1972 - ქართული სამართლის ძეგლები, ტ. IV, სასამართლო განჩინებანი (XVI-XVIII სს.), ტექსტები გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ი. დოლიძემ. თბილისი.
  • დოლიძე ი. - 1977 - ქართული სამართლის ძეგლები, ტ. VI, სასამართლო განჩინებანი (XVIII-XIX სს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ. თბილისი.
  • ზაქარაია პ. - 1975 - ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა, წ. 1. თბილისი.
  • ჟორდანია თ. - 1897 - ქრონიკები, წ. 2. ტფილისი.
  • სოხაშვილი გ. - 1973 - სამთავისი (მასალები ტაძრის ისტორიისთვის). თბილისი.
  • ფონდი 213 - საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, თბილისის თავადაზნაურთა საკრებულოს საქმე.
  • ქიქოძე მ. - 1963 - ქართული სათავადოების ისტორიიდან XV-XVIII სს., საამილახვრო. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის. ნაკვ. 35., გვ.7-113. თბილისი.
  • Закарая П. - 1968 - Крепостные сооружения Картли. Тбилиси
  • Северов Н. - 1963 - K вопросу реконструкции барабана Самтавииского храма, "ქართული ხელოვნება"; ტ.6 (სერია A). თბილისი.
  • Хаханов А. - 1898 - Материалы по археологии Кавказа, собранные экспедициями Московского археологического общества, Вып. 7. Москва
  • ჩიქოვანი ი. - 2010 - თავად ამილახვართა საგვარეულო - http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/8443/1/Tavad_Amilaxvarta_Sagvareulo.pdf
  • Rodovid - http://ka.rodovid.org/wk/პიროვნება:537917
  • Rodovid - http://ka.rodovid.org/wk/პიროვნება:680025