...ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
...ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი
ავტორი: ნიკოლოზ ბარათაშვილი
1839


ხმა საკრავისა,
ნელ ნარნარისა,
სულს განახარებს;
და მშვენიერის
ენა ამიშლის
გულისა ჭირებს!

ვჭვრეტდი ლამაზსა,
სევდითა ნაზსა,
და შევეტრფოდი;
ყოველთ გრძნობათა,
ყოვლთ გონებათა
მას მივაპყრობდი.

ღაწვნი ნაცრემლნი,
ტრფიალთ დამწველნი,
უფროს შვენოდენ;
თმანი ნაშალნი,
მკერდზედ დაყრილნი,
ემუქმკებოდენ.

ჟუჟუნა თვალნი,
გულთა მომკვლელნი,
მოცინარობენ;
პაწაწა ტუჩნი,
ვარდებრ ნაფურცლნი,
ლხენას მოჰბერვენ.