ნებითა და შეწევნითა ღ(მრთ)ისათა, ჩვენ, ღვთივ-გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან ლუარსაბ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენსა ერთგულსა და თავდადებით ნამსახურსა ყმასა, ბოქაულთხუცეს დავითს და თქვენთა შვილთა კოსტანტინეს და ელიზბარს, და მამავალთა სახლისა თქვენისათა, მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და მამულისა წყალობასა გვეაჯენით.
ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ ზემო ქართლს სოფელი აბანო მისის სამართლიანის სამძღვრითა და საქმითა, მთითა, ბარითა, ველითა, ვენახითა, წყლითა, წისქვილითა, სახნავ-სათიბრითა, ჭალითა და სასაძოვრითა, შესავლითა და გამოსავლითა, ყოვლითურთ სამკვიდროდ და სამამულედ თქვენთვის გვიბოძებია.
გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩვენსა ერთგულად სამსახურსა შიგა.
აწე, გიბრძანებთ კარისა ჩვენისა ვაქილ-ვაზირნო, მდივანნო და სხვანო მოსაქმენო, ვინგინდა-ვინ იყვნეთ და ანუ ვინგინდა-ვინ იქნებოდეთ, მერმე თქვენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაცა ამა ჩვენგან ნაწყალობევს სიგელში ეწეროს, ნურცა-რას თქვენ შეუშლით და შეეცილებით, თვინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.
დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს სჟვ, მკათათვეს კთ, ჴელითა კარისა ჩვენისა მწიგნობრისა თუმანისშვილის ნაზირისითა.
ჩვენი აზრით 2019 წლის გამოცემაში გადამწერის სახელი არასწორადაა წაკითხული და თუმანიშვილი ნაზირის ნაცვლად უნდა იკითხებოდეს თუმანიშვილი ნასრი.
2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.79-80
1. დავითიშვილები - ბაგრატიონთა სამეფო გვარის განშტოება. კახეთის მეფის, ალექსანდრე I-ის შვილის - დიმიტრის – შთამომავლები. 1511 წელს გიორგი ბატონიშვილმა, იმავე ავგიორგიმ, მოკლა მამა, ალექსანდრე I, ხოლო ძმას, დიმიტრის თვალები დასთხარა და ცოლშვილიანად გააძევა. დიმიტრის შთამომავლობა ქართლში დამკვიდრდა, სადაც ახალი (მეტსახელად "თვალდამწვრიანთა") სათავადო ჩამოაყალიბეს. ფარსადან გორგიჯანიძის ცნობით, ლტოლვილი დიმიტრი ბატონიშვილი შაჰის კარზე წავიდა და შაჰ-თამაზს სთხოვა დახმარება. მანაც უბოძა კახეთი და დიდძალი თანხა, თუმცა დიმიტრი კახეთში ვერ დაბრუნდა და მიღებული ფულით ქართლში სოფლები იყიდა (დირბი, ბრეთი და ბებნისი). ქართლში მოძლიერებული თვალდამწვრიანები კახეთის მეფეებისთვის საშიში მეტოქეები იყვნენ, ამიტომ ლევან კახთა მეფის (1518-1574) მოთხოვნით ქართლის მეფე ლუარსაბ I-ს (1527-1556) დირბის ციხე დაუქცევია. დავით თვალდამწვრიანმა იმერეთში ბაგრატ III-თან (1510-1565) შეაფარა თავი. ბაგრატმა, რომელიც ამ დროს ქართლის დასავლეთ მხარეს ფლობდა, მას ქართლში უბოძა სოფლები: ნული, თორმანეული, ღვევრეთი, ფლევი, ქანბადი, ცხეთას ჯვარი, მოხის-რუისის გლეხები, საყდარი სასაფლაოდ, აზნაური ჴერჴაულისძენი და ტატიშვილები (გორგიჯანიძე, 1925: გვ. 300; ნინიძე, 2004: გვ. 209), ეს ყმა-მამული დაედო საფუძვლად დავითიშვილთა სათავადოს მიწათმფლობელობას (ნინიძე, 2004: გვ. 209). დავით თვალდამწვრიანის შთამომავლები იწოდნენ დავითიშვილებად (მ. ქიქოძე და ჯ. გვასალია თვალდამწვრიანებსა და დავითიშვილებს სხვადასხვა გვარად და ცალ-ცალკე სათავადოებად მიიჩნევენ, თუმცა ორივე ფორმა ერთ საგვარეულოს მიემართება (ქიქოძე, 1963: გვ. 110; გვასალია, 1983: გვ. 27). XVII ს.-ში დავით დავითიშვილის ძმისწულის - რამაზ დავითიშვილის მემკვიდრეებმა კიდევ ერთი განშტოება - რამაზიშვილები დააფუძნეს. ამ ორ განშტოებას შორის მიმდინარეობდა სამამულე დავა. რამაზიშვილები დავითიშვილებს მამულებს ედავებოდნენ, ხოლო დავითიშვილები არ ცნობდნენ მათ "სახლიკაცობას". დავითიშვილები მამულებს ფლობდნენ შიდა ქართლში: სოფ. დირბი, ბრეთი, ბებნისი, ნული, ფცა, აბანო, თორმანეული, ღვერთეთი, თიხევი, ბროწლეთი, ტკოცა. ნულში ჰქონდათ სასახლე, კოშკი და საყდარი.
2. დავით დავითიშვილი - ბოქაულთუხუცესი, ეშიკაღასბაში, ზემო ახალდაბისა და დირბის მოურავი.
3. ბოქაულთუხუცესი - ცენტრალური მმართველობის საპოლიციო აპარატის მოხელე. მას ევალებოდა სხვადასხვა სახის ბრძანებებისა და განკარგულებების შესრულება, სასამართლო განაჩენის აღსრულება; სამეფო მეჯლისის დროს სასახლეში წესრიგზე ზრუნვა, სტუმრების შეგებება, მათთვის ადგილის მიჩენა და თვალყურის დევნება (სურგულაძე (რედ.) 2017: გვ. 123-124). დავითიშვილთა საგვარეულოდან ბოქაულთუხუცესობას ფლობენ მხოლოდ დავითი და მისი შვილი ელიზბარი.
ჩვენი აზრით 2019 წლის გამოცემაში გადამწერის სახელი არასწორადაა წაკითხული და თუმანიშვილი ნაზირის ნაცვლად უნდა იკითხებოდეს თუმანიშვილი ნასრი."პირთა ანოტირებულ ლექსიკონში" ამ საბუთის წყაროდ დასახელებულია 1448-2286, ხოლო 2019 წლის გამოცემაში წყაროა საბუთის პირი ნომრით Hd-10243 ბ