Jump to content

(..ზღვასთან იდგა მუხა მწვანე)

From Wikisource
ევგენი ონეგინი
ავტორი: ალექსანდრე პუშკინი


 
ზღვასთან იდგა მუხა მწვანე,
ოქროს ჯაჭვით კატა ება...
დადის კატა გულთმისანი,
ათას ტყუილ-მართალს ყვება,
მარჯვნივ წავა _ დაამღერებს,
მარცხნივ _ არაკს მეუბნება.
(ასეთ რამეს ვერსად ნახავ_
მართლაც სასწაული ხდება!)
ალი არხევს მუხის ტოტებს.
ოჩოპინტრე დააბოტებს.
რას არ დაინახავს თვალი,
გეგონება, მართლაც ცხადი:
აქ, ბილიკით, იდუმალით,
უხილავი მხეცი დადის.
აქ ჭინკების ისმის ოხვრა,
გრძნეულია ტყე და ველი,
ქათმის ფეხებზე დგას ქოხი,
არც კარი აქვს, არც სარკმელი.
განთიადი როს დადგება,
ზღვის ტალღები მოზვავდება.
ნაპირმა რომ დაიტია,
ოცდაათი რაინდია,
მხარს უმშვენებს ბიძა მათი,
გამზრდელი და ძიძა მათი.
აქ, ხელმწიფეს, უმრისხანესს,
უფლისწული უბამს თვალებს.
აქ, ღრუბლებში გამომწყვდეულს,
დევგმირი ჰყავს ხელში გრძნეულს,
ატკაცუნებს გრძნეულ აფრებს _
ცხრა მთას, ცხრა ზღვას გადააფრენს.
კოშკში მეფის ასულია,
შავ ფიქრებში წასულია,
(არსად თქმულა, არც ნახულა!)
მურა მგელი ჰყავს მსახურად.
გრძნეულია ყველაფერი:
ჩანს როკაპი დედაბერი;
როდინის ქვა მოჰგავს ჰუნეს _
თოხარიკით მორახუნებს.
აქ, კაშეი მეფეც ვნახე,_
ოქრო-ვერცხლზე მოცახცახე,
«Там Русский дух, там Русью пахнет!»
ვაჭაშნიკე თაფლი ტკბილი _
აქ რუსული სული ღვივის!
ზღვასთან იდგა მუხა მწვანე _
ოქროს ჯაჭვით კატა ება,
დადის კატა გულთმისანი,
ათას ტყუილ-მართალს ყვება.
გავიხსენებ ერთ მის ნათქვამს_
მოგიყვებით ამბავს მართალს.