(იდინე, წვიმავ, იდინე ღვარად...)
იდინე, წვიმავ, იდინე ღვარად ავტორი: სოლომონ რაზმაძე |
იდინე, წვიმავ, იდინე ღვარად,
ასიამოვნო მღელვარე ყანა,
მან უშრიალოს შვებისა ნანა,
პაპანებაში მაშვრალსა მარად.
მოქშუის ბინდი გამწარებული,
ქვეყანას ჰღუპავს სიბნელეშია,
მოგრიალებს და მოჰქრის დევნილი
ჩასავარდნელად სიბნელეშია,
მოსდევს ღრუბელი ნათელიანი,
მას შიგანა სჩანს ეტლი მცხინვარე,
რიგზედ შებმულნი თეთრნი ჰუნენნი,
ელვა მოსილნი, ნიავიანნი,
მოაქროლებენ, ირყევა არე.
რა მნათობია შიგან მჯდომარე,
იგი ვერ ვიცან! ენავ, დაები,
მისსა ქებასა შენ ვერ მიჰხვდები,
გაზაფხულის მზე მასთან რა არი!
ნეტავ... ვინ არის... მაისის დარი!
როს განვიცადე მანანა წყნარი,
პირად ნარნარი, განვსცოცხლდი მკვდარი.
რა რომ გამშორდა ელვისა დარად,
კაეშნის ცეცხლში დამენთქა სულო.
იდინე, წვიმავ, იდინე ღვარად,
ნეტამც შეგეძლოს და განმინელო,
ცვარო სპეკალო, ზეცით დევნილო,
გული, გონება ალმოდებული.