1753 წ. 08.14. - მიწერილობა ბესარიონ კათალიკოსისა სინოდისადმი ფილიმონ ეპისკოპოსის შეწყნარებაზე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი დაკარგულია

გვაქვს პირი:

  • Sd-2972 - გადაწერილი დიმიტრი ბაქრაძის მიერ

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. მონა უფლისა ჩვენისა იესოს ქრისტესა, მამა მამათა და მწყემსი მწყემსთა, აფხაზთა, მეგრელთა და იმერ ქართველთა მამადმთავარი, კათალიკოზი ვისარიონ მოგახსენებ და ვითხოვ თქვენ მიერსა კურთხევასა წმინდაო და ყოვლადსანატრელნო მმართებელნო სინოდნო, არქიეპისკოპოსნო, მიტროპოლიტნო და ეპისკოპოზნო.

აწე, მოგახსენებთ თქვენის სიმაღლეს ღირსებათა, საღმრთოთა და ზეგარდამოთა ჩემ მიერ მდაბალსა მოცემულითა მადლითა და უხილავითა ნიჭითა და წმინდათა მოციქულთაებრ განწესებითა და წმინდათა მამათაგან დამტკიცებითა, მე, მდაბალმან, მამადმთავარმან აფხაზ-მეგრელთა და იმერ-ქართლთა კათალიკოზმან ბესარიონ, შემწირველი წმინდისა საიდუმლოსა.

აწე, ვითხოვ თქვენ მიერსა შეწყალებასა. ესე ფილიმონ ეპისკოპოზი ჩემ მიერ იკურთხა და ხელდასხმულ იქმნა ეპისკოპოსად წმინდისა ღვთისმშობელისა მონასტერსა ხოფისასა, თანამოწამებითა და ბრძანება-ჯერჩინებითა ამისა ჩემისა საქართველოს კათალიკოზის ანტონისათა, ვითარცა თვით წამებენ წერილნი მისნი ღირსებასა წმინდასა ამის ეპისკოპოსისასა. აწე, ვითხოვ თქვენის სიმაღლის ღირსებისაგან შეწყნარებასა.

აწე, ვითხოვ მოწყალებასა მათის სიმაღლისა დიდებულობის იმპერატორისაგან. წყალობასა ესე ჩვენ მიერ ნაკურთხი და ხელდასმული ეპისკოპოსი ფილიმონ, მათის დიდებულის სიმაღლის იმპერატორებისა სანდღეგრძელოდ შეიწყნარონ და იმსახურონ.

აწე, კვალად მოვახსენებთ წმინდათა და ყოვლადსანატრელთა მმართებელთა სინოდთა, ესე ჩემ მიერ ნაკურთხი და ხელდასმული ეპისკოპოსი ფილიმონ დამეთხოვა ამა მიზეზითა, რომელ არიან ალი ოსმალი ბილწნი აგარიანნი და მტერნი მართლამდიდებლობისა სარწმუნოებისანი და წმინდათა ეკლესიათა აღმაოხრებელნი. ჩამოვიდენ ქვეყანასა ჩვენსა და მოაოხრეს ქვეყანა ჩვენი და მათ უსჯულოთაგან შეშინდა და დაგვეთხოვა და აღარც ჩვენ დაუშალეთ და დასტური დავეცით და ჩვენის დასტურით თქვენს ქვეყანას წამოვიდა.

წმინდაო და ყოვლად სანატრელნო სინოდნო და სრულიად რუსეთისა წმინდანო ეპისკოპოზნო, მოგახსენებთ და ვითხოვთ თქვენის სიმაღლის ღირსებისაგან ესე ჩემ მიერ ხელდასხმული ეპისკოპოსი ფილიმონ შეიწყნაროთ, სადაც მოვიდეს ამა ჩემის კურთხევისა და შენდობისა წიგნითა.

(კათალიკოზი ბესარიონ)

ქორონიკონს ქრისტეს ჩღნგ, აგვისტოს იდ. 1753.VIII.14

მდივან-მგალობელი, მორდალ კარის წინამძღვარი, მესტუმრეთუხუცესი სვიმონ ჯაფარიძე.

საბუთის დათარიღება[edit]

თ. ქართველიშვილი: საბუთი თ ა რ ი ღ ი ა ნ ი ა : ქრისტეს აქეთ ჩღნგ, აგვისტოს იდ, /1753. VIII.14/.

პუბლიკაცია[edit]