Jump to content

№-ს

From Wikisource
№-ს
ავტორი: ნოე ჩხიკვაძე


ვინ მკითხულობს? ვინ დამეძებს? ვის ვუყვარვარ მე?
აცრემლებულ თვალთ ვაცეცებ, მოდი, ხმა გამე!
ირგვლივ ცივა...სისხლიანი ღამეა, ღამე,
გული მტკივა, სანუგეშო მითხარი რამე!

მე მარტო ვარ, მარტო ვმღერი.. ყრუა სოფელი,
ვის ვუთხრა, ვის განვუმარტო სევდა-ნაღველი.
არვინ მყავდა, არავინ მყავს, არავის ველი, -
საიდუმლო მეგობარო, მომეცი ხელი!

მსურს გავფრინდე, მაგრამ საით, რომელ მხარეში?
სად არის, რომ არ გმინავენ სიმწუხარეში?
ყველგან ბრძოლა, ყველგან სისხლი, რბევა-თარეში,
უღვთოდ ვკვდები ამ ცხოვრების ბნელ სამარეში!

შენ-კი იცი, ალბათ იცი, მე რაც მიყვარდა,
მაგრამ იგი სასოება ხელთ გამივარდა,
დუხჭირ ბედმა სიჭაბუკე არ გამივარდა,
სიყვარული, სიხარული უფსკრულს მიჰბარდა!

რად მკითხულობ, ეგებ რამე დაგრჩა სადაო?
გაგისწორდე, რა მაქვს, ძმაო, თუ ჩემო დაო?
ციურ სმენას, აღმაფრენას, ოფლათა ვწვავო, -
პოეტისგან რას მოელი?.. ვაჰ ჩემო თავო!..

მოგენატრე? - მე არ მახსოვს, თუ ვის ვუყვარდი,
მე მიცნობდა მხოლოდ ერთი ჭმუნვა და დარდი,
ტანჯვა იყო ჩემი მოძმე, ია და ვარდი
და მიყვარდა მხოლოდ წინსვლა, ბრძოლა-ნავარდი.

ვინ ხარ, ვინა? არ გაქვს ბინა, ჩემებრ ღონდები?
თუ ასეა, უეჭველად მოგაგონდები.
დაჩაგრულთა მომღერალი ჩანგს რად ვშორდები? -
მომითმინე, - ჯერ ცხოვრებას გავუსწორდები!

მე მაქ არ ვარ... თუ გიყვარვარ, ვის გიყვარვარ მე?
ცოცხალი ვარ, არ მოვმკვდარვარ, მოდი ხმა გამე!
ირგვლივ ცივა, სისხლიანი ღამეა, ღამე,
გული მტკივა, სანუგეშო მითხარი რამე!