1971 - ნიკოლეიშვილი მიხეილ - მე-17 საუკუნის ისტორიული მასალები ქუთაისის მუზეუმში

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ნაშრომები საქართველოს ისტორიაში




ნაშრომები საქართველოს ისტორიაში






ნაშრომი:

მიხეილ ნიკოლეიშვილი - მე-17 საუკუნის ისტორიული მასალები ქუთაისის მუზეუმში (ძეგლების წარწერები)

კრებული:

1971 - ქუთაისის მუზეუმის მასალები - II - გვ. 33-40

პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი - ქუთათელი ბასილი ჩხეტიძის შეწირული - საინვ. N 3149[edit]

პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი

3149. პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი: ღვთისმშობელი ყრმით; ფერწერა; ვერცხლით შეჭედილი; 92,5 x 135 სმ; 123 თვლით და მარგალიტით, ხატს აქვს ორი წყვილი ოქროს საყურე; შემოსულია 1923 წელს ქუთაისის საკათედრო ტაძრიდან.

ქვედა აშიაზე მედალიონებს შორის შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა:

ქ. შენ ღრუბელსა მზგავს ნათლისასა ქუეყანათა ზედა მავრთესა, ტომებით ...ლსა ადამისა დედასა ღუვთისასა ძუელ ოდესმე მაყოლდ მეორედ ხილულსა და შეუწეველად დაცულსა ერონის კუერთხსა აღვეყოლსა, რომელმან გამოიღო ნაყოფად უნაყოფოთა ნაყოფიერ მყოფელი და ყოვლისა სოფლისაგან მანათებელო შენ ცათა მობაძავისა დედაქალაქისა ქუთაისისა ღუთის მშობელო, ადიდე ორთავე შინა ცხორებასა მეფეთა მეფე გიორგი, ძე მათი ალექსანდრე. მე, ცვა ფარვათა თქუენთა მინდობილმან ქუთათელ მთავარეპისკოპოსმან ჩხეტიძემა ბასილი მოვაჭედინეთ ხატი ესე ყოვლად წმიდისა ღმრთის მშობლისა, პირველი მოჭედილი დაძველებულიყო და ჩუენ მმეორედ განვაახლეთ. შეიწირე დედაო ღმრთისაო მცირე ესე მსახურება ჩუენი და მეოხ გუექმენ დღესა მას განკითხვასა. ამინ. შეიქმნა ხატი ესე ხელითა რაფიელ მონაზონისათა ქორონიკონს [ტ].

გ. ჩუბინაშვილი ხატს XVI საუკუნით ათარიღებდა და მის წარწერაში მოხსენებულ გიორგი მეფეს იმერეთის მეფე გიორგი II-თან აიგივებდა, თუმცა მ. ნიკოლაიშვილს მიაჩნია, რომ წარწერაში შემონახულია ქორონიკონი , რომელიც ადგილის სიმცირის გამო პირველი სტრიქონის ბოლოში გადაუტანიათ და ამდენად წარწერას 1612 წლით ათარიღებს. ხოლო გიორგი მეფე კი არის იმერეთის მეფე გიორგი III (1605-1639).


ხონის წმინდა გიორგის ხატი - ლევან II დადიანის მოჭედილი 1636 წელს - საინვ. N 3165[edit]

წმ. გიორგის ხატი (საინვენტარო N 3192): ვერცხლით მოჭედილი, ზომა 36 x 45 სმ; ხატი წარმოადგენს ამხედრებული წმინდა გიორგის რელიეფურ გამოსახულებას. შემკულია რვა თვალით; ზოგიერთი ნაწილი დაკარგული აქვს. საერთოდ, ხატი ძლიერ დაზიანებულია. 1926 წელს ხატი ხონის ეკლესიიდან გადაიტანეს ქუთაისის მუზეუმში.

წარწერის ტექსტი[edit]

მხედრული წარწერა ქვედა მიკერებულ ვერცხლის ფიცარზე
ქ. დიდ არს უფლისა დიდება, რომელმან განაძლიერა ღირსებით მსახურებასა მისსა, ხოლო შენ, მეუფისათვის შენისა სამას სამეოცდა ხუთთა დღეთა შინა თითეულად წამებულო და ნაცულად სატანჯველთა წილ სამას სამოცთა სასწაულებთა მინიჭებულო ერდგულო მსახურო სამებისაო, დიდო მოწამეთა თავო წმიდაო გიორგი ხონისაო, გევედრი სასოებით მამკობელი ხატისა ამის შენისა, მე, ხელმწიფე დადიანი პატრონი ლევან, რათა არა სადა განმაშორო წყალობა შენი ჩემგან და ორთავე შინა ცხორებასა ჩემსა მეუღლითურთ ჩემით კეთილად დამიფარე და ძლევა მომანიჭე, ამინ."

მხედრული წარწერა ზურგის ვერცხლზე:
ქ. ეჰა, შვიდწილ უძლეველო, მოწამეთა მთავარო, წმიდაო გიორგი ხონისაო და ანჩის ხატო - პირო ღვთისაო, შემოგწირეთ და დავასვენეთ ტაძარსა თქუენსა ხატი ესე ჩუენ, ხელმწიფემან დადიანმან პატრონმა ლევან, მას ჟამსა, ოდეს შევებენით ბაღდადს მეფეს გიორგის და კახს ბატონსა თაიმურაზს და გაგვემარჯუა ძლიერებითა შენითა: თავად მეფე ხელთ დაგურჩა და სრულობით იმერელნი და კახნი დარბაისელნი ზოგნი ხელთ დაგურჩა და ზოგნი გარდაიხვეწნეს: კახი მეფე თაიმურაზ და მეფის შვილები: ალექსანდრე და მამუკა.
ამავე ჟამსა ავჰყარეთ ქალაქი ჩხარისა და ჩავასხით ზუგდიდს. აღვაშენეთ და გავაწყეთ ქალაქი რუხისა.
აწე შემოგვიწირავს და დაგვისვენებია ხატი ესე ტაძარსა თქუენსა.
კიდევ შემოგვიწირავს ხონს ერთი კვამლი კაცი მამიკაცაი სანოძე ჩუენ და მეუღლისა ჩუენისა დედოფლისა ნესტანდარეჯანისა სადღეგრძელოდ და ძისა ჩუენისა პირმშოსა ალექსანდრეს და მანუჩარის აღსაზრდელად და მე, ცოდვათა ჩემთა შესანდობლად ძემა ხელმწიფისა პატრონისამან შემოგწირე.
მოიჭედა და სრულ იქმნა ხატისა ამის შემკობა ქორონიკონს სამას ოცდა ოთხსა (1636 წ)."

დათარიღება[edit]

ნ. კონდაკოვს ხატი XVII საუკუნის ნამუშევრად მიაჩნია; ხატს და წარწერას ე. თაყაიშვილი ათარიღებს XVII საუკუნით. გ. ჩუბინაშვილი ხატს XI საუკუნით ათარიღებს და აღნიშნავს, რომ იგი ნათელ წარმოდგენას იძლევა ჭედური პლასტიკის საუკეთესო ხანის შესახებ. მ. ნიკოლეიშვილის აზრით ხატი XI საუკუნისაა, ხოლო XVII საუკუნის I ნახევარში მისი განახლება მომხდარა.