(იქ, სად მზისფერი ეხვევა ცისფერს...)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
იქ, სად მზისფერი ეხვევა ცისფერს...
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


იქ, სად მზისფერი
ეხვევა ცისფერს,
შემოდგომისგან
ალისფერ-ჟღალი,
იფნის შოლტივით
მოქნეულ გზისპირს,
გზაჯვარედინზე
დგას ნეკერჩხალი.

იქ მდგარი ეტლი
და ნეკერჩხალი
მთაზე აღმართულს
შესცქერენ უძოს,
შემოდგომაა,
გასცდა მერცხალი
სალოცავად მდგარ
მხევლებს უძეოს.

ხე აღმოსავლით
შესცქერს სამხრეთის
კორდებს, რომელთაც
სიყვითლე შვენის,
სადაც ღუღუნი
დგას, როგორც მტრედის,
ისე ხევის და
ელექტროდენის.

სდუმს ნეკერჩხალი.
მან ახალ-ახალ
მოვლენების წინ
ბევრი იცადა.
ამ ქვეყანაზე
მან რა არ ნახა,
რა გარდატეხა
არ განიცადა!

თრთის ნეკერჩხალი,
ქვეყნად არვის არ
შვენის ცა მისებრ
ზღაპრული გზნებით,
ის სისწორის გზა
აჰგავდა ისარს -
ბეთანიიდან
სამადლოს გზებით.

რესურსები ინტერნეტში[edit]