(შენნი დალალნი ყრილობენ გველად...)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
შენნი დალალნი ყრილობენ გველად...
ავტორი: ნიკოლოზ ბარათაშვილი
1842


შენნი დალალნი ყრილობენ გველად
სპეტაკს მკერდზედა, ტრფობისა ველად,
და თვალთა ჩემთა ადავრიშებენ
ხან ნუგეშისთვის, ხან დასაწველად!

ოდეს ნიავი ლამაზს დალალებს
მიგიშლ-მოგიშლის და სიამოვნებს,
მაშინ ჩემს თვალებს აღაგზნებს შური
და გლახ ჩემს გულსა ის ავალალებს!