Jump to content

1633 წ. 05.01. - წყალობის წიგნი როსტომ მეფისა ბეჟან ჩხეიძისადმი

From Wikisource

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: - დაკარგულია

პირი: - 1450-35/092 - გადაწერილი დედნიდან რუსული მმართველობის პირების დავთარში



საბუთის ტექსტი

[edit]

ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩვენ, მეფემან, პატრონმან როსტომ, ესე წყალობისა წიგნი გიბოძეთ თქვენ, ჩვენს მამიდაშვილს, ჩხეიძეს ბეჟანს, ქაიხოსროს, დათუნასა, შვილთა და მამავალთა სახლისა თქვენისათა, ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და მამულისა წყალობასა დაგვიაჯენით, ჩვენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ ლიეხუს ქვეშეთ კარბს და გერითებში რაც ზედგინიძე თამაზის ნაქონი მამული მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ველითა, ვენახითა, სახნავითა და უხნავითა, შენითა და ოხრითა, საძებრითა და უძებრითა, შენითა და ოხრითა. და ყოვლის მისის სამართლიანის საქმითა და სამძღვრითა თქვენთვის სამკვიდროდ და სამამულედ გვიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგან.

აწე, უზეშთაესთო მოგახსენებთ და უქვედაესთა გიბრძანებთ, კარისა ჩვენის ვექილ-ვეზირნო და სხვანო მოსაქმენო, ვინგინდა-ვინ იქნებოდეთ, თქვენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩვენგან ნაწყალობევს ფარვანაში ეწეროს, და ნურაოდეს ნუ შეუშლით და შეეცილებით თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონს ტკა, მაისის , ჴელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრისა - ოქრუაშვილის შერმაზანისათა.

დედანს ესვა როსტომ მეფის ოთხკუთხა ბეჭედი: მეფე როსტომ

საბუთის დათარიღება

[edit]

ქორონიკონი ტკა (321) მაისის (1), რაც შეესაბამება 1633 წლის 1 მაისს.

კომენტარები

[edit]

ბეჟან ჩხეიძე - ჩხეიძეთა ქართლის შტოს წარმომადგენელი. მათი საგვარეულო საკმაოდ დაახლოებული იყო ქართლის სამეფო კართან. ბეჟანის მამა იყო გორგასალ ჩხეიძე. იგი სვიმონ II-ის დედის _ დედოფალ ანა ამილახვრის მამიდაშვილი იყო, ხოლო თავად ბეჟანს ცოლად ჰყოლია დავით XI-ის და. ბეჟან ჩხეიძის ძმა იყო ქართლის მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი. ძმებს ერთობლივად უზრუნიათ იტრიის ტაძარზე. აღუდგენიათ მორღვეული სამრეკლო, სენაკები და გალავანი. ასევე შეუმკიათ იტრიის ღვთისმშობლის ხატი ( შაორშაძე, 2017). - დოკუმენტური წყაროები, II, გვ.55

პუბლიკაცია

[edit]